Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ
(Tortladze v. Georgia)
საჩივარი N 42371/08
2021 წლის 18 მარტი
ფაქტები:
მომჩივანი, ერმილე თორთლაძე, 1964 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს თბილისში. ის საქართველოში კოტ დ’იუვარის საპატიო კონსული იყო.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წელს დააპატიმრეს კოტ დ’იუვარის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც დაკითხვისას მომჩივანი (კოტ-დ’იუვარის იმჟამინდელი საპატიო კონსული საქართველოში) დაასახელა, როგორც ნარკორეალიზატორი და დაადასტურა, რომ იმავე დღეს საკონსულოს შენობაში თორთლაძისგან თორმეტ-ნახევარი აბი სუბუტექსი შეიძინა. იმავე დღეს პოლიციამ საკონსულოში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ორდერში არ იყო მითითებული თუ რა ნივთები უნდა მოეძებნა პოლიციას და აგრეთვე, ის არ შეიცავდა არც რაიმე სხვა ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიებასთან მიმართებით. ოქმის თანახმად, თორთლაძის სეიფიდან და მაგიდიდან ამოღებულ იქნა 227 აბი სუბუტექსი, შვიდი ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი და იარაღის რამდენიმე ვაზნა. იმავე დღეს პოლიციამ მისი მანქანა და ბინა გაჩხრიკა. ბინიდან იარაღი და რამდენიმე ვაზნა ამოიღეს. მომჩივანი იმავე დღესვე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამო. 2006 წელს მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა 17 წლამდე შეამცირა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მსგავსად ძალაში დატოვა მომჩივნის მსჯავრდება და უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იმუნიტეტით სარგებლობდა.
2008 წლის 18 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლომ მიუთითა სისხლის საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებაზე და აღნიშნა, რომ ,,საქმე არ იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ იყო განხილული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე’’.
სასამართლოს შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანმა საჩივარი წარადგინა კონვენციის მე-3, მე-6 და მე-8 მუხლზე დაყრდნობით. ევროპულმა სასამართლომ მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან მომჩივანმა არ დაიცვა სასამართლოსათვის მიმართვისთვის დადგენილი 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადა.
რაც შეეხება მომჩივნის საჩივრებს კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების საფუძველზე. მომჩივანი ასაჩივრებდა საკონსულოს შენობაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებას და იმ ფაქტს, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ამ ჩხრეკის დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს. დამატებით, ის დავობდა, რომ უზრუნველყოფილი არ იქნა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული მისი საჩივარი.
კონვენციის მე-8 მუხლი
(i) ზოგადი პრინციპები
55. იმისათვის, რომ მომჩივნის ,,ოჯახურ’’ ან ,,პირად ცხოვრებაში’’ ჩარევა მიჩნეულ იქნეს მე-8 მუხლის შესაბამისად ის ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით’’, უნდა ემსახურებოდეს ,,ლეგიტიმურ მიზანს’’ და ,,აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში’’ (იხ., მაგალითისთვის, Paradiso and Campanelli v. Italy [GC], no. 25358/12, § 167, 24 იანვარი, 2017; Roman Zakharov v. Russia [GC], no. 47143/06, § 227, ECHR 2015; Saint-Paul Luxembourg S.A. v. Luxembourg, no. 26419/10, § 40, 18 აპრილი, 2013; და Kennedy v. the United Kingdom, no. 26839/05, § 130, 18 მაისი, 2010).
56. სიტყვები ,,გათვალისწინებული იყოს კანონით’’ მოითხოვს, რომ სადავო ღონისძიებას საფუძველი ჰქონდეს ეროვნულ კანონმდებლობაში და შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას, რაც ცალსახად არის მოხსენიებული კონვენციის პრეამბულაში და კონვენციის მე-8 მუხლის მიზნის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, კანონმა უნდა დააკმაყოფილოს ხარისხის მოთხოვნები: ის უნდა იყოს პირისთვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი შედეგებთან მიმართებით (იხ., Roman Zakharov, cited above, §§ 228-230.
57. რაც შეეხება ,,ლეგიტიმური მიზნის’’ მოთხოვნას, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ,,ლეგიტიმურ მიზნად’’ არის მიჩნეული ,,ფიზიკური მტკიცებულების აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს სერიოზული დანაშაულის გამოძიებას’’, ვინაიდან ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციისა და სხვათა უფლებების დაცვის ინტერესებს (იხ, მაგალითისთვის, K.S. and M.S. v. Germany, no. 33696/11, § 43, 6 ოქტომბერი, 2016, და Smirnov v. Russia, no. 71362/01, § 40, 7 ივნისი, 2007).
58. ,,აუცილებლობის’’ ცნება გულისხმობს, რომ ჩარევა მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს (იხ., Camenzind v. Switzerland, 16 დეკემბერი 1997, § 44, Reports 1997‑VIII). რაც შეეხება ჩხრეკას, ამოღებას და მსგავს ღონისძიებებს (ძირითადად გარკვეული დანაშაულების მტკიცებულების მოპოვების კონტექსტში), სასამართლო შეაფასებს, ამგვარი ღონისძიების გამოყენებისთვის წარმოდგენილი მიზეზები, იყო თუ არა რელევანტური და საკმარისი და დაცული იქნა თუ არა პროპორციულობის პრინციპი (იხ., მაგალითისთვის, Camenzind, § 45, იხ., აგრეთვე K.S. and M.S., v. Germany, § 43). რაც შეეხება ამ უკანასკნელ საკითხს, სასამართლო, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა ინდივიდებს აღჭურავს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიებით უფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ; მიუხედავად ამ სფეროში სახელმწიფოთათვის მიკუთვნებული შეფასების ფართო ფარგლებისა, [აღნიშნული ფარგლები] განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ხელისუფლების ორგანოები ეროვნული კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილნი არიან ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატარონ (იხ., Gutsanovi v. Bulgaria, no. 34529/10, § 220, ECHR 2013 (extracts)). მეორე რიგში, სასამართლომ უნდა განიხილოს თითოეული საქმის კონკრეტული გარემომებები, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, დანაშაულის სიმძიმე, ჩხრეკის ორდერის გამოცემის ფორმა და გარემოებები, იმ დროისთვის სხვა მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა, ორდერის შინაარსი, ჩხრეკის შედეგად პირის რეპუტაციაზე სავარაუდო უარყოფითი გავლენის მოცულობა (იხ, Smirnov, § 44; Camenzind, §§ 45-46; და K.S. and M.S. v. Germany, § 44; იხ. აგრეთვე, Misan v Russia, no. 4261/04, § 55, 2 ოქტომბერი 2014, Buck v. Germany, no. 41604/98, § 45, ECHR 2005‑IV).
(ii) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
1) ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას?
59. მხარეთა შორის დადგენილია, რომ საკონსულოს შენობაში ჩხრეკის ჩატარება წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მომჩივნის უფლებებში ჩარევას. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რათა სხვა რამ დაადგინოს (იხ., odestou v. Greece, no. 51693/13, § 29, 16 მარტი 2017; Saint-Paul Luxembourg S.A., §§ 37 and 39; Wieser and Bicos Beteiligungen GmbH v. Austria, no. 74336/01, § 43, ECHR 2007‑IV; Panteleyenko v Ukraine, no. 11901/02, § 47, 29 ივნისი 2006). შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს ჩარევა იყო თუ არა გამართლებული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
2) იყო თუ არა ჩარევა გამართლებული?
60. რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული, სასამართლო აცხადებს, რომ ჩხრეკა განხორციელდა სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში, რომელიც დაიწყო უკანონო ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და გასაღების ბრალდებასთან დაკავშირებით. ,,გადაუდებელ შემთხვევაში’’ ჩხრეკა რეგულირებული იყო იმ დროს ძალაში მყოფი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლით და 290-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით. ამრიგად, ჩხრეკა გათვალისწინებული იყო ეროვნული კანონმდებლობით. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ ჩხრეკა არღვევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლს, რადგან ის განხორციელდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დებულებაში ნათლად იყო მითითებული, რომ ის აწესრიგებდა ჩხრეკის პროცედურას დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ის არ გამოიყენებოდა მომჩივნის საქმეზე.
61. რაც შეეხება ჩხრეკის შესაბამისობას საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მოთხოვნებთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ყურადღებით შეისწავლეს კონსულის იმუნიტეტთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის რელევანტური პრინციპები და მომჩივნის არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცეს. სასამართლო ამასთან კავშირში უთითებს ვენის კონვენციის მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლის თანახმად არსებობს საკონსულოს თანამდებობის პირთა ორი კატეგორია, კერძოდ, შტატის საკონსულო თანამდებობის პირები და საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. პრივილეგიებსა და იმუნიტეტებთან მიმართებით მათ განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი აქვთ. საპატიო კონსულები, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, არ სარგებლობენ რაიმე სხვა იმუნიტეტით, გარდა მათი ფუნქციის შესრულების დროს განხორციელებულ ოფიციალურ ქმედებებთან მიმართებით. რაც შეეხება საკონსულოს ტერიტორიას, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო კონსული, უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის პირველადი პროექტის ტექსტი უზრუნველყოფდა აღნიშნული ტერიტორიის ხელშეუხებლობას, თუკი ისინი გამოყენებული იყო საკონსულო ფუნქციების განსახორციელებლად, აღნიშნული ჩანაწერი საბოლოოდ ამოღებულ იქნა.
62. ზემოხსენებული ამონარიდებისა და ვენის კონვენციის შესაბამისი მუხლების, კერძოდ 31-ე, 58-ე, 59-ე და 71-ე მუხლების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნები კონსულის იმუნიტეტის თაობაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან დაკავშირებით დასაბუთებული და გონივრული იყო.
63. ეჭვგარეშეა, რომ ჩხრეკა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ დანაშაულის პრევენციასა და სხვათა უფლებების დაცვას (იხ., Modestou, § 39, K.S. and M.S. v. Germany, § 36, Gerashchenko, § 128, და Smirnov, § 40). ამრიგად, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’. ამასთან კავშირში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მომჩივნის მტკიცებაზე, რომ არ არსებობდა ადეკვატური გარანტიები და უზრუნველყოფილი არ იყო საკმარისი დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ.
64. სასამართლო განხილვას იწყებს ჩხრეკის ჩატარების გადაწყვეტილებიდან. მოცემულ საქმეში ჩხრეკა განხორციელდა მოსამართლის ბრძანების გარეშე, 2005 წლის 25 აგვისტოს შესაბამისი პოლიციის განყოფილების უფროსის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი არ მიუთითებდა შესაბამის ფაქტებზე და არ იყო შედგენილი განსაზღვრული პირობებით. არ იყო მითითებული თუ რა ნივთები უნდა მოეძებნა პოლიციელებს, მაგალითად, ნარკოტიკული საშუალებები; არ იყო მოცემული ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებასა და საკონსულოს შენობას შორის შესაძლო კავშირზე (შეადარეთ Modestou, § 46). გარდა ამისა, ორდერი არ მიუთითებდა გადაუდებელ აუცილებლობაზე, რაც სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩხრეკის ჩატარებისთვის აუცილებელი იყო. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში მოსამართლის განჩინების (სასამართლოს წინასწარი ნებართვის) არარსებობა განსაკუთრებით პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ მიიჩნევდნენ, გაერკვიათ საკონსულოს შენობის სტატუსი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩხრეკის დღეს, ჩხრეკის ჩატარებამდე. თუმცა, იმავე პერიოდში, მათ, გაურკვეველი მიზეზებით, ვერ უზრუნველყვეს ჩხრეკის ჩასატარებლად სასამართლოს განჩინების მოპოვება. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, მთავრობამ ვერ შეძლო გაემართლებინა, თუ რატომ იქნა მოცემული საქმის გარემოებებში გამოყენებული გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურა (შეადარეთ, Dragoş Ioan Rusu v. Romania, no. 22767/08, § 41, 31 ოქტომბერი 2017).
65. ამავდროულად, სასამართლო ვერ უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ჩხრეკას თან ახლდა არაერთი პროცედურული გარანტია. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკის დროს იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც საგამოძიებო ღონისძიებაზე სრულად დასწრების ნებართვა მიეცა. ჩხრეკა ჩაწერილ იქნა ვიდეოზე, რომელიც სასამართლოს წინაშე აჩვენეს; და ჩხრეკას ესწრებოდა მომჩივანი. ასევე, მომჩივანი არცერთ ეტაპზე არ დავობდა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა რაიმე ნივთი, განსაკუთრებით რომელიც დაკავშირებული იყო მის სამსახურთან (შედარებისთვის, Smirnov, § 48).
66. რაც შეეხება სასამართლო განხილვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე მოსამართლის განჩინების (წინასწარი ნებართვის) არარსებობა შესაძლოა დაბალანსდეს ex post factum სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობით (იხ., Heino v. Finland, no. 56720/09, § 45, 15 თებერვალი 2011). თუმცა, სასამართლო განხილვა ეფექტიანი უნდა იყოს (იხ., Smirnov, § 45 in fine). მოცემულ საქმეში, ex post factum სასამართლო განხილვა ჩატარდა დროულად, 2005 წლის 26 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სამართლიანობის განხილვის კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში დაადგინა, რომ ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვა არ იყო ადეკვატური და საკმარისი ჩხრეკის გარემოებების დადგენისთვის (იხ., Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§ 67-69, 14 მარტი 2019, და Megrelishvili v. Georgia [Committee], no. 30364/09, § 35, 7 მაისი 2020). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე იმავე დასკვნა უნდა გაკეთდეს. ამრიგად, ეროვნულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ შეაფასა ჩხრეკის გადაუდებელად ჩატარების აუცილებლობა (იხ., Stoyanov and Others v. Bulgaria, no. 55388/10, § 130, 31 მარტი 2016). ეროვნულ სასამართლოს აგრეთვე არ შეუფასებია, იყო თუ არა ჩხრეკა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’ და იყო თუ არა ის პროპორციული (შედარებისთვის Doroż v. Poland, no. 71205/11, § 28, 29 ოქტომბერი 2020; იხილეთ აგრეთვე, mutatis mutandis, Hambardzumyan v. Armenia, no. 43478/11, § 46, 5 დეკემბერი 2019, და Zubkov and Others v. Russia, nos. 29431/05 and 2 others, §§ 97‑98, 7 ნოემბერი 2017). თუმცა, ეროვნულ სასამართლოს მოეთხოვებოდა ზემოხსენებულის განხილვა, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ადგენდა, რომ უნდა შეფასებულიყო მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელებული ჩხრეკის და ამოღების კანონიერება და დასაბუთებულობა (შედარებისთვის Ivashchenko v. Russia, no. 61064/10, § 89, 13 თებერვალი 2018).
67. მომჩივანმა მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში გაასაჩივრა ჩხრეკის კანონიერება. სასამართლო აცხადებს, რომ, მართალია, ეროვნულმა სასამართლოებმა განიხილეს ჩხრეკის კანონიერება, თუმცა მათ არ უმსჯელიათ ასეთი ჩარევის პროპორციულობაზე.
68. ყოველივე ზემოხსენებულის, კერძოდ ,,გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურის’’ ხარვეზებისა და ადეკვატური და ეფექტური სასამართლო განხილვის არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსულოს შენობის ჩხრეკას თან არ ახლდა სათანადო და საკმარისი გარანტიები. შესაბამისად, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი.
კონვენციის მე-6 მუხლი
(i) ზოგადი პრინციპები
69. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ ((Bykov v. Russia ([GC]), no. 4378/02, §§ 88-93, 10 March 2009) შეაჯამა ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება სამართალწარმოების სამართლიანობას, როდესაც საკითხი უკავშირდება კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას. კერძოდ, იმის განსასაზღვრად, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, გასათვალისწინებელია, დაცული იქნა თუ არა დაცვის მხარის უფლებები. უფრო კონკრეტულად, უნდა დადგინდეს, მიეცა თუ არა მომჩივანს მტკიცებულების ნამდვილობისა და მისი გამოყენების გასაჩივრების შესაძლებლობა. დამატებით, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი, მათ შორის მისი მოპოვების გარემოებები და რამდენად წარმოშობს ეჭვებს ეს გარემოებები მის სანდოობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობასთან დაკავშირებული პრობლემა აუცილებლად არ წამოიჭრება, როდესაც მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, შესაძლოა აღინიშნოს, რომ როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა (იხ., ibid. § 90; იხილეთ აგრეთვე Lisica v. Croatia, no. 20100/06, § 49, 25 February 2010; Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, § 162-165, ECHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, 3 მარტი, 2016, და Kobiashvili, §§ 56-58).
70. სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები სასამართლომ ახლახანს შეაჯამა საქმეზე ზუბაჩი ხორვატიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] ((Zubac v. Croatia ([GC]), no. 40160/12, §§ 76-99, 5 April 2018; see also Chong Coronado v. Andorra, no. 37368/15, § 32, 23 July 2020).
(ii) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ორ საკითხს უკავშირდებოდა: პირველი, რომ მომჩივნის მსჯავრდება არასამართლიანი იყო, ვინაიდან ის ეფუძნებოდა უკანონო ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას და მეორე, რომ უზენაესმა სასამართლომ თვითნებურად შეზღუდა საკასაციო ინსტანციაზე მისი ხელმისაწვდომობა. სასამართლო საჩივრის ორივე ასპექტს ცალ-ცალკე განიხილავს.
1) სამართალწარმოების არასამართლიანობასთან დაკავშირებული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ დასაშვებად იქნა ცნობილი და გამოყენებული საკონსულოს შენობის ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება
72. სასამართლომ სხვადასხვა საქმეზე უკვე დაადგინა, ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ მტკიცებულებას, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ უკანონოდ იყო მოპოვებული კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში უზრუნველყოფილ სამართლიანობის მოთხოვნებთან (იხ., Bykov, cited above, §§ 94-98; იხილეთ აგრეთვე Khan v. the United Kingdom, no. 35394/97, §§ 34-40, ECHR 2000-V; P.G. and J.H. v. the United Kingdom, no. 44787/98, §§ 76-81, ECHR 2001‑IX; Valentino Acatrinei v. Romania, no. 18540/04, §§ 73-77, 25 June 2013; და Hambardzumyan, §§ 78-81). რაც შეეხება მოცემულ საქმეს, სასამართლო, ბიკოვის საქმეში დადგენილი რელევანტური პრინციპების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიეცა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების კანონიერებისა და ნამდვილობის გასაჩივრების შესაძლებლობა შეჯიბრებით სამართალწარმოებაში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს წინაშე. მართალია, ჩხრეკის შემდეგი სასამართლო განხილვა არასაკმარისი და არაადეკვატური იყო (იხ., მე-8 მუხლთან დაკავშირებული მსჯელობა 66-ე პარაგრაფში), თუმცა მტკიცებულების სანდოობასა და მისი მოპოვების გარემოებებთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები სასამართლოებმა განიხილეს და არ გაითვალისწინეს დასაბუთებული გადაწყვეტილებით მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მიმდინარეობის ფარგლებში. ამასთან კავშირში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ დაერღვა დაცვის მხარის უფლებები.
73. რაც შეეხება მტკიცებულების ხარისხს, ჩხრეკის გარემოებებთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსულოს შენობის ჩხრეკა მოცემულ საქმეში გამოიწვია ა.ი.-ს მიერ მიცემულმა მამხილებელმა ჩვენებამ. აღნიშნული პირი დაიკითხა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს წინაშე, დაცვის მხარის მონაწილეობით. ამ თვალსაზრისით მოცემული საქმე განსხვავდება საქართველოს წინააღმდეგ არსებული სხვა საქმეებისგან, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ, თვითნებობით ხასიათდებოდა (იხ., Kobiashvili, §§ 61-65 and Megrelishvili, § 33; და Bakradze v. Georgia [Committee], no. 21074/09, § 26, 10 დეკემბერი, 2020). გარდა ამისა, საკონსულოს შენობის ჩხრეკის გარემოებები დასტურდებოდა ვიდეო ჩანაწერით და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებით. სასამართლო პრობლემურად მიიჩნევს, რომ ჩხრეკა ჩატარდა იმ ფორმით, რაც გამორიცხავდა ამოღებული მტკიცებულების შემდგომ დაქტილოსკოპურ გამოკვლევას. ის მიიჩნევს, რომ პოლიციას უნდა გამოეჩინა ადეკვატური სიფრთხილე, რათა თავიდან აერიდებინა მტკიცებულების სავარაუდო დაზიანება. უფრო მეტიც, ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებული იქნა სეიფიდან და მომჩივნის სამუშაო მაგიდიდან.
74. და ბოლოს, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ამოღებული ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რასაც დაეფუძნა მსჯავრდება. მომჩივნის დამნაშავედ ცნობისას ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს ა.ი-ს მიერ მიცემული მამხილებელი ჩვენება. ამ უკანასკნელმა მომჩივნის წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება გაიმეორა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს წინაშე. მომჩივნის მსჯავრდება ეფუძნებოდა კიდევ რამდენიმე მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა გამოკვლეული, კერძოდ, ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას და ჩხრეკის განმახორციელებელი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს.
75. ამ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება ეჭვქვეშ არ აყენებს მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოების სამართლიანობას მთლიანობაში.
76. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2) უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობა
77. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს, რომ მას უარი ეთქვა უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, სასამართლო იმეორებს, რომ იმავე საკითხი საქართველოს პროცედურული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კონტექსტში უკვე განიხილა და დაადგინა, რომ ის შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს (იხ., Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, § 175, 14 მაისი, 2020; Kobiashvili, § 76; Kuparadze v. Georgia, no. 30742/09, §§ 75-77, 21 სექტემბერი, 2017; და Tchaghiashvili v. Georgia (dec.), no. 19312/07, § 34, 2 სექტემბერი, 2014). წინამდებარე საქმეში, მომჩივნის განცხადებით, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უზენაეს სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა განეხილა კონსულის იმუნიტეტთან დაკავშირებული საკითხი და ამდენად, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი იყო საკასაციო სასამართლოს დასაშვებად ეცნო საჩივარი და განეხილა საქმის არსებითი მხარე. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანის საქმის არსებითი მხარე განხილულ იქნა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ სრულად შეჯიბრებით სამართალწარმოებაში. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, სასამართლო აცხადებს, რომ მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად. სადავო საკითხს აგრეთვე არ წამოჭრის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებაში უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შეზღუდული დასაბუთება, რომლითაც მომჩივნის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ., სხვა საქმეებს შორის, Nersesyan v. Armenia (dec.), no. 15371/07, §§ 23-24, 19 იანვარი, 2010; Kukkonen v. Finland (no. 2), no. 47628/06, § 24, 13 January 2009; Wnuk v. Poland (dec.), no. 38308/05, 1 სექტემბერი, 2009; Marini v. Albania, no. 3738/02, § 106, ECHR 2007‑XIV (extracts), და Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, 18 July 2006).
78. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს.
41-ე მუხლი
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებებში, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მომჩივანმა დარღვევის შედეგად განიცადა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების თვალსაზრისით გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით, სასამართლომ მომჩივანს 2000 ევრო მიაკუთვნა.