დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF VAZAGASHVILI AND SHANAVA v. GEORGIA
(საჩივარი N 50375/07)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
18 ივლისი2019
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების თანახმად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (Vazagashvili and Shanava v. Georgia),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე,
იონკო გროზევი,
ანდრე პოტოცკი,
სიოფრა ო’ლირი,
მარტინშ მითსი,
გაბრიელე კუსკო-შტადლმაიერი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის მდივანი,
2019 წლის 25 ივნისის დახურული თათბირის შედეგად, აღნიშნული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცესი
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს ორი მოქალაქის, ბატონი იური ვაზაგაშვილის („პირველი მომჩივანი“) და ქალბატონ ციალა შანავას („მეორე მომჩივანი“) მიერ, რომლებიც იყვნენ ცოლ-ქმარი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2007 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (N 50375/07).
2. მომჩივნებს თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ: თავდაპირველად ქართველ ადვოკატთა ჯგუფი (ბატონი გ. მოსიაშვილი, ბატონი მ. ჯანგირაშვილი და ქალბატონი ი. ჭკადუა) და შემდეგ ორი ქართველი და ერთი ბრიტანელი ადვოკატები (ქალბატონი ნ. ჯომარჯიძე, ქალბატონი თ. აბაზაძე და ბატონი ფ. ლიჩი), საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) თანმიმდრევრულად წარმოადგენდნენ: ბატონები ლ. მესხორაძე და ბ. ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
3. მომჩივნები კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე ჩიოდნენ პოლიციის მიერ მათი შვილის მკვლელობისა და აღნიშნულზე ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო.
4. 2013 წლის 18 მარტს მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება. 2014 წლის 25 მარტს მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ არ სურდა თავისი უფლების გამოყენება, წარედგინა მოსაზრებები საქმის მისაღებობასა და არსებით მხარეზე და სასამართლოს მიანდო საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. მომჩივნებმა წარადგინეს თავიანთი დამატებითი არგუმენტები მისაღებობასა და არსებით მხარეზე და, ასევე, თავიანთი მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
5. 2015 წლის 22 ივლისს მეორე მომჩივანმა აცნობა სასამრთლოს, რომ პირველი მომჩივანი მოკლულ იქნა 2015 წლის 20 იანვარს და, რომ მას სურდა პროცესში მონაწილეობის გაგრძელება როგორც საკუთარი, ისე მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელით.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. ორივე მომჩივანი დაიბადა 1953 წელს. 2015 წლის 20 იანვარს პირველი მომჩივანი გარდაიცვალა. მეორე მომჩივანი ცხოვრობს თბილისში.
ა. ვითარება 2013 წლის 18 მარტამდე, საქმეზე შეტყობინების გაგზავნამდე
7. 2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით დილის 9.30 საათზე მომჩივნების შვილი, ზ.ვ., იმ დროისათვის 22 წლის, და მისი მეგობარი ა.ხ., 25 წლის, მოკლეს პოლიციელებმა როდესაც ისინი მოძრაობდნენ ზ.ვ.-ს ავტომანქანით თბილისის ქუჩაში („პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაცია“). ოპერაციაში მონაწილეობდა, ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული, სულ მცირე, პოლიციის 50 ოფიცერი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, იმავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ი. ფ.-ს ხელმძღვანელობით. სამოცდაათზე მეტი ტყვია იქნა ნასროლი ზ.ვ.-ს ავტომანქანის მიმართულებით, რომელთაგან სამიზნეს მოხვდა დაახლოებით ორმოცი. ექსპერტებმა, მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, დაზიანების სიმძიმის გამო, ვერ შეძლეს დაედგინათ, ტყვიების ზუსტი რაოდენობა, რამაც შეაღწია მომჩივნების შვილის და ა.ხ.-ს ტანსა და თავში. ავტომანქანის მესამე მგზავრმა ბატონმა ბ. ფ.-მ, ოცდათორმეტი წლის, მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.
8. იმავე დღეს 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მომჩივნების გარდაცვლილი შვილის და ზ.ვ.-ს ავტომანქანის სხვა მგზავრების მიმართ ყაჩაღობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობისა და ტარების გამო. გამოძიებას ხელმძღვანელობდა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც თვითონ მონაწილეობდა პოლიციის ოპერაციაში იმავე დღეს. ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, პირდაპირ დაკავშირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან, იმ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. გამოძიების შედეგები საბოლოოდ გადაეცა ქალაქ თბილისის პროკურატურას („ქალაქის პროკურატურა“), რომელიც პოლიციის ქმედებების გამო თავის მიერ შემდეგში წარმართულ გამოძიების პროცესში დაეყრდნო ამ მასალებს (იხ. მე-10 პარაგრაფი ქვემოთ).
9. იმავე დღეს, მოგვიანებით, ი.ქ.-მ, სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პრეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2006 წლის 30 აპრილს მომჩივნების შვილმა და სხვა ორმა მგზავრმა დააყაჩაღა ლომბარდი თბილისში. „კონფიდენტის ინფორმაციის“ თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფი 2006 წლის 2 მაისს მიემართებოდა ბინის დასაყაჩაღებლად, როდესაც „ყურადღებით დაგეგმილი“ პოლიციის ოპერაციის შედეგად, აღკვეთილ იქნა ჯგუფის მიერ კრიმინალური გეგმის განხორციელება. მოგვიანებით, 2006 წლის 2 მაისის პოლიციის ოპერაციის კომენტირებისას მაღალი რანგის პოლიციის ოფიცერმა განაცხადა, რომ ავტომანქანის მგზავრებმა პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი პოლიციას და პოლიცია ვალდებული იყო სროლით ეპასუხა.
10. 2006 წლის 5 მაისს თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, პოლიციის მიერ 2006 წლის 2 მაისის ოპერაციისას ძალის გადამეტების გამო. გამოძიების მასალები ძირითადად შედგებოდა იმ მტკიცებულებებისგან, რაც შინაგან საქმეთა სამინიტრომ პოლიციის სადავო ოპერაციის დამთავრებისთანავე მოიპოვა (იხ. მე-8 პარაგრაფი ზემოთ).
11. მომჩივნები ადრეული სტადიიდანვე რეგულარულად ჩიოდნენ ქალაქის პროკურორთან იმის შესახებ, რომ გამოძიება არ წარიმართა სრულყოფილად და მიუკერძოებლად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ მის წარმართვაზე, უგულებელყოფდნენ მნიშვნელოვან მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც პოლიციას ამხელდნენ მათი შვილის განზრახ მკვლელობაში და, რომ ისინი მონაწილეობდნენ მტკიცებულებათა განადგურებასა და ფალსიფიკაციაში. პროცესში სრულყოფილად მონაწილეობის შესაძლებლობის არმიცემასთან დაკავშირებით, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციამ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დააკმაყოფილა მეორე მომჩივნის მოთხოვნა, საქმეზე ეცნოთ დაზარალებულად. 2006 წლის 7 ივლისს, მომჩივნების ადვოკატების მიერ მრავალი საჩივრის წარდგენის და სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) ძალისხმევის შედეგად, მეორე მომჩივანს, როგორც იქნა განესაზღვრა ის საპროცესო სტატუსი. მან შედეგად შეძლო, გაცნობოდა საქმის მასალებს ბრალდების საქმეზე პროკურატურაში. იმის გამო, რომ არ მიეცა საქმის მასალების ასლების გადაღების შესაძლებლობა, მეორე მომჩივანი იძულებული იყო ხელით გადაეწერა მტკიცებულებათა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის შინაარსი, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეიცავდა მისი გარდაცვლილი შვილის ტანსა და თავის ქალაზე არსებული მრავალი ლეტალური დაზიანების დეტალურ აღწერას.
12. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქალაქის პროკურატურამ დაკითხა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის მხოლოდ ორი დამოუკიდებელი თვითმხილველი, მ. ც. და ი.გ.. დაკითხვის დროს, რომელიც 2007 წლის თებერვალში შედგა, მათ განაცხადეს, რომ პოლიციამ დაიწყო სროლა და, რომ ადგილი არ ჰქონია საპასუხო სროლას ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრების მხრიდან. პოლიციამ გააგრძელა სროლა მაშინაც კი, როდესაც ავტომანქანა შეეჯახა ბორდიურს და გაჩერდა. პროკურორის მიერ მოგვიანებით შედგენილ დადგენილებაში, პოლიციის ქმედებების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ (იხ. მე-14 პარაგრაფი ქვემოთ) პროკურატურის ჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ორი დამოუკიდებელი მოწმის ჩვენება არ იყო სარწმუნო, რადგან ისინი აშკარად ეწინააღმდეგებოდა პოლიციის ოფიცრების მიერ მიცემულ საწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიციის ოპერაციაში 2006 წლის 2 მაისს.
13. 2007 წლის თებერვალ-მარტში ქალაქის პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრებმა 2006 წლის 2 მაისს, პოლიციის ოპერაციის მიმდინარეობისას, პოლიციას ესროლეს ავტომანქანის უკანა ფანჯრის ზედა მარცხენა ხვრელიდან.
14. 2007 წლის 19 აპრილს ქალაქის პროკურატურამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება მეორე მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის განსაზღვრის შესახებ (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ). მომდევნო დღეს 2007 წლის 20 აპრილს, პროკურატურამ გამოსცა დადგენილება სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ის დაეყრდნო მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში, ისევე, როგორც შესაბამის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს (იხ. მე-13 პარაგრაფი ზემოთ) იმგვარი დასკვნისთვის, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა მხოლოდ ზ.ვ.-ს ავტომანქანიდან ცეცხლის გახსნის საპასუხოდ და, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში იყო აუცილებელი.
15. არ მიეცა რა მოწმის სტატუსი (იხ. წინა პარაგრაფი), მეორე მომჩივანმა ვერ შეძლო სასამართლოში გაესაჩივრებინა საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილება.
16. პირველი მომჩივნის მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველის ოფისმა 2009 წელს თვითონ ჩაატარა გამოძიება პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ და შეაფასა პოლიციის ქმედებების გამოძიების ადეკვატურობა. სახალხო დამცველმა ჩაატარა ზ.ვ.-ს ავტომანქანის ალტერნატიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ იმ მანქანიდან არასოდეს განხორციელებულა გასროლა.
17. 2009 წლის 8 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისმა მიმართა მთავარი პროკურატურის ოფისს, რეკომენდაციით, თავიდან დაეწყოთ გამოძიება 2006 წლის 2 მაისს პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით. პროკურატურის ჩინოსანთა ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ თავდაპირველმა გამოძიებამ, რომელიც 2007 წლის 20 აპრილს შეწყდა, ვერ გასცა პასუხი საქმის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა იყო, თუ არა პოლიციის მიერ შემთხვევის დროს გამოყენებული ძალა პროპორციული. სახალხო დამცველი ასევე კითხვის ნიშნებს სვამდა ქალაქის პროკურატურის მიერ წინათ გაკეთებული რიგი დასკვნების არასრულყოფილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სავარაუდოდ ზ.ვ.-ს ავტომანქანიდან ცეცხლის გახსნასთან მიმართებით (იხ. მე-14 და მე-16 პარაგრაფები ზემოთ). სახალხო დამცველის რეკომენდაცია უპასუხოდ იქნა დატოვებული.
18. საქმის მასალა შეიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ასახულია ზ.ვ.-ს ავტომანქანის მდგომარეობა 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დასრულებისთანავე. ჩანაწერზე აღბეჭდილია, რომ ავტომანქანის უკანა ფანჯრის შუშა მთლიანია, რაიმე ხვრელის ან სხვა დაზიანების გარეშე. ავტომანქანის დათვალიერების სიტყვიერი ჩანაწერში, რომელიც მომზადდა მას შემდეგ, რაც ის სროლის ადგილიდან გადატანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ავტოსადგომზე, ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის მსგავსად, აღნიშნულია, რომ ავტომანქანის უკანა ფანჯარა დაუზიანებელი იყო.
ბ. საქმეზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ გამოვლენილი გარემოებები
1. 2006 წლის 2 მაისის შემთხვევის დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამო გამოძიების განახლება
19. 2012 წლის 23 ოქტომბერს მომჩივნებმა მოიპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცრის, ვ.ხ.-ს ჩვენება, ამ მოწმის მიხედვით, რამდენიმე პოლიციის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობდა 2006 წლის 2 მაისის პოლიციის ოპერაციაში, ი. ფ.-მ პოლიციის უფროსმა ოფიცერმა, რომელმაც დაგეგმა ოპერაცია (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ) გააფრთხილა პოლიციელები, ესროლათ პოლიციის მანქანისთვის, რომელიც იდგა 2006 წლის 2 მაისის შემთხვევის ადგილას იმისთვის, რომ მოგვიანებით ემტკიცებინათ, რომ საპასუხო სროლას ჰქონდა ადგილი ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრებისგან. ვ.ხ.-მ ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დასრულებისთანავე მან მოისმინა, რომ სასამართლო ექსპერტმა გარკვევით უთხრა ი.ფ.-ს, რომ ტყვიის ხვრელები, რომლებიც პოლიციის ავტომანქანაში აღმოაჩინეს, შეუთავსებელი იყო სროლების ტრაექტორიასთან, რაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო ზ.ვ.-ს ავტომანქანიდან, რომელიც გაჩერდა ბორდიურზე შეჯახების შემდეგ (იხ. მე-12, მე-13 და მე-16 პარაგრაფები ზემოთ).
20. 2012 წლის 26 ოქტომბერს მომჩივნებმა პირველად მოახერხეს შეხვედროდნენ ავტომანქანის მესამე მგზავრს ბ.ფ.-ს (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ). მას ჩამოართვეს წერილობითი ჩვენება, იგი აღწერდა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დეტალებს. მან გაიხსენა, რომ იგი და მისი ორი მეგობარი შესაბამის ქუჩაზე შუქნიშნის წითელ შუქზე იყვნენ გაჩერებულები მანქანით, რომელსაც მართავდა ზ.ვ., როდესაც მოულოდნელად პირი სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა, მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა ავტომანქანას. ის პირი ჯერ შეეცადა გარედან გაეღო წინა კარი, მაგრამ რადგან კარი დაკეტილი იყო, გაფრთხილების გარეშე დაიწყო სროლა თავისი პისტოლეტიდან. ზ.ვ. შეეცადა მანქანით მანევრირებას, რომ გასცლოდა სროლას, მაგრამ ავტომანქანა გადავიდა თავისი ზოლიდან, შეაჩერა ბორდიურმა და შეეჯახა განათების ბოძს. მათ უმოწყალოდ ესროდნენ შეჯახების შემდეგაც. ბ.ფ. ხაზს უსვამდა, რომ ერთი სროლაც არ განხორციელებულა პოლიციის მისამართით მათი მხრიდან. მან დაამატა, რომ არც თვითონ და, არც მისი მეგობრები შემთხვევის დღეს იარაღს არ ატარებდნენ.
21. 2012 წლის 12 ნოემბერს მომჩივნებმა დამატებით მოიპოვეს წერილობითი ჩვენებები პოლიციის ოპერაციის ორი თვითმხილველის: რ.პ.-ს და მ.პ.-სგან. (იხ. ასევე ორი თავდაპირველი დამოუკიდებელი მოწმის ჩვენება, აღწერილი მე-12 პარაგრაფში ზემოთ). იმ მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ შეეჯახა ზ.ვ.-ს ავტომანქანა განათების ბოძს და მრავალი შეიარაღებული პირი, რომლებიც ისროდნენ ავტომანქანის მიმართულებით, შეჯახების შემდეგ. სროლა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. მისი გაჩერების შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა დაიწყეს გამოყენებული ვაზნების მიწიდან აკრეფა.
22. 2012 წლის 30 ოქტომბერს მომჩივნებმა, ახლად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (ის. მე-19-21-ე პარაგრაფები ზემოთ), მიმართეს მთავარ პროკურატურას 2006 წლის 2 მაისს პოლიციის ქმედებების ფაქტზე გამოძიების განახლების მოთხოვნით.
23. 2012 წლის 14 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა პროკურორის 2007 წლის 20 აპრილის დადგენილება (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ) და განაახლა გამოძიება პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის ფაქტზე.
24. 2013 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც პირველი მომჩივანი პირადად შეხვდა მთავარ პროკურორს, რა დროსაც ეს უკანასკნელი თითქოს აღიარებდა, რომ წინა გამოძიება იყო არასრულყოფილი, მომჩივნებმა კვლავ წარადგინეს მათ მიერ ბოლო დროს მოპოვებული მტკიცებულებები (იხ. 19-21 პარაგრაფები ზემოთ).
25. 2013 წლის 18 იანვარს მომჩივნებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. პროკურატურის თანამშრომლებმა 2013 წლის 22 იანვრის წერილით უპასუხეს, რომ მომჩივნების თხოვნა ვერ განიხილებოდა, რადგან არცერთ მათგანს გააჩნდა დაზარალებული სტატუსი.
26. 2013 წლის 2 თებერვალს მომჩივნებმა მოიპოვეს წერილობითი ჩვენება პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის სხვა დამოუკიდებელ თვითმხილველ კ.მ.-სგან. იმ მოწმემ განაცხადა, რომ მან დაინახა წუთის განმავლობაში გაგრძელებული შეუჩერებელი სროლის შემდეგ მრავალი ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ვ.-ს ავტომანქანის მიმართულებით, პოლიციელი, რომელიც ნიღაბს ატარებდა, როგორ მიუახლოვდა წინა მარცხენა კარს და ისროლა ავტომანქანის სალონში წინა ფანჯრის მარცხენა მხრიდან.
27. 2013 წლის ივლისში, პირველ მომჩივანი შეხვდა თბილისის პროკურორს, რომლის დროს, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ დაჰპირდა პირველს, რომ პოლიციის ყველა ოფიცერი, ვინც მონაწილეობდა მისი ვაჟის მკვლელობაში, წარდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე.
28. 2013 წლის 21 ივლისს, გ.მ.-მ, სპეციალიზებული საპოლიციო დანაყოფის წევრი, რომელიც პირადად მონაწილეობდა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში, ჩაატარა პრესკონფერენცია, იმ პრესკონფერენციის დროს გ.მ.-მ საჯაროდ განაცხადა, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრების „ლიკვიდაციის“ ბრძანება გასცა ი.ფ.-მ, იმ დროისათვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ (იხ. მე-7 და მე-19 პარაგრაფები ზემოთ). გ.მ.-მ დამატებით განმარტა ი.ფ.-ს სავარაუდო მოტივი, მიუთითა რა, რომ ეს უკანასკნელი პიროვნულად იყო დაპირისპირებული ა.ხ.-სთან, შემთხვევის ერთ-ერთ მსხვერპლთან (მეტი დეტალისთვის იხ. 37-ე, 39-ე და 44-ე პარაგრაფები ქვემოთ).
29. 2013 წლის 9 აგვისტოს პირველმა მომჩივანმა ჩაატარა პრესკონფერენცია, ისაუბრა რა, პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის ფაქტზე გამოძიების განახლებაზე. მან განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები იყო მოპოვებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიცერი პირდაპირ დაედანაშაულებინათ მისი ვაჟის განზრახ მკვლელობაში და შემდეგში თავდაპირველი გამოძიების დახურვაში. კერძოდ, პირველმა მომჩივანმა საჯაროდ დაასახელა ი.ფ.-ს, გ. ც.-ს და კ.ნ.-ს სახელები (იხ. 46-ე პარაგრაფი ქვემოთ), ისევე, როგორც ი.ქ., კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ). პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი არ შეაჩერებდა საზოგადოებრივ აქტივობას, სანამ ყველა ის მონაწილე პირი არ იქნებოდა დაკავებული და დასჯილი.
30. 2013 წლის 18 აგვისტოს მომჩივნებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მთავარ პროკურატურას, გამოძიების სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუკი რაიმე ასეთი არსებობდა. მიმართვა უპასუხოდ იქნა დატოვებული.
31. 2013 წლის 18 აგვისტოს, 18 და 23 სექტემბერს და 9 და 11 ოქტომბერს მომჩივნებმა კვლავ მიმართეს პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობაში ცვლილებზე ინფორმაციის მიწოდებისა და საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით. ისინი, ასევე, ითხოვდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედების სახით ჩატარებულიყო იმ მოწმეთა დაკითხვა, რომელთა ჩვენებები მათ თვითონვე უკვე ჰქონდათ მოპოვებული (იხ. მე-19-21-ე პარაგრაფები ზემოთ) და ზ.ვ.-ს ავტომანქანის გამეორებითი ექსპერტიზა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო გაისროლეს, თუ არა შიგნიდან.
32. საპასუხოდ, თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 4 და 14 ოქტომბრის წერილებით აცნობა განმცხადებლებს, რომ რადგან რომელიმე მათგანს არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, მათ არ ჰქონდათ უფლება წარედგინათ რაიმე საპროცესო შუამდგომლობა, გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისას სიახლეების შესახებ. პროკურატურა იმით შემოიფარგლა, რომ ზოგადად აცნობა მომჩივნებს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობდა და მტკიცებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოპოვებული იყო, მაგრამ დამატებით ჩასატარებელი იყო რიგი სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
33. მომჩივნების განმარტებით, 2013 წლის დეკემბერში პირველი მომჩივანი პირადად შეხვდა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს. დაძაბული საუბრის დროს პირველმა მომჩივანმა მას განუცხადა, რომ ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცერი გ.დ., რომელიც პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში მონაწილეობდა, როგორც კრიმინალური პოლიციის დანაყოფის უფროსი, ისევ იკავებდა მაღალ თანამდებობას სამინისტროში. მინისტრმა უპასუხა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ გ.დ. მონაწილეობდა ინციდენტში, თუმცა მას არ უსვრია ზ.ვ.-ს მანქანისთვის. ამის გამო მინისტრი ვერ ხედავდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. მეორე მხრივ, მინისტრმა პირველი მომჩივნის ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ პოლიციის ყველა სხვა ოფიცერი, ვინც მონაწილეობდა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში, უკვე გათავისუფლებულები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში თავიანთი სამსახურებიდან.
34. 2014 წლის 14 თებერვალს მომჩივნებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დაზარალებულის სტატუსის მიღება. მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული.
2. გამოძიების განახლების შემდეგ სასამართლოს განაჩენის გამოტანა 2015 წლის 30 ოქტომბერს
35. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები არ მონაწილეობდნენ განახლებულ გამოძიებაში დაზარალებულების სტატუსით, მეორე მომჩივნისთვის მოულოდნელი აღმოჩდა, რომ მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ), 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ი.ფ., კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, დაადანაშაულა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში (სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლი), საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) ან უკანონო დაკავებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლი).
36. 2015 წლის 30 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენიდან იკვეთება, რომ როგორც ბრალდების მხარემ, ისე სასამართლომ ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაიკითხა ყველა ის მოწმე, ვისზეც მომჩივნებმა მიუთითეს გამოძიების სტადიაზე (იხ. მე-19-21-ე პარაგრაფები ზემოთ). შედეგად, ხუთი მაღალჩინოსნის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამყარებული იყო მრავალგვარი მასალით და დოკუმენტური მტკიცებულებით, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი, როგორიცაა: მრავალი მოწმის ჩვენება, სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგები, სასამართლოსთვის მიცემული ექსპერტების ჩვენებები, სროლის ადგილას მომზადებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დასრულებისთანავე იყო გადაღებული, სხვადსხვა ოფიციალური დოკუმენტი, დასკვნები, რომლებიც სასამართლოში ბრალდებულებსა და ბრალდების მოწმეებს შორის დაპირისპირებისას გაკეთდა და სხვა. სასამართლოში შესაბამის მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ყველა ამ მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები და მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია:
(ა) დადგენილი ფაქტები
37. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 7 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა („სოდ“) დააკავა ლ.ფ., ი. ფ.-ს უმცროსი ძმა (იხ. მე-7, მე-19 და 29-ე პარაგრაფები ზემოთ), რომელმაც დაგეგმა პოლიციის ოპერაცია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ლ.ფ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მისი დაკავების საფუძველი იყო „სოდ“-ისთვის ა.ხ.-ს, პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ), მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ა.ხ. იყო ლ.ფ.-ს რეგულარული კლიენტი, რომლისგანაც ხშირად ყიდულობდა სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას. ა.ხ.-მ გადაწყვიტა ემოქმედა, როგორც პოლიციის ინფორმატორს, მასსა და ლ.ფ.-ს შორის პირადი კონფლიქტის არსებობოს გამო. ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ ა.ხ. ავრცელებდა ჭორებს, რომ ლ.ფ. ყიდდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
38. სასამართლოს წინაშე ასევე დაიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცრები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც 2006 წლის 7 აპრილს დაკავებულ იქნა ლ.ფ., სოდ-ის რიგი მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ ღრმა ორგანიზაციულ დაპირისპირებაში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სხვა კოლეგების ჯგუფთან, კერძოდ, ი.ფ.-სთან, დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან. ამის გათვალისწინებით, სოდი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ლ.ფ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, რომ დაესუსტებინათ ი.ფ.-ს, ბრალდებულის ძმის, ავტორიტეტი შინაგან საქმეთა მინისტრის თვალში.
39. მისი უმცროსი ძმის დაპატიმრების, ისევე, როგორც ორგანიზაციული დაპირისპირებების გამო სამსახურში, ი. ფ-მ გადაწყვიტა, შური ეძია ა.ხ.-ზე, რომელიც წარმოადგენდა მისი ყველა ოჯახური და სამსახურებრივი პრობლემის წყაროს. მოქმედებდა რა ამ მოტივით, 2006 წლის 1 მაისს ი.ფ.-მ თავის უშუალო უფროსს, კრიმინალური პოლიციის უფროსს, აცნობა რომ იგი ფლობდა ანონიმურად მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ლომბარდის დაყაჩაღება დაგეგმილი იყო „კრიმინალების“ მცირე ჯგუფის მიერ, რომელსაც ა.ხ. ხელმძღვანელობდა. ი.ფ.-მ ასევე მიიღო თანხმობა, მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული შემადგენლობის მობილიზება, რომელიც შედგებოდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დაახლოებით ოცი მძიმედშეიარაღებული ოფიცრისგან. იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა კ.ნ.. ი.ფ.-მ დამატებით მოახდინა კრიმინალური დეპარტამენტის დაახლოებით ოცდაათი პოლიციელის მობილიზება.
40. შეისწავლა რა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მასალები, სასამართლომ დაასკვნა, რომ ი.ფ.-მ გააყალბა ე.წ. „ანონიმური ინფორმაცია“ დაგეგმილი ყაჩაღობის შესახებ (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ) იმისათვის, რომ ჩაეტარებინა პოლიციის ოპერაცია. მეტიც, იმის შედეგად, რომ ი. ფ. უკანონო გზით იწერდა ა.ხ.-ს მობილურ სატელეფონო საუბრებს, მან იცოდა ა.ხ.-ს გეგმის შესახებ, რომ 2006 წლის 2 მაისს, დილით უნდა შეხვედროდა მეგობრებს: ზ.ვ.-ს და ბ.ფ.-ს. ი.ფ.-მ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მცირე ჯგუფს უბრძანა ეკონტროლებინათ ა.ხ.-ს გადაადგილება 2006 წლის 1 მაისის საღამოდან. იმ ჯგუფისა და ა.ხ.-ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერის მეშვეობით, ი.ფ.-მ შეიტყო, რომ შეხვდა რა თავის ორ მეგობარს 2006 წლის 2 მაისს, დღის 9 საათზე, ჯგუფი გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რომელიც რეგისტრირებული იყო ზ.ვ.-ს სახელზე, ისანი-სამგორის [ტერიტორიაზე,] მეტროს სადგურის მიმართულებით. დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ავტომანქანას უნდა გაევლო მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, მოძრაობით გამორჩეულად დატვირთულ არტერიულ გამზირზე ქალაქ თბილისის ცენტრში.
41. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ი.ფ.-მ გადაწყვიტა, რომ ის გზატკეცილი იყო ყველზე შესაფერისი ადგილი პოლიციის ოპერაციის ჩასატარებლად და შესაბამისად გასცა პოლიციის ოპერაციის ჩატარების ბრძანება და უბრძანა პოლიციის ოფიცრებს, მომზადებულიყვნენ იქ ჩასასაფრებლად. დაახლოებით დილის 9.45 საათზე, იმ მომენტში, როდესაც შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ.ვ., გაჩერდა წითელ შუქზე და პოლიციის შენიღბულმა ფურგონმა მოაწყო ხელოვნური საცობი მის წინ, ი.ფ.-მ და სპეციალური დანაყოფის რვა ოფიცერმა, რომელსაც კ.ნ. ხელმძღვანელობდა, დაიწყო ავტომანქანასთან მიახლოება. კ.ნ. პირველი იყო, ვინც ავტომანქანას მიუახლოვდა წინა მგზავრის მხრიდან და დახურული კარის გარედან გაღების მცდელობის შემდეგ, სამსახურებრივი პისტოლეტიდან დაუწყო სროლა წინა მგზავრსა და მძღოლს. ამ უკანასკნელმა დაიწყო თავისი ავტომანქანით მანევრირება, რათა გვერდი აევლო პოლიციის ფურგონის მიერ შექმნილი სატრანსპორტო საცობისთვის. იმ მანევრის დროს ავტომანქანამ გადაკვეთა თავისი სამოძრაო ზოლი და გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში; იმ მომენტში ცხრავე ოფიცერმა გახსნა მძიმე ცეცხლი. საბოლოოდ, ზ.ვ.-მ დაკარგა კონტროლი თავის ავტომანქანაზე, რომელიც შეეჯახა ბორდიურზე არსებულ განათების ბოძს, მაგრამ სროლა შეჯახების შემდეგაც გაგრძელდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მას შემდგ, რაც ზ.ვ.-ს ავტომანქანის მიმართულებით მძიმე სროლები შეწყდა, გ.ც. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც ი.ფ-ს უახლოესი თანამოაზრე იყო სამსახურში, მიუახლოვდა ავტომანქანას მძღოლის მხრიდან და ავტომანქანის ჩაწეული ფანჯრიდან თავისი სამსახურებრივი პისტოლეტით ორჯერ თავში ესროლა მძღოლს, ზ.ვ.-ს და წინ მჯდომ მგზავრს, ა.ხ.-ს. ეს სროლები სასამართლომ შეაფასა, როგორც „საკონტროლო გასროლები“. აღსანიშნავია, რომ როგორც ორი გვამის შესაბამისი ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, ორივე, ზ.ვ.-ც და ა.ხ.-ც ამ სროლების წინ ცოცხლები იყვნენ. ავტომანქანის მესამე მგზავრი, ბ.ფ., ვინც უკანა სავარძელში იჯდა, მძიმედ იყო დაჭრილი, სხეულში მოხვედრილი ჰქონდა თხუთმეტზე მეტი ტყვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადარჩა.
42. თავის წინა დასკვნებიდან გამომდინარე, რაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიღებული ანონიმური ინფორმაციის ფალსიფიკაციას უკავშირდება „დაგეგმილი ყაჩაღობის“ შესახებ (იხ. მე-9 და მე-40 პარაგრაფები ზემოთ), თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ა.ხ.-ს ზ.ვ.-სა და ბ.ფ.-ს მიერ ძარცვაში თანამონაწილეობის შესახებ დაიწყო მხოლოდ 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის შემდეგ. სასამართლომ დაასკვნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ის გამოძიება დაიწყო, იყო ის, რომ შეძლებოდათ შემთხვევის ადგილას განხორციელებულ თავდაპირველ საგამოძიებო ღონისძიებაზე ინფორმაციის მოპოვება, რადგან ი.ფ. მოქმედებდა კონსპირაციულად, იმისათვის, რომ დაეფარა თავისი და თავს გუნდის უკანონო ქმედებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცრების, მათ შორის, იმათ ჩვენებებზე, ვინც მონაწილეობდა 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში, დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ჩასაფრების მომზადებისას ი.ფ.-ს განზრახული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოსადგომიდან იმგვარი ავტომანქანის მიყვანა, რომელიც უკვე იყო ტყვიის სროლით დაზიანებული სხვა, ამ საქმესთან კავშირში არმყოფი პოლიციის ოპერაციის შედეგად („დაზიანებული პოლიციის ავტომანქანა“). ი.ფ.-მ დაზიანებული პოლიციის ავტომანქანის მძღოლს უბრძანა პოლიციის ავტომანქანა განეთავსებინა ზ.ვ.-ს ავტომანქანის უკან 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დასრულების შემდეგ. ეს ფაქტები სასამართლოში თვითონ დაადასტურა დაზიანებული ავტომანქანის მძღოლმა.
43. თბილისის საქალაქო სასამართლომ მრავალი მოწმის ჩვენებაზე, მათ შორის, როგორც პოლიციის ოპერაციის მონაწილეების, ისე 2006 წლის 2 მაისის პოლიციის ოპერაციის დამოუკიდებელი თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით, ასევე დაადგინა, რომ ზ.ვ.-ს მანქანიდან არცერთხელ განხორციელებულა რაიმე გასროლა. ეს უკანასკნელი ფაქტი შემდეგში ასევე დადასტურდა ხელახლა დაწყებული გამოძიების პროცესში ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად. საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ი.ფ.-მ სხვა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მცდელობისას, რომ ზ.ვ.-ს მანქანიდან გახსნილი იყო ცეცხლი, თავის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ პირს ლ.ბ.-ს, რომელიც ასევე მონაწილეობდა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაში, უბრძანა, ეთქვა, რომ მიიღო დაზიანება, რაზეც ეს უკანასკნელი სრულად დაემორჩილა. მეტიც. ი.ფ.-მ თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს უბრძანა ოთხი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები და პოლიციის რაციები მოეთავსებინათ ზ.ვ.-ს ავტომანქანაში პოლიციის ოპერაციის დასრულებისთანავე. შემდეგში ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ იმ მოთავსებული ოთხი ცეცხლსასროლი იარაღიდან არცერთიდან განხორციელებულა რაიმე გასროლა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ი.ფ. წინასწარ შეუთანხმდა პოლიციის კონფიდენტს, რომელიც კრიმინალურ პოლიციასთან თანამშრომლობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომ გამოცხადებულიყო იმ საქმეზე და განეცხადებინა პრეტენზია, რომ წარმოადგენდა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაზარალებულს, რომელსაც თითქოს გეგმავდნენ ზ.ვ. და მისი ორი მეგობარი. დაბოლოს, დადგინდა ისიც, რომ ი.ფ. ასევე შეუთანხმდა წარსულში ნასამართლევ პირს, რომელიც შემდეგში შეწყალებული იყო და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რომ მიეცა ცრუ ჩვენება, თითქოს იყო იმ სამი პირის მეოთხე თანამზრახველი დაგეგმილ ყაჩაღობაში.
(ბ) დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნები
44. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ზ.ვ.-ს და მისი ორი მეგობრის წინააღმდეგ პოლიციის ოპერაციის დაგეგმვის კანონიერი საფუძვლები, რადგან კრიმინალური პოლიცია არ ფლობდა რაიმე ნამდვილ ინფორმაციას, რაც გონივრულ ეჭვს გააჩენდა, რომ ახალგაზრდები გეგმავდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. დადგინდა, რომ ი.ფ.-მ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დაუდგენელ მაღალჩინოსნებთან ერთად, გააყალბა შესაბამისი დოკუმენტები იმისათვის, რომ გაემართლებინა პოლიციის დანაყოფების მობილიზება. სასამართლომ დაადგინა, რომ ი.ფ.-ს დანაშაულებრივი ქმედებების mens rea-ს წარმოადგენდა ა.ხ-ს წინააღმდეგ პირადი შურისძიება (იხ. 37-39-ე პარაგრაფები ზემოთ). პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაცია ატარებდა მხოლოდ ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრთა დახოცვის მიზანს. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ გ.ც. პირდაპირი იყო ჩართული ორი ახალგაზრდის მკვლელობაში.
45. მკვლელობის აშკარა განზრახვის გარდა, რომელიც ი.ფ-სა და გ.ც.-ს გააჩნდათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციასთან დაკავშირებით, აღნიშნა ისიც, რომ მისი მოწყობა დედაქალაქის გამორჩეულად დატვირთულ გამზირზე, დილის საათებში, გამვლელების სიცოცხლესაც უქმნიდა საფრთხეს და, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანის მიმართ ცეცხლი გაიხსნა მოულოდნელად, რაიმე წინასწარი გაფრთხილების ან დანებების ბრძანების გარეშე. სასამართლომ, ასევე, შეაფასა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, როგორც აშკარად არაპროპორციული, რადგანაც ზ.ვ.-ს ავტომანქანიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. კ.ნ.-ს პირველი, გაუფრთხილებელი, სროლის შემდეგ თხუთმეტი წამის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი პოლიციელი ისროდა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღებიდან, ბოლომდე შევსებული მჭიდებით. ჯამში, ასზე მეტი გასროლა განხორციელდა, რომელთაგან რამდენიმე ბრმა ტყვიით დაზიანდა საზოგადოებრივი ავტობუსი. სასამართლომ მიუთითა, რომ თუნდაც იმის დაშვების შემთხვევაში, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანიდან პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი ჰქონდა, ამგვარი აბსოლუტური შეიარაღებული ძალის გამოყენება იყო აშკარად არაპროპორციული.
46. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე, დაასკვნა, რომ ი.ფ. და ლ.ბ. პირდაპირ იყვნენ ჩართული ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში 2006 წლის 2 მაისს პოლიციის ქმედებების გამო დაწყებული პირველი გამოძიებისთვის ხელშეშლის მიზნით. ამ უკანასკნელი დასკვნის ჩამოყალიბებისას საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არაგონივრული იყო იმის დაშვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოფიცრები, ვისი ვინაობის დადგენაც არ მომხდარა ხალახალი გამოძიების შედეგად, შეიძლებოდა ჩართული ყოფილიყვნენ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლაში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ყაჩაღობის მცდელობისა და ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრების მიერ იარაღის უკანონოდ გადაზიდვის ფაქტზე, იყო უკანონო (იხ. მე-40 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ.ფ-ს, ერთადერთი ცოცხლად დარჩენილის, დაპატიმრება გ.კ.-ს, ყაჩაღობის გაყალბებული საქმის გამომძიებლის მიერ, უკანონოდ მოხდა. საბოლოოდ:
– ი.ფ., დაბადებული 1968 წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში (ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით)[1] და სასჯელად განესაზღვრა თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა;
– გ.ც., დაბადებული 1972 წელს, ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნტების საფუძველზე და სასჯელად განესაზღვრა თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა;
– კ.ნ., დაბადებული 1976 წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით[2]), მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული დანაყოფის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო, სასჯელად განესაზღვრა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა[3]. საპატიმრო სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა;
– ლ.ბ., დაბადებული 1975 წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელად განესაზღვრა ოთხი წლის თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით და სამი თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით, სასამართლომ საპატიმრო სასჯელი საბოლოოდ განუსაზღვრა სამი წლით;
– გ.კ., დაბადებული 1978 წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ ბ.ფ.-ს უკანონო დაპატიმრებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული), სასჯელად განესაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით და სამი თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. შეუმცირდა რა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სასამართლომ საპატიმრო სასჯელი საბოლოოდ განუსაზღვრა ოთხი წლით და ექვსი თვით.
47. 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის დანიშვნის დასაბუთების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. ამ უკანასკნელს შორის სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხუთივე ბრალდებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები და წლების განმავლობაში ეწეოდნენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მათგან ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე იყო და ამ წვლილის გამო მათ უნდა მინიჭებოდათ უპირატესობა.
(გ) სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულება
48. პროკურატურამ, რომელიც უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნას ითხოვდა და ხუთმა მსჯავრდებულმა, რომლებიც თავიანთ უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე. პროკურატურა თავის სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებული პირებისთვის დანიშნული საპატიმრო სასჯელები აშკარად შეუსაბამო იყო მათ მიერ ჩადენილ შემზარავ დანაშაულებთან და, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დანაშაულები ჩადენილი იყო ყოფილი საჯარო მოხელეების მიერ, რომლებმაც საჯარო უფლებამოსილება გამოიყენეს დანაშაულის ჩასადენად.
49. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით, რომელმაც სრულად ხელახლა წარმართა სასამართლო გამოძიება და კიდევ ერთხელ გამოიკვლია ყველა მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, უცვლელი დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. სასჯელის დანიშვნის ნაწილთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მოკლედ აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელები იყო ადეკვატური.
50. 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მხარეთა საკასაციო საჩივრები, რითაც სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა.
3. პირველი მომჩივნის მკვლელობის გამოძიება
51. 2015 წლის 20 იანვარს პირველი მომჩივანი გარდაიცვალა თავისი შვილის საფლავზე დადებული ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, სადაც საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალული იყო ზ.ვ..
52. 2015 წლის 7 თებერვალს პირველი მომჩივნის მკვლელობის გამო დაკავებული იქნა პოლიციის ოფიცერი, გ.ს.. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების თანახმად, მისი ბრალეულობა დამტკიცებული იყო შემდეგი ფაქტებითა და გარემოებებით:
(ა) დადგენილი ფაქტები
53. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 2 მაისს, მისი შვილის მკვლელობის შემდეგ, რაც წარმოადგენდა პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველაზე ცნობილი და სკანდალური მაგალითს, პირველი მომჩივანი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაჟინებით ითხოვდა ეფექტური გამოძიების წარმართვას, დანაშაულის მონაწილე ყველა პოლიციელის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. საზოგადოებრივი ბრძოლის ნაწილის სახით მომჩივანმა დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია („ენჯეო“) „გადაარჩინე სიცოცხლე“, რომლის მიზანი იყო სამართალდამცავი ორგანოების იმ მაღალი რანგის ჩინოსნების გამოაშკარავება, რომლებიც სავარაუდოდ ჩაბმულები იყვნენ პოლიციის მიერ ჩადენილ დანაშაულებში. პირველი მომჩივანი და მისი ენჯეო ავრცელებდა იმ აზრს, რომ ქვეყანაში არსებობდა პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიმართ დაუსჯელობის და ტოლერანტობის ადმინისტრაციული პრაქტიკა.
54. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მომჩივანი გახდა განსაკუთრებით აქტიური 2012 წელს, როდესაც მან დაიწყო პირადი შეხვედრები მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან (იხ. მე-19-29-ე პარაგრაფები ზემოთ). მისი მუდმივი ზეწოლის შედეგი იყო ის, რომ პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის გამო დაიწყო ხელახალი გამოძიება და სამინისტროდან გათავისუფლდნენ მასში ჩართული პოლიციელები (იხ. 33-ე პარაგრაფი ზემოთ). 2012 წელს ენჯეომ გამოაქვეყნა სტატია ეროვნულ გაზეთში ყველა იმ პოლიციელის გრძელი სიით, რომლებიც, მიჩნეული იყო, რომ ჩართული იყვნენ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში (შემდეგში „შავი სია“). პოლიციელთა შავი სიის სათავეში იყო ი.ფ.ს და ორი სხვა მაღალჩინოსანი პოლიციელის ზ. ჩ.-ს და ნ.ს.-ს სახელები, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულის, გ.ს.-ს სახელი დოკუმენტის ბოლოს, ასევე, იყო მითითებული.
55. მოწმეთა ჩვენებებზე და ინტერნეტში გავრცელებულ სხვადასხვა გამოხმაურებაზე დაყრდნობით, რაც გ.ს.-ს ელექტრონული მიმოწერიდან გამოვლინდა, სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ბრალდებული ინტენსიურად აკვირდებოდა პირველი მომჩივნის საზოგადოებრივ აქტივობას და მისთვის ცნობილი იყო პოლიციელების გამოქვეყნებული შავი სიის შესახებ. კანონიერად ჩაწერილი საუბრების გათვალისწინებით, გ.ს. ინტერნეტის შეტყობინებების სერვისით, ისევე, როგორც იმ მოწმეთა ჩვენებებით, რაც სასამართლო პროცესზე მისცეს, სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ს.-ს გააჩნდა პირადი უარყოფითი დამოკიდებულება პირველ მომჩივანთან, იმ საფრთხის გამო, რასაც ეს უკანაკნელი ატარებდა მის და მისი კოლეგების მიმართ. სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაყრდნობით, შემდეგში დადასტურდა, რომ გ.ს.-ს გამორჩეულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი.ფ.-ს, ზ.ჩ.-სა და ნ.ს.-სთან. პოლიციელთა შავის სიის სათავეში მყოფ პირებთან (იხ. წინა პარაგრაფი).
56. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ გ.ს.-ს, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტში 2008 წლის აგვისტოში, მის შესახებ არსებული სამხედრო ჩანაწერების მიხედვით, გააჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცოდნა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 12 იანვარს გ.ს.-ს პირადი პაროლის მეშვეობით ჰქონდა წვდომა პოლიციის ბაზაზე, რომელიც შეიცავს საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემებს და შეაგროვა ყველა საჭირო ინფორმაცია პირველი მომჩივნის და მისი გარდაცვლილი შვილის შესახებ. ამ უკანასკნელი ბაზის, ისევე, როგორც რამდენიმე სატელეფონო ზარის მეშვეობით მის ნაცნობ პოლიციელებთან, რომლებიც მუშაობდნენ კასპის პოლიციის განყოფილებაში, გ.ს.-სთვის ცნობილი გახდა, რომ ზ.ვ. დაკრძალული იყო კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში და, რომ პირველი მომჩივანი შვილის საფლავზე რეგულარულად, სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ, დადიოდა,
57. 2015 წლის 18 იანვარს გ.ს. თავისი ავტომანქანით ჩავიდა სოფელ ყარაფილაში. მისი ავტომანქანა იმ დღეს სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა დაინახა ადგილობრივი სასაფლაოს შესასვლელთან. ბრალდების გამამყარებელ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ (i) გ.ს.-ს დნმ-ს კვალი აღმოჩენილ იქნა დანაშაულის ადგილას აფეთქებული ბომბის ნაწილებზე და (ii) ზ.ვ.-ს საფლავის მიწის ნაწილაკები აღმოჩნდა გ.ს.-ს ავტომანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ, აქსელერატორთან ახლოს. საქალაქო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტები, რომლებიც პირველი მომჩივნის გარდაცვალებისთანავე გავრცელდა: გ.ს. ვერ მალავდა კმაყოფილებას მის მეგობრებთან და დაუყოვნებლივ დაიწყო თავის პროფესიულ, პოლიციელთა წრეში პირველი მომჩივნის თვითმკვლელობის ვერსიის გავრცელება. მოკლე დროში, რაც დაიწყო გამოძიება პირველი მომჩივნის მკვლელობასთან დაკავშირებით, გ.ს.-მ, თავისი პროფესიული ქსელის მეშვეობით, დაიწყო იმის გარკვევა, გამოვლენილი იყო, თუ არა რომელიმე ეჭვმიტანილი.
(ბ) დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნები
58. აღნიშნული დასკვნებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშევედ ცნო პირველი მომჩივნის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი). სასამართლომ მკვლელობის მეთოდი შეაფასა, როგორც განსაკუთრებით მდაბიო და ცინიკური იმ სიწმინდის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც მისი შვილის, რომელიც, თავის მხრივ პოლიციელების მიერ იყო მოკლული, საფლავი წარმოადგენდა მგლოვიარე მამისთვის, და, რომ გ.ს.-ს ზედმიწევნით შეეძლო შეეფასებინა ის დამატებითი და განუსაზღვრელი საფრთხე, რაც სხვა პირების სიცოცხლეს ემუქრებოდა, როდესაც ასეთ დიდ ასაფეთქებელ მოწყობილობას ათავსებდა. დანაშაულის mens rea-ს წარმოადგენდა გ.ს.-ს სურვილი, დაესაჯა პირველი მომჩივანი და ჩამოეცილებინა მისი საზოგადოებრივი აქტივობისთვის/გან, რაც მიმართული იყო შავ სიაში მოხვედრილი პოლიციელების წინააღმდეგ (იხ. 54-ე პარაგრაფი ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ, როგორც საეჭვო გარემოებაზე, მიუთითა სატელეფონო საუბრებზე ი.ფ.-სა და გ.-ს შორის, პირველი მომჩივნის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. თუმცა, იმის გამო, რომ იმ საუბრის შინაარსი ცნობილი არ ყოფილა, სასამართლომ თავი შეიკავა შემდგომი შეფასებებისგან. გ.ს.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოცი წლის ვადით.
(გ) სისხლის სამართლის საქმის დასრულება
59. 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გ.ს.-ს გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელი. 2016 წლის 23 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო რა გ.ს.-ს საჩივარი, საბოლოოდ დაასრულა სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
60. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი, რომელიც 2009 წლის 9 ოქტომბერს ამოქმედდა და გამოძიების განახლების დროისათვის იყო ძალაში (იხ. 23-35-ე პარაგრაფები ზემოთ), დაზარალებულს ანიჭებდა შემდეგ საპროცესო უფლებებს:
მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები
„1. დაზარალებულს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;
გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;
დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ...
ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;
კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; ...
მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ...“
ზემოთ ციტირებულ 57-ე მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლი, ამგვარია:
მუხლი 58. [დაზარალებულის ინფორმირების ვალდებულება][4]
„1. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ დაზარალებულს წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:
(ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;
ბ) წინასასამართლო სხდომა;
გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;
დ) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;
ე) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.
...
3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.“
ბ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
61. ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309(16)‑309(21)-ე მუხლის თანახმად, პირი, ვინც თავს დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანის მსხვერპლად მიიჩნევს, ანაზღაურების შესახებ, უფლებამოსილია, სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომლთაც დადასტურებულია სადავო დანაშაულის ჩადენა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
62. რადგანაც აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არ ზღუდავს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, იმ პირის მიერ ვისაც შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს, კოდექსის 309(17)-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სამართლიანი დაკმაყოფილების მისაღებად, სასურველია, თუ განაჩენით დადგენილ იქნება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ეს განაჩენი წარმოადგენს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის ძირითად სამართლებრივ საფუძველს, რომელიც უკვე შეიცავს მითითებებს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ფარგლების შესახებ.
გ. სისხლის სამართლის კოდექსი
63. სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. ამ ვითარებაში აღნიშნული დამატებითი სასჯელი, რომლის მაქსიმალური ვადა შეიძლებოდა ყოფილიყო სამ წლამდე, გამოიანგარიშებოდა იმ მომენტიდან, რაც მსჯავრდებული დაასრულებდა ძირითადი (საპატიმრო) სასჯელის მოხდას.
64. სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი ნორმები, რომლებიც მოქმედებდა 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შეტანამდე, რაც 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში იქნა გამოყენებული (იხ. 46-ე პარაგრაფი ზემოთ), შემდეგი შინაარსის იყო:
მუხლი 109 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში
„განზრახ მკვლელობა ...
(ა) ორი ან მეტი პირისა; ...
(ზ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
(თ) ჯგუფურად; ...
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“
მუხლი 147, 1-ლი ნაწილი – განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება
„განზრახ უკანონო დაკავება... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე ... “
მუხლი 333, 1-ლი, მე-2 და მე-3(ბ) ნაწილები – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – [მაღალჩინოსანი] მოხელის მიერ განზრახ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ... რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია – ... ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე[5], თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“
მუხლი 369, მე-3 ნაწილი – მტკიცებულების ფალსიფიკაცია
„მტკიცებულების ფალსიფიკაცია [პროკურორის ან გამომძიებლის] მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე ... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე[6], თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“
დ. ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი
65. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერის იქნა მიღებული, პრეამბულაში ორ მიზანს მოიცავდა. პირველი, იყო „ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად პატიმართა რაოდენობის შემცირება და სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობა“. მეორე დეკლარირებული მიზანი იყო „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების არსებობის აღიარება ქვეყანაში“.
66. აღნიშნული ორი მიზნის მიხედვით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ნაწილი შეიცავდა 1-ელ-21-ე მუხლებს და შეეხებოდა „ჩვეულებრივი“ დანაშაულების სხვადასხვა სახეს მთელი სისხლის სამართლის კოდექსიდან, შეიძლება ითქვას იმათ, რომლებიც არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი ბრალდების შედეგი სხვა, პოლიტიკური, მიზნებიდან გამომდინარე. ის მუხლები დამნაშავეებს ან სხვადასხვაგვარი გრადაციით უმცირებდა სასჯელებს, ან სრულად ათავისუფლებდა მათ სასჯელების მოხდისგან, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. 21-ე მუხლი აზუსტებდა, რომ ამნისტია ჩვეულებრივი დანაშაულების მიმართ გავრცელდებოდა იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი იყო 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.
67. კანონის მე-16 მუხლი, რომელიც, inter alia, შეეხებოდა იმ დანაშაულებს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 147-ე, 333-ე და 369-ე მუხლებით (იხ. 46-ე და 64-ე პარაგრაფები ზემოთ), ითვალისწინებდა, რომ საპატიმრო სასჯელები შესაბამისი დანაშაულებისთვის უნდა შემცირებულიყო ¼-ით.
68. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე ნაწილი შეიცავდა 22-ე მუხლს, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებოდა და ადგენდა შემდეგს: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.“
III. საერთაშორისო დოკუმენტები
69. 2007 წლის სექტემბერში „ემნისტი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა თავისი ბრიფინგი ადამიანის უფლებათა კომიტეტის შესახებ საქართველოში. ამ დოკუმენტის შესაბამისი ამონარიდები (მე-9-11 გვერდებზე) ამგვარია:
„ემნისტი ინტერნეიშენალი შეშფოთებულია იმ მტკიცებების გამო, რომ მრავალ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის მიერ გამოყენებული იყო ლეტალური ძალა, არ წარმართულა სწრაფი, სრულყოფილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე დაყრდნობით, ლეტალური ძალის გამოყენების შემთხვევებში არცერთი პოლიციელი ყოფილა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენილი.
ზ[.]ვ[.]-ს და ა[.]ხ[.]-ს საქმე
ზ[.]ვ[.] და ა[.]ხ[.] პოლიციელების სროლის შედეგად იქნენ მოკლულები, როდესაც ისინი მოძრაობდნენ თბილისის ცენტრში 2006 წლის 2 მაისს. არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის, სულ მცირე, 50 პოლიციელი, მათ შორის, მაღალი რანგის ოფიცრები, სპეციალური საპოლიციო დანაყოფის 10 ნიღბიანი პოლიციელი, ისევე, როგორც სხვა პოლიციელები, მონაწილეობდნენ სპეციალურ ოპერაციაში. მ[.]დ[.]-ს გადმოცემით, რომელიც ზ[.]ვ[.]-ს ოჯახთან იყო დაკავშირებული, „იმდენად მრავალი ტყვის ჰქონდა მოხვედრილი ორ პირს, რომ სამედიცინო ექსპერტებმა, რომლებმაც გვამების ექსპერტიზა ჩაატარეს, რეალურად ვერ შეძლეს მათი დათვლა“. ბ[.]ფ[.], რომელიც იმავე ავტომანქანით მგზავრობდა, მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ...
ი[.]ქ[.]-მ, პოლიციის თბილისის განყოფილების უფროსმა, მოგვიანებით იმავე დღეს პრეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამაკაცებმა 2006 წლის 30 აპრილს თბილისში დააყაჩაღეს ლომბარდი და გეგმავდნენ სხვა ყაჩაღობის ჩადენას 2 მაისს. მან დასძინა, რომ მამაკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას და პოლიციამ ისინი ამის საპასუხოდ დახოცა. თუმცა, გ[.]მ[.], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც ასევე იცავდა ზ[.]ვ[.]-ს ოჯახის ინტერესებს, განაცხადა, რომ პოლიცია ჩასაფრდა იმ მიზნით, რომ მოეკლა ორი პირი და, რომ პირველი სროლები პოლიციამ განახორციელა.
2006 წლის 5 მაისს მთავარმა პროკურორმა თბილისის პროკურატურას მიმართა გამოეძიებინა, ადგილი ხომ არ ჰქონდა ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის გამო „მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით“.
ადვოკატები: ი[.]ჩ[.] და მ[.]დ[.], რომლებიც მუშაობდნენ ზ[.]ვ[.]-ს საქმეზე, 2007 წლის 9 მაისს ემნისტი ინტერნეიშენალს განუცხადეს, რომ გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ბრალდების საქმეზე არ წარმართულა სრულად და მიუკერძოებლად; გამომძიებლებმა უგულებელყვეს მოწმეთა ჩვენებები, ვინც პოლიციას ადანაშაულებდა; ხელისუფლებამ განზრახ გაანადგურა მტკიცებულებები და, რომ ხელისუფლება განზრახ ბლოკავდა მათ ზ[.]ვ[.]-ს უფლებების დაცვისას, როგორც პოლიციის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, ისე იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც, თითქოს, ჩადენილი და დაგეგმილი იყო მათი კლიენტის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლება არ აკმაყოფილებდა ციალა შანავას ზ[.]ვ[.]-ს დედის მოთხოვნას, აღიარებული ყოფილიყო თავისი შვილის „სამართლებრივ უფლებამონაცვლედ“ სპეციალური ოპერაციის წარმართვისას ძალის გადამეტების ბრალდების გამო გამოძიების საქმეში. თუმცა, 2006 წლის 7 ივლისს, ადვოკატების მიერ მრავალი საჩივრის წარდგენის, ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ, თბილისის პროკურატურამ დედა აღიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ომბუდსმენზე დაყრდნობით, ამის შემდეგაც კი, „გამოძიება ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან აეცილებინა [ციალა შანავას მიერ] საქმის მასალების გაცნობა“. ამას გარდა, ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურამ მათ არ მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მოწმეების დაკითხვაში და არ მიაწოდა მათ მოწმეთა ჩვენებების ტრანსკრიპტები.
გ[.]მ[.]-ს გადმოცემით, თბილისის პროკურატურის გამომძიებლებმა, სრულყოფილად და მიუკერძოებლად არ გამოიძიეს იმ ბრალდების საქმე. რომ გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა. პროკურორებმა, როგორც ცნობილია, დაკითხეს ის მოწმეები, რომელთა ვინაობაც ზ[.]ვ[.]-ს ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სპეციალური ოპერაციის ჩატარებიდან მრავალი თვის გასვლის შემდეგ, 2007 წლის თებერვალში. მოწმეები სავარაუდოდ მიუთითებდნენ, რომ პოლიციელებმა დაიწყეს სროლა და ისინი აგრძელებდნენ სროლას მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები აღარ ეწინააღმდეგებოდნენ დაკავებას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარემ მათი ჩვენებები უგულებელყო. ასევე არსებობდა ვერსიები, რომ პოლიცია დაუკავშირდა ახლოს მცხოვრებ ადამიანებს და გააფრთხილა ისინი, არ მიეცათ პოლიციის მამხილებელი ჩვენებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბალისტიკური გამოძიების მიხედვით, ავტომანქანის მგზავრებმა პოლიციის ავტომანქანას ესროლეს ავტომანქანის უკანა ფანჯრიდან, თუმცა ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც მოკლე დროში ტელევიზიებით გადაიცა, ჩანდა, რომ ავტომანქანის უკანა ფანჯრის შუშა დაუზიანებელი იყო. ადვოკატებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ დამოუკიდებელი ბალისტიკური გამოძიება და 2005 წლის 25 აპრილს მთავარ პროკურატურაში წარადგინეს განცხადება სახელმწიფო ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტების დამოუკიდებელი ექსპერტისთვის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო დღეს თბილისის პროკურატურამ მათ აცნობა, რომ ძალის გადამეტების შესახებ ბრალდების საქმის გამოძიება უკვე დასრულებული იყო 20 აპრილს და, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ გამოყენებული ძალა იყო გადამეტებული.“
სამართლებრივი დასაბუთება
I. წინასწარი საკითხი
70. მეორე მომჩივანმა სასამართლოს აცნობა, რომ სურდა სასამართლო პროცესში მონაწილეობა როგორც თვითონ, ისე თავისი გარდაცვლილი ქმრის, პირველი მომჩივნის (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ) სახელით. ამ საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოსთვის მისაღებია, რომ მეორე მომჩივანს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, გააგრძელოს საქმეში მონაწილეობა როგორც საკუთარი, ისე გარდაცვლილი მომჩივნის სახელით, თუმცა სიცხადისა და სხვა პრაქტიკული მიზნებისთვის, სასამართლო ორივე მომჩივანს შეეხება ამ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილებში (ის. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ (Enukidze and Girgvliani v. Georgia), N 25091/07, § 1, 26 აპრილი 2011).
II. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
71. მომჩივნები, კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებით, ისე საპროცესო ნაწილებზე დაყრდნობით ჩიოდნენ 2006 წლის 2 მაისს მათი ვაჟის მკვლელობისა და ამასთან დაკავშირებით ადეკვატური გამოძიების არარსებობის გამო. ხსენებული მუხლი ამგვარია:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.“
72. მთავრობამ უარი თქვა თავისი უფლების გამოყენებაზე, წარედგინა მოსაზრებები საქმის მისაღებობასა და არსებით მხარეზე (იხ. მე-4 პარაგრაფი ზემოთ ).
ა. მისაღებობა
73. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია შედავება კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე აღძრულ მომჩივანთა საჩივრის მისაღებობასთან დაკავშირებით, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით იმსჯელებს, რომ მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, რომ პოლიციის რამდენიმე ოფიცერი საბოლოოდ მსჯავრდებულ იქნა მომჩივნის ვაჟის მკვლელობაში და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლაში, შესაძლოა, გონივრულად აჩენდეს კითხვის ნიშანს მომჩივნების სტატუსის, როგორც დაზარალებულების, მართებულად განსაზღვრასთან დაკავშირებით, კონვენციის 34-ე მუხლის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი, დაკარგა, თუ არა მსხვერპლის სტატუსი კონვენციის საფუძველზე აღძრულ პროცესში, წარმოადგენს ratione personae თავსებადობის საკითხს, რაც არის სასამართლოს საკუთარი იურისდიქციის ნაწილი და არ არის დამოკიდებული საკითხთან დაკავშირებით მთავრობის შედავების არსებობაზე (შდ., მაგალითად, ბუზარდი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ (Buzadji v. the Republic of Moldova) [დიდი პალატა], N 23755/07, § 70, ECHR 2016 (ამონარიდები)).
74. სასამართლო იმეორებს, რომ მომჩივნისთვის ხელსაყრელი ზომის ან გადაწყვეტილების გამოყენება, პრინციპში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმ პირს შეეზღუდოს თავისი, როგორც „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეროვნულ ხელისუფლებას პირდაპირ ან არსებითად აღიარებული ჰქონდა, და შემდეგ კომპენსაციაც მიაკუთვნა, კონვენციის დარღვევისთვის (იხ., მაგალითად, სკორდინო იტალიის წინააღმდეგ (Scordino v. Italy) (N 1) [დიდი პალატა], N 36813/97, § 180, ECHR 2006‑V, შემდგომი მითითებებით). რაც შეეხება ანაზღაურებას, რაც სათანადო და საკმარისია იმისთვის, რომ სათანადო დაცვა განხორციელდეს კონვენციით დაცული უფლების დარღვევისთვის ეროვნულ დონეზე, სასამართლო ზოგადი წესით მიიჩნევდა, რომ ეს დამოკიდებული უნდა ყოფილიყო საქმის ყველა გარემოებაზე, როდესაც სავარაუდოდ დარღვეულ უფლების ხასიათს სპეციფიური მნიშვნელობა მიენიჭებოდა (იხ. გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany) [დიდი პალატა], N 22978/05, § 116, ECHR 2010). საქმეებში, სადაც სავარაუდოა, რომ გარდაცვალება განზრახი ქმედების შედეგი იყო, ან ეს შედეგი დადგა სახელმწიფო მოხელეთა თავდასხმის ან არასათანადო მოპყრობის გამო, მოითხოვება ორი ღონისძიება. პირველი, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა წარმართონ ეფექტიანი გამოძიება, მიმართული პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისაკენ (იხ., მაგალითად, ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ (Tanrıkulu v. Turkey) [დიდი პალატა], N 23763/94, § 79, ECHR 1999‑IV), და, მეორე, მომჩივანს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს და მიიღოს ადეკვატური კომპენსაცია მე-2 მუხლის დარღვევის გამო (შდრ., მაგალითად, მუსტაფა ტუნჩი და ფეჯირე ტუნჩი თურქეთის წინააღმდეგ ( Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey) [დიდი პალატა], N 24014/05, § 130, 14 აპრილი 2015; ნიკოლოვა და ველიჩკოვა ბულგარეთის წინაააღმდეგ (Nikolova and Velichkova v. Bulgaria), N 7888/03, § 56, 20 დეკემბერი 2007 და ზემოთ დასახელებული გეფგენი (Gäfgen), § 116).
75. მოცემულ საქმეში საკითხი, რომ მომჩივნებმა შესაძლოა დაკარგეს მსხვერპლის სტატუსი იმის გამო, რომ პოლიციის რამდენიმე ოფიცერი იქნა მსჯავრდებული, მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი შვილის მკვლელობის გამო წარმართული გამოძიების ეფექტიანობასთან. სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს ეს საკითხი გაუერთიანოს მომჩივნების მიერ წარმოდგენილი საჩივრის არსებით განხილვას, კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევასთან დაკავშირებით (შდრ., მაგალითად, პეტროვიჩი სერბეთის წინააღმდეგ (Petrović v. Serbia), N 40485/08, §§ 64 და 65, 15 ივლისი 2014; კულაჰი და კოიუნჯუ თურქეთის წინააღმდეგ (Külah and Koyuncu v. Turkey), N 24827/05, § 35, 23 აპრილი 2013; დიმიტროვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Dimitrova and Others v. Bulgaria), N 44862/04, § 67, 27 იანვარი 2011 და ოზჯანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Özcan and Others v. Turkey), N 18893/05, § 55, 20 აპრილი 2010).
76. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) პუნქტიდან გამომდინარე, არც მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი ნაწილი
77. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების, როგორც მსხვერპლების სტატუსის განხილვა სასამართლომ გაუერთიანა მათ მიერ წარმოდგენილი საჩივრის არსებით განხილვას, კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევასთან დაკავშირებით, მათი შვილის გარდაცვალების საქმეზე სავარაუდოდ არაეფექტიანი გამოძიების წარმართვის გამო, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივრის არსებითი ნაწილის განხილვას ამ უკანასკნელი პრეტენზიიდან შეუდგეს.
1. იყო, თუ არა ზ.ვ.-ს მკვლელობის გამოძიება ეფექტიანი
(ა) მომჩივნების არგუმენტები
78. მომჩივნებმა ძირითადად ყურადღება დაუთმეს სხვადასხვა ნაკლოვანებებს, რომლებმაც თავიანთი შვილის გარდაცვალების საქმის თავდაპირველი გამოძიება, რომელიც 2006 წლის 5 მაისიდან 2007 წლის 20 აპრილამდე მიმდინარეობდა, დააკნინა (იხ. მე-10-14 პარაგრაფები ზემოთ). ისინი ამტკიცებდნენ, რომ თავდაპირველი გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს, რადგან პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივე დეპარტამენტმა, რომლის ოფიცრებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ მათი შვილის მკვლელობაში. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება ქალაქ თბილისის პროკურატურაში გაგრძელდა, ამ უკანასკნელმა გამოძიება გააგრძელა მომჩივნებისთვის მუდმივად ტყუილების თქმით და იმ მტკიცებულებაზე თვალის დაბრმავებით, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრებს პოლიციის მისამართით არცერთხელ უსვრიათ და, რომ რამდენიმე პოლიციელის, როგორებიცაა ი.ფ., გ.ც და ლ.ბ., ქმედებები აშკარად შეიცავდა მკვლელობის განზრახვის ნიშნებს. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ ისინი ქმედითი ფორმით არ ყოფილან ჩართულები გამოძიებაში და ასევე შეზღუდული იყო გამოძიების გამჭვირვალობა.
79. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებას, რაც ფორმალურად 2012 წლის 14 დეკემბერს განახლდა (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ), მომჩივნებმა განმარტეს, რომ ის პროცესი არ იყო ეფექტიანი, რადგან საგამოძიებო მოქმედებები გაუმართლებლად გაჭიანურდა და, რადგან თავდაპირველი გამოძიების მსგავსად, ისინი არ ყოფილან ჩართული გამოძიების პროცესში დაზარალებულების სტატუსით. ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში დაზარალებულის სტატუსის მოპოვების გარეშე, მომჩივნებს არ შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია იმ გამოძიების პროცესის განვითარების შესახებ ან თავიანთი საპროცესო უფლებების განხორციელების შედეგად ქმედითი გავლენა მოეხდინათ მასზე (იხ. მე-60 პარაგრაფი ზემოთ). მომჩივნებს არ გაუკეთებიათ რაიმე განმარტება ხელახალი გამოძიების შედეგებზე და 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც მათი შვილის მკვლელობის და მასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულების გამო, მსჯავრი დაედოთ შესაბამის პოლიციელებს (იხ. 23-50-ე პარაგრაფები ზემოთ).
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
80. ეფექტური გამოძიების წარმართვის ვალდებულების საკითხი უკანონო ან საეჭვო გარდაცვალებებისას კარგად არის გამოკვეთილი სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში. ამ ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი გამოძიების ძირითადი მიზანი არის ქვეყნის იმ კანონმდებლობის ეფექტური გამოყენება, რაც სიცოცხლის უფლების დაცვას შეეხება და შესაბამის საქმეებში ჩართულ სახელმწიფო მოხელეებსა და ორგანოებს სთხოვს თავიანთი ანგარიშვალდებულების გარანტირებას იმ გარდაცვალებების შემთხვევებში, რაზეც მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შეიძლება არსებობდეს გამოძიების ჩატარებისკენ მიმართული წინააღმდეგობები და სირთულეები კონკრეტულ ვითარებაში, ხელისუფლების დაუყოვნებელი პასუხი არის სასიცოცხლო, მათ, როგორც კანონის უზენაესობის დამცველების, მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნების საქმეში და რაიმე ფორმით მათი უკანონო ქმედებებში ჩართვის ან ასეთის მიმართ ტოლერანტობის გამოვლენის პრევენციისთვის (იხ. ბრექნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Brecknell v. the United Kingdom), N 32457/04, § 65, 27 ნოემბერი 2007, შემდეგი მითითებებით).
81. იმისათვის, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს, გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ დაადგინოს სათანადო ფაქტები და გამოავლინოს და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. ეს ვალდებულება მიმართულია არა შედეგის, არამედ საშუალებისკენ. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული გონივრული ზომები იმისთვის, რომ დაიცვას შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, რომელთა შორისაა, inter alia, თვითმხილველის ჩვენება, ექსპერტიზის შედეგები, სადაც შესაძლებელია, გვამის გამოკვლევის შედეგი, რომელიც ასახავს სრულ და ზუსტ დაზიანებებს და კლინიკური დასკვნების ობიექტურ ანალიზს, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზე. ამ კონტექსტში პროცესის არსებითი მახასიათებელია სისწრაფის და გონივრულობის მოთხოვნები (იხ. რამშაი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramsahai and Others v. the Netherlands) [დიდი პალატა], N 52391/99, § 324, ECHR 2007‑II; ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Anguelova v. Bulgaria), N 38361/97, § 139, ECHR 2002‑IV და შილიჰი სლოვენიის წინააღმდეგ (Šilih v. Slovenia) [დიდი პალატა], N 71463/01, § 195, 9 აპრილი 2009).
82. გამოძიების წარმართვაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები ვითარებაში ჩართული ან სავარაუდოდ ჩართული ნებისმიერი პირისგან. ეს გულისხმობს არა იერარქიულ ან ინსტიტუციურ, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც (იხ. ალიევი და გაძიევა რუსეთის წინააღმდეგ (Aliyev and Gadzhiyeva v. Russia), N 11059/12, § 96, 12 ივლისი 2016). მეტიც, გამოძიება მისაღები უნდა იყოს მსხვერპლის ოჯახისთვის, მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროებისთვის. ასევე საკმარისად უნდა არსებობდეს გამოძიების საჯაროობის ელემენტი, რომლის ხარისხი საქმეების მიხედვით, სხვადასხვაგვარია (იხ., მაგალითად, ჰიუ ჯორდანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hugh Jordan v. the United Kingdom), N 24746/94, § 109, 4 მაისი 2001). მეტიც, გამოძიების დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის სრულყოფილ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. გამოძიების ამ გარდაუვალი მახასიათებლიდან გადახვევა არსებითი ხარისხით უთხრის ძირს გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებები და, სადაც საჭიროა, პასუხისმგებელი პირების ვინაობა (იხ. ზემოთ დასახელებული მუსტაფა ტუნჩი და ფეჯირე ტუნჩი (Mustafa Tunç and Fecire Tunç), § 175).
83. ნებისმიერ შემთხვევაში, გამჭვირვალობის ხასიათი და ხარისხი, რაც გამოძიების ეფექტიანობის მინიმალურ ზღვარს უნდა აკმაყოფილებდეს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. შეუძლებელია იმ სიტუაციათა მრავალფეროვნების შემცირება, რაც შეიძლება საჭირო საგამოძიებო მოქმედებების შიშველი სიის რიცხვს განსაზღვრავდეს ან სხვა გამარტივებული კრიტერიუმის შემოღება (იხ. ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ Velikova v. Bulgaria, N 41488/98, § 80, ECHR 2000‑VI). ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ მე-2 მუხლი გამოძიების ორგანოს არ აკისრებს ვალდებულებას, გამოძიების პროცესში დააკმაყოფილოს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნათესავის ყველა მოთხოვნა (იხ. ზემოთ დასახლებული რამშაი და სხვები (Ramsahai and Others), § 348 და ველჩა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ (Velcea and Mazăre v. Romania), N 64301/01, § 113, 1 დეკემბერი 2009).
84. სადაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და, რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ., მაგალითად, ჯულიანი და გაჯო იტალიის წინააღმდეგ (Giuliani and Gaggio v. Italy) [დიდი პალატა], N 23458/02, § 306, ECHR 2011 (ამონარიდები), და ზემოთ დასახელებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani, § 242). მაშინ, როდესაც სასამართლო აღიარებს ეროვნული სასამართლოების აშკარა უპირატესობას სათანადო სანქციების შერჩევის საკითხში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ მკვლელობის საქმეებზე, იგი მაინც იყენებს გარკვეულ უფლებამოსილებას, განიხილოს და ჩაერიოს საქმეებში, თუ გამოყენებული სანქცია ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან მიმართებით აშკარად არაპროპორციულია (იხ. არმანი და სილვა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Armani Da Silva v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 5878/08, § 238, 30 მარტი 2016).
85. გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა და მომჩივნის ხელთ სამართლებრივი დაცვის საკომპენსაციო საშუალებების არსებობა წარმოადგენს რა, მნიშვნელოვან კრიტერიუმს იმის შესაფასებლად, შეასრულა, თუ არა სახელმწიფომ თავის ვალდებულებები მე-2 მუხლის ფარგლებში (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ფედინა უკრაინის წინააღმდეგ (Fedina v. Ukraine), N 17185/02, §§ 66-67, 2 სექტემბერი 2010), უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობის საქმეებს შორის, რაც სასამართლოს წარედგინა, დარღვევის დადგენა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული საქმეების განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებაზე და განხილვისას ხელისუფლების მხრიდან გულისხმიერების არასათნადოდ გამოვლენაზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო საბოლოო შედეგი იმ საქმეებზე (იხ., მაგალითად, მერკულოვა უკრაინის წინააღმდეგ (Merkulova v. Ukraine), N 21454/04, § 51, 3 მარტი 2011, შემდგომი მითითებებით).
86. დაბოლოს, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის გამეორებას, რომ როდესაც ფაქტების დადგენას იწყებს, რაც მისი როლის სუბსიდიურობის გათვალისწინებით, მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს, ის სიფრთხილით უნდა მოეკიდოს იმას, რომ თავის თავზე არ აიღოს ფაქტების დამდგენი, პირველი ინსტანციის სასამართლოს როლი, თუკი ეს გარდაუვალი არ არის საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. იქ, სადაც ეროვნული სამართალწარმოება განხორციელდა, სასამართლოს ამოცანა არ არის ქვეყნის სასამართლოების მიერ განხორციელებული ფაქტების შეფასება თავისი შეფასებებით ჩაანაცვლოს. თუმცა სასამართლო არ არის შებოჭილი ქვეყნის სასამართლოების დასკვნებით და თავისუფალია, საკუთარი შეფასება გააკეთოს მის წინაშე არსებული საქმის ყველა მასალიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ ვითარებაში მას მოეთხოვება დამაჯერებელი არგუმენტები იმისათვის, რომ გაემიჯნოს ქვეყნის სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებულ დასკვნებს ფაქტებთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, ზემოთ დასახელებული მუსტაფა ტუნჩი და ფეჯირე ტუნჩი (Mustafa Tunç and Fecire Tunç), § 182).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება ამ საქმეში
87. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულ იქნა პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის დასრულებისთნავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის იგივე პოლიციელების მიერ, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. იმ პოლიციელების მიერ 2006 წლის 2-დან 5 მაისამდე მოპოვებულ მტკიცებულებებს მოგვიანებით დაეყრდნო პროკურატურა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პროპორციულობის საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე (იხ. მე-8 და მე-10 პარაგრაფები ზემოთ). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიცრების მიერ ჩატარებული უმთავრესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედებები აშკარად მოკლებული იყო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას და ასეთ პროცედურულ ნაკლს შეუძლებელი იყო არ გაემრუდებინა გამოძიების სათანადო მიმართულება (იხ., მაგალითად, ზემოთ დასახელებული: ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), §§ 245-49; ოზჯანი და სხვები (Özcan and Others), §§ 65 და 66 და კოლევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Kolevi v. Bulgaria), N 1108/02, §§ 208 და 212, 5 ნოემბერი 2009).
88. რაც შეეხება თავდაპირველ გამოძიებას, რომელიც წარიმართა მას შემდეგ, რაც საქმე თბილისის პროკურატურას გადაეცა 2006 წლის 5 მაისს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული ჩავარდნა ამ უკანასკნელი ორგანოს მხრიდან იყო სურვილის არარსებობა მომჩივნები ჩაერთო პროცესში მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით. ამ უკანასკნელი საპროცესო მდგომარეობის გარეშე, მომჩივნებს არ შეეძლოთ თუნდაც სასამართლოში გაესაჩივრებინათ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საპროცესო დადგენილება (იხ. მე-14 და მე-15 პარაგრაფები ზემოთ). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა ორი დამოუკიდებელი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ზ.ვ.-ს ავტომანქანის მგზავრებს არასოდეს გამოუვლენიათ შეიარაღებული წინააღმდეგობა პოლიციის მიმართ. ამ უკანასკნელი ფაქტის სათანადო შეფასება აუცილებელი იყო ობიექტური დასკვნებისთვის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ეს მსჯელობა სასამართლოსთვის საკმარისია, თუნდაც, სხვა შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომ თბილისის პროკურატურის მიერ ჩატარებულ თავდაპირველ გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო სრულყოფილება, ობიექტურობა და, როგორც გამოძიების განახლების შემდეგ გამოვლინდა, მიუკერძოებლობა (შდრ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), §§ 250-58 და მედოვა რუსეთის წინააღმდეგ (Medova v. Russia), N 25385/04, § 109, 15 იანვარი 2009).
89. სასამართლო გაიხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის საქმის გამოძიება განახლდა 2012 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს დაედო მსჯავრი 2015 წლის 30 ოქტომბერს როგორც ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში, ასევე უფლებამოსილების გადამეტებასა ან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაში (იხ. 46-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სისხლის სამართლის საქმის განახლების შედეგი მომჩივნებისთვის წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის სათანადო გზას. მომჩივნების შვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის დაგვიანებით, მკვლელობის ჩადენიდან ცხრა წელზე მეტი დროის შემდეგ, აღიარება, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების ტოტალურ უმოქმედობასთან ერთად (იხ. მე-14, მე-17 და მე-19-34-ე პარაგრაფები ზემოთ), აშკარად მიანიშნებდა მართლმსაჯულების გაჭიანურებაზე. სასამართლო იმეორებს, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმაა (შდრ. ლოპატინი და მედვედევსკი უკრაინის წინააღმდეგ (Lopatin and Medvedskiy v. Ukraine), NN 2278/03 და 6222/03, § 75, 20 მაისი 2010), როგორც არაგონივრული ვადით უმოქმედობა, ისე ხელისუფლების მხრიდან გულისხმიერების ნაკლოვანება პროცესის წარმართვისას, გამოძიებას, მისი საბოლოო შედეგის მიუხედავად, გადააქცევს არაეფექურად (შდრ. ზემოთ დასახელებული: შილიჰი (Šilih), § 211, მერკულოვა (Merkulova), §§ 52-62; შანდრუ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Şandru and Others v. Romania), N 22465/03, §§ 73 და 77-80, 8 დეკემბერი 2009; დვორაჩეკი და დვორაჩკოვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Dvořáček and Dvořáčková v. Slovakia), N 30754/04, § 70, 28 ივლისი 2009; აგაჩე და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Agache and Others v. Romania), N 2712/02, §§ 79-84, 20 ოქტომბერი 2009; და მოისიევი პოლონეთის წინააღმდეგ (Mojsiejew v. Poland), N 11818/02, §§ 57-58, 24 მარტი 2009).
90. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მნიშვენლობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის 2009 წლის 8 სექტემბრის ფორმალური მოწოდების მიუხედავად პროკურატურის მიმართ, განეახლებინა გამოძიება პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციაზე თავდაპირველი გამოძიების დასკვნების აშკარა არასაკმარისობის გამო (იხ. მე-17 პარაგრაფი ზემოთ), ხელისუფლება მაინც უმოქმედოდ იყო 2012 წლის 14 დეკემბრამდე. თუმცა ამ უკანასკნელი თარიღით გამოძიების განახლების შემდეგ, პირველმა მომჩივანმა, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა დაზარალებულის სტატუსი, მაინც ატარებდა გამოძიების მწარმოებლის ტვირთს, საკვანძო მოწმეების დაკითხვით და სხვა მტკიცებულებების შეგროვებით, საკმაო დროის განმავლობაში (იხ. მე-19-34-ე პარაგრაფები ზემოთ და შდრ., მაგალითად, ზემოთ დასახელებული შილიჰი (Šilih), §§ 201 და 209). გამოძიების განახლების შემდეგ და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ უკვე არსებობდა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომ პოლიციის ოფიცრები მონაწილეობდნენ ლეტალური ძალის უკანონოდ გამოყენების პროცესში. გამოძიების განახლების შემდეგ და იმ გარემოების მიუხედავად, რომ არსებობდა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელიც მომჩივნების შვილის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენებაში შესაბამისი პოლიციელების ჩართულობაზე მიუთითებდა, ქვეყნის შესაბამის ხელისუფლების ორგანოს მაინც თითქმის სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაესრულებინა გამოძიება და საქმე სასამართლოსთვის გადაეცა (შდრ., mutatis mutandis, ზემოთ დასახლებული: აგაჩე და სხვები (Agache and Others), § 79 და შანდრუ და სხვები (Şandru and Others), § 74). ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ნაწილობრივ თვითონ პირველი მომჩივნის მიერ იყო შეკრებილი ის მტკიცებულებები, რაც მოგვიანებით ბრალდებამ შეკრიბა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე (იხ. 36-ე პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი აშკარად არ ექცევა ამ საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს არ შეუძლია, არ აღნიშნოს ის, რომ როგორც შესაბამისმა ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს (იხ. 54-ე და 58-ე პარაგრაფებო ზემოთ), პირველი მომჩივნის მკვლელობა, იმ მოწყობილობის აფეთქების შედეგად, რაც მოთავსებული იყო მისი შვილის საფლავზე, განპირობებული იყო პირველი მომჩივნის ინტენსიური საზოგადოებრივი აქტივობით, რომ გამოეაშკარავებინა იმ პოლიციელების ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ზ.ვ.-ს მკვლელობაზე 2006 წლის 2 მაისს. საგამოძიებო როლის საკუთარ თავზე აღებით, რაც, ჩვეულებრივ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, პირველმა მომჩივანმა თავი ჩაიყენა შურისძიების აშკარა საფრთხეში. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემული საქმის ტრაგიკული გაგრძელება წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ რა ხელშესახებად მავნეა ხელისუფლების მხრიდან არასათანადო გულისხმიერების გამოვლენა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი (შდრ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), §§ 276 და 277).
91. სხვა საფუძველი, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს გამოძიების განახლება, ხუთი პოლიციელის მსჯავრდების მიუხედავად, საკმარისად ეფექტურად, არის ის, რომ იმის მსგავსად, რაც თავდაპირველი გამოძიებისას მოხდა, მეორე მომჩივანს არ განესაზღვრა დაზარალებულის სტატუსი, ვერ დაესწრო სასამართლოში საქმის განხილვას და ვერ ისარგებლა იმ სტატუსთან დაკავშირებული უმეტესი საპროცესო უფლებებით (იხ. მე-60 პარაგრაფი ზემოთ და შდრ., მაგალთად, მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia)-ს, N 21571/05, § 108, 1 ივნისი 2017; ზემოთ დასახლებული დიმიტროვა და სხვები (Dimitrova and Others), §§ 87 და 88 და ტრუფინი რუმინეთის წინააღმდეგ (Trufin v. Romania), N 3990/04, § 52, 20 ოქტომბერი 2009 და განასხვავე ზემოთ დასახლებული მუსტაფა ტუნჩი და ფეჯირე ტუნჩი (Mustafa Tunç and Fecire Tunç)-ისგან, §§ 213-15). შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით, მეორე მომჩივნისთვის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის არმიცემით, მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მას წაერთვა შესაძლებლობა, სხვასთან ერთად, ეროვნული სასამართლოების წინაშე ედავა დანაშაულით გამოწვეული წუხილის და სტრესის სიმძიმის შესახებ, რაც შეიძლებოდა მას დახმარებოდა შემდგომი, დამოუკიდებელი საპროცესო ნაბიჯების გადადგმაში იმ მიზნით, რომ სამოქალაქო წესით მიეღო ზიანის ანაზღაურება დამნაშავეებისგან (ამასთან დაკავშირებით, იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი(გ) ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ციტირებული მე-60 და 62-ე პარაგრაფებში ზემოთ). სხვაგვარად რომ ითქვას, მეორე მომჩივნისთვის შესაძლებლობის არმიცემით, დასწრებოდა საქმის განხილვას, გაუფასურდა მისი შესაძლებლობა, მოეთხოვა და მიეღო ადეკვატური კომპენსაცია ზიანისათვის, რაც მან და მისმა გარდაცვლილმა ქმარმა განიცადეს პოლიციელების მერ თავიანთი ვაჟის მკვლელობით (იხ. 74-ე პარაგრაფები ზემოთ, მითითებები in fine და ასევე იეთარი თურქეთის წინააღმდეგ (Yeter v. Turkey), N 33750/03, § 58, 13 იანვარი 2009).
92. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული (იხ. 84-ე პარაგრაფი ზემოთ in fine), მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს უნდა მიენიჭოთ აშკარა უპირატესობა სათანადო სანქციების შერჩევის საკითხში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობისა და მკვლელობის საქმეებზე, სასამართლო უნდა ჩაერიოს საქმეებში, თუ გამოყენებული სანქცია საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან მიმართებით აშკარად არაპროპორციულია. ეს არსებითია საზოგადოების ნდობის შენარჩუნების, კანონის უზენაესობისადმი ერთგულების გარანტირების და საჯარო მოხელეების უკანონო ქმედებებში ჩართვის ან ასეთის მიმართ ტოლერანტობის გამოვლენის პრევენციისთვის (შდრ., მაგალითად, საქმეს ბექთაში და ოზალპი თურქეთის წინააღმდეგ (Bektaş and Özalp v. Turkey), N 10036/03, § 50, 20 აპრილი 2010 და ზემოთ დასახელებულ ნიკოლოვა და ველიჩკოვა (Nikolova and Velichkova)-ს, § 61). მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, საქმის განმხილველ სასამართლოს უფლებას ეძლეოდა დაენიშნა უმაღლესი სასჯელი, ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა, მან თავდაპირველად თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მომჩივნების შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ორ მონაწილეს (სამოქალაქო კოდექსის[7] 109-ე მუხლი, ციტირებულია 64-ე პარაგრაფში ზემოთ). მეტიც, როდესაც ამ სასჯელებს უფარდებდა, საქმის განმხილველი სასამართლოსთვის აშკარად ცნობილი იყო, რომ ის არ იყო რეალური, რადგან ის ¼-ით შემცირებას დაექვემდებარებოდა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად (იხ. 46-ე და 67-ე პარაგრაფები ზემოთ). სასამართლო სინანულით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა კანონმდებელმა, როდესაც იღებდა ამნისტიის შესახებ კანონს, როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება არ გაამახვილა პოლიციელების მიერ ჩადენილი მძიმე უკანონობის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც სახელმწიფოს მოხელე, კერძოდ, სამართალდამცავი, ბრალდებულია დანაშაულში, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლს, ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული (შდრ., მრავალ სხვას შორის, ნინა კუცენკო უკრაინის წინააღმდეგ (Nina Kutsenko v. Ukraine), N 25114/11, § 149, 18 ივლისი 2017; ზემოთ დასახელებული იეთარი (Yeter), § 70 და ალი და აიშე თურქეთის წინააღმდეგ (Ali and Ayşe Duran v. Turkey), N 42942/02, § 69, 8 აპრილი 2008). რა თქმა უნდა, სასამართლო სახელმწიფოებისგან მოელის, რომ უფრო მეტად მკაცრები იყვნენ, როდესაც სჯიან საკუთარ სამართალდამცავებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ დამნაშავეებს, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება, ებრძოლოს დამნაშავის განწყობას, რომ დაუსჯელი დარჩება, რაც მან, შეიძლება, თავისი სამსახურის გამო ირწმუნოს და შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი (იხ. ზემოთ დასახელებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), § 274, და mutatis mutandis, ნიკოლოვა და ველიჩკოვა (Nikolova and Velichkova), § 63).
93. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ პოლიციის სხვა ოფიცრებისგან განსხვავებით, რომლებიც შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულებში იყვნენ მსჯავრდებულები, ორ სხვა პოლიციელს, რომლებსაც ზ.ვ.-ს ავტომანქანის ორი მგზავრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში დაედოთ მსჯავრი, არ ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ქვეყნის სასამართლოების მიერ (იხ. 46-ე პარაგრაფი ზემოთ). სხვაგვარად რომ ითქვას, ორ ყოფილ პოლიციელს პოტენციურად კვლავაც შეეძლო ხელახლა ჩართულიყო მოპასუხე სახელმწიფოს სამართალდამცავ სისტემაში მას შემდეგ, რაც მოიხდიდნენ თორმეტწლიან სასჯელებს. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრინციპული მნიშვნელობის მქონეს, სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ სრულად მიზანშეუწონელი იქნება და არასწორი სიგნალი გაეგზავნება საზოგადოებას, თუკი ძალიან მძიმე დანაშაულის თანამონაწილეები შეინარჩუნებენ შესაძლებლობას, სამომავლოდ დაიკავონ პოზიციები საჯარო სამსახურში (იხ. ზემოთ დასახელებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), § 274; თურქმენი თურქეთის წინააღმდეგ (Türkmen v. Turkey), N 43124/98, § 53, 19 დეკემბერი 2006 და აბდულსამეთ იემანი თურქეთის წინააღმდეგ (Abdülsamet Yaman v. Turkey), N 32446/96, § 55, 2 ნოემბერი 2004). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ორი პოლიციელის მიმართ იმ სასჯელების გამოყენება, რომლებმაც აღმაშფოთებელ ვითარებაში, ბოროტი განზრახვით, მოკლეს მომჩივნების ვაჟი და მისი მეგობარი, გამოიყენეს სამართალდამცავი სისტემა იმ ერთადერთი მიზნისთვის, არ წარმოადგენდა სრულად ადეკვატურ დასჯას ჩადენილი დანაშაულისთვის.
94. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ საბოლოოდ ხუთი პოლიციელის მსჯავრდების მიუხედავად, პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის გამო, აღმოჩნდა, რომ ზ.ვ.-ს მკვლელობის საქმეზე გამოყენებული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა, შორს იყო სიმკაცრისგან და არ შეიძლებოდა თქმულიყო, რომ: გამოძიებას, რომელსაც თან ახლდა თავდაპირველი ლაფსუსები და დაუშვებელი გაჭიანურებები, მომჩივნების უუფლებობას, სრულად ყოფილიყვნენ ჩართულები სისხლის სამართლის პროცესში და ეროვნული სასამართლოების მხრიდან ორი საჯარო მოხელისთვის, რომელთაც ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ჩაიდინეს, ადეკვატური სასჯელების არ დანიშვნას, ჰქონდა საკმარისი ეფექტი სამომავლოდ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისთვის (იხ. ზემოთ დასახელებული: კულაჰი და კოიუნჯუ (Külah and Koyuncu), § 42 და 43; იეთარი (Yeter), § 71 და ალი და აიშე დურანი (Ali and Ayşe Duran), § 72).
95. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებს გააჩნდათ მსხვერპლის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით და ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ნაწილის დარღვევას.
2. შეერაცხება თუ არა სახელმწიფოს ზ.ვ.-ს მკვლელობა
96. რაც შეეხება მომჩივანთა საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის ფარგლებში, მომჩივნებმა განმარტეს, რომ პოლიციის 2006 წლის 2 მაისის ოპერაციის ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათი ვაჟი მოკლულ იქნა პოლიციის ძალის გამოყენების შედეგად, რომელიც არც პროპორციული იყო და, არც მკაცრად აუცილებელი. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო.
97. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სასამართლოებმა, მტკიცებულების გაზიარების და საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ ორი პოლიციელი, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდნენ, ბრალეულები იყვნენ მომჩივნების ვაჟის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. სამ სხვა პოლიციელს მსჯავრი დაედო საჯარო სამსახურში ჩადენილ, ზ.ვ.-ს და მისი მეგობრის 2006 წლის 2 მაისს ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში. ქვეყნის სასამართლოების ამ დასკვნებმა კრისტალურად ნათელი გახადა ის, რომ საჯარო მოხელეების მიერ ბოროტი განზრახვით ჩადენილი ზ.ვ.-ს მკვლელობა, ბრალად უნდა შეერაცხოს მოპასუხე სახელმწიფოს (შდრ., მაგალითად ზემოთ დასახლებული: ნიკოლოვა და ველიჩკოვა (Nikolova and Velichkova), § 68 და კულაჰი და კოიუნჯუ (Külah and Koyuncu)-ს, § 44; და განასხვავე ზემოთ დასახლებული ენუქიძე და გირგვლიანისგან (Enukidze and Girgvliani), §§ 289 და 290).
98. ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.
III. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
99. ორივე მომჩივანმა თავიანთ საჩივრებში ხაზი გაუსვეს მათი შვილის მკვლელობის საქმეზე კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევას. მათ ასევე დაასახელეს კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლები და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი რაიმე სათანადო განმარტებების წარმოდგენის გარეშე მათთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მეორე მომჩივანმა ცალკე წარმოადგინა პრეტენზია, რომ პროკურატურამ, აიძულა რა იგი, ხელით გადაეწერა მისი შვილის სიკვდილის შემდეგ ჩატარებული გვამის ექსპერტიზის დასკვნა (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ), მას დამატებითი ტანჯვა მიაყენა, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.
100. საქმის გარემოებების, მხარეთა მოსაზრებების და კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებით, თავის დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან განიხილა ამ საჩივარში წამოჭრილი მთავარი სამართლებრივი საკითხები. ის, შესაბამისად, ასკვნის, რომ არ არსებობს აუცილებლობა, ცალკე შეფასება მიეცეს მომჩივანთა სხვა პრეტენზიებს (იხ. მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania) [დიდი პალატა], N 47848/08, § 156, ECHR 2014; გულიანი სომხეთის წინააღმდეგ (Gulyan v. Armenia), N 11244/12, § 95, 20 სექტემბერი 2018 და ბაბათი თურქეთის წინააღმდეგ (Babat and Others v. Turkey), N 44936/04, § 44, 12 იანვარი 2010).
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება,
101. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
102. მომჩივნებმა მოითხოვეს 50,000 ევრო (EUR) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
103. მთავრობამ უარი თქვა თავის უფლების გამოყენებაზე, წარედგინა მოსაზრებები მომჩივანთა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებზე (იხ. ასევე მე-4 და 72-ე პარაგრაფები ზემოთ).
104. თავისი დასკვნის გათვალისწინებით კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველთან დაკავშირებით, სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ მომჩივნებმა განიცადეს მძიმე ტანჯვა და იმედგაცრუება სახელმწიფო მოხელეების მიერ მათი შვილის მკვლელობისა და დროული გამოძიების ჩაუტარებლობის გამო, რომელიც დასრულდებოდა ყველა პასუხისმგებლობის მატარებელი პირის ადეკვატური დასჯით (იხ. ზემთ დასახლებული ენუქიძე და გირგვლიანი (Enukidze and Girgvliani), § 315, 26 აპრილი 2011). აყალიბებს რა თავის შეფასებას თანასწორობის საფუძველზე, სასამართლო მეორე მომჩივანს, ქალბატონ ციალა შანავას, სრულად მიაკუთვნებს (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ), მოთხოვნილ თანხას, EUR 50,000-ს.
ბ. ხარჯები
105. მომჩივნებმა მოითხოვეს 675 ფუნტი სტერლინგი (GBP, დაახლოებით EUR 788) ბრიტანელი ადვოკატის მიერ სასამართლოში მათი წარმომადგენლობისთვის (იხ. მე-2 პარაგრაფი ზემოთ). თანხა დაყოფილი იყო ადვოკატის მიერ დახარჯული საათების და ადვოკატის საათობრივი ნიხრის, 150 GBP, მიხედვით, ოთხ საათად და ოცდაათ წუთად. არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების, ინვოისის, ვაუჩერის ან სხვა მხარდამჭერი ფინანსური დოკუმენტის ასლი. მომჩივნებმა, წარადგინეს რა შესაბამისი ქვითრები, დამატებით მოითხოვეს GBP 359.89 (დაახლოებით EUR 420) საფოსტო, თარგმანის, და სხვა ადმინისტრაციული სახის ხარჯებისთვის, რაც ბრიტანელ ადვოკატს გადახდა.
106. მთავრობას რაიმე კომენტარი არ წარმოუდგენია (იხ. ასევე 101-ე პარაგრაფი ზემოთ).
107. სასამარლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯი, რეალურად გადახდებოდა, თუ მომჩივანმა ის უკვე გადაიხადა ან გადასახდელი აქვს. შესაბამისად, წარმომადგენლისთვის გადასახდელი გასამრჯელო, ვინც უფასოდ ემსახურებოდა, რეალურად არ ყოფილა გაღებული. ამის საწინააღმდეგოა წარმომადგენლის ხარჯთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც მისგან გათავისუფლების არარსებობისას, მას არ გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი მისი გადახდის დასადასტურებლად ან თავი აარიდა ამას. ხარჯები, რომლებიც წარმომადგენლისთვის იქნა გადახდილი გადახდის შესახებ შეთანხმების თანახმად, რეალურად გაღებულად ჩაითვლება, თუ ის ხელშეკრულება შესაბამისი იურისდიქციის ქვეშ შესრულდა (იხ. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Merabishvili v. Georgia) [დიდი პალატა], N 72508/13, § 371, 28 ნოემბერი 2017). მოცემულ საქმეში მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ მათ გადაიხადეს ან სამართლებრივად ვალდებული არიან გადაიხადონ გასამრჯელო ბრიტანელი ადვოკატის წარმომადგენლობისათვის ან მის მიერ გაღებული გადასახდელები. ამგვარი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ირწმუნებდა, რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნილი ხარჯები რეალურად იყო მათ მიერ გაღებული (ibid., §§ 361-62, 364-65 და 372-73).
108. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გ. პროცენტი
80. სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს, პროცენტი გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად,
1. ადგენს, რომ მეორე მომჩივანი უფლებამოსილია, გააგრძელოს დავა როგორც საკუთარი, ისე გარდაცვლილი პირველი მომჩივნის სახელით;
2. არსებით მხარესთან აერთიანებს მომჩივნის, როგორც მსხვერპლის სტატუსის საკითხის განხილვას;
3. მისაღებად აცხადებს კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივარს მომჩივნის ვაჟის მკვლელობასთან დაკავშირებით;
4. ადგენს, რომ მომჩივნებს შეუძლიათ იდავონ, რომ წარმოადგენენ მსხვერპლებს კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისთვის და ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და საპროცესო ნაწილების დარღვევას;
5. ადგენს, რომ აუცილებელი არ არის ცალკე იქნეს განხილული საჩივარი კონვენციის მე-3, მე-6, მე-7 და მე-14 მუხლებისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე;
6. ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს EUR 50,000 (ორმოცდაათი ათასი ევრო), რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, მორალური ზიანისთვის, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი;
7. უარს აცხადებს მომჩივნების სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულა ინგლისურად, რაც წერილობით ცნობილი გახდა 2019 წლის 18 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი ანგელიკა ნიუსბერგერი
მდივანი თავმჯდომარე
[1] განაჩენის მიხედვით, 25,109-ე მუხლის (მთარგმნელის შენიშვნა).
[2] განაჩენის მიხედვით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მთარგმნელის შენიშვნა).
[3] განაჩენის მიხედვით, სამი წლით, რაც შეუმცირდა ორი წელსა და სამი თვემდე (მთარგმნელის შენიშვნა).
[4] კოდექსის მიხედვით, „ინფორმაცია და განმარტება“ (მთარგმნელის შენიშვნა).
[5] კოდექსის მიხედვით იმ დროისათვის, „სამიდან რვა წლამდე“ (მთარგმნელის შენიშვნა).
[6] კოდექსის მიხედვით იმ დროისათვის, „სამიდან შვიდ წლამდე“ (მთარგმნელის შენიშვნა).
[7] უნდა იყოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ (მთარგმნელის შენიშვნა).
Full & Egal Universal Law Academy