დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 165
ივლისი 2013
ÜrfiÇetinkaya v. Turkey - 19866/04
გადაწყვეტილება 23.7.2013 [II სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულებები
ქვედა კიდურებით პარალიზებული პატიმრის ხანგრძლივი პატიმრობა: დაუშვებლად იქნა ცნობილი
ფაქტები – მომჩივანს აწუხებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებით გამოწვეული ძალიან მძიმე პრობლემები. იგი პარალიზებულია ქვედა კიდურებით და ვერ აკონტროლებს გამოყოფის ფუნქციებს, რის გამოც მუდამ უწევს კათეტერისა და პაკეტის ტარება. 2003 წლის ნოემბერში იგი მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში ნარკოტრაფიკის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით. 2007 წლის აპრილში მას, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრს, მიესაჯა ჰეროინით ვაჭრობისათვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ასევე წაეყენა ბრალდებები სხვა სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების ფარგლებში. მომჩივნის ადვოკატმა რამდენჯერმე შეიტანა მისი კლიენტის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელი იყო პატიმრობასთან. 2001 წელს, ციხეში მანამდე ყოფნისას, იგი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მიზეზების გამო სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სადაც რეკომენდირებული იყო მისი ერთი წლით გათავისუფლება.
სამართალი – მუხლი 3: რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მომჩივანი შესაფერისი საიმისოდ, რომ მოეხადა სასჯელი, მისი პატიმრობის დროს მის არც ერთ მკურნალ ექიმს არ მიუჩნევია, რომ ის უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში და არ გამოუთქვამს აზრი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელი იყო პატიმრობასთან. გარდა ამისა, მომჩივანი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ ციხის გარემო ხელს უწყობდა პოტენციურად ლეტალური ინფექციების გავრცელებას. უფრო მეტიც, მომჩივნის სამედიცინო ისტორიის მასალებში არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა პატიმრობის განმავლობაში. შედეგად, მისი სიტუაცია არ წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლიანად შეუთავსებელი იყო ხანგრძლივ პატიმრობასთან.
რაც შეეხება მომჩივნისათვის უზრუნველყოფილ სამედიცინო დახმარების ხარისხს, იგი მკურნალობდა ექიმთა ზედამხედველობის ქვეშ, რასაც ახორციელებდა სპეციალური პერსონალი. მას რეგულარულად უტარდებოდა გამოკვლევა და მკურნალობდნენ ან ციხის სამედიცინო პუნქტში, ანდა სახელმწიფო საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებებში. გარდა ამისა, იგი იღებდა მკურნალობას არა მარტო უნარშეზღუდულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისთვისაც. მისი მკურნალობა ტარდებოდა საექიმო რეცეპტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იყო მისთვის გამოწერილი სამედიცინო საშუალებებითა და ტკივილგამაყუჩებლებით.
რაც შეეხება ციხის გარემოს შესაბამისობას მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პატიმრობის პირობები მთლიანობაში კრიტიკას არ იმსახურებდა. ასევე, იგი უზრუნველყოფილი იყო სპეციალური საშუალებებით, ექიმების რეცეპტების საფუძველზე. დააყენეს პარალელური მეტალის ძელაკები , რათა მას შეძლებოდა ვარჯიში, მისი საბნები კი იცვლებოდა. გარდა ამისა, მის საკანში ტარდებოდა სამუშაოები, რათა საპატიმროში მისი ყოველდღიური ცხოვრება გაეადვილებინათ. საკნის, ტუალეტისა და სავარჯიშო ეზოში გამავალი კარები ყველა გაფართოებული იყო, რათა მომჩივანს გასვლა ადვილად შესძლებოდა. შესაბამისად, მას შეეძლო მოძრაობა და საკნის დატოვება დახმარების გარეშე. გარდა ამისა, დამონტაჟდა დასავლური ტიპის ტუალეტები. და ბოლოს, თუმცა მომჩივანს რამდენიმე თანამოსაკნე დახმარებას უწევდა ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში, ამ დრომდე მას არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება დახმარების ნაკლებობის გამო ან არ უმტკიცებია, რომ გაწეული დახმარება იყო არაადეკვატური, არც იმის ნებართვა უთხოვია ციხის უფროსებისგან, რომ ჰყოლოდა მზრუნველი.
შესაბამისად, ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაეცვათ პატიმრის ფიზიკური კეთილდღეობა, კონკრეტულად, უზრუნველყვეს იგი სათანადო სამედიცინო დახმარებით. გარდა ამისა, თურქეთის კანონმდებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ ზომები, თუკი მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა. კონკრეტულად, მომჩივანს შეეძლო მიემართა ჯანმრთელობის მიზეზების გამო გათავისუფლების თაობაზე სასჯელებისა და პრევენციული ზომების აღსრულების შესახებ კანონის მე-16 და 116-ე მუხლების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, no. 2006/10218 რეგულაციის 186-ე მუხლის შინაარსის მიუხედავად, სტამბულის ასიზთა სასამართლოს მიდგომა იყო ისეთი, რომ ზემოხსენებული კანონის ნორმებს იყენებდა აღნიშნული რეგულაციის გაუთვალისწინებლად, რითაც ჯანმრთელობის მიზეზების გამო გათავისუფლების შესაძლებლობას ავრცელებდა ყველა კატეგორიის პატიმარზე, რომელთა მსჯავრდება საბოლოო გახდა საკასაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების შემდეგ.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
სასამართლომ ასევე დაადგინა 5 § 3 და 6 § 2 მუხლების დარღვევა.
მუხლი 41: EUR 10,000 მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა..
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy