Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N169
2013 წლის დეკემბერი
უნგვარი და შპს იროდალომი უნგრეთის წინააღმდეგ (Ungvari and Irodalom Kft. v. Hungary)
(საჩივარი- 64520/10)
გადაწყვეტილება, 3 დეკემბერი, 2013 (მე-2 სექცია)
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი
გამოხატვის თავისუფლება
ისტორიკოსისა და გამომცემლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმის გამო, რომ ისინი ამტკიცებდნენ საჯარო მოხელის თანამშრომლობას კომუნისტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან: დარღვევა
ფაქტები – 2007 წელს, ლიტერატურულმა და პოლიტიკურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა, რომელსაც ფლობდა შპს იროდალომი (მეორე მომჩივანი) გამოაქვეყნა ისტორიკოსის, ბ-ნი უნგვარის (პირველი მომჩივანი) კვლევა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, კომუნისტების პერიოდში, იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური საკონტაქტო პირი, წერდა მოხსენებებს სამსახურის შესახებ და მხარს უჭერდა მკაცრ პოლიტიკას. მოსამართლემ სარჩელი შეიტანა მეორე მომჩივნის წინააღმდეგ რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაბეჭდა გამოსასწორებელი სტატია. თუმცა, პირველი მომჩივანი იმეორებდა მის ბრალდებებს ინტერვიუებში და წიგნში, რომლის თანაავტორიც თავად იყო.
მოსამართლემ, ცილისწამებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ორივე მომჩივნის წინააღმდეგ, რის შემდეგაც 2010 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მომჩივანს ერთობლივად და ცალცალკე დაეკისრათ ჯამში 7 000 ევროს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ხოლო პირველ მომჩივანს დამატებით დაეკისრა 3 500 ევროს გადახდის ვალდებულება.
სამართალი - მუხლი 10: მომჩივანთა უფლებებში ჩარევა დადგენილი იყო კანონით და ემსახურებოდა მოსამართლის რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. სტრასბურგის სასამართლომ შემდეგ განიხილა, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
(ა) პირველ მომჩივანთან დაკავშირებით - უზენაესმა სასამართლომ არ შეაფასა ბრალდებების გავლენა მოსამართლის პიროვნულ უფლებებზე პრესის როლთან მიმართებით და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 1980-იან წლებში სტუდენტური სამშვიდობო მოძრაობის წინააღმდეგ მის ჩართულობასთან დაკავშირებით მრავალი ბრალდება დადასტურდა. უდავოა, რომ მოსამართლეს ეკისრებოდა ადგილობრივი პასუხისმგებლობა კომუნისტურ პარტიაში და როგორც პარტიის მდივანი ამზადებდა მოხსენებებს დიალოგის საქმესთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ გაიაზრა, რომ ეს საქმიანობა შედიოდა მის საქმიანობაში პარტიის შიგნით და ამას კავშირი არ ჰქონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზნებთან. სადავო განცხადებების ამგვარი შერჩევითი განმარტება, რის შედეგადაც მტკიცების ტვირთი დაეკისრა პირველ მომჩივანს, ნაკლებად შეესაბამებოდა მოცემულ საქმეში გამოსაყენებელ „ყველაზე ფრთხილი შემოწმების“ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, პირველი მომჩივნის განცხადებები ეხებოდა უნგრეთის უახლეს ისტორიას და ცდილობდა ფარდა აეხადა საიდუმლო სამსახურის საქმიანობისათვის, კერძოდ, საზოგადოების და პარტიის წევრების მიმართ დამოკიდებულებისთვის. კომუნისტურ რეჟიმთან დაკავშრებული სხვადასხვა საკითხები კვლავ აქტუალური იყო მკვლევარებსა და ზოგადად საზოგადოებაში ისევე, როგორც პარლამენტში. პუბლიკაციას საფუძვლად დაედო პირველი მომჩივნის, ცნობილი ისტორიკოსის კვლევა, რომელიც დაეყრდნო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიულ არქივში არსებულ მასალას. შესაბამისად, აღნიშნული მასალა საჭიროებდა ინტენსიურ დაცვას, რომელიც გარანტირებული იქნებოდა პოლიტიკური დისკუსიის დროს და პრესისთვის, თუმცა ეს მსჯელობა არ იყო წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირების პატიოსნება იყო საჯარო განხილვის საგანი დემოკრატიულ საზოგადოებაში. პუბლიკაცია არ ეხებოდა მოსამართლის პირად ცხოვრებას, არამედ შეეხებოდა მის საჯარო ქცევის საკითხს, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდებოდა 2007-2008 წლებში მისი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის პოზიციას.
თუმცა, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ წინა რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურთან მოსამართლე თანამშრომლობდა როგორც „ოფიციალური საკონტაქტო პირი“, აღნიშნული კრიტიკა შემოიფარგლებოდა მხოლოდ 1980-იან წლებში მისი კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირის როლით და აქცენტი არ იყო გაკეთებული მის დღევანდელ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, პროფესიულ საქმიანობაზე. მოსამართლეს არ დაუმალავს საკუთარი წარსული კომუნისტურ პარტიაში და როგორც საჯარო ფიგურას გააჩნდა კრიტიკის მეტი თმენის ვალდებულება პირველი მომჩივნისგან, რომელიც მოქმედებდა როგორც ისტორიკოსი.
სადავო სტატია წარმოაჩენდა მეცნიერულ პოზიციას და მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა გამოიყენა გადაჭარბებული ლექსიკა, ის არ იყო სენსაციური ხასიათის. მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა კომენტარი გაეკეთებინა ბრალდებებზე ასევე, გაზეთში გამოქვეყნდა გამოსასწორებელი წერილი. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე და არავითარი მითითება არ ყოფილა იმისა, რომ მის პროფესიულ საქმიანობას მოყოლოდა უარყოფითი შედეგი.
პირველ მომჩივანს, სამოქალაქო სამართალწარმოების ჭრილში, დაეკისრა მნიშვნელოვანი თანხის გადახდა ზიანის და სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა მის, როგორც ისტორიკოსის, პროფესიულ სანდოობაზე და ამას შესაძლოა ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი. ვინაიდან, ფაქტებზე განცხადებების გამოსწორების ბრძანება უკვე გაცემული იყო, შემდგომი სანქციები აღარ იყო მკაცრად აუცილებელი.
შესაბამისად, ეროვნულ სასამართლოებს დამაჯერებლად არ დაუდგენიათ სათანადო ბალანსი საჯარო ფიგურის პიროვნულ უფლებებსა და პირველი მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებას შორის და საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც უფლებაში ჩარევის საკმარისი და შესაბამისი გამამართლებელი გარემოება.
დასკვნა: დარღევა (ოთხი ხმა სამის წინააღმდეგ).
(ბ) მეორე მომჩივანთან დაკავშირებით - კონკურენტულ უფლებებს შორის სათანადო ბალანსის არარსებობის შესახებ დასკვნები ასევე, მიესადაგა მეორე მომჩივანს, მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებული სანქცია არ ყოფილა არსებითად განხილვის საგანი. მეორე მომჩივანმა, საკუთარ ყოველკვირეულ გამოცემაში გამოაქვეყნა მოსამართლის პოზიცია პირველი მომჩივნის განცხადებებზე, რამაც მკითხველს საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მოსაზრებები.
გამომცემელთა მოტივაცია მომგებიანობის თვალსაზრისით გასაგებია და საგამომცემლო პროცესის დროს პუბლიკაციებისთვის მათზე პასიხისმგებლობის დაკისრება ხშირად იწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ პრესამ შეძლოს „მოდარაჯის“ ფუნქციის განხორციელება მნიშვნელოვანია, რომ გამომცემელთა პუბლიკაციებზე პასუხისმგებლობის სტანდარტები იყოს ისეთი, რომ არ წაახალისოს გამომცემლების მიერ პუბლიკაციების ცენზურა. პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გამყინავი ეფექტის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო სათანადო დაცვის სტანდარტის დადგენისას.
ვინაიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების არქივებზე წვდომა აკრძალული იყო, ინფორმაცია რომელიც ბრალდებას დაედო საფუძვლად, დიდი ალბათობით, ვერ გადამოწმდებოდა. გარდა ამისა, რადგან არქივების გამოყენებას განსაკუთრებული პროფესიული ცოდნა სჭირდებოდა, მეორე მომჩივნისთვის არ არსებობდა მიზეზი ეჭვქვეშ დაეყენებინა ისტორიკოსის მიერ დაწერილი სტატიის სიზუსტე, რომელიც სპეციალიზირდება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. ამრიგად, მეორე მომჩივანი მოქმედებდა ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები