დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 151
2012 წლის აპრილი
ვან დერ ჰეიდენი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა]
(Van der Heijden v. the Netherlands [GC]
(საჩივარი- 42857/05)
გადაწყვეტილება, 3 აპრილი, 2012 [დიდი პალატა]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
მომჩივანს უარი ეთქვა ესარგებლა მოწმის პრივილეგიით პარტნიორის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი მოწმედ გამოიძახეს ფატალურ სროლებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი გამოძიების მიმდინარეობისას, თუმცა მან უარი განაცხადა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემაზე იმ საფუძვლით, რომ მთავარ ეჭვმიტანილს წარმოადგენდა მისი თხუთმეტი წლის პარტნიორი, რომელთანაც ორი შვილი ყავდა. მომჩივანი აცხადებდა, რომ მას უნდა ესარგებლა იმავე პრივილეგიით, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იყო ეჭვმიტანილთა მეუღლეებისა და რეგისტრირებული პარტნიორებისთვის. მოგვიანებით, ის დააკავეს 30 დღის განმავლობაში, ვინაიდან არ დაემორჩილა სასამართლოს ბრძანებას ჩვენების მიცემის თაობაზე. მომჩივანმა საჩივარი წარადგინა უზენაეს სასამართლოში. ამ უკანასკნელმა დაადგინა, რომ მოწმის პრივილეგია, რაც გათვალისწინებული იყო ეროვნული კანონმდებლობით იცავდა მეუღლეთა და რეგისტრირებულ პარტნიორთა შორის არსებულ ,,ოჯახურ ცხოვრებას’’, თუმცა ის არ ვრცელდებოდა სხვა პარტნიორებზე, მიუხედავად მათი ერთად ყოფნის ხანგრძლივობისა. განსხვავებული მოპყრობა იყო გამართლებული და ობიექტური, ვინაიდან ის ემსახურებოდა სიმართლის დადგენას და აგრეთვე ემსახურებოდა სამართლებრივი განჭვრეტადობის მიზნებს.
სამართალი – კონვენციის მე-8 მუხლი: მომჩივნის იძულების მცდელობა, ჩვენება მიეცა ხანგრძლივი პარტნიორის წინააღმდეგ, წარმოადგენდა მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ჩარევა ,,კანონით იყო გათვალისწინებული’’ და ემსახურებოდა დანაშაულის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზანს.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, კონვენციის წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ განსხვავებული პრაქტიკა, რომელიც იხრებოდა სახელმწიფოსთვის შეფასების ფართო ზღვრის მინიჭებისკენ, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი საჯარო ინტერესი, სახელდობრ: სერიოზული დანაშაულის გახსნა და ოჯახური ცხოვრების დაცვა სახელმწიფოს ჩარევისაგან.
ნიდერლანდები ბევრ სხვა ქვეყანას შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც აირჩია შემდეგი გზა: შეექმნა საკანონმდებლო რეგულაცია და გარკვეული კატეგორიის მოწმეებისთვის, მიენიჭებინა პრივილეგია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენების მიუცემლობა აღიარებული სამოქალაქო ვალდებულებიდან გამონაკლისს წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო, დაქვემდებარებოდა პირობებს და ფორმალობებს, რაც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო. ნიდერლანდების კანონმდებლობით აღნიშნული პირობები ,,ნათლად განისაზღვრა’’ და ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ ეჭვმიტანილთა ახლო ნათესავები, მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, რეგისტრირებული პარტნიორები და ყოფილი რეგისტრირებული პარტნიორები. აღნიშნული ჩამონათვალი ზღუდავდა გამონაკლისის გავრცელებას იმ პირებზე, რომელთან კავშირიც ობიექტურად დადასტურებადი იყო. წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ უფლებამოსილება, მოწმის პრივილეგიისთვის ზღვარი დაედგინათ და გაევლოთ ხაზი ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ იზიარებს მომჩივნის არგუმენტს, რომ მას უნდა ესარგებლა იმავე სამართლებრივი დაცვით, როგორც მეუღლეები და რეგისტრირებული მეუღლეები სარგებლობდნენ. განმსაზღვრელი ფაქტორი არ იყო ურთიერთობის ხანგრძლივობა ან ურთიერთობის ხასიათი, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც აერთიანებს სახელშეკრულებო ხასიათის უფლებებსა და ვალდებულებებს. მსგავსი სამართლებრივად მბოჭავი შეთანხმების არარსებობა მომჩივნისა და მისი პარტნიორის ურთიერთობას ფუნდამენტურად განსხვავებულს ხდიდა დაქორწინებული პირებისა დარეგისტრირებული პარტნიორებისგან. სასამართლოს სხვანაირი გადაწყვეტილება რომ მიეღო, საჭირო გახდებოდა, მრავალ ინდივიდუალურ საქმეში შეეფასებინა არასაქორწინო ურთიერთობის ხასიათი ან დაედგინა პირობები, რა შემთხვევაშიც არაფორმალური ურთიერთობა ფორმალურს გაუთანაბრდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ზოგიერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, მათ შორის ნიდერლანდებიც, დაქორწინებულ და ქორწინების მსგავს ურთიერთობაში მყოფ პირებს მსგავსად ეპყრობოდა სხვა მიზნებისთვის, რაც მოიცავდა სოციალურ უზრუნველყოფასა და გადასახადებს, აღნიშნული საკითხები მოწესრიგებული იყო სხვადასხვა მოსაზრებებით, რაც არ იყო დაკავშირებული სერიოზული დანაშაულის გახსნის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესით. საქმეში არაფერი მიუთიტებდა იმაზე, რომ მომჩივანსა და მის პარტნიორს რაიმე ხელს უშლიდა დაქორწინებისგან ან რეგისტრირებული კავშირისგან. თუმცა, მომჩივანს ამის გამო კრიტიკა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, გააკეთა რა ზემოხსენებული არჩევანი, მან უნდა ცნოს თანმდევი სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, ის დარჩა ,,დაცული’’ ოჯახური ურთიერთობის ფარგლებს მიღმა, რომელზეც ვრცელდებოდა ,,მოწმის პრივილეგია’’. აღნიშნულ გარემოებებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ოჯახურ ცხოვრებაში გასაჩივრებული ჩარევა არაპროპორციული იყო და გაუმართლებლად ზღუდავდა მომჩივნის ინტერესებს. სასამართლომ აგრეთვე არაპროპორციულად არ მიიჩნია მომჩივნის ოცდაათდღიანი პატიმრობა, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო საკმარისი გარანტიები.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy