© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N 29381/09 და N 32684/09)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
7 ნოემბერი 2013
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის გადასინჯვას.
საქმეზე ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, თავმჯდომარე
იოსებ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიჯერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრე,
პიერ ლორენსენი,
დანუტე იოჩიენე,
მირიანა ლაზაროვნა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ანჟელიკა ნიუსბერგერი,
იულია ლაფრანკი,
პაულო პინტო ალბუკერკე,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
ერიკ მუსე,
ანდრე პოტოცკი,
ალეს პეჟჩალი, მოსამართლეები
და მაიკლ ო’ბოილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე
2013 წლის 16 იანვარს და 11 სექტემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,
მითითებულთაგან ბოლო დღეს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველია ორი საჩივარი (№29381/09 და №32684/09) ჰელენიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2009 წლის 6 და 25 მაისს, მიმართეს. პირველი საჩივრით (№29381/09) სასამართლოს მიმართა საბერძნეთის ორმა მოქალაქემ ბ-ნმა გრიგორის ვალიანატოსმა და ბ-ნმა ნიკოლაოს მილონასმა, დაბადებულები 1956 და 1958 წლებში. მეორე საჩივრით (№32684/09) სასამართლოს მიმართა საბერძნეთის ექვსმა მოქალაქემ: ს.ს., ი.დ., კ.ტ., მ.პ., ა.ჰ. და დ.ნ., ასევე ათენში მდებარე იურიდიულმა პირმა- „სინტეზმა“ (Synthessi), საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლებისა და კვლევების ასოციაცია.
2. საჩივარში №29381/09 მომჩივნებს წარმოადგენდა გლიკანერაში (ათენი) მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია- საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორი (Greek Helsinki Monitor). საჩივარში № 32684/09 მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ-ნი ნ. ალივიზატოსი და ბ-ნი ე.მალიოსი, იურისტები, რომლებიც საქმიანობას ათენში ახორციელებენ. საბერძნეთის მთავრობის („მთავრობა“) ინტერესებს იცავდა, სახელმწიფო წარმომადგენლის მოადგილეები, ქ-ნი ა.გრიგორიუ და ქ-ნი გ. პაპადაკი- სახელმწიფოს იურიდიული საბჭოს მრჩევლები და ბ-ნი დ.კალოგიროსი, სახელმწიფოს იურიდიული საბჭოს იურისტის თანაშემწე.
3. მომჩივნები კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით მე-14 მუხლთან მიმართებით აცხადებდნენ, რომ №719/2008 კანონით დამკვიდრებული ცნება „სამოქალაქო კავშირები“, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სქესის ზრდასრული პირებისგან შემდგარ წყვილებს მოიცავდა, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევას და გაუმართლებელ დისკრიმინაციას წარმოადგენდა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთაგან და ერთიდაიმავე სქესის წარმომადგენელთან შემდგარ წყვილებს შორის, ამ უკანასკნელის საზიანოდ.
4. საჩივრები განსახილველად სასამართლოს პირველ სექციას გადაეცა (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52 § 1). 2011 წლის 3 თებერვალს აღნიშნულმა სექციამ გადაწყვიტა საჩივრის შესახებ მთავრობისთვის ეცნობებინა. სასამართლომ ასევე საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა გადაწყვიტა (კონვენციის მუხლი 29 § 1). და ბოლოს, პალატის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა საჩივარში № 32684/09 პირველი 6 მომჩივნის მოთხოვნა ანონიმურობაზე (მუხლი 47 § 3).
5. 2012 წლის 11 სექტემბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნინა ვაჯიჩი, პიერ ლორენსენი, ელიზაბეტ შტაინერი, მირიანა ლაზაროვნა ტრაიკოვსკა, იულია ლაფრანკე, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი და ერიკ მუსე, მოსამართლეები და სორენ ნილსენი, სექციის განმწესრიგებელი თავისი იურისდიქცია დიდ პალატას დაუთმო. არცერთი მხარე არ იყო ამის წინააღმდეგი (კონვენციის მუხლი 30 და რეგლამენტის მუხლი 72). დიდი პალატის შემადგენლობა კონვენციის მუხლი 26 § 4 და § 5 და რეგლამენტის 24–ე მუხლების თანახმად განისაზღვრა.
6. მომჩივნებმა და მთავრობამ წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ (მუხლი 59 § 1). ამას გარდა, წარმოდგენილი იქნა მესამე მხარის კომენტარები ევროპაში ინდივიდუალურ უფლებებზე კონსულტაციების ცენტრისგან ( the Centre for Advice on Individual Rights in Europe (the AIRE Centre)), იურისტთა საერთაშორისო კომისიისგან (the International Commission of Jurists (ICJ)), Fédérationinternationale des Ligues des Droits de l’Homme (FIDH) და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექს საერთაშორისო ასოციაციის ევროპული რეგიონული ქსელისგან (the European Region of the International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (ILGA-Europe)), რომელთაც თავმჯდომარის ნებართვით უფლება მიეცათ საქმეში წერილობით ჩართულიყვნენ (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 3).
7. საქმის ზეპირი მოსმენა 2013 წლის 16 იანვარს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასახლეში გაიმართა (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ქ–ნი ა. გრიგორიუ, მრჩეველი, სახელმწიფო იურიდიული საბჭო,
ბ–ნი დ. კალოგირის, იურისტის თანაშემწე, სახელმწიფო იურიდიული საბჭო,
ქ–ნი მ. გერმანი, იურისტის თანაშემწე, სახელმწიფო იურიდიული საბჭო,
სახელმწიფო წარმომადგენლის მოადგილეები;
(ბ) მომჩივნების სახელით:
ქ–ნი ც. მეკარი, იურისტი
ბ–ნი ნ.ალივიზატოსი, იურისტი იურისტი,
ბ-ნი პ.დიმიტრასი,
ბ-ნი ე.მალიოსი, იურისტი, მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი გერმანის, ქ–ნი მეკარის და ბ–ნი ალივიზატოსის მიმართვები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. საჩივარში N 29381/09 მომჩივნები ცხოვრობენ ერთად, როგორც წყვილი ათენში. საჩივარში N 32684/09, პირველი და მეორე მომჩივანი და მესამე და მეოთხე მომჩივანი წყვილად ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში ათენში. მეხუთე და მეექვსე მომჩივნები ურთიერთობაში არიან, თუმცა პროფესიული და სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე არ ცხოვრობენ ერთად. მათი საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მეექვსე მომჩივანი იხდის მეხუთე მომჩივნის სოციალური დაზღვევის შენატანს. მეშვიდე მომჩივანი არის არაკომერციული ასოციაცია რომლის ერთ–ერთი მიზანია გეებისა და ლესბოსელებისთვის ფსიქოლოგიური და მორალური დახმარების გაწევა.
9. 2008 წლის 26 ნოემბერს ძალაში შევიდა # 3719/2008 კანონი სახელწოდებით „ ოჯახთან, ბავშვებთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული რეფორმები“. საბერძნეთში პირველად მიიღეს ნორმა, რომლითაც აღიარებულ იქნა ქორწინების გარდა პარტნიორობის სხვა ოფიციალური ფორმა, „სამოქალაქო კავშირების“ (σύμφωνοσυμβίωσης) სახით. კანონის პირველი მუხლის თანახმად, ასეთი კავშირების შექმნა მხოლოდ სხვადასხვა სქესის ზრდასრულ პირებს შეეძლოთ.
10. # 3719/2008 კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამოქალაქო კავშირების ცნების დამკვიდრება სოციალურ რეალობას ასახავდა, კერძოდ, ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას და ის შესაბამის პირებს ურთიერთობების რეგისტრაციის საშუალებას აძლევდა, ქორწინებასთან შედარებით უფრო მოქნილ იურიდიულ ჩარჩოებში. განმარტებითი ბარათის თანახმად, საბერძნეთში დაუქორწინებელი წყვილებისგან, რომლებიც დე ფაქტო თანაცხოვრებას ეწევიან, დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა და იმ დროისათვის ქვეყანაში დაბადებული ბავშვების 5 %–ს შეადგენდა. ბარათში აღნიშნული იყო, რომ ქალთა მდგომარეობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრების შემდეგ ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებოდნენ და ზოგადად მარტოხელა მშობლის ფენომენი, იყო ის მთავარი საკითხები, რაც საკანონმდებლო წესით დარეგულირებას საჭიროებდა. ამასთანავე, განმარტებით ბარათში ხაზგასმული იყო, რომ რელიგიური ქორწინება სამოქალაქო ქორწინებასთან ერთად წარმოადგენდა საუკეთესო არჩევანს იმ წყვილებისთვის, რომელთაც სურდათ შეექმნათ ოჯახი იურიდიული, ფინანსური და სოციალური დაცვის მაქსიმუმი გარანტიებით. განმარტებითი ბარათი ასევე ეხმიანებოდა კონვენციის მე–8 მუხლს, რომელიც ქორწინების გარეშე კავშირებს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების ქვეშ მოიაზრებდა და მიუთითებდა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სამართლებრივად აღიარებული იყო როგორც სხვადასხვა სქესის, ასევე ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის პარტნიორობის რეგისტრაციის გარკვეული ფორმები. აღნიშნულ საკითხზე შემდგომი მსჯელობის გარეშე, განმარტებითი ბარათი მიუთითებდა, რომ სამოქალაქო კავშირების ცნება სხვადასხვა სქესის ზრადსრულ პირებს მოიაზრებდა. დასკვნის სახით აღნიშნული იყო, რომ სამოქალაქო კავშირი წარმოადგენდა პარტნიორობის ახალ ფორმას და არა „მოქნილ ქორწინებას“. განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო რომ ახალი კანონი ვერ შეასუსტებდა ქორწინების ინტიტუტს, ვინაიდან ის სხვა ნორმებით რეგულირდებოდა.
11. # 3719/2008 კანონის იმპლემენტაციას ცხარე დებატები უძღოდა. საბეძნეთის ეკლესია კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. 2008 წლის 17 მარტს წმინდა სინოდის მიერ გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში ის სამოქალაქო კავშირებს „პროსტიტუციას“ ადარებდა. პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა შემდეგნაირად მიმართა პარლამენტის შესაბამის კომისიას:
„ . . . ჩვენ გვჯერა, რომ აქ უნდა გავჩერდეთ. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელი წყვილები არ უნდა მოიაზრებოდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ბერძნული საზოგადოების მოთხოვნებით გამართლებული არ არის აღნიშნულ ზღვარს იქით წასვლა. სამართალშემოქმედების განხორციელების დროს, მმართველი პოლიტიკური პარტია ანგარიშვალდებულია საბერძნეთის ხალხის წინაშე. მას გააჩნია საკუთარი მრწამსი და განიხილა აღნიშნული საკითხი; მჯერა, რომ ეს არის გზა მომავლისკენ“.
12. ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია, კანონპროექტთან დაკავშირებით წარდგენილ 2008 წლის 14 ივლისის მოსაზრებებში, ოჯახური ცხოვრების ცნებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად მისი შინაარსი არ იყო სტატიკური, არამედ სოციალური ჩვევების შესაბამისად ვითარდებოდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 21–24).
13. 2008 წლის 4 ნოემბერს სამეცნიერო საბჭომ (ΕπιστημονικόΣυμβούλιο), რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა, კანონპროექტზე დასკვნა მოამზადა. დასკვნაში, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, აღნიშნული იყო, რომ სექსუალური ორიენტაციის დაცვა კონვენციის მე–14 მუხლით დაცულ სფეროში ხვდებოდა და რომ „ოჯახის“ ცნება ინდივიდთა შორის მხოლოდ ქორწინების ინსტიტუტის ფარგლებში დამყარებული ურთიერთობებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ, შესაძლოა მოეცვა ქორწინების გარეთ არსებული კავშირები, რომლებიც დე–ფაქტო ოჯახურ ცხოვრებას უტოლდებოდა (დასკვნა, გვერდი 2).
14. სამოქალაქო კავშირების საკითხზე 2008 წლის 11 ნოემბერს გამართული საპარლამენტო დებატების დროს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ „ დღევანდელი საზოგადოება არ იყო მზად ეღიარებინა ერთსქესიან წყვილთა თანაცხოვრება“. რამდენიმე გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ერთსქესიან წყვილთა გამორიცხვით საბერძნეთი დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს დაარღვევდა, კერძოდ, კონვენციის მე–8 და მე–14 მუხლებს.
15. 2010 წლის 27 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ იუსტიციის მინისტრს მიწერა, სადაც გაიმეორა მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია # 3719/2008 კანონის დისკრიმინაციული ხასიათის შესახებ. თავის წერილში, კომისია იძლეოდა რეკომენდაციას, რომ კანონი გაფართოებულიყო იმგვარად, რომ სამოქალაქო კავშირების ცნებას ასევე ერთსქესიანი წყვილები მოეცვა.
II. რელევანტური შიდა და საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
. . .
სამართალი
. . .
II. კონვენციის მე–14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე–8 მუხლთან მიმართებით
36. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ №719/2008 კანონით დამკვიდრებული ცნება „სამოქალაქო კავშირები“, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სქესის ზრდასრულებისგან შემდგარ წყვილებს მოიცავდა, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევას და გაუმართლებელ დისკრიმინაციას წარმოადგენდა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთაგან და ერთიდაიმავე სქესის წარმომადგენელთან შემდგარ წყვილებს შორის, ამ უკანასკნელის საზიანოდ. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-14 მუხლს მე-8 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული მუხლები შემდეგნაირად იკითხება:
მუხლი 14
„ ამ კონვენციით გაცხადებულ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“.
მუხლი 8
“1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება [და], საცხოვრისი . . .დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”
ა. დასაშვებობა
. . .
ბ. საქმის არსებითი მხარე
მხარეთა მოსაზრებები
(ა) მომჩივნები
60. მომჩივნები მიუთითებდნენ გადაწყვეტილებაზე საქმეში Schalk and Kopf v. Austria (no. 30141/04, ECHR 2010), სადაც სასამართლომ აღიარა, რომ ურთიერთობა ერთსქესიან წყვილებს შორის, რომლებიც სტაბილურად ეწევიან დე–ფაქტო თანაცხოვრებას, „ოჯახური ცხოვრების“ ცნების ქვეშ ექცევა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხზე არ იყო ერთგვაროვანი, მაინც არსებობდა ერთსქესიან წყვილთა სამართლებრივად აღიარების ტენდენცია. მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ მათი ინფორმაციით საბერძნეთი იყო ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც დააკანონა ქორწინების ალტერნატივა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა წყვილთათვის. სხვა სიტყვებით, საბერძნეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო სამოქალაქო პარტნიორობის ერთ–ერთი ფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ამავე კანონმდებლობით გამორიცხა ერთსქესიანი წყვილები მისი მოქმედების სფეროდან. შესაბამისად, ამ კუთხით საბერძნეთი რადიკალურად ემიჯნება და ცალსახად არ უწყობს ფეხს ევროპულ ქვეყნებში არსებულ რეგულაციას. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ტრადიციული ჰეტეროსექსუალური ოჯახური კავშირების შენარჩუნების სურვილი არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან მიზანს ერთსქესიანი წყვილების განსხვავებულად მოპყრობის გასამართლებლად. ბერძნულ საზოგადოებაში ლესბოსელთა და გეების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, მოპასუხე სახელმწიფომ გააძლიერა აღნიშნული დამოკიდებულება # 3719/2008 კანონის მიღებით, როდესაც ერთსქესიანი წყვილები მისი მოქმედების სფეროდან ამორიცხა. მომჩივნების აზრით, მოცემული კანონი ჰომოსექსუალიზმს მორალური განკიცხვის საგნად აქცევდა, ვინაიდან აწესებდა გაუმართლებელ, თუ არა მტრულ, შეზღუდვას ერთსქესიან წყვილთა მიმართ. ერთსქესიან წყვილთა ამორიცხვით # 3719/2008 კანონის მოქმედების სფეროდან, რომლითაც აღიარებულ იქნა ქორწინების გარდა, ოჯახური ცხოვრების სხვა ფორმალური საფუძველიც, კანონმდებელმა აშკარა უპატივცემულობა გამოხატა მათ მიმართ.
61. და ბოლოს, მომჩივნები არ იზიარებდნენ მთავრობის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის მიზანს დე–ფაქტო თანამცხოვრები სხვადასხვა სქესის წყვილებისგან დაბადებული ბავშვების დაცვა წარმოადგენდა. მომჩივნების აზრით, ცხადი იყო რომ კანონმდებლობა მიზნად ისახავდა იმ წყვილების მდგომარეობის მოწესრიგებას, რომლებთაც არ სურდათ დაქორწინება, მიუხედავად იმისა, ყავდათ თუ სურდათ, რომ მომავალში ყოლოდათ ბავშვები. შესაბამისად, მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ მათ გამორიცხვას კანონის მოქმედების სფეროდან არ გააჩნდა რაიმე ობიექტური და გამამართლებელი მიზანი და ამიტომ ის დისკრიმინაციული იყო.
(ბ) მთავრობა
62. მთავრობამ აღნიშნა # 3719/2008 კანონის მიზნებთან დაკავშირებით, რომ კანონი სამოქალაქო კავშირების შესახებ განხილული უნდა ყოფილიყო როგორც დებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მშობლებს საშუალებას აძლევდა აღეზარდათ თავიანთი ბიოლოგიური შვილები ისე, რომ მამას ქორწინების გარეშეც ჰქონოდა მშობლის პასუხისმგებლობის თანაბარი წილი. შესაბამისად, სამოქალაქო კავშირები გულისხმობდა, რომ როდესაც ქალი დაორსულდებოდა, წყვილებს აღარ მოუწევდათ დაქორწინება იმის შიშით, რომ მათ არ ექნებოდათ სამართლებრივი ურთიერთობები საკუთარ შვილთან, ვინაიდან ბავშვი ქორწინების გარეთ დაბადებულად ჩაითვლებოდა. შესაბამისად, სამოქალაქო კავშირების დამკვიდრებით ბერძენმა კანონმდებელმა აჩვენა, რომ ის აზროვნებით ტრადიციულია და ამავე დროს თანამედროვეც. # 3719/2008 კანონის მიღებით, კანონმდებლის მიზანი იყო ქორწინებისა და ოჯახის ტრადიციული ინსტიტუტების გაძლიერება, ვინაიდან ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება აღარ დაეფუძნებოდა მომავალში ბავშვის ყოლის ფაქტს და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სხვადასხვა სქესის ორი ინდივიდის მიერ, ზეგავლენის მქონე ფაქტორების გარეშე აღებული ორმხრივი ვალდებულებები იქნებოდა .
63. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ # 3719/2008 კანონი მიზნად ისახავდა არსებული სოციალური ფენომენის მოწესრიგებას, როგორიც იყო სხვადასხვა სქესის დაუქორწინებელი წყვილები, რომელთაც ყავდათ შვილები. ამ კუთხით ბერძნული კანონი განსხვავდებოდა სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედი სამოქალაქო კავშირების მომწესრიგებელი კანონმდებლობებისგან. ბერძენმა კანონმდებლებმა კანონის განმარტებით ბარათში ღიად დააფიქსირეს, რომ კანონის მიზანი არ იყო დე-ფაქტო პარტნიორობის ყველა ფორმის დარეგულირება, არამედ მისი მიზანი იყო ასეთი პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა სქესის წყვილთაგან დაბადებული ბავშვების უფლებების დაცვა, ისევე როგორც მშობელთა დაცვა, რომელთაც არ სურდათ დაქორწინება. მთავრობის აზრით, კანონის სტრუქტურა და მისი ნორმების შინაარსი აღნიშნულის ასახვას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, სამოქალაქო კავშირების გავრცელება ერთსქესიან წყვილებზე დამოუკიდებელი ნორმებით დარეგულირებას საჭიროებდა, რომელიც მოაწესრიგებდა სხვადასხვა სქესის წყვილების ანალოგიურ და არა მსგავს მდგომარეობას.
64. მთავრობამ განაცხადა, რომ # 3719/2008 კანონის მიღებამდე, ეროვნული კანონმდებლობა შეზღუდულად აღიარებდა სხვადასხვა სქესის წყვილებს, რომლებიც ქორწინების გარეთ ეწეოდნენ პარტნიორობას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1444–ე მუხლი შეეხებოდა „დე ფაქტო პარტნიორობას“. აღნიშნული მუხლის თანახმად, განქორწინებული პირები, რომლებიც ხელმეორედ დაქორწინდებოდნენ ან დე–ფაქტო პარტნიორები იყვნენ კარგავდნენ უფლებას ალიმენტზე. დე-ფაქტო პარტნიორობა ასევე ნახსენები იყო სამოქალაქო კოდექსის 1456–ე და 1457–ე მუხლებში, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციას შეეხებოდა. 1456–ე მუხლის თანახმად, თუ ქალი, რომელიც არ იმყოფებოდა ქორწინებაში, მიმართავდა რეპროდუქციის საშუალებებს, კაცს, რომელიც მისი დე ფაქტო პარტნიორი იყო, აღნიშნულზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა უნდა მიეცა. 1457-ე მუხლი განსაზღვრავდა პირობებს, რომლის თანახმად „ ხელოვნური განაყოფიერება [ნებადართული იყო] ქალის მეუღლის სიკვდილის შემდეგ ან იმ კაცის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მისი დე ფაქტო პარტნიორი იყო“.
65. მთავრობის აზრით, # 3719/2008 კანონის პირველი მუხლის შესაბამისობის საკითხის შესწავლისას კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებთან, კერძოდ კი, ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქმის ზოგადი გარემოებები და სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონის თითოეული ნორმა. პირველ რიგში, მთავრობა მოუწოდებდა სასამართლოს ერთმანეთისაგან განესხვავებინა ის მომჩივნები, რომლებიც ეწეოდნენ თანაცხოვრებას და ისინი, რომლებიც არ ეწეოდნენ ასეთ თანაცხოვრებას. პირველ შემთხვევაში მათი საჩივრები უნდა განხილულიყო „ოჯახური ცხოვრებისადმი“ უფლების, ხოლო მეორე შემთხვევაში „პირადი ცხოვრებისადმი“ უფლების კუთხით.
66. მთავრობა სამოქალაქო კავშირებიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების მიმოხილვის შედეგად ასკვნიდა, რომ სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონმდებლობის სფეროდან მომჩივნების ამორიცხვა გავლენას არ ახდენდა მათ საკუთრებასა და პირად სტატუსზე. საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობამ გაიმეორა თავისი არგუმენტები საჩივრის ratione personae იურისდიქციასთან მიმართებით. მთავრობამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კავშირები არ წარმოშობდა ავტომატურ და იურიდიული ძალის მქონე შედეგებს პარტნიორების ქონებრივ სტატუსთან მიმართებით. სოციალური დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით, ერთსქესიანი წყვილები სხვადასხვა სქესიანი წყვილების მსგავს მდგომარეობაში იყვნენ, რომლებთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ კავშირის შექმნა. რაც შეეხებოდა რჩენისა და მემკვიდრეობის საკითხებს, აღნიშნული საკითხების დარეგულირება ერთ სქესიან წყვილებში შესაძლებელი იყო სამოქალაქო კავშირების გარეშეც სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე.
67. მომჩივნების შემთხვევასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა რომ ბიოლოგიური განსხვავება სხვადასხვა სქესის და ერთსქესიან წყვილებს შორის, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ უკანასკნელებს არ შეეძლოთ ყოლოდათ ბიოლოგიური შვილები, ამართლებდა სამოქალაქო კავშირების დამკვიდრებას მხოლოდ სხვადასხვა სქესიანი წყვილების მიმართ. მთავრობა მიუთითებდა # 3719/2008 კანონის მე–9 და მე–10 მუხლებზე, რომელთა თანახმად ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამას უფლება ეძლეოდა დაედგინა მამობა და ჩართულიყო ბავშვის აღზრდაში ბავშვის დედაზე ქორწინების გარეშე. შესაბამისად, მამობის დადგენის ამომწურავ საფუძვლებს მხოლოდ ქორწინება, სასამართლოს მიერ მამობის დადგენა თუ თავად მამის აღიარება აღარ წარმოადგენდა. მთავრობა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონის ძირითად არსს ზემოაღნიშნული მუხლები მოიცავდა და მათი განმარტებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება მხოლოდ სხვადასხვა სქესიან წყვილთა მიმართ იყო შესაძლებელი. აღნიშნული არგუმენტის საფუძველზე, მთავრობა აცხადებდა, რომ წინამდებარე საქმეზე სასამართლოს არ უნდა დაედგინა კონვენციის მე–14 და მე–8 მუხლების დარღვევა. მათი აზრით, ერთსქესიანი წყვილები სხვადასხვა სქესიანი წყვილების მსგავსს მდგომარეობაში არ იყვნენ, ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ყოლოდათ ბიოლოგიური შვილები.
68. მთავრობა დამატებით აცხადებდა, რომ # 3719/2008 კანონის თანახმად სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონმდებლობა განსხვავდებოდა ევროპის საბჭოს წევრი სხვა ქვენების მიერ მიღებული მსგავსი კანონმდებლობისგან. თუ აღნიშნული კანონები ზეგავლენას ახდენდნენ მხარეებს შორის ფინანსურ ურთიერთობებზე, მხოლოდ ბერძნული კანონი ამკვიდრებდა მამობის პრეზუმფციას სამოქალაქო კავშირების კონტექსტში დაბადებული ბავშვების მიმართ. მთავრობა დასკვნის სახით აცხადებდა, რომ # 3719/2008 კანონი ფოკუსირებას ახდენდა პარტნიორებს შორის პირად კავშირებზე და არა მათი ურთიერთობების საკუთრებითი ხასიათის ასპექტებზე.
(გ) მესამე მხარე
69.საქმეში ჩართული მესამე მხარეები (the AIRE Centre, the ICJ, the FIDH and ILGA-Europe –იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 6) სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მიუთითებდნენ, კერძოდ კი, გადაწყვეტილებაზე საქმეში Karner v. Austria (no. 40016/98, ECHR 2003-IX), ასევე ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკაზე, რომელიც მოიცავდა უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, კანადის უზენაესი სასამართლოს, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატისა და ბრაზილიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. აღნიშნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, როდესაც განსხვავების საფუძველს სქესი ან სექსუალური ორიენტაცია წარმოადგენს აღნიშნულის გასამართლებლად სერიოზული საფუძვლებია საჭირო. მესამე მხარეები აღნიშნავდნენ, რომ ეროვნული სასამართლოების თანახმად, რომელთა რაოდენობაც იზრდება როგორც ევროპაში ასევე მის გარეთ, დაუქორწინებელი ერთსქესიანი და სხვადასხვასქესიანი წყვილები მსგავს მოპყრობას საჭიროებს. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებდა კანონმდებლობა, რომელიც ერთსქესიან წყვილებს შორის ურთიერთობებს სამართლებრივად აღიარებდა. მესამე მხარეთა ხელთ არსებული ინფორმაციით, საბერძნეთი უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენდა, ვინაიდან ის იყო ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც შემოიღო სამოქალაქო კავშირების ცნება, რომლის მოქმედების სფეროდან ერთსქესიანი წყვილები გამორიცხა. ხელშემკვრელი სახელმწიფოების რელევანტური კანონმდებლობა ერთსქესიანი წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციის შესახებ ორი სახით არსებობს: (ა) „დანიური მოდელი“, რომელიც ეფუძნება 1989 წლის დანიურ კანონს და რეგისტრაციის შესაძლებლობას მხოლოდ ერთსქესიან წყვილებს ანიჭებს, ვინაიდან სხვადასხვა სქესის წყვილებს აქვთ არჩევანი ქორწინების სახით და (ბ) „ფრანგული მოდელი“, რომლის თანახმად სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლის უფლება აქვს ყველა დაუქორწინებელ წყვილს მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.სასამართლოს შეფასება
(ა) რამდენად გამოიყენება მე–14 მუხლი მე–8 მუხლთან მიმართებით
70. სასამართლომ არაერთი საქმე განიხილა, სადაც მომჩივნები დავობდნენ მათ მიმართ დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, პირადი და ოჯახური ცხოვრების სფეროში. სასამართლომ ამ საქმეების ნაწილი განიხილა მხოლოდ მე–8 მუხლის ქვეშ. ეს საქმეები შეეხებოდა ჰომოსექსუალური ურთიერთობების სისხლის სამართლებრივ აკრძალვას ზრდასრულებს შორის ( იხილეთ Dudgeon v. the United Kingdom, 22 ოქტომბერი 1981, Series A no. 45; Norris v. Ireland, 26 ოქტომბერი 1988, Series A no. 142 და Modinos v. Cyprus, 22 April 1993, Series A no. 259) და შეიარაღებული ძალებიდან ჰომოსექსუალების განთავისუფლებას (იხილეთ Smith and Grady v. the United Kingdom, nos. 33985/96 and 33986/96, ECHR 1999‑VI). სხვა საქმეები კი განხილულ იქნა მე–14 მუხლის ქვეშ მე–8 მუხლთან მიმართებით. ეს საქმეები შეეხებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ განსხვავებულ ასაკს თანხმობის გასაცემად ერთის მხრივ ჰომოსექსუალური კავშირის და მეორეს მხრივ, ჰეტეროსექსუალური კავშირის დამყარების მიზნით (იხილეთ L. and V. v. Austria, nos. 39392/98 and 39829/98, ECHR 2003-I), მშობლის უფლება–მოვალეობების მინიჭებას (იხილეთ Salgueiro da Silva Mouta v. Portugal, no. 33290/96, ECHR 1999-IX), შვილად აყვანის ნებართვას (იხილეთ Fretté v. France, no. 36515/97, ECHR 2002-I; E.B. v. France [GC], no. 43546/02, 22 January 2008; and Gas and Dubois v. France, no. 25951/07, ECHR 2012), მემკვიდრეობის უფლებას გარდაცვლილი პარტნიორის საკუთრებაზე (იხილეთ Karner, ზემოთ მითითებული, and Kozak v. Poland, no. 13102/02, 2 March 2010), უფლება სოციალური დაზღვევის პაკეტზე (იხილეთ P.B. and J.S. v. Austria, no. 18984/02, 22 July 2010), ერთსქესიან წყვილთა წვდომა ქორწინებასა თუ პარტნიორობის სხვა სამართლებრივ ფორმებზე (იხილეთ Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული) და ერთსქესიან წყვილთა გამორიცხვა (იხილეთ X and Others v. Austria [GC], no. 19010/07, 19 February 2013).
71. წინამდებარე საქმეში მომჩივნებმა ჩამოაყალიბეს თავანთი საჩივარი მე–14 მუხლის ქვეშ მე–8 მუხლთან მიმართებით და სახელმწიფოს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი აღნიშნული მუხლების გამოყენებადობასთან დაკავშირებით. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნულ ფორმულირებას გაყვეს (მსგავსი შედეგი იხილეთ საქმეში, Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული, § 88).
72. სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ მე-14 მუხლი არ არის ავტონომიური, არამედ ის მოქმედებს მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით. აღნიშნული მუხლი ავსებს კონვენციისა და მისი ოქმების სხვადასხვა დებულებებს. იგი დამოუკიდებლად არ არსებობს, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ შესაბამისი დებულებებით გარანტირებული “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 მუხლის გამოყენება არ გულისხმობს აღნიშნული დებულებების ავტომატურ დარღვევას– და ამ მხრივ ის დამოუკიდებელია- იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუკი საქმის ფაქტები არ ექცევა კონვენციის ერთი ან მეტი დებულების მოქმედების სფეროში (იხილეთ, სხვა მრავალ წყაროთა შორის, Petrovic v. Austria, 27 March 1998, § 22, Reports 1998‑II; E.B., ზემოთ მითითებული, § 47; Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული, § 89; and X and Others, ზემოთ მითითებული, § 94).
73. სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მომჩივნები სტაბილურ ერთსქესიან წყვილებს წარმოადგენენ. მეტიც, დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ მათი ურთიერთობები ექცევა „პირადი ცხოვრების“ ცნების ქვეშ კონვენციის მე–8 მუხლის გაგებით. სასამართლო ასევე მიუთითებს, გადაწყვეტილებაზე Schalk and Kopf, სადაც სასამართლომ გაითვალისწინა რა სწრაფი ევოლუცია ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივად აღიარების კუთხით მთელ რიგ წევრ სახელმწიფოებში, აღნიშნა შემდეგი „ ხელოვნური იქნება ამტკიცო, რომ მე–8 მუხლის მიზნებისათვის ერთსქესიან წყვილებს არ გააჩნიათ „ოჯახური ცხოვრება“ სხვადასხვა სქესიან წყვილებისგან განსხვავებით“ ( იხილეთ Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული, § 94). აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანთა ურთიერთობები წინამდებარე საქმეში ექცევა „პირადი ცხოვრებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ ცნებების ქვეშ, ისევე როგორც მოექცეოდა სხვადასხვა სქესიან წყვილთა უერთიერთობები მგავს სიტუაციაში. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, მთავრობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ (იხილეთ პარაგრაფი 65 in fine) თუ რატომ უნდა განასხვავოს ერთმანეთისგან ის მომჩივნები,რომლებიც ცხოვრობენ ერთად და ის მომჩივნები, რომლებიც პროფესიული თუ სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე, არ ცხოვრობენ ერთად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 8), ვინაიდან მოცემულ საქმეში ერთად არ ცხოვრების ფაქტი არ ართმევს მოცემულ წყვილებს იმ სტაბილურობას, რომლის საფუძველზეც ისინი ოჯახური ცხოვრების ფარგლებში ექცევიან კონვენციის მე–8 მუხლის გაგებით.
74. სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე–14 მუხლი მე–8 მუხლთან მიმართებით გამოიყენება წინამდებარე საქმეში.
(ბ) მე–14 მუხლთან შესაბამისობა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში საქმის ფარგლები
75. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განსაზღვროს წინამდებარე საქმის ფარგლები. მომჩივნების სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს საბერძნეთის სახელმწიფოს დავალდებულება ეროვნული კანონით რაიმე ფორმით აღიაროს ერთსქესიანთა ურთიერთობები. წინამდებარე საქმეში მომჩივნები ჩივიან, რომ # 3719/2008 კანონით სამოქალაქო კავშირის ცნება ვრცელდება მხოლოდ სხვადასხვა სქესის წყვილებზე, რაც გამორიცხავს ერთსქესიან წყვილებს კანონის მოქმედების სფეროდან. სხვა სიტყვებით, მომჩივნები არ ჩივიან იმას, რომ საბერძნეთის სახელმწიფომ დაარღვია რაიმე პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მას კონვენციის თანახმად ეკისრებოდა, არამედ მომჩივნები ჩივიან,რომ სახელმწიფომ # 3719/2008 კანონით დაამკვიდრა განსხვავება, რაც მომჩივანთა აზრით დისკრიმინაციული იყო მათ მიმართ. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე გადასაწყვეტია საკითხი თუ რამდენად ჰქონდა საბერძნეთის სახელმწიფოს უფლებამოსილება კონვენციის მე–14 და მე–8 მუხლებიდან გამომდინარე, მიეღო კანონი, რომელიც ქორწინების ინსტიტუტის პარალელურად ამკვიდრებდა რეგისტრირებული პარტნიორობის ფორმას დაუქორწინებელი წყვილებისთვის, თუმცა კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხავდა ერთსქესიან წყვილებს, ვინაიდან ის ვრცელდებოდა მხოლოდ სხვადასხვა სქესის წყვილებზე.
(i) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული პრინციპები
76. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, იმისათვის რომ საკითხი მოექცეს მე–14 მუხლის განხილვის ქვეშ, ადგილი უნდა ჰქონდეს მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების განსხვავებულ მოპყრობას. ასეთი განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. სხვა სიტყვებით, თუ მას არ აქვს კანონიერი მიზანი ან თუ არ არსებობს გონივრული პროპორციული კავშირი დასახულ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის. ხელშემკვრელი სახელმწიფო სარგებლობს შეფასების გარკვეული ზღვარით იმის დასადგენად, თუ როდის და რა ფარგლებში არის გამართლებული მსგავს სიტუაციებში განსხვავებული მოპყრობა (იხილეთ Burden v. the United Kingdom [GC], no. 13378/05, § 60, ECHR 2008; Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული, § 96; და X and Others, ზემოთ მითითებული, § 98). დისკრიმინაციის ცნება მე–14 მუხლის გაგებით მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირს ან პირთა ჯგუფს სათანადო გამართლების გარეშე, ეპყრობიან ნაკლებად კეთილგანწყობილად ვიდრე სხვა პირს ან პირთა ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილი მოპყრობა კონვენციის მოთხოვნას არ წარმოადგენს (იხილეთ Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 28 May 1985, § 82, Series A no. 94).
77. სექსუალური ორიენტაციის ცნება დაცულია მე–14 მუხლით. სასამართლომ არა ერთხელ აღნიშნა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, ისევე როგორც სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა საჭიროებს „განსაკუთრებით დამაჯერებელ და წონიან მიზეზებს“ ასეთი მოპყრობის გასამართლებლად (იხილეთ, მაგალითად, Smith and Grady, § 90; Karner, §§ 37 and 42; L. and V., § 45; and X and Others, § 99, მითითებულია ზემოთ). როდესაც განსხვავებული მოპყრობის საფუძველია სექსუალური ორიენტაცია ან სქესი სახელმწიფოს შეფასების ზღვარი ვიწროა (იხილეთ Karner, § 41, and Kozak, § 92, ორივე საქმე მითითებულია ზემოთ). განსხვავებული მოპყრობა, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით კონვენციის თანახმად მიუღებელია (იხილეთ Salgueiro da Silva Mouta, § 36; E.B., §§ 93 and 96; and X and Others, § 99, მითითებულია ზემოთ).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(ა) მომჩივანთა მოდგომარეობის შედარება სხვადასხვა სქესის წყვილების მდგომარეობასთან და განსხვავებული მოპყრობის არსებობა
78. პირველ რიგში სასამართლო განიხილავს თუ რამდენად მსგავსია მომჩივანთა მდგომარეობა იმ სხვადასხვა სქესიან წყვილთა მდგომარეობასთან, რომელთაც სურთ # 3719/2008 კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო კავშირების შექმნა. სასამართლო იმეორებს, რომ ერთსქესიან წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილური ურთიერთობების დამყარება, როგორც სხვადასხვა სქესიან წყვილებს (იხილეთ Schalk and Kopf, ზემოთ მითითებული, § 99). ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნები სხვადასხვა სქესიან წყვილთა მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან მათი ურთიერთობებისა დაცვისა და იურიდიულად აღიარების საჭიროების კუთხით (იხილეთ Schalk and Kopf, loc. cit.).
79. სასამართლო აღნიშნავს, რომ # 3719/2008 კანონის 1–ლი მუხლი სამოქალაქო კავშირების შექმნის შესაძლებლობას პირდაპირ ანიჭებს სხვადასხვა სქესის ორ ინდივიდს. შესაბამისად, კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიანი წყვილების ავტომატურად გამორიცხვით, აღნიშნული კანონი ამკვიდრებს მოცემულ პირთა მიმართ სექსუალური ირიენტაციის ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას.
(ბ) კანონიერი მიზანი და პროპოციულობა
80. სასამართლო აღნიშნავს, რომ # 3719/2008 კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიანი წყვილების გამორიცხვის გასამართლებლად მთავრობა ძირითადად ორი სახის არგუმენტს დაეყრდნო. პირველი, მთავრობა ამტკიცებდა, რომ კანონით მიღებული სამოქალაქო კავშირების ინსტიტუტის მომჩივნებზე გავრცელების შემთხვევაში, აღნიშნული წარმოშობდა მათთვის უფლებებსა და ვალდებულებებს– მათი ქონებრივი მდგომარეობის, ფინანსური ურთიერთდამოკიდებულებისა და მემკვიდრეობითი უფლებების კუთხით– რომელთა სამართლებრივად მოწესრიგება უკვე ისედაც შეეძლოთ არსებული კანონმდებლობით, კონტრაქტის საფუძველზე. მეორე, მთავრობა აცხადებდა რომ მოცემულ კანონის ამოცანა შემდეგი სხვადასხვა მიზნის მიღწევა წარმოადგენდა: ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების დაცვა, მარტოხელა მშობლების ოჯახების დაცვა (რაც კანონის განმარტებით ბარათში ნათლად იყო განმარტებული), იმ მშობელთა სურვილების გათვალისწინება, რომელთაც საკუთარი შვილების აღზრდა ამ მიზნის მისაღწევად იძულებითი ქორწინების გარეშე სურდათ და ბოლოს, ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტების ტრადიციული გაგების გაძლიერება.
81. მთავრობის მიერ წამოყენებულ პირველ არგუმენტთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ არგუმენტს ძალის მქონედ მივიჩნევთ, ანგარიშგასაწევი რჩება ის ფაქტი, რომ #3719/2008 კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო კავშირს, რომელიც ოფიციალურად აღიარებულ იქნა ქორწინების ალტერნატივად, არსებითი ღირებულება გააჩნია მომჩივანთათვის მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მცირე თუ ფართე სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ის. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, ერთსქესიან წყვილებს სხვადასხვა სქესიან წყვილების მსგავსად შეუძლიათ დაამყარონ მყარი ურთიერთობები. ერთსქესიან წყვილებს, რომლებიც იზიარებენ ერთმანეთის ცხოვრებას, ურთიერთდახმარების ისეთივე საჭიროება გააჩნიათ, როგორც სხვადასხვა სქესიან წყვილებს. შესაბამისად, სამოქალაქო კავშირის შექმნა წარმოადგენს მათი ურთიერთობების ფორმალიზებისათვის საბერძნეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთადერთ შესაძლებლობას, აღნიშნული ურთიერთობისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული სამართლებრივი სტატუსის მინიჭებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კავშირების გავრცელებით ერთსქესიან წყვილებზე, ამ უკანასკნელთ საშუალება მიეცემათ მოაწესრიგონ საკუთრებითი, რჩენისა და მემკვიდრეობითი საკითხები არა როგორც კერძო პირებმა კონტრაქტების დადების გზით, არამედ სამოქალაქო კავშირების მომწესრიგებელი სამართლის ნორმების საფუძველზე, ამგვარად სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებული იქნება მათი ურთიერთობები.
82. მთავრობის მეორე ძირითადი არგუმენტია ის, რომ # 3719/2008 კანონის მიზანია ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების სამართლებრივი მდგომარეობის გაძლიერება და მშობელთათვის შესაძლებლობის მიცემა აღზარდონ საკუთარი შვილები, ამ მიზნის მისაღწევად იძულებითი ქორწინების გარეშე. მთავრობის განცხადებით ეს ასპექტი განასხვავებს სხვადასხვა სქესიან წყვილებს ერთ სქესიან წყვილთაგან, ვინაიდან ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ იყოლიონ საერთო ბიოლოგიური შვილები.
83. კონვენციის მე–8 მუხლის გადმოსახედიდან სასამართლო კანონიერად მიიჩნევს კანონმდებლის ნებას მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების მდგომარეობას და არაპირდაპირ გააძლიერებს ქორწინების ინსტიტუტს ბერძნულ საზოგადოებაში, ვინაიდან, როგორც მთავრობა განმარტავს, ქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდება ორი ინდივიდის მიერ დამოუკიდებლად აღებული ორმხრივი ვალდებულებები და არა რაიმე მიზეზები თუ მომავალში შვილის ყოლის ფაქტორი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 62). სასამართლო იზიარებს, რომ ტრადიციული გაგებით ოჯახის დაცვა, წონიანი და კანონიერი მიზანია, განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად (იხილეთKarner, § 40, and Kozak, § 98, ორივე მითითებულია ზემოთ). ბუნებრივია, რომ ბავშვის ინტერესის დაცვა ასევე ლეგიტიმური მიზანია (იხილეთ X and Others, ზემოთ მითითებული, § 138). განსახილველი რჩება საკითხი, თუ რამდენად იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი მოცემულ საქმეში.
84. სასამართლო იმეორებს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებულ პრინციპებს. ტრადიციული გაგებით ოჯახის დაცვის მიზანი საკმაოდ აბსტრაქტულია და ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებების ფართე არჩევანის შესაძლებლობას იძლევა (იხილეთ Karner, § 41, and Kozak, § 98, ორივე საქმე მითითებულია ზემოთ). კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე პირობებთან შესაბამის ინტერპრეტირებას საჭიროებს (იხილეთ, სხვა წყაროთა შორის, Tyrer v. the United Kingdom, 25 April 1978, § 31, Series A no. 26, and Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 75, ECHR 2002-VI). აღნიშნულის გათვალისწინებით, მე–8 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ოჯახის დაცვის და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის მიზნით საშუალებების არჩევისას, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს საზოგადოების განვითარება და სოციალური და სამოქალაქო სამართლებრივი სტატუსისა და ურთიერთობების განსხვავეული აღქმა. არ არსებობს ოჯახური ცხოვრებისა თუ პირადი ცხოვრების წარმართვის ერთი გზა თუ ერთი არჩევანი (იხილეთ X and Others, ზემოთ მითითებული, § 139).
85. როდესაც სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ზღვარი ვიწროა ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა განსხვავებული მოპყრობა სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, პროპორციულობის პრინციპის დაცვა არ ნიშნავს მარტოოდენ მიზნის მიღწევის შესაფერისი საშუალების არჩევას. ასევე უნდა დამტკიცდეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო ადამიანთა გარკვეული კატეგორიების გამორიცხვა– მოცემულ საქმეში ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში მყოფი პირების– კანონის ნორმათა მოქმედების სფეროდან ( იხილიეთ Karner, § 41, and Kozak, § 99, ორივე საქმე მიტითებულია ზემოთ). ზემოაღნიშნული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ამ მხრივ მტკიცების ტვირთი მოპასუხე სახელმწიფოზეა. შესაბამისად, საბერძნეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მოცემულ საქმეში, რომ მათ მიერ მოხმობილი კანონიერი მიზნების მისაღწევად, აუცილებელი იყო # 3719/2008 კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო კავშირების შექმნის სუბიექტთა წრიდან ერთსქესიანთა გამორიცხვა (მსგავსი შედეგი იხილეთ საქმეში X and Others, ზემოთ მითითებულლი, § 141).
86. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კანონი არ წარმოადგენს მხოლოდ სოციალური რეალობის მომწესრიგებელ და სახელმწიფოს მიერ მითითებული მიზნების მიღწევის საშუალებას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 80 ). მისი პირველი და მთავარი ამოცანაა მიაკუთვნოს სამართლებრივი აღიარება ქორწინების გარდა თანაცხოვრების სხვა ფორმასაც, რომელსაც „სამოქალაქო კავშირად“ მოიხსენიებს. აღნიშნულს ნათელს ხდის კანონის შინაარსი და სტრუქტურა. პირველი მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს სამოქალაქო კავშირს „ შეთანხმება ორ სხვადასხვა სქესის ზრდასრულს შორის მათი ცხოვრების, მათი როგორც წყვილის ცხოვრების შესახებ“. უფრო მეტიც, მომდევნო მუხლები არ ეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების მდგომარეობას, არამედ აწესრიგებს სამოქალაქო კავშირის შემქნელ წყვილთა შორის წამოჭრილ საყოფაცხოვრებო საკითხებს. მაგალითად, მე–6 და მე–7 მუხლები შეეხება მხარეებს შორის ფინანსურ ურთიერთობებს და კავშირის დაშლის შემთხვევაში რჩენის ვალდებულებებს. მე–11 მუხლით გათვალისწინებულია, რომ ერთი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე პარტნიორს უფლება აქვს მემკვიდრეობით მიიღოს გარდაცვლილის ქონება . . .
87. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის მიერ კანონპროექტზე მომზადებულ დასკვნაზე, რომლის თანახმად გაუგებარი იყო კანონპროექტის სათაური „ოჯახთან, ბავშვებთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული რეფორმები“, მაშინ როდესაც აღნიშნული კანონპროექტი ქორწინების გარეთ არსებული თანაცხოვრების ახალ სამართლებრივ ფორმას განსაზღვრავდა. . .აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის სათაურისა და კანონმდებლის მიერ გაცხადებული განზრახვის მიუხედავად, # 3719/2008 კანონი უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავდა ქორწინების გარეთ არსებული თანაცხოვრების სამართლებრივად აღიარებას.
88. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ მივიჩნევთ, რომ კანონმდებლის მიზანი ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ქორწინების ინსტიტუტის გაძლიერება იყო, ფაქტია, რომ #3719/2008 კანონის მიღებით, დამკვიდრდა სამოქალაქო პარტნიორობის ახალი ფორმა სამოქალაქო კავშირის სახით, რომლის მოქმედების სფეროდან გამოირიცხებოდა ერთსქესიანი წყვილები, მაშინ როდესაც აღნიშნული კანონი სხვადასხვა სქესის წყვილებს, მიუხედავად იმისა ყავდათ თუ არა შვილები, ურთიერთობების მრავალი ასპექტის დარეგულირების შესაძლებლობას აძლევდა.
89. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ სხვადასხვა სქესიანი წყვილებს, რომელთაც შვილები ჰყავთ, და არ ამართლებს წინამდებარე კანონის საფუძველზე წარმოშობილ განსხვავებულ მოპყრობას ერთსქესიან და სხვადასხვა სქესიან წყვილებს შორის, რომელთაც შვილები არ ჰყავთ. მეორე, სასამართლო ვერ დარწმუნდა მთავრობის არგუმენტებით, რომ #3719/2008 კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საჭიროა ერთსქესიანი წყვილების გამორიცხვა მისი მოქმედების სფეროდან. სასამართლოს აზრით, შესაძლებელი იყო კანონმდებელს გაეთვალისწინებინა გარკვეული სპეციალური ნორმები, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების შესახებ და ამავდროულად სამოქალქო კავშირების შექმნის ზოგადი შესაძლებლობა გაევრცელებინა ასევე ერთსქესიან წყვილებზე. სასამართლო ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ კანონის განმარტებითი ბარათი არ იძლევა განმარტებას, თუ რით არის განპირობებული კანონმდებლის გადაწყვეტილება შემოფარგლოს სამოქალაქო კავშირები მხოლოდ სხვადასხვა სქესის წყვილებით ( იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 10). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ კანონპროექტი დისკრიმინაციულად მიიჩნია, ვინაიდან ის არ მოიცავდა ერთსქესიან წყვილებს. . . და მსგავსი პოზიცია დაიჭირა ასევე პარლამენტის სამეცნიერო საბჭომ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 13).
90. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, და ამის თაობაზე მთავრობა თავად მიუთითებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 64) , სხვადასხვა სქესიან წყვილებს, ერთსქესიან წყვილებისგან განსხვავებით, # 3719/2008 კანონის მიღებამდეც შეეძლოთ თავიანთი ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება ქორწინების ინსტიტუტის ან უფრო შეზღუდული ფორმით სამოქალაქო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებული დე ფაქტო პარტნიორობის საფუძველზე. შესაბამისად, ერთსქესიან წყვილებს გააჩნიათ განსაკუთრებული ინტერესი შექმნან სამოქალაქო კავშირი, ვინაიდან სხვადასხვა სქესიან წყვილებისგან განსხვავებით, აღნიშნული წარმოადგენს მათი ურთიერთობების სამართლებრივად აღიარებისათვის საბერძნეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთადერთ საფუძველს.
91. დამატებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონსენსუსი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში, შეიმჩნევა ერთსქესიანთა ურთიერთობების სამართლებრივად აღიარების ფორმების დამკვიდრების ტენდენცია. ცხრა წევრ სახელმწიფოში დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება. ასევე, 17 წევრ ქვეყანაში აღიარებულია ერთსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობის გარკვეული ფორმა. რაც შეეხება წინამდებარე საქმეში წამოჭრილ სპეციფიურ საკითხს ( იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 75), სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ამ კუთხით არსებული ტენდენცია ნათელია: იმ 19 სახელმწიფოს შორის, რომლებშიც დაშვებულია ქორწინების გარდა რეგისტრირებული პარტნიორობის გარკვეული ფორმა, ლიტვა და საბერძნეთი არიან ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პარტნიორობის ეს ფორმები მხოლოდ სხვადასხვა სქესის წყვილებისთვისაა გათვალისწინებული. . . სხვა სიტყვებით, ორი გამონაკლისის გარდა, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები, დაუქორწინებელ წყვილთათვის ქორწინების ალტერნატიული რეგისტრირებული პარტნიორობის სამართლებრივი სისტემის ფარგლებში ერთსქესიან წყვილებსაც მოიაზრებენ. მეტიც, აღნიშნული მიდგომები ასახულია ევროპის საბჭოს შესაბამის მასალებში. ამ კუთხით სასამართლო მიუთითებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1728 (2010) რეზოლუციაზე და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე CM/Rec (2010) 5 . . .
92. ის ფაქტი, რომ ეტაპობრივი ევოლუციის ბოლოს, შიდა კანონმდებლობის ერთ ნაწილთან მიმართებით ქვეყანა აღმოჩნდება იზოლირებულ მდგომარეობაში, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს ნაწილი კონვენციასთან შეუსაბამოა ( იხილეთ F. v. Switzerland, 18 დეკემბერი 1987, § 33, Series A no. 128). მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და სერიოზული მიზეზები #3719/2008 კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიან წყვილთა გამორიცხვის გასამართლებლად. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში ადგილი აქვს კონვენციის მე–14 მუხლის დარღვევას მე–8 მუხლთან მიმართებით.
. . .
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
95. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„ თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა. ზიანი
96. მომჩივნებმა საჩივარში # 29381/09 ერთობლივად მოითხოვეს 10 000 ევრო (EUR) მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მათ განიცადეს კონვენციის მე–14 მუხლის დარღვევის გამო მე–8 მუხლთან მიმართებით და ასევე, ამ კუთხით სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არ ქონის გამო. მათ ასევე მოთხოვეს სასამართლოს მთავრობისთვის სპეციალური რეკომენდაციით მიმართვა # 3719/2008 კანონში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომლის თანახმად სამოქალაქო კავშირის ცნება ერთსქესიან წყვილებზეც გავრცელდებოდა.
97. მომჩივნებმა საჩივარში # 32684/09 მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 EUR მოითხოვეს თითოეულ წყვილზე, რამაც ჯამში 45 000 EUR შეადგინა. ისინი აცხადებდნენ, რომ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას მათი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და რომ # 3719/2008 კანონის მოქმედების სფეროდან მათი გამორიცხვის შედეგად მათ განიცადეს მნიშვნელოვანი იმედგაცრუება.
98. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანთა მიერ მოთხოვნილი თანხები გადაჭარბებული იყო და რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში უშუალოდ ჩარევის ფაქტის დამტკიცება. მთავრობა აცხადებდა, რომ მოცემულ საქმეში დარღვევის დადგენა საკმარისი იყო სამართლიანი დაკმაყოფილების სახით.
99. მთავრობისგან განსხვავებით სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე–14 მუხლის დარღვევის აღიარება მე–8 მუხლთან მიმართებით არ წარმოადგენს საკმარის საშუალებას მომჩივნების მიერ განცდილი მორალური ზიანის საკომპენსაციოდ. ხელმძღვანელობს რა სამართლიანობის პრინციპით კონვენციის 41-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლო თითოეულ მომჩივანს, მეშვიდე მომჩივნის გარდა, საჩივარში # 32684/09 მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5 000 EUR აკუთვნებს და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა. სასამართლო უარყოფს მორალური ზიანის და ხარჯების ანაზღაურების სახით, მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
ბ. ხარჯები
100. მომჩივნებმა საჩივარში # 29381/09 ერთობლივად მოითხოვეს 7,490.97 EUR სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისთვის. კერძოდ, მათ შეაფასეს საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორიდან მათი წარმომადგენლების მიერ მათ საქმეზე დახარჯული დრო, რამაც 20 საათი შეადგინა, საიდანაც ერთი საათის ღირებულება 100 EUR შეადგენდა. მომჩივნებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც დეტალურად იყო ასახული სასამართლო წინაშე მოსაზრებების წარდგენის მიზნით მათი წარმომადგენლების მიერ გაწეული ნამუშევარის საათობრივი აღწერა. მომჩივნები ასევე მოითხოვდნენ 4,485 EUR–ოს ქ–ნი მეკარის მიერ დიდ პალატაში გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით და წარმოადგინეს შესაბამისი ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითარი. და ბოლოს, მომჩივნები ითხოვდნენ 1,005.97 EUR ანაზღაურებას მათი წარმომადგენლების მიერ გაწეული სამგზავრო ხარჯებისთვის, რაც მათ გასწიეს დიდ პალატაში საქმის განხილვასთან დაკავშირებით. მომჩივნების განმარტების თანახმად, წარმომადგენლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ სრულად გადაეხადათ წარმომადგენლებისთვის დარღვევის დადგენის შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების სახით დიდი პალატის მიერ მიკუთვნებული თანხები. ამიტომ მომჩივნებმა მოითხოვეს ზემოაღნიშნულ ნაწილში სასამართლოს მიერ თანხების მიკუთვნების შემთხვევაში მათი ჩარიცხვა პირდაპირ წარმომადგენლების საბანკო ანგარიშებზე.
101. მომჩივნებმა საჩივარში # 32684/09 სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისთვის ერთობლივად 8,000 EUR მოითხოვეს და მტკიცებულებად ინვოისები და ქვითრები წარმოადგინეს.
102. მთავრობამ განაცხადა, რომ სასამართლოს იმ შემთხვევაში შეეძლო მომჩივნების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხარჯების ანაზღაურების ნაწილში თუ მათი მოთხოვნები სათანადოდ იქნებოდა დასაბუთებული.
103. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია ხარჯების ანაზღაურებაზე თუ ნაჩვენები იქნება რომ ისინი რეალური და აუცილებელი იყო მოცემულ საქმეში და მათი ოდენობა გონივრულია (იხილეთ Creangă v. Romania [GC], no. 29226/03, § 130, 23 თებერვალი 2012). წინამდებარე საქმეში, სასამართლო, მის ხელთ არსებული დოკუმენტების და ზემოთ მოცემული კრიტერიუმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მომჩივნებს საჩივარში # 29381/09 ერთობლივად მიაკუთვნოს 5,000 EUR და ამ თანხის დაბეგვრის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის ოდენობა და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა, რომელიც ჩაირიცხება მომჩივნების წარმომადგენელთა საბანკო ანგარიშებზე (იხილეთ, მსგავსი, Carabulea v. Romania, no. 45661/99, § 180, 13 ივლისი 2010). რაც შეეხება მომჩივნებს საჩივარში # 32684/09 სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ უნდა აუნაზღაურდეთ ხარჯების სახით 6,000 EUR და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა.
გ. საურავი
104. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
...
ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე–8 მუხლთან მიმართებით; ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ,
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:
(i) 5,000 EUR (ხუთი ათასი ევრო)და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით თითოეულ მომჩივანს, მეშვიდე მომჩივნის გარდა, საჩივარში # 32684/09;
(ii) 5 000 EUR (ხუთი ათასი ევრო) და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა ხარჯების ანაზღაურების სახით, ერთობლივად მომჩივნებს საჩივარში # 29381/09, რაც ჩაირიცხება მომჩივნების წარმომადგენელთა საბანკო ანგარიშებზე;
(iii) 6 000 EUR (ხუთი ათასი ევრო)და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა ხარჯების ანაზღაურების სახით თითოეულ მომჩივანს ერთობლივად, მეშვიდე მომჩივნის გარდა, საჩივარში # 32684/09;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი
უარყოფს ერთხმად მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად. გამოცხადებულია საქმის საჯარო მოსმენისას, 2013 წ. 7 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა სასახლეში, სტრასბურგში.
მაიკლ ო’ბოილი დინ შპილმანი
სექსიის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად,
წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(ა) მოსამართლეების კასადევალის, ზიემელეს, იოჩიენეს და სიცილიანოსის ერთობლივი თანმხვედი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს ნაწილობრივ თანმხვედრი და ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
მ.ო’ბ
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy