ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიუკერძოებელ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თაობაზე. ვიდეოაპარატურის მუშაობაზე პასუხისმგებელი პოლიციის ოფიცერს ნება დართეს მარტო დარჩენილიყო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობასთან ერთად იმ დროს, როდესაც მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებას ეცნობოდნენ: დარღვევა არ დადგინდა
საქმე „სზიპუსზი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF SZYPUSZ v. THE UNITED KINGDOM
განაცხადი №8400/07
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2010 წლის 21 სექტემბერი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობის მუქარის განხორციელებაში. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სატელევიზიო სათვალთვალო სისტემიდან (CCTV) ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებული იყო დანაშაულის ჩადენის ადგილთან ახლოს. CCTV ვიდეომასალის კრებული რამდენჯერმე აჩვენეს სასამართლო პროცესზე ციფრული მოწყობილობის საშუალებით. მოწყობილობას ამუშავებდა პოლიციის დეტექტივი, რომელიც როგორც საგამოძიებო გუნდის წევრი ოფიციალურად საქმის მოწმე იყო. მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა სათათბიროდ გავიდა, მათ სურვილი გამოთქვეს კიდევ ერთხელ ენახათ მტკიცებულება. მოსამართლემ დაცვის მხარის ადვოკატისგან მათ შორის, უმცროსი ადვოკატისგანაც რჩევა ითხოვა, რომლებიც არ შეწინააღმდეგებიან ჩანაწერის ხელახლა ჩვენებას. მოსამართლემ მითითება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომ პოლიციის ოფიცერთან, რომელსაც ვიდეომოწყობილობის მართვა ევალებოდა, არ დაემყარებინათ კონტაქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვიდეომასალის კონკრეტული ნაწილის ნახვა სურდათ. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა მარტო დარჩა სასამართლოს ოთახში პოლიციის ოფიცერთან ერთად, თითქმის ორი საათის განმავლობაში. იმ მომენტში განმცხადებლის მთავარი ადვოკატი შეეცადა ხელახლა მოეწვია სასამართლო პროტესტის ნიშნად, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა პირისპირ იმყოფებოდა პოლიციის ოფიცერთან. განმცხადებელი საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ და მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი სააპელაციო განაცხადი, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას ტენდენციურობაში ადანაშაულებდა, აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამართალი
სასამართლოს შეფასება
ა. ზოგადი პრინციპები
79. სასამართლო შეგვახსენებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასამართლომ რწმენა შთაუნერგოს საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულს, რამდენადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცესს. ამ მიზნით, სასამართლო ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ჩათვლით უნდა იყოს მიუკერძოებელი როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური თვალსაზრისით.
80. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად ითვლება მანამ, სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდება, იგივე შეეხება ნაფიც მსაჯულებსაც. წინამდებარე საქმეში სადავო არ გამხდარა, რომ არ არსებობდა რაიმე ფაქტობრივი და სუბიექტური მიკერძოების მტკიცებულება არც ერთი ნაფიცი მსაჯულის მხრიდან. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, მიმდინარე საქმის შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა ნებისმიერი შეკითხვა უადგილო იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იმ მომენტში, როდესაც უყურებდნენ CCTV-დან ამოღებულ ვიდეომასალებს ოფიცერი მ-ს თანდასწრებით. სასამართლომ წინა საქმეების განხილვისას დაადასტურა, რომ წესი, რომელიც არეგულირებს ნაფიც მსაჯულთა სხდომის ფარულობას, გადამწყვეტია და სამართლებრივი ფუნქციაა ინგლისის სასამართლო კანონმდებლობისთვის, რომლის ვალია გააძლიეროს ნაფიც მსაჯულთა, როგორც უმაღლესი მსაჯულის როლი და უზრუნველყოს ღია და გულწრფელი განხილვა ნაფიც მსაჯულთა შორის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც მოისმინეს.
81. სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა, შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში მოითხოვდეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დათხოვნას, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული ყოველთვის არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას. სხვა ვითარებაში, დამატებითი გარანტიების არსებობა საკმარისია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემულ ვითარებაში იყო თუ არა საკმარისი გარანტიები რათა გამოერიცხათ ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მღელვარება, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიძლება გადამწყვეტი იყოს აღნიშნულის განსაზღვრისას.
ბ. წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიზნებისთვის ზოგადი პრინციპების გამოყენება
82. განმცხადებლის მღელვარება წინამდებარე საქმეში დაკავშირებულია ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზე სავარაუდო ზეგავლენის მოხდენასთან, რომელიც გამოწვეულია ოფიცერ მ-ს თითქმის ორსაათიანი პირისპირ ყოფნით ნაფიც მსაჯულებთან, მას შემდეგ, რაც ისინი საქმის განსახილველად გავიდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ფაქტობრივი როლი ეკისრებოდა ოფიცერ მ-ს აღნიშნულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისმა, როგორც პოლიციის ოფიცრის პოზიციამ და მისმა შედეგობრივმა კავშირმა ბრალდების მხარესთან, შეიძლება საფუძველი დაუდოს გასაგებ მღელვარებას ბრალდებულის მხრიდან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოსთვის აუცილებელი არ არის განიხილოს ნაფიც მსაჯულთა გასვლის შემდგომი ურთიერთობის დამყარების საკითხი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის არაწევრ პირთან, რომელიც არ იყო დაკავშირებული ბრალდების მხარესთან. სასამართლომ გამოთქვა ეჭვი, გასაგები უნდობლობა ავტომატურად აღმოცენდებოდა თუ არა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ნაფიც მსაჯულთა წევრები აღარ იქნებოდნენ იზოლირებული სასამართლო პროცესის განმავლობაში და ყოველდღიურად ურთიერთობა ექნებოდათ მრავალ ადამიანთან.
83. წინამდებარე საქმეში, განმცხადებლის გასაგები უნდობლობის გათვალისწინებით სასამართლომ, მოქმედი გარანტიების გათვალისწინებით, უნდა განიხილოს მისი შეშფოთება ობიექტურად რამდენად საფუძვლიანია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ის წარსულში განხილულ სხვა საქმეებში, ითხოვდა უტყუარ მტკიცებულებას, რათა ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობა ობიექტურად ყოფილიყო გამართლებული მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დადგენამდე. ასე მაგალითად, პულარის საქმეში (№22399/93, 1996 წლის 10 ივნისი), დარღვევა არ დადგინდა, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში იყო პიროვნება, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც ბრალდების მოწმე პარტნიორი იყო. საქმეში ჰარდიმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (№25935/94, 1996 წლის 28 თებერვლის კომისიის გადაწყვეტილება) კომისიამ მიუღებლად გამოაცხადა განაცხადი, რომელიც შეეხებოდა სასამართლო პროცესს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რომელშიც ნაფიცმა მსაჯულმა გადააწოდა ბარათი ადვოკატს და თხოვდა შეხვედროდა სადმე დასალევად, იმ მოქმედი გარანტიების საფუძველზე, რომელიც საკმარისი იყო შიდასახელმწიფოებრივ სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში, რათა გაეფანტათ გონივრული ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, დარღვევა არ დადგინდა გრეგორის საქმეში (№22299/93, 1997 წლის 25 თებერვალი) როდესაც ნაფიცმა მსაჯულმა მოსამართლეს ბარათი გადააწოდა, რომელშიც ეწერა: „ნაფიცი მსაჯულთა შემადგენლობაში შეინიშნება რასობრივი მინიშნებები. ერთი წევრი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს.“
84. წინამდებარე საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრად შერჩევისას, თითოეულ ნაფიც მსაჯულს მოეთხოვება ფიცი დადოს ან ხელწერილი დაწეროს და ამგვარად, სამართლიანად განიხილოს განმცხადებლის საქმე და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე. გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულებისთვის ზოგადი მიცემისას, სასამართლო განხილვის დასაწყისში და თუ შესაძლებელია სასამართლო პროცესის მსვლელობისასაც, ნაფიცი მსაჯულებისთვის ნათელი უნდა იყოს რომ არ შეიძლება საქმის განხილვა არავისთან, გარდა ნაფიცი მსაჯულებისა. სასამართლოს აზრით, აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას ნებისმიერი საფუძვლიანი ეჭვის გასაფანტად ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული პუნქტი სააპელაციო სასამართლოსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული.
85. როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, ოფიცერი მ-ს დახმარებით სასამართლოს დარბაზში CCTV-დან ამოღებული ვიდეომასალის ნახვა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მკაფიო მითითება მისცა, რომლითაც ყურადღება გაამახვილა, იმ ფაქტზე, რომ ოფიცერ მ-ს ერთადერთი მოვალეობაა ვიდეოაპარატურის მუშაობა და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაფიცმსაჯულები მას თხოვნით მიმართავენ ვიდეომასალების კადრების გაშვებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ შემდომში მითითება მისცა ნაფიც მსაჯულებს, რომ ერთმანეთთან მხოლოდ იმის განხილვა იყო დასაშვები, თუ რისი ნახვა სურდათ, საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი განხილვა ნაფიც მსაჯულთა ოთახში უნდა განხორციელებულიყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითების მიზანი იყო, ნაფიცი მსაჯულებისთვის ეჭვი არ დაეტოვა ოფიცერ მ-ს წმინდა ტექნიკურ როლთან და მისი დისკუსიაში ჩართვის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით, გარდა მითითებისა, თუ ვიდეომასალის რა ნაწილის ნახვა სურდათ მათ. საქმის გარემოებებში არ იყო ისეთი ფაქტორი, რის გამოც შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა არ დაეყრდნობოდა მოსამართლის დავალებებს და საქმის განმხილველ მოსამართლეს, აქედან გამომდინარე, უფლება ჰქონდა ევარაუდა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა დაიცავდა მის მიერ მიცემულ მითითებებს.
86. მესამე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას რჩევას მისცემდნენ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რომ ყურადღება მიექციათ სხვა ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემისთვის და პრობლემის წამოჭრისთანავე ეცნობებინათ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის. აქედან გამომდინარე, საყურადღებოა, რომ წინამდებარე საქმეში არც ერთ ნაფიც მსაჯულს არ გაუგზავნია რაიმე სახის შეტყობინება საქმის განმხილველი მოსამართლისთვის, რომელიც გამოხატავდა შიშს CCTV -დან ამოღებული ვიდეომასალის ნახვის შემდეგ.
87. მეოთხე, ნათელი იყო, რომ ოფიცერ მ-ს მოვალეობა ნაფიც მსაჯულთა მითითებების შესაბამისად ვიდეომასალის ჩვენებით შემოიფარგლებოდა. მას საკუთარი სურვილით არ უხელმძღვანელია ნაფიც მსაჯულთათვის ვიდეომასალის შესაბამისი ნაწილის ჩვენებისას. აღნიშნულ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ ოფიცერ მ-ს წინადადებას, ეჩვენებინა მის მიერ შერჩეული კონკრეტული კადრები, შეიძლება უნებურად ხელი შეეწყო მტკიცებულების არაერთგვაროვან აღქმაში.
88. მეხუთე, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეს ადვოკატის აზრი აინტერესებდა შეთავაზებულ საკითხთან დაკავშირებით. ორი ბრალდებულის ადვოკატი პირდაპირ დაეთანხმა ხოლო განმცხადებლის უმცროს ადვოკატს პროტესტი არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, არ არსებობდა არავითარი ეჭვი იმის შესახებ, რომ თანხმობა ოფიცერ მ.-ს დასწრების შესახებ ნაფიც მსაჯულთა მიერ ვიდეომასალის ნახვას, ყველა ადვოკატის მიერ იყო გაცემული. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ საკითხის განხილვისას, შიში ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერი და ობიექტურად გამართლებული იყო.
89. დაბოლოს, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მტკიცე შეთავაზებებს, რომ მეთოდი თავდაპირველად განმცხადებლის საქმეზე იქნა მიღებული, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალ საქმეებში, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა თანხმობა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსთვის ბუნებრივია ესწრაფოდეს უზრუნველყოს მომავალში სამართალწარმოებების იმგვარად წარმართვა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ხარვეზები. ამგვარად, დრო და დრო, სააპელაციო სასამართლოებმა შეიძლება მითითებები მისცენ პირველი ინსტანციის სასამართლოებს, რათა თავიდან აიცილონ პროცესუალური ხარვეზები, რომელიც შეიძლება ჩრდილს არ აყენებდეს მთელი სასამართლო პროცესის სამართლიანობას, მაგრამ მაინც არასასურველადაა მიჩნეული, რადგან ყველა პროცესუალურ ხარვეზს არ მივყავართ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევამდე. ის ფაქტი, რომ კრიტიკა გამოითქვა პროცედურის მიმართ, რომელიც თავდაპირველად მიიღეს განმცხადებლის საქმეზე, თავისთავად არ ადასტურებს დასკვნას, რომ მისი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები დაირღვა.
90. ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არსებობდა საკმარისი გარანტიები, რათა გამორიცხულიყო ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy