ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება ეხება სიცოცხლის უფლებას, ძალის გამოყენებასა და ეფექტურ გამოძიებას.
პოლიციის რეაგირების ფორმა და გამოყენებული ძალის ხარისხი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მიზნის თანაზომიერად, რომელიც პირის გაქცევის თავიდან აცილებას, მის დაკავებას ან მისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურებოდა; ოპერაცია არ იყო დაგეგმილი ისე, რომ მინიმუმამდე შეემცირებინათ სასიკვდილო ძალის გამოყენება: დარღვევა
პიროვნების გარდაცვალების ყოვლისმომცველი და ეფექტური გამოძიების არარსებობა, როდესაც ეჭვქვეშ არ დამდგარა სასიკვდილო ძალის გამოყენების აუცილებლობა: დარღვევა
საქმე „ვასილევსკა და კალუცკა პოლონეთის წინააღმდეგ“
WASILEWSKA AND KAŁUCKA v. POLAND
განაცხადები N 28975/04 და N 33406/04
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2010 წლის 23 თებერვალი
პროცედურა
3. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, პირველი განმცხადებლის მეგობარი და მეორე განმცხადებლის ვაჟი, ბ-ნი კალუცკი უსაფუძვლოდ მოკლა პოლიციამ. ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა მისი სიკვდილის გამომწვევი გარემოებების ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიება.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები 2002 წლის 23 აგვისტოს მოვლენებზე.
6. 2002 წლის 23 აგვისტოს ბ-ნი პრჟემისლავ კალუცკი, რომელიც იმ დროისთვის 26 წლის იყო, ორ თანმხლებ პირთან - გ.ბ. და ტ.ნ-სთან ერთად „სპალას“ სპორტულ ცენტრში მივიდა. მათ ავტომანქანა - ფოლკსვაგენ პასატი ცენტრის ღობის გასწვრივ გააჩერეს.
7. მოულოდნელად, ოთხი ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა, სამი მიკროავტობუსი და ერთი ავტომობილი შემოვიდა. შეიარაღებული მამაკაცები მანქანებიდან გადმოხტნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ლოძის და ტომაზოვ მაზოვიეცკის პოლიციის განყოფილებებისა და სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის თანამშრომლები იყვნენ.
8. ზოგიერთ პოლიციელს სამოქალაქო ტანსაცმელი, ზოგს კი ჯავშანჟილეტიანი და ჩაფხუტიანი უნიფორმა ეცვა. ყველას არ ეცვა ამრეკლი/ლუმინესცენციური ჟილეტი და არ ჰქონდა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რაც მიუთითებდა, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ. როგორც კერძო ტელეკომპანია „TVN-ის“ კამერით გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, ერთ პოლიციელს, რომელიც მოგვიანებით მოხსენიებულია, როგორც მოწმე N2, არ ეცვა ასეთი ჟილეტი. ტელეკომპანია „TVN” დოკუმენტურ ფილმს ამზადებდა პოლიციის მუშაობის შესახებ და კამერები პოლიციის მანქანებში ჰქონდა დამონტაჟებული. ოპერაციის შემდეგ მომზადდა მოკლე დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „კრიმინალური თამაშები“.
9. ბ-ნმა კალუცკიმ და მანქანაში მყოფმა ორმა ადამიანმა იფიქრეს, რომ ისინი უნდა გაეძარცვათ და შეეცადნენ მანქანით გაქცევას საცურაო აუზის მიმართულებით, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია. გ.ბ-მ მძღოლის სავარძელი დაიკავა, ბ-ნი კალუცკი კი მის უკან სავარძელზე დაჯდა. მესამე პიროვნებამ - ტ.ნ-მ ვერ მოახერხა მანქანაში ჩაჯდომა და გაქცევას შეეცადა.
10. ბ-ნი კალუცკის და გ.ბ-ს მანქანები პოლიციის მეორე და მესამე ავტომანქანებს შორის გადაადგილდებოდნენ, როდესაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, რამდენჯერმე ესროლა მძღოლსა და მანქანაში მყოფ პირს. პოლიციელებმა მეთაურის ბრძანებები არ შეასრულეს. მან გასცა ბრძანება, რომ ბოლო ავტომანქანაში მსხდომ პოლიციელებს დაეკავებინათ ბრალდებულები. ამის ნაცვლად, პოლიციის სხვა თანამშრომლები გადმოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან და ბრალდებულების მანქანის შეჩერებას ავტომატური იარაღიდან გასროლით შეეცადნენ.
11. მთელი ოპერაცია თხუთმეტ წამს გაგრძელდა, პოლიციელებმა, სანამ ტერიტორიას დატოვებდნენ, დაახლოებით 40 ტყვია ესროლეს მანქანას, რომელიც ექსპერტის თქმით, არა უმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მიუხედავად პოლიციელების მტკიცებისა, რომ ისინი საბურავებს უმიზნებდნენ, არც ერთი საბურავი არ დაზიანებულა.
12. მძღოლმა მანქანის კონტროლი დაკარგა და ღობეს შეეჯახა. ბ-ნი კალუცკი მძიმედ დაიჭრა და ის პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა მანქანიდან თავით გადმოათრია. პირველი განმცხადებლის ჩვენებით, ბ-ნი კალუცკი ტანმოსული მამაკაცი იყო (120 კგ-ს იწონიდა) , აღნიშნული მოვლენების შედეგად მას ხუთი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
13. სასწრაფო დახმარება არ იქნა დროულად გამოძახებული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები ჩვენებაში აცხადებდნენ, რომ სცადეს ბ-ნი კალუცკის გრძნობაზე მოყვანა და სისხლდენის შეჩერება, გვამის გაკვეთის თაობაზე ანგარიშში არაფერი იყო აღნიშნული. ბ-ნი კალუცკი გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, სროლიდან ოცი წუთის შემდეგ. ავტომანქანის მძღოლი - გ.ბ. მძიმედ დაიჭრა.
სამართალი
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-ნი კალუცკის სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ანგარიში განმცხადებლებმა წარმოადგინეს. მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ეხებოდა განმცხადებლების ბრალდებებზე დაწყებულ გამოძიებას. ასევე წარდგენილ იქნა ის დოკუმენტები, რომლებიც სამართალწარმოების მეორე ეტაპს უკავშირდებოდა.
33. მთავრობამ არ წამოადგინა თავისი მოსაზრებები განმცხადებლების განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ. მთავრობამ ასევე ვერ უზრუნველყო სისხლის სამართალწარმოების დამადასტურებელი იმ დოკუმენტების წარმოდგენა ზოგიერთ ბრალდებულთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ფაქტების დადგენისა და გამოძიების საფუძვლიანობის შეფასების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მათ არ მიუციათ განმარტებები სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებით.
34. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განიხილავს განმცხადებლების განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის საკითხს მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და დოკუმენტების საფუძველზე შიდა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით (იხ. ფედოტოვი რუსეთის წინააღმდეგ, N5140/02, § 61, 2005 წლის 25 ოქტომბერი და კოსტადინოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N55712/00, §50, 2008 წლის 7 თებერვალი).
I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
35. განმცხადებლების თქმით, ბ-ნი კალუცკის მკვლელობისას დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ავტომატი და სხვა იარაღი ძალიან ახლო მანძილიდან გამოიყენეს უიარაღო მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც შეშინებულები იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ ძარცვავდნენ. ამგვარად, პოლიციამ სასიკვდილო ძალა გადაჭარბებულად და ისეთ ვითარებაში გამოიყენა, სადაც ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ისინი ასევე დავობდნენ, რომ პოლიციის ოპერაცია, რომელიც დაუდგენელი, ანონიმური ზარის საფუძველზე დაიწყო, არ იყო სათანადოდ მომზადებული და ცუდად იყო ჩატარებული.
განმცხადებლები ასევე აცხადებდნენ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ბ-ნი კალუცკის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარება. მაგალითად, არ ყოფილა გამორკვეული, რატომ ვერ იქნა ნაპოვნი სისხლის კვალი მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი კალუცკი ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. მოვლენათა თანმიმდევრობა არ ყოფილა დადგენილი პროკურორის მიერ, ხოლო ზოგიერთი მტკიცებულება სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი. კერძოდ, სათვალთვალო კამერები და კომპანია „TVN-ის“ ჩანაწერები გაურკვეველ ვითარებაში იქნა განადგურებული.
36. კონვენციის მე-2 მუხლი ადგენს:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
(a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისგან;
(b) კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
(c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
37. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე კომენტარი საქმის დასაშვებობისა და არსებითი მხარის თაობაზე.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ბ-ნი კალუცკის გარდაცვალების შესახებ
41. მე-2 მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას წარმოადგენს და ევროპის საბჭოს შემადგენელი, დემოკრატიული საზოგადოების მთავარ ღირებულებებს ასახავს. სასამართლომ ამ დებულების დარღვევის შესახებ ბრალდებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეისწავლოს. სახელმწიფო მოხელეების მიერ ძალის გამოყენების შემთხვევებში, მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლთა ქმედებები, რომელთაც უშუალოდ გამოიყენეს ძალა, არამედ ყველა თანმდევი გარემოება, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაბამისი საკანონმდებლო ან მარეგულირებელი ჩარჩო, ასევე სადავო მოქმედებათა დაგეგმვა და კონტროლი (იხ. მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1995 წლის 27 სექტემბერი, § 150, სერია „A“, N 324 და მაკარაცისი საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N50385/99, §§ 56-59, ECHR, 2004-XI).
42. მე-2 მუხლის ტექსტის თანახმად, ის მოიცავს არა მხოლოდ განზრახ მკვლელობას, არამედ სიტუაციებს, სადაც დასაშვებია „ძალის გამოყენება“, რამაც შესაძლოა უნებლიე/გაუფრთხილებელი შედეგი, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს. სასიკვდილო ძალის განზრახი ან მიზანმიმართული გამოყენება მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც მხედველობაშია მისაღები მისი აუცილებლობის შეფასებისას. ნებისმიერი ძალის გამოყენება უნდა იყოს, არა უმეტეს, „აბსოლუტური აუცილებლობით“ განპირობებული, მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „a“ და „c“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მიზნის მისაღწევად. ეს ტერმინი მიუთითებს, რომ აუცილებლობის უფრო მკაცრი და უდავო ტესტი უნდა იქნეს გამოყენებული, ვიდრე ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება იმის განსაზღვრისას, არის თუ არა სახელმწიფოს ქმედება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების მე-2 პუნქტების შესაბამისად. კერძოდ, გამოყენებული ძალა მკაცრად პროპორციული უნდა იყოს დასაშვები მიზნების მისაღწევად (იხ. მაკკენი და სხვები, §§ 148-149).
ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენება, კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად, გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ღონისძიება ეფუძნება კარგი მიზნების კეთილსინდისიერ რწმენას, რომელთა ჭეშმარიტებაც მოცემულ მომენტში ეჭვს არ იწვევს და მხოლოდ მოგვიანებით აღმოჩნდება მცდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს დაეკისრებოდა არარეალური ტვირთი თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, შესაძლოა თავიანთი სიცოცხლისა და სხვათა სიცოცხლის ფასად (იხ. მაკარაცისი, § 66 და მაკკენი და სხვები, § 200).
43. გარდა ამისა, სასამართლომ არაერთგზის დაადგინა, რომ ასეთი აუცილებლობა არ შეიძლება არსებობდეს, როდესაც დასაკავებელი პირი არ წარმოადგენს საფრთხეს სხვისი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის და არ არის ბრალდებული ძალადობრივი ქმედების ჩადენაში, თუნდაც სასიკვდილო ძალის გამოუყენებლობას შედეგად მოჰყვეს დაკავების შესაძლებლობის დაკარგვა (იხ. ნაჩოვა და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43577/98 და N43579/98, § 95, ECHR 2005‑VII ).
44. კონვენციის მე-2 მუხლის „b“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კანონიერი დაპატიმრების ლეგიტიმურმა მიზანმა ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას შეიძლება გაამართლოს (იქვე).
45. გარდა ამისა, იმ გარემოებების დადგენისას, როდესაც სიცოცხლის მოსპობა შეიძლება გამართლებული იყოს, მე-2 მუხლი სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობად სიცოცხლის უფლების დაცვას აკისრებს შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოს შემოღების გზით, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ პირებს შეეძლებათ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება (იხ. მაკარაცისი, §§ 57-59 და გაეროს ზოგადი პრინციპები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაბამისი დებულებები, რომლებიც მაკარაცისის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაშია მოცემული). მე-2 მუხლისთვის დამახასიათებელი მკაცრი პროპორციულობის ზემოხსენებული პრინციპის შესაბამისად (იხ. მაკკენი და სხვები, §149), შიდა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომელიც პირის დაპატიმრების ოპერაციებს არეგულირებს, საფუძვლიანად უნდა შეაფასოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თანმდევი გარემოებები, კერძოდ კი, გაქცეული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნება და მის მიერ გამოწვეული საფრთხე. როგორც მე-2 მუხლის შინაარსიდან ჩანს, პოლიციელების მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამართლებული იყოს. მიუხედავად ამისა, მე-2 მუხლი განუსაზღვრელ თავისუფლებას არ იძლევა. სახელმწიფო მოხელეების არაკონტროლირებადი და თვითნებური ქმედება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების პატივისცემასთან. ეს ნიშნავს, რომ საპოლიციო ღონისძიებები, რომლებიც ასევე სანქცირებულია ეროვნული კანონმდებლობით, სათანადოდ უნდა რეგულირდებოდეს თვითნებობისა და ძალის გადამეტების წინააღმდეგ ადეკვატური და ეფექტური გარანტიების ფარგლებში (იხ. მაკარაცისი, § 58 და ანდრეუ თურქეთის წინააღმდეგ, N45653/99, § 50, 2009 წლის 27 ოქტომბერი).
46. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად თავსებადია გამოყენებული ძალა მე-2 მუხლთან, შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს იმ გარემოებას, იყო თუ არა სამართალდამცავი ორგანოს მიერ ჩატარებული ოპერაცია დაგეგმილი და წარმართული ისე, რომ მაქსიმალურად შეემცირებინათ სასიკვდილო ძალის გამოყენების ან სიცოცხლის შემთხვევით მოსპობის შესაძლებლობა (იხ. ბუბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N50196/99, § 136, ECHR 2005‑II , § 79).
47. გარდა ამისა, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა სათანადო და ეფექტური გარანტიების სისტემას უნდა უზრუნველყოფდეს თვითნებობის, ძალის ბოროტად გამოყენებისა და ინციდენტების თავიდან აცილების წინააღმდეგ (იხ. მაკარაცისი, §58). კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა სასწავლო კურსი უნდა გაიარონ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევების აბსოლუტური აუცილებლობის შესაფასებლად, არა მარტო შესაბამისი დებულებების სიტყვასიტყვით გათვალისწინების საფუძველზე, არამედ ადამიანის სიცოცხლის, როგორც უპირატესი ფუნდამენტური ღირებულების გათვალისწინებით.
48. ამ ფონზე სასამართლომ მოცემულ საქმეზე უნდა განიხილოს არა მარტო ბ-ნი კალუცკის წინააღმდეგ გამოყენებული სასიკვდილო ძალის კანონიერება, არამედ ის, თუ რამდენად იყო ჩატარებული ოპერაცია დაგეგმილი და იმგვარად ორგანიზებული, რომ მაქსიმალურად შეემცირებინა ნებისმიერი რისკი სიცოცხლის ხელყოფისა (იხ. მაკარაცისი, § 60).
49. მოცემული საქმის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელები ოპერაციაში ჩაერთვნენ დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, რომლებიც ბანდის წევრობასა და იარაღის ქონაში იყვნენ ბრალდებულები, მათ შორის, ბ-ნი კალუცკი. ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად იქნა ნაპოვნი ბ-ნი კალუცკის მანქანაში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბ-ნი კალუცკი და ნებისმიერი სხვა ბრალდებული მის გამოყენებას აპირებდა. უფრო მეტიც, ბრალდებულები მანქანით გაქცევას შეეცადნენ და აღნიშნული გარემოებით პოლიციელებს მანქანის დაჯახების საშიშროება შეექმნათ.
სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს გაქცეული ბრალდებულების შეჩერების მიზნით, რომლებიც ხელისუფლების ორგანოების მტკიცებით, პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას შეეცადნენ.
50. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციამ საჭიროდ მიიჩნია იარაღის გამოყენება მანქანის მძღოლისგან მომდინარე საფრთხის გაუნებელყოფის და ავტომანქანის გაჩერების მიზნით, რათა ბრალდებულების
დაკავება შესძლებოდათ (იხ. მაკარაცისი, § 66).
51. მაშასადამე, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს იმ მოსაზრებების თავსებადობა კონვენციის მე-2 მუხლთან, რისთვისაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა, ასევე განიხილოს, იყო თუ არა გამოყენებული ძალა აბსოლუტურად აუცილებელი.
52. სასამართლო ეთანხმება, რომ იარაღის გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც აბსოლუტურად აუცილებელი და გამართლებული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, რამდენადაც შესაძლებელია, რომ პოლიციის ოპერაციაში მონაწილე პირებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ პოლიციელი აშკარა და უშუალო საფრთხის წინაშე იდგა. მოცემული საქმის გარემოებების საფუძველზე შეიძლება იმის მტკიცება, რომ ასეთი საშიშროება არსებობდა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლებოდა ჩათვლილიყო აბსოლუტურად აუცილებლად, ვიდრე ბრალდებულების მანქანა პოლიციელს გასცდებოდა.
53. მოცემულ საქმეში სროლა გაქცეული მანქანის მიმართულებით განხორციელდა მას შემდეგ, როცა იგი პოლიციის თანამშრომელს გასცდა, რომელსაც სავარაუდოდ, დაეჯახა. იმ მომენტში პოლიციელს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდა და პოლიციის თანამშრომლების ერთადერთ მიზანს ბრალდებულების გაქცევის აღკვეთა წარმოადგენდა.
შემდეგი ფაქტორები ასახავს მოცემულ საქმეში სასიკვდილო ძალის გამოყენების შემთხვევებს:
(i) დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ხუთმა პოლიციელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თორმეტ გასროლამდე განახორციელა მანქანის მიმართულებით, რომლითაც ორი მამაკაცი ცდილობდა გაქცევას. იმ დროს არ შეიძლებოდა თქმა, რომ ბრალდებულები საფრთხეს უქმნიდნენ პოლიციის თანამშრომელს (მოწმე N2). მანქანა, ექსპერტის აზრით, მოძრაობდა არა უმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით საცურაო აუზის მიმართულებით, საიდანაც გასასვლელი აღარ იყო.
(ii) პოლიციელები ძირითადად მანქანის გვერდით მხარეს ან უკნიდან წინა მხარის მიმართულებით ისროდნენ. კერძოდ, ანონიმური მოწმე N18, რომელმაც სასიკვდილოდ ესროლა ბ-ნ კალუცკის, გაქცეულ მანქანას გაეკიდა და კალაშნიკოვის ავტომატიდან მანქანას ცეცხლი უკანა მხრიდან გაუხსნა.
(iii) პოლიციელების მტკიცებით, ისინი საბურავებს უმიზნებდნენ; თუმცა, ეროვნული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ საბურავებს ტყვია არ ჰქონდა მოხვედრილი. ბ-ნ კალუცკის, გარდა სასიკვდილო ჭრილობისა, მიყენებული ჰქონდა ხუთამდე სხვა ზედაპირული ჭრილობა ტანის ან თავის არეში. ავტომანქანის უკანა ბამპერი, ასევე უკანა ნაწილში მდებარე საბარგული, მანქანის კარი სახელურის სიმაღლეზე, მძღოლისა და უკანა სავარძლები სერიოზულად იყო ტყვიებისგან დაზიანებული.
54. მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრა ასევე ოპერაციის ჩატარებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი კალუცკი არ მოუკლავთ დაუგეგმავი ოპერაციის მიმდინარეობისას, რა დროსაც განვითარებულ მოვლენებზე რეაგირების მიზნით პოლიცია იქნა გამოძახებული (შედარება და კონტრასტი, მაკარაცისი, § 69). ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, სადაც პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები იყო მობილიზებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანონიმური და საკმაოდ ბუნდოვანი ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ, თითქოს ორი კრიმინალური ბანდა დაუპირისპირდა ერთმანეთს. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პოლიციამ არ იცოდა ოპერაციაში რამდენი ბრალდებული იქნებოდა ან რეალურად იქნებოდნენ თუ არა ისინი შეიარაღებულები.
55. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ განხორციელებული შემდგომი მოქმედებები ეჭვს იწვევს ოპერაციაში ჩართულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება, როგორც პოლიციელებისა (კერძოდ, მოწმე N2-ს, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ შეეცადნენ ბრალდებულები, ეცვა თუ არა სინათლის ამრეკლი ჟილეტი). ასევე ირკვევა, რომ ოპერაციის მეთაურის ბრძანება, რომ ბ-ნი კალუცკი ბოლო ავტომანქანაში მსხდომ თანამშრომლებს დაეპატიმრებინათ, შეიცვალა - პოლიციელები მანქანებიდან გადმოხტნენ და მანქანის გაჩერებას სროლით შეეცადნენ. გარდა ამისა, ოპერაციაში ჩართული უამრავი თანამშრომლის და ბრალდებულების დაუდგენელი რაოდენობის გამო პოლიციამ ვერ შეძლო სასწრაფო დახმარების უზრუნველყოფა. შედეგად, დაზარალებულები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ელოდნენ სასწრაფოს მისვლას.
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე კომენტარი/მოსაზრება პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის თანაზომიერებისა და პოლიციის ქმედებების ორგანიზაციული მხარის შესახებ. ასევე, ამოქმედდა თუ არა ადეკვატური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო მოქალაქეების დასაცავად ძალის თვითნებური და ბოროტად გამოყენებისგან.
კერძოდ, მთავრობა არ შეეცადა იმის არგუმენტირებას, რომ გამოყენებული ძალა არ აღემატებოდა აბსოლუტურ აუცილებლობას კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ერთი ან მეტი კანონიერი მიზნების შესაბამისად. სასამართლო იმეორებს, რომ ეს მთავრობისთვის იმთავითვე ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო და მოცემული არგუმენტის დაუსაბუთებლობას შეიძლება გამოეწვია სასამართლოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევის დადგენა, იმის განხილვის გარეშე, იყო თუ არა ბ-ნი კალუცკის მკვლელობა გამართლებული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მუხლის თანახმად (იხ. აკუმი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, N 21894/93, § 239, ECHR 2005‑II (ამონარიდები)).
57. ზემოთ გაანალიზებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის საპასუხო ქმედების ფორმა და გამოყენებული ძალის ხარისხი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მიზნების მკაცრად პროპორციულად, რასაც ბ-ნი კალუცკის გაქცევის ხელშეშლა და დაპატიმრება ან მისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილება წარმოადგენდა. გარდა ამისა, ოპერაცია არ იყო იმგვარად დაგეგმილი, რომ მინიმუმამდე შეემცირებინათ სასიკვდილო ძალის გამოყენება.
58. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნი კალუცკის გარდაცვალების საკითხთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მისი არსებითი/მატერიალური ნაწილის შესაბამისად.
(ბ) ბ-ნი კალუცკის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით
59. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, რომელიც იკითხება ამავე კონვენციის პირველ მუხლთან ერთობლიობაში „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“, ასევე გულისხმობს, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში, პიროვნების გარდაცვალების დროს, უნდა ჩატარდეს საქმის ეფექტური გამოძიება (იხ. კაია თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 19 თებერვლის განჩინება, ანგარიშები 1998-I, გვ. 324, § 86). ამგვარი გამოძიების არსებითი მიზანია იმ შიდა კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას, ასევე ისეთ საქმეებზე, სადაც მონაწილე მხარეები სახელმწიფო მოხელეები ან ორგანოები არიან, უზრუნველყოფილი იქნეს მათი ანგარიშვალდებულება, იმ ადამიანების გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელთა მიმართაც აღნიშნული მხარეები აგებენ პასუხს. ეს გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი, მსხვერპლის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი, განხორციელდეს გონივრული სისწრაფით, იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ გამოძიებით შესაძლებელი იყოს იმის განსაზღვრა, მოცემულ ვითარებაში, ძალის გამოყენება იყო თუ არა გამართლებული ან უკანონო და მოიცავს თუ არა საზოგადოების მხრიდან გამოძიების ან მისი შედეგების კონტროლის აუცილებელ ელემენტს (იხ. ჰიუ ჯორდანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N 24746/94, §§ 105-109, 2001 წლის 4 მაისი და ბუბინსი, § 137).
60. სასამართლომ უნდა შეაფასოს, აკმაყოფილებდა თუ არა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ინფორმირებულობა საქმის წარმოების შესახებ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი გამოძიების მასალებით შემოიფარგლება. მთავრობამ ვერ წარმოადგინა მასალები/დოკუმენტები შემდგომი სისხლის სამართალწარმოების შესახებ, რომელსაც სასამართლოს აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს/ჰქონდა ფაქტების დადგენისა და გამოძიების საფუძვლიანობის შეფასებისთვის. სასამართლო არსებული დოკუმენტების საფუძველზე შეაფასებს განაცხადის არსებით მხარეს .
61. წინამდებარე საქმეში, „სპალას“ სპორტულ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პროკურორმა საქმის გამოძიება დაიწყო. გამოძიება შეწყდა პროკურორის მიერ, წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, რომელიც რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა 2004 წლის 24 თებერვალს. პროკურორმა დაადგინა, რომ პოლიციის თანამშრომლების ერთადერთი მიზანი გაქცეული ბრალდებულების შეჩერება იყო, რომლებიც პოლიციელის მოკვლას მანქანის დაჯახებით შეეცადნენ. ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელებს სჯეროდათ, რომ ბ-ნი კალუცკი და მისი თანამზრახველები ბანდის წევრები და შეიარაღებულები იყვნენ. ამდენად, როდესაც სცადეს მანქანით გაქცევა, ერთ-ერთ პოლიციელს დაეჯახნენ, მათი გაჩერების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა სწორად გახსნეს ცეცხლი. აღნიშნული არგუმენტები საკმარისი იყო ხელისუფლებისთვის, რომ გამოძიება შეეწყვიტათ.
62. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა დამაკმაყოფილებელია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ გადაწყვიტა პოტენციურად სასიკვდილო ძალის გამოყენება, ამგვარი ძალა არ შეიძლებოდა ყოფილიყო აბსოლუტურად აუცილებელ ძალაზე მეტი, ვიდრე ის მიზნის მისაღწევად იყო საჭირო. ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. არ ყოფილა გამოკვლეული, იქნებოდა თუ არა საკმარისი ნაკლები ინტენსივობის ძალა გაქცეული ავტომანქანის შესაჩერებლად, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სროლა მაშინ განხორციელდა, როდესაც პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. იმ პირობებში, როდესაც ხუთმა პოლიციის თანამშრომელმა ავტომატები და ტყვიამფრქვევები გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს გაქცეული ბრალდებულების „დევნისას“, პროკურატურა და სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა, თუ რამდენად გამართლებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და ამასთან, რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ნებადართული მიზნების მისაღწევად.
გარდა ამისა, არ განხილულა ოპერაციის ჩატარების წესი და ხელისუფლებამ უპირობოდ გაიზიარა პოლიციის თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საბურავებს უმიზნებდნენ, რათა მანქანა გაეჩერებინათ, მიუხედავად იმისა, რომ საბურავები ხელუხლებელი დარჩა და ყველა ტყვია მგზავრებს და მანქანის ზედა ნაწილს მოხვდა.
63. ბ-ნი კალუცკის გარდაცვალების ფაქტზე საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, სადაც ეჭვქვეშ არ დამდგარა სასიკვდილო ძალის გამოყენების აუცილებლობა, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.
Full & Egal Universal Law Academy