© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
სვინარენკო და სლიადნევი რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N 32541/08 და N 43441/08)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
17 ივლისი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის გადასინჯვას.
საქმეზე სვინარენკო და სლიადნევი რუსეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, თავმჯდომარე
იოსებ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიჯერი,
პიერ ლორენსენი,
ბოსტიან მ.ზუპანჩიჩი
დანუტე იოჩიენე,
იან სიკუტა,
გეორგი ნიკოლაუ,
ლუის ლოპეს გერა,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
ჰელენ კელერი,
ჰელენა იადერბლომი,
იოჰანეს სილვისი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები
და მაიკლ ო’ბოილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე
2013 წლის 18 სექტემბერს და 2014 წლის 11 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,
მითითებულთაგან ბოლო დღეს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველია ორი საჩივარი (№32541/08 და 43441/08) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2008 წლის 5 მაისს და 2008 წლის 2 ივლისს მიმართა რუსეთის ორმა მოქალაქემ: ბ-ნმა, ალექსანდრე სერგეის ძე სვინარენკომ და ბ–ნმა ვალენტინ ალექსანდრეს ძე სლიადნევმა („მომჩივნები“).
2. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სასამართლო დარბაზში მათი „მეტალის გალიაში“ მოთავსება კონვენციის მე–3 მუხლით აკრძალულ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენდა და რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესების ხანგრძლივობამ დაარღვია მათთვის კონვენციის მე–6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლება.
3. საჩივრები განსახილველად გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52 § 1). 2012 წლის 11 დეკემბერს აღნიშნული სექციის პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება. პალატის გადაწყვეტილებით მომჩივანთა „მეტალის გალიაში“ მოთავსებასა და სასამართლო პროცესების გაჭიანურებასთან დაკავშირებით საჩივრები გაერთიანდა (რეგლამენტის მუხლი 42 § 1) და გამოცხადდა დასაშვებად, ხოლო საჩივრების დანარჩენი ნაწილი გამოცხადდა დაუშვებლად; პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას. პალატა წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: იზაბელ ბერო–ლეფევრე–თავმჯდომარე, ელიზაბეტ შტაინერი, ნინა ვაჯიჩი, ანატოლი კოვლერი, ხანლარ ჰაჯიევი, მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა, იულია ლაფრანკე და ანდრე ვამპაჩი– სექციის განმწესრიგებლის მოადგილე. 2013 წლის 7 მარტს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ („მთავრობა“) კონვენციის 43–ე მუხლის საფუძველზე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მოითხოვა. 2013 წლის 29 აპრილს დიდი პალატის კოლეგია ამ მოთხოვნას დაეთანხმა.
4. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის მუხლის 26 §4, §5 და რეგლამენტის 24–ე მუხლის თანახმად.
5. მომჩივნებმა და მთავრობამ წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს საჩივრის არსებითი მხარის შესახებ (მუხლი 59 § 1).
6. საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 18 სექტემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასახლეში (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ბ–ნი გ. მაწიუშკინი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აგენტი,
ბ–ნი ნ. მიხაილოვი,
ბ–ნი პ.სმირნოვი,
ქ–ნი ო. ოჩერეტიანაია, მრჩევლები;
(ბ) მომჩივნების სახელით:
ბ–ნი ვ. პალჩინსკი, ბ–ნი სვინარენკოს წარმომადგენელი, იურისტი
ბ–ნი ე.პლოტნიკოვი,
ბ-ნი პ.დიმიტრასი,
ქ-ნი ვ.ტაისაევა, ბ–ნი სლიადნევის წარმომადგენელი, იურისტი.
სასამართლომ მოისმინა ბ–ნი პალჩინსკის, ბ–ნი პლოტნიკოვის, ქ–ნი ტაისაევას და ბ–ნი მაწიუშკინის მიმართვები.
ფაქტებისაქმის გარემოებები
7. მომჩივნები დაიბადნენ 1968 და 1970 წლებში. პირველი მომჩივანი, ბ–ნი სვინარენკო ამჟამად სასჯელს იხდის მურმანსკის ოლქში. მეორე მომჩივანი, ბ–ნი სლიადნევი ცხოვრობს სინეგორის დასახლებაში მაგადანის ოლქის იაგოდნინსკის რაიონში.
ა. წინასწარი გამოძიება
8. 2002 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე ბ–ნი გრიშინის წინააღმდეგ.
9. 2002 წლის 24 სექტემბერს პირველი მომჩივანი ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში. 2002 წლის 9 ოქტომბერს ის დააკავეს. წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ მაგადანის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინების თანახმად, მომჩივანმა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2001 წლის 13 აპრილის მაგადანის ოლქის იაგოდნინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, როდესაც ის დამნაშავედ სცნეს ქურდობაში და შეუფარდეს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით. სასამართლო განჩინებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს უარყოფითი დახასიათება ჰქონდა საცხოვრებელი ადგილიდან და რომ ის, ასევე არღვევდა საგამოძიებო ორგანოს წინაშე გამოცხადების ვალდებულებას. საბოლოოდ, პირველი მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2002 წლის სექტემბერში ბ–ნი ა.ს. და ქ–ნი ტ.ს–ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ–ნი გრიშინი, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების და ტრანსპორტირების ბრალდებით.
10. 2003 წლის 20 იანვარს მეორე მომჩივანი, რომელიც იმჟამად სასჯელს იხდიდა მაგადანის ოლქის იაგოდნინსკის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის („სსკ“) 109 § 1 მუხლით გათვალისწინებული (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) დანაშაულის ჩადენაში, ბ–ნი გრიშინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეეზე დაიკითხა ეჭვმიტანილის სტატუსით. 2003 წლის 22 იანვარს მას ბრალი წაუყენეს შემდეგ დანაშაულებებზე:
(i) შეიარაღებული ჯგუფის შექმნა ბ–ნი გრიშინის ხელმძღვანელობით და ამ ჯგუფის მიერ 2001 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებზე სსკ–ს 209 § 1 მუხლით გათვალისწინებულ თავდასხმებში მონაწილეობა;
(ii) 2001 წლის ოქტომბერში ოქროს მომპოვებელი კერძო კომპანიის დირექტორის,ბ–ნი ვ.ბ.–ს, წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ყაჩაღობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იარაღის და ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალის გამოყენების მუქარით, სხვისი მნიშვნელოვანი ღირებულების საკუთრების მითვისების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ს 162 § 3 მუხლით;
(iii) 2001 წლის ოქტომბერში მნიშვნელოვანი ღირებულების ძვირფასი მეტალების (სავარაუდოდ ბ–ნი ვ.ბ.–სგან მითვისებული ოქრო) უკანონო შენახვა და ტრანსპორტირება ორგანიზებული ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ს 191 § 2 მუხლით;
(iv) 2001 წლის ოქტომბერში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბ–ნი ვ.ბ–ს წინააღმდეგ განხორციელებული გამოძალვა ძალის გამოყენების მუქარით საკუთრებაზე უფლების მოპოვების მიზნით– დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ს 163 § 3 მუხლით;
(v) 2001 წლის ოქტომბერში პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარ განზრახული გეგმით, საცხოვრებელში უკანონო შეღწევის გზით ბ–ნი ია.ბ.–ს დაყაჩაღება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იარაღის და ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალის გამოყენების მუქარით, სხვისი მნიშვნელოვანი ღირებულების საკუთრების მითვისების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ს 162 § 3 მუხლით.
(vi) 2001 წლის ოქტომბერში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება და ტარება– დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ს 222 § 3 მუხლით.
...
ბ. საქმის წარმოება სასამართლოში
...
3. მესამე სასამართლო პროცესი
35. 2007 წლის 4 სექტემბერს მაგადანის საოლქო სასამართლომ მიიღო საქმის მასალები და დაიწყო პროცესი. ...
38. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგებოდა 12 ნაფიცი მსაჯულისა და 2 შემცვლელი ნაფიცი მსაჯულისგან, რომლებიც 2008 წლის 5 თებერვალს შერჩეულნი იქნენ ოცდათოთხმეტი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისგან. მათი სასამართლოს წინაშე წარდგენის შემდგომ დაიწყო სასამართლო განხილვა. 2008 წლის თებერვლიდან– ივნისამდე სასამართლომ ყოველთვიურად ხუთი–ექვსი სხდომა გამართა, ორი სხდომა გამართა ივლისში, ოთხი აგვისტოში (ნაფიც მსაჯულთა შვებულების შემდეგ, რომელიც 1–ლი ივლისიდან 18 აგვისტომდე გრძელდებოდა), თერთმეტი სექტემბერში, ექვსი ოქტომბერში, ათი ნოემბერში და ოთხი დეკემბერში. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე ჩატარდა ის სხდომები, რომლებიც სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, მათ შორის მტკიცებულებათა დასაშვებობას და შუამდგომლობებს ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე. სასამართლომ გამოიკვლია დიდი რაოდენობით მტკიცებულებები, მათ შორის სამოცდაათზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება და უამრავი საექპერტო დასკვნა.
...
40. 2009 წლის 13 თებერვალს საოლქო სასამართლომ დაიწყო მხარეთა ზეპირი არგუმენტების მოსმენა.
41. 2009 წლის 7 მარტს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პირველი მომჩივანის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა. მეორე მომჩივანი დამნაშავედ სცნო „კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის“ და ბრალდების სხვა ნაწილებში გაამართლა.
42. 2009 წლის 12 მარტს საოლქო სასამართლომ მეორე მომჩივანი პატიმრობიდან გაანთავისუფლა საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელობის და კანონმორჩილობის პირობის საფუძველზე.
43. 2009 წლის 19 მარტს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გამართლდა პირველი მომჩივანი, ხოლო მეორე მომჩივანის მიმართ სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2001 წლის 11 ოქტომბერს მეორე მომჩივანმა, ბ–ნმა გრიშინმა და ბ–ნმა ნ.გ.–მ (რომლის მიმართაც შეწყდა სისხლის სამართლის პროცესი მისი გარდაცვალების გამო) ბ–ნ ია.ბ–ს მოსთხოვეს ვალის გადახდა 100,000 რუსული რუბლის (RUB) ოდენობით; მას შემდეგ რაც ბ–ნმა ია.ბ–მა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე, ბ–ნმა გრიშინმა და ბ–ნმა ნ.გ.–მ იგი სცემეს; მეორე მომჩივანმა სცემა ბ–ნი ს.კ., რომელიც შეესწრო ბ–ნი ია.ბ–ს ცემას; ამის შემდეგ მათ ბ–ნი ია.ბ. საკუთარ სახლში წაიყვანეს და ბ–ნმა გრიშინმა მისგან აიღო ფული 247,000 რუბლის ოდენობით.
44. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მეორე მომჩივნის შესახებ საქმის მასალებში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდებოდა. კერძოდ, მეორე მომჩივანს უარყოფითად ახასიათებდა უბნის პოლიციის ოფიცერი საცხოვრებელი ადგილიდან და ადგილობრივი ხელისუფლება, ამავდროულად, მეორე მომჩივანს დადებითად ახასიათებდა დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაცია, სადაც ის წინასწარი პატიმრობის დროს იმყოფებოდა და ასევე, იმ ციხის ადმინისტრაცია, სადაც მან სასჯელი მოიხადა წინა მსჯავრდების საფუძველზე.
45. საოლქო სასამართლომ მეორე მომჩივანი დამნაშავედ სცნო სსკ–ის 330 § 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის– „თვითნებობის“ ძალის გამოყენებით ჩადენაში და მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ორი წლისა და ათი თვის ვადით, გააუქმა 2001 წლის განაჩენით დადებული პირობითი მსჯავრი იმ საფუძვლით, რომ ახალი დანაშაული მეორე მომჩივანმა ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და პირობითი მსჯავრით გათვალისწინებული სასჯელის დამატებით, მთლიანობაში მეორე მომჩივანს ოთხი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; სასამართლომ მეორე მომჩივანი გაანთავისუფლა სსკ–ს 330 § 2 მუხლით დაკისრებული სასჯელის მოხდისაგან, ვინაიდან პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული დანაშაულისათვის გასული იყო და მიიჩნია, რომ სასჯელის დანარჩენი ნაწილი მას უკვე მოხდილი ჰქონდა წინასწარი პატიმრობის ვადების გათვალისწინებით, რაც მოიცავდა 2003 წლის 24 აპრილიდან 2004 წლის 22 ივნისამდე და 2005 წლის 6 დეკემბრიდან 2009 წლის 12 მარტამდე პერიოდს, რაც ჯამში ოთხ წელს, ხუთ თვესა და ექვს დღეს უტოლდებოდა. სასამართლომ მეორე მომჩივანი ბრალდების დანარჩენ ნაწილებში გაამართლა.
...
გ. პირობები სასამართლო დარბაზში
48. წინასწარი პატიმრობის განმავლობაში, მომჩივნები პოლიციის გუშაგს გადაჰყავდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მაგადანის საოლქო სასამართლოში. სასამართლო სხდომების დროს მომჩივნები ისხდნენ სკამზე, რომელიც ოთხივე მხრიდან 10 მილიმეტრი დიამეტრის მქონე მეტალის გისოსებით იყო გარშემორტყმული. აღნიშნული გისოსებიანი კონსტრუქციის ფართი იყო 255 სანტიმეტრი სიგრძე, 150 სანტიმეტრი სიგანე და 225 სანტიმეტრი სიმაღლე, ფოლადის ბადის ჭერითა და მეტალის გისოსებიანი კარებით. გისოსებს შორის მანძილი 19 სანტიმეტრს შეადგენდა.
49. შეიარაღებული პოლიციის გუშაგები გისოსებიანი საბრალდებო სკამის გვერდით იდგნენ. თითოეულ პატიმარზე ორი გუშაგი იყო გამოყოფილი. პირველი და მეორე სხდომის დროს დარბაზში იმყოფებოდა ჯამში რვა პოლიციის გუშაგი, ხოლო მესამე სხდომაზე მომჩივნებს და მათთან ერთად კიდევ ერთ–ერთ მსჯავრდებულს ექვსი პოლიციის გუაშაგი მეთვალყურეობდა.
დ. კომპენსაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოება
50. პირველმა მომჩივანმა, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, სარჩელი შეიტანა სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.
51. 2009 წლის 23 ოქტომბერს მაგადანის საოლქო სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 18,569 რუბ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. მატერიალურ ზიანს წარმოადგენდა მომჩივნისთვის კუთვნილი უმუშევრობის შემწეობის ის თანხა, რომლის მიღებაც მას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველზე შეუწყდა. 2009 წლის 17 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
52. 2010 წლის 1 მარტს მაგადანის საქალაქო სასამართლომ პირველ მომჩივანს მიაკუთვნა 50,000 რუბ არამატერიალური ზიანის სახით, რაც მას მიადგა მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნით, საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელობის ვალდებულების დაკისრებითა და წინასწარი პატიმრობით: 2002 წლის 9 ოქტომბრიდან 2004 წლის 22 ივნისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამართლებელი ვერდიქტის საფუძველზე მის გათავისუფლებამდე და 2005 წლის 6 დეკემბრიდან 2006 წლის 17 ნოემბრამდე. მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამტკიცებდა, რომ მისთვის მიკუთვნებული თანხა არც სამართლიანი იყო და არც გონივრული. 2010 წლის 30 მარტს მაგადანის საოლქო სასამართლომ დაუშვებლად სცნო მომჩივნის სარჩელი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
ა. დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა
53.რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 21–ე მუხლი რელევანტურ ნაწილში შემდეგნაირად იკითხება:
“1. ადამიანის ღირსებას სახელმწიფო იცავს. აღნიშნულიდან გადახვევის გამამართლებელი რაიმე საფუძველი არ არსებობს.
2. ადამიანის წამება, მასზე ძალადობა, სხვა სასტიკი თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია...“
54. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლით აკრძალულია, inter alia, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან დამამცირებელი მოპყრობა.
ბ. მეტალის გალიები სასამართლო დარბაზებშიიუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცირკულარი
55. 1993 წლის 3 თებერვლის ცირკულარი, რომელიც ერთობლივად გამოიცა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს (ნო.5–63–96), უზენაესი სასამართლოს (ნო. 11–ნკ/7) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (ნო. 1/483) მიერ და საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, შეიცავდა წინადადებებს „სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი სასამართლოებისთვის, სამართალწარმოების მონაწილეთა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას შინაგანი ძალებისა და ბადრაგის უსაფრთხოებისსათვის შესაბამისი პირობების შექმნის თაობაზე“. აღნიშნული დოკუმენტი საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიუთითებდა „1994 წლის 1–ელ იანვრამდე უზრუნველეყოთ სასამართლო დარბაზების მოწყობა იმგვარად, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულები სპეციალური მეტალის ბარიერების მეშვეობით დაშორებულები ყოფილიყვნენ მოსამართლეებისა და დარბაზში დამსწრე საზოგადოებისაგან“. აღნიშნული ცირკულარი ავალებდა ბადრაგს ბარიერებს უკან განეთავსებინა პატიმრობაში მყოფი ბრალდებული.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები
(ა) 1996 წლის ბრძანება
56. რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მითითებებით, 1996 წლის 26 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ N.41 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა ბადრაგირების წესები, როგორც „შიდა მოხმარების დოკუმენტი“, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო დარბაზში ბრალდებულთა მოთავსებას მეტალის „ბარიერის“ მიღმა.
(ბ) 2006 წლის ბრძანება
57. მსგავს წესებს ადგენდა დროებითი მოთავსების ცენტრების ფუნქციონირების შესახებ განკარგულება და ასევე ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა ბადრაგირების წესდება, რომელიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2006 წლის 8 თებერვალს (N. CD-AG/269) და რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ 2006 წლის 16 თებერვალს (N16-13-06), ხოლო რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 7 მარტს N140 ბრძანებით (შიდა მოხმარებისთვის). აღნიშნული განკარგულებების თანახმად, იკრძალება ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა გადაყვანა სასამართლო დარბაზებში, რომლებიც არ არის აღჭურვილი „თავდაცვის ბარიერებით“.
(გ) უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებების განხილვა
58. N 41 ბრძანება ბ–ნმა შ.–მ გაასაჩივრა რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში, იმ საფუძველით, რომ ბრძანებით განსაზღვრული, სასამართლო დარბაზში საქმეების განხილვის დროს ბრალდებულების მეტალის „ბარიერების“ მიღმა მოთავსების წესი ეწინაარმდეგებოდა შიდა კანონმდებლობასა და კონვენციას, რომელიც კრძალავდა დამამცირებელ მოპყრობას და უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ბ–ნი შ.მ. ასაჩივრებდა საქმის განხილვის დროს მის მოთავსებას მეტალის გალიაში, რაც ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
59. უზენაესმა სასამართლომ (ერთი მოსამართლის შემადგენლობით) 2004 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული წესი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა „მეტალის გალიაში“ მოთავსების შესახებ, შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და პოლიციას ავალდებულებს აღნიშნულ პირთა დაცვას დაკავების ადგილებიდან სასამართლოს შენობაში ბადრაგირებისას ( პოლიციის შესახებ კანონის მუხლი 10 § 16). სასამართლო დაეთანხმა, რომ წინასწარი პატიმრობის პირობები უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, სამართლიანობის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის, ჰუმანიზმისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ასევე კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელშიც მონაწილეობს რუსეთის ფედერაცია; ამის გარდა დაკავებას არ შეიძლება თან ახლდეს დაკავებულის წამება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, რომლიც უკავშირდება ფიზიკური და მორალური ტანჯვის მიყენებას (ფედერალური კანონი ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების დაპატიმრების შესახებ). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრძანება, რომლის თანახმად ბრალდებულები მეტალის „ბარიერის„ მიღმა უნდა განთავსებულიყვნენ, არ წარმოადგენდა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ გარემოებას და არც საქმის სამართლიანის განხილვის უფლებას არღვევდა.
