დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N107
2008 წლის აპრილი
ვასერმანი რუსეთის წინააღმდეგ (no. 2) (Wasserman v. Russia no. 2)
(საჩივარი- 21071/05)
გადაწყვეტილება, 10 აპრილი, 2008 [1-ლი სექცია]
მე-13 მუხლი
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
სამართალწარმოება მხარეს არ სთავაზობდა ზიანის დროულად ანაზღაურებას, ამასთანავე აღსრულების წარმოების ხანგრძლივობისათვის კომპენსაციის ოდენობა არ იყო საკმარისი: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანმა შემოიტანა წინა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (საჩივარი no. 15021/02), რომელიც შეეხებოდა ფულადი ვალის დაფარვის შესახებ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2004 წლის 18 ნოემბრის პალატის გადაწყვეტილებაში ერთხმად დაადგინა, რომ სახეზე იყო მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის (სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლების დაცვა) დარღვევა. წინამდებარე საქმე შეეხებოდა მომჩივნის საჩივარს იმავე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გაგრძელებასა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არარსებობის შესახებ. მან დაიწყო სამოქალაქო საქმის წარმოება და ითხოვდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოიწვია გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გახანგრძლივებამ. საბოლოოდ, ბოლოს, მას მიაკუთვნეს 8,000 რუბლი (250 ევროზე ნაკლები).
სამართალი
წინასწარი პრეტენზია - კომპეტენცია ratione materiae: მთავრობა აცხადებდა უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ ჰქონდა კომპეტენცია, განეხილა საქმე 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მინისტრთა კომიტეტს ჯერ არ ჰქონდა დასრულებული პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია, განეხილა რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული ღონისძიებები, მაგრამ მიიჩნია, რომ მიუხედავად ამისა, მას შეეძლო, შეეფასებინა თანმდევი ფაქტობრივი განვითარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის საჩივრები შეეხებოდა მომდევნო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩებოდა, ასე რომ ფაქტობრივად სასამართლოს ჰქონდა კომპეტენცია განეხილა აღნიშნული საჩივრები.
არსებითი მხარე: სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთის ეროვნული კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა აღსრულების წარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საჩივრების წარდგენის პროცედურას. მომჩივნის შემთხვევაში, მან შეიტანა სარჩელი ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც გამოიწვია მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ხანგრძლივმა აღუსრულებლობამ, თუმცა ეს პროცედურები გაგრძელდა ორწელიწადნახევარი და ამრიგად, არ აკმაყოფილებდა სწრაფი განხილვის მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება იყოს „ეფექტიანი“ მე-13 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. გარდა ამისა, ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნისათვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის დადგენილი ოდენობა, იყო აშკარად არაგონივრული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით.
დასკვნა : დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ შემდგომში ასევე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილისა (სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევა.
მუხლი 41: 373 ევრო მატერიალური ზიანისათვის და 4,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy