X და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ
X and Others v. Bulgaria [GC]
საჩივარი N 22457/16
დიდი პალატის გადაწყვეტილება
02.02.2021
მუხლი 3
ეფექტური გამოძიება
ფაქტები - მომჩივნები არიან ძმა და ორი და, რომლებიც დაიბადნენ ბულგარეთში. 2012 წლის ივნისში, შესაბამისად, 12, 10 და 9 წლის ასაკში, ისინი იშვილა იტალიელმა წყვილმა. შემდგომში, მომჩივნებმა თავიანთ მშვილებლებს გაუმხილეს, რომ მათზე სექსუალურად ძალადობდნენ ბულგარეთში, ბავშვთა სახლში ყოფნის დროს.
მშობლებმა იტალიის ხელისუფლების წინაშე აღძრეს ძალადობის შესახებ საჩივრები, როგორც პირდარიპი ასევე ცხელი ხაზის ასოციაციის (helpline association) მეშვეობით, კერძოდ იტალიის, საერთაშორისო შვილად აყვანის კომისიის (“the CAI”), და მილანის პროკურატურის მეშვეობით. აღნიშნულმა ხელისუფლების ორგანოებმა საჩივრები გადასცეს ბულგარეთის ხელისუფლებას. მომჩივნის მშობლები ასევე დაუკავშირდნენ იტალიელ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია ბავშთა სახლში ბავშების ფართომასშტაბიანი სექსუალური ძალადობის შესახებ, რამაც ბულგარეთში მედიის ყურადღება მიიპყრო. ამ ქმედებების შემდგომ, სამი ცალკეული წინასწარი გამოძიება დაიწყო ბულგარეთში და სამივე შეწყდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ამავე საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის პალატის გადაწყვეტილებაში, ერთხმად დადგინდა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 (არსებითი და პროცედურული ნაწილები) და მე-8 მუხლები. მომჩივანთა მოთხოვნით საქმე გადაეცა დიდ პალატას.
სამართალი - მუხლი 3: სტრასბურგის სასამართლომ მეტად მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საჩივრები განხილულიყო მხოლოდ მე-3 მუხლის შესაბამისად.
ზოგადი პრონციპები176. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი ასახვას დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ის აბსოლუტურად კრძალავს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს, თუ იგი ექცევა მე-3 მუხლის ფარგლებში. ამ დონის შეფასება, თავისი არსით, შედარებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, უმთავრესად მოპყრობის ხანგრძლივობაზე, მის ფიზიკურ თუ გონებრივ ეფექტებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (Nicolae Virgiliu Tănase v. Romania [GC], no. 41720/13, § 116, 25 June 2019).
177. კონვენციის მე-1 მუხლის თანახმად მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებაა, მათი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ კონვენციით განსაზღვრული ყველას უფლებები და თავისუფლებები. ზემოაღნიშნული მუხლი მე-3 მუხლან ერთობლიობაში, სახელმწიფოსგან მოითხოვს რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, კერძო პირების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას (O’Keeffe v. Ireland [GC], no. 35810/09, § 144, ECHR 2014 (ამონარიდები), და M.C. v. Bulgaria, no. 39272/98, § 149, ECHR 2003‑XII). ბავშვებს და სხვა მოწყვლად პირებს გააჩნიათ ეფექტური დაცვის უფლება ( A. v. the United Kingdom, 23 September 1998, § 22, Reports of Judgments and Decisions 1998‑VI; M.C. v. Bulgaria, § 150; და A and B v. Croatia, no. 7144/15, § 106, 20 June 2019).
178. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე, როგორც შემდგომ პუნქტებშია მოცემული, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, პირველ რიგში, შექმნას დაცვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო; მეორე, კონკრეტულ კარგად განსაზღვრულ ვითარებაში, მიიღოს ოპერატიული ზომები რათა დაიცვას ამ დებულებით გათვალისწინებული საწინააღმედგო მოპყრობის რისკის ქვეშ მყოფი პირები; და მესამე, მას გააჩნია ამგვარი სავარაუდო მოპყრობის შესახებ განცხადებებზე ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ზოგადად, ამ პოზიტიური ვალდებულების პირველი ორი ასპექტი კლასიფიცირდება როგორც „არებითი“, ხოლო მესამე ასპექტი შეესაბამება სახელმწიფოს პოზიტიურ „პროცედურულ“ ვალდებულებას.
ა) შესაბამისი და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის პოზიტიური ვალდებულება
179. კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების მიხედვით, კერძოდ, საჭიროა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რათა ადეკვატურად მოხდეს პირთა დაცვა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მთლიანობის დარღვევისგან, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის დებულებების მიღებით და პრაქტიკაში მათი ეფექტური გამოყენების გზით (იხ. S.Z. v. Bulgaria, § 43, და A and B v. Croatia, § 110). უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება სერიოზულ ქმედებებს როგორიცაა ბავშვების გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა, წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ ეფექტური სისხლის სამართლებრივი დებულებების არსებობა (იხ. Söderman v. Sweden [GC], no. 5786/08, § 82, ECHR 2013, და M.C. v. Bulgaria, § 150). ეს ვალდებულება ასევე გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ლანზაროტის კონვენციის მე-18 და 24-ე მუხლები. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენცია გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით, იმ პრინციპების შესაბამისად რომლებიც ეხებიან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვას (იხ. Streletz, Kessler and Krenz v. Germany [GC], nos. 34044/96 and 2 others, § 90, ECHR 2001‑II, და Al‑Adsani v. the United Kingdom [GC], no. 35763/97, § 55, ECHR 2001‑XI).
180. დაცვის პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო სამსახურის კონტექსტში, რომლის მოვალეობაა დაიცვას ბავშთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან და იმყოფებიან ხელისუფლების ერთპიროვნული კონტროლის ქვეშ (იხ., საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, O’Keeffe, ციტირებული ზემოთ, § 145, და, მე-2 მუხლის ფარგლებში, Nencheva and Others v. Bulgaria, no. 48609/06, §§ 106‑16 და 119-20, 18 June 2013). ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეიძლება მოითხოვდეს სპეციალური ზომებისა და გარანტიების მიღებას. აქედან გამომდინარე, ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გამოვლენისა და ანგარიშების გაკეთების სასარგებლო მექანიზმების არსებობა, ფუნდამენტურია შესაბამისი სისხლის სამართლის კანონების ეფექტური განხორციელებისთვის (O’Keeffe, ციტირებული ზემოთ, § 148).
(ბ) პოზიტიური ვალდებულება ოპერატიული დამცავი ზომების მისაღებად
181. კონვენციის მე-2 მუხლის მსგავსად, მე-3 მუხლმა შეიძლება, გარკვეულ ვითარებაში, სახელმწიფოსგან მოითხოვოს ოპერატიული ზომების მიღება მსხვერპლთა ან პოტენციურ მსხვერპლთა არასათანადო მოპყრობისგან დასაცავად (იხ., mutatis mutandis, Osman v. the United Kingdom, 28 October 1998, § 115, Reports 1998-VIII).
182. ამასთან, ეს პოზიტიური ვალდებულება უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი, მხედველობაში მიიღოს პირთა ქცევის არაპროგნოზირებადობა და ოპერატიული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების გათვალისწინებით. შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის ყველა რისკი არ შეიძლება ხელისუფლებას აკისრებდეს კონვენციის შესაბამისად ზომების მიღებას ამ რისკის მატერიალიზაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, აუცილებელი ზომები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ დაცვას განსაკუთრებით ბავშვებისა და სხვა დაუცველი პირებისათვის და უნდა მოიცავდეს გონივრულ ზომებს არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა (იხ. O’Keeffe, cited above, § 144).
183. ამრიგად, პოზიტიური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იდენტიფიცირებული პირის არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალი რისკის არსებობის შესახებ და რომ მათ ვერ მიიღეს ზომები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში რაც გონივრულად შეფასებისას, მოსალოდნელი იყო რომ თავიდან აიცილებდა ამ რისკს (იხ. Đorđević v. Croatia, no. 41526/10, § 139, ECHR 2012, და Buturugă v. Romania, no. 56867/15, § 61, 11 February 2020).
(გ) ეფექტური გამოძიების განხორციელების პროცედურული ვალდებულება
184. გარდა ამისა, თუ პირი სადავო საფუძვლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიცადა მე-3 მუხლის საწინააღდეგო ქმედებები, ეს მუხლი მოითხოვს ეროვნული ორგანოებისგან, რომ განახორციელონ ეფექტური ოფიციალური გამოძიება საქმის ფაქტების დასადგენად და გამოავლინონ და საჭიროების შემთხვევაში, დასაჯონ დამნაშავეები. ასეთი ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფო აგენტების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებით (იხ. S.Z. v. Bulgaria, § 44, და B.V. v. Belgium, no. 61030/08, § 56, 2 May 2017).
185. იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, იგი უნდა იყოს საკმარისად ძირფესვიანი. ხელისუფლებამ უნდა მიიღს ხელმისაწვდომი გონივრული ზომები ამ დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად (იხ., S.Z. v. Bulgaria, § 45). ისინი ყოველთვის უნდა ეცადონ, რომ გაარკვიონ თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს მათი გამოძიების დასასრულებლად (იხ. Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, § 123, ECHR 2015, და B.V. v. Belgium, § 60). გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს დაადგინოს ფაქტები ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საფრთხეს უქმნის ამ სტანდარტის დარღვევას (იხ., Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 120, და Batı and Others v. Turkey, nos. 33097/96 and 57834/00, § 134, ECHR 2004‑IV (ამონარიდები)).
186. ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება არის არა შედეგის, არამედ საშუალებების გმოყენების ვალდებულება. არ არსებობს კონკრეტული პირის დევნის ან მსჯავრდების რაიმე აბსოლუტური უფლება, როდესაც არ ყოფილა დანაშაულებრივი ხარვეზები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მცდელობის პროცესში (იხ. A, B and C v. Latvia, no. 30808/11, § 149, 31 March 2016, and M.G.C. v. Romania, no. 61495/11, § 58, 15 March 2016). გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს არ შეუძლია ჩაანაცვოს ეროვნული ხელისუფლება საქმის ფაქტების შეფასებისას და არ შეუძლია გადაწყვიტოს სავარაუდო დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (იხ., B.V. v. Belgium, § 61, და M. and C. v. Romania, no. 29032/04, § 113, 27 September 2011). ანალოგიურად, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანა არ არის ეჭვქვეშ დააყენოს გამომძიებლების მიერ ჩატარებული გამოძიება ან მათ მიერ მიღებული ფაქტების დასკვნები, თუ ისინი აშკარად არ ითვალისწინებენ შესაბამის ელემენტებს ან არიან თვითნებურნი (იხ., S.Z. v. Bulgaria, § 50, და Y v. Bulgaria, no. 41990/18, § 82, 20 February 2020). მიუხედავად ამისა, გამოძიების აშკარა ხაზის არარსებობამ შეიძლება მკვეთრად შეაფერხოს გამოძიების უნარი დაადგინოს საქმის გარემოებები და დამნაშავეთა ვინაობა (იხ. M.N. v. Bulgaria, no. 3832/06, § 48, 27 November 2012, და Y v. Bulgaria, § 82).
187. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, ინსტიტუციები და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის განხორციელებაზე, დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ მიზნობრივი პირებისგან, რომელთა მიმართაც არიან მიმართულნი. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირის ნაკლებობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც (Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 118).
188. ოპერატიულობისა და გონივრული ექსპედიციის მოთხოვნა ასევე იგულისხმება გამოძიების ჩატარების ვალდებულებაში. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ არსებით მოთხოვნად მიიჩნია, რომ გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს და განხორციელდეს. სამართალწარმოების საბოლოო შედეგის მიუხედავად, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმი პრატიკაში უნდა მოქმედებდეს გონივრულ ვადაში, რათა დაასრულოს გამოკვლევა ხელისუფლების წინაშე წარდგენილ საქმეთა გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., W. v. Slovenia, no. 24125/06, § 64, 23 January 2014; S.Z. v. Bulgaria, cited above, § 47; and V.C. v. Italy, no. 54227/14, § 95, 1 February 2018).
189. უფრო მეტიც, მსხვერპლს უნდა შეეძლოს ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში (იხ., Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 122, დაB.V. v. Belgium, ციტირებული ზემოთ, § 59). გარდა ამისა, გამოძიება მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად (იხ., მეორე მუხლის კონტექსტში Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, § 303, ECHR 2011 (ამონარიდები)).
190. იმავდროულად, გამოძიების დაკსვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის საფუძვლიან, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს (იხ., A and B v. Croatia, § 108). მიუხედავად ამისა, შემოწმების ხარისხი და ბუნება, რომელიც აკმაყოფილებს გამოძიების ეფექტურობის მინიმალურ ზღვარს, დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე. ისინი უნდა შეფასდეს ყველა შესაბამისი ფაქტის საფუძველზე და საგამოძიებო მუშაობის პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით (იხ., mutatis mutandis, Armani Da Silva v. the United Kingdom [GC], no. 5878/08, § 234, 30 March 2016).
191. სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობის მოთხოვნა შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში მოიცავდეს საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებას ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს დახმარების მოძიების ან გაწევის ვალდებულებას. ამ ვალდებულების ხასიათი და ფარგლები აუცილებლად იქნება დამოკიდებული თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებებზე, მაგალითად, არის თუ არა ძირითადი მტკიცებულებები სადავო ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან გაიქცნენ თუ არა იქ ეჭვმიტანილები (მე-2 მულთან მიმართებით იხ., Güzelyurtlu and Others v. Cyprus and Turkey [GC], no. 36925/07, § 233, 29 January 2019). ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან რაც შეიძლებაა გონივრული ნაბიჯები თანამშრომლობისათვის, კეთილსინდისიერად ამოწურონ მათი შესაძლებლობები მოქმედი საერთაშორისო ინსრუმენტების შესაბამისად, ურთიერთსასამართლო დახმარებისა და სისხლის სამართლის საქმეებში თანამშრომლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის უფლებამოსილი კონვენციის გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებების ან სხვა ვალდებულებების პატივისცემის ზედამხედველობაზე, ის როგორც წესი ამოწმებს ამ კონტექსტში გამოიყენა თუ არა რესპოდენტმა ამ ინსტრუმენტებით გათვალისწინებული შესაძლებლობები (ოხ., Güzelyurtlu and Others, § 235, და მასში არსებული მითითებები).
192. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამარლო პრაქტიკიდან ნათელია, რომ საქმეებში, სადაც ბავშვები შესაძლოა იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, მე-3 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულების შესრულება ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში, მოითხოვს ბავშთა უფლებების ეფექტურ განხორციელებას, რომ უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნეს მათი საუკეთესო ინტერესები და ადეკვატურად იქნეს გააზრებული ბავშვის განსაკუთრებული მოწყვლადობა და შესაბამისი საჭიროებები (იხ., A and B v. Croatia, § 111, and M.M.B. v. Slovakia, no. 6318/17, § 61, 26 November 2019; იხ,, ასევე M.G.C. v. Romania, §§ 70 and 73). ეს მოთხოვნები ასევე განსაზღვრულია სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა ბავშვის უფლბების კონვენცია, ლანზაროტის კონვენცია და ევროკავშირის ფარგლებში მიღებული ინსტრუმენტები. უფრო ზოგადად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ შემთხვევებში კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროდეცურული ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით განმარტებული უნდა იქნეს სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან, უფრო კონკრეტულად ლანზაროტის კონვენციიდან, გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით.
2. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
ა) პოზიტიური ვალდებულებები შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს შესაქმნელად (არსებითი ნაწილი)
მოპასუხე სახელმწიფოში სისხლის სამართლის კანონმდებლობის არსებობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა სექსუალური ძალადობის პრევენციასა და დასჯას, ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ მომჩივნებს ასევე, ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები, როგორც ჩანს, ესადაგებიან წინამდებარე საქმეში გასაჩივრებულ ქმედებებს. სახელმწიფოებს ასევე, გააჩნიათ დაცვის მაღალი მოვალეობა მშობლების მზრუნველობა მოკლებული და საჯარო მზრუნველობის დაწესებულებაში მოთავსებული ბავშვების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ბავშვთა დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და გამოვლენის არაერთი მექანიზმია დანერგილი. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ასაჩივრებდნენ ზოგიერთი ამ ღონისძიებისა და მექანიზმის ფაქტობრივ არსებობას და ეფექტურობას, ამის დასადგენად წარმოდგენილი არ ყოფილა საკმარისი ინფორმაცია. არც ის დადგენილა, რომ ბავშვთა საცხოვრებელ დაწესებულებებში სექსუალური ძალადობა წარმოადგენდა სისტემურ საკითხს, რომ მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი ზომების მოთხოვნა.
ბ) პოზიტიური ვალდებულება მიღებული იქნეს პრევენციული ოპერატიული ზომები (არსებითი ნაწილი)
მომჩივნები იმყოფებოდნენ განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში და მხოლოდ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. ასეთ გარემოებებში, პრევენციული ოპერატიული ზომების მიღების ვალდებულება (სადაც ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა რისკის შესახებ, რომ ბავშვი შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას) გაიზარდა წინამდებარე საქმეში და მოითხოვდა განსაკუთრებული სიფხიზლის გამოვლენას. ეროვნულმა გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ ბავშვთა სახლის ან სხვა ორგანოს თანამშრომლებმა იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ. ამ გარემოებებში და იმ მტკიცებულებების არარსებობისას, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ პირველმა მომჩივანმა ბავშვთა სახლის დირექტორს შეატყობინა ძალადობის შესახებ, სტრასბურგის სასამართლოს არ გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა რეალური და უშუალო რისკის შესახებ რომლის წინაშეც მომჩივნები იდგნენ, იმისათვის, რომ მიეღოთ პრევენციული ოპერატიული ზომები ამ რისკის წინააღმდეგ.
დასკვნა: არ დადგინდა დარღვევა (ერთხმად).
გ) ეფექტური გამოძიების განხორციელების პროცედურული ვალდებულება
საქმეები რომლებიც პოტენციურად ეხებიან ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას, მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად უნდა იქნეს განმარტებული სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით და განსაკუთრებით ევროპის საბჭოს კონვენციის ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესახებ ვალდებულებების გათვალისწინებით („ლანზაროტის კონვენცია“, იხ. მუხლები 12-14 და 30-38).
საკმარისად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება ხელისუფლებას გაუჩნდა, როგორც კი მათ მიიღეს სადავო ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ. ეს ვალდებულება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ მსხვერპლის მიერ ნებისმიერ მოთხოვნაზე გამოხმაურებით ან მსხვერპლის ინიციატივით ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე პასუხისმგებლობის აღებით. ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში, ბულგარეთის ხელისუფლებამ მილანის პროკურატურისგან მიიღო უფრო დეტალური ინფორმაცია მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანთა ფსიქოლოგებმა ჩათვალეს, რომ მათი ბრალდებები სანდოა და რომ არაერთმა იტალიურმა ორგანომ მიიჩნია ისინი საკმარისად სერიოზულად იმისათვის, რომ დაწყებულიყო გამოძიება. შესაბამისად, ბულგარეთის ხელისუფლების წინაშე იყო სადავო მოთხოვნები, რომლებიც ინიცირებდნენ მე-3 მუხლით დადგენილ საპროცესო მოვალეობას.
ბულგარეთის ხელისუფლებამ არაერთი საგამოძიებო ნაბიჯი გადადგა. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს იყო თუ არა გამოძიება საკმარისად ეფექტური. არ არსებობდა რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაყენებულიყო ბულგარეთის ხელისუფლების მოქმედებების დროულობა და სისწრაფე და არც ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სააგენტოს (“SACP”) დამოუკიდებლობა, რომელმაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები.
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მშობლების გამოძიებაში ჩართვა არ იყო ნაგულისხმევი, სამწუხაროა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას არ უცდია მათთან დაკავშირება, რათა მათთვის მიეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია და გაეწიათ დროული დახმარება. შესაბამისად, მათ აეკრძალათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პროცესებში და მათ ვერ შეძლეს საჩივრის შეტანა გამოძიების დასრულებიდან დიდი ხნის გასვლამდე (ამასთან დაკავშირებით იხ. ლანზაროტის კონვენციის მუხლი 31 § 1 (ა), (გ) და (დ)).
გამოძიების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით: შესაბამისი ორგანოებისა და პოლიციის ექსპერტებმა ჩაატარეს ადგილზე შემოწმება, შეამოწმეს მასალები, მათ შორის მომჩივნებისა და სხვა ბავშვების სამედიცინო მასალები, რომლებიც სადავო პერიოდში ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში და დაკითხეს სხვადასხვა თანამშრომელი, პროფესიონალები და პირები რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ სავარაუდო დამნაშავეები. გამოიკითხნენ ასევე ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები, მათ შორის მომჩივნების მიერ ნახსენები ზოგიერთი ბავშვი: მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები ყოველთვის არ იყო ადაპტირებული ბავშვთა ასაკისა და სიმწიფის დონესთან და არ გაკეთებულა ვიდეო ჩანაწერები (იხ. ლანზაროტის კონვენციის 35 -ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). ერთ-ერთ ბავშვთან პოლიციას მოუწია ხელმეორედ გასაუბრება.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ აშკარად უგულებელყო გამოძიების გარკვეული მიმართულებების გატარება და გარკვეული საგამოძიებო ზომების მიღება, რაც შესაძლოა აქტუალური ყოფილიყო;
i) საერთაშორისო თანამშრომლობა
თუ ბულგარეთის ხელისუფლებას ეჭვი ეპარებოდა მომჩივანთა ბრალდების სანდოობაში, მათ შეეძლოთ ეცადათ ფაქტების გარკვევა მომჩივნების გამოკითხვისა და მშობლების დაკითხვის მოთხოვნით. შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება შეეძლოთ ასევე ფსიქოლოგებს, რომლებიც იტალიაში ესაუბრენ მომჩივნებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბულგარეთის ხელისუფლებისთვის არ იყო მიზანშეწონილი მომჩივანთა გამოკითხვა - იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა რაიმე სახის ტრამვის გამწვავების რისკი და არაეფექტურობის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დროის გასვლასთან და მტკიცებულებების მოპოვებასთან ერთად მოგონებების გადაფარვასთან ან რაიმე გავლენებთან - ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ასეთი გამოკითხვების მოთხოვნის აუცილებლობა. საერთაშორისო ინსტრუმენტებში არსებული პრინციპებით ხელმძღვანელობით, ხელისუფლებას შეეძლო მიეღო ზომები მომჩივანების, როგორც მოწმეების და ასევე მსხვერპლების, მხარდასაჭერად და დასახმარებლად, ასევე შეეძლო გამგზავრებოდა იტალიაში სამართლებრივი ურთიერთდახმარების კონტექსტში ან იტალიის ხელისუფლებისგან მოეთხოვა მომჩივანთა ხელახალი გამოკითხვა. როგორც ეს ასახულია ლანზაროტის კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკაში (Güzelyurtlu and Others v. Cyprus and Turkey [GC], 36925/07, 29 January 2019), ტრანსნაციონალურ საქმეებში გამოძიების პროცედურული ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს სხვა სახელმწიფოების თანამშრომლობას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით თანამშრომლობისათვის. მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის პროკურორმა უარი თქვა საქმის აღძვრაზე იმ საფუძვლით რომ ფაქტებთან მიმართებით არ არსებობდა საკმარისი იურისდიქციული კავშირი იტალიასთან, მაინც შესაძლებელი იქნებოდა მომჩივნების გამოკითხვა ევროკავშირის ფარგლებში არსებული სასამართლო თანამშრომლობის მექანიზმების შესაბამისად. თუ პირდაპირ გამოკითხვას არ თვლიდნენ აუცილებლად, ბულგარეთის ხელისუფლებას იტალიელი კოლეგებისგან შეეძლო მინიმუმ მოეთხოვა ვიდეოჩანაწერები - რომლებიც ფსიქოლოგებმა და მცირეწლოვნებისთვის სპეციალურმა პროკურორმა გააკეთეს ბავშვების გამოკითხვის დროს - მათი სანდოობის შეფასების მიზნით.
ანალოგიურად, სამედიცინო სერტიფიკატების არარსებობის გამო, ბულგარეთის ხელისუფლებას შეეძლო, კვლავ საერთაშორისო სასამართლო თანამშრომლობის კონტექსტში, ეთხოვა მათთვის სამედიცინო შემოწმების გავლა.
ii) სხვა ბავშვების მიმართ და მხრიდან ძალადობის გამოძიება
მომჩვანთა ანგარიშები და შესაბამისი მტკიცებულებები ასევე შეიცავდა ინფორმაციას სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ძალადობის მსხვერპლები და იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებმაც სავარაუდოდ ჩაიდინეს ძალადობა, რომელთაგანაც ზოგიერთი შემთხვევა წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებული იყო ნათელი მოეფინა ამ სავარაუდო ფაქტებისთვის. თუმცა, მას არ უცდია იმ ბავშვებთან გასაუბრება რომლებიც მომჩივნებმა დაასახელეს და რომლებმაც ამასობაში უკვე დატოვეს ბავშთა სახლი.
iii) სხვა საგამოძიებო ზომები
სავარაუდო ძალადობის ბუნებისა და სერიოზული ხასიათის გათვალისწინებით, უფრო რთული საგამოძიებო ღონისძიებები, როგორიცაა ბავშთა სახლის პერიმეტრის მონიტორინგი, სატელეფონო მოსმენები ან სატელეფონო და ელექტრონული შეტყობინებების მოსმენა, ასვე საიდუმლო აგენტების გამოყენება, უნდა ყოფილიყო განხილული. ასეთი ზომები გათვალისწინებული იყო ლანზაროტის კონვენციაში და ფართოდ გამოიყენება მთელ ევროპაში ამგვარი გამოძიებების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ მე-8 მუხლში მოცემული გარანტიები (პირადი ცხოვრების პატივისცემა) შეიძლება ლეგიტიმურად აწესებდეს საგამოძიებო მოქმედების ფარგლებს, წინამდებარე საქმეში ასეთი ზომები აღმოჩნდა შესაბამისი და პროპორციული, მომჩივანთა ბრალდებების გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო ორგანიზებული დანაშაული და ის ფაქტი, რომ დასახელებულნი იყვნენ ამოცნობადი პირები. ამგვარი ღონისძიებების განხორციელება შეიძლებოდა თანდათანობით, დაწყებული იმით, რაც ყველაზე მცირე გავლენას ახდენს პირის პირად ცხოვრებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ლანზაროტის კონვენცია ახალისებს ცხელი ხაზის გამოყენებას, როგორც ძალადობის შესახებ შეტყობინების საშუალებას, სტრასბურგის სასამართლომ სინანული გამოთქვა, რომ SACP-ს არ ჰქონია რეაქცია მომჩივანთა მამის ელ. ფოსტასა და „ნადიას ცენტრის“ ანგარიშზე (ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზირებული ბულგარული ფონდი), 2012 წლის ნოემბერში.
მათთვის ხელმისაწვდომი იყო, რომ პოტენციურ მსხვერპლთა ანონიმურობის გარანტიის ფარგლებში ცენტრისგან მოეთხოვათ ყველა აუცილებელი დეტალი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნული ბავშვთა სახლის იდენტიფიცირებას და ფარული საგამოძიებო ღონისძიების გატარებას, კიდევ უფრო ადრე.
გარდა ამისა, მიუხედავად იმ ბრალდებებისა, რომ ფოტოგრაფმა წარმოადგინა ფოტოები, გამომძიებლებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს მისი სტუდიის გაჩხრეკა და მედიის ხელში ჩაგდება სადაც ისინი შეიძლება ინახებოდა. უფრო ზოგადად, სხვა შესაბამისი პირების მიერ გამოყენებული მედიის ხელში ჩაგდება შესაძლებელს გახდიდა, მომჩივნის სავარაუდო ძალადობის შესახებ ბრალდებებზე მტკიცებულებების მოპოვებას თუ არა (რომელიც შვიდი თვით აადრე მოხდა), ბავშვთა მიმართ მსგავსი ძალადობის შესახებ მტკიცებულების მოპოვებას მაინც.
iv) საბოლოო შეჯამება
გამოძიების ჩატარებით, ბულგარეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად უპასუხა იტალიის ხელისუფლების მოთხოვნებს და არაპირდაპირ უპასუხაა მომჩივნების მშობლებს. თუმცა, საგამოძიებო ორგანოებმა - რომლებმაც არ გაატარე შესაბამისი გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები - არ მიიღეს ყველა გონივრული ზომა ფაქტების გამოასაშკარავებლად და არ განახორციელეს მათ წინაშე არსებული მტკიცებულებების სრული და ფრთხილი ანალიზი. პირიქით, ისინი შემოიფარგლენ ბავშვთა სახლში და მის ტერიტორიაზე მყოფ პირთა დაკითხვით და დახურეს საქმე მხოლოდ ამ საგამოძიებო მეთოდის საფუძველზე. მართლაც, გამოძიების დასრულების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ყველა შესაბამისი ფაქტის გამორკვევის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოები ცდილობდნენ დაედგინათ, რომ მომჩივნების ბრალდებები იყო ყალბი.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა და მიუღებლად მიიჩნია, რომ SACP-ის პრეზიდენტმა გააკეთა სატელევიზიო განცხადება, ხელისუფლების მიერ პირველი შემოწმების შედეგებამდე, სადაც მან დაადანაშაულა მომჩივანთა მშობლები ცილისწამებაში, მანიპულირებასა და არაადეკვატურ აღზრდაში. ამგვარი განცხადებები ძირს უთხრიდა SACP-ისა და თავად ინსტიტუციის მირ ჩატარებული გამოძიების ობიექტურობას.
საერთო ჯამში, გამოვლენილი ხარვეზები საკმარისად სერიოზული იყო იმის დასადგენად, რომ გამოძიება არ იყო ეფექტური მე-3 მუხლის მიზნებისათვის, სხვა მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტების და კერძოდ ლანზაროტის კონვეცნიის ჭრილში.
დასკვნა: დარღვევა (ცხრა ხმა რვა ხმის წინააღმდეგ).