დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და ალმეიდა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ
(TAVARES DE ALMEIDA FERNANDES AND ALMEIDA FERNANDES v. PORTUGAL)
(განაცხადი ნომ. 31566/13)
გადაწყვეტილება (ამონარიდები)
სტრასბურგი
17 იანვარი 2017
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.
ფაქტების მოკლე შეჯამება
განმცხადებლები, ხოსე მანუელ ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და მარია გაბრიელა ნევეს რებელო კაბრეტა სიმაო დე ალეიდა ფერნანდესი, დაიბადნენ 1957 წელს და ცხოვრობენ კოლარესში (პორტუგალია). ისინი ცოლ-ქმარნი არიან. საქმე ეხებოდა ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას, რომლის ინიციატორიც იყო მოსამართლე.
ბატონი ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი პორტუგალიაში ცნობილი ჟურნალისტია და საქმის განხილვის დროისთვის იყო ყოველდღიურ გაზეთ „Público-ს“ რედაქტორი. 2006 წლის 29 სექტემბერს „Público-ში“ გამოქვეყნდა მისი ავტორობით რედაქტორის სვეტი, სათაურით „ობობას სტრატეგია“ (“A estratégia da aranha”) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე N.N.-ის არჩევასთან დაკავშირებით, რაც წინა დღეს მოხდა. 2007 წლის დეკემბერში მოსამართლე N.N.-მა სარჩელი შეიტანა ლისაბონის სამოქალაქო სასამართლოში წყვილის წინააღმდეგ, აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით, ცილისწამების გამო და მოითხოვა 150 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. სასამართლომ მოსამართლის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა და დაადგინა, რომ სტატიით შეიბღალა მოსამართლე N.N.-ის რეპუტაცია. ბატონ ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესს დაეკისრა 35 000 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქალბატონი ალმეიდა ფერნანდესი არ წარმოადგენდა მხარეს აღნიშნული სამართალწარმოებისას.
ბატონმა ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, ამტკიცებდა რა, რომ ის არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად უნდა გაუქმებულიყო. ის ასევე ამტკიცებდა, რომ კომპენსაციის ოდენობა მეტად დიდი იყო. მოსამართლე N.N. ასევე ჩიოდა, რომ ზიანის ანაზღაურება ძალიან მცირე იყო და რომ ქალბატონი ალეიდა ფერნანდესიც უნდა ყოფილიყო სამართალწარმოებაში ჩართული მხარედ. ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მანვე ქალბატონი ალმეიდა ფერნანდესი სამართალწარმოების ლეგიტიმურ მხარედ მიიჩნია (იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ განმცხადებლები ქორწინებაში იყვნენ და მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი და ქმრის შემოსავლით ორივე მეუღლე სარგებლობდა) და მეუღლეებს კომპენსაციის სახით დააკისრა 60 000 ევროს გადახდა მოსამართლე N.N.-ის სასარგებლოდ, ამ თანხას დამატებული პროცენტით.
წყვილმა და მოსამართლე N.N.-მა 2010 წლის ნოემბერში უზენაეს სასამართლოში წარადგინეს საჩივარი და შეგებებული საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა წყვილის საჩივრის მოსმენაზე და საქმე ლისაბონის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არსებული ხარვეზების შესწორებისთვის. ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის ნოემბერში ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ძალაში დატოვა წინა გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზიანის ხარისხს, სასამართლომ კვლავ 60 000 ევროს გადახდა დააკისრა [მხარეებს], აღნიშნა რა, რომ მიუხედავად შეურაცხყოფისა, რაც მოსამართლეს სტატიით მიადგა, ის არ გამოდგა დადასტურებული დაბრკოლება მისთვის, რომ დიდი უმრავლესობით იმავე თანამდებობაზე ხელახლა აერჩიათ და შესაბამისად ზიანი არ მიუყენებია მისი პროფესიული მომავლისთვის.
დაეყრდნენ რა კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება), ბატონი ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და ქალბატონი ალმეიდა ფერნანდესი ჩიოდნენ, რომ პორტუგალიის სასამართლოების გადაწყვეტილებები არღვევდა მათ გამოხატვის თავისუფლებას და მოსამართლე N.N.-ისთვის არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ მიკუთვნებული კომპენსაცია არათანაზომიერი იყო.
პირველი განმცხადებლის ავტორობით რედაქტორის სვეტი შემდეგი შინაარსის იყო:
„ობობას სტრატეგია
„ნ.ნ., კაცი, რომელიც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობას გაუწევს, სასამართლო ხელისუფლების ბნელ მხარეს წარმოადგენს.
პორტუგალიის სასამართლო სისტემის შეცდომების სიმბოლო, წარმომადგენელი ან მაგალითი გსურთ? მარტივია: უბრალოდ ახსენეთ ნ.ნ. და იმწამსვე გონებაში გაჩნდება კორპორატიზმი, კონსერვატულობა, ატავიზმი, მანიპულაცია და გავლენის ჩრდილებით თამაში.
რადგან მოსამართლეებზე ვსაუბრობთ, იგი არის იმდენად ინტელიგენტი, რამდენადაც მაკიაველის იდეების მიმდევარი. ეს ადამიანი, რომელზეც პორტუგალიელი ხალხის უმრავლესობას არც კი სმენია, წლების განმავლობაში, პირველად მოსამართლეთა თვითმმართველობის ასოციაციაში (Associação Sindical dos Juízes), შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორც წევრი (Conselho Superior da Magistratura), და საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კავშირების, ერთმანეთის ზურგის ფხანის, ანგარებით გაწეული სამსახურის (უფრო მძიმე სიტყვებიც არის, თუმცა თავს ავარიდებ მათ გამოყენებას) ქსელს ქსოვდა, რომელმაც გუშინ საშუალება მისცა საკუთარ გაბურძგნულ თმაში ჩაემატებინა ფარშევანგის ბუმბული, რომელიც მას ძალიან აკლდა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა. პოზიცია განსაკუთრებული ღირებულების არაა (რომელმა მკითხველმა იცის, რომ ამ სასამართლოს ახლანდელი თავმჯდომარე, ოფიციალურად ქვეყნის მეოთხე პირია?). თან ახლავს მცირე საქმე და კარგი შემოსავალი ... ასევე მცირე ეფექტური ძალაუფლებაც.
თუმცა კითხვა შემდეგი სახისაა: თან ახლავს თუ არა თანამდებობას ეფექტური ძალაუფლება? ბატონი მოსამართლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ კამათში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან იმის შესახებ, თუ ვის ეკავა უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა იერარქიაში (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაიმარჯვეს ... მაგრამ დათმეს პოზიციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ, რათა შეენარჩუნებინათ უკეთესი პოზიციები ...) არ არიან უფრო მეტად პატივცემულნი. ეს მათივე ბრალია, რადგან ცნობილია, რომ მათ საკუთარი ადგილები უზენაეს სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში უკავიათ, რათა გაზარდონ საკუთარი პენსიების მოცულობა. ამ გიგანტური კოლეგიის შეფიცულ მოსამართლეთა თავმჯდომარეს მცირედი ძალაუფლება ჰქონდა; თუმცა ... ნ.ნ. საკუთარ თავს ამომრჩევლებთან - შეიძლება ითქვას მის მიმდევრებთან და ხალხთან, რომლებსაც იგი ისეთი პოზიციების დაკავებაში დაეხმარა, საიდანაც, ერთ დღესაც მის არჩევას შეძლებდნენ - ისეთი დაპირებებით წარუდგენდა, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობას თმებს ყალყზე დაუყენებდა. ამ ადამიანს აღნიშნული საკუთარი კეთილი გულის გამო არ გაუკეთებია: იმავდროულად იგი მოქმედებდა როგორც თვითმმართელობის წარმომადგენელი (მან მოითხოვა ხელფასების გაზრდა და ის, რომ მოსამართლეებისთვის ნაკლები საქმე მიეცათ ...) ისე მოქმედებდა, თითქოს რეჟიმის გადაგდება სურდა (სახელმწიფო საბჭოში ყოფნის სურვილით [Conselho de Estado]) და დაიმატა მბზინავი (დაგროვებული ცხიმის გამო) ქუდი სასამართლო სექტორში განსახორციელებელი რეფორმების მოწინააღმდეგისა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის რჩევის მიცემის მაგივრად, რომ მონტესკიესათვის და ხელისუფლების დანაწილების პრინციპისათვის უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ვიდრე პორტუგალიელ მუშათა გენერალური კონფედერაციის წიგნაკისთვის, ნ.ნ.-მ სწორედ საპირისპირო გააკეთა. მან საკუთარი მოთხოვნები განსაკუთრებულ სტილში - ფუტურისტული „სოციალური რეალიზმის“ ფოლადის მუშათა შესახებ ნახატით - გადმოსცა. იმავდროულად დაივიწყა რომ იგი მოსამართლეა და ამასთან, ხელისუფლების მესამე შტოს - სასამართლოს უმაღლესი წარმომადგენელი. ასევე ითხოვდა ადგილს პირველი სახელისუფლებო შტოს, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში. მართალია, რომ სახელმწიფო საბჭოს ძალაუფლება იმდენადვე მცირე და უვნებელია, რამდენადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩუქურთმის მაგვარი სტატუსი, თუმცა მოთხოვნას თავისთავად აქვს ორი წინააღმდეგობა. პირველი, რომ უფრო მეტად მიანიშნებს ნ.ნ.-ს სურვილზე იყოს საჯაროდ ცნობილი, ვიდრე სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე მოფიქრალი. მეორე და მეტად მნიშვნელოვანი, ეს ადამიანი მოხალისეობრივ სურვილს გამოთქვამს რომ იყოს იმ მოსამართლეთა სახე, რომელიც, სარეფორმო გადაწყვეტილებების წინააღმდეგია. აღნიშნული გადაწყვეტილებები კი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირების მიერაა მიღებული და ამჟამად მმართველ ძალასა და მთავარ ოპოზიციას შორის არსებული ფართო კონსენსუსის საგანია.
სასაცილოდ პათეტიკურია, რომ არ ვიყოთ პორტუგალიაში და არ გვესმოდეს ობობების სტრატეგიების მუშაობა. ადამიანი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ აქვს წინააღმდეგობების შიში, იმდენად ჭკვიანი და შესაძლებლობების მქონეა, რომ საშიშია. მაგრამ მას უკვე ჰყავს მოწინააღმდეგე: რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, პრემიერ მინისტრი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანთაგან, რომელთაც ეყოთ გამბედაობა მისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.“
...
2. სასამართლოს შეფასება
1. მხარეები არ დავობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები წარმოადგენდა „ჩარევას“ პირველი განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში.
2. სასამართლო ასევე ადგენს, რომ სადავო ჩარევა იყო კანონით გათვალისწინებული, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლით და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფიდან გამომდინარე, კერძოდ, „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“.
3. დასადგენი რჩება, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
(a) ზოგადი პრინციპები
4. შეფასების ზოგადი პრინციპი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის ფარგლებში კარგად არის დადგენილი სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. აღნიშნული გარემოება ბოლო დროს განხილულ იქნა საქმეებში - ბედატი შვეიცარიის წინააღმდეგ, Bédat v. Switzerland [დიდი პალატა] (no. 56925/08, § 48, 29 მარტი, 2016) და პენტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ, Pentikäinen v. Finland [დიდი პალატა] (no. 11882/10, § 87, 20 ოქტომბერი, 2015).
5. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ჟურნალისტური თავისუფლება ასევე მოიცავს შესაძლო გაზვიადების გარკვეულ ხარისხს ან პროვოკაციასაც კი (იხილეთ, პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ, Prager and Oberschlick v. Austria, 26 აპრილი, 1995, §38, Series A no. 313).
6. გარდა ამისა, უფლების დაცვის დონესთან დაკავშირებით, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფიდან გამომდინარე, მცირე მასშტაბია საჯარო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური გამოსვლის ან დებატების შეზღუდვასთან მიმართებით (იხილეთ, მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ, Morice v. France [დიდი პალატა], no. 29369/10, §125, 23 აპრილი, 2015, შემდგომი მითითებებით). აქედან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი დონე, როცა ხელისუფლების ორგანოებს აქვთ შეფასების ვიწრო არეალი, ჩვეულებრივ ენიჭებათ მაშინ, როცა გამოთქმები ეხება საჯარო ინტერესის საგანს, როგორც მოცემულ საქმეშია, კერძოდ, მართლმსაჯულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით (ibid.).
7. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის ასხვავებდა ფაქტობრივ განცხადებებს და შეფასებით მსჯელობებს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტების არსებობა შესაძლებელია წარმოჩენილ იქნას, შეფასებითი მსჯელობების სიმართლე არ წარმოადგენს მტკიცებულებას (იხილეთ, სხვა საქმეებთან ერთად, მორისი, Morice, ციტირებულია მაღლა, § 126; და ფელდეკი სლოვაკეთის წინააღმდეგ, Feldek v. Slovakia, no. 29032/95, §75, ECHR 2001‑VIII). თუმცა, როცა განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, ჩარევის პროპორციულობა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძვლები“ სადავო განაცხადის მიმართ: თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული (იხილეთ, ლინდონი, Lindon, ოჩაკოვსკი-ლაურენსი, Otchakovsky-Laurens და ჯული საფრანგეთის წინააღმდეგ, July v. France [დიდი პალატა], nos. 21279/02 და 36448/02, § 55, ECHR 2007‑IV; ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 აპრილი, 2006; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ, Oberschlick v. Austria (no. 2), 1 ივლისი, 1997, § 33, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997‑IV). იმისთვის, რათა განსხვავებულ იქნას ფაქტობრივი ბრალდება და შეფასებითი მსჯელობა, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას საქმის გარემოებები და განცხადებების ზოგადი ტონი (იხილეთ, ბრასილიერი, Brasilier, ციტირებულია მაღლა, § 37), იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მტკიცებები საჯარო ინტერესის საგანთან დაკავშირებით, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობებს, ვიდრე ფაქტობრივ განცხადებებს (იხილეთ, პატურელი საფრანგეთის წინააღმდეგ, Paturel v. France, no. 54968/00, §37, 22 დეკემბერი, 2005). გარდა ამისა, სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრული დაცვის გარანტიები ჟურნალისტებისთვის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით გულისხმობს იმ პირობას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა უზრუნველყონ ზუსტი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (იხილეთ, ბოჟაკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, Bozhkov v. Bulgaria, no. 3316/04, § 46, 19 აპრილი, 2011). იმ შემთხვევებში, როცა ერთი მხრივ არსებობს ფაქტის შესახებ განცხადება და არასაკმარისი მტკიცებულებაა წარმოდგენილი მის დასამტკიცებლად და მეორე მხრივ, ჟურნალისტი განიხილავს ჭეშმარიტი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, მისი, როგორც ჟურნალისტის პროფესიონალური ქცევის და კეთილსინდისიერების შემოწმება ხდება გადამწყვეტი მნიშვნელობის (იხილეთ, კასაბოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, §63, 19 აპრილი, 2011, და ფლუქსი მოლდოვას წინააღმდეგ, Flux v. Moldova (no. 7), no. 25367/05, § 41, 24 ნოემბერი, 2009).
8. სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებასა და იმ პირთა რეპუტაციის დაცვას შორის, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდებები იქნა გაჟღერებული. ეს უკანასკნელი უფლება, როგორც პირადი ცხოვრების შემადგენელი ასპექტი დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით. ბოლო დროს განხილულ ორ საქმეში, სასამართლომ განსაზღვრა საკუთარი როლი, როგორც ამ ორი კონფლიქტური ინტერესის დამაბალანსებელი. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ რამდენიმე შესაბამისი კრიტერიუმი უნდა იქნას გათვალისწინებული, როცა გამოხატვის თავისუფლება დაბალანსებულია პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან (იხილეთ, Axel Springer AG გერმანიის წინააღმდეგ, Axel Springer AG v. Germany [დიდი პალატა], no. 39954/08, §§ 82-95, 7 თებერვალი, 2012, და ვან ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ, Von Hannover v. Germany (no. 2) [დიდი პალატა], nos. 40660/08 და 60641/08, §§ 101-113, ECHR 2012).
9. საბოლოოდ, გამოყენებული სანქციების ბუნება და სიმძიმე წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომელიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას, როცა ფასდება ჩარევის პროპორციულობა. როგორც სასამართლომ ადრე აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ აღნიშნული თავისუფლების განხორციელების კუთხით (იხილეთ, მორისი, Morice, ციტირებულია მაღლა, §127).
(b) ზემოთ აღწერილი პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
10. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის კონტექსტში, მან უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები და საერთო ფონი, რომლის საწინააღმდეგოდაც გაკეთდა სადავო განცხადებები (იხილეთ, მაგალითად, მორისი, Morice, ციტირებულია მაღლა, §162).
11. მოცემულ საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი განმცხადებელი ჟურნალისტი იყო, რომელმაც დაწერა სარედაქციო სტატია სათაურით „ობობის სტრატეგია“. სტატიაში გადმოცემული იყო ავტორის მოსაზრება მოსამართლე ნ.ნ.-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით და აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობა როგორც მთლიანად მართლმსაჯულების, ასევე სახელმწიფოსთვის.
12. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი განმცხადებლის სტატია დაწერილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებული ცხარე დებატების ფონზე. აღნიშნული დებატები დაიწყო არჩევნებამდე პერიოდში და გაგრძელდა შემდეგშიც. თუმცა, ცხადი იყო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ გაითვალისწინეს საჯარო განხილვის საერთო კონტექსტი, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას: დაადგინეს რა, რომ აღნიშნული საკითხზე რამდენიმე სტატია წინა დღეებში გამოქვეყნდა მედიაში (ზემოთ იხილეთ, პარ. 19), ეროვნულმა სასამართლოებმა მხოლოდ აღნიშნეს, რომ პირველი განმცხადებლის სტატია დაწერილი იყო არჩევნების შემდგომ პერიოდში (ზემოთ იხილეთ, პარ. 12 და 20).
13. უდავოა, რომ წინამდებარე საკითხი წარმოადგენდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. სასამართლო ასკვნის, რომ ამ კუთხით, მართლმსაჯულების სისტემის (ინსტიტუცია, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის) ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კითხვები ეხებოდა საჯარო ინტერესის საგანს (ibid., §128). მოცემულ საქმეში, აღნიშნული კითხვები ასევე ეხებოდა იმათ, ვინც არჩეულია მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა ინსტიტუციის წარმოსადგენად. შესაბამისად, პირველი განმცხადებლის სტატია ეხებოდა იმ სფეროს, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები მკაცრად უნდა იყოს განმარტებული.
14. სასამართლო ასკვნის, რომ ნ.ნ. მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე იყო. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით კარგად დადგენილია, რომ სასამართლოს წევრები, რომლებიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ შესაძლებელია დაექვემდებარონ მისაღები კრიტიკის უფრო ფართო შეზღუდვებს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით (იხილეთ, July and SARL Libération საფრანგეთის წინააღმდეგ, July and SARL Libération v. France, no. 20893/03, §74, ECHR 2008 (ამონარიდები)). ამავე დროს, სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა მართლმსაჯულების განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში, რომელიც როგორც სამართლიანობის, როგორც კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულების გარანტი, უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ნდობით, რათა მისი ფუნქციები წარმატებით განახორციელოს. შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს ასეთი ნდობის დაცვა არსებითად უსაფუძვლო დესტრუქციული თავდასხმებისგან, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც გაკრიტიკებულნი არიან, ექვემდებარებიან დისკრეციის ვალდებულებას, რაც გამორიცხავს მათი მხრიდან შეპასუხებას (იხილეთ, მუსტაფა ერდოღანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, Mustafa Erdoğan and Others v. Turkey, nos. 346/04 და 39779/04, § 42, 27 მაისი, 2014). თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე განსხვავდება ამ უკანასკნელისგან იმდენად, რამდენადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმავე პოზიციაში, როგორც ნებისმიერი სხვა მოსამართლე: ერთი მხრივ, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცაა; მეორე მხრივ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იგი სახელმწიფოს მეოთხე უმაღლესი რანგის ფიგურაა, რომელიც სახელმწიფო საბჭოში ზის. წინამდებარე ფუნქციების განხორციელება არ არის გადაწყვეტილების ნაწილი. ამდენად, მისი უნარი - დაიცვას თავი საჯაროდ - უფრო ფართოა, ვიდრე იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სამოსამართლო ფუნქციებს.
15. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებლის პირადი ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, უპირატესი იყო განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. ამ კუთხით, მათ აღნიშნეს, inter alia, რომ სტატიაში მოცემული ზოგიერთი გამონათქვამი გადაჭარბებული იყო და მისაღები კრიტიკის ფარგლებს და ინფორმირების უფლებას სცილდებოდა. ამასთან, აღნიშნული გარემოება განმცხადებლის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენდა.
16. აღნიშნულ გამონათქვამებთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, სტატიაში აღნიშნული ორი გამონათქვამი, როგორც ფაქტის შესახებ განცხადება, კერძოდ: „... ისეთ კავშირებს ამყარებდა, რომელიც მის სასარგებლოდ გამოადგებოდა, შესაბამისი ორმხრივი უფლება-მოვალეობებით (არსებობს უარესი სიტყვა, თუმცა, ავირიდებ აღნიშნულის თქმას)“ და „...წარუდგენდა საკუთარ თავს ამომრჩევლებს - სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მის კოლეგებს და იმათ, ვისაც დაეხმარა კარიერულ წინსვლაში, რათა მათ შეძლებოდათ მისთვის ხმის მიცემა“. ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადებები ეჭვქვეშ აყენებდა მოსამართლე ნ.ნ.-ს პროფესიულ ეთიკას და პირველმა განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო მისი სადავო განცხადებების სიზუსტის დამტკიცება.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები ცდილობდნენ ერთმანეთისგან განესხვავებინათ ფაქტის შესახებ განცხადებები და შეფასებითი მსჯელობები სადავო სტატიაში. თუმცა, სასამართლოს არ შეეძლო მათი მიდგომის გაზიარება.
18. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო განცხადებები არ ეხებოდა მოსამართლე ნ.ნ.-ის მიერ მისი სამოსამართლეო უფლებამოსილებების განხორციელების მეთოდებს, არც მის შესაძლებლობას - გამოეტანა გადაწყვეტილება ან მასთან დაკავშირებულ ქცევას. აღნიშნული განცხადებები ეხებოდა მოსამართლე ნ.ნ.-ს კაერიერულ გზას მართლმსაჯულების სისტემაში და შესაბამისად, დაკავშირებული იყო მის მიერ განხორციელებულ ფუნქციებთან, კერძოდ, როგორც მოსამართლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის კუთხით. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი განმცხადებლის შეფასებები ასახავდა იმ მოსაზრებას, რომ მოსამართლე ნ.ნ. მის საარჩევნო წარმატებას უკავშირებდა იმ ქმედებებს, რომელსაც იგი ახორციელებდა მისი კარიერული გზის განმავლობაში, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ იგი იყო კონსერვატიზმისა და კორპორატივიზმის მაგალითი. აღნიშნული შეფასებები ეროვნულმა სასამართლოებმა შეაფასეს, როგორც დასაშვები კრიტიკის ფარგლებში (ზემოთ იხილეთ, პარ. 12 და 20). ამ მხრივ, მოცემული საქმე განსხვავდება იმ საქმეებისგან, სადაც განმცხადებლების კრიტიკა ეხებოდა მოსამართლეების ქმედებას მიმდინარე სამართალწარმოებებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, მორისის საქმე (ციტირებულია მაღლა), ჰრიკო (ციტირებულია მაღლა) და დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ (no. 19983/92, 24 თებერვალი, 1997).
19. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების მიხედვით, სადავო განცხადებები წარმოადგენდა შეფასებებს (შეადარეთ საქმეს - კარსაი უნგრეთის წინააღმდეგ, Karsai v. Hungary, no. 5380/07, §33, 1 დეკემბერი, 2009) სტატიის ზოგადი შინაარსიდან და მისი შექმნის კონტექსტიდან გამომდინარე, კერძოდ, საჯარო დებატები, რომელიც წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნებს (შეადარეთ მორისი, Morice, ციტირებულია მაღლა, §156; გუევია გომესი ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა პორტუგალიის წინააღმდეგ, Gouveia Gomes Fernandes and Freitas e Costa v. Portugal, no. 1529/08, § 51, 29 მარტი, 2011; და დე ჰაასი და გიჯსელსი, De Haas and Gijsels, ციტირებულია მაღლა, §§ 43-48).
20. ამგვარად, განსახილველი რჩება, თუ რამდენად არის საკმარისი განცხადებული „ფაქტობრივი საფუძვლები“ აღნიშნული მოსაზრებებისთვის.
21. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პირობა დაცული იყო წინამდებარე საქმეზე. ის აღნიშნულთან მიმართებით მიიჩნევს, რომ პირველმა განმცხადებელმა საკუთარი მოსაზრება დაამყარა სტატიებს, რომლებიც მედიაში უკვე გამოქვეყნებული იყო მოსამართლე N.N.-თან დაკავშირებით. მოსამართლე N.N.-ის თაობაზე საკუთარი აზრის ფორმირებისას პირველმა განმცხადებელმა მოიხმო საუბრები, რაც სასამართლო სისტემის წარმომადგენელ სხვადასხვა ადამიანთან ჰქონია მოსამართლე N.N.-თან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების სისტემის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით. ამასთან, მან გაითვალისწინა ის ზოგადი კრიტიკა, რაც მედიაში გაჟღერდა აღნიშნულ საარჩევნო სისტემასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შეფასებასთან მიმართებით (ზემოთ იხილეთ მე-8-9 და მე-19 პარაგრაფები), მოსამართლე N.N.-თან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიებთან ერთობლიობაში. ის დაეყრდნო იმ ინფორმაციას, რაც მოიპოვა არა მხოლოდ კონფიდენციალური წყაროდან, არამედ ასევე მოსამართლეებს, რომლებმაც სადავო გახადეს კონკურსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის (ზემოთ იხილეთ მე-11 და მე-19 მუხლები).
22. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი განმცხადებლის მიერ გამოყენებული გამონათქვამები საკმარისად მჭიდრო კავშირშია იმ მასალასთან, რაც მანამდე გამოქვეყნდა მედიაში მოსამართლე N.N.-ის თაობაზე. ის ფაქტი, რომ მან საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამ მასალაზე და საუბრებზე დაყრდნობით, რაც სასამართლო სისტემის წარმომადგენელ პირებთან ჰქონდა, თავის მხრივ, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს აზრით საკმარის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა სადავო განცხადებებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირველი განმცხადებლის ბრალდებები შესაძლოა იყო კრიტიკული და მწვავე, ისინი ექცევა აზრის ქონის თავისუფლების ფარგლებში (იხილეთ, mutatis mutandis, გუვეია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა (Gouveia Gomes Fernandes and Freitas e Costa), ციტირებულია მაღლა, §48; რიზოსი და დასკასი საბერძნეთის წინააღმდეგ (Rizos and Daskas v. Greece), ნომ. 65545/01, §47, 27 მაისი, 2004; და დე ჰაასი და გისიელსი (De Haas and Gisjels), ციტირებულია მაღლა, § 41).
23. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა იმსჯელეს ორ სხვა გამონათქვამზე, რომელიც წარმოადგენდა პირად თავდასხმას მოსამართლე N.N.-ზე, კერძოდ კი: „ ... რამაც გუშინ მას შესაძლებლობა მისცა თავის ტალღოვან ფაფარში დაემაგრებინა ფარშევანგის ბუმბული ...“ და „ ... დაიმატა სასამართლო სისტემის რეფორმის „შემაკავებლის“ ლაპლაპა (დაგროვილი ცხიმის გამო) ქუდი ...“. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ პირველი განმცხადებელი ამ გამონათქვამებით გასცდა დასაშვები კრიტიკის ფარგლებს. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულს.
24. პირველ ყოვლისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გამონათქვამები უტოლდებოდა შეფასებით მსჯელობას გაკეთებულს სასამართლო სისტემაში მოსამართლე N.N.-ის კარიერასთან მიმართებით. ისინი ასახავს პირველი განმცხადებლის შეხედულებას ადამიანის შესახებ, რომელმაც აირჩია კარიერა, რაც თავის მხრივ უკავშირდება სასამართლო სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებას - თავდაპირველად თვითმმართველობის ხელმძღვანელის პოზიციაზე, შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და ბოლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე (პარალელურად სახელმწიფო საბჭოში წევრობით). შესაბამისად, ამ შეხედულებას საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი გააჩნდა.
25. მეორეც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს სადავო გამონათქვამების მეტაფორულ ტონზე კომენტირება და არ უმსჯელიათ სტატიის შინაარსზე მთლიანობაში (შედარებისთვის იხილეთ გუვეია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა (Gouveia Gomes Fernandes and Freitas e Costa), ციტირებულია მაღლა, § 48, და, mutatis mutandis, სოუსა გოუჩა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sousa Goucha v. Portugal), ნომ. 70434/12, §53, 22 მარტი, 2016). განსაკუთრებით რაც აღსანიშნავია, არც იმაზე, რომ სადავო გამონათქვამები (ზემოთ მითითებულია 71-ე პარაგრაფში), რომლებიც მეტაფორულია, უკავშირდება იმ საკითხს, რომ, განმცხადებლის მოსაზრებით, მოსამართლე N.N. დაინტერესებული იყო გამორჩეული საჯარო სახელის შენარჩუნებით, მისი კარიერისა და წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის ფონზე. ეს გამონათქვამები ასევე უკავშირდებოდა სტატიის პირველ ნაწილს, რომელშიც პირველმა განმცხადებელმა ზოგადი მითითება გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ინტერესებზე (როგორიცაა მათი დავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან - ზემოთ იხილეთ მე-7 პარაგრაფი). იკვეთება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ეს გამონათქვამები იზოლირებულად განიხილეს, სტატიის დანარჩენი ნაწილისგან განცალკევებით (შეადარეთ, მაგალითად, დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (Dichand and Others v. Austria), ნომ. 29271/95, §46, 26 თებერვალი, 2002). [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის სადავო შეფასებები დასაშვები კრიტიკისა და გაზვიადების ფარგლებში ექცევა.
26. რაც შეეხება იმავე გამონათქვამებს, სასამართლო ასევე დასძენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად არ განმარტეს, თუ როგორ გასცდა პირველი განმცხადებელი კრიტიკის ფარგლებს და რატომ უნდა შეზღუდულიყო მისი აზრის გამოხატვის უფლება.
27. ამ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ პორტუგალიის სახელმწიფო პროკურატურა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ზემოთ იხილეთ 25-ე პარაგრაფი) შეუძლია განსაზღვროს გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემცველ გადაწყვეტილებებზე საჩივრის შეტანის მავალდებულებელი სახელმძღვანელო მითითება, როდესაც ამგვარი გადაწყვეტილებები ასევე შეუსაბამობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან და მის პრეცედენტულ სამართალთან.
28. და ბოლოს, რაც შეეხება სანქციის გამოყენებულ ზომას, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენციის თანახმად, ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება გონივრულად თანაზომიერი უნდა იყოს შელახული რეპუტაციისა (იხილეთ გუვეია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა (Gouveia Gomes Fernandes and Freitas e Costa), ციტირებულია მაღლა, § 54; სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Steel and Morris v. the United Kingdom), ნომ. 68416/01, §96, ECHR 2005‑II; და ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom), 13 ივლისი, 1995, §49, სერია A ნომ.316‑B).
29. წინამდებარე საქმეზე სასამართლოსთვის ნათელია, რომ განმცხადებლებს ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების კონტექსტში მოსამართლე N.N.-ის სასარგებლოდ კომენსაციის სახით 60 000 ევროს გადახდა დააკისრა. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს თანხა მეტად დიდი იყო.
30. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე N.N.-ისთვის მის რეპუტაციაზე თავდასხმის სანაცვლოდ მიკუთვნებული თანხის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სიცოცხლის ღირებულების საშუალო ფულადი შეფასებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით (ზემოთ იხილეთ 21-ე პარაგრაფი). [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ შედარებას, რომელიც აშკარად სადამსჯელო განზრახვის შემცველია იმის გათვალისწინებით, რომ ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ აღიარა, რომ აღნიშნულ სტატიას ზეგავლენა არ მოუხდენია მოსამართლე N.N.-ის პროფესიულ მომავალზე, უფრო მეტი უმრავლესობით დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა არჩევის ფონზე (ზემოთ იხილეთ 21-ე პარაგრაფი).
31. და ბოლოს, სასამართლო ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სამართალწარმოება ასევე შედგა მეორე განმცხადებლის მიმართ, ვისაც ასევე დაეკისრა მოსამართლე N.N.-ის სასარგებლოდ დანიშნული კომპენსაციის პირველ განმცხადებელთან ერთად გადახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე განმცხადებელს არანაირი წვლილი არ შეუტანია სტატიის მომზადებაში, თუმცა მიუხედავად ამისა პასუხისმგებელი იყო მისი მეუღლის მოვალეობაზე. სასამართლოსთვის ის ფაქტი, რომ მეორე განმცხადებელი გამოძახებულ იქნა სამართალწარმოებისას და დაეკისრა ერთობლივი პასუხისმგებლობა მოსამართლე N.N.-ის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, უარყოფითი ზეგავლენის მქონე იყო ჟურნალისტის ოჯახზე. ცილისწამების საქმეზე მეორე განმცხადებლის პირდაპირი ჩართვით ლისაბონის სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად კოლექტიური პასუხისმგებლობა დაადგინა პირველი განმცხადებლის სტატიასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა პრესის თავისუფლებაზე. შესაბამისად, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ ეს ელემენტიც მხედველობაში უნდა მიიღოს ამ საქმის მე-10 მუხლთან მიმართებით შეფასებისას.
32. ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება იყო “რელევანტური” თუმცა არა “საკმარისი” იმის დასადგენად, რომ ჩარევა “აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში”. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოები გასცდნენ მათთვის დასაშვებ თავისუფალი შეფასების ფარგლებს საჯარო ინტერესის შემცველ დებატებზე შეზღუდვასთან მიმართებით და რომ არ არსებობს თანაზომიერების გონივრული ურთიერთმიმართება ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლებაზე პირველი განმცხადებლის უფლების შეზღუდვასა და მეორეს მხრივ დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.
33. ამ გარემოებებში სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ კონვენციის მე-10 მუხლი დაირღვა.
...
წარმოდგენილ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე პირველი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს დასაშვებად და განაცხადის დანარჩენ ნაწილს დაუშვებლად;
2. ადგენს რომ პირველ განმცხადებელთან მიმართებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს რომ საკუთრივ დარღვევის დადგენა საკმარის სამართლიან დაკმააყოფილებას წარმოადგენს იმ არამატერიალური ზიანისთვის, რაც პირველ განმცხადებელს მიადგა;
4. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე, პირველ განმცხადებელს გადაუხადოს 9 400 ევრო (ცხრაათას ოთხასი ევრო), ასევე ნებისმიერი სახის გადასახადი, რაც შეიძლება განმცხადებელს დაეკისროს, ხარჯებთან და დანახარჯებთან მიმართებით;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
5. არ განიხილავს პირველი განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გამოქვეყნებულია 2017 წლის 17 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის შესაბამისად.
ანდრეა ტამიეტიანდრას შაიო
განმწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy