ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა და ასევე მისი ახალი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით: დარღვევა
საქმე „სუტიაგინი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF SUTYAGIN v. RUSSIA
განაცხადი №30024/02
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2011 წლის 3 მაისი
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და კანონიერების ნაწილში
158. განმცხადებელი ჩიოდა, რომ სასამართლო „არ იყო კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილებების, კეროდ კი, მისი საქმის მოსამართლე შ-სგან მოსამართლე კ-სთვის გადაცემის და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანდიდატების შერჩევა ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობაში განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა გამოუქვეყნებელი სიიდან მისი კანონიერების დადასტურების სავარაუდო ხელის შეშლით და ი-ს სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულის რანგში მონაწილეობით.
განმცხადებელმა მიუთითა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
„...სისხლისსამართლებრივი ბრალის წაყენებისას ნებისმიერ ადამიანს აქვს სამართლიანი... სასამართლო განხილვის უფლება... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.“
ნაფიც მსაჯულებთა შერჩევა და ბატონი ი.
(ა) ხელისუფლება
166. იმ ფაქტს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის სია არ გამოქვეყნებულა განმცხადებლის სასამართლო პროცესის გამართვამდე, მთავრობის აზრით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში გავლენა არ მოუხდენია მის კანონიერებაზე და შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა უფლებამოსილებაზე, რომლებიც შერჩეულ იქნენ განმცხადებლის საქმის განსახილველად. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის კანონიერებას ეჭვი არ გამოუწვევია. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა სასამართლოს მოხელეების კეთილსინდისიერებასთან და მისი სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით.
167. დაცვის მხარეს საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში, შეეძლო დაესვა კითხვები კანდიდატებისთვის და ასევე, შეეძლო დაეყენებინა ნებისმიერი მათგანის მოტივირებული ან არამოტივირებული აცილების საკითხი.
168. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით, განმცხადებელს შეეძლო დაეყენებინა მთელი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის აცილების საკითხი, თუ იგი თვლიდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ვერდიქტის გამოტანა. განმცხადებელმა აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენა.
169. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ კანონი არ უკრძალავს პირს ირიცხებოდეს ამა თუ იმ სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სიაში.
170. უზენაესი სასამართლოს პლენუმის №23 დადგენილების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მიერ ინფორმაციის დაფარვა, რის შედეგადაც ისინი შეიყვანეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში, წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, თუ აღნიშნული ინფორმაცია გავლენას მოახდენდა საქმის შედეგებზე და მხარეებს წაართმევდა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების აცილების უფლებას.
171. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ი. იმავდროულად წარმოადგენდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს და მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს ნაფიც მსაჯულს, არ არსებობდა. ასევე არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მუშაობდა ფედერალური უშიშროების სამსახურში (FSB). მთავრობამ წარმოადგინა ცნობა რომელიც გაცემულია ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ; ამ ცნობის თანახმად, ბატონ ი. არ ყოფილა და არ არის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.
(ბ) განმცხადებელი
172. განმცხადებელმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სია უნდა გამოქვეყნებულიყო 2003 წლის 30 ნოემბრამდე 2 კვირით ადრე. მან აღნიშნა, რომ სიის გამოქვეყნების მოთხოვნა მიზნად ისახავდა მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ წარმომადგენლების ნაფიც მსაჯულთა სიიდან ამოღება ან ნაფიც მსაჯულთა სიებში შეტანა, იგი ასევე მიზნად ისახავდა სამართალწარმოების მხარეებისთვის ოფიციალურ სიაზე ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებლობას მისცემდა მათ შეემოწმებინათ კონკრეტული პირი ნამდვილად შედიოდა თუ არა აღნიშნულ სიაში. ამგვარი უფლების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო ნაფიც მსაჯულთა სიას გამოაქვეყნებდა კონკრეტული საქმის განხილვის დაწყებამდე. განმცხადებლის მტკიცებით, ერთი და იგივე პირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ორ ნაფიც მსაჯულთა სიაში - მოსკოვის საქალაქო სასამართლოს და მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სიებში, რადგან აღნიშნული სიები უნდა ყოფილიყო ცალ-ცალკე და მოქალაქეების გამოძახება ნაფიც მსაჯულებად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ. მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სია, რომელშიც შედიოდა ბატონი ი., გამოქვეყნდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სიის გამოქვეყნებამდე, სადაც ასევე შედიოდა ბატონი ი. და შესაბამისად, უფრო სარწმუნო იყო. განმცხადებლის აზრით, აქედან გამომდინარე, ბატონ ი-ს უფლება არ ჰქონდა ნაფიც მსაჯულად გამოსულიყო მის საქმეზე.
173. განმცხადებელი ასევე გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაა დადგენილი, ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და დაცვის მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ შეამოწმოს მისი სასამართლო პროცესის ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების სახელები არის თუ არა შერჩეული შემთხვევითობის პრინციპით, როგორც ამას კანონი მოითხოვს და ხელი შეუშალოს მის სასამართლო პროცესში სახელმწიფოს მიერ იმ პირების ჩართვის მცდელობას, რომლებიც მათთვის უფრო ხელსაყრელად მიიჩნეოდა ხელისუფლების მიერ.
174. განმცხადებელმა განაცხადა, რომ ბატონმა ი-მ დამალა მისი კავშირი უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს. განმცხადებელმა მიუთითა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის მოწმეთა დაკითხვის ოფიციალურ საოქმო ჩანაწერებზე, რომელიც უძრავი ქონების უკანონო რეგისტრაციის ბრალდებებთან იყო დაკავშირებული, მოწმეები მანამდე გამომძიებლის მიერ იყვნენ გაფრთხილებულები მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო; აღნიშნული უძრავი ქონება ეკუთვნოდა კომპანიას, რომლის გენერალური დირექტორიც იყო ვინმე ი. აღნიშნული საოქმო ჩანაწერების თანახმად, ბატონმა გ-მ დაკითხვისას, რომელიც ჩატარდა მოსკოვის პოლიციის გამომძიებლის, ბატონ ჟ-ს მიერ 2004 წლის 19 თებერვალს, განაცხადა, რომ მას პირადი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბატონ ი-სთან და რომ ბატონი ი. მსახურობდა უშიშროების ფედერალურ სამსახურში. ბატონ გ-ს სიტყვების თანახმად, ბატონი ი. დარწმუნებული იყო, რომ იმსახურებდა თანამდებობრივ დაწინაურებას უშიშროების ფედერალურ სამსახურში და მისი უფროსები მას ჯეროვნად ვერ აფასებდნენ. კიდევ ერთი მოწმის, ბატონი კ-ს სიტყვების თანახმად, რომელიც გახლავთ პოლიციის ოფიცერი და რომელმაც დაკითხა ბატონი ი. 2000 წელს, ბატონმა ი-მ განაცხადა, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცერი იყო და მას „კავშირები“ ჰქონდა. განმცხადებელმა ასევე მიუთითა წიგნზე, რომელიც 1996 წელს დაიბეჭდა პოლონეთში. ამ წიგნის თანახმად, ბატონი ი. მსახურობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურში დიპლომატიური მისიის საფარქვეშ და მას პოლონეთში ბრალი წაუყენეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, იოზეფ ოლეკსის გადაბირებაში. იგი სავარაუდოდ იკავებდა პირველი მდივნის და შემდეგ პრესმდივნის თანამდებობებს პოლონეთში რუსეთის საელჩოში, 1984 წელს დაამთავრა სადაზვერვო სამსახურის სკოლა და მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ გდანსკის ოფისში, იგი იყო რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის პოდპოლკოვნიკი.
175. განმცხადებლის თქმით, ბატონი ი-ს მიერ პოლონური ენის ცოდნა, როგორც მან სასამართლოში განაცხადა, ირიბად ადასტურებდა წიგნში მოცემულ ინფორმაციას. ფედერალური უშიშროების სამსახურმა გამოიძია განმცხადებლის საქმე და საგარეო სადაზვერვო სამსახურის და მთავარი საგამოძიებო სამმართველოს შეიარაღებული ძალები ჩაერთვნენ სასამართლო განხილვაში. შესაბამისად, თუ ვინმეს დაზვერვის სამსახურთან რაიმე სახის კავშირი ექნებოდა, დაცვა გაიწვევდა მათ, ისევე როგორც ეს მოხდა ნაფიცი მსაჯულობის ოთხი კანდიდატის შემთხვევაში, რომლებმაც განაცხადეს, რომ წარსულში მსახურობდნენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში და მათ შუამდგომლობაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა. ბატონ ი-ს რომ ეღიარებინა თავისი კავშირის შესახებ უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, მის შუამდგომლობაზეც უარს განაცხადებდნენ.
176. განმცხადებელმა განაცხადა, რომ ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ცვლილება მის საქმეში უკანონო იყო. მან განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმის ორ საფუძველს. პირველი, როდესაც აცილებული ნაფიცი მსაჯულების რიცხვი აჭარბებს სათადარიგო ნაფიცი მსაჯულების რიცხვს და მეორე თუ ამას ითხოვს მხარე როდესაც ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობას არ შესწევს უნარი გამოიტანოს ობიექტური ვერდიქტი საქმეში. ამ ორთაგან, აღნიშნულ საქმეში არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. მას ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების აცილებასთან დაკავშირებით არ მიუღია, რამაც დაცვის მხარეს არ მისცა აღნიშნულის გასაჩივრების შესაძლებლობა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. განმცხადებელი ასევე აცხადებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა თავდაპირველი შემადგენლობა, რომელიც 2003 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა, აცილებულ იქნა, რადგან მათი დამოკიდებულება, რომლის შესახებაც ხელისუფლებისთვის როგორღაც ცნობილი გახდა არ პასუხობდა ამ უკანასკნელის მოლოდინს. იგი შეეხო გამოძიებას, რომელიც ჩაატარა ჟურნალისტმა ზ. სვეტოვამ, რომელიც შეხვდა ნაფიცი მსაჯულების თავდაპირველ შემადგენლობას და ინტერვიუ ჩამოართვა მათ. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა თავდაპირველი შემადგენლობის აცილება რომ არ მომხდარიყო, განმცხადებელი გამართლდებოდა.
177. ხელისუფლების განცხადების პასუხად, რომელიც შეეხებოდა განმცხადებლის მიერ ნაფიც მსაჯულთა საბოლოო შემადგენლობის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, განმცხადებელი ირწმუნება, რომ „ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევისას დაცვის მხარემ იხელმძღვანელა ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების ნდობის პრინციპით“.
სასამართლოს შეფასება
1. მოსამართლე შ-ს მოსამართლე კ-თი ჩანაცვლება
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო
178. სასამართლო თავდაპირველად განიხილავს განმცხადებლის საჩივარს იმის შესახებ, რომ მოსამართლე შ-ს შეცვლა მოსამართლე კ.-ით წარმოადგენდა შეუსაბამობას სასამართლოს „დამოუკიდებლობისა“ და „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნებთან.
179. სასამართლო შეგვახსენებს, რომ იმის დასადგენად შეიძლება თუ არა სასამართლო ჩაითვალოს „დამოუკიდებლად“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სხვა დანარჩენთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი წევრების დანიშვნის მეთოდები და მათი უფლებამოსილების ვადა, გარე წნეხის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების არსებობა და საკითხი თუ რამდენად დამოუკიდებელი ჩანს სასამართლო.
180. „მიუკერძოებლობის“ არსებობა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის უნდა განისაზღვროს სუბიექტურ შეფასებაზე დაყრდნობით, ანუ კონკრეტული მოსამართლის სუბიექტურ მოსაზრებაზე დაყრდნობით მოცემულ საქმეში და ასევე ობიექტურ შეფასებაზე დაყრდნობით, ანუ იმის დადგენის საფუძველზე, მოსამართლემ საკმარისი გარანტიები შესთავაზა თუ არა იმისათვის, რომ გამორიცხულიყო ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი აღნიშნულთან მიმართებაში.
181. სუბიექტური შეფასების ნაწილში, რომელიც შეეხებოდა მოსამართლე შ-ს მოსამართლე კ-თი ჩანაცვლებას განმცხადებელი ვარაუდობს, რომ იგი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსამართლე მიუკერძოებლად ითვლება მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება და წინამდებარე საქმეში ამგვარი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, რჩება მხოლოდ ობიექტური შეფასების გამოყენების შესაძლებლობა.
182. მოსამართლეთა პიროვნული ქცევისაგან სრულიად დამოუკიდებლად, ობიექტური შეფასებით, უნდა გაირკვეს არსებობს თუ არა სარწმუნო ფაქტები, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მათი მიუკერძოებლობა. ასეთ შემთხვევაში, გარეგნულმა გამოვლინებებმაც შეიძლება იქონიოს გარკვეული მნიშვნელობა. საფრთხის ქვეშაა ნდობა, რომელსაც უნდა შთააგონებდნენ მოსამართლეები დემოკრატიულ საზოგადოებას და პირველ რიგში, ბრალდებულებს, რამდენადაც საუბარია სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ იმის დადგენისას არსებობს თუ არა კანონიერი მიზეზი შიშისა, რომ რომელიმე კონკრეტული ბრალდებული მიკერძოებულია, ბრალდებულის მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, შესაძლებელია თუ არა ეს საშიშროება ობიექტურად იქნეს დასაბუთებული.
183. რადგანაც დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის ობიექტური ასპექტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ისინი ერთ ჭრილში განიხილება.
184. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2003 წლის სექტემბერში განმცხადებელის საქმე განსახილველად გადაეცა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შ-ს, რომელმაც მყისიერად დაიწყო სამართალწარმოება, შეადგინა ნაფიც მსაჯულთა სია და საქმის განხილვა დაიწყო 2003 წლის 3 ნოემბერს. 2003 წლის 26 ნოემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნული საქმე გადასცა მოსამართლე კ-ს, რომელმაც ხელახლა დაიწყო სამართალწარმოება 2004 წლის თებერვალში, შეარჩია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა და 2004 წლის მარტში დაიწყო ახალი სასამართლო პროცესი. დაცვის მხარემ რამდენჯერმე წარუმატებლად გააკეთა განცხადება მოსამართლე კ-ს აცილებაზე. მათ ვერ გამოიყენეს ნაფიცი მსაჯულის აცილების უფლება. საჩივარი მოსამართლე შ-ს შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ სააპელაციო განაცხადის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. უზენაესმა სასამართლომ, სხვა დანარჩენთან ერთად, შემდგომი განხილვის გარეშე მიუთითა, რომ სასამართლოს უცვლელობის პრინციპი, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, დაცული იყო და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
185. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ მიუღია ახსნა-განმარტება, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, რაც შეეხება მოსამართლე შ-ს მოსამართლე კ-თი შეცვლის საფუძველს და მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით საპროცესო გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. კანონი არ ითვალისწინებდა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, როგორც ამას ადასტურებს ხელისუფლება თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში. განმცხადებლის საქმეზე სამართალწარმოებამ იხელმძღვანელა ახალი, 2001 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
186. მოსამართლეთა კოლეგიის წევრების არაერთხელ შეცვლამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე და ორი მოსამართლე, რომელიც განხორციელდა გაურკვეველი მიზეზებით და არ იყო უზრუნველყოფილი პროცესუალური გარანტიები, აიძულა სასამართლო ეღიარებინა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარანტიები დაირღვა რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ წინა სასამართლო საქმეზე.
187. სასამართლო შეგვახსენებს, რომ ეროვნული სასამართლოს ვალია სამართალწარმოება წარმართოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება. საქმის განხილვის გადაცემა რომელიმე კონკრეტული მოსამართლისთვის ან სასამართლოსთვის განეკუთვნება დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლითაც სარგებლობს ადგილობრივი ხელისუფლება ამგვარ საკითხებზე. არსებობს ფაქტორების ფართო სპექტრი, როგორიცაა მაგალითად ხელმისაწვდომი რესურსები, მოსამართლეთა კვალიფიციურობა, ინტერესთა კონფლიქტი, სასამართლო სხდომის ადგილის ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის და ა.შ. რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქმის გადაცემის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მოვალეობაში არ შედის იმის შეფასება, თუ რამდენად გამართლებული საფუძველი არსებობს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ამა თუ იმ მოსამართლეს ან სასამართლოს დაავალოს (ხელახლა დაავალოს) საქმის განხილვა, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქმის განხილვის ამგვარი გადაცემა (ხელახლა გადაცემა) შეესაბამებოდეს მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, კერძოდ კი, მის მოთხოვნებს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებაში.
188. მოსამართლეთა სტატუსის შესახებ აქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარე ანაწილებს მოვალეობებს მოსამართლეთა შორის ფედერალური კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. როგორც საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკა გვიჩვენებს, სასამართლოში წარდგენილი საქმეები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მისი შეხედულებისამებრ.
189. მას შემდეგ, რაც საქმე განსახილველად იქნა გადაცემული და სამართალწარმოება დაიწყო, კანონმდებლობის მოთხოვნაა საქმე განსახილველად დარჩეს სასამართლოს იმავე შემადგენლობასთან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული პრინციპი, რომელიც ცნობილია, როგორც სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის წესი, 2001 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაა გათვალისწინებული. იგი ითვალისწინებს მოსამართლის ჩანაცვლების შესაძლებლობას სხვა მოსამართლით, იმ შემთხვევაში, თუ მას აღარ შეუძლია მონაწილეობის მიღება სასამართლო სხდომაში. არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და არც სხვა რომელიმე კანონი არ ითვალისწინებს გარემოებებს, რომელშიც ამგვარი ჩანაცვლება განხორციელდება, ასევე არ ითვალისწინებს წესებს, რის მიხედვითაც განხორციელდება ჩანაცვლება. კერძოდ, არ არსებობს მოთხოვნა, რომ სასამართლომ გამოიტანოს პროცესუალური გადაწყვეტილება ჩანაცვლების საფუძვლების და მიზეზების მითითებით, რომელიც გასაჩივრებას დაექვემდებარება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
190. სავარაუდოა, რომ კანონმდებლობა ამგვარ სიტუაციებში შესაძლოა ითვალისწინებდეს მოსამართლის თვითაცილებას, მხარის მიერ მოსამართლის აცილებას ან გარეშე მოვლენებს, რომლებიც ხელს შეუშლიდა პირს დასწრებოდა სასამართლო განხილვას, მაგალითად მისი მოსამართლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, განმცხადებლის სასამართლო პროცესზე ასეთ ვითარებას ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლება სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ სხდომის თავმჯდომარის ჩანაცვლების მიზეზს წარმოადგენდა მოსამართლე შ-ს მიერ სხვა რთული საქმეების სისხლის სამართლის საქმის წარმოება და მისი ყოველწლიური შვებულება, რომელიც დაგეგმილი იყო 2003 წლის 15 დეკემბრიდან 2004 წლის 14 იანვრამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და ყოველწლიური შვებულება, რომლის შესახებაც განაცხადა ხელისუფლებამ, შესაძლოა თან ახლდეს ნებისმიერი მოსამართლის პროფესიულ რეალობას და დამაჯერებლად ვერ ახსნის ინ ფაქტს, რომ მოსამართლე შ. „ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას“ სამართალწარმოებაში. თუ საქმის გადაცემის უკან იმალებოდა განზრახვა, თავიდან აეცილებინათ საქმის განხილვის შეფერხება ისეთი კონტრარგუმენტებით, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა და სასამართლო განხილვის ნულიდან დაწყება, აღნიშნულიც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული. გარდა ამისა, სხდომის ახალი თავმჯდომარე ვერ დაიწყებდა სასამართლო განხილვას 2004 წლის მარტამდე, ანუ მისთვის საქმის გადაცემიდან 3.5 თვის შემდეგ. როგორც ჩანს, რადგანაც მოხდა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ფორმირება და დაიწყო სასამართლო განხილვა, ხელისუფლების მიერ მოყვანილი საფუძველი მოცემულ ვითარებაში ვერ იქნება დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, რომ მთლიანი სასამართლოს შემადგენლობის შეცვლა აუცილებლობას წარმოადგენდა და სასამართლო პროცესის ხელმეორედ დაწყება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მართლმსაჯულების ინტერესები - სასამართლოს თავდაპირველი შემადგენლობის მიერ საქმის უწყვეტი განხილვა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა იმ გარემოებების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა მოსამართლის შეცვლას. აღნიშნულის შესახებ, დაცვის მხარეს უნდა სცოდნოდა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების ფარგლებში. თუმცა, არც ერთი საპროცესო გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი, რომელშიც მითითებული იქნებოდა მოსამართლის შეცვლის საფუძვლები და მიზეზები ასევე, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, დაცვის მხარე არ იყო ინფორმირებული სასამართლო პროცესის დამთავრებამდე. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა აეცილებინა მოსამართლის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება.
191. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ანალოგიურ ვითარებაში სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ხარვეზები, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სამართალწარმოებაში არ გამოსწორდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც საბრალდებო განაჩენი და სასჯელი ძალაში დატოვა. მიმდინარე საქმეში უზენაესმა სასამართლომ ხარვეზები არ გამოასწორა.
192. ზემოთქმულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ეჭვი პირველი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მის სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურად საფუძვლიანად სხდომის თავმჯდომარის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გაურკვეველი მიზეზების გამო და არ იყო შეზღუდული რაიმე პროცედურული გარანტიებით.
193. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას პირველი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ობიექტური შეფასების თანახმად.
2. დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები
194. აღნიშნული დასკვნა არ საჭიროებს განმცხადებლის სხვა მოსაზრებების ცალკეულ განხილვას მოსკოვის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებლობას არ წარმოადგენს განმცხადებლის ბრალდებების ცალ-ცალკე განხილვას ერთსა და იმავე ფაქტებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო „ შექმნილი კანონის შესაბამისად“, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამართლებრივ კონტექსტს მიეკუთვნება, იგი არსებითად ემთხვევა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ საჩივარს.
Full & Egal Universal Law Academy