60. ბ–ნმა შ.–მ გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. 2004 წლის 23 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო სექციამ სამი მოსამართლის შემადგენლობით დაუშვებლად სცნო სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება არ განსაზღვრავდა მეტალის „ბარიერის“ მახასიათებლებს.
61. ბრძანებების (1996 წლის და 2006 წლის ბრძანებები, იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 56 და 57) კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრები დაუშვებლად სცნო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ იმ საფუძველზე, რომ ოფიციალურად არ იყო გამოქვეყნებული, ამასთან განმარტა, რომ ბრძანებები გამოქვეყნებას არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას და რეგისტრირებული იყო იუსტიციის სამინისტროში (2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს სააპელაციო სექციის N41–ე ბრძანებასთან დაკავშირებით 2003 წლის 24 აპრილის და N 140–ე ბრძანებასთან დაკავშირებით 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება).
მშენებლობის ნორმები
(ა) მომჩივანთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებისას მოქმედი წესები
62. 1999 წლის 2 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა სამსახურმა N 154 ბრძანებით დაამტკიცა საერთო სასამართლოების შენობების აგებისა და დიზაინის ნორმები (სპ 31 104 2000). აღნიშნული ნორმები ასევე მოწონებული იქნა მშენებლობის, განსახლებისა და კომუნალური სერვისების სახელმწიფო ფედერალური კომიტეტის მიერ და ძალაში შევიდა 2000 წლის 1–ელ აგვისტოს. ისინი მომზადდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლოთა ადმინისტრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი და რუსეთის ფედერაციის მოსამართლეთა საბჭოს წევრები. ნორმებში ასახულ იქნა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის 3 თებერვლის ერთობლივ ცირკულარში შემუშავებული წინადადებები (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 55).
63. ნორმების თანახმად, ბრალდებულთათვის სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს გამოყოფილი ყნდა ყოფილიყო სპეციალური ფართობი. აღნიშნული ფართობი ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო მეტალის გისოსებით, რომელიც უნდა ყოფილიყო არანაკლებ 14 მილიმეტრი დიამეტრის, 220 სანტიმეტრი სიმაღლის, ფოლადის ბადის ჭერით ან სასამართლო დარბაზის ჭერამდე ამავალი და უნდა ჰქონოდა კარები (ნორმების პარაგრაფები 5.4, 5.9 და 8.3).
64. უსაფრთხოების სხვა ზომებთან ერთად, ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული იყო სასამართლოს შენობაში არსებული ბრალდებულთა საკნებიდან სასამართლო დარბაზებში ბრალდებულთა გადაყვანა იზოლირებული დერეფნებისა და კიბეების გავლით, ასევე განცალკევებული შესასვლელით ბრალდებულთა შეყვანა სასამართლო დარბაზში. სისხლის სამართლის საქმეებზე სხდომების დამსწრეებს უნდა გაევლოთ შემოწმება მეტალის დეტექტორებზე სასამართლო შენობასა და სასამართლო დარბაზში შესვლისას. ნორმები ასევე ითვალისწინებდა მეტალის გისოსების დაყენებას სასამართლო დარბაზის ფანჯრებზე (ნორმების პარაგრაფები 5.11, 5.35, 8.1 და 8.2).
(ბ) ახალი წესები
65. 2013 წლის 1–ლი ივლისიდან საერთო სასამართლოების შენობების დიზაინი და განლაგება რეგულირდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი წესებით. ექსპერტთა შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოსთან არსებული სასამართლოთა ადმინისტრაციის სამსახური, არქიტექტურული და სამშენებლო ორგანიზაციები. აღნიშნული წესები დამტკიცდა მშენებლობის, განსახლებისა და კომუნალური სერვისების ფედერალური სააგენტოს მიერ 2012 წლის 25 დეკემბერს.
66. ახალი წესები ითვალისწინებს სასამართლო დარბაზებში ორი ტიპის „დამცავ კაბინას“ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის, კერძოდ „დამცავი კაბინა“, რომელიც შედგება მეტალის გისოსებისგან და ძველი წესებით გათვალისწინებული იდენტური მახასიათებლები აქვს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 63) და „გამჭვირვალე დამცავი კაბინა“ ფოლადის კარკასითა და ტყვიაგაუმტარი შუშის კედლებით. ორივე კაბინისთვის გათვალისწინებულია კარებები, რომელთა ჩაკეტვაც მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.
გ. წინასწარი პატიმრობა
67. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი 108 მუხლის თანახმად, წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ შეიძლება შეეფარდოს ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ( 2012 წლის დეკემბრიდან სამი წლით თავისუფლების აღკვეთას) და იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე, როგორიცაა, საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება, პირადი თავდებობა ან გირაო. პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი ან ბრალდებულნი არიან თავისუფლების აღკვეთის ნაკლები ვადით დასჯადი დანაშაულის ჩადენაში, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია ასევე შეეფარდოთ წინასწარი პატიმრობა, კერძოდ თუ მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შეუძლებელია მათი ვინაობის დადგენა, დაარღვიეს ადრე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე ან მიიმალნენ.
68. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებულია შეაფასოს არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს ან ხელს შეუშლის სამართალწარმოებას (ibid., მუხლი 97). სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ მდგომარეობასა და საქმიანობას (ibid., მუხლი 99).
69. 2009 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე შუალედში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, წინასწარ პატიმრობას აღარ ექვემდებარება ზოგიერთი არაძალადობრივი დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.
III. რელევანტური საერთაშორისო მასალები და პრაქტიკა
ა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
70. 2014 წლის 20 მარტის სხდომაზე მიხაილ პუსტოვოიტის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარდგენილი შეტყობინების N 1405/2005 განხილვის შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბ–ნი პუსტოვოიტის მოთავსება მეტალის გალიაში, ზურგზე დაწყობილი ბორკილ დადებული ხელებით, მისი საქმის საჯარო განხილვის დროს, წარმოადგენდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–7 მუხლის ცალკე დარღვევას მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საფუძველზე და ასევე, პაქტის მე–14 (1) მუხლთან ერთობლიობაში, ვინაიდან აღნიშნული მოპყრობის შედეგად მას შეელახა მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (მოსაზრებების პარაგრაფი 9.3 და 10).
ბ. გაეროს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები
71. გაეროს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, რომელიც მიღებულ იქნა 1955 წელს დანაშაულის პრევენციისა და სამართალდამრღვევთა მოპყრობის შესახებ გაერთიანებული ერების პირველ კონგრესზე და დამტკიცდა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 1957 წლის 31 ივლისის 663 C (XXIV) და 1977 წლის 13 მაისის 2076 (LXII) რეზოლუციებით, შეიცავს შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს თავისუფლების შეზღუდვის საშუალებებთან დაკავშირებით:
„33. იძულების საშუალებები, როგორიცაა ხელბორკილი, ჯაჭვი, რკინის და დამაწყნარებელი პერანგები დასჯის მიზნით არ უნდა გამოიყენებოდეს. მეტიც, ჯაჭვი და რკინა არ შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც იძულების საშუალება. იძულების სხვა საშუალებები შეიძლება გამოიყენებულ იქნას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
(ა) ბადრაგირებისას, გაქცევის ასაცილებლად და იმ პირობით, რომ პატიმარს ხელბორკილებს ახსნიან სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე წარდგენის დროს;
...“
გ. სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალები
72. ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (მუხლი 83) და რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (მუხლი 83) პროცედურებისა და მტკიცებულებების შესახებ წესებით გათვალისწინებულია იძულების საშუალების, როგორიცაა ხელბორკილები, გამოყენება ბადრაგირებისას გაქცევის აღკვეთის მიზნით ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე; თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალდებული წარსდგება სასამართლოს წინაშე, იძულების საშუალება უნდა მოიხსნას.
73. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის 63–ე მუხლის თანახმად:
„1. ბრალდებული ესწრება მისი საქმის სასამართლო განხილვას.
2. თუ ბრალდებული, რომელიც ესწრება სასამართლოს სხდომას, განაგრძობს სასამართლო განხილვისთვის ხელის შეშლას, სასამართლო პალატას შეუძლია გააძევოს ბრალდებული და მისცეს მას შესაძლებლობა, თვალი ადევნოს განხილვის მიმდინარეობას და მისცეს მითითებები დამცველს სასამართლოს სხდომის დარბაზის გარედან, საჭიროების შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების მეშვეობით. ასეთი ზომები მიიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მას შემდეგ, რაც ყველა სხვა გონივრული ზომა არასათანადო აღმოჩნდება და მხოლოდ ისეთი ხანგრძლივობით, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს.“
დ. Amnesty International
74. Amnesty International–ის სახელმძღვანელო საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესახებ შემდეგნაირად იკითხება :
„15.3 პროცედურები, რომელიც ხელყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციას
...
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკითხს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ იყოს დამნაშავისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკის მატარებელი, რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. ასეთი ატრიბუტიკაა სასამართლო დარბაზში ბრალდებულის მოთავსება საკანში...“
ე. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში „მეტალის გალიის“ გამოყენება სასამართლო დარბაზებში
75. პატიმრობაში მყოფი ეჭვმიტანილების და ბრალდებულების მიმართ სასამართლოში წარდგენისას „მეტალის გალია“ გამოიყენება, როგორც სტანდარტული უსაფრთხოების ზომა ევროპის საბჭოს წევრ შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. სომხეთმა და საქართველომ უარი თქვა ამ ზომის გამოყენებაზე (იხილეთ Ashot Harutyunyan v. Armenia, no. 34334/04, § 118, 15 ივნისი 2010 და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია CM/ResDH(2011)105). ამავე გზას ადგანან მოლდოვა და უკრაინა (იხილეთ უკრაინასთან მიმართებით უკრაინის 2012 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდამავალი დებულებები, კერძოდ, XI თავის 21–ე პარაგრაფი, რომელიც ავალდებულებს მინისტრთა კაბინეტს წარუდგინოს პარლამენტს წინადადებები სასამართლო დარბაზებში „მეტალის გალიების“ ‘შუშის გალიებით“ ჩასანაცვლებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით). აზერბაიჯანში, რამდენიმე სასამართლოში „მეტალის გალიები“ ჩანაცვლებულია „შუშის ბარიერებით“ (იხილეთ, მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 2011 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის „ მართლმსაჯულების სექტორში განვითარებული მოვლენები“ მე–3 თავი), თუმცა „მეტალის გალიების“ გამოყენება გათვალისწინებულია აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 დეკემბრის ინსტრუქციით დაკავებულებისა და მსჯავრდებულების ესკორტირების პროცედურების შესახებ და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის ინსტრუქციით პოლიციელების მიერ დროებითი მოთავსების ადგილებიდან პირთა ბადრაგირების შესახებ.
76. რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფო იყენებს „გალიებს“ უსაფრთხოების მიზნებისთვის კონკრეტულ გარემოებებში ან გარკვეული ტიპის სასამართლოებში. მაგალითად, ალბანეთში მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ბრალდებულის საბრალდებო სკამი გარშემორტყმულია მეტალის გისოსებით. სერბეთში მოქმედ ერთ სასამართლო დარბაზში – ბელგრადის ცენტრალურ ციხეში, რომელიც გამოიყენება როგორც ბელგრადის უმაღლესი სასამართლოს დამხმარე სასამართლო დარბაზი, ბრალდებულის სკამი გარშემორტყმულია მეტალის გისოსებითა და ტყვიაგაუმტარი შუშით. საფრანგეთში, რამდენიმე სასამართლოში გამოიყენება შუშიანი საბრალდებო სკამი, რომელიც იშვიათ შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლოა დამატებით შემოიფარგლოს ფოლადის გისოსებით. ლატვიაში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოთა მცირე რაოდენობას კვლავ აქვს მეტალის გალიები, აღნიშნული პრაქტიკა ხმარებიდან ვარდება. იტალიაში აღარ გამოიყენება 1980–იან წლებში მაფიასა თუ ტერორისტული ჯგუფის წევრობაში ბრალდებულ პირთა პროცესებისთვის დამონტაჟებული მეტალის გალიები.
სამართალი
...კონვენციის მე–3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
84. მომჩივნები ასაჩივრებდნენ სასამართლო დარბაზში მათ მოთავსებას მეტალის გალიაში მათი საქმის განხილვის დროს. ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კონვენციის მე–3 მუხლით აკრძალულ დამამცირებელ მოპყრობას, რომლის თანახმად:
„ ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.
...
ბ. დიდი პალატისადმი მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიმთავრობა
88. მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სასამართლო დარბაზში სისხლის სამართლის საქმეებში საბრალდებო სკამი ტრიბუნას გავდა. მეტალის გისოსი პირველად 1992 წელს გამოიყენეს ცნობილი სერიული მკვლელის ა. ჩიკატილოს სასამართლო პროცესების დროს, მისი მრავალი მსხვერპლის ნათესავებისგან ბრალდებულის დასაცავად.
89. რუსეთში „მეტალის ბარიერები“ სასამართლო დარბაზებში 1994 წელს შემოიღეს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის 3 თებერვლის ერთობლივი ცირკულარის საფუძველზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 55), საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგორებული დანაშაულის ტალღის საპასუხოდ და სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციის პირობებში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულთა გაქცევის აღკვეთა, ბადრაგზე, მოსამართლეებზე, მოწმეებზე და მსხვერპლებზე ბრალდებულის თავდასხმის პრევენცია, ასეთი ინციდენტების მზარდი რაოდენობის გამო და ასევე, სასამართლო დარბაზებში დამსწრეთა უსაფრთხოების დაცვა.
90. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსა და დსთ–ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1992 წელს რუსეთსა და დსთ–ს ქვეყნებში დანაშაულის დონემ წინა წლებთან შედარებით 27% და 24%–ით აიწია. იმავე პერიოდში რუსეთში მძიმე დანაშაულების რაოდენობა 30%–ზე მეტად, ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულები 30%–ით და ყაჩაღობა 66%–ით გაიზარდა. 1994 წელს საბოლოო გადაწყვეტილებებით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.7%–ით გაიზარდა და საბოლოოდ 924,574 მსჯავრდებულს შეადგენდა.
91. მთავრობის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა, „უსაფრთხოების ბარიერების“ გამოყენება კვლავ გამართლებული იყო, რადგან წარმოადგენდა გაქცევის პრევენციის საშუალებას, საშუალებას აძლევდა მოსამართლეებსა და პროკურორებს ყურადღება არ გადაეტანათ თავიანთი პირველადი ფუნქციებიდან, საშუალებას აძლევდა მსხვერპლებს, მოწმეებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს თავი უფრო დაცულად ეგრძნოთ და უზრუნველყოფდა ბრალდებულთა დაცვას მათი მსხვერპლების რისხვისგან. დამატებით, ბრალდებულები არ იყვნენ შეზღუდულნი მოძრაობაში მაჯის თუ ფეხის ბორკილებით და თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ მათთვის კომფორტული მდგომარეობა. მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ გაქცევის მცდელობის პრევენცია უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე მისი დაკავება გაქცევის შემდეგ. მთავრობის განცხადებით, არ არსებობდა რაიმე საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც კრძალავდა სასამართლო დარბაზებში ბრალდეულთა მოთავსებას „უსაფრთხოების ბარიერების“ მიღმა ან აწესებდა რაიმე მოთხოვნას ასეთი „ბარიერების“ გამოსაყენებლად.
92. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით რუსეთში სასამართლო დარბაზებიდან გაქცევის ჯამური რიცხვი წლიურად იყო 0, 4, 5, 2 და 3; პატიმრობაში მყოფი ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების მიერ სასამართლოს დარბაზებში სახელმწიფოს წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების ჯამური რიცხვი წლიურად იყო 1, 1, 7, 0 და 7; სასამართლო დარბაზებში პატიმართა მიერ თვითდაზიანების მიყენების შემთხვევების ჯამური რიცხვი წლიურად იყო 4, 14, 20, 16 და 18. მთავრობა ამტკიცებდა, რომ აღნიშნული რიცხვი გაცილებით მაღალი იქნებოდა, პატიმრობაში მყოფი ეჭვმიტანილები და ბრალდებულები „უსაფრთხოების ბარიერების“ მიღმა რომ არ ყოფილიყვნენ მოთავსებულნი.
93. მთავრობამ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ბარიერების“ მიღმა თავსდებოდა ყველა ეჭვმიტანილი და ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. თუმცა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების თუ გაგრძელების პროცედურა თავად წარმოადგენდა გარანტიას უკანონობის და აღნიშნული უსაფრთხოების ზომის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ. მთავრობამ წინასწარი პატიმრობის შიდა სამართლებრივ ჩარჩოზე მიუთითა, რომლის თანახმად წინასწარი პატიმრობა წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების უკიდურესს სახეს და გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად აღმოჩნდებოდა, რომ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე და მხოლოდ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ეჭვმიტანილნი ან ბრალდებულნი იყვნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 67–69).
94. რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლოების ადმინისტრაციის სამსახურის სტატისტიკის წლიური ანგარიშის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოების წინაშე წარდგენილ განსასჯელთა საერთო რაოდენობიდან, წინასწარ პატიმრობამისჯილ განსასჯელთა პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა 17.7%–იდან, რაც 241,111 პირს შეადგენდა, 2007 წლის მონაცემებით (სამხედრო სასამართლოების გამოკლებით), 12.8%–მდე, რაც 134,937 პირს შეადგენდა 2012 წელს.
95. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნები მოცემულ საქმეში სასამართლო დარბაზში მოთავსებულნი იყვნენ გალიაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და შიდა კანონმდებლობის სრული დაცვით. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სავალალო ან რომ ისინი საჭიროებდნენ მუდმივ სამედიცინო დახმარებას სასამართლო სხდომების დროს. მომჩივნები არ იყვნენ საზოგადოებისთვი ცნობილი საჯარო ფიგურები, იმისათვის რომ მათ გამოჩენას სასამართლო დარბაზში „უსაფრთხოების ბარიერის“ მიღმა გავლენა მოეხდინა მათ რეპუტაციაზე. მათი საქმე არ იყო საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის მქონე და არ არსებობდა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესები, ადგილობრივი მედიის გარდა, ფართედ შუქდებოდა მედიის მიერ ან რომ მათ ესწრებოდა საზოგადოება. მეტიც, მოწმეები და მხვერპლები უარს აცხადებდნენ სასამართლო სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე მომჩივანთა მხრიდან შურისძიების შიშით. მთავრობამ გამოთქვა ეჭვი მომჩივანთა ნათესავებისა და ახლობლების სასამართლო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესები გაგრძელდა მაგადანში, მაშინ როდესაც მომჩივნები სინეგორიდან იყვნენ, რომელიც 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და სადაც არ ფუნქციონირებდა რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
96. მთავრობის მტკიცებით, პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მომჩივანთა ნასამართლეობა (...) მომჩივნებს ჩადენილი ჰქონდათ ძალადობრივი დანაშაულებები ჯგუფურად, ფაქტი, რომელიც თუნდაც ცალკე აღებული, მთავრობის აზრით წარმოადგენდა საკმარის საფუძველს მომჩივანთა ძალადობისადმი მიდრეკილების და უსაფრთხოების რეალური რისკების არსებობის დასტურად. მთავრობა დამატებით აღნიშნავდა, რომ პირველი მომჩივანი ქურდობაში მსჯავრდების გარდა, ასევე მსჯავრდებული იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში 1990 წელს, ძარცვაში 2001 წელს და 2011 წელს მაგადანის საოლქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იყო 1990 წლიდან მრავალწლიანი და ფართე მასშტაბის ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობაში. ორივე მომჩივანს ჰქონდა უარყოფითი დახასიათება საცხოვრებელ ადგილებზე ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურის და უბნის პოლიციის ოფიცრის მიერ, ხასიათებოდნენ რა ინდივიდებად, რომლებიც ეწეოდნენ ანტისოციალურ ცხოვრების წესს, რაც გამოიხატებოდა ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებაში, უმუშევრობაში, კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან კავშირში და სხვებისადმი უპატივცემულო საქციელში. ამას გარდა, მომჩივნებს ბრალი ედებოდათ ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში.
97. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინებებში მოწმეთა შიშებზე მითითება საკმარის მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, კერძოდ, მოწმეების მიერ წინასწარ გამოძიებაში 2002 და 2003 წლებში მიცემულ ჩვენებებს და მეორე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს 2005–2006 წლებში. მთავრობის აზრით, მოწმეთა და მსხვერპლთა შიში უკავშირდებოდა სასამართლო სხდომაზე მყოფ ოთხივე განსასჯელს, ვინაიდან ისინი ორგანიზებულ ჯგუფებად მოქმედებდნენ.
98. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნები თავისუფლად და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სასამართლო პროცესებში შიშის ან რაიმე დისკომფორტის მიმანიშნებელი ნიშნების გარეშე.
99. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მთავრობამ განასხვავა წინამდებარე საქმე იმ საქმეებისგან, სადაც სასამართლომ მე–3 მუხლის დარღვევა დაადგინა სასამართლო დარბაზში მეტალის გალიის გამოყენების გამო (მთავრობა ეყრდნობოდა შემდეგ საქმეებს: Sarban v. Moldova, ნო. 3456/05, 4 ოქტომბერი 2005; Ramishvili and Kokhreidze v. Georgia, N1704/06, 27 იანვარი 2009; Ashot Harutyunyan v. Armenia, ნო. 33376/07, 15 ივნისი 2010; Khodorkovskiy v. Russia, N 5829/04, 31 მაისი 2011 და Piruzyan v. Armenia, N33376/07, 26 ივნისი 2012) და მოცემული საქმე შეადარა საქმეს, სადაც სასამართლომ არ დაადგინა მე–3 მუხლის დარღვევა სასამართლო დარბაზში მეტალის გალიის გამოყენების გამო, კერძოდ, Titarenko v. Ukraine, N31720/02, §§ 58 64, 20 სექტემბერი 2012.
100. მთავრობა დასკვნის სახით აცხადებდა, რომ მომჩივანთა მოთავსება „უსაფრთხოების ბარიერის“ მიღმა უსაფრთხოების მიზნებით იყო გამართლებული. აღნიშნული მოპყრობა არ აღწევდა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოპყრობა მე–3 მუხლის დარღვევად ჩაითვალოს და მისი გავლენა მომჩივნებზე არ იწვევდა აღკვეთი ღონისძიების ლეგიტიმურ გამოყენებასთან დაკავშირებულ თანვმდევ ტანჯვასა და დამცირებაზე მეტს.
101. მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლო შენობების დიზაინის შესახებ ახალი რეგულაციები, რომელიც 2013 წლის 1–ლი ივლისიდან შევიდა ძალაში, უკვე არსებულ „მეტალის ბარიერებთან“ ერთად ტყვიაგაუმტარი „შუშის კაბინების“ გამოყენებას ითვალისწინებდა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 66). „მეტალის ბარიერების“ ჩანაცვლება „შუშის კაბინებით“ არ იყო სავალდებულო და ამ პროცესისთვის რაიმე ვადები არ იყო განსაზღვრული. ამავდროულად, საკუთარი ინიციატივით რამდენიმე სასამართლომ შეცვალა „მეტალის ბარიერები“ - „შუშის კაბინებით“ და აღნიშნული პროცესი დაიწყო 2004 წელს. მთავრობის მტკიცებით, სასამართლოები არ იყვნენ შეზღუდულნი თავად განესაზღვრათ „უსაფრთხოების კაბინებისთვის“ უფრო დეტალური დიზაინი.
102. მთავრობის მტკიცებით „უსაფრთხოების ბარიერს“, რომელიც მომჩივანთა საქმეში იქნა გამოყენებული, არ შეეძლო გავლენა მოეხდინა ნაფიც მსაჯულებზე ან უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ვინაიდან იყო ოცი წლის წინ დამკვიდრებული ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყველა განსასჯელის მიმართ გამოიყენებოდა. ამას გარდა, სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს აცნობა, რომ ის ფაქტი, რომ მომჩივნები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ არ წარმოადგენდა მათი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მეტიც, პირველი მომჩივანი გამართლდა მის მიმართ წაყენებული ბრალის ყველა ნაწილში, ხოლო მეორე მომჩივანი კი მის მიმართ წაყენებული ბრალის უდიდეს ნაწილში იქნა გამართლებული.
მომჩივნები
103. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების მოთავსება სასამართლო დარბაზის მეტალის გალიაში, როგორც საერთო სასამართლოებში, ასევე მომრიგებელი მოსამართლეების წინაშე მიმდინარე სამართალწარმოებისას, წარმოადგენდა ბლანკეტურ პრაქტიკას და გამოიყენებოდა ინდივიდუალური გარემოებებისა თუ სამართალდარღვევის ტიპის, იქნებოდა ეს ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, მკვლელობა, ქურდობა თუ წვრილმანი დანაშაული და ნასამართლეობის თუ მისი არ ქონის მიუხედავად.
104. მომჩივანთა განცხადებით აღნიშნული პრაქტიკა უკანონო იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც სასამართლო დარბაზში გალიის გამოყენებას ითვალისწინებდნენ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 56–57), არასოდეს გამოქვეყნებულა. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე–15 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც კრძალავდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტები არ იყო გამოქვეყნებული საჯაროდ, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ არ შეიძლებოდა სასამართლოში სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ ბრძანებებზე აპელირება და მათი გამოყენება. 2000 და 2013 წლების მშენებლობის წესები ( იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 62–66) არ წარმოადგენდა საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს და შესაბამისად, ვერ დააწესებდა რაიმე შეზღუდვებს ადამიანის უფლებათა რეალიზებასთან დაკავშირებით. რელევანტური შიდა სამართალი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იყო სასამართლო პროცესების განმავლობაში გალიის გამოყენების ლეგიტიმურობის შეფასება, იყო კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. არცერთი არ ითვალისწინებდა სასამართლო დარბაზში პირების გალიაში მოთავსების შესაძლებლობას.
105. მომჩივნების ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ადამიანის ღირსება აბსოლუტური ღირბულებაა, რომლის ხელყოფა დაუშვებელია რაიმე მიზეზით და დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ პიროვნების მდგომარეობის, კრიმინალური წარსულისა თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად. შესაბამისად, მომჩივნების აზრით, მთავრობა ცდებოდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ მომჩივანთა მოთავსება გალიაში არ წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას, ვინაიდან ისინი არ იყვნენ საჯარო ფიგურები ან ცნობილი პირები და რომ მათი საქმის განხილვა არ წარმოადგენდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესს და არც მედიის მიერ იყო ფართედ გაშუქებული.
106. მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდებოდა როდესაც აცხადებდა, რომ არ არსებობდა საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომლითაც აკრძალული იყო განსასჯელთა გალიაში მოთავსება. ასეთ აკრძალვას ითვალისწინებდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2007 წლის 23 აგვისტოს გამოქვეყნებული N32 ზოგადი კომენტარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე–14 მუხლთან მიმართებით.
107. მომჩივანთა მოთავსება გალიაში, თითქოს ისინი ყოფილიყვნენ უკვე დამნაშავეებად ცნობილი საშიში კრიმინალები, ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენის მოხდენის უკანონო საშუალებას წარმოადგენდა და ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მარეგულირებელ წესებს არღვევდა. აღნიშნული წესების თანახმად იკრძალებოდა ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეეძლო უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფა და განსაკუთრებით ნებისმიერი მტკიცება, რომელსაც შეეძლო განსასჯელების მიმართ ნაფიც მსაჯულებში წინასწარი ნეგატიური განწყობის გამოწვევა, მაგალითად, განსასჯელთა ნასამართლეობაზე მითითებები ან იმ ფაქტების აღნიშვნა, რომ განსასჯელები ქრონიკული ალკოჰოლიკები ან ნარკოტიკების მომხმარებელნი იყვნენ, თუ კი აღნიშნული ინფორმაციის საჭიროება არ არსებობდა იმ დანაშაულის ელემენტების დადგენის მიზნით, რაშიც განსასჯელებს ედებოდათ ბრალი. მომჩივანთა განმარტებით, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით მათი საქმე არ იყო განხილული სამართლიანად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით. მათ არცერთ ეტაპზე არ სცნეს თავი დამნაშავედ და დასჭირდათ ნაფიც მსაჯულების წინასწარი ნეგატიური განწყობის გადალახვა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მოსამართლეების წინაშე გალიაში მოთავსება მომჩივნებში იწვევდა უმწეობის, არასრულფასოვნებისა და ტანჯვის შეგრძნებებს. ამგვარმა უხეშმა მოპყრობამ ზეგავლენა მოახდინა მომჩივანთა კონცენტრირების უნარზე და გონების სიფხიზლეზე პროცესის მსვლელობისას, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც მათი თავისუფლება იყო.
108. მომჩივნები, როგორც „მაიმუნები ზოოპარკში“ ისე წარმოჩინდნენ საზოგადოების წინაშე, რომელთა შორის იყვნენ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები და მოწმეები იმავე დასახლებიდან, ასევე მომჩივანთა ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ. მთავრობის არგუმენტების საწინააღმდეგოდ მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ დასახლებასა და მაგადანს შორის, სადაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, უზრუნველყოფილი იყო რეგულარული საზოგადოებრივი ავტობუსის მომსახურება. მომჩივანთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესები ადგილობრივი ტელევიზიის მიერ შუქდებოდა 2002–2004 წლებში.
109. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანთა მოთავსება გალიაში გამართლებული იყო, რადგან მათ ბრალი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდათ, პირველი მომჩივნის სამგზის გამართლება ადასტურებდა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება არ იყო საფუძვლიანი. მეორე მომჩივანი გამართლდა მის მიმართ წაყენებული ბრალდების უმეტეს ეპიზოდებში, მათ შორის ბანდიტიზმისა და ყაჩაღობის ნაწილებში. მომჩივანთა განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტები არ იყო რელევანტური უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე.
110. მომჩივანთა კრიმინალურ წარსულთან მიმართებით, 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც პირველ მომჩივანს პირობითი მსჯავრი შეეფარდა და თავისუფლება არ აღეკვეთა, სასამართლომ აღიარა, რომ საზოგადოებისათვის საფრთხეს ის არ წარმოადგენდა. რაც შეეხება პირველი მომჩივნის მსჯავრდებას 2011 წელს, ის გალიაში მოათავსეს 2011 წლამდე გაცილებით ადრე, ამიტომ გაუგებარია აღნიშნული როგორ ამართლებს მომჩივნის მოთავსებას გალიაში.
111. რაც შეეხება მოწმეთა დაშინებას რაზეც მთავრობა მიუთითებდა, ის გარემოება, რომ მოწმეებს სავარაუდოდ ეშინოდათ მომჩივნების და ასევე, ის თუ რა ვითარებაში ჩამოართვეს მათ ის ჩვენებები, რაზეც მთავრობა აპელირებდა, არასოდეს ყოფილა განხილვის საგანი. უფრო მეტიც, ბ–ნი სლიადნევი, სანამ მას 2005 წლის 6 დეკემბერს ხელმეორედ დააკავებდნენ, 2004 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ერთი წელი და ხუთი თვე თავისუფალი იყო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არაფერი მომხდარა რაც ზემოაღნიშნული შიშების საფუძვლიანობას დაადასტურებდა, ანუ არ არსებობს რაიმე მინიშნებაც კი იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დაზარალებულებსა და მოწმეებს დაემუქრა ან მათ წინააღმდეგ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. მაგადანის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის განჩინებით მომჩივნებს აღკვეთის ღონისძიების სახით საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელობის ვალდებულება დაეკისრათ, აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება ათი თვე გაგრძელდა. სასამართლომ და პროკურატურამ, რომელსაც არ გაუსაჩივრებია აღნიშნული განჩინება, არ მიიჩნია, რომ მომჩივნები საფრთხეს წარმოადგენდნენ საზოგადოებისათვის. მომჩივანთა მტკიცებით, 2005 წლის 6 დეკემბერს არ არსებობდა საფუძვლები აღნიშნული აღკვეთი ღონისძიების წინასწარი პატიმრობით შესაცვლელად. ბ–ნი სლიადნევი იმავე საქმეში ბრალდებული ბ–ნი გრიშინის მსგავსი საფუძვლებით დააპატიმრეს. მომჩივნები აცხადებენ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე–5 § 3 მუხლის დარღვევის დადგენა ბ–ნი გრიშინის მიერ წარდგენილ საჩივარში, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, სადაც სასამართლო ადგენს, რომ მთავრობამ ვერ დაასაბუთა, რომ თითქოს მოწმეებს მომჩივნის ეშინოდათ, ასევე მათ საქმეზეც ვრცელდებოდა (იხილეთ მიხაილ გრიშინი რუსეთის წინაარმდეგ, ნო. 14807/008, §§ 147-156, 24 ივლისი 2012). მთავრობის ლოგიკის თანახმად, თუ წინასწარი პატიმრობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ამიტომ არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც კანონიერი, შესაბამისად გალიაში მოთავსებაც არ შეიძლება კანონიერი იყოს. მოცემული საქმის განხილვის განმავლობაში მომჩივანთა მხრიდან არასათანადო საქციელს ადგილი არ ჰქონია.
112. მომჩივნები ასკვნიდნენ, რომ სახელმწიფომ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ მოხმობილ უსაფრთხოების რისკებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და რომ მომჩივნები შესაძლო იყო გაქცეულიყვნენ ან ძალადობრივი ქმედებებისთვის მიემართათ. სასამართლო დარბაზში მომჩივანთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების საფრთხეზე მიმანიშნებელი საფუძვლები არ არსებობდა. შესაბამისად, მათი მოთავსება გალიაში მაგადანის საოლქო სასამართლოში მათი საქმი განხილვის დროს არ იყო გამართლებული უსაფრთხოების მიზეზებით და მე–3 მუხლის საწინააღმდეგო დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენდა. აღნიშნული მოპყრობა გავდა ველური ცხოველებისადმი მოპყრობას, რომლებიც ცირკსა თუ ზოოპარკში მეტალისს გალიებში იყვნენ მოთავსებულნი. ეს მოპყრობა ბადებდა შიშს მომჩივნებში და ასევე იწვევდა მათ დამცირებას, როგორც საკუთარ, ასევე საზოგადოების თვალში და წარმოშობდა მომჩივნებში შიშის, ტკივილისა და არასრულფაოვნების შეგრძნებებს; ის ასევე უგულებელყოფდა პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ. სასამართლო დარბაზებში მეტალის გალიების შუშის კაბინებით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც ახლად დაწყებული იყო, თავად მეტყველებდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აღიარებდა, რომ მეტალის გალიის გამოყენება ადამიანის უფლებებს არღვევდა.
გ) სასამართლოს შეფასებაშესაბამისი პრინციპები
113. სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ კონვენციის მე–3 მუხლი შეიცავს დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამ მუხლით აბსოლუტურად არის აკრძალული წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა, არსებული გარემოებებისა და მხვერპლის საქციელის მიუხედავად (იხილეთ, სხვა მრავალ წყაროთა შორის, ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ [GC], N 26772/95, § 119, ECHR 2000-IV).
114. არასათანადო მოპყრობა უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ მე–3 მუხლის მოქმედების ქვეშ მოექცეს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენა და რიგ შემთხვევებში, სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ( იხილეთ, მაგალითად, ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006 IX). მართალია, საკითხი ასეთი მოპყრობის მიზანი იყო თუ არა მსხვერპლის დამცირება და მისთვის შეურაცხყოფის მეყენება არის ის ფაქტორი, რომელიც მხედველობაში მიიღება, თუმცა ასეთი მიზანის არ არსებობა არ გამორიცხავს მე–3 მუხლის დარღვევის დადგენას (იხილეთ სხვა მრავალ წყაროთა შორის, ვ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 24888/94, § 71, ECHR 1999-IX).
115. მოპყრობა არის „დამამცირებელი“ მე–3 მუხლის გაგებით, როდესაც ის ინდივიდს ამცირებს ან შეურაცხყოფს, არის უპატივცემულობის გამოხატულება ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, იწვევს შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების შეგრძნებებს, რაც ინდივიდის სულიერ და ფიზიკურ წინააღმდეგობას სპობს (იხილეთ მ.ს.ს. ბელგიის და საბერძნეთის წინააღმდეგ [GC], no. 30696/09, § 220, ECHR 2011 და ელ–მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის წინააღმდეგ.[GC], no. 39630/09, § 202, ECHR 2012). მოპყრობის საჯარო ხასიათი შესაძლებელია იყოს რელევანტური თუ დამამძიმებელი ფაქტორი მე–3 მუხლის გაგებით მოპრობის „დამამცირებლად“ შეფასების მიზნით (იხილეთ,inter alia, ტირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 25 აპრილი 1978, § 32, Series A no. 26; რდოგან ყაგიზი თურქეთის წინააღმდეგ, ნო. 27473/02, § 37, 6 მარტი 2007; კუმერი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ნო. 32133/11, § 64, 25 ივლისი 2013).
116. იმისათვის რომ მოპყრობა იყოს „დამამცირებელი“, ტანჯვა თუ დამცირება რაც მას ახლავს უნდა აღემატებოდეს ტანჯვასა თუ დამცირებას, რაც ლეგიტიმური მოპყრობის ამა თუ იმ ფორმის თანმდევი ელემენტია ( იხილეთ, ზემოთ მითითებული, ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 71). ღონისძიებები, რომლებიც პირისთვის თავისუფლების აღკვეთას უკავშირდება, ხშირად მოიცავს ასეთ ელემენტებს. წინასწარი პატიმრობა ავტომატურად არ ნიშნავს მე–3 მუხლის ამოქმედებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებული პირი იმყოფებოდეს ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში და დაკავების საშუალება და მეთოდი არ უნდა სცილდებოდეს დაკავებისთვის აუცილებელი ზომების სტანდარტულ ზღვარს, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს დაკავების თანმდევ გარდაუვალ ტანჯვას (იხილეთ Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, §§ 92-94, ECHR 2000 XI).
117. რაც შეეხება იძულების ისეთ საშუალებას, როგორიცაა ხელბორკილი, აღნიშნული თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მე–3 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს, როდესაც მათი გამოყენება უკავშირდება კანონიერ დაპატიმრებასა და თუ დაკავებას არ ახლავს იმაზე მეტი ძალის გამოყენება ან საჯარო დემონსტრაცია, რაც აუცილებელია კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია არსებობს თუ არა მაგალითად დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი წინააღმდეგობას გაწევს დაკავებისას ან მიმალვას შეეცდება ან სხვას მიაყენებს დაზიანებას ან გაანადგურებს მტკიცებულებებს (იხილეთ Raninen v. Finland, 16 დეკემბერი 1997, § 56, Reports of Judgments and Decisions 1997 VIII; Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 182, ECHR 2005 IV; და Gorodnitchev v. Russia, no. 52058/99, §§ 101, 102, 105 and 108, 24 May 2007; იხ. ასევე Mirosław Garlicki v. Poland, no. 36921/07, §§ 73-75, 14 ივნისი 2011).
118. ადამიანის ღირსების პატივისცემა კონვენციის ერთ–ერთი არსებითი პირობაა (იხილეთ Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 65, ECHR 2002 III). კონვენციის, როგორც ინდივიდების დაცვის ინსტრუმენტის, ობიექტისა და მიზნის თანახმად, მისი დებულებები ექვემდებარება იმდაგვარ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას, რაც მასში არსებულ გარანტიებს პრაქტიკულსა და ეფექტიანს გახდის. კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი ინტერპრეტაცია შესაბამისობაში უნდა იყოს კონვენციის ზოგად სულისკვეთებასთან, ინსტრუმენტთან, რომლის მიზანია შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებს (იხილეთ, Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, § 87, Series A no. 161).
მიდგომა წინა მსგავს საქმეებში
119. ბოლო წლებში სასამართლომ განიხილა რამდენიმე საქმე მე–3 მუხლის ქვეშ, რომლებიც სასამართლოს დარბაზში მეტალის გალიის გამოყენებას შეეხებოდა. სასამართლომ აღნიშნული მოპყრობა შეაფასა როგორც „მკაცრი“ და „დამამცირებელი“ (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Ramishvili and Kokhreidze, § 102; Ashot Harutyunyan, §§ 128 129 და Piruzyan, §§ 73 74). სასამართლომ შეაფასა, გამართლებული იყო თუ არა აღნიშნული მოპყრობა უსაფრთხოების მიზეზებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, როგორიცაა მომჩივნის პიროვნება (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Ramishvili and Kokhreidze, § 101) დანაშაულის სიმძიმე, რაშიც მას ბრალი ჰქონდა წაყენებული, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იყო საკმარისი აღნიშნული მოპყრობის გასამართლებლად (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Piruzyan, § 71), ნასამართლეობა (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Khodorkovskiy, § 125, და Khodorkovskiy and Lebedev v. Russia, nos. 11082/06 and 13772/05, §§ 485-486, 25 ივლისი 2013), მომჩივნის საქციელი (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Ashot Harutyunyan, § 127) და სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა უსაფრთხოება სასამართლოს დარბაზში ან მიუთითებდა მომჩივნის გაქცევის რისკზე (ibid.). სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც, როგორიცაა, სხდომებზე საზოგადოების დასწრება და სამართლწარმოების მედიის მიერ გაშუქება (იხილეთ, ზემოთ მითითებული Sarban, § 89 და Khodorkovskiy, § 125).
120. ზემოაღნიშნულ საქმეებში, იძულების ასეთი ზომის გაუმართლებელი თუ „გადამეტებული“ გამოყენების გამო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლო დარბაზში მეტალის გალიაში მოთავსება დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენდა. თუმცა, ერთ საქმეში სასამართლომ უმრავლესობით დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე–3 მუხლის დარღვევას (იხილეთ, ზემოთ მითითებული, Titarenko, §§ 58-64).
პალატის გადაწყვეტილება
121. პალატამ გაიმეორა ზემოთ მითითებულ საქმეებში გამოყენებული მიდგომა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 119). სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რა მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნები საფრთხეს უქმნიდნენ სასამართლოს დარბაზში წესრიგსა და უსაფრთხოებას, მიმართავდნენ ძალადობას ან მიიმალებოდნენ ან თავად მომჩივნების უსაფრთხოება იდგა საფრთხის ქვეშ, დაადგინა, რომ მათი მოთავსება მეტალის გალიაში არ იყო გამართლებული და შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფი 70)
დიდი პალატის შეფასება
122. მოცემულ საქმეში სასამართლოს წინაშეა პრაქტიკა, რომლის თანახმად წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს წინაშე წარდგენისას ათავსებენ მეტალის გალიაში. ეს პრაქტიკა იყო სტანდარტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლებიც ამ უკანასკნელის რესპუბლიკებს შეადგენდნენ, მაგრამ ეს პრაქტიკა მას შემდეგ ფართედ იქნა უკუგდებული. იმ მცირე რაოდენობით ხელშემკვრელ სახელმწიფოებშიც კი, სადაც ეს პრაქტიკა შენარჩუნებულია, მათ შორის მოპასუხე სახელმწიფოში, სასამართლო დარბაზებიდან მეტალის გალიების აღების პროცესი დაწყებულია ( იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 75 და 101).
123. რუსეთში მეტალის გალია გამოიყენებოდა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყველა ეჭვმიტანილის და ბრალდებულის მიმართ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 57 და 93). ის დღევანდელ რუსეთშიც მიღებული პრაქტიკაა და სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე ვალდებულება, რომლის საფუძველზეც ის იძულებული იქნება გააუქმოს მეტალის გალიების გამოყენება (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 65–66 და 101). პირობები, რომლებიც აუცილებელია წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 67–69) და სახელმწიფოს მიერ მოყვანილი სტატისტიკა– 17.7% ანუ 241,111 პატიმრობაში მყოფი განსასჯელი 2007 წელს და 12.8% ანუ 134,937 პატიმრობაში მყოფი განსასჯელი 2012 წელს (იხლეთ ზემოთ, პარაგრაფი 94)– აჩვენებს აღნიშნული პრაქტიკის მასშტაბებს.
124. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი პრაქტიკა რეგულირდებოდა მინისტრის გამოუქვეყნებელი ბრძანებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 57 და 61). ასეთი ფაქტი თავისთავად ძალიან პრობლემატურია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც სამართლებრივი ნორმების ხელმისაწვდომობას გულისხმობს (იხილეთ, მაგალითისთვის, Silver and Others v. the United Kingdom, 25 მარტი 1983, §§ 86-87, Series A no. 61).
125. სასამართლო მიუთითებს, რომ მის წინაშე წარმოდგენილი მაგადანის საოლქო სასამართლოს დარბაზის სურათებზე დაყრდნობით, მომჩივნები მოთავსებულნი იყვნენ ოთხივე მხრივ შემოსაზღვრულ მეტალის გისოსებში ბადიანი ჭერით ( იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 48), რასაც შეიძლება ეწოდოს გალია. მომჩივნებს დარაჯობდა პოლიციის შეიარაღებული გუშაგები, რომლებიც მუდმივად გალიის გვერდით იყვნენ განთავსებულნი (იხილეთ ზემოტ, პარაგრაფი 49).
126. 2008–2009 წლებში, მომჩივანთა სისხლის სამართლის საქმეზე, მაგადანის საოლქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესების განმავლობაში, მომჩივნები მოთავსებულნი იყვნენ გალიაში. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მათ ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა ჯგუფურად და 2001–2002 წლებში სავარაუდოდ ჩადენილი სხვა დანაშაულებები (...) მთავრობის მტკიცებით, ძალადობრივი ხასიათი იმ დანაშაულებებისა, რომელთა ჩადენაშიც მომჩივნებს ბრალი ედებოდათ, მათ ნასამართლეობასთან, საცხოვრებელი ადგილიდან უარყოფით დახასიათებებთან და მოწმეთა შიშებთან ერთად, რომ მომჩივნები უკანონო ქმედებებს მიჰყოფდნენ ხელს, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნები მიდრეკილნი იყვნენ ძალადობისკენ და სასამართლო დარბაზში არსებობდა უსაფრთხოების რეალური საფრთხეები, იმისათვის რომ გამართლებული ყოფილიყო გალიის გამოყენება სასამართლო პროცესების ნორმალურ პირობებში გამართვის უზრუნველსაყოფად.
127. სასამართლო იზიარებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წესრიგი და უსაფრთხოება სასამართლოს დარბაზში ძალიან მნიშვნელოვანია და მართლმსაჯულების სათანადოდ ადმინისტრირების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ამოცანა არ არის სასამართლო დარბაზის არქიტექტურის საკითხების განხილვა და არც მითითებების გაცემა, თუ ფიზიკური შეზღუდვის რა სპეციალური ზომების მიღება შეიძლება იყოს საჭირო. მიუხედავად ამისა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შერჩეული საშუალებები არ უნდა მოიცავდეს შეზღუდვის ისეთ ზომებს, რომლებიც თავიანთი სისასტიკის დონით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 114) ან თავისი არსით მოაქცევს მათ მე–3 მუხლის მოქმედების ფარგლებში. როგორც ეს არა ერთხელ აღნიშნა სასამართლომ, მე–3 მუხლი კრძალავს აბსოლუტურად წამებას და არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობასა თუ დასჯას, რომლის გამოც არ არსებობს ასეთი მოპყრობისთვის რაიმე გამართლება.
128. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს მოცემული საქმის პირობებში ადგილი ჰქონდა თუ არა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაზეც მითითებულია ზევით პარაგრაფ 127 –ში. აღნიშნული საკითხის შესწავლისას სასამართლო გაითვალისწინებს, თუ რა გავლენა იქონია შეზღუდვის ზომებმა მომჩივნებზე.
129. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აცხადებს, რომ მომჩივანთა საქმე განხილული იქნა თორმეტი ნაფიცი მსაჯულისა და თავმჯდომარე მოსამართლის შემადგენლობით, ორი შემცვლელი ნაფიცი მსაჯულის თანდასწრებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ პროცესის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის მრავალი მოწმე– სამოცდაათზე მეტმა მოწმემ მისცა ჩვენება სასამართლო განხილვისას– და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევის მიზნით წარმოდგენილნი იყვნენ სასამართლოში (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 38). სასამართლო ასევე მიუთითებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა უზრუნველყოფილი იყო საზოგადოებისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოების წინაშე მომჩივანთა წარმოჩენამ გალიაში, შეარყია მათი იმიჯი და გამოიწვია მათში დამცირების, უმწეობის, შიშის, ტანჯვის და არასრულფასოვნების შეგრძნებები.
130. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მომჩივნები დაექვემდებარნენ სადავო მოპყრობას ნაფიც მსაჯულთა მიერ მათი საქმის განხილვის მთლიანი პროცესის განმავლობაში, რაც მაგადანის საოლქო სასამართლოში წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რამდენიმე სხდომა თითქმის ყოველ თვე ტარდებოდა.
131. გარდა ამისა, ფაქტი, რომ სადავო მოპყრობას ადგილი ჰქონდა სასამართლოს დარბაზში მომჩივანთა საქმის განხილვის დროს, უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ–ერთი შემადგენელი ელემენტია ( იხილეთ mutatis mutandis, Allen v. the United Kingdom [GC], no. 25424/09, § 94, ECHR 2013) და მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სამართლიანად ადმინისტრირების წარმოჩენისათვის (იხილეთ Borgers v. Belgium, 30 ოქტომბერი 1991, § 24, Series A no. 214 B; Zhuk v. Ukraine, no. 45783/05, § 27, 21 ოქტომბერი 2010 და Atanasov v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 22745/06, § 31, 17 თებერვალი 2011). სასწორზე დევს ნდობა, რაც სასამართლოებს დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა გააჩნდეთ და უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბარია სისხლის სამართლის პროცესებზე, სასამართლოსადმი ნდობა უნდა ჰქონდეთ ბრალდებულებს (იხილეთ,mutatis mutandis, De Cubber v. Belgium, 26 ოქტომბერი1984, § 26, Series A no. 86).
132. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ახლახანს დაადგინა, რომ სასამართლოს საჯარო განხილვისას ხელბორკილ დადებული განსასჯელის მოთავსება მეტალის გალიაში წარმოადგენდა განსასჯელისადმი დამამცირებელ მოპყრობას, რამაც ზეგავლენა იქონია მისი საქმის განხილვის სამართლიანობაზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 70). გაეროს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალების რეგლამენტების თანახმად, იძულების გარკვეული საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტრანსპორტირებისას გაქცევის პრევენციის მიზნით და იმ პირობით, რომ იძულების საშუალება მოიხსნება ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგომისთანავე ( იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 71 და 72). Amnesty International–ის სახელმძღვანელო საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესახებ ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მოთავსებამ „საკანში სასამართლო დარბაზში“ შესაძლოა გავლენა იქონიოს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ( იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 74).
133. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნებს ჰქონდათ ობიექტურად გამართლებული შიში იმისა, რომ მათი მოთავსება გალიაში სასამართლო განხილვის დროს მოსამართლეებში მათ მიმართ უარყოფით იმიჯს წარმოშობდა, მოსამართლეებში, რომელთაც მომჩივანთა სისხლის სამართლებრვი პასუხისმგებლობის თუ თავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ, ვინაიდან იმ დონის საფრთხის შემცველებად იყვნენ წარმოჩენილნი, რომ საჭირო გახდა ასეთი უკიდურესი ფიზიკური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება და აღნიშნული კი ხელყოფდა მათი უდანაშაულობის პრეზუმფციას. ეს მომჩივნებში გამოიწვევდა შფოთვას და სტრესს, იმის გათვალისწინებით თუ რა იდო სასწორზე მათთვის მოცემული სამართალწარმოებისას.
134. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს დარბაზში შეზღუდვის ზომებს შესაძლოა უკავშირდებოდეს ასევე სამართლიანი სასამართლოს სხვა ელემენტებიც (თუმცა მოცემულ საქმეში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია), კერძოდ, ბრალდებულის უფლება მიიღოს ეფექტიანი მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში (იხილეთ Stanford v. the United Kingdom, 23 თებერვალი 1994, §§ 27 32, Series A no. 282 A) და უფლება მიიღოს პრაქტიკული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება ( იხილეთ Insanov v. Azerbaijan, no. 16133/08, §§ 168-170, 14 მარტი 2013 და ზემოთ მითითებული, Khodorkovskiy and Lebedev, §§ 642-648).
135. ბოლოს, სასამართლო ვერ მიიჩნევს დამაჯერებელ არგუმენტად იმას, რომ თანამედროვე ვითარებაში, განსასჯელის მოთავსება გალიაში ( როგორც აღწერილია ზემოთ, პარაგრაფი 125) სასამართლო განხილვის განმავლობაში აუცილებელი საშუალებაა განსასჯელის ფიზიკურად შესაზღუდად, მისი გაქცევის თავიდან ასარიდებლად, მისი აგრესიული ქცევის გასამკლავებლად, თუ გარშემომყოფთაგან განსასჯელის დასაცავად. აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელება ვერ აიხსნება სხვანაირად თუ არა გალიაში მოთავსებული პირის დამცირების და შეურაცხყოფის მიყენების საშუალება. სასამართლო განხილვისას გალიაში მოთავსებული პირის დამცირების მიზანი აშკარაა.
136. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დარბაზში მომჩივანთა მოთავსება გალიაში მათი საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მომჩივნებში იმ ინტენსივობის ტკივილს, რაც აჭარბებს პატიმრობაში ყოფნით გამოწვეულ გარდუვალ ტანჯვას და რომ ეს მოპყრობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს მე–3 მუხლის გავრცელების მიზნებისთვის.
137. სასამართლოს მიაჩნია, რომ გალიის გამოყენება ზემოაღნიშნულ კონტექსტში არასდროს იქნება გამართლებული მე–3 მუხლის ქვეშ (იხილეთ ქვემოთ, პარაგრაფი 138), როგორც ამას შეეცადა მთავრობა მის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებში უსაფრთხოების მიმართ არსებულ სავარაუდო საფრთხეებზე მითითებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 126). ამ უკანასკნელ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფრთხის არსებობა დასაბუთებული იყო მთავრობის მიერ. სასამართლო მიუთითებს, რომ მაგადანის საოლქო სასამართლომ არ შეაფასა მომჩივანთა ფიზიკური შეზღუდვა იყო თუ არა აუცილებელი სასამართლო განხილვის განმავლობაში. მეტიც, არ იყო წარმოდგენილი მიზეზები თუ რატომ გახდა აუცილებელი მომჩივანთა გალიაში მოთავსება. აღნიშნული მიზეზები არ მოიპოვება არც პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებში, მთავრობის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად მომჩივნები წარმოადგენდნენ საფრთხეს მოწმეთათვის და სწორედ აღნიშნული საფრთხის არსებობამ განაპირობა მომჩივანთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პირველი მომჩივანი არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში მესამე სასამართლო სხდომის განმავლობაში. მას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა სხვა საქმეზე, რომელიც მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არ არის და პატიმრობის შეფარდების მიზეზები უცნობია (...) მეორე მომჩივანს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა ზუსტად იმავე სასამართლო განჩინებებით, რომლებიც სასამართლომ უკვე განიხილა მომჩივნებთან ერთად ბრალდებული კიდევ ერთი პირის საქმეში. იმ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა „რელევანტური და საკმარისი“ საფუძვლები იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა შესაბამისობაში ყოფილიყო კონვენციის მე–5 § 3 მუხლთან , კერძოდ, არ დასტურდებოდა მოწმეებზე შურისძიების ან მათზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე, რასაც წინამდებარე საქმეშიც იმეორებს მთავრობა ( იხილეთ, ზემოთ მითითებული, Mikhail Grishin, cited above, §§ 149-150). სასამართლოს აღნიშნული დასკვნა მთლიანად მიესადაგება წინამდებარე საქმეს და მთავრობის მიერ დიდი პალატისადმი წარდგენილ არგუმენტებში არაფერია ისეთი რაც სხვაგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემდა. ამ კუთხით მთავრობის არგუმენტების სასარგებლოდ არ შეიძლება განიხილებოდეს ის გარემოება, რომ მომჩივნებს ჩადენილი ჰქონდათ ძალადობრივი დანაშაულები ან ის რომ ისინი 6 და მეტი წლის წინ ნასამართლევნი იყვნენ და ზოგ შემთხვევაში მხოლოდ პირობითი მსჯავრი ჰქონდათ შეფარდებული, ან ის რომ პირველი მომჩივანი შემდგომში იქნა მსჯავრდებული. რაც შეეხება მომჩივანთა უარყოფით დახასიათებებს, რაზეც მთავრობა აპელირებდა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 96), აღნიშნული დახასიათებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მომჩივნები ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომ საჭირო იყო მათი ფიზიკური შეზღუდვა სასამართლო პროცესების დროს; მეორე მომჩივანს ასევე ჰქონდა დადებითი დახასიათება დროებითი მოთავსების იზოლატორის და ციხის ადმინისტრაციისაგან (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 44).
138. მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების მიუხედავად, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მთავარი არსი ადამიანის ღირსების დაცვაა და მისი ობიექტი და მიზანი, როგორც ინდივიდების დაცვის ინსტრუმენტის, მოითხოვს რომ კონვენციის დებულებები ინტერპრეტირებული და გამოყენებული იქნას ისე, რომ მასში დაცული გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი გახდეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვის განმავლობაში პიროვნების მოთავსება მეტალის გალიაში, მხედველობაში მიიღება რა ასეთი ქმედების ობიექტურად დამამცირებელი ბუნება, რაც შეუთავსებელია ცივილიზებული ქცევის სტანდარტთან, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ნიშანთვისებაა, თავისთავად წარმოადგენს ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას მე–3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
139. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანთა მოთავსება მეტალის გალიაში წარმოადგენდა მე–3 მუხლით აკრძალულ დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, ადგილი აქვს აღნიშნული მუხლის დარღვევას.
...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
...
3.ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;
...
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად, გამოცხადებულია საქმის საჯარო მოსმენისას, 2014 წლის 17 ივლისს, ადამიანის უფლებათა სასახლეში, სტრასბურგში.
მაიკლ ო’ბოილიდინ სპიელმანი
განმწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად,
წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
...
(ბ) მოსამართლეების ნიკოლაუსა და კელერის ერთობლივი თანხვედრი მოსაზრება;
(გ) მოსამართლე სილვისის თანხვედრი მოსაზრება
დ.ს.
მ.ო’ბ
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy