Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
წულუკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
TSULUKIDZE AND OTHERS v. GEORGIA
საჩივარი N14797/11
გადაწყვეტილება
16 მაისი 2024
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
წინამდებარე საჩივარი მოიცავს ცხრა საქმეს, რომლებიც ეხება მომჩივნებზე (იეჰოვას მოწმეებზე) თავდასხმას სავარაუდოდ რელიგიური მოტივით და რომლებიც განხორციელდა 2008 წლიდან 2010 წლამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მომჩივნები დავობდნენ კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების საფუძველზე როგორც ცალკე ასევე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.სისხლის სამართლის საქმე No. 1საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს კ.წულუკიძე და თ. სოსელია. 2009 წლის 13 დეკემბერს პირთა ჯგუფმა მათ სავარაუდოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. მარტვილში. პირველ მომჩივანს დაემუქრნენ ფიზიკური ძალადობით თუ ის არ შეწყვეტდა მარტვილში თავისი რელიგიის აღმსარებლობას და არ დატოვებდა ქალაქს მეუღლესთან ერთად. იმავე დღეს მომჩივნებმა მიმართეს მარტვილის პოლიციას; პირველი მომჩივანი დავობდა, რომ მათი რელიგიის გამო, მისი და სხვა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა ქალაქში. მან თავის საჩივარში რამდენიმე თავდამსხმელი დაასახელა და დეტალურად აღწერა რელიგიური მოტივით ძალადობის რამდენიმე სხვა ინციდენტი მისი და მისი თანამორწმუნეების წინააღმდეგ. 2010 წლის 5 იანვრის წერილით მომჩივნებს აცნობეს, რომ პოლიციამ გააფრთხილა დაინტერესებული პირები, შეეწყვიტათ თავდასხმა იეჰოვას მოწმეებზე. არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. 2010 წლის 13 იანვარს მომჩივნებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს. 2010 წლის 12 თებერვალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (სისხლისსამართლებრივი დევნა) დაიწყო. 2010 წლის 4 მაისს სამართალწარმოება შეწყდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მომჩივნების რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტი არ დასტურდებოდა. ამავდროულად, შესაბამის დასკვნაში აღინიშნა, რომ სავარაუდო თავდამსხმელები ოფიციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი, შეეწყვიტათ იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმა.2010 წლის 9 მაისის წერილით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, მისწერა პირველ მომჩივანს, რომელშიც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება სხვა ინციდენტთან დაკავშირებით რომელიც მის სავარაუდო დევნას ეხებოდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მაშინ როცა, მარტვილში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის დანარჩენი შემთხვევები უცნობი იყო პროკურატურისთვის.
მომჩივნებმა გაასაჩივრეს პროკურორის 2010 წლის 4 მაისს მიღებული გადაწყვეტილება. მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა მარტვილის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 16 ივნისს. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 28 ივლისს.სისხლის სამართლის საქმე No. 2 საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს მ.ზაქარაიას და მ.გეგეჭკორს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 2009 წლის 8 თებერვალს, თბილისში რელიგიური ლიტერატურის დარიგებისას, მათ ორივეს თავს დაესხა ბ-ნი ა. უჯმაჯურიძე. მ. გეგეჭკორი, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო, თავდასხმის შედეგად თავის არეში დაზიანდა და მიიღო ტვინის შერყევა. გამოძიება დაიწყო და ორივე მომჩივანი დაიკითხა. 2009 წლის 8 და 10 თებერვალს ორივეს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. შემდგომში, მომჩივნების ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა რამდენიმე სატელეფონო საუბარი პასუხისმგებელ გამომძიებელთან და სამი პირადი შეხვედრა, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. როგორც ჩანს, ის აშკარად დაუკავშირდა გამომძიებელს 2009 წლის ოქტომბერში, მაგრამ გამომძიებელმა მას არ მიაწოდა რაიმე განახლებული ინფორმაცია.2016 წლის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარე იყო.სისხლის სამართლის საქმე No. 3საჩივრის ეს ნაწილი მოიცავს ორი თავდასხმის შემთხვევას, რომელსაც ბ-ნი მ. იკოშვილი დაექვემდებარა 2009 წლის 29 იანვარს და 7 მაისს, საგარეჯოში, აღმოსავლეთ საქართველო. ორივე ეპიზოდში ჩართული იყო ვინმე თ.ი. 2009 წლის 18 მაისის წერილით რეგიონულმა პოლიციამ შეატყობინა მომჩივანს, რომ თ.ი. გაფრთხილებული იქნა, შეეწყვიტა მომჩივანზე თავდასხმა. 2009 წლის 17 ივნისს პროკურატურამ დამატებით აცნობა მომჩივანს, რომ გამოძიება 2009 წლის 29 იანვრის თავდასხმის გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. რაც შეეხება 2009 წლის 7 მაისის ინციდენტს, რაიონულმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება არ დაწყებულა, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები არ გამოვლენილა.
ერთი წლის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა. საპასუხოდ, 2010 წლის 12 მარტის წერილით, პასუხისმგებელმა პროკურორმა დაადასტურა, რომ 2009 წლის 1-ელ მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დაწყებული საქმისწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ხოლო გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებული იყო.
2016 წელს მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაბამისი სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
სისხლის სამართლის საქმე No. 42009 წლის 17 ივლისს, თბილისში, შ. ჭიაბრიშვილს სავარაუდოდ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა გ.ლ-მ. შედეგად, მას მრავლობითი სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა აღენიშნებოდა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანების მიყენება) და მომჩივანს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. თავის ჩვენებებში, მომჩივანმა წარმოადგინა ინციდენტის დეტალები, კერძოდ, აღნიშნა, რომ მას თავს დაესხნენ რელიგიური ლიტერატურის დარიგებისა და გამვლელებთან რელიგიის შესახებ საუბრისას და რომ თავმდასხმელმა თავი მოიხსენია, როგორც პოლიციელი გ.ლ. თუმცა, გ.ლ-მ უარყო რაიმე მონაწილეობა აღნიშნულ ინციდენტში და წარმოადგინა ალიბი. 2009 წლის 12 აგვისტოს სავარაუდო დანაშაულის სამართლებრივი კლასიფიკაცია შეიცვალა რელიგიური მსახურების ჩატარების უფლებაში უკანონო ჩარევით. მომჩივნის მოთხოვნის საპასუხოდ, მას 2010 წლის 9 ივნისს აცნობეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
2016 წელს მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარე იყო.
სისხლის სამართლის საქმე No. 5
საჩივრის ეს ნაწილი ეხება ძალადობის სავარაუდო სისტემატიურ გამოყენებას იეჰოვას მოწმეების, მათ შორის, მომჩივნების ბ. ორბელაშვილისა და პ. მელქონიანის მიმართ, ქალაქ ახალქალაქში (კასპის რაიონი). რელიგიურად მოტივირებულ თავდასხმებს ძირითადად ადგილობრივი მღვდელი ი.ხ. ხელმძღვანელობდა. 2008 წლის 9 და 23 დეკემბერს, როდესაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ. ორბელაშვილსა და პ. მელკოიანს, მომჩივნები დავობდნენ, რომ მღვდელი იყო პასუხისმგებელი რეგიონში იეჰოვას მოწმეების დევნაზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა). თუმცა, 2009 წლის 30 იანვარს სამართალწარმოება შეწყდა დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო. მომჩივნებს შესაბამისი გადაწყვეტილება ეცნობათ 2009 წლის 10 აპრილს; თუმცა მათ ეს არ გაასაჩივრეს.
2009 წლის 3 ივლისსა და 4 დეკემბერს ი.ხ-მ სავარაუდოდ კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა მომჩივნებს. მათ საჩივარი შეიტანეს და დაიწყო მომხდარზე ორი ცალკეული გამოძიება, სსკ-ის 115-ე მუხლით. სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, 2009 წლის 30 ოქტომბერს და 2010 წლის 20 სექტემბერს შესაბამისი გამოძიება შეწყდა. მომჩივნებს ეცნობათ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა მათ არ გაასაჩივრეს ისინი.სისხლის სამართლის საქმე No. 62009 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, ბ.ეგიაშვილს და ლ.კორკოტაძეს, სავარაუდოდ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვინმე ბ.კ-მ. იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით (ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანებების მიყენება) ხოლო მომჩივნებმა დეტალური ჩვენებები მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. ორივე მომჩივანს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. 2009 წლის 26 ოქტომბერს მათ წერილობით მიმართეს პროკურატურას სავარაუდო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. 2009 წლის 23 დეკემბერს მათ სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით აცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა.
15. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით შესაბამისი გამოძიება მიმდინარე იყო.
სისხლის სამართლის საქმე No. 716. 2010 წლის 12 აპრილს ბ. ტაბიძეს და გ. გურგენიძეს სავარაუდოდ ფიზიკურად დაესხნენ თავს რამდენიმე პირი ქალაქ ლანჩხუთში რელიგიური ლიტერატურის გავრცელებისას. მომჩივნებმა საჩივრები შეიტანეს და მომხდართან დაკავშირებით სისხლი სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (სისხლისსამართლებრივი დევნა). ორივე მომჩივანი დაიკითხა და შემდგომ მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. მათ ასევე ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევა, რომლითაც არ გამოვლენილა რაიმე დაზიანება. სავარაუდო დამნაშავეებმა, რომლებიც დაიკითხნენ 2010 წლის 13 და 14 აპრილს, დაადასტურეს, რომ მომჩივნებს სთხოვეს ადგილის დატოვება, თუმცა მათ უარყვეს შეურაცხყოფის მიყენების რაიმე ბრალდება. ინციდენტის რამდენიმე თვითმხილველმა ასევე უარყო მომჩივნების ბრალდებები, როგორც ცრუ ბრალდებები.
17. 2011 წლის 29 ივლისს სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო.
სისხლის სამართლის საქმე No. 818. 2009 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმეების ოფისს, რომელიც შენდებოდა ქ. ზუგდიდში (დასავლეთ საქართველო), რამდენიმეჯერ თავს დაესხა პირთა ჯგუფი. სულ მცირე ორჯერ, 2009 წლის 20 და 21 ოქტომბერს, მომჩივნები რ.გოგუას და კ. მირცხულავას, რომლებიც მუშაობდნენ სამშენებლო მოედანზე, სავარაუდოდ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2009 წლის 9 ნოემბერს გამოძიება დაიწყო, inter alia, მომჩივნებზე თავდასხმის გარემოებებზე. 2010 წლის მარტსა და თებერვალში რამდენჯერმე დაფიქსირდა რამდენიმე სხვადასხვა ინციდენტი სამშენებლო მოედანზე.
19. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის მდგომარეობით შესაბამისი გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
სისხლის სამართლის საქმე No. 9
20. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს გ.მურადოვს და მ.გახარიას. 2009 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ორივე პირზე თავდასხმა მათი რელიგიის გამო მოხდა. ბ-ნი მურადოვი განსაკუთრებით სასტიკად სცემეს და მას იარაღით დაემუქრნენ. გამოძიება იმავე დღეს სსკ-ის 118-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენება და მუქარა). ორივე მომჩივანს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი და დაიკითხნენ იმავე დღეს. მომჩივანი მურადოვის სამედიცინო შემოწმებამ, რომელიც ჩატარდა 23-26 ოქტომბერს, დაადასტურა სხვადასხვა სახის სისხლჩაქცევები სხეულსა და სახეზე. 2009 წლის 27 ოქტომბერს მომჩივნებმა წერილობით მიმართეს გენერალურ პროკურატურას, მოითხოვეს ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარება და მისი ადეკვატური ზედამხედველობა.
21. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პასუხისმგებელმა პროკურორმა, ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებები, 2013 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლოს შეფასება
პირველადი პრეტენზიაა. მხარეთა განცხადებები
22. მეორე, მესამე, მეექვსე და მეცხრე სისხლის სამართლის საქმეებიდან დაწყებული, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებმა არ შეასრულეს ექვსთვიანი ვადა, რადგან ისინი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ 2009 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში, მაშინ როცა, წინამდებარე საჩივარი სასამართლოში შევიდა მხოლოდ 2011 წლის 26 იანვარს. შუალედურ პერიოდში ისინი გულმოდგინედ არ მოქმედებდნენ, რადგან არ გამოუკითხავთ შესაბამისი გამოძიების მიმდინარეობა და არც სხვაგვარად დაკავშირებიან ხელისუფლებას პროცესის დაჩქარების მიზნით. მეხუთე და მერვე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებმა ვერ ამოწურეს ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები. კერძოდ, რაც შეეხება მეხუთე სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისმა მომჩივნებმა არ გაასაჩივრეს შესაბამისი პროკურატურის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის შეწყვეტის შესახებ, მაშინ როცა, მერვე სისხლის სამართლის საქმეში მომჩივნებს არასოდეს უჩივლიათ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. გარდა ამისა, მთავრობამ პირველ და მესამე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაბამისი მომჩივნების საჩივრები დაუსაბუთებელი იყო.
23. მომჩივნებმა უარყვეს მთავრობის სხვადასხვა შუამდგომლობა მიუღებლობის მოთხოვნით და ამტკიცებდნენ, სხვა საკითხებთან ერთად, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საშუალებები არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ტოლერანტული სიძულვილის დანაშაულების და სხვა დისკრიმინაციული ძალადობრივი ქმედებების ფონზე, რომლებიც მიმართულია იეჰოვას მოწმეების მიმართ. ამასთან დაკავშირებით მათ მოიხსენიეს საქმე გლდანი Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others v. Georgia (no. 71156/01, 3 May 2007) და Begheluri and Others v. Georgia (no. 28490/02, 7 October 2014).
ბ. სასამართლოს შეფასება
24. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს რომ წინამდებარე საქმის გარემოებები განსხვავდება მომჩივნის მიერ წინა პარაგრაფში მითითებული ორი საქმისგან. ვინაიდან საქმეში Begheluri and Others (ციტირებული ზემოთ) სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შესაბამისი ხელისუფლება არაეფექტური იყო რელიგიურად მოტივირებული ძალადობის პრევენციისა და შეჩერების საქმეში და რომ იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობრივი აქტების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებაზე უარის თქმას პრაქტიკაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა (იქვე, §§ 144-45), წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული სავარაუდო ძალადობრივი ინციდენტები განხორციელდა დროის განსხვავებულ პერიოდში (2008 წლიდან 2010 წლამდე, და 1990-იანი წლების ბოლოდან 2001 წლამდე, ორ ზემოხსენებულ საქმეში) და განსხვავებული ზოგადი კონტექსტის ფონზე, რომელიც აღინიშნება იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებების მასშტაბის შემცირებით (ამასთან დაკავშირებით იხ., Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 120-25). ასეთ ვითარებაში წინამდებარე საქმეში სასამართლოს ანალიზი უბრალოდ არ შეიძლება იყოს ზემოხსენებული ორი საქმის იდენტური.
25. წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული კონკრეტული ძალადობრივი ინციდენტების გარემოებები მეორე, მესამე, მეექვსე და მეცხრე სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით, სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ თხუთმეტ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი ხელისუფლებასთან მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით და მათთვის არც ინფორმაციის მიწოდება მოუთხოვიათ. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომჩივნების სრული უმოქმედობა მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ საჩივარს, ამოუხსნელია, განსაკუთრებით მათი არგუმენტის გათვალისწინებით - რომ არსებული შიდასამართლებრივი საშუალებები არაეფექტური იყო. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ No. 3-5, 9-10 და 15-16 მომჩივნების მიერ შეტანილი სხვადასხვა საჩივრები, რომლებიც ეხება მეორე, მესამე, მეექვსე და მეცხრე სისხლის სამართლის საქმეებს, არ იქნა წარდგენილი დროულად და შესაბამისად უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
26. რაც შეეხება მეხუთე სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა არ გაასაჩივრეს პროკურატურის გადაწყვეტილება შესაბამისი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. ყოველგვარი ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ამ ნაწილს დაუშვებლად მიიჩნევს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის გამო.
27. პირველ, მეშვიდე და მერვე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: შესაბამისი მომჩივნების ბრალდებები რელიგიურად მოტივირებული ძალადობის შესახებ, როგორც ჩანს, დაუსაბუთებელია. კერძოდ, მერვე სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების ან სასამართლოს წინაშე დეტალური და თანმიმდევრული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა დაემართა თითოეულ მათგანს (შედარებისთვის Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others, ციტირებული ზემოთ, § 101). მეშვიდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა და მომჩივნებმა როგორც ჩანს არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის შეწყვეტის შესახებ. ეროვნულ დონეზე სათანადო გულმოდგინების აშკარა ნაკლებობის გათვალისწინებით (მათ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში არ წარადგინეს საგამოძიებო ორგანოებში შეტანილი არცერთი საჩივრის ან მოთხოვნის არცერთი ასლი) იმასთან ერთად, რომ არ იქნა წარმოდგენილი სავარაუდო მოპყრობის სიმძიმის შესახებ რაიმე მტკიცებულება, ევროპული სასამართლო მიიჩნევს რომ მათი ბრალდებები დაუსაბუთებელია. და ბოლოს, რაც შეეხება პირველ სისხლის სამართლის საქმეს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალწარმოება უნდა შეწყვეტილიყო იმ მოტივით, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები. მის წინაშე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია გააკეთოს განსხვავებული დასკვნა. ასეთ ვათარებაში, იგი მიიჩნევს, რომ მომჩივნების მიერ შეტანილი სხვადასხვა საჩივრები nos. 1-2 და 11-14 აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პარაგრაფის მნიშვნელობით.
28. და ბოლოს, რაც შეეხება მეოთხე სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო აღნიშნავს, რომ მეექვსე მომჩივნის საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პარაგრაფის მნიშვნელობით და არც დაუშვებელია რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ისინი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების სავარაუდო დარღვევა ცალ-ცალკე ან/და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში29. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Begheluri and Others ციტირებული ზემოთ, §§ 96-99, 156-60 და 171-73; იხ. აგრეთვე, კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, §§ 114-23, ECHR 2015).
30. ევროპული სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მეექვსე მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, როგორც ეს მითითებულია მის საჩივრებში, რომლებიც წარდგენილი იქნა ეროვნული ხელისუფლების წინაშე და დადასტურებული სამედიცინო მტკიცებულებებით, სადავო იყო. გარდა ამისა, ისინი საკმარისად სერიოზული ხასიათის იყო იმისთვის, რომ მიეღწია სიმძიმის იმ დონესთვის, რომელიც საჭირო რომ ჩაჯდეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. ამდენად, ხელისუფლება ვალდებული იყო ჩაეტარებინა ეფექტური ოფიციალური გამოძიება.
31. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დღემდე განხორციელებული თითოეული საგამოძიებო ღონისძიების არსში ჩაუღრმავებლად, სტრასბურგის სასამართლო უბრალოდ აღნიშნავს, რომ 2009 წლის 17 ივლისს მომხდარ ინციდენტზე სამართალწარმოება, საქმის მასალების მიხედვით, ცამეტზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავრობამ სასამართლოს წინაშე არ წარადგინა რაიმე განმარტება სამართალწარმოების ასეთი ხანგრძლივობის შესახებ. მთავრობა აღნიშნავს რა დისკრიმინაციული ძალადობის ისტორიის შესახებ რომლის გადატანაც მოუხდათ იეჰოვას მოწმეებს მოპასუხე სახელმწიფოში (იხ. Begheluri and Others, §§ 100-46, ციტირებული ზემოთ) და მომჩივნის თანმიმდევრული ბრალდებების გათვალისწინებით - რომ პოლიციის ოფიცერს იგი სამიზნეში ყავდა ამოღებული მისი რწმენის გამო - შეიძლება გონივრულად მოსალოდნელი იყოს, რომ ხელისუფლება ჩაატარებდა სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოავლენდა შესაძლო დისკრიმინაციულ მოტივს რელიგიის საფუძველზე თავდასხმის უკან. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დისკრიმინაციული ძალადობის სავარაუდო ინციდენტის ეფექტიანად გამოძიების ვალდებულება. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი.
32. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შემდგომი აღნიშვნისას, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტებიდან გამომდინარე მას არ შეუძლია რაიმე დასკვნამდე მივიდეს იმის შესახებ, მიეკუთვნებოდა თუ არა თავდასხმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს (იხ. Çelik v. Turkey (no. 2), no. 39326/02, § 33, 27 May 2010). შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
33. რაც შეეხება დანარჩენ საჩივრებს კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო, საქმის ფაქტებისა და კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის საფუძველზე მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მან განიხილა წინამდებარე საჩივარში დასმული ძირითადი სამართლებრივი საკითხი და რომ არ არის საჭირო დარჩენილი საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მნიშვნელობის შესახებ ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა (იხ. Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014, სხვა მითითებებთან ერთად).
კონვენციის 41- მუხლი
34. მომჩივნებმა, თითოეულმა, მოითხოვა 1,500 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 9,000 ევრო ეროვნული სასამართლოებისა და ევროპული სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის;
35. მთავრობამ გააპროტესტა ეს მოთხოვნები;
36. Ne ultra petite პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მეექვსე მომჩივანს ანიჭებს 1,500 ევროს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს;
37. მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაც შეეხება ხარჯებსა და დანახარჯებს, სარჩელის ეს ნაწილი უარყოფილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
დასაშვებად აცხადებს მეექვსე მომჩივნის მიერ შეტანილ საჩივრებს, ხოლო საჩივრის დარჩენილ ნაწილს დაუშვებლად;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, მეექვსე მომჩივანთან მიმართებით;ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე საჩივრების არსებითი განხილვის აუცილებლობა;ადგენს(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მეექვსე მომჩივანს სამი თვის განმავლობაში 1,500 ევრო (ათას ხუთასი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით;
(ბ) რომ აღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხაზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში დამატებით სამი პროცენტული პუნქტი;
უარყოფს მომჩივანთა დანარჩენ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.