დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 165
ივლისი 2013
ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დპ]-- 66069/09, 130/10 და 3896/10
გადაწყვეტილება 9.7.2013 [დპ]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
თავისუფლების უვადო აღკვეთა, გათავისუფლების შანსით მხოლოდ განუკურნებელი ავადმყოფობის, ან ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაში: დარღვევა
ფაქტები – ინგლისსა და უელსში მკვლელობისათვის კანონით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2003 წლის კრიმინალური მართლმსაჯულების აქტის ძალაში შესვლამდე სახელმწიფოს მდივანი (Secretary of State) აღჭურვილი იყო უფლებით, დაეწესებინა ზღვრული პერიოდები უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრებისათვის და დაედგინა მინიმალური მოსახდელი ვადა, ვიდრე მათ ექნებოდათ უფლება, პირობით ვადამდე გათავისუფლებულიყვნენ. აქტის ძალაში შესვლის შემდეგ აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მოსამართლე (trial judge). პატიმრებს, რომელთა ზღვრული ვადა მანამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად დააწესა სახელმწიფოს მდივანმა, უფლება აქვთ სასჯელის გადასახედად მიმართონ უმაღლეს სასამართლოს.
სამივე მომჩივანს დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა მკვლელობისათვის მსჯავრდების შედეგად. მსგავსი სასჯელის დანიშვნით მათი დანაშაული მიჩნეულ იქნა ისეთი სიმძიმის მქონედ, რომ ისინი ვალდებულნი არიან დარჩნენ პატიმრობაში, ვიდრე სახელმწიფო მდივანი განახორციელებს თავის უფლებამოსილებას და სიბრალულის საფუძველზე (on compassionate grounds ) გასცემს გათავისუფლების ბრძანებას, თუკი შემდეგი გამონაკლისი შემთხვევები - ფაქტიურად განუკურნებელი ავადმყოფობა, ან ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება - არის სახეზე. პირველი მომჩივნის, ბ-ნი ვინტერის, შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთა დანიშნა მოსამართლემ 2003 წლის აქტის საფუძველზე , რაც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ იმაზე დაყრდნობით, რომ ბ-ნი ვინტერი უკვე იყო მანამდე მსჯავრდებული მკვლელობისათვის. მეორე და მესამე მომჩივნის შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთა დანიშნა სახელმწიფოს მდივანმა, მანამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, თუმცა სარევიზიო განხილვისას 2003 წლის აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით სასჯელები ძალაში დატოვა უმაღლესმა სასამართლომ; შემდგომ ეს გადაწყვეტილებები გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. მეორე მომჩივნის, ბ-ნი ბამბერის, შემთხვევაში აღინიშნა, რომ ჩადენილი მკვლელობები წინასწარ იყო მოფიქრებული და არსებობდა მრავალი მსხვერპლი; აღნიშნული ფაქტორები, სექსუალური დაკმაყოფილების მოტივთან ერთად, სახეზე იყო მესამე მომჩივნის, ბ-ნი მურის საქმეშიც.
ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილ საჩივრებში აპლიკანტები ჩიოდნენ, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის დაწესება ნიშნავდა იმას, რომ მათი სასჯელები შედეგად ვერ იქნებოდა შემცირებული, რაც არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს.
2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით (იხ. საინფორმაციო ბროშურა 148) სასამართლო პალატამ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი, ვინაიდან მომჩივანთა სასჯელები არ უთანაბრდებოდა არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. კონკრეტულად, მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათთვის თავისუფლების უწყვეტი აღკვეთა არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ პენოლოგიურ მიზანს. პალატამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომჩივნებისთვის შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა ან ახლახან იყო დანიშნული მოსამართლის მიერ (ბ-ნი ვინტერის შემთხვევაში), ან ახლახან განიხილა სარევიზიო წესით უმაღლესმა სასამართლომ (ბ-ნი ბამბერისა და ბ-ნი მურის შემთხვევებში).
სამართალი – მუხლი 3: დიდი პალატა დაეთანხმა და მოიწონა პალატის დასკვნა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს, თუმცა ეს ტესტი დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში. წინამდებარე საქმეში მომჩივნებს არ უცდიათ დაესაბუთებინათ, რომ მათთვის დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო აშკარად არაპროპორციული. ამის ნაცვლად, ისინი უთითებდნენ, რომ სასჯელის გადახედვის პროცედურული მოთხოვნის იმთავითვე არარსებობა წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, არა მხოლოდ, როგორც პალატამ დაადგინა, იმ დროისათვის, როცა აღარ არსებობდა უწყვეტი პატიმრობის გამამართლებელი პენოლოგიური საფუძვლები, არამედ სასჯელის დანიშვნის მომენტიდან.
სასამართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უნდა მიენიჭოთ შეფასების ფარგლები კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის შესაფერისი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრისას და უნდა დარჩნენ თავისუფალი, სრულწლოვან დამნაშავეებს დაუწესონ თავისუფლების უვადო აღკვეთა განსაკუთრებულად სერიოზული ხასიათის დანაშაულთათვის. თუმცა, შეუმცირებადი უვადო თავისუფლების აღკვეთის დაწესებამ შეიძლება მე-3 მუხლის ფარგლებში წამოჭრას საკითხი. იმის განსაზღვრისას, მოცემულ შემთხვევაში დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება თუ არ მიჩნეულ იქნეს შეუმცირებად სასჯელად, სასამართლო შეეცდება გამორკვიოს აქვს თუ არა პატიმარს გათავისუფლების რაიმე პერსპექტივა. თუკი შიდა კანონმდებლობა უზრუნველყოფდა სასჯელად დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადახედვას მისი შემსუბუქების, შემცირების, დასრულების ან პატიმრის პირობით განთავისუფლების საშუალებით, აღნიშნული საკმარისი იქნებოდა მე-3 მუხლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
არსებობდა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ყოფილიყო უვადო თავისუფლების აღკვეთა მე-3 მუხლის შესაბამისი, უნდა ერთდროულად არსებულიყო გათავისუფლების პერსპექტივაც და სასჯელის გადახედვის შესაძლებლობა. პირველ რიგში, აქსიომას წარმოადგენდა, რომ პატიმარი ვერ იქნებოდა თავისუფლებააღკვეთილი, თუკი არ იარსებებდა ლეგიტიმური პენოლოგიური მიზნები აღნიშნული პატიმრობისათვის. ბალანსი პატიმრობის დასაბუთებულობის ხარისხს შორის (The balance between the justifications for detention ) არ იყო აუცილებლად სტატიკური და შეიძლებოდა შეცვლილიყო სასჯელის მოხდის განმავლობაში. მხოლოდ შესაბამის დროს სასჯელის გადახედვის გზით შეიძლებოდა სათანადოდ შეფასებულიყო აღნიშნული ფაქტორები თუ ცვლილებები. გარდა ამისა, ციხეში ყოფნა გათავისუფლების ან სასჯელის გადახედვის პერსპექტივის გარეშე ატარებდა იმის რისკს, რომ პატიმარი ვერასოდეს ვერ მოინანიებდა თავის დანაშაულს, რაც არ უნდა ეკეთებინა ციხეში ან რა განსაკუთრებული პროგრესიც არ უნდა განეცადა რეაბილიტაციის გზაზე. მესამეც, ადამიანის ღირსებასთან შეუსაბამო იქნებოდა, თუკი სახელმწიფო იძულებით აღუკვეთავდა ინდივიდს თავისუფლებას სულ მცირე იმ შანსის მიცემის გარეშე, რომ ოდესმე მაინც დაიბრუნებდა თავისუფლებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ევროპულ და საერთაშორისო სამართალში აშკარა მხარდაჭერით სარგებლობდა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა პატიმარს, მათ შორის უვადო პატიმრობამისჯილებს, უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა რეაბილიტაციისა და გათავისუფლების პერსპექტივა, თუ რეაბილიტაცია იქნებოდა მიღწეული.
შესაბამისად, მე-3 მუხლი უნდა ინტერპრეტირებულიყო იმგვარად, რომ სავალდებულო ყოფილიყო უვადო პატიმრობის ვადის შემცირება, იმ გაგებით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მისცემდა, შეეფასებინა მოხდა თუ არა პატიმრის პიროვნებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და განიცადა თუ არა რეაბილიტაციის გზაზე მან სასჯელის მოხდის პროცესში ისეთი პროგრესი, რაც მიანიშნებდა, რომ უწყვეტი პატიმრობა ვეღარ იქნებოდა გამართლებული ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლებით. მართალია, სასამართლოს მოვალეობა არ იყო, განესაზღვრა, თუ რა ფორმით (აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების მიერ) უნდა მომხდარიყო გადახედვა ან როდის, მაგრამ მის წინაშე არსებული შედარებითი და საერთაშორისო სამართლის წყაროებიდან დგინდებოდა, რომ აშკარა მხარდაჭერით სარგებლობდა უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯიდან არა უგვიანეს ოცდახუთი წლის გასვლამდე სასჯელის გადახედვის მექანიზმის გარანტირებული ინსტიტუტის არსებობა, შემდგომშიც პერიოდული გადახედვების პერსპექტივით. სასჯელად თავისუფლების უვადო აღკვეთის დაკისრება ვერ იქნებოდა მე-3 მუხლის სტანდარტების შესაბამისი, თუკი შიდასახელმწოფოებრივი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა მსგავსი გადასინჯვის შესაძლებლობას. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო გადასინჯვა წარმოადგენდა აუცილებლად სასჯელის დაკისრების შემდგომ განსახორციელებელ პროცედურას, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი არ უნდა ყოფილიყო ვალდებული დალოდებოდა და მოეხადა განუსაზღვრელი ოდენობის წლები, ვიდრე შეძლებდა გაესაჩივრებინა მისი სასჯელის განმსაზღვრელი სამართლებრივი ნორმები მე-3 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს უფლება ჰქონდათ სცოდნოდათ, სასჯელის მოხდის დასაწყისიდანვე, რა უნდა გაეკეთებინათ, რათა განხილულიყვნენ გათავისუფლების კანდიდატებად და რა პირობების გათვალისწინებით, მათ შორის როდის მოხდებოდა ან შეიძლებოდა ეცადათ დაკისრებული სასჯელის გადასინჯვა. შედეგად, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის რაიმე მექანიზმს ან შესაძლებლობას, აღნიშნულის შედეგად, მე-3 მუხლთან შეუთავსებლობის საკითხი წამოიჭრებოდა უკვე სასჯელად უვადო პატიმრობის დაკისრებისას და არა პატიმრობის უფრო გვიან ეტაპზე.
მთავრობა სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ 2003 წლის აქტის მიზანს უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოშორება წარმოადგენდა და სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა მდივნის მიერ 25 წლის გასვლის შემდგომი გადასინჯვა, რომელიც მანამდე არსებობდა. თუმცა სასამართლოს აზრით, კანონმდებლის მიზნისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, თუკი 25 წლის შემდგომი გადასინჯვა განხორციელდებოდა სასამართლოს ფარგლებში, ვიდრე გაუქმებულიყო სრულად.
სასამარლომ ასევე დაადგინა, რომ ამჟამინდელი კანონი, რომელიც ინგლისსა და უელსში უვადო პატიმართა გათავისუფლების პერსპექტივას მიემართებოდა, არ იყო მკაფიო. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის აქტის 30-ე მუხლი იუსტიციის მდივანს ნებისმიერი პატიმრის გათავისუფლების უფლებას აძლევდა, მათ შორის უვადო თავისუფლებააღკვთილისა, შესაბამისი კანონი (Prison Service Order) აწესებდა, რომ პატიმრის გათავისუფლება მხოლოდ განუკურნებელი ავადმყოფობის ან ფიზიკური უნარშეზღუდულობის შემთხვევაში იყო დასაშვები. აღნიშნული წარმოადგენდა მეტისმეტად მკაცრ პირობებს და, სასამართლოს შეფასებით, პირობით ვადამდე ასეთი გათავისუფლება (compassionate release) არ იყო ის, რაც იგულისხმებოდა Kafkaris-ში ხსენებულ „გათავისუფლების პერსპექტივაში“.
მაშასადამე, 30-ე მუხლის ფართო ფორმულირებასა და Prison Service Order-ში მითითებულ ამომწურავ წინაპირობებს შორის არსებული წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ასევე უვადო პატიმრობათა გადასინჯისთვის დადგენილი რაიმე მექანიზმის არარსებობის გამო, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ამჟამინდელ შემთხვევაში მომჩივანთათვის დაკისრებული სამუდამო პატიმრობის ვადა შემცირებადი იყო მე-3 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის მოთხოვნები არც ერთ მომჩივანთან მიმართებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
თუმცა, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივანთა საქმეში დარღვევის დადგენა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მათ მისცემოდათ უახლოეს მომავალში გათავისუფლების რაიმე პერსპექტივა. უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ისინი გათავისუფლებული, დამოკიდებული იქნებოდა, მაგალითად, იმაზე, კვლავ არსებობდა თუ არა მათი უწყვეტი პატირმობის ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძველი და უნდა ყოფილიყვნენ თუ არა საპატიმროში მათი საშიშროების გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხები არ განიხილებოდა ამ საქმის ფარგლებში და არ წარმოადგენდა სასამართლოში დავის საგანს.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წამორდგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას პირველი მომჩივნის მიერ განცდილი რაიმე არამატერიალური ზიანისათვის. დანარჩენ მომჩივნებს არ წამოუყენებიათ რაიმე მოთხოვნა..
(იხილეთ ასევე Kafkaris v. Cyprus [GC], 21906/04, 12 თებერვალი 2008, საინფორმაციო ბროშურა 105; Iorgov v. Bulgaria (no. 2), 36295/02, 2 სექტემბერი 2010, საინფორმაციო ბროშურა 133; Schuchter v. Italy (dec.), 68476/10, 11 ოქტომბერი 2011, საინფორმაციო ბროშურა 145; and Harkins and Edwards v. the United Kingdom, 9146/07 and 32650/07, 17 იანვარი 2012, საინფორმაციო ბროშურა 148)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy