დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
საქმე „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“
(STURUA v. GEORGIA)
(საჩივარი № 45729/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
28 მარტი, 2017 წელი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.
საქმეზე „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
განნა იუდკივსკა, თავმჯდომარე,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანდრაშ შაიო,
ნონა წოწორია,
კრზისტოფ ვოიტიეცკი,
გაბრიელ კუცსკო-შტადმაიერი,
მარკო ბოშნიაკი, მოსამართლეები,
და ანდრეა ტამიეტი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირა რა 2017 წლის 7 მარტს, იმავე დღეს მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის, ბატონი მიტროფანე სტურუას („მომჩივანი“) მიერ 2005 წლის 29 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის (№ 45728/05) საფუძველზე.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბატონი ნ. კვარაცხელია, იურისტი, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობას თბილისში ახორციელებს. საქართველოს („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოადგენდა ბატონი დ. თომაძე, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი.
3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ, მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება იყო უსამართლო, მისი საჩივრის განმხილველი ორგანო არ იყო მიუკერძოებელი და მას არ ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.
4. 2007 წლის 27 აგვისტოს საჩივარი გადაეგზავნა მოპასუხე სახელმწიფოს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1953 წელს და ცხოვრობს თბილისში.
6. 1999 წლის 15 მაისს მომჩივანი 10 წლის ვადით დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.
7. 2004 წლის 3 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური საქმის წარმოება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 22 თებერვლის კანონის (შემდეგში „დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი“ - იხილეთ 15-18 პარაგრაფები), მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მას ბრალად ედებოდა 2003 წლის 29 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმის განხილვისგან ჩამოშორებიდან 6 თვის განმავლობაში საქმის მასალების დაყოვნება.
8. 2004 წლის 23 დეკემბერს მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ (შემდეგში „კოლეგია“), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ბატონი კ.კ. (კოლეგიის თავმჯდომარე და მომხსენებელი), ბატონი გ. ჩ., ბატონი დ.ს. და ბატონი თ.თ., საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. საქმის განხილვის ოქმის თანახმად, მომჩივანმა აღიარა გაუფრთხილებლობა, რაშიც მას ბრალი ედებოდა. საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ კოლეგიამ დაადგინა მომჩივნის ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. კოლეგიამ მომჩივნის ქცევა განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნია, რადგან 6 თვის განმავლობაში ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ და მოსამართლეს, კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ევალებოდა სწრაფი და უშეცდომო მოქმედება. კოლეგიამ გაითვალისწინა გადაცდომის ბუნება, რომელიც მან მძიმე გადაცდომად დააკვალიფიცირა, ასევე მომჩივნის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელის არსებობა და გადაწყვიტა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.
9. 2004 წლის 29 დეკემბერს მომჩივანმა საჩივრით მიმართა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს (შემდეგში „სადისციპლინო საბჭო“) დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (იხილეთ მე-17 პარაგრაფი), საქმის ფაქტობრივ მხარესა და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში გარემოებათა შეფასებასა და სამართლებრივი ნორმების გამოყენებას დადგენილ ფაქტებთან მიმართებით. მისი საჩივარი განხილულ იქნა სადისციპლინო საბჭოს სრული შემადგენლობით, რომელიც 8 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის, ბატონი კ.კ., ბატონი გ.ჩ., ბატონი დ.ს. და ბატონი თ.თ., რომლებიც პირველ განხილვასაც ესწრებოდნენ. როგორც მანამდე, მომჩივნის საჩივრის განხილვისასაც ბატონი კ.კ. მოქმედებდა თავმჯდომარისა და მომხსენებელი წევრის სტატუსით.
10. 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სადისციპლინო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებას. სააპელაციო ინსტანციამ დაადასტურა, რომ ქვემდგომმა ორგანომ სწორად შეაფასა ფაქტები და შესაბამისი სამართლებრივი ნორმები გამოიყენა დადგენილ ფაქტებთან მიმართებით.
11. ამის შემდგომ, მომჩივანმა საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 74-ე მუხლის საფუძველზე, რომელშიც ცვლილება შევიდა 2005 წლის 25 თებერვალს (იხილეთ მე-18 პარაგრაფი). მისი მტკიცებით, მას არ მისვლია შეტყობინება, რომ შეეძლო კოლეგიის წინაშე წარმდგარიყო და რომ საადისციპლინო საბჭომ გააჭიანურა მისი საჩივრის განხილვა. ასევე აცხადებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, კოლეგიის 4 წევრს, რომლებმაც 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება არ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ სადისციპლინო საბჭოს წევრები საქმის სააპელაციო წესით განხილვისას.
12. 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო დაუსაბუთებლობის გამო. სხდომის ოქმზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში, მისი მტკიცების საწინააღმდეგოდ, მომჩივანი ესწრებოდა კოლეგიის მიერ 2004 წლის 23 დეკემბერს საქმის განხილვას და დაბრკოლების გარეშე შეეძლო საკუთარი პოზიციის წარმოდგენა. საქმის განხილვისას მომჩივანმა აღიარა გაუფრთხილებელი ქმედება, რაშიც მას ბრალი ედებოდა. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა პრეტენცია დისციპლინური საბჭოს მიერ ვადების დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში მიიღო. უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პალატის ოთხი წევრის ყოფნა სადისციპლინო საბჭოს თანმდევ საქმის წარმოებაში არ ეწინააღმდეგებოდა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების მოთხოვნებს (იხილეთ მე-17 პარაგრაფი).
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
A. მოსამართლის თანამდებობრივი ხელშეუხებლობის გარანტიები ეროვნულ კანონმდებლობაში
13. საერთო სასამართლოების შესახებ 1997 წლის 13 ივნისის კანონის 48.1 და 49.1 მუხლების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა 1999 წელს, მომჩივნის მოსამართლედ დანიშვნის მომენტისთვის (იხილეთ მე-6 პარაგრაფი), საქართველოს პრეზიდენტი მოსამართლეებად ნიშნავდა კვალიფიციურ კანდიდატებს 10 წლის ვადით.
14. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86-ე მუხლები, ნორმები, რომლებიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და თანამდებობრივ ხელშეუხებლობას უზრუნველყოფენ, იმ დროისთვის შემდეგი შინაარსის იყო:
მუხლი 84.1-3
“1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.”
მუხლი 86.2
“2. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით.”
B. კანონი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
15. მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას მოქმედი რედაქციის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 2.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ მოსამართლე, რომელიც აშკარად უსაფუძვლოდ აჭიანურებდა საქმის განხილვას, არღვევდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.
16. 2004 წლის 30 ივნისამდე დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი, კერძოდ, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი კოლეგიის წევრებს, რომლებმაც საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილეს, ცალსახად უკრძალავდა სადისციპლინო საბჭოში იმავე საქმის მოსმენაში მონაწილეობას. გარდა ამისა, 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ თუ სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე მონაწილეობას იღებდა კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში, მაშინ მას უარი უნდა ეთქვა სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარეობაზე იგივე საქმის სააპელაციო წესით განხილვის მიმდინარეობისას. 2004 წლის 30 ივნისს 62.2 და 66.1 მუხლების ფორმულირება შეიცვალა.
17. 2004 წლის 30 ივნისის ცვლილებების შემდეგ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის პროცესუალური შინაარსის მქონე ნორმები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
მუხლი 22, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები
“1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო შედგება 8 წევრისაგან.
2. ... საბჭოს წევრებს, რომელთაგან ოთხი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია...
3. სადისციპლინო საბჭოში იქმნება სადისციპლინო კოლეგიები ოთხი წევრის შემადგენლობით...
4. სადისციპლინო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის სადისციპლინო საბჭოს წევრი. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს სხდომებს. ...”
მუხლი 24.4
“სადისციპლინო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.”
მუხლი 56.3
“სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან.”
მუხლი 60.1
“სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში მისი გასაჩივრების გზით.”
.
მუხლი 62.1
“სადისციპლინო საბჭო საჩივარს ... განიხილავს საქმის მიღებიდან ერთ თვეში.”
მუხლი 66.1
“...სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს სხვა წევრი.”
მუხლი 68.1
“სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე.”
18. 2005 წლის 25 თებერვლამდე, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 74-ე მუხლი ადგენდა, რომ დისციპლინური საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოებისას სააპელაციო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გადაისინჯა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, იყო საბოლოო და აღსრულებადი. თუმცა, 2005 წლის 25 თებერვლის ცვლილებით 74-ე მუხლში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საკასაციო ინსტანციას, შესაძლებლობა მიეცა განეხილა დისციპლინური საბჭოს სააპელაციო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი განხილვა დაიშვებოდა მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით.
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
19. მომჩივანი ჩიოდა, რომ მისი საქმე არ ყოფილა განხილული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რადგან პირველი და სააპელაციო ინსტანციების წესით განხილვებში ერთი და იგივე მოსამართლეები მონაწილეობდნენ. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ....”
A. დასაშვებობა
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
20. უპირველეს ყოვლისა, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე. სხვა არგუმენტებთან ერთად, ისინი ეყრდნობოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე პიტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ (Pitkevich v. Russia) ((განჩინება), № 47936/99, 2001 წლის 8 თებერვალი) და აგრძელებდნენ მტკიცებას, რომ საქმეები, რომლებიც სასამართლოში საქმის მიუღებლობას შეეხებოდა, მე-6 მუხლის მოცემული ნორმის მოქმედების სფეროს გარეთ იყო.
21. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ირწმუნებოდა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებები, როგორც ამას კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანს უნდა მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოეთხოვა სადავო ნორმების, რომლებმაც დაუშვა ერთი და იმავე მოსამართლეთა მიერ ორ ინსტანციაში საქმის განხილვა, არაკონსტიტუციურად ცნობა.
22. მომჩივანი არ დაეთანხმა მოპასუხე სახელმწიფოს შენიშვნებს, მიიჩნია რა ისინი უადგილოდ და სასამართლოს პრეცედენტული სამართლით გაუმყარებლად.
2. სასამართლოს შეფასება
23. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი ვრცელდება „სამოქალაქო ხასიათის უფლების“ შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი მნიშვნელობის ისეთ დავაზე (ფრანგულ ტექსტში - „დავის საგანი“), რომელიც შესაძლებელია სადავო საფუძვლებით მაინც იყოს აღიარებული ეროვნულ სამართალში, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა იგი კონვენციით. დავა უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული; იგი შესაძლებელია ეხებოდეს არა მარტო უფლების ფაქტობრივ არსებობას, არამედ მისი განხორციელების მასშტაბსა და ფორმას. სამართალწარმოების შედეგი პირდაპირ უნდა ეხებოდეს სადავო უფლებას. მხოლოდ უმნიშვნელო კავშირები ან შორეული შედეგები საკმარისი არ არის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის ასამოქმედებლად (იხ., მიკალეფი მალტას წინააღმდეგ (Micallef v. Malta) [დიდი პალატა], № 17056/06, § 74, ECHR 2009, და ბულუა ლუქსემბურგის წინააღმდეგ (Boulois v. Luxembourg) [დიდი პალატა], № 37575/04, § 90, ECHR 2012).
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1999 წელს, მომჩივნის დანიშვნის დროს, ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, მას შეეძლო დასაბუთებულად ემტკიცებინა საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციის საფუძველზე არსებული უფლება შესაბამისი ათწლიანი ვადის გასვლამდე სამოსამართლო უფლებამოსილების გაუმართლებელი შეწყვეტისგან დაცვაზე (ზემოთ იხილეთ პარაგრაფები 13 და 14). უფრო მეტიც, სადავო დისციპლინური სამართალწარმოების შედეგი გადამწყვეტი იყო აღნიშნული უფლების განხორციელების ფორმისთვის. მართლაც, მომჩივნის დავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - იმ ორგანოს მიმართ, რომელმაც დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ (ზემოთ იხილეთ პარაგრაფი 7), შესაძლოა გამოეწვია სადავო დისციპლინური სახდელის - თანამდებობიდან გათავისუფლების - გაუქმება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, არსებობდა ჭეშმარიტი და მნიშვნელოვანი დავა „უფლების“ შესახებ, რომელზეც მომჩივანს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა თუნდაც შესაბამისი სადავო საფუძვლებით ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე (იხილეთ ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ (Baka v. Hungary) [დიდი პალატა], № 20261/12, §§ 107‑111, ECHR 2016, და ტატო მარინიო დოს სანტოს კოსტა ალვეს დოს სანტოს და ფიგუეირედო პორტუგალიის წინააღმდეგ (Tato Marinho dos Santos Costa Alves dos Santos and Figueiredo v. Portugal), nos. 9023/13 და 78077/13, § 39, 21 ივნისი, 2016).
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Vilho Eskelinen and Others v. Finland) № 63235/00 მან დაადგინა: იმისთვის, რომ მოპასუხე სახელმწიფოს შეძლებოდა ემტკიცებინა სასამართლოს წინაშე, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის „სამოქალაქო სამართლებრივი“ ნაწილი არ ვრცელდებოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო მოხელეებს შორის არსებულ შრომით დავებზე, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილებულიყო. პირველ რიგში, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას თანამდებობის მქონე ან გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებისთვის და მეორე, ასეთი გამორიცხვა გამართლებული უნდა ყოფილიყო ობიექტური საფუძვლებით მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე (იხილეთ ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Vilho Eskelinen and Others v. Finland) [დიდი პალატა], № 63235/00, § 62, ECHR 2007‑II).
26. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირველ პირობასთან მიმართებით, ის არ არის შეზღუდული, კონკრეტული ეროვნული ორგანო, შიდა სასამართლო ორგანოების გარეთ, მიიჩნიოს „სასამართლო ორგანოდ“ ვილჰო ესკელინენის (Vilho Eskelinen) საქმეზე დადგენილი ტესტის მიზნებისთვის (იხილეთ ოლეკსანდრ ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (Oleksandr Volkov v. Ukraine), № 21722/11, § 88, ECHR 2013). აღნიშნული ტესტი თანაბრად გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი საჯარო მოხელეების, ისე მოსამართლეების მიმართ (იხილეთ ბაკა (Baka),, ციტირებულია მაღლა, § 104). გარდა ამისა, ვილჰო ესკელინენის (Vilho Eskelinen) ტესტი მოიცავს ყველა სახის შრომით დავებს, რომელიც ეხება საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს, მათ შორის, მათი სამსახურში შერჩევის/დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და შეწყვეტის თაობაზე (იხილეთ ბაკა (Baka), ციტირებულია მაღლა, §105, შემდგომი მითითებისთვის და ოლუჟიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Olujić v. Croatia), № 22330/05, §§ 31-44, 5 თებერვალი, 2009, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი ვრცელდება ისეთ სამართალწარმოებაზე, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებას).
27. წინამდებარე საქმის გარემოებებზე მითითებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიმართ არსებული დისციპლინური პასუხისმგებლობა განხილულ იქნა პირველი და სააპელაციო ინსტანციის წესით სადისციპლინო საბჭოს მოსამართლეების მიერ. პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, საბჭოს წარმოადგენდა ოთხი წევრისგან შემდგარი კოლეგია მაშინ, როცა აპელაციის ეტაპზე, აღნიშნული საქმე იხილებოდა საბჭოს სრული შემადგენლობით. სადისციპლინო საბჭომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილებები მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც შემდეგ გადასინჯულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მიერ (ზემოთ იხილეთ პარაგრაფები 8-12). იმის გათვალისწინებით, რომ დისციპლინური სამართალწარმოებები მომჩივნის წინააღმდეგ ჩატარდა იმ ორგანოების მიერ, რომლებიც ცხადად ასრულებდნენ მართლმსაჯულების ფუნქციას და სადისციპლინო საბჭო ნამდვილად წარმოადგენდა „ტრიბუნალს“ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში, შეუძლებელი იყო იმის დასკვნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა „პირდაპირ გამორიცხავდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას“ მომჩივნის საქმეში (იხილეთ mutatis mutandis, ოლეკსანდრ ვოლკოვი (Oleksandr Volkov), ციტირებულია მაღლა, §§ 89-91; H. ბელგიის წინააღმდეგ (H. v. Belgium), 30 ნოემბერი, 1987, § 50, Series A № 127‑B; და ბელილოსი შვეიცარიის წინააღმდეგ (Belilos v. Switzerland), 29 აპრილი, 1988, § 66, Series A № 132). შესაბამისად, „ვილჰო ესკელინენის“ ტესტის პირველი პირობა არ იქნა დაკმაყოფილებული და კონვენციის მე-6 მუხლის „სამოქალაქო სამართლებრივი ნაწილი“ ვრცელდებოდა სადავო დისციპლინური სამართალწარმოებების მიმართ (შეადარეთ, ოლუჟიჩი (Olujić), ციტირებულია მაღლა, §§ 31-44; საღატელიანი სომხეთის წინააღმდეგ (Saghatelyan v. Armenia), № 7984/06, §§ 31-35, 20 ოქტომბერი, 2015; გეროვსკა პოპჩევსკა მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკის წინააღმდეგ (Gerovska Popčevska v. the former Yugoslav Republic of Macedonia), № 48783/07, § 38, 7 იანვარი, 2016; და ტატო მარინიო დოს სანტოს კოსტა ალვეს დოს სანტოსი და ფიგუერედო (Tato Marinho dos Santos Costa Alves dos Santos and Figueiredo), ციტირებულია მაღლა, §§ 40-42).
28. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი ასპექტები აუცილებლად არ გულისხმობს ერთმანეთის ურთიერთგამორიცხვას (იხილეთ ალბერტ და ლე კომპეტი ბელგიის წინააღმდეგ (Albert and Le Compete v. Belgium), 10 თებერვალი, 1983, § 30, Series A № 58), სასამართლო, მის მიერ თანამდებობიდან მოსამართლეთა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გაკეთებული დასკვნების საფუძველზე, ადგენს, რომ მოცემულ საქმეში დისციპლინური სამართალწარმოებები არ განაპირობებს განსახილველი ნორმების სისხლისსამართლებრივი შინაარსის მოქმედების გავრცელებას (იხილეთ ოლეკსანდრ ვოლკოვი (Oleksandr Volkov), ციტირებულია მაღლა, §§ 92-95).
29. რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტს - შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით (ზემოთ იხილეთ პარაგრაფი 21), სასამართლო კვლავ აღნიშნავს, მან უკვე დაადგინა, რომ საქართველოში ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელი სამართლებრივი დაცვის არაეფექტური საშუალებაა კონვენციის 35-ე მუხლის მიზნებისთვის, ძირითადად იმ საფუძვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, გააუქმოს მომჩივნის უფლებებზე პირდაპირი გავლენის მქონე საჯარო უწყებების ან სასამართლოების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები (იხილეთ აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (Apostol v. Georgia), № 40765/02, §§ 35-46, ECHR 2006-XIV; მუმლაძე საქართველოს წინააღმდეგ (Mumladze v. Georgia), № 30097/03, § 37, 8 იანვარი, 2008; და ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ (Khoniakina v. Georgia), № 17767/08, § 59, 19 ივნისი, 2012).
30. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მიუღებლობის შესახებ მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტებს და ასკვნის, რომ მომჩივნის საჩივარი - დისციპლინური საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არც აშკარად უსაფუძვლოა კონვენციის 35-ე მუხლის 3.a ქვეპუნქტის ფარგლებში და არც რაიმე სხვა საფუძვლით არის მიუღებელი. შესაბამისად, იგი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
31. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ეროვნული კანონმდებლობა საკმარის გარანტიებს ადგენდა სადისციპლინო საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით. კანონიერი იყო საბჭოს ოთხი წევრის უფლებამოსილება ჯერ მონაწილეობა მიეღო კოლეგიის, ხოლო შემდეგ საბჭოს სრული შემადგენლობით განხილვაში. სადისციპლინო საბჭოს პლენარული სხდომა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ჩვეულებრივი სააპელაციო ინსტანცია. სადისციპლინო საბჭოს წევრთა ორი განსხვავებული ორგანოს შემადგენლობაში დამთხვევა გარდაუვალი იყო მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, თუმცა ამ ფაქტს არ შეეძლო ჩრდილი მიეყენებია კოლეგიური ორგანოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებების ვალიდურობისთვის. ამასთან, არაფერი მიუთითებდა ერთსა და იმავე საქმისწარმოების ფარგლებში მომჩივნის საქმის ორი ინსტანციით განმხილველი სადისციპლინო საბჭოს დასახელებული ოთხი წევრის პირადი მიკერძოების შესახებ. თავად ის ფაქტი, რომ იმავე ოთხმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა ორ სხვადასხვა ინსტანციაში საქმის განხილვაში ვერ ადასტურებს, რომ ისინი მიკერძოებული იყვნენ.
32. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი საქმე არ განუხილია „დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს“. კერძოდ კი, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა სადისციპლინო საბჭო სრული შემადგენლობით საქმის განხილვისას. ის ამტკიცებდა, რომ ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის ოთხმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ, მისი საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილეს, მათ არ შეეძლოთ გასაჩივრების ეტაპზე საკითხების ადეკვატური ხელახალი მოსმენის უზრუნველყოფა.
2. სასამართლოს შეფასება
33. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მოითხოვს, რომ მის ფარგლებში მოქცეული სასამართლო იყოს მიუკერძოებელი. მიუკერძოებლობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს წინასწარი აზრის ან მიკერძოების არარსებობას და მისი არსებობა შესაძლებელია სხვადასხვა გზით შემოწმდეს. შესაბამისად, სასამართლო განასხვავებს სუბიექტურ მიდგომას, რომელიც გულისხმობს მოცემულ საქმეში მოცემული მოსამართლის შინაგანი რწმენის დადგენის მცდელობას და ობიექტური მიდგომას, რომელიც გულისხმობს იმის განსაზღვრას, მან საკმარისი გარანტიები უზრუნველყო თუ არა ამ კუთხით რაიმე სახის ლეგიტიმური ეჭვის გამოსარიცხად (იხილეთ სხვა მრავალ ორგანოებს შორის, პიერსაკი ბელგიის წინააღმდეგ (Piersack v. Belgium), 1 ოქტომბერი, 1982, §30, Series A № 53). ამ უკანასკნელი მიდგომის თანახმად, გადამწყვეტია, ობიექტურად დასაბუთებადია თუ არა შიში იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მოსამართლე მიუკერძოებლობას მოკლებულია, მიუხედავად მისი რეალური პირადი თვალსაზრისისა (იხილეთ ვეტშტეინი შვეიცარიის წინააღმდეგ (Wettstein v. Switzerland), № 33958/96, §44, ECHR 2000‑XII). მართლაც, ხშირად შესაძლებელია რთული იყოს ისეთი მტკიცებულების მოპოვება, რომელიც გააბათილებს მოსამართლის პიროვნული მიუკერძოებლობის პრეზუმფციას, თუმცა, ამ კუთხით ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა უზრუნველყოფს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარანტიას (იხილეთ პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pullar v. the United Kingdom), 10 ივნისი, 1996, § 32, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1996-III). სხვა სიტყვებით, სასამართლომ აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის სირთულე სუბიექტური მიკერძოების საფუძველზე და ამ მიზეზით, უმრავლეს შემთხვევაში წამოწია მიუკერძოებლობის საკითხები ობიექტურ ტესტზე დაყრდნობით. თუმცა, ამ ორ ცნებას შორის არ არსებობს წყალგაუვალი დაყოფა, რადგან მოსამართლის ქცევამ, შესაძლოა, არა მარტო ხელი შეუწყოს გარე დამკვირვებლის თვალისთვის ობიექტურად დადგენილი ეჭვის წარმოშობას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (ობიექტური ტესტი), არამედ, შესაძლოა, შეეხოს მის შინაგან რწმენას (სუბიექტური ტესტი) (იხილეთ კიპრიანუ კვიპროსის წინააღმდეგ (Kyprianou v. Cyprus [დიდი პალატა], № 73797/01, § 119, ECHR 2005‑XIII; და ოლუჟიჩი (Olujić), ციტირებულია მაღლა, § 58).
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს ოთხი წევრი პირველად შეიკრიბა კოლეგიის სახით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველი სასამართლო ორგანოს უფლებამოსილებით, მომჩივნის მიმართ არსებული დისციპლინური ბრალდების დასაბუთების ხარისხის შესასწავლად. კოლეგიამ ჩაატარა სხდომა, გამოიკვლია ყველა მტკიცებულება და შემდეგ გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება 2004 წლის 23 დეკემბერს. კერძოდ, დაადგინა მომჩივნის დისციპლინური პასუხისმგებლობა და დააკისრა დისციპლინური სახდელი - თანამდებობიდან გათავისუფლება (ზემოთ იხილეთ პარაგრაფი 8). სასამართლოს გადაწყვეტილება მოიცავდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების განმარტებასა და გამოყენებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
35. მოგვიანებით, იმავე ოთხმა მოსამართლემ, რომელიც სადისციპლინო საბჭოს რვა მოსამართლისგან შემდგარი პლენარული სხდომის მონაწილე იყო, სააპელაციო გადასინჯვის წესით განიხილა 2004 წლის 23 დეკემბრის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივნის მიერ შესაბამისი კანონის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხები. სხვა სიტყვებით, სააპელაციო ინსტანციის დონეზე, იგივე ოთხი მოსამართლე იქნა მოწვეული, რათა ხელახლა სრულად განეხილათ საკუთარი გადაწყვეტილება იმავე საქმეზე, გადაესინჯათ, ხომ არ დაუშვეს რაიმე შეცდომა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების ან სამართლებრივი განმარტების დროს (შეადარეთ „სან ლეონარდ ბანდ კლუბი მალტას წინააღმდეგ“ (San Leonard Band Club v. Malta), № 77562/01, §§ 61‑66, ECHR 2004‑IX; ინდრა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Indra v. Slovakia), № 46845/99, §§ 51-55, 1 თებერვალი, 2005; და HIT d.d. Nova Gorica სლოვენიის წინააღმდეგ (HIT d.d. Nova Gorica v. Slovenia), № 50996/08, §§ 37-42, 5 ივნისი, 2014; შეუპირისპირეთ „ვარსიცკა პოლონეთის წინააღმდეგ“ (Warsicka v. Poland), № 2065/03, §§ 43-47, 16 იანვარი, 2007, და „ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის განვითარების შეზღუდული კორპორაცია“ მალტას წინააღმდეგ (Central Mediterranean Development Corporation Limited v. Malta) (№ 2), № 18544/08, §§ 35-38, 22 ნოემბერი, 2011). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ რვა წევრისგან შემდგარი სადისციპლინო პლენარული საბჭო იმ დროს იღებდა გადაწყვეტილებებს სააპელაციო დონეზე უბრალო უმრავლესობით და მათ თავმჯდომარეს ჰქონდა გადამწყვეტი ხმის უფლება ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში (იხილეთ, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ მუხლი 68.1, ზემოთ აღნიშნულია მე-17 პარაგრაფში). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნახევარი კოლეგია, მათ შორის თავმჯდომარე, მანამდე იყო ჩართული საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის წესით (იხილეთ mutatis mutandis, პეროტე პელონი ესპანეთის წინააღმდეგ (Perote Pellon v. Spain), № 45238/99, §§ 50-52, 25 ივლისი, 2002; კარდონა სერატი ესპანეთის წინააღმდეგ (Cardona Serrat v. Spain), № 38715/06, §§ 37 და 38, 26 ოქტომბერი, 2010; და ფაზლი ასლანერი თურქეთის წინააღმდეგ (Fazlı Aslaner v. Turkey), № 36073/04, §§ 37-39, 4 მარტი, 2014). იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქმის გადასინჯვა ცალსახად შეზღუდული იყო სამართლებრივი საფუძვლებით (ზემოთ იხილეთ მე-12 და მე-18 მუხლები), [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ საკასაციო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება, ეფექტურად გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი (შეადარეთ mutatis mutandis, ოლეკსანდრ ვოლკოვი (Oleksandr Volkov), ციტირებულია მაღლა, §§ 126-128, და შეუპირისპირეთ A. Menarini Diagnostics S.r.l. იტალიის წინააღმდეგ (A. Menarini Diagnostics S.r.l. v. Italy), № 43509/08, §64, 27 სექტემბერი, 2011). [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე გარემოებები საკმარისია იმის დასადგენად, რომ მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის არარსებობასთან დაკავშირებით ობიექტურად დასაბუთებული იყო.
36. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი.
II. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
37. კონვენციის 6.1 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი ასევე ჩიოდა, ერთი მხრივ, რომ მას არ გააჩნდა ხელმისაწვდომობა სასამართლოზე და რომ მეორე მხრივ, დისციპლინური სამართალწარმოება დაეფუძნა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და სადისციპლინო საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონის არასათანადო შეფარდებას.
38. რაც შეეხება სასამართლოზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შესახებ საჩივარს, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ის აშკარად უსაფუძვლო იყო, ვინაიდან “დისიპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის” 74-ე მუხლში 2005 წლის 25 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შედეგად (იხილეთ მაღლა მე-18 პარაგრაფი), მომჩივნისთვის შესაძლებელი გახდა საჩივრით მიემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებით (იხილეთ მაღლა მე-11 პარაგრაფი).
39. მომჩივანი არ დაეთანხმა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ზემოთ აღწერილ დასაბუთებას, კვლავ აცხადებდა რა, რომ მას არ უსარგებლია მის წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სათანადო სასამართლო გადასინჯვით.
40. სადავო დისციპლინურ საქმისწარმოებაზე კონვენციის 6.1 მუხლის მოქმედების გავრცელებასთან მიმართებით მისივე მიგნებებზე დაყრდნობით სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი სასამართლო სისტემის გარეთ მდგომი ორგანოა, აშკარად წარმოადგენს “ტრიბუნალს” კონვენციის 6.1 მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ მაღლა 26-ე და 27-ე მუხლები).
41. რაც შეეხება მომჩივანის საჩივარს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ის ვერ შეასრულებს მეოთხე ინსტანციის ფუნქციას და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების მიერ ფაქტებისა და სამართლებრივი საფუძვლების დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიგნებები შეიძლება მიჩნეულ იქნეს თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებლად (იხილეთ მაგალითად, ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (Bochan v. Ukraine) (№ 2) [დიდი პალატა], № 22251/08, § 61, 5 თებერვალი, 2015). წინამდებარე საქმეზე სასამართლო ვერ ხედავს თვითნებობის რაიმე გამოვლინებას ეროვნული სასამართლოების დასკვნებში.
42. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაშვებული კონვენციის 35-ე მუხლი 3.a და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე.
III. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
43. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
44. მომჩივანი ითხოვდა 15 000 ლარს (დაახლოებით 6400 ევროს იმ დროისთვის) არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
45. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებით დიდი იყო.
46. სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რისი კომპენსირებაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით (იხილეთ მაგალითად, ტოზიცკა პოლონეთის წინააღმდეგ (Toziczka v. Poland), № 29995/08, § 56, 24 ივლისი, 2012, და ფაზლი ასლანერი (Fazlı Aslaner), ციტირება მაღლა, § 62). სამართლიანობის საფუძველზე დაყრდნობითა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 3 500 ევროს ამ მოთხოვნასთან მიმართებით.
B. ხარჯები და დანახარჯები
47. მომჩივანმა მოითხოვა 7 900 ლარი (იმ დროისთვის დაახლოებით 3 380 ევრო) სასამართლოს წინაშე მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნის გასამყარებლად მან წარმოადგინა მის წარმომადგენელთან 2008 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ, თანდართული დეტალური ინვოისით, რომელშიც წარმოდგენილი იყო მომსახურების ანაზღაურება დეტალურად, საათებისა და საფასურის მითითებით, ორმოცდასამი საათი და ორმოცი წუთი, ტარიფით 180 ლარი (დაახლოებით 77 ევრო). დეტალურ ჩამონათვალში ასევე მითითებული იყო თითოეული სამართლებრივი მომსახურების გაწევის თარიღი და შინაარსი.
48. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნები მეტწილად მიუღებელი და გადამეტებული იყო.
49. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, იყო თუ არა იგი რეალური და აუცილებელი, ასევე, იყო თუ არა მათი ოდენობა გონივრული. წინამდებარე საქმეზე გაითვალისწინა რა მის წინაშე წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოთ მითითებული კრიტერიუმი, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მის წინაშე სამართალწარმოებისთვის ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით 3 380 ევროს მიკუთვნებას.
C. საურავი
50. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის არარსებობასთან დაკავშირებით მისაღებად ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს, მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია გადაწყვეტილების კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში მომჩივანს გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, შეთანხმების მომენტისთვის არსებული კურსით:
(i) 3 500 ევრო (სამი ათას ხუთასი) და ყველა ის შესაძლო გადასახადი, რაც შეიძლება აღნიშნულ თანხას დაერიცხოს, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(ii) 3 380 ევრო (სამი ათას სამას ოთხმოცი ევრო) და ნებისმიერი გადასახადი, რაც მომჩივანს შეიძლება დაეკისროს ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
4. არ დაკმაყოფილდეს მომჩივნის დარჩენილი მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გადაცემულია 2017 წლის 28 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე.
ანდრეა ტამიეტიგანნა იუდკივსკა
განმწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy