დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 205
2017 წლის მარტი
ტალპისი იტალიის წინააღმდეგ (Talpis v. Italy)
(საჩივარი- 41237/14)
გადაწყვეტილება, 2 მარტი, 2017 [1-ლი სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი
სიცოცხლე
ოჯახში ძალადობის საქმეზე სიცოცხლისთვის არსებული რისკების შეუფასებლობა: დარღვევა
მე-3 მუხლი
ეფექტიანი გამოძიება
პოზიტიური ვალდებულებები
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე დროულად არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, ელიზავეტა ტალპისი, დაბადებული 1965 წელს, რუმინეთის მოქალაქეა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
2012 წლის 2 ივნისს ქ-ნმა ტალპისმა საჩივრით მიმართა პოლიციას მეუღლის წინააღმდეგ, რომელიც ალკოჰოლიკი იყო და მას და მის ქალიშვილს სცემდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მომჩივნის მეუღლე დახვდათ ქუჩაში, ნასვამ მდგომარეობაში. პოლიციის ოფიცრებმა შეადგინეს ოქმი, სადაც აღწერეს ინციდენტის დროს მიღებული ქ-ნი ტალპისისა და მისი ქალიშვილის დაზიანებები. მომჩივანმა ფორმალური საჩივარი არ აღძრა.
2012 წლის 19 აგვისტოს მომჩივანს კიდევ ერთხელ დაესხა თავს დანით შეიარაღებული მეუღლე, რომელიც აიძულებდა თან გაჰყოლოდა, რათა მის მეგობრებთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. ქ-ნმა ტალიპმა დახმარებისთვის ქუჩაში მორიგე პოლიციის ოფიცრებს მიმართა; სამართალდამცავებმა მომჩივნის მეუღლე აკრძალული იარაღის ტარებისთვის დააჯარიმეს და ქ-ნ ტალპისს სახლში წასვლისკენ მოუწოდეს. შემდეგ მომჩივანი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მივიდა, სადაც მას თავისა და სხეულის მრავლობითი დაზიანება დაუდგინეს; ექიმებმა მას უთხრეს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებოდა. ამის შემდეგ მომჩივანი მოათავსეს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის განკუთვნილ შესაბამის დაწესებულებაში, სამი თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას ადგილებისა და შესაბამისი რესურსების ნაკლებობის გამო დაწესებულების დატოვება მოუწია. ქ-ნი ტალპისის განცხადებით, შემდგომში ქუჩაში ეძინა, გარკვეული დროით მეგობართან ცხოვრობდა და საბოლოოდ, როგორც შინა მოსამსახურემ, იპოვა სამსახური და შეძლო ბინის დაქირავება. მომჩივნის მეუღლე სატელეფონო ზარების მეშვეობით განაგრძობდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
2012 წლის 5 სექტემბერს მომჩივანმა განხორციელებული ფიზიკური დაზიანების, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის მუქარის შესახებ საჩივარი წარადგინა და ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები მისი და მისი შვილების დაცვის მიზნით. 2013 წლის 4 აპრილს მომჩივანი პირველად დაკითხეს; მან შეცვალა ჩვენება და შეამსუბუქა ბრალდებები. 2013 წლის აგვისტოში არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის მუქარის შესახებ წარდგენილი საჩივრის განხილვა დასრულდა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ოქტომბერში მომჩივნის მეუღლეს ფიზიკური ძალადობის გამო 2 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრეს.
2013 წლის 25 ნოემბერს ქ-ნმა ტალპისმა კიდევ ერთხელ მიმართა პოლიციას მეუღლესთან კამათის გამო; ქ-ნი ტალპისის მეუღლე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მომჩივნის მეუღლეს პირადობის მოწმობის წარდგენა მოთხოვეს, როდესაც ის ღამის 2.25 წუთზე ქუჩაში მთვრალი სეირნობდა. მას ჯარიმა დაუწერეს და სახლში წასვლის უფლება მისცეს. დაახლოებით ღამის 5 საათზე, მომჩივნის მეუღლე დანით შეიარაღებული შეიჭრა ქ-ნი ტალპისის სახლში და თავს დაესხა. მან დაჭრა ვაჟი, რომელიც ცდილობდა მშობლების გაშველებას; იგი ადგილზე გარდაიცვალა. მომჩივნის მეუღლემ ქ-ნ ტალპისს, რომელიც გაქცევას ცდილობდა, გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 2015 წლის იანვარში მომჩივნის მეუღლეს შვილის მკვლელობისა და მომჩივნის მკვლელობის მცდელობისთვის, აგრეთვე აკრძალული იარაღის ტარების, მომჩივნისა და მისი ქალიშვილის არასათანადო მოპყრობისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ასევე დაეკისრა მომჩივნისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლებზე დაყრდნობით, ქ-ნი ტალპისი დავობდა, რომ იტალიის ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულება, დაეცვა ის ოჯახში ძალადობისგან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მომჩივნის ვაჟის სიკვდილი და მომჩივნის მკვლელობის მცდელობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლზე (დისკრიმინაციის აკრძალვა) დაყრდნობით მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში, ქ-ნი ტალპისი ჩიოდა, რომ ხელისუფლების უმოქმედობის საფუძველზე, იგი გახდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი. მომჩივანმა ასევე გააკრიტიკა ოჯახში ძალადობის შესახებ იტალიის კანონმდებლობა.
სამართალი – მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანსა და მის ვაჟზე ვრცელდებოდა კონვენცია; ქ-ნი ტალპისი დაექვემდებარა იმგვარი ხასიათის ძალადობას, რამაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს. ვინაიდან მომჩივანმა სისხლისსამართლებრივი საჩივარი აღძრა 2012 წლის 5 სექტემბერს, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია ხელისუფლების ქმედებები აღნიშნული თარიღიდან შეეფასებინა. მას შემდეგ რაც ქ-ნმა ტალპისმა წარადგინა სარჩელი განცდილი ძალადობის თაობაზე და განაცხადა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მისი და მისი ქალიშვილის სიცოცხლეს და ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დამცავი ორდერის გამოცემა; მომჩივანი დაკითხეს საჩივრის წარდგენიდან შვიდი თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნულმა დაგვიანებამ მომჩივანს ცალსახად წაართვა, სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლად საჭირო დაუყოვნებლივი დაცვა. ეროვნულ ხელისუფლებას მხედველობაში უნდა მიეღო მომჩივნის უმწეო მდგომარეობა, ფიზიკური და მორალური მოწყვლადობა, სიტუაცია სათანადოდ შეეფასებინა და ქ-ნი ტალპისი შესაბამისი დაცვით უზრუნველეყო. ხელისუფლებამ არ შეაფასა მომჩივნის წინაშე არსებული რისკები, მათ შორის, შემდგომი ფიზიკური ძალადობის რისკი. შესაბამისად, ეფექტიანი ღონისძიებების გაუტარებლობით, ეროვნულმა ხელისუფლებამ ერთგვარად ხელი შეუწყო მომჩივნის მეუღლეს განეხორციელებინა ძალადობის შემდგომი აქტები. უფრო მეტიც, მოძალადის დაუსჯელობამ საბოლოოდ გამოიწვია 2013 წლის 25 ნოემბრის ღამის ტრაგიკული მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ორჯერ ჩაერია იმ ღამით განვითარებულ მოვლენებში, მათ არ მიუღიათ ეფექტური ზომები, რათა სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, მომჩივანი ადეკვატურად დაეცვათ, იმ დროს როცა პოლიციისთვის ცნობილი იყო ქ-ნი ტალპისის მეუღლის ძალადობრივი ქმედებების შესახებ და ჯერ კიდევ მიმდინარეობდა გამოძიება სხეულის მძიმე დაზიანების თაობაზე განმცხადებლის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით. ქ-ნი ტალპისის მეუღლის სისხლისსამართლებრივი წარსულის შემოწმების მიზნით პოლიციისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მომჩივნის მიმართ არსებული რეალური საფრთხის შესახებ. ამრიგად, კომპეტენტურმა ხელისუფლებამ ვერ გაატარა ეფექტური ღონისძიებები, რომელიც რაციონალურად თავიდან აიცილებდა მომჩივნის ვაჟის მკვლელობას და მისი მკვლელობის მცდელობას. შესაბამისად, ხელისუფლებამ გამოიჩინა საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება და ვერ შეძლო მომჩივნისა და მისი ვაჟის სიცოცხლის დაცვა. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირებულმა ხარვეზებმა ქ-ნი ტალპისის სისხლისსამართლებრივი საჩივარი არაეფექტიანი გახადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა.
მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანი შეიძლება შეყვანილ იქნეს ,,მოწყვლადი პირების’’ კატეგორიაში, რომლებსაც სახელმწიფო დაცვის უფლება აქვთ; სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ განცდილი ძალადობა, რაც მოიცავს სხეულის მძიმე დაზიანებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, საკმარისად სერიოზული ხასიათის იყო, რათა კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში არასათანადო მოპყრობად ყოფილიყო კვალიფიცირებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სასამართლო განხილვისას, ეროვნულმა ხელისუფლებამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღოს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა, მისი ფიზიკური და მორალური მოწყვლადობა და რაც შეიძლება სწრაფად შეაფასოს სიტუაცია ადეკვატურად. წინამდებარე საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა სარწმუნო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები მიღებული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის შესახებ საჩივრის წარდგენიდან 7 თვის განმავლობაში. ხელისუფლებას ასევე არ წარმოუდგენია განმარტება, რატომ გაგრძელდა სხეულის მძიმე დაზიანების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სამი წელი. სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეზე ეროვნული ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების მეთოდი მიუთითებდა ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე და არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
შესაბამისად, სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა.
მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა): მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს თანაბარი სამართლებრივი დაცვის უფლების დარღვევას. მოცემულ საქმეში ქ-ნი ტალპისის მიმართ ძალადობა რამდენჯერმე განხორციელდა, რის შესახებაც ცნობილი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად ამისა, განმცხადებლის საჩივრის განხილვა შვიდი თვის შემდეგ დაიწყეს და ამ დროის განმავლობაში არ გაუტარებიათ რაიმე დამცავი ღონისძიება. ქ-ნი ტალპისის მეუღლე დამნაშავედ ცნეს სხეულის მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებულ საქმეში სამი წლის შემდეგ (2015 წლის 1-ლ ოქტომბერს); მას შემდეგ რაც მან მოკლა განმცხადებლის შვილი და სცადა განმცხადებლის მკვლელობა. წინამდებარე საქმეზე ხელისუფლების უმოქმედობა განსაკუთრებით აშკარა იყო იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურამ პოლიციას, რომელსაც 6 თვის განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია, მოთხოვა დაუყოვნებელი ზომები მიეღო ქ-ნი ტალპისისა და მისი შვილის დასაცავად. სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებული ფაქტორების კომბინაცია ცხადყოფდა, რომ იტალიის ხელისუფლებამ ძალადობის სერიოზულობის სათანადოდ შეუფასებლობით საბოლოოდ წაახალისა იგი. ამრიგად, ქ-ნი ტალპისი, კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლს წარმოადგენდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2012 წლის ანგარიში, ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტისა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემები, ასახავს იტალიაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავეს და მის თანმდევ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ-ნი ტალპის საქმე არსებული სტატისტიკის მაგალითი იყო, რომლის თანახმადაც, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, მრავალი ქალი მოკლა პარტნიორმა ან ყოფილმა პარტნიორმა (ფემიციდი); ამასთანავე, ოჯახში ძალადობის ფაქტებისა და ქალთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულება შენარჩუნებული იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ-ნი ტალპისის მიმართ ძალადობა სქესის ნიშნით განხორციელდა და, შესაბამისად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენდა.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიამ არამატერიალური ზიანისთვის ქალბატონ ტალპისს 30,000 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 10,000 ევრო უნდა გადაუხადოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy