Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ
(Svanidze v. Georgia)
(საჩივარი N 37809/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2019 წლის 25 ივლისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
პროცედურა
საქმის საფუძველი იყო საქართველოს მოქალაქის, ქ-ნი თინა სვანიძის (,,მომჩივანი’’) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (,,კონვენცია’’) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 1 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (N 37809/08).
მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ლ. ყანდაშვილი, თბილისში მომუშავე იურისტი. საქართველოს მთავრობას (შემდგომში - „მთავრობა“) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბ-ნი ბ. ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროდან.
მომჩივანი ასაჩივრებდა მისი საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, უშუალობის პრინციპის დარღვევას და ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების არასათანადო დასაბუთებას.
2016 წლის 8 სექტემბერს მთავრობას ეცნობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფზე დაფუძნებული საჩივრების თაობაზე, ხოლო საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
ფაქტები
მომჩივანი იყო საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც მსჯავრი დაედო პაციენტისთვის (რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა) საპატიო მიზეზის გარეშე სასწრაფო სამედიცინო მკურნალობის გაუწევლობისთვის, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, მომჩივნის საქმე განსახილველად გადაეცა სათადარიგო მოსამართლეს. ამ უკანასკნელმა არ დააკმაყოფილა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნა საქმის განხილვის ხელახლა დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ საქმეში არსებული მასალები მისთვის საკმარისი იყო საქმის განხილვის გასაგრძელებლად. მომჩივნის მსჯავრდება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებათა ხელმეორედ პირდაპირი გამოკვლევის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ მისი საქმის განხილვაში სათადარიგო მოსამართლის ჩართვამ სამართალწარმოება უსამართლოდ აქცია; აგრეთვე, აღნიშნულმა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო იმ პირობებში, როდესაც არ დასწრებია და მონაწილეობა არ მიუღია ექსპერტისა და მოწმეთა დაკითხვაში. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან მისი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ანესთეზიოლოგის გარეშე ოპერაციის დაწყება არ შეეძლო, უპასუხოდ დარჩა. აპლიკანტი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფს, რომლის თანახმად:
,, ... წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში .. მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ....’’.
მისაღებობა
სასამართლოს შეფასება
აპლიკანტის საჩივართან მიმართებით იმის თაობაზე, რომ სათადარიგო მოსამართლედ პ.ს-ის დანიშვნა უკანონო იყო, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლში მოცემული პროცედურა, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, ზოგადი ხასიათის იყო. დანამდვილებით, როგორც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, სათადარიგო მოსამართლეს არ ეკისრებოდა ვალდებულება ხელახლა გამოეკვლია მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, არცერთი გარემოება არ მიუთითებს ,,ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევაზე’’, რაც საშუალებას მისცემდა ეჭვქვეშ დაეყენებინა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის განმარტება. უფრო მეტიც, მომჩივანს არასდროს უდავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ პ.ს-ის დანიშვნა ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. მსგავს გარემოებებში, სასამართლო არ იმყოფება იმ პოზიციაში, რათა დაასკვნას, რომ მოსამართლე პ.ს. მომჩივნის საქმის განხილვაში უკანონოდ იქნა ჩართული. გარდა ამისა, არსებობდა დასაბუთებული საფუძვლები, რათა საქმეზე სათადარიგო მოსამართლედ პ.ს. დანიშნულიყო (საქმის განხილველმა მოსამართლე გ.კ-მ წერილი მიწერა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა მომჩივნის საქმეზე მის სანაცვლოდ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად. 2006 წლის სექტემბერში მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვის სიაში. 2006 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლე პ.ს. დანიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ); მომჩივნისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ინფორმაცია და საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამო იყო. ამდენად, სასამართლო საჩივრის ამ ნაწილს, როგორც აშკარად უსაფუძვლოს, მიუღებლად აცხადებს.
რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს, რომელიც ეხება უშუალობის პრინციპის დარღვევას იმ საფუძვლით, რომ სათადარიგო მოსამართლემ მომჩივანს მსჯავრი დაადო მტკიცებულების გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის გარეშე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება პირის პირად ცხოვრებისთვის სერიოზული შედეგების მომტანია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივანს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ საჩივარს და აგრეთვე მომჩივნის საჩივარს, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების დასაბუთების ნაკლებობასთან დაკავშირებით, მისაღებად აცხადებს.
საქმის არსებითი მხარე
სასამართლოს შეფასება:
ზოგადი პრინციპები
სასამართლო აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. უშუალობის პრინციპი მნიშვნელოვანი გარანტიაა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოწმეთა სანდოობისა და ქცევების დაკვირვებამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე. უშუალობის პრინციპის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ესწრებოდნენ მთლიან სამართალწარმოებას და მტკიცებულებათა მოკვლევის პროცესს. თუმცა, ეს პრინციპი არ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ ის კრძალავს საქმის განხილვის პროცეში სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას შეიძლება წარმოიშვას ადმინისტრაციული ან პროცედურული ფაქტორები, რამაც შესაძლოა მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის გაგრძელება შეუძლებელი გახადოს. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ შესაძლებელია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მოსამართლეები, რომლებიც აგრძელებენ საქმის განხილვას, აღიქვამენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მხარეთა არგუმენტებს, მაგალითად, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასამართლო სხდომის ჩანაწერი ან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არგუმენტების ან მნიშვნელოვანი მოწმეების ხელახლა მოსმენა და გამოკითხვა სასამართლოს ახლად დანიშნული შემადგენლობის წინაშე. გარდა ამისა, ზედა ან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებმა, გარკვეულ გარემოებებში, შესაძლოა გამოასწორონ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე არსებული ხარვეზები.
ზოგადი პრინციპების წინამდებარე საქმეში გამოყენება
უშუალობის პრინციპის დარღვევა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს მოსამართლე გ.კ-ს ჩანაცვლება მოსამართლე პ.ს-ით და ამ უკანასკნელის მიერ მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევისთვის გვერდის ავლა, შეესაბამება თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლებას, უფრო კონკრეტულად კი უშუალობის პრინციპს. სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში არსებული სიტუაცია სპეციფიკური იყო, ვინაიდან მოსამართლე პ.ს-ს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა მტკიცებულებათა ზეპირ გამოკვლევაში, მას არ მოუსმენია ჩვიდმეტი მოწმიდან არცერთისთვის, რომელთა შორის იყო ორი ექსპერტი და აგრეთვე საქმეზე სხვა ბრალდებულები. სათადარიგო მოსამართლემ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ სხდომის ოქმის ჩანაწერების საფუძველზე.
სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების განმავლობაში მომჩივანი მუდმივად ასაჩივრებდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმ გარემოებებს, რომელშიც მოხდა გ.მ-სთვის მეორე ექოსკოპიის ჩატარება, აგრეთვე, გარემოებებს, რომლებიც უკავშირდებოდა ოპერაციის მომზადებასა და ანესთეზიოლოგიის ხელმისაწვდომობას. აღნიშნული ფაქტების დასადგენად, რომელსაც ცალსახად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის შედეგისათვის, მოსამართლე პ.ს. დაეყრდნო მოწმის ჩვენებების ჩანაწერებს და არა სხვა წერილობით მტკიცებულებებს. სინამდვილეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მოსამართლე პ.ს-ისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმისაწვდომი იყო ყველა ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა მოწმეთა მიერ ჩვენებების მიცემას. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა საქმის რთული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის ფაქტი, რომ საქმეს განიხილავდა ერთი მოსამართლე და განაცხადა, რომ მოსამართლეს პირდაპირ არ შეუფასებია მოწმეთა ჩვენებები და ქცევები, შესაბამისად მას არ ჰქონია შესაძლებლობა ჩამოყალიბებოდა საკუთარი აზრი მათი სანდოობის შესახებ; აგრეთვე, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა მისი შესაძლებლობა სათანადოდ შეეფასებინა მტკიცებულებები და არგუმენტები ისე, რომ დაცული ყოფილიყო მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მომჩივანმა სათადარიგო მოსამართლესთან დაკავშირებით ნათლად გამოხატა საკუთარი პოზიცია სააპელაციო საჩივარში. მიუხედავად ამისა, საჩივრის არსის განხილვის გარეშე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სათადარიგო მოსამართლეს არ ჰქონია ვალდებულება ხელახლა გამოეკვლია მტკიცებულებები. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა მთავრობის არგუმენტი, რომლის თანახმად მომჩივანს შეეძლო კონკრეტული მოწმეების ხელახლა დაკითხის მოთხოვნის დაყენება პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოს წინაშე, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე არსებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მომჩივნის საქმეზე სათადარიგო მოსამართლის მონაწილეობით საქმის განხილვის განახლებისთანავე, დაცვის მხარემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლზე დაყრდნობით მოითხოვა, მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევა. თუმცა, მოსამართლე პ.ს-მა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, მომჩივანმა მოითხოვა ორი დამატებითი მოწმის დაკითხვა, თუმცა ამ მოთხოვნასაც უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომაც იდენტური გადაწყვეტილება მიიღო და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ მოთხოვნაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა მოცემულ საკითხთან მიმართებით გადადგა ყველანაირი გონივრული და შესაძლო ნაბიჯი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სათადარიგო მოსამართლე დაინიშნა მომჩივნის საწინააღმდეგოდ საქმის შედეგის შეცვლის ან რაიმე სხვა უკანონო საფუძვლით. თუმცა, საქმეზე სხვა ბრალდებულების, მოწმეებისა და ექსპერტების ჩვებებები წარმოადგენდა მომჩივნის მსჯავრდების მთავარ მტკიცებულებას. არცერთი ჩამოთვლილი პირი მოსამართლე პ.ს-ს უშუალოდ არ დაუკითხია. მან ასევე უარი განაცხადა მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკითხულიყო ორი დამატებითი მოწმე. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის ფაქტობრივი გარემოებები კომპლექსური იყო და მოსამართლე საქმეს ერთპიროვნულად იხილავდა. აღნიშნულ გარემოებებში, მოწმეთა ჩვენებების ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ვერ აანაზღაურებდა უშუალობის ნაკლებობას. ამასთანავე, ზედა ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ უშუალოდ არ განუხილავთ არცერთი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნდათ ამის უფლებამოსილება. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე არსებული ხარვეზი გამოსწორდა ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან პირველი ინსტანციის მოსამართლემ, რომელმაც მომჩივანს მსჯავრი დაადო, უგულვებელყო უშუალობის პრინციპი და ამ დანაკლისის კომპენსაციისთვის არ გატარებულა შესაბამისი ზომები. ამდენად, წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი.
საკმარისი დასაბუთების ნაკლებობა
მომჩივანი აგრეთვე დავობდა, რომ მისი მსჯავრდება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან მისი არგუმენტი ოპერაციის დაწყებამდე ანესთეზიოლოგის არყოფნასთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი დარჩა. კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ამ საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 3,500 ევრო არამატერიალური ზიანისთვის; მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.