Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ
(Tkhelidze v Georgia)
საჩივარი N 33056/17
8 ივლისი, 2021
ფაქტები
მომჩივანი, თალიკო თხელიძე, 1958 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს თბილისში.
2013 წელს მომჩივნის ქალიშვილი, მ.თ., და მისი ექვსი წლის შვილი საცხოვრებლად გადავიდნენ მ.თ-ს პარტნიორის, ლ.მ-ს, სახლში, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში, ბინაში გამოძახებულ იქნა პოლიცია, ვინაიდან ლ.მ. მ.თ-ს ემუქრებოდა და მის მიმართ ახორციელებდა აგრესიულ ქმედებებს. ზემოხსენებული არცერთი გამოძახების დროს არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება, აგრეთვე გამოცემული არ ყოფილა შემაკავებელი ორდერი, მიუხედავად იმისა, რომ მ.თ.-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება და აგრეთვე იმისა, რომ როგორც მ.თ., ასევე ლ.მ-ს მშობლები ითხოვდნენ მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას. პოლიციამ აცნობა მ.თ-ს, რომ მისი პარტნიორის დაკავება და აგრეთვე სხვა შემზღუდველი ღონისძიების გატარება შესაძლებელი არ იყო, ,,უმნიშვნელო’’ ,,ოჯახური ჩხუბის’’ გამო.
მომდევნო დღეს, 2014 წლის 23 სექტემბერს, მ.თ-მ დატოვა ლ.მ-ს სახლი და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა თბილისში.
ლ.მ. აგრძელებდა მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას როგორც მ.თ-სთვის, აგრეთვე მისი ქალიშვილისთვის. 27 სექტემბერს მ.თ-მ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა ლ.მ-ს წინააღმდეგ. სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა მას მიეცა გაფრთხილება, არ ჩართულიყო მ.თ-სთან რაიმე სახის დავაში. მომდევნო დღეს, მას შემდეგ, რაც ლ.მ. მ.თ-ს კვლავ აგრესიულად აედევნა, პოლიციამ განუმარტა მომჩივნის ქალიშვილს, რომ ისინი ვერ დააკავებდნენ ლ.მ-ს ფიზიკური დაზიანების არარსებობის გამო, თუმცა ურჩიეს, რომ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა იქნებოდა, თუ მისი ძმები მას სცემდნენ.
2014 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში მომჩივანი თბილისის პოლიციის განყოფილებაში სამჯერ მივიდა, რათა პოლიციისთვის მიეწოდებინა ცნობები იმის თაობაზე, რომ ლ.მ. მას უთვალთვალებდა, ხოლო მის ქალიშვილს ემუქრებოდა, რაც მოიცავდა სამსახურში ხელყუმბარით გამოცხადებას და მისი აფეთქების მუქარას. 2014 წლის 16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ლ.მ. კინაღამ დაეჯახა მ.თ-ს მანქანას, როდესაც მას ქალიშვილი სკოლაში მიყავდა, მომჩივანი წავიდა პოლიციაში და ითხოვა სახელმწიფოს მფარველობა. მან განაცხადა, რომ მისი და მისი ქალიშვილის ცხოვრება გაუსაძლისი იყო, ვინაიდან ლ.მ. მათ ყოველდღიურად ატერორებდა. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერი ან სხვა დამცავი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
2014 წლის 17 ოქტომბერს ლ.მ. მივიდა მ.თ-ს სამსახურში და იარაღის გამოყენებით მოკლა, რის შემდეგ დაუყოვნებლივ თავი მოიკლა.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა შეწყდა 2014 წლის 31 დეკემბერს, ვინაიდან დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი გარდაცვლილი იყო.
პოლიციის მიერ შედგენილი სხვადასხვა დასკვნისა და ჩანაწერის თანახმად, არც მომჩივანს და არც მის ქალიშვილს არ მიეწოდათ ინფორმაცია მათი პროცედურული უფლებების ან სისხლის სამართლის კოდექსისა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონით მათთვის ხელმისაწვდომი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დაცვის ღონისძიებების შესახებ.
2015 წლის 9 აპრილს მომჩივანმა პროკურატურაში შეიტანა საჩივარი და ითხოვდა გულგრილობის საფუძვლით გამოძიების დაწყებას პოლიციის იმ თანამშრომელთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მისი ქალიშვილის ოჯახში ძალადობის საქმის შესწავლაში. 2015 და 2016 წლებში მან აღნიშნული საჩივარი გაიმეორე სულ მცირე ხუთჯერ და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პოლიციის უმოქმედობა შეიძლება აღქმული ყოფილიყო გენდერზე დაფუძნებულ დისკრიმინაციად. მისი საჩივრები უპასუხოდ დარჩა, მომჩივანმა 2017 წლის აპრილში კითხვით მიმართა მთავარ პროკურატურას, იღებდნენ თუ არა მის წერილებსა და საჩივრებს და რატომ არ მისდიოდა მას რაიმე პასუხი. მომჩივანს დაუდასტურეს, რომ მისი ძველი ყველა კორესპონდენცია ადრესატმა მიიღო, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მას არ მიეწოდა.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე 2017 წლის 13 აპრილს შევიდა. კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი ასაჩივრებდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მარცხს, დაეცვათ მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან და განეხორციელებინათ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი გამოძიება იმ გარემოებებთან მიმართებით, რამაც განაპირობა მისი სიკვდილი. მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო მისი ქალიშვილის სიცოცხლის მიმართ არსებული რისკები, თუმცა ვერ უზრუნველყო საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, მისი და მისი ქალიშვილის მიერ ლ.მ-ს ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით წარდგენილ არაერთ საჩივარზე პასუხი შეუსაბამო და დისკრიმინაციული იყო.
კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით დავობდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან და ვერ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება იმ გარემოებებთან მიმართებით, რამაც წვლილი შეიტანა მის სიკვდილში. აღნიშნული მუხლების შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:
მე-2 მუხლი
,,1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული...’’
მე-14 მუხლი
,, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის ... თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.’’
სასამართლოს შეფასება
47. ეროვნული ხელისუფლების ორმაგი წარუმატებლობის შესახებ მომჩივნის ბრალდებების გათვალიწინებით - რომელიც უკავშირდებოდა მისი ქალიშვილის სიცოცხლის დაცვის ნაკლებობასა და ეფექტური გამოძიების არარსებობას იმ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია მისი სიკვდილი - სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ საქმის წარმოების ყველაზე შესაფერისი გზა იქნება საჩივრების ერთდროული ორმაგი შესწავლა მე-2 მუხლის მიხედვით მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (მე-3 მუხლთან დაკავშირებით, იმავე მეთოდოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, იხ. Aghdgomelashvili and Japaridze v. Georgia, no. 7224/11, § 36, 8 October 2020, სხვა მითითებებთან ერთად; და მე-2 მუხლთან დაკავშირებით იხ., მაგ. Lakatošová and Lakatoš v. Slovakia, no. 655/16, § 78, 11 December 2018, სხვა მითითებებთან ერთად).
(a) ზოგადი პრინციპები
48. კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფომ არა მხოლოდ თავი უნდა შეიკავოს სიცოცხლის „განზრახ“ მოსპობისგან, არამედ, ასევე უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფთა სიცოცხლის დასაცავად (იხ. Calvelli and Ciglio v. Italy [GC], no. 32967/96, § 48, ECHR 2002‑I). ეს არსებითი პოზიტიური ვალდებულება, პირველ რიგში, მოიცავს სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობას უზრუნველყოს სიცოცხლის უფლება, რისთვისაც უნდა შექმნას საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს სიცოცხლის უფლების საფრთხეების ეფექტურ აღკვეთას (იხ. Öneryıldız v. Turkey, [GC] no. 48939/99, § 89, ECHR 2004-XII). მეორე, შესაბამის ვითარებაში, ხელისუფლებას ეკისრება პრევენციული ოპერატიული ზომების მიღება, რათა დაიცვას პირი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებების მხრიდან (იხ., Kontrová v. Slovakia, no. 7510/04, § 49, 31 May 2007). ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად პირთა კატეგორიას, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს დაცვით (იხ., Talpis v. Italy, no. 41237/14, § 99, 2 March 2017). ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (იხ. Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, § 165-66, 15 June 2021, და Volodina v. Russia, no. 41261/17, § 92, 9 July 2019).
49. თანამედროვე საზოგადოების წესრიგის კონტროლის სირთულეების, პირის ქცევის არაპროგნოზირებადობისა და ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებსა და რესურსებთან მიმართებით, პრევენციული ოპერატიული ზომების მიღების ვალდებულება პირის დასაცავად, რომლის სიცოცხლესაც საფრთე ემუქრება სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებების მხრიდან, უნდა განიმარტოს ისე, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი. შესაბამისად, სიცოცხლის საფრთხის შემცველი ყველა სადავო რისკი ხელისუფლებას არ აკისრებს ვალდებულებას, მიიღოს ოპერატიული ზომები, რომ არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამგვარი პოზიტიური ვალდებულების წარმოშობისთვის, უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მესამე პირის მხრიდან მომდინარე სიცოცხლის რეალური და დაუყოვნებლივი საფრთხის არსებობის შესახებ, და თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მიიღეს ზომები, რომლებიც, გონივრული შეფასებით, შეძლებდნენ რისკის თავიდან აცილებას. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით. უნდა შეფასდეს რეალური და დაუყოვნებლივი საფრთხის რისკი, ოჯახში ძალადობის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში, საქმე ეხება არა მხოლოდ საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ძალადობის განმეორებითი ეპიზოდების გათვალისწინებას (იხ. Talpis, ციტირებული ზემოთ, § 122). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის უზრუნველყოფა, რომ პოლიციამ გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება დანაშაულის აღკვეთისა და კონტროლის მიზნით ისე, რომ სრულად დაიცვას სათანადო პროცესი და სხვა გარანტიები, რომლებიც ლეგიტიმურად ზღუდავს მათ ქმედებას დანაშაულის გამოსაძიებლად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად (იხ. Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 129-30, ECHR 2009). ამასთან, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მოძალადეების უფლებები ვერ გადაფარავს მსხვერპლის უფლებებს სიცოცხლისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური მთლიანობის შესახებ (იხ., Talpis, ციტირებული ზემოთ, § 123).
50. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად სიცოცხლის დაცვის ვალდებულება მოითხოვს, რომ უნდა მოხდეს რაიმე სახის ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როდესაც საქმე ეხება მკვლელობას სახელმწიფო მოხელეების ან კერძო პირების მხრიდან (იხ. Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, § 69, 17 July 2018). იმისათვის, რომ გამოძიება „ეფექტიანი“ იყოს კონვენციის მე-2 მუხლის კონტექსტში, პირველ რიგში, იგი უნდა იყოს ადეკვატური, ან უნდა შეეძლოს ფაქტების დადგენა და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა, როდესაც ისინი არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, თუმცა ასევე როდესაც ისინი არიან კერძო პირები (იხ., Lakatošová and Lakatoš, ციტირებული ზემოთ, § 73). ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება არის ვალდებულება, რომელიც ეხება გასატარებელ საშუალებებს და არა მისაღწევ შედეგებს (იხ., Mižigárová v. Slovakia, no. 74832/01, § 93, 14 December 2010), მაგრამ შემოწმების ხასიათი და ხარისხი, რომელიც აკმაყოფილებს ეფექტურობის მინიმალურ ზღვარს, დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე და შეუძლებელია შემცირდეს სიტუაციების მრავალფეროვნება, რაც შეიძლება აღმოჩნდეს საგამოძიებო მოქმედებების ან სხვა გამარტივებული კრიტერიუმების ჩამონათვალში (იხ., Velikova v. Bulgaria, no. 41488/98, § 80, ECHR 2000‑VI). ოპერატიულობისა და გონივრული ექსპედიციის მოთხოვნა გულისხმობს ეფექტური გამოძიების კონტექსტს, კონვენციის მე-2 მუხლის მნიშვნელობით (იხ. სხვა დანარჩენთან ერთად, Talpis, ციტირებული ზემოთ, § 106).
51. სტრასბურგის სასამართლო ასევე იმეორებს, რომ სახელმწიფოს მარცხი დაიცვას ქალი ოჯახში ძალადობისგან, არღვევს მათ უფლებას კანონის წინაშე თანაბრად იყვნენ დაცულები და რომ ეს მარცხი არ არის აუცილებელი რომ იყოს განზრახი. ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „ზოგადი და დისკრიმინაციული სასამართლო პასიურობა [კლიმატის შექმნა], რომელიც ხელსაყრელია ოჯახში ძალადობისთვის“ წარმოადგენს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას (იხ. Opuz, ციტირებული ზემოთ, §§ 191 et seq.). ასეთი დისკრიმინაციული მოპყრობაა, როდესაც სახელმწიფოს ქმედებები არ იყო უბრალო მარცხი ან შეფერხება სადავო ძალადობის განხილვისას, არამედ წარმოადგენდა ასეთი ძალადობის არაერთგზის გამართლებას და ასახავდა მომჩივნის, როგორც ქალის, მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას (იხ. Talpis, ციტირებული ზემოთ, § 141). როდესაც არსებობს ეჭვი, რომ დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ძალადობრივი ქმედება, განსაკუთებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური გამოძიება ჩატარდეს კანონის დაცვით და მიუკერძოებლად, იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა განუწყვეტლივ განმეორდეს საზოგადოების მხრიდან ამგვარი ქმედების დაგმობა და მხარი დაუჭიროს უმცირესობათა ჯგუფის ნდობას ხელისუფლების ორგანოების მიმართ, რომ ისინი დაიცავენ მათ დისკრიმინაციული ძალადობისგან. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სამართლებრივმა სისტემებმა გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები სისხლის სამართლის კანონის აღსრულებისათვის ამგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთა წინააღმდეგ (იხ. Sabalić v. Croatia, no. 50231/13, § 95, 14 January 2021). სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი მიდგომის გარეშე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები აუცილებლად განიხილებოდა როგორც რიგითი დანაშაული, ხოლო შედეგად მიღებული გულგრილობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით ოფიციალური თანხმობის ან თუნდაც წაქეზების ტოლფასია (იხ., Identoba and Others v. Georgia, no. 73235/12, § 77, 12 May 2015, სხვა მითითებებთან ერთად).
ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
(i) მატერიალურ-სამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებები
52. თავდაპირველად, შესაბამისი სისხლის სამართლის დებულებების, ისევე როგორც ოჯახში ძალადობის შესახებ კანონით გათვალისწინებული დამატებითი შემაკავებელი მექანიზმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ადეკვატური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ზოგადად ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას. საკითხი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნული შემაკავებელი მექანიზმის განხორციელების ფორმას, რაც გულისხმობს ვალდებულების შესრულებას, რომ განხორციელებულ იქნეს პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები, რათა დაცული ყოფილიყო მომჩივნის სიცოცხლე. ეს საკითხი წინამდებარე საქმეში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ საკითხის შეფასებისას სტრასბურგის სასამართლომ უნდა უპასუხოს შემდეგ სამ შეკითხვას: არსებობდა თუ არა რეალური და მყისიერი საფრთხე იდენტიფიცირებული პირის მხრიდან, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა ცოდნოდათ თუ არა ამ საფრთხის შესახებ და ამ ორ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა გამოავლინეს თუ არა განსაკუთრებული გულისხმიერება საფრთხეზე პასუხის გაცემის დროს (იხ., მაგალითისთვის, Opuz, §§ 130 და 137-49, და ასევე შეადარეთ Kurt, §§ 161-79).
53. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დროის ძალიან მჭიდრო ვადაში დაახლოებით ექვს თვეში, 2014 წლის 29 აპრილსა და 16 ოქტომბერს შორის, მ.თ-მ და მომჩივანმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს სულ მცირე შვიდჯერ. მათ განცხადებებში, შესაბამისი დეტალების აღწერით, ისინი ყოველთვის ნათლად გადმოსცემდნენ ლ.მ-ს ძალადობის ხარისხს. ამ უკანასკნელმა ერთ შემთხვევაში თავად აღიარა, რომ ის მომჩივნის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებოდა. ლ.მ-ს მშობლებმა პოლიციას ასევე დაუდასტურეს მათი შვილის ქმედებების ძალადობრივი ხასიათი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთვრალი იყო. გარდა ამისა, პოლიციამ იცოდა, რომ ლ.მ. პათოლოგიურად ეჭვიანი იყო და აწუხებდა ფსიქიკური არასტაბილურობა, უჭირდა ბრაზის მართვა და უფრი მეტიც, ის ნასამართლევი იყო და ჰქონდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენების ისტორია. პოლიციამ აგრეთვე იცოდა, რომ მ.თ. მუდმივად თან ატარებდა სხვადასხვა თავდაცვის იარაღს და განიცდიდა უკიდურეს შიშსა და შფოთვას, როდესაც ხედავდა, რომ მისი პარტნიორი უახლოვდებოდა მის სახლს ან სამსახურს. ყოველივე ზემოხსენებული ადასტურებდა იმ საფრთხეს, რასაც ლ.მ. მ.თ-სთვის წარმოადგენდა. გარდა ამისა, მათი ურთიერთობის შესწავლისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობა, რომელიც მომჩივნის ქალიშვილის მიმართ განხორციელდა, არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ და ცალკეულ ეპიზოდებად, არამედ უნდა განიხილებოდეს, როგორც განგრძობითი ხასიათის მქონე ძალადობა. როდესაც ოჯახში ძალადობა განგრძობითი ხასიათისაა, რთულად თუ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მსხვერპლის მიმართ არსებული საფრთხის დაუყოვნებელი (შედარებისთვის, Opuz, ციტირებული ზემოთ, §§ 134 and 135; Talpis, ციტირებული ზემოთ, § 121; Branko Tomašić and Others v. Croatia, no. 46598/06, §§ 52 და 53, 15 იანვარი 2009; და შეადარეთ Tërshana v. Albania, no. 48756/14, § 151, 4 აგვისტო 2020). ამრიგად, სასამართლო ასკვნის, რომ პოლიციამ იცოდა ან უეჭველად უნდა სცოდნოდა მომჩივნის ქალიშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების რეალური და დაუყოვნებელი ხასიათი.
54. რაც შეეხება განსაკუთრებული გულმოდგინების მოთხოვნას, სასამართლო განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან მარცხს სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან. პირველ რიგში, არსებობს მითითებები იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მტკიცებულებების შეგროვება არასრული ან არაზუსტი იყო. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან. ამასთან კავშირში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინციდენტების ჩაწერისას არ გამოჩნდეს, რომ პოლიციელებმა განახორციელეს ,,ლეტალობის რისკის შეფასება’’ ავტონომიური, აქტიური და ყოვლისმომცველი მეთოდით (შეადარეთ Kurt, ციტირებული ზემოთ, § 168). პოლიციელებმა საკმარისი მნიშვნელობა არ მიანიჭეს ძალადობის პოტენციურად მაპროვოცირებელ ფაქტორებს - მაგალითად, როგორებიცაა, ლ.მ-ს ალკოჰოლზე დამოკიდებულება, მის პათოლოგიურ ეჭვიანობას დამატებით კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ის და მ.თ. ერთმანეთს დაშორდნენ და ა.შ. - და აგრეთვე არ გაითვალისწინეს მომჩივნის მიერ საფრთხის აღქმა, ანუ რეალურად თუ რამდენად შეშინებული იყო მომჩივნის ქალიშვილი (შედარებისთვის, Talpis, § 118). პოლიციამ ამჯობინა ინციდენტის კლასიფიკაცია ,,მცირე ოჯახურ შელაპარაკებად’’ (შეადარეთ Kontrova, ციტირებული ზემოთ, § 54). ამასთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს შესაბამის მოხსენებაში მიუთითა იმავე ნაკლოვანებებზე, რომლებიც ეხება პოლიციის პირველად რეაგირებას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე და ეს ხარვეზი სისტემურად მიიჩნია.
55. გარდა ამისა, სასამართლო გაკვირვებით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებდა მოძალადის მიმართ დროებით შემზღუდველ ღონისძიებებს, როგორიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერები, ამ უკანასკნელის გაცემა კი დაუყოვნებლივაა შესაძლებელი პოლიციის ოფიცრის მიერ დანაშაულის ადგილზე, შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოიყენეს ზემოხსენებული ღონისძიებები (შეადარეთ Talpis, ციტირებული ზემოთ, §§ 113 and 114). იმის შესაძლებლობაც კი არსებობდა, რომ მოძალადე იზოლირებული ყოფილიყო სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში, თუმცა პოლიციამ არც ეს შესაძლებლობა განიხილა. უფრო მეტიც, პოლიციელების მიერ შედგენილი სხვადასხვა ოქმებიდან არ ჩანს, რომ მომჩივანს ან მის შვილს პოლიციამ მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული უფლებების და მათ დასაცავად არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ. პირიქით, როგორც ჩანს ისინი პოლიციელებმა შეცდომაში შეიყვანეს, რადგან უთხრეს, რომ მათ არ შეეძლოთ მოძალადის დაკავება ან სხვა შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება. სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ გამორჩა ის ფაქტი, რომ პოლიციელთა მხრიდან შემაკავებელი ორდერების გამოცემაზე თავის შეკავება გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ განსაზღვრული კიდევ ერთი სისტემური პრობლემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერ გამოვლინა ეფექტიანი ძალისხმევა, რათა სათანადოდ მოპყრობოდა ოჯახში ძალადობის ინციდენტებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.თ-სა და მომჩივნის მიერ შეტანილი განმეორებითი სისხლისსამართლებრივი საჩივრების გამო, არსებობდა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამართლებდა ლ.მ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას. კერძოდ, მომჩივნისა და მისი შვილის მიერ წარდგენილი საჩივრები ნათლად და დამაჯერებლად ცხადყოფდა ლ.მ-ს ქმედებების სიმძიმეს - რაც მოიცავდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას, განუწყვეტელ სიტყვიერ მუქარას მოკლის თაობაზე, საგზაო შემთხვევის გამოწვევის განზრახვას, ხელყუმბარით მსხვერპლის აფეთქების მუქარას და ა.შ. ლ.მ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება მის პატიმრობაში მოთავსებას შესაძლებელს გახდიდა. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ასე არ მოიქცნენ.
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა კიდევ უფრო უპატიებელი ჩანს, როდესაც ფასდება იმ ფონზე, რომ ზოგადად ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, მიჩნეულია მთავარ სისტემურ პრობლემად, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალდნენ ძირითადად ქალები, რომლებიც მსხვერპლთა დაახლოებით 87%-ს შეადგენენ. რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო მონიტორინგის ორგანომ, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, დაადასტურა საზოგადოებაში არსებული ეს გამოწვევა და განაცხადეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზები უკავშირდება, სხვებს შორის, დისკრიმინაციულ გენდერულ სტერეოტიპებსა და პატრიარქალურ დამოკიდებულებებს, რასაც თან ახლავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული გულმოდგინების ნაკლებობა. შესაბამისად, პასუხისმგებელმა ეროვნულმა ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სიტუაციის სიმძინე, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალს ეხებოდა და შესაბამისად, უნდა გამოემჟღავნებინა განსაკუთრებული გულმოდგინება და გაეზარდა სახელმწიფო დაცვა ამ ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის (შეადარეთ Identoba and Others, § 72, აგრეთვე Tërshana, § 157). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მხოლოდ დასკვნის გაკეთება შეუძლია, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებების მიმართ ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა, რომლის ნათელი ილუსტრაციაა მოცემული საქმე, ქმნიდა ხელშემწყობ კლიმატს ქალთა მიმართ შემდგომი ძალადობის განხორციელებისთვის. ამრიგად, მოპასუხე სახელმწიფომ მიერ მომჩივნის შვილის დასაცავად პრევენციული ოპერატიული ღონისძიებების განუხორციელებლობამ, განურჩევლად იმისა იყო თუ არა ეს განზრახი თუ დაუდევარი მიდგომის შედეგი, ძირი გამოუთხარა კანონის წინაშე თანაბარი დაცვის მომჩივნისა და მისი ქალიშვილის უფლებას (შეადარეთ Opuz, §§ 184-202, და Talpis, §§ 145 and 148).
57. საერთო ჯამში სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენა განმეორებადი მარცხი, გადაედგათ ნაბიჯები, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან შემსუბუქების რეალური პერსპექტივა. მათთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი სხვადასხვა დამცავი ღონისძიებების აშკარა უგულვებელყოფით, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოავლინეს განსაკუთრებული გულმოდგინება მომჩივნის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა. სასამართლომ საკითხი შეაფასა საერთაშორისო და ეროვნული მონიტორინგის ორგანოების დასკვნების ფონზე და დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში პოლიციის უმოქმედობა შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ პრობლემად. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია მატერიალურ-სამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
(ii) პროცედურული პოზიტიური ვალდებულებები
58. სასამართლომ აღნიშნა, რომ მკვლელობის ჩამდენი იყო კერძო პირი და მისი პასუხისმგებლობა არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ლ.მ-მ მაშინვე მოიკლა თავი და შესაბამისად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება უშედეგო გახდა.
59. რაც შეეხება საკითხს, მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში ეკისრებოდა თუ არა სახელმწიფოს შემდგომი პოზიტიური ვალდებულება, გამოეძიებინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების უმოქმედობა და დაეკისრებინა მათთვის პასუხისმგებლობა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო გულგრილობის შედეგად დამდგარ გარდაცვალებასთან მიმართებით მათ შესაძლო პასუხისგებლობასთან დაკავშირებით კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულება (შექმნილი იყოს ეფექტიანი სასამართლო სისტემა), აუცილებლად არ მოითხოვს სისხლის სამართლის სამართლებრივი დაცვის საშუალების უზრუნველყოფას ყველა შემთხვევაში (იხ., სხვა ავტორიტეტებს შორის, Kotilainen and Others v. Finland, no. 62439/12, § 91, 17 სექტემბერი 2020). თუმცა, შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც მხოლოდ ეფექტიანი სისხლის სამართლის გამოძიება შეძლებს დააკმაყოფილოს კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული პოზიტიური პროცედურული ვალდებულების მოთხოვნები. ასეთი გარემოებები შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, როდესაც სიცოცხლე დაიკარგა ან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საჯარო მოხელის იმ ქმედების შედეგად, რომელიც სცდება შეცდომის ან დაუდევრობის ფარგლებს. როდესაც დადგენილია, რომ სახელმწიფო მოხელეების ან ორგანოს გულგრილობა სცდება შეცდომის ან დაუდევრობის ფარგლებს, ვინაიდან ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მიიღეს საჭირო ზომები, რომლებიც საჭირო და საკმარისი იყო რისკის თავიდან ასაცილებლად, ის ფაქტი, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს ბრალი არ წარედგინა ან მათ მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა წარმოადგენდეს მე-2 მუხლის დარღვევას, მიუხედავად ნებისმიერი სხვა ზიანის ანაზღაურების საშუალებისა, რომლებიც პირებმა შეიძლება საკუთარი ინიციატივით გამოიყენონ (იხ., Zinatullin v. Russia, no. 10551/10, § 33, 28 იანვარი 2020).
60. სასამართლომ ზემოთ უკვე დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მსხვერპლისთვის არსებული მაღალი რისკების თაობაზე, თუ ისინი ვერ შეასრულებდნენ საპოლიციო მოვალეობებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი გულგრილობა გასცდა უბრალო შეცდომას ან დაუდევრობას. ამასთან, პროკურატურამ უგულებელყო მომჩივნის არაერთი სისხლის სამართლის საჩივარი და არ გამოავლინა ძალისხმევა, დაედგინა პოლიციელთა ვინაობა, დაეკითხა ისინი და დაედგინა მათი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მათ სათანადოდ ვერ უპასუხეს გენდერული ნიშნით ძალადობის არაერთ ინციდენტს, რაც საბოლოოდ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში პოლიციელთა ქმედებების მიმართ საჭირო გამოძიების მოთხოვნით არაერთი საჩივრის წარდგენით, მომჩივანმა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა ვერ შეძლო მიეღო ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან. მართლაც, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ორი წელი დასჭირდა კორესპონდენციის მიღების დასადასტურებლად და მაშინაც დამატებითი ინფორმაცია არ იყო მოწოდებული. პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოებაც არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა საჩივარი წარუდგინა პოლიციელთა დისციპლინური ზედამხედველობის ორგანოს (შეადარეთ Bljakaj and Others v. Croatia, no. 74448/12, § 123, 18 სექტემბერი 2014); ამასთანავე, არ გადადგმულა ნაბიჯები პოლიციელთა მოსამზადებლად, თუ როგორ უნდა რეაგირებდნენ სამომავლოდ ოჯახში ძალადობის ბრალდებებში (იხ., mutatis mutandis, Lovyginy v. Ukraine, no. 22323/08, § 99, 23 ივნისი 2016). თუმცა, მოცემული საქმის შესაბამისი გარემოებების, კერძოდ, ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობასთან ასოცირებული დისკრიმინაციული მოტივების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა მწვავე საჭიროება, ჩატარებული ყოფილიყო საგულისხმო მოკვლევა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და წინასწარი განწყობის/მიკერძოების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის განმსაზღვრელი ფაქტორი (შეადარეთ, mutatis mutandis, Aghdgomelashvili and Japaridze, § 40). ეს ნაკლოვანებები წარმოადგენს კონვენციის მე-2 მუხლის პოზიტიური პროცედურული ვალდებულებების დარღვევას მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (შეადარეთ, mutatis mutandis, Zinatullin, §§ 40, 41 and 47).
კონვენციის 41-ე მუხლი
სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ევრო მიაკუთვნა.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო, ერთხმად,
დასაშვებად ცნობს საჩივარს.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ნაწილები კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.