დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
პირველი სექცია
საქმე „STANDARD VERLAGS GMBH ავსტრიის წინააღმდეგ“ (№2) (STANDARD VERLAGS GMBH v. AUSTRIA)
(განაცხადი № 21277/05)
გადაწყვეტილება
სტასბურგი
4 ივნისი 2009
საბოლოო გახდა 04/09/2012-ს
გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე „STANDARD VERLAGS GMBH ავსტრიის წინააღმდეგ“ (№2)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია), რომელიც
შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან:
ხრისტოს როზასკისი, თავმჯდომარე,
ნინა ვაჯიჩი,
ანატოლი კოვლერი,
ელიზაბეტ შტეინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
დინ შპილმანი,
სვერე ერიკ იებენსი, მოსამართლეები
და სორენ ნილსენი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2009 წლის 14 მაისს,
მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემულია მითითებული თარიღით:
პროცედურა
1. საქმის სააფუძველია განაცხადი (№ 212277/05) ავსტრიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც წარდგენილი იქნა სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა დაცვის ევროპულის კონვენციის (,,კონვენციის“) 34-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,სტანდარტ ვერლაგს“-ის მიერ, (,,განმცხადებელი კომპანია“) 2005 წლის 3 ივნისს.
2. განმცხადებელი წარმოდგენილი იყო ქალბატონი მ. ვინდჰაგერის, ვენაში მოღვაწე ადვოკატის, მიერ. ავსტრიის მთავრობა (,,მთავრობა“) წარმოდგენილი იყო წარმომადგენლის, ფ. ტრაუტსმანსდორფის, ევროპული და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის, მიერ.
3. განმცხადებელი კომპანია ჩიოდა მისი გამოხატვის უფლების დარღვევის გამო.
4. 2007 წლის 3 მაისს პირველი სექციის პრზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა შეტყობინება მთავრობისთვის. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე, ისევე, როგორც მის დასაშვებობაზე მსჯელობის შესახებ (მუხლი 29 § 3).
ფაქტები
5. განმცხადებელი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც არის გაზეთ Der Standard-ის მესაკუთრე.
6. 2004 წლის 14 მაისს Der Standard-მა შიდა პოლიტიკის სექციაში - “„ჭორების დახლი“ (“Kolportiert”) გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,საზოგადოების ჭორები” (“Ein bürgerliches Gerücht”) რომელიც ეხმაურებოდა ჭორებს ბატონი კლესტილის, მაშინდელი ფედერალური პრეზიდეტის შესახებ. სტატია ასევე გამოქვეყნდა Der Standard-ის ვებგვერდზე. ის ამგვარად იკითხება:
“თუ დავუჯერებთ დუბლინგის გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში მოარულ ხმებს, ერთადერთი სასაუბრო თემა ე.წ. ავსტრიის ნაღები საზოგადოებისა არის: დაშორებული საპრეზიდენტო წყვილის ტომას კლესტილისა და მარგო კლესტილ-ლოეფფერის [ორიგინალში დაბეჭდილია მუქი ასოებით] ქორწინება. ჭორის მიხედვით, ის არა მხოლოდ თავისი პოსტის დატოვებას აპირებს, არამედ ცოლიც მის დატოვებას აპირებს. ამ უკანასკნელზე გააფთრებით საუბრობენ როგორც ბურჟუაზიულ, ისე, არცთუ ბურჟუაზიულ წრეებში. ხალხს აქ არაფერი უყვარს ისე, როგორც აღშფოთების გამოხატვა ერთ-ერთ თავისთაგანზე.
იმასთან ერთად, რომ Hohe Warte-ში [ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენცია], თითქოს ნეტარი გარემო სუფევდა, მუდმივი ჭორი ვრცელდებოდა სავარაუდო ახლო კავშირებზე პირველ ლედისა, რომელიც ქმარზე 22 წლით უმცროსია და სხვა პოლიტიკურ ფიგურებს შორის. მაგალითად, გახმაურებულია, რომ FPÖ საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჰერბერტ შეიბნერი [ორიგინალში დაბეჭდილია მუქი ასოებით], მასთან ახლო კავშირშია (შეიბნერი საპრეზიდენტო წყვილს ახლდა არაერთი საზღვარგარეთული ვიზიტისას). ასევე ცნობილია, რომ ქალბატონი ლოეფფერი ახლო ურთიერთობაშია კანადის ელჩის ქმართან (გასაკვირი არ არის, რომ მან იგი დანიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის უფროსად).
სპეკულაციები გაამძაფრა ფაქტმა, რომ პრეზიდენტის ცოლმა აიღო რამდენიმე გამოსასვლელი დღე ოფიციალური რეზიდენციიდან გადასასვლელად წყვილის ახლადგარემონტებულ სახლში, ჰიტცინგში. მიუხედავად იმისა, რომ კლესტილი არასოდეს წარმოაჩენს თავის ემოციებს საჯაროდ, წინსმწრები განცხადება გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ბიულეტენში, News [ავსტრიული ყოველკვირეული გამოცემა]: ,,ჭორები დაშორების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა უსაქმო ლაყბობა”, აღნიშნა მან და დასძინა: 8 ივლისს ჩვენ გადავდივართ ჩვენი ერთად ცხოვრების ახალ ეტაპზე. რაიმე სხვა საწინააღმდეგო მტკიცება არის ტყუილი.
რაც არ უნდა იყოს, ხალხი ღელავს თავისი პრეზიდენტის კეთილდღეობაზე. როგორც ჩანს, პრეზიდენტის საჯარო ინფორმაციის დაფას ამ დრომდე არასოდეს ჰყოლია პრიზიდენტის ქორწინებით დაინტერესებული ამდენი სტუმარი, არცთუ ცოტა სტუმარმა დასვა კითხვა შონბრუნისთვის დამახასიათებელი ულტრა დახვეწილი ტონით“.
7. სტატიას ახლდა ბატონ კლესტილის და ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერის სურათი, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან.
ა. ბატონ კლესტილის და ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერის მიერ წარმოებული პროცესი
8. 2004 წლის 18 მაისს ბატონმა კლესტილმა და ქალბატონმა კლესტილ-ლოეფფერმა სარჩელი აღძრეს, მედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, განმცხადებელი კომპანიის წინააღმდეგ, იმ საფუძვლით, რომ Der Standard-ი 2004 წლის 14 მაისს გამოქვეყნებული სტატიით გამოეხმაურა მათ ქორწინებას და ოჯახურ ცხოვრებას, რითაც ჩაერია მათი ცხოვრების პირად სფეროში.
9. ვენის რეგიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ განმცხადებელ კომპანიას დააკისრა 5,000 ევრო პირველი მოსარჩელის, ბატონი კლესტილის სასარგებლოდ და 7,000 ევრო ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერის სასარგებლოდ, განმცხადებელ კომპანიას ასევე დაეკისრა გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მოსარჩელეთა ხარჯების ანაზღაურება.
10. რეგიონულმა სასამართლომ, მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ განმცხადებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა სტატია მოსარჩელეთა ცხოვრების პირად საკითხებზე იმ სახით, რომ ისინი საჯაროდ ყოფილიყო განხილული. სასამართლომ შეაფასა სადავო სტატიის შინაარსი ერთი მხრივ, რომ ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერი გეგმავდა განქორწინებას და მეორე მხრივ, რომ მას ჰქონდა ახლო ურთიერთობა ორ მამაკაცთან, შესაბამისად, მას ახასიათებდა, როგორც ორმაგ მოღალატეს, ხოლო ბატონი კლესტილს - როგორც მოტყუებულ ქმარს. განმცხადებელი კომპანიის დაცვის საპასუხოდ, რომ სტატიაში მხოლოდ ჭორები იყო გამოქვეყნებული, სასამართლომ აღნიშნა, რომ ჭორის გავრცელებამაც შეიძლება გამოიწვიოს მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა, თუ ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეიცავდა გარკვეულ სიმართლეს.
11. განმცხადებელი კომპანიის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ მიეღო მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ ჭორები მართლაც იყო გავრცელებული იმ დროისათვის, [ეროვნულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების სფეროს დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, კანონის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, გამოირიცხება რეალობის მტკიცება, თუ სადავო განცხადება პირდაპირ არ შეეხება საზოგადოებრივ ცხოვრებას. ასეთ პირდაპირ კავშირს ექნება ადგილი, თუ, მაგალითად, პუბლიკაცია ფედერალური პრეზდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოიწვევს მისი ფუნქციებისგან ჩამოცილებას. თუმცა, მის ქორწინების მდგომარეობას არ ჰქონია რაიმე გავლენა მისი ფუნქციების განხორციელებაზე და, არც რაიმე სხვა კავშირი საზოგადოებრივ ცხოვრებასთან.
12. კომპენსაციის ოდენობის შეფასებისას, ეროვნული სასამართლო დაეყრდნო ფაქტს, რომ Der Standard იყო ფართოდ გავრცელებული გაზეთი და შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა მოსარჩელეებისთვის. დამატებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ავსტრიისთვის ძალიან უჩვეულო იყო პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ცნობების (რეალურის ან არარეალურის) გამოქვეყნება. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით და სხვა მედიასაშუალებების შეკავების მიზნით, შედარებით დიდი კომპენსაცია სამართლიანად ჩაითვალა. განსხვავება მიკუთვნებულ თანხებს შორის გამოწვეული იყო იმით, რომ მეორე მოსარჩელე დახასიათებული იყო, როგორც ორმაგი მოღალატე, მაშინ, როცა პირველი ,,მხოლოდ” მოხსენიებული იყო, როგორც მოტყუებული ქმარი.
13. განმცხადებელმა კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამართლებრივი საფუძვლით, მიუთითა რა, რომ რეგიონულმა სასამართლომ არასწორად უთხრა მათ უარი მტკიცებულების მიღებაზე. გამომცემლობის აზრით, პუბლიკაცია პირდაპირ ახდენდა გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად. მოსარჩელეებმა, იყვნენ რა საჯარო მოხელეები, თავიანთი პირადი ცხოვრება აქციეს თავიანთი ,,მარკეტინგული სტრატეგიის“ ნაწილად. წარსულში ყველა სხვა საპრეზიდენტო წყვილისგან განსხვავებით, ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთი ქორწინების შესახებ, პირველი მოსარჩელის განქორწინებით დაწყებული, მეორე მოსარჩელეზე მისი ხელახალი დაქორწინებით დამთავრებული. უფრო მეტიც, პირველი მოსარჩელე მყარად ეყრდნობოდა ოჯახურ ღირებულებებს მისი პირველი საარჩევნო კამპანიის დროს, მას უხდებოდა იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებას გააჩნდა ინტერესი ყოფილიყო ინფორმირებული მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
14. რაც შეეხება ფაქტობრივ საფუძვლებს, განმცხადებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ რეგიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო სტატიის შინაარსი. მისი სათანადო კონტექსტში წაკითხვით, სტატია არ მიუთითებდა, რომ ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერი ნამდვილად აპირებდა განქორწინებას და მით უფრო, რომ ის იყო მოღალატე. პირიქით, სტატია უფრო დაეჭვებით გადმოსცემდა ჭორს, რომელიც მიმართული იყო ზედა ფენის წრისკენ. ის აშკარად მიუთითებდა ჭორის აბსურდულობაზე, განმარტავდა რა, რომ მეორე მოსარჩელის სავარაუდო ახლო კავშირებს ბატონ შეიბნერთან და კანადის ელჩის ქმართან ჰქონდა სრულიად ეჭვგარეშე მიზეზები. ამ ფონზე, სტატია არა მხოლოდ არ ეხებოდა საპრეზიდენტო წყვილის პირად ცხოვრებას, არამედ მასხარად იგდებდა ჭორს ბურჟუაზიულ საზოგადოებაზე.
15. რაც შეეხებოდა სანქციას, განმცხადებელი კომპანია ჩიოდა, რომ დაკისრებული კომპენსაცია იყო გადაჭარბებული.
16. სააპელაციო პროცესის მიმდინარეობისას, ბატონი კლესტილი გარდაიცვალა. 2004 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვენის რეგიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ შეწყვიტა პროცესი ბატონ კლესტილთან მიმართებით. 2004 წლის 9 დეკემბერს ვენის სააპელაციო სასამართლომ (Oberlandesgericht), ბატონი კლესტილის ქონებრივი უფლებიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
17. 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ვენის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
18. მან დაადასტურა, რომ ამ საქმეზე მტკიცების ტვირთი გამორიცხული იყო მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად. განმცხადებელი კომპანიის არგუმენტი, რომ მოსარჩელეები იყვნენ საჯარო ფიგურები და, რომ წარუდგენდნენ საზოგადოებას მათ პირად და ცოლ-ქმრულ ცხოვრებას ყველა სხვა საპრეზიდენტო წყვილისგან განსხვავებით, არ იყო დამაჯერებელი. რამდენადაც პირველი მოსარჩელე ეყრდნობოდა თავის ოჯახურ ცხოვრებას და მის ქორწინებას მისი პირველი კამპანიისას, 12 წლის წინ, მის ქორწინებას ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერთან არ უთამაშია რაიმე როლი მეორე კამპანიის დროს და, არც რაიმე სხვაზე მისი მეორე ვადით არჩევის შემდგომ პერიოდში. უფრო მეტიც, მისი პოსტზე ყოფნის მეორე და უკანასკნელი პერიოდი უკვე იწურებოდა სტატიის გამოქვეყნების დროისთვის. შეჯამებისთვის, რეგიონულმა სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სადავო პუბლიკაცია პირდაპირ არ იყო მიმართული საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ. შესაბამისად, მან მართებულად თქვა უარი განმცხადებელი კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიღებაზე.
19. არ ჰქონდა საფუძველი განმცხადებელი კომპანიის მტკიცებას, რომ სტატია გამიზნული იყო ე.წ. ვენის საზოგადოების ზედა ფენის თვალთმაქცობის გამოაშკარავებისკენ ან, რომ ის აბსურდად წარადგენდა ჭორებს მოსარჩელეთა ქორწინების შესახებ. რეგიონულმა სასამართლომ სწორად გაიგო სტატიის კონტექსტი, რომელიც ავრცელებდა ჭორებს ფედერალური პრეზიდენტის ქორწინებაზე, ისე, რომ თითქოს მასში იყო ნაწილობრივი სიმართლე.
20. დაბოლოს, რაც შეეხება კომპენსაციის სახით მიკუთვნებულ თანხის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სხვა მედიის შეკავება მსგავსი პუბლიკაციების გამოქვეყნებისგან, არ იყო რელევანტური კრიტერიუმი. მიუხედავად ამისა, სხვა მოსაზრებები, რომლებსაც რეგიონული სასამართლო ეყრდნობოდა, ამართლებდა კომპენსაციის დაკისრებას.
ბ. ბატონი შეიბნერის მიერ წარმოებული პროცესი
21. ბატონმა შეიბნერმა 2004 წლის 11 ივნისს აღძრა სარჩელი მედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, განმცხადებელი კომპანიის წინააღმდეგ სტატიის ელექტრონული ვერსიის გამო, რომელიც გამოქვეყნდა Der Standard-ის ვებგვერდზე. ის ჩიოდა, რომ მის შესახებ არსებული პასაჟი შეიცავდა არასწორ განცხადებას, რაც წარმოადგენდა ცილისწამებას.
22. 2004 წლის 20 ივლისს ვენის რეგიონულმა სასამართლომ განმცხადებელ კომპანიას დააკისრა 4,000 ევრო ბატონი შეიბნერის სასარგებლოდ ბეჭდური ვერსიისთვის და 2,000 ევრო ვებგვერდზე გამოქვეყნებისთვის. სასამართლომ ასევე დააკისრა განმცხადებელ კომპანიას გადაწყვეტილების გამოქვეყნება და ხარჯების ანაზღაურება.
23. სასამართლომ, იმავე სულისკვეთებით, რაც 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაში ჰქონდა (იხ. მე-10-11 პარაგრაფები ზემოთ), მიუთითა, რომ განმცხადებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა განმცხადებლის პირადი ცხოვრების შესახებ იმ ფორმით, რომ უნდოდა მასზე საჯაროდ ყურადღების მიქცევა. მან გააანალიზა, სადავო სტატიის შინაარსი, რომლის მიხედვით, განმცხადებელს, ბატონ შეიბნერს, რომელიც დაქორწინებული მამაკაცი იყო, ჰქონდა ახლო ურთიერთობა ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერთან და შესაბამისად მას ახასითებდა, როგორც მოღალატეს. შესაბამისად მისი პირადი ცხოვრება მოექცა დარტყმის ქვეშ. თუმცა დადგინდა, რომ პუბლიკაციას არ ჰქონია ცილისწამების ფორმა, სისხლის სამართლის კოდექსის (Strafgesetzbuch) 111-ე მუხლის მნიშვნელობით.
24. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით მიჩნეულ იქნა, რომ ბატონი შეიბნერისთვის მიყენებული ზიანი იყო ნაკლები, ვიდრე პირველ მოსარჩელეებთან მიმართებით. საბოლოოდ, 4,000 ევრო Der Standard-ის პუბლიკაციის ქაღალდის ვერსიის გამო და 2,000 ევრო ვებგვერდზე გამოქვეყნებისთვის, რომელიც ნაკლებად კითხვადი იყო, ჩაითვალა ადეკვატურად.
25. განმცხადებელმა და ბატონმა შეიბნერმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, განმცხადებელი კომპანია ეყრდნობოდა იგივე საფუძვლებს, რაც წინა პროცესში ჰქონდა გამოყენებული.
26. 2004 წლის 22 დეკემბერს ვენის სააპელაციო სასამართლომ უარყო განმხცადებელი კომპანიის საჩივარი, თუმცა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბატონი შეიბნერის აპელაცია. მან დაასკვნა, რომ სადავო სტატია ასევე არღვევდა მედიის შესახებ კანონის მე-6 მუხლს, რამდენადაც აკმაყოფილებდა ცილისწამების ობიექტურ ნიშნებს, რაც ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლში. მოსარჩელე დადანაშაულებული იყო ღალატში, რაც თვით ლიბერალურ საზოგადეობაშიც კი ჯერ კიდევ მიჩნეულია გაუმართლებელ და უპატიოსნო საქციელად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ აღნიშნულს არ ჰქონდა რაიმე გავლენა გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე.
27. რაც შეეხება განმცხადებელი კომპანიის საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სტატიის კონტექსტის რეგიონული სასამართლოსეული წაკითხვა. მან დასძინა, რომ სტატიის მოთავსება შიდა პოლიტიკის სექციაში და მისი წარმოდგენა საპრეზიდენტო წყვილის სურათთან ერთად, ამყარებდა ამ შეფასებას. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ დასძინა, რომ განმცხადებელ კომპანიას არ უმტკიცებია რეგიონული სასამართლოს წინაშე, რომ პუბლიკაცია პირდაპირ შეეხებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების თემას მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად.
28. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონი შეიბნერი, მართალია იყო საჯარო ფიგურა, მაგრამ ჰქონდა უფლება პირადი ცხოვრების პატივისცემაზე. ჭორებს სავარაუდო კავშირის შესახებ მასსა და ფედერალური პრეზიდენტის ცოლს შორის არ ჰქონდა კავშირი მისი საჯარო ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელებასთან და შესაბამისად არ იყო გამართლებული საკითხის გაშუქება.
2. პროცესი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
29. მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა, ბატონმა შეიბნერმა აღძრა სარჩელი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე (Allgemeines Bürgerliches Gesetzbuch), მოითხოვა რა ზიანის ანაზღაურების სახით განმცხადებელი კომპანიისთვის დავალება, თავი შეეკავებინა რაიმე სტატიის გამოქვეყნებისგან, იმის თაობაზე, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერთან.
30. 2005 წლის 22 აპრილის მოსმენაზე ვენის კომერციული სასამართლოს წინაშე განმცხადებელი კომპანია მორიგდა ბატონ შეიბნერთან, ივალდებულა რა, რომ თავს შეიკავებდა რაიმე მსგავსი განცხადების გამოქვეყნებისგან. კომერციულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩამოყალიბებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის შესახებ კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, ჰქონდა მბოჭავი ძალა შემდგომი სამოქალაქო პროცესებისთვის იგივე ფაქტებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით კომპანიას დააკისრა ბატონი შეიბნერისთვის საპროცესო ხარჯების გადახდა.
31. კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
II შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
32. მედიის შესახებ კანონის მე-6 მუხლი ითვალისწინებს გამომცემლის პასუხისმგებლობას ცილისწამების შემთხვევაში: მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მისგან. ამ კონტექსტში ,,ცილისწამება“, განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის (Strafgesetzbuch) 111-ე მუხლით, რომელიც ამგვარად იკითხება:
“(1) პირს, ვინც მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით სხვას წარმოაჩენს დამამცირებელი დახასიათებით ან განწყობით ან ბრალს დებს მას ღირსებისა და მორალის საწინააღმდეგო ქცევაში ან ისეთში, რაც მას ამცირებს ან სხვაგვარად აკნინებს საზოგადოების თვალში, დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს ექვსი თვისა ან ჯარიმა. ...
(2) ნებისმიერი პირი, ვინც ჩადის ამგვარ ქმედებას ბეჭდური ფორმით, მაუწყებლის ან სხვა ისეთი ფორმით, რაც ცილისწამებას ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების ფართო ნაწილისთვის, ეკისრება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით ან ჯარიმა. ...
(3) არ დაისჯება ამგვარი განცხადების გამკეთებელი პირი, თუ დადგინდება, რომ განცხადება სიმართლეს შეეფერება. პირველ პარაგრაფში აღწერილი დანაშაულისთვის ასევე არ დაისჯება პირი, თუ დადგინდება იმგვარი გარემოებები, რაც მას დაარწმუნებდა, რომ განცხადება იყო სიმართლე.”
33. მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას პირის ცხოვრების პირად სფეროში ჩარევისთვის. მოქმედი რედაქციით, ის ამგვარად იკითხება:
“(1) თუ პირის პირადი ცხოვრების სფერო მედიაში განხილულია ან წარმოჩენილია იმგვარად, რომ საზოგადოებას შეუძლია გამოკვეთოს პირი, ვისაც ეს ეხება, ამ პირს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია მედიის გამომცემლისგან, მიყენებული ზიანისთვის, არაუმეტეს 14,535 ევროს ოდენობით; ...
(2) პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული უფლება არ გამოიყენება, როდესაც:
(i) განცხადებები წარმოადგენს ეროვნულ საბჭოში, ფედერალურ საბჭოში, ფედერალურ ასამბლეაში, რეგიონულ პარლამენტში ან რომელიმე ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომიტეტში წარმართული დებატების ზუსტ ანგარიშს;
(ii) გამოქვეყნებული განცხადებები არის სწორი და პირდაპირ ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხს;
(iii) გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ შესაბამის პირს გამოთქმული აქვს თანხმობა გამოქვეყნებაზე, ან
(iv) განცხადებები გაკეთებული იყო პირდაპირი ეთერის დროს და არცერთ თანამშრომელს ან გამომცემლობის წარმომადგენელს არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის სათანადო ნორმა.”
კანონმდებლობა
კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
34. განმცხადებელი კომპანია ჩიოდა, რომ სასამართლოების გადაწყვეტილება მედიის შესახებ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ მის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ამგვარად იკითხება:
“1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
35. მთავრობამ სადავო გახადა არგუმენტი.
ა. დასაშვებობა
1. სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე წარმართული პროცესი
36. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ბატონი შეიბნერის მიერ წარმართული პროცესი დასრულდა მორიგებით სადავო განცხადების შემდგომში გამოქვეყნებისგან თავის შეკავების ნაწილში. უკანასკნელ საქმეში იგივე სიტუაციაში სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი, რომელიც ამგვარ მორიგებას დათანხმდა, შეურიგდა თავისი უფლების შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლებაზე და უარი თქვა საჩივართან დაკავშირებულ ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებაზე. შესაბამისად, განმცხადებელ კომპანიას არ შეუძლია იდავოს, რომ არის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლი 34-ე მუხლის მნიშვნელობით (იხ. Standard Verlags GmbH ავსტრიის წინააღმდეგ (Standard Verlags GmbH v. Austria), №. 13071/03, §§ 33-34, 2 ნოემბერი 2006). სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, მივიდეს სხვაგვარ დასკვნამდე ამ საქმეში. შესაბამისად, საჩივარი უნდა იქნას უარყოფილი, როგორც შეუსაბამო ratione personae, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებთან.
2. პროცესი მედიის შესახებ კანონის საფუძველზე
37. რამდენადაც საჩივარი შეეხება ორ პროცესს მედიის შესახებ კანონიდან გამომდინარე, ერთი წარმართული ბატონი კლესტილისა და ქალბატონ კლესტილ-ლოეფფერის მიერ, მეორე კი - ბატონ შეიბნერის მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფიდან გამომდინარე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის დაუშვებელი არც სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
38. განმცხადებელი კომპანია ასაბუთებდა, რომ სასამართლოებმა გადააჭარბეს თავისუფალი შეფასების ფარგლებს. ის, კერძოდ, ამტკიცებდა, რომ სამივე პირი იყო საჯარო ფიგურა. ბატონი კლესტილი და ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერი მედიის წინაშე წარსდგებოდა ხოლმე, როგორც საპრეზიდენტო წყვილი. ბატონი შეიბნერი იყო თავისუფლების პარტიის ლიდერი პოლიტიკოსი. რუბრიკა „ჭორების დახლი“, რომელშიც სადავო სტატია გამოქვეყნდა, მკითხველებს ახედებდა პოლიტიკის ფარდის უკან და ხშირად შეიცავდა იუმორს ან სატირულ სტატიებს. განმცხადებელი კომპანიის აზრით, სასამართლოებმა უგულებელყვეს სტატიის სატირული ბუნება და მისი ძირითადი მიზანი, კერძოდ, გაეკრიტიკებინათ ეგრეთ წოდებული ვენის საზოგადოების ზედა ფენა, რომელიც არაფერს აკეთებდა, გარდა იმისა, რომ ევრცელებინა აბსურდული ჭორები ფედერალური პრეზიდენტის პირადი ცხოვრების შესახებ. განმცხადებელი დავობდა, რომ მისთვის დაკისრებული სანქციები იყო არაპროპორციული.
39. უფრო მეტიც, განმცხადებელი კომპანია ჩიოდა, რომ სასამართლოებმა უარი თქვეს მიეღოთ მტკიცებულება ჭორების არსებობის შესახებ საპრეზიდენტო წყვილის განქორწინებაზე, რამდენადაც სიმართლის მტკიცების ტვირთი არ მოითხოვება, როდესაც საკითხი ეხება პირის პირადი ცხოვრების სფეროს.
40. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამ საქმის მსგავს საქმეებში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, დაეცვა სამართლიანი ბალანსი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასა, რაც დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით და, მეორე მხრივ, კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. გადამწყვეტი ელემენტი ბალანსის დადგენაში არის ის, თუ ინკრიმინირებული ტექსტი რა მოცულობით მონაწილეობდა საჯარო ინტერესის მატარებელ საზოგადოებრივ დებატში. მოცემულ საქმეში ავსტრიის სასამართლოებმა მართებულად შეუფარდეს სადავო ნორმა განცხადებისთვის, თითქოს ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერი გეგმავდა განქორწინებას და მოღალატეებს უწოდებდა მას და ბატონ შეიბნერს, ხოლო ბატონ კლესტილს - მოტყუებულ ქმარს. რამდენადაც სამივე იყო კარგად ცნობილი საჯარო ფიგურა, მისაღები გასაჯაროების დასაშვები საზღვრები იყო უფრო ფართო, ვიდრე კერძო პირებისთვის, თუმცა ღალატის შესახებ მტკიცება არღვევდა ამ საზღვრებს. არ არსებობდა საზოგადოებრივ ინტერესი იმ ჭორებთან დაკავშირებით, რომლებიც სტატიაში იყო გამოქვეყნებული და, რომელთაც კავშირი არ ჰქონია რომელიმე შესაბამისი პირის საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ან პოლიტიკურ საქმიანობასთან. მით უფრო, რომ ბატონი კლესტილის პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა იწურებოდა იმ დროისათვის, როდესაც სტატია გამოქვეყნდა.
41. მეტიც, მთავრობა ამტკიცებდა, რომ სასამართლოებმა მართებულად უარყვეს განმცხადებელი კომპანიის დაცვითი პოზიცია, რომ სტატია იყო სატირული ბუნების და მიზნად ისახავდა მხოლოდ გარკვეულ, ,,საზოგადოების ზედა ფენის“ გაკრიტიკებას ჭორების გავრცელებისთვის. თუნდაც გაეზიარებინათ ეს მიზანი, არსებობდნენ რეალური მსხვერპლები, რომელთა პირადი ცხოვრებაც იქნა წარმოჩენილი. მთავრობა ასევე მიუთითებდა, რომ სტატია კონტრპროდუქტიული იყო, რამდენადაც მან ხელი შეუწყო ჭორების გავრცელებას, ნაცვლად იმისა, რომ გაეკრიტიკებინა ისინი, ვინც პირველად გაავრცელა [ჭორები].
2. სასამართლოს შეფასება
42. სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები, მედიის შესახებ კანონის ორ საფუძველზე დაყრდნობით, წარმოადგენდა ჩარევას განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში.
43. სადავო არ იყო, რომ ჩარევა ,,გათვალისწინებული იყო კანონით“, კერძოდ, მედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით, არც ის, რომ ეს ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, სხვების უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას. მხარეთა შორის სადაოს წარმოადგენდა, რამდენად იყო ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
44. სასამართლო იმეორებს მის პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს მე-10 მუხლთან დაკავშირებით (იხ., მრავალ სხვას შორის, Éditions Plon საფრანგეთის წინააღმდეგ (Éditions Plon v. France), № 58184/00, §§ 42 და 43, ECHR 2004-IV).
“42. ... გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითგამოხატვისთვის. მე-2 პარაგრაფის საგანია არა მხოლოდ ,,ინფორმაცია“ ან ,,იდეები“, რომლებიც სასურველია, მიჩნეულია უწყინრად ან ინდიფერენტიზმის საგნად, არამედ, ისინიც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკს გვრის ან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს ,,დემოკრატიული საზოგადოება“. მე-10 მუხლის თანახმად, ეს თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც ზუსტად უნდა იყოს კონსტრუირებული, და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს.
ზედსართავი ,,აუცილებელი“ , მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობით, მოიაზრებს ,,მწვავე სოციალურ საჭიროებას“. ხელშემკვრელი სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, არსებობს თუ არა ასეთი საჭიროება, მაგრამ ეს ხორციელდება მხოლოდ ევროპული დაკვირვების ქვეშ, რაც მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ისე მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მიღებულს, თუნდაც, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო უფლებამოსილია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს იმაზე, თუ რამდენად არის ,,შეზღუდვა“ შესაბამისობაში მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან.
სასამართლოს ამოცანა, მისი საზედამხედველო იურისდიქციის განხორციელებისას, მდგომარეობს არა კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავებაში, არამედ იმ გადაწყვეტილებების გადასინჯვაში, რომლებსაც ისინი ღებულობენ მე-10 მუხლის საფუძველზე, მათი შეფასების თავისუფლების ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა შეზღუდულია იმის დადგენით გონივრულად, კორექტულად და კეთილსინდისიერად განახორციელა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ მისი დისკრეცია; სასამართლომ უნდა გააკეთოს ის, რომ განხორციელებულ ჩარევას შეხედოს საქმის ყველა გარემოების ფონზე და განსაზღვროს რამდენად იყო ის ,,ლეგიტიმური მიზნის პროპორციული“ და რამდენად არის სახელმწიფოს მიერ [ჩარევის] გასამართლებლად დასახელებული მიზნები შესაფერისი და საკმარისი“.
43. სასამართლო ასევე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ძირითად როლს, რასაც პრესა თამაშობს დემოკრატიულ საზოგადოებაში. კერძოდ, მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადალახოს გარკვეული საზღვრები, მაგალითად, სხვათა უფლებების პატივისცემისა, მისი მიზანი მაინც არის გაავრცელოს - მისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფორმით - ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერსის მქონე ყველ საგანზე. საზოგადოებასაც აქვს უფლება, მიიღოს ეს ინფორმაცია (იხ., მრავალ სხვას შორის ბლადეტ ტრუმსო და სტრენსასი ნორვეგიის წინააღმდეგ (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway) [დიდი პალატა], № 21980/93, §§ 59 და 62, ECHR 1999-III, და კოლომბანი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Colombani and othersv. France,№ 51279/99, § 55, ECHR 2002-V). ეროვნული დონეზე შეფასების თავისუფლების ფარგლები განპირობებულია დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებით, რომელიც პრესას საშუალებას აძლევს, შეასრულოს მისი სასიცოცხლო როლი, როგორც ,,მოდარაჯე ძაღლმა” (იხ., მაგ., ბლადეტ ტრუმსო და სტრენსასი (Bladet Tromsø and Stensaas), ციტირებულია მაღლა, § 59). ...”
45. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში განხილული იყო ჭორები მოსარჩელეთა პირადი ცხოვრების შესახებ, და ბატონი კლესტილისა და ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერის შემთხვევაში, ასევე მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ.
46. საქმის კონტექსტში სასამართლო იმეორებს, რომ მსგავს შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს უნდა დაებალანსებინა კერძო ცხოვრების პატივისცემა გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ გავლენას, რასაც ფოტოები თუ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ახდენდნენ საჯარო დებატებზე (იხ., კერძოდ, ვონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany), № 59320/00, § 60, ECHR 2004‑VI; იხ. ასევე ტამერი ესტონეთის წინააღმდეგ (Tammer v. Estonia), № 41205/98, § 68, ECHR 2001‑I).
47. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არის ის, ახორციელებდა, თუ არა შესაბამისი პირი რაიმე საჯარო ფუნქციას. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფუნდამენტური განსხვავება უნდა იქნას გამოკვეთილი ფაქტების გადმოცემასა - თუნდაც საკამათოსი - რომელთაც შეუძლიათ, დემოკრატიულ საზოგადოებაში წვლილი შეიტანონ პოლიტიკოსების შესახებ წარმართულ დებატებში, მათი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით და პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას შორის, პირზე, რომელიც არ ახორციელებს ოფიციალურ ფუნქციებს (იხ. ზემოხსენებული ვონ ჰანოვერი (Von Hannover), §§ 62-63).
48. სასამართლომ გაიზიარა, რომ საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული ზოგიერთ სპეციფიურ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს საჯარო ფიგურების კერძო ცხოვრების ასპექტებზეც, განსაკუთრებით, როდესაც ეს პოლიტიკოსებს ეხებათ (იხ. ზემოთ დასახელებული ვონ ჰანოვერი (Von Hannover), § 64, ზემოთ დასახელებულ Editions Plon-ის საქმეზე მითითებით, § 53). თუმცა, ნებისმიერს, ვინც საზოგადოდ ცნობილია, უნდა ჰქონდეს დაცვის და მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის „ლეგიტიმური მოლოდინი“ (იხ. ზემოთ დასახელებული ვონ ჰანოვერი (Von Hannover), § 69).
49. მოცემულ საქმეზე სადავო არ არის, რომ სამივე პირი იყო საჯარო ფიგურა მედიის შესახებ კანონის მიზნისთვის. სადავო სტატიის გამოქვეყნების დროს ბატონი კლესტილი იყო ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ქალბატონი კლესტილ-ლოეფფერი, მისი მეუღლე, იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის მოხელე, ხოლო ბატონი შეიბნერი - თავისუფლების პარტიის ლიდერი პოლიტიკოსი. მხარეთა მოსაზრებები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა იმაზე, შეიტანა თუ არა რაიმე წვლილი სტატიამ საჯარო დებატებში.
50. სასამართლო ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლი იცავს ნებისმიერი პირის პირადი ცხოვრების სფეროს განხილვისგან და ისე წარმოდგენისგან, რომ ის საზოგადოების შეფასების საგანი გახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოქვეყნებული განცხადებები აღმოჩნდება რეალური და პირდაპირ მიმართულ საჯარო საკითხისკენ.
51. მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სადავო სტატიით გავრცელდა ჭორები საპრეზიდენტო წყვილის პირად ცხოვრებაზე. ... მათ განასხვავეს პოლიტიკოსის სავარაუდო ოჯახური პრობლემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისგან, რასაც მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ სფეროს მიეკუთვნება, შეიძლება ჰქონდეს გავლენა პოლიტიკური ფუნქციების განხორციელებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საპრეზიდენტო წყვილის კერძო ცხოვრებას არ უთამაშია რაიმე როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოსტზე მისი მეორე ვადით ყოფნისას. ბატონ შეიბნერთან დაკავშირებით მათ დაადგინეს, რომ ჭორებს მასსა და პირველ ლედის შორის კავშირის შესახებ არ ჰქონია რაიმე კავშირი მის საჯარო ფუნქციებსა და ვალდებულებებთან. საბოლოოდ, რამდენადაც მედიის შესახებ კანონის მე-7 მუხლი აბსოლუტურად კრძალავს გამოქვეყნებას პირად სფეროზე, თუ არ არსებობს პირდაპირი კავშირი საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, სასამართლოებმა უარი თქვეს მიეღოთ მტკიცებულება იმის შესახებ, იმ დროისათვის არსებობდა თუ არა ისეთი ჭორები რეალურად.
52. სასამართლო ადგენს, რომ ავსტრიის სასამართლოების მიერ დასახელებული მიზეზები იყო ,,შესაბამისი“ და ,,საკმარისი“ ჩარევის გასამართლებლად. სასამართლოებმა სრულად გააანალიზეს, რომ მოცემული საქმე ეხებოდა კონფლიქტს იდეების გავრცელებაზე უფლებასა და სხვების პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას შორის. არ შეიძლება დადგინდეს, რომ მათ ვერ შეძლეს სათანადოდ დაებალანსებინათ განსხვავებული ინტერესები. კერძოდ, სასამართლომ სრულად შეაფასა მოსარჩელეთა, როგორც საჯარო ფიგურების სტატუსი, მაგრამ დაადგინა, რომ სადავო სტატია ვერაფერს სძენდა რაიმე დებატს საჯარო ინტერესის საგანზე. მათ გამოკვეთეს დამაჯერებელი განსხვავება პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეშფოთება (იხ., კერძოდ, ზემოთ დასახელებული გამომცემლობა პლონი (Editions Plon), § 53) და უბრალო ჭორს შორის, მისი ქორწინების მდგომარეობის ან ქორწინების გარეშე ურთიერთობის შესახებ. სასამართლო იზიარებს, რომ ეს უკანასკნელი არაფერს სძენს საჯარო დებატს, რომლის სასარგებლოდაც პრესამ უნდა შეასრულოს თავისი როლი, როგორც ,,მოდარაჯე ძაღლმა”, არამედ მხოლოდ ემსახურება მავანი მკითხველის ცნობისმოყვერეობის დაკმაყოფილებას (იხ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ვონ ჰანოვერი (Von Hannover), § 65).
53. რამდენადაც განმცხადებელი კომპანია დავობს, რომ მას არ მიეცა საშუალება, დაემტკიცებინა, რომ მის სტატიაში გამოქვეყნებული ჭორები მართლაც ტრიალებდა იმ დროისათვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაკი რეალური ფაქტების შესახებ გამოქვეყნება პოლიტიკოსის ან სხვა საჯარო პირის პირადი ცხოვრების შესახებ, შეიძლება მისაღები იყოს ცალკეულ გარემოებებში, თვით საზოგადოებისათვის ცნობილ პირებსაც აქვთ მათი პირადი ცხოვრების დაცვისა და პატივისცემის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელ კომპანიას არასოდეს უმტკიცებია, რომ ჭორები სიმართლეს შეესაბამებოდა. თუმცა, თვით საჯარო ფიგურებიც შეიძლება ლეგიტიმურად მოელოდინენ, რომ იქნებიან დაცული დაუზუსტებელი ჭორების გავრცელებისგან მათი ცხოვრების ინტიმური ასპექტების შესახებ.
54. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ გადაუჭარბებიათ თავიანთი შეფასების თავისუფლებისთვის განმცხადებელი კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისას.
55. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი კომპანიისთვის დაკისრებული ზომები, კერძოდ, მოსარჩელეებისთვის კომპენსაციის გადახდა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, არ იყო კანონიერი მიზნის არაპროპორციული. საბოლოოდ, განმცხადებელი კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადებაში სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობით.
56. შესაბამისად, დადგინდა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო:
1. ერთხმად აცხადებს დასაშვებად საჩივარს იმ ნაწილში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მედიის შესახებ კანონის საფუძველზე, დარღვეულ იქნა განმცხადებელი კომპანიის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო განაცხადის სხვა ნაწილებს - დაუშვებლად;
2. ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ აცხადებს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურად, რაც წერილობით ეცნობათ 2009 წლის 4 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების თანახმად.
სორენ ნილსენი ხრისტოს როზაკისი
სექციის მდივანი თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პარაგრაფისა და სასამართლოს წესების 74-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლე იებენსის განსხვავებული მოსაზრება, რომელსაც დაეთანხმა მოსამართლე შპილმანი.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
Full & Egal Universal Law Academy