დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 118
2009 წლის აპრილი
ტარსასაგ ა შაბადსაგჯოგოკერტი უნგრეთის წინააღმდეგ - (Társaság a Szabadságjogokért v. Hungary)
(საჩივარი - 37374/05)
გადაწყვეტილება, 14 აპრილი, 2009 (მე-2 სექცია)
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაციას უარი ეთქვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით: დარღვევა
ფაქტები: 2004 წლის მარტში პარლამენტის წევრმა და სხვა პირებმა საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი წარადგინეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ცვლილებების კონსტიტუციურობის შესწავლის მოთხოვნით, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულს ეხებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მომჩივანმა - ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროში აქტიურმა ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოითხოვა განხილვაში მყოფ საჩივართან წვდომა. საკონსტიტუციო სასამართლომ ისე, რომ არ მოუსმენია პარლამენტის წევრის მოსაზრება, უარი უთხრა მომჩივანს მოთხოვნაზე იმ განმარტებით, რომ მის წინაშე არსებული საჩივრები გარეშე პირისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მომჩივნის თანხმობით ხდებოდა. შემდგომ, მომჩივანმა რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შესაბამისი ბრძანების მოპოვების მიზნით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალებდა, მისთვის საქმესთან წვდომის უფლება მიეცა, 1992 წლის მონაცემების შესახებ კანონის დათქმების შესაბამისად. გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი და დაადგინა, რომ მოთხოვნილი მონაცემი იყო ,,პერსონალური“ ხასიათის და შესაბამისად, მომჩივნის თანხმობის გარეშე ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეროვნული სასამართლოების მოსაზრებით, მსგავსი მონაცემის დაცვაზე უპირატესი ვერ იქნება სხვა კანონიერი ინტერესი, მათ შორის საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა. ამასობაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა გასაჩივრებული მუხლების კონსტიტუციურობის საკითხი და გამოაქვეყნა საჩივრის შეჯამება.
სამართალი: პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თანმიმდევრულად ადგენდა, რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება, მიეღო საზოგადო ინტერესის მქონე ინფორმაცია. ინფორმაციის თავისუფლების დაცვის სფეროში მომჩივნის საქმიანობის გათვალისწინებით, რაც, inter alia, მოიცავდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანი დაახასიათა, როგორც ,,საზოგადოებრივი დარაჯი’’, რომლის საქმიანობაც კონვენციის შესაბამისად ისეთივე დაცვით სარგებლობდა, როგორც პრესა. სასამართლომ შემდგომში აღნიშნა, რომ კონსტიტუციურობის შემოწმებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, განსაკუთრებით, როდესაც ის შეტანილია პარლამენტის წევრის მიერ, ეჭვგარეშე წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. ადმინისტრაციული დაბრკოლების შექმნითა და მომჩივნისთვის მსგავსი შინაარსის განცხადების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმით, მაშინ როცა მომჩივანი აგროვებდა საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმაციას, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერივნენ ამ პროცესის მოსამზადებელ სტადიაზე. გარდა ამისა, მსგავსი საქმეების ინფორმაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მონოპოლია წარმოადგენდა ცენზურის ფორმას. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების თავისუფლება, პირველ რიგში, მთავრობებს უკრძალავდა, შეეზღუდათ იმ ინფორმაციის გაცემა, რომელთა გავრცელებაც სურდათ ან შესაძლოა სურდეთ სხვებს. მიუხედავად ამისა, მომჩივნის საქმე თავდაპირველად ეხებოდა საზოგადოებრივი დარაჯის ფუნქციის განხორციელებას, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტებთან წვდომაზე უარს. მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია იყო მზა და ხელმისაწვდომი და მთავრობის მხრიდან არ საჭიროებდა რაიმე მონაცემის შეგროვებას. ასეთ გარემოებებში, სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებაში მომჩივნისთვის ხელი არ შეეშალა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრის საჩივარში არანაირი მითითება მის პირად ცხოვრებაზე არ შეიმჩნევა. პოლიტიკის სფეროში გამოხატვის თავისუფლებისთვის ფატალური იქნებოდა თუ საჯარო პირები უფლებამოსილნი იქნებოდნენ მათი პირადი უფლებების სახელით ცენზურა დაეწესებინათ პრესისთვის და საჯარო დებატებისთვის. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო ინტერესის თაობაზე ინფორმაციის წვდომის ხელის შეშლისთვის გამიზნულმა დაბრკოლებებმა შესაძლოა მედიაში ან დაკავშირებულ სფეროში მომუშავე პირებს გული აუცრუოს მათი ,,საზოგადოებრივი დარაჯის“ არსებითი როლის შესრულებაზე და ასევე, ზეგავლენა მოახდინოს მათ შესაძლებლობაზე, მიაწოდონ ზუსტი და სანდო ინფორმაცია.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41 – დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის.
დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy