Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
დიდი პალატა
ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ
VAVŘIČKA AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC
საჩივრები №47621/13 და 5 სხვა
გადაწყვეტილება
2021 წელი, 8 აპრილი
ფაქტები
საქმე, რომელიც დაიწყო ექვსი საჩივრის საფუძველზე, ეხება კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, რომ ვაქცინაცია გაუკეთდეს ბავშვებს სამედიცინო მეცნიერებისთვის კარგად ნაცნობი დაავადებების წინააღმდეგ და ასევე, ეხება ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომჩივნებისთვის შედეგებს. პირველი საჩივარი შეიტანა მშობელმა საკუთარი სახელით, დავობდა იმ ფაქტის გამო, რომ დაჯარიმდა, როდესაც არ აცრა სკოლის ასაკის შვილები. სხვა საჩივრები მშობლებმა შეიტანეს მათი არასრულწლოვანი შვილების სახელით, მას შემდეგ, რაც მათ უარი უთხრეს სკოლამდელ დაწესებულებაში თუ საბავშვო ბაღებში ჩარიცხვაზე.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
160. მომჩივნები დავობდნენ, რომ ბ-ნი ვავრიჩკასთვის ჯარიმის დაკისრება და ბავშვი მომჩივნებისთვის საბავშვო ბაღში შესვლაზე უარი (იმის გამო, რომ მშობლებმა უარი განაცხადეს მათ სავალდებულო აცრაზე), იყო თვითნებური.
სასამართლოს შეფასება
ა) საჩივრების საგანი
258. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით საკუთარი საჩივრები შეადგინეს ძირითადად, ბ-ნ ვავრიჩკასთვის დაკისრებული ჯარიმის და ბავშვი მომჩივნების საბავშვო ბაღში არმიღებასთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჩივრები ეხებოდა ვაქცინაციის ვალდებულების შეუსრულებლობას.
259. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, მომჩივნების მიერ გამოწვეული შედეგები არ შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს ძირითადი ვალდებულებისგან. ამის საპირისპიროდ, ისინი (შედეგები) მომდინარეობენ დაუყონებლივ და უშუალოდ მომჩივანთა დამოკიდებულებისგან და შესაბამისად, არსობრივად უკავშირდებიან მას (ძირითად ვალდებულებას).
260. ამ გარემოებებში, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანთა საჩივრების საგანი არის ვაქცინაციის ვალდებულება და მათი შეუსრულებლობის შედეგები.
ბ) ფარგლები
261. მხარეებს შორის საერთო საფუძველია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე წამოყენებული საჩივარი ეხება მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება იმას, რომ დამკვიდრებულია, რომ პირის ფიზიკური მთლიანობა წარმოადგენს მისი „პირადი ცხოვრების“ ნაწილს, კონვენციის ამ დებულების მნიშვნელობით, რომელიც ასევე გარკვეულწილად, მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების და განვითარების უფლებას (იხ.: Paradiso and Campanelli v. Italy [GC], no. 25358/12, § 159, 24 იანვარი 2017, სხვა მითითებებთან ერთად; და ასევე, კონკრეტულად ვაქცინაციასთან დაკავშირებით, Boffa and Others, და Baytüre and Others v. Turkey (განჩნება), no. 3270/09, 12 მარტი 2013).
262. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მომჩივანმა ასევე, მიუთითა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე, ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ მე-8 მუხლთან დაკავშირებული მათი საჩივრები განიხილოს ამ დამატებითი პერსპექტივის კუთხით.
გ) ჩარევა
263. სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ პრაქტიკაში დაადგინა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია, როგორც არანებაყოფლობითი სამედიცინო ჩარევა, წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას (იხ.: Solomakhin v. Ukraine (no. 24429/03, § 33, 15 მარტი 2012, სხვა მითითებებთან ერთად). რაც შეეხება წინამდებარე მომჩივნებს, როგორც მთავრობამ აღნიშნა, მართალია, რომ არც ერთი სადავო ვაქცინაცია არ გაკეთებულა. თუმცა, წინამდებარე საქმის სადავო საგნის გათვალისწინებით, როგორც ზემოთ დადგინდა (პარ. 260), და ასევე, ის ფაქტი, რომ ბავშვმა მომჩივნებმა მიიღეს ვაქცინაციის შეუსრულებლობის პირდაპირი შედეგები იმით, რომ ისინი არ მიიღეს სკოლამდელ დაწესებულებაში, ევროპული სასამართლო ეთანხმება, რომ მათთან დაკავშირებით მოხდა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა.
264. რაც შეეხება ბ-ნ ვავრიჩკას, მაშინ როდესაც საქმე ეხება მისი შვილების ვაქცინაციას, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ფაქტს არ მივყავართ განსხვავებულ დასკვნამდე. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მას პირადად ევალებოდა შვილების ვაქცინირება, და მისი შეუსრულებლობის შედეგები ანუ ჯარიმა, მას პირადად შეეხო, როგორც პირს, რომელიც კანონით პასუხისმგებელი იყო შვილების კეთილდღეობაზე. შვილების ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ, ბ-ნმა ვავრიჩკამ განმარტა, რომ მისი მოტივი იყო მათი ფიზიკური მთლიანობა, მას ეშინოდა, რომ ვაქცინაციას შეიძლება სერიოზული ზიანი მიეყენებინა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ამ ვითარებაში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნი ვავრიჩკას საქმის ფაქტები ასევე, შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ ამჟღავნებენ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, რასაც დაეთანხმა მთავრობა (იხ.: Boffa and Others, გვ. 34).
დ) ჩარევის დასაბუთება
265. იმის დასადგენად, გამოიწვია თუ არა ჩარევამ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეისწავლოს, იყო თუ არა იგი გამართლებული ამ მუხლის მეორე პუნქტით ანუ იყო თუ არა ჩარევა „კანონის შესაბამისი,“ რომელიც ახორციელებდა ერთ ან მეტ მასში განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და რომელიც „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
(i) კანონის შესაბამისად
266. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ჩარევას უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, რომელიც უნდა იყოს ადეკვატურად ხელმისაწვდომი და ჩამოყალიბებული საკმარისი სიზუსტით, რათა მათ, ვისაც ეს ეხება დაარეგულირონ საკუთარი ქცევა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რჩევის და არსებული გარემოებების გათვალისწინებით გონივრული ხარისხით განსაზღვრონ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოცემულ ქმედებას (იხ.: Dubská and Krejzová v. the Czech Republic [GC], nos. 28859/11 and 28473/12, § 167, 15 ნოემბერი 2016, სხვა მითითებებთან ერთად).
267. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ვალდებულებას აქვს თავისი კონკრეტული საფუძველი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგები ბ-ნი ვავრიჩკასთვის წარმოიშვა ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული დებულებების საფუძველზე. ამ დებულებათა ხელმისაწვდომობდა და განჭვრეტადობა მომჩივნებს არ გაუხდიათ სადავო.
268. პირიქით, მომჩივნის კონკრეტული დავა გასაჩივრებული ჩარევის კანონიერებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ემყარება მათ მტკიცებას, რომელიც დაფუძნებულია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ქარტიის მე‑4 მუხლის დებულებებზე, რომ მოცემულ კონტექსტში ტერმინი „კანონი“ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ექსკლუზიურად პარლამენტის რეგლამენტზე მითითება, რადგან ცნება „კანონი“ (zákon) ეროვნულ დონეზე, სწორედ ასე არის აღქმული. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის ვაქცინაციის სქემა ემყარება პირველადი და მეორადი კანონმდებლობის ერთობლიობას.
269. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტერმინი „კანონი,“ როგორც ეს ჩნდება ფრაზებში „კანონის შესაბამისად“ და „კანონით განსაზღვრული“ კონვენციის მე-8 - მე-11 მუხლებში, გაგებული უნდა იქნეს მისი „არსებითი“ და არა „ფორმალური“ მნიშვნელობით. ამრიგად, იგი მოიცავს, inter alia, „დაწერილ კანონს,“ რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველადი კანონმდებლობით, არამედ მოიცავს შედარებით დაბალი კატეგორიის სამართლებრივ აქტებს და ინსტრუმენტებს. საბოლოოდ, „კანონი“ არის მოქმედი დებულება, რომელიც კომპეტენტური სასამართლოების მიერ არის განმარტებული (იხ.: Sanoma Uitgevers B.V. v. The Netherlands [GC], no. 38224/03, § 83, 14 სექტემბერი 2010, სხვა მითითებებთან ერთად).
270. უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკანონმდებლო წყობის კონსტიტუციურობა განხილული იქნა ფართოდ და დაცული იყო როგორც უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
271. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო დარწმუნებულია, რომ ჩარევა იყო კანონის შესაბამისი კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის მნიშვნელობით.
(ii) ლეგიტიმური მიზანი
272. რაც შეეხება ვაქცინაციის მოვალეობის განხორციელების მიზნებს, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს და როგორც ეს აღიარებულია ეროვნული სასამართლოების მიერ, შესაბამისი კანონმდებლობის მიზანია დაიცვას ისეთი დაავადებებისგან, რომლებმაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას. ეს ეხება როგორც მათ, ვინც იკეთებს შესაბამის ვაქცინაციას და ასევე მათ, ვისაც არ შეუძლია აცრა, შესაბამისად, იმყოფებიან დაუცველ მდგომარეობაში, რომელიც ეყრდნობა საზოგადოების შიგნით ვაქცინაციის მაღალი დონის მიღწევას, სადავო გადამდები დაავადებებისგან დასაცავად. ეს მიზანი შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვისა და სხვათა უფლებების დაცვის მიზნებს, რომლებიც აღიარებულია მე-8 მუხლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არის საჭირო იმის გადაწყვეტა შეიძლება თუ არა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლეგიტიმურად აღიარებული სხვა მიზნები აქტუალური იქნეს, როდესაც სახელმწიფო იღებს ზომებს დაიცვას სერიოზული დაავადებებით გამოწვეული სერიოზული საზოგადოებრივი დარღვევები, კერძოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ან წესრიგის დარღვევის პრევენცია.
(iii) აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
(α) ზოგადი პრინციპები და თავისუფალი შეფასების ფარგლები
273. მოქმედი პრინციპები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად (კერძოდ, იხ.: Dubská and Krejzová, §§ 174-8, სხვა მითითებებთან ერთად):
– ჩარევა ჩაითვლება „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, თუ ის პასუხობს „მწვავე სოციალურ მოთხოვნას“ და კერძოდ, თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ მისი დასაბუთების მიზეზები არის „შესაბამისი და საკმარისი“ და ის ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია.
– კონვენციის სისტემას აქვს ფუნდამენტურად დამხმარე როლი. ეროვნულ ხელისუფლებას აქვს პირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა დაცვას ასევე, საკუთარ ქვეყანასთან მათი პირდაპირი და უწყვეტი კავშირის გამო, ისინი უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან, ვიდრე საერთაშორისო სასამართლო, იმისათვის, რომ შეაფასონ ადგილობრივი საჭიროებები და პირობები.
– შესაბამისად, პირველ ყოვლისა, ეროვნული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გააკეთოს პირველადი შეფასება, თუ სად არის სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა და პირის უფლებებში ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას, მე-8 მუხლის კონტექსტში. შესაბამისად, კანონმდებლობის მიღებისას, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენტულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენას, სახელმწიფოებს საშუალება უნდა მიეცეთ განსაზღვრონ ის საშუალებები, რომლებიც მათ საუკეთესოდ მიაჩნიათ ამ ინტერესთა ბალანსის მისაღწევად.
– ეროვნული ორგანოების ეს შეფასება კვლავ ექვემდებარება სტრასბურგის სასამართლოს განხილვას, რაც საბოლოო შეფასებას მოგვცემს იმის შესახებ, კონკრეტულ საქმეში ჩარევა, არის თუ არა „საჭირო,“ რადგან ეს ტერმინი გაგებული უნდა იქნეს კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. როდესაც რისკის წინაშე მყოფი უფლება გადამწყვეტია პირის ინტიმური ან ძირითადი უფლებებით ეფექტური სარგებლობისათვის, ასეთ შემთხვევაში, ზღვარი უნდა იყოს შედარებით ვიწრო. როდესაც საფრთხე ემუქრება პირის არსებობას ან იდენტობას, სახელმწიფოსთვის დაწესებული ზღვარი ასევე, უნდა იყო შეზღუდული. კონვენციის შემკვრელ მხარეებს შორის, როდესაც არ არსებობს კონსესუსი, როგორც რისკის წინაშე არსებული ინტერესის შედარებითი მნიშვნელობის ასევე, მისი დაცვის საუკეთესო საშუალებების მხრივ, კერძოდ, მაშინ როდესაც საქმე ბადებს მგძნობიარე მორალურ ან ეთიკურ საკითხებს, ზღვარი უფრო ფართო იქნება.
274. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები პრინციპში, ექცევა ეროვნული ხელისუფლების შეფასების ფარგლებში, რომლებიც საუკეთესო პირობებში არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პრიორიტეტები, რესურსების გამოყენება და სოციალური საჭიროებები (იხ.: Hristozov and Others v. Bulgaria (nos. 47039/11 and 358/12, § 119, ECHR 2012 (ამონარიდები), სხვა მითითებებთან ერთად).
275. დაბოლოს, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები, როგორც წესი, ფართო იქნება თუ მას მოეთხოვება ბალანსის დადგენა კონკრეტულ კერძო და საჯარო ინტერესებს ან კონვენციის უფლებებს შორის (იხ.: Evans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, §77, ECHR 2007‑I, სხვა მითითებებთან ერთად).
(β) თავისუფალი შეფასების ფარგლები წინამდებარე საქმეში
276. ვინაიდან, წინამდებარე საქმე ეხება სავალდებულო სამედიცინო ჩარევას, ვაქცინაციის ვალდებულება შეიძლება ჩაითვალოს როგორც პირის პირადი უფლებების ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული (იხ.: Solomakhin, ციტირებული ზემოთ, §33). ამასთან, ამ მსჯელობის წონა მცირდება იმით, რომ არცერთი ვაქცინაცია არ განხორციელებულა მომჩივანთა ნების საწინააღმდეგოდ და არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ნებას არ რთავს დაკისრებული მოვალეობის იძულებით შესრულებას.
277. კონსესუსის არსებობისას, სტრასბურგის სასამართლო განასხვავებს ორ ასპექტს. პირველი, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობს ზოგადი კონსესუსი, რომელსაც მხარს უჭერენ სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეკონომიკურად ეფექტური ჯანმრთლობასთან დაკავშირებული ჩარევა და რომ თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს მოსახლეობის ვაქცინაციის დონის მაქსიმუმს. შესაბამისად, რისკის წინაშე მყოფი ინტერესის მნიშვნელობა არ დგას ეჭვქვეშ.
278. მეორე, როდესაც საქმე ეხება ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებებს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს კონსესუსი ერთ მოდელთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს ბავშვთა ვაქცინაციის პოლიტიკის დიაპაზონი, ზოგი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციას, ზოგი სავალდებულოს ხდის ერთ ან მეტ ვალდებულებას, ხოლო ზოგიერთი ბავშვთა სრული ვაქცინაციის უზრუნველყოფას აქცევს სამართლებრივ მოვალეობად. ჩეხეთმა გაიზიარა ამ დიაპაზონის უკანასკნელი პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს და იზიარებს კიდევ სამი დაკავშირებული მთავრობა (საფრანგეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი). უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს რამდენიმე სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში ბოლოდროინდელ ცვლილებებს, მეტად მიმთითებელი მიდგომის მიმართ, რადგან შემცირდა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და შედეგად შემცირდა საერთო იმუნიტეტი.
279. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ვაქცინაცია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე პოლიტიკის ფუნდამენტური ასპექტი, თავისთავად არ წარმოშობს მგძნობიარე მორალურ ან ეთიკურ საკითხებს, სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ ვაქცინაციის კანონიერ ვალდებულებად გადაქცევა შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმოშობს მათ. ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ გერმანიაში ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებას წინ უძღოდა ამ საკითხთან დაკავშირებული ფართო საზოგადოებრივი და საპარლამენტო დებატები. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საყოველთაოდ აღიარებული მგრძნობელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირთა პერსპექტივით, რომლებიც არ ეთანხმებიან ვაქცინაციის ვალდებულებას. როგორც მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, ის ასევე, უნდა ჩაითვალოს, როგორც სოციალური სოლიდარობის ღირებულება, მოვალეობის მიზანია დაიცვას საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით მათი, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან გარკვეული დაავადებებს მიმართ და რომელთა სახელითაც დანარჩენ მოსახლეობას სთხოვენ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი ვაქცინირებით (ამასთან დაკავშირებით იხ.: Resolution 1845(2011) of the Parliamentary Assembly of the Council of Europe). სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ამ საკითხს.
280. როგორც ზემოთ აღინიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ადრე უკვე დაადგინა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები ექცევიან ეროვნული ხელისუფლების თავისუფალი შეფასების ფარგლებში. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით და მისი კარგად დამკვიდრებული პრინციპების გამოყენებით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, რომელიც კონკრეტულად ეხება ბავშვთა ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათს, ეს ფარგლები უნდა იყოს ფართო.
(γ) მწვავე სოციალური საჭიროება
281. ზოგადად, ბავშვის ვაქცინაციის მნიშვნელობის აღიარებით, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის უმთავრესი საზომი, შემდგომში განხილული უნდა იყოს, პასუხობდა თუ არა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევანი (ბავშვების ვაქცინაცია გაეხადა სავალდებულო) მწვავე სოციალურ მოთხოვნილებებს.
282. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლების შესაბამისად ეკისრებათ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ შესაბამისი ზომები მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით (იხ.: L.C.B. v. the United Kingdom, 9 ივნისი 1998, § 36, გადაწყვეტილებათა და განჩნებათა ანგარიშები 1998 III; Budayeva and Others v. Russia, nos. 15339/02 და 4 სხვა, §§ 128-130, ECHR 2008 (ამონარიდები); Furdík v. Slovakia (dec.), no. 42994/05, 2 დეკემბერი 2008, სხვა მითითებებთან ერთად; Hristozov and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 106 და 116; İbrahim Keskin v. Turkey, no. 10491/12, § 62, 27 მარტი 2018; და Kotilainen and Others v. Finland, no. 62439/12, §§ 78 et seq., 17 სექტემბერი 2020). მსგავსი ვალდებულებები წარმოიშობა ადამიანის უფლებების სხვა ფართოდ მიღებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებში, რომლებიც შემდგომში განვითარებულია კომპეტენტური მონიტორინგის ორგანოების პრაქტიკაში (იხ:. International Covenant on Economic, Social and Cultural Rights; the Convention on the Rights of the Child; და the European Social Charter).
283. სტრასბურგის სასამართლო ეხება მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო მასალას, რომელიც გადმოსცემს ჩეხეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამედიცინო ორგანოების მტკიცე შეხედულებას იმის შესახებ, რომ ბავშვების ვაქცინაცია უნდა დარჩეს კანონიერი ვალდებულების საგანი ამ ქვეყანაში და ხაზს უსვამს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, თუ ის გახდება მხოლოდ რეკომენდირებული პროცედურა. ვაქცინაციის შემცირებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ შეშფოთება ასევე, გამოთქვეს სხვა მთავრობებმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, ადრეული ასაკიდან ბავშვთა იმუნიტეტის შემუშავების მნიშვნელობაზე. მსგავსი დამოკიდებულება ასევე, გაჩნდა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.
284. ამ განცხადებების და ამ საკითხზე საექსპერტო ორგანოების მიერ მიღებული მკაფიო პოზიციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვაქცინაციის ვალდებულება წარმოადგენს ეროვნული ხელისუფლების პასუხს იმ მწვავე სოციალურ მოთხოვნილებაზე, რომ დაიცვას ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა მოცემული დაავადებებისგან და დაიცვას ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებლის ყოველგვარი დაღმავალი ტენდენცია.
(δ) შესაბამისი და საკმარისი მიზეზები
285. რაც შეეხება ჩეხეთის რესპუბლიკაში ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათის მიზეზებს, სტრასბურგის სასამართლომ უკვე აღიარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება ამ პოლიტიკის არჩევანს, განსაკუთრებით, ბავშვების ვაქცინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მან ასევე, აღიარა ზოგადი კონსესუსი, რომელიც მხარს უჭერს მიზანს თითოეული სახელმწიფოსათვის, მიაღწიონ ვაქცინაციის მაქსიმალურ ოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები დავობდნენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, რომ განსზღვრული ვაქცინაციის ვალდებულება აუცილებელი და გამართლებული იყო, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ნათლად ჩამოაყალიბა ამ არჩევანის მიზეზები. მოგვიანებით, ევროპული სასამართლო ასევე, უთითებს ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე, რომ ამ საკითხის ეროვნული და საერთაშორიო ექსპერტების შესაბამისი ცნობები ამართლებდა ამ პოლიტიკის გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის სისტემა არ არის ერთადერთი ან ყველაზე გავრცელებული მოდელი ევროპული სახელმწიფოების მიერ, სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში სწორედ ეროვნული ხელისუფლების ორგანოები არიან საუკეთესო პირობებში იმისათვის, რომ შეაფასონ პრიორიტეტები, რესურსების გამოყენება და სოციალური საჭიროებები. ყველა ეს ასპექტი აქტუალურია მოცემულ კონტექსტში და ისინი ექცევიან ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლებში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უნდა მიანიჭოს მოპასუხე სახელმწიფოს.
286. გარდა ამისა, საქმის საგანი აუცილებლად აყენებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების საკითხს. ამ მხრივ მომჩინვებმა განაცხადეს, რომ უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორც უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და სახელმწიფოს ჩარევა შეიძლება დასაშვები იქნეს მხოლოდ როგორც უკიდურესი საშუალება ექსტრემალურ სიტუაციებში. მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის კონტექსტში, ბავშვის საუკეთესო ინტერესი ემსახურებოდა ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობას.
287. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაში მათი საუკეთესო ინტერესები უმნიშვნელოვანესია. ეს გავლენას ახდენს ამ საკითხთან დაკავშირებულ ფართო კონსესუსზე, რომელიც ასახულია გაეროს ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე‑3 მუხლში (იხ.: საკონსულტაციო მოსაზრება, რომელიც ეხება ეროვნულ კანონმდებლობაში მშობლებისა და შვილების კანონიერი ურთიერთობის აღიარების შესახებ საზღვარგარეთ გესტაციური სუროგაციის წესით დაბადებულ ბავშვს და მომავალ დედას შორის [GC], request no. P16‑2018‑001, French Court of Cassation, § 38, 10 აპრილი 2019, სხვა მითითებებთან ერთად; და Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], no. 41615/07, § 135, ECHR 2010).
288. აქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება გაითვალისწინონ ბავშვის და ბავშების, როგორც ჯგუფის საუკეთესო ინტერესები ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. რაც შეეხება იმუნიზაციას, მიზანი უნდა იყოს ის, რომ ყველა ბავშვი იყოს დაცული სერიოზული დაავადებებისგან. საქმეთა უმეტეს შემთხვევაში, ეს მიიღწევა იმ ბავშებში, რომლებიც სრულად აიცრნენ ადრეულ წლებში. ისინი, ვისთვისაც ვაქცინაცია შეუძლებელია, ირიბად არიან დაცულნი გადამდები დაავადებებისგან, ვიდრე მათ საზოგადოებაში შენარჩუნებულია ვაქცინაციის საჭირო ოდენობა, ანუ მათი დაცვა ხდება საყოველთაო იმუნიტეტით. ამრიგად, როდესაც მიჩნეულია, რომ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პოლიტიკა არ არის საკმარისი საყოველთაო იმუნიტეტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, საყოველთაო იმუნიტეტი არ არის აქტუალური დაავადების ბუნების გამო (მაგ. ტეტანუსი), ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება გონივრულად შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა სერიოზული დაავადებებისგან დაცვის სათანადო დონის მისაღწევად. სტრასბურგის სასამართლო აცნობიერებს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ჯანმრთელობის პოლიტიკა ეფუძნება ისეთ მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ის შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც მისი (ჯანდაცვის პოლიტიკის) ყურადღების ცენტრში იმყოფებიან (იხ.: General comment No. 15 of the United Nations Committee on the Rights of the Child; ასევე, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და ინგლისის და უელსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
289. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევანი ვაქცინაციის სავალდებული მიდგომის განსახორციელებლად გამყარებულია შესაბამისი და საკმარისი მიზეზებით. ეს დასკვნა ვრცელდება მომჩივნების მიერ გასაჩივრებულ კონკრეტულ ჩარევებზე, ვინაიდან ბ-ნი ვავრიჩკას მიმართ დაწესებული ადმინისტრაციული სანქცია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვი მომჩივნების მიუღებლობა უშუალოდ გამომდინარეობდა კანონით დადგენილი ჩარჩოს გამოყენებიდან.
(ε) პროპორციულობა
290. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ჩარევების პროპორციულობა, მიზნის გათვალისწინებით.
291. პირველ ყოვლისა, ევროპული სასამართლო შეისწავლის ეროვნული სისტემის შესაბამის მახასიათებლებს. ვაქცინაციის ვალდებულება ეხება ცხრა დაავადებას, რომელთა საწინააღმდეგოდაც ვაქცინაცია ითვლება ეფექტიანად და უსაფრთხოდ სამეცნიერო საზოგადოების მიერ, ისევე როგორც მეათე ვაქცინაცია, რომელიც უკეთდებათ კონკრეტული ჯანმრთელობის ნიშნების მქონე ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხური მოდელი მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას, ეს არ არის აბსოლუტური ვალდებულება. გამონაკლისი არიან ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ვაქცინაციის მიმართ მუდმივი უკუჩვენება. მომჩივნები და ორი მესამე მხარე კრიტიკულად უყურებდნენ იმას, თუ როგორ განიმარტება და გამოიყენება გამონაკლისის ეს საფუძველი ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო პროფესიონალების მიერ. სტრასბურგის სასამართლო აღიშნავს, რომ არც ერთი მომჩივანი, არც ეროვნული სამართალწარმოების დროს და არც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, არ ეყრდნობოდნენ ფაქტობრივ უკუჩვენებას რომელიმე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მათ საჩივრებს. აქედან გამომდინარე, კითხვა თუ როგორ გამოიყენება გამონაკლისი პრაქტიკაში, რეალურად არ შეესაბამება მათ საჩივრებს. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა არ არის შესაბამისი კანონმდებლობის ან პრაქტიკის აბსტრაქტულად განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ უნდა უგულებელყოფდეს ზოგად კონტექსტს, ის შეძლებისდაგვარად უნდა შემოიფარგლებოდეს მის წინაშე წამოჭრილი საკითხების განხილვით (იხ.: Paradiso and Campanelli, ციტირებული ზემოთ, §180). ამრიგად, მას არ შეუძლია მიიღოს ის კრიტიკა, რომელიც გაჟღერებულია ვაქცინაციის ვალდებულების კანონიერ გამონაკლისთან მიმართებით.
292. მოპასუხე სახელმწიფოში, გამონაკლისი ასევე, შეიძლება დაშვებული იქნეს ვავრიჩკას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა როგორც „საყოველთაო წინააღმდეგობის“ უფლება. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ეს გამონაკლისი ეხება წინამდებარე საქმეში ჩარევის ორივე ფორმას და როგორც მთავრობამ დაადასტურა, ის შეიძლება ეფუძნებოდეს უშუალოდ ჯარიმის გასაჩივრებას ან ბავშვის საბავშო ბაღში მიღებაზე უარს. მომჩივნები დავობდნენ, რომ ეს გამონაკლისი თითქმის არასდროს გამოიყენებოდა პრაქტიკაში, კერძოდ, სკოლამდელ დაწესებულებაში მიღებასთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებითაც, სტასბურგის სასამართლოს შეუძლია მხოლოდ აღნიშნოს, რომ მომჩივანი ბავშვები არ ცდილობდნენ დაყრდნობოდნენ ამ გამონაკლისს, ეროვნული სამართალწარმოების დროს. რაც შეეხება მომჩივანი ვავრიჩკას კრიტიკას, ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მას მოგვიანებით შეეხება მე-9 მუხლის შესაბამისად, მისი საჩივრის განხილვის ფარგლებში.
293. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სახელმწიფოში ვაქცინაცია კანონიერი ვალდებულებაა, ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი შესრულება არ შეიძლება პირდაპირ იყოს დაწესებული, იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს დებულება, რომელიც საშუალებას მისცემს ვაქცინაციის იძულებით განხორციელებას. ინტერვენციურ სახელმწიფოებში განხორციელებული ღინისძიებების მსგავსად, ვალდებულება არაპირდაპირი გზით ხორციელდება სანქციების გამოყენების გზით. ჩეხეთის რესპუბლიკაში სანქცია შეიძლება ჩაითვალოს შედარებით მსუბუქად, რომელიც შედგება ადმინისტრაციული ჯარიმისგან და რომელიც შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ერთხელ. ბ-ნი ვავრიჩკას საქმეში, სანამ იგი ამტკიცებდა, რომ ამ გარემოებებში ჯარიმა იყო მაღალი, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხა მინიმალური იყო და არ შეიძლება მიჩნეული იყოს ზედმეტად მკაცრად ან დამამძიმებლად.
294. რაც შეეხება ბავშვ განმცხადებლებს, ევროპულმა სასამართლომ განიხილა მათი სკოლამდელ დაწესებულებებში მიუღებლობა, როგორც „ჩარევა“ კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. მომჩივნებმა ეს აღიარეს, როგორც სანქციის ან სასჯელის ფორმა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო ამ შედეგს (რომელიც პირდაპირ იყო გათვალისწინებული პირველადი კანონმდებლობით, ზოგადი კანონიერი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას) მიიჩნევს, რომ ეს არის არსებითად დამცავი და არა სადამსჯელო ხასიათის. ევროპული სასამართლო ვალდებულების შესრულებაზე უარს განიხილავს, როდესაც შეაფასებს მათი პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას.
295. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურულ გარანტიებს. როგორც ნაჩვენებია მომჩივნების მიერ დაწყებული ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მიემართათ სასამართლოს ყველა შესაბამისი ინსტანციისთვის და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. შესაბამისად, მათ საშუალება ჰქონდათ გაესაჩივრებინათ ვაქცინაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები. ამ უკანასკნელი საშუალებების მიმართ მომჩვანთა კრიტიკის საპირისპიროდ, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, პრინციპში, არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ოფიციალური (ფორმალური) ან როგორც ვაქცინაციის ვალდებულების ძირითადი უფლებების კუთხით, განხილვის თავიდან არიდება. მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლო სხვადასხვა და მოგვიანებით, პროცესებში შეეხო უშუალოდ ვაქცინაციის ვალდებულების კონსტიტუციასთან შესაბამისობას და დაადგინა, რომ საჯარო ინტერესი აღემატებოდა ამ პროცესში მოსარჩელეების საჩივარს, მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) მსჯელობა ბ-ნ ვავრიჩკას მიერ დაწყებულ სამართალწარმოებაში, რომელიც აღიარებს ზოგადი ვალდებულებისგან კონსტიტუციურ გამონაკლისს, უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან გარანტიად. ანალოგიურად, ქ-ნი ნოვოტნას (ერთ-ერთი მოსარჩელე) მიერ წარმოებულ სამართალწარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო ძირითადი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, თითოეული საქმის გარემოებები უნდა იყოს მკაცრად შეფასებული. ის ფაქტი, რომ არც ერთი მომჩივნის საკონსტიტუციო სარჩელი არ ყოფილა წარმატებული, არ ამცირებს ძირითადი უფლებების სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობას.
296. რაც შეეხება მომჩივნების წინააღმდეგობას ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი საჩივრის საფუძველი ემყარება ორმაგ წინააღმდეგობას. პირველ ყოვლისა, მათ გააკრიტიკეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ სფეროსთან მიმართებით ინსტიტუციური მოწყობა და ამტკიცებდნენ, რომ ჯანდაცვის ორგანოებისთვის მიცემული დისკრეცია გადაჭარბებული იყო, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი და გამჭვირვალობისა და საჯარო დებატების დეფიციტი. სტრასბურგის სასამართლო არ ეთანხმება ამ კრიტიკას. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებს, ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელების მხრივ, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ არ წარმოიშობა კანონის ხარისხის საკითხი. უფრო მეტიც, ევროპული სასამართლო SAC-ის დაკვირვების შესაბამისად მიიჩნევს, რომ გამოყენებული საკანონმდებლო მიდგომა საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, მოქნილი რეაგირება მოახდინოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და სამედიცინო მეცნიერებისა და ფარმაკოლოგიის განვითარებაზე. გარდა ამისა, ეროვნულ სისტემას, როგორც უკვე აღინიშნა, თან ახლავს მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიები.
297. რაც შეეხება პოლიტიკის შემუშავების პროცესის მთლიანობას, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მომჩივნების სარჩელის საპასუხოდ, მთავრობამ განმარტა NIC-ის (National Immunisation Commission – ეროვნული იმუნიზაციის კომისია) მიერ გატარებული პროცედურა შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მის წინაშე არსებული ელემენტების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ აქვთ საკმარისად დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ ეროვნული სისტემა დაბინძურებულია ინტერესთა კონფლიქტით, ან მათი წინადადება, რომ ჩეხეთის შესაბამისი საექსპერტო ორგანოების ან ჯანმო-ს მიერ მიღებული პოზიცია ვაქცინაციის შესახებ კომპრომეტირებულია ფარმაცევტული კორპორაციების ფინანსური მხარდაჭერით.
298. რაც შეეხება ეროვნული სისტემის გამჭვირვალობას და ხელისუფლების მიერ საჯარო განხილვის დონეს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივ გამჭვირვალობის ხარისხი მიიღწევა ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე NIC-ის შეხვედრების ოქმების გამოქვეყნების გზით. რაც შეეხება საზოგადოების მონაწილეობას, მთავრობამ განაცხადა რომ NIC-ის ექსპერტული შემადგენლობა შეესაბამებოდა მრავალი ევროპული სახელმწიფოს პრაქტიკას. ევროპული სასამართლო აღნიშნავს 2015 წელს წამოყენებულ ინიციატივას, ვაქცინაციის პოლიტიკის საჯარო განხილვის პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც აერთიანებს სამედიცინო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა მომჩივნებმა და საქმეში ჩართულმა მხარემ, ROZALIO-მ (მშობელთა ჯგუფი უკეთესი ინფორმირებულობისა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით თავისუფალი არჩევანისთვის) აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრები მცირე იყო და შეწყდა 2018 წელს. არ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ღონისძიებები (რომელთა მიხედვითაც პოლიტიკას ამყარებს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით მოქმედი საექსპერტო ორგანო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც საბოლოო ანგარიშვალდებული მოდელია), განიცდიან გამჭვირვალობის სერიოზულ დეფიციტს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჩეხეთის რესპუბლიკის ვაქცინაციის პოლიტიკის დამაჯერებლობას.
299. ეროვნული სისტემის ინსტიტუციონალურ ასპექტებთან დაკავშირებით, მომჩივნები ასევე, განიხილავენ ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, გამოხატავენ ძლიერ შეშფოთებას ჯანმრთელობაზე პოტინციურ მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში. უპირველეს ყოვლისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს მთავრობის განმარტებას, რომ ეროვნული სისტემის ფარგლებში ნებადართულია გარკვეული თავისუფლება ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ სტანდარტული ვაქცინებია უფასო, სხვა პროდუქტების თანხის ანაზღაურება კი, მშობლებს ეკისრებათ. ასევე, ნებადართულია ვაქცინაციის განრიგთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები, ვიდრე ბავში სრულად იქნება იმუნიზირებული შესაბამისი ასაკის მიხედვით.
300. რაც შეეხება ვაქცინაციის ეფექტურობას, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს ზოგად კონსესუსს მოსახლეობის დაავადებისგან დაცვის ამ საშუალების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ, რამაც შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე და სერიოზული აფეთქებების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული განხეთქილება წარმოშვას საზოგადოებაში.
301. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სადავო არ არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა მიმღებთა დიდი უმრავლესობისათვის, იშვიათ შემთხვევებში, ვაქცინაცია შეიძლება იყოს საზიანო პირისთვის, რაც სერიოზულ და ხანგრძლივ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. მსგავს სიტუაციებთან დაკავშირებული საჩივრები განხილული იქნა კონვენციის ფარგლებში წინა სამართალწარმოებებში (იხ.: Association of Parents v. the United Kingdom, no. 7154/75, კომისიის გადაწყვეტილება 12 ივლისი 1978, DR 14, გვ. 31; და Baytüre and Others, § 28). წინამდებარე საქმის ზეპირ მოსმენაზე მთავრობამ აღნიშნა, რომ ჩეხეთში, ყოველწლიურად აცრილი 100 000 ბავშვიდან (რაც წარმოადგენს 300 000 ვაქცინას), ჯანმრთელობის სერიოზული, პოტენციურად სამუდამო ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები იყო ხუთი ან ექვსი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ სამუდამო და ძალიან სერიოზული რისკია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, კონვენციის ორგანოებმა ხაზი გაუსვეს ვაქცინაციამდე აუცილებელი სიფრთხილის ზომების მიღებას (იხ.: Solomakhin, ციტირებული ზემოთ, § 36; Baytüre and Others, ციტირებული ზემოთ, § 29, და Association of Parents, ციტირებული ზემოთ, გვ. 33-34). ეს აშკარად ეხება ცალკეულ შემთხვევაში შესაძლო უკუჩვენებებს. ის ასევე, ეხება ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგს. ამ თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ეროვნული სისტემის ადეკვატურობა. ვაქცინაცია ტარდება სამედიცინო პროფესიონალების მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს უკუჩვენება, რაც წინასწარ შემოწმებულია დადგენილი პროტოკოლის სახით. ვაქცინები ექვემდებარება რეგისტრაციას ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ხოლო ჯანდაცვის ყველა პროფესიონალს ეკისრება სპეციალური მოვალეობა, შეატყობინოს სერიოზული ან მოულოდნელი გვერდითი ეფექტების ეჭვის შესახებ. შესაბამისად, გამოყენებული ვაქცინების უსაფრთხოება რჩება კომპეტენტური ორგანოების უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ.
302. რაც შეეხება ვაქცინაციით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების ანაზღაურების ხელმისაწვდომობის საკითხს, რომელიც ასევე, მომჩივნებმა წამოაყენეს, სტრასბურგის სასამართლო იხსენებს, რომ მან ადრე უკვე განიხილა საქმე, როდესაც დადგა ვაქცინაციით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი, თუმცა შესაბამის ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინა იყო რეკომენდირებული და არა სავალდებულო ხასიათის (იხ.: Baytüre and Others, ციტირებული ზემოთ, §§28-30). ევროპული სასამართლო როგორც ზოგადი წინადადება, აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, კომპენსაციის ხელმისაწვდომობა მართლაც მნიშვნელოვანია სავალდებულო ვაქცინაციის სისტემის საერთო შეფასებისათვის და ის ამ მხრივ, ეხება ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს obiter dictum არაოფიციალურ მოსაზრებას. იგივე საკითხი წამოჭრილია სხვა საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ. თუმცა, წინამდებარე საჩივრების კონტექსტში, საკითხს არ შეიძლება მიენიჭოს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა. როგორც უკვე აღინიშნა, არც ერთი ვაქცინა არ გაკეთებულა რომელიმე მომჩივნის ნების ან სურვილის საწინააღმდეგოდ. მათი უმრავლესობისთვის ფაქტები მოხდა იმ დროს, როდესაც კომპენსაცია ხელმისაწვდომი იყო 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით (ანუ 2013 წლის 31 დეკემბრამდე). უფრო მეტიც, სხვადასხვა მომჩვნის მიერ წამოწყებულ არცერთ ეროვნულ სამართალწარმოებაში კომპენსაციის საკითხი კონკრეტულად არ წამოყენებულა. საკონსტიტუციო სასამართლოს არაოფიციალური მოსაზრება ეხებოდა სხვა მხარეების მიერ წარმოებულ სამართალწარმოებას, რომლებმაც წამოაყენეს კომპენსაციის საკითხი. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს გამოაქვს დასკვნა, რომ საკითხი რეალურად არ იყო აქტუალური წინამდებარე მომჩივნების მიერ ვაქცინაციის ვალდებულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
303. სტრასბურგის სასამართლომ ასევე, უნდა განიხილოს სადავო ჩარევის ინტენსივობა მომჩივნების მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგელობასთან მიმართებით.
304. რაც შეეხება პირველ მომჩივანს, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ამ ვითარებაში, მისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმა არ იყო გადაჭარბებული (პუნქტი 293 ზემოთ). ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ არანაირი გავლენა არ მოჰყოლია ამ მომჩივნის შვილების განათლებას, რომლებიც უკვე თინეიჯერები იყვნენ, როდესაც მას დაეკისრა ჯარიმა.
305. რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს, მათ სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე უარი მიიღეს იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ვაქცინა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები და ზოგიერთი დაკავშირებული ასოციაცია დავობდნენ, რომ ეს გავლენას ახდენდა ოჯახური ცხოვრების ორგანიზებაზე, კერძოდ, ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების განხილვის ფარგლები განისაზღვრებოდა მხოლოდ მომჩივნებისა და მათზე გამოყენებული სადავო ზომების გავლენის განხილვით.
306. სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივანთა საბავშვო ბაღიდან გამორიცხვა ნიშნავდა ამ მცირეწლოვნების პიროვნული განვითარების შესაძლებლობის და ასევე, დაწყებითი პედაგოგიური გარემოს მნიშვნელოვანი სოციალური და სწავლის უნარების შეძენის დაკარგვას. თუმცა, ეს იყო უშუალო შედეგი იმ არჩევანისა, რომელიც მათმა მშობლებმა გააკეთეს კანონიერ ვალდებულებაზე უარის თქმისას, რომლის მიზანიც ჯანმრთელობის დაცვაა, განსაკუთრებით ამ ასაკობრივ ჯგუფში. როგორც მოპასუხე მთავრობამ და ასევე, ზოგიერთმა დაკავშირებულმა მთავრობამ განაცხადა, რომლებიც ეყრდნობიან ფართო სამეცნიერო მტკიცებულებებს, ადრეული ბავშვობა ვაქცინაციის ოპტიმალური დროა. უფრო მეტიც, საბავშვო ბაღში ბავშვების დასწრების შესაძლებლობა, რომელთა ვაქცინაცია შეუძლებელია სამედიცინო მიზეზების გამო, დამოკიდებულია სხვა ბავშვებში გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციის ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება სახელმწიფოსგან არაპროპორციულად ჩაითვალოს საყოველთაოდ აღიარებული დამცავი ღონისძიების მოთხოვნა იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ვაქცინაცია წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის მცირე რისკს, როგორც კანონიერი ვალდებულების და სოციალური სოლიდარობის სახელით, მცირე რაოდენობის დაუცველი ბავშების გულისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სარგებლობა მიიღონ ვაქცინაციით. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო ამ არჩევანის გაკეთება ლოგიკურად და ლეგიტიმურად, რაც სრულად შეესაბამება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გონივრულ დასაბუთებას. ამ მიზნის მისაღწევად ნაკლებად ინვაზიური საშუალებების სავარაუდო ხელმისაწვდომობა, როგორც მომჩივნები აცხადებდნენ, არ ამცირებს ამ დასკვნას.
307. სტრასბურგის სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფასებს ბავშვი მომჩივნების მიერ გამოტოვებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობას, მათ არ ჩამოერთვათ პიროვნული, სოციალური და ინტელექტუალური განვითარების ყოველგვარი შესაძლებლობა, თუნდაც მშობლების მხრიდან დამატებით და შესაძლოა მნიშვნელოვანი ძალისხმევისა და ხარჯების ფასად. სკოლაში დასწრების სავალდებულო ასაკის მიღწევისთანავე, მათ დაწყებით სკოლაში მიღებაზე გავლენას არ ახდენდა ვაქცინაციის სტატუსი. რაც შეეხება მომჩივანი ნოვოტნას კონკრეტულ სურვილს, განათლება მიეღო კონკრეტული პედაგოგიური ფილოსოფიის შესაბამისად, ის არ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის განცხადებას, რომ მას დარჩებოდა ასეთი სწავლების არჩევის უფლება, მიუხედავად სკოლამდელ დონეზე მისი არდასწრებისა.
308. დაბოლოს, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სისტემა არათანმიმდევრული იყო, რადგან მცირეწლოვან ბავშებს ვაქცინაცია მოეთხოვებოდათ, თუმცა ეს არ ეხებოდა სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულებს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პასუხი, რომ ზოგადი ვაქცინაციის მოვალეობა, რომელიც შედგება პირველადი აცრებისა და გამაძლიერებელი ვაქცინებისგან, ვრცელდება ყველაზე, ვინც ცხოვრობს ჩეხეთში მუდმივად ან გრძელვადიანი პერსპექტივით. ასე, რომ დაკავშირებულმა თანამშრომლებმა ჩვეულებრივ, უნდა მიიღონ ყველა დადგენილი ვაქცინა შესაბამის დროს, როგორც ამას მოითხოვს კანონი.
309. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების მიერ გასაჩივრებული ღონისძიებები, შეფასებული ეროვნული სისტემის კონტექსტში, არის პროპორციული იმ ლეგიტიმურ მიზნებთან, რომელსაც მოპასუხე სახელმწიფო ახორციელებს ვაქცინაციის მოვალეობის შესრულების გზით.
(στ) დასკვნა
310. სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, რომ საბოლოოდ, განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს, შეიძლებოდა თუ არა გატარებული ყოფილიყო განსხვავებული, ნაკლებად დირექტივის მიმცემი პოლიტიკა, როგორც გაკეთდა სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. პირიქით, განსახილველია, დარჩა თუ არა ჩეხეთის რესპუბლიკა საკუთარი თავისუფალი შეფასების ფარგლებში, ამ კონკრეტული ბალანსის დამყარებისას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მათ არ გადააჭარბეს თავისუფალი შეფასების ზღვარს და შესაბამისად, გასაჩივრებული ღონისძიებები შეიძლება ჩაითვალოს როგორც „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
311. აქედან გამომდინარე, არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.
312. ამ დასკვნის გათვალისწინებით, არ არის საჭირო მთავრობის არაამომწურავი პრეტენზიის განხილვა მომჩივნების ბროზიკი (Brozik) და დუბსკის (Dubsky) მე-8 მუხლთან მიმართებით საჩივრებთან დაკავშირებით.
კონვენციის მე-9 მუხლის სავარაუდო დარღვევა
313. მომჩივნები ვავრიჩკა, ნოვოტნა და ჰორნიჩი ასევე, დავობდნენ, რომ ბ-ნი ვავრიჩკასთვის დაწესებული ჯარიმა და ქ-ნი ნოვოტნას და ბ-ნი ჰორნიჩის ბავშვების საბავშვო ბაღში არდაშვება წარმოადგენდა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას, რომლის მიხედვითაც:
„1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
სტრასბურგის სასამართლოს შეფასება
330. სამი მომჩივანი ცდილობდა მოეპოვებინათ მე-9 მუხლით გარანტირებული უფლების დაცვა, ვაქცინაცისადმი მათი კრიტიკული პოზიციის გამო.
331. სტრასბურგის სასამართლოს აქამდე არ განუხილია ამ სიტუაციის მსგავს შემთხვევაზე მე-9 მუხლის გამოყენება. იგი მოკლედ იქნა განხილული კომისიის მიერ საქმეში Boffa and Others (ციტირებული ზემოთ). კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით, რამდენადაც აქტუალურია, დაადგინა, რომ პირადი რწმენის სფეროს დაცვისას, მე-9 მუხლი ყოველთვის არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ საჯაროდ შეიძლება ისე მოქცევა როგორც ამას კარნახობს ამგვარი რწმენა და აღნიშნა, რომ ტერმინი „პრაქტიკა“ არ მოიცავს თითოეულ ქმედებას, რომელიც მოტივირებულია რწმენით. მან ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ვალდებულება როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ საქმეში, მოცემული კანონმდებლობით, ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად მათი რელიგიისა და პირადი აღმსარებლობისა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ თავისუფლებაში ჩარევას.
332. სტრასბურგის სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მიუთითოს საკუთარ მსჯელობაზე საქმეში Bayatyan v. Armenia ([GC], no. 23459/03, §110, ECHR 2011, სხვა მითითებებთან ერთად, სადაც განხილული იყო მე-9 მუხლის გამოყენება მომჩივნის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო რელიგიური ნიშნით, სამხედრო სამსახურში. მან დაადგინა, რომ „სამხედრო სამსახურში წინააღმდეგობა, როდესაც ის მოტივირებულია სერიოზული და გადაულახავი კონფლიქტით, ჯარში სამსახურის ვალდებულებას და პირის სინდისს ან მის ღრმა და გულწრფელ რელიგიურ ან სხვა მრწამსს შორის, წარმოადგენს საკმარისად დამაჯერებელ, სერიოზულ და მნიშვნელოვან კონფლიქტს იმისათვის, რომ მოიზიდოს მე-9 მუხლში წარმოდგენილი გარანტიები.“ შემდგომში მან დაადგინა, რომ თუკი და თუ რამდენად ექვეცა ასეთი წინააღმდეგობა მე-9 მუხლის ფარგლებში, უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (იქვე).
333. სტრასბურგის სასამართლო ასევე მიუთითებდა საკუთარ დასაბუთებაზე საქმეში Pretty v. the United Kingdom (no. 2346/02, §§ 82-3, ECHR 2002‑III), სადაც მას ეჭვი არ ეპარებოდა იმ მომჩივნის შეხედულებებში თვითმკვლელობის დახმარების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა მოსაზრება წარმოადგენს რწმენას იმ გაგებით, რომელიც დაცულია მე-9 მუხლით.
334. რაც შეეხება მომჩივან ვავრიჩკას, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მის საქმეზე პირველი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა არსებობდეს ვაქცინაციის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სასჯელის გამონაკლისის სახით დაუკისრებლობა, როდესაც გარემოებები ფუნდამენტურად მოითხოვს პირის ავტონომიის პატივისცემას. მან ხაზი გაუსვა ამ მხრივ, პირის მოთხოვნების თანმიმდევრულობისა და სანდოობის მნიშვნელობას და აღნიშნა ბ-ნ ვავრიჩკას მხრიდან საქმისწარმოების პროცესში თანმიმდევრულობის არარსებობის შესახებ ამ ეტაპამდე, რომელმაც ამ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ვაქცინაციაზე უარი უპირველესად, ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული; ხოლო ფილოსოფიური და რელიგიური ასპექტები მეორეხარისხოვანი იყო. შემდგომ სამართალწარმოებებში, SAC-მა დაადგინა, რომ ბ-ნ ვავრიჩკას მიერ სინდისის ქენჯნის საფუძველი წარმოიშვა მხოლოდ გვიან ეტაპზე და მან ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული არგუმენტის წამოყენება მის შეხედულებებთან და მათში ჩარევის ინტენსივობასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინაციამ გამოიწვია.
335. მომჩივანი დავობდა, რომ მისი კეთილსინდისიერი პოზიცია ნეგატიურად იქნა შეფასებული იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც შემუშავდა მხოლოდ ეროვნული სასამართლო სამართალწარმოების გვიან ეტაპზე. ამის საპირისპიროდ, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიდგომა იყო გონივრული და მართლაც, შეესაბამებოდა მე-9 მუხლის საკუთარ ინტერპრეტაციას, რომელიც ზემოთ იქნა წარმოდგენილი. ამ მხრივ, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული დასკვნებით და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს წინამდებარე საქმის განხილვისას არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია თავისი საჩივარი მე-9 მუხლის შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მისი კრიტიკული მოსაზრება ვაქცინაციის შესახებ არ არის ისეთი, რომ წარმოადგენდეს საკმარისად სერიოზულ მტკიცებას ან რწმენას, ან იყოს ერთიანი ან საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომ მოექცეს მე‑9 მუხლის გარანტიებში.
336. იგივე ეხება, a fortiori, მომჩივნების Novotna-სა და Hornych-ის საჩივრებს, რომელთაგან არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია ასეთი არგუმენტები ეროვნული სამართალწამოების ფარგლებში.
337. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული საჩივრები ratione materiae შეუთავსებელია კონვენციის მე-9 მუხლით გარენტირებულ დებულებებთან და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ბავშვი მომჩივნების მე-8 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების დასკვნებისა და მისი განხილვის ფარგლების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ საჭირო არ არის მათი საჩივრების ცალკე განხილვა 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საფუძველზე.
კონვენციის სხვა მუხლების სავარაუდო დარღვევა
346. დაბოლოს, ზოგიერთი მომჩივანი ასევე დავობდა კონვენციის მე-2, მე-6, მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე.
347. თუმცა, მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით და იმდენად, რამდენადაც გასაჩივრებული საკითხი შედის მის კომპეტენციაში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი არ ავლენენ რაიმე სახის კონვენციით ან მისი ოქმებით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო
თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
უმრავლესობით აცხადებს, რომ დაუშვებელია კონვენციის მე-9 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები;
თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ არ არის საჭირო ბავშვი მომჩივნების საჩივრის ცალკე განხილვა 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად;
ერთხმად, დაუშვებლად ცნობს საჩივრებს კონვენციის მე-2, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით.