დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
საქმე ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
(TSARTSIDZE AND OTHERS v. GEORGIA)
(საჩივარი №18766/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
17 იანვარი, 2017 წელი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.
საქმეზე ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ანდრას შაიო, თავმჯდომარე,
ნონა წოწორია,
პაულო პინტო დე ალბუკერკი,
ეგიდიუს კიურისი,
იულია მოტოჩი,
გაბრიელ კუკსკო-შტადლმაიერი, მოსამართლეები,
და მარიალენა ცირლი, სექციის განმწესრიგებელი,
განიხილა რა საქმე 2016 წლის 6 დეკემბერს, გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ცამეტი მოქალაქის (იხ. მეხუთე პარაგრაფი დაბლა) მიერ 2004 წლის 26 მაისს შეტანილი საჩივარი №18766/04).
2. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბატონი ა. კარბონო, კანადელი იურისტი; ბატონი მ. ციმინტია და ბატონი მ. ჭაბაშვილი, იურისტები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას საქართველოში ეწევიან და ბატონი რ. კოლჰოფერი, იურისტი, რომელიც ავსტრიაში, ვენაში მოღვაწეობს. საქართველოს („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოადგენდა მთავრობის წარმომადგენელი ბატონი დ. თომაძე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ კონვენციის მე-6, მე-8, მე-9, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლებით დაცული მათი უფლებები, ასევე კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცული უფლება შეილახა რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობით, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ მოპასუხე სახელმწიფოში და ადგილობრივი სასამართლოების უმოქმედებით - მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება შესაძლო დარღვევებზე.
4. 2007 წლის 29 აგვისტოს სასამართლომ გადაწყვიტა საჩივრის შესახებ მთავრობისთვის ეცნობებინა. ასევე გადაწყდა, რომ საქმის მისაღებობასა და არსებით მხარეზე ერთდროულად იმსჯელებდნენ (29-ე მუხლის პირველი პარაგრაფი).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივნები, ბატონი რამაზ ცარციძე, ბატონი სამველ ბოზოიანი, ბატონი მამუკა გელაშვილი (მომჩივნები №1-3, 1-ლ საქმეზე); ბატონი ალექსანდრე მიკირტუმოვი, ბატონი ბინალი ალიევი (მომჩივნები №4-5, მე-2 საქმეზე); ბატონი გია ძამუკოვი, ბატონი ვლადიმერ გაბუნია (მომჩივნები №6-7, მე-3 საქმეზე); ბატონი ბორის გოგოლაძე, ქალბატონი ანასტასია თვარაძე, ქალბატონი მადონა კაპანაძე (მომჩივნები №8-10, მე-4 საქმეზე); და ბატონი ჯიმშერ გოგელაშვილი, ბატონი გიორგი ყურუა და ბატონი ომარ ჩუბინიძე (მომჩივნები №11-13, მე-5 საქმეზე) იეღოვას მოწმეები არიან. სასამართლოსთვის მათ მიერ წარდგენილი საჩივარი ეხება რელიგიური მოტივით განხორციელებული აგრესიის ხუთ საქმეს, რასაც ისინი სავარაუდოდ დაექვემდებარნენ საქართველოში სხვადასხვა დროს. 1-ლ და მე-4 საქმეში აღწერილი მოვლენები სასამართლოს შესწავლის საგანი გახდა საქმეზე - ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღდეგ (Begheluri and Others v. Georgia) (№28490/02, 7 ოქტომბერი, 2014 წ.).
6. ფაქტების წარმოდგენილი მიმოხილვა ეფუძნება მომჩივანთა წერილობით მოსაზრებებს.
A. საქმე №1
7. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს - ბატონ რ. ცარციძეს, ბატონ ს. ბოზოიანსა და ბატონ მ. გელაშვილს (მომჩივნები №1-3).
8. 2000 წლის 16 სექტემბერს იეღოვას მოწმეები ცხრამეტი მიკროავტობუსითა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით გაემართნენ მარნეულში, ბატონი ცარციძის საცხოვრებელში შეკრებაზე დასასწრებად. პოლიციამ მათ გზად დროებითი საგუშაგოები დაახვედრა და გადაკეტა გზები, რათა დაებრკოლებინათ იეღოვას მოწმეების დანიშნულების ადგილზე ჩასვლა. იმავდროულად პოლიციამ მგზავრობის ნება დართო მართლმადიდებელი ეკლესიის ექსტრემისტ წევრებს, რომელთაც ხელმძღვანელობდა ბატონი ვ. მკალავიშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მამა ბასილი“ (იხილეთ „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others v. Georgia), №71156/01, § 11, 3 May 2007), ერთი მიკროავტობუსით განეგრძოთ მგზავრობა მარნეულის მიმართულებით, რათა თავს დასხმოდნენ და დაეზიანებინათ ბატონი ცარციძის საკუთრება, სადაც იეღოვას მოწმეები იკრიბებოდნენ. თავდამსხმელებმა გაანადგურეს რელიგიური აღჭურვილობა და დაიტაცეს სხვათა ნივთები. ადგილზე მყოფმა მორიგე პოლიციის თანამშრომლებმა რეაგირება არ მოახდინეს. იეღოვას მოწმეთა საკუთრებაში არსებული ნივთები, მათ შორის, 1,5 ტონა რელიგიური ლიტერატურა კონფისკაციას დაექვემდებარა. რელიგიური ლიტერატურა დაწვეს ქუჩაში. სხვა ნივთები (კარვები, 400 ძელსკამი და სხვა) „მამა ბასილის“ მხარდამჭერებმა დაურიგეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს (იხილეთ ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), ციტირებულია მაღლა, §§ 16-21).
9. 2001 წლის 25 იანვრისა და 2002 წლის 28 თებერვლის გაანგარიშებების თანახმად, მოპარული და განადგურებული აღჭურვილობისა და მასალის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 9000 ევროს, ხოლო 1,5 ტონა მოპარული და დამწვარი ლიტერატურა 700 ევროს ღირებულების იყო.
10. 2000 წლის 16 ოქტომბერს №1-3 მომჩივნებმა, იეღოვას სხვა მოწმეებმა, „საქართველოში პენსილვანიის საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლებმა და „იეღოვას მოწმეთა კავშირმა“ თბილისში მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მარნეულის გამგებლის, მარნეულის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის და საქმეში ჩართული თორმეტი პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ. მომჩივნებმა მოითხოვეს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ მათთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.
11. 2001 წლის 8 მაისს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე მხარედ მიიჩნია და საქმე განსახილველად მარნეულის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
12. 2002 წლის 13 მაისს მარნეულის რაიონულმა სასამართლომ განუხილველად დატოვა მომჩივნების საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ „მამა ბასილის” მითითებებით მოქმედი პირები თავს დაესხნენ ბატონი ცარციძის საკუთრებასა და იეღოვას მოწმეებს. რაც შეეხება მარნეულის პოლიციას, სასამართლომ დაადგინა, რომ მათ არ მიუღიათ ინფორმაცია 2000 წლის 16 სექტემბერს ბატონი ცარციძის სახლში დაგეგმილი შეკრების თაობაზე და იმ დღეს მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ანტინარკოტიკულ ოპერაციაში. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადავო თავდასხმა მოხდა და ზიანი დადგა. შესაბამისად, თანამონაწილენი ვერ გახდებოდნენ ვერც უმოქმედობით და ვერც მომჩივნების წინააღმდეგ რელიგიური აგრესიის აქტებში მონაწილეობით.
13. 2002 წლის 18 ივნისს მომჩივნებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საოლქო სასამართლოში, სადაც აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ერთი და იმავე საგუშაგო წერტილიდან იეღოვას მოწმეები გააბრუნა, ხოლო „მამა ბასილს” და მის მხარდამჭერებს ნება დართო, გაევლოთ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი როგორც მოწმეების ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, პოლიციის ოფიცრების დაუსაბუთებელი ჩვენებებისგან განსხვავებით. მომჩივნები ასევე სადავოდ ხდიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებულ მესამე მხარის სტატუსს და ამ უწყებას ისინი მოპასუხედ უთითებდნენ.
14. 2003 წლის 30 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ მომჩივნების საჩივარი არ დააკმაყოფილა იგივე საფუძვლით, რა საფუძვლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ.
15. 2004 წლის 29 სექტემბერს მომჩივნების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც მიიჩნია, რომ მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს პოლიციის ოფიცრების მხრიდან პროფესიული ვალდებულებების „განზრახი“ და „გაუფრთხილებელი“ დარღვევა.
B. საქმე №2
16. საჩივრის ეს ნაწილი შეეხება ბატონ ალექსანდრე მიკირტუმოვსა და ბატონ ბინალი ალიევს (№4 და №5 მომჩივნებს).
17. 2000 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც იეღოვას მოწმეების აზერბაიჯანული კონგრეგაციის დაახლოებით ოცდაათი წევრი მარნეულში, ბატონი ალიევის სახლში შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, ხუთი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელი შევიდა მათ სამყოფელში. მათ შორის იყვნენ ს.ხ. და გ.ნ., რომლებიც რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ბატონი ცარციძის საკუთრებაში განხორციელებულ თავდასხმაში (იხ. საქმე № 1) იეღოვას მოწმეთა წინააღმდეგ, და ნ.ნ. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა ვეღარ გაგრძელდებოდა. მათ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებით უბრძანეს მონაწილეებს დაეტოვებინათ ტერიტორია. მოახდინეს ბიბლიებისა და სხვა რელიგიური წიგნების კონფისკაცია, რომელიც იეღოვას მოწმეებს ეკუთვნოდა.
18. ბატონი ალიევი და ბატონი მიკირტუმოვი, მოძღვარი, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მათ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა - გ.ნ-მ, რომელმაც ბატონ მიკირტუმოვს მარნეულის დატოვება და აღარასდროს დაბრუნება უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ს.ხ-მ ბატონ ალიევს უთხრა, რომ თუ პოლიციასთან პრობლემების შექმნა არ სურდა მის სახლში რელიგიური შეკრებები აღარ უნდა გაემართა. ბატონი მიკირტუმოვი იძულებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს მარნეულიდან.
19. 2000 წლის 27 ნოემბერს ორმა მომჩივნებმა „საქართველოში პენსილვანიის საგუშაგო კოშკისა“ და „იეღოვას მოწმეთა გაერთიანების“ წარმომადგენლებთან ერთად მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მონაწილე პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ. მომჩივნებმა მოახდინეს პოლიციის თანამშრომელთა ვინაობისა და ორივე მანქანის სანომრე ნიშნების იდენტიფიცირება. მათ სამინისტროსგან, პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, მოითხოვეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა და დისციპლინური წარმოების დაწყება მათი თანამშრომლების წინააღმდეგ. ასევე, კომპენსაცია მორალური ზიანისთვის და ქვეყანაში არსებული ყველა პოლიციის განყოფილებისთვის მითითების გაგზავნა, რომელიც იეღოვას მოწმეთა უფლებების დაცვას დაავალდებულებდათ.
20. 2001 წლის 6 ივნისს საქმე მარნეულის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა, რომელმაც თავის მხრივ, 2002 წლის 14 მაისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
21. მომჩივნებმა და შეხვედრაზე დამსწრე სხვა პირებმა სასამართლო დაკითხვებზე დაადასტურეს ზემოთ აღნიშნული ფაქტები. ს.ხ-მ და გ.ნ-მ უარყვეს ბრალდებები. მაშინ როცა გ.ნ. ამბობდა, რომ აღნიშნულ დროს ბატონი ალიევი სახლში არ შესულა და მომჩივნებს პირველად ხედავდა, ს.ხ. ამტკიცებდა, რომ გ.ნ. და სხვა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მისი ხელქვეითები იყვნენ იმ დღეს ნახა ბატონი ალიევის სახლის წინ. იგი წავიდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა. გ.ნ-მ განმარტა, რომ პირთა ჯგუფმა შეატყობინა პოლიციას, რომ უნდა გამართულიყო იეღოვას მოწმეების შეკრება და მოითხოვა რეაგირება, ვიდრე თვითონ ჩაერეოდნენ. ამიტომ პოლიციის ოფიცრები იძულებულნი იყვნენ გამოცხადებულიყვნენ მითითებულ ადგილზე. ს.ხ-ს თქმით, გ.ნ. შევიდა ბატონი ალიევის საკუთრებაში, რათა ეთხოვა, რომ შეხვედრა არ ჩაეტარებინა შესაძლო შეტაკების თავიდან ასაცილებლად. ს.ხ. ამტკიცებდა, რომ მან გააგრძელა გზა და უარყო ორი მომჩივნის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა. თუმცა აღნიშნა, რომ გ.ნ., ბატონი ალიევი და ბატონი მიკირტუმოვი „სადღაც“ ერთად წაიყვანეს. ს.ხ-ს თქმით, მომჩივნები პოლიციის განყოფილებაში რომ გადაეყვანათ, მათ დაკითხავდნენ და განყოფილებაში ვიზიტი პროცედურის მიხედვით რეგისტრირებული იქნებოდა. მან გააკრიტიკა მომჩივნები პოლიციის უფროსთან საჩივრის წარუდგენლობისთვის, თუ ისინი უკანონოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
22. აღნიშნული ფაქტის საპირისპიროდ, მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ისინი შეიყვანეს ს.ხ-ს კაბინეტში, სადაც მან უბრძანა დაეწერათ ხელწერილი, რომ დატოვებდნენ მარნეულს, ხოლო ბატონი ალიევი აღარ დაუშვებდა მის სახლში რელიგიური შეკრებების ჩატარებას. ს.ხ-მ ეს ბრალდებებიც უარყო.
23. 2003 წლის 17 ივნისს სასამართლომ წარმოება შეწყვიტა დაუსაბუთებელობის საფუძვლით. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ ბატონი ალიევის სახლში რელიგიური შეკრების ჩატარების ხელშეშლა, რელიგიური წიგნების კონფისკაცია და ორი მომჩივნის განყოფილებაში გადაყვანა, მათი რწმენის შესაბამისი რელიგიური რიტუალების შესრულებაში მონაწილეობის აკრძალვის მიზნით, ვერ დამტკიცდა. რაც შეეხება ოთხი თვითმხილველის ჩვენებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი ჩვენებები, რადგან მონაწილეობას იღებდნენ შეკრებაში და ჰქონდათ მოსარჩელის მხარდაჭერის ინტერესი, ვერ იქნებოდა საიმედო. ხოლო მომჩივნების ჩვენებები პოლიციის ოფიცრებმა სრულად უარყვეს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის პოლიციის მხრიდან პროფესიული ვალდებულებების შეუსრულებლობის დამამტკიცებელი სამხილები არ არსებობდა.
24. 2004 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით.
25. 2005 წლის 23 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიუღებლად ცნო საკასაციო საჩივარი. დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოვალეობების არასათანადო შესრულება მოპასუხე პოლიციის ოფიცრების მხრიდან.
C. საქმე № 3
26. საჩივრის ეს ნაწილი შეეხება ბატონ გია ძამუკოვსა და ვლადიმერ გაბუნიას (მომჩივნები №6 და №7).
27. 2000 წლის 2 სექტემბერს ბატონი ძამუკოვი ქუთაისში, ქუჩაში გააჩერა ორმა უნიფორმიანმა პოლიციელმა, ე.კ-მ და ე.ჩ-მ, როდესაც მას რელიგიური ბუკლეტები თან ჰქონდა. მას ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც რელიგიური ლიტერატურა იყო და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გათავისუფლებამდე მომჩივანს რამდენჯერმე დაარტყეს პოლიციის ოფიცრებმა, მათ შორის, ე.ჩ-მ. შენობის დატოვებამდე მომჩივანმა საკუთარი ნივთების დაბრუნება ითხოვა. საპასუხოდ, ე.ჩ. მივიდა მასთან და ჰალსტუხით მისი დახრჩობა სცადა, თან უბრძანა მისი თვალთახედვიდან გამქრალიყო. განყოფილების გარეთ პოლიციის ოფიცრებმა გზა გადაუღობეს და ხელკეტებით ცემით დაემუქრნენ. როდესაც ნახეს, რომ მომჩივანი უარს ამბობდა წასვლაზე და საკუთარ, ჩამორთმეულ რელიგიურ ლიტერატურას ითხოვდა, ერთ-ერთი პოლიციელი მივიდა და მისი ბიბლია სახეში ესროლა.
28. გზად სახლისკენ მომჩივანმა და მისმა მეუღლემ შენიშნეს, რომ მკერდი გაწითლებული ჰქონდა, ასევე, გრძნობდა ტკივილს. მისი ცოლი დაუყოვნებლივ წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც აპროტესტებდა მეუღლის მიმართ ამგვარ მოპყრობას და ითხოვდა ჩამორთმეული ნივთების დაბრუნებას. საპასუხოდ მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს.
29. მომდევნო დღეს ბატონი გაბუნია, მომჩივანი №7, ქუთაისში, ქუჩაში მიდიოდა რელიგიური ბუკლეტებით. ერთი ე.კ-ს გადასცა, რომელიც სხვა პოლიციის თანამშრომელთან ერთად იყო. საპასუხოდ ე.კ-მ უარი განაცხადა და უთხრა, რომ მისი ქმედება არ შეესაბამებოდა ქრისტიანის საქციელს. ბ.მ-მ, მეორე პოლიციელმა მას მუცელში დაარტყა და როდესაც იგი ძირს დაეცა, ჩანთა გამოსტაცა. პოლიციის თანამშრომლებმა ჩანთიდან ყველა წიგნი და სხვა რელიგიური ლიტერატურა ამოიღეს და დახიეს. ორი ბიბლია თავისთვის დაიტოვეს. როდესაც მომჩივანმა საკუთარი ბიბლიების დაბრუნება მოითხოვა, ბ.მ. დაემუქრა საკუთარ მანქანაში ჩასმითა და მდინარე რიონში გადაგდებით.
30. 2000 წლის 2 ოქტომბერს მომჩივნებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქუთაისის სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ოფიცრების - ბ.მ-სა და ე.კ-ს წინააღმდეგ და ამტკიცებდნენ, რომ მათი კონსტიტუციის მე-19 მუხლით და კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლით გარანტირებული უფლებები დაირღვა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდა და მათი თანამშრომლების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყება მოითხოვეს, რომლებმაც, მათი აზრით, ვერ შეძლეს პროფესიული ვალდებულებების შესრულება, როგორც მოთხოვნილია პოლიციის შესახებ კანონში. მომჩივნები ასევე ითხოვდნენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
31. სასამართლოს მიერ დაკითხვისას მოსარჩელეებმა დაადასტურეს ზემოთ ხსენებული შემთხვევები. ბატონმა გაბუნიამ დეტალებში აღწერა ადგილი, სადაც ორ პოლიციელს შეხვდა და თქვა, რომ მათ ფორმა ეცვათ და სამკერდე ნიშნებიც ეკეთათ. ასევე წარმოადგინა ინფორმაცია მათი მანქანის მარკის, ფერისა და სარეგისტრაციო ნომრის შესახებ. ბატონმა ძამუკოვმა წარმოადგინა იმ მანქანის რეგისტრაციის ნომერი, რომლითაც ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისმა ცოლმა იმ მანქანის ნომერი წარმოადგინა, რომლითაც ე.ჩ. გამოჰყვა. ქალბატონმა ლ.კ-მ, პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის მოწმემ, დაადასტურა, რომ იქ ბატონი ძამუკოვი ნახა. ე.ჩ-მ უარყო ბრალდებები და თქვა, რომ იმ დღეს ისვენებდა და ქუთაისში არ იმყოფებოდა. ბ.მ-მ და ე.კ-მ ასევე უარყვეს ბრალდებები და თქვეს, რომ მოსარჩელეებს პირველად ხედავდნენ.
32. 2002 წლის 7 ივნისს მომჩივნის საჩივარზე, როგორც დაუსაბუთებელ საჩივარზე, წარმოება შეწყდა. სასამართლომ კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ უფლებაზე მიუთითა და თქვა, რომ საქართველოში, ისტორიულად, არც ერთი რელიგია არ გასამართლებულა. შემდეგ ასევე დასძინა:
„კარგადაა ცნობილი, რომ იეღოვას მოწმეთა დიდი ნაწილი ღიად არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს და ხშირად სხვებს თავს ახვევს საკუთარ აზრს, შესაბამისად, არღვევს მათ უფლებებს.“
შემდეგ სასამართლომ არ გაიზიარა სამი მოწმის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიცემული ჩვენება, რადგან ისინი არ იყვნენ თვითმხილველები. დამატებით მიუთითა შემდეგი:
„პირველი ორი მოწმე იეღოვას მოწმეები და მოსარჩელის მეგობრები არიან და მათ გააჩნიათ ინტერესი საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტაში.“
რადგან მოსარჩელეებმა არ წარმოადგინეს სხვა, ვალიდური მტკიცებულებები (სამედიცინო დასკვნები, დახეული რელიგიური ლიტერატურა ან რაიმე სხვა), მათი მტკიცება დაუსაბუთებლად ჩაითვალა. საბოლოოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბატონმა ძამუკოვმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩაამატა ე.ჩ-ს სახელი საკუთარ საჩივარში.
33. მომჩივნებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ განადგურებული ლიტერატურის წარდგენას სასამართლოში დამატებითი, ეფექტური მტკიცებულებითი ღირებულება ვერ ექნებოდა, რადგან არ იქნებოდა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ იგი აღნიშნულმა პოლიციის თანამშრომლებმა გაანადგურეს. მომჩივნებმა განმარტეს, რომ სამედიცინო შემოწმება და დასკვნის აღება საჭირო არ იყო, რადგან მათ არ მიუღიათ სერიოზული ჭრილობები ან ტრავმები. ეს არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაარტყეს მათ. გარდა ამისა, მათი აზრით, შეურაცხყოფა, რომელიც მათ წინააღმდეგ მათი რწმენის გამო გამოიყენეს, საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ პოლიციის ოფიცრებმა დაუდევრობა გამოიჩინეს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას.
34. 2002 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ შეწყვიტა წარმოება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე იმავე საფუძვლით, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებები უარყვეს და მოსარჩელეებს ფიზიკური დაზიანება არ მიუღიათ. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების ღირსების შელახვა ან რელიგიის თავისუფლების უფლების შეზღუდვა არ არსებობს საკმარისი საპირისპირო მტკიცებულებების გარეშე. ეს გამორიცხავდა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კომპენსაციის გაცემას.
35. მომჩივანთა თქმით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ე.კ-ს ზეპირი ჩვენება. ის ამტკიცებდა, რომ ვერ ცნობდა თეთრ მანქანას სანომრე ნიშნით DAQ 492, რომლის ამოცნობაც, როგორც იმ მანქანის, რომლითაც ინციდენტის დროს ორი პოლიციელი პატრულირებდა, ბატონმა ძამუკოვმა მოახდინა. თუმცა სასამართლო სხდომის შემდეგ ე.კ. სწორედ ამ მანქანით წავიდა, რომელიც საოლქო სასამართლოს წინ იყო პარკირებული. მომჩივნებმა გადაიღეს ფოტო და საკასაციო საჩივარს მიამაგრეს. ისინი ჩიოდნენ, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ე.კ.-ს ჩვენებები გაიზიარა ამ საჩივრების მხარდამჭერი მტკიცებულების გარეშე.
36. მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო მოსმენის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და მიუღებლად ცნო 2003 წლის 17 ოქტომბერს. სასამართლომ გააკრიტიკა მოსარჩელეები, რადგან მათ ვერ შეძლეს სისხლის სამართლებრივი წარმოების წამოწყება პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში [ამ სასამართლოს მიერ] პოლიციის მხრიდან სადავო ფორმით თავიანთი პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის (მომჩივნებზე იერიში და თავდასხმა) აღიარება გაუტოლდებოდა მათი სისხლის სამართლებრივი ბრალეულობის დადგენას, რაც თავის მხრივ, კანონს დაარღვევდა. ამავდროულად, თუ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ არსებული ბრალდებები სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში დადასტურდებოდა, მოსარჩელეები მიიღებდნენ კომპენსაციასაც და საჯარო ბოდიშსაც.
37. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებს 2003 წლის 27 ნოემბერს ჩაჰბარდათ.
D. საქმე №4
38. საჩივრის ეს ნაწილი შეეხება ბატონ ბორის გოგოლაძეს, ქალბატონ ანასტასია თვარაძესა და ქალბატონ მადონა კაპანაძეს (საჩივრები №8-10).
39. 2001 წლის პირველ აპრილს იეღოვას მოწმეთა ჯგუფი ბრუნდებოდა ბორჯომის რეგიონის სოფელ დვირში გამართული რელიგიური შეკრებიდან. ავტობუსის გაჩერებაზე ისინი შეხვდნენ ბატონ ს.ხ-ს, ქალაქ ბორჯომის გამგებლის მოადგილეს, ბატონ ჯ.ბ-ს, სოფელ დვირის გამგებელს და დაახლოებით თხუთმეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს. ერთ-ერთი ამ უკანასკნელთაგანი თავს დაესხა ბატონ გოგოლაძეს, ჭრილობა მიაყენა ლოყაზე და ჩანთა, რომელშიც რელიგიური ლიტერატურა და სხვა პირადი ნივთები ეწყო ხელიდან გამოგლიჯა. შემდეგ დანარჩენ ორ მომჩივანს თავში ბატონი გოგოლაძის ჩანთიდან მოგლეჯილი სამხრე დაარტყა. ორი გამგებელი, რომლებიც თავდასხმას უყურებდნენ, თავდასხმის მსხვერპლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბოლოს მათ უთხრეს თავდამსხმელს, რომ შეჩერებულიყო და ერთად წავიდნენ (იხ. ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), ციტირება მაღლა, § 56).
40. 2001 წლის 30 აპრილს მომჩივნებმა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი ბორჯომის რეგიონული ადმინისტრაციის, ადგილობრივი პოლიციის უფროსისა და აღნიშნული ორი გამგებლის წინააღმდეგ. მომჩივნები ითხოვდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. ასევე არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას (სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტი).
41. 2001 წლის 17 სექტემბერს სასამართლომ მომჩივნების საჩივრებზე წარმოება შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ გამგებლებს არ ჰქონდათ საჯარო წესრიგის შენარჩუნების სამართლებრივი ვალდებულება. სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი არ იყვნენ თავდასხმის ორგანიზატორები და არც პირადად დასხმიან თავს მომჩივნებს. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის საოლქო სასამართლომ 2003 წლის 25 ივლისს. თქვა, რომ საჯარო წესრიგის შენარჩუნება არ შედიოდა გამგებლების „პირდაპირ მოვალეობებში“.
42. 2004 წლის 13 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმავე საფუძვლით, უცვლელად დატოვა.
E. საქმე № 5
43. საქმის ეს ნაწილი შეეხება ბატონ ჯიმშერ გოგელაშვილს, გიორგი ყურუასა და ომარ ჩუბინიძეს (მომჩივნები №11-13)
44. 2001 წლის 27 მარტს მართლმადიდებელ რელიგიურ ექსტრემისტთა ჯგუფი ბატონ პ. ბლუაშვილის წინამძღოლობით, რომელიც მოძრაობა „ჯვარის“ ლიდერია, შეიჭრა ბატონი გოგელაშვილის ბინაში, სადაც იეღოვას მოწმეთა კონგრეგაცია შეხვედრას ატარებდა. თავდამსხმელებმა იეღოვას მოწმეებს, რომლებსაც ქრისტეს შეურაცხმყოფელებად და სატანისტებად მოიხსენიებდნენ, უბრძანეს, რომ დაეთმოთ მათი რელიგიური ლიტერატურა და დაეტოვებინათ შენობა. იეღოვას მოწმეები არ ნებდებოდნენ, კონსტიტუციის მუხლებზე მითითებით, თუმცა იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ. ბატონ ყურუას შეურაცხყოფა მიაყენა ბატონმა ბლუაშვილმა, რომელმაც შემდეგ მას ჰალსტუხი მოქაჩა, რათა დაეხრჩო იგი.
45. ბინაში მყოფი პირებისგან რელიგიური ლიტერატურის კონფისკაციის შემდეგ თავდამსხმელებმა გახსნეს კარადები და გამოიღეს მსგავსი ლიტერატურა, რომლებიც ჯერ იატაკზე დაყარეს, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაყარეს. ასევე ფანჯრიდან გადაყარეს ის ძელსკამები, რომლებსაც იეღოვას მოწმეები შეხვედრის დროს იყენებდნენ.
46. თავდასხმა ვიდეოზე ჩაიწერეს. ჩანაწერში ჩნდება პირი სამოქალაქო სამოსით, რომელიც მომჩივანთა მითითებით არის პოლიციელი - ლ. გოგოლაური. იგი ეზოში დგას და აკვირდება იეღოვას მოწმეების ბინიდან გამოდევნის პროცესს. ამასთან, იგი ბავშვს აძლევს ნებას წაიღოს ფანჯრიდან გადმოგდებული ძელსკამი.
47. მომჩივანთა შეფასებით განსახილველი თავდასხმით მიყენებული მატერიალური ზარალი 760 ევროს აღწევდა (აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობის, რელიგიური ლიტერატურის, ძელსკამებისა და სხვა ნივთების ღირებულება). მათ წარმოადგინეს აუდიტის 2001 წლის 23 მაისის დასკვნა საკუთარი მტკიცების დასადასტურებლად.
48. ინციდენტის მომდევნო დღეს თავდამსხმელთა იმავე ჯგუფმა საჯაროდ დაწვა ბატონი გოგელაშვილის ბინიდან წაღებული რელიგიური ლიტერატურა რუსთავის მთავარ ბაზართან. ზემოთხსენებულ ვიდეო-ჩანაწერში ეს სცენაცაა ასახული. მომჩივანთა თქმით პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც ბაზართან პატრულირებდნენ რეაგირება არ მოუხდენიათ.
49. 2001 წლის 30 აპრილს იეღოვას მოწმეებმა, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლები იყვნენ, სამი მომჩივნის და „საქართველოში პენსილვანიის საგუშაგო კოშკის“ და „იეღოვას მოწმეთა გაერთიანების“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონი თ.ა-ს - რუსთავის პოლიციის უფროსის, ბატონი ლ.გ-ს საქმეში მონაწილე პოლიციის განყოფილების უფროსისა და ბატონი კ.ზ-ს, პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი მოვალეობების შესრულება და დაარღვიეს კონვენციის მე-8-მე-11, მე-13 და მე-14 მუხლები.
50. კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროდ ბოდიში მოეხადა პოლიციის შესახებ კანონის მე-8 მუხლი 37-ე ნაწილის მიხედვით და მიეღოთ დისციპლინური ზომები ზემოთ ხსენებული ოფიცრების წინააღმდეგ. ისინი ასევე ითხოვდნენ მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით და მითითების გაგზავნას პოლიციის ყველა განყოფილებაში, სადაც მოთხოვნილი იქნებოდა იეღოვას მოწმეთა უფლებების პატივისცემა. მიაპყრეს რა სასამართლოს ყურადღება ქვეყნის მასშტაბით იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე, ითხოვეს, რომ სასამართლოს საქმე გადაეწყვიტა კანონის შესაბამისად, რადგან, მათი აზრით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება შეძლებდა ასეთი ძალადობის შეჩერებას.
51. სასამართლომ მოუსმინა სამ მომჩივანს და იეღოვას სხვა მოწმეებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი იყვნენ. ყოველი მათგანი მიუთითებდა ინციდენტის შემსწრე პოლიციის თანამშრომელთა უმოქმედობაზე. ბატონი გოგელაშვილი ამბობდა, რომ თავდასხმის დაწყებისას იგი პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში იყო. მცირე დაყოვნების შემდეგ ორმა პოლიციის თანამშრომელმა მიაცილა უკან, შემთხვევის ადგილზე. მან დაინახა, რომ წიგნებს და ავეჯს ფანჯრიდან ისროდნენ. პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ. შემდეგ ბატონმა გოგელაშვილმა აირბინა კიბეებზე, რათა საკუთარ ბინაში - კარადაში შენახული ფული გამოეტანა. სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ კარადის კარი გატეხილი იყო და 130 ევრო მოპარული. ბატონი გოგელაშვილი ჩიოდა, რომ პოლიციელებმა არ უზრუნველყვეს მისი ქონების ან მსხვერპლთა დაცვა.
52. ბატონი ყურუა ამბობდა, რომ თავდამსხმელთა ბრძანებების გამო ბინის დატოვების შემდეგ, დაუყოვნებლივ წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც აღმოაჩინა, რომ განგაში უკვე დაწყებული იყო. მან სთხოვა პოლიციის თანამშრომლებს, წაყოლოდნენ თავდამსხმელთა დასაფრთხობად. პოლიციელებმა უარი უთხრეს გაყოლაზე.
53. ბატონმა ჩუბინიძემ თქვა, რომ თავდასხმის დროს ტელეფონით, ბინიდან დაუკავშირდა პოლიციას, მაგრამ მეორე მხარემ დაუყოვნებლივ დაკიდა ყურმილი. შემდეგში იგი იძულებული იყო დამორჩილებოდა ბრძანებებს და გასულიყო სახლიდან. მან მოახერხა საკუთარი ჩანთის დაბრუნება თავდამსხმელისგან, რომელმაც მანამდე წაართვა ის.
54. 2002 წლის 10 მაისს სასამართლომ, საჩივრის უკან გახმობის შესახებ წერილის საფუძველზე, რომელსაც სავარაუდოდ ხელს მოსარჩელეები აწერდნენ, გადაწყვიტა, რომ ამოერიცხა აღნიშნული საქმე საქმეთა ნუსხიდან. 2002 წლის 5 ივნისს მათ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ხელმოწერები წერილზე გაყალბებული იყო და მათ არასდროს გამოუხმიათ თავიანთი საჩივარი. 2002 წლის 16 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და სამართალწარმოება განახლდა.
55. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ დაკითხვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ პოლიციის ყოფნა შემთხვევის ადგილზე დადასტურებული არ იყო და ითხოვა, რომ მოსარჩელეთა საჩივარზე წარმოება შეეწყვიტათ. პოლიციის თანამშრომლები სასამართლო სხდომებს არ ესწრებოდნენ ორი მომდევნო დღის განმავლობაში. 2003 წლის 16 ივლისს სასამართლომ, რომელიც იძულებული იყო მათი დასწრების გარეშე გამოეტანა გადაწყვეტილება, მიუღებლად ცნო საჩივარი მისი დაუსაბუთებულობის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს 2001 წლის 27 მარტს თავს დაესხა პირთა ჯგუფი ბატონი ბლუაშვილის ხელმძღვანელობით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს წარმოეჩინათ პოლიციის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ან ის, რომ პოლიციის თანამშრომლები პასიურად უყურებდნენ ქმედებებს მომჩივნების ქონების ან მათი რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ვერ დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. თუმცა, იმავე საქმეში, სასამართლომ გაიზიარა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რაც თავდამსხმელთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით დასრულდა. სასამართლოს საჩივრით, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში მომჩივანთა მხრიდან სამართლიანი იქნებოდა კომპენსაციის მოთხოვნა იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათი უფლებები შეზღუდა. გადაწყვეტილება არ შეხებია ლიტერატურის დაწვის საკითხს რუსთავის ბაზართან.
56. 2004 წლის 25 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლომ, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არც პოლიციის თანამშრომლები არ გამოცხადებულან.
57. 2005 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის მხრიდან მოვალეობების განზრახი ან გაუფრთხილებელი შეუსრულებლობა ვერ დამტკიცდა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
A. საქართველოს კონსტიტუცია
58. კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები:
მუხლი 9
„სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“
მუხლი 19
„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის , აზრის , სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება .
2. მიურებელია ადამიანის დევნა სიტყვის , აზრის , აღმსარებლობის ან რწმენის გამო , აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ .
3. მიუღებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა , თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს .“
B. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლი ადგენს, რომ ცალკეული ადამიანისთვის სახელმწიფო მოხელეთა განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანი სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს.
III. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი ანგარიშები
60. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა შესაბამისი ანგარიშები მოკლედ არის აღწერილი გადაწყვეტილებაში „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები“ და სხვები (Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others) და ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) (§§ 71-76 და §§ 73-81 შესაბამისად, ორივე ციტირებულია ზემოთ).
კანონმდებლობა
I. მოქმედების სფერო
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
61. მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა, რომ 1-ლ და მე-4 საქმეს სასამართლო ხელახლა ვეღარ განიხილავდა, რად მათზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება 2014 წლის 7 ოქტომბერს (ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) ციტირება მაღლა).
62. მომჩივნებმა თავიანთ შეპასუხებაში განაცხადეს, რომ ხსენებულ საქმეზე განხილვის საგანი იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არაეფექტიანობა ფართომასშტაბიანი, რელიგიური მოტივით ჩადენილ ძალადობასთან მიმართებით, რაც იმ დროისთვის გავრცელებული იყო საქართველოში. თუმცა, წინამდებარე საქმეზე გამოკვეთილი იყო განსხვავებული საკითხი, კერძოდ კი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არაადეკვატურობა.
B. სასამართლოს შეფასება
63. კონვენციის 35.2.b მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
„სასამართლო არ განიხილავს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ არც ერთ საჩივარს, რომელიც ... არსებითად იგივეა და სასამართლოს მიერ უკვე განხილულია ...”
64. შესაბამისად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს მის წინაშე №1 საქმეზე №1-3 მომჩივნების მიერ წარდგენილი და №4 საქმეზე №8-10 მომჩივნების მიერ წარდგენილი ორი საჩივარი ხომ არ ეხება არსებითად იმავე პირებს, ფაქტებსა და დავის საგანს (იხილეთ Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [დიდი პალატა], №32772/02, § 63, ECHR 2009).
65. სასამართლოს აზრით, საქმეზე ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) სასამართლოს მეოთხე სექციამ შეისწავლა მომჩივნების საჩივრები კონვენციის მე-3, მე-6, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლთან მიმართებით რელიგიური ნიშნით მოტივირებულ ძალადობაზე, რაც მათ მიმართ განხორციელდა მოპასუხე სახელმწიფოში და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობაზე, ხელი შეეშალათ, შეეჩერებინათ ან სათანადო რეაგირება მოეხდინათ სავარაუდო დარღვევებზე. სასამართლომ დაადგინა მე-3 და მე-9 მუხლის დარღვევა დამოუკიდებლად და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, ყველა დაკავშირებულ მომჩივანთან მიმართებით და მიიჩნია, რომ არ იყო აუცილებელი კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით იმავე საჩივრების განხილვა (იხილეთ ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), ციტირება მაღლა, § 181). [სასამართლო] ასევე ასკვნის, რომ კონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებით ცალკე განხილვის საჭიროება არ იკვეთება (ibid., § 167).
66. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე, რამდენადაც ის დაკავშირებულია №1 და №4 საქმეებთან, ეხება ძალადობის ერთსა და იმავე ინციდენტებს. შესაბამისად, ერთი და იგივე მომჩივნები ჩივიან ერთსა და იმავე ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე ცხადია, რომ წინამდებარე საჩივარში ისინი დამატებით ეყრდნობიან კონვენციის მე-8 მუხლს და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლს. თუმცა, როგორც სასამართლოს არაერთხელ განუცხადებია, საჩივარი ხასიათდება მასში აღნიშნული ფაქტებით და არა მხოლოდ იმ სამართლებრივი საფუძვლებით თუ არგუმენტებით, რასაც [საჩივარი] ეფუძნება (იხილეთ გუერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Guerra and Others v. Italy) [დიდი პალატა], 19 თებერვალი, 1998, § 44, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1998-I) და საჩივრის საფუძვლად გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლები თუ არგუმენტები ვერ შეცვლის საჩივრის არსს (იხილეთ I.J.L. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (I.J.L. v. the United Kingdom) (განჩინება), № 39029/97, 6 ივლისი, 1999).
67. რაც შეეხება არსებული სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვის საშუალებების სავარაუდო არაადეკვატურობას, რაც ახალია ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) საქმესთან შედარებით, სასამართლო მოიშველიებს საკუთარ პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც ეროვნულ დონეზე შესაბამისი საქმისწარმოება მიჩნეული უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების რეალურ გამოყენებად და ვერ გაუტოლდება ახალ ან დამოუკიდებელ ჩარევას კონვენციის საფუძველზე შესწავლის მიზნებისთვის (იხილეთ mutatis mutandis, ბლეჩიკი ხორვატიის წინააღმდეგ (Blečić v. Croatia) [დიდი პალატა], № 59532/00, § 78, ECHR 2006‑III).
68. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ეს საჩივარი მიუღებელია კონვენციის 35.2.b და 35.4 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ის დაკავშირებულია №1 და №4 საქმეებთან.
II. კონვენციის მე-9 მუხლის ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დარღვევის შესახებ
69. მომჩივნები კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლზე დაყრდნობით ჩიოდნენ, რომ მათი უფლება - თავისუფლად ჩართულიყვნენ რელიგიურ აქტივობებში, შეკრებებსა და რელიგიური ლიტერატურის გავრცელებაში, დაირღვა. მე-9 და მე-14 მუხლები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 9
„1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად საქვეყნოდ ან განკერძოებით გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
მუხლი 14
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.”
A. მისაღებობა
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
70. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომჩივანთა საჩივრები აშკარად უსაფუძვლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ გაცხადებულ ინციდენტებში მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობა ვერ დამტკიცდა. შესაბამის საქმეებზე ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაიზიარეს სადავო ძალადობრივ ინციდენტებში პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ მომჩივანთა წინასასამართლო საჩივრები, როგორც დაუსაბუთებელი და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო, მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცებით არ იყო უფლებამოსილი ხელახლა შეესწავლა ეს მიგნებები? (იხილეთ გუიდი იტალიის წინააღმდეგ (Guidi v. Italy) (განჩინება), № 37755/97, 7 ნოემბერი, 2000). უფრო მეტიც, მომჩივნებს შეეძლოთ და უნდა გაესაჩივრებინათ ძალადობრივი ინციდენტები პროკურატურის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს არ ამოუწურიათ ეროვნული დონეზე ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები.
71. მომჩივნები არ დაეთანხმნენ მოპასუხე სახელმწიფოს პოზიციას. მიუთითეს რა სასამართლოს წინაშე წარდგენილ მრავალ მტკიცებულებაზე, ისინი დავობდნენ, რომ მათი არგუმენტაცია რელიგიური საფუძვლით მოტივირებული დევნის შესახებ სათანადოდ იყო დასაბუთებული. ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარყვეს მათი ბრალდებები ინციდენტში პოლიციის მონაწილეობის თაობაზე, მხოლოდ რელიგიურ ძალადობასთან მიმართებით სასამართლო სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებდა.
2. სასამართლოს შეფასება
72. [სამართლებრივი დაცვის საშუალებების] არ ამოუწურვასთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტებზე სასამართლო უთითებს შემდეგს: მომჩივნებმა თავიდანვე ნათელი გახადეს, რომ წინამდებარე საჩივრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, სასამართლოს წინაშე სადავო გაეხადათ საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულ რელიგიურ ძალადობასთან მიმართებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ადეკვატურობა და ეფექტიანობა (იხილეთ მაღლა 62-ე პარაგრაფი). წინამდებარე საქმეზე განსახილველი რელიგიური ძალადობის სამივე ინციდენტთან დაკავშირებით მომჩივნებმა ამოწურეს მათთვის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებები სასამართლო სისტემის სამივე ინსტანციის გავლით, რაც მოპასუხე სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ თავიანთ წერილობით მოსაზრებებში მითითებული დამატებითი სამართლებრივი დაცვის საშუალებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმისწარმოება. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებს არ მოეთხოვებათ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვა. ისინი უფლებამოსილნი არიან აირჩიონ სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებები და არ ევალებათ ამოწურონ სხვა საშუალებები, მას შემდეგ, რაც დადასტურდება ამ სამართლებრივი დაცვის საშუალების წარუმატებლობა (იხილეთ inter alia, მიკალეფი მალტის წინააღმდეგ (Micallef v. Malta) [დიდი პალატა], №17056/06, § 58, ECHR 2009).
73. წინამდებარე საქმეზე მომჩივნებმა აირჩიეს სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულსამართლებრივი საშუალებები, რაც სრულად ამოწურეს. საჩივარში იდენტიფიცირებული საკითხები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე იქნა წარდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ უზრუნველეყოთ შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალება მათთვის. [ამ სახელმწიფო ორგანოების] წარუმატებლობა არ წარმოშობს [მომჩივნებისთვის] დამატებით ვალდებულებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების გზით მიმართონ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს შეპასუხება [სამართლებრივი დაცვის საშუალებების] არ ამოწურვასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
74. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არ არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35.3.a მუხლის მიზნებისთვის. ის ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის მისაღებად უნდა იქნეს ცნობილი.
B. საქმის არსებითი განხილვა
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
75. მოპასუხე სახელმწიფო კვლავ იგივე პოზიციაზე რჩებოდა, რომ მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს მომჩივნის მიერ მითითებულ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული გარემოება პირდაპირ დაადგინეს ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი საჩივრების შესწავლისას. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითეს, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს ეროვნულ დონეზე თუ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის წარედგინათ საპირისპირო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით მომჩივნებმა ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქმისწარმოებისას ვერ დაასახელეს ის პოლიციელები, რომელთა მოქმედებამ თუ უმოქმედებამ დააზიანა მათი ინტერესები და დაარღვია მათი უფლებები. იგივე დასაბუთების ფარგლებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ მთავრობამ შეინარჩუნა საკუთარი ნეიტრალური როლი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებში. თავად ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს მომჩივნების საპირისპიროდ, არ მიუთითებდა მათი უფლებების დარღვევაზე მე-9 მუხლთან მიმართებით.
76. მომჩივნები არ დაეთანხმნენ მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უბრალოდ უგულებელყვეს მთელი რიგი მოწმეთა ჩვენებები და დოკუმენტური მტკიცებულებები მათი რელიგიური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ მიუთითეს საქმეზე კუზნეცოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kuznetsov and Others v. Russia) (№ 184/02, 11 იანვარი, 2007), რომელზეც სასამართლო კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევის დადგენისას დაეყრდნო მტკიცებულებას, რომელიც ეროვნულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა (ibid., §§ 58-59). მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ გააბათილა მათი არგუმენტები და ეროვნულ დონეზე შესაბამისი გადაწყვეტილებები იყო სრულად მიკერძოებული და დაუსაბუთებელი. ეს განსაკუთრებით ხილული იყო სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ანგარიშებიდან, იმ დროისთვის საქართველოში მომეტებული რელიგიური ძალადობისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების თაობაზე (იხილეთ მაღლა მე-60 პარაგრაფი).
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
77. კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლებთან მიმართებით შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეზე ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) (ციტირება მაღლა, §§ 156‑160 და 173).
(b) აღნიშნული პრინციპების მისადაგება წინამდებარე საქმეზე
78. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე დასახელებული ძალადობის გაცხადებულ ინციდენტებს ვერ განიხილავს იზოლირებულად, არამედ უნდა დაინახოს ისინი იმ დროისთვის საქართველოში არსებული ზოგადი ვითარების ჭრილში. ამ მიზნისთვის ის ამოსავალ წერტილად აღიარებს საქმეზე ბეღელური და სხვები (Begheluri and Others) (ციტირება მაღლა) გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც შემდეგი შინაარსისაა:
„145. ... თავიანთი წარმომადგენლების ქცევით, რომლებიც ან პირადად მონაწილეობდნენ იეღოვას მოწმეებზე თავდასხმაში ან კერძო პირების უკანონო ქმედებებს ხელს არ უშლიდნენ და ეთანხმებოდნენ, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა შექმნეს დაუსჯელობის გარემო, რამაც თავის მხრივ წაახალისა იეღოვას მოწმეებზე თავდასხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. უფრო მეტიც, [ამ ქმედებებისთვის პასუხისმგებელ] პირთა მიმართ მყისიერი და სამართლიანი სისხლის სამართლებრივი დევნისა და შესაბამისი სასჯელის შეფარდების უზრუნველყოფის სურვილის აშკარა არქონით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია ვალდებულება, რეაგირება მოეხდინა დარღვევებზე, რითაც უგულებელყო თანმდევი პრევენციული და შემაკავებელი ეფექტი იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ სამომავლო დარღვევებთან მიმართებით.“
და
„165. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავიანთი თანამონაწილეობით, მხარდაჭერითა თუ მინიმუმ თანხმობით, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უგულებელყვეს თავიანთი მოვალეობა, აუცილებელი ზომები გაეტარებინათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ იეღოვას მოწმეებს ესარგებლათ რელიგიის თავისუფლებაზე თავიანთი უფლებით. სახელმწიფო ორგანოების ამ დამოკიდებულებამ წვლილი შეიტანა რელიგიური ძალადობის გახშირებაში...“
79. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების შეფასებისას ის ეყრდნობა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს. თუმცა მისი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიდგომის „სესხება“, რომელიც ამ სტანდარტს იყენებს. სასამართლოს ამოცანა არ არის სისხლის სამართლებრივი ბრალეულობის ან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, არამედ კონვენციასთან მიმართებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრა. კონვენციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, მისი მოვალეობის სპეციფიკა - უზრუნველყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მხრიდან მოქმედებებისას კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დაცვა - განაპირობებს მის მიდგომას მტკიცებულებასა და მტკიცებასთან მიმართებით (იხილეთ ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Nachova and Others v. Bulgaria) [დიდი პალატა], № 43577/98 და № 43579/98, § 147, ECHR 2005-VII). სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც მისი აზრით ეყრდნობა ყველა მტკიცებულების თავისუფალ შეფასებას, მათ შორის, იმგვარ შუალედურ დასკვნებს, რომლებიც შესაძლოა მომდინარეობდეს ფაქტების ერთიანობაში შეფასებიდან და მხარეთა გაცხადებული პოზიციებიდან. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მტკიცება შესაძლოა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმხვედრი შუალედური დასკვნების ერთობლიობიდან, ან ფაქტების მსგავსი უდავო პრეზუმფციებიდან (ibid.). სასამართლო თავისი პრაქტიკით უშვებს გარკვეულ მოქნილობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, მხედველობაში იღებს რა განსახილველ მატერიალურ უფლებას და მასთან დაკავშირებულ რაიმე სახის მტკიცებულებით სირთულეებს (იხილეთ ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ (Baka v. Hungary) [დიდი პალატა], № 20261/12, § 143, ECHR 2016, იქვე მითითებულია დამატებითი წყაროები).
(i) საქმე № 2
80. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია მომჩივნების წინასასამართლო განცხადებები, რომ მათი რელიგიური შეკრება დაშალეს და მოხდა რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევა 2000 წლის 26 ოქტომბრის ინციდენტის დროს. მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ ამ ინციდენტში სახელმწიფოს არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა (იხილეთ მაღლა 75-ე პარაგრაფი). სასამართლო ასკვნის შემდეგს: ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას მომჩივნებმა და სხვა თვითმხილველებმა დაასახელეს სამი პოლიციის ოფიცრის სახელი, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 2000 წლის 26 ოქტომბრის რელიგიური შეკრების დაშლაში (იხილეთ მაღლა მე-17 პარაგრაფი). პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ს.ხ-მ ეროვნული სასამართლოების წინაშე აღიარა, რომ მისმა კოლეგამ, გ. ნ-მ მართლაც თხოვა მომჩივნებს და იეღოვას სხვა მოწმეებს „შეეწყვიტათ შეკრება,“ რათა თავიდან აეცილებინათ მათ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება (იხილეთ მაღლა 21-ე პარაგრაფი). თუნდაც იმის დაშვებით, რომ პოლიციის ოფიცრის მხრიდან ეს მოთხოვნა არ მოიცავდა დამცირებას ან თავდასხმას რაიმე ფორმით, ის მაინც უტოლდებოდა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მომჩივნების უფლებებში ჩარევას (იხილეთ კრუპკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Krupko and Others v. Russia), № 26587/07, § 49, 26 ივნისი, 2014, და დიმიტროვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Dimitrova v. Bulgaria), № 15452/07, § 28, 10 თებერვალი, 2015). იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოთხოვნას ადგილი ჰქონდა სულ მცირე ერთი პოლიციის ოფიცრის მხრიდან, მისი ქმედებები აშკარად წარმოშობდა მთავრობის პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, ის მოქმედებდა ultra vires (უფლებამოსილების გადამეტებით) თუ უფლებამოსილების ფარგლებში (იხილეთ მოლდოვანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Moldovan and Others v. Romania) (№ 2), №41138/98 და №64320/01, § 94, ECHR 2005‑VII (ამონარიდები)).
81. სასამართლომ უნდა უპასუხოს შემდეგ საკითხს, არის თუ არა ჩარევა დასაბუთებული, ანუ იყო თუ არა ის „კანონით გათვალისწინებული”, ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს კონვენციის 9.2 მუხლის შესაბამისად და „აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში”. მოპასუხე სახელმწიფომ თავის წერილობით შეპასუხებაში არ გასცა პასუხი ამ საკითხებს (75-ე პარაგრაფი). რაც შეეხება ეროვნულ სასამართლოებს, მათ პირდაპირ გაიზიარეს პოლიციის ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ვერსიები (იხილეთ მაღლა 23-ე პარაგრაფი). სასამართლო აღნიშნავს, რომ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ მომჩივნების რელიგიურ უფლებებში ამ ხარისხით ჩარევა და საერთოდაც ჩარევა მოითხოვებოდა თუ არა იმ ვითარებაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არც ერთ ე.წ. მესამე პირს ჩვენება არ მიუცია (იხილეთ კრუპკო (Krupko), ციტირება მაღლა, §51). შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო დაახლოებით ოცდაათამდე იეღოვას მოწმის მშვიდობიანი შეკრება, რომელიც ბატონი ალიევის სახლში გაიმართა. არც ეროვნულ სასამართლოებს, ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას და არც მოპასუხე სახელმწიფოს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე არ მიუთითებიათ რაიმე ნორმა, რომელიც მომჩივნებმა დაარღვიეს თავიანთ სახლში შეკრებისას. ეროვნულ სასამართლოებს თავიანთ გადაწყვეტილებებში უბრალოდ არც კი უმსჯელიათ იმის თაობაზე თუ რატომ იყო შეკრების დაშლა „კანონიერი” და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა ჩარევის აუცილებლობა.
82. ეს ინციდენტი ასევე აუცილებელია დანახულ იქნეს იმ რელიგიური შეუწყნარებლობის პრიზმაში, რასაც იეღოვას მოწმეები იმ დროისთვის განიცდიდნენ საქართველოში (იხილეთ მე-60 და 78-ე პარაგრაფები მაღლა). მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ [შეკრების] დაშლისას მათ თავს დაესხნენ და შეურაცხყვეს რელიგიური მრწამსის გამო. შემდგომში, მომჩივნები, შეკრების მასპინძელი და პასტორი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც აიძულეს ხელწერილის დადება, რომ მომავალში აღარ გამართავდნენ რელიგიურ შეკრებებს (იხილეთ მაღლა მე-18 და 22-ე პარაგრაფები). საქმისწარმოების არც ერთ ეტაპზე ეროვნულ სასამართლოებს არც კი უცდიათ გამოერკვიათ პოლიციის ოფიცრების ქცევის სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივები. უფრო კონკრეტულად კი, მათ არც კი უკითხავთ პოლიციელებისთვის, ნაცვლად შეკრების დაშლისა, რატომ არ მიიღეს რაიმე ზომები მომჩივნების რელიგიური უფლებების ადეკვატურად დასაცავად, მათ შორის, იმის უზრუნველყოფით, რომ შეკრება ჩატარებულიყო უსაფრთხო გარემოში.
83. ზემოთ მიმოხილულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მე-4 და მე-5 მომჩივნებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, 2000 წლის 26 ოქტომბერს მათი რელიგიური შეკრების დაშლისა და ეროვნულ დონეზე თანმდევი სამართალწარმოების საფუძველზე.
(ii) საქმე №3
84. აღნიშნულ საქმეზე ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის ბრალდება, პოლიციის მხრიდან ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ მოპყრობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად მიიჩნიეს (იხილეთ 32-ე, 34-ე და 36-ე პარაგრაფები მაღლა). ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაზე მსჯელობის გარეშე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო იმთავითვე ყურადღებას შეაჩერებს მოსამართლეების დამოკიდებულებაზე, რაც განსაზღვრავს მათი გადაწყვეტილებების ბუნებას. აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, განიხილავდა რა პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ იეღოვას ორი მოწმის საჩივარს, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღნიშნა, რომ „საყოველთაოდ ცნობილია, რომ იეღოვას მოწმეები უხეშად არღვევენ კონსტიტუციის 19.3 მუხლის მოთხოვნებს და ხშირად თავს ახვევენ სხვებს თავიანთ აზრებსა და მრწამსს სხვა ადამიანებს, რითაც არღვევენ მათ უფლებებს” (იხილეთ 32-ე პარაგრაფი მაღლა). უფრო მეტიც, ამავე სასამართლომ მომჩივნების პოზიციის გასამყარებლად მოწვეული რამდენიმე მოწმე დაითხოვა, ასევე განაცხადა, რომ ისინი იეღოვას მოწმეები იყვნენ (იხილეთ მაღლა 32-ე პარაგრაფი). ეს უკანასკნელი არგუმენტი გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, მაშინ როცა, გადაწყვეტილების შესავალი ნაწილის შემადგენელი ფრაზა - იეღოვას მოწმეების მხრიდან კონსტიტუციის მრავალგზის დარღვევის თაობაზე, არც სააპელაციო სასამართლომ და არც საკასაციო ინსტანციამ არ აღნიშნა. ამ კონტექსტში სასამართლოსთვის სირთულეს წარმოადგენს გაიზიაროს მოპასუხე მთავრობას არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ადეკვატურად შეისწავლეს მომჩივნების ბრალდებები. იკვეთება, რომ მომჩივანთა საჩივრების განხილვა იყო მეტად ზედაპირული და მიკერძოებული, რამაც განაპირობა პოლიციის ვერსიების იმთავითვე სიმართლედ მიჩნევა.
85. რაც შეეხება თავად ინციდენტებს, მიუხედავად მტკიცებულებათა სიმწირისა, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო ეროვნულ დონეზე საქმის ზედაპირული შესწავლით (იხილეთ მაღლა 84-ე პარაგრაფი), საქმის მასალებში მნიშვნელოვანი მინიშნებებია მომჩივნის მიერ მითითებული რელიგიური ძალადობის დასასაბუთებლად. ეროვნული სასამართლოებისთვის მათ მიერ მიცემული თანმიმდევრული და დეტალური ჩვენებები, რაც შემდგომ გამყარებულ იქნა რამდენიმე მოწმის ჩვენებით, მოპასუხე სახელმწიფომ ადეკვატურად ვერ გააბათილა. იმ დროისთვის იეღოვას მოწმეების მიმართ ქვეყნის მასშტაბით არსებული რელიგიური ძალადობის ფართო კონტექსტში განხილვით, [ამ არგუმენტებს] სასამართლო მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მე-6 და მე-7 მომჩივნები პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ მათი რელიგიური მრწამსის საფუძვლით. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, ბატონი ძამუკოვისა და ბატონი გაბუნიას მიმართ.
(iii) საქმე № 5
86. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ წინამდებარე საქმეზე რელიგიური შეკრება ჩაშალეს კერძო პირებმა. ერთადერთი სადავო საკითხია, პოლიციის ოფიცრებმა დაუშვეს თუ არა ეს. სასამართლოსთვის გაუგებარია ეროვნულმა სასამართლოებმა მოვლენათა პოლიციის ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ვერსიები როგორ მიიჩნიეს მოცემულობად, სასამართლოში რომელიმეს შესწავლის გარეშე. უფრო მეტიც, ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეისწავლეს მომჩივანთა მტკიცებები იმის თაობაზე, რომ პოლიციის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი თავად ესწრებოდა ინციდენტს. აღნიშნული ჩვენების მხარდამჭერი ვიდეო-მასალა უბრალოდ არ იყო ნახსენები ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში. ასევე სასამართლოებმა ვერ უპასუხეს მომჩივანთა არგუმენტს, რომ პოლიციის ოფიცრებს, მიუხედავად დაგვიანებული მოქმედებისა, მაინც შეეძლოთ დაშლის შეჩერება. ისინი მხოლოდ იმის დადგენას დასჯერდნენ, რომ თანმდევი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ამ მოვლენებთან დაკავშირებით. და ბოლოს, ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს ძალადობრივი ინციდენტის კულმინაცია, მომჩივანთა და იეღოვას სხვა მოწმეებისთვის ჩამორთმეული რელიგიური ლიტერატურის დაწვა საჯაროდ, დღის შუქზე, საჯარო ბაზრობაზე, შეკრების დაშლის მომდევნო დღეს (იხილეთ მაღლა 55-ე და 56-ე პარაგრაფები). მომჩივანთა მხრიდან ეს ძირითადი ბრალდება მათი რელიგიური უფლებების აშკარა დარღვევის თაობაზე ყოველგვარი განხილვის მიღმა დარჩა. საქმის ამგვარი ზედაპირული და ცალმხრივი განხილვა, რასაც თან ერთვოდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლებზე უპირობო დაყრდნობა და მოვლენათა შესახებ მომჩივანთა ვერსიის დაუსაბუთებელი უარყოფა სასამართლოს აზრით, მხოლოდ უტოლდება სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობას - მომჩივანთა წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. ამგვარი დასკვნა უფრო მეტად დამაჯერებელია საქართველოში იეღოვას მოწმეებზე მიმართულ რელიგიურ ძალადობაზე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სისტემური უმოქმედების ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით (იხილეთ მაღლა მე-60 და 78-ე პარაგრაფები).
87. რაც შეეხება თავად ინციდენტს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია სარწმუნო არგუმენტი, არც მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მომჩივანთა ბრალდებებს 2001 წლის 27 მარტს მათი რელიგიური შეკრების დაშლისა და მათი ლიტერატურის თანმდევი საჯარო დაწვის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე მიმდინარე სამართალწარმოება, ხარვეზების გათვალისწინებით (იხილეთ მაღლა 86-ე პარაგრაფი), უშედეგო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა მომჩივანთა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ 2001 წლის 27 მარტის რელიგიური შეკრების დაშლა და ამის თანმდევი, მომჩივანთა რელიგიური ლიტერატურის განადგურება არ იქნებოდა განხორციელებადი პოლიციის მხრიდან ხელშეწყობის ან მინიმუმ მისი თანხმობის გარეშე (იხილეთ ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), ციტირება მაღლა, § 111). ეს ფაქტი, რასაც თან სდევდა რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობის შესახებ მომჩივანთა საჩივრების ეროვნული სასამართლოების მხრიდან მიკერძოებული და ზედაპირული შესწავლა, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის საკმარისია კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევის დასადგენად ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №11-13 მომჩივნებთან მიმართებით.
III. კონვენციის მე-6, მე-8, მე-11 და მე-13 მუხლებისა და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
88. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ კონვენციის მე-6, მე-8, მე-11 და მე-13 მუხლებითა და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული მათი უფლებები დაირღვა ზემოთ აღწერილი ძალადობრივი აქტების შედეგად.
89. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლებთან მიმართებით მომჩივნების საჩივრის ძირითადი საგანი იყო არა მხოლოდ რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობა, არამედ ასევე ეროვნული სასამართლოების არაეფექტიანობა და მიკერძოება ამ კუთხით (იხილეთ მაღლა 62-ე და 76-ე პარაგრაფები). ეს საკითხები შესწავლილ იქნა (იხილეთ მაღლა 81-ე-82-ე და 84-ე-86-ე პარაგრაფები) და შედეგად მოჰყვა შესაბამისი ნორმების დარღვევის დადგენა (იხილეთ მაღლა 83-ე, 85-ე და 87-ე პარაგრაფები). ამ გარემოებებში სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-6, მე-8 და მე-11 მუხლებთან მიმართებით დამოუკიდებელი საკითხი არ იკვეთება და შესაბამისად, ცალკე ამ საკითხზე დასკვნას არ აკეთებს (იხილეთ იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები (Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others), §§ 143-44, და ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), § 181, ორივე ციტირებულია მაღლა).
90. რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან მიმართებით, სასამართლო უთითებს, რომ 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებები როგორც წესი არ არის სავარაუდო ჩარევისგან გამიჯვნადი. შესაბამისად, თუკი სახეზეა საკუთრების უფლებების დარღვევა და მათ აღდგენაზე უარი, განსახილველი ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის 1-ლი დამატებითი ოქმის ძალაში შესვლამდე და შესვლის შემდეგ, ამ უკანასკნელი აქტის თარიღი არ არის გადამწყვეტი სასამართლოს დროში მოქმედი იურისდიქციის განსაზღვრისთვის (იხილეთ ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Nikolaishvili v. Georgia) (განჩინება), № 30272/04, 7 ივლისი 2009, შესაბამისი მითითებებით; იხილეთ ასევე, ჯიქია საქართველოს წიანაღმდეგ (Jikia v. Georgia) (განჩინება), № 37302/05, § 23, 11 ოქტომბერი, 2016). წინამდებარე საქმეზე განსახილველი სამი ძალადობრივი ინციდენტი მოხდა 2000 წლის 2-3 სექტემბერს (საქმე№3), 2000 წლის 26 ოქტომბერს (საქმე№2) და 2001 წლის 27-28 მარტს (საქმე№5). ეს იყო უცაბედი ქმედებები, რასაც არ მოჰყოლია რაიმე განგრძობადი ვითარება 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლთან მიმართებით (იხილეთ სხვებთან ერთად ბლეჩიკი (Blečić), § 86, ციტირება მაღლა; იხილეთ ასევე, მოლდოვანი და სხვები და როსტასი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Moldovan and Others and Rostaş and Others v. Romania) (განჩინება),№ 41138/98 და №64320/01, 13 მარტი, 2001, და ფატულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Fatullayev v. Azerbaijan) (განჩინება), №33875/02, 28 სექტემბერი, 2006). სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ამ საკითხზე სასამართლო განხილვის გაგრძელება შედეგს მოკლებულია. 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნების საჩივარი მათი საკუთრების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მიუღებელია ratione temporis კონვენციის ნორმებთან მიმართებით, 35.3 მუხლის მნიშვნელობიდან გამომდინარე და 35.4 მუხლის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
91. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. მატერიალური ზიანი
92. მომჩივნები 1-ლ და მე-5 საქმესთან მიმართებით ამტკიცებდნენ, რომ მათ ჯამში 9 456 ევროს ღირებულების მატერიალური ზიანი მიადგათ. აღნიშნულის დასტურად მათ წარმოადგინეს აუდიტის ორი ანგარიში, რომელშიც მოცემული იყო მათი რელიგიური შეკრებების ძალადობრივად დაშლის შედეგად დაზიანებული ნივთების ნუსხა.
93. მოპასუხე სახელმწიფომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რა აუდიტის ანგარიშების სიზუსტე, განაცხადა, რომ მომჩივნების მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელი იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ დაზიანებული ავეჯის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა „საქართველოში პენსილვანიის საგუშაგო კოშკს“ და „იეღოვას მოწმეთა კავშირს“ და არა პირადად მომჩივნებს. რაც შეეხება დაზიანებულ ლიტერატურას, მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით წიგნები საჩუქარს წარმოადგენდა და იეღოვას მოწმეებს, მათ შორის, მომჩივნებს უფასოდ ურიგდებოდათ.
94. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები პირველ საქმესთან მიმართებით მიუღებლად იქნა ცნობილი. რაც შეეხება მე-5 საქმეს, მომჩივნების მიერ წარმოდგენილი აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით სასამართლო №11-13 მომჩივნებს მიყენებული მატერიალური ზიანის სანაცვლოდ აკუთვნებს 500 ევროს.
B. არამატერიალური ზიანი
95. უპირველეს ყოვლისა მომჩივნებმა მოითხოვეს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს დავალებოდა ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება დარიგებოდა ყველა სამართალდამცავ უწყებას, კონვენციის მე-9 მუხლით უზრუნველყოფილ გარანტიებზე ხაზგასმით.
96. მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 5000 ევრო თითოეული მათგანის სასარგებლოდ, მათ მიერ განცდილი არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სადავო ინციდენტების შედეგად მათ მნიშვნელოვანი ემოციური სტრესი განიცადეს და მოპასუხე სახელმწიფოს უარი მათი დაცვის უზრუნველყოფაზე ნიშნავდა, რომ ისინი მუდმივად ტერორსა და დამცირებას განიცდიდნენ.
97. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მოთხოვნილი თანხა მეტად დიდი იყო. მათ მიუთითეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები“ და სხვები (Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others) (ციტირება მაღლა), რომელიც იმავე მოვლენებს ეხებოდა და მასზე სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ დაადგინა 120-დან 700 ევრომდე ოდენობის თანხის მიკუთვნება (ibid., § 153).
98. რაც შეეხება მომჩივანთა მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას, მაღლა 95-ე პარაგრაფში, სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო ადგენს კონვენციისა და დამატებითი ოქმების დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს, გადაუხადოს მიკუთვნებული თანხები შესაბამის პირებს სამართლიანი დაკმაყოფილების ფორმით. ასევე, მთავრობამ უნდა აირჩიოს, რაც თავის მხრივ, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის საგანია, ზოგადი ან/და საჭიროებისამებრ, ინდივიდუალური ღონისძიებები ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს დონეზე, რითაც დაასრულებს სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევას და აღმოფხვრის [დარღვევის] შედეგებს დარღვევამდე არსებული ვითარების მაქსიმალურად აღდგენით (იხილეთ მაესტრი იტალიის წინააღმდეგ (Maestri v. Italy) [დიდი პალატა], №39748/98, § 47, ECHR 2004‑I).
99. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის მიწოდება, მართლაც არის აღსრულების დამატებითი და შესაბამისი ზომა. ამასთან, სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა აირჩიოს, რაც თავის მხრივ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობასაც ექვემდებარება, ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი კონკრეტული საშუალება (იხილეთ სხვა წყაროებთან ერთად, „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები“ და სხვები (Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others), § 154, და ბეღელური და სხვები (Begheluri and Others), § 188, ორივე ციტირებულია მაღლა).
100. რაც შეეხება მოთხოვნილ თანხას, სასამართლოს არ ეპარება ეჭვი, რომ მომჩივნებმა განიცადეს ტანჯვა და ფრუსტრაცია კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევით. დამდგარი არამატერიალური ზიანის ადეკვატური კომპენსირება ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის შესაბამისი გარემოებებისა და სამართლიანობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო თითოეულ მომჩივანს აკუთვნებს 1500 ევროს, ასევე დამატებით ყველა იმ გადასახადს, რაც შეიძლება ამ თანხაზე დაირიცხოს.
C. ხარჯები და დანახარჯები
101. მომჩივნები ითხოვდნენ ეროვნულ დონეზე საქმისწარმოების ყველა ხარჯის ანაზღაურებას, ასევე - ყველა იმ ხარჯისა, რაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობისას გაიღეს.
102. ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას მომჩივნების ინტერესებს მე-2, მე-3 და მე-5 საქმეზე წარმოადგენდნენ ბატონი ჭაბაშვილი და ბატონი ციმინტია, რომელთა მომსახურებისთვისაც ისინი ითხოვნდნენ 18 000 ევროს.
103. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბატონი კარბონეუ, ბატონი ციმინტიასა და ბატონი კოლჰოფერის დახმარებით. ამ იურისტების მომსახურებისთვის ისინი ითხოვდნენ 14 500 ევროს. მოთხოვნების გასამყარებლად მომჩივნებმა წარმოადგინეს ქვითრები, საიდანაც ირკვეოდა, რომ მათ ევალებოდათ აღნიშნული თანხის გადახდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა.
104. მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევდა, რომ ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას და სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად მომჩივნების მიერ მოთხოვნილი თანხები იყო ზედმეტად დიდი და დაუსაბუთებელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისად ნათელი და დეტალური. კერძოდ, მასში არ იყო მითითებული თითოეული ადვოკატის მიერ საქმეზე დახარჯული საათები და კონკრეტულად თითოეული მათგანის მიერ შესრულებული სამუშაო. მომჩივნებმა ასევე ვერ წარმოადგინეს თითოეულ ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
105. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც რეალურად იქნა გაღებული, აუცილებელი იყო და გონივრული ოდენობისაა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში ის არ იბოჭება ეროვნულ დონეზე არსებული საზომებითა და სტანდარტებით, თუმცა შესაძლოა, გარკვეულწილად იხელმძღვანელოს ამით (იხილეთ inter alia, M.M. ნიდერლანდების წინააღმდეგ (M.M. v. the Netherlands), № 39339/98, § 51, 8 აპრილი, 2003). წინამდებარე საქმეზე ექვსი მომჩივნის საჩივრები 1-ლ და მე-4 საქმეზე გაცხადებულ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით მიუღებლად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დანარჩენ ინციდენტებს, ისინი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკმაოდ რთული იყო, მოიცავდა შვიდ მომჩივანს და მიმდინარეობდა სამი გაჭიანურებული სამოქალაქო სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში ეროვნულ დონეზე. წარმომადგენლებს ევალებოდათ მომჩივნების ბრალდებების გასამყარებლად სასამართლოსთვის დიდი ოდენობით დოკუმენტაციის წარდგენა, ინგლისური თარგმანის თანხლებით.
106. სამართლიან საწყისებსა და პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით სასამართლო მომჩივნებს განუსაზღვრავს 10 000 ევროს ჯამში, ასევე ნებისმიერ თანხას, რაც შეიძლება დაირიცხოს დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით.
D. საურავი
107. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად:
1. აცხადებს მომჩივნების ცარციძის, ბოზოიანის, გელაშვილის, გოგოლაძის, თვარაძისა და კაპანაძის საჩივრებს №1 და №4 საქმეებზე მიუღებლად;
2. აცხადებს მომჩივნების მიკირტუმოვის, ალიევის, ძამუკოვის, გაბუნიას, გოგელაშვილის, ყურუასა და ჩუბინიძის საჩივრებს №2, №3 და №5 საქმეებზე კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლებთან მიმართებით მისაღებად, ხოლო საჩივარს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან დაკავშირებით - მიუღებლად;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში შემდეგი მომჩივნების მიმართ: მიკირტუმოვი, ალიევი, ძამუკოვი, გაბუნია, გოგელაშვილი, ყურუა და ჩუბინიძე;
4. ადგენს, რომ კონვენციის მე-6, მე-8, მე-11 და მე-13 მუხლებთან მიმართებით საჩივრის განხილვის საჭიროება არ არის;
5. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად, მომჩივნებს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა, შეთანხმებული დროისთვის მოპასუხე სახელმწიფოში არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში:
(i) 500 ევრო (ხუთასი) მატერიალური ზიანის სანაცვლოდ მომჩივნებს - გოგელაშვილი, ყურუა და ჩუბინიძე, ერთობლივად, იმ გადასახადის დამატებით, რაც შესაძლოა ამ თანხას დაერიცხოს;
(ii) 1 500 ევრო (ათას ხუთასი) არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ მე-3 ნაწილში ჩამოთვლილ შვიდივე მომჩივანს ცალ-ცალკე, იმ გადასახადის დამატებით, რაც შესაძლოა ამ თანხას დაერიცხოს;
(iii) 10 000 ევრო (ათი ათასი) ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ მე-3 ნაწილში ჩამოთვლილ შვიდივე მომჩივანს, იმ გადასახადის დამატებით, რაც შესაძლოა ამ თანხას დაერიცხოს;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
6. არ აკმაყოფილებს მომჩივნების მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და სასამართლოს რეგლამენტის 77.2 მუხლის შესაბამისად, წერილობით გავრცელდა 2017 წლის 17 იანვარს.
მარიალენა ცირლი ანდრას შაიო
განმწესრიგებელითავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy