Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N43
2002 წლის ივნისი
ვიერზბიკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wierzbicki v. Poland)
(საჩივარი- 24541/94)
გადაწყვეტილება, 18 ივნისი, 2002 [1-ლი სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
სასამართლიანი განხილვა
ფაქტები – მომჩივანი იყო გაზეთის მთავარი რედაქტორი, რომელმაც 1993 წელს გამოაქვეყნა კომუნისტური საიდუმლო პოლიციის ინფორმატორთა სია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გადასცა პარლამენტს. სია კონფიდენციალური იყო, თუმცა ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. გაზეთმა ასევე გამოაქვეყნა რამოდენიმე სახელი და აცხადებდა, რომ ისინი სიიდან ამოღებული იქნენ მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. ერთ-ერთმა ასეთმა პირმა - ს.ნ-მ, რომელიც მოახლოვებულ არჩევნებში კენჭს იყრიდა, მომჩივნის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ეროვნულმა სასამართლომ უარყო ს.ნ-ს მოთხოვნა, დაეკითხა კონკრეტული მოწმეები იმ მოტივით, რომ მოწმეების დაკითხვა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ს.ნ-ს სახელი იყო სიაში და არა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იგი ინფორმატორი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ უარი განაცხადა წარედგინა მომჩივნის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენდნენ საიდუმლოს და მათი გახსნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დროს. მომჩივნის სარჩელი იქნა უარყოფილი.
სამართალი – კონვენციის მე-6 მუხლი პირდაპირ არ იძლევა იმის გარანტიას რომ მოწმეებს, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, ჰქონდეთ უფლება გამოიძახონ ან წარადგინონ რაიმე სხვა მტკიცებულება სასამართლოზე. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი შეზღუდვა, მოწმის გამოძახებასა და სხვა მტკიცებულების წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აკისრია მხარეს სამოქალაქო საქმის წარმოების დროს, უნდა შეესაბამებოდეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მის შუამდგომლობაში მომჩივანი სასამართლოსგან ითხოვდა ყოფილი და ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრების და ჯ.კ-ს - ცნობილი პოლიტიკოსის, მოწმის სახით სასამართლოში გამოძახებას. ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწმეები მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხებოდნენ, რომ ს.ნ. იყო აღნიშნულ სიაში შეტანილი და არა იმ საკითხზე მართლაც იყო თუ არა ს.ნ. ინფორმატორი. უფრო მეტიც, სასამართლომ საქმის სირთულისა და სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტა, რაიმე დოკუმეტური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვერ მოხდებოდა. ამრიგად, რადგან მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ინფორმაცია ს.ნ-ს შესახებ არ იყო სიმართლე, სასამართლომ მისი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გამოიტანა.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი მოწმეთა გამოძახებაზე უარის შესახებ და დაასკვნა, რომ ს.ნ-ს წინააღმდეგ ბრალდებების ხასიათიდან და დოკუმენტური მტკიცებულების არ არსებობიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწმის ჩვენებით, ვერ მოხდებოდა მომჩივნის საჩივრის დაკმაყოფილება.
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ როდესაც სასამართლოები უარს ამბობენ მხარის მოთხოვნაზე - მოწმეთა დაკითხვის შესახებ, მათ უნდა მიუთითონ საკმარისი მიზეზები და უარი თვითნებობით არ უნდა იყოს განპირობებული: უარი არაპროპორციულად არ უნდა ზღუდავდეს მოსარჩელის უფლებას, წარადგინოს არგუმენტები საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად.
ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის განსაზღვრა ყველაზე უკეთ ეროვნულ სასამართლოებს შეუძლიათ (იხ. ვიდალი ბელგიის წინააღმდეგ; ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიკვლიეს მომჩივნის მოთხოვნა მოწმეთა გამოძახების თაობაზე და წარადგინეს დეტალური მიზეზები უარის თქმის შესახებ. აქედან გმომდინარე, მომჩივნის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე უარის თქმა არ წარმოადგენდა არაპროპორციულ შეზღუდვას. შესაბამისად, არ დარღვეული კონვენციის 6.1 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy