© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე „ვორდურ ოლაფსონი ისლანდიის წინააღმდეგ“
(საჩივარი № 20161/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 აპრილი, 2010 წელი
შესულია ძალაში
27/07/2010
წინამდებარე გადაწყვეტილება შესულია ძალაში კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. იგი, შესაძლოა, დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „ვორდურ ოლაფსონი ისლანდიის წინააღმედეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, თავმჯდომარე,
ჯოვანი ბონელო,
დავიდ თორ ბიორგვინსონი,
იან შიკუტა,
პაივი ჰირველა,
ლედი ბიანკუ,
ნებოიშა ვუჩინიჩი, მოსამართლეები,
და ფატოშ არაჩი, სექციის სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2009 წლის 24 მარტს, 2010 წლის 5 იანვარს და 2010 წლის 30 მარტს გამართული დახურული თათბირების შედეგად, ზემომითითებულ ბოლო თარიღზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 20161/06), რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, ისლანდიის მოქალაქემ, ბ-მა ვორდურ ოლაფსონმა (შემდეგში „მომჩივანი“), 2006 წლის 16 მაისს ისლანდიის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა.
2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ლონდონსა და რეიკიავიკში მოღვაწე იურისტები, ბ-ნი ტ. ჩაილდი და ბ-ნი ეინარ ჰალფდანარსონი, ხოლო ისლანდიის მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) - სახელმწიფო წარმომადგენელი, ქ-ნი ბიორგ თორარენსენი.
3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კანონის მიერ ვალდებულების დაკისრება, რომ მას ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციისთვის (შემდეგში „ფედერაცია“) სამრეწველო მოსაკრებელი გადაეხადა, მის მიმართ არღვევდა კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლების უფლებას, კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლების მნიშვნელობით. გარდა ამისა, ის ჩიოდა, რომ სამრეწველო მოსაკრებელი სინამდვილეში შეადგენდა ცალკე გადასახადს, რომელიც მოქალაქეთა შეზღუდულ ჯგუფს ჩვეულებრივი გადასახადზე დამატებით ჰქონდა დაკისრებული იმგვარად, რომ ირღვეოდა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი. დაბოლოს, ის ჩიოდა დისკრიმინაციის შესახებ, რომ ირღვეოდა კონვენციის მე-14 მუხლი, კონვენციის მე-11 და 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლებთან მიმართებაში.
4. 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ საჩივარი დასაშვებად გამოაცხადა.
5. ღია სასამართლო მოსმენა 2009 წლის 24 მარტს გაიმართა ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში (სასამართლო რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნი ბიორგ თორარენსენი, სახელმწიფო წარმომადგენელი,
ბ-ნისკარფედინ თორისონი, გენერალური პროკურორი,იურისტი,
ბ-ნიგუნარ ნარფი გუნარსონი, სამართლის ექსპერტი,
იუსტიციისა და საეკლესიო საქმეთა სამინისტროდან,
ქ-ნიელინ ფლიგერინგი, ელჩი, ევროპის საბჭოში ისლანდიის მუდმივი წარმომადგენელი, მრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნიტ. ჩაილდი, ადვოკატი,იურისტი,
ბ-ნიეინარ ჰალფდანარსონი, უზენაესი სასამართლოს ადვოკატი,
ქ-ნის. მურეი, სტაჟიორი ადვოკატი,მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნ ბიორგ თორარენსენის, ბ-ნ სკარფედინ თორისონის, ბ-ნ ჩაილდისა და ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონის მიმართვები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივანი, ბ-ნი ვორდურ ოლაფსონი, ისლანდიის მოქალაქეა, დაიბადა 1961 წელს და ცხოვრობს რეიკიავიკში.
ა. სადავო სამრეწველო მოსაკრებელი
7. მომჩივანი მთავარი მშენებელი და მთავარ მშენებელთა ასოციაციის (შემდეგში „ასოციაცია”) წევრია. №134/1993 სამრეწველო მოსაკრებლის კანონის (შემდეგში „1993 წლის კანონი“) თანახმად, ის ვალდებული იყო, ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციისთვის (შემდეგში „ფედერაცია“), ორგანიზაციისთვის, რომლის წევრიც არც ის და არც ასოციაცია არ გახლდათ, გადაეხადა გადასახადი, ე.წ. „სამრეწველო მოსაკრებელი“. 1993 წლის კანონის თანახმად, 0.08%-ით უნდა დაიბეგროს ყველა ტიპის სამეწარმეო საქმიანობა ისლანდიაში, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული. ეს განსაზღვრება მოიცავს ყველა საქმიანობას, რომელიც კანონის დანართში ჩამოთვლილი საქმიანობების კოდების ნუმერაციაში ექცევა. კერძო სექტორის საწარმოები, რომლებსაც კოდები არ ფარავდა, სამრეწველო მოსაკრებელს არ ექვემდებარებოდა. ასე იყო, მაგალითად, ხორცის, რძისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში. საკვებისა და სასმელის ინდუსტრიის სხვა საწარმოებზე კოდები ვრცელდებოდა. მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან სპეციალური კანონით დაარსებულ საწარმოებს კოდები არ მოიცავდა (მე-2 მუხლი). სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლები ფედერაციას უნდა გადასცემოდა და ისლანდიაში ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ყოფილიყო გამოყენებული (მე-3 მუხლი). სახელმწიფო ხაზინაში უნდა შესულიყო გადასახადის 0.5%, მისი აკრეფის ხარჯების დასაფარად (1-ლი მუხლი).
8. 10,000-ზე მეტმა პირმა (იურიდიული და თვითდასაქმებული პირები) გადაიხადა სამრეწველო მოსაკრებელი. ფედერაციას ჰყავდა 1,100-დან 1,200-მდე წევრი (საწარმოები და თვითდასაქმებული ინდივიდები).
9. მთავრობამ მრეწველობის სამინისტროს წარუდგინა 2000, 2003 და 2006 წლებში მიღებული სამრეწველო მოსაკრებლის ხარჯვის შესახებ ფედერაციის ანგარიშების ასლები.
10. ფედერაცია-ის 2003 წლის ანგარიშში (რომელიც დათარიღებული იყო 2004 წლის 4 ივლისით) აღნიშნული იყო:
“ფედერაციის ანგარიშები არ მიუთითებს კონკრეტული საოპერაციო ხარჯები არის თუ არა დაფარული საწევრო გადასახადიდან, კაპიტალიდან მიღებული შემოსავლებიდან ან სამრეწველო მოსაკრებლის სახით შემოსული თანხებიდან, რადგან მისი მუშაობის დიდი წილი სასარგებლოა სამრეწველო კომპანიებისთვის, იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ფედერაციის წევრები. მრეწველობის სამინისტროს არ გამოუთქვამს რაიმე შენიშვნა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხოლო სამრეწველო მოსაკრებელთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ აყენებს რაიმე სხვა მოთხოვნებს.
თუმცა, ფედერაცია და მრეწველობის სამინისტრო თანხმდებიან, მოითხოვონ უფრო დეტალური ანგარიში იმაზე, თუ როგორ იხარჯება სამრეწველო მოსაკრებელი, და ამ ანგარიშში ეს გაკეთდა.”
11. ანგარიში სათაურით „2003 წელს სამრეწველო მოსაკრებლის ხარჯვა ფედერაციის ანგარიშების მიხედვით“ შეიცავს ცხრილს, სადაც ნაჩვენებია „ფედერაციის შემოწმებული ანგარიშების მიხედვით 2003 წლის შემოსავალი და გასავალი“. ცხრილის ცალკე სვეტში მითითებული იყო სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე თანხების პროცენტული წილი თითოეულ პუნქტსა და ქვეპუნქტთან მიმართებაში. ის მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: „საოპერაციო შემოსავალი“ და „საოპერაციო ხარჯები“. ასევე, „ანგარიშების მიხედვით სამრეწველო მოსაკრებლის დახარჯვის შემდგომი ჩამონათვალს“, კერძოდ: (1) „ხელფასები და მასთან დაკავშირებული ხარჯები“; (2) „შეხვედრები და კონფერენციები“; (3) „სარეკლამო საქმიანობა“; (4) „პუბლიკაციები“; (5) „ფილიალები და სპეციალური პროექტები“; და (6) „ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები“.
ანგარიში შეიცავდა განმარტებებს თითოეული ამ ქვეპუნქტის შესახებ და ინფორმაციას იძლეოდა ფედერაციის წევრებისა და არაწევრების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე. მაგალითად, (1) ქვეპუნქტთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ წელიწადში 20 ინდივიდის მიერ შესრულებული სამუშაოდან 2.5 ეხებოდა სამუშაოს, რომლითაც მხოლოდ წევრებს შეეძლოთ ესარგებლათ. (3) ქვეპუნქტთან მიმართებაში ნათქვამი იყო, რომ ფედერაციის გამოფენები ყველასთვის ღია იყო და რომ მასში მონაწილეობისას ფედერაციის წევრები ფასდაკლებით სარგებლობდნენ. (5) ქვეპუნქტთან დაკავშირებით კი აღნიშნული იყო, რომ არაწევრებს ხელი მიუწვდებოდათ ხარისხის მართვის პროექტზე, თუმცა მათ უფრო მაღალ ფასი უნდა გადაეხადათ, ვიდრე წევრებს.
12. ცხრილის მიხედვით, ჩანს, რომ 2003 წელს ფედერაციის საოპერაციო შემოსავლები შეადგენდა 315,800,000 ისლანდიურ კრონს, საიდანაც 197,359,000 ისლადიური კრონი მომდინარეობდა სახელმწიფო ხაზინის მიერ ფედერაციისთვის გადაცემული სამრეწველო მოსაკრებლიდან; 84,973,000 ისლანდიური კრონი - საწევრო გადასახადიდან; ხოლო 33,468,000 ისლანდიური კრონი - სხვა შემოსავლებიდან. იმავე წელს საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 289,654,000 ისლანდიური კრონი, საიდანაც 234,617,000 (81%) საზოგადოებრივ პროექტებზე დაიხარჯა (აქედან 197,359,000 ისლანდიური კრონი მომდინარეობდა სამრეწველო მოსაკრებლიდან, ხოლო 37,258,000 ისლანდიური კრონი - საწევრო გადასახადიდან და სხვა შემოსავლებიდან).
13. მთავრობამ განმარტა, რომ ფედერაცია, თავისი როლისა და მიზნების შესასრულებლად, რომ 1993 წლის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ხელი შეეწყო ისლანდიის ინდუსტრიისთვის, განსაკუთებით მუშაობდა მრეწველობის პროპაგანდასთვის და იმიჯის შესაქმნელად; იგი სამრეწველო მოსაკრებლიდან მოპოვებული თანხებიდან დიდ ნაწილს გამოყოფდა სწავლებაზე, ბიზნესსაზოგადეობის სახელით მოსაზრებებს გამოთქვამდა კანონპროექტებსა და რეგულაციებზე გარემოს დაცვის სფეროში, შთააგონებდა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო შესყიდვებში საჭირო იყო შეზღუდვისა და მკაფიო და გამჭვირვალე სატენდერო წესების არსებობა.
14. განსახილველ პერიოდში მომჩივანს სამრეწველო მოსაკრებლის სახით წლების მიხედვით გადახდილი ჰქონდა შემდეგი ოდენობები: 2001 წელს - 23,023 ისლანდიური კრონი (255 ევრო); 2002 წელს - 20,639 ისლანდიური კრონი (229 ევრო); 2003 წელს - 12,567 ისლანდიური კრონი (139 ევრო); და 2004 წელს - 5,946 ისლანდიური კრონი (66 ევრო).
ბ. სამრეწველო მოსაკრებელი წინააღმდეგ სასამართლო პროცესი
15. 2004 წლის 8 ნოემბერს მომჩივანმა სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა რეიკიავიკის საოლქო სასამართლოში ითხოვდა რა, რომ გაუქმებულიყო 2001- 2004 წლებში მასზე დაკისრებული მოსაკრებელი.
16. 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა და მომჩივნის სარჩელი უარყო.
17. მომჩივანმა საქმე ისლანდიის უზენაეს სასამართლოს გაასაჩივრა, ამტკიცებდა რა, inter alia, რომ 1993 წლის კანონის მე-3 მუხლი, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ გარკვეული ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ ყველა ინდივიდსა და კომპანიას ფედერაციისთვის, მისი წევრობის მიუხედავად, საწევრო გადასახადი უნდა გადაეხადა. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ფედერაციის დებულების მე-14 მუხლი, რომელიც საწევრო გადასახადს ითვალისწინებდა, ნათლად გამოხატავდა თავის ხასიათს, რომ, როგორც ეს მასში იყო გათვალისწინებული, ფედერაციის წევრებს, რომლებიც ფედერაციისთვის განკუთვნილ სამრეწველო მოსაკრებელს იხდიდნენ, მოსაკრებლის ნაწილი უნდა გამოექვითათ მათი საწევრო გადასახადიდან. ამგვარად, მოსაკრებლის დაწესებითა და შეგროვებით, ფედერაციის წევრობა, ფაქტობრივად, სავალდებულო იყო სხვებისთვის, იმის მიუხედავად, რომ vis-à-vis ფედერაცია ისინი არ სარგებლობდნენ რაიმე უფლებით. შესაბამისად, სამრეწველო მოსაკრებელი იყო მხოლოდ ფედერაციისთვის გადახდილი საწევრო. მომჩივანი აცხადებდა, რომ ის იყო მთავარ მშენებელთა ასოციაციის წევრი, რომელსაც უხდიდა საწევროს და რომელიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ იცავდა მის ინტერესებს და არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ფედერაციის წევრი ყოფილიყო. ეს უკანასკნელი ატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომელსაც მომჩივანი არ ეთანხმებოდა და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა. ფედერაციის სავალდებულო წევრობა შეუთავსებელი იყო გაერთიანების თავისუფლების უფლებასთან, რომელიც კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და კონვენციის მე-11 მუხლით იყო დაცული. გარდა ამისა, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 1993 წლის კანონის ძალით ის გაუმართლებლად დაბეგრეს დამატებითი გადასახადით, და რომ, კანონის შესაბამისად, შეზღუდული ჯგუფი იბეგრებოდა გადასახდით „სხვა შეზღუდული ჯგუფის ან სხვების შეზღუდული ინტერესების სასარგებლოდ“. დასასრულ, ის აცხადებდა, რომ გადასახადის დაწესება შეადგენდა დისკრიმინაციას, კონსტიტუციის 65-ე მუხლის დარღვევით, რადგან დაბეგვრა დამოკიდებული იყო საწარმოს საკუთრების სტრუქტურაზე, ხოლო საქმინობების კოდების ნუმერაცია, რასაც ეფუძნებოდა დაბეგვრა, თვითნებური ხასიათის იყო.
სახელმწიფომ ეჭვქვეშ დააყენა მომჩივნის განცხადება, რომ თითქოს სამრეწველო მოსაკრებელი ფედერაციისთვის გადახდილ საწევროს წარმოადგენდა. ის ამტკიცებდა, რომ კანონის თანახმად ეს იყო გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ცალკეულ ჯგუფებს უწესებდა, ზოგადი და სათანადო სტანდარტების შესაბამისად, სანაცვლოდ რაიმეს მოთხოვნის გარეშე. იმავე კანონით ფედერაციისთვის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლების გადაცემის გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მას ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უნდა გამოეყენებინა. საგადასახადო შემოსავლების ამგვარი მიკუთვნება კანონით გათვალისწინებული გაერთიანებისთვის არ ნიშნავდა იმას, რომ მათ, ვინც შესაბამის გადასახადს იხდიდნენ, კანონი აიძულებდა, ამ გაერთიანების წევრი გამხდარიყვნენ. მოსაკრებელი არ უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ წევრების სასარგებლოდ, არამედ - ისლანდიის ყველა ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების სასარგებლოდ, მრეწველობის სამინისტროს ზედამხედველობით. ნებისმიერი შეღავათი საწევრო გადასახადზე განისაზღვრებოდა ცალმხრივად, ფედერაციის მიერ, მოსაკრებლის შეფასებასა და შეგროვებასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. სახელმწიფომ ასევე უარყო, რომ 1993 წლის კანონი მომჩივნის სიტუაციაში მყოფ პირებსა და მოსაკრებლისგან გათავისუფლებულ პირებს შორის დისკრიმინაციას აწესებდა. სახელმწიფო საწარმოების მოსაკრებლისგან გათავისუფლება გონივრული და ობიექტური სქემა იყო და ბუნებრივი იყო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და კერძო საწარმოებთან დაკავშირებული მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. სახელმწიფო ასევე ამტკიცებდა, რომ ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა ზოგჯერ ისეთი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების განაპირობებდა, რისი წამოწყების შესაძლებლობაც სხვებს არ გააჩნდათ. დაბოლოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამრეწველო საწარმოების რიცხვი უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. სახელმწიფომ ასევე ეჭვქვეშ დააყენა პრეტენზია, რომ დაბეგვრის მარეგულირებელი საქმიანობების კოდების ნუმერაცია თვითნებური იყო.
18. უზენაესმა სასამართლომ, 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“როგორც ნახსენები იყო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ 1998 წლის 17 დეკემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა №166/1998 საქმეზე, გუნარ პეტურსონი ისლანდიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც გამოქვეყნდა იმ წლის სასამართლო ანგარიშების 4406-ე გვერდზე. იმ საქმეში მომჩივანი ითხოვდა, ძალადაკარგულად ცნობილიყო სამრეწველო სესხების ფონდის შეფასება და სამრეწველო მოსაკრებელი 1995 და 1996 წლებისთვის. მისი საქმე ეფუძნებოდა არგუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად იდენტურია იმისა, რასაც მომჩივანი მოიხმობს წინამდებარე საქმეში. მოპასუხე მხარის აზრი მიღებულია, რომ ზემოხსენებული საქმე უნდა ჩაითვალოს პრეცედენტად იმ საქმისთვის, რომელზეც ახლა უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივნის თავისი მოთხოვნის მხარდასაჭერად წარმოდგენილი არგუმენტების შესახებ სასამართლომ იმ საქმეში იმსჯელა.
მსგავსად წინამდებარე საქმისა, წინა საქმეში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შეფასება მის მიერ გადასახდელი სამრეწველო მოსაკრებლისა, რომელიც ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციას უნდა გადასცემოდა, მას აიძულებდა, ფედერაციის წევრი ყოფილიყო. უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსაკრებლის ფედერაციისთვის გადაცემისა, ის უნდა გამოყენებულიყო გარკვეული მიზნისთვის (იხილეთ 1993 წლის კანონის მე-3 მუხლი) და ფედერაციისთვის განკუთვნილ გრანტს არ წარმოადგენდა. შემოსავლების გამოყენება მრეწველობის სამინისტროს მიერ კონტროლს ექვემდებარებოდა. სასამართლომ აღიარა, რომ ეს სქემა არ გულისხმობდა ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციის სავალდებულო წევრობას კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციას თუნდაც რომ დაერღვია კანონით განსაზღვრული ფარგლები, ეს ვერ გამოიწვევდა მოსაკრებლის შეფასების გაუქმებას მომჩივანთან მიმართებაში. ამის გათვალისწინებით და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ სხვა საფუძვლებზე მინიშნებით, სასამართლო არ იზიარებს დასკვნას, რომ მომჩივნის არგუმენტებზე დაყრდნობით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაცია კანონით ვალდებულია, გამოიყენოს სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლები ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობისთვის და, შესაბამისად, დაბეგრილი საქმიანობების სასარგებლოდ, სასამართლო ვერც იმას დაეთანხმება, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
მომჩივანი აცხადებს, რომ თანასწორობა არ იყო დაცული, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მოსაკრებლისგან გათავისუფლება შესაძლებელია. რაც შეეხება ამ არგუმენტს, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ფაქტორი განასხვავებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს კერძო საწარმოებისგან და სხვადასხვა სფეროში მათი დაბეგვრა სხვადასხვა მოსაზრებითაა განპირობებული, როგორც ეს მოცემულია, ზოგადად, ისლანდიის საგადასახადო კანონდებლობაში. თავისი საქმის მზადებისას მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი მდომარეობის შედარება vis-à-vis რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოსთან. არ არის დადგენილი, რომ რაიმე დისკრიმინაციას აქვს ადგილი მომჩივანსა და იმ მხარეებს შორის, რომლებსაც კანონით დადგენილი გამონაკლისი ვრცელდება. დაბოლოს, მომჩივნის მოთხოვნა ეფუძნება მტკიცებას, რომ საქმიანობების კოდების ნუმერაცია, რაზე მინიშნებითაც ხდება დაბეგვრა 1993 წლის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თვითნებური ხასიათისაა. გადასახადი ეკისრება ინდუსტრიას, რომელიც შემდგომში განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც 1993 წლის კანონის დანართში, როგორც ეს № 81/1996 კანონით იქნა შესწორებული, ისლანდიის ბიზნესსაქმიანობების კლასიფიკაციაში მითითებული საქმიანობების კოდების ნუმერაციაში ექცევა. მოცემული განმარტებით, ინდუსტრია მოიცავს არა მხოლოდ საწარმოო ინდუსტრიას, არამედ გადამამუშავებელ საქმიანობასა და მომსახურებასაც, მათ შორის, სამშენებლო ინდუსტრიას. ამით განისაზღვრება ის საქმიანობები, რაც კანონის მნიშვნელობით ტერმინ ‘ინდუსტრიაში’ მოიაზრება და განასხვავებს მათ ეკონომიკის სხვა სფეროებისგან, მათ შორის იმ სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროებში განვითარებული საქმიანობებისგან. გარდა ამისა, ეკონომიკური საქმიანობის ამგვარი კლასიფიკაცია აღიარებულია, როგორც საფუძველი არა მხოლოდ სამრეწველო მოსაკრებელისთვის, არამედ დაბეგვრის სხვა ფორმებისთვისაც. აღნიშნულის საფუძველზე, მომჩივნის საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება.”
19. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბ-მა ოლაფურ ბორკურ პორვალდსონმა, რომლეიც უმრავლესობას არ დაეთახმა, განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინა, რომელიც, inter alia, შემდეგს მოიცავდა:
“I
სამრეწველო მოსაკრებლის შესახებ თავდაპირველი კანონი იყო №48/1975. შესაბამისი კანონპროექტის განმარტებით შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ ის შეტანილი იყო ფედერაციის, ხელოსნების ეროვნული ფედერაციისა და ისლანდიის კოოპერატიული საზოგადოებების კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად. მათ წარადგინეს დეტალური განმარტება, რომელიც, როგორც ჩანს, სიტყვასიტყვით იქნა გამოყენებული განმარტებით შენიშვნებში. ის შეიცავდა შემდეგ დაკვირვებას: ‘... შეიძლება აღინიშნოს, რომ ინდუსტრიული საწარმოები და ინდუსტრიაში თვითდასაქმებული პირები, როგორც მათი თანამშრომლებისგან, ასევე მომხმარებლებისგან სხვადასხვა მოსაკრებელს აგროვებენ საჯარო ხელისუფლებისთვის. გადასახადის შეგროვება, რასაც ისინი ახორციელებენ და რაზეც პასუხისმგებლები არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შეადგენს ათასობით მილიონს წელიწადში. ამდენად, გონივრული ჩანს, რომ ამ მხარეების ორგანიზებისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მოსაკრებლის შეგროვება, რომელიც მხოლოდ მცირე წილს შეადგენს იმისა, რასაც ისინი აგროვებენ სახელმწიფოსთვის. შემოსავლის ამ წყარომ ფინანსური საფუძველი უნდა შექმნას პროფესიული ფედერაციების უფრო აქტიური მონაწილეობისთვის ისლანდიის ინდუსტრიის მომავალ ინდუსტრიულ განვითარებაში.’ კანონი ასევე შეიცავდა ამჟამად მოქმედი კანონის დებულების მსგავს დებულებას, რომ მრეწველობის სამინისტროს უნდა გაეგზანოს ყოველწლიური ანგარიში მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. ამ კონტექსტში, განმარტებით შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ ეს ‘დებულება გამიზნული იყო იმის უზრინველსაყოფად, რომ საჯარო ხელისუფლებას წარდგენოდა გონივრული ანგარიში, თუ როგორ გამოიყენებოდა სამრეწველო მოსაკრებელი.’
№48/1975 კანონი ამჟამინდელი №134/1993 კანონით შეიცვალა. ამ კანონის განმარტებით შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ მოსაკრებელზე პასუხისმგებლები იქნებიან ისინი, ვინც მანამდე იყვნენ, მაგრამ სტატისტიკის ბიუროს ბიზნესსაქმიანობების კლასიფიკაციის შესაბამისად საქმიანობების კოდების ნუმერაციაზე მინიშნების სისტემა მიღებული იყო იმისთვის, რომ ‘მოხსნილიყო ყოველგვარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ მოსაკრებელზე პასუხისმგებელი.’ გარდა ამისა, აღნიშნული იყო, რომ მოსაკრებლიდან მომდინარე შემოსავლები სრულად უნდა გადაეცეს ფედერაციას მაშინ, როცა წინა კანონის თანახმად, ის ნაწილდებოდა ისლანდიის კოოპერატიული საზოგადოებების კავშირს, საკონსერვო ინდუსტრიის გაყიდვების ოფისს, ისლანდიის მრეწველთა ფედერაციასა და ხელოსანთა ეროვნულ ფედერაციას შორის. ამავე დროს შეიცვალა დასაბეგრი მინიმუმის განსაზღვრის სტანდარტი, რადგან მუნიციპალური ბიზნესგადასახადი, რომელთან მიმართებაშიც ადრე განისაზღვრებოდა დასაბეგრი მინიმუმი, გაუქმდა.
II
მისი დებულების თანახმად, ფედერაცია არის ფედერაცია, რომელიც აერთიანებს საწარმოებს, თვითდასაქმებულ პირებს, მეწარმეებსა და კვალიფიციურ ხელოსანთა ასოციაციებს, რომელთაც ერთობლივად სურთ იმ საერთო მიზნების გახორციელება, რაც მე-2 მუხლშია ჩამოთვლილი. ამ მუხლში ფედერაციის მიზანი და როლი ათ პუნქტად არის ჩამოყალიბებული, რომელიც მოიცავს სხვადასხვა გზით ისლანდიის ინდუსტრიების ხელშეწყობას და წევრების მხარდაჭერას ამა თუ იმ ფორმით, როგორც ეს იქ უფრო დეტალურად არის მოცემული. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ასოციაცია მონაწილეობს პოლიტიკურ საკითხებში, მაგალითაც, რაც შეეხება ევროკავშირის წევრობასა და სხვადასხვა სფეროში გადასახადის დაწესებას. მე-8 მუხლის შესაბამისად, სხდომებზე ფედერაციის თითოეული წევრი სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით, მის მიერ გადახდილი საწევროს პროპორციულად. მე-14 მუხლის მიხედვით, საწევრო გადასახადი გასული წლის ბრუნვის მაქსიმუმ 0.15% წარმოადგენს, მაგრამ ფედერაციის საბჭოს შუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება უფრო დაბალი საწევრო გადასახადის შეგროვების შესახებ. დებულებაში ნათქვამია: ‘მხარეებს, რომლებიც იხდიან სამრეწველო მოსაკრებელს, რომელიც ფედერაციას გადაეცემა, ეს ოდენობა უნდა ჩაეთვალოთ და ის უნდა გამოიქვითოს ფედერაციაში მათი საწევრო გადასახადის გამოთვლისას. თუკი სამრეწველო მოსაკრებლის აკრეფა აღარ ხდება, ეს გამოქვითვა ავტომატურად უნდა გაუქმდეს. თითოეული წევრის ხმის მიცემის უფლება უნდა გამოითვალის მათ მიერ გადახდილი საწევრო გადასახადიდან. ფედერაციაში მენეჯმენტი და გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეს ხდება, ზოგადად, ასოციაციებში, მისი საბჭოსა და მმართველი დირექტორის პასუხისმგებლობაა.’
ფედერაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტები იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომელსაც [მომჩივნის] მოთხოვნები შეეხება, არ შეიცავს ნათელ სქემას, თუ როგორ გამოიყენება სამრეწველო მოსაკრებელი. 2002 და 2003 წლებში მოსაკრებლის გამოყენების შესახებ ფედერაციის ანგარიშების კომენტარიდან ასევე ჩანს, რომ ფედერაცია ‘არ აწარმოებს ცალკე ანგარიშებს იმაზე, ფედერაციის საქმიანობის ცალკეული ელემენტები ფინანსდება თუ არა საწევროებიდან, კაპიტალიდან მიღებული შემოსავლიდან ან სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული ფულით.’ ამ საკითხზე მსგავსი განცხადება არსებობს მინისტრისადმი 2001 წელთან დაკავშირებულ ანგარიშში, თუმცა 2004 წლის ანგარიში საქმის მასალებში არ დევს. ფედერაციის ანგარიშები მინისტრისადმი სხვა მხრივაც მსგავსია წლიდან წლამდე. ფაქტობრივად, საქმის მასალები იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ მოსაკრებლის ნაწილი ფედერაციის ზოგადი მენეჯმენტისთვის გამოიყენება. ამ საქმეში წარდგენილი არგუმენეტებიდან არ ჩანს, რომ მრეწველობის მინისტრს რაიმე შენიშვნა გამოეთქვა მოსაკრებლის გამოყენებასთან დაკავშირებით და მთავარ მშენებელთა ასოციაციისადმი 2002 წლის 15 თებერვლის წერილში, მოსაკრებლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიებთან ერთად, ის შემდეგ მოსაზრებას გამოხატავს: ‘როგორც ეს ნათლად ჩანს სამრეწველო მოსაკრებლის კანონიდან, ფედერაციას აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, თუ როგორ განაწილდეს მოსაკრებელი, ხოლო მრეწველობის სამინისტრო ვერ ჩაერევა ამაში მანამ, სანამ ის კანონის ფარგლებში რჩება.’ იმ პერიოდების შესახებ, რომლებთანაც ამ საქმეს კავშირი აქვს, ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციის წარმოდგენილი ანგარიშებიდან ჩანს, რომ შეთანხმება იქნა გამოყენებული, რომ ფედერაციის იმ წევრებს, რომლებიც სამრეწველო მოსაკრებელს იხდიან, ამ მოსაკრებლის ოდენობის შეღავათით ესარგებლათ საწევროების შეტანისას. მაგალითად, მრეწველობის მინისტრისადმი ფედერაციის 2003 წლის ანგარიშიდან შემდეგი კომენტარის ციტირება შეიძლება: ‘შეიძლება აღინიშნოს, რომ წევრებს, რომლებიც სამრეწველო მოსაკრებელს იხდიან, ის სრულად გამოაკლდა ფედერაციაში შეტანილ მათ საწევრო გადასახადს. მართებულად არ უნდა ჩაითვალოს, რომ ფედერაციის შიგნით კომპანიებმა, რომლებსაც ეკისრებათ სამრეწველო მოსაკრებლის გადახდა, ფედერაციის საქმიანობისთვის გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე - კომპანიებმა, რომლებიც წევრები არიან, მაგრამ მოსაკრებელი არ ეკისრებათ. ამგვარად, ფედერაციის ყველა წევრი კომპანია ფედერაციას უხდის თანაბრად, იმის მიუხედავად, ეკისრებათ მათ თუ არა სამრეწველო მოსაკრებელი. მეორე მხრივ, სხვა კომპანიები, რომლებიც არ არიან წევრები, მხოლოდ სამრეწველო მოსაკრებელს იხდიან და, ამგვარად, წვლილი შეაქვთ ისლანდიის ინდუსტრიების საერთო ინტერესების დაცვაში.’
III
კონსტიტუციის 74-ე მუხლში გვხვდება დებულებები გაერთიანების თავისუფლების შესახებ ... ისინი გაერთიანების თავისუფლების შესახებ უფრო დეტალურ წესებს მოიცავს, ვიდრე კონვენციის მე-11 მუხლის დებულებები ... კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილში ნათქვამია: ‘არავინ შეიძლება იყოს ვალდებული, რაიმე ასოციაციის წევრი გახდეს. თუმცა ასოციაციის წევრობა შეიძლება გახდეს სავალდებულო კანონით, თუკი ეს საჭიროა იმისთვის, რომ ასოციაციამ თავისი ფუნქციები შეასრულოს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ან სხვათა უფლებების დასაცავად.’
როგორც ზემოთ აღინიშნა, 1993 წლის კანონის თანახმად, სამრეწველო მოსაკრებლის მიზანია ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობა, მაგრამ ისიც ნათლად არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფო ხაზინას უნდა გადაეცეს მოსაკრებლის მხოლოდ ნაწილი, რაც მისი შეგროვების ხარჯებს შეესაბამება. დარჩენილი ნაწილი ფედერაციას გადაეცემა, ფედერაციის გადაწყვეტილებისამებრ გამოსაყენებლად. ასევე, როგორც ჩანს, მოსაკრებლის გაურკვეველი წილი ფედერაციის საერთო საქმიანობისთვის გამოიყენება, მისი საბჭოს გადაწყვეტილებისამებრ. გარდა ამისა, 1993 წლის კანონის დებულებებიდან არ ჩანს, რომ მრეწველობის მინისტრი სათანადოდ არის უფლებამოსილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსაკრებელი გამოიყენებოდეს კანონით გათვალისწინებული წესით; ამ მხრივ, მინისტრი უბრალოდ იღებს ფედერაციის ანგარიშებს. ამ მიზეზების გამო, 1993 წლის კანონის დებულებები ვერ ჩაითვლება იმის გარანტად, რომ მოსაკრებელი გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული საქმიანობებისთვის.
საწევრო გადასახადის გადახდა, ზოგადად, მთავარი მოვალეობაა იმ ასოციაციის წევრებისა, რომელიც ამგვარ გადასახადს მოითხოვს. მომჩივანი არის მთავარ მშენებელთა ასოციაციის წევრი. არც თვითონ და არც ეს ასოციაცია ფედერაციის წევრი არაა. მომჩივანი არ ეთანხმება სხვადასხვა სფეროში ფედერაციის მიზნებს, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ეს ნახსენები იყო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ფედერაცია მოქმედებს მისი და ამავე სფეროში მოღვაწე იმ ბევრი სხვა პირის ინტერესების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე იხდიან სამრეწველო მოსაკრებელს ისე, რომ ფედერაციის წევრები არ არიან. მიუხედავად ამისა, 1993 წლის კანონის ძალით, [მომჩივანი] ვალდებულია, გადაიხადოს მოსაკრებელი, რომელიც, როგორც ითქვა, გადაეცემა თავისუფალ ასოციაციას იმათი ინტერესების დასაცავად, რომლებიც ისლანდიის ინდუსტრიაში აქტიურად საქმიანობენ და რომლებიც მისი წევრები არიან, რადგან ეს ინტერესები ნებისმიერ კონკრეტულ დროს ფასდება მმართველი დირექტორისა და საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო ხელისუფლების რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე.
ზემოთქმულისა და 1993 წლის კანონის შექმნის ისტორიის, ასევე მოსაკრებლის ფედერაციის საერთო საქმიანობებისთვის შეუფერხებელი გამოყენების გათვალისწინებით, კანონით განსაზღვრული ზომა განხილული უნდა იყოს, როგორც, ფაქტობრივად, მომჩივანი მხარისთვის ვალდებულების შემცველი, რომ, მისი თანხმობის გარეშე, ფედერაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი მონაწილება მიიღოს. კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის ზემოხსენებული დებულებები, რომლებიც შეეხება ადამიანების უფლებას, არ გაერთიანდნენ ასოციაციებში, უნდა განიმარტოს, როგორც 1993 წლის კანონში გათვალისწინებული ზომის აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ზომა ასრულებს ამ მუხლის მეორე პარაგრაფში განსაზღვრულ მოთხოვნებს. ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაცია არ არის ასოციაცია, რომელიც იმ ტიპის საქმიანობებით არის დაკავებული, რაც იქაა მითითებული. თავისთავად ამ მიზეზის გამო, მომჩივნის მოთხოვნა, გაუქმდეს მის მიერ 2001-2004 წლებში გადასახდელი სამრეწველო მოსაკრებლის შეფასება, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მომჩივანს აუნაზღაუროს როგორც საოლქო, ისე უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების ხარჯები.”
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
20. ისლანდიის კონსტიტუციის 74-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებში ნათქვამია:
“ასოციაციები შეიძლება შეიქმნას წინასწარი ნებართვის გარეშე, ნებისმიერი კანონიერი მიზნით, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანებები და პროფესიული კავშირები. ასოციაცია არ შეიძლება დაიშალოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა შეიძლება აიკრძალოს იმ ასოციაციის საქმიანობა, რომელიც დადგინდება, რომ უკანონო მიზნებს უწყობს ხელს, რა შემთხვევაშიც სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს ზედმეტი დაყოვნების გარეშე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ასოციაციას დაშლის.
არავინ შეიძლება იყოს ვალდებული, რაიმე ასოციაციის წევრი გახდეს. თუმცა ასოციაციის წევრობა შეიძლება გახდეს სავალდებულო კანონით, თუკი ეს საჭიროა იმისთვის, რომ ასოციაციამ თავისი ფუნქციები შეასრულოს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ან სხვათა უფლებების დასაცავად.”
21. №134/1993 სამრეწველო მოსაკრებლის კანონის შესაბამის დებულებებში ნათქვამია:
მუხლი 1
“0.08% მოსაკრებელი, სამრეწველო მოსაკრებელი, უნდა დაეკისროს ისლანდიის ყველა ინდუსტრიას, როგორც ეს მე-2 მუხლშია განსაზღვრული. მოსაკრებლის დასაბეგრი მინიმუმი უნდა იყოს ბრუნვა, როგორც ეს გათვალისწინებულია დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონის მე-11 მუხლით, ამას ემატება ნებისმიერი ბრუნვა, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, იმავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
სამრეწველო მოსაკრებლის შეფასება და შეგროვება უნდა დარეგულირდეს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შესახებ კანონის VII-XIV თავების შესაბამისი დებულებებით.
სახემწიფო ხაზინამ უნდა მიიღოს სამრეწველო მოსაკრებლის 0.5%, რომელიც შეგროვებულია პირველი პარაგრაფის შესაბამისად, მისი შეგროვების ხარჯების დასაფარად.
სამრეწველო მოსაკრებელი შეიძლება გამოაკლდეს იმ საოპერაციო წლის შემოსავალს, რომლისთვისაც დასაბეგრი მინიმუმი განისაზღვრა.”
მუხლი 2
“ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც წინამდებარე კანონის დანართში ჩამოთვლილი საქმიანობების კოდების ფარგლებში ექცევა, მოიცავს ტერმინი ‘ინდუსტრია’.
მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები და სპეციალური საკანონმდებლო აქტების საფუძველზე დაარსებული საწარმეობი, რომლებიც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უნდა გათავისუფლდეს მოსაკრებლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი კანონით საპირისპირო დებულებაა დადგენილი.”
მუხლი 3
“სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე შემოსავლები უნდა გადაეცეს ისლანდიის ინდუსტრიების ფედერაციას. ეს შემოსავლები გამოყენებული უნდა იყოს ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობისათვის. ფედერაციამ შემოსავლების გამოყენების შესახებ ანგარიში ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს მრეწველობის სამინისტროს.”
მუხლი 7
“გენერალური აუდიტორის სამსახურმა ანგარიშები შეიძლება მოსთხოვოს ორგანიზაციებს, ასოციაციებს, ფონდებსა და სხვა მხარეებს, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას ან გარანტიებს და ისინი ვალდებული არიან გენერალური აუდიტორის სამსახურს მოთხოვნილი მასალები მიაწოდონ. გარდა ამისა, გენერალური აუდიტორის სამსახურს ხელი უნდა მიუწვდებოდეს და უფლება ჰქონდეს, შეისწავლოს, პირველადი მასალები და ანგარიშები, რომლებიც მომზადებულია იმ დროს, როცა სახელმწიფოზე ან სახელმწიფო ორგანოებზე ინვოისები გაიცემა მუშაობის ან მომსახურებისთვის, რაშიც, მთლიანად ან მნიშვნელოვანწილად, ფული სახელმწიფო ხაზინიდან უნდა იყოს გადახდილი, კანონის, სამუშაო კონტრაქტების ან იმ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება ტარიფებს, რაზეც ფიზიკური პირები, კომპანიები ან ორგანიზაციები შეთანხმებულები არიან, რათა შეამოწმოს ინვოისების შინაარსი და სახელმწიფო ხაზინის მიერ განხორციელებული გადახდები. ...
თუ არსებობს დავა გენერალური აუდიტორის სამსახურისთვის წინამდებარე მუხლით მინიჭებული შემოწმები წარმოების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, გენერალური აუდიტორის სამსახურს შეუძლია მიმართოს საოლქო სასამართლოს.”
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
ა. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მოსაზრება
22. კომიტეტმა გაერთიანებების მოსაკრებლებისა და შენატანების საკითხი ევროპის სოციალური ქარტიის მე-5 მუხლთან მიმართებაში რამდენიმე შემთხვევაში განიხილა, კერძოდ, ქვემოთ მოყვანილ საქმეებში:
შვედური საწარმოების კონფედერაცია შვედეთის წინააღმდეგ, №12/2002 კოლექტიური საჩივარი, 2003 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე
“39. პირველ რიგში, კომიტეტი აღნიშნავს, რომ SBWU და შვედეთის სამშენებლო ასოციაციას შორის დადებული საერთო შეთანხმების შესაბამისად, დასაქმებულთა ხელფასიდან დაქვითული მოსაკრებელი, საერთო შეთანხმების მიხედვით, სახელფასო ზედამხედველობის მომსახურებისთვისაა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელფასო ზედამხედველობის სისტემა შეიძლება, ეროვნული ტრადიციების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღოს საჯარო ხელისუფლებამ ან, კანონმდებლის პირდაპირი ან ნაგულისხმევი ნებართვით, პროფესიულმა ასოციაციებმა ან პროფესიულმა კავშირებმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს შეიძლება მართლზომიერად მოითხოვდეს მოსაკრებლის გადახდას.
40. შესაბამისად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მოსაკრებლის გადახდა პროფესიული კავშირისთვის, რომ მან სახელფასო ზედამხედველობა დააფინანსოს, თავისთავად, ვერ ჩაითვლება გაუმართლებლად. კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ ეს ვერ ჩაითვლება დასაქმებულის პროფესიულ კავშირში გაერთიანების უფლებაში ჩარევად, რადგან მოსაკრებლის გადახდა ავტომატურად არ ნიშნავს SBWU-ში გაწევრიანებას და, გარდა ამისა, მისი გადახდა, SBWU-ს წევრების გარდა, არ მოეთხოვებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომლებიც სხვა პროფესიული კავშირების წევრები არიან.
41. თუმცა კომიტეტი მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვები მოსაკრებლის რეალურ გამოყენებასთან დაკავშირებით და რომ წინამდებარე საქმეში, თუ ის განკუთვნილია სახელფასო ზედამხედველობის გარდა სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად, ეს მოსაკრებელი, 29-ე პარაგრაფში მითითებული მოტივებით, ნაწილობრივ მაინც, დაიქვითება მე-5 მუხლის დარღვევით.
42. წინამდებარე საქმეში კომიტეტს არ შეუძლია იმის დადასტურება, თუ რაში გამოიყენებოდა მოსაკრებელი და კერძოდ, იმის შეფასება თუ რამდენად პროპორციულია მოსაკრებელი გაწეული მომსახურებისა და სახელფასო ზედამხედველობის შედეგად დასაქმებულთათვის აღმოჩენილი სარგებლისა. ეს გადამწყვეტი ფაქტორებია მე-5 მუხლის დარღვევის დასადგენად, 39-ე, მე-40 ან 41-ე პარაგრაფების გათვალისწინებით. ამდენად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტონ კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებელი პრინციპების გათვალისწინებით ან, გარემოებებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა საშუალება უნდა მისცეს სასამართლოებს, თვალი მიადევნონ შედეგებს ქარტიის შესააბამისობასა და განსახილველი დებულებების კანონიერებასთან დაკავშირებით.
43. კომიტეტი უფლებას იტოვებს, სიტუაცია აკონტროლოს პრაქტიკულად, ანგარიშების პროცედურისა და, გარემოებებიდან გამომდინარე, კოლექტიური საჩივრების პროცედურის მეშვეობით.
...”
დასკვნები 2002, რუმინეთი, გვ. 126
“... ანგარიშის თანახმად, პროფესიული კავშირებისთვის დამახასიათებელია, საწარმოს შიგნით არაწევრებს დაუწესონ მოსაკრებელი და ‘განაცხადის ფორმის შევსება ან ჩართვა’ კოლექტიურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას. კომიტეტის მოთხოვნით მთავრობისგან მიღებული დამატებითი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ამ პრაქტიკის საფუძველია 2001-2002 წლების საერთო ეროვნული კოლექტიური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაქვითული ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ხელფასის 0.3%-სა და არა უმეტეს პროფკავშირის მოსაკრებლებისა. კომიტეტი აღნიშნავს, რომ კოლექტიური შრომითი შეთანხმებების შესახებ №130/1996 კანონის მე-9 მუხლის ძალით, კოლექტიური შეთანხმებები შეეხება საწარმოს ყველა დასაქმებულს, მათი მუშაობის ხანგრძლივობისა და პროფესიული კავშირების წევრობის მიუხედავად. ამ გარემოებებში მოსაკრებლის დაკისრება დასაქმებულებისთვის, რომლებიც პროფესიული კავშირის წევრები არ არიან, კავშირის უსაფრთხოების ზომას წარმოადგენს, რომელიც ორგანიზების შესახებ უფლებას ეწინააღმდეგება.
კომიტეტი ითხოვს, რომ მომდევნო ანგარიშში ნათლად იყოს მითითებული, პროფესიული კავშირისთვის გადახდილ გადასახადთან ერთად, არაწევრებს ასევე მოეთხოვებათ თუ არა, წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანონ. ...”
დასკვნები 2004, რუმინეთი, გვ. 454-55
“... კომიტეტმა ადრე დაასკვნა, რომ რუმინეთში არსებული სიტუაცია მე-5 მუხლს არ შეესაბამებოდა, რადგან პროფკავშირის არაწევრ დასაქმებულებს ეკისრებოდათ ვალდებულება, გადაეხადათ გადასახადი პროფესიული კავშირისთვის, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა სავალდებულო კოლექტიურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ასეთი შეთანხმებები კანონით ყველა დასაქმებულზე ვრცელდება, განურჩევლად იმისა, ისინი პროფესიული კავშირის წევრები არიან, თუ არა (ეს სიტუაცია აღწერილია დასკვნებში 2002, გვ. 126).
კომიტეტმა ხელახლა შეისწავლა სიტუაცია ანგარიშში წარმოდგენილი განმარტებებისა და №12/2002 საჩივარში (შვედური საწარმეობის კონფედერაცია შვედეთის წინააღმდეგ, 2003 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე, §§ 26-31) მის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ის აღნიშნავს, რომ შენატანები ხელს უწყობს იმ საქმიანობის დაფინანსებას, რომელიც ყველა დასაქმებულისთვის სასარგებლოა: კოლექტიურ შეთანხმებებზე მოლაპარაკება. მეორე, 2001-2002 წლების საერთო ეროვნული კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ეფუძნება პრაქტიკა, შენატანი არ არის სავალდებულო და არ არის პროფესიული კავშირისთვის განკუთვნილი. დაბოლოს, არ არსებობს კანონით დადგენილი რაიმე დებულება პროფესიულ კავშირში ავტომატური გაწევრიანების შესახებ. ამდენად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ თანხის გადახდა, თავისთავად, დასაქმებულთა უფლების - გაწევრიანდნენ ან არ გაწევრიანდნენ პროფესიულ კავშირში - დარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს.”
დასკვნები XVIII-1, უნგრეთი, გვ. 390
“... წინა დასკვნაში კომიტეტმა იკითხა, ყველა დასაქმებულის, მათ შორის, მათი, ვინც პროფკავშირში არ არის გაერთიანებული, ხელფასიდან ავტომატური დაქვითვები იყო თუ არა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროფესიული კავშირის მოსაკრებლების დაქვითვის შესახებ წესების მიხედვით, პროფკავშირის მოსაკრებლებს მხოლოდ ის პირები იხდიან, რომლებიც ვალდებულები არიან, გადაიხადონ ამგვარი მოსაკრებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი პროფესიული კავშირის წევრები უნდა იყვნენ.
პროფკავშირის მოსაკრებლების გადახდა ორგვარად არის შესაძლებელი. პროფკავშირის წევრებს შეუძლიათ მოსაკრებლები გადაიხადონ პირდაპირ პროფკავშირის ანგარიშზე ან სთხოვონ დამსაქმებელს, მოსაკრებლები ხელფასიდან დაექვითოთ, რა შემთხვევაშიც დამსაქმებელი ვალდებულია, ამას დაეთანხმოს. 2002 წელს პარლამენტმა პროფკავშირების მხარდაჭერით მიიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებისგან მოსაკრებლების დაქვითვასა და გადარიცხვას მოითხოვდა. მანამდე დაქვითვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ორივე მხარის, დამსაქმებლისა დასაქმებულის თანხმობით. კომიტეტი მიიჩნევს, რომ პროფკავშირის შენატანების ხელფასიდან დაქვითვის პროცედურა არ შეიძლება იყოს აკრძალული ან სავალდებულო ეროვნული კანონმდებლობით. სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ასეთი პროცედურის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მაგალითად, პროფესიული კავშირის წევრებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. ...”
ბ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები
23. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლების შესახებ - საკუთარი არჩევანით დააფუძნონ ან გაწევრიანდნენ ორგანიზაციებში - ინფორმაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და პრინციპების კრებულის მე-5 თავშია მოცემული.
ქვესათაურით „პროფკავშირის ერთიანობა და პლურალიზმი“, inter alia, აღნიშნულია, რომ ის ფაქტი, რომ დასაქმებულები და დამსაქმებლები დაინტერესებულები არიან, თავიდან აიცილონ კონკურენტი ორგანიზაციების რაოდენობის გამრავლება, ვერ ჩაითვლება საკმარისად სახელმწიფოს მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი ჩარევის გასამართლებლად (იხილეთ გადაწყვეტილებებისა და პრინციპების კრებული, 2006, პარაგრაფი 319). კანონით დადგენილი მონოპოლიური მდგომარეობა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების თავისუფალი არჩევის პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა (პარაგრაფი 320). მთავრობამ არც მხარი უნდა დაუჭიროს და არც ხელი შეუშალოს პროფესიული კავშირის კანონიერ მცდელობას, შეცვალოს არსებული ორგანიზაცია. დასაქმებულები თავისუფლები უნდა იყვნენ, აირჩიონ პროფკავშირი, რომელიც, მათი აზრით, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, ყველაზე უკეთ შეუწყობს ხელს მათ პროფესიულ ინტერესებს (პარაგრაფი 322). განსახილველი კატეგორიის ყველა დასაქმებულზე ვალდებულების დაკისრება, რომ შენატანები გადაუხადონ ერთ ეროვნულ პროფესიულ კავშირს, რომლის დაარსების უფლებაც აქვს მრეწველობის დარგსა და რეგიონს, არ იქნება იმ პრინციპთან თავსებადი, რომ დასაქმებულებს უფლება უნდა ჰქონდეთ, „საკუთარი არჩევანით“ გაწევრიანდნენ ორგანიზაციებში (პარაგრაფი 325).
24. ქვესათაურით „ფავორიტიზმი ან დისკრიმინაცია კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ“, inter alia, მოცემულია შემდეგი (კრებულში თითოეული პარაგრაფის შემდეგ მოცემული მითითებები წყაროებზე აქ ამოღებულია):
“339. შეზღუდული უფლებების გათვალისწინებით, რაც, ერთ შემთხვევაში, კანონის თანახმად არ ვრცელდებოდა პროფესიული კავშირების გარკვეულ კატეგორიებზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეროვნული კანონდებლობით პროფესიულ კავშირებს შორის არსებული განსხვავების ირიბი შედეგი დასაქმებულების თავისუფლების - მათი არჩევანით გაერთიანებულიყვნენ ორგანიზაციებში - შეზღუდვა შეიძლება ყოფილიყო. მიზეზები, რამაც კომისია ამ დასკვნამდე მიიყვანა, არის შემდეგი. ზოგადი წესია, რომ როცა მთავრობას შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას ან ორგანიზაციას ჩამოართვას ეს უპირატესობა სხვა ორგანიზაციის სასარგებლოდ, არსებობს საფრთხე, თუნდაც ეს არ იყოს მთავრობის განზრახვა, რომ სხვებთან შედარებით ერთ პროფესიულ კავშირს უსამართლოდ მიენიჭება უპირატესობა ან არასახარბიელო მდგომარებაში აღმოჩნდება, რაც დისკრიმინაციას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, სხვებთან შედარებით ერთი ორგანიზაციისთვის უპირატესობის მინიჭებით ან არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენებით მთავრობამ შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად, გავლენა მოახდინოს დასაქმებულთა არჩევანზე იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელში გაერთიანებასაც ისინი აპირებენ, რადგან, უდავოდ, მათ სურვილი ექნებათ, გაწევრიანდნენ იმ პროფკავშირში, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს მათ მომსახურებას, თუნდაც სინამდვილეში, პროფესიული, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო, სხვა ორგანიზაციაში გაერთიანებას ანიჭებდნენ უპირატესობას. მხარეების არჩევანის თავისუფლება არის №87 კონვენციაში ნათლად განსაზღვრული უფლება.
...
340. მოცემული ორგანიზაციისადმი სხვებთან შედარებით კეთილგანწყობილი ან არაკეთილგანწყობილი მოპყრობით მთავრობამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს დასაქმებულთა არჩევანზე იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელში გაერთიანებასაც ისინი აპირებენ. გარდა ამისა, მთავრობა, რომელიც განზრახ იქცევა ასე, არღვევს №87 კონვენციაში ჩამოყალიბებულ პრინციპს, რომ საჯარო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ჩარევისგან, რომელიც შეზღუდავს კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს ან დააბრკოლებს მათ კანონიერ განხორციელებას; უფრო არაპირდაპირ, ეს ასევე დაარღვევს პრინციპს, რომ ქვეყნის კანონი არ უნდა იყოს ისეთი, ან არ უნდა იყოს ისე გამოყენებული, რომ ზიანი მიაყენოს, კონვენციით გათვალისწინებულ გარანტიებს. სასურველი იქნებოდა, რომ, თუ მთავრობას სურს პროფკავშირული ორგანიზაციებისთვის გარკვეული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახადოს, ამ ორგანიზაციებმა თანაბარი მოპყრობით ისარგებლონ ამასთან დაკავშირებით.
...
341. იმ შემთხვევაში, როცა, სულ მცირე, მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა იყო პროფესიულ კავშირსა და შრომით თუ სხვა ორგანოებს შორის, კომიტეტმა აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 1952 წლის რეზოლუციას, რომელიც პროფკავშირული მოძრაობის დამოუკიდებლობას ეხება და მოუწოდა მთავრობას, თავი შეიკავოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისადმი ფავორიტიზმის გამოვლენის ან დისკრიმინაციისგან და სთხოვა მას, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ყველა ორგანიზაციის მიმართ, რომ ყველა მათგანი თანაბარ პირობებში ჩამდგარიყო.
...
342. ერთზე მეტ შემთხვევაში კომიტეტმა განიხილა საქმეები, რომლებშიც გამოთქმული იყო პრეტენზიები, რომ საჯარო ხელისუფლებამ, მათი აზრით, პრივილეგია მიანიჭა ან დისკრიმინაციულად მოეპყრო ერთ ან მეტ პროფკავშირულ ორგანიზაციას:
(1) ...
(2) პროფკავშირებს შორის სუბსიდიების არათანაბარი განაწილება ...
(3) ...
ასეთი ან სხვაგვარი მეთოდებით დისკრიმინაცია შეიძლება იყოს დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წევრებზე გავლენის მოხდენის არაფორმალური საშუალება. შესაბამისად ამის დამტკიცება ზოგჯერ რთულია. თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერი ამ ტიპის დისკრიმინაცია საფრთხის ქვეშ აყენებს №87 კონვენციის მე-2 მუხლში განსაზღვრულ დასაქმებულების უფლებას - მათი საკუთარი არჩევანით დააფუძნონ ან გაწევრიანდნენ ორგანიზაციებში.”
25. კრებულის მე-8 თავი მოიცავდა სახელმწიფო დაფინანსებასა და პროფესიული კავშირების კონტროლთან დაკავშირებულ შემდეგ პრინციპებს (კრებულში თითოეული პარაგრაფის შემდეგ მოცემული მითითებები წყაროებზე აქ ამოღებულია):
“466. დასაქმებულების უფლება, რომ საკუთარი არჩევანით დააფუძნონ ორგანიზაციები და ასეთი ორგანიზაციების უფლება, რომ შეიმუშაონ მათი სტრუქტურა და შიდა განაწესი და ორგანიზება გაუწიონ მათ ადმინისტრირებასა და საქმიანობას, გულისხმობს ფინანსურ დამოუკიდებლობას. ასეთი დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომ დასაქმებულთა ორგანიზაციები არ უნდა ფინანსდებოდეს იმგვარად, რომ საჯარო ხელისუფლებას საშუალება მიეცეს, მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილებით ისარგებლოს.
...
467. რაც შეეხება პროფკავშირული მოძრაობის დაფინანსების სისტემებს, რამაც პროფესიული კავშირები სახელმწიფო ორგანოზე დამოკიდებული გახადა, კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახელმწიფო კონტროლის ნებისმიერი ფორმა შეუთავსებელია გაერთიანების თავისუფლების პრინციპებთან და უნდა გაუქმდეს, რადგან ამან შესაძლებელი გახადა ხელისუფლების ჩარევა პროფესიული კავშირების ფინანსურ მენეჯმენტში.
...
470. სისტემა, რომელშიც დასაქმებულები ვალდებულები არიან შენატანები გადაუხადონ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, პროფკავშირულ ორგანიზაციებს აფინანსებს, ამ ოგანიზაციების დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
...
473. პროფკავშირული და დამსაქმებელთა ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც შეეხება როგორც მათ საკუთარ, ისე ფედერაციებისა და კონფედერაციების ბიუჯეტებს, უნდა რეგულირდებოდეს თავად ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კონფედერაციების დებულებებითა და შიდა წესებით და, შესაბამისად, საკონსტიტუციო ან სამართლებრივი დებულებები, რომლებიც შენატანებს მოითხოვს, გაერთიანების თავისუფლების პრინციპებთან შეუთავსებელია.”
სამართალი
I. კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
26. მომჩივანი ჩიოდა, რომ კანონის მიერ ვალდებულების დაკისრებით, რომ სამრეწველო მოსაკრებელი გადაეხადა ფედერაციისთვის, ირღვეოდა კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების უფლება, რომლის შესაბამის ნაწილში ნათქვამია შემდეგი:
“1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად....”
გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებდა კონვენციის მე-9 (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლებზე.
27. მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა ეს მტკიცება.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ეს ნაწილი განხილული უნდა იყოს კონვენციის მე-11 მუხლის ჭრილში, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა მოხდეს მე-9 და მე-10 მუხლების გათვალისწინებით.
ა. მე-11 მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის არსებობა
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
29. მომჩივნის აზრით, გაერთიანების თავისუფლების უფლების ნეგატიური და პოზიტიური ასპექტი თანაბრად უნდა იყოს განხილული. ნებისმიერი სხვა დასკვნა ალოგიკური იქნება და დაარღვევს გაერთიანების თავისუფლების პრინციპს. ამგვარად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ კონკრეტულ პროფესიულ კავშირში გაერთიანებისა და მისი საქმიანობის დაფინანსების იძულებამ გაერთიანების თავისუფლების უფლების ნეგატიური ასპექტის წინააღმდეგ, “მე-11 მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლების უფლების მთავარ არსს ეწინააღმდეგებოდა” (მან მიუთითა საქმეები იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1981 წლის 13 აგვისტო, § 55, სერია „A“ №44, და სორენსენი და რასმუსენი დანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №52562/99 და №52620/99, § 54, ECHR 2006I.
30. მომჩივანმა ეჭვქვეშ დააყენა მთავრობის მტკიცება, რომ წინამდებარე საქმე შეეხებოდა გადასახადს და არა - საწევრო შენატანს და რომ, შესაბამისად, გაერთიანების თავისუფლების უფლების ნეგატიური ასპექტი არ დარღვეულა. მაშინ, როცა მთავრობამ აღიარა, რომ გადასახადი იყო სავალდებულო გადასახადი, რომელიც სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა საზოგადეობრივი ინტერესებისთვის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, მთავრობამ ვერ გაითვალისწინა ის, რომ სამრეწველო მოსაკრებელს ეს მახასიათებლები არ გააჩნდა; ის იყო ფედერაციისთვის გადახდილი გადასახადი, რომლსაც სახლმწიფო ფედერაციის სახელით აგროვებდა. სწორედ ფედერაცია წყვეტდა, თუ როგორ უნდა დახარჯულიყო ამ გზით მისთვის დარიცხული თანხები, ხელმძღვანელობდა რა თავისი პოლიტიკითა და მოსაზრებებით, მიუხედავად მომჩივნისა და სხვების შეხედულებებისა, რომლებიც კანონით იძულებულნი იყვნენ მის დაფინანსებაში წვლილი შეეტანათ. განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებაში გამოთქმული მიზეზების გამო, მომჩივანი იძულებული იყო, მოსაკრებლების იძულებითი გადახდის გზით, ფედერაციის წევრი გამხდარიყო ან/და ფედერაციის ფარგლებში სხვებთან გაერთიანებულიყო. სამრეწველო მოსაკრებლის იძულებითი ხასიათისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ფედერაციის წევრებს მოსაკრებლები შეიძლება დაექვითოთ მათი საწევროებიდან, ფედერაციამ დაიტოვა უფლება, მომჩივნისთვის და სხვა მის მსგავს სიტუაციაში მყოფებისთვის წევრობაზე უარი ეთქვა.
31. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის სადავო ვალდებულებამ უარყოფითი გავლენა იქონია მის მიერ გაერთიანების თავისუფლების უფლების პოზიტიური ასპექტით სარგებლობაზე. მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი გაერთიანების თავისუფლების უფლებას იცავდა სხვა უფლებებთან ერთად, მათ შორის, კოლექტიური ორგანიზაციის ან ასოციაციის შექმნასა და მასში გაერთიანებას, ამ ჯგუფის წევრთა საერთო ინეტერსების ხელშესაწყობად. სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრებამ შეამცირა მომჩივნისა და სხვების ხელთ არსებული საშუალებები იმ ასოციაციების შექმნისა და დაფინანსებისთვის, რომლებიც მათ შეხედეულებებსა და ინსტერესებს დაიცავდა. სულ მცირე, ჩარევა მოხდა მომჩივნისა და სხვების პოზიტიურ უფლებაში, ნებაყოფლობით გაერთიანდნენ სხვებთან მათი საერთო ინტერესებისა და შეხედულებების ხელშესაწყობად. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა მიუთითა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და პრინციპების კრებულის 339-ე და 342-ე პარაგრაფებზე. ამ პარაგრაფებში ნახსენები ნებისმიერი დისკრიმინაცია, მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციიისადმი სხვებთან შედარებით უპირატესი ან უარყოფითი მოპყრობა, საფრთხის ქვეშ აყენებს პირთა უფლებას, მათი საკუთარი არჩევანით დააფუძნონ ან გაერთიანდნენ ორგანიზაციებში.
32. მომჩივნის აზრით, აშკარა იყო, რომ ფედერაციას, კერძო გაერთიანებას, vis-à-vis სხვა კერძო გაერთიანებებთან უპირატესობა ენიჭებოდა. სამრეწველო მოსაკრებელი იყო გადასახადი, რომელიც დაწესებული იყო ფედერაციის საქმიანობების დასაფინანსებლად. არც ასოციაცია და არც სხვა კერძო ორგანიზაცია არ იყო ამგვარი გადასახდის ბენეფიციარი.
33. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მე-9 მუხლში აზრის თავისუფლებისა და მე-10 მუხლში გამოხატვის თავისუფლების დაცვა არჩევანის თავისუფლებას მოიცავდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ პირმა უნდა ისარგებლოს არჩევანით იმასთან დაკავშირებით, წვლილს შეიტანდა თუ არა პოლიტიკური შეხედულებების ხელშეწყობისა და პროპაგანდისთვის სხვების მიერ გაწეულ ხარჯებში და უნდა გაერთიანებულიყო თუ არა სხვებთან, რომელთა შეხედულებებსაც ის არ იზიარებს ან რომელთა მიზნების გამოც მას ისინი არ მოსწონს. ამგვარად, პირის იძულება, გადაუხადოს მოსაკრებელები გაერთიანებას, მიუხედავად ამ გაერთიანების პოლიტიკის, საქმიანობისა და შეხედეულებების მიმართ მისი წინააღმდეგობისა, და ამ მოსაზრებების ხელშეწყობისა და პროპაგანდისთვის ამ გაერთიანების მიერ გაწეულ ხარჯებში წვლილის შეტანა, თავისთავად, ჩარევა იქნება ამ პირის მე-11 მუხლით გარანტირებულ უფლებებში.
(ბ) მთავრობა
34. მთავრობამ უარყო, რომ მომჩივნის გაერთიანების უფლება, რომელიც კონვენციის მე-11 მუხლით იყო განსაზღვრული, რამენაირად იზღუდებოდა, როგორც პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლების, ისე არგაერთიანების უფლების კუთხით. მომჩივანი არ იყო ფედერაციის წევრი და არც რაიმე გზით იყო იძულებული, წევრი გამხდარიყო. მომჩივანი იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ 10,000-დან, ქვეყანაში, სადაც 300,000 მაცხოვრებელია, ვინც სამრეწველო მოსაკრებელს ექვემდებარებოდა. სამრეწველო მოსაკრებლის ოდენობა იყო ძალიან დაბალი და შეადგენდა ბიზნესის ბრუნვის 0.08%-ს. ეს არ იყო საწევრო შენატანი, არამედ საკნონმდებლო აქტით დადგენილი გადასახადი, რომლის კონკრეტული მიზანიც 1993 წლის კანონით იყო განსაზღვრული, კერძოდ - ისლანდიაში ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშესაწყობა. სხვა გადასახადების მსგავსად, ამ გადასახადსაც სახელმწიფო აგროვებდა. კანონის შესაბამისად, თანხა ერიცხებოდა ფედერაციას, რომელიც ვალდებული იყო, ის აღნიშნული მიზნისთვის გამოეყენებინა. უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ფედერაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, მას მინიჭებული ჰქონდა მკაფიო და კანონით განსაზღვრული როლი ერთ ასპექტში, რაც იყო სამრეწველო მოსაკრებლის გამოყენება მთლიანად ინდუსტრიის სასარგებლოდ. ეს მოიცავდა მომჩივანს, როგორც თვითდასაქმებულ პირს.
35. მაშინ, როცა ფედერაცია კონკრეტულად მისი წევრების ინეტერესებში მუშაობდა, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, იგი უზრუნველყოფდა ცალკე ანგარიშების წარმოებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოიყენებოდა სამრეწველო მოსაკრებლიდინ მიღებული შემოსავლები, ერთი მხრივ, მის განსაკუთრებული ინტერესში შემავალი სერვისისთვის, და მეორე მხრივ, მთელი ინდუსტრიული სექტორის საერთო და ზოგადი ინტერესებისთვის. ფედერაციის მიერ სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე სახსრების გამოყენება კანონით დადაგენილ პირობებსა და ეფექტიან საზოგადოებრივ კონტროლს ექვემდებარებოდა. ამ სფეროში ზედამხედველობა ხორციელდებოდა გამჭვირვალობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით vis-à-vis იმ პირებთან, ვინც, მომჩივნის მსგავსად, ფედერაციას გადაუხადა მოსაკრებელი ისე, რომ არც მისი წევრი ყოფილა და არც რამენაირად მასთან დაკავშირებული. ამ კუთხით წინამდებარე საქმე განსხვავდება საქმისგან ევალდსონი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (№75252/01, 2007 წლის 13 თებერვალი). იმ ფაქტს, რომ ფედერაციის იმ წევრებმა, რომლებმაც ასევე გადაიხადეს სამრეწველო მოსაკრებელი, შეღავათიანი საწევრო გადასახადით ისარგებლეს, მომჩივნის მდგომარეობაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. ფედერაცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლებამოსილი იყო, გადაეწყვიტა, თუ რა ზომა უნდა გამოეყენებინა საწევრო გადასახადებთან დაკავშირებით და ამით, ფაქტობრივად, მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცვით სარგებლობდა.
36. მთვარობამ აღნიშნა, რომ სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრება არსებითად განსხვავდებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილებებისა და პრინციპების კრებულში - სათაურით „ფავორიტიზმი ან დისკრიმინაცია კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ“ - აღწერილი სიტუაციისგან (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 24). საგადასახადო შემოსავლები, რაც ფედერაციას გადაერიცხა, ვერ იქნება განხილული, როგორც სახელმწიფო სუბსიდია, რომელიც არათანაბარი გადანაწილების პირობებში მიეკუთვნა დამსაქმებელთა ერთ ასოციაციას და არა - სხვებს. პირიქით, ის გამიზნული იყო ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშესაწყობად ფედერაციაზე დაკისრებული ოფიციალური ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დასაფარად. მიზეზი, თუ რატომ არ იღებდა დამსაქმებელთა არც ერთი სხვა ასოციაცია სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე შემოსავლებს, იყო ის, რომ არც ერთ სხვა ასოციაციას არ ჰქონდა დაკისრებული ამგვარი ვალდებულებები. შესაბამისად, არ შეიძლება რაიმე კითხვა არსებობდეს ფედერაციასა და დამსაქმებელთა ტრადიციულ ასოციაციებს შორის დისკრიმინაციის შესახებ იმ გაგებით, როგორც ეს შრომის საერთასორისო ორგანიზაციის კომიტეტმა განმარტა.
37. მთავრობის აზრით, წინამდებარე საქმეში და სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებებში - კერძოდ, ზემოხსენებულ საქმეში იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი; საქმეში სიგურდური ა. სიგურიონსონი ისლანდიის წინააღმდეგ (1993 წლის 30 ივნისი, სერია „A“ №264); და ზემოხსენებულ საქმეში სორენსენი და რასმუსენი დანიის წინააღმდეგ - განსახილველ სიტუაციებს შორის, რაც შეეხებოდა გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტებს, ფუნდამენტური განსხვავება იყო. იმ საქმეებისგან განსხვავებით, წინამდებარე საქმეში სამრეწველო მოსაკრებლის გადახდაზე მომჩივნის უარი მისი სამსახურის ან საარსებო სახსრების დაკარგვას არ გამოიწვევდა და არანაირი გავლენა არ ექნებოდა ამ ასპექტებზე. საქმე ეხებოდა მხოლოდ გადასახადს და არა - საწევრო შენატანს.
38. მომჩივანს სამრეწველო მოსაკრებელი რომ არ გადაეხადა, მასზე არც შრომის და არც სისხლის სამართლის კანონის თანახმად რაიმე ზომები არ გავრცელდებოდა; არც არავინ აიძულებდა, დაეხურა მისი ბიზნესი, სპეციალური წესების შესაბამისად, რაც გამოიყენებოდა დამატებული ღირებულების გადასახდთან მიმართებაში. ნებისმიერი დავალიანება დაექვემდებარებოდა საგადასახადო ორგანოების მიერ გამოყენებულ გადასახადის ამოღების ჩვეულებრივ ზომებს, კერძოდ, მომჩივნის აქტივების აღრიცხვასა და დაყადაღებას (№90/1989 კანონი აღსრულების ღონისძიებების შესახებ) და ამ აქტივების სავალდებულო გაყიდვას აუქციონზე (№90/1991 კანონი). ამგვარად, თუკი მომჩივანი უარს იტყოდა სამრეწველო მოსაკრებლის გადახდაზე, ამის თანმდევი ერთადერთი შედეგი იქნებოდა იმავე ტიპის ფინანსური წნეხი, რაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გადასახადებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის საქმიანობაზე დაკისრებული მოსაკრებელი იყო უმნიშვნელო (0.08%) და მთელი 2004 წლისთვის მხოლოდ 66 ევროს ეკვივალენტს შეადგენდა. ასეთი მცირე თანხა მისთვის ფინანსური ტვირთი ვერ იქნებოდა და წინამდებარე საქმეს ეს განასხვავებს საქმისგან ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ).
39. მთავრობამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა მომჩივნის არგუმენტები კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებთან მიმართებაში. რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებასა ან შეხედულებებთან დაკავშირებული რაიმე პოლიტიკური მიზნები ფედერაციას არ ჰქონია. მას არასდროს გამოუხატავს მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ან პოლიტიკური მოსაზრებისთვის, მაგალითად, დაფინანსების გზით, პირდაპირ ან ირიბად. ამდენად, მთავრობამ კატეგორიულად უარყო მომჩივნის დაუსაბუთებელი მტკიცებები, რომ ფედერაცია მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ საქმიანობაში. ფედერაცია, უდავოდ, ხანდახან მონაწილეობდა საჯარო დისკუსიებში, სადაც ინდუსტრიის ინტერესებზე იყო აქცენტი და იმაზე, თუ საუკეთესოდ როგორ უნდა უზრუნველყოფილიყო სათანადო სამუშაო გარემო ამ სექტორისთვის. მაგრამ ეს ხდებოდა იმისდა მიუხედავად თუ რომელი პოლიტიკურ პარტია თუ პარტიები იყვნენ მოცემულ დროს ხელისუფლებაში. მომჩივნის მდგომარეობა ამ კუთხითაც განსხვავდებოდა იმ მომჩივნების სიტუაციისგან, რომლებიც იყვნენ საქმეებში იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი და სორენსენი და რასმუსენი, სადაც აშკარა და ღიად გაცხადებული კავშირი არსებობდა პროფესიულ ორგანიზაციებს, რომელთა წევრობის ვალდებულებაც მათ ჰქონდათ, და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის.
40. მომჩივნის საქმის გარემოებები ასევე ვერ შედარდება საქმეს შასანუ და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ ([დიდი პალატა], №25088/94, 28331/95 და 28443/95, ECHR 1999III). ფედერაციამ, როგორც უმსხვილესმა ფორუმმა მთელი ისლანდიის ინდუსტრიული სექტორისთვის, შეაფასა და თავისი მოსაზრება გამოხატა იმაზე, თუ როგორ პასუხობდა ევროკავშირი ინდუსტრიის ფართო ინტერესებს და როგორ იყო უზრუნველყოფილი გარკვეული სამუშაო პირობები ინდუსტრიისთვის, ისლანდიასთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. თუმცა ეს არ გულისხმობდა კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ან მრწამსის გაზიარებას, რასთანაც მომჩივნის აზრით, იგი ასოცირებული იყო მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ფედერაცია წარმოადგენდა საწარმოებისა და დამსაქმებლების ძალიან ფართო და არათანაბარ ჯგუფს ინდუსტრიის კატეგორიების ფართო სპექტრში, რომლის ერთადერთი პოლიტიკა ინდუსტრიის, როგორც ასეთის, ინტერესებში საქმიანობა იყო და არა - რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პარტიების პოლიტიკის მხარდაჭერა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.
41. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საქმე არ უკავშირდებოდა იძულების ფორმას, რამაც მე-11 მუხლით გარანტირებულ უფლებებს მთავარი არსი დაარღვია. არც სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარეობდა ის, რომ გაერთიანების თავისუფლების უფლების ნეგატიური და პოზიტიურ ასპექტები თანაბრად უნდა იქნეს განხილული.
42. რაც შეეხება იმას, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებამ გავლენა მოახდინა თუ არა მომჩივნის გაერთიანების პოზიტიურ თავისუფლებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ მას არანაირი გავლენა არ ჰქონია მის უფლებაზე, საკუთარი არჩევანით გაერთიანებულიყო კავშირსა ან ასოციაციაში. ასოციაციაზე, რომელშიც ის იყო გაწევრიანებული, არ ვრცელდებოდა ისლანდიის დამსაქმებელთა კონფედერაციის მიერ, რომლის წევრიც იყო ფედერაცია, მიღწეული კოლექტიური შეთანხმება. ამგვარად, მომჩივნის თავისუფლებას, ეწარმოებინა მოლაპარაკებები, საფრთხე არ დამუქრებია. ასოციაციას შეეძლო ემოქმედა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მისი წევრების განსაკუთრებული ინტერესების სასარგებლოდ და მათ მიერ გადახდილი საწევროები ამ მიზნებისკენ მიემართა. მომჩივნის პრეტენზიები, რომ ფედერაციის საქმიანობა მის ინტერესებს ან მრწამსს ეწინააღმდეგებოდა, დაუსაბუთებელი იყო. ორივე, ასოციაცია და ფედერაცია, დამსაქმებელთა ასოციაციები იყო და მომჩივანს არ მიუთითებია არც ერთ მის ინტერესზე, რომელიც, ამ მხრივ, ფედერაციის ინტერსებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. პირიქით, სამშენებლო კოპანიების, ისევე, როგორც სხვა ინდუსტრიული კომპანიების, ინტერსები სრულად ემთხვეოდა ფედერაციის მიერ მხარდაჭერილ ინტერესებს. ფედერაციის მიერ ისლანდიის ინდუსტრიის ხელშემწყობი საქმიანობის წარმოებისგან მომჩივანი თავად იღებდა სარგებელს.
43. მაშინ, როცა ფედერაცია მონაწილეობდა საჯარო დისკუსიებში ისლანდიის ინდუსტრიის სამუშაო პირობების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა ევროკავშირის წევრობა ისლანდიისთვის სასარგებლო, მომჩივანი თავისუფალი იყო, ფედერაციის მოსაზრებები არ გაეზიარებინა და საკუთარი პოზიცია ჰქონოდა, როგორც ეს ასოციაციამ გააკეთა.
44. ზემოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, დაედგინა, რომ არ მომხდარა რაიმე ჩარევა მომჩივნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში.
2. სასამართლოს შეფასება
45. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება გაერთიანების თავისუფლების განსაკუთრებული ასპექტია და რომ თავისუფლების ცნება არჩევანის თავისუფლების განხორციელების გარკვეულ ხარისხს გულისხმობს (იხილეთ ზემოთ იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი, § 52). შესაბამისად, კონვენციის მე-11 მუხლი განხილული უნდა იყოს, როგორც მომცველი გაერთიანების ნეგატიური უფლებისაც ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით ასოციაციაში არგაერთიანების უფლებისა (იხილეთ ზემოთ სიგურდური ა. სიგურიონსონი, § 35). მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პროფესიულ კავშირში გაერთიანების ვალდებულება ყოველთვის არ ეწინააღმდეგება კონვენციას, ამგვარი იძულების ფორმა, რომელიც კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არღვევს მე-11 მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლების მთავარ არსს, ამ თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხილეთ ზემოთ გუსტავსონი შვედეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 25 აპრილი, § 45, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996-II; და იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი, § 55; სიგურდური ა. სიგურიონსონი, § 36; და სორენსენი და რასმუსენი, § 54).
46. გარდა ამისა, ამ კონტექსტში საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პირადი მოსაზრებების დაცვა, რაც კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებითაა გარანტირებული, გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მიზანია და რომ ასეთი დაცვა ეფექტიანად უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს მხოლოდ გაერთიანების თავისუფლების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური უფლებების გარანტირებით (იხილეთ ზემოთ შასანუ და სხვები, § 103; იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი, § 57; სიგურდური ა. სიგურიონსონი, § 37; და სორენსენი და რასმუსენი, § 54).
პიროვნული ავტონომიის ცნება, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც კონვენციის გარანტიების განმარტებას ეფუძნება. ამგვარად, ეს ცნება განხილული უნდა იყოს, როგორც არსებითი შედეგი მე-11 მუხლში ნაგულისხმევი პირის არჩევანის თავისუფლებისა და ამ დებულების ნეგატიური ასპექტის მნიშვნელობის მტკიცებულება (იხილეთ სორენსენი და რასმუსენი, ibid.).
47. წინამდებარე საქმეში მომჩივანს, სამშენებლო სექტორში დამსაქმებელს, რომელიც ასოციაციის წევრი იყო, 1993 წლის კანონით დადგენილი ვალდებულებით ეკისრებოდა, სამრეწველო მოსაკრებელი გადაეხადა ფედერაცია-თვის, რომლის წევრიც არც თავად და არც ასოციაცია იყო. პირველ რიგში დასადგენია, იყო თუ არა ეს ვალდებულება, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა და მთავრობა უარყოფდა, სავალდებულო წევრობის ტოლფასი, რაც უარყოფითად მოქმედებდა მისი გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტზე, კერძოდ მის თავისუფლებაზე, მისი სურვილის წინააღმდეგ არ „გაერთიანებულიყო“ პროფესიულ ორგანიზაციაში, როგორც ეს განიმარტება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებები განსხვავდება მის მიერ ადრე განხილულ საქმეთა გარემოებებისგან იმით, რომ არც მომჩივანი და არც ასოციაცია არ იყო იძულებული, ფედერაციაში „გაერთიანებულიყვნენ“ იმ გაგებით, რომ მისი წევრები გამხადრიყვნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება, რომელსაც მომჩივანი ექვემდებარებოდა ფორმალურ წევრობას არ მოიცავდა, მას ასოციაციაში გაერთიანებასთან საერთო მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჰქონდა, კერძოდ, ფედერაციისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა (cf. ზემოთ სორენსენი და რასმუსენი, § 63). ამ საერთო მახასიათებელს, შესაძლოა, აძლიერებდა ის ფაქტი, რომ სამრეწველო მოსაკრებლის გადამხდელ ფედერაციის წევრებს უფლება ჰქონდათ, ამ გადასახადის ეკვივალენტი ოდენობით შემცირებოდათ საწევრო შენატანი.
49. მართალია ის, რომ ასოციაციის საწევრო გადასახადისგან განსხვავებით, ფედერაციისთვის სამრეწველო მოსაკრებლის გადახდა პირდაპირ არ ხდებოდა, არამედ - ირიბად, სახელმწიფო ხაზინის გავლით, რომელიც გადასახადის ამოღების ხარჯების გამოქვითვის შემდეგ, მიღებულ თანხას ურიცხავდა ფედერაციას, ხოლო ის ამ თანხას საწევრო გადასახადისგან განცალკევებით აღრიცხავდა. მიუხედავად იმისა, რომ სამრეწველო მოსაკრებელი, ამ კუთხით, შეიძლება განხილული იყოს, როგორც სპეციალური გადასახადის მახასიათებლების მქონე, ის იყო განსაკუთრებული ტიპის გადასახადი, რომელსაც პირთა შეზღუდული ჯგუფი იხდიდა და განკუთვნილი იყო კერძო სამართლის ასოციაციისთვის, რომ ასოციაციას გამოეყენებინა საჯარო ხელისუფლების რაიმე მნიშვნელოვანი ჩარევის ან კონტროლის გარეშე.
50. მართალია ასევე ისიც, რომ, როგორც მთავრობამ აღნიშნა, მომჩივნის მიერ გადასახდელი წლიური თანხა, რომელიც გამოითვლებოდა მისი ბრუნვის მიხედვით, კანონით დადგენილი 0.08%, შედარებით მოკრძალებული იყო და რომ მოსაკრებლის გადახდის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ მხოლოდ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სანქციები გამოიყენებოდა, მათ შორის, საჭირო თანხის ამოღება მომჩივნის აქტივების დაყადაღების ან გაყიდვის გზით. ამ მხრივ, იძულების ხარისხი, რასაც მომჩივანი ექვემდებარებოდა, შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც ბევრად ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე სასამართლოს მიერ განხილულ სხვა გარკვეულ შემთხვევებში, სადაც კავშირში გაერთიანებაზე მომჩივნის უარს შედეგად მოყვა ის, რომ მან სამსახური ან პროფესიული ლიცენზია და, შესაბამისად, საარსებო სახსრები დაკარგა (იხილეთ ზემოთ, მაგალითად, იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი, § 55; სიგურდური ა. სიგურიონსონი, §§ 36-37). ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ კავშირში გაერთიანების მოთხოვნის შეუსრულებლობის ნაკლებმნიშვნელოვან შედეგებსაც, შეიძლება, ასევე შეეძლოს, არსებითი დარტყმა მიაყენოს არჩევანის თავისუფლებასა და პიროვნულ ავტონომიას, რაც განუყოფელია კონვენციის მე-11 მუხლით დაცული გაერთიანების თავისუფლების უფლებისგან (იხილეთ ზემოთ, მაგალითად, სორენსენი და რასმუსენი, § 61).
51. ფაქტია, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანს კანონი ავალდებულებდა, ფინანსურად მხარი დაეჭირა კერძო სამართლის ორგანიზაციისთვის, რაც არ იყო მისი არჩევანი. ეს ასევე იყო ორგანიზაცია, რომელიც იმ პოლიტიკას უჭერდა მხარს - განსაკუთრებით, ევროკავშირში შესვლას - რასაც მომჩივანი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა. ამგვარად, მე-11 მუხლთან დაკავშირებით მისი საჩივარი განხილული უნდა იყოს მე-9 და მე-10 მუხლების თვალსაზრისით, რადგან მე-11 მუხლით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთი მიზანია ასევე პირადი აზრის დაცვა (იხილეთ ზემოთ სორენსენი და რასმუსენი; სიგურდური ა. სიგურიონსონი, § 37; და იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი, § 57).
52. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლიური შენატანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, შეიძლება, მოკრძალებული ყოფილიყო სამრეწველო მოსაკრებლის სქემის სისტემატურმა, ფართო და უწყვეტმა ხასიათმა ის მნიშვნელოვან ოდენობად აქცია. მოიცავდა რა არანაკლებ 10,000 სუბიექტს, რომლებიც მოსაკრებლებს უხდიდნენ ორგანიზაციას, რომელსაც 1,100-ზე ცოტა მეტი წევრი ჰყავდა და წარმოქმნიდა რა მისი ფულადი სახსრების დიდ ნაწილს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 12), სქემა შედგებოდა დაფინანსების ფართომასშტაბიანი სისტემისგან, რომელიც ერთ მიმღებ ორგანიზაციას, ფედერაციას, ერიცხებოდა. არც ერთი სხვა ორგანიზაცია, ასოციაციის ჩათვლით, რომლის წევრიც იყო მომჩივანი, არ იღებდა სამრეწველო მოსაკრებიდან მომდინარე ფულად სახსრებს. განსხვავებით ფედერაციის წევრებისგან, სხვა ორგანიზაციის წევრებს, როგორიც იყო მომჩივანი, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მათ მიერ შესაბამისი ორგანიზაციებისთვის გადახდილი საწევროები შემცირებოდათ იმ ოდენობით, რაც მათ გადახდილი ჰქონდათ სამრეწველო მოსაკრებლის სახით. მიუხედავად მთავრობის არგუმენტისა, რომ ფულადი სახსრები მთლიანობაში ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გამოიყენებოდა, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ფედერაციასა და მის წევრებს უპირატესობა ენიჭებოდათ, ვიდრე, მაგალითად, ასოციაციასა და მის წევრებს, მათ შორის, მომჩივანს.
53. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ითვალისწინებს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის (ევროპის სოციალური ქარტიის მე-5 მუხლთან დაკავშირებით) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის (№87 კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება გაერთიანების თავისუფლებასა და ორგანიზების უფლებას) შესაბამის დასკვნებს, საიდანაც ჩანს, რომ ვალდებულების დაკისრება პროფკავშირის არაწევრებზე, რომ მათ მოსაკრებლები გადაუხადონ პროფესიულ კავშირს და მთავრობის ზომები, რომელიც გულისხობს პროფესიული კავშირისადმი ფავორიტიზმის ან მის წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამოვლენას, შეიძლება, გარკვეულ ვითარებაში, ჩაითვალოს ორგანიზების უფლებასთან და საკუთარი არჩევანით ორგანიზაციაში გაერთიანების უფლებასთან შეუთავსებლად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 22-24).
54. დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ კანონით დადგენილმა ვალდებულებამ, რომ მომჩივანს გადაეხადა სამრეწველო მოსაკრებელი, ხელყო მომჩივნის, როგორც პროფესიული კავშირის წევრის, არჩევანის თავისუფლება მისი პროფესიული ინტერესების გატარებაში და შეადგინა ჩარევა მომჩივნის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში, როგორც ეს მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილით არის დაცული.
ბ. გამართლებული იყო თუ არა ჩარევა მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
55. მომჩივანმა აღიარა, რომ სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნა „კანონით იყო განსაზღვრული“, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა მთავრობის არგუმენტი, რომ მისი გაერთიანების თავისუფლების უფლებაში ჩარევას ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა.
56. სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრება, მომჩივნის მსგავსად, არაწევრებზე არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, რომელი მუხლიც მე-9 და მე-10 მუხლების თვალსაზრისით უნდა იყოს განმარტებული. იმ მოთხოვნით, რომ ფედერაციის წევრი გამხდარიყო და/ან ფედერაციის ფარგლებში სხვებთან გაერთიანებულიყო, ფედერაციისთვის მოსაკრებელების გადახდის გზით, მისი გაერთიანების თავისუფლების (უარყოფით) უფლებაში, აზრის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რაიმე გადაუდებელი ან პროპორციული საჭიროება არ არსებობდა. ამ მოსაკრებელების ნაწილს ფედერაცია პოლიტიკური შეხედულებების ხელშეწყობასა და პროპაგანდაზე ხარჯავდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მომჩივნისა და მისი მსგავსების შეხედულებებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ფედერაციისთვის ამ სავალდებულო მოსაკრებელების გადახდის გზით, მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ფედერაციის საქმიანობაში, რომელსაც ის (და სხვები) მათი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ. ისლანდიის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, დაემტკიცებინა რომ, ფედერაციის სახით, ისლანდიის ინდუსტრიის ხელშესაწყობად სხვა გზა არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მომჩივნისთვის (და სხვებისთვის) მოეთხოვათ მოსაკრებლის გადახდა და, ამგვარად, წვლილის შეტანა ფედერაციის მიერ იმ პოლიტიკური შეხედულებების ხელშეწყობისა და პროპაგანდისთვის გაღებულ ხარჯებში, რასაც მომჩივანი (და სხვები) არ იზიარებდნენ. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ).
57. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერაცია, რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ჩარევის გარეშე, წყვეტდა, თუ როგორ დაეხარჯა სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული ფულადი სახსრები. როგორც მთავრობამ დაადასტურა 2000 წლის 15 თებერვლის წერილში (ციტირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული მოსაზრების „ΙΙ” ნაწილში - იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 19), ფედერაცია სარგებლობდა შეუზღუდავი უფლებით, თავად გადაეწყვიტა, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო სამრეწველო მოსაკრებელი და მრეწველობის სამინისტროს ამაში ჩარევა არ შეეძლო.
58. გარდა ამისა, უდავო იყო, რომ ფედერაცია მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორიც იყო ევროკავშირში ისლანდიის გაწევრიანების მხარდასაჭერი კამპანია.
59. ის ასევე ვერ განამტკიცებს მთავრობის პოზიციას, რომ სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის სააღსრულებლო საქმიანობას აწარმოებდა სახელმწიფო და არა - ფედერაცია. პირიქით, მან გაამყარა მომჩივნის არგუმენტი, რომ სახელმწიფო აწესებდა და კრეფდა სამრეწველო მოსაკრებელს, ხოლო შემდეგ ეს სავალდებულო მოსაკრებელები ერიცხებოდა ფედერაციას, რომელიც ამ თანხებს ხარჯავდა მისი შეხედულებისამებრ, საჯარო ზედამხედველობის გარეშე.
60. იმის საპირისპიროდ, რაც სახელმწიფომ განაცხადა, სამრეწველო მოსაკრებლის გადახდა არ ხდებოდა საჯარო ან ზოგადი ინტერესებისთვის, არამედ ფედერაციის, კერძო ასოციაციის, ინტერესებისთვის.
61. მთავრობამ თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ), თუმცა ეს დადგენილება მომჩივნის პოზიციას უფრო უჭერს მხარს. მაშინ, როცა გადახდის სადავო ვალდებულება საქმეში ევალდსონი და სხვები დაწესებული იყო კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, წინამდებარე საქმეში სადავო ვალდებულება კანონით იყო დაწესებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინა საქმეში მიღებული პოზიცია კიდევ უფრო მეტად მიესადაგებოდა წინამდებარე საქმეს. გარდა ამისა, ევალდსონი და სხვების სიტუაციის მსგავსად, აქ იყო ინფორმაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა მონიტორინგის კუთხით, თუ რას საქმიანობდა ფედერაცია და როგორ ხარჯავდა ის ფულად სახსრებს.
62. ასევე, როგორც წინა საქმეში, მომჩივანი იძულებული იყო გადასახადები გადაეხადა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციისთვის, რომელსაც ის მხარს არ უჭერდა. თუმცა, წინა საქმის მომჩივნებისგან განსხვავებით, აქ მომჩივანს არ მიუღია რაიმე ანაზღაურება მის საქმეში გადახდილი მოსაკრებლისთვის.
63. ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიის ხელისუფლებამ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის „სამართლიანი ბალანსი“ დაიცვა.
(ბ) მთავრობა
64. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლომ, მიუხედაავად ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა, უნდა დაადგინოს, რომ მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილით დაცულ მომჩივნის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში ჩარევა მოხდა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს ჩარევა მეორე ნაწილში ჩამოყალიბებულ პირობებს აკმაყოფილებდა. სამრეწველო მოსაკრებელი კანონის მიერ ნათლად იყო გათვალისწინებული და „სხვების უფლებებისა და თავისუფლების დაცვის“ მართლზომიერ მიზანს ემსახურებოდა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ემსახურებოდა რა ისლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლო სექტორის ხელშეწყობის მიზანს, სამრეწველო მოსაკრებელი მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებსაც ემსახურებოდა.
65. რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას, მთავრობამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მიჩნეული იყო, რომ ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზანი ყველაზე უკეთ შეიძლება მიღწეულიყო ამ როლის ფედერაციისთვის დაკისრებით, კანონის შესაბამისად საჯარო ზედამხედევლობის პირობით, და სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე ფულადი სახსრების ამ ერთი ორგანიზაციისთვის მიკუთვნებით და არა - ბევრ უფრო მცირე ორგანიზაციას შორის განაწილებით. ფედერაცია იყო ორგანიზაცია, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებდა საწარმოების, ფიზიკური პირებისა და ასოციაციების დიდ მრავალფეროვნებას მრეწველობის ყველა დარგში, რომ მთავრობასთან ერთად ემუშავა დასახული მიზნისთვის. ფედერაცია ყველ ტიპის ინდუსტრიის ინტერესებს იცავდა, როგორც ისლანდიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, გავლენას ახდენდა რა მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების, სახელმწიფო ორგანოებისა და ინდუსტრიულ საქმიანობაში ჩართული სხვა მხარეების პოლიტიკაზე. ეს კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ისლანდიის კომპანიებისთვის უზრუნველყოფილიყო ისეთი სამუშაო გარემო, რაც მათ საშუალებას მისცემდა, შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ, დაუბრკოლებლად და მომგებიანად.
66. მხედველობაში მიიღო რა ზემოთ მოყვანილი სხვადასხვა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში არაინარი ჩარევა არ მომხდარა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 34-44), მთავრობამ განაცხადა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სამრეწველო მოსაკრებელი არ იწვევდა მის უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას. სამრეწველო მოსაკრებელი არანაირად არ შეადგენდა მომჩივნისთვის მძიმე ტვირთს, არამედ - მისი ბრუნვის მხოლოდ ძალიან მცირე წილს (0.08%). ამ კუთხით, ეს საქმე განსხვავდებოდა საქმისგან ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ).
67. სამრეწველო მისაკრებლის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლებამ აღმასრულებელს დაავალა მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფულადი სახსრები დახარჯულიყო საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული, და, მთლიანობაში, ინდუსტრიული სექტორის სასარგებლოდ. ეს გაკეთდა სრულიად გამჭვირვალედ და ამ თვალსაზრისითაც ეს საქმე უნდა განვასხვავოთ საქმისგან ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ). გარდა ამისა, რადგან განსახილველი შემოსავლები სახელმწიფო თანხები იყო, გენერალური აუდიტორის სამსახურს სრული უფლებამოსილება ჰქონდა, ფედერაციის საქმიანობა და ანგარიშები შეესწავლა.
68. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ საქმეზე შვედური საწარმოების კონფედერაცია შვედეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა სახელფასო მონიტორინგის გადასახადს, დაქვითულს იმ მუშების ხელფასებიდან, რომლებიც განსახილველი პროფესიული კავშირის წევრები არ იყვნენ, 2003 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაში სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მიერ ევროპის სოციალური ქარტიის მე-5 მუხლის განმარტება მხოლოდ ემსახურებოდა მთავრობის პოზიციის მხარდაჭერას წინამდებარე საქმეში. იმ საქმიდან შეიძლება გამომდინარეობდეს წინამდებარე საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ოთხი მთავარი მომენტი. პირველი, გადასახადი შეიძლება დაწესდეს კანონით ან თუნდაც კოლექტიური შეთანხმებით, როცა ის გამიზნულია, ემსახუროს შესაბამისი პროფესიის ყველა დასაქმებულის არსებით ინტერესებს. მეორე, და ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ასოციაციისთვის გადასახადის გადახდას ავტომატურად არ მოჰყვება მისი სავალდებულო წევრობა. მესამე, გადასახადების აკრეფით დაგროვილი თანხები გამოყენებული უნდა იყოს იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის იყო განკუთვნილი. მეოთხე, გადასახადის ოდენობა არ უნდა იყოს ასოციაციის მიერ გაწეული მომსახურების არათანაზომიერი. წინამდებარე საქმე აკმაყოფილებს შვედური საწარმოების კონფედერაციის საქმეში ჩამოყალიბებულ ყველა პირობას.
69. გარდა ამისა, სამრეწველო მოსაკრებლის დაწესება ფუნდამენტურად განსხვავდებოდა იმ სიტუაციისგან, რაც აღწერილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრებულში საკითხზე „ფავორიტიზმი ან დისკრიმინაცია კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ“. ფედერაციისთვის გადაცემული საგადასახადო შემოსავლები არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც სახელმწიფო სუბსიდიების რაიმე ფორმა, რასაც დამსაქმებელთა ასოციაციებს შორის სუბსიდიების არათანაბარ განაწილებამდე მივყავართ. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს შემოსავლები ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშესაწყობად ფედერაციისთვის დაკისრებული ოფიციალური ვალდებულებების ხარჯების დასაფარად იყო განკუთვნილი. ისლანდიის ინდუსტრიის სფეროში დამსაქმებელთა არც ერთი სხვა ასოციაცია ამგვარ შემოსავლებს არ იღებდა, რაც, უდავოდ, იმით იყო გამოწვეული, რომ არც ერთ სხვა ასოციაციას არ ჰქონდა კანონით დადგენილი მსგავსი მოვალეობები. შესაბამისად, მთავრობამ მტკიცედ უარყო, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე დისკრიმინაციას ფედერაციასა და დამსაქმებელთა ტრადიციულ ასოციაციებს შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მნიშვნელობით.
70. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო სამრეწველო მოსაკრებლის მექანიზმი მე-11 მუხლთან შეუთავსებელი იყო, ეს იქნება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ამ დებულების მნიშვნელობისა და მისი მოქმედების ფარგლების ინტერპრეტაციაში. ამას ასევე ექნება შორსმიმავალი შედეგები, რაც მოსპობს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის საჭირო მოქმედების თავისუფლებას გადასახადების აკრეფის საკითხებში და ასევე მათ თავისუფლებას, აირჩიონ მეთოდები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა პროფესიულ სექტორში განვითარების ხელშეწყობა და წახალისება.
2. სასამართლოს შეფასება
71. სასამართლო შემდეგში განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში მოცემულ პირობებს.
72. დავას არ იწვევდა, რომ ის აკმაყოფილებდა პირველი პირობას, კერძოდ, რომ ზომა უნდა ყოფილიყო „კანონით დადაგენილი“. სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას აშკარა საფუძველი ჰქონდა 1993 წლის კანონის 1-ელ - მე-3 მუხლებში. აღნიშნავს რა უზენაესი სასამართლოს უმცირესობის დასკვნას, რომ ეს ვალდებულება კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილთან შეუთავსებელი იყო, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უმრავლესობის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სამრეწველო მოსაკრებელი ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო. ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული ხელისუფლების, განსაკუთრებით, სასამართლოების, პირველი რიგის საქმეა (იხილეთ იანი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №46720/99, №72203/01 და №72552/01, § 86, ECHR 2005VI; ვიტეკი გერმანიის წინააღმდეგ, №37290/97, § 49, ECHR 2002-X; ფორერ-ნიდენთალი გერმანიის წინააღმდეგ, №47316/99, 2003 წლის 20 თებერვალი, § 39; და საბერძნეთის ყოფილი მეფე და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №25701/94, § 82, ECHR 2000XII). ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა იყო „კანონით დადგენილი“.
73. რაც შეეხება მეორე პირობას, სასამართლო არ ეთანხმება მომჩივანს, რომ სამრეწველო მოსაკრებელი მართლზომიერ მიზანს არ ატარებდა. 1993 წლის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლები „გამოყენებული უნდა იყოს ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდუსტრიული განვითარების ხელშესაწყობად“. სასამართლოს აზრით, ზომა „სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ლეგიტიმურ მიზანს მისდევდა.
74. რაც შეეხება მესამე პირობას, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროების ტესტი მოითხოვს, დადგინდეს, შეესაბამებოდა თუ არა ჩარევა, რაზეც იყო საჩივარი, „გადაუდებელ სოციალურ საჭიროებას“, იყო თუ არა ის დასახულ მართლზომიერ მიზანთან პროპორციული და არის თუ არა ეროვნული ხელისუფლების მიერ მოყვანილი გამამართლებელი მიზეზები შესაფერისი და საკმარისი (იხილეთ, მაგალითად, თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 იანვარი, § 47, Reports 1998-I).
75. იმ სოციალური და პოლიტიკური საკითხების მრძნობიარე ხასიათის გათვალისწინებით, რომლებიც უკავშირდება მუშებისა და მენეჯმენტის შესაბამის ინტერესებს შორის სათანადო ბალანსის მიღწევას, და ასევე ამ სფეროში შიდა სისტემებს შორის დიდი სხვადასხვაობის გამო, პროფესიული კავშირის თავისუფლების სფეროში ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავისუფალი შეფასების ფართო ზღვარით სარგებლობენ, რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი პროფესიული კავშირების თავისუფლება - დაიცვან მათი წევრების პროფესიული ინტერესები. (იხილეთ ზემოთ შვედ მემანქანეთა კავშირი, § 39; გუსტავსონი, § 45 ზემოთ; სკეტინი და სხვები იტალიის წინააღმდეგ, №29529/95, 2000 წლის 9 ნოემბერი; ვილსონი, ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №30668/96, №30671/96 და №30678/96, § 44, ECHR 2002V; და იხილეთ ზემოთ სორენსენი და რასმუსენი, § 58).
76. თუმცა თავისუფალი შეფასების ეს უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, არამედ ექვემდებარება სასამართლოს ევროპულ ზედამხედველობას, რომლის ამოცანაა, საბოლოო შეფასება მისცეს იმას, თავსებადია თუ არა შეზღუდვა მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების თავისუფლებასთან. ზედამხედველობითი ფუნქციის შესრულებისას სასამართლოს ამოცანა არაა, დაიკავოს ეროვნული ხელისუფლების ადგილი, არამედ, მე-11 მუხლის შესაბამისად, განიხილოს, მთელი საქმის თვალსაზრისით, ხელისუფლების მიერ თავისუფალი შეფასების უფლებამოსილების თანხმად მიღებული გადაწყვეტილებები (იხილეთ ზემოთ თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები, § 47).
77. წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებს რომ მივუბრუნდეთ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მთავრობის არგუმენტი, რომ ისლანდიის კანონმდებლობით მიჩნეული იყო, რომ ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზანი ყველაზე უკეთ მიიღწეოდა ამ როლის ფედერაციისთვის დაკისრებით, კანონის შესაბამისად, საჯარო ზედამხედევლობის პირობით, და სამრეწველო მოსაკრებლიდან მომდინარე ფულადი სახსრების ამ ერთი ორგანიზაციისთვის მიკუთვნებით და არა - ბევრ უფრო მცირე ორგანიზაციას შორის განაწილებით. მთავრობის განცხადებით, ფედერაცია იყო ფართო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა საწარმოების, ფიზიკური პირებისა და ასოციაციების დიდ მრავალფეროვნებას მრეწველობის ყველა დარგში და მთავრობასთან ერთად მუშაობდა დასახული მიზნისთვის. ფედერაცია ყველ ტიპის ინდუსტრიის ინტერესებს იცავდა, როგორც ისლანდიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, გავლენას ახდენდა რა მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების, სახელმწიფო ორგანოებისა და ინდუსტრიულ საქმიანობაში ჩართული სხვა მხარეების პოლიტიკაზე. ეს კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ისლანდიის კომპანიებისთვის უზრუნველყოფილიყო ისეთი სამუშაო გარემო, რაც მათ საშუალებას მისცემდა, შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ. სასამართლო იზიარებს, რომ ეს მოსაზრებები შეესაბამება საჭიროების ტესტის მიზნებს, მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
78. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, არის თუ არა ასევე საკმარისი ეს მიზეზები, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით ფედერაციის როლი და მოვალეობები 1993 წლის კანონის მე-3 მუხლში ძალიან ფართოდ და ზოგადად იყო განსაზღვრული: „ისლანდიის ინდუსტრიისა და ინდსუტრიული განვითარების ხელშეწყობა“. იგივე შეიძლება ითქვას მე-3 მუხლში მოცემულ მოვალეობაზე - „შემოსავლების ხარჯვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს მრეწველობის სამინისტროს“. არც 1993 წლის კანონი და არც სასამართლოსთვის ყურადსაღები სხვა დოკუმეტი არ მოიცავს რაიმე კონკრეტულ ვალდებულებებს არაწევრების მიმართ, რომლებმაც სამრეწველო მოსაკრებლის გადახდით ფინანსური წვლილი შეიტანეს ფედერაციაში (შედარებისთვის იხილეთ ზემოთ, mutatis mutandis, ევალდსონი და სხვები, § 57).
79. მაშინ, როცა მრეწველობის სამინისტროსადმი ფედერაციის ანგარიშები ფედერაციის შემოსავლებში სამრეწველო მოსაკრებლის წილისა და სხვადასხვა პუნქტებსა და ქვეპუნქტებთან მიმართებაში მისი ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თავის განსხვავებულ მოსაზრებაში მიუთითა, ფედერაცია „არ აწარმოებდა ცალკე ანგარიშებს იმაზე, ფედერაციის საქმიანობის ცალკეული ელემენტები ფინანსდებ[ოდა] თუ არა საწევროებიდან, კაპიტალიდან მიღებული შემოსავლიდან ან სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული ფულით“ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 19, „II“).
80. სასამართლო არც იმაშია დარწმუნებული, რომ ფედერაციის მიერ ანგარიშის წარდგენა მრეწველობის სამინისტროსადმი ამ უკანასკნელის მიერ არსებით და სისტემატურ ზედამხედევლობას მოიცავდა. ასოციაციაზე მინისტრის 2002 წლის 15 თებერვლის კომენტარების მიხედვით (ციტირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ თავის განსხვავებული მოსაზრებაში ზემოთ, პარაგრაფი 19, „II“), „როგორც ეს ნათლად ჩანს სამრეწველო მოსაკრებლის კანონიდან, ფედერაციას აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, თუ როგორ განაწილდეს მოსაკრებელი, ხოლო მრეწველობის სამინისტრო ვერ ჩაერევა ამაში მანამ, სანამ ის კანონის ფარგლებში რჩება“.
81. წინამდებარე შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა არაწევრების მიმართ, როგორიცაა მომჩივანი, რომლებიც სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის გზით, ვალდებულნი არიან, ფინანსურად დაეხმარონ ფედერაციას (იხილეთ ზემოთ, mutatis mutandis, ევალდსონი და სხვები, §§ 63 და 64).
82. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ არა მარტო ეროვნულმა კანონმდებლობამ არ განსაზღვრა ფედერაციის როლი და მოვალეობები მკაფიოდ და ვერ ჩამოაყალიბა ფედერაციის კონკრეტული ვალდებულებები, არამედ ასევე არსებობდა სამრეწველო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, vis-à-vis არაწევრებისა, როგორიცაა მომჩივანი. ამ გარემოებებში, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ სადავო ზომის წინააღმდეგ სათანადო დაცვის მექანიზმები არსებობდა, რადგან ფედერაცია უფრო ხელსაყრელ პოზიციაში იყო, გაეტარებინა მისი წევრების კონკრეტული ინტერესები და მათთან შედარებით მომჩივანი და მისი მსგავსი არაწევრები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.
83. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივნის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, გამოწვეული მისი აზრის საწინააღმდეგოდ ფედერაციისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ვალდებულებით, გამყარებული იყო საკმარისი მიზეზებით და იყო „საჭირო“. ისლანდიის თავისუფალი შეფასების ზღვარის მიუხედავად, მოპასუხე ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, სათანადო ბალანსი დაეცვა, ერთი მხრივ, მომჩივნის გაერთიანების თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ისლანდიის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარების საერთო ინტერესს შორის.
84. შესაბამისად, დარღვეულია კონვენციის მე-11 მუხლი.
II. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევები
85. კონვენციის მე-11 მუხლთან (რაც განხილული იყო მე-9 და მე-10 მუხლების ჭრილში) დაკავშირებულ ზემოთ მოცემულ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით, მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ დაირღვა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი. მისი აზრით, სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრება შეადგენდა მისი საკუთრების ჩამორთმევას, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევით. წარმოუდგენელი იყო, რომ ფედერაციისთვის გადახდილი სამრეწველო მოსაკრებელი, გადასახადად შენიღბული, შეიძლება განხილულიყო, როგორც საზოგადო ინტერესებით გამართლებული. იმათ, ვინც, მის მსგავსად, მოსაკრებელი გადაიხადა, ცალკე გადასახადი დაეკისრათ, სხვა იმგვარ გადასახადებზე დამატებით, რაც, ჩვეულებრივ, გადასახადების გადამხდელებს ეკისრებოდათ, რაიმე შესაბამისი მოტივის გარეშე, მაგალითად, მოთხოვნით, რომ გადასახადი მათ სასარგებლოდ ყოფილიყო გამოყენებული. შეზღუდული ჯგუფის ამგვარი დაბეგვრა, სხვა შეზღუდული ჯგუფის სასარგებლოდ ან სხვათა ინტერესებში, არ შეიძლება იყოს გამართლებული. მე-11 მუხლის კონტექსტში ზემოთ, 56-ე, 61-ე და 62-ე პარაგრაფებში მოყვანილი მიზეზების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ) მის პოზიციას ამყარებდა.
86. მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ ზემოხსენებულ დებულებებთან ერთად დაირღვა მე-14 მუხლი. განსხვავებული მიდგომა მასა და საჯარო სექტორის იმ საწარმოებს შორის, რომლებიც სახელმწიფოს სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაში იყო, და ასევე კერძო სექტორის გარკვეული ბიზნესებისადმი, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან, არ შეიძლებოდა, გამართლებულად მიჩნეულიყო რაიმე ობიექტური ან გონივრული მოსაზრებით. სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, ფედერაციას ხელსაყრელი მდგომარეობა სამრეწველო მოსაკრებლის დისკრიმინაციული ხასიათის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო.
87. მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა, რომ სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრება საკუთრების ჩამორთმევას წარმოადგენდა, თუმცა მან აღიარა, რომ ეს გულისხმობდა მისი საკუთრების გამოყენების კონტროლს და ამტკიცებდა, რომ ეს დაშვებული იყო 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. მან აღნიშნა, რომ სამრეწველო მოსაკრებლის დაკისრებას დაბეგვრისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ჰქონდა, როგორც ეს ისლანდიის კანონმდებლობით იყო განმარტებული, და ის უნდა განხილულიყო ტერმინ „გადასახადების“ ფარგლებში, როგორც ის კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილში იყო გამოყენებული. სადავო ჩარევა ექცეოდა თავისუფალის შეფასების ფართო ზღვარში, რაც სახელმწიფოს ამ სფეროში ჰქონდა მინიჭებული. სამრეწველო მოსაკრებელი აშკარად კანონიერი იყო და ემსახურებოდა არა მხოლოდ ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთა ინტერესებს, არამედ მთელი საზოგადოების საერთო ინტერესებსაც. მე-11 მუხლთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებაში ზემოთ, 66-ე და 67-ე პარაგრაფებში აღნიშნული მიზეზების გამო, მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, წინამდებარე საქმე განასხვაოს საქმისგან ევალდსონი და სხვები (იხილეთ ზემოთ).
88. მთავრობამ ასევე უარყო დისკრიმინაციის არსებობა სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების მქონე და ასეთი ვალდებულების არმქონე ინდუსტრიებს შორის. სამრეწველო მოსაკრებლის გადახდის წესები თანაბრად შეეხებოდა ყველა სუბიექტს, რომელიც მომჩივნის მსგავს პოზიციაში იმყოფებოდა.
89. სასამართლო, კონვენციის მე-11 მუხლთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებაში მისი ზემოთ მოყვანილი დასკვნების გათვალისწინებით, საჭიროდ არ მიიჩნევს, ცალკე განიხილოს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლთან დაკავშირებული საჩივარი ან ამ უკანასკნელთან ან/და მე-11 მუხლთან მიმართებაში მე-14 მუხლზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივარი.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
90. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. სასამართლო ხარჯები
91. მომჩივანმა განაცხადა, რომ ის არ მოითხოვდა კომპენსაციას მატერიალური და მორალური ზიანისთვს, მაგრამ მოითხოვა სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას, ჯამში 3,920,773 ისლანდიური კრონი და 36,392.07 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 22,000 და 42,000 ევრო) ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონის და ბ-ნ ჩაილდის მიერ გაწეული სამსახურისთვის, რაც მოიცავს 2008 წლის 20 თებერვალს და 2009 წლის 20 მარტს შეტანილ მოთხოვნებს:
(ა) 1,494,000 ისლანდიური კრონი ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონის მიერ ეროვნულ სასამართლოებზე მომჩივნის წარმომადგენლის რანგში გაწეული სამუშაოსთვის (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით);
(ბ) 25,860 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ეროვნულ დონეზე სასამართლო პროცესის დროს ბ-ნ ჩაილდის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისთვის და იმისთვის, რომ 2008 წლის 28 თებერვლამდე იგი წარმოადგენდა მომჩივანს სტრასბურგის სასამართლოში;
(გ) 314,985 ისლანდიური კრონი თარგმანის ხარჯებისთვის;
(დ) 281,925 ისლანდიური კრონი სამგზავრო ხარჯებისთვის;
(ე) 35,863 ისლანდიური კრონი ასლების გადაღებისა და ოქმებისთვის (შესაბამისად, 34,363 და 1,500 ისლანდიური კრონი);
(ვ) 1,494,000 ისლანდიური კრონი ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონის მიერ 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ სტრასბურგის პროცესზე გაწეული სამუშაოსთვის;
(ზ) 300,000 ისლანდიური კრონი 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ მის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯისთვის;
(თ) 9,500 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ ბ-ნი ჩაილდის მიერ გაწეული შემდგომი სამუშაოსთვის;
(ი) 1,032.07 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯებისთვის (ცხოვრების, მგზავრობისა და თარგმანის ხარჯები).
92. რაც შეეხება (ა) და (ბ) პუნქტების მოთხოვნებს, რომელიც შეტანილი იყო 2008 წლის 28 თებერვალს, მთავრობამ ისინი გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ სტრასბურგის პროცესზე ორი იურისტის მომსახურების ღირებულება ზედმეტად მაღალი იყო, როგორც მითითებული საათების რაოდენობის, ისე საათობრივი განაკვეთის თვალსაზრისით. (დ) პუნქტი, მთავრობის აზრით, არ იყო აუცილებელი ხარჯები. 2009 წლის 20 მარტს (ვ), (ზ), (თ) და (ი) პუნქტებზე შეტანილ მოთხოვნას თან არ ახლდა დეტალური ხარჯთაღრიცხვა ან სხვა დაწვრილებითი ანგარიში და ასევე გადაჭარბებული ჩანდა.
93. სასამართლო განიხილავს ზემოხსენებულ მოთხოვნებს მის პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრული კრიტერიუმების თავალსაზრისით, კერძოდ, სასამართლო ხარჯები იყო თუ არა ნამდვილად გაწეული და იყო თუ არა ამ ხარჯების გაღება აუცილებელი იმ საკითხის თავიდან ასაცილებლად, ან გამოსასწორებლად, რომელიც დადგინდა, რომ კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა და იყო თუ არა ის გონივრული ოდენობა. წინამდებარე საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ (ა) და (ბ) პუნტების, ისევე როგორც (გ) და (ე) პუნქტების მოთხოვნები სრულად უნდა ანაზღაურდეს. ვინაიდან არ ცანს, რომ (დ) პუნქტთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა აუცილებელი იყო, ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. არანაირი ქვითრები ან დაწვრილებითი ანგარიში არ ყოფილა წარმოდგენილი (ვ) და (ი) პუნქტებზე, რომლებიც 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ 2009 წლის 24 მარტის საქმის მოსმენამდე და მისი ჩათვლით გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა და ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი გასამრჯელო არ წარმოადგენს გონივრულ ოდენობას. მიუხედავად ამისა, სასამართლო მზად არის, აღიაროს, რომ ზოგი დამატებითი ხარჯები და გადასახადები, რაზეც მოთხოვნა იყო წარდგენილი, ნამდვილად და აუცილებლობიდან გამომდინარე იყო გაწეული სასამართლოს წინაშე საქმის მოსმენაზე მომჩივნის იურიდიული წარმომადგენლობისთვის. მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, მომჩივანს მიაკუთვნოს 15,000 ევრო ბ-ნ ჩაილდის სამუშაოსთვის და 10,000 ევრო ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონის სამუშაოსთვის, ხოლო 1,000 ევრო და 3,000 ევრო შესაბამისად მათი ხარჯებისთვის.
ბ. საურავი
94. სასამართლო მიიჩნევს, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი;
2. ადგენს, რომ 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებული საჩივრისა და ამ უკანასკნელსა ან/და მე-11 მუხლთან მიმართებაში მე-14 მუხლზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივრების ცალკე განხილვის საჭიროება არ არსებობს.
3. ადგენს,
(ა) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტლების გამოტანის თარიღიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 16,000 ევრო (თექვსმეტი ათასი ევრო) ბ-ნ ჩაილდისთვის მოთხოვნილი სასამართლო ხარჯებისთვის და 13,000 ევრო (ცამეტი ათასი ევრო) ბ-ნ ეინარ ჰალფდანარსონისთვის მოთხოვნილი ხარჯებისთვის, რაც კონვერტირებული უნდა იყოს შესაბამისად ბრიტანულ გირვანქა სტერლინგსა და მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში თანხის გადახდის დროს დადგენილი კურსით; ამას დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მომჩივანს დაეკისროს;
(ბ) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხას დაერიცხება საურავის პერიოდის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
4. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ ენაზე და მის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა 2010 წლის 27 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.
ფატოშ არაჩინიკოლას ბრატცა
სექციის სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy