© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე „თანასე მოლდოვას წინააღმდეგ“
(საჩივარი № 7/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 აპრილი, 2010 წ.
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა, დაექვემედებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „თანასე მოლოდვას წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პიერ ლორენცენი, თავმჯდომარე
ფრანსუაზ ტულკენსი
ჯოზეფ კასადევალი
ირენე კაბრიალ ბარეტო
კორნელიუ ბირსანი
რეტ მარუსტი
ვლადიმირო ზაგრებელსკი
ელიზაბეტ სტეინერი
დინ შპილმანი
სვერ ერიკ იებენსი
იან სიკუტა
დრაგოლიუბ პოპოვიჩი
ისაბელ ბერო-ლეფევრი
პაივი ჰირველა
ჯორჯ ნიკოლაუ
ზდრავკა კალეიჯიევა
მიჰაი პოალელუნგი, მოსამართლეები
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო განმწესრიგებლის მოადგილე,
2009 წლის 16 სექტემბერსა და 2010 წლის 10 მარტს გამართული დახურული თათბირების შედეგად, 2010 წლის 10 მარტს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 7/08), რომელიც 2007 წლის 27 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში მოლდოვისა და რუმინეთის ორმა მოქალაქემ ბ-ნმა ალექსანდრუ თანასემ და ბ-ნმა დორინ ჩირტოაკამ (შემდეგში „მომჩივნები“) მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიტანა.
2. მომჩივნებს წარმოადგენდა კიშინოვში მოღვაწე იურისტი ბ-ნი ჯ. ჰანგანუ, ხოლო მოლდოვას მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) - სახელმწიფო წარმომადგენელი ბ-ნი ვ. გროსუ.
3. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ დაირღვა მათი უფლება, კენჭი ეყარათ თავისუფალ არჩევნებში და არჩევის შემთხვევაში, გამხდარიყვნენ პარლამენტის წევრები, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებას - საკანონმდებლო ორგანოს არჩევის დროს ხალხის თვისუფალი ნების გამოხატვას. მომჩივნები, 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში, ასევე ჩიოდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევაზე.
4. საჩივარი განსახილველად სასამართლოს მეოთხე სექციას გადაეცა (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის, 1-ლი ნაწილი). 2008 წლის 18 ნოემბერს ერთდროულად მიღებული განჩინებითა და გადაწყვეტილებით, მეოთხე სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლას ბრატცა, ლეხ გარლიცკი, ჯიოვანი ბონელო, ლილიანა მიოვიჩი, დავიდ ტორ ბიორგსვინსონი, ლედი ბიანკუ და მიჰაი პოალელუნგი, ასევე ფატოშ არაჩი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე, ბ-ნი ჩირტოაკას საჩივარი ხმათა უმრავლესობით დაუშვებლად, ხოლო ბ-ნი თანასეს საჩივარი ერთხმად დასაშვებად ცნო; პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ბ-ნი თანასეს მიმართ დაირღვა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლი; პალატამ, ასევე ერთხმად, არ მიიჩნია საჭიროდ, ცალკე განეხილა საჩივარი, რომელიც 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში კონვენციის მე-14 მუხლის შესაძლო დარღვევას ეხებოდა.
5. 2009 წლის 6 აპრილს, მთავრობის თხოვნის საფუძველზე, კონვენციის 43-ე მუხლის თანახმად, დიდი პალატის კოლეგიამ გადაწყვიტა, საქმე განსახილველად დიდი პალატისთვის გადაეცა.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის დებულებების შესაბამისად. ჟან-პოლ კოსტამ ვერ შეძლო, დასწრებოდა მეორე თათბირს. საქმის განმხილველი დიდი პალატის თავმჯდომარეობა პიერ ლორენცენმა გადაიბარა, ხოლო კორნელიუ ბირსანი, სათადარიგოთა სიაში მყოფი მოსამართლე, დიდი პალატის სრულუფლებიანი წევრი გახდა (სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლი).
7. მომჩივანმა, ბ-ნმა თანასემ და მთავრობამ საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით თავიანთი წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს. გარდა ამისა, გამოიყენა რა მისი უფლება, საქმეში მესამე მხარედ ჩართულიყო (კონვენციის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის, 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი), მოსაზრებები რუმინეთის მთავრობამაც წარმოადგინა.
8. სასამართლოს ღია მოსმენა 2009 წლის 16 სექტემბერს სტრასბურგში, სასამართლოს შენობაში გაიმართა (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ბ-ნი ვ. გროსუ, სახელმწიფო წარმომადგენელი;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ჯ. ჰანგანუ,იურისტი;
(გ) რუმინეთის მთავრობის სახელით
ბ-ნი რ-ჰ რადუ,სახელმწიფოს წარმომადგენელი,
ქ-ნი ტასე,
ქ-ნი პოპესკუ,
ქ-ნი ი. ჩიოპონეა, მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ბატონების გროსუს, ჰანგანუსა და რადუს მიმართვები.
9. სასამართლო მოსმენის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიუხედავად (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 68 და 70), მომჩივანმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ არ სურდა მისი საქმის სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
10. მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და ცხოვრობს კიშინოვში. იგი, ეთნიკური რუმინელი, მოლდოველი პოლიტიკოსია.
ა. ისტორიული გარემოებები
11. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, მოლდოვას სამთავრო პირველად 1359 წელს წარმოიქმნა. მისი ტერიტორია აღმოსავლეთ კარპატების მთებს, მდინარე დნესტრსა და შავ ზღვას შორის მდებარეობდა; დღეს ეს ტერიტორია მოიცავს მოლდოვას მთლიანად და ასევე - რუმინეთისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილს. ამ ტერიტორიის მკვიდრები იმავე ენაზე საუბრობდნენ და იმავე წარმომავლობის იყვნენ, როგორც ვლახეთისა და ტრანსილვანიის მოსახლეობა (ორივე რეგიონი დღეს რუმინეთის შემადგენლობაშია).
12. მეთხუთმეტე საუკუნეში მოლდავია ოსმალთა იმპერიის სუზერენიტეტის ქვეშ მოექცა.
13. რუსეთ-თურქეთის 1806-1812 წლების ომის შემდეგ, მოლდავიის სამთავროს აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთით მდინარე დრესტით, ხოლო დასავლეთით მდინარე პრუტით იყო შემოსაზღვრული, რუსეთის იმპერიის მიერ იქნა ანექსირებული. ამ ტერიტორიას სახელი შეეცვალა და ბესარაბია ეწოდა.
14. 1859 წელს, მოლდავიის სამთავროს დასავლეთი ნაწილისა და ვლახეთის გაერთიანების შედეგად, ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. 1861 წლიდან ეს ახალი სახელმწიფო ცნობილია, როგორც რუმინეთი. 1877 წელს რუმინეთმა ოსმალთა იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
15. 1918 წლის დასაწყისში, ბესარაბიამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 1918 წლის 27 მარტს რუმინეთს შეუერთდა. ბესარაბიის მოსახლეობა რუმინეთის მოქალაქეები გახდნენ.
16. საბჭოთა კავშირმა არ აღიარა ბესარაბიისა და რუმინეთის გაერთიანება. 1940 წლის 28 ივნისს, ნაცისტურ გერმანიასთან მოლოტოვ-რიბენტროფის პაქტის გაფორმების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ბესარაბიის ტერიტორიის ხელახალი ანექსია მოახდინა.
17. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ბესარაბიის ტერიტორიის დაახლოებით 70 პროცენტი, სადაც მისი მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი ცხოვრობდა, მოლდავურ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად (1990 წელს მისი სახელი შეიცვალა და ეწოდა მოლდოვას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) ჩამოყალიბდა. ბესარაბიის დანარჩენი ტერიტორია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი გახდა. ბესარაბიის მაცხოვრებლებმა რუმინეთის მოქალაქეობა დაკარგეს და საბჭოთა კავშირის მოქალაქეები გახდნენ. რუმინეთი კი საბჭოთა კავშირის სატელიტ სახელმწიფოდ იქცა.
18. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიღებულ 1991 წლის 27 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტმა, inter alia, დაგმო 1812 წელს რუსების მიერ მოლდავიის სამთავროს ტერიტორიის, ხოლო 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ რუმინეთის ტერიტორიის ანექსია; პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა მოლდავური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში გამოაცხადა. მას შემდეგ მალევე მოლდოვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა და იგი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.
ბ. მოქალაქეობის საკითხი დამოუკიდებლობის შემდეგ
19. 1991 წელს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებად გამოაცხადა, inter alia, ის პირები და იმ პირთა შთამომავლები, ვინც საბჭოთა კავშირის მიერ ანექსიამდე მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
20. მომჩივანმა მიიღო მოლდოვას მოქალაქეობა, როგორც 1940 წლის 28 ივნისამდე მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის შთამომავალმა.
21. იმავე 1991 წელს, რუმინეთის პარლამენტმა მიიღო მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი, რომლითაც იმ პირებსა და იმ პირთა შთამომავლებს, ვინც რუმინეთის მოქალაქეობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით 1989 წლამდე დაკარგეს, რუმინეთის მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცათ.
22. თავდაპირველად, 1994 წლის 29 ივლისს მიღებული კონსტიტუციის, რომელიც ძალაში 1994 წლის 27 აგვისტოს შევიდა, მე-18 მუხლის შესაბამისად, მოლდოვას მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ ქონდათ უფლება, იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეები ყოფილიყვნენ. თუმცა, ეს აკრძალვა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან რუმინული წარმომავლობის ბევრმა მოლდოველმა ისარგებლა რუმინეთის დაკარგული მოქალაქეობის აღდგენის შესახებ რუმინეთის კანონმდებლობის დებულებებით. ამავდროულად, სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოლდოველებმა მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი.
23. 2002 წელს მოლდოვას კონსტიტუციის დებულებები, რომლებიც ორმაგ მოქალაქეობას კრძალავდა, გაუქმდა.
24. 2003 წლის 5 ივნისს, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმების შემდეგ, მოლდოვას პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა და ის ნორმა გააუქმა, რომელიც მოლდოვას მოქალაქეებს იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის შესაძლებლობას უზღუდავდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 74). კანონში შეტანილმა ახალმა დებულებებმა დაადგინა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ყველა პირს, გამონაკლისის გარეშე, ჰქონდა ისეთივე უფლებები, რითაც სარგებლობდნენ ერთი - მოლდოვას - მოქალაქეობის მქონე პირები (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 75).
25. დაუდგენელია ზუსტი თარიღი, როცა მომჩივანმა რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი ამჟამინდელი რუმინული პასპორტი 2005 წლის დეკემბერში გაიცა, რის შემდეგაც მან მისი რუმინეთის მოქალაქეობა საჯარო გახადა.
26. იმ მოლდოველთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც 1991 წლის შემდეგ რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო, უცნობია, რადგან რუმინეთს ეს ინფორმაცია არასოდეს გაუსაჯაროებია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ 1991 წლიდან 2001 წლამდე 95 000-დან 300 000-მდე მოლდოველმა მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა. 2007 წლის 4 თებერვალს რუმინეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ დროისთვის 800 000 მოლდოველს ჰქონდა შეტანილი განცხადება რუმინეთის მოქალაქეობის მისაღებად; მისივე თქმით, რუმინეთის მთავრობა ვარაუდობდა, რომ 2007 წლის ბოლომდე ეს რიცხვი 1.5 მილიონს მიაღწევდა მაშინ, როცა მოლდოვას მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3.8 მილიონი იყო.
27. ასევე უცნობია მოლდოვას იმ მოქალაქეთა საერთო რაოდენობა, ვინც ამავდროულად არა რუმინეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ფლობს. თუმცა, როგორც ირკვევა, ასეთ პირთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და რუმინეთის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობა, ყველაზე პოპულარულია. 2008 წლის 16 სექტემბერს, მოლდოვაში რუსეთის ელჩმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე (ე.ი. მთლიანად მოლდოვაში) დაახლოებით 120 000 მოლდოველს ჰქონდა რუსეთის პასპორტი.
28. პალატის წინაშე წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში, მოდლოვას მთავრობამ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ორმაგი მოქალაქე იყო; ხოლო პარლამენტის კომუნისტმა წევრმა (შემდეგში „პარლამენტარი“), ბ-ნმა ვ. მისინმა საპარლამენტო დებატებზე, რომელიც №273 კანონს შეეხებოდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 78-81), განაცხადა, რომ დაახლოებით 500 000 მოლდოველს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა.
გ. 2008 წლის საარჩევნო რეფორმამდელი მოლდოვას პოლიტიკური ევოლუციის მიმოხილვა
29. გასული ათწლეულის განმავლობაში და 2009 წლის არჩევნებამდე, მოლდოვას კომუნისტური პარტია, რომელსაც ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავდა პარლამენტში, დომინანტი პოლიტიკური ძალა იყო ქვეყანაში.
30. კომუნისტური პარტიის გარდა, ქვეყანაში ოცდახუთზე მეტი ნაკლებად გავლენიანი პოლიტიკური პარტია არსებობდა. მუდმივი ცვლილებების გამო, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა რთული იყო. მათი სუსტი პოზიციიდან გამომდინარე, გასულ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიათაგან ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო ექვსპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში ადგილების მოპოვება.
31. 2001 წლის არჩევნების დროს, ოცდაშვიდი მონაწილე პარტიიდან, კომუნისტური პარტიის გარდა, დამოუკიდებლად მხოლოდ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა, მოიპოვა რა ხმების საერთო რაოდენობის 8 პროცენტი. სხვა ექვსი პარტია ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა (საერთო სიით) და ასე შეძლო ხმების 13 პროცენტის მოპოვება. კომუნისტურმა პარტიამ ხმათა 50 პროცენტი მიიღო და გაუქმებული ხმების პროპორციული გადანაწილების შედეგად 101 ადგილიდან პარლამენტში 71 ადგილი მოიპოვა.
32. 2002 წელს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისთვის ექვსპროცენტიანი ბარიერი შენარჩუნდა, მაგრამ ორი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკებისთვის ცხრაპროცენტიანი, ხოლო სამი და მეტი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკებისთვის თორმეტპროცენტიანი ბარიერები დაწესდა.
33. 2005 წლის არჩევნებში, ოცდასამი მონაწილე პარტიიდან, კომუნისტური პარტიის გარდა, დამოუკიდებლად კვლავ მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულმა სახახლო პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა, მოიპოვა რა ხმათა 9 პროცენტი. ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულმა სამმა სხვა პარტიამ ხმების 28 პროცენტი, ხოლო კომუნისტურმა პარტიამ ხმების თითქმის 46 პროცენტი მიიღეს. გაუქმებული ხმების პროპორციული გადანაწილების შედეგად, კომუნისტურმა პარტიამ 101 ადგილიდან 56 ადგილი მოიპოვა პარლამენტში.
34. 2005 წლის ივლისში, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ევროპის საბჭოს არაერთხელ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, პარლამენტმა კვლავ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რის შედეგადაც საარჩევნო ბარიერი დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის 4 პროცენტი, ხოლო ნებისმიერი რაოდენობის პარტიებისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკისთვის 8 პროცენტი გახდა. ევროპის საბჭოს კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (შემდეგში „ვენეციის კომისია“) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (შემდეგში „ეუთო“) დადებითად შეაფასეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა; ისინი ასევე გამოვიდნენ წინადადებით, იგივე საარჩევნო ბარიერი დაწესებულიყო პარტიათა ბლოკებისთვის, რაც ხელს შეუწყობდა თანამშრომლობასა და მთავრობის სტაბილურობას.
35. 2007 წლის ივნისის ადგილობრივი არჩევნების დროს, კომუნისტურმა პარტიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში ხმათა 40 პროცენტი მიიღო. ვინაიდან ადგილობრივ არჩევნებში არ არსებობს საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივ საბჭოებში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგად, მომჩივანი კიშინოვის მუნიციპალური საბჭოს წევრი გახდა.
36. მოგვიანებით მომჩივანი 2008 წლის იანვარში შექმნილი ოპოზიციური პარტიის - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
დ. 2008 წლის საარჩევნო რეფორმა
37. 2008 წლის 10 აპრილს მოლდოვას პარლამენტმა დაამტკიცა რეფორმა, რომელიც სამი ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებისგან შედგებოდა: საარჩევნო ბარიერი 4 პროცენტიდან ისევ 6 პროცენტამდე გაიზრდა; ყოველგვარი საარჩევნო ბლოკები და კოალიციები აიკრძალა; და ორი ან რამდენიმე მოქალაქეობის მქონე პირებს აეკრძალათ, გამხდარიყვნენ პარლამენტის წევრები.
38. ორი ან რამდენიმე მოქალაქეობის მქონე პირთათვის პარლამენტის წევრობის აკრალვა №273 კანონით დამტკიცდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაპები 78-80). ეს კანონი პარლმანეტმა პირველი მოსმენით 2007 წლის 11 ოქტომბერს დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მთავრობასა და რამდენიმე საჯარო სტრუქტურაში მაღალი თანამდებობის დაკავება, ასევე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში კანდიდატად კენჭისყრა შეეძლოთ მხოლოდ იმ პირებს, ვინც მოლდოვას მოქალაქეობის გარდა, სხვა მოქალაქეობას არ ფლობდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 78). კანონი დნესტრისპირეთის შესახებ სპეციალურ მუხლს შეიცავდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 80 და 81).
39. კანონპროექტის განმარტებით ბარათში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა:
„გავაანალიზეთ რა ქვეყანაში მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, გამოვარკვიეთ, რომ მოლდოვას მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ამ პირების მიერ გარკვეული პრივილეგიების, როგორიცაა ევროპის კავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება, სოციალური პრივილეგიები, ოჯახის გაერთიანება, დასაქმება და განათლება, მოპოვების სურვილით აიხსნება.
ამავე დროს, პირებს, რომლებიც სვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ამ ქვეყნების წინაშე პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები აქვთ. ამ გარემოებამ შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი იმ შემთხვევებში, როცა პირს აქვს ვალდებულება, როგორც მოდლოვას რესპუბლიკის, ისე იმ ქვეყნის წინაშე, რომლის მოქალაქეობასაც ის ამავდროულად ფლობს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, და შექმნილი სიტუაციის გადასაჭრელად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აეკრძალოთ საჯარო თანამდებობების დაკავება. ...
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ პირებს არ ექნებათ მოლდოვას რესპუბლიკაში მუშაობის შესაძლებლობა. მათ შეეძლებათ, პროფესიული საქმიანობა განახორციელონ იმ სფეროებში, რაც არ გულისხმობს სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელებას. ...“
40. საპარლამენტო დებატების დროს მრავალმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა წინასწარი ექსპერტიზისთვის კანონპროექტის ევროპის საბჭოში გადაგზავნა. თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას. სანაცვლოდ, ოპოზიციას მოუწოდეს, ახალი კანონი მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინა. იმ დროს კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი არავის წარუდგენია (მაგრამ იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 54-58). ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი რაოდენობა დაობდა, რომ ცვლილების შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პარლამენტის წევრობას უკრძალავდა, მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის მე-17 მუხლს ეწინააღმდეგებოდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 83-85); თუმცა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საწინააღმდეგო მოსაზება გამოთქვა და განაცხადა, რომ შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტს კონვენციის დენონსირების უფლებამოსილება ჰქონდა.
41. 2007 წლის 7 დეკემბერს, პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ დაამტკიცა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 78). თუმცა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტმა კანონპროექტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და ხელახალი განხილვისთვის იგი პარლამენტს დაუბრუნა.
42. კანონპროექტში შემდგომი ცვლილებები შევიდა და შედეგად სამთავრობო და სხვა საჯარო სტრუქტურებში იმ თანამდებობების სია შემცირდა, რომლის დაკავებაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეკრძალებოდათ. საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შესახებ დებულებებიც შეიცვალა და ორი ან რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიღების უფლება მიეცათ; თუმცა ისინი ვალდებული იყვნენ, კანდიდატად დარეგისტრირებამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მათი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ეცნობებინათ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი საპარლამენტო მანდატის დამტკიცებამდე, სხვა ქვექნის/ქვეყნების მოქალაქეობიდან გასულიყვნენ, ან მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები წამოეწყოთ (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 79).
43. 2008 წლის 10 აპრილს პარლამენტის იურიდიულმა კომისიამ ახალი კანონპროექტი კვლავ კენჭისყრაზე დააყენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტი იმავე დღეს მიიღეს. №273 კანონით მიღებული ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეობის შესახებ კანანონის მოქალაქეების თანასწორობის შესახებ დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც კანონით გათვალისწინებულ შემთვევებში დასაშვები გახდა განსხვავებული მოპყრობა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 24 და ქვემოთ - პარაგრაფი 75).
44. 2008 წლის 19 აპრილს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ 2008 წლის 10 აპრილს მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. 2008 წლის 13 მაისს კანონი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი სხვა ორ ცვლილებას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 37) ასევე 2008 წლის მაისში მოეწერა ხელი და ამოქმედდა.
ე. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაქცია
1. ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისია
45. 2008 წლის 19 აპრილს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისიამ (შემდეგში „რასიზმის საწინააღმდეგო კომისია“) 2007 წლის 14 დეკემბერს მიღებული ანგარიში გამოაქვეყნა. რასიზმის საწინააღმდეგო კომისიამ თავის ანგარიშში ორი და რამდენიმე მოქალაქეობის მქონე პირთა შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკა:
“16. რასიზმის საწინააღმდეგო კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოლდოვას მიერ რატიფიცირებული მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის მე-17 მუხლთან, მოლდოვას იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ რომელთათვისაც კანონიერი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მოლდოვაა, ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორც მოლდოვას სხვა მოქალაქეებს. ამ კუთხით რასიზმის საწინააღმდეგო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს 2007 წლის 11 ოქტომბერს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ იმ პირებს აქვთ უფლება, დაიკავონ მაღალი თანამდებობები მთავრობასა და რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში, ვინც ექსკლუზიურად მოლდოვას მოქალაქეები არიან. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რასიზმის საწინააღმდეგო კომისია მიიჩნევს, რომ არსებული ფორმით კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოლდოვას ის მოქალაქეები, რომლებიც ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, საჯარო თანამდებობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სხვა მოქალაქეებთან შედარებით ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამ კანონის ძალაში შესვლამ შესაძლოა, გამოიწვიოს დისკრიმინაცია, ე.ი. მოქალაქეობის ნიადაგზე გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობა. რასიზმის საწინააღმდეგო კომისიისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ანგარიშის შედგენისას მოლდოვაში კანონპროექტთან დაკავშირებით ფართო დისკუსია მიმდინარეობს; ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ბევრმა აღნიშნა კანონპროექტის საბოლოო დამკიცებამდე მისი ტექსტის ძირეული გადახედვის აუცილებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
...
18. რასიზმის საწინააღმდეგო კომისია დაბეჯითებით მოუწოდებს მოლდოვას ხელისუფლებას, გადახედოს 2007 წლის 11 ოქტომბრის კანონპროექტს ... რათა უზრუნველყოს, რომ კანონპროექტმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ პრინციპი არ დაარღვიოს და ამავე დროს, არ შეასუსტოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ახლახან შეტანილი დადებითი ცვლილებები, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდა ერთდროულად მრავლობითი მოქალაქეობის ქონა.“
2. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტი
46. 2007 წლის 14 სექტემბრის ანგარიშში - „მოლდოვას მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულება“, საპარლამენტო ასამბლეის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტმა (შემდეგში „ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტი“) აღნიშნა:
„20. ასამბლეა მადლიერია ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების დონის შესაფასებლად მიმართული მოლდოვას ხელისუფლების ძალისხმევის გამო. თუმცა, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სფეროში შემავალი ყველა ახალი კანონპროექტი დამტკიცებამდე უნდა გადაეცეს ექსპერტიზას და მოხდეს მისი განხილვა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან.“
47. 2008 წლის 9 ივნისის ანგარიშში - „დემოკრატიის მდგომარეობა ევროპაში: დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება ევროპაში და ასამბლეის ზედამხედველობის პროცედურის პროგრესი“, ვალდებულებათა შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტმა, inter alia, აღნიშნა:
“80. მოლდოვას მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების შესახებ 2007 წლის ანგარიშში (დოკუმენტი 11374), მოლდოვას შესახებ კომიტეტის თანამომხსენებლებმა დადებითად შეაფასეს 2005 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. კერძოდ, საარჩევნო ბარიერი ინდივიდუალურად მონაწილე პარტიებისთვის - 4%-მდე, ხოლო პოლიტიკური პარტიების კოალიციებისთვის 8%-მდე დაიწია ...
82. ზედამხედველობის კომიტეტი ... ძალიან შეშფოთებულია საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გამო. 2008 წლის აპრილში მოლდოვას პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, პარტიული სიებისთვის საარჩევნო ბარიერი 6%-მდე გაზარდა. გარდა ამისა, ‘საარჩევნო ბლოკების’ - პარტიათა კოალიციის მიერ ერთიანი სიის წარდგენა-შექმნა აიკრძალა. გატარებულმა ცვლილებებმა შეშფოთება გამოიწვია და მოკლევადიანი შეტყობინებით კომიტეტმა მოსაზრებათა გაცვლის მიზნით მოლდოვას დელეგაციასთან 15 აპრილს შეხვედრა გადაწყვიტა. საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ არ უნდა იცვლებოდეს. მან საშუალება უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიათა ფართო სპექტრს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში, რათა ხელი შეეწყოს ჭეშმარიტად პლურალისტული დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. 2009 წლის გაზაფხულზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი პერიოდის დაკვირვებისას, საარჩევნი კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებსა და მათი მიღების მიზეზებს თანამომხსენებლები ძირეულად შეისწავლიან.“
3. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
48. 2008 წლის 25 ივნისს ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ თავის №1619 (2008) რეზოლუციაში, შეშფოთება ასევე გამოთქვა საპარლამენტო ასამბლეამ:
“5.3. ასამბლეა ... სინანულს გამოთქვამს მოლდოვას პარლამენტის მიერ პარტიული სიებისთვის საარჩევნო ბარიერის 6%-მდე გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო“.
49. მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ №1666 (2009) რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა:
“ ... რაც შეეხება მოლდოვას ხელისუფლების მიერ წინა რეკომენდაციების, (რომლებიც 2009 წლის 5 აპრილის არჩევნებამდე საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეეხებოდა) ნაწილობრივ შესრულებას. 2008 წლის აპრილში საარჩევნო კოდექსი შეტანილი ცვლილებების შედეგად საარჩევნო ბარიერი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა, პოლიტიკურ პარტიებისა და სოციო-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კოალიციების შექმნის შესაძლებლობა არ იქნა უზრუნველყოფილი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოდლოვის მოქალაქეებს მაღალი საჯარო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა მოესპოთ. ამ ცვლილებათა ერთობლივი ეფექტი გახლდათ ის, რომ ბევრ პოლიტიკურ ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდა, რამაც პლურალიზმი დაასუსტა.“
50. საპარლამენტო ასამბლეამ მოლდოვას მოუწოდა:
“8.1. ევროპის საბჭოს კომისიასთან - სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) - თანამშრომლობით, განეახლებინა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერი დაწეულიყო, რაც პოლიტიკურ პროცესს ღიას გახდიდა მეტი პლურალიზმისთვის; ...
8.2. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე თანასე და ჩირტოაკა მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეეჩერებინა საარჩევნო კოდექსის იმ მუხლების მოქმედება, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოვას მოქალაქეებს მაღალი საჯარო თანამდებობების დაკავებას უკრძალავდა; ...“
4. ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად
51. 2008 წლის 23 ოქტომბერს, ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად („ვენეციის კომისია“) 2008 წლის აპრილში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით 2008 წლის 17-18 ოქტომბერს მიღებული ანგარიში (მოსაზრება №484/2008) გამოაქვეყნა. ანგარიში რეფორმის ყველა ასპექტის შესახებ კრიტიკას შეიცავდა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ ანგარიშში ეწერა შემდეგი:
„30. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში დამატებული ახალი პარაგრაფი ‘პირებს, ვინც მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან’ უკრძალავს, ‘იყონ არჩეული’ საპარლამენტო არჩევნებში ‘დეპუტატად 75-ე მუხლში მოცემული პირობების გათვალისწინებით’. 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შუძლია იყოს კანდიდატი, თუ არჩევის შემთხვევაში იგი უარს იტყვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე და მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობას შეინარჩუნებს. ზემოთქმული უნდა ჩაითვალოს შეუსაბამობად.
31. გარდა ტექსტის მოცემული ფორმულირების პრობლემურობისა, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა არ უნდა გამომდინარეობდეს ორმაგი მოქალაქეობიდან. საარჩევნო საკითხებში დადებითი პრაქტიკის შესახებ კოდექსში მოცემულია ამონარიდი მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციიდან (ამ უკანასკნელის რატიფიკაცია მოლდოვამ 1999 წლის ნოემბერში გააკეთა), სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ‘წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ, იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ამავე სახელმწიფოს სხვა მოქალაქეები’.
32. ამავე დროს, მოცემული შეზღუდვა იქნება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევა, კერძოდ - 1-ლი ოქმის მე-3 და კონვენციის მე-14 მუხლების დარღვევა.“
5. სხვა საერთაშორისო კრიტიკა
52. 2008 წლის 27 მაისს, ევროპის კავშირისა და მოლდოვას თანამშროლობის საბჭოს შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროპის კავშირის ზოგადი საკითხებისა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო, მოლდოვას 2009 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა; მან ასევე შეშფოთება გამოთქვა საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომლის შედეგადაც საარჩევნო ბარიერი ექვს პროცენტამდე გაიზარდა.
53. 2008 წლის 9 ივლისს, მოლდოვას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა წუხილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით:
“... მე დაბეჯითებით მოგიწოდებთ, მოიპოვოთ ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება კანონმდებლობაში ახლახან შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირდებით, რაც მომდევნო არჩევნების დროს ამოქმედდება; კერძოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და ორმაგი მოქალაქეობა. ეს მგრძნობიარე საკითხებია; საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა იმ საფრთხეებსა და შეშფოთების მიზეზებს შორის, რომლის აღმოსაფხვრელადაც, ერთი მხრივ, მოხდა ცვლილებების ინიცირება, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ მოცემული ცვლილებები ევროპის საბჭოს პრინციპებთან შეუსაბამოა.“
ვ. დავა საკონსტიტუციო სასამართლოში
54. 2008 წლის 9 დეკემბერს, ბ-ნმა ვლად ფილატმა, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც განაცხადა, რომ № 273 კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო.
55. 2009 წლის 26 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლომ № 273 კანონის კონსტიტიურობის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. მან დაადგინა, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისი და იურიდიული ძალის მქონე იყო. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დებულებები გასაგები და არაორაზროვანი, და ასევე, ხელმისაწვდომი იყო, რადგან კანონი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა; სასამართლომ ამასთანავე განმარტა, რომ კანონი წინასწარ განჭვრეტადი იყო, რადგან იგი, მოლდოვას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდათ, მაგრამ ამავე დროს ფლობდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც, საკმარისი სიზუსტით აძლევდა შესაძლებლობას სათანადო საზოგადოებრივი შეგნებით ემოქმედათ, რათა არ შეზღუდულიყო მათი უფლებები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კანონი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პარლამენტის წევრობას არ უკრძალავდა, რადგან იგი ამ პირებს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კანონის დებულებები საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში იყო და დაასკვნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ნებას რთავდა ქვეყნებს, საჯარო მოხელეების ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაეწესებინათ.
56. სასამართლომ იქვე დაადგინა, რომ კანონი მართლზომიერ მიზანს ემსახურებოდა, კერძოდ - მოლდოვას სახელმწიფოს მიმართ ლოიალობის დაცვას, ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობისა და ამომრჩეველსა და სახელმწიფოს შორის მუდმივი პოლიტიკური და სამართლებრივი კავშირის არსებობის აუცილებლობის გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოვას მოქალაქეებისთვის, მოლდოვას მოქალაქეობა ნაკლები მნიშვნელობის იყო, რადგან ასეთი პირები შესაძლოა მხოლოდ მოლდოვას კონსტიტუციის მოთხოვნებისა და მოლდოველი ხალხის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებდნენ და მათ უცხო ქვეყნის ინტერესებიც ამოძრავებდეს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის წევრების ორმაგი მოქალაქეობის დაშვება პარლამენტის წევრის მანდატის დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო პრინციპს, ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. ამ კუთხით სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოძრაობების ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მოლდოვას სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
57. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეზღუდვა მიზნის თანაზომიერი იყო, რადგან იგი გავლენას არ ახდენდა საარჩევნო უფლებების შინაარსზე; იგი მხოლოდ ადგენდა, რომ პარლამენტის წევრობის უფლების განხორციელება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ პირს მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობა ჰქონდა. მოქალაქეებს შეეძლოთ აერჩიათ სამსახური, რომელიც მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობას ითხოვდა, ან შეენარჩუნებინათ ორმაგი მოქალაქეობა და სხვა სახის თანამდებობაზე ემუშავათ.
58. რაც შეეხება არგუმენტს, რომ კანონმა წარმოშვა მოლდოველ მოქალაქეებს შორის არათანაბარი მოპყრობა, სასამართლომ აღნიშნა, რომ თანასწორობის პრინციპი შეცდომით ერთგვაროვანი მოპყრობის პრინციპად არ უნდა ყოფილიყო აღქმული. მათი მდგომარეობა, ვინც ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, განსხვავდება იმ პირთა მდგომარეობისგან, ვინც მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეა; აქედან გამომდინარე, ეს ორი ჯგუფი არ არის შედარებადი.
ზ. 2008 წლის რეფორმის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები
59. 2009 წლის 5 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კომუნისტურმა პარტიამ პარლამენტში 60 ადგილი მოიპოვა. სამ ოპოზციურ პარტიას ერთობლივად 41 ადგილი ერგო: ლიბერალ-დემოკრატიულმა და ლიბერალურმა პარტიებმა თითოეულმა მიიღო 15-15 ადგილი, ხოლო ჩვენი მოლდოვას ალიანსმა - 11 ადგილი. პარლამენტის 101 არჩეული წევრიდან, 21-ზე გავრცელდა კანონი №273, რადგან მათგან ნაწილს ერთზე მეტი მოქალაქეობა ჰქონდა, ნაწილის განაცხადები მეორე მოქალაქეობის მიღების შესახებ კი განხილვის სტადიაში იყო. 21-ვე პარლამენტარი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო.
60. აპრილის არჩევნებში მომჩივანი პარლამენტის წევრად აირჩიეს. პარლამენტში კუთვნილი ადგილის მისაღებად, იგი ვალდებული იყო, რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები წამოეწყო. მან ამის თაობაზე კიშინოვში მდებარე რუმინეთის საელჩოს წერილით მიმართა, სადაც ეწერა, რომ იგი იძულებული იყო დაეწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა; მომჩივანმა წერილში ასევე მიუთითა, რომ იგი უფლებას იტოვებდა, უკან გამოეთხოვა წერილი წინამდებარე საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
61. 2009 წლის 22 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა მომჩივნის დეპუტატის მანდატი რუმინეთის საელჩოსადმი მისი წერილის გათვალისწინებით.
62. კომუნისტურმა პარტიამ სცადა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, ორი ცდის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო 61 პარლამენტარის ხმის მოგროვება. შესაბამისად, 2009 წლის 15 ივნისს პარლამენტი დაიშალა. 2009 წლის 29 ივლისს დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები.
63. დაშლამდე პარლამენტმა კიდევ ერთხელ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, კერძოდ - საარჩევნო ბარიერი ექვსიდან ხუთ პროცენტამდე დაიწია, ხოლო ამომრჩეველთა სავალდებულო აქტივობა ორმოცდათერთმეტი პროცენტის ნაცვლად, რეგისტრირებულ ამომერჩეველთა ერთიმესამედი გახდა. ოპოზიციამ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა; ოპოზიციას მიაჩნდა, რომ კანონში ცვლილებები წინა პარლამენტში კომუნისტური პარტიის თანამოკავშირის - ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის დასახმარებლად შევიდა, რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მანდატების მოპოვება.
64. ამ პერიოდში, კომუნისტური პარტიის წამყვანმა ფიგურამ და პრალამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ - ბ-ნმა მარიან ლუპუმ დატოვა კომუნისტური პარტია და დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა, რომელმაც 2009 წლის აპრილის არჩევნებში ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი.
65. 2009 წლის 29 ივლისის არჩევნებში ხუთმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი. კომუნისტურმა პარტიამ 48 მანდატი მოიპოვა. ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 18 მანდატი მიიღო; ლიბერალურმა პარტიამ - 15; დემოკრატიულმა პარტიამ - 13; ხოლო ჩვენი მოლდოვას ალიანსმა - 7. ეს უკანასკნელი ოთხი პარტია გაერთიანდა კოალიციაში - ალიანსი ევროპული ინტეგრაციისთვის. საერთო ჯამში პარლამენტში კოალიცია 53 მანდატს და შესაბამისად უმრავლესობას ფლობდა.
66. მომჩივანი ხელახლა აირჩიეს. მის მიერ რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 60), საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მანდატი დაამტკიცა.
67. 2009 წლის 28 აგვისტოს უმრავლესობამ სპიკერად ბ-ნი მიჰაი გიმპუ აირჩია. 2009 წლის 11 სექტემბერს მოლდოვას პრეზიდენტი - ვლადიმირ ვორონინი გადადგა. მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად, ბ-ნი გიმპუ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
68. 2009 წლის 25 სექტემბრიდან მოლდოვას ალიანსი ევროპული ინტეგრაციისთვის მართავდა. იმავე დღეს ბ-ნი ვლად ფილატი ოფიციალურად დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად; ასევე ოფიციალურად დაინიშნენ სხვა მინისტრებიც. მომჩივანი იუსტიციის მინისტრი გახდა. მოლდოვას კანონმდებლობის შესაბამისად, მომჩივანი მისი მინისტრად დანიშვნიდან ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის წევრის მანდატს შეინარჩუნებს.
69. 2009 წლის 10 ნოემბერს პარლამენტმა პირველი მცდელობა გააკეთა, ბ-ნი მარიან ლუპუ პრეზიდენტად აერჩია. ბ-ნი ლუპუს არჩევა არ მოხდა, ვინაიდან საჭირო 61 ხმა ვერ მოგროვდა. კომუნისტურმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 2009 წლის 7 დეკემბერს მეორეჯერ სცადეს პრეზიდენტის არჩევა. ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან საჭირო 61 ხმა კვლავ ვერ მოგროვდა.
70. ვინაიდან კოალიციამ ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა, მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. საერთაშორისო ხელშეკრულებების სტატუსი მოლდოვაში
71. მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლში წერია:
„(1) კონსტიტუციის დებულებები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება, გაგებული და განხორციელებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და იმ საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მონაწილე მხარეც არის მოლდოვა.
(2) თუ არსებობს შეუსაბამობა მოლდოვას მიერ ხელმოწერილ ადამიანის უფლებების შესახებ კონვენციებსა და ხელშეკრულებებს და მოლდოვას ეროვნულ კანონმდებლობას შორის, საერთაშორისო ნორმებს უპირატესი ძალა ენიჭება.“
72. კონსტიტუციის მე-8 მუხლი ადგენს, რომ:
“(1) მოლდოვას რესპუბლიკა, ვალდებულია, დაიცვას გაერთიანებული ერების წესდება და ხელშეკრულებები, რომლის მონაწილე მხარეც ის არის ...“
73. მოლდოვას რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ №595 კანონის შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:
„მუხლი 19. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება
საერთაშორისო ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, pacta sunt servanda პრინციპის შესაბამისად. საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გასამართლებლად მოლდოვას რესპუბლიკა მისი შიდა კანონმდებლობის დებულებებს ვერ მოიშველიებს.
მუხლი 20. საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებს, რომელთა გამოყენებაც, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არ საჭიროებს სპეციალური საკანონმდებლო აქტების მიღებას, აქვთ იურიდიული ძალა და პირდაპირ უნდა იქნან გამოყენებული მოლდოვას სამართლებრივ სისტემაში. ხელშეკრულებების სხვა დებულებების გამოსაყენებლად სპეციალური ნორმატიული აქტები უნდა იქნას მიღებული.“
ბ. კანონი მოლდოვას მოქალაქეობის შესახებ
74. მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის (2000 წლის 2 ივნისის კანონი №1024) 24-ე მუხლი, 2003 წლის 5 ივნისის ცვლილებების შემდეგ, ადგენს, რომ მოლდოვაში დაშვებულია რამდენიმე მოქალაქეობის ქონა; ამასთან, მოლდოვას მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ იწვევს მოლდოვას მოქალაქეობის დაკარგვას.
75. 25-ე მუხლის თანახმად, მოლდოვას მოქალაქეს, რომელიც კანონიერად და მუდმივად ცხოვრობს მოლდოვაში და ამასთანავე ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, აქვს ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც მოლდოვას სხვა მოქალაქეებს. №273 კანონით, 25-ე მუხლში მოცემული მოქალაქეების თანაბარი მოპყრობის პრინციპიდან გამონაკლისი დაიშვა „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
76. 39-ე მუხლში მოცემულია ერთგულების ფიცი, რომელიც უნდა წარმოთქვან იმ პირებმა, ვინც ნატურალიზაციის ან მოქალაქეობის აღდგენის გზით მიიღო მოლდოვას მოქალაქეობა. ფიცში ნათქვამია:
„მე (სახელი და გვარი), დაბადებული (დაბადების დრო და ადგილი), ვფიცავ, ვიყო მოლდოვას რესპუბლიკის ერთგული მოქალაქე, დავიცვა მისი კონსტიტუცია და კანონები, და არ ჩავიდინო მოლდოვას ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედება.“
გ. უფლება, აირჩიო და იყო არჩეული
77. კონსტიტუციის დებულებები, რომლებიც შეეხება უფლებას, აირჩიო და იყო არჩეული:
„მუხლი 38. უფლება, აირჩიო და იყო არჩეული
(3) კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უფლება, იყონ არჩეული გარანტირებულია მოლდოვას მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ.
მუხლი 39. უფლება, მონაწილეობა მიიღო მართვაში
(1) მოლდოვას მოქალაქეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საჯარო საკითხების გადაწყვეტაში უშუალოდ, ან წარმომადგენლების მეშვეობით.
(2) კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს საჯარო თანამდებობებზე.“
78. №273 კანონით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. 2007 წლის 7 დეკემბერს მიღებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, ითვალისწინებდა შემდეგ შესწორებას საარჩევნო კოდექსში:
“პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების დღისთვის უნდა იყოს სულ ცოტა 18 წლის, ფლობდეს მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობას, ცხოვრობდეს მოლდოვაში და აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.“
79. №273 კანონის საბოლოო ვერსიის, რომელიც ძალაში 2008 წლის 13 მაისს შევიდა, მე-9 მუხლის თანახმად შემდეგი დამატებები შევიდა საარჩევნო კოდექსში:
„(1) პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების დღისთვის უნდა იყოს სულ ცოტა 18 წლის, ფლობდეს მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობას, ცხოვრობდეს მოლდოვაში და აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
(2) კანდიდატად რეგისტრაციის დროს, ნებისმიერმა პირმა, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა, უნდა განაცხადოს მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის შესახებ, ან რომ მისი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ მოთხოვნა განხილვის სტადიაშია.
(3) პარლამენტის წევრის მანდატის დამტკიცების დროს, ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომ იგი უკვე გავიდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან ან წამოიწყო მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები; ან რომ მან უკან გამოითხოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ განხილვის სტადიაზე არსებული მისი მოთხოვნა.
(4) პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის გაუმჟღავნებლობა, ან პარლამენტის წევრის მანდატის განხორციელების დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, საკმარისი საფუძველია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატის საპარლამენტო მანდატი ბათილად გამოაცხადოს.“
80. დნესტრისპირეთს შეეხება კანონის 21-ე მუხლი:
„ ... (3) ამ კანონში მოცემული [პარლამენტის წევრობასთან] შეუთავსებლობის პირობები ასევე ვრცელდება დნესტრისპირეთში მცხოვრებ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები ასევე განსაზღვრულია დნესტრისპირეთის განსაკუთრებული იურიდიული სტატუსის შესახებ კანონმდებლობით.”
81. კანონის ამ კონკრეტულ დებულებასთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მცირე დებატები გაიმართა. დებატებიდან რელევანტურია მხოლოდ შემდეგი ამონარიდები:
„ვლადიმირ ტურკანი, პარლამენტის წევრი, პარლამენტის [თანამდებობაზე] დანიშვნისა და იმუნიტეტის იურიდიული საბჭოს თავმჯდომარე, 2007 წლის 7 დეკემბრის პლენარული სესია:
ვლადიმირ ბრაგა, პარლამენტის წევრი:
პირებს, რომლებიც მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ დნესტრისპირეთში კვლავაც ორმაგი მოქალაქეობა ექნებათ, რაც კანონის ეფექტიანობას ძლიერ შეასუსტებს; უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ უარვყოფთ მოქალაქეებს დნესტრისპირეთიდან, რომლებიც ამავე დროს მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეებიც არიან.
ვლადიმირ ტურკანი, პარლამენტის წევრი:
არ გეთაქნხმებით. ერთი რამ უნდა გავიგოთ: პირველი - ეს კანონი არ ვრცელდება ყველა მოქალაქეზე. მეორე - ის მხოლოდ საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირებს ეხება. მესამე - დასკვნით და გარდამავალ დებულებებში ჩვენ განზრახ ჩავეწერეთ მუხლი: მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მესამე პარაგრაფზე, რომელიც ეხება დნესტრის მარცხენა სანაპიროზე - დნესტრისპირეთში - მცხოვრებ და შესაბამის სახელისუფლებლო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და რომელშიც წერია, რომ ეს კანონი ზემოხსენებულ პირებზე არ ვრცელდება; კანონი მათზე მხოლოდ იმ შემთვევაში გავრცელდება, თუ ამას გაითვალისწინებს დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი.“
დ. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმისაწვდომობა
82. მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუციური იურისდიქციის შესახებ კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოს, ეკონომიკური საქმეების სასამართლოს, გენერალურ პროკურორს, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ფრაქციებსა და ომბუდსმენს.
III. ევროპის საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები
ა. მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია
83. ევროპის საბჭოს მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის (შემდეგში „მოქალაქეობის შესახებ კონვენცია”), რომელიც ძალაში, მათ შორის მოლდოვას მიმართ, 2000 წლის 1 მარტს შევიდა, პრეამბულა განმარტავს მოქალქეობის შესახებ კონვენციის მიზანს და მის რელევანტურ დებულებებში ნათქვამია:
„აღიარებენ რა, რომ მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული როგორც სახელმწიფოს, ისე ინდივიდების მართლზომიერი ინტერესები;
...
აღნიშნავენ რა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს განსხვავებული მიდგომა მრავლობითი მოქალქეობის საკითხის შესახებ და აღიარებენ რა, რომ თითოეული ქვეყნა თავისუფალია, შიდა კანონმდებლობით განსაზღვროს, რა შედეგებს გამოიწვევს მათი მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ან ქონა;
...“
84. მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მე-15 მუხლში მოცემულია მრავლობითი მოქალაქეობის შესაძლო მაგალითები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირი დაბადებით თავისთავად ხდება რამდენიმე მოქალაქეობის მქონე, ან როცა მეორე მოქალაქეობას ქორწინების შედეგად ავტომატურად იღებს. იგი ადგენს შემდეგს:
„წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ზღუდავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, საკუთარი შიდა კანონმდებლობით განსაზღვროს:
ა. მისი მოქალაქეები, რომლებიც მიიღებენ ან ფლობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, დაკარგავენ თუ შეინარჩუნებენ მის მოქალაქეობას;
ბ. მისი მოქალაქეობის მიღება ან შენარჩუნება დამოკიდებულია, თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლაზე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვაზე.“
85. მრავლობით მოქალაქეობასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მე-17 მუხლშია მოცემული:
„ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ამავე დროს ფლობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, სარგებლობენ იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა მოქალაქეები.
ამ თავის დებულებები გავლენას არ ახდენს:
ა. საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი იმ მოქალაქეების დიპლომატიურ და საკონსულო დაცვას შეეხება, რომლებიც ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან;
ბ. მრავლობითი მოქალაქეობის შემთხვევებში თითოეული სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების გამოყენებაზე.“
ბ. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კოდექსი საარჩევნო საკითხებში დადებითი პრაქტიკის შესახებ (CDL-AD (2002) 23 rev)
86. ვენეციის კომისიამ მიიღო კოდექსი საარჩევნო საკითხებში დადებითი პრაქტიკის შესახებ. კოდექსის განმარტებითი ანგარიშის შესაბამის ნაწილებში ნათქვამია შემდეგი:
„6ბ. მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს იგივე საარჩევნო უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც სხვა მოქალაქეებს.
...
63. კანონის სტაბილურობა გადამწყვეტია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის არსებობისთვის, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის განსამტკიცებლად. ხშირად ცვალებადმა წესებმა და განსაკუთრებით, რთულმა წესებმა შესაძლოა, დააბინიოს ამომრჩევლები. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა, შეცდომით თუ მართებულად, შეიძლება ჩათვალონ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია ძალაუფლების მქონეთა ხელში და რომ უმნიშვნელოა მათი ხმების გავლენა არჩევნების შედეგებზე.
64. თუმცა არა იმდენად ზოგადი პრინციპების სტაბილურობის (ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ძირეულად შეიცვლება), არამედ საარჩევნო კანონმდებლობის უფრო სპეციფიკური წესების სტაბილურობის დაცვაა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ნორმების, რომლებიც განსაზღვრავს საარჩევნო სისტემას per se, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასა და საარჩევნო ოლქების საზღვრებს. ხშირად ეს სამი ელემენტი, შეცდომით თუ მართებულად, არჩევნების შედეგების განმსაზღვრელ ფაქტორებადაა მიჩნეული; ზომები უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ არა მხოლოდ არ მოხდეს მმართველი პარტიის მიერ მანიპულაცია, არამედ ასეთი მანიპულაციის შესახებ ეჭვიც კი არ გაჩნდეს.
65. ხმის მიცემის სისტემის შეცვლა თავისთავად არაა იმდენად ცუდი მოვლენა - სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, რამდენადაც მისი ხშირი ან არჩევნების წინ (არჩევნებამდე ერთ წლამდე პერიოდში) შეცვლა. მაშინაც კი, როცა მანიპულაცია არაა განზრახული, ასეთი ცვლილებების დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი იმწუთიერი პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებითაა განპირობებული.“
IV. ევროპოს საბჭოს წევრი ქვეყნების კანონები და მათი გამოყენება პრაქტიკაში
87. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ჩანს, რომ მოლდოვას გარდა, სამი ქვეყანა (აზერბაიჯანი, ლიტვა და ბულგარეთი) ორმაგი მოქალაქეების პარლამენტის წევრად არჩევას პირდაპირ კრძალავს. აზერბაიჯანსა და ლიტვაში ორმაგი მოქალაქეობა ზოგადად აკრძალულია; ბულგარეთში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია. მეოთხე ქვეყნის - მალტის კონსტიტუციის მიხედვით, პირი, „თუ იგი მალტის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა და მან ეს მოქალაქეობა ნებაყოფლობით მიიღო, ან თუ მას სხვა ქვეყანასთან ერთგულების შესახებ ფიცი აკავშირებს“, წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას; ბოლომდე ცხადი არაა, ეს ნორმა ვრცელდება მალტის მოქალაქეობის არმქონე, თუ მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დებულების პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევები ცნობილი არაა და ასევე გაურკვეველია, განიზრახებოდა თუ არა ამ შეზღუდვის შენარჩუნება მას შემდეგ, რაც 2000 წელს კანონში შეტანილი ცვილებით, მალტაში ორმაგი მოქალაქეობა დაიშვა. რუმინეთში, სადაც ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია, ნორმა, რომელიც კრძალავდა ორმაგი მოქალაქეების პარლამენტის წევრად არჩევას, 2003 წელს გაუქმდა.
88. ლატვიაში პარლამენტის წევრებს არ ეკრძალებათ ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერ გახდება პრეზიდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ლატვიის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა ზოგადად აკრძალულია, მაგრამ დაიშვება გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში. მონაკოში ეროვნული საბჭოს წევრები ვერ გახდებიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ის პირები, ვისაც სხვა ქვეყანაში სახელმწიფო ან არჩევითი თანამდებობა უკავიათ. პორტუგალიაში აკრძალულია არარეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პარლამენტში მათი მეორე მოქალაქეობის ქვეყნის ტერიტორიას მიკუთვნებული ამომრჩევლის სახელით არჩევა.
89. რომ შევაჯამოთ, ევროპის საბჭოს სამი ქვეყანა - მოლდოვა, ბულგარეთი და მალტა (ზემოთ აღნიშნული კანონის ორაზროვანი ჩანაწერების გათვალისწინებით) - ამჟამად უშვებენ ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა ორმაგ მოქალაქეებს ეკრძალებათ პარლამენტის წევრობა. გარდა ამისა, ლიტვა და აზერბაიჯანი, ზოგადად კრძალავენ რა ორმაგ მოქალაქეობას, ასევე კრძალავენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პარლამენტის წევრად არჩევას. ამ სხვა ოთხი ქვეყნიდან, ლიტვას და აზერბაიჯანს მოქალაქეობის შესახებ კონვენციაზე ხელი არ მოუწერიათ; ბულგარეთს მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მე-17 მუხლზე დათქმა აქვს გაკეთებული; ხოლო მალტამ მართალია მოქალაქეობის შესახებ კონვენციას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.
90. მოლდოვას გარდა, ოცდაშვილი ქვეყანა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას. 19 წევრ სახელმწიფოში ორმაგი მოქალაქეობა ზოგადად აკრძალულია. უკრაინაში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია.
91. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი კრძალავენ ორმაგ მოქალაქეობას. 2000 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, ესტონეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 200 პირი ცხოვრობდა. ლიტვაში ორმაგი მოქალაქეობა დაახლოებით 700 პირს აქვს. ლატვიასთან დაკავშირებით მონაცემები არ მოიპოვება. ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ეთნიკური რუსია.
92. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს შორის, ხორვატია, სერბეთი, სლოვენია და ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკა მაკედონია უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა ხორვატიასა და სლოვენიაში ნატურალიზებული მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობა არ დაიშვება. ბოსნია და ჰერცოგოვინასა და მონტენეგროში ორმაგი მოქალაქეობა დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც ორმხრივი შეთანხმებებია გაფორმებული. ამ ქვეყნების უმრავლესობას მრავალეთნიკური მოსახლეობა ჰყავს. ეთნიკურად ყველაზე შერეული მოსახლეობა ჰყავს მონტენეგროს (43% - მონტენეგროელი; 32% - სერბი; 8% - ბოსნიელი; 17% - სხვა) და ბოსნია და ჰერცოგოვინას (48% - ბოსნიელი; 37.1% - სერბი; 14.3% - ხორვატი; 0.6% - სხვა); მათ მოსდევს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (64.2% - მაკედონიელი; 25.2% - ალბანელი; 10.6% - სხვა). ამ ქვეყნებში ორმაგი მოქაქალაქეების რაოდენობა უცნობია. მათგან არც ერთი კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიერ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას.
93. ევროპის კავშირის ოცდაშვიდი წევრი სახელმწიფოდან, თექვსმეტში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია, ხუთი მათგანი კრძალავს ან მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს ორმაგ მოქალაქეობას (ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, საბერძნეთი, ლიტვა და პოლონეთი), და ექვსი მათგანი (ავსტრია, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, ჰოლანდია, და ესპანეთი) ორმაგ მოქალაქეობას გარკვეული გარემოებების არსებობის დროს, განსხვავებული ფორმით უშვებს. ორი ქვეყანა - ლიტვა და ბულგარეთი - ორმაგი მოქალაქეების პარლამენტის წევრად არჩევას კრძალავს. სხვა შეზღუდვები არსებობს სამ ქვეყანაში (ლატვია, მალტა და პორტუგალია - იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 87-88).
სამართალი
94. მომჩივანი ჩიოდა, რომ წესი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოვას მოქალაქეებს უკრძალავს, არჩევის შემდეგ გახდნენ პარლამენტის წევრები, არღვევდა მის უფლებას, კენჭი ეყარა თავისუფალ არჩევნებში და არჩევის შემთხვევაში, გამხდარიყო პარლამენტის წევრი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების განხორციელებას - საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას. იგი 1-ლი ოქმის მე-3 მუხლს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რაც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას.“
95. მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში დარღვეულია კონვენციის მე-14 მუხლი, რადგან იგი დნესტრისპირეთში მცხოვრები მოლდოვას იმ მოქალაქეებთან შედარებით, რომლებიც რამდენიმე მოქალაქეობას ფლობენ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად:
„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა, თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“
I. პირველადი პრეტენზიები
ა. დაზარალებულის სტატუსი
1. პალატის დასკვნა
96. პალატამ, სასამართლოს არსებულ პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა: პირს შეეძლო ეჩივლა, რომ კანონი მის უფლებებს არღვევს, თუ კანონის განხორციელების ინდივიდუალური მექანიზმის არარსებობის პირობებში, მას მოსთხოვეს საკუთარი ქმედების შეცვლა, ან თუ იგი მიეკუთვნებოდა ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელზეც კანონის უშუალო ზემოქმედების რისკი არსებობდა. პალატამ მიიჩნია, რომ №273 კანონი მომჩივნზე უშუალო ზეგავლენას ახდენდა, რადგან, არჩევის შემთხვევაში, მას მოუწევდა რთული გადაწყვეტილების მიღება - გამხდარიყო პარლამენტის წევრი, ან შეენარჩუნებინა ორმაგი მოქალაქეობა. მართლაც, ცოდნას იმისა, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა მომჩივნის წინასაარჩევნო კამპანიაზე ორივე კუთხით - როგორც პირადი ინვესტიციისა და ძალისხმევის, ისე ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკის თვალსაზრისით. შესაბამისად, პალატამ არ დააკმაყოფილა მთავრობის პირველადი პრეტენზია, რომ მომჩივანს არ შეიძლებოდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი.
2. მხარეთა არგუმენტები
ა. მოლდოვას მთავრობა
97. დიდი პალატის წინაშე წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი არ იყო დაზარალებული კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით, რადგან საქმე სასამართლოში №273 კანონის პრომულგაციამდე იყო წარდგენილი. საქმეზე ოჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (განჩინება), no. 46306/99, ECHR 1999‑VIII, დაყრდნობით, მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ მომჩივნის საჩივარი იყო actio popularis, რადგან იგი კანონმდებლობის აბსტრაქტულ განხილვას მოიაზრებდა გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში საჩივრის წარდგენისას ხსენებული კანონი მის მიმართ და მის საზიანოდ ჯერ არ იყო გამოყენებული. საქმე, რომელზე დაყრდნობიდაც პალატამ მომჩივნის დაზარალეუბლად მიჩნევის გადაწყვეტილება მიიღო, მთავრობამ განასხვავა წინამდებარე საქმისგან, რადგან მოცემული სიტუაციისგან განსხვავებით, იმ საქმეში საჩივარი უკვე ამოქმედებულ კანონს შეეხებოდა. მართალია სხვა საქმეებში სასამართლომ ამოქმედებული კანონით პოტენციურად დაზარალებულად მიიჩნია მომჩივნები ისე, რომ ამ მომჩივნების მიმართ არ ყოფილა კანონი უშუალოდ გამოყენებული, თუმცა სასამართლოს არასდროს დაუდგენია, რომ პირი შესაძლოა ყოფილიყო კანონპროექტის შედეგად დაზარალებული, ან პოტენციური დაზარალებული. მთავრობა დაეყრდნო საქმეს საფრანგეთში იეღოვას მოწმეების ქრისტიანული ფედერაცია საფრანგეთის წინააღმდეგ (განჩინება), 53430/99, ECHR 2001-XI, სადაც სასამართომ დაადგინა, რომ სასამართლო პოტენციურ დაზარალებულად მიიჩნევდა პირს ისეთ შემთხვევებში, როცა მას არ შეეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრებული კანონმდებლობა უშუალოდ მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, რადგან კანონი საიდუმლო ზომების გატარებას ითვალისწინებდა (იხილეთ ზემოთ კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ); ასევე, როცა იყო ალბათობა, რომ კანონს, რომელიც ჰომოსექსუალთა დასჯას ითვალისწინებდა, მოსახლეობის იმ კატეგორიის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, რომელსაც მომჩივანიც მიეკუთვნებოდა (დადგეონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1981 წლის 22 ოქტომბერი, სერია „A“ №45); დაბოლოს, როცა უცხოელთა იძულებითი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, მაგრამ არ იყო განხორციელებული და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, პირები დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლისას კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რისკის ქვეშ დადგებოდნენ (სოერინგი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, სერია „A“ №161), ან მისი აღსრულება პირთა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას დაარღვევდა (ბელჯუდი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 26 მარტი, სერია „A“ №234). მთავრობა დაობდა, რომ კონვენციის რატიფიცირებისას, მონაწილე სახელმწიფოებს არ განუცხადებიათ თანხმობა კანონპროექტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ასეთი ტიპის საჩივრების წარდგენის შესაძლებლობის არსებობა მაშინ, როცა ეროვნულ დონეზე არ არსებობს კანონპროექტის გასაჩივრების მექანიზმი, ხელს შეუწყობს მომჩივნების მიერ პირდაპირ სასამართლოსადმი მიმართვას, რაც თავის მხრივ სუბსიდიურობის პრინციპს დაარღვევს და სასამართლოში საქმეების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
98. მთავრობამ შემდგომ განაცხადა, რომ რამდენიმე მოქალაქეობის მქონე პირი უფლებამოსილი იყო, კენჭი ეყარა მოლდოვაში; არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი მანდატის დასამტკიცებლად კი საჭირო იყო მხოლოდ იმის ჩვენება, რომ პირს სხვა ქვეყნების მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები დაწყებული ჰქონდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 79). საარჩევნო კოდექსში არ არსებობდა დებულება, რომელიც მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურების დაუსრულებლობის შემთხვევაში, პირის პარლამენტის დეპუტატის მანდატის გაუქმებას ითვალისწინებდა. მოცემულ საქმეში, მომჩივნის სადეპუტატო მანდატის დამტკიცების შემდეგ, მას რომც არ დაესრულებინა რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა, მისი მანდატის გაუქმების შესაძლებლობა არ არსებობდა.
ბ. მომჩივანი
99. მომჩივანმა დაადასტურა, რომ მან საჩივარი სასამართლოში №273 კანონის ძალაში შესვლამდე წარადგინა. თუმცა აღნიშნა, რომ კანონი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 38) და ამიტომ ადრე თუ გვიან პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერა და კანონის ამოქმედება გარდაუვალი იყო. საჩივრის შესახებ მთავრობას 2008 წლის 17 ივნისს ეცობა, რა დროისთვისაც კანონი უკვე ძალაში იყო შესული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 44).
100. მომჩივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პარლამენტში მისი არჩევის შემდეგ, მან ვერ შეძლო პარლამენტში კუთვნილი ადგილის დაკავება მანამ, სანამ არ წამოიწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 60-61 და 66). უარი რომ განეცხადებინა ამ პროცედურების წამოწყებაზე, იგი ვერ დაიკავებდა პარლამენტის წევრის კუთვნილ ადგილს.
101. შესაბამისად, მომჩივანმა მოუწოდა სასამართლოს, რომ იგი გასაჩივრებული კანონის შედეგად დაზარალებულად ეცნო.
გ. რუმინეთის მთავრობა
102. რუმინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი, კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულად უნდა მიჩნეულიყო. დაეყრდნო რა გადაწყვეტილებას საქმეზე კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, § 34), რუმინეთის მთავრობა დაობდა, რომ შესაძლებელი იყო პირი მიჩნეულიყო დაზარალებულად მხოლოდ მექანიზმების ან კანმდებლობის არსებობის გამო, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ამ მექანიზმებისა თუ კანონმდებლობის უშუალოდ მის მიმართ გამოყენება. მთავრობამ აღნიშნა, რომ საჩივრის სასამართლოში წარდგენის დროისთვის მომჩივანს, რომელიც პოლიტიკოსია, გაცხადებული ჰქონდა მისი განზრახვა, 2009 წლის არჩევნებში კანდიდატად კენჭი ეყარა. ამიტომ იგი ახალი კანონის უშუალო ზემოქმედების რისკის ქვეშ იყო. მართლაც, იგი აირჩიეს და იძულებული იყო, წამოეწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები. რუმინეთის მთავრობას მიაჩნდა, რომ მოპასუხე მთავრობის მიერ მოყვანილი საქმე ოჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ წინამდებარე საქმეს არ მიესადაგებოდა, რადგან იმ საქმეში მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ გასაჩივრებული კანონის უშუალოდ მის მიმართ გამოყენება შესაძლებელი იყო. რუმინეთის მთავრობა ასევე დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე პალატამ გადაწყვეტილება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამოიტანა. აქედან გამომდინარე, იგი დაობდა, რომ საჩივარი კანონპროექტს არ შეეხებოდა.
103. რუმინეთის მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა მოპასუხე მთავრობის პირველადი პრეტენზია.
3. სასამართლოს შეფასება
104. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 34-ე მუხლის თანახმად საჩივრის წარსადგენად ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს უნდა შეეძლოს, ამტკიცოს, რომ კონვენციით დაცული მისი უფლებების დარღვევის მსხვერპლია. იმისათვის, რომ პირმა ამტკიცოს, რომ დარღვევის მსხვერპლია, გასაჩივრებული ზომა უშუალოდ მის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული: კონვენცია არ ითვალისწინებს მასში მოცემული უფლებების გასამარტავად სასამართლოში actio popularis ტიპის საჩივრის წარდგენას და არ ანიჭებს ფიზიკურ პირებს უფლებას, გაასაჩივრონ ეროვნული კანონმდებლობის დებულება, მხოლოდ მათი ვარაუდის საფუძველზე, რომ შესაძლოა კანონი კონვენციასთან შეუსაბამო იყოს მაშინ, როცა კანონი უშუალოდ მათზე არ გავრცელებულა. თუმცა, პირს შეუძლია იჩივლოს, რომ კანონი მის უფლებებს არღვევს, თუ კანონის განხორციელების ინდივიდუალური მექანიზმის არარსებობის პირობებში, მას მოსთხოვეს საკუთარი ქმედების შეცვლა ან იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროების წინაშე დააყენეს, ან თუ იგი მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელზეც კანონის უშუალო ზემოქმედების რისკი არსებობდა (იხილეთ ბურდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №13378/05, §§ 33 და 34, 2008 წლის 19 აპრილი; ასევე, იხილეთ ზემოთ, ოფენ დორ და დაბლინ უელ ვუმენი ირლანდიის წინააღმდეგ, § 44; ასევე, კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ, 1978 წლის 6 სექტემბერი, § 33, სერია „A“ №28).
105. საქმეზე ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, №59498/00, § 30, ECHR 2002‑III, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დასმულიყო საკითხი, შეეძლო თუ არა გამცხადებელს ემტკიცებინა, რომ ის დაზარალებულია (იხილეთ ასევე ე. ავსტრიის წინააღმდეგ, №10668/83, 1987 წლის კომისიის განჩინება, Decisions and Reports 52, გვ. 177). სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის დებულებების ინტერპრეტირება უნდა მოხდეს ისე, რომ მასში მოცემული დაცვის მექანიზმები იყოს გამოყენებადი და ეფექტიანი (იხილეთ ზემოთ, inter alia, სოერიგნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ; ასევე, არტიკო იტალიის წინააღმდეგ, 1980 წლის 13 მაისი, § 33, სერია „A“ № 37). იმის შეფასებისას, შეიძლება თუ არა მომჩივანი მიჩნეული იყოს საჩივარში აღწერილი დარღვევის მსხვერპლად, მხედველობაში უნდა იყო მიღებული არა მხოლოდ საჩივრის სასამართლოში წარდგენის დროს არსებული ფორმალური მდგომარეობა, არამედ - საქმის ყველა გარემოება, მათ შორის სასამართლოს მიერ საქმის განხილივამდე განვითარებული მოვლენები (იხილეთ, mutatis mutandis, აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 16 სექტემბერი, § 69, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV).
106. ზემოთ მოცემული ელემენტების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ეს გამართლებულია, საქმის განხილვის დროს სასამართლომ უნდა განსაზღვროს, მომჩივანს აქვს თუ არა დაზარალებულის სტატუსი. ამ კუთხით, სასამართლო ეყრდნობა დაზარალებულის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებულ მის პრეცედენტულ სამართალს, სადაც მან განიხილა მოპასუხე მთავრობათა პრეტენზიები, რომ მათ წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად აღმოფხვრილი იყო საჩივრებში მოყვანილი სავარაუდო დარღვევები და შესაბამისად, მომჩივნები ვეღარ ჩაითვლებოდნენ დაზარალეუბლებად კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით (იხილეთ, მაგალითად, ამური საფრანგეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 25 ივნისი, § 36, Reports 1996‑III; შევროლი საფრანგეთის წინააღმდეგ, №49636/99, §§ 37-43, ECHR 2003‑III; სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ, №73316/01, §§ 54 და 63, ECHR 2005‑VII; ასევე, რამაზანოვა და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, №44363/02, §§ 36-39, 2007 წლის 1 თებერვალი). მრავალ საქმეში, სადაც ჩაითვალა, რომ საჩივრების სასამართლოში წარდგენის შემდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა დარღვევები მართლაც აღმოფხვრა, რის გამოც მომჩივნებმა დაკარგეს დაზარალებულის სტატუსი, საქმეები დაუშვებლად გამოცხადდა, ან სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოირიცხა (იხილეთ, მაგალითად, კონრადი გერმანიის წინააღმდეგ, №13020/87, კომისიის 1988 წლის 13 აპრილის განჩინება; კარაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), №24520/94, ECHR 2000‑I; ასევე ოლენი დანიის წინააღმდეგ (განსახილველი საქმეების ნუსხიდან ამორიცხვა), №63214/00, §§ 28-31, 2005 წლის 24 თებერვალი). ამიტომ, სასამართლო მოცემული საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, განიხილავს, აქვს თუ არა მომჩივანს დაზარალებულის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით.
107. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული კანონი 2008 წლის მაისში შევიდა ძალაში (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 44). შესაბამისად, ეს საჩივარი შეეხება მოქმედ კანონმდებლობას.
108. რაც შეეხება იმას, გამოყენებული იყო თუ არა კანონი მომჩივნის საზიანოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის აპრილში მისი არჩევის შემდეგ, მომჩივანი იძულებული გახდა, წამოეწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაედასტურებინა მისი პარლამენტის წევრის მანდატი და შეძლებოდა პარლამენტში კუთვნილი ადგილის დაკავება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 60 და 61). 2009 წლის ივლისში მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ, მომჩივანს ისევ მოუწია, წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მის მიერ რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურების დაწყების დამადასტურებელი მტკიცებულება, რათა მისი სადეპუტატო მანდატი დამტკიცებულიყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 66). აქედან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანი №273 კანონის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი იძულებული გახდა წამოეწყო პროცედურა, რამაც იგი რუმინეთის მოქალაქეობის დაკარგვის რისკის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, მანამდე, სანამ მომჩივანს აირჩევდნენ, იმის ცოდნა, რომ არჩევის შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის წევრობა სურდა, მომჩივანს მოუწევდა რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურების დაწყება, უდავოდ მოახდენდა გავლენას მის წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამასთანავე, არჩევნების დროს მან შესაძლოა ხმებიც დაკარგა, რადგან ამომრჩევლებმა იცოდნენ, რომ არსებობდა შანსი, მომჩივანს არ მოესურვებინა ორმაგი მოქალაქეობის დაკარგვის სანაცვლოდ პარლამენტის წევრობა. ვინაიდან გასაჩივრებული კანონი მომჩივნის მიმართ უშუალოდ იქნა გამოყენებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებულმა ზომამ მასზე უარყოფითი ზემოქმედება იქონია.
109. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ №273 კანონის მოთხოვნა იყო მოქლაქეობიდან გასვლის პროცედურის მხოლოდ დაწყება და არა დასრულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გავლენას ვერ იქონიებს მომჩივნის დაზარალებულის სტატუსზე. მართალია მომჩივნის მანდატი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადასტურა, მაგრამ ამისთვის მომჩივანი ვალდებული იყო, რუმინეთის ხელისუფლებისთვის მიემართა და წამოეწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურები, რაც მან გააკეთა კიდეც. მართალია, რომ რუმინეთის მთავრობას მომჩივნის რუმინეთის მოქალაქეობის შესაწყვეტად ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს. თუმცა, რუმინეთის ხელისუფლების ქმედებებზე მომჩივანი გავლენას ვერ მოახდენს და ოფიციალურად არც რუმინეთის ხელისუფლებას აუღია ვალდებულება, რომ რეაგირების გარეშე დატოვებს მომჩივნის რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებას. შესაბამისად, რუმინეთის ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია, დაასრულოს მომჩივნის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა.
110. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როცა მომჩივანი გადაწყვეტს, კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში, იგი გაურკვევლობაში აღმოჩნდება - მას არ ეცოდინება საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს თუ არა, რომ იგი კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და რუმინეთის მთავრობა გადადგამს თუ არა ნაბიჯებს რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების თაობაზე.
111. შესაბამისად, მთავრობის პრეტენზია, რომ მომჩივანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბ. გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოუწურაობა
1. პალატის დასკვნა
112. პალატამ უარყო მთავრობის პრეტენზია, რომ მომჩივანმა არ ამოწურა გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმები, ვინაიდან არ მიმართა ომბუდსმენს, რომელიც შემდეგ შეძლებდა №273 კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის ვალდებულება მხოლოდ ხელმისაწვდომ და ეფექტიან მექანიზმებზე ვრცელდებოდა. წინამდებარე საქმეში მექანიზმი, რომელზეც მთავრობამ მიუთითა არაეფექტიანი იყო, რადგან მომჩივანს არ შეეძლო, პირდაპირ ეჩივლა საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. მხარეთა არგუმენტები
ა. მოლდოვას მთავრობა
113. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს შეეძლო ეთხოვა ბ-ნი ფილატისთვის №273 კანონის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრა, ვინაიდან იგი პარლამენტის წევრი იყო და საკონსტიტუციო სასამართოსადმი მიმართვის უფლებამოსილება ჰქონდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 82). მიუთითა რა პალატის დასკვნაზე, რომ ომბუდსმენის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა არაეფექტიანი მექანიზმი იყო, მთავრობამ ამჟამინდელი შემოთავაზება განასხვავა ობმუდმსენის მეშვეობით გასაჩივრების მექანიზმისგან, ვინაიდან ბ-ნი ფილატი იმ პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი იყო, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც მომჩივანი გახლდათ; ბ-ნ ფილატსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა; ამასთანავე, წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით ბ-ნ ფილატს უკვე ჰქონდა მომჩივნისთვის დახმარება გაწეული. აქედან გამომდინარე, მთავრობა თვლიდა, რომ გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო.
114. მთავრობამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმე კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა, რისი გადაჭრაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო. პალატის წინაშე წარდგენილი საქმის დასაშვებობის შესახებ წერილობით მოსაზრებებში ომბუდსმენის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობაზე მთავრობამ უკვე მიუთითა. მთავრობა თვლიდა, რომ შემოთავაზებული მექნიზმის არსი მდგომარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაში და მომჩივანი რომელი შუამავლის მეშვეობით გააკეთებდა ამას, უმნიშვნელო იყო. აქედან გამომდინარე, მთავრობას მიაჩნდა, რომ აქ მოცემული პრეტენზია არა ახალი, არამედ ადრე წარმოდგენილი პრეტენზიის გამეორება იყო და ამიტომ პროცესის მოცემულ ეტაპზე მას ჰქონდა ამ პრეტენზიის დაყენების უფლება.
115. ბოლოს მთავრობამ აღნიშნა, რომ 2008 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვის შესახებ წარმატებული იყო, რადგან მოთხოვნა განსახილველად იქნა მიღებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 54-58). მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კანონი კონსტიტუციურად ცნო, შემოთავაზებული მექანიზმი ეფექტიანი იყო.
ბ. მომჩივანი
116. მომჩივანმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დასმული პრეტენზია ახალ პრეტენზიას წარმოადგენდა. ეს პრეტენზია არ ემყარებოდა ფაქტებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს უცნობი იყო. საქმეზე სეჟდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №56581/00, § 41, ECHR 2006‑II, დაყრდნობით, მომჩივანმა განაცხადა, რომ მთავრობას გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმის ხელმისაწვდომობის შესახებ საქმის დასაშვებობის საკითხის განხილვისას წარმოდგენილ წერილობით ან ზეპირ მოსაზრებებში უნდა აღენიშნა. მომჩივანი თვლიდა, რომ არ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რაც მთავრობას ამ მოთხოვნის დაცვისგან გაათავისუფლებდა და ამიტომ მოუწოდა სასამართლოს, არ დაეშვა მთავრობის პრეტენზია განსახილველად.
117. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო პროცესის მოცემულ ეტაპზე მთავრობას პრეტენზიის დაყენების შესაძლებლობას მისცემდა, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ბ-ნი ფილატის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, 35-ე მუხლის მნიშვნელობით, არ წარმოადგენდა მომჩივნისთვის ხელმისაწვდომ გასაჩივრების ეფექტიან მექანიზმს. მან განმარტა, რომ ხსენებული მექანიზმი მისთვის ხელმიუწვდომელი იყო, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრა ყველა მოქალაქეს არ შეეძლო და 2009 წლის 22 აპრილამდე, როცა მისი პარლამენტის წევრობის მანდატი დამტკიცდა, იგი არ მიეკუთვნებოდა პირთა არცერთ იმ კატეგორიას, ვისაც ასეთი სარჩელის წარდგენის უფლება ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დროს მომჩივანი ბ-ნი ფილატის წარმომადგენელი იყო, მან იქ შეძლო ყველა იმ საკითხის დასმა, რაზეც ის ამჟამად ამ სასამართლოს წინაშე ჩივის. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 55). თუკი გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი შეიძლება, ეფექტიანად ჩაითვალოს, მომჩივანმა იგი ცალსახად ამოწურა.
გ. რუმინეთის მთავრობა
118. რუმინეთის მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მთავრობამ გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმის შესახებ პირველად დიდი პალატის წინაშე წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ასეთი ტიპის პრეტენზიები დასაშვებობის ეტაპზე წარმოდგენილ მოსაზრებებში უნდა იყოს მითითებული. რუმინეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარისთვის საქმის დასაშვებობის ეტაპზეც ცნობლილი იყო ამ პრეტენზიის დასაყენებლად საჭირო ფაქტობრივი გარემოებები და რომ მოპასუხე მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტებები, თუ რატომ არ განაცხადა ამ პრეტენზიის შესახებ მაშინ. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რაც გაამართლებდა პრეტენზიის გვიან წარმოდგენას და ამიტომ მოპასუხე მთავრობას არ შეეძლო პრეტენზიის პროცესის მოცემულ ეტაპზე დაყენება.
119. იმ შემთხვევაში, თუკი, მისი დაგვიანებით წარმოდგენის მიუხედავად, სასამართლო პრეტენზიას დაუშვებდა, რუმინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი ვერ აკმაყოფილებდა 35-ე მუხლის მოთხოვნებს. შემოთავაზებული მექანიზმი მომჩივნისთვის ხელმიუწვდომელი იყო, რადგან მას არ შეეძლო, პირდაპირ აღეძრა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - ამისათვის მომჩივანს შუამავალი ესაჭიროებოდა; ხოლო გადაწყვეტილება, მიემართა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, შუამავლის არჩევანი იყო.
3. სასამართლოს შეფასება
120. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიზანია, სასამართლოში საჩივრების წარმოდგენამდე, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავიდან აიცილონ ან აღმოფხვრან უფლებების სავარაუდო დარღვევები. ამიტომ, სანამ მათ სავარაუდო დარღვევების საკუთარი სამართლებრივი სისტემის მეშვეობით აღმოფხვრის მცდელობის შესაძლებლობა არ მიეცემათ, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე სახელმწიფოები საკუთარი ქმედებისთვის პასუხს არ აგებენ (იხილეთ, მაგალითად, რემლი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 23 აპრილი, § 33, Reports 1996-II; ასევე, სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №25803/94, ECHR 1999-V). კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მომჩივანმა უნდა გამოიყენოს გასაჩივრების ის მექანიზმები, რომლებიც ხელმისაწვდომი და საკმარისად ეფექტიანია საჩივარში მოყვანილი სავარაუდო დარღვევების აღმოსაფხვრელად. გასაჩივრების მექანიზმები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ მათი პრაქტიკაში გამოყენებაც შესაძლებელი უნდა იყოს, სხვაგვარად ისინი ვერ ჩაითვლება ხემისაწვდომად და ეფექტიანად (იხილეთ ზემოთ, სხვა წყაროებს შორის, აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, § 66).
121. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს რეგლამენტის 55-ე მუხლის თანახმად, საჩივრის დაუშვებლობის შესახებ ნებისმიერი პრეტენზია მოპასუხე სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს დასაშვებობის შესახებ მის მოსაზრებებში წერილობითი ან ზეპირი სახით (იხილეთ კ. და თ. ფინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №25702/94, § 145, ECHR 2001-VII; ასევე, ნ. კ. იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №24952/94, § 44, ECHR 2002-X). თუმცა შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო მთავრობას მოეხსნას პირველადი პრეტენზიების მხოლოდ დასაშვებობის ეტაპზე წარდგენის ვალდებულება (იხილეთ, პროკოპოვიჩი რუსეთის წინააღმდეგ, №58255/00, § 29, ECHR 2004‑XI (extracts); ასევე, იხილეთ ზემოთ, სეჟდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ, § 41).
122. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, განიხილოს, მთავრობას შეეძლო თუ არა პროცესის მოცემულ ეტაპზე ზემოხსენებული პრეტენზიის წარმოდგენა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მომჩივანი არ იყო ვალდებული, გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი ამოეწურა. სასამართლო მიუთითებს პალატის დასკვნაზე, რომელიც მთავრობას არ გაუპროტესტებია, რომ ომბუდსმენისთვის საჩივრით მიმართვა, რომელსაც თავის მხრივ შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრა შეეძლო, არ იყო გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმი, რადგან მომჩივანს თავად არ შეეძლო, საჩივარი პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოში წარედგინა. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, არ დაეთანხმოს პალატის შეფასებას. მთავრობის მიერ ამჟამად შემოთავაზებული გასაჩივრების მექანიზმი, მსგავსად ზემოხსენებული მექნიზმისა, მომჩივნისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის, რადგან მას არ შეუძლია, საჩივრით უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - იგი ბ-ნი ფილატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, აღძრას თუ არა სარჩელი. აქედან გამომდინარე, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისთვის, გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი არაეფექტიანია.
123. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი კონსტიტუციურად ცნო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 54-58), გასაჩივრების შემოთავაზებული მექანიზმი უკვე ამოწურულია. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობის პრეტენზია უარყოფილ უნდა იქნას.
გ. შეუთავსებლობა ratione materiae
1. მხარეთა არგუმენტები
ა. მოლდოვას მთავრობა
124. დიდი პალატის წინაშე წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში მთავრობამ პირველად განაცხადა ratione materiae პრეტენზია, რაც უკავშირდებოდა პალატის მიერ გადაწყვეტილებაში მოქალაქეობის შესახებ კონვენციაზე მითითებას. მთავრობის აზრით, პალატამ განიხილა არა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით დაცული უფლება არჩევნებში კენჭისყრის შესახებ, არამედ - მრავლობითი მოქალაქეობის ქონისა და მოქალაქეობის მიღების უფლება, რაც თავის მხრივ კონვენციით დაცულ უფლებას არ წარმოადგენს. მთავრობამ გააკრიტიკა მოქალაქეობის შესახებ კონვენციის რატიფიცრების საკითხისადმი პალატის მიერ დიდი მნიშვნელობის მინიჭება. აღინიშნა, რომ მოლდოვას შეეძლო მოქალაქეობის შესახებ კონვენციის დენონსირება და სურვილის შემთხვევაში, მე-17 მუხლზე დათქმის გაკეთებით, მოგვიანებით მისი ხელახალი რატიფიცირება.
125. მთავრობამ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მისი პრეტენზია მიჩნეულიყო, როგორც საქმის არსებით ნაწილთან დაკავშირებული პრეტენზია და სასამართლოს მასზე საქმის არსებითი განხილვის დროს ემსჯელა.
126. საქმეზე ბლეჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №59532/00, §§ 63-69, ECHR 2006‑III, დაყრდნობით, მთავრობამ განაცხადა, რომ პრეტენზიის წარმოდგენა პროცესის მოცემულ ეტაპზე დაგვიანებული არ იყო, რადგან პრეტენზია სასამართლოს იურისდიქციის საკითხს ეხებოდა.
ბ. მომჩივანი
127. მომჩივანმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, მსგავსი პრეტენზიები საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაჭრამდე უნდა იყოს წარმოდგენილი და ამიტომ საქმის მოცემულ ეტაპზე მთავრობას მისი დაყენების უფლება აღარ ჰქონდა. თუმცა, მომჩივანმა დაადასტურა, რომ თითოეულ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა იურისდიქცია და რომ სასამართლო ვალდებული იყო, იურისდიქციის საკითხი პროცესის ნებისმიერ ეტაპზე განეხილა.
128. საბოლოოდ მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წამოჭრილი პრეტენზია არ უნდა მიჩნეულიყო პირველად პრეტენზიად, რადგან იგი 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით დაცული უფლებების ინტერპრეტაციას შეეხებოდა. მომჩივანმა სასამართლოს მოუწოდა, მთავრობის არგუმენტებზე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ემსჯელა.
გ. რუმინეთის მთავრობა
129. რუმინთის მთავრობამ მოიხმო საკუთარი არგუმენტები მოპასუხე მთავრობის მიერ გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოუწურაობასთან დაკავშირებული პრეტენზიის დაგვიანებული წარმოდგენის შესახებ და აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ratione materiae შეუთავსებლობის შესახებ პრეტენზიასაც მიესადაგებოდა. განსხვავებით საქმისა დემირი და ბეიკარა თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №34503/97, 2008 წლის 12 ნოემბერი, მოპასუხე მთავრობამ ღიად აღნიშნა, რომ მათი პრეტენზია იყო რეაქცია პალატის გადაწყვეტილებაზე და რომ იგი მოცემული შინაარსით მანამდე არ დასმულა. მართალია საქმეში ბლეჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ), სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შეუთავსებლობის შესახებ ისეთი პრეტენზიების მაგალითები, რომელთა დაყენებაც პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იყო შესაძლებელი, მაგრამ წინამდებარე საქმე არც ერთი ამ მაგალითის მსგავსი არ იყო. აქედან გამომდინარე, რუმინეთის მთავრობა მიიჩნევდა, რომ მოპასუხე მთავრობას მოცემულ ეტაპზე პრეტენზიის დაყენება არ შეეძლო.
130. თუმცა, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ პრეტენზია დაგვიანებული არ იყო, რუმინეთის მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს, პრეტენზია საქმის არსებით ნაწილთან ერთად განეხილა. მან განაცხადა, რომ საჭირო იყო მოლდოვას მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალებულებების ანალიზი, რათა შეფასებულიყო, როგორ უზრუნველყოფდა მოლდოვა კონვენციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას. რუმინეთის მთავრობამ მიუთითა სასამართლოს დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც კონვენციის ინტერპრეტირება ვერ მოხდება ვაკუუმში და მისი ინტერპრეტაციისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სხვა რელევანტური საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები (მაგალითად, ემონე და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ, №39051/03, § 65, ECHR 2007‑XIV; ალ-ადსანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №35763/97, § 55, ECHR 2001‑XI). რუმინეთის მთავრობის მოსაზრებით, პალატის მიდგომა სწორი იყო, როცა №273 კანონით დადგენილი შეზღუდვების ანალიზისას, მოლდოვას მიერ ევროპის დონეზე ნაკისრი ვალდებულებიც განიხილა. ამ კუთხით რუმინეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მოლდოვას მოქალაქეობის შესახებ კონვენცია დათქმების გარეშე ჰქონდა რატიფიცირებული; ხოლო სახელმწიფოების ვალდებულება, კეთილსინდისიერად შეესრულებინათ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი გახლდათ.
2. სასამართლოს შეფასება
131. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის ratione materiae პრეტენზია საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს არ დასმულა და ამიტომ იგი უნდა ჩაითვალოს ახალ პრეტენზიად. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ratione materiae შეუსაბამობის შესახებ პრეტენზია სასამართლოს იურისდიქციის საკითხს ეხება და სასამართლო კი ვალდებულია, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დაადგინოს, ვრცელდება თუ არა მისი იურისდიქცია განსახილველ საქმეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის მოცემული პრეტენზია დაგვიანებულად ვერ ჩაითვლება (იხილეთ ზემოთ, mutatis mutandis, ბლეჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, § 67).
132. პროცესის მხარეების მსგავსად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასმული პრეტენზია მჭიდროდაა დაკავშირებული მომჩივნის საჩივრის არსებით გარემოებებთან. ამიტომ, პრეტენზიის შესახებ სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს იმსჯელებს.
დ. დასკვნა
133. საჩივარი ვერ გამოცხადდება დაუშვებლად კონვენციის დებულებებთან ratione materiae შეუთავსებლობის, გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოუწურაობის ან იმის გამო, რომ მომჩივანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ამიტომ სასამართლო უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მთავრობის პირველადი პრეტენზიები, გარდა ratione materiae შეუთავსებლობის შესახებ პრეტენზიისა. ამ უკანასკნელზე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს იმსჯელებს.
II. კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. პალატის დასკვნა
134. პალატა დაეთანხმა მოსაზრებას, რომ კანონის გასაჩივრებული დებულებები ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ისინი მართლზომიერ მიზანს - პარლამენტის წევრის მოლდოვასადმი ლოიალობის უზრუნველყოფას - ემსახურებოდა. თუმცა, მიიჩნია, რომ პარლამეტნის წევრების სახელმწიფოსადმი ლოიალობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გამოყენებული საშუალებები, ამ მიზნის არათანაზომიერი იყო. შესაბამისად, 1-ლი ოქმის მე-3 მუხლი დარღვეული იყო.
135. გამოყენებული ზომის პროპორციულობის შეფასებისას, პალატამ მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და არსებული სხვა მეთოდები, რისი გამოყენებაც მთავრობას შეეძლო პარლამენტის წევრთა ქვეყნისადმი ლოიალობის უზრუნველსაყოფად; მაგალითად, შესაძლებელი იყო პარლამენტართათვის ფიცის დადების ვალდებულების დაწესება. პალატამ ასევე მხედველობაში მიიღო მოქალაქეობის შესახებ კონვენციის დებულებები და კანონთან დაკავშირებით რასიზმის საწინააღმდეგო კომისიისა და ვენეციის კომისიის დასკვნები. მოლდოვას პოლიტიკური განვითარების სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებითაც კი, პალატამ არ მიიჩნია, რომ მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა გამართლებული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ფართო აკრძალვა არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაწესდა.
ბ. მხარეთა არგუმენტები
1. მოლდოვას მთავრობა
136. მთავრობამ განმარტა, რომ №273 კანონი პირისგან მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურების დაწყების დამადასტურებელი დოკუმეტის წარმოდგენას ითხოვდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 79). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხილეთ პარაგრაფი 98), საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის წევრის მანდატის დამტკიცების შემდეგ, არ არსებობდა მანდატის გაუქმების მექანიზმი: კანონის დებულებებით ასეთი პროცედურა გათვალისწინებული არ იყო.
137. მთავრობამ პალატის წინაშე წარდგენილი არგუმენტები გაიმეორა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა კანონიერი იყო და იგი მართლზომიერ მიზანს ემსახურებოდა, როგორიც იყო ლოიალობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირება. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა მოიშველია, რომლის თანახმად, კანონი მოლდოვას კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს სრულად შეესაბამებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 55). მთავრობა არ დაეთანხმა პალატის დასკვნას, რომ გამოყენებული ზომა არათანაზომიერი იყო და განაცხადა, რომ პალატამ ადეკვატურად ვერ შეაფასა მოლდოვას სპეციფიკური ისტორიული კონტექსტი; ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მთავრობის აზრით, საჭირო იყო ორმაგი მოქალაქეებისთვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა. მთავრობამ აღნიშნა, რომ 1999 წელს მოქალაქეობის შესახებ კონვენციის რატიფიცირების დროს, მოლდოველების ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, რადგან მაშინ ორმაგი მოქალაქეობა კანონით დაშვებული არ იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 22). ამიტომ მაშინ მე-17 მუხლზე დათქმის გაკეთების საჭიროება არ იყო. მთავრობამ ასევე განმარტა, რომ 1992 წელს მოლდოვა არა დღევანდელივით საპარლამენტო, არამედ ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკას წარმოადგენდა. შესაბამისად, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს, მაშინდელთან შედარებით, დღეს უფრო მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მართალია, რომ ევროპის საბჭოს იმ წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც ორმაგ მოქალაქეებს უკრძალავენ პარლამენტის წევრობას, მოქალაქეობის შესახებ კონვენცია არ აქვთ რატიფიცირებული აზერბაიჯანს, ლიტვასა და მალტას, ხოლო ბულგარეთს მე-17 მუხლზე დათქმა აქვს გაკეთებული; მოლდოვასაც შეეძლო მოქალაქეობის შესახებ კონვენციის დენონსირება გაეკეთებინა და სურვილის შემთხვევაში, მე-17 მუხლზე დათქმის გაკეთებით, მოგვიანებით მისი ხელახალი რატიფიცირება მოეხდინა. ამით იგი ბულგარეთის მსგავს პოზიციაში აღმოჩნდებოდა.
138. მთავრობამ პალატა ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ პალატამ ყურადღება გაამახვილა მოლდოვას მიერ კანონპროექტის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შესაფასებლად გადაგზავნაზე უარის თქმისა და რასიზმის საწინააღმდეგო კომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 40, 45 და 51). საქმეზე ბოიჩენკო მოლდოვას წინააღმდეგ, №41088/05, 2006 წლის 11 ივლისი, დაყრდნობით, მთავრობამ აღნიშნა, რომ წარსულში სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა მაშინაც კი, როცა გასაჩივრებული კანონი გადაცემული ჰქონდათ ევროპის საბჭოს ექსპერტებს და მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად, შემდგომ მასში ცვლილებებიც შევიდა. ამის საპირისპიროდ, საქმეში იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №10226/03, 2008 წლის 8 ივლისი, თურქეთის მიერ ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შეუსრულებლობამ არ გამოიწვია სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენა. მთავრობამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვენეციის კომისიის ანგარიშის რელევანტურობა, რადგან ანგარიში კანონის მიღებამდე არ გამოქვეყნებულა.
139. რაც შეეხება ლოიალობის უზრუნველყოფის პალატის მიერ შემოთავაზებულ განსხვავებულ მეთოდებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ფიცის დადება არ იქნებოდა საკმარისი, რადგან ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველებს ფიცი სხვა ქვეყნის წინაშეც ჰქონდათ დადებული. ამიტომ ფიცის დადება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათს ატარებდა და ლოიალობის უზრუნველსაყოფად არაეფექტიანი საშუალება იყო.
140. ბოლოს მთავრობამ აღნიშნა, რომ 2009 წლის აპრილის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის 101 წევრიდან, 21 ორმაგი მოქალაქეობის მქონე იყო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს ფაქტი მოლდოვას დამოუკიდებლობასთან, უსაფრთხობასა და სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთების საფუძველს ქმნიდა.
141. მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, წინამდებარე საქმეში არ დაედგინა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა.
2. მომჩივანი
142. მომჩივანმა აღნიშნა, რომ №273 კანონით დადგენილმა შეზღუდვებმა დაარღვია მისი უფლება, კენჭი ეყარა კანდიდატად თავისუფალ არჩევნებში, რაც უზრუნველყოფდა საკანონმდებლო ორგანოს არჩევის დროს ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პარლანეტში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურის ინიცირების ვალდებულება ისე ზღუდავდა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებებს, რომ სრულიად უკარგავდა ამ უფლებებს შინაარსსა და ეფექტიანობას, რადგან არჩევნებში კენჭისყრა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, თუკი არჩევის შემდეგაც პირი პარლამენტში ადგილს ვერ მოიპოვებდა (განცმხადებელი დაეყრდნო საქმეს მ. დიდი სამეფოს წინააღმდეგ, (განჩინება), №10316/83, 1984 წლის 7 მარტი).
143. მომჩივანმა გაიმეორა მისი არგუმენტი, რომ №273 კანონი ვერ აკმაყოფილებდა კანონიერების მოთხოვნას, რადგან იგი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციისა და მოქალაქეობის შესახებ კონვენციის დებულებებს. ამ უკანასკნელის რატიფიცირება მოლდოვამ 1999 წელს გააკეთა, რის შედეგადაც მოქალაქეობის შესახებ კონვენცია შიდასამართლებრივი სისტემის ნაწილი გახდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 71-73).
144. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ №273 კანონს მართლზომიერი მიზანი არ გააჩნდა, რადგან მოლდოვას მიმართ ლოიალობის უზრუნველყოფა არ იყო კანონის მიღების რეალური მიზეზი. მაგალითად, აპრილის არჩევნების შემდეგ, ქ-ნი ლარისა სავგა ხელმეორედ დაინიშნა მთავრობის წევრად მაშინ, როცა ყველასათვის ცნობილი იყო, რომ მას რუმინეთის მოქალაქეობაც ჰქონდა. მომჩივანმა ასევე მიუთითა პრესის პუბლიკაციებზე რომელთა მიხედვითაც, მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, ბ-ნი ვორონინი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის მოქალაქეც იყო და რუსეთიდან პენსიასაც კი იღებდა. დამოუკიდებელი მკვლევარების დასკვნებზე დაყრდნობით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღებით მოლდოველი მოქალაქეები ნაკლებად პატრიოტები არ ხდებოდნენ.
145. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ კანონი იყო არათანაზომიერი, თვითნებური და ანტიდემოკრატიული. მომჩივნის აზრით, კონვენციის განმარტება უნდა მომხდარიყო ისე, რომ მასში მოცემული უფლებები პრაქტიკაში გამოყენებადი და ეფექტიანი ყოფილიყო. ამისთვის, კონვენცია ერთიანად უნდა ყოფილიყო წაკითხული ისე, რომ მასში მოცემული სხვადასხვა დებულების ურთიერთშეთანხმება დაცული ყოფილიყო. საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესები და პრინციპები მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული. ევროპულ ქვეყნებს შორის რაიმე საკითხზე მზარდი კონსენსუსი სასამართლოს განსჯის საგანი უნდა გამხდარიყო (იხილეთ ზემოთ დემირი და ბეიკარა თურქეთის წინააღმდეგ, §§ 66-85). ამ პრინციპების გამოყენებით, მომჩივანმა დაასკვნა, რომ 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში გამოყენებული ზომის პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლომ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს მოლდოვას ხელისუფლების მიერ მოქალაქეობის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. მას ასევე მხედველობაში უნდა მიეღო სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და დასკვნები. მომჩივანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოლდოვა იყო ევროპის საბჭოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ერთდროულად უშვებდა ორმაგ მოქალაქეობას და ამავე დროს, ორმაგ მოქალაქეებს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიღებას უკრძალავდა. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ეს ფაქტი ადასტურებდა მთავრობის არჩეული მიდგომის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიუღებლობას.
146. გამცხადებელმა შემდგომ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა წარსულში მთავრობა მოლდოვას მოქალაქეებს მოუწოდებდა, მიეღოთ სხვა ქვეყნების მოქალაქეობაც, შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ იმ პირებს აძლევდა პარლამენტის წევრობის უფლებას, ვისაც მოლდოვას გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნდათ, არაპროპორციული ზომა იყო. მთავრობამ აღიარა, რომ მოლდოველთა მნიშვნელოვან რაოდენობას სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გამო მიღებული ჰქონდა მეორე მოქალაქეობა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 39); ეს იყო ფაქტი, რომელიც, მომჩივნის აზრით, ახალ შეზღუდვას კიდევ უფრო დისპროპორციულს ხდიდა. მომჩივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მაგალითი იმისა, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები როგორ უქმნიდნენ საფრთხეს მოლდოვას უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. მომჩივნის აზრით, ღალატის სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არალოიალობის თავიდან აცილების ადეკვატური საშუალება იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციაზე პირს მხოლოდ მას შემდეგ მიუწვდებოდა ხელი, რაც საიდუმლო სამსახურების მიერ შემოწმების შედეგად სპეციალურ ნებართვას მიიღებდა.
147. ბოლოს მომჩივანმა გააკრიტიკა ახალი კანონმდებლობის 2009 წლის 5 აპრილის არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დროით ადრე მიღება. იგი მიიჩნევდა, რომ კანონის პროპორციულობის შეფასება უნდა მომხდარიყო მოლდოვას საარჩევნო რეფორმის კონტექსტში, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო საარჩევნო ბარიერის ოთხი პროცენტიდან ექვს პროცენტამდე გაზრდა და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა მოხდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 37). 2009 წლის 5 აპრილის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ კანონმა გავლენა ძირითადად ოპოზიციაზე მოახდინა, რადგან 41 ოპოზიციონერი წევრიდან, 21 მათგანს კანონი შეეხო (იხილეთ პარაგრაფი 59). ქ-ნი სავგას შემთხვევა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 144) კანონის თვითნებური გამოყენების დამადასტურებელი მაგალითი იყო. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ რელევანტური იყო სასამართლოს მიერ შემდეგი საკითხების განხილვა: საარჩევნო წესები ხომ არ გამორიცხავდა პირთა გარკვეული ჯგუფის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას; კონკრეტული საარჩევნო სისტემის შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამობები შეიძლებოდა თუ არა მიჩნეულიყო, როგორც თვითნებობა ან კანონის ბოროტად გამოყენება; სხვა პარტიებთან შედარებით, სისტემა უპირატესობას ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ხომ არ ანიჭებდა (მომჩივანი, inter alia, დაეყრდნო საქმეს აზიზი კვიპროსის წინააღმდეგ, №69949/01, § 28, ECHR 2004‑V; ასევე, იხილეთ ზემოთ, იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ § 121). მომჩივანმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმის რეალური მიზანი იყო, ოპოზიციის საარჩევნო შანსები მინიმუმამდე შეემცირებინა და ამიტომ №273 კანონი თვითნებური და ბოროტად გამოყენებადი იყო.
3. რუმინეთის მთავრობა
148. რუმინეთის მთავრობამ №273 კანონის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. იგი მიიჩნევდა, რომ კანონი წინასწარ განჭვრეტადი არ იყო, რადგან არ ხდებოდა მისი ერთგვაროვანი გამოყენება და მისი დებულებების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია იყო შესაძლებელი.
149. რუმინეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საერთო ევროპული სტანდარტი სხვადასხვა წევრი ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა და ეს სტანდარტი პარლამენტის წევრად არჩევისთვის მხოლოდ ერთი მოქალაქეობის ქონის პირობას არ აწესებდა. ევროპის საბჭოს იმ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე კრძალავენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის პარლამენტის წევრობას, მოლდოვას ნებაყოფლობით ჰქონდა აღებული მოქალაქეობის შესახებ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოლდოვას მიერ ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლამ იგი მოქალაქეობის შესახებ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან არ გაათავისუფლა. რუმინეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, მოლდოვას მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა კონვენციებსა და მოლდოვას შიდა კანონმდებლობას შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო კონვენციებს უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭებათ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 71). ამასთანავე, მოლდოვას იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორც მოლდოვას სხვა მოქალაქეებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 75).
150. რუმინეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაახლეობით ჩვიდმეტი წლის შემდეგ, მოპასუხე მთავრობამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ მისი დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ იყო. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ ყოფილა დადგენილი მიზეზობრივი კავშირი ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ სავარაუდო საფრთხეს შორის; ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ორმაგი მოქალაქეების მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებების მაგალითები, რამაც საფრთხეში ჩააგდო ქვეყნის დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება.
151. რუმინეთის მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ კანონი მართლზომიერ მიზანს არ ემსახურებოდა. რუმინეთის მთავრობამ არ უარყო, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა შეიძლებოდა ყოფილიყო მართლზომიერი მიზანი, რომლის შეფასებაც ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. თუმცა, რუმინეთის მთავრობამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოლდოვაში არსებული ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაცია კანონის ხსენებულ მიზანს მოცემულ საქმეში მართლზომიერს ხდიდა. რუმინეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ 1991-2000 წლებში მიღებული იყო მრავალი კანონი, რაც საჯარო თანამდებობის დასაკავებლად მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეობის ქონის პირობას არ აწესებდა. ერთ-ერთი მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 1991 წლის 18 სექტემბრის №720 კანონი. საქმეებზე ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №58278/00, § 135, ECHR 2006‑IV და ადამსონსი ლატვიის წინააღმდეგ, №3669/03, § 123, 2008 წლის 24 ივნისი, დაყრდნობით რუმინეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ თუნდაც მოლდოვას დამოუკიდებლობის ადრეულ პერიოდში გამართლებული ყოფილიყო ერთმაგი მოქალაქეობის შესახებ პირობა, დროის გასვლასთან და დემოკრატიის განმტკიცებასთან ერთად, ყოვლად გაუმართლებელი იყო ასეთი შეზღუდვის არსებობა. ამიტომ მოლდოვას პოზიცია ძნელად გასაგები იყო - სამი პარლამენტი ისე შედგა, რომ მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირების პარლამენტის წევრობა დაშვებული იყო; მაგრამ ახლა - ჩვიდმეტი წლის შემდეგ - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონა მოლდოვასთვის დიდ საფრთხედ განიხილებოდა და ორმაგი მოქალაქეობა ქვეყნის ღალატთან იყო გაიგივებული. რუმინეთის მთავრობას მიაჩნდა, რომ ხსენებული მიზანი - ქვეყნისადმი ერთგულების დაცვა - სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე სანქციების დაწესებით უნდა მიღწეულიყო და არა ორმაგი მოქალაქეებისთვის გარკვეულ სახელმწიფო თანამადებობზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.
152. რაც შეეხება პროპორციულობის საკითხს, რუმინეთის მთავრობამ ისევ ყურადღება გაამახვილა მინიმალური ევროპული სტანდარტის არსებობაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრად არჩევისთვის არ არსებობდა მხოლოდ ერთი მოქალაქეობის ქონის ვალდებულება. გარდა ამისა, რასიზმის საწინააღმდეგო კომისიისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 45 და 51), რომლებიც, როგორც საქმზე შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ, №44009/05, § 95, 2008 წლის 17 მარტი, ითქვა, სასამართლოს მსჯელობისას ყურადსაღები ფაქტორები იყო, ადასტურებდა იმ მოსაზრებას, რომ საარჩევნო საკითხებში არსებობდა საერთო ევროპული სტანდარტი. ასეთი ანგარიშები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მათში გამოთქმული ნიშანდობლივი მოსაზრებების გამო, რომლებიც სამართლის მიუკერძოებელ ექსპერტებს ეკუთვნოდათ, არამედ სწორედ იმ დატვირთვის გამო, რასაც მათ სასამართლო და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოები ანიჭებდნენ.
153. რუმინეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ ამ სფეროში მოლდოვა გასცდა თავისუფალი შეფასების ზღვარს. კერძოდ, საკმარისი არ იყო, რომ მომჩივანს ნება დართეს, არჩევნებში კენჭი ეყარა, როგორც კანდიდატს. უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის, მას პარლამენტში კუთვნილი ადგილის დაკავების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა (იხილეთ ზემოთ, მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). №273 კანონმა დაარღვია 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებათა მთავარი არსი და ისინი თეორიულ და ილუზორულ უფლებებად აქცია. ბოლოს რუმინეთის მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, გაეზიარებინა პალატის დასკვნა და 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა დაედგინა.
გ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
154. სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამდა ფუნქციონირებად დემოკრატიაში და აქედან გამომდინარე, კონვენციის სისტემაში 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქმეში იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, § 105), სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დამყარებული ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებისა და შენარჩუნებისთვის. საქმეებში მეთიუ-მაჰინი და კლერფაიტი ბელგიის წინააღმდეგ, 1987 წლის 2 მარტი, სერია „A“ №113 და ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, 1986 წლის 8 ივლისი, §§ 41 და 42, სერია „A“ №103, სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევნები და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით პოლიტიკური დებატების თავისუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენდა.
155. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში განსხვავებულია 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის აქტიური და პასიური ასპექტები - პირველი გულისხმობს ხმის მიცემის უფლებას, ხოლო მეორე - არჩევნებში კანდიდატად კენჭისყრის უფლებას (იხილეთ ზემოთ ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ, §§ 105 და 106). წინამდებარე საქმე ძირითადად მეორე ასპექტს მოიცავს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხილეთ პარაგრაფი 108), მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პარლამენტის წევრობის აკრძალვას შესაძლოა მეორადი ეფექტი ჰქონოდა იმაზე, თუ მოლდოვას ელექტორატი როგორ განახორციელებდა ხმის მიცემის უფლებას.
156. რაც შეეხება 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის პასიურ ასპექტს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არჩევნებში კენჭის საყრელად საჭირო კრიტერიუმების დადგენისას, ქვეყნები საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობენ. საქმეში ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, § 106), სასამართლომ განმარტა:
„მართალია [კრიტერიუმები] საერთო მიზანს ემსახურება - არჩეული წარმომადგენლების დამოუკიდებლობისა და ელექტორატის არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა, მაგრამ ეს კრიტერიუმიები კონკრეტული ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების მიხედვით მაინც განსხვავდება. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციებითა და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიტუაციების მრავალფეროვნება ამ საკითხისადმი მრავალი სხვადასხვაგვარი მიდგომის მაჩვენებელია. ამიტომ, მე-3 მუხლის გამოყენებისას, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა შეფასდეს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური ევოლუციის გათვალისწინებით“.
157. ზემოთქმულის მსგავსად, საქმეში პოდკოლზინა ლატვიის წინააღმდეგ, №46726/99, § 33, ECHR 2002‑II, სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-3 მუხლის გამოყენებისას, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა შეფასდეს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური ევოლუციის გათვალისწინებით; შესაბამისად, საარჩევნო სისტემის ის მახასიათებლები, რაც ყოვლად მიუღებელია ერთი ქვეყნის კონტექსტში, შესაძლოა სრულიად მისაღები იყოს სხვაგან. თუმცა, სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყნის თავისუფალი შეფასების არე შეზღუდულია 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის ვალდებულებით, რაცაა „საკანონმდებლო ორგანოს არჩევის დროს ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის უზრუნველყოფა“ (იხილეთ ზემოთ მეთიუ-მაჰინი და კლერფაიტი ბელგიის წინააღმდეგ, § 47; ასევე, მელნიჩენკო უკრაინის წინააღმდეგ, №17707/02, § 47, ECHR 2004‑X).
158. საქმეში აზიზი კვიპროსის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, §28), ქვეყნების თავისუფალი შეფასების ზღვარზე მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა:
„მიუხედავად იმისა, რომ ... საპარლამენტო არჩევნებსა და პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო წესების დადგენისას ქვეყნები საკმაოდ დიდი თავისუფალი შეფასების ზღვარით სარგებლობენ და ... რომ შესაბამისი კრიტერიუმები შესაძლოა განსხვავდებოდეს ყოველი კონკრეტული ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ეს წესები არ უნდა გამორიცხავდეს გარკვეული პირებისა თუ პირთა ჯგუფების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, სახელდობრ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას, რაც გახლავთ კონვენციითა და თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.“
159. ამ პრინციპების გამოყენებისას, საქმეში ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, §§ 119-135), სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებებზე დაწესებული შეზღუდვები, რაც დემოკრატიული პროცესის დაცვას ემსახურება (მოყვანილ საქმეში შეზღუდვა გულისხმობდა საარჩევნო პროცესიდან იმ პირთა ჩამოშორებას, რომლებსაც დემოკრატიულად არჩეული რეჟიმის ჩამოგდების მცდელობაში აქტიური მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული) შეიძლება გამართლდეს ისტორიული გარემოებებით. თუმცა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შეზღუდვების არსებობა მრავალი წლის შემდეგ, როცა მათი გამოყენების გამამართლებელი მიზეზები და საფრთხეები რელევანტური აღარაა, ნაკლებად სავარაუდოა, კონვენციასთან შესაბამისად ჩაითვალოს. ამასთან, საქმეში ადამსონსი ლატვიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, §§ 123-128), სასამართლომ მიუთითა, რომ საარჩევნო უფლებებზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვების გამართლება დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ძნელი ხდება. შეზღუდვები „ინდივიდუალიზებული“ უნდა იყოს და პასუხობდეს კონკრეტული პირისგან მომავალ რეალურ საფრთხეს.
160. საქმეში ჰირსთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (№2) [დიდი პალატა], №74025/01, § 62, ECHR 2005‑IX, სასამართლომ ზოგადად დაადგინა, რომ 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა გამოხატავდეს, ან არ ეწინააღმდეგებოდეს, საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ეფექტიანობის დაცვის მცდელობას, რისი მიზანიც საყოველთაო არჩევნების მეშვეობით ხალხის ნების გამოვლენაა.
161. დასასრულ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალი შეფასების ფართო ზღვარი, სასამართლომ მრავალგზის დაადგინა, რომ საბოლოოდ სასამართლო აფასებს, დაცულია თუ არა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის მოთხოვნები. ამ კუთხით სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დაწესებული პირობები უფლებებს ისე არ ზღუდავს, რომ მათი ძირითადი არსი და ეფექტიანობა დაიკარგოს; რომ შეზღუდვები მართლზომიერი მიზნის მისაღწევადაა დაწესებული; და რომ გამოყენებული საშუალება თანაზომიერია (მაგალითად, იხილეთ ზემოთ, ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 62 და იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ, § 109).
2. ზოგადი პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
162. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან მომჩივანი №273 კანონით დაზარალებულად მიიჩნია (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 111). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წლის აპრილისა და ივლისის არჩევნებში ორივეჯერ მომჩივანი პარლამენტის წევრად აირჩიეს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 59 და 66). იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მისი მანდატი დაედასტურებინა, იგი იძულებული გახდა, წამოეწყო რუმინეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 60-61 და 66). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვა ჩაითვლება დარღვევად, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნებს, არ ემსახურება მართლზომიერ მიზანს და არაა თანაზომიერი.
ა. კანონიერება
163. სასამართლო მიიჩნევს, რომ მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა, რაც მოცემული იყო №273 კანონში, საკმარისად მკაფიოდ იყო ფორმულირებული. დამტკიცების შემდეგ, კანონი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული კანონი აკმაყოფილებს წინასწარგანჭვრეტადობის შესახებ მოთხოვნას. მართალია, შესაძლოა, კანონსა და მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მე-17 მუხლს შორის იყოს გარკვეული შეუსაბამობა, ეს უკანასკნელი კი მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის შიდა სამართლის სისტემის ნაწილია და ეროვნული კანონმდებლობის მიმართ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 71-73), მაგრამ სასამართლო ნორმათა შორის აშკარა კონფლიქტის გადაჭრას საჭიროდ არ მიიჩნევს. თუმცა ქვემოთ, კანონის თანაზომიერების საკითხის ანალიზისას, სასამართლო უფრო სიღრმისეულად განიხილავს მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მნიშვნელობას.
ბ. მართლზომიერი მიზანი
164. განსხვავებით კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებისა, 1-ლი ოქმის მე-3 მუხლი არ შეიცავს იმ მიზნების ჩამონათვალს, რომლებიც ამ მუხლის მიზნებისთვის მართლზომიერად შეიძლება იყოს მიჩნეული. მთავრობამ №273 კანონის აკრძალვის გასამართლებლად რამდენიმე მიზანი დაასახელა, კერძოდ, ლოიალობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და არსებობის დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მიზნად პარლამენტარების მიერ ქვეყნისადმი ერთგულების დაცვა მიიჩნია და პარლამენტის წევრების ორმაგი მოქალაქეობის დაშვება პარლამენტის წევრის მანდატის დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო პრინციპს, ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას ეწინააღმდეგებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 56). შემოთავაზებული კანონის მნიშნველობის განმარტებისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი იმ შემთხვევებში, როცა მოლდოვას მოქალაქეს, ორმაგი მოქალაქეობის გამო, სხვა ქვეყნის წინაშეც აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 39).
165. რაც შეეხება მიზანს, უზრუნველეყოთ ლოიალობა, ცნება, რომელიც სასამრთლოსთვის წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში თითოეულმა მხარემ ახსენა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 137, 144, 151), სასამართლო აღნიშნავს, რომ ცნება „ლოიალობა“, რომელიც მხარეებმა აკრძალვის დაკანონების გასამართლებლად გამოიყენეს, არ არის ნათელი და მხარეებსაც არ წარმოუდგენიათ ცნების მათეული განმარტება. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები თანხმდებიან, რომ ლოიალობა მოცემულ კონტექსტში ქვეყნის არსებობასა და დამოუკიდებლობასთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთანაა დაკავშირებული. ამასთან, პირები, რომლებიც მოლდოვას მოქალაქეები ნატურალიზაციით ან მოქალაქეობის აღდგენის გზით ხდებიან, ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების დაცვა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებსა და ტერიტორიულ მთლიანობას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 76).
166. თავის მხრივ, სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ლოიალობას ქვეყნის მიმართ და ლოიალობას მთავრობის მიმართ. მაშინ როცა ქვეყნისადმი ლოიალობის დაცვა შეიძლება იყოს საარჩევნო უფლებებზე შეზღუდვების დაწესების გამამართლებელი მართლზომიერი მიზანი, მთავრობისადმი ლოიალობის დაცვა ასეთად ვერ ჩაითვლება. ცხადია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, პარლამენტის წევრების, განსაკუთრებით კი - ოპოზიციონერი პარლამენტარების როლია, როგორც ელექტორატის წარმომადგენლებმა, მოქმედი მთავრობის მათ წინაშე აგნარიშვალდებულება უზრუნველყონ და მთავრობის პოლიტიკა შეაფასონ. გარდა ამისა, სხვადასხვა, და ზოგჯერ დიამეტრულად განსხვავებული მიზნის ქონა არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ საჭიროც კია, რათა უფრო განვითარდეს პლურალიზმი და ამომრჩევლებს მათი პოლიტიკური მოსაზრებების გამომხატველი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ. როგორც სასამართლომ ადრე აღნიშნა, მოსაზრებებისა და მათი თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის დაცვა კონვენციით - კერძოდ მისი მე-10 და მე-11 მუხლებით - გარანტირებული თავისუფლებების ერთ-ერთი ამოცაანაა. ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის, პლურალიზმისა და დემოკრატიის სათანადო ფუნციონირების უზრუნველყოფისთვის მათი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით (პოლიტიკური პარტიებისთვის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ზოგადად იხილეთ რაფეჰ პართიზი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №41340/98, №41342/98, №41343/98, №4134§/98, § 88, ECHR 2003‑II).
167. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ლოიალობა მოეთხოვებათ პარლამენტარებს ქვეყნის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ლოიალობა გულისხმობს ქვეყნის კონსტიტუციის, კანონების, ინსტიტუტების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. თუმცა, „დაცვა“ მოცემულ კონტექსტში პირს მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედოს. ნებისმიერი სხვაგვარი განმარტება პარლამენტის წევრებისთვის მათი ამომრჩევლების, განსაკუთრებით კი უმცირესობათა ჯგუფების აზრის გამოხატვას შეუძლებელს გახდის. სასამართლომ ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმართლებელია პოლიტიკური ჯგუფის შეზღუდვა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცდილობს, ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილის მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯაროდ იდავოს და დემოკრატიის წესების დაცვით ყველასათვის მისაღები გამოსავლის პოვნის მიზნით პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს. წინამდებარე საქმეშიც, ის ფაქტი, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოვას პარლამენტის წევრები შესაძლოა ისეთი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებას შეეცადონ, რომელიც, გარკვეულ პირთა მოსაზრებით, მოლდოვას სახელმწიფოს პრინციპებთან და არსებულ სტრუქტურასთან შეუთავსებელია, არ ნიშნავს, რომ მათი ეს პროგრამა დემოკრატიის წესებთან შეუსაბამოა. დემოკრატიის ფუნდამენტური ასპექტია ის, რომ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების წარმოდგენისა და ამ პროგრამებზე საჯარო დებატების გამართვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, თუნდაც ეს პროგრამები ქვეყნის არსებულ წყობას ეჭვქვეშ აყენებდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი თავად დემოკრატიას ვნებენ (იხილეთ, სოციალისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 25 მაისი, §§ 45 და 47, Reports 1998‑III; ასევე, მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ, №13936/02, § 95, ECHR 2009‑...).
168. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო განიხილავს საკითხს, წინამდებარე საქმეში შეზღუდვის მიზანი რეალურად იყო თუ არა ქვეყნისადმი ლოიალობის დაცვა, როგორც ეს მთავრობამ განაცხადა. ამ კუთხით, სასამართლო აღნიშნავს, რომ №273 კანონი, საარჩევნო რეფორმის პაკეტის მესამე ასპექტი იყო, დანარჩენი ასპექტები გახლდათ საარჩევნო ბარიერის გაზრდა და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 37). ყველა ამ ზომამ უარყოფითი შედეგი გამოიღო ოპოზიციისთვის, რომელსაც წინა არჩევნებში საარჩევნო ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვება უჭირდა და პარლამენტში ადგილების მოპოვებას მხოლოდ საარჩევნო ბლოკების შექმნის მეშვეობით ახერხებდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 31 და 33). 2009 წლის აპრილის არჩევნების შედეგებმა, როცა პარლამენტის 101 არჩეული წევრიდან, №273 კანონმა 21-ზე იქონია უარყოფითი გავლენა და 21-ვე მათგანი ოპოზიციონერი პარლამენტარი იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 59), კანონის არაპროპორციული ეფექტი აჩვენა. მომჩივნის მითითება, რომ გამონაკლისის სახით კანონი არ ვრცელდება დნესტრისპირეთში მხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთა დიდი ნაწილი ამავდროულად რუსეთის მოქალაქეობას ფლობს, კანონის ნამდვილი მიზნის შესახებ კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს (თუმცა, ასევე იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 187, რომელიც ამ გამონაკლისის ბუნდოვანებას ეხება). ამასთან, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მოცემული ცვლილებები კანონმდებლობაში არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დროით ადრე დამტკიცდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 44). 2009 წლის არჩევნების შემდეგ, ისევ შევიდა ცვილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რამაც ოპოზიციის კრიტიკა ისევ დაიმსახურა - ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ცვლილებები მმართველი პარტიისა და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალებისთვის არჩევნებში გამარჯვების შანსების გაზდრას ემსახურებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 63). ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ვენეციის კომისიის პრაქტიკის შესახებ კოდექსს მოიხმობს, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ან არჩევნების წინა პერიოდში შეცვლა შესაძლოა, შეცდომით ან მართებულად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კანონმდებლობის მანიპულირებად იყოს აღქმული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 86). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მათი აზრით, ცვლილებების შედეგად პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდათ, რითიც დასუსტდა პლურალიზმი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 47 და 49-50).
169. როცა ხელისუფლება ხმის მიცემის ან არჩევნებში კენჭისყრის უფლებაზე შეზღუდვებს აწესებს, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ცვლილებები არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე შედის ძალაში, მთავრობის ვალია, სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რაც გასაჩივრებული შეზღუდვების გასამართლებლად მთავრობის მიერ დასახელებული მიზნის ნამდვილობას დაადასტურებს. გარდა ამისა, წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში, როცა კანონი, თავისი უარყოფითი ეფექტით, მნიშვნელოვნად ზღუდავს ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობას, მოთხოვნა, რომ მთავრობამ სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რაც გასაჩივრებული შეზღუდვების მართლზომიერი მიზნის არსებობას დაადასტურებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოცემულ საქმეში მთავრობამ ვერ წარმოადგინა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პარლამენტის წევრების მიერ მოლდოვას სახელმწიფოს მიმართ არალოიალობის გამოვლენილი მაგალითები. გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოლდოვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ მოძრაობებზე მოკლე მინიშნებებისა, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განმარტებები არ ყოფილა წარმოდგენილი. გარდა ამისა, სავარაუდოდ არსებობს მტკიცებულება, რომ კანონის გამოყენება ყველას მიმართ ერთნაირად არ ხდება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 144).
170. მოცემულ გარემოებებში, სასამართლო ბოლომდე დარწმუნებული არაა, რომ კანონის მიზანი პარლამენტის წევრთა მიერ ქვეყნისადმი ერთგულების უზრუნველყოფა იყო. თუმცა სასამართლოს ამ საკითხის შეფასება საჭიროდ არ მიაჩნია, შეზღუდვის თანაზომიერების საკითხზე მისი დასკვნების გათვალისწინებით (იხილეთ ქვემოთ). შესაბამისად, სასამართლო ღიად ტოვებს საკითხს, მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა ემსახურებოდა თუ არა მართლზომიერ მიზანს.
გ. პროპორციულობა
171. თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს ძალიან ცოტა წევრი ქვეყანა კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პარლამენტის წევრობას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 87). იმ სამი ქვეყნიდან, სადაც ასეთი აკრძალვა არსებობს, ორი თავისი მოქალაქეებისთვის ორმაგ მოქალაქეობას არ უშვებს. ამასთან, ამ სამი ქვეყნიდან არცერთს აუღია მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 89). ყოფილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა, რომელთა უმრავლესობაც მრავალეთნიკური ქვეყნებია, გარკვეული ფორმით უშვებს ორმაგ მოქალაქეობას და მათგან არც ერთი უკრძალავს ორმაგ მოქლაქეებს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 92).
172. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა კონსენსუსის არსებობა - კერძოდ, სადაც დაშვებულია მრავლობითი მოქალაქეობა, ერთზე მეტი მოქალაქეობის ქონა არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის საფუძველი მაშინაც კი, როცა ქვეყნის მოსახლეობა მრავალეთნიკურია და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პარლამენტის წევრთა რაოდენობა შეიძლება მაღალი იყოს. თუმცა, კონსენსუსის მიუხედავად, განსხვავებული მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს, როცა განსაკუთრებული ისტორიული ან პოლიტიკური გარემოებების გამო მეტი შეზღუდვების საჭიროება არსებობს.
173. სასამართლო ხაზს უსვამს მოლდოვას განსაკუთრებულ მდგომარეობას - მას ორმაგ მოქალაქეთა პოტენციურად დიდი რაოდენობა ჰყავს და მან დამოუკიდებლობა არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოლდოვას ისტორიის გათვალისწინებით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 11-18), 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, სავარაუდოდ არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი, რომ მიღებულიყო ზომები მოლდოვას სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესამცირებლად, რათა სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და გაძლიერების შესაძლებლობა უზრუნველყოფილიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, რუმინეთში, სადაც ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია, ორმაგი მოქალაქეებისთვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა მხოლოდ 2003 წელს გაუქმდა. ბულგარეთს დღესაც მოლდოვას მსგავსი მიდგომა აქვს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 87). უკრაინაში ორმაგი მოქალაქეობა კვლავაც არ არის დაშვებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 90). №273 კანონით შემოღებული შეზღუდვები ამ სპეციფიკური ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს და სხელმწიფომ თავისუფალი შეფასების ფართო ზღვარით უნდა ისარგებლოს (იხილეთ ზემოთ ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ, § 121). შესაბამისად, სასამართლო არ გამორიცხავს, რომ 1991 წელს მოლდოვას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პარლამენტის წევრობის აკრძალვა შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო.
174. თუმცა, სასამართლოსთვის ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ასეთი აკრძალვა არა 1991 წელს, არამედ მოლდოვას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაახლოებით ჩვიდმეტი და მის მიერ ორმაგი მოქალაქეობის შემოღებიდან ხუთი წლის შემდეგ - 2008 წელს დაკანონდა. მოცემულ ვითარებაში არგუმენტი, რომ შეზღუდვების დაწესება მოლდოვას კანონების, ინსტიტუტებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იყო საჭირო, ნაკლებად დამაჯერებელია. იმისთვის, რომ საარჩევნო უფლებებზე შეზღუდვების ბოლო პერიოდში შემოღება გამართლებულად ჩაითვალოს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიზეზები უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ ორმაგი მოქალაქეების ლოიალობის საკითხი რატომ გახდა შეშფოთების საგანი ახლა და არა მაშინ, როცა კანონი პირველად შეიცვალა და ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები გახდა. მთავრობამ განაცხადა, რომ რიცხობრივი მაჩვენებლები - პარლამენტის ამჟამინდელ წევრთა დაახლოებით ერთ მეხუთედს ორმაგი მოქალაქეები და მეორე მოქალაქეობის მიღების პროცესში მყოფი პირები შეადგენენ - დაკანონებული მიდგომის გასამართლებლად საკმარისია (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 140). სასამართლო აღიარებს, რომ რიცხვები შთამბეჭდავია. თუმცა იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 26-28) და ამ მოქალაქეებს აქვთ უფლება, ისეთი პარლამენტარები წარმოადგენდნენ, ვინც მათ პრობლემებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებენ.
175. სასამართლომ გაიხსენა გადაწყვეტილება საქმეზე ადამსონსი ლატვიის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, § 123), სადაც ნათქვამია, რომ დროის გასვლასთან ერთად, საარჩევნო უფლებებზე ზოგადი შეზღუდვების გამართლება უფრო რთული ხდება. იმ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შეზღუდვების „ინდივიუალიზება“ - ისინი უნდა პასუხობდნენ ინდივიდთა რეალურ ქმედებას და არა პირთა ჯგუფისგან მომავალ მოჩვენებით საფრთხეს. მოცემულ საქმეში მოლდოვას კანონების, ინსტიტუტებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სხვა საშუალებები არსებობს. უკანონო ქმედებისთვის, ან ისეთი ქმედებისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის, სავარაუდოდ პრევენციული ეფექტი აქვთ და იდენტიფიცირებული პირისგან მომავალი კონკრეტული საფრთხის განეიტრალების შესაძლებლობას იძლევა. მთავრობას არ განუცხადებია, რომ კონფიდენციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობისთვის საიდუმლო სამსახურების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის აუცილებლობა კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად არაადეკვატური ღონისძიებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ორივე საშუალების მიზანია, კონკრეტულ ვითარებაში გამოავლინოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რეალური საფრთხე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა ზოგადი ვარაუდის საფუძველზე, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. სასამართლო იმეორებს, რომ ასეთი მიდგომა უმჯობესია მაშინ, როცა დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მყისიერი საფრთხე უკვე აღარ არსებობს (იხილეთ ზემოთ ადამსონსი ლატვიის წინააღმდეგ, § 125).
176. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორიულ-პოლიტიკური გარემოებები მოლდოვას მიერ მოქალაქეობის შესახებ კონვენციით ნებაყოფლობით აღებული ვალდებულებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების ზოგად კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ამ კუთხით მოცემულ სიტუაციაში საჭიროა მოპასუხე მთავრობის ratione materiae პრეტენზიაზე მსჯელობა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 131-132). სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც მან არაერთხელ დაადგინა, კონვენციით გარანტირებული უფლებების ინტერპრეტირებისას და იმის გასარკვევად, კონკრეტულ სფეროში არსებობს თუ არა საერთო ევროპული სტანდარტი, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესაბამისი, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ მიღებული, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები და ანგარიშები. სასამართლოს გადასაწყვეტია, კონკრეტულად რომელ საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და ანგარიშებს მიიჩნევს რელევანტურად და რამდენად დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს მათ. თუ არსებობს საერთო სტანდარტი და მოპასუხე სახელმწიფომ იგი ვერ შეასრულა, ეს გარემოება სასამართლომ კონკრეტულ საქმეში კონვენციის დებულებების ინტერპრეტირებისას მხედველობაში უნდა მიიღოს (იხილეთ ზემოთ, inter alia, დემირი და ბეიკარა თურქეთის წინააღმდეგ, §§ 85-86; შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ, § 95). წინამდებარე საქმეში, №273 კანონის პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს მოქალაქეობის შესახებ კონვენციის დებულებებს, რასიზმის საწინააღმდეგო კომისიისა და ვენეციის კომისიის დასკვნებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 45 და 51) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 48-50). კეროდ, მოქალაქეობის შესახებ კონვენციის განხილვისას სასამართლო არ ცდილობს, იმსჯელოს მომჩივნის უფლებაზე, იქონიოს ორმაგი მოქალაქეობა; სასამართლოს ამოცანაა, განიხილოს მოპასუხე ქვეყნის უფლება, არჩევის შემდეგ მომჩივნის მიერ პარლამენტში კუთვნილი ადგილის დაკავებაზე შეზღუდვები დააწესოს და შეაფასოს მსგავსი შეზღუდვების შესაბამისობა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან.
177. რაც შეეხება ასეთი ანგარიშებისა და დასკვნების შინაარსს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ, რასიზმის საწინააღმდეგო კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ვალდებულებათა შესრულებაზე ზედამხედველობის კომიტეტმა ერთხმად გააკრიტიკეს დაწესებული აკრძალვა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 45-51). შეშფოთება გამოითქვა №273 კანონის შესაძლო დისკრიმინაციულ ეფექტზე და იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა იგი გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ პროცესში ეფექტიან მონაწილეობაზე. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მოქალაქეობის შესახებ კონვენციის მე-17 მუხლს და მის თანახმად მოლდოვას მიერ აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველი მოქალაქეები მოლდოვას სხვა მოქალაქეების იდენტური უფლებებით სარგებლობდნენ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 85).
178. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საარჩევნო უფლებებე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა არ უნდა გამორიცხავდეს გარკვეული პირებისა თუ პირთა ჯგუფების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 158). ამ კუთხით სასამართლო მიუთითებს კანონის არაპროპორციულ ეფექტზე იმ პარტიებზე, რომლებიც კანონის შემოღების დროს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენდნენ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 168). პლურალიზმი და დემოკრატია უნდა ემყარებოდეს დიალოგსა და კომპრომისის სულისკვეთებას, რაც აუცილებლად გულისხმობს ინდივიდებისა და ინდივიდთა ჯგუფებისგან სხვადასხვაგვარ დათმობებს; ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დემოკრატიული საზოგადეობის იდეალებისა და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ხელის შესაწყობად გამართლებულია (იხილეთ გაერთიანებული კომუნისტური პარტია თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 იანვარი, § 45, Reports 1998‑I; ასევე, ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №44774/98, § 108, ECHR 2005‑XI). იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს დიალოგსა და აზრების გაცვლას, რაც დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკური არენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ისე, რომ პარტიებმა თავიანთი ელექტორატის წარმომადგენლობა შეძლონ, მათი პრობლემებისადმი ყურადღება მიიპყრონ და დაიცვან მათი ინტერესები (იხილეთ ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია მოლდოვას წინააღმდეგ, №28793/02, § 67, ECHR 2006‑II).
179. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ, ან უმეტესწილად, ოპოზიციის საზიანოდ მოქმედებს; განსაკუთრებით მაშინ, როცა შეზღუდვა გავლენას ახდენს ოპოზიციის შანსებზე, ოდესმე მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასეთი ტიპის ზომები 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებებს იმდენად ზღუდავენ, რომ მათ ძირითად არსსა და ეფექტიანობას აკარგვინებენ. წინამდებარე საქმეში აკრძალვის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე შემოღება მაშინ, როცა მმართველი პარტიის ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი მცირდებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 31-44), გამოყენებული ზომის არათანაზომიერების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია.
180. ზემოთ მოყვანილი ყველა გარემოების გათვალისწინებით და მოლდოვას განსაკუთრებული ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, სასამართლო ადგენს, რომ №273 კანონის დებულებები, რომელთა თანახმადაც პარლამენტის არჩეულ წევრებს არ ეძლევათ საშუალება, პარლამენტში კუთვნილი ადგილი დაიკავონ, არათანაზომიერია და არღვევს 1-ლი ოქმის მე-3 მუხლს. შესაბამისად, მოპასუხე მთავრობის ratione materiae პრეტენზია უარყოფილია.
III. მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში
ა. პალატის დასკვნა
181. პალატამ მიიჩნია, რომ მე-14 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი იმავე საკითხებს მოიცავდა, რაზეც სასამართლომ 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან დაკავშირებით იმსჯელა. ამიტომ, პალატამ მე-14 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის ცალკე განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.
ბ. მხარეთა არგუმენტები
1. მოლდოვას მთავრობა
182. მთავრობამ აღნიშნა, რომ №273 კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 80) პარლამენტის წევრთა ორმაგი მოქალაქეობის დაუშვებლობის შესახებ კანონით გათვალისწიებული აკრძალვის გავრცელების სფეროდან არა დნესტრისპირეთში მაცხოვრებელ მოქალაქეებს, არამედ დნესტრისპირეთის სახელისუფლებლო ინსტიტუტებს გამორიცხავდა. მთავრობა დაეთანხმა პალატის დასკვნას, რომ არ არსებობდა მე-14 მუხლთან დაკავშირებით საკითხის ცალკე განხილვის საჭიროება.
2. მომჩივანი
183. მომჩივანი არ დაეთახმა 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის მთავრობისეულ განმარტებას, აღნიშნა რა, რომ დებულების ტექსტი ნათლად იყო ფორმულირებული - იგი დნესტრისპირეთში მაცხოვრებელ პირებს შეეხებოდა და არა იქაური სახელისუფლებო სტრუქტურების (რომლებსაც მოლდოვას მთავრობა არ აღიარებდა) არჩევნებს. მომჩივნის მტკიცებით, არსებობდა მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევის ცალკე განხილვის საფუძველი, რადგან №273 კანონი, მასში არსებული დებულების თანახმად, არ ვრცელდებოდა დნესტრისპირეთში მცხოვრებ მოლდოვას მოქალაქეებზე მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ამავდროულად რუსეთის მოქალაქე იყო და ასეთი განსხვავებული მოპყრობას გამამართლებელი საფუძველი არ არსებობდა.
184. მომჩივანმა სასამართლოს მოუწოდა, დაედგინა მე-14 მუხლის დარღვევა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში.
3. რუმინეთის მთავრობა
185. რუმინეთის მთავრობა ასევე არ დაეთანხმა №273 კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული დნესტრისპირეთთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისის მოპასუხე მთავრობისეულ ვიწრო ინტერპრეტაციას, რადგან მიიჩნია, რომ ეს ინტერპრეტაცია კანონის განმარტების ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ვინაიდან მოპასუხე მთავრობა დენსტრისპირეთის ხელისუფლებასა და იქ არსებულ ინსტიტუტებს არ აღიარებდა, მტკიცება იმისა, რომ მოლდოვაში მიღებული კანონი დნესტრისპირეთის სახელისუფლებო ინსტიტუტების არჩევნებს ეხებოდა, შეუძლებელი იყო. რუმინეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რასიზმის საწინააღმდეგო კომისიამ გააკრიტიკა განსხვავებული მოპყრობა, როგორც გაუმართლებელი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 45) და მოუწოდა სასამართლოს, რასიზმის საწინააღმდეგო კომისიის დასკვნა მხედველობაში მიეღო (დაეყრდნო რა საქმეს კობზარუ რუმინეთის წინააღმდეგ, №48254/99, §§ 49-50, 2007 წლის 26 ივლისი).
186. რუმინეთის მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, დაედგინა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა.
გ. სასამართლოს შეფასება
187. სასამართლო აღნიშნავს, რომ №273 კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის, რომლის ფორმულირებაც არაზუსტია, ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით არსებობს დავა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ნორმის ორივენაირი ინტერპრეტაცია შესაძლებელია. სასამართლოს როლი არაა, დაადგინოს, რომელია ეროვნული კანონმდებლობის სწორი ინტერპრეტაცია; ეს საკითხი ეროვnული სასამართლოების გადასაწყვეტია.
188. ითვალისწინებს რა, რომ უკვე დადგინდა 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში საჭირო არაა მომჩივნის მიერ კონვენციის მე-14 მუხლზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივრის ცალკე განხილვა.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
189. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
190. მომჩივანს არ მოუთხოვია მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.
ბ. სასამართლო ხარჯები
191. მომჩივანმა წარმოადგინა საქმის დიდ პალატაში წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯების, მათ შორის სასამართლო მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად გაწეული ხარჯების, დეტალური მოთხოვნა, რაც მთლიანად 5,021.80 ევროს შეადგენს. მან წარმოადგინა ქვითრები. პალატაში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, განცხადებელმა სულ 8,881.83 ევრო მოითხოვა.
192. მთავრობას დიდი პალატისთვის არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება მომჩივნის სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით.
193. სასამართლო აღნიშნავს, პალატამ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა მის წინაშე საქმის წარმოების ხარჯების ანაზღაურების შესახებ და მომჩივანს 3,860 ევრო მიაკუთვნა. დიდ პალატაში საქმის განხილვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი ქვითრები ასევე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო მომჩივანს მოთხოვნილ თანხას სრულად მიაკუთვნებს.
გ. საურავი
194. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. იღებს გადაწყვეტილებას, საქმის არსებით მხარესთან ერთად განიხილოს მოპასუხე მთავრობის პირველადი ratione materiae პრეტენზია და არ დააკმაყოფილოს იგი.
2. იღებს გადაწყვეტილებას, არ დააკმაყოფილოს მოპასუხე მთავრობის სხვა პირველადი პრეტენზიები;
3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი;
4. ადგენს, რომ კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებაში კონვენციის მე-14 მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება არ არსებობს.
5. ადგენს
(ა) რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 8,881.83 ევრო (რვა ათას რვაას ოთხმოცდაერთი ევრო და ოთხმოცდასამი ცენტი); ამ თანხას დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც თანხის გადახდის დღეს მიკუთვნებული ხარჯების დადგენილი კურსით ევროდან მოლდოვურ ლეიში კონვერტირების დროს მომჩივანს შეიძლება დაერიცხოს.
(ბ) ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხას დაერიცხება საურავის პერიოდის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადდა საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2010 წლის 27 აპრილს.
მაიკლ ო’ბოილიპიერ ლორენცენი
სასამართლო განმწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy