Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
სტანკიევიჩი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ
(Stankiewicz and Others v. Poland)
(საჩივარი N48723/07)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2014 წლის 14 ოქტომბერი
საბოლოო გახდა
14/01/2015
საქმეზე ,,სტანკიევიჩი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელე თავმჯდომარე,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაიდჟიევა,
კრიშტოფ ვოჯტიცზეკი, მოსამართლეები
და ფრანცუა ელენს-პასოსი, სექციის განმწესრიგებელი,
2014 წლის 23 სექტემბრის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო პოლონეთი მოქალაქეების - ბ-ნი ანდრეი სტანკიევიჩისა და ქ-ნი მალგორჟატა სოლეცკას, აგრეთვე საგამომცემლო კომპანიის Presspublica sp. z o.o. ("მომჩივნები") მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2007 წლის 29 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№5605/04).
2. მომჩივვნებს, რომელიც სარგებლობდა იურიდიული დახმარებით, წარმოადგენდა ბ-ნი ჟ. კონრაცკი, ვარშავაში მოღვაწე ადვოკატი. პოლონეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბნი ჟ. ვოლასიევიჩი.
3. მომჩივნები დავობდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ პასუხისმგებლობა დაეკისრათ W.D-ს პირადი უფლებების შელახვისთვის, არრღვევდა მათი გამოხატვის თავისუფლებას.
4. საჩივრის შესახებ მთავრობას ეცნობა 2012 წლის 12 ივნისს.
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
წინამდებარე საქმეში მომჩივნები იყვნენ ყოველდღიური ეროვნული გაზეთის ორი ჟურნალისტი და მისი გამომცემელი კომპანია. საქმე ეხებოდა გაზეთში დაბეჭდილ სტატიას, რომლის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ჩართული იყო კორუფციულ გარიგებაში. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-10 მუხლზე დაყრდნობით, დავობდნენ, რომ პოლონეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები არღვევდა მათ გამოხატვის თავისუფლებას. მათი განცხადებით, ჩარევა ვერ მიიჩნეოდა აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სამართალი
I. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩარევა ვერ იქნებოდა მიჩნეული აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში. ისინი ეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
60. მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები წარმოადგენდა მომჩივანთა გამოხატვის თავისუფლებაში ,,ჩარევას’’. სტრასბურგის სასამართლო აგრეთვე ადგენს, რომ ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებით და ემსახურებოდა მე-10 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ ,,სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას’’.
61. ამდენად, უნდა დადგინდეს ჩარევა იყო თუ არა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’. ეს დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე ძირითად პრინციპებს (იხ., სხვებს შორის, Cumpǎnǎ and Mazǎre v. Romania [GC], no. 33348/96, §§ 88‑91, ECHR 2004‑XI):
ა) ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’ ტესტი მოითხოვს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს, ჩარევა იყო თუ არა განპირობებული მწვავე სოციალური საჭიროებით. კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით, როდესაც აფასებენ, არსებობდა თუ არა მსგავსი საჭიროება, თუმცა ის მოქმედებს ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე აღნიშნული კანონმდებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ის მიღებულ იქნეს დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით ,,ჩარევა’’ შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
ბ) საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას, სტრასბურგის სასამართლოს როლი არ არის კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება, არამედ მისი ფუნქციაა, კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, მათ მიერ შეფასების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა შეზღუდულია მხოლოდ იმის დადგენით, მოპასუხე სახელმწიფომ დისკრეციის განხორციელებისას იმოქმედა თუ არა გონივრულად, ფრთხილად და კეთილსინდისიერად; სტრასბურგის სასამართლომ ჩარევა უნდა განიხილოს მთლიანი საქმის შუქზე, რაც მოიცავს მომჩივნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შინაარს და აგრეთვე კონტექსტს;
გ) კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ეროვნული სასამართლოების მიერ ჩარევის გასამართლებლად წარმოდგენილი მიზეზები, იყო თუ არა რელევანტური და საკმარისი; აგრეთვე, გატარებული ღონისძიება იყო თუ არა მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. ამის განხორციელებისას, სტრასბურგის სასამართლო უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს.
დ) სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე უნდა შეაფასოს ეროვნულმა ხელისუფლებამ დაიცვა თუ არა სამართლიანი ბალანსი მე-10 მუხლით განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვასა და მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრებით განსაზღვრულ, რეპუტაციის დაცვას შორის.
62. თუმცა, კონვენციის მე-10 მუხლი არ უზრუნველყოფს შეუზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას, თუნდაც მაშინ, როდესაც პრესა აშუქებს სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკოსებსა თუ საჯარო თანამდებობის პირებთან. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი ,,ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან’’, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული ,,ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის’’ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით ჟურნალისტებისთვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999‑III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011).
63. წინა საქმეებში, როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილიმსწამებლური ხასიათისაა, მან გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ, ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორებიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე გამოცემის გამოშვებამდე, შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს, თავის დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ, იმისათვის რათა ის გამოყენებულ იქნას სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნალისტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, ამ უკანასკნელს არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში. ამრიგად, სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (see Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012).
64. მოცემულ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია ,,მოდარაჯე ძაღლის’’ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა - ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. სტრასბურგის სასამართლო ყველაზე ფრთხილად უნდა შეისწავლოს საქმეები, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს, შეუძლიათ პრესას გული აუცრუონ დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007‑III).
65. მომჩივანთა სტატიაში განხილული საკითხები საჯარო ინტერესის მქონე იყო და ეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის, W.D-ს, მიმართ ბრალდებებს არასათანადო ქცევის შესახებ. სტატია აღწერდა მის ჩართულობას ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებებში, სადაც ის სავარაუდოდ ითხოვდა ფინანსურ სარგებელს. სტატიის უფრო ფართო კონტექსტი ეხებოდა ანაზღაურებადი წამლების სიაში წამლების მოთავსების პროცესთან დაკავშირებულ უწესრიგობებს.
66. იმ დროს, W.D-ს ჯანდაცვის სამინისტროს პირადი სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მინისტრის დისკრეციას წარმოადგენდა. სტატიიდან ირკვეოდა, რომ W.D. დემოკრატიული მემარცხენე ალიანსის რეგიონალური ფილიალის წევრი და ჯანდაცვის მინისტრის ახლობელი იყო. დასაშვები კრიტიკის ფარგლები კერძო პირთან შედარებით, უფრო ფართოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უკავია საჯარო თანამდებობა. ეს უკანასკნელი გაცნობიერებულად იყენებს თავს იმ პოზიციაში, რომ მისი ქმედებები და სიტყვები ჟურნალისტებისა და საზოგადოების განხილვის საგანი ხდება და შესაბამისად, მან უნდა გამოიჩინოს შემწყნარებლობის უფრო დიდი დონე.
67. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებმა დაარღვიეს W.D.-ს პირადი არაქონებრივი უფლებები, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ მან ფარმაცევტულ კომპანიას ქრთამის სანაცვლოდ შესთავაზა მათი წამლის ანაზღაურებად წამალთა სიაში შეყვანა. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
68. ეროვნული სასამართლოების ანალიზი ყურადღებას ამახვილებდა განსაკუთრებულ გულისხმიერებაზე, რომელიც ჟურნალისტებს მოეთხოვებათ. ისინი უთითებდნენ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით იმისათვის, რომ გაბათილდეს ჟურნალისტთა მხრიდან პერსონალური უფლებების დარღვევა საკმარისი იმის დადგენა, რომ ჟურნალისტი მოქმედებდა სათანადო გულისხმიერებით და მას არ მოეთხოვებოდა ეჩვენებინა ბრალდებების ჭეშმარიტება. მოცემულ საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნებმა სტატიის მომზადებისას გამოავლინეს საკმარისი გულისხმიერება, როდესაც ზედა ინსტანციის სასამართლოები საწინააღმდეგო დასკვნამდე მივიდნენ.
69. სტრასბურგის სასამართლო იმეორებს, რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც, ერთი მხრივ, ფაქტის შესახებ განცხადებაა გაკეთებული და მის დასადასტურებლად წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები და, მეორე მხრივ, ჟურნალისტი იხილავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს, იმის დადგენა, მოქმედებდა თუ არა ჟურნალისტი პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად, არსებითი მნიშვნელობისაა.
70. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნები არ მოქმედებდნენ პროფესიონალურად, ვინაიდან მათ საკმარისად არ გამოიკვლიეს ბრალდება. ისინი აკრიტიკებდნენ მომჩივნებს ძირითადად იმის გამო, რომ არ დაელაპარაკნენ შეხვედრის მონაწილე 4 პირიდან ერთ-ერთს (ლ.ზ-ს), რომელიც შეხვედრაზე თარჯიმანი იყო. ჟურნალისტები ძირითადად ეყრდნობოდნენ ა.ფ-ს (ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის) მონაყოლს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა ლ.ზ-ს (შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი) მეშვეობით მოიპოვა ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჟურნალისტებს უნდა შეეპირისპირებინათ ა.ფ-ს მიერ მოყოლილი ისტორია ლ.ზ-ს ვერსიასთან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა.ფ-ს ვერსია არ იყო სანდო, ვინაიდან მან არ ისურვა ჟურნალისტის ლ.ზ-სთან გასაუბრება. თუმცა, როგორც ჩანს ჟურნალისტებმა თავად არ მიიჩნეს ლ.ზ. სანდრო წყაროდ, ვინაიდან ეჭვი შეიტანეს მის ორმაგ ლოიალურობაში. მათ სანდოდ მიიჩნიეს ა.ფ-ს მონათხრობი, რომელსაც ადასტურებდა H.M.N (შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი).
71. სააპელაციო სასამართლომ მისი შეფასება დააფუძნა ჟურნალისტის გულისხმიერების ერთ ელემენტს, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის სხვა ასპექტებისა და აგრეთვე W.D.-ს მონაწილეობით საქმიანი შეხვედრის კონტექსტის უგულვებელყოფით. სიმართლეა, რომ ჟურნალისტებს ინფორმაცია ა.ფ-მ მიაწოდა. თუმცა, მათ იკისრეს ვალდებულება, ეს ამბავი ზედმიწევნით გადაემოწმებინათ. პირველ რიგში, მათ სარწმუნოდ მიიჩნიეს ა.ფ, ვინაიდან მან გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს წინაშეც იგივე ეთქვა და აგრეთვე იმის გამო, რომ მისი მონათხრობი შეესაბამებოდა H.M.N-ის (შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის) მონათხრობს. მეორე რიგში ის დაუკავშირდა ჯანდაცვის მინისტრს და ესაუბრა ამბის ორ მთავარ პროტაგონისტს, კერძოდ, B.O-სა და W.D.-ს. ჟურნალისტების შთაბეჭდილებას, ა.ფ-ს სანდოობასთან დაკავშირებით, ხელი შეუწყო W.D-ს მონათხრობში არსებულმა შეუსაბამოებებმა. მესამე რიგში, ჟურნალისტები ესაუბრნენ ა.ნ-ს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელიც იმ დროს საწამლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი იყო, რომელმაც W.D-ს შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით კრიტიკური მოსაზრება გამოთქვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებები მხარს უჭერდა მომჩივანთა მოსაზრებას, რომ W.D არასათანადოდ იქცეოდა, როდესაც ბიზნეს ინტერესებს ოფიციალურ თანამდებობას უთავსებდა. და კიდევ, სააპელაციო სასამართლომ არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ W.D ესწრებოდა ორ კომპანიას შორის კერძო შეხვედრას, სადაც მან, როგორც მაღალი თანამდებობის პირმა, მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში. სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ეს ფაქტი სანდოობას მატებდა ა.ფ-ს მონათხრობს.
72. თუ რამდენად გონივრულად შეიძლებოდა მომჩივნებს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სადავო ინფორმაცია სანდოდ მიეჩნიათ, უნდა შეფასდეს სტატიის მომზადების დროს არსებული ვითარების გათვალისწინებით. ამასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა თავი შეიკავეს ორი ჟურნალისტის გულისხმიერების შეფასებისგან, სტატიის მომზადების დროს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის პერსპექტივიდან.
73. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში გამოთქმული ბრალდებები საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას და W.D-ს წინააღმდეგ ქრთამის აღების ბრალის წაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ გამოძიება შეწყდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მისი ხანგრძლივობა (სამწელიწადნახევარზე მეტი) და პროკურორის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიანიშნებდა იმაზე, რომ ბრალდებების უგულვებელყოფა შეუძლებელი იყო.
74. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ოსტეოპოროზის კლინიკათა ქსელთან დაკავშირებულ პროექტსა და წამლების სიაში მოთავებას შორის კავშირი არ არსებობდა. იმავე დროს, სადავო არ იყო, რომ შეხვედრის მხარეებმა განიხილეს პროექტში ფარმაცევტული კომპანიის ფინანსური ჩართულობა 1-1.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და პროექტი ჩაიშალა, როდესაც ამ უკანასკნელმა კომპანიამ უარი განაცხადა დაუზუსტებელ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვაზე. ამას გარდა, შეხვედრის 4 მონაწილიდან 3-მა დაადატურა, რომ მათ განიხილეს ფარმაცევტული კომპანიის წამლის განთავსება ანაზღაურებადი წამლების სიაში.
75. ზემოთ ხსენებული ელემენტებისა და სადავო პუბლიკაციის საერთო შინაარსის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებმა შეასრულეს პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის პრინციპები. მომჩივნების მიერ პუბლიკაციის გამოცემამდე ჩატარებული მოკვლევა კეთილსინდისიერი იყო და შეესაბამებოდა ჟურნალისტთა ვალდებულებას, ფაქტები სანდრო წყაროებთან გადაამოწმონ. სტრასბურგის სასამართოს მოსაზრებით W.D-ს მიმართ ბრალდებები ეფუძნებოდა საკმარის ფაქტობრივ საფუძველს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის შინაარი და ტონი მთლიანობაში სამართლიანად დაბალანსებული იყო. მომჩივნებმა, დაუკავშირდნენ რა რამდენიმე წყაროდ, რაც შეიძლებოდა ობიექტური სურათი წარმოადგინეს და W.D-ს შესთავაზეს შესაბამისი მოვლენების საკუთარი ვერსია წარმოედგინა და ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა. სტატიაში წარმოდგენილი იყო W.D-ს მიერ მოყოლილი მოვლენების ვერსია.
76. ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს თუ როგორ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა საქმე, კერძოდ, გამოიყენეს თუ არა მათ სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლის პრინციპებს. მოცემულ საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს W.D-ს სტატუსი და პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფართო ფარგლები. ანალოგიურად, მათ არ განიხილეს ის ფაქტი, რომ კორუფციის შესახებ ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიისგან მომდინარეობდა და ჟურნალისტებმა ისინი მხოლოდ გააშუქეს. გარდა ამისა, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს არ აშფოთებდათ ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობას იღებდა ორი კერძო კომპანიის შეხვედრაზე მათი ერთობლივი ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით, რომელშიც საჯახო ხელისუფლება ჩართული არ იყო. მათ ასევე არ შეაფასეს ის გარემოება, რომ პუბლიკაცია ეხებოდა საჯარო ინტერესის მქონე საკითხებს ან პრესის, როგორც ,,მოდარაჯე ძაღლის’’ როლს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებამ სამართლიანად არ დააბალანსა შეპირისპირებული უფლებები, კერძოდ, ინფორმაციის გავრცელება და სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა.
77. აქედან გამომდინარე, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მიზეზები, მომჩივანთა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის გასამართლებლად, მართალია რელევანტური იყო, მაგრამ არასაკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ჩარევა ,,აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში’’.
78. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს დასაშვებად საჩივარს მომჩივანთა გამოხატვის ტავისუფლების უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანრჩენილ ნაწილს დაუშვებლად.
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
3. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში,
(i) მესამე მომჩივანს გადაუხადოს 2 650 (ორი ათას ექვსას ორმოცდაათი) ევრო არაქონებრივი ზიანისთვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული;
(ii) პირველ და მეორე მომჩივანს გადაუხადოს 5 000 (ხუთი ათასი) ევრო არაქონებრივი ზიანისთვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული;
(iii) მესამე მომჩივანს გადაუხადოს 6 000 (ექვსი ათასი) ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული;
(ბ) რომ ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ზემოთ აღნიშნულ თანხებს საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის შესაბამისი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
5. უარს ამბობს მომჩივნის მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2012 წლის 13 მარტს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ფრანცუა ელენს-პასოსი ინეტა ზიემელე
სექციისგანმწესრიგებელი თავჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy