Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N250
2021 წლის აპრილი
ვავრიცკა და სხვები ჩეხეთის წინააღმდეგ (Vavricka and Others v. the Czech Republic) [GC]
(საჩივარი- N 47621/13, 3867/14, 73094/14)
გადაწყვეტილება, 8 აპრილი, 2021 [დიდი პალატა]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი
პირადი ცხოვრების დაცულობა
კანონით დადგენილი აცრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მშობლისთვის ჯარიმის დაკისრება და ბავშვების არ დაშვება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: წინამდებარე საქმეს საფუძვლად დაედო ექვსი საჩივარი და ეხება სამედიცინო მეცნიერებისთვის კარგად ნაცნობი დაავადებების წინააღმდეგ ბავშვების აცრის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მომჩივანთა მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. პირველი მომჩივანი წარდგენილი იქნა თავად მშობლის მიერ, რომელიც ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ ის დაჯარიმდა იმის გამო, რომ არ აცრა შვილები. სხვა საჩივრები წარდგენილი იქნა არასრულწლოვანი ბავშვების სახელით მშობლების მიერ და ისინი დავობდნენ, რომ მათ უარი ეთქვათ საბავშვო ბაღებში ან სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების ჩარიცხვაზე იმის გამო, რომ მათი შვილები არ იყვნენ ვაქცინირებულები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ისინი დავობდნენ, რომ სავალდებულო აცრების ჩაუტარებლობის გამო მათ წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები არ შეესაბამებოდა მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას.
სამართალი: მე-8 მუხლი (პროცედურული ასპექტი) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასაბუთება დაიწყო იმით, რომ მოცემულ საქმეში საუბარია ბავშვების სტანდარტულ და რუტინულ ვაქცინაციაზე იმ დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც სამედიცინო მეცნიერებისათვის კარგად ნაცნობია და რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში შესაბამისი ვაქცინების სავალდებულო ბუნებისაა.
აცრის ვალდებულება ვრცელდებოდა დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, Haemophilus influenzae B ტიპის ინფექციების, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის, ყბაყურას, წითურასა და -ჯანმრთელობის განსაზღვრული მაჩვენებლების მქონე ბავშვებისთვის - პნევმოკოკურ ინფექციებზე.
სასამართლომ პირველ რიგში განიხილა ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას-
სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სავალდებულო ვაქცინაცია, როგორც იძულებითი სამედიცინო ჩარევა, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი სადავო ვაქცინა არ ჩატარებულა, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, იმის გამო, რომ ამის შედეგად მომჩივან ბავშვებს (5 საჩივარში მომჩივანი ბავშვი იყო) უარი ეთქვათ სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, მათზე პირდაპირი გავლენა იქონია ვაქცინაციის ვალდებულების შეუსრულებლობამ. რაც შეეხება ბ-ნ ვავრიცკას, რომელმაც საჩივარი საკუთარი სახელით შეიტანა, მართალია განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მისი შვილების ვაქცინაცია, თუმცა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ის უშუალოდ ექვემდებარებოდა ვალდებულებას, რომ აეცრა ბავშვები; ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, კერძოდ, ჯარიმა, მან უშუალოდ იკისრა, როგორც პირმა, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მისი შვილების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა თითოეული მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას.
ჩარევის კანონიერება
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ჩარევას ეროვნულ კანონმდებლობაში ჰქონდა ადეკვატური საფუძველი, ის ეფუძნებოდა პირველადი და მეორადი კანონმდებლობის ერთობლიობას, რომელიც ეროვნული სასამართლოების განცხადებით აკმაყოფილებდა ჩეხეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს.
ემსახურებოდა თუ არა ჩარევა ლეგიტიმური მიზანს
შესაბამისი კანონმდებლობის მიზანი იყო იმ დაავადებებისგან დაცვა, რომლებსაც შეეძლო ჯანმრთელობა სერიოზული რისკის წინაშე დაეყენებინა. ეს მიემართებოდა როგორც იმ პირებს, რომლებიც იცრებოდნენ, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც არ შეეძლო აცრა და შესაბამისად, იმყოფებოდნენ მოწყვლად მდგომარეობაში და იმედოვნებდნენ, რომ საზოგადოებაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის შედეგად მიღწეული იქნებოდა დაცვა გადამდები დაავადებებისგან. ეს მიზნები შეესაბამებოდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სხვათა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებს.
იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
- სახელმწიფოთა შეფასების ფარგლები
ვინაიდან წინამდებარე საქმე ეხებოდა იძულებით სამედიცინო ჩარევას, ვაქცინაციის ვალდებულება შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც დაკავშირებული ინტიმური უფლებების ეფექტიანად სარგებლობასთან. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტისთვის მინიჭებული წონა შემცირდა იმ ფაქტით, რომ ვაქცინაცია მომჩივანთა სურვილის საწინააღმდეგოდ ძალით არ გაკეთებულა და ვერც გაკეთდებოდა, ვინაიდან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა არ იძლეოდა იძულებით ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობას.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხარჯ-ეფექტური სამედიცინო ინტერვენცია და თითოეულმა სახელმწიფომ მიზნად უნდა დაისახოს, რომ მოსახლეობაში მიაღწიოს ვაქცინაციის ყველაზე მაღალ დონეს. რაც შეეხება ამის მიღწევის საუკეთესო გზას, კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ არსებობდა კონსენსუსი ერთ მოდელთან დაკავშირებით. არამედ, ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობდა პოლიტიკის მთელი სპექტრი. ჩეხეთის რესპუბლიკის პოზიციას იზიარებდა სამი სახელმწიფო (საფრანგეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი). სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენიმე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ახლახანს შეცვალა პოლიტიკა უფრო ინსტრუქციის მიმცემი მიდგომისაკენ იმის გამო, რომ შემცირდა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მაჩვენებელი, რამაც გამოიწვია ე.წ. ნახირი იმუნიტეტის შესუსტება. მართალია, აღიარებული იყო, რომ ვაქცინაციის იურიდიულ ვალდებულებად ჩამოყალიბება წარმოქმნიდა მგრძნობიარე საკითხებს, ეს არ იყო განპირობებული იმ პირთა პერსპექტივის გათვალისწინებით, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სავალდებულო აცრას, არამედ მოიცავდა სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობას, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვა. განსაკუთრებით მათი, რომლებიც მოწყვლადები იყვნენ და რომელთა სახელითაც მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს სთხოვეს, აეღოთ მინიმალური რისკი ვაქცინაციის სახით.
შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფოს შეფასების ფარგლები ფართო უნდა ყოფილიყო.
მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება
კონვენცია, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა დაიცვან მათ ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საექსპერტო დოკუმენტები ასახავდა ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ხელისუფლების მკაფიო მოსაზრებას, რომ ბავშვების ვაქცინაცია ქვეყანაში სამართლებრივ ვალდებულებად უნდა დარჩენილიყო და ხაზგასმით აღნიშნავდა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისადმი არსებულ რისკებს, რასაც გამოიწვევდა ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება, თუ ის სარეკომენდაციო ხასიათის იქნებოდა.
ამ არგუმენტების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვაქცინაციის ვალდებულება შეიძლება ითქვას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლების პასუხს მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებაზე, დაცული ყოფილიყო ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა გადამდები დაავადებებისგან.
- რელევანტური და საკმარისი საფუძვლები
რაც შეეხება იმ მიზეზებს, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ქვეყანაში ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის უკან იდგა საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფუძველი და ასევე ქვეყნებს შორის არსებული კონსენსუსი, რომ მიეღწიათ ვაქცინაციის მაჩვენებლის უმაღლესი შესაძლო წერტილისთვის. სასამართლომ დამატებით აღნიშნა ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები ამართლებდნენ აღნიშნულ პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო აცრები არ იყო ევროპის ქვეყნებში ერთადერთი ან ყველაზე გავრცელებული მოდელი, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკასთან მიმართებით ეროვნული ხელისუფლება ყველაზე კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, რათა შეეფასებინა პრიორიტეტები, რესურსების გამოყენება და საზოგადოების საჭიროებები. მოცემულ კონტექსტში ყველა აღნიშნული ასპექტი რელევანტური იყო და ისინი ექცეოდა თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებში, რომელსაც სასამართლო მოპასუხე სახელმწიფოებს აკუთვნებდა.
გარდა ამისა, ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი მათი საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. ამასთან, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები დაედოს საფუძვლად მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე გავლენის მქონე ყველა გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება იმუნიზაციას, მიზანი უნდა იყოს ყოველი ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან. შემთხვევათა უმრავლესობაში ეს მიღწეულ იქნა ადრეულ ასაკში ბავშვების სრული განრიგით ვაქცინაციით. ისინი, რომლებიც ვერ იკეთებდნენ აცრას, ირიბად იყვნენ დაცულები გადამდები დაავადებებისგან რამდენადაც საზოგადოებაში ვაქცინაციის საჭირო რაოდენობა ჩატარებული იყო; შესაბამისად, სადაც ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არ იყო საკმარისი ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, ეროვნულ ხელისუფლებას შეეძლო გაეტარებინა სავალდებულო აცრების პოლიტიკა, რათა მიეღწია შესაბამისი დონის დაცვისთვის სერიოზული დაავადებებისგან დასაცავად.
სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე სახელმწიფოს პოლიტიკა ეფუძნებოდა მსგავს მოსაზრებებს და ამდენად, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ შესაბამისობაში იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ჩეხეთის კანონმდებლობის არჩევანი- ვაქცინაცია სავალდებულო გაეხადა, გამყარებული იყო რელევანტური და საკმარისი მიზეზებით.
- იყო თუ არა ჩარევა მისაღწევი მიზნის პროპორციული
ვაქცინაციის ვალდებულება ეხებოდა ცხრა დაავადებას, რომელთა მიმართაც ვაქცინაცია ეფექტურად და უსაფრთხოდ იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოების მიერ, იგივე ვრცელდებოდა მეათე ვაქცინაზეც, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელობის განსაზღვრული მაჩვენებლის მქონე ბავშვებს უკეთდებოდა. მართალია, ჩეხეთში არსებული მოდელი სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობდა, თუმცა ეს ვალდებულება არ იყო აბსოლუტური. დაშვებული იყო გამონაკლისი, კერძოდ იმ ბავშვების მიმართ, რომლებისთვისაც ვაქცინა უკუნაჩვენები იყო. გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი გამონაკლისი ,,საერო სინდისის წინააღმდეგობის’’ საფუძველზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ბ-ნი ვავრიცკას საქმეზე აღიარა და შემდგომი პრაქტიკით განვითარდა.
მართალია, მოპასუხე სახელმწიფოში ვაქცინაცია სამართლებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ვალდებულების შესრულება პირდაპირ ვერ იქნებოდა მოთხოვნილი იმ გაგებით, რომ არ არსებობდა დებულება, რომელიც იძულებით ვაქცინაციის განხორციელებას ნებადართულად მიიჩნევდა. ბ-ნი ვავრიცკისთვის დაკისრებული სანქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს შედარებით ზომიერად, რომელიც შედგება ერთჯერადი ადმინისტრაციული ჯარიმისგან.
რაც შეეხება მომჩივან ბავშვებს, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე მათთვის უარის თქმა იყო იმგვარი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა პატარა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას და ძირითადად ჰქონდა არა სადამსჯელო, არამედ დაცვითი ბუნება.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული გარანტიები. მომჩივნებს შეეძლოთ როგორც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, ასევე ადმინისტრაციული სასამართლოსა და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.
რაც შეეხება მომჩივან ბავშვებს, სკოლამდელი დაწესებულებიდან მათი ჩამოშორება ნიშნავდა მნიშვნელოვანი პიროვნული განვითარებისა და ფორმალურ პედაგოგიურ გარემოში სოციალური და სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობის დაკარგვას. მიუხედავად ამისა, ეს იყო მათი მშობლების მიერ გაკეთებული არჩევანის პირდაპირი შედეგი, კერძოდ მათ აირჩიეს უარი ეთქვათ სამართლებრივი ვალდებულების შესრულებაზე, რომლიც მიზანიც ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა იყო. უფრო მეტიც, აღნიშნული შედეგი დროში შეზღუდული იყო. როგორც კი ბავშვები სკოლის ასაკს მიაღწევდნენ, სკოლაში მათ ჩარიცხვაზე გავლენას ვერ იქონიებდა ვაქცინაციის გარემოება.
შედეგად, მომჩივნების მიერ გასაჩივრებული ღონისძიებები, ეროვნული სისტემის კონტექსტის შეფასებით, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული იყო.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში განსახილველი საკითხი არ წარმოადგენდა, შეიძლებოდა თუ არა ამ მიმართულებით განსხვავებული, უფრო ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის გატარება, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში ხორციელდებოდა. არამედ, მოცემულ საქმეში უნდა დადგენილიყო, უფლებებს შორის ბალანსის დადგენის დროს, ჩეხეთის ხელისუფლებამ ხომ არ გადააჭარბა მათთვის მიკუთვნებულ შეფასების ფარგლებს. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ღონისძიებები შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო, როგორც ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები