© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ტარახელი შვეიცარიის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 29217/12)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
4 ნოემბერი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
საქმეში ტარახელი შვეიცარიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო-ლეფევრი,
ანდრაშ შაიო,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
იშილ კარაკაში,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
იულია ლაფრანკი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ჰელენ კელერი,
ანდრე პოტოკი,
პოლ ლემენსი,
ელენა ჯადერბლუმი,
პოლ მაჰოუნი, მოსამართლეები
და ლორენს ერლი, იურისკონსული,
ითათბირეს რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 12 თებერვალსა და 10 სექტემბერს,
მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 29217/12) შვეიცარიის კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 10 მაისს სასამართლოში წარმოადგინა ავღანეთის რვა მოქალაქემ (კოლექტიურად"მომჩივნები"): ბ-ნმა გოლაიან ტარახელმა („პირველი მომჩივანი“), დაბადებული 1971 წელს, მისმა ცოლმა, ქ-ნმა მარიამ ჰაბიბიმ („მეორე მომჩივანი“), დაბადებული 1981 წელს და ექვსმა არასრულწლოვანმა შვილმა: არეზუ, დაბადებული 1999 წელს, მოჰამადი, დაბადებული 2001 წელს, ნაზანინი, დაბადებული 2003 წელს, შიბა, დაბადებული 2005 წელს, ზეინაბი, დაბადებული 2008 წელს და ამირ ჰასანი, დაბადებული 2012 წელს, ყველანი ცხოვრობენ ლოზანაში. მოჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ ქ-ნ ქლოუი ბრეგნარდ ეკოფეის მიერ, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას Legal Aid Service for Exiles (Service d’Aide Juridique aux Exilés – SAJE). შვეიცარიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბ-ნი ფრანკ შურმანი, საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების უფლროსი იუსტიციის ფედერალურ ოფისში. კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებონენ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უბინაოდ დარჩენის ან არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში დაბინავების მაღალი საფრთხის გამო. მათი მოსაზრებით, საფრთხე გამომდინარეობდა იმ გარანტიების არარსებობისაგან, რომელიც, სისტემური ნაკლოვანებების გამო, არსებობდა იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის.
კონვენციის მე-13 და მე-3 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივნებმა ასევე მიუთითეს, რომ შვეიცარიის ხელისუფლებას სათანადოდ არ განუხილავს მათი პირადი გარემოებანი და არ გაუთვალისწინებია მათი, როგორც ერთიანი ოჯახის, ვითარება. 2012 წლის 25 ივნისს მთავრობამ მიიღო შეტყობინება საჩივრის შესახებ. 2013 წლის 24 სექტემბერს პალატამ, რომელზეც მოხდა საჩივრის განაწილება და რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: გიდო რაიმონდი, დანუტე იოჩიენი, პიერ ლორანსენი, ანდრაშ შაიო, იშილ კარაკაში, ნებოიშა ვუჩინიჩი და ელენ კელერი და სთეინლი ნაისმითი, სექციის განმწესრიგებელი, იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც არც ერთ მხარეს არ გამოუხატავს პრეტენზია შესაბამისი მიზეზის შეტყობის შემდეგ (კონვენციის მუხლი 30 და სასამართლო რეგლამენტის მუხლი 72). დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 $4 და $5 და რეგლამენტის 24-ე მუხლების შესაბამისად. საბოლოო განხილვაზე მოსამართლეებმა პოლ ლემენსმა და ნონა წოწორიამ, ჩამნაცვლებელმა მოსამართლეებმა, შეცვალეს ინეტა ზიმელე და პიერ ლორენსენი, რომლებმაც ვეღარ შეძლეს საქმის შემდგომი განხილვა (რეგლამენტის წესი 24 $ 3). მომჩივნებმა და მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ (რეგლამენტის მუხლი 59 $ 1). ამასთანავე, საქმეზე მოსაზრებანი წარმოადგინეს იტალიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ, ინდივიდუალური უფლებების შესახებ ევროპის კონსულტაციის ცენტრმა („AIRE ცენტრი“), ლტოლვილთა და დევნილთა ევროპულმა საბჭომ („ECRE”) და Amnesty International-მა, რომელთაც სასამართლოს პრეზიდენტმა მისცათ უფლება ჩართულიყვნენ საქმის წერილობით ნაწილში (კონვენციის მუხლები 26 $ 2 და რეგლამენტის 44 $ 3). იტალიის მთავრობა მონაწილეობდა ზეპირ მოსმენებშიც. მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 12 თებერვალს (რეგლამენტის მუხლი 59 $ 3).
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ფ. შურმანი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სამსახურის უფროსი, იუსტიციის ფედერალური ოფისი, ფედერალური პოლიციისა და სამართლის დეპარტამენტი, წარმომადგენელი
ბ-ნი ბ. დიუბეი, ევროპული სამართლისა და შენგენის/დუბლინის კოორდინაციის სექციის უფროსის მოადგილე, იუსტიციის ფედერალური ოფისი, ფედერალური პოლიციისა და სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი
ქ-ნი დ. სტეიგერ ლეუბა, ტექნიკური მრჩეველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სამსახურის უფროსი, იუსტიციის ფედერალური ოფისი, ფედერალური პოლიციისა და სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი
ბ-ნი ჯ. ჰორნი, დივიზიის მოადგილე, დუბლინის დივიზია, ფედერალური მიგრაციის ოფისი, ფედერალური პოლიციისა და სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი
ქ-ნი ვ. ჰოფერი, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „დუბლინის“ ლიაზონ ოფიცერი, ფედერალური მიგრაციის ოფისი, ფედერალური პოლიციისა და სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი;
(ბ) მომჩივნების სახელით
ქ-ნი ს. ბრეგნარდ ეკოფეი, SAJE თავმჯდომარე,იურისტი,
ქ-ნი კ. პოვლაკიჩი,მრჩეველი;
(გ) იტალიის მთავრობის სახელით (მესამე მხარე)
ქ-ნი პ. აკარდო,თანაწარმომადგენელი
ბ-ნი გ. მაურო პელეგრინი,თანაწარმომადგენელი
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი შურმანის, ბ-ნი ჰორნის, ქ-ნი ბრეგნარდ ეკოფეის, ქ-ნი პოვლაკიჩის და ქ-ნი აკარდოს გამოსვლები და მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე მათი პასუხები.
ფაქტები საქმის გარემოებანი საქმის გარემოებანი შემდეგგვარია. სასამართლოსათვის უცნობ დღეს პირველმა მომჩივანმა დატოვა ავღანეთი და გადავიდა პაკისტანში, სადაც შეხვდა და დაქორწინდა მეორე მომჩივანზე. ამის შემდეგ წყვილი გადავიდა ირანში, სადაც იცხოვრეს თხუთმეტი წლის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ დროს წყვილმა და მათმა შვილებმა დატოვეს ირანი და გადავიდნენ თურქეთში, იქიდან კი გემით იტალიაში გაემგზავრნენ. იტალიის პოლიციისა და იტალიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაზე თანდართული საიდენტიფიკაციო ფორმების მიხედვით, მომჩივნები (წყვილი და მათი ხუთი უფროსი შვილი) გადავიდნენ კალაბრიას ნაპირზე 2011 წლის 16 ივლისს და უმალვე, ყალბი ვინაობის მიწოდების შემდეგ, დაექვემდებარნენ EURODAC საიდენტიფიკაციო პროცედურას (ფოტოების გადაღება და ანაბეჭდების აღება). იმავე დღეს, წყვილი და მათი ხუთი შვილი განათავსეს სტინიანოს მუნიციპალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილ შენობაში (Reggio Calabria პროვინცია), სადაც ისინი დარჩნენ 2011 წლის 26 ივლისამდე. ამის შემდეგ, ისინი გადაყვანილ იქნენ თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ცენტრში (Centro di Acoglienza per Richiedenti Asilo, „ცენტრი“) ბარიში, პულიას რეგიონში, მას შემდეგ რაც მოხდა მათი ნამდვილი ვინაობის დადგენა. მომჩივნების მიხედვით, ცენტრში საცხოვრებელი პირობები ცუდი იყო, კერძოდ კი არ იყო სათანადო სანიტარული საშუალებანი, არ იყო დაცული პირადი სივრცე და ადგილი ჰქონდა ძალადობას იქ მყოფ პირებს შორის. 2011 წლის 28 ივლისს მომჩივნებმა დატოვეს „ცენტრი“ ბარიში ნებართვის გარეშე. ისინი გადავიდნენ ავსტრიაში, სადაც 2011 წლის 30 ივლისს კიდევ ერთხელ მოხდა მათი რეგისტრაცია EURODAC სისტემაში. მათ მოითხოვეს თავშესაფარი ავსტრიაში, რაზეც უარი ეთქვათ. 2011 წლის 1 აგვისტოს ავსტრიამ იტალიის ხელისუფლებას წარუდგინა მოთხოვნა ეზრუნათ მომჩივნებზე, რაზეც 2011 წლის 17 აგვისტოს მიიღო ფორმალური დასტური. დაუდგენელ დროს, მოჩივნები გადავიდნენ შვეიცარიაში. 2011 წლის 14 ნოემბერს ავსტრიის ხელისუფლებამ შეატყობინა იტალიელ კოლეგებს, რომ ტრანსფერი გადაიდო მომჩივნების ვინაობის არცოდნის გამო. 2011 წლის 3 ნოემბერს მომჩივნებმა მოთხოვეს თავშესაფარი შვეიცარიაში. 2011 წლის 15 ნოემბერს პირველი და მეორე მოჩივნები დაკითხა ფედერალურმა მიგრაციის ოფისმა („ფმო“), სადაც აღნიშნეს, რომ იტალიაში რთული საცხოვრებელი პირობები იყო და რომ პირველი მოჩივნისათვის შეუძლებელი იყო იქ სამუშაოს შოვნა. 2011 წლის 22 ნოემბერს “ფმო“-მ გაუგზავნა მოთხოვნა იტალიის ხელისუფლებას საკუთარი ზრუნვის ქვეშ მიეღო მოჩივნები. წარმოდგენილ მოსაზრებებში შვეიცარიისა და იტალიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ იგულისხმებოდა, რომ მათი მოთხოვნა მიიღო იტალიამ. 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით „ფმო“-მ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭებაზე და გამოსცა ბრძანება მათ იტალიაში გაგზავნაზე. ადმინისტრაციულმა ერთეულმა მიიჩნია, რომ „იტალიაში არსებული რთული საცხოვრებელი პირობები არ იყო გაგზავნის შეუსრულებლობის საფუძველი“ და რომ „შესაბამსიად, იტალიის ხელისუფლებას უნდა გაეწია დახმარება მომჩივანთათვის“ და რომ „შვეიცარიის ხელისუფლებას არ ჰქონდა კომპეტენცია ჩაენაცვლებინა იტალიის ხელისუფლება.“ მოცემული ფაქტების საფუძველზე მათ დაასკვნეს, რომ „საქმის მასალები არ შეიცავდა რაიმე სპეციფიურ ელემენტს, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთებოდა მომჩივანთა ცხოვრების მიმართ საფრთხე იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში.“ 2012 წლის 2 თებერვალს მომჩივნებმა აპელაცია შეიტანეს ფედერალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში. აპელაციის გასამყარებლად მათ აღნიშნეს, რომ იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების პირობები არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს და რომ ფედერალური ორგანოები არ ანიჭებდნენ საკმარის მნიშვნელობას ამ კუთხით მათ საჩივარს. 2012 წლის 9 თებერვალს ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და უცვლელი დატოვა „ფმო“-ს გადაწყვეტილება სრულად. სასამართლომ აღნიშნა, რომ „მართალია არსებობდა ნაკლოვანებანი მიღებისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებში და მართალია თავშესაფრის მაძიებლებს ყოველთვის ვერ უვლიდნენ სახელმწიფო ორგანოები და კერძო ქველმოქმედების განმახორციელებელი ორგანიზაციები, მაგრამ საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ „იტალიამ დაარღვია საერთაშორისო საჯარო სამართლით დადგენილი ვალდებულებანი.“ მომჩივანთა ქმედებაზე კონკრეტული მითითებისას კი აღნიშნა, რომ „შვეიცარიაში გამგზავრების გადაწყვეტილების მიღებით, მათ არ მისცეს იტალიის ხელისუფლებას საშუალება ეკისრათ ვალდებულებანი მომჩივანთა ვითარების საპასუხოდ.“ 2012 წლის 13 მარტს მომჩივნებმა „ფმო“-ს მიმართეს თხოვნით განეახლებინათ სამართალწარმოება და მიენიჭებინათ მათთვის თავშესაფარი შვეიცარიაში. მათ მიუთითეს, რომ მათი კონკრეტული ინდივიდუალური ვითარება არ განხილულა დეტალურად. „ფმო“-მ მათი მოთხოვნა გადაუგზავნა ფედერალურ ადმინიტრაციულ სასამართლოს, რომელმაც მოახდინა მისი კლასიფიცირება 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების „გადახედვის მოთხოვნა“-დ და არ დააკმაყოფილა იგი 2012 წლის 21 მარტით დათარიღებული გადაწყვეტილებით იმის გამო, რომ მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ ახალი გარემოებანი, რომელსაც ვერ დაეფუძნენ სამართალწარმოების დროს. მომჩივნებმა მათი მოთხოვნა დააფუძნეს იტალიაში ყოფნის დეტალურ აღწერასა და იმ ფაქტს, რომ მათი ბავშვები ახლა უკვე შვეიცარიულ სკოლაში დადიოდნენ. 2012 წლის 10 მაისის წერილში, რომელიც სასამართლოს სამდივნომ მიიღო 15 მაისს, მომჩივნებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოთხოვეს დროებითი ზომების მიღება და მათი საშუალებით შვეიცარიის მთავრობისათვის მოთხოვნა არ მოეხდინა მათი დეპორტირება იტალიაში სამართალწარმოების განმავლობაში. 2012 წლის 18 მაისით დათარიღებული ფაქსით სამდივნომ შეატყობინა შვეიცარიის მთავრობის წარმოამდგენელს, რომ სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით სარგებლობა და მოსთხოვა შვეიცარიის მთავრობას არ მოეხდინა მომჩივნების იტალიაში დეპორტირება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის განმავლობაში.
... ევროპის კავშირის შესაბამისი კანონმდებლობა
... დუბლინის II რეგულაცია ახლახანს ჩანაცვლდა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ 2013 წლის 26 ივნისს მიღებული N. 604/2013 რეგულაციით („დუბლინის III რეგულაცია“), რომელიც მიზნად ისახავს „დუბლინის“ სისტემის ეფექტურობის გაზრდასა და იმ სასამართლო გარანტიების გაძლიერებას, რომელიც ახდენს „დუბლინის“ პროცედურისადმი პირთა დაქვემდებარებას. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია უზრუნველყოს ოჯახების ერთად ყოფნა და განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებს მშობლების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებსა და სხვა პირებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დაცვას. ...
მუხლი 6
გარანტიები არასრულწლოვანთათვის
“1. წინამდებარე რეგულაციაში მოცემული ყველა პროცედურის საფუძველს და მთავარ მიზანს წევრ სახელმწიფოთათვის წარმოადგენს ბავშვთა ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფა.
...
3. ბავშვთა ინტერსების დაცვის უკეთ უზრუნველყოფის შეფასებისას, წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და გაითვალისწინებენ შემდეგ გარემოებებს:
(ა) ოჯახის გამთლიანების შესაძლებლობანი;
(ბ) არასრულწლოვანის კეთილდღეობა და სოციალური განვითარება;
(გ) უსაფრთხოებისა და უშიშროების ელემენტები, განსაკუთრებით როდესაც არსებობს არასრულწლოვანის ადამიანით ვაჭრობისადმი დაქვემდებარების საფრთხე;
(დ) არასრულწლოვნის შეხედულებანი, მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.“
...
სამართალი
... კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. მხარეთა არგუმენტები მომჩივნები მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის მიღების პირობები სისტემური ნაკლოვანებებით იყო აღსავსე: მათ შორის, იდენტიფიკაციის პროცედურის სიძნელის გამო, ოჯახების მიმღებებზე წვდომის სირთულეები; ამ ადგილებზე განსათავსებელი სივრცის მასშტაბი, რომელიც არასაკმარისი იყო; არაადექვატური საცხოვრებელი პირობები არსებულ ადგილებზე. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მომჩივნებმა მოიხმეს შემდგომ ორგანიზაციათი დასკვნები: შვეიცარიის ლტოლვილთა საბჭო (SFH-OSAR), იტალიაში მიღების პირობები: ანგარიში თავშესაფრის მაძიებელთა და დაცვის მიმღებთა, განსაკუთრებით „დუბლინის“ დაბრუნებულ პირთა არსებული ვითარების შესახებ, ბერნი, 2013 წლის ოქტომბერი („SFH-OSAR ანგარიში“),PRO ASYL, Maria Bethke, Dominik Bender, Zur Situation von Flüchtlingen in Italien, 28 თებერვალი 2011, (“PRO ASYL ანგარიში”); Jesuit Refugee Service-Europe (JRS), დუბლინი II ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ქვეყანა: იტალია, ნოემბერი 2011 (“JRS ანგარიში”); გაეროს ლტოლვითა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ანგარიში, რეკომენდაციები იტალიაში ლტოლვილთა დაცვის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, ივლისი 2012 (“2012 UNHCR რეკომენდაციები”); Nils Muižnieks მიერ მომზადებული ანგარიში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში, გამოქვეყნებული 18 სექტემბერს 2012 იტალიაში 2012 წლის 3-5 ივლისს ვიზიტის შემდეგ (“ადამიანის უფლებათა კომისრის 2012 ანგარიში“); და დუბლინის II რეგულაციების გამოყენების შესახებ ტექნიკური მხარდაჭერის ევროპის ქსელი, დუბლინის II რეგულაციების ეროვნული ანგარიში იტალიის შესახებ, 19 დეკემბერი 2012 (“დუბლინის II ქსელის 2012 ანგარიში”).
(ა) იდენტიფიკაციის პროცედურის სინელე
მომჩივნები აცხადებდნენ, რომ თავშესაფრის მაძიებლებმა CARA-სა თუ SPRAR (Sistema di protezione per richiedenti asilo e rifugiati) სხვა საცხოვრებლებში განთავსების უფლება მიიღეს „მხოლოდ მას შემდეგ“ რაც პოლიციამ მოახდინა მათი თავშესაფრის მაძიებლობის განაცხადის რეგისტრაცია (verbalizzazione). მომჩივნების მიხედვით, ხშირად რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი გადიოდა პირის მიერ შესაბამისი პოლიციის იმიგრაციის დეპარტამენტისათვის მიმართვიდან მათი განცხადების რეგისტრაციამდე. ამ დროში კი მაძიებლები უსახლკაროდ იყვნენ. მომჩივნების მიხედვით სწორედ აღნიშნულის შესახებ აღნიშნა ფრანკფურდის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაში..., რომელშიც იგი დაეფუძნა SFH-OSAR და Borderline-europe ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მათი აზრით კანონით განსაზღვული ადმინისტრაციული პროცედურის აღსრულების პროცესში ადგილი აქვს ნაკლოვანებებს. მათ აღიარეს, რომ ვითარება გარკვეულწილად განსხვავებული იყო იტალიაში დუბლინის რეგულაციების მიხედვით დაბრუნებული თავშესაფრის მაძიებლების მიამრთ, რომლებსაც, თეორიულად, ჰქონდათ დაუყოვნებელი წვდომა არა მხოლოდ CARA-სა და SPRAR გათავსების ადგილებზე, არამედ მუნიციპალური ხელისუფლებისა და ევროპის ლტოლვილთა ფონდის („ელფ“) მიერ 2008-2013 წლებში დაფინანსებული პროექტით შექმნილ შენობებზეც.
(ბ) მიღების ცენტრებში განთავსების მასშტაბები
მომჩივნებმა მიუთითეს, რომ „ელფ“ მიერ დაფინანსებული შენობანი განსაზღვრული იყო დუბლინის რეგულაციების საფუძველზე გადმოცემულ პირთათვის, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ არსებული ადგილები არასაკმარისი იყო გადმოცემულ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით. მოიხმეს რა SFH-OSAR ანგარიში, მიუთითეს, რომ 2012 წელს 3,551 პირისათვის, რომელთაგან 2,981 შვეიცარიიდან მოდიოდა, იყო მხოლოდ 220 ადგილი. რაც შეეხება CARA-სა და SPRAR შენობებს, მომჩივნების მიხედვთი, „დუბლინის“ საფუძველზე გადაცემულ პირებს მათზე წვდომა უჭირდათ. რაც შეეხება SPRAR ქსელის შენობებს, მომჩივნებმა - მოიხმეს რა SFH-OSAR ანგარიში - აღნიშნეს, რომ 2012 წელს იქ განთავსებულთაგან მხოლოდ 5% იყო დუბლინის რეგულაციების მიხედვით გადმოცემული და მათგან, მხოლოდ 6.5% იყო შვეიცარიიდან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შვეიცარიიდან გადმოცემული პირები შეადგენდნენ იტალიაში „დუბლინის“ მიხედვით დაბრუნდებლთა 85%. მომჩივნებმა დაასკვნეს, რომ „დუბლინის“ ფარგლებში დაბრუნებულ პირთა დიდი რაოდენობა საცხოვრებლის გარეშე რჩებოდა. მათ დასძინეს, რომ SFH-OSAR ანგარიშის მიხედვით, მრავალ შემთხვევაში იტალიაში გადმოცემული ოჯახები ერთად არ ბინავდებოდნენ. მომჩივნებმა ასევე წარმოადგინეს მონაცემები ზოგადად, თავშესაფრის მაძიებელთა დაბინავების შესახებ, მიუხედავად იმისა, „დუბლინის“ ფარგლებში იყვნენ ისინი გადმოცემულნი თუ არა. ამ მხრივ მათ აღიშნეს, რომ 34,115 თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი შევიდა იტალიაში 2011 წელს, ხოლო 2013 წლისათვის მაჩვენებელი გაიზარდა 15,715-მდე. SFH-OSAR ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს იტალიაში ცხოვრობდა 64.000 ლტოლვილი. იმავე წყაროს მიხედვით, 2012 წელს CARA-ს ჰქონდა მხოლოდ 8,000 ადგილი და მომლოდინეთა სია იმდენად დიდი იყო, რომ მათზე წვდომის ალბათობა ნაკლებ რეალისტური გახლდათ. რაც შეეხება SPRAR ნაგებობებს, SFH-OSAR ანგარიში აღნიშნავს, რომ სულ იყო 4,800 ადგილი და 5,000 ადამიანი მომლოდინეთა სიაში უკვე იყო. იგივე ანგარიში მიუთითებდა, რომ ორი სხვა ორგანიზაციის მიხედვით (კარიტასი და JRS), SPRAR შენობებში განთავსებულ პირთა - სადაც მინიმალური ყოფნის პერიოდი გახლავთ 6 თვე - მხოლოდ 6% -მა შეძლო სამუშაოს პოვნა და იტალიის საზოგადოების პროფესიულ ნაწილში დანერგვა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის განთავსების ცენტრებს, რომელიც ღიაა ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც მატერიალურად უჭირს და არ იფარგლება მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლებით, ადგილები იქაც ერთობ მცირე გახლდათ. SFH-OSAR ანგარიშის მიხედვით რომში იყო 1,300 ადგილი, მომლოდინეთა სიაში იყო 1,000 ადამიანი და საშუალო მოცდის პერიოდი სამი თვე გახლდათ. მილანში მხოლოდ 400 ადგილი იყო და სისტემატიურად ხდებოდა ოჯახების დაყოფა. მომჩივნებმა დასძინეს, რომ მართალია ზოგი მუნიციპალიტეტი ოჯახებს აძლევდა სოციალურ საცხოვრებლებს, გამოყოფილი ადგილები ცალსახად არასაკმარისი იყო და მოლოდინის სია გაწერილი იყო შემდეგ ათ წელზე. რელიგიური დაწესებულებებისა და არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებული ადგილებიც არასაკმარისი იყო. დაბოლოს, თავშესაფრის მაძიებლებს არ ჰქონდათ წვდომა კერძო საცხოვრებელზე, რაც იტალიის ეკონომიკური ვითარებისა და მზარდი უმუშევრობის გათვალისწინებით, ნიშნავდა რომ სამუშაოს ვერ იპოვნიდნენ. დასკვნის სახით, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა ტიპის მიღების ცენტრებში ადგილების სიმცირის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებლები, მათ შორის პატარა ბავშვიანი ოჯახები, იძულებლნი იყვნენ ეცხოვრათ უღირს და შეუძლებელ პირობებში ან უბრალოდ ქუჩებში. მაგალითისათვის, SFH-OSAR ანგარიში აღნიშნავს, რომ რომში 1,200-1,700 ადამიანი ცხოვრობს სახიფათო პირობებში, ხოლო იტალიის მასშტაბით, დაახლოებით 2,300-2,800 ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს.
(გ) საცხოვრებელი პირობები არსებულ შენობებში
მომჩივნები აცხადებდნენ რომ საცხოვრებელი პირობები, განსაკუთრებით CARA-ში ეწინააღმდეგებოდა „მიღების დირექტივაში“ გაწერილს. მათ მოიხმეს ორგანიზაცია Borderline-europe დასკვნა, რომლის მიხედვითაც ტრაპანის (სიცილია) CARA-ში ხუთი თუ ექვსი ადამიანი ცხოვრობდა 15კვ.მ. სივრცეში და ეძინათ მატრასებზე იატაკზე. მოცემულ ცენტრებში იყო არაადექვატური სანიტარია და პირადი სივრცე არ არსებობდა. ეს უკანასკნელი ხშირი იყო CARA-ებში, რასაც განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა ჰქონდა ბავშვებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახი გახლეჩილი იყო, როგორც ეს სისტემატიურად ხდება მილანში, მაგალთად. მინეოს (სიცილია) CARA-ში მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ არ იღებდნენ სახარჯ ფულს, რომ სველი წერტილები ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ არ არსებობდა წვდომა ჯანდაცვაზე და რომ სისხლისსამართლებრივი საქმიანობანი და პროსტიტუცია ფართოდ იყო გავრცელებული. მომჩივნებმა განსაკუთრებით მოიხმეს UNHCR-ის 2012 რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა კომისრის 2012 წლის ანგარიში. მათ ასევე მნიშვნელობა მიანიჭეს იმ ფაქტს, რომ ფრანკფურტის ადმინსიტრაციულმა სასამართლომ 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაში..., დაადგინა, რომ მიღების ადგილების ევროპულ დირექტივებთან შეუსაბამობის გამო, თავშესაფრის მაძიებელთა 50% იმყოფებოდა არასათანადო მოპყრობის საფრთხის წინაშე იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში. დაბოლოს, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ შვეიცარიის მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი იმის დასტურად, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნებზე პასუხისმგებლობის აღების კონკრეტული გამოსავლის ძიების მცდელობას. მათ განცხადების მიხედვით იტალიის მთავრობისადმი არ გაგზავნილა მოთხოვა მინიმალური გარანტიების მიღებაზე, რომლებსაც, თავისმხრივ, არანაირი გარანტია არ მიუციათ მომჩივანთათვის მათ ნორმალურ პირობებში და ერთად განათავსებდნენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი პირობები ბარის CARA-ში, სადაც მათ ორი დღე გაატარეს იტალიაში ყოფნის ჟამს, მიუღებელი ყო, განსაკუთრებით კი საკუთარი სივრცის არქონისა და იქ არსებული ძალადობის გამო.
მთავრობა
(ა) იდენტიფიკაციის პროცედურის სინელე
მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია მომჩივნების მიერ მოხმობილ სირთულეებზე, რომელთაც იწვევდა იდენტიფიკაციის პროცედურის სინელე.
(ბ) მიღების ცენტრებში განთავსების მასშტაბები მიღების ცენტრებში განთავსების მასშტაბებთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ 235 ადგილი ინახებოდა ERF დაფინანსებულ ცენტრებში დუბლინის რეგულაციების მოქმედების ქვეშ მყოფი თავშესაფრის მაძიებლებისათვის. მთავრობამ შემდგომ შენიშნა, რომ SPRAR ქსელის მასშტაბი 2014-2016 წლებში გაიზრდებოდა 16,000 ადგილამდე. მათ მოიხმეს UNHCR 2012 წლის რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა კომისრის 2012 წლის ანგარიში, ისევე როგორც ადამინის უფლებათა სასამართლოს მიერ მოჰამედ ჰუსეინის შესახებ საქმე, ციტირებული ზემოთ და ამავე საკითხზე შემდგომი განხილვები რიგ საქმეებში (Daytbegova and Magomedova v. Austria (dec.), no. 6198/12, 4 ივნისი 2013; Abubeker v. Austria and Italy (dec.), no. 73874/11, 18 ივნისი 2013; Halimi v. Austria and Italy (dec.), no. 53852/11, 18 ივნისი 2013; Miruts Hagos v. the Netherlands and Italy (dec.), no. 9053/10, 27 აგვისტო 2013; Mohammed Hassan and Others v. the Netherlands and Italy (dec.), no. 40524/10, 27 აგვისტო 2013; და Hussein Diirshi and Others v. the Netherlands and Italy (dec.), no. 2314/10, 10 სექტემბერი 2013).
(გ) საცხოვრებელი პირობები არსებულ შენობებში არსებულ შენობებში საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით მთავრობამ ისევ მოიხმო UNHCR 2012 წლის რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა კომისრის 2012 წლის ანგარიში, რომლის საფუძველზეც აღნიშნა, რომ არ არსებობდა მიზეზი იტალიაში „მიღების დირექტივის“ სისტემატიურ დარღვევაზე სასაუბროდ. მათ იქვე დასძინეს, რომ არაფერი იცოდნენ „დუბლინის“ სახელმწიფოების მიერ იტალიაში დაბრუნებაზე ზოგადი უარის შესახებ და რომ არც UNHCR და არც ადამიანის უფლებათა კომისერი არ ჩართულა წინამებარე სამართალწარმოებაში, განსხვავებით M.S.S. საქმისაგან. კონკრეტულად მომჩივნების საქმესთან დაკავშირებით მთავრობამ მიუთითა, რომ 2011 წლის 22 ნოემბერს „ფმო“-მ წარუდგინა მოთხოვნა იტალიის ხელისუფლებას საკუთარ თავზე აეღოთ მათზე ზრუნვა დუბლინის რეგულაციების მე-17 მუხლის თანახმად. მომდევნო ორი თვის განმავლობაში პასუხი მათ არ მიუღიათ, როგორც ამას ადგენს რეგულაციის 18(1) მუხლი; მთავრობის აზრით ეს მიჩნეული უნდა ყოფილიყო როგორც დუმილით თანხმობა, რაც შვეიცარიასა და იტალიას შორის საქმისწარმოების ჩვეულ ფორმას წარმოადგენს. მას შემდეგ პრაქტიკა შეიცვალა და იტალია ახლა აშკარად ადასტურებს შვეიცარიიდან წამოსულ პირებზე ზრუნვის დასტურს. ზოგადად, „დუბლინის“ პროცედურით პირთა გადაცემა წარმოადგენდა წინასწარ, დიდი ხნით ადრე მომზადებულ ზომას, რომელიც არ გამოიყენება უცაბედად, რათა შესაძლებელი იყოს იმ ვითარების გათვალისწინება, რომელშიც იმყოფება განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირები, მაგალითად ოჯახები პატარა ბავშვებით იტალიაში ჩასვლამდე. იტალიის შესაბამის ორგანოებთან ამ საკითხებზე თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დუბლინის დეპარტამენტში შვეიცარიელი ლიაზონ ოფიცერის ყოფნის გამო. 2013 წლის დასაწყისიდან იტალიის ხელისუფლებამ დაიწყო ახლებურად მოქმედება, რომელიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებელზე ზრუნვის აღიარებას და ამასთან ერთად აეროპორტისა და მიღების ცენტრის მითითებას. ნებისმიერ შემთხვევაში, 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე მთავრობამ მიუთითა, რომ მათ შეატყობინეს იტალიის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში, მოჩივნები განთავსდებიან ERF მიერ დაფინანსებულ ცენტრში ბოლონიაში. მათ შემდგომი დეტალები არ აღუნიშნავთ ტრანსფერისა და მიღების ცენტრის პირობების შესახებ.
იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებისა და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის, AIRE ცენტრის, ECRE, Amnesty International და მესამე მხარეთა მოსაზრებანი
(ა) იდენტიფიკაციის პროცედურის სინელე იტალიის მთავრობის მიხედვით, 2008 წლის 28 იანვრის საკანონმდებლო აქტი N. 25/2008, მუხლი 20 ადგენს, რომ საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირებს შესაძლოა მიეცეთ საცხოვრებელი CARA-ებში იმ დროით, რაც საჭიროა მათი ვინაობის დასადგენად, ანუ, მანამდე, სანამ მოხდება მათი თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაციის რეგისტრაცია (არაუმეტეს ოცი დღის ვადაში) და მანამდე, სანამ ტერიტორიული კომისია განიხილავს მათ აპლიკაციას (არაუმეტეს ოცდათხუთმეტი დღის ვადაში). თუკი მოხდება აპლიკაციის დაკმაყოფილება, განმცხადებლებს ეძლევათ წვდომა SPRAR ცენტრებზე. მოცემულის გათვალისწინებით, 2005 წლის 30 მაისის საკნონმდებლო აქტი N. 140/2005, მუხლი 6 აღნიშნავს, რომ თუკი დადგინდება, რომ SPRAR-ში არ არის საკმარისი ადგილები, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ არ აქვთ არსებობისათვის საკმარისი თანხა, ენიჭებათ უფლება დარჩნენ CARA-ებში. იტალიის მთავრობას არ წარმოუდგენია ინფორმაცია არცერთ საქმეზე, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ალოდინეს რამდენიმე კვირა ან თვეც კი სანამ მისცემდნენ წვდომას CARA-ზე, ვინაობის დადგენამდე ან მის შემდეგ. მათ მიუთითეს, თუმცა, რომ საშუალოდ, მომჩივანთა აპლიკაციის განხილვას სჭირდებოდა 72 დღე 2012 წელს და 92 დღე 2013 წელს. ამდენად დიდი დრო საჭირო რადგან აუცილებელი იყო ყოველ მაძიებელთან ინტერვიუ ტერიტორიულ კომისიაში, რომელიც გრძელდებოდა ერთი საათი მაინც, და რომ ათივე კომისიიდან ყოველი მათგანი, პრაქტიკაში, ვერ ახდენდა დღეში 10 აპლიკაციაზე მეტის განხილვას. 2013 წლის 4 სექტემბრის კანონით (N. 97/2013), ტერიტორიულ კომისიებში შეიქმნა რამდენიმე დამატებითი განყოფილება რათა დაჩქარებულიყო თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების განხილვა. მსგავსად შვეიცარიის მთავრობისა, დანარჩენ მესამე მხარედ ჩართულ ერთეულებსაც არ გაუკეთებიათ კომენტარი მოცემული საკითხის პრაქტიკულ ასპექტებზე.
(ბ) მიღების ცენტრებში განთავსების მასშტაბები იტალიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პოზიციაში მითითებული იყო, რომ 2013 წლის 17 სექტემბრის აქტით, შინაგან საქმეთა მინისიტრმა გააწყვიტა გააორმაგოს SPRAR ქსელის მოცულობა და 2014-2016 წლების დამლევს ქვეყანაში იქნება 16.000 ადგილი. დღეისათვის ქსელს აქვს 9,630 ადგილი, საიდანაც 1,230 შეიქმნა აქტის მიღების შემდეგ. ამასთანავე, სიცილიის რეგიონის პრეფექტებმა მოითხოვეს 2013 წლის 7 ოქტომბრის ცირკულარში განსაზღვრულიყო დამატებითი განთავსება ლტოლვილთათვის, მათ შორის კერძო სექტორშიც. დღეისათვის, დაახლოებით ორმოცი ამგვარი ადგილი განისაზღვრა, რაც მთლიანობაში 1,834 ადგილს უზრუნველყოფს. შემდგომი ექვსი მზადაა ასამოქმედებლად ლტოლვილთა დიდი რაოდენობით შემოდინების შემთხვევაში. 2013 წლის პირველ ექვს თვეში წარმოდგენილი იყო 14,184 აპლიკაცია (2013 წლის 15 ივნისის მდგომარეობით). დაბოლოს, 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე, იტალიის მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა შეაფასა როგორც „კატასტროფული ვითარება“. ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა არსობრივად გაიზიარეს შვეიცარიის მთავრობის პოზიცია. და ამ უკანასკნელის მსგავსად აღნიშნეს, რომ განსხვავებით საბერძნეთისაგან, UNHCR-ს არ მოუთხოვია რიგი მოწყვლადი ჯგუფების იტალიაში ტრანსფერის შეჩერება. შვედეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ იტალიამ და ევროპის თავშესაფრის დახმარების ოფისმა (EASO) 2013 წლის 4 ივნისს ხელი მოაწერეს თავშესაფრის მაძიებელთა მიღების პირობების გაუმჯობესებას. ამასთანავე, „დუბლინის“ ფარგლებში იტალიაში დაბრუნებული პირების შესახებ სისტემატიურად იცვლება ინფორმაცია ორი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს შორის, განსაკუთრებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება კი ხდება მოწყვლადი პირების, განსაკუთრებით მარტო მყოფი ბავშვების შემთხვევაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანთა მიერ მოხმობილი ანგარიშები შეფასებების გაკეთებისას ეფუძნებოდნენ ადგილზე არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებით ეს ეხება PRO ASYL ანგარიშს, რომელიც ხშირად არც კი ასხვავებს „თავშესაფრის მაძიებლებს“, „აღიარებულ ლტოლვილებსა“ და „თავშესაფრის მიღებაზე უარის მქონე მაძიებლებს“. მოცემული განსხვავება კრიტიკულია, თუმცა, იმის გამო, რომ „მიღების დირექტივა“ ვრცელდება მხოლოდ თავშესადრის მაძიებლებზე, რომელთა სტატუსიც განუყოფლად დროებითია, მაშინ როდესაც „კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დირექტივა“, რომელიც ვრცელდება ლტოლვილებზე, ამ უკანასკნელთ უფრო თანაბარ ვითარებაში აყენებს საკუთარ მოქალაქეებთან დასაქმების, განათლებისა და სოციალური დახმარებების მიღების მხრივ. შესაბამისად, მათში მოცემული მონაცემები არასწორ სურათს ქმნის. მაგალითისათვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აღნიშნა, რომ SFH-OSAR ანგარიშმა გააკრიტიკა რომში ტორ მარანსიას თავშესაფარში არსებული ვითარება, მაშინ როდესაც იქვე მიუთითა, რომ თავშესაფარში განთავსებულნი იყვნენ ავღანელი კაცები აღიარებული ლტოლვილის სტატუსით. ორგანიზაციამ „ბავშვთა დაცვა“ გაიზიარა მომჩივანთა მოსაზრება მასზედ, რომ იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა განსათავსებელი სივრცე ცალსახად არასაკმარისი იყო, მიუთითა რა, რომ არსებულ მდგომარეობას განსაკუთრებით მძიმე გავლენა ჰქონდა ბავშვებზე, რადგან ზოგიერთ მათგანს, არაჯანსაღ პირობებთან ერთად, უწევდა ჯოგად ცხოვრება. არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიხმო SFH-OSAR ანგარიშში არსებული ინფორმაცია.
(გ) საცხოვრებელი პირობები არსებულ შენობებში მომჩივნების მსგავსად, ორგანიზაციამ „ბავშვთა დაცვა“ მოიხმო SFH-OSAR ანგარიში და განაცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი იტალიაში გაიგზავნა „დუბლინის რეგულაციების“ მიხედვით და რომ ჩასვლისას მოხდა მათი განცალკევებით განთავსება არსებულ შენობებში, განსაკუთრებით CARA-ებში. მილანში ასეთი პრაქტიკა კიდევ უფრო ხშირი იყო. წარმოდგენილ მოსაზრებაში ორგანიზაციამ „ბავშვთა დაცვა“ ხაზი გაუსვა 1989 წლის ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციაში განმარტებულ ტერმინს „ბავშვთა ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფა“ და მიუთითა, რომ „დუბლინის“ ფარგლებში დაბრუნებისას, სწორედ ბავშვთა სოციალური და ემოციური განვითარება უნდა წარმოადგენდეს მათი „ინტერესების უკეთ დაცვის“ განმსაზღვრელ კრიტერიუმს. არასამთავრობომ მოიხმო „დუბლინი III რეგულაციის“ მე-6 მუხლი, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს (იხ. პარა. 35 ზემოთ). „ბავშვთა დაცვა“-მ ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ ოჯახური გარემოს დაცვის უზრუნველყოფას და მოიხმო ამ სასამართლოს პრაქტიკა ბავშვთა, განსაკუთრებით მიგრანტების, დაკავებისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ. დასკვნის სახით, მათ თხოვნით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აკრძალოს ბავშვთა დაბრუნება იტალიაში იმ არაჯანსაღი პირობების გამო, რომელში ცხოვრებაც უწევთ თავშესაფრის მაძიებლებს იტალიაში. AIRE ცენტრმა, ECRE და Amnesty International-მაც მოიხმეს „ბავშვთა ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფის“ პრინციპი და მიუთითეს, რომ ბავშვების გადაყვანა ევროპის კავშირის ერთი წევრ სახელმწიფოდან მეორეში უნდა ხდებოდეს თუკი ეს საჭიროა ბავშთა ინტერებიდან გამომდიანრე. იტალიის მთავრობამ 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ბარის CARA-ში ძალადობის რამდენიმე შემთხვევას სწორედ მომჩივანთა ჩამოსვლამდე. თუმცა მათ უარყვეს, რომ სისტემატიურად ხდებოდა თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების დაყოფა; ასეთ შემთხვევას მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი და გაგრძელდა ძალიან მცირე ხნით, მხოლოდ პირველ ხანებში, როდესაც მოხდა თავშესადრის მაძიებელთა აყვანა და იდენტიფიცირება. მათ ასევე მიუთითეს, რომ თავშესაფრის მაძიებლები რომლებიც წარმოადგენენ მოწყვლადთა კატეგორიას იტალიის ხელისუფლებისათვის - რასაც ადგილი ჰქონდა მომჩივნების შემთხვევაშიც, რადგან ჰყავდათ ბავშვები - მათი აყვანა და განთავსება ხდებოდა SPRAR სისტემი მიხედვით, რომელიც მათ გარანტირებულად უზრუნველყოფდა საცხოვრებლით, საკვებით, ჯანდაცვით, იტალიური ენის შემსწავლელი კლასებით, სოციალური მომსახურებით, იურიდიული კონსულტაციით, საგანმანათლებლო ტრენინგებით, სტაჟირებით და საკუთარი საცხოვრებლის ძიებაში დახმარებით.
ბ. სასამართლოს შეფასება
სასამართლო თავიდანვე მიუთითებს, რომ შვეიცარიის მთავრობის მიხედვით, თუკი მოხდება მომჩივანთა დაბრუნება იტალიაში, ისინი განთავსდებიან ERF მიერ დაფინანსებულ საცხოვრებელში ბოლონიაში (იხ. პარა. 75 ზემოთ). თუკი დავუშვებთ რომ მოცემულს გარემოებას მოქმედებაში მოყავს კონვენციის 37-ე მუხლის 1(ბ) და (გ) ნაწილები, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გათვალისწინებულ უნდა იქნას წინამდებარე საჩივრის არსებითად განხილვისას (იხ. პარა. 121 ქვემოთ).
შვეიცარიის პასუხისმგებლობა კონვენციის ფარგლებში
სასამართლო მიუთითებს, რომ, წინამდებარე საქმეში შვეიცარიის პასუხისმგებლობა კონვენციის მე-3 მუხლით სადავო არ არის.
მიუხედავად ამისა, სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმეში Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland ([GC], no. 45036/98, § 152, ECHR 2005‑VI), მან დაადგინა, რომ კონვენცია ხელშემკვრელ მხარეებს არ უკრძალავს გადასცეს სუვერენული უფლებამოსილება საერთაშორისო ორგანიზაციას რიგ სფეროებში თანამშრომლობის მიზნით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები ინარჩუნებელ პასუხისმგებლობას კონვენციის დებულებების დასაცავად ყველა იმ მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის, რომელსაც ახორციელებენ მათი ორგანოები ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ფარგლებში (ibid., $ 153). ამგვარი ვალდებულებების შესაბამისი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან გამართლებულია იმდენად, რამდენადაც შესაბამისი ორგანიზაცია მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებების დაცვას მინიმუმ იმ დონეზე, როგორც ამას მოითხოვს კონვენცია. თუმცა, სახელმწიფო სრულად არის პასუხისმგებელი კონვენციით დადგენილი ვალდებულებებით იმ ქმედებებზე, რომელიც ხვდება მის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს მიღმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მან ისარგებლა სახელმწიფო დისკრეციული უფლებამოსილებით (ibid., §§ 155-57; see also Michaud v. France, no.12323/11, §§ 102-04, ECHR 2012).
განსხვავებით ბოსფორის საქმისაგან, ამ შემთხვევაში შვეიცარია არ არის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელიც 2004 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა შვეიცარიის კონფედერაციასა და ევროპის კავშირს შორის, შვეიცარიას ეკისრება „დუბლინის რეგულაციებით“ დადგენილი ვალდებულებანი... და მონაწილეობს მოცემული ინსტრუმენტით შექმნილ სისტემაში. სასამართლო აღნიშნავს - დუბლინის რეგულაციების 3(2) მუხლი ადგენს, რომ 3(1) მუხლში დადგენილი ზოგადი წესისაგან გადახვევით, ყოველი წევრი სახელმწიფო უფლებამოსილია განიხილოს მესამე ქვეყნის მოქალაქის მიერ თავშესაფრის მაძიებლის აპლიკაცია, მაშინაც კი, თუკი კონკრეტული განხილვა არ არი მისი ვალდებულება რეგულაციების მიხედვით. ხსენებულ უფლებას ეწოდება „სუვერენიტეტის“ დებულება... ასეთ შემთხვევაში, მოცემული სახელმწიფო ხდება წევრი სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია განიხილოს თავშესადრის მაძიებლის აპლიკაცია რეგულაციის მიხედვით და კისრულობს მოცემული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შესაბამის ვალდებულებებს (იხ. M.S.S., ციტირებული ზემოთ, $ 339). ასოცირების მექანიზმის საფუძველზე, განხილული მექანიზმი ვრცელდება შვეიცარიაზეც. სასამართო ასკვნის, რომ შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ დუბლინის რეგულაციების საფუძველზე, თავი შეეკავებინათ მომჩივნების იტალიისადმი გადაცემისაგან თუკი მიიჩნევდნენ, რომ მიმღები სახელმწიფო არ აკმაყოფილებდა კონვენციით დადგენილ ვალდებულებებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების იტალიაში დაბრუნების გადაწყვეტილება პირდაპირ არ ხვდება დუბლინის რეგულაციებით შექმნილი სისტემის ფარგლებში შვეიცარიის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებაში (იხ mutatis mutandis, M.S.S., ციტირებული ზემოთ, § 340 ). შესაბამისად,წინამდებარე საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ შვეიცარიას ეკისრება პასუხისმგებლობა კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით.
...
საქმის არსებითი მხარე
(ა) ზოგადი პრინციპების შეჯამება სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ თავშესაფრის მაძიებლის გაძევება შესაძლოა წარმოადგენდეს მე-3 მუხლით განსახილველ შემთხვევას და, შესაბამისად, გულისხმობდეს მოცეული სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს საფუძველი გვჯეროდეს, რომ მოცემული პირი წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის რეალური საფრთხის წინაშეა მიმღებ სახელმწიფოში. მსგავს გარემოებებში, მე-3 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას არ გააძევოს პირი მოცემულ ქვეყანაში (იხ.Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 152, ECHR 2008; M.S.S., ციტირებული ზემოთ, § 365; Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, §§ 90-91, Series A no. 161; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, 30 ოქტომბერი 1991, § 103, Series A no. 125; H.L.R. v. France, 29 აპრილი 1997, § 34, Reports 1997-III; Jabari v. Turkey, no. 40035/98, § 38, ECHR 2000‑VIII; და Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, § 135, ECHR 2007‑I). სასამართლომ არაერთგზის დაადგინა - იმისათვის, რომ არასათანადო მოპყრობა მოხვდეს მე-3 მუხლის მასშტაბში, იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, კერძოდ კი მოპყრობის ხანგრძლივობა და მისი ფიზიკური თუ გონებრივი შედეგები, რიგ შემთხვევაში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთებლობის მდგომარეობა (იხ,inter alia, Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 91, ECHR 2000-XI, and M.S.S., ციტირებული ზემოთ, § 219). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მე-3 მუხლის განმარტება არ უნდა მოხდეს ისე, თითქოს ავალდებულებდეს მაღალ შემკვრელ მხარეებს მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირი უზრუნველყონ სახლით (Chapman v. the United Kingdom [GC], no. 27238/95, § 99, ECHR 2001‑I ). მე-3 მუხლი სახელმწიფოებს არ ავალდებულებს გაუწიოს ლტოლვილებს ფინანსური დახმარება და ამით დაეხმაროს ცხოვრების გარკვეული სტანდარტის შენარჩუნებაში (იხ.Müslim v. Turkey, no. 53566/99, § 85, 26 აპრილი 2005, და M.S.S., ციტირებული ზემოთ, § 249). მ.ს.ს. საქმეზე გადაწყვეტილებაში ($ 250), სასამართლომ მიიჩნია, რომ რაც იყო საქმის არსი, არ უნდა განხილულიყო ამგვარი პირობებით. განსხვავებით მიუსლიმ საქმისაგან (ციტირებული ზემოთ, $ 83-84), საცხოვრებლისა და ადამიანური ფინანსური პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება გაღატაკებული თავშესაფრის მაძიებლებისათვის დაფუძნდა უკვე პოზიტიურ სამართალში და საბერძნეთის ხელისუფლება ვალდებული იყო დამორჩილებოდა საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ახდენდა ევროპის კავშირის კანონმდებლობის ციტირებას, კერძოდ კი „მიღების დირექტივაში“ დადგენილ ვალდებულებებს. ხსენებულ საქმეში მომჩივანი საბრძნეთის მთავრობას ედავებოდა იმას, რომ მათი განზრახი მოქმედებისა თუ უმოქმედობის გამო, პრაქტიკაში შეუძლებელი იყო ესარგებლა დადგენილი უფლებებითა და დაეკმაყოფილებინა ძირითადი საჭიროებანი. იმავე გადაწყვეტილებაში ($ 251), სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა მომჩივნის, როგორც თავშესაფრის მაძიებლის, სტატუსს, როგორც განსაკუთრებულად ჩაგრულ და მოწყვლად სეგმენტს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ დაცვას. მან ანიშნა, რომ საერთაშორისო და ევროპულ დონეზე ფართო კონსესუსის არსებობა სპეციალური დაცვის შესახებ ასახულია ჟენევის კონვენციაში, წარმოადგენს UNHCR პასუხისმგებლობებსა და საქმიანობას და გაწერილია ევროპის კავშირის „მიღების დირექტივით“ დადგენილ სტანდარტებში. მიუხედავად ამისა, მ.ს.ს. საქმეში ($ 253-253), იმის განსაზღვრისას თუ რამდენად მოყავდა მოქმედებაში მე-3 მუხლი უკიდურეს სიღარიბეს, სასამართლომ გაიმეორა, რომ არ გამორიცხავდა „იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს [მე-3 მუხლით] ისეთი მოპყრობის შემთხვევაში, როდესაც, მომჩივანი, რომელიც სრულად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხარდაჭერაზე, აღმოჩენს, რომ ადგილი აქვს ოფიციალურ ინდიფერენტულობას ვითარებაში, რომელიც სერიოზულად აკნინებს ან შეუსაბამოა ადამიანურ ღირსებასთან“ (იხ.Budina v. Russia (dec.), no. 45603/05, 18 ივნისი 2009). კონკრეტულად არასრულწლოვნებთან მიმართებაში, სასამართლომ დაადგინა - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვის უკიდურესი მოწყვლადობა წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს და უკანონო იმიგრანტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება (იხ.Mubilanzila Mayeka and Kaniki Mitunga v. Belgium, no. 13178/03, § 55, ECHR 2006‑XI, და Popov v. France, nos. 39472/07 და 39474/07, § 91, 19 იანვარი 2012). ბავშვებს გააჩნიათ სპეციფიკური საჭიროებანი, რომელიც კავშირშია მათ ასაკთან და დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან, ისევე როგორც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს მიიღონ სათანადო ზომები და უზრუნველყონ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ბავშვის დაცვა და მისთვის ჰუმანიტარული დახმარება, მიუხედავად იმისა ბავშვი მარტოა თუ მშობლებთან ერთად (იხ, პოპოვის საქმე, ციტირებული ზემოთ, $ 91).
(ბ) მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში „მათზე ზრუნვის ინდივიდუალური გარანტიების არარსებობის გათვალისწინებით’“ ისინი დაექვემდებარებოდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც გამომდინარეობდა თავშესაფრის მაძიებლების მიღების ცენტრებში არსებულ „მუდმივი დანაკლისიდან“. საჩივრის განსახილველად სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშნველოვანია მიყვეს მ.ს.ს. გადაწყვეტილებაში მიღებულის მსგავს მიდგომას, სადაც მომჩივნის კონკრეტული შემთხვევა განხილულ იყო იმ დროს საბერძნეთში არსებული ზოგადი ვითარების ფონზე. პირველ რიგში, სასამართლო მოიხმობს მის პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლის გაძევება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შესაძლოა შეიქნას მე-3 მუხლით განსახილველი შემთხვევა, თუკი „არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ“, რომ მოცემული პირი არის წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს დაქვემდებარების „რეალური საფრთხის“ ქვეშ მიმღებ სახელმწიფოში (იხ. პარა. 93 ზემოთ). მ.ს.ს. გადაწყვეტილებიდან ასევე ნათლად იკვეთება, რომ ვარაუდი, რომ „დუბლინის“ სისტემაში მონაწილე სახელმწიფო პატივს ცემს კონვენციაში დადგენილ ფუნდამენტურ უფლებებს გაბათილებადია. თავის მხრივ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ დაშვება, რომ „დუბლინის“ სახელმწიფო ემორჩლება ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის მე-4 მუხლით დადგენილ ვალდებულებებს გაბათილებადია მაშინ, რომდესაც „თავშესაფრის მაძიებელთათვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურასა და მიღების პირობებში არსებობს სისტემური ნაკლოვანებანი, რომელზეც პასუხისმგებელია წევრი სახელმწიფო და რომელიც, მოცემული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაცემული თავშესაფრის მაძიებლებისათვის, იწვევს არაადამიაურ ან დამამცირებელ მოპყრობას წესდების მე-4 მუხლის მნიშვნელობით,“... „დუბლინის“ სისტემით დაბრუნებულ პირთა შემთხვევაში დაშვება, რომ „მიმღები“ სახელმწიფო, რომელიც ამასთანავე არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, დაემორჩილება მე-3 მუხლს ასევე გაბათილებადია როდესაც „დასტურდება საფუძველი გვჯეროდეს“ რომ პირი, რომლის დაბრუნებაც განიხილება, დგას მიმღებ სახელმწიფოში მოცემული დებულების დარღვევის „რეალური საფრთხის“ წინაშე.
საფრთხის წყარო არ ცვლის კონვენციით გარანტირებულ დაცვის მასშტაბსა თუ კონვენციის ვალდებულებებს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც აპირებს მოახდინოს პირის გადაცემა. იგი არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისაგან პირის შემთხვევა შეისწავლოს საფუძვლიანად და კონკრეტულად და შეწყვიტოს გადაცემის აღსრულება თუკი დაადგენს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საფრთხის არსებობას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა გამოიყენა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 19 თებერვლის საქმეში ... შესაბამისად, წინამდებარე საქმეში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისას არსებული ზოგადი სიტუაციისა და მომჩივნების სპეციფიური ვითარების გათვალისწინებით, არსებობდა თუ არა საფუძველი სახელმწიფოს ევარაუდა, რომ იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში, მომჩივნები აღმჩნდებოდნენ მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე.
(i) იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის მიღებისას ზოგადი ვითარება ზოგადი ვითარების შეფასებისას, მოჰამედ ჰუსეინის საქმეში (ციტირებული ზემოთ, $ 78) სასამართლომ აღნიშნა, რომ UNHCR 2012 წლის რეკომენდაციები ისევე როგორც ადამიანის უფლებათა კომისრის 2012 წლის ანგარიში მოიხმობდა რიგ ნაკლოვანებებს. მომჩივნების მიხედვით, არსებობდა „სისტემური“ პრობლემები, რომელიც გამოწვეული იყო იდენტიფიკაციის პროცედურის სინელით, მიღების ცენტრების არაადექვატურად მცირე მოცულობით და არსებულ ცენტრებში საცოვრებელი პირობებით ...
(α) იდენტიფიკაციის პროცედურის სინელე იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ გამომდინარეობს იდენტიფიკაციის პროცედურის სინელიდან, სასამართო მიუთითებს, რომ მომჩივნები უკვე დადგენილია და რომ შვეიცარიისა და იტალიის ხელისუფლების ორგანოებს აქვთ მათთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იტალიის მთავრობას სტინიანოში ჩასვლიდან მხოლოდ 10 დღე დასჭირდა მომჩივანთა ვინაობის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყალბი მონაცემები მიაწოდეს პოლიციას (იხ. პარა 10 ზემოთ). შესაბამისად, მომჩივნების საჩივრის ეს ასპექტი აღარ არის უშუალოდ რელევანტური მათი საქმის განხილვისათვის და სასამართლო ვერ ხედავს მისი განვრცობის საჭიროებას.
(β) მიღების ცენტრების მასშტაბი მიღების ცენტრებში განთავსების ადგილებთან დაკავშირებით მომჩივნებმა მოიხმეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც იტალიაში 2011 წელს თავშესაფარს ითხოვდა 34,115 ადამიანი, ხოლო 2012 წელს კი 15, 715. 2013 წელსაც მზარდი მონაცემები იკვეთებოდა. SFH-OSAR ანგარიშის მიხედვით, 2012 წლისათვის იტალიაში ცხოვრობდა დაახლოებით 64,000 ლტოლვილი; CARA-ში იყო განთავსების მხოლოდ 8,000 ადგილი და მომლოდინეთა სია იმდენად დიდი იყო, რომ განსახლების შანსები ერთობ მცირდებოდა. SPRAR სქელის შენობებს რაც შეეხება, SFH-OSAR ანგარიში მიუთითებდა, რომ არსებობდა 4,800 ადგილი და მოლოდინის რეჟიმში კი 5,000 ადამიანი გახლათ. იგივე ანგარიში მიუთითებდა, რომ ორი სხვა ორგანიზაციის მიხედვით- „კარიტასი“ და JRS, SPRAR ცენტრებში - სადაც ცხოვრება შეიძლებოდა მაქსიმუმ 6 თვე - განსახლებული მოსახლეობის მხოლოდ 6%-მა შეძლო პროფესიული ინტეგრირება იტალიაში. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის განსახლების ცენტრებს, ეს უკანასკნელი ღია იყო ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც მატერიალურად უჭირდა, ანუ არ იფარგლებოდა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლებით და აქაც იმაზე ნაკლები ადგილები იყო, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. SFH‑OSAR ანგარიშის მიხედვით, რომში იყო 1,300 ადგილი და მოლოდინის სიაში იყო 1,000 ადამიანი, ხოლო ლოდინის საშუალო მაჩვენებელი 3 თვე იყო. მილანში, მხოლოდ 400 ადგილი იყო და იქ მუდმივად ხდებოდა ოჯახების დაყოფა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ციფრები არ გასაჩივრებულა შვეიცარიის მთავრობის მიერ, რომელმაც მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ იტალიის ხელისუფლება ცდილობდა მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა მათ ქვეყანაში ბოლო წლებში თავშესაფრის მაძიებლების უწყვეტი შემოდინების გამო. წარმოდგენილ მოსაზრებაში აღინიშნა, რომ იტალიის მთავრობა ცდილობდა გაეზარდა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების მასშტაბები. კერძოდ, გადაწყვეტილი იყო, რომ 2013 წლის სექტემბრისათვის SPRAR სისტემაში ადგილები გაიზრდებოდა 16.000-მდე 2014-2016 წლებში; 1,230 ადგილი უკვე შეიქმნა, რაც ნიშნავს რომ უკვე არსებობდა 9,630 ადგილი (იხ. პარა. 78 ზემოთ). სასამართლო მიუთითებს, რომ იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გამოთვლის მეთოდი სადავო გახლდათ. არსებულ ციფრებზე დავის გარეშე, სასამართლოსათვის საკმარისია აღნიშნოს სხვაობა 2013 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში, რომელიც, იტალიის მთავრობის მიხედვით 2013 წლის 15 ივნისისათვის განისაზღვრებოდა 14,184 ადამიანით (იხ. პარა 78 ზემოთ) მაშინ როდესაც SPRAR ქსელში იყო 9,630 ადგილი, სადაც, ასევე იტალიის მთავრობის მიხედვით, მოხდებოდა მომჩივნების განთავსება (იხ. პარა.76 ზემოთ). ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკაციათია რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაცემული იყო 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ციფრი სავარაუდოდ დიდწილად გაიზრდებოდა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს SPRAR-ში ადგილების რაოდენობას.
სასამართლო ასევე აღნიშავს, რომ არც შვეიცარიის და არც იტალიის მთავრობას არ განუცხადებია, რომ SPRAR-ისა და CARA-ს ერთობლივი ადგილების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა მოთხოვნის დიდი ნაწილის დასაკმაყოფილებლად.
(γ) არსებულ ცენტრებში განთავსების პირობები არსებულ ცენტრებში საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მომჩივნების მიერ მოხმობილი კვლევები მიუთითებდნენ, რომ რიგ ცენტრებში არ არსებობდა პირადი სივრცე, იყო არაჯანსაღი პირობები და გავრცელებული იყო ძალადობა (იხ. პარა. 66 და 67 ზემოთ). მომჩივნები თავადაც აცხადებდნენ, რომ ძალადობრივი ქმედების მომსწრენი იყვნენ ბარის CARA-ში მცირეხნიანი ყოფნის დროს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რიგ ცენტრებში სისტემატიურად ხდებოდა თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების დაყოფა. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის რეკომენდაციაში UNHCR-მა აღწერა რიგი პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ეხებოდა სერვისების განსხვავებულ ხარისხს ცენტრის ზომისა და ეროვნულ დონეზე კოორდინირების ნაკლებობის შესაბამისად. მაშინ როდესაც, UNHCR-მა ასევე მიუთითა მიღების ცენტრებში პირობების გაუარესების შესახებ, განსაკუთრებით 2011 წელს და გადატვირთულობის პრობლემის შესახებ CARA-ებში, მას არაფერი უთქვამს ფართოდგავრცელებული ძალადობის ან არაჯანსაღი პირობების შესახებ, და მეტიც, მიესალმა იტალიის ხელისუფლების მცდელობებს გაეუმჯობესებინათ მიღების ცენტრები თავშესაფრის მაძიებლებისათბის. ადამიანის უფლებათა კომისარმა 2012 წლის ანგარიშში..., ასევე აღნიშნა პრობლემების არსებობა „მიღების რიგ ცენტრებში“ და ხაზი გაუსვა სამართლებრივი დახმარების, ზრუნვისა და ფსიქოლოგიური დახმარების მნიშვნელობას სასწრაფო მიღების ცენტრებში; ამასთანავე, ანგარიში შეეხო იმ დროს, რომელიც ხშირად სჭირდებოდა მოწყვლადი პირების იდენტიფიკაციასა და ოჯახის მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას ტრანსფერების დროს. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე იტალიის მთავრობამ დაადასტურა ბარის CARA-ში ინციდენტები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მომჩივნების მისვლიდან მალევე. აქვე, მათ უარყვეს თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების სისტემატიური დაყოფა, აღნიშნეს რა, რომ მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი და ისიც მცირე ხნით, კერძოდ კი ინდეტიფიკაციის პერიოდში. ხსენებულის გათვალისწინებით, იტალიაში ამჟამად არსებული ვითარება ვერ შეედრება საბერძნეთში არსებულ ვითარებას, რომელიც აღწერილია ზემოთციტირებულ მ.ს.ს. გადაწყვეტილებაში, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მიღების ცენტრებში 1,000-ზე ნაკლები ადგილი იყო მაშინ, როდესაც მსურველთა რაოდენობა ათობით ათასი გახლდათ; ხოლო მომჩივნის მიერ აღწერილი უკიდურესი სიღარიბე ცენტრების საერთო მახასიათებელი გახლდათ. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მიღებული მიდგომა ვერ იქნება მ.ს.ს. საქმეში არსებულის იდენტური. მართალია იტალიაში მიღების წესების სტრუქტურა და ზოგადი სიტუაცია, თავისთავად, არ განიხილება იტალიისათვის პირთა გადაცემის ზოგად წინაღობად, მაგრამ ზემოთმოყვანილი მონაცემები და ინფორმაცია სერიოზულ ეჭვს წარმოშობს სისტემის ამჟამინდელი მოცულობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, იმის შესაძლებლობა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს ან განთავსდეს გადატვირთულ ცენტრებში ყოველგვარი პირადი სივრცის გარეშე, ან არაჯეროვან ან ძალადობრივ გარემოებებში, ვერ მიიჩნევა უსაფუძვლოდ.
ii. მომჩივნების ინდივიდუალური ვითარება უშუალოდ მომჩივნებს რაც შეეხებათ, სასამართლო აღნიშნავს, რომ იტალიის პოლიციის დასკვნებისა და იტალიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე დართული საიდენტიფიკაციო ფორმების მიხედვით, წყვილი და მათი ხუთი უფროსი შვილი კალაბრიის ნაპირზე გადმოვინენ 2011 წლის 16 ივლისს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მათი ვინაობის დადგენა, რომლის დროსაც მათ ყალბი ვინაობა დაასახელეს. იმავე დღეს მომჩივნები განთავსდნენ სტინიანოს მუნიციპალური ხელისუფლების განთავსების ცენტრში, სადაც დარჩნენ 2011 წლის 26 ივლისამდე. ამ დღეს, როგორც კი დადგინდა მათი ნამდვილი ვინაობა, ისინი გადაიყვანეს ბარის CARA-ში. მათ ცენტრი უნებართვოდ დატოვეს 2011 წლის 28 ივლისს და წავიდნენ უცნობი მიმართულებით. შესაბამისად, იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა ზოგადი მდგომარეობა ვერც კი შეედრება მ.ს.ს. საქმეში განხილული საბერძნეთის ვითარებას (იხ. პარა. 144 ზემოთ). წინამებარე საქმეში მომჩივანთა სპეციფიური ვითარება განსხვავდება მ.ს.ს. საქმეში მომჩივნების ვითარებისაგან. მაშინ როდესაც წინამდებარე საქმის მომჩივნები დაუყოვნებივ აიყვანა ზედამხედველობის ქვეშ იტალის ხელისუფლებამ, მომჩივნები მ.ს.ს. საქმეში ჯერ დააკავეს და შემდეგ დატოვეს საკუთარი თავის ანაბარა, არსებობის წყაროს გარეშე. სასამართლო იმეორებს - იმისათვის, რომ არასათანადო მოპყრობა მოხვდეს მე-3 მუხლით დადგენილ მასშტაბში, მან უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. მინიმუმის შეფასება პირობითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, მათ შორის მოპრყობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი შედეგები და, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. პარა. 94 ზემოთ). იგი ასევე იმეორებს, რომ თავშესაფრის მაძიებლები როგორც „განსაკუთრებულად დაჩაგრული და მოწყვლადი“ ჯგუფი საჭიროებს „სპეციალურ დაცვას“ (იხ. მ.ს.ს., ციტირებული ზემოთ, $ 251). თავშესაფრის მაძიებელთა „სპეციალური დაცვის“ ამგვარი მოთხოვნა განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი სპეციალური საჭიროებისა და განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო. ეს განსაკუთრებით ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებიც მშობლებთან ერთად ითხოვენ თავშესაფარს, მსგავსად წინამდებარე საქმისა (იხ. პოპოვი, ციტირებული ზემოთ, $ 91). შესაბამისად, მიღების ცენტრებში არსებული პირობები უნდა მოერგოს თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების ასაკს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ არსებული პირობები არ „ქმნის... მათთვის სტრესულ და დაძაბულ გარემოს, რომელიც იწვევს ტრავმულ შედეგებს“ (იხ.mutatis mutandis, პოპოვი, ციტირებული ზემოთ, § 102). განსახილველი პირობები აღწევს სისასტიკის საჭირო ზღვარს როდესაც ხვდება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალვაში. წინამდებარე საქმეში, როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა კიდეც, (იხ. პარა. 115 ზემოთ), იტალიაში მიღების სისტემის არსებული ვითარების გათვალისწინებით, და მართალია მოცემული ვითარება ვერ შეედრება საბერძნეთში არსებულს, რომელიც სასამართლომ განიხილა მ.ს.ს. საქმეში, მაგრამ იმის შესაძლებლობა - რომ იტალიისათვის გადაცემული თავშესაფრის მაძიებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა შესაძლოა დაუბინავებელი დარჩეს, ან განთავსდეს გადაჭედილ ცენტრებში პირადი სივრცის ქონის გარეშე, ან არაჯანსაღ ან ძალადობრივ გარემოებებში - არ არის საფუძველს მოკლებული. შესაბამისად, შვეიცარიის ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება მიიღოს გარანტიები იტალიის ხელისუფლებისაგა მასზედ, რომ მოცემულ პირთა იტალიაში ჩასვლის შემთხვევაში, მომჩივნები განთავსდებიან ცენტრებში სადაც იქნება ბავშვების ასაკის შესაბამისი პირობები და რომ ოჯახი არ განცალკევდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ იტალიის მთავრობის მიხედვით, ბავშვებიანი ოჯახები მიჩნევიან განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიად და როგორც წესი თავსდებიან SPRAR ქსელში. მოცემული სისტემა გარანტიას იძლევა რომ ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, საკვებით, ჯანდაცვით, იტალიური ენის კურსებით, სოციალურ სერვისებზე გადამისამართებით, იურიდიული კონსულტაციით, ტრენინგებით, სტაჟირებებითა და საკუთარი საცხოვრებლის მოძიებაში დახმარებით (იხ. პარა. 86 ზემოთ). თუმცა, იტალიის მთავრობას როგროც ზეპირ, ისე წერილობით მოსაზრებაში არ აღუნიშნავს შემდგომი ინფორმაცია იმ პირობების შესახებ, სადაც მოხდებოდა მომჩივანთა განთავსება.
მართალია 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე შვეიცარიის მთავრობამ აღნიშნა, რომ FMO-ს შეატყობინა იტალიის ხელისუფლებამ, რომ მოჩივნების იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში, ისინი განთავსდებოდნენ ბოლონიაში ERF მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ ცენტრში (იხ. პარა. 75 ზემოთ). მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ მიუღია რა დეტალური და სანდო ინფორმაცია კონკრეტული ცენტრის შესახებ, ფიზიკური მიღების პირობებისა და ოჯახის, როგროც ერთეულის შენარჩუნების შესახებ, მიიჩნევს, რომ შვეიცარიის ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი გარანტიები მასზედ, რომ მომჩივანთა იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებიან ბავშვების ასაკის შესაბამის პირობებში. შესაბამისად, თუკი მომჩივანთა დაბრუნება იტალიაში მოხდება შვეიცარიის ხელისუფლების მიერ იტალიის ხელისუფლებისაგან ინდივიდუალური გარანტიების მიღების გარეშე და თუკი არ განისაზღვრება, რომ მომჩივნები განთავსდებიან ბავშვთა ასაკის გათვალისწინებით და რომ ოჯახი ერთად იქნება, მაშინ ადგილი ექნება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
...
ზემოთხსენებულის საფუძველზე, სასამართლო
...
2. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ადგილი ექნება, თუკი მოხდება მომჩივნების იტალიაში დაბრუნება შვეიცარიის ხელისუფლების მიერ იტალიის ხელისუფლებისაგან გარანტიების მიღების გარეშე, რომლითაც განისაზღვრება, რომ მომჩივნები განთავსდებიან ბავშვთა ასაკის გათვალისწინებით და რომ ოჯახი ერთად იქნება;
...
4. ადგენს, ერთხმად,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ ხარჯების ასანაზღაურებლად მომჩივნებს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა, კონვერტირებული მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში: 7,000 (შვიდი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროთ მომჩვინებს.
(ბ)ზემოთხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამ პროცენტიანი განაკვეთი;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადდა ზეპირ მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 4 ნოემბერს სასამართლო რეგლამენტის 77$ 2 და $3 საფუძველზე.
ლორანს ერლიდინ სპილმანი
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების კასადევალი, ბერო-ლეფევრი და იადერბლუმის ცალკეული მოსაზრება.
დ.ს.
ტ.ლე.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy