დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
საქმე „სტოიჩევა ბულგარეთის წინააღმდეგ“
(STOYCHEVA v. BULGARIA)
(განაცხადი № 43590/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
19 ივლისი 2011
საბოლოო გახდა 19/10/2011-ს,
კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად.
გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე „სტოიჩევა ბულგარეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან:
ნიკოლას ბრატცა, თავმჯდომარე,
სვერე ერიკ იებენსი,
პაივი ჰირველა,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოისა ვუჩინიცი,
ვინსენტ ა. დე გაეტანო, მოსამართლეები,
და ლოურენს ერლი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2011 წლის 28 ივნისს,
მიიღო გადაწყვეტილება იმავე თარიღით:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენციის“) 34-ე მუხლის საფუძველზე ბულგარეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ბულგარეთის მოქალაქე, ქალბატონ ვესკა დიმიტრის ას. სტოიჩევას („განმცხადებელი“) მიერ, 2004 წლის 23 ნოემბერს სასამართლოსთვის წარმდგენილი განაცხადი (№ 43590/04) .
2. განმცხადებელი, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალბატონ ს. სტეფანოვასა და ბატონ მ. ეკიმძიევის, პლოვდივში მოღვაწე ადვოკატების, მიერ. ბულგარეთის მთავრობა წარმოდგენილი იყო ქალბატონ რ. ნიკოლავას, იუსტიციის სამინისტროს წარმომადეგენელის, მიერ.
3. განმცხადებელი ჩიოდა, რომ ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან 1997 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვერ უზრუნველყოფა რომელითაც აღდგენილი იქნა მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების გარეშე ტოვებდა. იგი ეყრდნობოდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ელ და მე-13 მუხლებს.
4. 2008 წლის 11 დეკემბერს მეხუთე სექციის პრეზიდენტმა განაცხადების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა მთავრობას. ასევე გადაწყდა, რომ სასამართლო იმსჯელებდა განაცხადის როგორც დასაშვებობაზე, ისე არსებით მხარეზე (მუხლი 29 § 1). განაცხადი საბოლოოდ მე-4 სექციას დაეწერა, 2011 წლის 1 თებერვალს სექციების ხელახლა ფორმირების გამო.
ფაქტები საქმის გარემოებები
1. განმცხადებელი დაიბადა 1937 წელს და ცხოვრობს პლოვდივში.
2. განმცხადებლის მამას საკუთრებაში ჰქონდა პლოვდივში მდებარე მიწის ნაკვეთის მეოთხედი, მთლიანი ფართობით 2,184 კვ.მ. 1954-1956 წლებს შორის პერიოდში განხორციელდა მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ, 1956 წელს, ექსპროპრიაციის გამო, განმცხადებლის მამამ კომპენსაციის სახით მიიღო მიწის ნაკვეთი იმავე ტერიტორიაზე, რომელიც მან მესამე პირს მიჰყიდა 1957 წელს.
3. 1992 წლის 8 აპრილს, სივრცითი მოწყობის კანონმდებლობის თანახმად ქონების რესტიტუციის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ (,,1992 წ. კანონი“, იხ. 26-ე პარაგრაფი ქვემოთ), განმცხადებელმა მიმართა პლოვდივის მერს (,,მერი“) ექსპროპრიაციის და რესტიტუციის გაუქმების და მისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის შესახებ თხოვნით, როგორც იმ პირის მემკვიდრემ, რომელსაც ეს ქონება ჩამოერთვა.
4. მერმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, მიუთითა რა, რომ ქონებაზე უფლების აღდგენა შეუძლებელი იყო, რადგან მასზე აშენებული იყო ხიდი.
5. განმცხადებელმა მიმართა პლოვდივის რეგიონულ სასამართლოს. 1995 წელს, პროცესის მიმდინარეობის დროს, სასამართლომ დანიშნა ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ საზოგადოებრივი სამუშაოები, რისთვისაც ქონება იქნა ჩამორთმეული, შეეხო მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნაწილს, ხოლო დარჩელი 1,500 კვ.მ. შეიძლებოდა დაბრუნებოდა თავდაპირველ მესაკუთრეებს. ექსპერტის მოსაზრებას თან ახლდა რამდენიმე გეგმა.
6. 1997 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა ექსპროპრიაციის ბრძანება 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ერთი მეოთხედის ნაწილში იმ საზღვრების გათვალისწინებით, რაც აღნიშნული იყო ხსენებული ექსპერტის მიერ შედგენილ გეგმაზე (,,1995 წ. გეგმა“), რაც წარმოადგენდა გადაწყვეტილების ნაწილს. გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
7. სასამართლოს არ უმსჯელია კომპენსაციის საკითხზე, რომელიც განმცხადებლის მამამ მიიღო ექსპროპრიაციის სანაცვლოდ, ეს საკითხი არ დაუყენებია მუნიციპალიტეტს სასამართლო პროცესზე და არც ოდესმე, პროცესის დასრულების შემდეგ. როგორც ჩანს, განმცხადებელს არ დაუბრუნებია კომპენსაცია. ასევე იკვეთება, რომ მას შემდეგ, რაც 1997 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მუნიციპალიტეტს არასოდეს გაუსაჩივრებია ამ ან სხვა რაიმე საფუძვლით განმცხადებლის საკუთრების უფლება 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ერთ მეოთხედზე, რომელიც მას დაუბრუნდა.
8. შედეგად, 1998, 1999 და 2000 წლებში განმცხადებელმა რამდენჯერმე მიმართა პლოვდივის მუნიციპალიტეტს, რომ ამ უკანასკნელს აღესრულებინა 1997 წლის გადაწყვეტილება და, კერძოდ, დაერეგისტრირებინა დაბრუნებული ქონება მიწის რეგისტრაციის ორგანოში.
9. მუნიციპალიტეტმა დაადგინა, რომ 1995 წ. გეგმა არ შეესაბამებოდა არსებულ ურბანულ გეგმას და, რომ ის შეიცავდა არაერთ ტექნიკურ შეცდომას. ეს დეფექტები ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა დაბრუნებული ქონების რეგისტრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პლოვდივის მუნიციპალიტეტმა მიმართა პლოვდივის რაიონულ სასამართლოს ამ დეფექტების გამოსწორების თხოვნით, რომელმაც, როგორც ჩანს, უარი უთხრა.
10. 2000 წლის სექტემბერსა და ნოემბერში მუნიციპალიტეტმა აცნობა განმცხადებელს, რომ ზონალური გეგმის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად დაწყებული იყო მიწის რეგისტრაციის ცვლილების პროცესი, მაგრამ 1995 წ. გეგმაში ტექნიკური შეცდომების გამო, რომლის გამოსწორებაზე რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა, შეუძლებელი იყო იმდროინდელი მდგომარეობით გეგმის შედგენა. განმცხადებელს ურჩიეს, მიემართა იმ ექსპერტისთვის, რომელმაც შეადგინა 1995 წ. გეგმა, რომ წარედგინა მასში გამოტოვებული ინფორმაცია.
11. 2002 წლის 26 ივლისით დათარიღებული წერილით მუნიციპალიტეტმა კვლავ აცნობა განმცხადებელს, რომ ქონების რეგისტრაცია ვერ ხერხდებოდა მიწის რეგისტრაციის ორგანოში 1995 წ. გეგმაში არსებული დეფექტების გამო, დაპირდა მას, რომ რეგისტრაცია მას შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, რაც ქონების საზღვრები იქნებოდა დადგენილი და მონიშნული ადგილზე. ამასთან დაკავშირებით განმცხადებლისთვის შესაძლებელი იყო აღმასრულებელი მოსამართლის დახმარების მიღება.
12. ამასობაში განმცხადებელმა ითხოვა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა 1997 წლის გადაწყვეტილებაზე. მას უარი ეთქვა როგორც პლოვდივის რაიონული სასამართლოს, ისე, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს 2001 წლის 24 სექტემბრის საბოლოო გადაწყვეტილებებით. სასამართლოებმა მიუთითეს, რომ გადაწყვეტილებები ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით არ ექვემდებარებოდა აღსრულებას, რადგან მათი მიზანი იყო უფლების ცვლილების დადგენა და არ შეიცავდა ქმედების განხორციელების დავალებას. 1992 წლის კანონი არ ითვალისწინებდა საბოლოო გადაწყვეტილებების ან განჩინებების აღსრულებას აღმასრულებელი მოსამართლის მეშვეობით.
13. 2002 წლის 2 დეკემბერს განმცხადებელმა მიმართა პლოვდივის რაიონულ სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილების განმარტებისა და მისი აღსრულების მეთოდის განსაზღვრის თხოვნით. მოსმენა დაინიშნა 2003 წლის 14 აპრილს. პროცესის შედეგი ცნობილი არ არის.
14. 2003 წლის 13 მარტს, სადავო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა დაიწყო მიწის რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის პროცედურა, იმ მიზნით, რომ დაერეგისტრირებინა ახალი ნაკვეთი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იყო ის ნაკვეთი, რომელიც ნაწილობრივ დაუბრუნდა განმცხადებელს 1997 წელს.
15. 2004 წლის თებერვალსა და მარტში განმცხადებელმა სხვადასხვა ფორმით სთხოვა მუნიციპალიტეტს, ადგილზე მოენიშნა მისი ნაკვეთის საზღვრები ან გაეცა ცნობა იგივეზე. პასუხად, მუნიციპალიტეტმა აცნობა მას, რომ ეს წარმოადგენდა მიწის რეგისტრაციის ადგილობრივი ორგანოს კომპეტენციას და შეახსენა, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მიწის რეგისტრაციის ორგანოში.
16. 2004 წლის 21 აპრილს განმცხადებელმა წარადგინა საჩივარი, რომელშიც ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების განხორციელებას მიწის რეესტრში და იმეორებდა თავის თხოვნას საზღვრების მონიშვნის შესახებ. 2004 წლის 20 მაისს მუნიციპალიტეტმა უარყო განმცხადებლის საჩივარი, არ მიუთითებდა რა, რაიმე პროცედურულ დარღვევაზე.
17. 2004 წლის 4 ივნისს მერმა დაამტკიცა ზემოაღნიშნული ცვლილებები მიწის რეესტრში.
18. 2004 წლის 15 ივნისს განმცხადებელმა წარადგინა საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ ,,ის არ ეთანხმებოდა შემოთავაზებულ ცვლილებებს“ და გაიმეორა თავისი თხოვნა ქონების საზღვრების მონიშვნის შესახებ. მუნიციპალიტეტის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან გასაჩივრებული არ ყოფილა რაიმე პროცედურული დარღვევა.
19. 2004 წლის 19 აგვისტოს, ახალი მიწის ნაკვეთის მიწის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრაციის მიზნებისთვის, გამოიცა საკადასატრო რუკებში შეცდომების ან ხარვეზების დადგენის შესახებ აქტი, რომელიც შესაბამისობაში იყო მერის 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებასთან. აქტში განმცხადებელი მითითებული იყო, როგორც ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრე სამ სხვა პირთან და მუნიციპალიტეტთან ერთად. არ არის ცნობილი, განხორციელდა თუ არ ეს ცვლილება 1997 წ. გადაწყვეტილებისა და 1995 წ. გეგმის შესაბამისად.
20. 2004 წლის 19 აგვისტოს აქტზე დაყრდნობით, 2004 წლის 1 ოქტომბერს, მერმა დაამტკიცა ცვლილება მიწის რეესტრში. განმცხადებელს ეცნობა, რომ მას ჰქონდა გასაჩივრების უფლება 14 დღის ვადაში. არ არის ცნობილი, გაასაჩივრა, თუ არა მან.
21. [სასამართლოს] აშკარა მოთხოვნის მიუხედავად, მხარეებს არ უცნობებიათ სასამართლოსთვის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2004 წლის შემდგომ.
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
a. ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია
22. 1992 წელს მიღებულ იქნა კანონი სივრცითი მოწყობის კანონმდებლობის თანახმად ქონების რესტიტუციის შესახებ (Закон за възстановяване на собствеността върху някои отчуждени имоти по ЗТСУ, ЗПИНМ, ЗБНМ, ЗДИ и ЗС, „1992 წლის კანონი“). ის ითვალისწინებდა რესტიტუციას ჩამორთმეული ქონებისათვის, სადაც მშენებლობის პროექტი არ განხორციელებულა, ან სადაც დაკმაყოფილდა რაიმე სხვა კონკრეტული პირობები. რესტიტუციის თხოვნით უნდა მიემართათ მუნიციპალიტეტის მერისთვის, რომლის უარი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო რაიონულ სასამართლოში. მერის გადაწყვეტილება სავალდებულო იყო ყველა საჯარო მოხელისთვის (დამატებითი დებულებების 1-ლი (2) პარაგრაფი)
23. მესაკუთრეებს, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია, მოეთხოვებოდათ დაებრუნებინათ ეს კომპენსაცია იმისათვის, რომ ამოქმედებულიყო რესტიტუციის ბრძანება. ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში, როდესაც იხილებოდა ქონებაზე უფლების აღდგენის საკითხი, ადმინისტრაციული ორგანოები ან სასამართლოები არ იყვნენ ვალდებული, განეხილათ საკითხი, დაბრუნებული იყო, თუ არა ქონების ჩამორთმევის გამო მიღებული კომპენსაცია, რადგან ასეთი ვალდებულება კანონიდან პირდაპირ გამომდინარეობდა (Реш. № 239 от 17.03.1994 г. на ВАС по адм. д. № 3585/1999 г.; Реш. № 5425 от 19.10.1999 г. на ВАС по адм. д. № 3165/1999 г.). შესაბამისად, კომპენსაციის დაბრუნება არ წარმოადგენდა უფლების აღდგენის წინაპირობას, მაგრამ, მასზე იყო დამოკიდებული უფლების აღდგენის შედეგის მოქმედებაში მოყვანა (Реш. № 9299 от 5.12.2001 г. на ВАС по адм. д. № 4699/2001 г., to the contrary see Реш. № 3377 от 21.06.1999 г. на ВАС по адм. д. № 2047/1999 г).
24. მეორე მხრივ, 1992 წ. კანონის მე-7(2) მუხლი ითვალისწინებდა, რომ თუ ჩამორთმევის საკომპენსაციოდ [პირმა] სხვა მიწა მიიღო, რომელიც შემდეგ მესამე პირს გადაეცა, უფლების აღდგენა ვერ განხორციელდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქონება, რომელიც საკომპენსაციოდ მიიღო, დაუბრუნდა ექსპროპრიაციის შედეგად დაინტერესებულ პირს და მას შეეძლო მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება. თავიანთ პრაქტიკაში ეროვნული სასამართლოები მიუთითებდნენ, რომ, თუ სხვა ქონება იქნა მიღებული ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ, რომელიც მიეყიდა მესამე პირს და შესაბამისად შეუძლებელი იყო სახელმწიფოსთვის დაბრუნება, ჩამორთმეული უფლების აღდგენა ვერ განხორციელდებოდა. ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობას გამოხატავდნენ ხოლმე მუნიციპალიტეტები ან პროკურორები, რომლებიც პროცესში მესამე პირების სახით გამოდიოდნენ სახელმწიფოს ინტერესების დამცველებად (Реш. № 5231 от 12.10.1999 г. на ВАС по адм. д. № 2890/1999 г.; Реш. № 3041 от 09.06.1999 г. на ВАС по адм. д. № 1210/1999 г.). ერთ საქმეში უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1992 წ. კანონის მე-7(2) მუხლი გამოყენებული უნდა ყოფილიყო proprio motu უფლების აღდგენის საკითხებზე კომპეტენტური ადმინისტრაციული მოხელეებისა და სასამართლოების მიერ, რომლებიც იხილავდნენ სარჩელებს უფლების აღდგენაზე უარის გამო (Реш. № 674 от 08.02.2001 г. на ВАС по адм. д. № 6979/2000 г.).
25. ბულგარეთის კანონმდებლობა რესტიტუციის შესახებ, რაც მოიცავს 1992 წ. კანონს, არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ პროცედურას ყოფილი მესაკუთრეებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების ან განჩინებების აღსრულებასთან დაკავშირებით.
26. 1996 წლის დადგენილების მე-4(1) მუხლი ადგენს, რომ მუნიციპალური ქონება, რომელიც დაუბრუნდა მის ყოფილ მესაკუთრეს და, რომელიც აღარ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, ამოღებულ უნდა იქნეს მუნიციპალური ქონების რეესტრიდან (актови книги) და შესაბამისად მფლობელობაში უნდა გადაეცეს მის ყოფილ მესაკუთრეს.
b. მიწის რეესტრი
27. მიწის რეესტრი არის მიწის კვლევის საინფორმაციო სისტემა, რომელიც შეიცავს რეესტრებს და საკადასტრო რუკებს.
28. თავის დროზე მიწის რეესტრის შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდებოდა 1979 წლის ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის საერთო კადასტრის შესახებ კანონის (“the CCPRBA“) და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციების (,,ინსტრუქციები“) საფუძველზე.
29. CCPRBA და ინსტრუქციები ითვალისწინებდა, რომ მიწის რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, inter alia, მიწის ნაკვეთების საზღვრების, ფართობების და სახეების შესახებ, მათზე არსებული ნაგებობ(ებ)ისა და მათზე საკუთრების უფლების შესახებ. ძირითადი ინფორმაცია ასახული უნდა ყოფილიყო უძრავი ქონების შესახებ აქტებსა და ხელშეკრულებებში, როგორიც იყო სანოტარო აქტები, ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვ. ყველა ამ აქტსა და ხელშეკრულებას უნდა დართვოდა მიწის რეგისტრაციის ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული გეგმა (ინსტრუქციების 34-ე მუხლი). სახელმწიფო მოხელეები და ეროვნული სასამართლოები ვალდებული იყვნენ ეცნობებინათ მიწის რეესტრისთვის, inter alia, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლებისა და საზღვრების ყველა ცვლილების შესახებ, რაც მათთვის ცნობილი გახდებოდა. ეს ყველა ცვლილება სათანადოდ უნდა ყოფილიყო შეტანილი მიწის რეესტრსა და რუკებში (CCPRBA-ს მე-13-14 მუხლები).
30. 2001 წლის 1 იანვარს CCPRBA შეიცვალა კადასტრისა და ქონების რეგისტრაციის აქტით (,,CPRA“), რომელიც განმარტავს და აფართოებს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნორმებს. 2004 წლიდან მოქმედი 49ბ მუხლი, ითვალისწინებს, რომ სანოტარო და სხვა აქტების გამოცემისათვის, რაც შეეხება უძრავ ქონებაზე უფლებას, გეგმა, კერძოდ კი, საკადასტრო რუკიდან გადაღებული ასლი, სავალდებულოა. იგივეა გათვალისწინებული 2005 წლის 28 აპრილის №3 განკარგულების მე-2(3) მუხლში (Наредба № 3 от 28.04.2005 г. за съдържанието, създаването и поддържането на кадастралната карта и кадастралните регистри), რომელიც ითვალისწინებს საკადასტრო რუკების და რეესტრების შენახვის წესებს.
c. 1973 წლის სივრცითი მოწყობის შესახებ კანონი
31. სივრცითი მოწყობის შესახებ კანონის (,,BPA”) (Закон за териториално селищното устройство) 32-ე მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედებდა 1973 წლიდან 2001 წლამდე, სხვადასხვა ზონალურ გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იყო, inter alia, საკადასტრო რუკებში შეცდომების და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ორივე, როგორც ზონალური გეგმა, ისე, საკადასტრო რუკა უნდა შეცვლილიყო (მუხლი 32(2)). 2001 წელს, CCPRBA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პროცედურა წესრიგდებოდა ამ კანონის 53-ე მუხლით. 32-ე მუხლი შეიცვალა 2001 წლის ახალი კანონის, სივცრითი მოწყობის შესახებ, 134 (2)-ე მუხლით, რომელმაც შეინარჩუნა ზონალურ გეგმაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა შეცდომებისა და ხარვეზების შემთხვევაში. ეს უკანასკნელი, საკადასტრო რუკებში აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა შესწორებულიყო CCPRBA-ს 53-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
d. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა 1998 წლის ზიანის შესახებ კანონის („SRDA“) თანახმად და ეროვნული სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკა
32. ზიანის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმები და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა (კანონის დასახელება შემდგომში შეიცვალა და ეწოდა ზიანის შემთხვევაში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის შესახებ კანონი (SMRDA)) შეჯამებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებში: ლიუბომირ პოპოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Lyubomir Popov v. Bulgaria), № 69855/01, §§ 96-99, 7 იანვარი 2010; ნაიდენოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Naydenov v. Bulgaria), № 17353/03, §§ 43-47, 26 ნოემბერი 2009 და მუტიშევი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Mutishev and others v. Bulgaria), № 18967/03, §§ 93-96, 3 დეკემბერი 2009.
კანონმდებლობა
I. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
33. კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, განმცხადებელი ჩიოდა, რომ მართალია, მას მისი ქონებრივი უფლება აღუდგა სასამართლოს 1997 წ. გადაწყვეტილების ძალით, მაგრამ მას არ შეეძლო ესარგებლა თავისი ქონებით, რადგან ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს 1997 წ. გადაწყვეტილების აღსრულება.
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი ამგვარად იკითხება:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად...“
a. დასაშვებობა
34. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს არ ამოუწურავს უფლების დაცვის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება, რადგან მან არ წარადგინა სარჩელი SMRDA-ს 1-ლი მუხლის საფუძველზე და არ წამოუწყია რაიმე პროცესი 1973 წ.-ს BPA-ს 32-ე მუხლის თანახმად.
35. განმცხადებელმა ეს არგუმენტი სადავო გახადა, მიუთითებდა რა, რომ სარჩელი SMRDA-ს საფუძველზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დაცვის ეფექტიან საშუალებად მუნიციპალიტეტის უარის გამო, აღესრულებინა 1997 წ. გადაწყვეტილება, რადგან მას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მხოლოდ კომპენსაციის გაცემა, მაგრამ არა 1997 წ. გადაწყვეტილების აღსრულება. უფრო მეტიც, თუ ასეთი პროცესი წარმართვის შედეგად კომპენსაცია გაიცემოდა, არ არსებობდა გარანტია, რომ მუნიციპალიტეტი გასცემდა ამ კომპენსაციას, რადგან ბულგარეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დაცვის ღონისძიებებს სახელმწიფო ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის შემთხვევაში.
36. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი ითვალისწინებს მხოლოდ დაცვის იმ საშუალებების ამოწურვას, რომლებიც ეფექტიანია და შესაბამისია სავარაუდო დარღვევის გამოსასწორებლად (იხ. სეიდოვიცი იტალიის წინააღმდეგ (Sejdovic v. Italy) [დიდი პალატა], № 56581/00, § 45, ECHR 2006-II). მოცემულ საქმეში განმცხადებლის საჩივარი შეეხება იმას, რომ მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი სასარგებლო 1997 წ. გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად შეაფერხა მისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ SMRDA-ს საფუძველზე წარდგენილი სარჩელი ვერ დააკმაყოფილებდა განმცხადებელს, რადგან მას შეეძლო მხოლოდ ფულადი კომპენსაცია მიეკუთვნებინა, მაგრამ პირდაპირ ვერ აიძულებდა თანამდებობის პირებს შეესრულებინათ 1997 წ. საბოლოო გადაწყვეტილება (იხ., mutatis mutandis, იატრრიდის საბერძნეთის წინააღმდეგ Iatridis v. Greece [დიდი პალატა], № 31107/96, § 47, ECHR 1999-II; კირილოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Kirilova and others v. Bulgaria), ნომრ. 42908/98, 44038/98, 44816/98 და 7319/02, § 116, 9 ივნისი 2005 და ზემოთ ხსენებული ლიუბომირ პოპოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Lyubomir Popov v. Bulgaria), § 106).
37. უფრო მეტიც, მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა ეროვნული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც მიკუთვნებულ იქნა ანაზღაურება SMRDA-ს საფუძველზე 1992 წლის რესტიტუციის კანონის მიხედვით გაცემული რესტიტუციის დაგვიანების გამო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ SMRDA-ს საფუძველზე წარდგენილი სარჩელი არ უნდა ჩაითვალოს ეფექტიან საშუალებად, საქმეებზე, რომლებიც შეეხება ნაციონალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის რესტიტუციის გაჭიანურებას, მიუთითებს რა, ეროვნული სასამართლოების სათანადო პრაქტიკის ნაკლოვანებაზე (იხ. ზემოთ დასახელებული: ლიუბომირ პოპოვი ( Lyubomir Popov), §§ 104-107; ნაიდენოვი (Naydenov), § 59 და მუტიშევი (Mutishev), §§ 103-11).
38. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი პროცედურის დაწყება BPA-ს საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1997 წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განმცხადებელი ითხოვდა, რომ ქონება დარეგისტრირებულიყო მიწის რეესტრში (იხ. § 12 ზემოთ), რაც შესაბამის დროს რეგულირდებოდა BPA-ს 32-ე მუხლით (იხ. §§ 14 და 35 ზემოთ), წარადგინა არაერთი საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (იხ. §§ 16 და 17 ზემოთ) და აქტიურად გამოდიოდა ცვლილებების განხორციელების პროცესის წინააღმდეგ 2004 წელს, თხოვნებისა და საჩივრის წარდგენით შეთავაზებული ცვლილების შესახებ მიწის რეესტრში (იხ. მე-19 და 22-ე პარაგრაფები, ზემოთ).
39. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა მის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები გამოიყენა.
40. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებებს. ასევე ადგენს, რომ საჩივარი 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პარაგრაფის მნიშვნელობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის დაუშვებელი არც სხვა რომელიმე საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
a. მთავრობა
41. მთავრობა აცხადებდა, რომ განმცხადებლის უფლება 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე არ დარღვეულა; მიუხედავად იმისა, რომ მას შეხვდა გარკვეული წინააღმდეგობები ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით, მას არ დაკისრებია არათანაზომიერი ტვირთი. ისინი მიუთითებდნენ, რომ მთავრობას გააჩნდა თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები სივრცითი მოწყობის სფეროში და, რომ ხელისუფლების მოხელეთა ქმედებები არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციას. მთავრობა შემდეგში ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის საკუთრების უფლება აღდგენილ იქნა 1997 წ. გადაწყვეტილებით, რომელიც არასოდეს გასაჩივრებულა ხელისუფლების მიერ. არ არსებობდა მიზეზი, გვერწმუნა, რომ ყველა სავალდებულო პროცედურა არ იყო დასრულებული. მთავრობა არ შესულა დისკუსიაში განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებით, რომ ქონება არასოდეს ყოფილა შეტანილი მიწის რეესტრში და აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ იყო უფლებამოსილი, დაუფლებოდა მას. თუმცა, ამტკიცებდა, რომ მისი საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რადგან მას შეეძლო განეკარგა ნაკვეთი, როგორც სურდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოხელეები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და მიზანშეწონილობის ფარგლებში - მიწის რეესტრში მიწის რეგისტრაციის და მისი მუნიციპალური საკუთრებიდან ამორიცხვის პროცედურები დაიწყო 1997 წ. გადაწყვეტილების მიღებიდან მოკლე დროში. რეგისტრაციის გაჭიანურება გამოწვეული იყო 1995 წ. გეგმაში არსებული ტექნიკური შეცდომების და იმ ფაქტის გამო, რომ განმცხადებელმა არ დააბრუნა კომპენსაცია, რაც მამამისმა მიიღო 1956 წელს ჩამორთმეული ქონებისათვის (იხ. §6, ზემოთ). უფრო მეტიც, ნორმალური იყო, რომ ხელისუფლებას ჭირდებოდა დრო, რომ შეეტანა განმცხადებლის ქონება შესაბამის რეესტრებში და რუკებზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენა 40 წლის წინ იყო მომხდარი და ამ პერიოდის მანძილზე საკადასტრო და ზონალური დაგეგმვის რუკები შეიცვალა.
b. განმცხადებელი
42. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1997 წ. გადაწყვეტილება იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღსრულებული და რომ მას არ შეეძლო გამოეყენებინა ქონება. ეს სიტუაცია გრძელდებოდა 1997 წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან დღემდე. მუნიციპალიტეტს ეკისრა ვალდებულება, დაერეგისტრირებინა ქონება 1997 წ. გადაწყვეტილებაში მითითებული საზღვრების მიხედვით. ამის ნაცვლად, მან წამოიწყო პროცედურა მიწის რეესტრში ცვლილების განსახორციელებლად მხოლოდ 2004 წელს, განმცხადებლის ქონების რესტიტუციიდან შვიდი წლის შემდეგ. ამ ცვლილებების მიუხედავად, ქონება დღემდე რჩებოდა დაურეგისტრირებელი. თუნდაც დავუშვათ, რომ 2004 წ. ცვლილების შემდეგ ეს ქონება შესულიყო მიწის რეესტრში, ეს მაინც არ იქნებოდა გამართლება. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის საკუთრების უფლება ქონებაზე არ ყოფილა შეცილებული მუნიციპალიტეტის მიერ, უარი მისი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე არღვევდა მის, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ უფლებებს, რადგან ამ რეგისტრაციის გარეშე მას არ შეუძლია მიიღოს ნაკვეთის განახლებული გეგმა, რომელიც სავალდებულო იყო ნაკვეთის გაყიდვის ან მასზე რაიმე მშენებლობის წამოწყებისთვის.
43. მთავრობის მითითებასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის გაჭიანურება ნაწილობრივ დაკავშირებული იყო 1995 წ. გეგმაში არსებულ ტექნიკურ შეცდომებთან, იგი ამტკიცებდა, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო გაესაჩივრებინა ექსპერტის მოსაზრება, როგორც რესტიტუციის პროცესის ნაწილი, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. მას არც მიუთითებია, რომ გეგმა შეიცავდა ტექნიკურ შეცდომებს ან ხარვეზებს ან ნაკვეთზე სხვა საზღვრების დადგენის განზრახვას. არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მან ვერ დააბრუნა ექსპროპრიაციის გამო მიღებული კომპენსაცია, იგი ირწმუნებოდა, რომ მუნიციპალიტეტს არასოდეს მოუთხოვია მისთვის კომპენსაციის დაბრუნება, არც შეცილებია მას საკუთრების უფლებაში ამ საფუძვლით.
2. სასამართლოს შეფასება
ა. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის გამოყენება
44. სასამართლო აღნიშნავს რომ პლოვდივის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 23 ოქტომბრის საბოლოო გადაწყვეტილებით, განმცხადებელს აღუდგა საკუთრების უფლება 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ერთ მეოთხედზე (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ).
45. თუ მთავრობის მოსაზრებას გავიგებთ იმგვარად, რომ რეგიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1992 წ. კანონი, კერძოდ, მისი მე-7(2) მუხლი, მაშინ (იხ. § 28 ზემოთ), რამდენადაც მან არ მიიღო მხედველობაში ის, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა დაბრუნებული მამამისის მიერ 1956 წელს მიღებული კომპენსაცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი მერის, რომელიც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდა, ან რეგიონული სასამართლოს ვალდებულება იყო დაყრდნობოდა ამ გარემოებას შესაბამის საქმის წარმოებაში. სასამართლო ამ საკითხს შემდგომში დაუბრუნდება (იხ. 56-ე პარაგრაფი ქვემოთ).
46. რამდენადაც, 1997 წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განმცხადებლის საკუთრების უფლება არასოდეს ყოფილა შეცილებული ეროვნულ დონეზე რაიმე პროცესის მეშვეობით, სასამართლო ადგენს, რომ მას აქვს ,,საკუთრება“ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით.
ბ. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლთან შესაბამისობა
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას არ გაუსაჩივრებია განმცხადებლის საკუთრების უფლება ქონებაზე, არც მისი საჩივრები მასზე, რომ 1997 წ. გადაწყვეტილება რჩებოდა აღუსრულებელი და, რომ დღესაც ის ხვდებოდა წინააღმდეგობებს მისი მფლობელობის სრულყოფილად განხორციელებასა და მესაკუთრის უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომ ქონება ამორიცხულ იქნა მუნიციპალური საკუთრების რეესტრიდან და შედეგად მფლობელობა გადაეცა განმცხადებელს.
48. ამ გარემოებებში, როდესაც არ არის ნათელი, რამდენად და რა მოცულობით გადაჭრა 2004 წლის ცვლილებებმა მიწის რეესტრში (იხ. მე-18 და 24-ე პარაგრაფები ზემოთ) განმცხადებლის წინაშე არსებული პრობლემები, სასამართლო განაგრძობს იმ საფუძველზე მითითებას, რომ 1997 წ. გადაწყვეტილებიდან დღემდე, დაახლოებით ცამეტი წლის განმავლობაში რეგისტრაციის პროცესში დაყოვნებული იყო განმცხადებლის უფლებები ქონებაზე და მისი ამ უფლებებით სრულად სარგებლობა (იხ. მე-10, 46-ე და 47-ე პარაგრაფები ზემოთ).
49. სახელმწიფოს მიერ მითითებული მიზეზებით საბოლო გადაწყვეტილების, რომელიც ადგენდა უფლებას ქონებაზე, აღსრულების ვერ უზრუნველყოფა, ან ამ გადაწყვეტილების აღსრულების გაუმართლებელი დაყოვნება წარმოადგენს ჩარევას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაში და შეიძლება წარმოადგენდეს კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას (იხ. რამადი და სხვები ალბანეთის წინააღმდეგ (Ramadhi and Others v. Albania), № 38222/02, §§ 76‑84, 13 ნოემბერი 2007; ნური ალბანეთის წინააღმდეგ (Nuri v. Albania), № 12306/04, § 40, 3 თებერვალი 2009; ზემოთ დასახელებული: ნაიდენოვი (Naydenov), §§ 72 და 85; მუტიშევი და სხვები (Mutishev and Others), §§ 138 და 146 და ლიუბომირ პოპოვი (Lyubomir Popov), § 131).
50. ეს საქმე ზემოხსენებული საქმეების მსგავსია. სასამართლომ ამ საქმეში უნდა განსაზღვროს 1997 წ. გადაწყვეტილების სრულად აღსრულების დაყოვნებასა და იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც განმცხადებელს შეხვდა ამასთან დაკავშირებით, რამდენად იყო პასუხისმგებელი მოპასუხე მთავრობა და თუ ასეა, რამდენად იყო, მის მიერ სადავოდ გახდილი, მის საკუთრების უფლებაში ჩარევა უკანონო და აკისრებდა მას არათანაზომიერ და გადაჭარბებულ ტვირთს (იხ. ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], № 33202/96, §§ 110, 114 და 120, ECHR 2000-I და ზემოთ დასახელებული კირილოვა და სხვები (Kirilova and others), § 106).
51. მოცემულ საქმეზე მთავრობის იმ განმარტების გარდა, რომ მიწის რეესტრში ქონების რეგისტრაციის დაყოვნების მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებელმა ვერ დააბრუნა მამამისის მიერ 1956 წელს მიღებული კომპენსაცია და, რომ არსებობდა ტექნიკური შეცდომები და ხარვეზები 1995 წლის გეგმაში, როგორც ჩვეულებრივი სირთულე დაკავშირებული რესტიტუციის კომპლექსურ პროცესთან, სხვა განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა.
52. სასამართლო მიუთითებს, რომ საკითხი, რომ განმცხადებელმა არ დააბრუნა 1956 წელს მამამისის მიერ საკომპენსაციოდ მიღებული ქონება არასოდეს აღძრულა მის წინააღმდეგ რაიმე ფორმის პროცედურით და, უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტს ეს გარემოება არასოდეს დაუსახელებია მათ მიერ 1997 წ. გადაწყვეტილების ვერ აღსრულების მიზეზად (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ). მუნიციპალიტეტს თავისუფლად შეეძლო აღეძრა საკითხი პროცესში, რომელსაც 1997 წ. გადაწყვეტილება მოჰყვა, ან ამის მერე წარედგინა სარჩელი განმცხადებლის წინააღმდეგ. რადგან მათ ეს არასოდეს გაუკეთებიათ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ ისინი უფლებამოსილი იყვნენ დაეყოვნებინათ 1997 წ. გადაწყვეტილების აღსრულება არსებითად გაურკვეველი მიზეზებით.
53. რაც შეეხება ობიექტურ სირთულეებს, რომლებსაც მთავრობა ეყრდნობოდა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დეკადით ადრე, შეიძლება, მოითხოვდა უფრო მეტ დროს, რადგან ამასთან დაკავშირებით შეიძლებოდა არსებულიყო ტექნიკური სირთულეები (იხ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ლიუბომირ პოპოვი (Lyubomir Popov), § 122). ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ მუნიციპალიტეტის მოხელეებმა გარკვეული სამუშაო გასწიეს იმ სიტუაციის გადასაწყვეტად, რაც წარმოიშვა 1995 წ. გეგმის შეუსაბამობების გამო (იხ. §§ 13 და 15 ზემოთ) და განმცხადებლის ქონების დასარეგისტრირებლად 1997 წ. გადაწყვეტილებაში დადგენილი საზღვრებით. ამ მცდელობებმა, როგორც ჩანს, ვერ გამოიღო სასურველი შედეგი, რადგან ქონება რჩებოდა დაურეგისტრირებელი ძალიან დიდი დროის, კერძოდ, ცამეტი წლის, მანძილზე და ისევ გაურკვეველია, ასეთი რეგისტრაცია ოდესმე განხორციელდა, თუ არა. უფრო მეტიც, როგორც მთავრობამ დაადასტურა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალურად არ მიუციათ უფლება განმცხადებლისთვის, განეხორციელებინა საკუთრების უფლება ქონებაზე.
54. მთავრობის მითითებასთან დაკავშირებით, რომ პრობლემები 1997 წ. გადაწყვეტილების სრულად აღსრულების საკითხზე გამოწვეული იყო ამ მიმართულებით განმცხადებლის მიერ ნაბიჯების გადაუდგმელობით ან ხელისუფლებასთან სათანადო და დროული თანამშრომლობის არქონით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის ეს მტკიცება არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, სასამართლო იმეორებს, რომ თუნდაც მოსალოდნელი ყოფილიყო, რომ განმცხადებელი თვითონ გადადგამდა გარკვეულ პროცედურულ ნაბიჯებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლებას კონვენციით ნაკისრი ვალდებულებისგან, მიიღოს დროული ზომები, თავის მხრივ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მათთვის ხელმისაწვდომია, სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემის გამო. როდესაც გამოტანილია გადაწყვეტილება პირის სასარგებლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მასთან შესაბამისობის ტვირთი უპირველესად აწევს ხელისუფლების მოხელეებს, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ეროვნულ კანონმდებლობაში დაშვებული ყველა საშუალება იმისათვის, რომ დააჩქარონ აღსრულება და შესაბამისად თავიდან აიცილონ კონვენციის დარღვევა (იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდევ (Burdov v. Russia) (№ 2), № 33509/04, §§ 69 და 98, ECHR 2009).
55. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ 1997 წ. გადაწყვეტილების დაყოვნებაზე პასუხისმგებელი იყო ხელისუფლება და ეს წარმოადგენდა ჩარევას განმცხადებლის უფლებაში, მშვიდობიანად ესარგებლა მისი საკუთრებით, რაც არ იყო გამართლებული, რადგან ამას არ ჰქონდა აშკარა სამართლებრივი საფუძველი და მთავრობას სასამართლოსთვის არ უჩვენებია, რომ არსებობდა ლეგიტიმური მიზნის შესატყვისი დასაბუთება.
56. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
57. განმცხადებელი ასევე ჩიოდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას, რადგან მან ვერ ისარგებლა სათანადო დაცვით მოცემულ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას.
58. მე-13 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
59. მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია
ა. დასაშვებობა
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) ნაწილიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის დაუშვებელი, არც სხვა რომელიმე საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
61. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-13 მუხლი არის ეროვნულ დონეზე კონვენციით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალების გარანტი რა ფორმითაც არ უნდა გახდეს საჭირო ეს შიდა მართლწესრიგის ფარგლებში. მე-13 მუხლის მიზანი არის ის, რომ მოითხოვს ეროვნულ დონეზე შესაბამისი ნორმის არსებობას, რომ გაუმკლავდეს ,,დასაბუთებულ პრეტენზიას“ და მიანიჭოს შესაბამისი დაცვა, თუმცა ხელშემკვრელ მხარებს აქვთ გარკვეული დისკრეცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცავენ კონვენციით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს ამ ნორმების საფუძველზე. მე-13 მუხლის მოქმედების არეალი იცვლება კონვენციის საფუძველზე აღძრული განმცხადებლის საჩივრის მიხედვით. მიუხედავად ამისა, მე-13 მუხლის მიერ შემოთავაზებული დაცვა უნდა იყოს ,,ეფექტიანი” როგორც პრაქტიკაში, ისე კანონმდებლობაში; კერძოდ, მისი გამოყენება გაუმართლებლად არ უნდა იყოს შეყოვნებული მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების აქტებით ან უმოქმედებით (იხ., სხვა ცნობილ საქმეებთან ერთად, აქსოი თურქეთის წინააღმდეგ (Aksoy v. Turkey), 18 დეკემბერი 1996, § 95, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1996-VI და კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudła v. Poland) [დიდი პალატა], № 30210/96, § 157, ECHR 2000‑XI).
62. სასამართლო მიუთითებს მის დასკვნაზე, რომ ამ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პროცესი SMRDA-ს საფუძველზე ვერ იქნებოდა სათანადო დაცვა განმცხადებლის სპეციფიური ჩივილისადმი (იხ. §§ 38-44 ზემოთ). უფრო მეტიც, თუ განმცხადებელი თვითონ ისარგებლებდა პროცედურით BPA-ს საფუძველზე, მისი მცდელობები უშედეგო იქნებოდა. შესაბამისად, განმცხადებელს არ გააჩნდა დაცვის ეფექტიანი საშუალებები კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით.
63. მთავრობას არ მიუთითებია, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს რაიმე სხვა გზას, რომლის მეშვეობითაც განმცხადებელს შეეძლო მიეღწია 1997 წ. გადაწყვეტილების აღსრულებისთვის და მიეღო შესაბამისი კომპენსაცია.
64. შესაბამისად ჩანს, რომ კერძოდ, ბულგარეთის რესტიტუციის კანონმდებლობა, 1992 წ. კანონის ჩათვლით, არ ითვალისწინებს რაიმე სპეციფიურ პროცედურას ჩამორთმეული ქონების მათი ყოფილი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულებისთვის. პირებს, რომლებიც შეხვდებიან ისეთ წინააღმდეგობებს, როგორიც მოცემულ საქმეშია, არ შეუძლიათ დაეყრდნონ აღმასრულებლის დახმარებას და არ ჩაითვლება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა განმცხადებელს სთავაზობს ეფექტიან დაკმაყოფილებას.
65. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში.
III. კონვენციის 41-ე მუხლთან დაკავშირებული საჩივარი
66. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
1. ქონებრივი ზიანი
67. განმცხადებელი, ეყრდნობოდა რა საქმეს ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], № 28342/95, ECHR 2001‑I) და კეჰაია და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Kehaya and others v. Bulgaria (სამართლიანი დაკმაყოფილება), ნომრ. 47797/99 და 68698/01, 14 ივნისი 2007), ითხოვდა, სახელმწიფოს მიეღო ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რომ სრულად აღდგენილიყო მისი საკუთრების უფლებები ქონებაზე 1997 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
68. ის ასევე ითხოვდა 513,270 ბულგარულ ლევს („BGN“), რაც 262,434.81 ევროს („EUR“) ეკვივალენტურია საიჯარო ქირის დაკარგვისათვის. ის ასევე ითხოვდა 321,423.76 BGN-ს, რაც 164,343.89 EUR-ოს ეკვივალენტურია, როგორც ამ თანხის პროცენტს. მან წარადგინა ექსპერტის მოსაზრება იმ საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთში პლოვდივში 1997 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 10 ივნისამდე.
69. მთავრობამ მიუთითა, რომ ბრუმარესკუ (Brumărescu)-ს საქმისგან განსხვავებით, სადაც ქონება არასოდეს დაბრუნებია განმცხადებელს, მოცემულ საქმეში 1997 წ. გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალა განმცხადებლის საკუთრების უფლებების აღდგენის თვალსაზრისით და შესაბამისად არ არსებობდა წინააღმდეგობები, მაგალითად, მის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა იყო გადაჭარბებული.
70. სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო ადგენს კონვენციის დარღვევას, აკისრებს მოპასუხე სახელმწიფოს კანონიერ ვალდებულებას აღმოფხვრას ის დარღვევა და შესაძლებელი გახადოს ზიანის ანაზღაურება დარღვევის შედეგების გამო, ისეთი გზით, რომ რამდენადაც შესაძლებელია, აღდგეს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა დარღვევამდე. ხელშემკვრელი სახელმწიფოები, პრინციპში, თავისუფალი არიან იმ საშუალების შერჩევაში, რა ფორმა იქნება გამოყენებული შესაბამის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელზეც სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა. თუ დარღვევის ხასიათი restitutio in integrum-ის საშუალებას იძლევა, მოპასუხე სახელმწიფოზეა დამოკიდებული, მისი განხორციელება. თუ, მეორე მხრივ, ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, ან მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა, დარღვევის შედეგებისათვის უნდა ანაზღაურდეს ზიანი. 41-ე მუხლი სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს მიაკუთვნოს დაზარალებულ მხარეს მისთვის შესაფერისი დაკმაყოფილება (იხ. პაპამიხალოპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Papamichalopoulos and Others v. Greece) (§ 50), 31 ოქტომბერი 1995, § 34, სერია A № 330‑B, და ზემოთ ხსენებული ბრუმარესკუ (Brumărescu), §§ 19-20).
71. თავისი დასკვნების გათვალისწინებით, რაც მოცემულია ზემოთ, მე-60 და 69-ე პარაგრაფებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ უფრო შესაფერისი ანაზღაურება მოცემულ საქმეში იქნებოდა ყველა დაბრკოლების აღმოფხვრა 1997 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად განმცხადებლის სრული მფლობელობის და მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებების მიმართ. ანუ, განმცხადებელი უნდა ჩააყენონ როგორც შესაძლებელია, იმ სიტუაციის ეკვივალენტურ სიტუაციაში, რომელშიც ის იქნებოდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი დარღვევას.
72. სასამართლოს სპეციალური თხოვნის მიუხედავად, მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მისი ინფორმირება იმ განვითარების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 2004 წლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოსთვის ცნობილი არ არის ფაქტობრივად გადაეცა, თუ არა სადავო ქონება განმცხადებელს. თუ ქონება არ გადაცემულა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ მიუთითებია, რომ არსებობს დაუძლეველი გარემოება ასეთი გადაცემისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, არაგონივრული არ არის, არსებობდეს მოლოდინი, რომ ყველა წინააღმდეგობის აღმოფხვრის შემთხვევაში, განმცხადებლის სრული საკუთრება აღდგება დაყოვნების გარეშე.
73. რაც შეეხება საიჯარო ქირის დაკარგვის შესახებ საჩივარს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, მთავრობას არ მიუთითებია, შეიცავს, თუ არა ბულგარეთის კანონმდებლობა საშუალებას, რა გზითაც განმცხადებელს შეუძლია საკითხთან დაკავშირებით მიიღოს კომპენსაცია. სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის შესახებ SMRDA-ს ან რაიმე სხვა პროცედურის საფუძველზე კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში განმცხადებლისთვის შესაძლებელი იყო, მიეღო რაიმე კომპენსაცია, ეროვნული სასამართლოების მეშვეობით, საიჯარო ქირის დაკარგვის გამო. მეორე მხრივ, სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს, გასცემდა თუ არა განმცხადებელი მიწას იჯარით და მიიღებდა შესაბამის რენტას 1997 წლიდან 2009 წლამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში ან, მაგალითად, ამჯობინებდა, თუ არა გამოეყენებინა მიწა თავისთვის, გაეყიდა ის, ან არ გამოეყენებინა საერთოდ. ის ასევე მხედველობაში იღებს იმას, რომ ქირის კალკულაცია შეეხება მთელ ქონებას, მაშინ როცა, განმცხადებლის საკუთრებაშია მხოლოდ მისი ნაწილი და მას შეიძლებოდა მიეღო მხოლოდ ამ ქირის ნაწილი. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც განმცხადებელს იჯარით გაეცა ნაკვეთი, მას სავარაუდოდ მოუწევდა ხარჯის გაღება მის შესანარჩუნებლად და ასევე გადასახადების გადახდა, რამდენადაც ნებისმიერი შემოსავალი იჯარიდან ექვემდებარება დაბეგვრას (იხ. პოპოვი მოლდოვას წინააღმდეგ (Popov v. Moldova) (№ 1) (სამართლიანი დაკმაყოფილება), № 74153/01, § 13, 17 იანვარი 2006 და კირილოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Kirilova and Others v. Bulgaria) (სამართლიანი დაკმაყოფილება), ნომრ. 42908/98 და სხვ., § 31, 14 ივნისი 2007).
74. დასკვნისათვის, სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა, რომ განმცხადებელს საშუალება ექნებოდა გაეცა იჯარით მიწის ნაკვეთი დღემდე და მიეღო საბაზრო ქირა. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა განიცადა გარკვეული ზიანი იმ შესაძლებლობის დაკარგვის გამო, რომ საშუალება მისცემოდა სრულად ესარგებლა თავისი ქონებით დიდი დროის განმავლობაში. ამ მსჯელობის და თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმცხადებელს მიაკუთვნებს 2,000 EUR-ს ამ საფუძვლით.
2. არაქონებრივი ზიანი
75. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 10,000 EUR არაქონებრივი ზიანისათვის იმ ტანჯვისა და განცდისთვის, რაც მას მიადგა სავარაუდო დარღვევის შედეგად.
76. მთავრობამ აღნიშნული გააპროტესტა, როგორც გადაჭარბებული და უსაფუძვლო.
77. სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელს უნდა განეცადა ტანჯვა და იმედგაცრუება დადგენილი დარღვევების შედეგად. წყვეტს რა საკითხს თანასწორობის საწყისზე, მიაკუთვნებს განმცხადებელს 2,200 EUR-ს ამ საფუძვლით.
ბ. ხარჯები
78. განმცხადებელი ითხოვდა 4,200 EUR-ს სასამართლოში წარმომადგენლობაზე ადვოკატის ხარჯებისთვის; 50 EUR-ს საფოსტო ხარჯებისთვის და 30 EUR-ს საოფისე საგნებისთვის. მან წარადგინა ხელშეკრულება მის წარმომადგენლებთან და 60-საათიანი მუშაობის დროის აღრიცხვის ფურცელი, საათში 70 EUR-ს ანაზღაურების შესახებ. მან ითხოვა, რომ ამ საფუძვლით გაცემული თანხა ჩარიცხულიყო მისი წარმომადგენლების საბანკო ანგარიშებზე.
79. მთავრობამ ეს მოთხოვნა გააპროტესტა, როგორც გადაჭარბებული.
80. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ოდენობით, რაც ჩანს, რომ რეალურია და უცილობლად გადახდებოდა, ამასთან, გონივრულ ფარგლებში. სასამართლო ადგენს, რომ საფოსტო და საოფისე ხარჯების და მისი ადვოკატების საზღაურის ნაწილი დაფარული იყო იმ სამართლებრივი დახმარებით, რაც გაეწია განმცხადებელს. ამის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიაკუთვნებს განმცხადებელს 1,500 EUR -ს ამ საფუძვლით.
გ. საურავი
85. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საურავი უნდა ემყარებოდეს ევროპის ბანკის ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს რომ დაირღვა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი;
3. ადგენს რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში;
4. ადგენს:
(ა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს, შესაბამისი დღისათვის არსებული კურსით, ბულგარულ ლევებში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:
(i) EUR 2,000 (ორი ათასი ევრო), პლუს ყველა გადასახდელი, რაც შეიძლება არსებობდეს, ქონებრივი ზიანისათვის;
(ii) EUR 2,200 (ორი ათას ორასი ევრო), პლუს ყველა გადასახდელი, რაც შეიძლება არსებობდეს, არაქონებრივი ზიანისათვის;
(iii) EUR 1,500 (ათას ხუთასი ევრო), პლუს ყველა გადასახდელი, რაც შეიძლება არსებობდეს, ხარჯებისათვის, რომელიც უნდა ჩაირიცხოს პირდაპირ განმცხადებლის წარმომადგენლების ანგარიშებზე;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, ასევე, სამი პროცენტი.
6. უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურად და გამოქვეყნებულია წერილობით 2011 წლის 19 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად
ლოურენს ერლინიკოლას ბრატცა
მდივანი თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy