Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 2040
2020 წლის მაისი
ვარდოსანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Vardosanidze v. Georgia)
(საჩივარი- N 43881/10)
გადაწყვეტილება, 7 მაისი, 2020 [მე-5 სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ფაქტები - 2007 წლის ივნისში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის ტექნიკოსებმა, უსაფრთხოების შესამოწმებელი პროცედურის შესრულებისას, აღმოაჩინეს, რომ მომჩივნის ვაჟის ბინაში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული. შემოწმების შედეგად შედგენილი ანგარიშის თანახმად, წყლის გამათბობელი გამოირთო ბუნებრივი აირის მილიდან და მაცხოვრებელს მიეცა შესაბამისი მითითებები. 2008 წლის აპრილში მომჩივნის ვაჟი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ის გარდაიცვალა ნახშიროჟანგით (მხუთავი აირით) მოწამვლის შედეგად. ეროვნულმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს პროკურორის გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ წყლის გამათბობელი ჩართულ იქნა მომჩივნის ოჯახის მიერ, უსაფრთხოების ზომების მიუღებლად, რამაც გამოიწვია ფატალური შემთხვევა.
სამართალი - მე-2 მუხლი
(a) არსებითი ასპექტი: მომჩივნის საჩივრის ძირითადი არსი ეხებოდა სახლებში დამონტაჟებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო არაადეკვატურობას, სიცოცხლისთვის აშკარა საფრთხის შემცველ ქმედებებთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში.
- ერთი მხრივ, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟი გარდაიცვალა მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად, რომელიც გამოყოფილ იქნა არასწორად დამონტაჟებული ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლიდან. მეორე მხრივ, მხარეები ვერ თანხმდებოდნენ შემდეგ საკითხებზე, კერძოდ - შეიცავდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობა ადეკვატურ გარანტიებს გარდაცვლილის სიცოცხლის დასაცავად, რა კონკრეტული რეგულაციები არსებობდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უბედური შემთხვევები, რომლებიც უკავშირდებოდა სახლებში დამონტაჟებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების გამოყენებას და ვის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მოცემულ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ქალაქ თბილისში მხუთავი აირით მოწამვლასთან დაკავშირებული ინციდენტების დიდ რაოდენობაზე, სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენდა არა შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის აბსტრაქტული შეფასება, არამედ იმის გადაწყვეტა, კონვენციის დარღვევას განაპირობებდა თუ არა ის ფორმა, რომლითაც მოცემული რეგულაციები იქნა გამოყენებული ან რომლითაც მათ (რეგულაციებმა) ზეგავლენა იქონიეს მომჩივნის ვაჟზე.
იმ დროისათვის არსებობდა მრავალი სახის რეგულაციები, რომელიც კრძალავდა მომჩივნის საქმეში არსებული წყლის გამათბობლის ტიპის მოწყობილობის დამონტაჟებას ისეთ სივრცეებში, რომლებიც არ იყო აღჭურვილი ადეკვატური სავენტილაციო სისტემით. უსაფრთხოების დაცვის ამგვარი წესები - მიზნად ისახავდა საცხოვრებელ ადგილებში გამონაბოლქვი აირის დაგროვების თავიდან აცილებას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, და გონივრულად მიიჩნეოდა. ამის საპირისპიროდ, რაც შეეხება მოცემული წესების დაცვის ზედამხედველობას, იმ დროისათვის ძალაში არსებული კანონმდებლობა არ აკონკრეტებდა ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხშირად უნდა უზრუნველეყო მას უსაფრთხოების შესამოწმებელი პროცედურების ჩატარება და მოცემულ საკითხთან მიმართებით შესაბამისი ცვლილებები მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იქნა მიღებული.
მეტიც, არ იკვეთება, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა ბინაში მცხოვრები პირის წერილობითი ფორმით გაფრთხილების ვალდებულებას. მიუხედავად ამისა, ხსენებული ხარვეზები არ იყო საკმარისი, რათა მომჩივნის ვაჟის სიკვდილის თავიდან აცილების შეუძლებლობისთვის, პასუხისმგებლობა მოპასუხე მთავრობას დაკისრებოდა.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, სრულად არ იყო დაცული უსაფრთხოების რეგულაციები და არსებობდა ხარვეზები, როგორც უსაფრთხოების შემოწმების რეგულარულობის, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის თვალსაზრისით, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების შესაბამისი წესების დარღვევის ფაქტი რეალურად, მომჩივნის ვაჟის გარდაცვალებამდე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებმა და შედეგად, გამორთეს წყლის გამათბობელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ხელახლა იქნა ჩართული მომჩივნის ოჯახის მიერ.
ამ კონტექსტში, იმის გათვალისწინებით თუ რა რთული განსაჭვრეტია ადამიანის ქმედება, კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლების ორგანოებს ვერ დააკისრებს გადაჭარბებულ ტვირთს. მომჩივნის ოჯახს მიეცა გაფრთხილება, თუნდაც სიტყვიერი, რომ არ გამოეყენებინათ წყლის გამათბობელი. მათი შემდგომი გადაწყვეტილება, წყლის გამათბობლის ბუნებრივ აირთან მიერთების თაობაზე, არ იყო გონივრული, განსაკუთრებით თანმდევი რისკების თაობაზე ინფორმირებულობის გათვალისწინებით, და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ვერ გამოიწვევდა სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევას კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით.
(b) პროცედურული ასპექტი- მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნული სისხლის სამართლის გამოძიების დასკვნა არ იყო თვითნებური. აღნიშნული დასკვნის თანახმად, რომელიც შემდეგ ეროვნულმა სასამართლოებმაც დაადასტურეს, მისი გარდაცვალება წარმოადგენდა უბედურ შემთხვევას, რაც გამოიწვია იმან, რომ გაზის კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად, წყლის გამათბობელი ხელახლა იქნა მიერთებული ბუნებრივ აირთან. შესაბამისად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ასპექტთან მიმართებით საკითხი არ წარმოიშობოდა .
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38-ე მუხლის შეუსრულებლობას, ვინაიდან მთავრობამ წარმოადგინა მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები