დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ვეისი ლატვიის წინააღმდეგ (Veiss v. Latvia)
(საჩივარი- 15152/12)
გადაწყვეტილება, 28 აპრილი, 2014 [მე-4 სექცია]
მე-6 მუხლი
გონივრული ვადა
ფაქტები: მომჩივანი ცხოვრობს რიგაში. იგი 2005 წლიდან ცხოვრობდა ა.ზ-სთან ერთად, თუმცა ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულნი. მას შემდეგ, რაც მათ საერთო შვილი შეეძინათ, მომჩივანი განაგრძობდა ბავშვზე ზრუნვასა და მის ფინანსურ უზრუნველყოფას, თუმცა, როდესაც მან პარტნიორს შესაბამის ორგანოში ბავშვის მამად დარეგისტრირება შესთავაზა, უარი მიიღო, რის შემდეგაც, მან მოითხოვა დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რაზეც ა.ზ-მ უპასუხა, რომ აღნიშნულისთვის სასამართლოსთვის მიემართა. მომჩივანმა ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და სამოქალაქო რეესტრში წარადგინა მოთხოვნა ბავშვის მამად აღიარების თაობაზე, თუმცა აღმოაჩინა, რომ წინა დღეს ვინმე ა.ლ-მ, ნებაყოფლობით აღიარა მამობა და შესაბამისად, იგი იყო რეგისტრირებული ბავშვის მამად. მომჩივანმა მიმართა სასამართლოს. ეროვნული სამართალწარმოება წლების განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში, მას შვილთან ურთიერთობა არ ჰქონდა. მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავობდა, რომ შვიდი წლის განმავლობაში ირღვეოდა მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი მისი უფლება და ეროვნულ სასამართლოში სამართალწარმოება კვლავ განხილვის ქვეშ იყო.
სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს თუ რა პერიოდი უნდა მიიღოს მხედველობაში. ის აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება დაიწყო 2007 წლის 8 თებერვალს, როდესაც მომჩივანმა სარჩელი აღძრა პირველი ინსტანციის სასამართლოში. საქმის განხილვა ახლაც გრძელდება. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მხოლოდ ის პერიოდი მიიღება მხედველობაში, როდესაც საქმე სასამართლოს წინაშე იყო განსახილველად. რაც ნიშნავს, რომ პერიოდი, როდესაც ეროვნული სასამართლოები იღებდნენ გადაწყვეტილებას, გაეგრძელებინათ თუ არა კვლავ საქმის წარმოება და ხელახლა დაეწყოთ თუ არა საქმის განხილვა, უნდა ამოირიცხოს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის განხილვის საერთო ხანგრძლივობა თითქმის ექვსი წელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების და შემდგომი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის კომპლექსურობა, მომჩივნისა და შესაბამისი ხელისუფლების ქმედება და თუ რა იყო მომჩივნისათვის საფრთხის ქვეშ. დამატებით, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამომდინარე დაგვიანებებმა შეიძლება გაამართლოს ,,გონივრული ვადის“ მოთხოვნის შესრულების ვერ უზრუნველყოფა. სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის არგუმენტებმა, რომ საქმე განსაკუთრებული სირთულის იყო და რომ მომჩივანს ბრალი მიუძღვოდა საქმის გაჭიანურებაში. მთავრობის განცხადებით, მომჩივანი იყო პასუხისმგებელი 2009 წლის 15 ივნისის სამართალწარმოების გადადებაზე. სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობას, რომ საქმის გაჭიანურებისათვის მომჩივანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რაც გამოწვეული იყო მისი სურვილით, რომ მთავარ პროკურატურაში საჩივრის შეტანის გზით, აღმოეფხვრა სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული შეცდომები. ამ მხრივ, მთავრობის მიერ Liģeres v. Latvia საქმეზე მითითება, სრულიად არასწორი გახლდათ. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე სხვა არგუმენტები, რასაც შეიძლება დაეკმაყოფილებინა მიზანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის გაჭიანურებას მომჩივნის ქმედებები განაპირობებდა. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს სენატის ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ გამომდინარე იქედან, რომ მომჩივნისათვის საფრთხის ქვეშ იყო მამად აღიარება, საჭირო იყო საქმის განხილვის გულმოდგინედ და სწრაფად ორგანიზება, იმგვარად, რომ მინიმუმამდე დაყვანილიყო დრო, როდესაც მომჩივნის ოჯახური სიტუაცია გაურკვეველი იყო. სამართალწარმოების საერთო ხანგრძლივობის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ქმედებით არ იყო განპირობებული საქმის განხილვის გაჭიანურება, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა მომჩივნის უფლება - გონივრულ ვადაში განხილულიყო მისი საქმე.
დასკვნა: შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვასასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy