დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 183
2015 წლის მარტი
ს.ზ. ბულგარეთის წინააღმდეგ (S.Z. v. Bulgaria)
(საჩივარი- 29263/12)
გადაწყვეტილება, 3 მაrti, 2015 [მე-4 სექცია]
მე-3 მუხლი
ეფექტური გამოძიება
გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდების არასათანადო გამოძიება: დარღვევა
ფაქტები – ბულგარელი წარმოშობის აპლიკანტი - ს.ზ. დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს სოფიაში (ბულგარეთში).
1999 წლის 19 სექტემბერს ს.ზ., რომელიც იმ დროისათვის 22 წლის სტუდენტი იყო, გაემართა სოფიიდან ბლაგოევგრადისკენ ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომლებმაც გზაში მას უთხრეს, რომ უპირებდნენ „გაყიდვას“ პროსტიტუციის მიზნით. აპლიკანტი მიიყვანეს ბინაში, სადაც რამდენიმე მამაკაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ დააკავა, არაერთხელ სცემა და გააუპატიურა 48 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ს.ზ-მ გაქცევა მოახერხა. იმ ბინის მაცხოვრებლებმა, სადაც ს.ზ-ს თავშესაფარი ჰქონდა, გააფრთხილეს პოლიცია აღნიშნული ფაქტის შესახებ. პოლიციის მიერ აპლიკანტის დაკითხვისას, მან ფანჯრიდან გადახტომა სცადა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ს.ზ-მ ამოიცნო მისი ორი თავდამსხმელი და ის ორი პოლიციის ოფიცერი, რომლებთანაც აღნიშნულმა პირებმა ისაუბრეს, სანამ მომჩივანზე მისი ნების საწინააღმდეგოდ იძალადებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ მამაკაცები იყვნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ტრეფიკინგში და უნდოდათ იძულებით მისი პროსტიტუციაში ჩაბმა დასავლეთ ევროპაში. გამოძიება ოთხჯერ დაიხურა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას იმ საფუძვლით, რომ ან არ იყო მიღებული აუცილებელი საგამოძიებო ზომები, ან არსებობდა პროცედურული დარღვევები.
2007 წელს შვიდი მოპასუხე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე ბლაგოევგრადის რაიონულ სასამართლოში თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურების, პროსტიტუციის წახალისების ან პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით გატაცების ბრალდებით. 22 სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელთაგან დაახლოებით ათი გადაიდო ბრალდებულის ან მოწმეების პროცესზე გამოძახების წესის დარღვევების საფუძვლით. 2012 წლის 27 მარტის განაჩენის მიხედვით, ხუთი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა. დანარჩენი ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი გაამართლეს, მეორეს მიმართ კი სამართალწარმოების დაწყება ხანდაზმულად გამოცხადდა. 2014 წლის 11 თებერვლის საბოლოო განაჩენში, ერთ-ერთი მსჯავრდება გაუქმებულ იქნა ხანდაზმულობის გამო და სხვა მსჯავრდებულ პატიმრებს შეუმცირდათ თავისუფლების აღკვეთის ვადა.
კონვენციის მე-3 მუხლსა (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 მუხლზე (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება) დაყრდნობით, აპლიკანტი ჩიოდა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არაეფექტურობის შესახებ მის წინააღმდეგ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, თავდასხმის, გაუპატიურებისა და ტრეფიკინგის დანაშაულებთან დაკავშირებით. აპლიკანტი დავობდა, რომ გამოძიებისას სათანადო ყურადღება არ დაეთმო პოლიციის ორი თანამშრომლის შესაძლო ჩართულობას საქმეში, ასევე მარცხით დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის მოთხოვნა მისი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. აპლიკანტი ასევე ასაჩივრებდა გამოძიებისა და სამართალწარმოების გაჭიანურებას. ამასთან, მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის დროში გაწელილმა პროცედურებმა, რამდენადაც იგი მოიცავდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებსაც, დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დებულებები (გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლება) და ბოლოს აპლიკანტი აცხადებდა, რომ მისი შემთხვევა ცხადყოფდა ბულგარეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებში სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არაეფექტურობის.
სამართალი – მე-3 მუხლი: სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭირო იყო საჩივრის განხილვა კონვენციის მხოლოდ მე-3 მუხლთან მიმართებით.
პირველ რიგში, რაც შეეხება ყველა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯამში ეს პროცესი გრძელდებოდა 14 წლის განმავლობაში - წინასწარი გამოძიებისა და ორი ინსტანციის სასამართლოს გათვალისწინებით. ეს პერიოდი ზედმეტად ხანგრძლივი აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლების ვალდებულების გათვალისწინებით - სწრაფად ეწარმოებინათ საქმე, რადგან სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება დაწყებული იყო და გარკვეული პასუხისმგებელი პირები წარდგენილნი იყვნენ სასამართლოში. ევროპული სასამართლო ვერ დაკმაყოფილდა იმ განმარტებით, რომ ასეთი გაჭიანურება საქმის სირთულით იყო გამოწვეული.
სასამართლომ განიხილა ის ფაქტი, რომ გამოძიება დაიხურა ოთხჯერ, მაგრამ პროკურორმა გადაწყვიტა საქმის ხელახლა წარმოება შემდგომი გამოძიების მიზნით იმ საფუძვლით, რომ საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები არ ყოფილა მიღებული ან პროცედურული რეგულაციები დარღვევით იქნა ჩადენილი.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილსინდისიერმა მოქმედებებმა გამოძიების ფაზის გაჭიანურება და შედეგად ხანდაზმული, ნაკლებად მძიმე დანაშაულების სამართლებრივი დევნა გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ ს.ზ-ს არ გაუსაჩივრებია ის გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ ამოცნობილი ორი პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას უკავშირდებოდა. შეშფოთებას იწვევდა მოცემულ საქმეში აღნიშნული დანაშაულის ბუნება და მომჩივნის განცხადებები, რომ მისი თავდამსხმელები იყვნენ ქალთა ტრეფიკინგის ქსელის ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა საზღვარგარეთ პროსტიტუციაში აპლიკანტის ჩაბმა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს გამოეკვლიათ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო მონაწილეობა და შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ პირების დევნით, რომლებიც მომჩივნის გატაცებასა და თავდასხმაზე პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, სახელისუფლებო ორგანოებმა არ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეპოვათ დანარჩენი ის ორი პირი, რომელიც მომჩივანმა ამოიცნო.
და ბოლოს, რაც შეეხება სასამართლო ეტაპს, რომელიც დაიწყო 2007 წელს, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალწარმოებების ხანგრძლივობა გაჭიანურებული იყო და ეს გაჭიანურება არ იყო გამართლებული მისი სირთულიდან გამომდინარე. მართლაც, ბევრი სხდომა გადაიდო საქმის არსებითი ნაწილის გამოკვლევის გარეშე იმ საფუძვლით, რომ რამდენიმე ბრალდებული სასამართლოში არ იქნა სათანადოდ დაბარებული ან ვერ გამოცხადდა.
ევროპულმა სასამართლომ შემდგომში აღნიშნა, რომ სამართალწარმოებების გადაჭარბებულმა ხანგრძლივობამ უარყოფითად იმოქმედა ს.ზ-ზე, რომელიც თავდასხმის გამო იმყოფებოდა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. აპლიკანტი გაურკვეველ სიტუაციაში იყო მისი თავდამსხმელების შესაძლო გასამართლებასა და დასჯასთან დაკავშირებით. შედეგად, მომჩივანს მოუწია სასამართლოში არაერთხელ დაბრუნება მრავალი სამართალწარმოების განმავლობაში.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
46-ე მუხლი: მომჩივანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი საქმე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არაეფექტურობის პრობლემის საილუსტრაციო მაგალითი იყო, ევროპული სასამართლოსგან ითხოვდა, მიეთითებინა ბულგარეთის სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო მიღებული კონვენციის 46-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ეს დებულება სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს იმ გზების დადგენაში, თუ როგორ უნდა იქნეს აღმოფხვრილი კონვენციის საწინააღმდეგო ქმედება. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა აირჩიოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში თუ რა საშუალება იქნება გამოყენებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ბულგარეთთან მიმართებით გამოტანილ 45 გადაწყვეტილებაში დადგენილ იქნა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულების დარღვევა. ერთ-ერთი მიზეზი ამ დასკვნებისა იყო გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესი, რომელიც საბოლოოდ დევნის შეწყვეტით მთავრდებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოები არ ითვალისწინებდნენ გარკვეულ მტკიცებულებებს და არ აზუსტებდნენ ფაქტობრივ გარემოებებს ან არ ადგენდნენ დანაშაულებრივ ქმედებაში გარკვეულ პირთა მონაწილეობების საკითხს ან პროკურორი უარს აცხადებდა შეესრულებინა სასამართლოს მითითება წინასწარი გამოძიების ჩატარების თაობაზე.
შესაბამისად, ბულგარეთში გამოძიების არაეფექტურობა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა პრობლემის კომპლექსურობა ართულებს მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას, აგრეთვე რთულია ამ პირობებში სახელმწიფოს მიეთითოს თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს, რათა გააუმჯობესოს გამოძიების ხარისხი. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ, მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობით, უნდა გადაწყვიტოს თუ რა ზოგადი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული - პრაქტიკული თვალსაზრისით - რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის დარღვევები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის სახელმწიფოს მომჩივნისთვის უნდა გადაეხადა 15 000 ევრო მორალური ზიანის, ხოლო 2 500 ევრო - გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy