© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
A
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე: ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ
(საჩივარი # 63235/00)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
19 აპრილი, 2007
საქმეზე ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი,
ლუციუს ვილდჰაბერი,
ქრისტოს როზაკისი,
ნიკოლას ბრატცა,
პირ ლორენზენი,
ფრანსუაზა ტიულკენსი,
ჯოვანი ბონელო,
რიზა ტიურმენი,
მატი პელონპა,
კრისტაკ ტრაია,
მინდია უგრეხელიძე,
ანატოლი კოვლერი,
ლეხ გარლიცკი,
ხავიერ ბორეგო ბორეგო,
ლილიანა მიიოვიჩი,
ეგბერტ მეიერი,
დანუტა ჯოსიენე, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი, გამწესრიგებელი,
საიდუმლო თათბირის შედეგად, 2006 წლის 20 სექტემბერსა და 21 თებერვალს,
აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 63235/00) ფინეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2000 წლის 19 ოქტომბერს შეტანილი იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის შესაბამისად ფინეთის ექვსი მოქალაქის (“მომჩივნები”) მიერ: უფროსი პოლიციელი ვილჰო ესკელინენი; უფროსი პოლიციელი არტო ჰუტანენი; სერჟანტი მარკუ კომულაინენი; ოფისის ასისტენტი ლეა იჰაცუ; ბ-ნი ტოივო პალონენი (პოლიციის ოფიცერი, რომელიც პენსიაში გავიდა 1993 წლის 1 იანვარს); და ქ-ნი პაივი ლაპალაინენი, ბ-ნი იანე ლაპალაინენი და ბ-ნი იურკი ლაპალაინენი, რომლებიც არიან მემკვიდრეები ბ-ნი ჰანუ მატი ლაპალაინენისა (პოლიციის ოფიცერი, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 22 აგვისტოს).
2.მოსარჩელეები, რომელთა შორის ორ მათგანს მიენიჭა უფასო იურიდიული დახმარება, წარმოდგენილი იქნენ ადვოკატების ბ-ნი პ. მ. პეტაიასა და ბ-ნი პ. ორავას მიერ, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან ჰააპაიარვიში. ფინეთის მთავრობის (”მთავრობა”) წარმოდგენლობა გასწია მათმა აგენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა ა. კოსონენმა.
3. მოსარჩელეებს, კერძოდ, ნაგულვები აქვთ, რომ სასამართლო განხილვის დროს, რომელიც შეეხებოდა მათ გასამრჯელოს, მათ უარი ეთქვათ საქმის ზეპირ მოსმენაზე და რომ ეს პროცესი დროში გაჭიანურდა.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 52§1). 2005 წლის 29 ნოემბერს იგი მიჩნეულ იქნა მისაღებად ამ სექციის პალატის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიკოლას ბრატცა, ჯოვანო ბონელო, მატი პელონპა, კრისტაკ ტრაია, ლეხ გარლიცკი, ხავიერ ბორეგო ბორეგო და ლილიანა მიიოვიჩი, მოსამართლეები, და მაიკლ ო’ბოილი, უფროსი გამწესრიგებელი. პალატამ არსებით საკითხებთან ერთად განიხილა საკითხი კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებადობის შესახებ. 2006 წლის 21 მარტს პალატამ იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. მხარეებს ეს არ გაუპროტესტებიათ (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).
5. დიდი პალატის შემადგენლობა განსაზღვრულ იქნა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად. ლუციუს ვილდჰაბერმა, რომლის უფლებამოსილებაც ამოიწურა საქმის მოსმენაზე თავმჯდომარეობის შემდეგ, განაგრძო საქმის განხილვაში მონაწილეობა (მუხლი 23 § 7). ბოსტან ზუპანჩიჩი, რომელმაც ვერ შეძლო თათბირზე დასწრება 2007 წლის 21 თებერვალს, შეცვლილ იქნა სათადარიგო მოსამართლე ფრანსუაზა ტიულკენსის მიერ (რეგლამენტის მუხლი 24 § 3).
6. როგორც მოსარჩელეებმა, ისე მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები არსებით საკითხებზე. მხარეებმა წერილობით უპასუხეს ერთმანეთის მოსაზრებებს.
7.საქმის საჯარო მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2006 წლის 20 სექტემბერს (რეგლამენტის მუხლი 59§3).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(a) მთავრობის mxridan:
ბ-ნი ა. კოსონენი, საგარეო საქმეთა მინისტრი, აგენტი,
ქ-ნი ა. მანერი, იუსტიციის მინისტრი,
ქ-ნი ტ. ერანკიო, შინაგან საქმეთა მინისტრი, მრჩევლები,
(b) მოსარჩელეთა მხრიდან:
ბ-ნი პ. Oორავა, მრჩეველი.
8. სასამართლომ მოისმინა ბ-ნ კოსონენისა და ბ-ნ ორავას მიმართვები და მოსამართლეთა მიერ დასმულ შეკითხვებზე მათი პასუხები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
9.მოსარჩელეები დაბადებულები არიან, შესაბამისად, 1955, 1953, 1954, 1956, 1937, 1957, 1983 და 1981 წლებში და ცხოვრობენ სონკაკოსკიში და სონკაიარვიში.
A. სონკაიარვის სამხარეო პოლიციის გაერთიანება
10. პირველი ხუთი მოსარჩელე და აწგარდაცვლილი ბ-ნი ჰანუ მატი ლაპალაინენი მუშაობდნენ სონკაიარვის სამხარეო პოლიციაში. კოლექტიური შეთანხმების თანახმად, რომელიც დადებულ იქნა 1986 წელს, მათ გააჩნდათ შორეული რეგიონებისათვის დაწესებული შემწეობა, რომელიც ემატებოდა მათ ხელფასს პრემიის სახით ქვეყნის შორეულ რეგიონებში მსახურობისათვის. აღნიშნული სახელფასო დანამატი გამოითვლებოდა შესაბამისი რეგიონის დაშორებულობის მიხედვით. 1988 წლის 15 მარტს დადებული კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად, შორეული რეგიონებისათვის განკუთვნილი სახელფასო დანამატი გაუქმებულ იქნა. ეს აუცილებლობით გამოიწვევდა იმ ხელფასის შემცირებას, რომელიც საზოგადოდ გათვალისწინებული იყო სონკაიარვის რაიონში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის. ხელფასის ამგვარი შემცირების თავიდან ასაცილებლად, კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე მათ მიეკუთვნათ ხელფასზე ყოველთვიური ინდივიდუალური დანამატი 1988 წლის 1 მარტიდან.
11. 1990 წლის 1 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სონკაიარვის სამხარეო პოლიცია გაერთიანებული იქნა იისალმის სამხარეო პოლიციასთან (sisäasiainministeriö, inrikesministeriet). შეერთების შედეგად, მოსარჩელეების ვალებულებათა არეალი შეიცვალა. მათ ასევე დაჰკარგეს ინდივიდუალური სახელფასო დანამატი, ხოლო მგზავრობის მანძილი კი გაეზარდათ 50 კმ-ზე მეტით, რამდენადაც ისინი ყოველდღიურად უნდა წასულიყვნენ სონკაიარვიდან იისალმიში.
12. მოსარჩელეების თქმით, მათი 1990 წლის 17 ოქტომბრის მოთხოვნის შედეგად, კუოპიოს პროვინციის პოლიციის უფროსი (läänin poliisijohto, länspolisledningen) მათ დაჰპირდა, რომ მათი დანაკარგი ანაზღაურებული იქნებოდა.
13. 1991 წლის 25 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა, პროვინციის პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, შეიტანა მოთხოვნა ყოველთვიურ ინდივიდუალურ სახელფასო დანამატზე ნებართვის მისაღებად თითოეულ პირზე 500-დან 700 ფინურ მარკამდე (FIM) (84-118 ევრო) ოდენობით იმ პოლიციის ოფიცრებისა და სხვა პერსონალისათვის, რომელთა ვალდებულებების არეალი შეიცვალა და სონკაიარვიის ნაცვლად განისაზღვრა იისალმით. მოთხოვნაში მითითებული იქნა სავარაუდოდ ანალოგიური საქმე (Mäntyharju-ს საქმე), სადაც ფინანსთა მინისტრმა (valtiovarainministeriö, finansministeriet) 1989 წლის 29 დეკემბერს დააკმაყოფილა მოთხოვნა ინდივიდუალური სახელფასო დანამატების თაობაზე. 1991 წლის 3 ივლისს ფინანსთა მინისტრმა მოსარჩელებს უპასუხა, რომ არ შეეძლო ასეთი ნებართვის გაცემა. ამასთან, მას არ მიუთითებია უარის მიზეზები.
14. 1992 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი პოლიციის ძალებთან მიმართებაში სახელფასო დანამატების საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება გადაეცა ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას (lääninhallitus, länsstyrelsen).
B. პროცედურა კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობაში
15.1993 წლის 19 მარტს მოსარჩელეებმა შეიტანეს საჩივარი და მოითხოვეს მათი დანაკარგის კომპენსაცია. მათ მიუთითეს ზემოათნიშნულ Mäntyharju-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ისინი ასევე დაეყრდნენ თანასწორობის პრინციპს, რომელიც დადგენილი იყო იმ დროისათვის მოქმედი კონსტიტუციის მე-5 მუხლით (Suomen hallitusmuoto, Regeringsform för Finland; კანონი no. 94/1919).
16. ოთხი წლის შემდეგ, 1997 წლის 19 მარტს, კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის მიერ მოთხოვნა უარყოფილი იქნა. მან დაასაბუთა:
“სონკაიარვის სამხარეო პოლიციის საჯარო მოსამსახურეებმა ... მოითხოვეს დანაკარგის კომპენსაცია, რაც შედეგად მოჰყვა სამხარეო პოლიციების გაერთიანებას, რის საპასუხოდაც, პროვინციის პოლიციის უფროსმა, დაეთანხმა რა მათ მოთხოვნას, წარადგინა დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავისი 1991 წლის 25 მარტის წერილით, რეკომენდაცია მისცა ფინანსთა მინისტრს, 1990 წლის 1 ნოემბრიდან რეტროაქტიულად განხორციელებულიყო იმ საჯარო მოსამსახურეებისათვის ინდივიდუალური სახელფასო დანამატების გადახდა, ვისი ვალდებულებათა არეალიც, გაერთიანების შემდეგ, არის იისალმი.
1991 წლის 3 ივლისის წერილით (ფინანსთა მინისტრმა) აცნობა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ მას არ შეეძლო მოთხოვნაზე ნებართვის მიცემა.
(ფინანსთა მინისტრის) გადაწყვეტილების შემდეგ, ინდივიდუალური სახელფასო დანამატების საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება გადაეცა ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას. 1993 წლის 28 იანვარს, მოლაპარაკების დროს, რომელიც გამართა პროვინციის პოლიციის უფროსმა და სადაც მოსარჩელეები წარმოდგენილი იყვნენ ბ-ნი ლაპალაინენის მიერ, აღინიშნა, რომ მოლაპარაკებები წარმოებდა უუსიმაას ოლქში არსებულ ასკოლას სამხარეო პოლიციასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა შესაბამის საქმეს. (ფინანსთა მინისტრმა), რამდენადაც მას გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება და უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სონკაიარვის სამხარეო პოლიციასთან დაკავშირებული საჩივრები, დაასკვნა, რომ სამართლიანობის საფუძველზე, გადაწყვეტილებები უუსიმაას ოლქში მიღებული უნდა ყოფილიყო კუოპიოს ოლქის მსგავსად, სადაც ფინანსთა მინისტრს განსხვავებული აზრი ჰქონდა გაზიარებული. უუსიმაას ოლქის ადმინისტრაციულმა გამგეობამ უარი უთხრა საჩივარს, ხოლო გადაწყვეტილება შეინარჩუნა უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ. 1993 წლის 19 მარტის წერილში, ისევე როგორც, ბ-ნი პალონენის (შემდგომ და) 1994 წლის 17 აგვისტოს ცალკე მოთხოვნებში არ იყო წარმოდგენილი რაიმე ახალი საფუძვლები იმ სამდურავის მხარდასაჭერად, რაზედაც უკვე იყო გადაწყვეტილება მიღებული (ფინანსთა მინისტრის მიერ).
ოლქის ადმინისტრაციული გამგეობისათვის ცნობილი არ იყო (ფინანსთა მინისტრის) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში მსგავს საქმეებში კომპენსაციის თაობაზე მიღებული რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სადმე, ქვეყანის ამა თუ იმ ნაწილში, სამხარეო პოლიციების გაერთიანებასთან.
1990 წელს, როდესაც განხორციელდა პოლიციების გაერთიანება, პროვინციის პოლიციის უფროსს აღარ გააჩნდა უფლებამოსილება, გაეცა რაიმე სავალდებულო ძალის მქონე დაპირება ხარჯების კომპენსაციის საკითხში. მისი აზრი, ფაქტობრივად გამოხატავდა მხოლოდ საჩივრის მხრდაჭერას.
ოლქის ადმინისტრაციული გამგეობა, თავისი მიხედულების განხორციელებისას და უფლებამოსილი ხელისუფლების ადრინდელ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობისას, მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას გააჩნია erTgvari res judicata შედეგი (მნიშვნელობა). თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე ხაზგასმისას, ოლქის ადმინისტრაციული გამგეობა ასევე ეყრდნობა მთელს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას”
17. ამასობაში, 1996 წლის დეკემბერში, ერთ-ერთმა მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი იუსტიციის კანცლერთან (მინისტრთან) (oikeuskansleri, justitiekanslern), რომელმაც, თავისი 1997 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, მომჩივნებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული რაიმე პასუხი თავიანთ საჩივრებზე.
c. პროცედურა კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლოში
18. 1997 წლის 25 აპრილს მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილება და მოითხოვეს საქმის ზეპირი მოსმენა, რაც, მათი მტკიცებით, შესაძლებელს გახდიდა საქმეზე ფაქტების დადგენას, მათ შორის, იმ ფაქტისა, თუ რა დაპირება მისცა მათ პროვინციის პოლიციის უფროსმა. კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ (lääninoikeus, länsrätten) საჩივართან დაკავშირებული პასუხები მიიღო პროვინციის პოლიციის უფროსისაგან და პროვინციის პროკურორისაგან (lääninasiamies, länsombudet), რომლებიც გაუგზავნა მოსარჩელეებს კომენტარისათვის.
19. ოლქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, თავისი 1998 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დაადგინა:
“სახელფასო ზრდის მოწესრიგება, რომელიც გავლენას ახდენს პენსიებზე, სცილდება ოლქის ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
იმისათვის, რათა სიცხადე შევიტანოთ საქმეში, უცილებლობას არ შეადგენს მხარეთა ზეპირი ჩვენებების მიღება პროვინციის პოლიციის უფროსის იმ დაპირებების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილებით სამხარეო პოლიციების გაერთიანებასთან, ანდა იმასთან, თუ სხვა როგორი გადწყვეტილებები იქნა მიღებული საქმეზე.
თავისი 1991 წლის 25 მარტის წერილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შესთავაზა ფინანსთა მინისტრს, რომ, 1990 წლის 1 ნოემბრიდან, სონკაიარვის სამხარეო პოლიცია გაერთიანებულიყო იისალმის სამხარეო პოლიციასთან (ფაქტობრივად, შინაგან სამეთა მინისტრმა რეკომენდაცია მისცა მხოლოდ კომპენსაციის გადახდისა და არა პოლიციების გაერთიანების შესახებ) და რომ ვალდებულებათა არეალის შეცვლით გამოწვეული უხერხულობის კომპენსაცია მომხდარიყო ყოველთვიური სახელფასო დანამატის დაწესებით 500-დან 700 ფინურ მარკამდე ოდენობით, რომელიც რეტროაქტიულად განხორციელებოდა 1990 წლის 1 ნოემბრიდან. თავისი 1991 წლის 3 ივლისის წერილში, ფინანსთა მინისტრმა მიიჩნია, რომ მას არ შეეძლო ამაზე ნებართვის გაცემა. მოლაპარაკებები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტსა და პოლიციის ასოციაციას შორის [Suomen Poliisiliitto ry] 1992 წლის 3 სექტემბერს და, კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციის პროვინციის პოლიციის უფროსსა და მოსარჩელეთა წარმომადგენლებს შორის 1993 წლის 28 იანვარს.
კოლექტიური შეთანხმების შესახებ სახელმწიფო დეკრეტის (რომელიც შესწორებულია 1992 წლის 18 სექტემბერს) 9§2 მუხლის შესაბამისად, ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას გააჩნია უფლებამოსილება გადაწყვიტოს სახელფასო დანამატების საკითხები...პოლიციის ადგილობრივი ძალების საჯარო მოსამსახურეების მიმართ.
მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას მოსარჩელეთა ... 1993 წლის 19 მარტით დათარიღებული წერილობითი მოსაზრება უნდა განეხილა როგორც გასწორების მოთხოვნა, როგორც ეს საჯარო მოსამსახურეთა კანონის 84-ე ნაწილშია აღნიშნული. გასწორების მოთხოვნა შეტანილი იქნა სახელმწიფო საჯარო მოსამსახურეთა კანონის 95(1)-ე ნაწილით დადგენილ ვადაში, თუკი ეს ვადა გამოთვლილი იქნება ფინანსთა მინისტრის 1991 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებიდან.
1990 წელს ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის პროვინციის პოლიციის უფროსს არ გააჩნდა უფლებამოსილება მიეცა რაიმე სავალდებულო ძალის მქონე დაპირება კომპენსაციის საკითხებზე. იმ დროისათვის, ასეთი საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება ეკუთვნოდა ფინანსთა მინისტრს, რომელმაც თავისი 1991 წლის 3 ივლისის წერილში მიუთითა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდა. 1992 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული, ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას უკვე გააჩნდა ადგილობრივი პოლიციის ხელფასების გადაწყვეტის უფლებამოსილება.
ოლქის ადმინისტრაციული გამგეობა, თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას, თავის მხრივ, დაეყრდნო უფლებამოსილი ხელისუფლების ადრინდელ გადაწყვეტილებას და იმ ფაქტს, რომ 1991 წლის 3 ივლისის შემდეგ, არანაირი კომპენსაცია არ მიენიჭა პერსონალს სხვა ასეთივე შემთხვევებში, სადაც პოლიციების გაერთიანება განხორციელდა. ამიტომ, გადაწყვეტილება ეფუძნება მთელ ქვეყნაში იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. ასეთ გარემოებებში, აღნიშნული გადაწყვეტილება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს უსაფუძვლოდ. სავსებით შესაძლებელია, უარი ეთქვას გასწორების მოთხოვნას”.
D. პროცედურა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში
20. 1998 წლის 7 ივლისს მოსარჩელეებმა ისევ გაასაჩივრეს, კვლავ მოითხოვეს ზეპირი მოსმენა და ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ მსგავს ვითარებაში სხვა სამხარეო პოლიციის პერსონალს სახელფასო დანამატი მიენიჭა. ისინი დაეყრდნენ, მაგალითად, პოჰიოის-კარიალას ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის 1997 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც პოლიციის ოფიცრებს, ვალტიმოს სამხარეო პოლიციის ნურმესის სამხარეო პოლიციასთან გაერთიანების კვალობაზე, მიენიჭათ ინდივიდუალური სახელფასი დანამატი 1996 წლის 1 დეკემბრიდან.
21. 2007 წლის 27 აპრილს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (korkein hallinto-oikeus, högsta förvaltningsdomstolen), რომელმაც მიიღო და მოსარჩელეებს კომენტარისათვის გადაუგზავნა პროვინციის პოლიციის უფროსისა და პროვინციის სახელმწიფო პროკურორის მოსაზრებები, გამოიტანა ქვემოთ მითითებული გადაწყვეტილება. მან დაასაბუთა:
“ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა საქმე.
კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის პროვინციის პოლიციის უფროსის მიერ მიცემულ დაპირებას იმ ხარჯების კომპენსაციის თაობაზე, რომელიც გამოწვეულ იქნა სამხარეო პოლიციების გაერთიანებით, არ გააჩნია სამართლებრივი შესატყვისობა ამ საქმის მიმართ. ასე რომ, საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვა აშკარად არ არის აუცილებელი. შესაბამისად, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო, მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული სასამართლო პროცედურის შესახებ კანონის 39(1) ნაწილს, უარს აცხადებს ზეპირი მოსმენის თაობაზე (მოსარჩელეების) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
1993 წლის 19 მარტის წერილში (მოსარჩელეებმა) მოითხოვეს კომპენსაცია ინდივიდუალური სახელფასო დანამატის ფორმით იმ ხარჯებისათვის, რომელიც გამოიწვია სამხარეო პოლიციების გაერთიანებამ. 1992 წლის 1 ოქტომბერს, პოლიციის ადგილობრივი ძალებისათვის ხელფასების საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება გადაეცა ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას კოლექტიური შეთანხმების შესახებ სახელმწიფო დეკრეტის (რომელიც შესწორებული იქნა 1992 წლის 18 სექტემბერს) მე-9(2) ნაწილის შესაბამისად.
(მოსარჩელეებს) არ გააჩნიათ ინდივიდუალურ სახელფასო დანამატზე კანონით გათვალისწინებული უფლება. კუოპიოს ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას არ გადაუბიჯებია თავისუფალი შეფასების საზღვარი. ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. ამიტომ, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო, მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული სასამართლო პროცედურის შესახებ კანონის მე-7(1) ნაწილს, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილების შესაცვლელად, რომელიც, შესაბამისად, ხდება საბოლოო”.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. ინდივიდუალური სახელფასო დანამატი
22.საჯარო მოსამსახურეებისათვის ცივ რეგიონებზე დაწესებული შემწეობის გადახდასთან მიმართებაში კოლექტიური შეთანხმების გამოყენების საკითხებზე 1988 წლის 26 აპრილის შესაბამისი ინსტრუქცია ითვალისწინებს:
მუნიციპალიტეტში (1988 წლის 29 თებერვლამდე) მომუშავე საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც არ შეეხება ახალი კოლექტიური ხელშეკრულება, უფლება აქვს ინდივიდუალურ სახელფასო დანამატზე ... თუკი იგი მუშაობს ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი დანამატის უფლებას. როდესაც საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც უფლება აქვს სახელფასო დანამატზე, ნაბრძანები აქვს დროებით, ანდა თადარიგის საწყისებზე, შეასრულოს სხვა საჯარო მოსამსახურის მოვალეობები, ანდა როდესაც მისი ვალდებულებების არეალი შეიცვალა იმ მუნიციპალიტეტით, სადაც შორეულ რეგიონებში მუშაობისათვის დამატებითი გასამრჯელოს გადახდა გათვალისწინებული არ არის, მოცემულ საჯარო მოსამსახურეს არ გადაუხდიან ინდივიდუალურ სახელფასო დანამატს იმ პერიოდში, სანამ იგი ამ ვალდებულებებს ახორციელებს, რამდენადაც იმისათვის, რათა მან მიიღოს ასეთი სახელფასო დანამატი, იგი უნდა ასრულებდეს მოვალეობებს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ასეთ დანამატზე უფლება არსებობს.”
მოსარჩელეთა აზრით, ეს ინსტრუქცია არ იყო მათი საქმის მიმართ შესაბამისი, რამდენადაც იგი შეეხებოდა მხოლოდ ადგილის დროებით შეცვლას, მაშინ როდესაც, მათი სამსახურებრივი მოვალეობების ადგილის შეცვლას მუდმივი ხასიათი გააჩნდა.
23. თავის 1991 წლის 25 მსარტის მოთხოვნაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა მიუთითა სავარაუდოდ ანალოგიური საქმე, სადაც ფინანსთა მინისტრმა, 1989 წლის 29 დეკემბერს, დააკმაყოფილა ინდივიდუალურ სახელფასო დანამატზე მოთხოვნა პერტუნმაას სამხარეო პოლიციის მანტუჰარიუს სამხარეო პოლიციასთან გაერთიანების შემდეგ (იხ. Mäntyharju-ს საქმე).
24. 1991 წლის 3 ივლისს ფინანსთა მინისტრმა უარი უთხრა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციის მოთხოვნას, რომელიც შეტანილი იქნა იმ საჯარო მოსამსახურეების მიერ, ვისი სამსახურეობრივ მოვალეობათა არეალიც შეიცვალა ასკოლას სამხარეო პოლიციის გაერთიენების შედეგად მანცალასა და პორვოოს სამხარეო პოლიციებთან. Gგადაწყვეტილება შენარჩუნებული იქნა უუსიმაას ოლქის ადმინისტრაციული გამგეობისა და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, 1993 წლის 7 აპრილსა და 1994 წლის 7 დეკემბერს.
25.1997 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, პოჰიოის-კარიალას ოლქის ადმინისტრაციულმა გამგეობამ, ვალტიმოს სამხარეო პოლიციის ნურმესის სამხარეო პოლიციასთან გაერთიანების კვალობაზე (იხ. Nurmes-ის საქმე), პოლიციის ოფიცერს მიანიჭა ცივი რეგიონებისათვის დაწესებული I დონის დახმარება და, ასევე, ინდივიდუალური სახელფასო დანამატი იმ განსხვავების კომპენსაციისათვის, რაც არსებობდა ცივი რეგიონებისათვის დაწესებულ I დონის (ვალტიმო) და II დონის (ნურმესი) დახმარებებს შორის.
B. ზეპირი მოსმენა
26. ადმინისტრაციული სასამართლო პროცედურის კანონის 38(I)-ე ნაწილის (hallintolainkäyttölaki, förvaltningsprocesslagen; კანონი no.586/1996) მიხედვით, ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს, თუკი ასეთი მოთხოვნა დაყენებულია კერძო მხარის მიერ. თუმცა, ზეპირ მოსმენაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მხარის მოთხოვნა მიჩნეულია მიუღებლად ან მოთხოვნას პირდაპირ ეთქვა უარი, ანდა თუკი მიჩნეულ იქნა, რომ ზეპირი მოსმენა საქმის ხასიათიდან თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარად არ იყო აუცილებელი.
27. მთავრობის კანონპროექტზე (no. 217/1995) თანდართული განმარტებითი ბარათი ადმინისტრაციული სასამართლო პროცედურის კანონის მისაღების შესახებ, განიხილავს ზეპირი მოსმენის უფლებას კონვენციის მე-6 მუხლის გათვალისწინებით და ასევე, ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშეც, როდესაც მიჩნეულია, რომ იგი აშკარად არ არის აუცილებელი, რაც მითითებულია აღნიშნული კანონის 38(I0)-ე ნაწილში. იგი მიუთითებს, რომ ზეპირი მოსმენა ხელს უწყობს საქმის ფოკუსირებულ და უშუალო განხილვას, მაგრამ რამდენადაც მას ყოველთვის არ გააჩნია ამგვარი დამატებითი ღირებულება, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ადმინისტრაციული პროცედურის ელასტიურობა და ნაკლებხარჯიანობა არ დაზარალდეს. ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს, როდესაც ეს აუცილებელია საკითხების გასარკვევად და როდესაც მოსმენა, მთლიანობაში, სასარგებლოდაა მიჩნეული.
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
28. საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში Pellegrin v. France ([GC], no. 28541/95, ECHR 1999‑VIII) ხაგასმული იქნა ამ გადაწყვეტილებაში (იხ. §§ 37-41).
29. 47-ე მუხლი ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიისა, რომელიც გამოცხადებულ იქნა 2000 წლის 7 დეკემბერს, ეფექტიანი სამართლებრივი მისაგებლისა და სამართლიანი განხილვის უფლებებთან მიმართებაში აღნიშნავს :
“ყველას, ვისი ევროპის კავშირის სამართლით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, გააჩნია სასამართლოში ეფექტიანი სამართლებრივი მისაგებლის უფლება იმ პირობების შესაბამისად, რაც ამ მუხლითაა დადგენილი.
ყველას გააჩნია გონივრულ ვადაში თავისი საქმის სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ყველას უდა გააჩნდეს რჩევის მიღების, დაცვისა და წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა.
მათთვის, ვინც განიცდის სახსრების ნაკლებობას, Yსამართლებრივი დახმარება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუკი ამგვარი დახმარება აუცილებელია მართლმაჯულებისადმი ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად”.
30. ძირითად უფლებათა ქარტიის განმარტებები თავდაპირველად მომზადებულ იქნა კონვენციის პრეზიდიუმის მიერ, რომელმაც შეადგინა ქარტიის პროექტი, ხოლო შემდეგ კი მოახდინა მისი ჩართვა (ინტეგრაცია) ევროპის კონსტიტუციის დამაფუძნებელი ხელშეკრულების საბოლოო აქტში. თუმცაღა, ისინი წარმოადგენენ “ ძვირფას იარაღს ინტარპრეტაციისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ქარტიის დებულებათა შინაარსის ნათლად წარმოდგენას ”. მათში ვკითხულობთ (ამონარიდები) :
“მეორე პარაგრაფი (47-ე მუხლისა) შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-6(I) მუხლს, რომლის მიხედვით :
‘ყველას, თავისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობები განსაზღვრისას ან მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობისას, გააჩნია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი განხილვს უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ, მაგრამ პრესა და საზოგადოება შეიძლება გამორიცხულ იქნენ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წასრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის, ან როდესაც არასრულწლოვანთა ინტერესები ან მათი პირადი ცხოვრების დაცულობა ამას მოითხოვს, ანდა განსაზღვრულ გარემოებებში და იმ ხარისხით, რაც სასამართლოს აზრით, მკაცრად აუცილებელია, როდესაც საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.’
კავშირის სამართალში, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ შემოიფარგლება დავებით, რომლებიც შეეხება სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს. ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ ფაქტისა, რომ კავშირი არის თანამეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია სამართლის უზენაესობაზე, რაც დადგენილია სასამართლოს მიერ საქმეში 294/83, ‘Les Verts’ v. European Parliament (1986 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, [1988] ECR 1339). თუმცაღა, ყველა სხვა მიმართებაში, რაც მათ ფარგლებს არ შეეხება, ECHR-ს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის) მიერ დადგენილი გარანტიები იმავე გზით გამოიყენება კავშირის მიმართაც”.
აქედან გამომდინარეობს, რომ 47-ე მუხლი, ევროპის კავშირის სამართლის კონტექსტში, არ შემოიფარგლება დავებით, რომლებიც შეეხება სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს ანდა სისხლისსამართლებრივი საკითხებით კონვენციის მე-6 მუხლის გაგებით. ამ მიმართებაში ქარტიამ მოახდინა ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლის კოდიფიცირება (იხ. Marguerite Johnston v. Chief Constable of the Royal Ulster Constabulary, საქმე 222/84, [1986] ECR 1651, რომელზედაც მითითებულია ქვემოთ მე-60 პარაგრაფში).
სამართალი
I. კონვენციის მე- 6 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
31. კონვენციის მე-6(1) მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეები ჩივიან მათი, როგორც საჯარო მოსამსახურეების, სამსახურის ვადასთან დაკავშირებული პროცედურის გაჭიანურებისა და შიდა ინსტანციებში საქმის ზეპირი მოსმენის არარსებობის გამო.
შესაბამისი დებულებები მიუთითებს:
“თავისი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ... ყველას აქვს გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ ...”
A. მხარეთა მოსაზრებანი
1. მოსარჩელეები
32.მოსარჩელეებმა სადავოდ გახადეს მთავრობის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მე-6 მუხლი არ გამოიყენებოდა ზოგიერთი მათგანის, როგორც პოლიციის ოფიცრის მიმართ მათი უფლებამოსილების ხასიათიდან გამომდინარე. მათ ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ მათი სამსახური და ხელფასი არ იყო დაკავშირებული იმ ხელისუფლების განხორციელებასთან, რომელიც ნაბოძები ჰქონდათ საჯარო სამართლის საფუძველზე. საკითხები, რაც დღის წესრიგში იდგა, შეეხებოდა მათ უფლებას ხელფასზე. ეს უფლება კი კერძო-სამართლებრივი ხასიათისა იყო. მათი ხელფასის ოდენობა კონტრაქტის საკითხს წარმოადგენდა და რეგულირდებოდა კოლექტიური ხელშეკრულებით დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპროტესტებდნენ გადაწყვეტილებას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მათი გადაყვანის შესახებ. საქმე არ შეეხებოდა არც საჯარო ხელისუფლების გამოყენებას, დაქირავებას, კარიერასა თუ სამსახურის შეწყვეტას. დავა უკავშირდებოდა მათი პენსიების ოდენობას.
33.მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ პროცესი დაიწყო 1990 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც მათ პირველი საჩივარი შეიტანეს. 1991 წლის 3 ივლისს ფინანსთა მინისტრმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება. სახელმწიფოსთან თითქმის ორწლიანი ფუჭი მოლაპარაკებების შემდეგ, 1993 წლის 19 მარტს, მოსარჩელეებმა შუამდგომლობით მიმართეს ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობაში წარმოებული პროცედურა შესაბამისი იყო, რამდენადაც მათ გააჩნდათ საკმარისი წინაპირობები საქმეზე გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. შეუძლებელია მოსარჩელეებს მიეღწიათ ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლომდე, თუკი, მანამდე ადმინისტრაციული გამგეობას არ ექნებოდა გადაწყვეტილება მიღებული მათ საქმეზე. პროცედურა საბოლოოდ დასრულდა 2000 წლის 27 აპრილს. მოსარჩელეებმა უარყვეს მთავრობის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს აუცილებელი და სავალდებულო იყო, დალოდებოდნენ Askola-ს საქმის შედეგს, რამდენადაც მოსარჩელეების აზრით, ეს საქმე არ იყო მათი საქმის შესადარი. Aასეა თუ ისე, ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 1994 წელს. მომსარჩელეები მოქმედებდნენ სწრაფად. საქმე შეეხებოდა მათ უმთავრეს საარსებო წყაროს.
34. და ბოლოს, მოსარჩელეთა მტკიცებით, საქმის მოსმენა უნდა ჩატარებულიყო იმგვარად, რომ მათგან მიეღოთ ზეპირი ჩვენებები საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებზე. Aადმინისტრაცია მათ კომპენსაციას დაჰპირდა. ფაქტობრივად, ადმინისტრაციული სასამართლო პროცედურის კანონის 38(1)-ე ნაწილი მოითხოვდა საქმის მოსმენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიჩნეული იქნებოდა, რომ მოსმენა აშკარად არ იყო აუცილებელი.
2. მთავრობა
35. მთავრობამ, მოსარჩელეების მიმართ, გარდა ოფისის ასისტენტებისა, საკამათო გახადა მე-6 მუხლის გამოყენება მათი მოვალეობების გათვალისწინებით. ისინი პირდაპირ მონაწილეობდნენ საჯარო სამართლის საფუძველზე მინიჭებული ხელისუფლების განხორციელებაში და, ასევე, იმ მოვალეობათა შესრულებაში, რომლებიც ემსახურებოდა სახელმწიფოს საჯარო ინტერესების დაცვას (ამასთან მიმართებაში, მათ მიუთითეს საქმე Pellegrin v. France [GC], no. 28541/95, § 66, ECHR 1999-VIII). ის გარემოება, გულისხმობდა თუ არა ოფისის ასისტენტად მომუშავე მოსარჩელის მოვალეობები არაპირდაპირ მონაწილეობას, ნაკლებად ცხადი იყო. თუმცა, მთავრობამ მიუთითა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებზე საქმეში Verešová v. Slovakia ((dec.), no. 70497/01, 1 თებერვალი, 2005), სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-6 მუხლი არ იყო გამოყენებდადი ადვოკატის მიმართ, რომელიც მსახურობდა პოლიციაში და მიუთითა, რომ “იმ ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის ხასიათის მხედველობაში მიღებით, რომელიც პოლიციას ეკისრებოდა, მოსარჩელის სამსახური უნდა მიჩნეულიყო არაპირდაპირ მონაწილეობად საჯარო ხელისუფლებისა და ფუნქციების განხორციელებაში, რომელიც სახელმწიფოს საჯარო ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად.” მე-6 მუხლის გაგებით, პოლიციის ოფიცრების უფლებებსა და მოვალეობებს გაცილებით უფრო მეტად გააჩნდა “საჯარო” ასპექტი, ვიდრე “სამოქალაქო”. სავარაუდო ფაქტი მოსარჩელეთა მატერიალური ინტერესის საფრთხის ქვეშ ყოფნისა, არ იყო საკმარისი მე-6 მუხლის ფარგლებში პროცედურის აღსაძრავად, რამდენადაც “პროცედურა ვერ გახდებოდა “სამოქალაქო” მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იმავდროულად აღძრავდა ეკონომიკურ საკითხებსაც” (იხ. Pierre-Bloch v. France, 1997 წლის 21 ოქტომბერი, §51, განჩინებათა და გადაწყვეტილებათა ანგარიში, 1997‑VI). შესაბამისად, საჩივრები შეუთავსებელი იყო კონვენციასთან ratione materiae.
36. მთავრობამ მე-6 მუხლის გამოყენება ასევე საკამათო გახადა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სახელფასო დანამატის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლება. მოსარჩელეებს არ გააჩნდათ იმგვარი სახელფასო დანამატის მიღების უფლება ანდა ამ უფლების მოთხოვნის საფუძველი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა კოლექტიურ შეთანხმებასა და მისი გამოყენების ინსტრუქციებზე, რომლებშიც გათვალისწინებული იქნებოდა სახელფასო დანამატების გადახდა შორეული რეგიონებისათვის განკუთვნილი დახმარების სანაცვლოდ. ასე რომ, ამ მიმართებაში, ყველა მოსარჩელის საჩივარი, შეუთავსებელი იყო კონვენციასთან ratione materiae.
37. თუკი სასამართლო მაინც სხვაგვარად გადაწყვეტდა, მთავრობის აზრით, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა მაინც არ არსებობდა. მისი შეხედულებით, პროცესი დაიწყო 1997 წლის 25 აპრილს, როდესაც მოსარჩელეებმა საჩივარი შეიტანეს ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლოში, და დასრულდა 2000 წლის 27 აპრილს უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქმე არ იყო რთული და კომპლექსური. Oოლქის ადმინისტრაციულმა გამგეობამ პროცესი შეაჩერა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ სურდა დალოდებოდა Askola-ს საქმის შედეგს, იმისათვის, რათა სხვადასხვა სამხარეო პოლიციის მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობა უზრუნველეყო, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო მოსარჩელეთა მიმართ. ფაქტი, რომ ოლქის ადმინისტრაციულ ოგრანოს დასჭირდა 4 წელი მოსარჩელეთა მოთხოვნის განსახილველად, არ შეიძლებოდა მხედველობაში ყოფილიყო მიღებული, რამდენადაც ეს პროცედურა არ წარმოადგენდა სასამართლო პროცედურას და, ამდენად, შესაბამისი არ იყო მისი გათვალისწინება საქმის გაჭიანურების ვადის გამოთვლისას. საქმე არ მოიცავდა ძირითად საარსებო საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ და ან რაიმე სხვა მიზეზით, არ წარმოადგენდა განსაკუთრებით სასწრაფო და გადაუდებელ საქმეს. 1991 წლის 3 ივლისიდან 1993 წლის 19 მარტამდე პერიოდში, განხორციელებული იყო მოლაპარაკებების გზით საკითხის გადაწყვეტის მცდელობები. მოლაპარაკების დროს მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ სახელფასო დანამატის მინიჭება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო შეცვლიდა Askola-ს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
38. რაც შეეხება საქმის ზეპირი მოსმენის არარსებობას, მთვარობამ მიუთითა, რომ ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიჩნეული ჰქონდა, რომ ფაქტები, რომელთა წარდგენაც სურდათ მოსარჩელეებს საქმის ზეპირი მოსმენის დროს, არ იყო საქმის შედეგთან შემხებლობაში და რომ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს აზრით, პროვინციის პოლიციის უფროსის დაპირებას არ გააჩნდა სამართლებრივი დასაყრდენი. ორივე სასამართლოს დასკვნით, საქმის ზეპირი მოსმენა არ იყო აუცილებელი. მოსარჩელეებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ დამატებითი წერილობითი მოსაზრებები. გადასაწყვეტი საკითხი ტექნიკური ხასიათისა იყო და ეყრდნობოდა შესაბამის დოკუმენტებს. არ არსებობდა ფაქტისა და სამართლის არცერთი ისეთი საკითხი, რომელთა ადეკვატური გადაწყვეტაც შეუძლებელი იყო საქმის მასალებისა და მხარეთა წერილობითი მოსაზრებებზე დაყრდნობით. ვერანაირი სხვა ინფორმაცია ვეღარ იქნებოდა მოპოვებული რომელიმე მოსარჩელის პირადად მოსმენის მეშვეობით.
B. სასამართლოს შეფასება
1. მე-6 მუხლის გამოყენებადობა
39. მთავრობამ საკამათო გახადა მე-6 მუხლის გამოყენებადობა ორი საფუძვლით, სახელდობრ, შეეხებოდა თუ არა საქმე “უფლებას” და იყო თუ არა ის “სამოქალაქო” ხასიათისა.
(a) უფლების არსებობა
40. პირველ რიგში, სასამართლო განიხილავს, არსებობს თუ არა “უფლება” მოცემულ საქმეზე. პრეცედენტული სამართლის გაცხადებული პრინციპების მიხედვით (იხ. მათ შორის, Pudas v. Sweden, 27 ოქტომბერი, 1987, § 31, სერია A no. 125‑A), დავა “უფლების” თაობაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, დასაბუთებადი საფუძვლით შეიძლება აღიარებული იქნას შიდა სამართლით, ნამდვილია და სერიოზული. დავა შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო უფლების ფაქტობრივ არსებობას, არამედ, ასევე მის ფარგლებს ანდა მისი არსებობის ფორმას ; და ბოლოს, პროცესის შედეგს პირდაპირი, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს ამ უფლებისათვის.
41. სასამართლო აღნიშნავს, რომ პროვინციის პოლიციის უფროსის მიერ მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის მიცემის დაპირების ფაქტი სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. საქმის მასალები ასევე მოწმობენ, რომ ინდივიდუალური სახელფასო დანამატების მინიჭება ხდებოდა იმგვარ ვითარებაში, რომელიც ძირფესვიანად არ განსხვავდებოდა მოსარჩელეთა საქმის ვითარებისაგან. არც ეროვნულ სასამართლოებს უთქვამთ უარი მოსარჩელეებისათვის საჩივრების უსაფუძვლობის მოტივით. მართალია, ნამდვილია ის, რომ რომ მათი საჩივრები უარყოფილი იქნა, მაგარამ უნდა მივიჩნიოთ, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა, არსებითად განიხილეს მათი საჩივრები, ხოლო ამ გზით, გადაწყვიტეს კიდეც დავა მათი უფლებების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ფონის პირობებში, მოსარჩელეებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ გააჩნდათ უფლება დასაბუთებად საფუძველზე. (იხ. მათ შორის, Neves e Silva v. Portugal, 27 აპრილი, 1989, § 37, სერია A no. 153‑A).
(b) უფლების სამოქალაქო ხასიათი
42. მეორე, სასამართლომ განიხილა Pellegrin-ის საქმეზე (ზემოთ მითითებული) დაყრდნობილი მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეში მე-6 მუხლი არ არის გამოყენებადი, რამდენადაც სახელმწიფოს ისეთი მოსამსახურეების მიერ, როგორიც არიან პოლიციის ოფიცრები, აღძრული დავა სამსახურში მათი პირობების თაობაზე, გამორიცხულია მე-6 მუხლის ფარგლებიდან. წინამდებარე საქმე შეეხება პროცესს, რომლითაც განისაზღვრა, გააჩნდათ თუ არა პირველ ხუთ მოსარჩელეს და აწ გარდაცვლილ ბ-ნ ჰანუ მატი ლაპალაინენს, რომლებიც საჯარო მოსამსახურეები იყვნენ, უფლება, მიეღოთ სახელფასო დანამატი. ამ საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ უნდა მიუთითოს Pellegrin-ის საქმის გარემოებები და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ratio, აგრეთვე ის, თუ როგორ იქნა იგი გამოყენებული პრაქტიკაში მომდევნო საქმეებში.
(i) პრეცედენტული სამართლის შეჯამება
43. Pellegrin-ის საქმის გადაწყვეტილებამდე, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან, კარიერასთან და სამსახურის დასრულებასთან დაკავშირებული დავები, საერთო წესის მიხედვით, მიიჩნეოდა მე-6 მუხლის ფარგლებს გარეთ. თუმცაღა, შემდგომ, ამ გამორიცხვის თაობაზე ზოგადი წესი შემოიფარგლა და დაზუსტდა არაერთი სხვა გადაწყვეტილებით. მაგალითად, საქმეებში Francesco Lombardo v. Italy (26 ნოემბერი, 1992, §17, სერია A no. 249‑B) და Massa v. Italy (24 აგვისტო, 1993, §26, სერია A no. 265‑B) სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები არ შეეხებოდა საჯარო მოსამსახურეთა არც “სამსახურში მიღებას”, არც “კარიერას” და ისინი მხოლოდ არაპირდაპირ უკავშირდებოდა “სამსახურის დასრულებას”, რამდენადაც საჩივრებში მათზე საუბარი იყო წმინდა ქონებრივი უფლებების გამო, რომლებიც კანონის საფუძველზე წარმოიშობოდა მხოლოდ სამსახურის დასრულების შემდეგ. სადავო პენსიების გადახდის ვალდებულების შესრულებისას, იტალიის სახლმწიფო არ იყენებდა “დისკრეციულ უფლებამოსილებას” და ამდენად, შეიძლებოდა გათანაბრებულიყო დამქირავებელთან, რომელიც წარმოადგენდა ქირავნობის შესახებ საჯარო სამართლით რეგულირებადი კონტრაქტის მხარეს. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ფაქტების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა, თავისი ბუნებით იყო “სამოქალაქო” კონვენციის მე-მე-6(§1) მუხლის გაგებით.
44. მეორე მხრივ, საქმეში Neigel v. France (17 მარტი, 1997, § 44, ანგარიში 1997‑II) მოსარჩელის მიერ გაპროტესტებული გადაწყვეტილება, კერძოდ საჯარო სამსახურში მუდმივ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე უარი, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა შემთხვევად, რომელიც შეეხებოდა მის “სამსახურში მიღებას”, “კარიერასა” და “სამსახურის დასრულებას”. მოსარჩელის მოთხოვნა იმ ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც იგი მიიღებდა სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არ ქმნიდა მე-6 მუხლის გამოყენების საფუძველს, რამდენადაც, ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ამგვარი კომპენსაციის მინიჭება “პირდაპირ იყო დამოკიდებული იმ წინასწარ დასკვნაზე, რომ აღდგენის შესახებ უარი უკანონო იყო”. ევროპულმა სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, რომ დავა არ შეეხებოდა “სამოქალაქო უფლებას” მე-6(§1) მუხლის გაგებით.
45. სხვა გადაწყვეტილებათა მიხედვით, მე-6(§1) მუხლი გამოყენებული იქნა, როდესაც მოთხოვნა დაკავშირებული იყო “წმინდა ეკონომიკურ” უფლებასთან – როგორიც არის ხელფასის გადახდა (იხ.De Santa v. Italy, Lapalorcia v. Italy da Abenavoli v. Italy, 2 სექტემბერი, 1997, §§18, 21 და, შესაბამისად, 16, ანგარიში, 1997-V) – ან “არსებითად ეკონომიკურ” უფლებასთან (იხ. Nicodemo v. Italy, 2 სექტემბერი, 1997, §18, ანგარიში, 1997-V) და უმთავრესწილად არ გულისხმობდა “ხელისუფლების დისკრეციული უფლებამოსილების” საეჭვოდ მიჩნევას (იხ.Benkessiouer v. France da Couez v. France, 24 აგვისტო, 1998, §§ 29-30 და, შესაბამისად, §25, ანგარიში, 1998-V; Le Calvez v. France, 29 ივლისი, 1998, §58, ანგარიში, 1998-V; და Cazenave de la Roche v. France, 9 ივნისი, 1998, §43, ანგარიში, 1998-III).
46. როდესაც სასამართლომ გადაამოწმა Pellegrin-ის საქმეზე (§60) არსებული ვითარება, მან დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული პრეცედენტული სამართალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის შეიცავდა განუსაზღვრელობის გარკვეულ ხარისხს კონვენციის მე-6§1 მუხლის საფუძველზე მათი ვალდებულებების ფარგლების საკითხში იმ დავებთან მიმართებაში, რომლებიც აღძრული იყო დაქირავებულების მიერ საჯარო სექტორში მათი სამსახურის პირობებთან დაკავშირებით. სასამართლომ გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ გაურკვევლობისათვის “საჯარო სამსახურის” ცნების ავტონომიური განმარტების მეშვეობით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა თანაბარი მოპყრობა უზრუნველეყო იმ საჯარო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც ეკვივალენტურ ან მსგავს მოვალეობებს ასრულებდნენ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, იმის მიუხედავად, თუ როგორი ხასიათის შიდა სისტემები იყო დადგენილი სამსახურში მიღების საკითხებში, ანდა რა ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოსამსახურესა და ადმინისტრაციას შორის.
47. ამ მიზნით, სასამართლომ წარმოადგინა ფუნქციური კრიტერიუმი, დაფუძნებული დაქირავებულის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ბუნებაზე. პირები, ვისაც ეკავათ ისეთი თანამდებობა, რომელიც გულისხმობდა საჯარო ინტერესებისადმი პასუხისმგებლობას და საჯარო სამართლით მიკუთვნებული ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობას, ფლობდნენ სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლების ნაწილს. შესაბამისად, სახელმწიფოს გაჩნდა ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ ამ საჯარო მოსამსახურეებისაგან ნდობისა და ერთგულების ბორკილი მოეთხოვა. მეორე მხრივ, სხვა თანამდებობები, რომლებსაც არ გააჩნდა “საჯარო ადმინისტრირების” ასპექტი, ამგვარ სპეციალურ ინტერესს არ წარმოშობდა (იხ. Pellegrin, ზემოთ მითითებული, §65). სასამართლომ შესაბამისად დაადგინა, რომ კონვენციის მე-6(§1) მუხლიდან გამორიცხული იყო მხოლოდ ის დავები, რომლებიც აღძრული იყო იმ საჯარო მოსამსახურეების მიერ, ვისი მოვალეობებიც წარმოადგენდა განსახიერებას საჯარო სამსახურის სპეციფიკური საქმიანობისა, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოქმედებდა როგორც საჯარო ხელისუფლების დეპოზიტორი, ვისაც მიანდეს ეს ხელისუფლება, და რომელიც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვასა და სხვა საჯარო ხელისუფლებაზე. Aამის ნათელი მაგალითი იყო საქმიანობა, რომელსაც ასრულებდნენ შეიარაღებული ძალები და პოლიცია (§66). მან დაასკვნა, რომ ვერავითარი დავა ადმინისტრაციასა და დაქირავებულებს შორის, რომლებიც ფლობდენ თანამდებობებს, რაც საჯარო სამართლით მინიჭებული ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობას გულისხმობდა, ვერ გამოიწვევდა კონვენციის მე-6§1 მუხლის გამოყენებას.
48. სასამართლო ითვალისწინებს, რომ Pellegrin-ის საქმის გადაწყვეტილებაში კატეგორიული ფორმულირებები იყო გამოყენებული; როდესაც დაკავებული თანამდებობა ეკუთვნოდა აღნიშნულ კატეგორიას, ყველა დავა, მიუხედავად დავის ხასიათისა, გამოირიცხებოდა მე-6 მუხლიდან; მან დაუშვა მხოლოდ ერთი გამონაკლისი: პენსიებთან დაკავშირებული ყველა დავა ხვდებოდა მე-6§1 მუხლის მოქმედების ფარგლებში, რამდენადაც პენსიაში გასვლის დროიდან ბორკილი დაქირავებულებსა და ხელისუფლებს შორის უკვე აღარ არსებობდა; დაქირავებულები განიხილავდნენ თავს ვითარებაში, რომელიც ზუსტად შეესატყვისებოდა იმ დაქირავებულებთან მიმართებაში არსებულ ვითარებას, რომლებიც კერძო სამართლის საფუძველზე საქმიანობდნენ. განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც მათ სახელმწიფოსადმი ნდობისა და ერთგულების ვალდებულებებს აკისრებდა, არსებობას წყვეტდა და დაქირავებულები აღარ ფლობდნენ სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლების ნაწილს (იხ. Pელლეგრინ, ზემოთ მითითებული, § 67).
49. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სასამართლომ ხაზი გაუსვა ფუნქციური კრიტერიუმის გამოყენებისას კონვენციის მე-6§1 მუხლით დადგენილი გარანტიებიდან დაშვებული გამონაკლისების ვიწროდ განმარტების აუცილებლობას კონვენციის მიზნებისა და განზრახულობების შესაბამისად. ეს ნიშნავდა იმ შემთხვევების შეზღუდვას, სადაც კი საჯარო მოსამსახურეებისათვის შეიძლებოდა უარი ეთქვათ მათთვის უზრუნველყოფილ პრაქტიკულ და ქმედით დაცვაზე (როგორც ეს შემდგომ დაადასტურა გადაწყვეტილებამ saqmeze Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 40, ECHR 2000‑VII).
(ii) არსებობს თუ არა პრეცედენტული სამართლის განვითარების საჭიროება
50. Pellegrin-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს პრეცედენტული სამართლის განვითარების ჯაჭვის ყველაზე უახლეს და მნიშვნელოვან რგოლს, მიზნად ისახავდა შეემუშავებინა გამოსაყენებელი კონცეფცია, რომლის მეშვეობითაც ყოველ საქმეზე უნდა მომხდარიყო იმის გამოკვლევა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობა, შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით - პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობას საჯარო სამართლით მინიჭებული ხელისუფლების განხორციელებაში ანდა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც სახელმწიფოს საერთო ინტერესის ან სხვა საჯარო ხელისუფლების ინტერესების დაცვისაკენ არის მოწოდებული. ამის შემდგომ უნდა გარკვეულიყო, დანამდვილებით ახორციელებდა თუ არა მოსარჩელე, რომელსაც თანამდებობათა ამ კატეგორიებიდან რომელიმე ეკავა, ისეთ ფუნქციებს, რომლებიც საჯარო ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში თავსდებოდა; ანუ, იყო თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა სახელმწიფო იერარქიაში საკმარისად მნიშვნელოვანი, ანდა ამაღლებული იმდენად, რომ იგი მინდობილ სახელმწიფო ხელისუფლებაში მონაწილეობად მიგვეჩნია.
51. თუმცა, წინამდებარე საქმე ააშკარავებს, რომ ფუნქციური კრიტერიუმის გამოყენებამ შესაძლოა თავად მიგვიყვანოს ანომალიურ შედეგებამდე. თავის დროზე, მოსარჩელეები დაიქირავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ხუთი მათგანი დაქირავებული იქნა, როგორც პოლიციის ოფიცერი, რომლის სპეციფიკური საქმიანობაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მკვეთრად არის განსაზღვრული. ეს გულისხმობს საჯარო სამართლის საფუძველზე მინიჭებული ხელისუფლების განხორციელებაში პირდაპირ მონაწილეობას და იმ მოვალეობათა შესრულებას, რომლებიც სახელმწიფოს საერთო ინტერესების დასაცავად არის გამიზნული. ოფისის ასისტენტი მოსარჩელის ფუნქციები წმინდა ადმინისტრაციული ხასიათისა იყო. მას არ გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების ანდა საჯარო ხელისუფლებაში სხვაგვარი პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობის უფლებამოსილება. მისი ფუნქციები არაფრით გამოირჩეოდა ოფისის ნებისმიერი სხვა ასისტენტის ფუნქციებისაგან საჯარო თუ კერძო სექტორში. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, Pellegrin-ის საქმის გადაწყვეტილებამ გარკვევით მიუთითა პოლიციაზე, როგორც საჯარო ხელისუფლების განხორციელებისათვის მიკუთვნებული საქმიანობის აშკარა მაგალითზე და, ამით პირთა ყველა კატეგორია გამორიცხა მე-6 მუხლის მოქმედების ფარგლებიდან. Pellegrin-ის მიდგომის ვიწრო გამოყენების შემთხვევაში აშკარაა, რომ ოფისის ასისტენტი მოსარჩელე წინამდებარე საქმეზე, ისარგებლებდა 6 (§1) მუხლის გარანტიებით, მაშინ როდესაც, პოლიციის ოფიცერი მოსარჩელეები ეჭვგარეშეა, რომ, ვერ ისარგებლებდნენ მათით. და ეს მოხდებოდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ყველა მოსარჩელის დავა იდენტური იყო.
52. გარდა ამისა, იმ საქმეთა განხილვა, რომლებიც Pellegrinis შემდეგ იქნა გადაწყვეტილი, აჩვენებს, რომ მოსარჩელის ფუნქციების ბუნებისა და სტატუსის გამორკვევა არ არის იოლი ამოცანა. Aგარდა ამისა, საჯარო სამსახურის ის კატეგორია, სადაც მოსარჩელე მსახურობს, ყოველთვის როდია გამორჩეული მისი რეალური როლის მიხედვით. ზოგიერთ საქმეში აშკარა ვერ გახდა, თუ როდის წარმოადგენდა საჯარო სამსახურის კონკრეტულ სექტორში პირის ჩართულობა საკმარის საფუძველს მე-6 მუხლის გამოყენებაზე უარის სათქმელად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ბუნების მხედველობაში მიღების გარეშე.
M
მაგალითად,საქმეში Kępka v. Poland (dec.), nos. 31439/96 და 35123/97, ECHR 2000‑IX) მოსარჩელე, რომელიც გამოუსადეგარი იყო უშუალოდ მეხანძრის მოვალეობების შესასრულებლად და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მსახურობდა ეროვნულ სახანძრო სამსახურში როგორც ლექტორი, ხოლო მისი ფუნქციები დაკავშირებული იყო მგრძნობიარე ინფორმაციიის კვლევასა და ხელმისაწვდომობასთან, სასამართლოს შეხედულებით, უნდა მიჩნეულიყო ეროვნული თავდაცვის სფეროში მომუშავედ, რაშიც სახელმწიფო ახორციელებდა სუვერენულ ხელისუფლებას, და რომ იგი, სულ მცირე, არაპირდაპირ, მონაწილეობდა იმ მოვალეობათა შესრულებაში, რომლებიც გამიზნული იყო სახელმწიფოს საერთო ინტერესების დასაცავად (საპირისპირო საქმე Frydlender, ზემოთ მითითებული, § 39). შესაბამისად, მე-6 მუხლი მის მიმართ არ იყო გამოყენებადი. შემდგომ მაგალითში, კერძოდ, საქმეში Kanayev v. Russia (no. 43726/02, § 18 ; 27 ივლისი, 2006), მოსარჩელის მიმართ, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერს, მესამე რანგის კაპიტანს, და ამდენად ფლობდა სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლების ნაწილს, მე-6(§1) მუხლი ასევე არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ დავა შეეხებოდა მგზავრობის ხარჯებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომელიც მის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. Verešová -ს საქმეში (ზემოთ მითითებული) კონვენციის მე-6(§1) მუხლის გამოყენება გამოირიცხა პოლიციიისათვის მომუშავე ადვოკატის მიმართ ზოგადად პოლიციის სამსახურის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის საერთო საფუძველზე დაყრდნობით, იმის ცალკე გამოკვლევის გარეშე, თუ რა ინდივიდუალური როლი გააჩნდა ადვოკატს ამ ორგანიზაციაში.
53. გარდა ამისა, განსაკუთრებით საოცარია, რომ სიტყვა-სიტყვით, “ფუნქციური მიდგომა” მოითხოვს მე-6 მუხლის გამოყენებიდან გამოირიცხოს დავები, სადაც მოსარჩელის სახელმწიფო ოფიციალური თანამდებობა არ განსხვავდება რომელიმე სხვა მოდავე მხარის თანამდებობისაგან, ან, სხვა სიტყვებით, როდესაც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის არსებული დავა არ არის “ნდობისა და ერთგულების სპეციალური ბორკილით” განსაკუთრებულად ნიშანდობლივი.
54.ის გარემოება, რომ სწორედ მომსარჩელის თანამდებობა და არა დავის ბუნება იყო გადამწყვეტი, დადასტურებული იქნა საქმეში Martinie v. France ([GC], no. 58675/00, § 30, ECHR 2006-VI) , სადაც დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ მე-6(§1) მუხლი გამოყენებადი იყო (მისაღებობის განჩინება, 13 იანვარი, 2004), თუმცაღა, სხვაგვარი დასაბუთების საფუძველზე. მან მხედველობაში მიიღო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც მუშაობდა სკოლის ბუღალტრად და არ ახორციელებდა საჯარო ხელისუფლებას. დიდმა პალატამ უმთავრესი მნიშვნელობა მიანიჭა მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის არსებული დავის ბუნებას, სახელდობრ, მის პასუხისმგებლობას, აენაზღაურებინა უნებართვო გადახდები და დასკვნა, რომ მოსარჩელის ვალდებულებები წარმოადგენდა “სამოქალაქო” ვალდებულებებს კონვენციის მე-6(§1) მუხლის გაგებით, და რომ კერძო-სამართლებრივი ნიშნები სჭარბობდა ამ საქმეში.
55. სასამართლოს შეუძლია ოდენ დაასკვნას, რომ ფუნქციურმა კრიტერიუმმა, როგორადაც არის იგი პრაქტიკაში გამოყენებული, ვერ გააადვილა მე-6 მუხლის გამოყენებადობის ანალიზი პროცესებში, სადაც საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს მხარეს, ანდა ვერ შემოიტანა ამ სფეროში განსაზღვრულობის უფრო მეტი ხარისხი, რაც იყო განზრახული (იხ. mutatis mutandis, Perez v. France [GC], no. 47287/99, § 55, ECHR 2004‑I).
56. სწორედ ამ ფონის გათვალისწინებითა და ამ მიზეზთა გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ Pellegrin-ის საქმეზე შემუშავებული ფუნქციური კრიტერიუმი შემდგომ განვითარებას საჭიროებს. მართალია, სამართლებრივი გარკვეულობის, განჭვრეტადობისა და კანონის წინაშე თანასწორობის ინტერესებშია ის, რომ სასამართლომ სერიოზული საფუძვლის გარეშე არ გადაუხვიოს წინა საქმეებით დამკვიდრებულ პრეცედენტებს, მაგრამ სასამართლოს მიერ დინამიკურ და ევოლუციურ მიდგომებზე უარის თქმა გამოიწვევდა რისკს იმისას, რომ დაბრკოლებულიყო ყოველგვარი რეფორმა და გაუმჯობესება (იხ. mutatis mutandis, Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 121, ECHR 2005‑I).
57. Pellegrin-ის პრეცდენტი გაგებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ მანამდე შემუშავებული პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღებით და როგორც საჯარო მოსამსახურეთა მიმართ მე-6 მუხლის გამოყენებადობაზე უარის თქმიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი მისი ნაწილობრივი გამოყენების მიმართულებით. მასში ასახულია ძირითადი წანამძღვარი, რომ გარკვეული საჯარო მოსამსახურეები, თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, შებოჭილნი არიან მათი დამქირავებლის მიმართ ნდობისა და ერთგულების სპეციალური ბორკილით. თუმცა, შემდგომ განხილული საქმეები იმასაც ააშკარავებს, რომ მრავალ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა გააჩნიათ საჯარო მოსამსახურეებსაც, რაც მათ საშუალებას აძლევთ შეიტანონ სარჩელი ხელფასისა თუ დახმარების მისაღებად; ასევე, თვით სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამსახურში მიღების საკითხებზეც კი; ამასთან, იმავე საფუძველზე, რაც დადგენილია კერძო სექტორში დასაქმებული დაქირავებულების მიმართ. შიდა სისტემები არ მიიჩნევს, რომ ამგვარ გარემოებებში არსებობს კონფლიქტი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებსა და ინდივიდუალური უფლებების დაცვას შორის. მართლაც, ის გარემოება, რომ არც კონვენცია და არც მისი ოქმები არ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში მიღების უფლებას, არ გულისხმობს, რომ სხვა მიმართებებშიც საჯარო მოსამსახურეები კონვენციის მოქმედების ფარგლებს გარეთ ხვდებიან. (იხ. mutatis mutandis, Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 28 მაისი, 1985, §60, სერია A no. 94, და Glasenapp v. Germany, 28 აგვისტო, 1986, § 49, სერია A no. 104).
58. გარდა ამისა, კონვენციის 1-ლი და მე-14 მუხლები ადგენს, რომ “ყველა, ვინც იმყოფება ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციის ფარგლებში” უნდა სარგებლობდეს I-ლ ნაწილში მითითებული უფლებებითა და თავისუფლებებით “ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციის გარეშე” (იხ. mutatis mutandis, Engel and Others v. the Netherlands, 8 ივნისი, 1976, §54, სერია A no. 22). კონვენციის გარანტიები, როგორც ზოგადი წესი, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებზე (იხ. mutatis mutandis, Schmidt and Dahlström v. Sweden, 6 თებერვალი, 1976, §33, სერია no. 21; Engel and Others, ზემოთ მითითებული, § 54; Glasenapp, ზემოთ მითითებული, §49; და Ahmed and Others v. the United Kingdom, 2 სექტემბერი, 1998, §56, ანგარიში, 1998‑VI).
59. ფუნქციური კრიტერიუმის ვიწრო განმარტების მიღების შესაბამისად, რაც თავად Pellegrin-ის გადაწყვეტილებით იყო მხარდაჭერილი, უნდა არსებობდეს სარწმუნო საფუძვლები მე-6(§1) მუხლის დაცვიდან რომელიმე კატეგორიის მოსარჩელის გამოსარიცხად. წინამდებარე საქმეზე, სადაც პოლიციის ოფიცრებსა და ადმინისტრაციულ ასისტენტს, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტად ასევე გააჩნდათ უფლება დახმარების მიღებასთან დაკავშირებული მათი სარჩელი განეხილა სასამართლოს, არ ყოფილა წინ წამოწეული არავითარი საფუძველი, რაც დაკავშირებული იქნებოდა სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციუნირებასთან ანდა სხვა საზოგადოებრივ აუცილებლობასთან, რასაც შეიძლებოდა უსამართლო ან გაჭიანურებული პროცესის წინააღმდეგ კონვენციით გათვალისწინებული დაცვის გარეთ მათი დატოვების მოთხოვნა წარმოეშვა.
60. ევროპულ სამართალზე საერთო დაკვირვებით, რომელიც გადმოსცემს სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპებს (იხ. Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, §§ 43‑45, 92 და 100, ECHR 2002‑VI; Posti and Rahko v. Finland, no. 27824/95, §54, ECHR 2002‑VII; და Meftah and Others v. France [GC], nos. 32911/96, 35237/97 და 34595/97, §45, ECHR 2002‑VII), სასამართლო აღნიშნავს, რომ Pელლეგრინ-ის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საქმიანობისა და თანამდებობის კატეგორიების იმ ჩამონათვალს, რომელიც შემუშავებული იყო ევროპული კომისიისა და ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიმოსვლის თავისუფლებიდან დაწესებულ გამონაკლისებთან მიმართებაში. იხ. Pellegrin, ზემოთ მითითებული, §66). თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლუქსემბურგის სასამართლომ თავად გამოიყენა ფართო მიდგომა სასამართლო კონტროლის სასარგებლოდ, როგორც ეს ნაჩვენებია ფუძემდებლურ გადაწყვეტილებაში საქმეზე Marguerite Johnston v. Chief Constable of the Royal Ulster Constabulary (საქმე 222/84, §18, [1986] ECR 1651), რომელიც შეტანილი იქნა ქალი პოლიციის ოფიცრის მიერ არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ დირექტივის საფუძველზე. ლუქსემბურგის სასამართლომ მიუთითა:
“სასამართლო კონტროლის მოთხოვნა (გათვალისწინებული sabWos no. 76/207 დირექტივის მე-6 მუხლით), გამოჰკვეთს სამართლის საერთო პრინციპს, რომელიც ასახავს წევრი სახელმწიფოებისათვის საერთო კონსტიტუციურ ტრადიციებს. ეს პრინციპი ასევე განმტკიცებულია 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით. როგორც ევროპული პარლამენტი, საბჭო და კომისია თავიანთ 1977 წლის ერთობლივ დეკლარაციაში აღიარებენ ... და როგორც სასამართლოც აღიარებს თავის გადაწყვეტილებებში, პრინციპი, რომელსაც კონვენცია ემყარება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაერთიანების სამართალში.”
ეს და სხვა პრეცედენტული სამართალი, რომელიც დაკავშირებულია გაერთიანების სამართალთან, აჩვენებს, რომ ევროპის კავშირის სამართალში სასამართლო კონტროლის გამოყენებადობის ფარგლები ფართოა. თუ ინდივიდს შეუძლია დაეყრდნოს გაერთიანების სამართლით დადგენილ მატერიალურ უფლებას, მისი სტატუსი, როგორც საჯარო ხელისუფლების მფლობელისა, არ ხდის სასამართლო კონტროლის მოთხოვნას არაგამოყენებადს. უფრო მეტიც. ეფექტიანი სასამართლო კონტროლის ფართო ფარგლებს ხაზი გაუსვა ლუქსემბურგის სასამართლომაც კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებთან მიმართებაში (იხ. Marguerite Johnston საქმე, ზემოთ მითითებული და Panayotova and Others v. Minister voor Vreemdelingenzaken en Integratie, საქმე C‑327/02, [2004] ECR I-11055, § 27), ისევე როგორც ძირითად უფლებათა ევროპულმა ქარტიამ (იხ. ზემოთ, §§ 29-30).
61. სასამართლო აღიარებს სახელმწიფოს ინტერესს, გააკონტროლოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, როდესაც საქმე გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებს შეეხება. თუმცა, უწინარესად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების, განაკუთრებით კი უფლებამოსილი საკანონმდებლო ხელისუფლების ვალია, და არა ევროპული სასამართლოსი, ზუსტად განსაზღვროს საჯარო სამსახურის ის სფეროები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის ნიშანდობლივი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან, სადაც ინდივიდის ინტერესებმა უნდა დათმონ. სასამართლო ცდილობს თავისი საზედამხედველო ფუნქცია დაუქვემდებაროს სუბსიდიურობის პრინციპს (იხ. Z and Others v. the United Kingdom [GC], no. 29392/95, §103, ECHR 2001‑V). თუ შიდა სისტემა კრძალავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმე შეეხება ისეთ დავას, რომელიც გამართლებულს ხდის მე-6 მუხლით დადგენილი გარანტიიდან გამონაკლისის გამოყენებას. თუ საქმე არა გვაქვს ამდაგვარ ვითარებასთან, აღნიშნული საკითხი არ დგება და კონვენციის მე-6 მუხლი გამოყენებული იქნება. ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვითარება განსხვავდება სხვა საქმეებისაგან, რომლებიც, შეტანილი სარჩელების შესაბამისად, მიჩნეული არიან მე-6(§1) მუხლის სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი ნაწილების ფარგლებს გარეთ (იხ. მათ შორის, გადასახადების შეფასების სფეროში - Ferrazzini v. Italy ([GC], no. 44759/98, ECHR 2001‑VII); ქვეყანაში თავშესაფრის, მოქალაქეობისა და ცხოვრების საკითხებზე - Maaouia v. France ([GC], no. 39652/98, ECHR 2000‑X); და პარლამენტის წევრთა მიმართ საარჩევნო დავების განხილვის საკითხებზე - Pierre-Bloch, ზემოთაღნიშნული). ამიტომ, ასეთ შემთხვევაში დასაბუთება შემოფარგლულია საჯარო მოსამსახურეთა მიმართებაში არსებული კონკრეტული ვითარებით.
62. რომ შევაჯამოთ, იმისათვის, რათა მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლოს პასუხი გასცეს სასამართლოს და დაასაბუთოს, რომ მოსარჩელე, როგორც საჯარო მოსამსახურე, გამორიცხულია მე-6 მუხლის დაცვიდან, ორი პირობა უნდა იქნეს შესრულებული. პირველი, სახელმწიფოს, თავისი ეროვნული კანონმდებლობით მკვეთრად უნდა ჰქონდეს გამორიცხული შესაბამისი თანამდებობა ან საქმიანობის კატეგორია სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობიდან. მეორე, გამორიცხვას უნდა გააჩნდეს ობიექტურად გამართლებული საფუძველი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. Mმხოლოდ უბრალო ფაქტი, რომ მოსარჩელე იმყოფება იმ სექტორში ან დეპარტამენტში, რომელიც მონაწილეობს საჯარო სამართლის საფუძველზე მინიჭებული ხელისუფლების განხორციელებაში, არ არის თავისთავად გადამწყვეტი. იმისათვის, რათა გამორიცხვა გამართლებულად შეფასდეს, საკმარისი არ არის სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ საჯარო მოსამსახურე მონაწილეობს საჯარო ხელისუფლების განხორციელებაში ან, Pellegrin-ის საქმეში სასამართლოს სიტყვები რომ გამოვიყენოთ, არსებობს “ერთგულებისა და ნდობის სპეციალური ბორკილი” საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფოს, როგორც დამქირავებელს შორის. ასევე, სახელმწიფოს ევალება აჩვენოს, რომ დავასთან დაკავშირებული საგნობრივი საკითხები, რეალურად არის დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებასთან, ანდა ის, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში სპეციალური ბორკილის საკითხი შესაბამისია. ამგვარად, პრინციპულად, შესაძლოა, გამართლებულად არ იქნას მიჩნეული მე-6 მუხლის გარანტიებიდან ისეთი ჩვეულებრივი შრომითი დავების გამორიცხვა, როგორიცაა დავები ხელფასისა და დახმარებების თაობაზე, ისევე როგორც მსგავსი დასახელების სხვა შრომითი დავები კონკრეტულ საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობის ბუნების საფუძველზე დაყრდნობით. ასეთ დროს, ფაქტობრივად, გამოყენებული იქნება პრეზუმფცია, რომ მე-6 მუხლი გამოიყენება. მოპასუხე მთავრობის ვალი იქნება დაამტკიცოს, პირველ რიგში ის, რომ საჯარო მოსამსახურე მოსარჩელეს, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, და მეორე რიგში, ის, რომ მოცემული საჯარო მოსამსახურის გამორიცხვა მე-6 მუხლის გარანტიებიდან, გამართლებულია.
63. მოცემულ საქმეში, ცხადია, რომ ყველა მოსარჩელეს გააჩნდა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, მე-6(§1) მუხლი გამოყენებადია.
64.სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მისი დასკვნა მე-6 მუხლის გამოყენებადობის შესახებ, არ გულისხმობს იმ საკითხის წინასწარ გადაწყვეტას, თუ როგორ უნდა იქნეს ამ მუხლის სხვადასხვა გარანტიები (მაგალითად, გადამოწმების ფარგლები, რომლებიც ეროვნულ სასამართლოებს მოეთხოვებათ: იხ. Zumtobel v. Austria, 21 სექტემბერი, 1993, §32, სერია A no. 268‑A) გამოყენებული ისეთ დავებში, რომლებიც საჯარო მოსამსახურეებს შეეხება. წინამდებარე საქმეში, სასამართლოს მოეთხოვება განიხილოს მხოლოდ ორი ასეთი გარანტია, სახელდობრ, რომლებიც დაკავშირებულია პროცესის გაჭიანურებასთან და საქმის ზეპირ მოსმენასთან.
2. მე-6 მუხლთან შესაბამისობა
(a) პროცესის გაჭიანურება
65. სასამართლო იმეორებს, რომ სამოქალაქო საკითხებში გონივრული ვადის დინება, ზოგიერთ გარემოებებში, შეიძლება იწყებოდეს პროცედურის ოფიციალურ აღძვრამდეც კი იმ სასამართლოში, სადაც მოსარჩელემ თავისი დავა წარადგინა (იხ. Golder v. the United Kingdom, 21 თებერვალი, 1975, §32, სერია A no. 18). სწორედ ამგვარი ვითარებაა მოსარჩელეების საქმეზე, რამდენადაც მათ არ შეეძლოთ მიეღწიათ ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლომდე, სანამ არ მიიღებდნენ გასწორების შესახებ მათ მოთხოვნაზე გამგეობის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლოში გაასაჩივრებდნენ (იხ. mutatis mutandis, König v. Germany, 28 ივნისი, 1978, § 98, seria A no. 27; Janssen v. Germany, no. 23959/94, §40, 20 დეკემბერი, 2001; და Hellborg v. Sweden, no. 47473/99, §59, 28 თებერვალი, 2006).
66. მაშასადამე, წინამდებარე საქმეზე მე-6(§1) მუხლით დადგენილმა გონივრულმა ვადამ დინება დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეებმა საჩივარი შეიტანეს ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობაში, რაც მათ 1993 წლის 19 მარტს განახორციელეს (იხ. წინა პარაგრაფები). უდავოა, რომ პროცედურა დასრულდა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილისA გადაწყვეტილებით. ამგვარად იგი გრძელდებოდა შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
67. სასამართლო შეაფასებს პროცესის ხანგრძლივობის გონივრულობას საქმეზე არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებითა და პრეცედენტული სამართლით დადგენილი კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, როგორიცაა კერძოდ, საქმის სირთულის ხარისხი და მოსარჩელეებისა და შესაბამისი ხელისუფლებების ქმედებანი. ამ ბოლო თვალსაზრისით, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელეებისათვის ის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყვეტილიყო (იხ. Philis v. Greece (no. 2), 27 ივნისი 1997, § 35, ანგარიში 1997-IV).
68. სასამართლო ეთანხმება მხარეებს, რომ საქმე არ იყო რთული. გადასაწყვეტი საკითხი არ იყო განსაკუთრებული.
69. რაც შეეხება მოსარჩელეთა ქცევას, მათ არ გაუხანგრძლივებიათ პროცედურა. ხოლო რაც შეეხება ხელისუფლების ქცევას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოლქის ადმინისტრაციულმა გამგეობამ წერილობითი თხოვნა (პეტიცია) მიიღო 1993 წლის 19 მარტს. მან მიიღო პასუხები საჩივარზე, რომლებიც შემდგომ გადაუგზავნა მოსარჩელეებს კომენტარისათვის, გადაწყვეტილება კი გამოიტანა 1997 წლის 19 მარტს. ასე რომ, საქმის განხილვას დასჭირდა ოთხი წელი. ამდენი დროის გასვლა ვერ აიხსნება ვერც გადადგმული პროცედურული ნაბიჯებით და ვერც რაიმე აღქმული საჭიროებით, dalodebodnen Askola-ს საქმის შედეგს, რომელიც საბოლოო გახდა ჯერ კიდევ 1994 წლის 7 დეკემბერს.
70. რაც შეეხება ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლოსა და უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში წარმოებულ პროცედურებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ორი ინსტანციიის გავლას მთლიანობაში დასჭირდა სამი წელი. იგი მიიჩნევს, რომ ეს პროცედურები არ წარმოშობს გაჭიანურების საკითხებს.
71.ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა პროცესის გაჭიანურებას ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობაში, რის თაობაზეც მან ვერ მიიღო საკმარისი განმარტება. შესაბამისად, სახეზეა კონვენციის მე-6(§1) მუხლის დარღვევა პროცედურის გაჭიანურებასთან მიმართებაში.
(c) ზეპირი მოსმენა
72. გამოსაყენებელი პრინციპები გამოკვეთილად მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Jussila v. Finland ([GC], no. 73053/01, §§ 40-45, ECHR 2006‑XIV).
73. მოცემულ საქმეში, ზეპირი მოსმენის მოთხოვნისას, მოსარჩელეთა განზრახვას წარმოადგენდა იმის ჩვენება, რომ პოლიციის ადმინისტრაცია მათ ეკონომიკური დანაკარგის კომპენსაციას დაჰპირდა. ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ შესაბამის გარემოებებში, ზეპირი მოსმენა აშკარად არ წარმოადგენდა აუცილებლობას, რამდენადაც სავარაუდო დაპირებას არ გააჩნდა საქმესთან შესატყვისობა. ევროპული სასამართლო ძალის მქონედ მიიჩნევს მთავრობის არგუმენტს, რომ მოცემულ საქმეში ფაქტისა და სამართლის ნებისმიერი საკითხის ადეკვატურად წარდგენა და გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელი იყო წერილობითი მოსაზრებების საფუძველზე.
74. სასამართლო შემდგომ მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს როდი ეთქვათ უარი საკუთრივ იმ შესაძლებლობაზე, მოეთხოვათ ზეპირი მოსმენა, თუმცაღა, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა იგი აუცილებელი (იხ. mutatis mutandis, Martinie,ზემოთ მითითებული, §44). ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა გადმოსცეს თავიანთი აზრი შესაბამისი დასაბუთებით. რამდენადაც მოსარჩელეებს გააჩნდათ ფართო შესაძლებლობა, წერილობით წარედგინათ თავიანთი საქმე სასამართლოში და მოეხდინათ მეორე მხარის მოსაზრებათა კომენტარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანობის მოთხოვნა შესრულებული იყო და ზეპირი მოსმენა არ იყო აუცილებლობით ნაკარნახევი.
75. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის არარსებობასთან მიმართებაში კონვენციის მე-6(§1) მუხლი დარღვეული არ არის.
II. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
76. მოსარჩელეთა აზრით, ისინი არიან მსხვერპლი კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევისა, რომლშიც აღნიშნულია:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით დადგენილი უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
A. მხარეთა მოსაზრებები
1. მოსარჩელეები
77. მოსარჩელეთა მტკიცებით, პროცედურის გაჭიანურებამ მათი გასაჩივრება არაეფექტიანი გახადა. ამიტომ გასაჩივრების შესაძლებლობა ვერ ჩაითვლებოდა ქმედითად.
2. მთავრობა
78. მთავრობამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მე-6 მუხლი არ იყო დარღვეული, არ არსებობდა არც დასაბუთებული სამდურავი მე-13 მუხლის დარღვევის თაობაზე. თუკი სასამართლო სხვაგვარ პოზიციას დაიკავებდა, მაშინ, საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა მიჩნეულიყო, რამდენადაც ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილება მომჩივნებს ორ სასამართლო ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული. რაც შეეხება პროცესის გაჭიანურებას, მოსარჩელეებს გააჩნდათ ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რაც დამტკიცებული იყო იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მოსარჩელეს შეტანილილი ჰქონდა წარმატებული საჩივარი იუსტიციის კანცლერთან, რომელმაც გამგეობის ყურადღება გაამახვილა პროცედურის დაყოვნებაზე. მთავრობა ასევე დაეყრდნო პრინციპს, რომლის შესაბამისად, შესაძლოა, ცალკე აღებული ვერცერთი დაცვის საშუალება საკმარისად ვერ აკმაყოფილებდეს კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს, მაგრამ დაცვის საშუალებები ერთობლივად, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს (იხ. მაგალითად, X v. the United Kingdom, 5 ნოემბერი, 1981, §60, სერია A no. 46; Van Droogenbroeck v. Belgium, 24 ივნისი, 1982, §56, სერია A no. 50; და Leander v. Sweden, 26 მარტი, 1987, §§77 და 81-82, სერია A no. 116). დამატებით, მე-13 მუხლში მითითებული “ხელისუფლება” (“authority”) არ გულისხმობდა აუცილებლობით მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას.
B. სასამართლოს შეფასება
79. როგორც სასამართლოს ესმის მე-13 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეთა სამდურავი, მათ არ გააჩნდათ არავითარი გზა შიდა პროცედურების დასაჩქარებლად. ვინაიდან, კონვენციის უფლება, მოსარჩელეთა განცხადებით, არის საქმის “გონივრულ ვადაში განხილვის უფლება”, რაც მე-6 (§ 1) მუხლით არის დადგენილი, სასამართლომ უნდა განსაზღვროს მე-13 მუხლის სფუძველზე მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებათა ფარგლები, უზრუნველეყო მოსარჩელეები “ეროვნული ხელისუფლების წინაშე ქმედითი სამართლებრივი მისაგებლით”.
80. როგორც სასამართლოს არაეთხელ აღუნიშნავს, კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი მისაგებლის არსებობას კონვენციის უფლებათა და თავისუფლებებათა არსის ცხოვრებაში რეალურად დასამკვიდრებლად, შიდა სამართლებრივ წესრიგში ნებისმიერი ფორმით მისი უზრუნველყოფის გზით. მე-13 მუხლის შინაარსი სწორედ იმას გულისხმობს, რომ იგი მოითხოვს შიდა ქმედით მისაგებელს, რომელსაც შეეძლება “დასაბუთებული სამდურავის” მოგვარება კონვენციის საფუძველზე და შესატყვისი საამისო რელიეფის უზრუნველყოფა. კონვენციის მე-13 მუხლში ნაგულისხმევი ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ვალლდებულებების ფარგლები განსხვავებულია მოსარჩელის სამდურავის ბუნებიდან გამომდინარე. თუმცა, მე-13 მუხლით მოთხოვნილი “სამართლებრივი მისაგებელი” ქმედითი უნდა იყოს, როგორც კანონის მიხედვით, ისე პრაქტიკაში (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის, იხ. Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 157, ECHR 2000-XI).
81. სასამართლოს გადასაწყვეტი რჩება საკითხი, იყო თუ არა მოსარჩელეების ხელთ არსებული და ფინეთის კანონმდებლობით საქმის გაჭიანურების გამო საჩივრის აღსაძრავად გათვალისწინებული საშუალებები “ქმედითი” იმ გაგებით, რომ მათ შესძლებოდათ თავიდან აეცილებინათ ან დარღვევა, ან მისი განგრძობადობა, ანდა უზრუნველეყოთ ადეკვატური პასუხი უკვე ჩადენილი დარღვევების გამო.
82. არ არსებობდა კონკრეტული სამართლებრივი გზა, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელეები იჩივლებდნენ პროცედურის გაჭიანურების გამო და მიაღწევდნენ დავის გადაწყვეტის დაჩქარებას. სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ იუსტიციის კანცლერთან შეტანილმა საჩივარმა დააჩქარა პროცედურა. მართლაც, როგორც ირკვევა, კანცლერის 1997 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა ოლქის ადმინისტრაციულ გამგეობაზე, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება 1997 წლის მარტში მიიღო. თუმცა, იქამდე, სანამ იუსტიციის კანცლერი ღონისძიებებს გაატარებდა, მოსარჩელეები ოთხი წლის განმავლობაში ელოდნენ საქმის გადაწყვეტას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანცლერის ჩარევა და მისი პოზიტიური შედეგი აღიარებულ უნდა იქნეს, კანცლერთან ჩივილის შესაძლებლობა, თავისთავად, არ აკმაყოფილებს “ქმედითობის” სტანდარტს მე-13 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. მთავრობამ აღიარა, რომ ფინეთის კანონმდებლობის მიხედვით, თავისთავად საქმის გაჭიანურების ფაქტი, არ წარმოადგენდა სამართლებრივ საფუძველს კომპენსაციისათვის (იხ. Kangasluoma v. Finland, no. 48339/99, §43, 20 იანვარი 2004).
83. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-13 მუხლი დაირღვა იმით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ შიდა ქმედითი მისაგებელი, რომელსაც გამოიყენებდნენ თავიანთი უფლების რელიზაციისათვის, მათი საქმე განეხილათ გონივრულ ვადაში, რაც კონვენციის მე-6(§1) მუხლით არის უზრუნველყოფილი.
III. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში
84. მოსარჩელეებს ნაგულვები აქვთ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, რომელშიც აღნიშნულია:
“ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის, ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
მათ ასევე ნაგულვები აქვთ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა, რომელშიც აღნიშნულია:
“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.”
A. მხარეთა მოსაზრებანი
1. მოსარჩელეები
85. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად მათ მიენიჭათ შორეული რეგიონებისათვის განკუთვნილი შემწეობა, რომელიც შემდგომში გაუქმებულ იქნა. შედეგად, იმ თანხის ოდენობა, რომელიც სონკაიარვიში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს ეძლეოდათ, შემცირდა. შემოსავლის აღნიშნული შემცირების საკომპენსაციოდ, მათ მიენიჭათ ინდივდუალური სახელფასო დანამატი, რომელიც შეადგენდა მათი ხელფასის ფიქსირებულ ნაწილს და გამოხატავდა მათი შემცირებული ხელფასის ანაზღაურებას. ეს შეესაბამებოდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, უკვე მიღწეული სარგებელი არ უნდა დაკარგულიყო, რაც განხორციელდა შემდგომი (2003 წელს წარდგენილი) დირექტივებით გადახდის სისტემაში გამოსაყენებლად. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა მხარეების გაერთიანებამდე, რასაც მათი ხელფასების ნაწილის (კერძოდ, სახელფასო დანამატების) დაკარგვა მოჰყვა. მოსარჩელეებს უკვე მიღწეული ჰქონდათ უფლება ამ თანხაზე, რაც მათ სახელმწიფომ, თავისი ცალმხრივი გადაწყვეტილებით უკან წაართვა.
86. მოსარჩელეებმა შემდგომ მიუთითეს, რომ Nurmes-ის საქმე მათი საქმის იდენტური იყო. Aამ საქმეში პოლიციის ოფიცერს აუნაზღაურეს შემცირებული ხელფასი, რაც ასევე შედეგად მოჰყვა სამხარეო პოლიციასთან გაერთიანებას პოჰიოის-კარიალას ადმინისტრაციული გამგეობის გადაწყვეტილება) და, საბოლოო ჯამში, აღნიშნული პოლიციის ოფიცრის ხელფასი შენარჩუნებულ იქნა თავდაპირველ დონეზე, ხოლო მათი ხელფასი კი არა. Askola-ს საქმე მათ საქმესთან შესადარი არ იყო, რამდენადაც პოლიციის ოფიცერს ასკოლაში არასდროს ჰქონდა მიღებული შორეული ან ცივი რეგიონებისათვის განკუთვნილი შემწეობა ანდა ინდივიდუალური სახელფასო დანამატი. მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს Mäntyharju-s საქმე, სადაც საჯარო მოსამსახურეთა მგზავრობის ხარჯები ანაზღაურებული იქნა ინდივიდუალური სახელფასო დანამატის ფორმით მას შემდეგ, რაც მათი სამსახურეობრივ მოვალეობათა არეალი პერტუნმაადან შეიცვალა მანტუჰარიუთი. მოსარჩელეებმა კი ვერავითარი კომპენსაცია ვერ მიიღეს.
87. მოსარჩელეებმა უარყვეს მთავრობის მიერ გამოყენებული ინსტრუქციის შესატყვისობა, რამდენადაც ისინი წარმოადგენდნენ მუდმივ თანამდებობებზე გამწესებულ მუდმივ საჯარო მოსამსახურეებს, მაშინ როდესაც, გამოყენებული ინსტრუქცია შეეხებოდა მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურეებს, ვისაც დოებით ან სათადარიგოდ დაევალათ გარკვეულ მოვალეობათა შესრულება, რომლებიც განსხვავდებოდა მათი ძირითადი მოვალეობებისაგან.
88. მოსარჩელეთა მტკიცებით, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (გამოცემული 1994 წლის 30 ივნისს), რომელიც შეეხებოდა P.P.E.-ს პოლიციის უფროსსა და მის პენსიას, აშკარად ჩანდა გამართლებულობა იმ დანაკარგის კომპენსაციისა, რაც მხარეების გაერთიანებით იყო გამოწვეული.
2. მთავრობა
89. მთავრობამ მიუთითა, რომ რამდენადაც არ არსებობდა “უფლება” მე-6 მუხლის გაგებით, იმავდროულად არ არსებობდა არც “საკუთრება” 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის გაგებით. შესაბამისად, არც 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი და არც კონვენციის მე-14 მუხლი მოცემულ საქმეში ვერ იქნებოდა გამოყენებული. ხოლო თუკი სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტდა, მაშინ, მთავრობის აზრით, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული შემდეგი:
90. იმის შესახებ, თითქოს მოსარჩელეებს სხვა პერსონალისაგან განსხვავებულად მოეპყრნენ, მთავრობამ ახსნა, რომ კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად, სონკაიარვიში მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს მინიჭებული ჰქონდათ შორი რეგიონებისათვის განკუთვნილი შემწეობა. შემდგომი კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ძალაში იყო 1992 წლის 29 თებერვლამდე, შორი რეგიონების შემწეობა შეიცვალა ცივი რეგიონების შემწეობით და ზოგიერთი მუნიციპალიტეტი, სონკაიარვის ჩათვლით, ჩამოცილებული იქნა იმ ჯგუფიდან, ვისთვისაც ამგვარი დახმარება უნდა გადაეხადათ. სახელფასო დანამატის დაკარგვა ეფუძნებოდა კოლექტიური შეთანხმების გამოყენების ინსტრუქციის დებულებას, რომლის შესაბამისადაც, იგი უნდა გადაეხადათ მხოლოდ იმ პირებისათვის, ვინც მსახურობდა მუნიციპალიტეტში, სადაც სახელფასო დანამატის გადახდა განსაზღვრული იყო. სამსახურეობრივ მოვალეობათა არეალის მუდმივად ან დროებით შეცვლის შემთხვევაში, სახელფასო დანამატის გადახდა წყდებოდა. რაც შეეხება Nurmes-ის საქმეს, მასში სახელფასო დანამატის მინიჭება დაკავშირებული იყო ცივი რეგიონებისათვის განკუთვნილი შემწეობის შემცირებასთან და, ამიტომ, იგი არ იყო მოსარჩელეთა საქმესთან შესადარი. შორ მანძილებზე მგზავრობის ხარჯების კომპენსაციასთან დაკავშირებით აშკარად ნეგატიური პოზიცია ჰქონდა დაკავებული ფინანსთა სამინისტროს Sonkajärvi-სა და Askola-ს საქმეებში (1991 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება) და შესაბამისად, ორივე საქმეს შემდგომ პროცესებში უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს ნეგატიური გადაწყვეტილება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელფასო დანამატი გამოიყენა მხოლოდ შორეული მგზავრობის კვალობაზე ხარჯების გაზრდის საფუძვლით ათი პირის, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ და მიუთითა ფინანსთა სამინისტროს წინარე პრაქტიკაზე, რაც გამოყენებული იქნა Mäntyharju-ს საქმეში. ამგვარად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა შეტანილი თავისი განცხადება იმ სახელფასო დანამატის დაკარგვის გამო, რომელიც შორეული რეგიონებისათვის განკუთვნილი შემწეობის გაუქმებას მოჰყვა. ამგვარად, მოსარჩელეთა საქმე მთლიანად შეესაბამებოდა Askola-ს საქმეს. ფაქტობრივად, როდესაც სამხარეო პოლიციები გაერთიანდა 1991 წლის 3 ივლისის შემდეგ, ხორციელდებოდა პრაქტიკა, არ მიენიჭებინათ კომპენსაცია მოსარჩელეთა მსგავს შემთხვევებში.
91. მთავრობამ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა (ბ-ნი ვილჰო ესკელინენის გარდა, რომელიც იმ დროისათვის უკვე სონკაიარვის გარეთ ცხოვრობდა), გაერთიანების შედეგად განიცადეს მხოლოდ შედარებით მცირე სამგზავრო ხარჯების დანაკლისი. ეს ხარჯები ამცირებდა გადასახადებს, ხოლო ზოგიერთი მოსარჩელე კი შორ მანძილზე მგზავრობისათვის იყენებდა პოლიციის ძალების სატრანსპორტო საშუალებებს 1991 წლის მარტამდე. ოლქის ადმინისტრაციული გამგეობის უფლებამოსილება, გადაეწყვიტა ადგილობრივი მოსამსახურეების ხელფასებთან დაკავშირებული საკითხები, გულისხმობდა დისკრეციული ხელისუფლების განხორციელებას საქმიდან საქმეზე.
92. მათ მიუთითეს, რომ 1996 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ინსტრუქცია სახელფასო დანამატის ფორმით კომპენსაციის თაობაზე ხელფასის შემცირებისათვის, რომელიც შედეგად მოჰყვა ცივი რეგიონებისათვის განკუთვნილ შემწეობასთან და შორ მანძილებზე მგზავრობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს სამხარეო პოლიციების გაერთიანების შედეგად. თუმცა, ამ ინსტრუქცის არ გააჩნდა უკუძალა.
B. სასამართლოს შეფასება
93. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სამდურავი 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, დამოუკიდებლად, ანდა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში იმას გულისხმობს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ არასწორად გამოიყენა შიდა სამართალი მათი საჩივრის უარყოფისას.
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის საფუძველზე არ არსებობს კონკრეტული ოდენობის ხელფასის მიღების განგრძობადი უფლება (იხ. mutatis mutandis, Kjartan Ásmundsson v. Iceland, no. 60669/00, §39, ECHR 2004‑IX). მოსარჩელეებისათვის არ არის საკმარისი დაეყრდნონ მხოლოდ “ჭეშმარიტი დავისა” თუ “დასაბუთებული მოთხოვნის” არსებობას (§§ 37-38). მოთხოვნა, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული “აქტივად”, როდესაც მას საკმარისი დასაყრდენი გააჩნია ეროვნულ სამართალში ; მაგალითად მაშინ, როდესაც შიდა სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მას ადასტურებს (იხ. Kopecký v. Slovakia [GC], 28 სექტემბერი, 2004, §§ 45-52, ECHR 2004-IX). მოცემულ საქმეში, გამოყენების შესახებ ინსტრუქციიდან (იხ. ზემორე 22-ე პარაგრაფი) გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ ლეგიტიმური მოლოდინი მიეღოთ ინდივიდუალური სახელფასო დანამატი პოლიციების გაერთიანების შემდეგ, რამდენადაც სამსახურეობრივ მოვალეობათა არეალის სონკაიარვის გარეთ მდებარე მუნიციპალიტეტში გადანაცვლების შედეგად, უფლება სახელფასო დანამატზე შეწყდა. შიდა სამართალი არ ითვალისწინებდა არც რაიმე უფლებას მგზავრობის ხარჯების კომპენსაციის თაობაზე.
95. რაც შეეხება კონვენციის მე-14 მუხლს, იგი ავსებს კონვენციისა და მისი ოქმების არსებით დებულებებს. მას არ გააჩნია დამოუკიდებელი არსებობა, რამდენადაც იგი თავისი მოქმედების ძალას მხოლოდ კონვენციით უზრუნველყოფილი “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” მიმართებაში იძენს. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 მუხლი აუცილებელ პირობად არ გულისხმობს ამ დებულებათა დარღვევას – და ამ გაგებით ის ავტონომიურია _ არ არსებობს სხვა სივრცე მისი გამოყენებისა, გარდა იმისა, სადაც საქმის ფაქტები ერთი ან რამდენიმე მათგანის საზღვრებში ხვდება (იხ. Gaygusuz v. Austria, 16 სექტემბერი, 1996, §36, ანგარიში, 1996-IV, და Domalewski v. Poland (dec.), no.34610/97, ECHR 1999-V). მოცემულ შემთხვევაში კონვენციის სხვა დებულებები არ ყოფილა საქმეში ჩართული.
96. მოცემულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა არც დამოუკიდებლად, და, არც კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
97. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
”თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
98. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 117,73 ევროს (EUR) ოდენობით 1990 წლის 1 ნოემბრიდან 10%-იანი წლიური სარგებლით თითოეული თვის პირველი დღიდან. მოთხოვნა პუნქტობრივად ჩამოყალიბებულია ქვემოთ თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში თვეების მიხედვით 2006 წლის 30 სექტემბრისათვის (თარიღი შერჩეულია მოსარჩელეთა მიერ) და მთელი თანხის ოდენობა თითოეული მოსარჩელის მიხედვით.
.
ბ-ნი ვილჰო ესკელინენი 191 თვე
EUR 22,486.42
ბ-ნი არტო ჰუტუნენი 191 თვე
EUR 22,486.42
ბ-ნი მარკუ კომულაინენი 191 თვე
EUR 22,486.42
ბ-ნი ტოივო პალონენი * 26 თვე
EUR 3,060.98
ქ-ნი ლეა იჰაცუ** 116 თვე
EUR 13,656.68
ბ-ნი ჰანუ ლაპალაინენის
ქონების მმართველი*** 58 თვე
EUR 6,828.34
* პენსიაში გავიდა 1993 წლის 1 იანვარს: საქმის შედეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს მისი პენსიის ოდენობაზე.
** თანამდებობა დატოვა 2000 წლის 1 ივლისს.
*** გარდაიცვალა 1995 წლის 22 აგვისტოს. საქმის შედეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს მისი ქვრივის პენსიის ოდენობაზე.
99. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 10,000 ევრო (EUR) თავისი საპროცენტო სარგებლით, მორალური ზიანისათვის იმ წუხილისა და სატანჯველის გამო, რაც მათ განიცადეს.
100. მთავრობამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოითხოვდნენ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ორი საფუძვლით, რაც ცალ-ცალკე უნდა განხილულიყო: პირველი, სახელფასო დანამატის დაკარგვა და, მეორე, მგზავრობის გაზრდილი ხარჯები. მოთხოვნილი თანხები და საპროცენტო სარგებელი ემყარებოდა ვარაუდს; მათი ოდენობა, პენსიაზე მისი შესაძლო ასახვის გამო, უნდა განსაზღვრულიყო ცალ-ცალკე, სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარეებთან შეთანხმებით ანდა ცალკე გადაწყვეტილებით.
101. მთავრობას მიაჩნია, რომ მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულია. კომპენსაცია არ უნდა გასცდეს 1,000 ევროს (EUR) თითო პირზე. ხოლო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის თაობაზე უარყოფილი უნდა იქნეს.
102. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი პროცესის გაჭიანურების გამო აღიარებულ დარღვევასა და ნაგულვებ მატერიალურ ზიანს შორის. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში მისი მინიჭების გამართლება. სასამართლო იზიარებს, რომ მოსარჩელეებმა მართლაც განიცადეს გარკვეული მორალური ზიანი იმ წუხილითა და იმედგაცრუებით, რაც პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია, რომლის გამოსასწორებლადაც საკმარისი არ არის კონვენციის დარღვევის აღიარება. სამართლიანობის საწყისებზე შეფასების შედეგად სასამართლო თითოეულ მათგანს ანიჭებს 2,500 ევროს (EUR).
B. ხარჯები
103. მოსარჩელეებმა მოითხოვეს : 1,622.11 ევრო (EUR) _ იუსტიციის კანცლერთან შეტანილი საჩივრის გამო ; 1,226.88 ევრო (EUR) _ ოლქის ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებისათვის ; 1,688.57 ევრო (EUR) _ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებისათვის და 12,963.40 evro (EUR) კონვენციის პროცედურებთან დაკავშირებით.
104. მთავრობას მიაჩნია, რომ იუსტიციის კანცლერთან გასაჩივრების ხარჯები არ უნდა ანაზღაურდეს, რამდენადაც არაორდინარული საჩივარი არ წარმოადგენს ევროპის სასამართლოში საჩივრის შეტანის აუცილებელ წინაპირობას. ეროვნულ სასამართლოებში გასაჩივრების ხარჯებისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს 2,000 ევროს (EUR) (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით), ხოლო კონვენციის პროცედურებთან დაკავშირებული თანხა კი - 6,000 ევროს (EUR).
105. სასამართლო იმეორებს, რომ ამ ნაწილში კომპენსაცია შეიძლება განხორციელდეს იმდენად, რამდენადაც ხარჯები წარმოადგენდა რეალურ და აუცილებელ დანაკარგს აღიარებული დარღვევის თავიდან ასაცილებლად თუ გამოსასწორებლად და, ამასთან, გონივრულია თანხის ოდენობის თვალსაზრისით (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. Hertel v. Switzerland, 25 აგვისტო, 1998, § 63, ანგარიში 1998-VI).
წინამდებარე საქმეში შიდა პროცედურები არ შეესაბამებოდა პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებული გასაჩივრების ამოწურულობას და საქმე გადაარჩინა იუსტიციის კანცლერთან გასაჩივრებამ. ამიტომ, მოსარჩელეთა მოთხოვნა შეიძლება მხარდაჭერილი იქნეს მხოლოდ ამ შეზღუდული ხარიხით, სხვა სიტყვებით, 1,622.11 ევროთი (EUR) (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
სასამართლოს მიჩნია, რომ სტრასბურგის ხარჯები გაწეული იქნა აღიარებული დარღვევის გამოსასწორებლად. თუმცა, ისინი მოსარჩელეებს ვერ მიეკუთვნება სრულად, რამდენადაც სასამართლომ ნაწილობრივ უარი უთხრა საჩივარს. იღებს რა მხედველობაში ყველა გარემოებას, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ მინიჭებულ სამართლებრივ დახმარებას, სასამართლო ანიჭებს მათ 8,000 ევროს (EUR) (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
C. საურავი (საჯარიმო საპროცენტო სარგებელი)
106. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
ამ მიზეზთა გამო
1. მიიჩნევს თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-6(§1) მუხლი გამოყენებადია მოცემულ საქმეში;
2. მიიჩნევს თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ დარღვეულია კონვენციის მე-6(§1) მუხლი პროცესის გაჭიანურებასთან მიმართებაში;
3. მიიჩნევს ერთხმივად, რომ კონვენციის მე-6(§1) მუხლი არ არის დარღვეული საქმის ზეპირი მოსმენის არარსებობასთან მიმართებაში;
4. მიიჩნევს თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ დარღვეულია კონვენციის მე-13 მუხლი;
5. მიიჩნევს ერთხმივად, რომ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი არ არის დარღვეული ცალკე აღებული თუ კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში;
6. მიიჩნევს ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ:
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს
შემდეგი თანხები:
(i) EUR 2,500 (ორი ათას ხუთასი ევრო) თითოეულ მოსარჩელეს მორალური ზიანისათვის;
(ii) EUR 9,622.11 (ცხრა ათას ექვსას ოცდაორი ევრო და თერთმეტი ცენტი) მოსარჩელეებს ერთობლივად ხარჯებისათვის;
(iii) ზემოაღნიშნულ თანხებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაექვემდებაროს დაბეგვრას:
(b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებამდე ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება პროცენტები ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
7. უარყოფს ერთხმივად მოსარჩელეთა დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად, და გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 19 აპრილს.
Eერიკ ფრიბერგი ჟან-პოლ კოსტა
Gგამწესრიგებელი პრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის შესაბამისად, შემდეგი გამიჯნული აზრები ერთვის ამ გადაწყვეტილებას.
(ა) მოსამართლე ჯოსიენეს ნაწილობრივ გამიჯნული აზრი;
(ბ) მოსამართლეების კოსტას, ვილდჰაბერის, ტიურმენის, ბორეგო ბორეგოსა და ჯოსიენეს ერთობლივი გამიჯნული აზრი.
ჟ.-პ.კ.
გამიჯნული აზრები არ არის გადათარგმნილი, მაგრამ არსებობს ინგლისურად და ფრანგულად გადაწყვეტილების ოფიციალურ ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy