© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ვისტინსი და პერეპიოლკინსი (VISTIŅŠ და PEREPJOLKINS) ლატვიის წინააღმდეგ
(განაცხადი #71243/01)
გადაწყვეტილება
(სამართლიანი დაკმაყოფილება)
სტრასბურგი
25 მარტი, 2014
გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე ვისტინსი და პერეპიოლკინსი ლატვიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ნიკოლას ბრატზა,
ფრანსუაზ ტულკენსი,
ნინა ვაჯიკი,
ლეხ გარლიკი,
პერ ლორენზენი,
კარელ იუნგვიერტი,
ელისაბედ შტეინერი,
იან სიკუტა,
ანდრას შაიო,
ნონა წოწორია,
ისილ კარაკასი,
კრისტინა პარდალოსი,
ანგელიკა ნიუბერგერ,
იულია ლაფრანკი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ანდრე პოტოკი, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოლე, მოსამართლის თანაშემწის მოადგილე,
ითათბირეს რა 2014 წლის 5 მარტს,
იმავე დღეს მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე 2001 წლის 5 ივნისს ლატვიის ორი მოქალაქის ბატონი იანის ვისტინისა და ბატონი გენადის პერეპიოლკინის (“განმცხადებელი”) მიერ ლატვიის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი (#71243/01).
2. 2012 წლის 25 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში (“ძირითადი გადაწყვეტილება”) სასამართლომ (დიდმა პალატამ) დაადგინა, რომ განმცხადებლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით და რადგანაც კომპენსაცია არაპროპორციულად დაბალი იყო, მოპასუხე სახელმწიფო გასცდა მისთვის დასაშვებ თავისუფალი შეფასების ფარგლებს და ამით დაარღვია საკუთრების დაცვასა და საზოგადო ინტერესის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსი. შესაბამისად, დადგინდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევა (იხილეთ ვისტინსი და პერეპიოლკინსი ლატვიის წინააღმდეგ (Vistiņš and Perepjolkins v. Latvia) [დიდი პალატა], #71243/01, §§ 130-131 და ძირითადი დებულებების მე-2 პუნქტი, 2012 წლის 25 ოქტომბერი).
3. კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებლებმა მოითხოვეს ჩამორთმევის მომენტისთვის სადავო მიწის ნაკვეთის სრული საკადასტრო ღირებულება და ამ მიწის ნაკვეთისთვის დაკარგული ქირის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. მათ ასევე მოითხოვეს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მათი ხარჯების ანაზღაურება.
4. ვინაიდან კონვენციის 41-ე მუხლთან მიმართებით საკითხი არ იყო მზად გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლომ ის გამოყო და მოპასუხე სახელმწიფოს და განმცხადებლებს თხოვა ძირითადი გადაწყვეტილების შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში წარმოედგინათ მათი წერილობითი მოსაზრებები ამ საკითხზე, კერძოდ კი სასამართლოსთვის შეეტყობინებიათ მათ შორის რაიმე შესაძლო შეთანხმების შესახებ (ibid., § 140, და ძირითადი დებულებების მე-4 პუნქტი).
5. ვერ მიაღწიეს რა შეთანხმებას, განმცხადებლებმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს თავიანთი წერილობითი მოსაზრებები. შედეგად მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნაზე დამატებითი მოსაზრებები წარმოადგინა.
ფაქტები
A. 1997 წელს უძრავი ქონების საკადასტრო ღირებულების განსაზღვრა
6. განმცხადებლის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას ქალაქის პერიმეტრში უძრავი ქონების საკადასტრო ღირებულება განისაზღვრებოდა 1994 წლის 12 აპრილის #94 რეგულაციით ქალაქში მიწის ნაკვეთის შეფასების შესახებ, რომელიც ძალაში იყო 1998 წლის 12 ივნისამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს რელევანტურია წინამდებარე საქმეზე, [რეგულაციის] ტექსტის პრეამბულა შემდეგ განმარტებებს მოიცავდა:
“... მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულება - მიწის ნაკვეთის ურბანული დაგეგმარება და ეკონომიკური ღირებულება ფორმულირებული მატერიალური ღირებულებით.
...
მიწის ნაკვეთის მოდელური ღირებულება [zemes paraugvērtība] – კონკრეტული დანიშნულებით ჩამორთმევის მიზნისთვის განფასებულ ზონაში [vērtību zona] განთავსებული ურბანული მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება.
მიწის ნაკვეთის De facto მოდელური ღირებულება [zemes faktiskā paraugvērtība] – კონკრეტული დანიშნულებით ჩამორთმევის მიზნისთვის განფასებულ ზონაში [vērtību zona] განთავსებული ურბანული მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება.
...
განფასებული ზონა - ურბანული ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შეესაბამება უძრავი ქონების ღირებულების მახასიათებელ მუდმივად განსაზღვრულ მონაცემებს.
...”
7. მე-5 მუხლით დადგენილი იყო, რომ რეგულაცია არ ვრცელდებოდა ურბანული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრაზე. შეფასების მიზნებისთვის ურბანული ტერიტორია უნდა დაყოფილიყო განფასებულ ზონებად, ზოგადი მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით. დედაქალაქი, რიგა, იყოფოდა შვიდ ან მეტ ზონად (მუხლი 7). მე-8 მუხლის თანახმად ზონირების მთავარი კრიტერიუმი შემდეგი იყო:
“...
(1) [მიწის ნაკვეთის] პოზიციონირება ქალაქის ცენტრთან მიმართებით;
(2) საჯარო-შრომითი ინფრასტრუქტურისა და სოციალური სამსახურების განვითარების დონე;
(3) ტერიტორიის მიმზიდველობა;
(4) ეკოლოგიური მდგომარეობა და ნეგატიური ფაქტორების შედეგები;
(5) ადგილობრივი გეოლოგიური პირობები”
8. რეგულაციის 24-ე მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთის მოდელური ღირებულების (paraugvērtība) გაანგარიშების მეთოდოლოგიას. ქალაქებისთვის, როგორიც რიგაა, არ იყო აუცილებელი მოდელური ღირებულების საგანგებო გაანგარიშება, რადგანაც ის შეესაბამებოდა რეგულაციის მე-2 დანართში მოცემულ ტარიფებს. de facto მოდელური ღირებულების (faktiskā paraugvērtība) განსასაზღვრად აუცილებელი იყო სადაო ზონისა და მომიჯნავე ზონის მოდელურ ღირებულებას შორის სხვაობის გამოთვლა და გამრავლება მომდევნო ზონასთან დაშორებაზე; შემდეგ შედეგის გაყოფა სადაო ზონის სიგანეზე და ბოლოს შესაბამისი ღირებულების მოდელის დამატება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით (25-ე მუხლი). de facto მოდელური ღირებულება შემდეგ უნდა მისადაგებულიყო მიწაზე აღმოცენებული ნაგებობების გათვალისწინებით (26-ე მუხლი).
9. de facto მოდელური ღირებულება მიწის ნაკვეთის ზედაპირის ფართობზე მისი საკადასტრო ღირებულების მისაღებად. შემდეგ ის დაექვემდებარა მაქსიმუმ 20%-იან მისადაგებას კონკრეტული პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორების გათვალისწინებით (30-ე და 34-ე მუხლები). მიწის საკადასტრო ღირებულების განსაზღვრა მიწის სახელმწიფო უწყების (Valsts Zemes dienests) პასუხისმგებლობა იყო.
B. კანონით დადგენილი საურავი
10. სამოქალაქო კოდექსის (Civillikums) შესაბამისი ნორმებით დადგენილია:
მუხლი 1757
“თუკი ხელშეკრულებით დადგენილია საურავის გადახდა, მისი პროცენტული ოდენობა უნდა დაფიქსირდეს. თუკი არ არის განსაზღვრული, ივარაუდება, რომ კანონით დადგენილი განაკვეთია (იხილეთ 1765-ე მუხლი) შეთანხმებული.”
მუხლი 1765
(2006 წლის 1 მარტამდე მოქმედი რედაქცია)
“საურავი უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც კანონმდებლობით დადგენილი საურავის გადახდაა სავალდებულო კანონის თანახმად, საურავის ოდენობა განისაზღვრება წლიური 6 პროცენტით. საურავის გაანგარიშება ხდება კაპიტალზე დაყრდნობით. თუმცა, თუკი საურავის გადახდა არ მოხდა ერთი წლის ან მეტი ვადის განმავლობაში განსაზღვრული ვადისთვის, კრედიტორის მოთხოვნით, კანონმდებლობით დადგენილი საურავის გაანგარიშება უნდა მოხდეს მომდევნო პერიოდში დარიცხული საურავის ჩათვლით.”
მუხლი 1765
(2006 წლის 1 მარტის შემდეგ მოქმედი რედაქცია, რომელშიც ცვლილება შევიდა 2013 წლის 23 მაისს)
“საურავი უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც კანონმდებლობით დადგენილი საურავის გადახდაა სავალდებულო კანონის თანახმად, საურავის ოდენობა განისაზღვრება 6 პროცენტით წლის განმავლობაში.
საურავი საქონელის ან მომსახურების მიწოდებასთან ან შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი დავალიანების დაგვიანებით გადახდისთვის უნდა განისაზღვროს წლიური რვა პროცენტით [“შვიდი პროცენტი” 2013 წლის 26 ივნისამდე] საწყის მონაცემზე დამატებით; რაც შეეხება სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომლის მონაწილეც არის მხარე, [საწყისი მონაცემი უნდა იყოს] ექვსი პროცენტი წლიურად.
საურავი უნდა განისაზღვროს ოთხი პროცენტით. აღნიშნული საურავი უნდა შეიცვალოს ყოველი წლის 1 იანვარს და 1 ივლისს განაკვეთით, რომელიც შეესაბამება ლატვიის ბანკის მიერ რეფინანსირების ოპერაციებისთვის შესაბამისი წლის პირველ დღემდე ფიქსირებულ უახლოეს განაკვეთს. ყოველი წლის 1 იანვრისა და 1 ივლისის შემდეგ ლატვიის ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს მომდევნო ნახევარი წლისთვის მოქმედი საურავის განაკვეთი [“ოფიციალურ გაზეტაში”].
საურავის გაანგარიშება ხდება მხოლოდ კაპიტალიდან. თუმცა, თუკი საურავის გადახდა არ მოხდა ერთი წლის ან მეტი ვადის განმავლობაში განსაზღვრული ვადისთვის, კრედიტორის მოთხოვნით, კანონმდებლობით დადგენილი საურავის გაანგარიშება უნდა მოხდეს მომდევნო პერიოდში დარიცხული საურავის ჩათვლით.”
მუხლი 1763
“საურავის ოდენობის ზრდა უნდა შეწყდეს:
(1) როდესაც გადაუხდელი საურავის ოდენობა მიაღწევს კაპიტალის ოდენობას; ...”
C. ინფლაციის მაჩვენებელი
11. ლატვიის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს (Centrālā Statistikas pārvalde) მიერ ინფლაციის მაჩვენებლების გაანგარიშების მიხედვით, 1997 წლის 25 ნოემბრიდან (ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი კანონის ძალაში შესვლის თარიღი; იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, §§ 23 და 54) 2012 წლის 25 ოქტომბრამდე (ძირითადი გადაწყვეტილების თარიღი) ინფლაციის მაჩვენებელი 94,3 %-ს შეადგენდა.
კანონმდებლობა
12. კონვენციის 41-ე მუხლით დადგენილია:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. მატერიალური ზიანი
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
(a) განმცხადებლები
13. განმცხადებლებმა დაიწყეს მინიშნებით, რომ სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული მიწის ნაკვეთის შეძენის შესაბამისობა ლატვიის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ამ მიწის ნაკვეთზე მათი უფლებამოსილების ვალიდურობა. საპირისპიროდ ამისა სასამართლომ აშკარად დაადგინა, რომ ქონების შეძენასთან მიმართებით განმცხადებლების კეთილსინდისიერება არასდროს გამხდარა სადაო და რომ ლატვიის სახელმწიფო ორგანოებმა ფორმალურად აღიარეს მათი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაციით და ქირის გადახდით (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 120). უფრო მეტიც, მათ მიმართ არასდროს დადგენილა საკუთრების უფლებით კანონსაწინააღმდეგო სარგებლობა ან საჯარო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება. შესაბამისად, განმცხადებლები არ იყვნენ პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის რაც განიცადეს მათი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შედეგად.
14. დაეყრდნენ რა გადაწყვეტილებებს საქმეებზე გუისო-გალისეი იტალიის წინააღმდეგ ((სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], #58858/00, § 105, 2009 წლის 22 დეკემბერი) და მედიჩი და სხვები იტალიის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება), #70508/01, § 13, 2012 წლის 4 დეკემბერი), განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ კომპენსაცია უნდა იყოს საკუთრების დაკარგვის მომენტისთვის მიწის ნაკვეთის სრული ღირებულების შესაბამისი, ეროვნულ დონეზე მიკუთვნებული რაიმე თანხის გამოკლებით და ინფლაციის შედეგებისა და საურავის გათვალისწინებით გაზრდილი. ამასთან მიმართებით, მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მიწის სამსახურის მიერ განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულება, რაზეც სხვასთან ერთად პოლიტიკურმა მოსაზრებებმა იმოქმედა, არ შეესაბამებოდა რეალურ საბაზრო ღირებულებას, რაც უნდა განსაზღვრულიყო ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმებით. მაგალითისთვის განმცხადებლებმა წარმოადგინეს ექპერტის ანგარიში კომპანია SIA I.-სგან (უძრავი ქონების სერთიფიცირებული შემფასებელი), რომელიც აჩვენებდა, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს წინამდებარე საქმეზე განსახილველი მიწის ნაკვეთების საერთო საკადასტრო ღირებულება 2012 წლის 20 დეკემბერს 723 118 ლატვიურ ლატს უტოლდებოდა, მაშინ როცა სრული საბაზრო ღირებულება 7 609 000 ლატვიური ლატი იყო. შესაბამისად, საკადასტრო ღირებულება ქონების საბაზრო ღირებულების 10%-ს შეადგენდა. რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ექსპერტის ანგარიშებს (იხილეთ 23-28 პარაგრაფები დაბლა), განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ იყო სანდო და ნათლად არ ასახავდა გამოყენებულ მეთოდოლოგიას.
15. ამასთან, განმცხადებლებმა განაცხადეს რომ ზემოთ აღნიშულთაგან არცერთი შეფასება არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას. ჩამორთმევის მომენტში მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო მხოლოდ “ბეტონის ფილები” კონტეინერების დასაფიქსირებლად, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება იყო 5,28 ლატვიური ლატი.
16. რეალურად მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის მომენტში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სახელმწიფო მიწის სამსახურის (Valsts Zemes dienests) მიერ განსაზღვრული საკადასტრო ღირებულება. ამ ღირებულებაზე დაყრდნობით მოხდა უძრავი ქონების გადასახადის გამოანგარიშება, ქირის და სერვიტუტის საფუძველზე მიწით სარგებლობის კომპენსაციის განსაზღვრა. წინამდებარე საქმეზე, ლატვიის სასამართლოებმაც საკადასტრო ღირებულება გამოიყენეს განმცხადებლების მიმართ ქირის დავალიანების გაანგარიშების საფუძვლად (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, §§ 25-27) და ეს იყო ის ღირებულება, რის საფუძველზეც [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს უნდა დაედგინა ზიანის ანაზღაურება კონვენციის 41-ე მუხლიდან გამომდინარე.
17. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მათთვის მისაკუთვნებელი კომპენსაციის განსაზღვრისას აუცილებელი იყო მათი შემთხვევის მსგავს მდგომარეობაში სხვა პირების მიერ მიღებული კომპენსაციის ოდენობა. მათ წარმოადგინეს ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი და ამონაწერი მიწის რეესტრიდან იმის შესახებ, რომ 2002 წლის 31 ივლისს ქალაქმა რიგამ ქალბატონი D.-სგან შეიძინა 10 590 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი კუნძინსალაში, მეორე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მეზობლად. ნასყიდობის მომენტში ამ მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულება 515 981 ლატვიურ ლატს შეადგენდა; ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმებული თანხა შეადგენდა 309 588,6 ლატვიურ ლატს, შესაბამისად, მ2 - 29,23 ლატვიური ლატი, რაც იმ დროისთვის საკადასტრო ღირებულების 60%-ს შეადგენდა.
18. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულება ჩამორთმევის მომენტისთვის 564 140 ლატვიური ლატი (802 698,9 ევრო) იყო პირველი განმცხადებლისთვის და 3 126 480 ლატვიური ლატი (4 448 580,26 ევრო) მეორე განმცხადებელისთვის. ეს იყო თანხა, რომელსაც განმცხადებლები [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ.
19. განმცხადებლებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად კანონით დადგენილი საურავი უნდა დამატებოდა მიკუთვნებულ კომპენსაციას (ლატვიის სამოქალაქო კოდექსის თანახმად 6% წლიურად), ინფლაციის შედეგებიდან გამომდინარე დანამატთან ერთად. თუმცა, განმცხადებლებმა ნაცვლად ამისა ამჯობინეს თხუთმეტი წლის განმავლობაში (1997 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში) ქირის მიუღებლობით დაკარგული შემოსავლის ანაზღაურება. რადგანაც ქირა მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულების 3%-ს შეადგენდა, ისინი ითხოვდნენ შესაბამისად 253 863 ლატვიურ ლატს, ან 361 214,51 ევროს (პირველი განმცხადებელი) და 1 406 916 ლატვიურ ლატს ან 2 001 861,12 ევროს (მეორე განმცხადებელი).
20. ჯამში განმცხადებლებმა მოითხოვეს 1 163 913,41 ევროს (პირველი განმცხადებელი) და 6 450 441,38 ევროს (მეორე განმცხადებელი) გადახდა.
(b) მოპასუხე მთავრობა
21. მოპასუხე სახელმწიფო აღიარებს, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საკუთრების დაკარგვის მომენტისთვის ქონების ღირებულებას. თუმცა, ამავდროულად ამტკიცებდა, რომ მიუხედავად მიწის ქირის გაანგარიშებისას საკადასტრო ღირებულების გამოყენებისა, ეს არ იყო მისაღები და არ უნდა გამოყენებულიყო კონვენციის 41-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ 1997 წელს საკადასტრო ღირებულება აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებასთან. დამოუკიდებლობის შემდეგომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყო უძრავი ქონების ბაზარის (რომელიც არ არსებობდა საბჭოთა ეპოქაში, როდესაც მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა) გაფართოება. შესაბამისად, ამ გარდამავალ პერიოდში ურბანული ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მიწის ნაკვეთის მოდელური ღირებულება და აქედან გამომდინარე საკადასტრო ღირებულება ეფუძნებოდა თეორიულ ვარაუდსა და კონკრეტულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობას და მიწის ნაკვეთის განლაგებას ქალაქის ცენტრთან მიმართებით (იხილეთ 6-9 პარაგრაფები მაღლა). ვინაიდან რიგის ავტონომიური პორტი მეტად ახლოს იყო დედაქალაქის ცენტრთან, მისი ტერიტორია მოექცა “AB” ზონაში, რომელიც მაღალი ღირებულების მიხედვით მეორე ოყო. ამ ზონაში მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის მოდელური ღირებულება მერყეობდა 24,24-დან 87,6 ლატვიურ ლატამდე.
22. 1998 წლის 1 იანვრიდან, სადაო ჩამორთმევის შემდეგ, “უძრავი ქონების გადასახადის შესახებ” ახალი კანონი შევიდა ძალაში. მანამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით ეს კანონი ადგენდა, რომ მომავალში საკადასტრო ღირებულება უნდა დადგენილიყო უძრავი ქონების ბაზრის ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნილი ახალი ზონები და ახალი საკადასტრო ღირებულება არ ამოქმედდა 2003 წლამდე. განმცხადებლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო ღირებულება კვადრატული მეტრისთვის 3,9 ლატვიური ლატი და ამ ზღვარზე შენარჩუნდა 2007 წლამდე.
23. ზემოთ აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მოპასუხე სახელმწიფო სადაოდ ხდიდა იმას, რომ 1997 წელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულება არ შეესატყვისებოდა განმცხადებლის მიერ მიღებულ მატერიალურ ზიანს და ნაცვლად ამისა, ჩამორთმევის მომენტისთვის მისი საბაზრო ღირებულება უნდა გამოყენებულიყო. თუმცა, ჩამორთმევის მომენტში მიწის ნაკვეთის ღირებულება არ იყო ცნობილი; აღნიშნულის გაანგარიშება იმ დროისთვის უსაგნო იქნებოდა, რადგანაც ქონება საბაზრო ბრუნვის საგანს არ წარმოადგენდა. ამ ხარვეზის შესავსებად მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა ოთხი ექსპერტის ანგარიში, რომლებიც 2013 წლის იანვარში მომზადდა უძრავი ქონების შემფასებელი სამი კომპანიის მიერ და მოიცავდა 1997 წლის 25 ნოემბრისთვის (ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლის თარიღი; იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, §§ 23 და 54) სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების რეტროაქტიურ გაანგარიშება.
24. 2013 წლის 22 იანვარს კომპანია SIA B.K.G.-ის მიერ მომზადებულ პირველ ანგარიშში მოცემული იყო შემდეგი შეფასება:
“ჩვენ გვთხოვეს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, კერძოდ კი რიგაში, კუნძინსალაში განთავსებული მიწის ნაკვეთისა, 1997 წლის 25 ნოემბერის მდგომარეობით რეგისტრირებული ნომრით 0100 096 0236 (ჩამოართვეს იანის ვისტინს). შეფასება მოხდა ლატვიის ქონების შეფასების სტანდარტისა (Latvijas Īpašuma vērtēšanas standarti, LVS-401) და საჯარო ინტერესებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩამორთმევის მომენტში მოქმედი რედაქციით.
ჩვენი გაანგარიშებისა და ანალიზის შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ 1997 წლის 25 ნოემბერს [განსახილველი] მიწის ნაკვეთის ღირებულება სავარაუდოდ იყო 338 484 ლატი...
‘საბაზრო ღირებულება’ არის თანხა, რომლის გაანგარიშებაც მოხდა შეფასების მომენტისთვის და რის სანაცვლოდაც ქონება ერთი მესაკუთრიდან მეორე მესაკუთრეს გადაეცემა ნებაყოფლობით მყიდველსა და ნებაყოფლობით გამყიდველს შორის შესაბამისი ვაჭრობის შედეგად დამდგარი კომერციული ოპერაციის შედეგად; უფრო მეტიც, ივარაუდება რომ თითოეული მხარე მოქმედებს გაცნობიერებულად და ზეწოლის გარეშე....”
25. მეორე ანგარიში, რომელიც იგივე თარიღით არის დათარიღებული და მოამზადა იგივე კომპანიამ, ეხებოდა მეორე განმცხადებლისთვის ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს (ბატონი გენადის პერეპიოლკინსი). დასაბუთება პირველ ანგარიშში მოცემული დასაბუთების ანალოგიური იყო. ამ დოკუმენტის თანახმად, მეორე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 1997 წლის 25 ნოემბერს 1 250 593 ლატვიურ ლატს შეადგენდა.
26. მესამე ანგარიში მომზადდა 2013 წლის 22 იანვარს სხვა შემფასებელი კომპანიის მიერ, SIA V. ისიც უთითებდა LVS-401 სტანდარტზე და ეყრდნობოდა “საბაზრო ღირებულების” იგივე განმარტებას; ამ ანგარიშში მითითებული იყო შემდეგი მონაცემები: 338 500 ლატვიური ლატი პირველი განმცხადებლის მიწის ნაკვეთისთვის და ჯამში 1 250 500 ლატვიური ლატი მეორე გამცხადებლის ოთხივე მიწის ნაკვეთისთვის. თუმცა, ეს ანგარიში აქ არ სრულდებოდა და ადგენდა ზემოთ აღნიშნული ქონების სრულ საბაზრო ღირებულებას “კონკრეტული გარემოებების, კერძოდ კი ქირის დამდგენი სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინების გარეშე”. გაანგარიშების შედეგად პირველი განმცხადებლისთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის ღირებულება იყო 100 700 ლატვიური ლატი, ხოლო მეორე განმცხადებლის ოთხი მიწის ნაკვეთის ღირებულება იყო 281 300 ლატვიური ლატი.
27. მესამე კომპანიის, SIA E.-ის მეოთხე ანგარიში თარიღდება 2013 წლის 23 იანვრით. ისევე როგორც ყველა ზემოთ აღნიშნული ანგარიშები, ესეც უთითებდა LVS-401 სტანდარტზე და “საბაზრო ღირებულების” იგივე განმარტებას. ამ ანგარიშში აისახა შემდეგი ციფრები: 338 000 ლატვიური ლატი პირველი განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის და 1 250 000 ლატვიური ლატი მეორე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთისთვის.
28. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე წარმოადგინა ექსპერტის მეხუთე ანგარიში, რომელიც იგივე SIA E.-იმ 1999 წელს მოამზადა. დანარჩენი ოთხი ანგარიშისგან განსხვავებით ეს ანგარიში არ განსაზღვრავდა საბაზრო ღირებულებას 1997 წლის 25 ნოემბრისთვის, არამედ ადგენდა მიწის “ეკონომიკურ საფუძველზე საშუალო საკადასტრო ღირებულებას” 1999 წლის 12 სექტემბრისთვის რიგის ავტონომიური კომერციული პორტის პერიმეტრში. მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ ეს შეფასება არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის დაშორებას ქალაქის ცენტრიდან (და შესაბამისად ნაკლული იყო), მაგრამ ეფუძნებოდა იგივე პერიმეტრზე მსგავსი პორტებთან და მათი ბრუნვასთან შედარებას. ანგარიშის თანახმად ამ ტერიტორიის “ეკონომიკურ საფუძველზე საშუალო საკადასტრო ღირებულება” კვადრატული მეტრისთვის 6,62 ლატვიურ ლატს შეადგენდა, ხოლო “ეკონომიკურ საფუძველზე ეფექტიანი საშუალო საკადასტრო ღირებულება” 18,79 ლატი იყო კვადრატული მეტრისთვის.
29. მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებაში არსებულ მიგნებებზე იმასთან მიმართებით, რომ “ლატვიის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილება, განმცხადებლებისთვის ჩამორთმეული ქონების კომპენსაცია არ გაეცათ სრული საბაზრო ღირებულებით, გამართლებული იყო და ბევრად უფრო მცირე თანხები საკმარისი იყო 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად” (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 118). მათ ასევე განაცხადეს, რომ განმცხადებლებმა მიწის ნაკვეთები ჩუქებით მიიღეს, განვითარებაში ინვესტირება არ მოუხდენიათ, არც მიწის გადასახადი გადაუხდიათ და მიწის ჩამორთმევის შემდეგ მათ შეძლეს დიდი ოდენობით ქირის დავალიანების ანაზღაურების მოპოვება (ibid., §§ 25-27). უფრო მეტიც, განმცხადებლებმა გარკვეული კომპენსაცია მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ არ იყო საკმარისი (ibid., §§ 22 and 24). მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრების თანახმად, განმცხადებლების მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელთა საზიანოდ (ეს გულისხმობს ქირის დავალიანებას, გადაუხდელ გადასახადებს და უკვე გადახდილ კომპენსაციას) პირველი განმცხადებლისთვის 72 475,26 ლატვიურ ლატს, ხოლო პეორე განმცხადებლისთვის 455 320,71 ლატვიურ ლატს შეადგენდა. ქონების ჩამორთმევის დროს (მაგალითად, 1993 წლიდან 1996 წლამდე პერიოდში, ლატვიაში საშუალო თვიური ხელფასი 142 ევროს შეადგენდა) მოპასუხე სახელმწიფოს ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით ეს თანხები უზარმაზარი იყო. მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოს ამის გათვალისწინება და განმცხადებლების წინაშე არსებული დავალიანების მნიშვნელოვნად შემცირებათხოვა.
30. მიმდინარე მსჯელობის ჭრილში, მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევდა, რომ სასამართლომ პირველ განმცხადებელს უნდა მიაკუთვნოს 27 607 ლატვიური ლატი (39 281 ევრო), ხოლო მეორე განმცხადებელს - 80 522 ლატვიური ლატი (114 572 ევრო) მათთვის მიწის ჩამორთმევით მიყენებული ზიანის სანაცვლოდ. მათ არ განმარტეს, როგორ მივიდნენ ამ თანხამდე ან რა ფორმულა გამოიყენეს გაანგარიშებისას; თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ საბაზრო ფასი, რასაც დააფუძნეს საშუალო გაანგარიშება ითვალისწინებდა შემოსავლის კაპიტალიზაციის მაჩვენებლის 5%-ს.
31. და ბოლოს, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სასამართლოს მიმდინარე პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც განმცხადებლები დამატებით მოითხოვდნენ მიუღებელ შემოსავალს. ამასთან მიმართებით მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული მიგნება ზემოთ ციტირებულ გუიზო-გალისეის (Guiso-Gallisay) საქმეზე ვერ გავრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე, რადგანაც სახეზე იყო კანონიერი ჩამორთმევა და კონსტრუქციული ჩამორთმევა, რომელიც შეუსაბამოა კანონიერების პრინციპთან.
2. სასამართლოს შეფასება
32. ამასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი გადაწყვეტილების 118-ე პარაგრაფი შემდეგი შინაარსის არის:
“სასამართლო მიიჩნევს, რომ ლატვიის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილება, ჩამორთმეული ქონებისთვის კომპენსაცია არ მიეცათ საბაზრო ღირებულების მიხედვით, გამართლებული იყო და ბევრად ნაკლები თანხები საკმარისი იყო 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად სამ საფუძველზე დაყრდნობით: პირველი, მიწის ნაკვეთის რეალური საბაზრო ღირებულების ობიექტურად განსაზღვრა შეუძლებელი იყო, უფრო კონკრეტულად კი შესყიდვის ექსკლუზიური უფლების გამო, რაც სახელმწიფოსა და ადგილობრივი ორგანოების სასარგებლოდ დადგინდა პორტების შესახებ კანონით; მეორე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო კანონისმიერი სერვიტუტით პორტის სასარგებლოდ ...; და ბოლოს, ვინაიდან განმცხადებლებს არ მოუხდენიათ ინვესტირება თავიანთი მიწის განვითარებაში და არ გადაუხდიათ გადასახადი, მათ წინააღმდეგ რიგის ქალაქის საბჭოს მიერ ინიცირებული გადასახადის ხელახალი შეფასების პროცედურა წარუმატებელი იყო.”
33. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განმცხადებლები ამტკიცებდნენ იმ შემოსავლის მიუღებლობაზე, რაც მათ დაკარგეს სადავო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შემდეგ ქირის მიუღებლობით. ის განმარტავს, რომ დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილებით ავალდებულებს მოპასუხე სახელმწიფოს შეწყვიტოს დარღვევა და აანაზღაუროს მისი შედეგები დარღვევამდე არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად აღდგენით (იხილეთ იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Iatridis v. Greece) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], # 31107/96, § 32, ECHR 2000‑XI). სხვა სიტყვებით, მატერიალური ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს მაქსიმალური მიახლოვებით იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იარსებებდა თუკი სადაო დარღვევას არ ექნებოდა ადგილი. როგორც სასამართლომ ადრე დაადგინა ამასთან მიმართებით, შეუძლებელია კანონიერი ჩამორთმევის გათანაბრება კონსტრუქციულ ჩამორთმევასთან, რაც კანონიერების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა (იხილეთ გუიზო-გალისეი (Guiso-Gallisay), ციტირება მაღლა, § 95). წინამდებარე საქმეზე სასამართლომ ღიად დატოვა სადავო ჩამორთმევის ფორმალური კანონიერების საკითხი, დაადგინა რა შემდეგ (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 105):
“სასამართლო მაინც საეჭვოდ მიიჩნევს, რომ სადაო ჩამორთმევა შეიძლება მიჩნეულ იქნას ‘კანონით გათვალისწინებული პირობებზე’ დაყრდნობით შესრულებულად, განმცხადებლების მიმართ და პროცედურულ გარანტიებთან მიმართებით გამოყენებული გადახვევის გათვალისწინებით... თუმცა სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს ამ საკითხის განხილვას, რადგანაც სადაო ჩამორთმევა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს არღვევდა სხვა საფუძვლებით...“
34. ნებისმიერ შემთხვევაში, თავის ძირითად გადაწყვეტილებაში სასამართლოს ჩამორთმევა არ გამოუცხადებია კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოდ, ვინაიდან დარღვევის დადგენა ეფუძნებოდა მხოლოდ გაუმართლებელ არათანაზომიერებას მიწის ნაკვეთის ოფიციალურ საკადასტრო ღირებულებასა და განმცხადებლებისთვის მიკუთვნებულ კომპენსაციას შორის (ibid., §§ 119 და 130). ამ გარემოებებში “ყველაზე მიახლოებული ვითარება იმასთან რაც იარსებებდა თუკი სადაო დარღვევა არ მოხდებოდა” შემოიფარგლება სათანადო კომპენსაციის გადახდით, რაც უნდა გადახდილიყო ჩამორთმევის მომენტისთვის. საპირისპიროდ ამისა, არ არსებობს საფუძველი რაზე დაყრდნობითაც განმცხადებლები დაადასტურებდნენ შემოსავლის დაკარგვას (lucrum cessans) ჩამორთმევის შემდგომი პერიოდისთვის. შესაბამისად, მათი მოთხოვნების ეს ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
35. სასამართლომ ამჯერად უნდა განსაზღვროს მატერიალური ზიანის სანაცვლოდ განმცხადებლებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (damnum emergens). ამასთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გუიზო-გალისეი (Guiso-Gallisay) (ციტირება მაღლა, §§ 104-105) დადგენილი კრიტერიუმი ვერ მიესადაგება წინამდებარე საქმეს, ვინაიდან ის ეხება per se უკანონო ჩამორთმევას. წინამდებარე საქმეზე სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სახეზე იყო უკიდურესი არათანაზომიერება მიწის ნაკვეთის ოფიციალურ საკადასტრო ღირებულებასა და განმცხადებლებისთვის მიკუთვნებულ კომპენსაციას შორის და დარღვევის დადგენის საფუძველი არ ყოფილა მიწის ჩამორთმევის თანდაყოლილი უკანონობა.
36. ამ გარემოებებში სასამართლო ადგენს, რომ ამ საქმეზე განსასაზღვრი კომპენსაცია არ უნდა ასახავდეს განხილული ჩარევის შედეგების სრული აღმოფხვრის იდეას, არც ამ ქონების სრულ ღირებულებას. სათანადო კომპენსაციის განსაზღვრისას [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან მიმართებით თავის პრეცედენტულ სამართალში დადგენილი კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ქონების ღირებულებასთან გონივრულ მიმართებაში არსებული თანხის გადახდის გარეშე, ქონების ჩამორთმევა, როგორც წესი, არათანაზომიერ ჩარევას წარმოადგენს, რაც ვერ ჩაითვლება გამართლებულად აღნიშნულ მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს იმ თანხის ფიქსირებას, რაც მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში “გონივრულად დაკავშირებულია” მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასთან, სხვა სიტყვებით იმ თანხისა, რასაც ის მისაღებად მიიჩნევდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან მიმართებით თუკი მოპასუხე სახელმწიფო სათანადო კომპენსაციას გადაუხდიდა განმცხადებლებს. ამისათვის [სასამართლომ] ზოგადად უნდა შეაფასოს სადაო ჩამორთმევის შედეგები და დაიანგარიშოს კომპენსაციის ოდენობა განმცხადებლების მიერ საკუთრების დაკარგვის მომენტისთვის მიწის ნაკვეთის ღირებულების მიხედვით (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 111). და ბოლოს, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი თანხის გაანგარიშებისას სასამართლო უნდა დაეყრდნოს სამართლიან მსჯელობებს (იხილეთ, mutatis mutandis, საბერძნეთის ყოფილი მეფე და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Former King of Greece and Others v. Greece) [დიდი პალატა] (სამართლიანი დაკმაყოფილება), # 25701/94, §§ 78-79, 28 ნოემბერი, 2002) და ამასთან გაითვალისწინოს ძირითადი გადაწყვეტილების 118-ე პარაგრაფში ასახულ მიგნებები.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩამორთმევამდე მიწის ნაკვეთები დაექვემდებარა სამ მიმდევრობით შეფასებას: 1994 წელს, 1996 წელს და 1997 წელს. პირველი შეფასება განხორციელდა მიწის მიკუთვნების მომენტში და არასდროს გამოყენებულა ჩამორთმევისა და კომპენსაციის პროცესში. რაც შეეხება მესამე შეფასებას, დაადგინა ის ღირებულება, რაც სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის ( იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, §§ 115-117 და 130-131). რჩება მეორე შეფასება, 1996 წელს სახელმწიფო მიწის საჯარო ორგანოს უძრავი ქონების შეფასების ცენტრის მიერ ჩატარებული სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ღირებულებაზე დაყრდნობით (ibid., § 116). მოპასუხე სახელმწიფოს განმარტების თანახმად, რაც განმცხადებლებს სადავოდ არ გაუხდიათ, იმ დროისთვის უძრავი ქონების საკადასტრო ღირებულების გაანგარიშება მოხდა წმინდად ურბანული დაგეგმარების კრიტერიუმით და არ ასახავდა რეალურ საბაზრო ღირებულებას (იხილეთ ასევე შესატყვისი ეროვნული კანონმდებლობა 6-9 პარაგრაფებში მაღლა). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს შესაბამისად მის გამოყენებას მატერიალური ზიანის გაანგარიშებისთვის.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებმა წარმოადგინეს მთელი რიგი ექსპერტების ანგარიშებისა, რომლებიც მომზადდა სადავო მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შემდგომ. სამართლიანი მსჯელობის გათვალისწინებით, როგორც ამას კონვენციის 41-ე მუხლი მოითხოვს, ის მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის “ეკონომიკურად საფუძველზე დამყარებული ეფექტიანი საშუალო საკადასტრო ღირებულება” რიგის ავტონომიური კომერციული პორტის ფარგლებში, როგორც ეს კომპანია SIA E.-ს ექსპერტებმა დაადგინეს 1999 წელს, ყველაზე შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს განმცხადებლისთვის მისაკუთვნებელი თანხების გასაანგარიშებლად (იხილეთ 28-ე პარაგრაფი მაღლა). პირველი, ამ შეფასებას უპირატესობა აქვს რადგანაც ჩატარდა სადავო ჩამორთმევიდან დაახლოებით ორი წლის ვადაში. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ “მიწის ნაკვეთის რეალური საბაზრო ღირებულება ობიექტურად ვერ განისაზღვრება პორტების შესახებ კანონის საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების სასარგებლოდ ექსკლუზიური შესყიდვის უფლების შემოღების გამო” (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 118), ზემოთ აღნიშნული ღირებულება ფაქტიურად არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა მოცემულ რეგიონში პორტების ბრუნვა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოყენებული ეკონომიკური საფუძველის მქონე ეფექტიანი საშუალო საკადასტრო ღირებულება კვადრატული მეტრისთვის 18,79 ლატვიურ ლატს შეადგენს.
39. საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, კერძოდ კი ძირითადი გადაწყვეტილების 118-ე პარაგრაფში გაცხადებულის, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული თანხის 75%-ით შემცირებას. შესაბამისად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების საფუძვლად უნდა გამოიყენონ 4,69 ლატვიური ლატი კვადრატული მეტრისთვის. წარსულში პირველი განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობია 17 998 კვადრატული მეტრი, შესაბამისად ის უნდა შეფასდეს 84 410,62 ლატვიური ლატით. რაც შეეხება მეორე განმცხადებლისთვის ჩამორთმეულ ოთხ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 47 740 კვადრატული მეტრია, ეს ნაკვეთები უნდა შეფასდეს 223 900,60 ლატვიურ ლატად (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, § 11).
40. აუცილებელია ზემოთ აღნიშნულ თანხას გამოაკლდეს ეროვნულ დონეზე განმცხადებლებისთვის უკვე გადახდილი თანხა, კერძოდ კი 548,26 ლატვიური ლატი და 8 616,87 ლატვიური ლატი (ibid., § 24). შედეგად პირველი განმცხადებლისთვის რჩება 83 862,36 ლატვიური ლატი (119 378,18 ევრო), ხოლო მეორე განმცხადებლისთვის 215 283,73 ლატვიური ლატი (306 461,90 ევრო).
41. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ თანხის ინფლაციის შედეგებთან შესაბამისობაში მოყვანა (იხილეთ სკორდინო იტალიის წინააღმდეგ (#1) (Scordino v. Italy (no. 1) [დიდი პალატა], #36813/97, § 258, ECHR 2006‑V). ის ადგენს, რომ 1997 წლის 25 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი იყო 94.3% (იხილეთ მე-11 პარაგრაფი მაღლა). ამ პროცენტული მაჩვენებელზე დაყრდნობით ზემოთ აღნიშნული თანხა იზრდება და გვაქვს 231 951.63 ევრო (პირველი განმცხადებლისთვის) და 595 455,47 ევრო (მეორე განმცხადებლისთვის).
42. ასევე უნდა მოხდეს იგივე პერიოდისთვის კანონით დადგენილი საურავის გაანგარიშება (ibid.). სასამართლო აღნიშნავს, რომ ლატვიის სამოქალაქო კოდექსის 1763-ე და 1965-ე მუხლების თანახმად, კანონით დადგენილი წლიური საურავი როგორც წესი 6%-ს შეადგენს, მაგრამ ის წყვეტს ზრდას მას შემდეგ რაც კაპიტალის ოდენობას მიაღწევს (იხილეთ მე-10 პარაგრაფი მაღლა). ზემოთ მითითებულ ორ თარიღს შორის პერიოდი არის თოთხმეტი წელი და თერთმეტი თვე, რიცხვი, რომელიც უნდა დამრგვალდეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ორ თარიღს შორის თხუთმეტწლიანი პერიოდისთვის საურავი შეადგენს 107 440,35 ევროს პირველი განმცხადებლისთვის და 275 815,65 ევროს მეორე განმცხადებლისთვის. განმცხადებლებისთვის მისაკუთვნებელი თანხის საბოლოო ჯამი შესაბამისად შეადგენს 339 391,98 ევროს პირველი განმცხადებლისთვის და 871 271,12 ევროს მეორე განმცხადებლისთვის.
43. და ბოლოს, სასამართლო არ თვლის რომ არსებობს განმცხადებლებისთვის ეროვნულ დონეზე გადახდილი ქირის დავალიანების ან რაიმე გადაუხდელი მიწის გადასახადის გამოქვითვის საფუძველი, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო სთავაზობდა. როგორც სასამართლომ აღნიშნა ძირითად გადაწყვეტილებაში, ქირის დავალიანების მოთხოვნას გააჩნდა ქონების ჩამორთმევისთვის კომპენსაციისგან დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მიწის გადასახადს, თვით ლატვიის სასამართლოებმა დაადგინა, რომ განმცხადებლები პირადად გათავისუფლებული იყვნენ გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან გადასახადი უკვე გადაიხადა პორტის მართვაზე პასუხისმგებელმა საჯარო კორპორაციამ (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილება, §§ 37-38 და 128).
44. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს პირველი განმცხადებლისთვის 339 391,98 ევროს, ხოლო მეორე განმცხადებლისთვის 871 271,12 ევროს მიკუთვნებას მატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
B. არამატერიალური ზიანი
45. თითოეულმა განმცხადებელმა 10 000 ევრო მოითხოვა არამატერიალური ზიანის სანაცვლოთ, რაც მათ მიადგათ საკუთრების ჩამორთმევით გამოწვეული მღელვარებისა და ფრუსტრირების შედეგად. ამასთან მიმართებით, მათ აღნიშნეს, რომ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ არა მხოლოდ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობისთვის, არამედ ასევე ქირის დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობისთვის.
46. მოპასუხე სახელმწიფომ უარყო, რომ განმცხადებლებს მიადგათ რაიმე სახის არამატერიალური ზიანი. პირველ ყოვლისა ისინი ამტკიცებდნენ, რომ წინამდებარე საქმე, რომელიც მოიცავდა კანონიერ ჩამორთმევას, არ შეიძლება შედარებოდა ზემოთ მოხსენიებულ საქმეებს გუიზო-გალისეი (Guiso-Gallisay) და მედიჩი (Medici). მეორე, მათ სადავოდ გახადეს სასამართლოს მიერ დადგენილ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევასა და განმცხადებლების მიერ ეროვნულ დონეზე ინიცირებულ საქმისწარმოებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, საქმისწარმოებისა, რომლებიც უფრო მეტიც, ყოველთვის არ წყდებოდა განმცხადებლების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მესამე, მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევდა, რომ მხარის მიერ სასამართლოში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ჩვეული სამართლებრივი ძალისხმევა per se არ მოიცავს “მორალურ ტანჯვას” რამაც შესაძლოა განაპირობოს რეპარაცია კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე.
47. სასამართლო ეთანხმება მოპასუხე სახელმწიფოს მოსაზრებაში, რომ უსუსურობა და ფრუსტრაცია, რაც განიცადა მესაკუთრემ, რომელსაც უკანონოდ ჩამოართვეს საკუთრება (იხილეთ გუიზო-გალისეი (Guiso-Gallisay) ციტირება მაღლა, § 110) ვერ შეედრება ყოფილი მესაკუთრის განცდებს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა სახელმწიფოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობით. თუმცა ის აღიარებს, რომ განმცხადებლებმა განიცადეს გარკვეული ხარისხის არამატერიალური ზიანი დარღვევის დადგენიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ ამ საფუძვლით ანაზღაურების მიკუთვნება გამართლებულად მიიჩნევა. საკითხს წყვეტს რა სამართლიან საწყისებზე, როგორც ეს კონვენციის 41-ე მუხლით არის დადგენილი, თითოეულ განმცხადებელს განუსაზღვრავს 3 000 ევროს [არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ].
C. ხარჯები და დანახარჯები
48. დიდი პალატის წინაშე საქმის არსებითი განხილვისას განმცხადებლებმა ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მოითხოვეს, რაც მათ 4 980 ევროდ შეაფასეს თითოეულისთვის. მათ არ მიუთითეს რომელ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ ამ თანხას, არც რაიმე მხარდამჭერი დოკუმენტი წარმოუდგენიათ.
49. მოპასუხე სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა არ იყო საკმარისად დასაბუთებული და არ აკმაყოფილებდა სასამართლოს რეგლამენტის 60.2 მუხლით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს. თუმცა, ის აღიარებდა, რომ განმცხადებლებს გარკვეული დანახარჯები უნდა ქონოდა და ეთანხმებოდა თითოეული მათგანისთვის მაქსიმუმ 1500 ევროს მიკუთვნებას.
50. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მოსაპოვებლად დაზარალებულ მხარეს რეალურად უნდა ქონდეს ეს თანხა გაღებული. კერძოდ კი 60.2 მუხლი ადგენს, რომ უნდა მოხდეს კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე ნებისმიერი მოთხოვნის აღნუსხული დეტალების წარდგენა შესაბამის მხარდამჭერ დოკუმენტებთან ერთად, რის გარეშეც სასამართლო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა. უფრო მეტიც, ხარჯები და დანახარჯები ექვემდებარება ანაზღაურებას მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც დაკავშირებულია დადგენილ დარღვევასთან (იხილეთ, სხვა მრავალ წყაროსთან ერთად, საქმე ანდრეევა ლატვიის წინააღმდეგ (Andrejeva v. Latvia) [დიდი პალატა], # 55707/00, § 115, ECHR 2009).
51. წინამდებარე საქმეზე სასამართლო ადგენს, რომ დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებისთვის გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების შესახებ განმცხადებლების მოთხოვნა აშკარად ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, ვინაიდან მოთხოვნილი თანხები არ იყო გამაგრებული რაიმე მხარდამჭერი დოკუმენტით და შეუძლებელი იყო გაწეული მომსახურების კონკრეტული ბუნებისა თუ სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისას მათი ობიექტური აუცილებლობის გარკვევა. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღიარებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე განმცხადებლებს უნდა გაეწიათ ხარჯები, განსაკუთრებით დიდი პალატის წინაშე საქმის წარმოებისას. ამ გარემოებებში საკითხს წყვეტს რა კონვენციის 41-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანად, თითოეულ განმცხადებელს აკუთვნებს 1500 ევროს ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, ნებისმიერ გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება განისაზღვროს (ibid., § 116).
D. საურავი
52. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო
1. თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში შეასრულოს შემდეგი ფულადი ვალდებულებები:
(i) გადაუხადოს 339 391,98 ევრო (სამას ოცდაცხრამეტიათას სამას ოთხმოცდათერთმეტი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) პირველ განმცხადებელს, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დადგინდეს მატერიალურ ზიანთან მიმართებით;
(ii) 871 271, 12 ევრო (რვაასსამოცდათერთმეტიათას ორასსამოცდათერთმეტი ევრო და თორმეტი ცენტი) გადაუხადოს მეორე განმცხადებელს, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დადგინდეს მატერიალურ ზიანთან მიმართებით;
(iii) 3 000 ევრო (სამი ათასი ევრო) - თითოეულ განმცხადებელს, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დადგინდეს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(iv) 1,500 ევრო (ათასხუთასი ევრო) - თითოეულ განმცხადებელს, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დადგინდეს ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
2. ერთხმად არ აკმაყოფილებს განმცხადებლების დანარჩენ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და მხარეებს შეატყობინეს 2014 წლის 25 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის შესაბამისად.
მაიკლ ობოლედინ სპილმანი
სასამართლოს თანაშემწის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის თანახმად გადაწყვეტილებას ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
- მოსამართლე გარლიკის განსხვავებული მოსაზრება;
- მოსამართლე ლორენცენის განსხვავებული მოსაზრება, რომელსაც დაეთანხმნენ მოსამართლეები ბრატზა, წოწორია და პარდალოსი.
D.S.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy