დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 96
2007 წლის აპრილი
ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Ivanova v. Bulgaria)
(საჩივარი- 52435/99)
გადაწყვეტილება, 12 აპრილი, 2007 [მე-5 სექცია]
მე-9 მუხლი
მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი
რელიგიის თავისუფლება
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა რელიგური მრწამსის გამო: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, დასაქმებული იყო სკოლის არააკადემიურ თანამშრომლად; ის გახლდათ ევანგელური ეკლესიის (ცნობილია, როგორც „სიცოცხლის სიტყვა“) წარმომადგენელთა ჯგუფის წევრი, რომელიც მისდევდა არალეგალურ აქტივობებს იმის გამო, რომ ხელისუფლების ორგანოებმა უარი განაცხადეს მის რეგისტრაციაზე. ორგანიზაციის შეხვედრებს პერიოდულად შლიდა პოლიცია; მედიამ წამოიწყო კამპანია აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ და მისი წევრების სამსახურიდან დათხოვნის მოწოდებებით გამოდიოდნენ; მედიაში, სხვებთან ერთად, მომჩივნის გათავისუფლების მოთხოვნაც გაჟღერდა. რეგიონალური პროკურატურისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული მოკვლევის შემდეგ, რეგიონალური გუბერნატორი და პარლამენტის წევრი განათლების ინსპექტორს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, თუკი იგი არ გაათავისუფლებდა სკოლის დირექტორს და არ მიიღებდა რადიკალურ ზომებს სკოლაში რელიგიური აქტივობების აღსაკვეთად. 1995 წლის ოქტომბერში დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს inter alia იმ საფუძვლით, რომ ის შემწყნარებელი იყო ,,სიცოცხლის სიტყვის“ მიმდევარი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული აქტივობების მიმართ და, ამასთანავე, ისინი სამსახურიდან არ გაათავისუფლა. მოგვიანებით, მომჩივანი წნეხის ქვეშ მოექცა, რათა წასულიყო სამსახურიდან ან უარეყო მისი რწმენა, ვინაიდან განათლების ინსპექტორი მას ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით მიუხედავად მის მიერ შესრულებული სამუშაოსი. მომჩივანმა უარი განაცხადა. რადიო ინტერვიუში პარლამენტის წევრმა გამოარჩია მომჩივნის თანამდებობა, რომელიც ჯერ კიდევ ეკავა სიცოცხლის სიტყვის წევრს. 1995 წლის დეკემბერში ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა იგი თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზით. დამტკიცდა სკოლის თანამდებობების ახალი სია, რომელიც ამოქმედდებოდა 1996 წლის იანვარიდან და რომელმაც შეცვალა მომჩივნის თანამდებობა ახლით, არსებითად იმავე მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით, თუმცა მოითხოვდა უნივერსიტეტის ხარისხს. მომჩივანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვდა მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობას და აგრეთვე იმის დადგენას, რომ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და გასაჩივრებაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
სამართალი – საქმის ცენტრალური საკითხს წარმოადგენდა შემდეგი: მომჩივნის სამსახურის გათავისუფლება განპირობებული იყო მხოლოდ სკოლის საჭიროებით- შეეცვალათ მისი თანამდებობის მოთხოვნები, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა, თუ როგორც მომჩივანი აცხადებდა, იგი გაათავისუფლეს რელიგიური მრწამსის გამო. მთავრობის განცხადებები ამ კუთხით იყო გარკვეულწილად ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი. მოვლენების თანმიმდევრულად მთლიანობაში შეფასებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ სინამდვილეში მომჩივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მისი რელიგიური მრწამსისა და ,,სიცოცხლის სიტყვის’’ წევრობის გამო. ეს წარმოადგენდა მომჩივნის რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევას მე-9 მუხლის საწინააღმდეგოდ. ის ფაქტი, რომ მომჩივანი თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად- მისი თანამდებობისათვის ახალი მოთხოვნების წაყენებით, რომელსაც ის ვერ აკმაყოფილებდა - არ გამორიცხავს მისი გათავისუფლების არსებით მოტივს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი დასაქმებული იყო როგორც არააკადემიური ადმინისტრაციის წევრი სკოლაში, რომელიც სამინისტროს პირდაპირი ზედახედველობის ქვეშ იყო. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის შესაბამის გარემოებებზე, როგორებიცაა მთელ ქვეყანაში ,,სიცოცხლის სიტყვის’’ შეკრებების დაშლა და განსახილველ მოვლენებში ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსა და მოხელეების ჩართულობა. ეს მოვლენები დროის შესაბამის პერიოდში ხელისუფლების ორგანოების არატოლერანტულ პოლიტიკაზე მიუთითებდა ,,სიცოცხლის სიტყვის’’, მისი აქტივობებისა და მიმდევრების მიმართ. ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში მომჩივნის გათავისუფლება ასევე მიანიშნებდა, რომ ეს წარმოადგენდა ასეთი პოლიტიკის გატარების პირდაპირ შედეგს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41 – 589 ევრო მატერიალური ზიანისათვის და 4,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy