Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ჰოქსაჯი ალბანეთის წინააღმდეგ
Xhoxhaj v Albania
(საჩივარი 15227/19)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
9 თებერვალი 2021
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1970 წელს და საჩივრის ფორმაში მის მისამართად მითთებულია ამერიკის შეერთებული შტატები. მომჩივანს წარმოადგენდნენ ბ-ნი ა. საჩუჩი (A. Saccucci ) და ქ-ნი გ. ბორნა (G. Borgna), რომში მოღვაწე ადვოკატები.
3. მთავრობას წარმოადგენდა მისი იმდროინდელი წარმომადგენელი ბ-ნი ა. მეტანი (A. Metani) და მოგვიანებით ქ-ნი ე. მუცაჟი (E. Mucaj), სახაზინო ადვოკატი.
I. საქმის გარემოებები
4. 2014 წელს შეიქმნა, საგანგებო (ad hoc) საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მოგვიანებით, მან დაამტკიცა ალბანეთში მართლმსაჯულების სისტემის შეფასების ანგარიში („შეფასების ანგარიში“). შეფასების ანგარიში მოიცავდა რიგ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებსა და სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვებს რომლებიც ჩატარდა 2009–2015 წლების შუალედში. ზემოხსენებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით, საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული ის მოსაზრება, რომ მართლმსაჯულების სისტემაში სუფევდა კორუფცია, გადაჭარბებული გარე ზეგავლენა, გამჭვირვალობის ნაკლებობა, სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობა და საბოლოო სასამართლოო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა. საზოგადოების მოსაზრებით, ზოგიერთი მოსამართლე და პროკურორი წამახალისებელ გასამრჯელოს იხდიდნენ დედაქალაქში ან სხვა დიდი ქალაქებში დანიშვნის ან გადაყვანისათვის. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, წამახალისებელი გასამრჯელოს გადახდის ციკლი - როგორც წესი „შუამავლის“ ჩართულობით - ოჯახის წევრი, მეგობარი ან ადვოკატი - გავრცელებული იყო ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორიცაა სასამართლო პოლიციის ოფიცერი, პროკურორები და მოსამართლეები. შესაბამისად, ამან შეაფერხა მართლმსაჯულების განხორციელება: კორუმპირებული პოლიციის თანამშრომლები ქრთამს იღებდნენ დანაშაულის ჩადენის ადგილთან დაკავშირებული მტკიცებულებების გასანადგურებლად, კორუმპირებული პროკურორები ქრთამს იღებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან ბრალის წაყენების თავიდან აცილების სანაცვლოდ, ხოლო კორუმპირებული მოსამართლეები აჭინაურებდნენ საქმის მოსმენას ან გადაწყვეტილებას იღებდნენ წამახალისებელი გასამრჯელოს მიღებისას. აშკარა იყო მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მხარეების პროფესიონალიზმის დაბალი დონე, ისევე როგორც იურიდიული განათლების სისტემის მარცხი, ჩამოეყალიბებინა მოქალაქეთა ცნობიერება საკუთარ სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებზე და კანონის ცოდნასა და დაცვის თაობაზე. შეფასების ანგარიში ასევე ეხებოდა საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიშს მონიტორინგის შესახებ, რომლებიც უთითებდნენ ალბანეთში მართლმსაჯულების სისტემის სხვადასხვა პრობლემაზე.
5. შეფასების ანგარიში წარმოადგენდა ქვაკუთხედს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და მიღებისათვის („რეფორმის სტრატეგია“). რეფორმის სტრატეგიაში შემოთავაზებული ზოგიერთი ღონისძიება, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავდა, (i) მოსამართლეთა და პროკურორთა ქონების და ინტერესთა კონფლიქტის გაცხადებისა და ვერიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებას, უკანონო აქტივების მითვისების შემთხვევების გამოვლენის მიზნით, (ii) ნორმატიული დებულებების შემოღებას იმისათვის, რომ სავალდებულო გახდეს მოსამართლეთა და პროკურორთა ქონების ან ინტერესთა კონფლიქტის დეტალური გადამოწმება, მათ მიერ თანამდებობის დაკავებამდე, (iii) მოსამართლეთა და პროკურორთა ქონების გამჭვირვალობის გაზრდას, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის (როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება) ინფორმაციის, ფაქტების და სხვა მონაცემებით უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს მათ ვერიფიკაციას და (iv) მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ სადისციპლინო საქმისწარმოების დაწყების კანონის შესაბამისად მოთხოვნას, თუკი ისინი მოვალეობის განხორციელებისას აქტივების და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ გაასაჯაროვებდნენ ინფორმაციას, გაასაჯაროვებდნენ დაგვიანებით ან არასრულად.
6. შემოთავაზებული რეფორმის სტრატეგიის შედეგად, 2016 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები და ამოქმედდა მთელი რიგი არსებითი წესდებები, რომელთაგან ერთი იყო მოსამართლეთა და პროკურორთა ხელახალი შეფასება, სხვაგვარად მოსამართლეთა საკონტროლო შემოწმების შესახებ კანონი (შემოწმების შესახებ კანონი).
მოცემული გადაწყვეტილების მიზნებისათვის, ტერმინები „მოსამართლეთა და პროკურორთა ხელახალი შეფასების შესახებ კანონი“ და „შემოწმების შესახებ კანონი“ გამოყენებულია ურთიერთმონაცვლეობით. ანალოგიურად, ტერმინები „შემოწმების პროცესი/შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები“ და „ხელახალი შეფასების პროცესი/ხელახალი შეფასების პროცესთან დაკავშირებული პროცედურები“ გამოყენებულია ურთიერთმონაცვლეობით.
7. შემოწმების პროცესი, რომელსაც დაექვემდებარება ყველა მოსამართლე და პროკურორი, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საკვალიფიკაცო კომისიის მიერ პირველი ინსტანციის დონეზე და სპეციალური სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო დონეზე, რომლებიც თავიდან შეაფასებენ სამ კრიტერიუმს, კერძოდ: აქტივების შეფასებას, წარსულის შესახებ შეფასებას ორგანიზებულ დანაშულთან კავშირების აღმოჩენის მიზნით და პროფესიული კომპეტენციის შეფასებას. ყველა პირს რომელიც უნდა შემოწმდეს კანონით მოეთხოვება სამი ცალკეული დეკლარაციის წარდგენა, შემოწმების შესახებ კანონთან ერთად, თითოეული ხელახალი შეფასების კრიტერიუმთან დაკავშირებით.
II. საქმის გარემოებები
8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
9. მომჩივნის სამოსამართლო კარიერა დაიწყო 1995 წლის მარტში, როდესაც იგი დაინიშნა ტირანას რაიონულ/საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე. 2006 წელს, როდესაც ის განაგრძობდა მოსამართლედ მუშაობას, არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელი იყო რაიონულ/საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნაზე, გადაყვანასა და დაწინაურებაზე, აგრეთვე, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. საბჭოში მომჩივანი მსახურობდა 4 წელი. 2010 წლის 25 მაისს იგი დაინიშინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 9 წლის ვადით, რომელიც განახლებას არ ექვემდებარებოდა.
10. აქტივების გასაჯაროების შესახებ კანონის შესაბამისად, მომჩივანი, რამდენადაც იგი ითვლებოდა საჯარო მოხელედ და მისი პარტნიორი წარადგენდა ყოველწლიურ დეკლარაციას აქტივების შესახებ 2003 წლიდან 2016 წლამდე.
A. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის წინაშე არსებული პროცედურები
11. მოსამართლეთა და პროკურორთა ხელახალი შეფასების შესახებ კანონის თანახმად, მომჩივანმა წარადგინა აქტივების შესახებ დეკლარაცია. მან და მისმა პარტნიორმა გაასაჯაროვეს, რომ ისინი თანასაკუთრებაში ფლობდნენ სამ ქონებას: (i) 101კვ. მ ფართის მქონე ბინას, რომელიც შეძენილ იქნა ნასყიდობის შესახებ გეგმიური (off-plan contract[1]) კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 8 მარტს (blerë më 8 mars 2005 [me] kontratë sipërmarrje) და დარეგისტრირდა ადგილობრივი უძრავი ქონების რეგისტრაციის სამსახურში 2011 წლის დეკემბერში ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ; (ii) 59 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა, რომელიც შეძენილი იქნა გეგმიური ხელშეკრულების (off-plan contract) ფარგლებში 2010 წლის 5 ოქტომბერს (kontratë sipërmarrje datë 5.10.2010) და (iii) 221.9 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი.
ორივე მათგანმა დეტალურად აღწერა მათი შემოსავლებისა და დანაზოგების წყაროები. მომჩივანმა შემდგომ გაამხილა, რომ მას ჰქონდა საბანკო ანგარიშები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც გაიხსნა 2015 და 2016 წლებში. მან ასევე წარადგინა მთლიანი დეკლარაცია და პროფესიული თვითშეფასების ფორმა.(იხ. პარაგრაფები 133 და 134 ქვემოთ).
ადმინისტრაციული მოკვლევა12. 2017 წლის 14 ნოემბერს, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ეკუთვნოდა შემოწმების პრიორიტეტულ პირთა სიაში ყოფნა, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ (“IQC”) გადაწყვიტა დაეწყო სიღრმისეული ადმინისტრაციული მოკვლევა მომჩივნის მიერ წარდგენილ სამ დეკლარაციასთან მიმართებით.
13. 2017 წლის 30 ნოემბერს გაიმართა კენჭისყრა კომისიის სამ-კაციანი კოლეგიის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მომჩივანსაც.
14. 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე პერიოდში დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მიმართა მომჩივანს წარმოედგინა პასუხები მრავალ დეტალურ კითხვაზე. მან პასუხი წარადგინა 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 6 მარტის განმავლობაში.
15. 2018 წლის 19 მარტს დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ შემოწმების შესახებ კანონის 47-ე ნაწილის შესაბამისად, მომჩივანს აცნობა ადმინისტრაციული მოკვლევის დასრულების შესახებ და წარუდგინა შესაბამისი პირველადი დასკვნები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამგვარ დასკვნებს. კერძოდ, 101კვ.მ. ფართობის მქონე ბინასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ: (i) არსებობდა შეუსაბამობები შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით, რომელიც გამოყენებულ იქნა ბინის შესაძენად, 2005 წლის ქონების დეკლარაციისა და ქონების შემოწმების დეკლარაციის შედარებისას და აგრეთვე, ბინის შეძენის ფორმასთან მიმართებით, რამდენადაც გეგმიური ხელშეკრულების (off-plan contract) დადება შედგა 2003 წელს, და (ii) არ არსებობდა დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებდა ფულადი სახსრების წყაროს, რომელიც გამოყენებულ იქნა ბინის შესაძენად. მომჩივნის ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით დასკვნებში აღნიშნულია, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი კანონიერი შემოსავალი 2007, 2009 და 2015 წლებში ლიკვიდური აქტივების გადაჭარბებული ოდენობის გასამართლებლად. რაც შეეხება 666 კვ. მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც მან 2003 წლის დეკლარაციაში ასახა, მაგრამ ქონების შემოწმების შესახებ დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი, დასკვნებში ნათქვამია, რომ ამ ნაკვეთზე მის წილთან დაკავშირებით შეუსაბამობები იყო. გარდა ამისა, მომჩივანს მოეთხოვა განმარტების გაეკეთება მოქალაქის მიერ წარდგენილ საჩივარზე, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში მონაწილეობაზე თვითაცილების არ დაყენების საკითხს. შემოწმების შესახებ კანონის 54-ე ნაწილისა და კონსტიტუციის დანართის D მუხლის § 5 პარაგრაფის შესაბამისად, კომისიამ მტკიცების ტვირთი გადაიტანა მომჩივანზე, რომელსაც მიეცა 20 დღიანი ვადა საკუთარი პოზიციის დასაცავად, საჭირო დამადასტურებელი არგუმენტების წარსადგენად. მას ასევე შეახსენეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე, მე-40 და 45-47 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებზე, მათ შორის, საქმის მასალებზე წდვომის, დამატებითი მტკიცებულების წარდგენისა და მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობაზე.
17. 2018 წლის 21 მარტს მომჩივანმა წარადგინა მოთხოვნა საქმის მასალების წვდომაზე ნებართვის მოსაპოვებლად, აგრეთვე, მიეღო ინფორმაცია საზღვარგარეთ მისი მოგზაურობის დროს გაწეული ხარჯების გამოანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დადებითი პასუხი გასცა 2018 წლის 23, 27 და 30 მარტს. დამატებით, მომჩივანს აცნობა, რომ 2017 წლის 6 იანვრიდან 5 დეკემბრამდე შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა დამხმარე ორგანოებმა, რომლებიც დახმარებას უწევდნენ კომისიას მანდატის განხორციელებისას, კერძოდ, დეკლარაციების, ქონების შემოწმებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ უმაღლესმა ინსპექციამ (“HIDAACI”), კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატმა (“CISD”) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექციამ (“IHCJ”), მომჩივნის ყველა დეკლარაციასთან დაკავშირებით დადებითი შეფასება გასცეს.
18. 2018 წლის 7 აპრილს მომჩივანმა წარადგინა საკმაოდ მოცულობითი არგუმენტები და მტკიცებულებები საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად.
19. 2018 წლის 16 აპრილს, მომჩივნის წერილობითი პოზიციების წარდგენის შემდეგ, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივანს თხოვა მიეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გას მიზნით.
20. 2018 წლის 17 აპრილს დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივანს აცნობა, რომ საჯარო განხილვა გაიმართებოდა შემოწმების შესახებ კანონის 55-ე ნაწილის შესაბამისად. მას დამატებით განემარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე-40-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები. მოსმენა გაიმართა 2008 წლის 23 აპრილს. მომჩივანი, რომელიც თავად იცავდა საკუთარ პოზიციებს, წარადგინა დამატებითი წერილობითი და ზეპირი მოსაზრებები.
21. 2018 წლის 25 აპრილს კომისიამ შეაჩერა მომჩივნის საქმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რათა ჰქონოდა დრო გამოეკვლია მის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც მან გააგზავნა 2018 წლის 18 აპრილს ელ.ფოსტის მეშვეობით და ხელმისაწვდომი გახადა სხდომაზე.
2. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილება
22. 2018 წლის 4 ივნისს დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დამხმარე სახელმწიფო ორგანოების მიერ წარდგენილი ანგარიშების გათვალისწინებით, აგრეთვე ადმინისტრაციული მოკვლევის ფარგლებში მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებების, მომჩივნის პასუხების და საზოგადოების წევრების ორი სარჩელის მხედველობაში მიღებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მომჩივნის საქმეზე. სარეზოლუციო ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 2018 წლის 3 მაისს.
(a) ქონების შეფასებასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები
(i) 101 კვ. მ. ფართობის მქონე ბინასთან დაკავშირებით
23. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ შეისწავლა მტკიცებულება საქმეთა მასალებში, რომლებიც ეხებოდა 101 კვ.მ. ფართობის მქონე ბინას, რომელიც ეკუთნოდა მომჩივანსა და მის მეუღლეს და გამოარკვია, რომ: „არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული დამადასტურებელი დოკუმენტები, დეკლარაცია იყო ყალბი და შემოსავლები დაფარული შემოსავლის წყაროს კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძვლად ედო ბინის შეძენას“.
24. ამ დასკვნების გაკეთებისას, კომისიამ დაადგინა, რომ არსებობდა შეუსაბამობა მომჩივნის ქონების შემოწმების შესახებ დეკლარაციასა და მისი პარტნიორის ქონებრივ დეკლარაციას შორის, რომელიც შეტანილ იქნა 2003 და 2005 წლებში შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით, რომელიც გამოყენებული იქნა ქონების შესაძენად. მომჩივნის ქონების შემოწმების შესახებ დეკლარაციაში მითითებულია,რომ ბინის შეძენისთვის გამოყენებული შემოსავლის წყარო იყო პარტნიორის შემოსავალი, რომელიც მან მიიღო იტალიაში მაღალანაზღაურებადი დასაქმებისა და სტიპენდიის შედეგად. თუმცა, მისი პარტნიორის 2005 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში პირველად აღნიშნულია, რომ ბინის შეძენა მოხდა სხვა ბინის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით, რომლის ფართობსაც შეადგენდა 93 კვ.მ. და შეძენილი იყო ყოველწლიური დანაზოგით. 2003 წელს წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ბინა, რომლის ფართობსაც შეადგენდა 93 კვ.მ., შეძენილი იყო სხვა ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავლის ნაწილითა და იტალიაში მუშაობის შედეგად გაკეთებული დანაზოგის ფარგლებში. შესაბამისად, დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის თანახმად, 101კვ.მ. ფართობის მქონე ბინის შეძენა განხორციელდა 93კვ.მ. ფართობის მქონე ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხით.
25. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ ასევე ახსენა გეგმიური ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიუსის წინაშე დაიდო 2005 წლის 7 მარტს, რომლის მიხედვითაც მომჩივანი და მისი პარტნიორი შეთანხმდნენ, რომ 93კვ.მ. ფართობის მქონე ბინაზე საკუთრება გადაეცათ მესამე პირისთვის, რომელმაც ნასყიდობის თანხა გადაიხადა სრულად. ხელშეკრულების თანხმად, მომჩივანმა და მისმა პარტნიორმა მიიღეს ბინის საფასური. ხელშეკრულების დებულებების მიხედვით: „ 2003 წლის 31 მარტს სამშენებლო კომპანიამ ბინასთან დაკავშირებით გააფორმა გეგმიური ხელშეკრულება მომჩივანთან და მის პარტნიორთან, რომლის ფართობიც შეადგენდა 93 კვ.მ-ს“. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაასკვნა, რომ მომჩივანმაც და მისმა პარტნიორმაც 93 კვ. მ. ფართობის მქონე ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვეს. იმის მიუხედავად, რომ მოცემულ პერიოდში მომჩივანი და მისი პარტნიორი თანაცხოვრებას არ ეწეოდნენ, კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებდა მომჩივანს არ დაეფიქსირებინა ქონების შეძენის შესახებ 2003 დეკლარაციაში ინფორმაცია იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომლის მონაწილეც იგი იყო და რომლის საფუძველზეც მან მოიპოვა საკუთრების უფლება ბინაზე სანაცვლო თანხის გადახდით. ტრანზაქცია განხორციელდა ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, 101კვ. მ. ფართობის მქონე ბინის შესაძენად ფულადი სახსრების ნამდვილი წყარო იყო 93კვ.მ. ფართობის მქონე ბინის გაყიდვით მიღებული თანხა, რომელიც მომჩივანმა და მისმა პარტნიორმა შეიძინეს 2003 წელს. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაადგინა, რომ მომჩივანი იყო 101 კვ.მ ფართობის მქონე ბინის თანამესაკუთრე, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია 2005-დან 2011-წლამდე არსებულ ქონების წლიურ დეკლარაციებში. (იხ. პარაგრაფი 11). დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის თანახმად, „მომჩივნის მიერ სანოტარო მოქმედებების დამალვა (რომელიც განხორციელდა 2003 და 2005 წლებში) აჩვენებდა მის მიერ ქონების შესაძენად საჭირო სახსრების წყაროსთან დაკავშირებით ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას“.
26. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას, რომ მან წვლილი შეიტანა ბინის შეძენაში, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, დაადგინა, რომ მომჩივანს არ გააჩნდა საკმარისი ლიკვიდური აქტივები: 2003 წელს მისმა ლიკვიდურმა ქონებამ შეადგინა 783,964 ალბანური ლეკი (6, 251 ევრო, მიმდინარე გაცვლითი კურსით) და 2004 წელს 25,000 ალბანური ლეკი (200 ევრო). გარდა ამისა, მას ჰქონდა სესხები აღებული 2003 და 2004 წლებში.
27. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ არ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბინის შესაძენად გამოყენებული იყო მისი პარტნიორის შემოსავალი, რომელიც მან მიიღო 1992 წლიდან 2001 წლამდე იტალიაში სწავლის, მუშაობის და ცხოვრების შედეგად. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, კომისიამ აგრეთვე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ გადასახადს დაქვემდებარებული შემოსავალი შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, მიიჩნია, რომ პარტნიორის ფინანსური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. ამის მიუხედავად, კომისიამ ჩაატარა სხვა შემოწმებაც პარტნიორის მიერ გამოქვეყნებულ შემოსავლებთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ მისი შემოსავალი (ხელზე ასაღები 206,399 ალბანური ლეკი- 1,646 ევრო) არ იყო საკმარისი ბინის შესაძენად. კომისიამ მხედველობაში მიიღო მომჩივნის პარტნიორის მხოლოდ ის შემოსავალი, რომელსაც იგი იღებდა იტალიაში მიმტანის პოზიციაზე მუშაობის შედეგად. საკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, კომისიამ უგულებელყო ყველა ის შემოსავალი, რომელიც წარდგენილ იქნა იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოთვლილი გასამრჯელოს სახით. საცხოვრებელი ხარჯების გამოთვლისას, კომისიამ იხელმძღვანელა იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის 2002-2004 წლებში გამოქვეყნებული ინფორმაციით.
28. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ აღნიშნა, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაამართლებდა მისი პარტნიორის მიერ შემოწმების შესახებ კანონის 32(2) ნაწილის შესაბამისად 1990 წლიდან არსებული დოკუმენტების წარუდგენლობას. მას არ უცნობებია დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიისთვის, რომ ინფორმაციის მოპოვება მისი პარტნიორის საბანკო ანგარიშებზე, რომელიც მას ჰქონდა იტალიაში, იტალიური კომპანიის შესახებ რომელიც ჯერ კიდევ ახორციელებდა საქმიანობას ან იტალიის სოციალური უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუტიდან, შეუძლებელი იყო დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან მათი ხელახლა შექმნის/დამზადების შეუძლებლობის გამო. ბოლოს, კომისიამ დაადგინა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სტიპენდიას, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯილდოს სახით მისცა მომჩივნის პარტნიორს და ჩაირიცხა მის ანგარიშზე. კომისიამ აღნიშნა, რომ სტიპენდიის თანხა, რომელიც გაიცემა კონკრეტული მიზნით, არ უნდა იქნეს მიჩნეული მნიშვნელოვან დანაზოგად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბინის შესაძენად. კომისიამ დამატებით მიუთითა, რომ მომჩივნის პარტნიორის შემოსავალი, რომელსაც იგი ამტკიცებდა, რომ მიიღო „შავ ბაზარზე“ მუშაობით, არ წარმოადგენდა ქონების შესაძენად საჭირო თანხის მოპოვების დამაჯერებელ წყაროს.
(ii) 58.75 კვ.მ. ფართობის მქონე ბინასთან დაკავშირებით
29. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაადგინა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა სათანადო საკმარისი კანონიერი შემოსავალი 2010 წელს იმისათვის, რომ შეეძინა 58.75 კვ.მ ფართობის მქონე ბინა.
(iii) 221.9 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით
30. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაადგინა, რომ 2013 წელს მიწის ნაკვეთზე საკუთრების გადაცემის შედეგად, მომჩივანმა სარეგებელი მიიღო უფრო დიდი მიწის ნაკვეთით (221.9 კვ.მ) ვიდრე კანონით იყო უფლებამოსილი (128.89 კვ.მ).
(iv) მომჩივნისა და მისი პარტნიორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ
31. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ, მომჩივნისა და მისი პარტნიორის ქონებისა და ვალდებულებების წყაროების გამორკვევის შედეგად, დაასკვნა, რომ მომჩივანს აკლდა კანონიერი ფინანსური შემოსავალი იმისათვის, რომ გაემართლებინა ლიკვიდური აქტივები[2] 2007, 2009 და 2015 წლებში, რომელთა საერთო ოდენობა შეადგენდა 1,972,969 ალბანურ ლეკს (15,759 ევრო). ფინანსური მდგომარეობის დადგენისას, კომისიამ მხედველობაში მიიღო ყოველი წლის დასაწყისში მომჩივნისა და მისი პარტნიორის სალაროს ნაშთი და მათი დოკუმენტირებული შემოსავლები. აგრეთვე, ვალდებულებები, რომლებშიც შედის საცხოვრებელი ხარჯები, რომელიც განისაზღვრება HIDAACI-ის მიხედვით, სამოგზაურო ხარჯები - 180 ევრო დაბალი ავიაკომპანიის ბილეთისათვის, 300 ევრო სრული მომსახურების ავიაბილეთისთვის და 50 ევრო ყოველდღიური ხარჯებისთვის, იპოთეკური სესხის თანხა, რომელიც გამოითვლება კომერციულ ბანკებში წარდგენილი დოკუმენტებისა და სხვა თანხების საფუძველზე.
32. ლიკვიდური აქტივების განსაზღვრისას, კომისიამ, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, დამაჯერებლად მიიღო ზოგიერთი შემოსავალი და ხარჯები, მაგალითად, მისი პარტნიორის შემოსავლები, ზოგიერთი სამოგზაურო ხარჯის დაფინანსება დამსაქმებლის მიერ და ბავშვისთვის გაწეული სწავლის ხარჯების შესახებ. კომისიამ უარყო მომჩივნის ზოგიერთი არგუმენტი, სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო.
33. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მიიჩნია, რომ მომჩივნის პარტნიორის მიერ 15,000 ევროს ნაღდი ფულის სახით სახლის პირობებში შენახვის ფაქტი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც პირი ვალდებული იყო ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენამდე ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში თანხა განეთავსებინა საბანკო ანგარიშზე (იხ. პარაგრაფი 202).
(v) 40.000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით
34. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია მიიჩნევს, რომ მომჩივანმა დამალა 40.000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც მან 2003 წელს მიიღო და რომ იპოთეკური სესხის აღება იყო ფიქტიური ხასიათის.
(vi) 666 კვ.მ. ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით
35. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომსიიამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანმა არასწორად გაასაჯაროვა 2003 წელს ინფორმაცია 666 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე მისი წილის შესახებ, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის თანახმად, მიწის ნაკვეთი მთლიანად რეგისტრირებული იყო დედის სახელზე.
(vii) 89.16 კვ.მ. ფართობის ბინასთან დაკავშირებით
36. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაადგინა, რომ მომჩივანმა არასწორად გაასაჯაროვა ინფორმაცია შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც მან მიიღო, როგორც თანამესაკუთრემ 2003 წელს ბინის გაყიდვის შედეგად.
(b) შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული დასკვნები
37. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია დაეთანხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექციის მიერ გაცემულ დადებით დახასიათებას მომჩივნის ეთიკურ და პროფესიულ კომპეტენციასთან მიმართებით.
38. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქის სარჩელის შემდეგ, რომელიც წარდგენილ იქნა შემოწმების კანონის 53-ე ნაწილის შესაბამისად (იხილეთ 148 პარაგრაფი ქვემოთ), მომჩივანმა არ გაასაჯაროვა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია და არ გამოიყენა თვითაცილების უფლება საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში მონაწილეობაზე, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 36(1) (c) ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 პარაგრაფიდან გამომდინარე ქვედა ინსტანციების სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგებს (იხ. პარაგრაფები 199 და 197 ქვემოთ). დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტი მდგომარეობდა იმაში, რომ მომჩივნის მამა იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომის მომხსენებელი, რომელმაც განიხილა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხი ცალკეულ სისხლის სამართლის პროცესში მესამე პირების წინააღმდეგ, საჩივარი წარდგენილი იყო იმავე პირის მიერ, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დევნა ხანდაზმული იყო, აღნიშნული მესამე პირები ასევე, იყვნენ დაინტერესებული მხარეები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესშიც.
39. რაც შეეხება მომჩივნის ქმედებას, კომისიამ მიიჩნია, რომ იგი თანამშრომლობდა ხელახალი შეფასების პროცედურებში და წარმოადჰინა განმარტებები მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა, კომისიის შეფასებით, დოკუმენტები, რომლებსაც იგი წარადგენდა იყო დეკლარაციული ხასიათის.
(c) საერთო დასკვნა
40. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივნის ქონების შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნებისა და მის მიერ ინტერესთა კონფლიქტის განუცხადებლობის გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შეფასების შესახებ კანონის 61(3) და (5) ნაწილების თანახმად, გათავისუფლებულიყო იგი დაკავებული თანამდებობიდან (იხ. პარაგრაფი 151 ქვემოთ).
(d) განსხვავებული აზრი
41. დამოუკიდებელი საკვალიფიკაცო კომისიის წევრმა (გ.თ.) დააფიქსირა განსხვავებული აზრი, რომელშიც აღნიშნა, რომ ქონების დეკლარაციებში შეუსაბამობა 101.კვ. მ. ფართობის მქონე ბინასთან მიმართებით (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ) არ წარმოადგენდა მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს; არც ქონების დეკლარაციის უზუსტობები არ უნდა მიჩნეულიყო ქონების არასათანადო გასაჯაროებად. აღნიშნული წევრის მოსაზრებით დასტურდება, რომ 101 კვ.მ. ფართობის მქონე ბინის შეძენა მოხდა სხვა ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით, რომელიც, თავის მხრივ, შეძენილი იქნა 2003 წელს მომჩივნის პარტნიორის იტალიაში დასაქმებით მიღებული შემოსავლებისა და სტიპენდიის მეშვეობით. შესაბამისად, შემოსავალი იყო პარტნიორის სახსრებიდან და ვერ წამოშობდა სხვადასხვა წლებში შევსებულ დეკლარაციების შეუსაბამობებს.
42. ვინაიდან მომჩივნის პარტნიორმა შემოსავალი მიიღო 20 წლის წინ, მომჩივნისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო წარმოედგინა შესაბამისი სახსრების წყაროს შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები. პარტნიორის ფინანსების შესახებ გაკეთებული შეფასება არ ითვალისწინებდა იმ შემოსავლებს, რომელიც მან მიიღო 1996, 1998 და 1999 წელს იტალიში „შავ ბაზარზე“ მუშაობის შედეგად. საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ ალბანელ სტუდენტებს იტალიაში ან საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში უწევდათ „შავ ბაზარზე“ მუშაობა, რომ მიეღოთ დამატებითი შემოსავალი სტიპენდიის გარდა. შემოწმების შესახებ კანონი კი უპირატესობას ანიჭებს კანონიერ შემოსავლებს რომლებიც ექვემდებარება გადასახადებს. მიუხედავად ამისა, კანონის სულისკვეთება კონსტიტუციის დანართთან ერთობლიობაში იკითხება, როგორც სახარბიელო მდგომარეობის შემქმნელი იმ პირისათვის, რომლის მთლიანი აქტივი იყო ორჯერ მეტი ვიდრე კანონიერი ქონების ოდენობა. მომჩივნის მთლიანი აქტივები არ აჭარბებდა ორმაგად კანონიერი აქტივების ოდენობას. განსხვავებული აზრის ავტორი არ დაეთანხმა წევრთა უმრავლესობის პოზიციას სტიპენდიის თანხასთან დაკავშირებით, ასევე, არ გაიზიარა დასკვნები 2003 წელს დადებული სანოტარო აქტების შესახებ, რამდენადაც მისი შეფასებით, კომისიას არ მოუპოვებია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომჩივანი მონაწილეობას იღებდა ნასყიდობის პროცესში ან სარგებელი მიიღო ბინის გაყიდვის შედეგად.
43. რაც შეეხება მომჩივნის ლიკვიდურ აქტივებს 2007, 2009 და 2010 წლებში, განსხვავებული აზრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქონების დეკლარაციებს შორის შეუსაბამობა არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც ყალბ გამჟღავნებად ან კანონიერი შემოსავლების არარსებობად. გარდა ამისა, განსხვავებული აზრის თანახმად, 40.000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხის თანხა პირდაპირ იქნა გადახდილი სამშენებლო კომპანიის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ფაქტი საკმარისი იყო იმის საჩვენებლად, რომ იპოთეკური სესხი მოპოვებულ იქნა ბინის შესაძენად და მომჩივანი არ უნდა დადანაშაულებულიყო ნოტარიუსის აქტებში მატერიალური შეცდომებისთვის. მთლიანობაში, განსხვავებული აზრის ავტორი მიიჩნევდა, რომ პროპორციულობის პრინციპის თანახმად, მომჩივანმა დააგროვა დამაჯერებელი ქონება.
44. და ბოლოს, მომჩივანი არ იმყოფებოდა ინტერესთა კონფლიქტში სარჩელთან მიმართებით, რომელიც წარადგინა მოქალაქემ და შეეხებოდა მომჩივნის მამის მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში სააპელაციო სასამართლოში.
B. პროცედურები სააპელაციო პალატაში
1. მომჩივნის სააპელაციო საჩივარი
45. 2018 წლის 19 ივნისს მომჩივანმა წარადგინა 42 გვერდიანი სააპელაციო საჩივარი დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებაზე სპეციალურ სააპელაციო პალატაში („სააპელაცი პალატა“), რომელშიც მიუთითებდა ორ ძირითად არგუმენტზე: პირველი შეეხებოდა ბრალდებებს კანონის პროცედურული ან არსებითი დარღვევის შესახებ და მეორე ეხებოდა კომისიის დასკვნებს. მომჩივანმა იგივე არგუმენტები წარმოადგინა მოგვიანებით გაკეთებულ წერილობით მოსაზრებებში 2018 წლის 21 სექტემბერსა და 15 ოქტომბერს.
(a) ბრალდებები კანონის პროცედურულ და არსებით დარღვევებთან დაკავშირებით
46. მომჩივანი ირწუმენობდა, რომ მას არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის საბოლოო დასკვნებთან მიმართებით, რომელთა თანახმადაც მან დამალა და ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია გასცა საკუთარი ქონების შესახებ, ადმინისტრაციული მოკვლევის დასრულებისას მსგავსი დასკვნები არ გაკეთებულა.
47. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ შეასრულა აქტიური როლი ფაქტების, მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვების პროცესში, რომელიც სცდება ტრიბუნალის სტანდარტულ როლს, რომელიც როგორც წესი გადაწყვეტილებას მიიღებდა მხარეთა არგუმენტების მოსმენის შედეგად. შემდგომში, მან ვერ უზრუნველყო პროცედურული გარანტიები, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, მის წინააღმდეგ არსებულ პროცესში. ის იყო შერჩევითიმტკიცებულებებთან მიმართებით, ძირითადად ეყრდნობოდა მომჩივნის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს და არ განიხილავდა ანალიზს, მტკიცებულებასა და არგუმენტებს, რომლებსაც იგი წარადგენდა ადმინისტრაციული მოკვლევის დასკვნების საპასუხოდ.
48. დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება ინტერპრეტირება მოეხდინა წინა ქონების დეკლარაციების, რომელიც მომჩივანმა წარადგინა აქტივების გასაჯაროების შესახებ კანონის შესაბამისად და შეფასდა დადებითად HIDAACI-ის მიერ. ამ საფუძვლით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კომისიამ 2003 წლის ქონების დეკლარაციაზე უკუქცევითი ძალით გამოიყენა მოსამართლეთა შეფასების კანონის 31-ე ნაწილი.
49.დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ უსაფუძვლოდ გადაიტანა მტკიცების ტვირთი მომჩივანზე იმ ფაქტებთან მიმართებით, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება მას არ ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, კომისიამ არ გაითვალისწინა მომჩივნის ობიექტური შეუძლებლობა, რომ მოეპოვებინა მისი პარტნიორის შემოსავლების წყაროს დასადასტურებლი ყველა საჭირო დოკუმენტები.
50. და ბოლოს, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიას არ დაუდგენია, რომ მომჩივანი ფლობდა ორჯერ მეტ ქონებას ვიდრე კანონიერად შეიძლებოდა ჰქონოდა, რაც საფუძველს შექმნიდა გათავისუფლებულიყო იგი საკონსტიტუციო დამატების D § 4-ე მუხლის შესაბამისად. უფრო მეტიც, მის მიერ შეგროვებული ქონება იყო კანონიერ შემოსავალზე ორჯერ ნაკლები.
(b) ბრალდებები ხელახალი შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ მცდარ დასკვნებთან მიმართებით
51. რაც შეეხება 101 კვ.მ. ფართობის მქონე ბინას მომჩივანმა განმარტა სამი ძირითადი არგუმენტი. პირველ რიგში, იგი ამტკიცებდა, რომ კომისიამ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, როდესაც კანონიერი ტრანზაქცია - 2003 და 2005 წლების (off-plan) გეგმიური ხელშეკრულება გააიგივა - აქტივების შეძენასთან. მომჩივნის მტკიცებით, აქტივების გასაჯაროების შესახებ კანონისა და შემოწმების შესახებ კანონის მიხედვით, მას არ ევალალებოდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია კანონიერი გარიგებების/ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის (off-plan) გეგმიური გარიგების შესახებ, რომელიც არ მიიჩნევა ქონების შეძენად.
52. მეორე არგუმენტად მომჩივანმა ახსენა, რომ მისმა პარტნიორმა კანონიერი ტრანზაქციები განახორციელა 2003 და 2005 წლებში, რომელთა მონაწილეც მომჩივანი არ ყოფილა. პარტნიორმა გაასაჯაროვა ინფორმაცია ქონების შეძენისა და ფულადი სახსრების წყაროს შესახებ ქონების დეკლარაციებში 2003 და 2005 წელს, დამალვის გარეშე. მომჩივანმა თანასაკუთრების შესახებ 2011 წლის დეკლარაციაში მიუთითა, მას შემდეგ რაც მისმა პარტნიორმა გადააწყვიტა, რომ მისი ბინის 50% წილის მესაკუთრედ დაერეგისტრირებინა მომჩივანი შესაბამის ორგანოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან თავის საჩივარს დაურთო ალბანური კომპანიის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც ირკვეოდა, რომ მომჩივნის პარტნიორმა გეგმიური (off-plan) ხელშეკრულება დადო 2003 წელს, დამატებით, მომჩივანმა წარადგინა მისი პარტნიორის ყოფილი იტალიელი დამსაქმებლის ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი მუშაობდა მოცემულ კომპანიაში 1995 წლიდან 2001 წლამდე.
53. მესამე არგუმენტი შეეხებოდა, მომჩივნის პარტნიორის იტალიაში ცხოვრების ხარჯებს 1992 წლიდან 1995 წლამდე, დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია დაეყრდნო 2002 წლიდან 2004 წლამდე არსებულ მონაცემებს, როდესაც ცხოვრების ხარჯები გაიზარდა სავალუტო კურსის ინფლაციის შედეგად, იტალიური ლირიდან ევროზე გადასვლის შედეგად. გარდა ამისა, მისი პარტნიორი დასაქმებული იყო ლეგალურად 1995 წლის ივლისიდან 2000 წლის ივლისამდე, რასაც ადასტურებდა წარდგენილი შრომითი ხელშეკრულებები და ზოგიერთი ხელფასის ცნობა. პარტნიორის შემოსავლებისა და ხარჯების გამოცდილებაზე დაყრდნობილი შეფასებით, მან დანაზოგის სახით გააკეთა 3,444,871.32 ალბანური ლეკი (27,586 ევრო), რაც ამართლებდა 2003 წელს ბინის შეძენის ფაქტს.
54. რაც შეეხება ლიკვიდურ აქტივებს, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ არ გაითვალისწინა ფაქტი იმის შესახებ, რომ ზოგიერთი საქმიანი მოგზაურობის ხარჯებს ფარავდა დამსაქმებელი ან მიმღები ინსტიტუტი, ხოლო ზოგიერთი პირადი მოგზაურობის ხარჯი კი გაიღო მასპინძელმა ოჯახმა. კომისიამ უსამართლოდ მიაწერა ყველა ხარჯი მას. 2007, 2009 და 2015 წლებში შემოსავლების საკუთარი შეფასების გზით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ყველა საკმარისი შემოსავალი საჭირო ხარჯების დასაფარად.
55. რაც შეეხება მოქალაქის სარჩელს, მომჩივნის მტკიცებით, მოქალაქემ პროკურატურაში შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი ორი კერძო პირის წინააღმდეგ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების ბრალდების თაობაზე. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, რომელშიც საზოგადოების აღნიშნული წევრი არ ყოფილა მონაწილე, 2011 წელს სააპელაციო სასამართლომ პალატამ, რომლის წევრიც იყო მომჩივნის მამა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ კერძო პირების დევნა იყო ხანდაზმული, შედეგად, საქმის არსებითი განხილვა არ მომხდარა.
56. საკონსტიტუციო სამართალწარმოება, რომელიც განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობამ და რომლის წევრიც იყო მომჩივანი, შეეხებოდა იმავე მოქალაქის შუამდგომლობის განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგების შესახებ, 1999 წელს ამ პირსა და იურიდიულ კომპანიას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას კავშირი არ ჰქონდა მანამდე არსებულ სისხლის სამართლის პროცესთან, მომჩივანმა არ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რაც ზიანს მიაყენებდა სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივ ნდობას, რომელსაც ითვალისწინებს შემოწმების შესახებ კანონის 61(5)-ე ნაწილი.
57. ზემოხსენებული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება იყო არაპროპორციული და კომისიის მიერ ჩატარებული წარმოება არღვევდა კანონიერების, სამართლიანობის, მიუკერძებლობის, მხარეთა თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპებს.
2. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება
58. 2018 წლის 17 ივლისს გაიმართა კენჭისყრა სააპელაციო პალატის 5 კაციანი შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნით, რის შესახებაც ეცნობა მომჩივანს. მოგვიანებით, მას ასევე ეცნობა, რომ მისი საჩივრის მოსმენა იქნებოდა დახურული, რომელიც ჩატარდებოდა 2018 წლის 24 ოქტომბერს.
59. 2018 წლის 24 ოქტომბერს, მის წინაშე არებული სამართალწარმოებისა და მომჩივნის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება. მომჩივანს, აღნიშნულის შესახებ მას ეცნობა 2018 წლის 23 ნოემბერს.
(a) პირველადი დასკვნები
60. ზოგადი დაკვირვების შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მის წინაშე არსებული სამართალწარმოებ ექცეოდა შესახებ კანონის 65-ე ნაწილის, აგრეთვე, ადმინისტრაციული სასამართლოების შესახებ კანონის 47-ე, 49-ე და 51-ე ნაწილების ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 153, და 194-96 ქვემოთ). ადმინისტრაციული სასამართლოების შესახებ კანონის 47-ე და 49(2) ნაწილების მიხედვით, სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მომჩივნის შუამდგომლობა საქმის მასალებში ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მას არ დაუსახელებია რაიმე მიზეზი, რამაც დააბრკოლა იგი წარდგენა იგი დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის წინაშე. პალატამ აგრეთვე არ დაუშვა მომჩივნის სხვა ახალი მტკიცებულებაც, რომელიც მან წარადგინა 2018 წლის 15 ოქტომბერს, შემოწმების შესახებ კანონის 49 (6) (a) ნაწილის თანახმად (იხ. არაგრაფი 146 ქვემოთ). პალატამ აგრეთვე არ მიიღო განსახილველად სხვა მოქალაქეთა დამატებითი პრეტენზიები, რომლებიც წარდგენილ იქნა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რამდენადაც არ არსებობდა მათი მოკვლევის საფუძვლები.
61. იმის მიუხედავად, რომ მომჩივანს არ მოუთხოვია საჯარო განხილვის გამართვა, სააპელაციო პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის გამართვის საჭიროება არ არსებობდა, რადგან: (i) დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ გააკეთა ფაქტების ზუსტი და ყოვლისმომცველი შეფასება, (ii) არ იყო ახალი მტკიცებულებების ან ახალი ფაქტების შეფასების საჭიროება, (iii) დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიას არ დაუშვია რაიმე სახის მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა ან ფაქტების არასწორი ან არასრული გაცხადებაა, და (iv) საჭირო არ იყო იმ მტკიცებულებათა განმეროებითი მიღება, რომლებიც მიღებულ იქნა კომისიის მიერ.
62. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემოწმების ორგანოები შემოწმების შესახებ კანონის 30-ე, 32-ე და 33-ე ნაწილების მიხედვით, ასევე, საკონსტიტუციო დანართის Ç § 4 და D მუხლების მიხედვით, უფლებამოსილები იყვნენ განეხილათ კერძო პირების ქონების დეკლარაციები 2003 წლიდან, იმისათვის, რომ შეემოწმებინათ არსებული პირები ხომ არ ფლობდნენ იმაზე მეტ ქონებას ვიდრე კანონიერად შეეძლოთ მათ ჰქონოდათ ან თუ რამდენად სწორად და სრულად ახდენდენ ისინი საკუთარი ქონების ან მათთან დაკავშირებული პირების ქონების გასაჯაროებას. მას შემდეგ რაც ყოველწლიურ ქონების დეკლარაციებს მიენიჭათ კანონით დადგენილი დებულებების სტატუსი, მათ იგივე მნიშვნელობა შეიძინეს რაც ჰქონდა ქონების შემოწმების დეკლარაციებს. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ და სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღეს აღნიშნული დეკლარაციები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ დაედგინათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ აგრეთვე შეისწავლა HIDAACI-ის მიერ მომზადებული ანგარიში იმისათვის, რომ დაედგინა მისი, როგორც მტკიცებულების ღირებულება და სიზუსტე.
63. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული მოკვლევის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ პირველადი შედეგები აცნობა მომჩივანს მის ქონებებთან მიმართებით და მტკიცების ტვირთიც გადაიტანა მასზე. ქონების დამალვის ან არაზუსტი გასაჯაროების შესახებ საბოლოო დასკვნების გაკეთება შესაძლებელი გახდა კომისიისთვის შემოწმების სუბიქეტის მიერ საკუთარი პოზიციების დასაცავად წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, მომჩივანს ეთხოვა დამაჯერებლად ეჩვენებინა მისი ქონებისა და შემოსავლების კანონიერი წყარო და არ დაემალა ან არაზუსტად არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ხელახალი შეფასების პროცედურა იყო ადმინისტრაციული/დისციპლინარული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავდა მხარისთვის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ყველა გარანტიის დაცვას.
64. მომჩივნის საქმეზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული მოკვლევის დასკვნები მთლიანად ეყრდნობოდა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის პირველად დასკვნებს, მომჩივნის მიერ რაიმე არგუმენტის წარუდგენლობის პირობებში. კომისიამ მას აცნობა მიღებული დასკვნები და მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლების დაამტკიცებდნენ საპირისპიროს, რის შედეგადაც გაგრძელდებოდა მოკვლევა. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ 2018 წლის 25 აპრილის მოსმენა გადადო იმისათვის, რომ სრულად განეხილა მომჩივნის მიერ მოსმენის დღეს დამატებით წარდგენილი მოსაზრებები და აგრეთვე, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მან გაასაჯაროვა 2018 წლის 18 აპრილს. მოცემულ პროცესებში მომჩივანი სარგებლობდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების გარანტიებით. დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული მოკვლევის ფარგლებში ქონების დამალვის ან არასწორი გასაჯაროების შესახებ, რამდენადაც პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მის წინაშე მოსმენა უნდა ჩატარებულიყო და მომჩივანს ჰქონოდა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები და მოსაზრებები. ასე რომ ყოფილიყო, დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია მომჩივანზე მტკიცების ტვირთის გადატანით რომელიც გამოძახებული იყო საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის მიზნით, ზიანს მიაყენებდა საქმის შედეგს.
65. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა ქონების არასრულად გასაჯაროების გამო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში მოკვლევის შემდეგ, მან საფრთხე შეუქმნა მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას. ის არ იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ იგი ფლობდა ორჯერ მეტ ქონებას ვიდრე კანონიერად შეიძლება ჰქონოდა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ მან მიიღო დადებითი წარსულის შეფასება , ეჭვქვეშ არ აყენებდა მის მიერ ქონების არასათანადო, არაზუსტ ან ყალბი გასაჯაროების საკითხის დაყენებას. შემოწმების შესახებ კანონის 61(3) ნაწილი არ მოითხოვდა ორივე კრიტერიუმის აუცილებლად უარყოფითად შეფასებას, რამდენადაც თითოეული დამოუკიდებლად წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს.
66. და ბოლოს, პალატამ დაადგინა, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივანი უზრუნველყო უფლებით მოეპოვებინა წვდომა ადმინისტრაციული მოკვლევის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე, მისი საქმის განხილვა მოხდა საჯაროდ გონივრულ ვადაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ. კომისიამ გადაწყვეტილება გამოიტანა მას შემდეგ, რაც მან მიიღო მომჩივნის არგუმენტები, დოკუმენტები და მტკიცებულება. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება იქნა დაცული.
(b) ქონების შეფასებასთან დაკავშირებული დასკვნები
(i) 101 კვ. მ. ფართობის მქონე ბინასთან მიმართებით
67. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გეგმიური (off-plan) ხელშეკრულების ფარგლებში, მომჩივანმა მოიპოვა in rem უფლებები (საკუთრების უფლება) ბინაზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების საგანს. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა ქონებაზე საკუთრების უფლების in rem წარმოშობას. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად სწორად დაასკვნა, რომ 2003 და 2005 წლებში დადებული (off-plan) გეგმიური ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ბინაზე უფლების გადაცემას საფასურის გადახდის შემდეგ, რომელიც უნდა აშენებულიყო მომავალში. 2003 და 2005 წელს მომჩივანმა და მისმა პარტნიორმა ხელი მოაწერეს აღნიშნულ ხელშეკრულებებს, რომლებშიც მითითებული იყო საგანი და ღირებულება, რაც გადახდლი იქნა შემდგომში და დადებისთანავე მათ გადაეცათ საკუთრების უფლება. შესაბამისად, მომჩივანს უნდა გაესაჯაროებინა ქონების შეძენის ფაქტი მოცემულ პერიოდში, რომელშიც იგულისხმება, 2005 წლის ქონების დეკლარაცია, ნაცვლად იმისა, რომ მოეცადა 2011 წლის ქონების დეკლარაციის შევსებისათვის, როდესაც პარტნიორმა მის სახელზე დაარეგისტრირა ბინის 50% წილი.
68. საქმეში არსებული დოკუმენტების შეფასების შედეგად, მაგალითად, საბანკო ქვითრები, ხელფასის ცნობები და იტალიაში მიღებული სტიპენდიის გადახდის შესახებ ცნობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პარტნიორმა ვერ შეძლო დამაჯერებლად დაედასტურებინა მისი შემოსავლების კანონიერება 1992 წლიდან 2000 წლამდე, რა სახსრებითაც მან შეიძინა ბინა 2003 წელს. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია არ შემცდარა პარტნიორის საცხოვრებელი ხარჯების გამოანგარიშებისას, როდესაც იგი იყო იტალიაში როგორც უცხოელი სტუდენტი.
69. რაც შეეხება მომჩივნის პარტნიორის შემოსავლებს, რომელიც მან მიიღო იტალიაში დასაქმების შედეგად 1995 წლიდან 2000 წლამდე, მომჩივანმა არ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა შემოსავლების კანონიერებაზე, რომ ის იყო გადასახადების კეთილსინდისიერად გადამხდელი თუნდაც იმიტომ, რომ მისი პარტნიორი მუშაობდა შავ ბაზარზე. საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი ინფორმაცია თუ საიდან მოხვდა შემოსავლების გადატანა ალბანეთში, ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა რაიმე სახის ობიექტური შეუძლებლობა გაემართლებინა კანონიერი შემოსავლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის განცხადებები შემოსავლების კანონიერებაზე იყო დეკლარაციული ხასიათის და ვერ იქნებოდა მიჩნეული კანონიერი შემოსავლის მტკიცებულებად.
70. და ბოლოს, მომჩივნის პარტნიორის მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მისი ყველა შემოსავალი სავარაუდოდ გამომუშავებული იყო იტალიაში ყოფნის პერიოდში, მისი დანაზოგი არ იქნებოდა საკმარისი ბინის შესაძენად. მომჩივნის პარტნიორს არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ 2003 წელსაც შეძლებოდა ქონების შეძენა. მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე სახის არგუმენტი 2003 წლის გეგმიური (off-plan ) ხელშეკრულების ნამდვილობის ან მასში აღნიშნული თანხის გადახდის საპირისპიროდ.
71. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მომჩივანს და მის პარტნიორს არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი 101 კვ.მ ფართობის მქონე ბინის შესაძენად კანონიერი შემოსავლით, რაც მათ დეკლარირებული ჰქონდათ. შესაბამისად, მომჩივანმა წარადგინა ყალბი დეკლარაცია და დამალა ქონება.
(ii) 58კვ.მ ფართობის მქონე ბინასთან დაკავშირებით
72. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მომჩივნის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დასტურდებოდა 2009 წლის ქონების დეკლარაციით, მას ჰქონდა საკმარისი შემოსავალი ქონების შესაძენად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნა ამ ქონებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
(iii) 221.9 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით
73. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მომჩივანი არ უნდა დადანაშაულებულიყო იმაში, რომ მან სარგებელი ნახა უფრო დიდი მიწის ნაკვეთის რეგულარიზაციით, რომლის ფართობიც და შესაბამისი ფასიც განისაზღვრა 2013 წელს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ, როდესაც მან მოითხოვა საკუთრების უფლების რეგულირება უფრო მცირე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. პალატამ დაადგინა, რომ დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნა ამ ქონებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
(iv) ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით
74. თავდაპირველად, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანს არც დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის და არც სააპელაციო პალატის წინაშე არ გაუპროტესტებია დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას გამოყენებული მეთოდოლოგია. ასევე, არ წარუდგენია რაიმე სახის არგუმენტი საცხოვრებელი ხარჯების გაანგარიშებასთან მიმართებით.
75. სააპელაციო პალატა დაეთანხმა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას უცხოეთში ნოტარიულად დამოწმებული განაცხადის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც განცხადება არ შეიცავდა იმ ელემენტებს, რომლებიც საჭიროა განხილულ იქნას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იყოს მომჩივნის წინააღმდეგ არსებულ წარმოებაში. რაც შეეხება ზოგიერთ სამოგზაურო ხარჯს, პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. სხვა სამოგზაურო ხარჯებთან მიმართებით კი პალატამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ არ მიიჩნია იგი მომჩივნის მიერ გაწეულ ხარჯად. რაც შეეხება პარტნიორის მიერ 15,000 ევროს ნაღდი ფულის ქონებას, რომელსაც იგი არ აცხადებდა წლების განმავლობაში, პალატამ მიიჩნია, რომ იგი მოქმედებდა ნორმატიული ვალდებულებების დარღვევით.
76. სააპელაციო პალატამ განახორციელა 2007, 2009 , 2015 და 2016 წლებში მომჩივნისა და მისი პარტნიორის ქონებისა და ვალდებულებების ხელახალი შეფასება, რომლის შედეგებიც განსხვავდებოდა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიისა და მომჩივნის მიერ წარდგენილი განცხადებებისგან. თუმცა პალატამ მაინც დაადგინა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი კანონიერი შემოსავალი იმისათვის, რომ გაემართლებინა 1,288,258.27 ალბანური ლეკის (დაახლოებით 10,277 ევრო) ღირებულების ლიკვიდური აქტივის ქონა (იხ. შედარებისთვის 31-ე პარაგრაფი ზემოთ).
77. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა 2015 და 2016 წლებში მომჩივნისა და მისი პარტნიორის მიერ 2015 და 2016 წლებში უცხოეთის საბანკო ანგარიშების არსებობის თაობაზე (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ) და განაცხადა, რომ ნათლად არ ირკვეოდა თუ როგორ მოხდა ფულის დეპონირება ან გადარიცხვა ანგარიშებზე, აღნიშნული ანგარიშების არსებობის ფაქტი არ იყო გასაჯაროებული ყოველწლიური ქონების დეკლარაციებში. შესაბამისად, მომჩივნმა და მისმა პარტნიორმა ვერ შეძლეს დამაჯერებლად ეჩვენებინათ, საბანკო ანგარიშების გახსნისა და მასზე ფინანსური ოპერაციების განხორციელების ფაქტი.
78. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ: „მომჩივანმა ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა ფულადი სახსრების წყაროს კანონიერება; იგი ეცადა დაემალა და არასწორად წარმოედგინა ლიკვიდური აქტივების შესახებ ინფორმაცია და მან და მისმა პარტნიორმა ვერ გაამართლეს ფულადი შემოსავლების ოდენობის კანონიერება.
(v) 40,000 აშშ დოლარის იპოთეკურ სესხთან მიმართებით
79. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იპოთეკური სესხი გაიცა დანიშნულებისამებრ, შესაბამისად, დაასკვნა, რომ დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის მიგნება ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი.
(vi) 666 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით
80. სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნა იმ ნაწილში, რომ მომჩივანმა 2003 წელს არასწორად გაასაჯაროვა ინფორმაცია 666კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე მის წილთან მიმართებით, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა მხოლოდ მის დედას.
(vii) 89.16 კვ. მ ფართობის მქონე ბინასთან დაკავშირებით
81. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 89.16 კვ. მ ფართობის მქონე ბინის ნაკვეთთან დაკავშირებით მომჩივანმა არაზუსტი ინფორმაცია წარადგინა დეკლარაციაში და არა ყალბი როგორც ეს შეაფასა კომისიამ.
(c) პროფესიული კომპეტენციის შეფასებასთან დაკავშირებული დასკვნები
82. სააპელაციო პალატამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომიტეტის დასკვნას, რომ მოქალაქის სარჩელის შემდეგ, მომჩივანმა არ გამოიყენა თვითაცილების უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებულ საქმისწარმოებაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ მომჩივანმა, როგორს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, განიხილა მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი სამოქალაქო საქმისწარმოებების წყების უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მოქალაქესა და იურიდიულ პირს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოადგინა ტირანას (ალბანეთის დედაქალაქი) სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება (რომელზეც მომხსენებელი იყო მომჩივნის მამა), სადაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება ორი პირის წინააღმდეგ, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული ქონების გაყალბებაში, იყო ხანდაზმული. ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეებს საკონსტიტუციო საქმისწარმოებაში (kanë qenë persona të interesuar në gjykimin kushtetues).
83. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სახეზე იყო ორი დამოუკიდებელი საქმისწარმოებათა ციკლი, ერთი სისხლისსამართლებრივი და მეორე სამოქალაქო, ორივე სამართალწარმოებაში თითქმის ერთი და იგივე მხარეები იყვნენ, თუმცა განსხვავებული პოზიციებით. ორივე სამართალწარმოების დავის საგანი განსხვავებული იყო; თუმცა, ძირითად საფუძველს წარმოადგენდა შენობის პრივატიზება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ნამდვილობა, რომელთა საფუძველზეც დაიწყო სისხლის სამართლის საქმისწარმოება ცალკეულ პირთა წინააღმდეგ და შემდგომში გამოცხადდა ხანდაზმულად. მომჩივანმა არ ისარგებლა თვითაცილების შესაძლებლობით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელზეც მომჩივნის მამა იყო მომხსენებელი, შეტანილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებულ საქმის მასალებში. მომჩივანმა არ ისარგებლა თვითაცილების შესაძლებლობით, რაც ეწინააღმდეგება მიუკერძოებლობის დაცვას და ბადებს ეჭვებს ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შეირყა საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი. სააპელაციო პალატის აზრით, მომჩივინს თვითაცილება ხელს არ შეუშლიდა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს კვორუმის მიერ, კანონის შესაბამისად.
(d) დასკვნა
84. სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილება, მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
(e) განსხვავებული აზრი
85. სააპელაციო პალატის მოსამართლემ (ი.რ.) წარმოადგინა განსხვავებული აზრი (mendim paralel), რამაც გავლენა არ მოახდინა მის ხმაზე მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ. იგი ძირითადად ეხებოდა 101 კვ.მ ფართობის ბინის შესახებ დასკვნებს. მისი მოსაზრებით, გეგმიური ხელშეკრულებები, რომლებიც სადავო გახადა მომჩივანმა, წარმოადგენდა მყარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ეს ქონება მხოლოდ მისი პარტნიორის შემოსავლით არ იქნა შეძენილი. შედეგად, მომჩივანი ეცადა, არასწორი მონაცემები წარმოედგინა ქონების და მისი წყაროს შესახებ. თუმცა, მოსამართლე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის დასკვნას ქვემოთ აღწერილ საკითხებთან დაკავშირებით.
86. რაც შეეხება მომჩივნის ფინანსურ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ განიხილა მისი რიგი წარდგინებები, რომლებიც ეხებოდა გარკვეულ სამგზავრო ხარჯებს, რომლებიც მან გაიღო წლების განმავლობაში. ის ხარჯები, რომლებიც მომჩივანმა საკუთარ თავზე აიღო და რომელთა შესახებაც მან წარმოადგინა მტკიცებულებები, არასწორად მიეკუთვნა მას. ეს ხარჯები უნდა გამოქვითულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჯამური თანხიდან (იხ. პარ. 76), და საბოლოო თანხა იქნებოდა 478,392 ალბანული ლეკი (დაახლოებით, 3,849 ევრო) ან ნაკლები. შესაბამისად, მომჩივნის პროფესიული გამოცდილების შედარებით დაბალი მნიშვნელობისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შემოსავლის არარსებობის შესახებ არგუმენტი მისი ლიკვიდური აქტივების გასამართლებლად ვერ წარმოადგენდა მყარ საფუძველს იმისათვის, რომ მიიჩნეოდეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად. საკონსტიტუციო დანართის D მუხლის და შემოწმების შესახებ კანონის 61(3) და 33(5) (ç) ნაწილების მნიშვნელობით.
87. განსხვავებული აზრით მოსამართლე დაეთანხმა სააპელაციო პალატის ხელახალ კლასიფიკაციას როგორ „არაზუსტ გამჟღავნებას“ 666 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 89.16 კვ.მ. ფართობის ბინასთან მიმართებით. თუმცა, იგი არ მიიჩნევს, რომ დასკვნები, რომლებიც ეხებოდა 2003 და 2004 წლების ქონების შესახებ დეკლარაციებს, საკმარისი საფუძველი იყო მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის, რამდენადაც არ ყოფილა აქტივის დამალვის ან არასწორი გამჟღავნების განზრახვა.
88. განსხვავებული აზრით მოსამართლე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნებს მომჩივნის პროფესიული კონპეტენციის შეფასებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 36(1) (c) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, განსხვავებული აზრის თანახმად, (საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული სამართალწარმოების განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით, რომელიც საჭირო იყო მხოლოდ სამოქალაქო საქმისწარმოების დროს სავარაუდო მიკერძოებულობის და არამატერიალური სამართლის გამოყენების განხილვისათვის) ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა წინამდებარე სიტუაციას, რომელშიც მომჩივანს ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რომელზეც მისი მამა იყო მომხსენებელი და საბოლოოდ გადაწყდა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება იყო ხანდაზმული. მოქალაქეს არ გამოუთქვამს პრეტენზია მომჩივნის საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ. მომჩივნის ან მისი მამის პირად ინტერესებს გავლენა არ მოუხდენია საკონსტიტუციო საქმისწარმოების შედეგზე, რომელშიც მომჩივანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის წევრი.
89. იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ სახეზე არ იყო ინტერესთა კონფლიქტი, განსხვავებული აზრით მოსამართლე მიიჩნევდა, რომ დასკვნა იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა შეირყა, უსაფუძვლო იყო. განსხვავებულ აზრში ნათქვამი იყო, რომ „ის ფაქტი, რომ სამართალწარმოებების წყების მხარე უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ან არ ეთანხმება იმ შემადგენლობის გადაწყვეტილებას, რომლის წევრიც იყო მომჩივანი, სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიჩნეული იქნეს საზოგადოებრივი ნდობის შემარყევლად, რომელიც ... უნდა გულისხმობდეს იმ პირთა დიდ რაოდენობას, რომლებიც არ არიან სამართალწარმოების მხარეები...“.
საქმის კომნუცირების შემდგომი მოვლენები90. 2020 წლის 16 ივლისს მომჩივანმა შეატყობინა სტრასბურგის სასამართლოს, რომ ლ.დ-ს წინააღდმეგ დაიწყო სისხლის სამართლოს საქმისწარმოება დოკუმენტების გაყალბების შესახებ, სააპელაციო პალატის წევრად დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის გამო. ლ.დ. იყო სააპელაციო პალატის კოლეგიის წევრი, რომელმაც განიხილა მომჩივნის სააპელაციო სარჩელი.
91. 2020 წლის 24 ივლისს, ლ.დ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, სააპელაციო პალატამ გამოსცა მისი თანამდებობის დატოვების შესახებ ბრძანება.
92. ამასობაში, 2020 წლის 1-ელ დეკემბერს ანტიკორუფციულმა და ორგანიზებული დანაშაულის პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ.დ. დამნაშავედ ცნო დოკუმენტების ყალბ გამჟღავნებაში და მიუსაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შემდგომში შეიცვალა 12 თვით პირობითი მსჯავრით. ლ.დ-მ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა230. მომჩივანი დავობდა, რომ შემოწმების ორგანოებს არ გააჩნდათ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რადგან: (i) შემოწმების ორგანოები დაკომპლექტებულნი იყვნენ არამოსამართლე წევრებისგან, რომლებსაც არ გააჩნდათ საჭირო პროფესიონალიზმი და გამოცდილება; (ii) შემოწმების ორგანოების წევრებს ნიშნავდა პარლამენტი სასამართლო სისტემის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე; (iii) შემოწმების ორგანოებმა ჩაატარეს წინასწარი ადმინისტრაციული მოკვლევა, წარადგინეს „ბრალდება“ და გადაწყვეტილება მიიღეს „ბრალდების“ არსებით მხარესთან დაკავშირებით.
231. იგი ასევე დავობდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მისი საქმისწარმოების არასამართლიანობასთან დაკავშირებით, რადგან: (i) მას უარი ეთქვა მის უფლებაზე, დაემტკიცებინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზის უსაფუძვლობა და დაეცვა საკუთარი თავი; (ii) დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მასზე უსაფუძვლოდ გადაიტანა მტკიცების ტვირთი, ათწლეულების წინ შექმნილ გარემოებებთან მიმართებით; შემოწმების შესახებ კანონი არ ადგენდა რაიმე ხანდაზმულობის ვადას; (iv) მის საქმეზე არსებული გადაწყვეტილებები, მის არგუმენტებთან დაკავშირებით, იყო დაუსაბუთებელი; (v) შემოწმების ორგანოები იყენებდნენ ორმაგ სტანდარტებს სხვა საქმეებთან შედარებით; (vi) სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა შემდგომი გამამართლებელი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ; (vii) მას არ ჰქონია საკმარისი დრო და შესაძლებლობები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; (viii) სააპელაციო პალატამ არ დანიშნა საჯარო მოსმენა; და (ix) შემოწმების ორგანოებმა დაარღვიეს სამართლებრივი სიცხადის პრინციპი და ლეგიტიმური მოლოდინი, რამდენადაც მათ უგულებელყვეს, მის ქონებაზე HIDAACI- ს (The High Inspectorate of Declaration and Audit of Assets and Conflicts of Interest - დეკლარაციის და აქტივებისა და ინტერესთა კონფლიქტის აუდიტის უმაღლესი ინსპექცია) მიერ განხორციელებული აუდიტის დასკვნის შედეგად გაკეთებული პოზიტიური შეფასება.
232. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი მუხლის ტექსტის მიხედვით:
„ სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ... ყველას აქვს სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლება ... კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
დასაშვებობა233. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, განიხილავს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებადობის საკითებს, ეროვნული საშუალებების ამოწურვას და ექვსთვიან ხანდაზმულობის ვადას.
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებადობა
(a) მხარეთა განმარტებები
234. მთავრობა დაეთანხმა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (სამოქალაქო ნაწილის) გამოყენებადობას. შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების ადმინისტრაციული ბუნების გათვალისწინებით, მთავრობა სადავოს ხდიდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სისხლისსამართლებრივ ნაწილს.
235. მომჩივანი დაეთანხმა მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილის გამოყენებადობას. მოგვიანებით, საქმეზე Matyjek v. Poland ((განჩინება), no. 38184/03, ECHR 2006‑VII მითითებით, იგი დავობდა, რომ მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ნაწილი გამოყენებადი იყო რადგან: (i) დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისია, რომელმაც ჩაატარა წინასწარი გამოძიება და მიიღო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, აღჭურვილი იყო პროკურორის მსგავსი უფლებამოსილებებით; (ii) მისი პოზიცია შემოწმებასთან დაკავშირებულ პროცედურებში სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის პოზიციის მსგავსი იყო; (iii) დანაშაულის ხასიათი, კერძოდ ქონების შესახებ დეკლარაციაში არასწორი განცხადებები, ცრუ ჩვენების ანალოგი იყო, რაც სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარება; და (iv) სასჯელის ბუნება და ხარისხი, კერძოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, ითვალისწინებდა მრავალ საჯარო თანამდებობაზე განცხადების შეტანის აკრძალვას განუსაზღვრელი ვადით.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სამოქალაქო ნაწილის გამოყენებადობა
236. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სამოქალაქო ნაწილის გამოყენებადობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი დავები საჯარო მოხელეთა და სახელმწიფოს შორის შეიძლება გასცდეს მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილს, იმ პირობით თუ სახეზეა ორი კუმულაციური პირობა. პირველ რიგში, სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობაში ცალსახად უნდა ჰქონდეს გამორიცხული სასამართლოს ხელმისაწვდომობა შესაბამის თანამდებობის ან საქმიანობის კატეგორიისთვის. მეორე, გამორიცხვას უნდა გააჩნდეს ობიექტურად გამართლებული საფუძველი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე (იხ. მაგ, Vilho Eskelinen and Others v. Finland [დიდი პალატა], no. 63235/00, § 62, ECHR 2007‑II, შემდგომში „ვილჰო ესკელინენის ტესტი“).
237. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ჩვეულებრივი სახელმწიფო სამსახურის ნაწილი, იგი ტიპური საჯარო სამსახურის ნაწილად ითვლება. შესაბამისად, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი გამოყენებული იქნა მოსამართლეთა გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, განსაკუთრებით იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მოსამართლეებს ჰქონდათ წვდომა ეროვნულ სასამართლოებზე, რათა გაესაჩივრებინათ საკუთარი გათავისუფლება (იხ. მაგ., Olujić v. Croatia, no. 22330/05, §§ 42-43, 5 თებერვალი 2009; Oleksandr Volkov v. Ukraine, no. 21722/11, §§ 90-91, ECHR 2013; Poposki and Duma v. the former Yugoslav Republic of Macedonia, nos. 69916/10 და 36531/11, § 37, 7 იანვარი 2016; და Sturua v. Georgia, no. 45729/05, § 27, 28 მარტი 2017).
238. რაც შეეხება წინამდებარე საქმეს, და ვილჰო ესკელინენის ტესტში მითითებულ პირველ წინაპირობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყების შემდეგ, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ პირველ ინსტანციაში და სააპელაციო პალატამ, სააპელაციო წესით, გაათავისუფლეს მომჩივანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან. მართლაც, ეროვნული კანონმდებლობა არ გამორიცხავდა მის უფლებას გაესაჩივრებინა სამსახურიდან გათავისუფლება.
239. თუმცა, რადგან სტრასბურგის სასამართლომ პირველად უნდა დაადგინოს განიხილება თუ არა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია და სააპელაციო პალატა, როგორც „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო“, იგი მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სამოქალაქო ნაწილი გამოყენებადია აღნიშნულ საჩვარში.
(ii) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სისხლისსამართლებრივი ნაწილის გამოყენებადობა
240. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, გამოყენებადია თუ არა ამ საქმეზე მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სისხლისსამართლებრივი ნაწილი.
241. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ასპექტი, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი, არ არის აუცილებლად ურთიერთგამომრიცხავი (იხ. Albert and Le Compte v. Belgium, 10 თებერვალი 1983, § 30, Series A no. 58). მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „სისხლის სამართლის ბრალდების“ ცნება დამოუკიდებელია. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადგენს სამ კრიტერიუმს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც „ენგელის კრიტერიუმები“, რომელიც გამოიყენება იმის გამოსარკვევად სახეზეა თუ არა „სისხლისსამართლებრივი ბრალდება“ (იხ. Engel and Others v. the Netherlands, 8 ივნისი 1976, § 82, Series A no. 22). პირველი კრიტერიუმი არის ნორმის კლასიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მეორე - დანაშაულის ბუნება და მესამე - სასჯელის ბუნება და სიმკაცრე. მეორე და მესამე კრიტერიუმები ალტერნატიულია და არ არის აუცილებლად კუმულატიური. ამასთან, ეს არ გამორიცხავს, კუმულატიურ მიდგომას, იმ შემთხვევაში, როდესაც თითოეული კრიტერიუმის ცალკეული ანალიზი არ იძლევა სისხლის სამართლის ბრალდების არსებობის შესახებ მკაფიო დასკვნის მიღების საშუალებას (იხ. სხვა დანარჩენთან ერთად, Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal [დიდი პალატა], nos. 55391/13 და 2 სხვა, § 122, 6 ნოემბერი 2018, და მასში მოცემული მითითებები).
242. Matyjek - ის საქმეში (ციტირებულია ზემოთ, §§ 49-58), იმის დადგენისას, რომ პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ნაწილი გამოყენებადი იყო ლუსტრაციის თაობაზე საქმის წარმოების დროს, სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამოიყენებადი იყო საქმის წარმოების დროს, რომ იმ ქმედების ბუნება რისთვისაც მომჩივანი დაექვემდებარა ლუსტრაციას, კერძოდ, ყალბი დეკლარაციის გაკეთება, იყო ცრუ ჩვენების მსგავსი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, და რომ მასზე დაწესებული სანქცია (მთელი რიგი საჯარო თანამდებობების დაკავების აკრძალვა ათი წლით), იყო მკაცრი.
243. რაც შეეხება ენგელის კრიტერიუმებს წინამდებარე საქმეში, კერძოდ, დანაშაულის ეროვნულ კლასიფიკაციას, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინარული ხასიათის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები, რეგულირდებოდა შემოწმების შესახებ კანონით ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული სასამართლოების შესახებ კანონის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შესაბამისობის გათვალისწინებით) დებულებებთან ერთობლიობაში. არანაირი მითითება არ გაკეთებულა და მოხსენიებული არ ყოფილა სისხლის სამართლის ან სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენებასა თუ ინტერპრეტაციის შესახებ. შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები ჩატარდა სპეციალურად შექმნილი ორგანოს - დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ, რომელიც შემდგომში გასაჩივრდა სააპელაციო პალატაში, და არც პროკურატურის ორგანოები და არც სისხლის სამართლის სასამართლოები არ ყოფილან ჩართულნი მათი შედეგის შეფასებაში.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო დანართის Ç § 5 მუხლი მტკიცების ტვირთის გადატანას ითვალისწინებს მხოლოდ შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების დროს და პირდაპირ გამოირიცხება ცალკეული სისხლის სამართლის პროცესის დროს. ხოლო, საკონსტიტუციო დანართის DH § 2 მუხლი პირდაპირ კრძალავს ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას პატიოსანი წარსულის დეკლარაციის გამოყენებას (იხ. პარ. 107 და 109). ამ მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლო ვერ მიიღებს მომჩივნის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მისი პოზიცია სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის პოზიციის მსგავსი იყო ან რომ დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიას ჰქონდა პროკურორის მსგავსი უფლებამოსილებები.
244. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს - დანაშაულის ბუნებას - ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოყენებადი ნორმატიული დებულებები მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიას გულისხმობდა, კერძოდ მოსამართლეებს, პროკურორებს და იურიდიულ მრჩევლებს და არა ზოგადად საზოგადოებას. დებულებები შემუშავებული იქნა პროფესიულ პირთა ქცევის, პატივის და რეპუტაციის დასაცავად და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად. ისინი წმინდა დისციპლინარული ხასიათის იყო და არ გააჩნდათ სისხლისსამართლებრივი ბუნების ელემენტები. ის, რომ მომჩივანი შეიძლება მომავალში მოექცეს სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში აქტივების ყალბი გამჟღავნების გამო, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები. ამასთან დაკავშირებით, ის ფაქტი, რომ ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დისციპლინარული სახდელი ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლებროვ დანაშაულს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დისციპლინარული სამართლის შესაბამისად პასუხისმგებელი პირი „ბრალდებული“ იქნეს სისხლი სამართლის დანაშაულზე (იხ. Müller-Hartburg v. Austria, no. 47195/06, § 44, 19 თებერვალი 2013, და Biagoli v. San Marino (განჩინება), no. 64735/14, § 56, 13 სექტემბერი 2016). მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სისხლის სამართლებრივი ნაწილის გამოყენებადობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომავალში, რაიმე ცალკეული სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს რომელიც შეიძლება აღიძრას მომჩივნის წინააღმდეგ.
245. რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, ანუ სასჯელის სიმკაცრეს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინარული გადაცდომისათვის დამახასიათებელი სანქციაა და არ შეიძლება მისი არევა სისხლის სამართლებრივ სასჯელთან. გათავისუფლების შემდეგ მას რაიმე სახის ჯარიმა არ დაკისრებია. სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ შემოწმების შესახებ კანონი არ ადგენს მუდმივ აკრძალვას სასამართლო სისტემაში თანამდებობის დასაკავებლად. ამასთან, მოსამართლეთა და პროკურორთა სტატუსის შესახებ კანონის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოსამართლეებსა და პროკურორებს ეკრძალებათ მომავალში, სასამართლო სისტემაში პოზიციის დაკავება (იხ. პარ. 206). როგორც არ უნდა იყოს, ეს შეზღუდვა, ნებისმიერ შემთხვევაში, თავისთავად არ იქნებოდა გადამწყვეტი შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების სისხლის სამართლებრივად მიჩნევის თვალსაზრისით, შემდეგი მიზეზების გამო. ეს შეზღუდვა არ არის განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი ბუნების სანქციად. მართლმსაჯულების სისტემაში ხელახლა პოზიციის დაკავების აკრძალვის მიზანს თანამდებობიდან გათავისუფლების თვალსაზრისით, სასჯელის დაკისრება კი არ წარმოადგენს, არამედ იგი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფასა და შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად, აკრძალვა საკმაოდ მძიმე შედეგია, ბევრ სხვა პრევენციული ხასიათის მქონე, არასისხლისსამართლებრივ ზომასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეს დაინტერესებულ პირზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აკრძალვა მუდმივი ხასიათისაა, არ კმარა იმისათვის, რომ ჩაითვალოს „ჯარიმად“ მე-6 მუხლის სისხლის სამართლებრივი ასპექტის მიზნებისთვის(იხ, mutatis mutandis, Rola v. Slovenia, nos. 12096/14 და 39335/16, § 66, 4 ივნისი 2019).
246. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი ელემენტები, როგორც ალტერნატიულად, ისე კუმულაციურად, არაა საკმარისი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ მე-6 მუხლის სისხლის სამართლებრივი ნაწილი გამოყენებადია (იხ. სხვა დანარჩენთან ერთად Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, §§ 124-27; Kamenos v. Cyprus, no. 147/07, § 51, 31 ოქტომბერი 2017; Ivanovski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 29908/11, § 121, 21 იანვარი 2016; და Oleksandr Volkov, ციტირებული ზემოთ, §§ 93-95).
შედეგად, ზემოთ განხილული ასპექტების გარდა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ამოწურა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და აგრეთვე, დაიცვა ევროპული სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის ექვსთვიანი ვადა, მისი საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული მე-6 მუხლის სამოქალაქოსამართლებრივი მიმართულებით.
ბ. არსებით-სამართლებრივი ასპექტი
259. მომჩივნის მრავალი საჩივრის გათვალისწინებით, სასამართლო პირველ რიგში განიხილავს იმ საჩივარს, რომელიც უკავშირდება შემოწმების ორგანოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის ნაკლებობას. შემდეგ, ის შეამოწმებს საჩივრებს, რომელიც მიემართება სამართალწარმოების არასამართლიანობას და ასევე, სააპელაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის დანიშნვნაზე უარს. ბოლოს, სასამართლო განიხილავს საჩივარს, რომლის ფარგლებშიც მომჩივანი დავობდა, რომ ადგილი ჰქონდა სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპის დარღვევას.
1. შესაბამისობა „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ პრინციპთან
სასამართლოს შეფასება
280. შემოწმების ორგანოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასებამდე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, წარმოადგენდნენ თუ არა ისინი „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოს“, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მომჩივნისთვის ვილჰო ესკელინენის ტესტის მიზნებისთვის (იხ. 239-ე პარგარაფი ზემოთ).
(i) წარმოადგენდნენ თუ არა შემოწმების ორგანოები „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოს“
(1) ზოგადი პრინციპები
281. სასამართლო მოიხმობს ზოგად პრინციპებს ცნების შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა დიდი პალატის ეხლანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე - გუდმუნდურ ანდრი ასტარდსსონი ისლანდიის წინააღმდეგ ([დიდი პალატა], N. 26374/18, §§ 124-27, 211-13, 219-21, 223 და 229, 1 დეკემბერი 2020).
282. სასამართლო აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ უფლებამოსილება, რომელიც არაა კლასიფიცირებული, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს სასამართლოთა უფლებამოსილება, შესაძლოა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთის მოექცეს „სასამართლოს“ კონცეფციის ქვეშ მოცემული ცნების არსებითი გაგებით. [სტრასბურგის] სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ტერმინი „სასამართლო“არსებითი გაგებით ხასიათდება მისი სამართლებრივი ფუნქციით, რაც გულისხმობს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტას სამართლებრივი ნორმების მიხედვით და შესაბამისი ფორმით გაწერილი წარმოების შედეგად. ის აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ სხვა მოთხოვნებს, როგორიცაა „დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით მისი აღმასრულებელი რგოლის, მიუკერძოებლობა, მის წევრთა უფლებამოსილების ვადები“ (იხ.Guðmundur Andri Ástráðsson,§219). გადაწყვეტილების გამოტანის ძალა „სასამართლოს“ ცნების არსებითი მახასიათებელია. (იხ. Mutu and Pechstein v. Switzerland, N. 40575/10 და 67474/10, § 139, 2 ოქტომბერი 2018).
(2) მათი გამოყენება მოცემულ საქმეში
283. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების ანგარიშისა და რეფორმის სტრატეგიის შემუშავების გარდა, სასამართლოს სექტორში რეფორმის დასანერგად, ალბანეთის სახელისუფლებო ორგანოებმა კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს და ასევე, აამოქმედეს არსებითი მნიშვნელობის კანონები. შედეგად, ყველა მოქმედი მოსამართლე, პროკურორი, სამართლებრივი მრჩეველი და ასისტენტი დაექვემდებარა გარდამავალი, ხელახალი შეფასების პროცესს, რომელიც პირველ ინსტანციურ დონეზე დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია (შემდგომში - კომისიას), ხოლო სააპელაციო დონეზე შესაბამის სააპელაციო პალატას უნდა განეხორციელებინა.
284. კომისიისა და სააპელაციო პალატის შექმნის მიზანი და მათი ფუნქციები განსაზღვრულია კონსტიტუციის 179/B მუხლით, ასევე კონსტიტუციის დანართის C და F მუხლებითა და პარლამენტის მიერ ამოქმედებული, მოსამართლეთა და პროკურორთა ხელახალი შეფასების შესახებ კანონით (შემდგომში - „შემოწმების შესახებ კანონი“). სასამართლოს შეფასებით, ისინი ქმნიან შემოწმების ორგანოების შექმნის საკმარისად ცხად საფუძველს, ორგანოების, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებოდნენ, უზრუნველეყოთ მოსამართლეების, პროკურორების, სამართლებრივი მრჩევლებისა და ასისტენტების გარდამავალი, ხელახალი შეფასება. ის, რომ შემოწმების ორგანოები მხოლოდ აღნიშნული პროცესის განხორციელების მიზნით შეიქმნა, აღინიშნა ასევე ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს N. 2/2017 გადაწყვეტილებაშიც. ამ მიმართულებით, [სტრასბურგის] სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ კონკრეტული ინსტიტუცია მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, „სასამართლოდ“ იქნეს მიჩნეული, არაა აუცილებელი ის სტანდარტულ სასამართლო სისტემაში იყოს ინტეგრირებული. ის შესაძლოა იმ მიზნით იყოს ჩამოყალიბებული, რომ გაუმკლავდეს სპეციფიკურ სადავო საკითხებს, რომელთა სათანადო ადმინისტრირება ჩვეულებრივი სასამართლო სისტემისგან გამოცალკევებული ფორმითაც არის შესაძლებელი (იხ. Mutu and Pechstein, § 139).
285. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმების შესახებ კანონის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ყველა საკითხი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ის სამართალწარმოებას ახორციელებს ხსენებული კანონის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ადმინისტრაციულ სასამართლოთა შესახებ კანონის მიხედვით. სამართლაწარმოების დასასრულს, ის იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებით საკითხებზე. გადაწყვეტილება საბოლოო და მბოჭავი ძალის ხდება, გასაჩივრების შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში. თუ შემოწმებული პირი ან სახალხო კომისარი გაასაჩივრებს დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო დონეზე დაყენებული ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საკითხის გათვალისწინებით. ეს ასევე აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებულ N. 2/2017 გადაწყვეტილებაში.
286. მოცემულ საქმეში, კომისიისა და სააპელაციო პალატის კოლეგიები კანონის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული, კერძოდ ის შედეგად. მომჩივანს არ წარუდგენია კონკრეტული საჩივარი მათი ფორმირების პროცედურის არასამართლიანობის შესახებ. კომისიამ, ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების შეფასების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნის საქმეზე. სააპელაციო დონეზე კი მომჩივნის საჩივარი განიხილა სააპელაციო პალატამ, რომელიც ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების შეფასების კონტექსთსი სრული იურისდიქციით სარგებლობდა.
287. საბოლოოდ, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ძემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, კონსტიტუციის 179/ბ მუხლი და შემოწმების შესახებ კანონი უზრუნველყოფდა, რომ კომისია და სააპელაციო პალატა მათ ფუქნციებს დამოუკიდებლად განახორციელებდნენ.
288. ამ გარემოებებში, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია და სააპელაციო პალატა ჩამოყალიბებული იყო ლეგიტიმურად და „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნების შესაბამისად, სასამართლო დაასკვნის, რომ მომჩივანს ჰქონდა წვდომა „სასამართლოზე“, ვილჰო ესკელინენის ტესტის პირველი წინაპირობის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მაშასადამე, მოცემულ საქმეზე ვრცელდება მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მისი სამოქალაქო-სამართლებრივი მიმართულებით.
(ii) იყვნენ თუ არა შემოწმების ორგანოები „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“
(1) ზოგადი პრინციპები
- დამოუკიდებლობასთან მიმართებით
289. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტერმინი „დამოუკიდებელი“ გულისხმობს დამოუკიდებლობას, როგორც ხელისუფლების სხვა (აღმასრულებელ და საკანონმდებლო) შტოებთან, ისე მხარეებთან მიმართებით. იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა, რომ სასამართლო მე-6 მუხლის 1-ლი ქვეპუნქტის მიზნებისთვის „დამოუკიდებლად“ მიიჩნეს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი წევრების დანიშვნის წესი და უფლებამოსილების ვადა, გარე ზეწოლის წინააღმდეგ გარანტიების არსებობა და ის საკითხი, საზოგადოებისთვის გამოიყურება თუ არა ორგანო დამოუკიდებლად (იხ. Kleyn and Others v. the Netherlands [დიდი პალატა], nos. 39343/98 და 3 სხვა, § 190, ECHR 2003‑VI; Oleksandr Volkov, ციტირებული ზემოტ, § 103; და Denisov v. Ukraine [დიდი პალატა], no. 76639/11, § 60, 25 სექტემბერი 2018).
290. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ გარანტიებსა და „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ უფლებას შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთმიმართება არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოელი მათგანი, როგორც სამართლიანი სასამართლოს განყენებული გარანტია, სპეციფიკურ მიზანს ემსახურება, სასამართლო გამოარჩევს მათ შორის ცალსახა კავშირს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ორივე მათგანი ხელმძღვანელობს სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთა დაცვის საერთო მიზნით. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ინსტიტუციურ მოთხოვნებს საფუძვლად სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისა და ხელისუფლების სხვა შტოებისგან მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საჭიროება უდევს.
291. ამ მიმართულებით, „დამოუკიდებლობად“ მიიჩნევა საჭირო, პირადი და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღბის დროს და შედეგად, სწორედ მიუკერძოებლობის წინაპირობას წარმოადგენს. ის ხასიათდება: (i)ფსიქიკური მდგომარეობით, რომელიც მორალური სიმტკიცის სახით, გარე ზეწოლის მიმართ მოსამართლის გაუმტარობას გულისხმობს და (ii) მთელი რიგი ინსტიტუციური და ოპერაციული მოწესრიგებით, რომელიც მოიცავს როგორც პროცედურას, რომლის მეშვეობითაც ისინი ინიშნებიან, ასევე შერჩევის კრიტერიუმებს, რომლებიც სამართლიანი შერჩევის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. აღნიშნული მოწესრიგება უნდა უზრუნველყოფდეს დამცავ მექანიზმებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არასათანადო ზეგავლენის ან შეუზღუდავი დისკრეციის წინააღმდეგ, როგორც მოსამართლის დანიშვნის საწყის ეტაპზე, ისე მისი უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში.
- მიუკერძოებლობასთან მიმართებით
292. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუკერძოებლობა როგორც წესი, გულისხმობს ცრურწმენის ან მიკერძოების არარსებობას. სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, მიკერძოების არსებობა უნდა დადგინდეს სუბიექტური და ობიექტური ტესტების საფუძველზე. სუბიექტური ტესტის შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული მოსამართლის პირად შეხედულებასა და ქცევაზე, რაც მიზნად ისახავს იმის დადგენას, მოცემულ საქმეში მოსამართლეს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ცრურწმენა ან ხასიათდებოდა თუ არა რაიმე სახის მიკერძოებით; ობიექტური ტესტის მიხედვით კი ხდება იმის განსაზღვრა, სასამართლო სხვადასხვა ასპექტის, მათ შორის მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფდა თუ არა საკმარის გარანტიებს, მიკერძოების კუთხით ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვის გასაქარწყლებად (იხ. მაგალითად, Kyprianou v. Cyprus [დიდი პალატა], no. 73797/01, § 118, ECHR 2005-XIII, and Micallef v. Malta [დიდი პალატა], no. 17056/06, § 93, ECHR 2009).
293. თუმცა, სუბიექტურ და ობიექტურ მიუკერძოებლობას შორის ცალსახა წყალგამყოფი ხაზი არ არსებობს, ვინაიდან შესაძლებელია, მოსამართლის ქცევა ობიექტურ ეჭვებს ბადებდეს სასამართლოს მიკერძოების კუთხით გარე დამკვირვებლის გადმოსახედიდან (ობიექტური ტესტი), ასევე კითხვის ნიშნებს აჩენდეს უშუალოდ მოსამართლის პირად შეხედულებები(სუბიექტური ტესტი)(იხ. Kyprianou, § 119). ობიექტური მიუკერძოებლობის კუთხით აღსანიშნავია, რომ გარკვეული მნიშვნელობა შესაძლოა მიენიჭოს იმას, თუ როგორ გამოიყურება კონკრეტული მოსამართლე საზოგადოების თვალში, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, „საკმარისი არაა, რომ მართლმსაჯულება მხოლოდ განხორციელდეს, არამედ საჭიროა, ხილული იყოს, რომ ის განხორციელდა“(იხ. Morice v. France [დიდი პალატა], no. 29369/10, § 78, ECHR 2015).
(2) მათი გამოყენება მოცემულ საქმეში
294. მოცემულ საქმეში, იღებს რა მხედველობაში მომჩივნის საჩივარს შემოწმების ორგანოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის ნაკლებობის შესახებ, სასამართლო შეამოწმებს აკმაყოფილებდა თუ არა შემოწმების ორივე ორგანო „დამოუკიდებელი და მიუკერძოებული“ სასამართლოს მოთხოვნებს (იხ. მაგალითად, Clarke v. the United Kingdom (განჩინება), no. 23695/02, 25 აგვისტო 2005, და Rustavi 2 Broadcasting Company Ltd and Others, , § 329-64). ამასთან, სასამართლო გადაწყვეტს, წარმოადგენდა თუ არა სააპელაციო პალატა სრული იურსდიქციის მქონე სასამართლო ორგანოს.
- დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია
295. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) დამოუკიდებლობის კუთხით უნდა ითქვას, რომ მომჩივანმა სადავო გახადა კომისიის წევრთა დანიშვნის ფორმა, კერძოდ მათი პარლამენტის მიერ გამწესების წესი. [სტრასბურგის] სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპაში მოსამართლეთა არჩევის არამხოლოდ ერთი, უნიფორმული მოდელი, არამედ მრავალი განსხვავებული სისტემა არსებობს. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემასა და ხელისუფლების პოლიტიკურ ორგანოთა შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მნიშვნელობა მის პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, დღითიდღე უფრო იზრდება, მოსართლეთა ხელისუფლების აღმასრულებელი ან საკანონმდებლო შტოს მიერ მოსამართლეთა არჩევა ან დანიშვნა კონვენციით დაშვებულია იმ პირობით, მათი გამწესების შემთხვევაში, ისინი ზეგავლენის ან ზეწოლისგან თავისუფლები იქნებიან და საკუთარი სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელება სრული დამოუკიდებლობის პირობებში შეეძლებათ (იხ. Sacilor-Lormines v. France, no. 65411/01, § 67, ECHR 2006‑XIII; Flux v. Moldova (no. 2), no. 31001/03, § 27, 3 ივლისი 2007; Thiam v. France, no. 80018/12, § 80, 18 ოქტომბერი 2018; and Guðmundur Andri Ástráðsson, ციტირებული ზემოთ, § 207).
296. მიუხედავად იმისა, რომ [სტრასბურგის] სასამართლოს არ აქვს საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კომისიის წევრთა დანიშვნის წესი, ის მაინც საჭიროდ მიიჩნევს, შეაფასოს, „გამოიყურებოდა თუ არა კომისია, როგორც დამოუკიდებელი ორგანო“, როგორც ეს საჭიროა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესაბამისად, გარე ზეწოლისგან დამცავი მექანიზმების თვალსაზრისით. მომჩივანმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა, რომ კომისიის წევრებმა მისი საქმის განხილვისას მიიღეს რაიმე ინსტრუქციები ან დაექვემდებარნენ რაიმე ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. საქმის მასალები არ შეიცავს მტკიცებულებას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კოლეგიაზე გავრცელებულ რაიმე მითითების ან ზეწოლის შესახებ. ის ფაქტი, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ზოგადად, შემოწმების პროცესის პროგრესის შესახებ, მისი საქმის ყოველგვარი ხსენების ან დაკავშირების გარეშე, ვერ მიიჩნევა შემოწმების ორგანოებზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ზეწოლად. პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავდა ზოგად შენიშვნებს შემოწმების პროცესის მიმდინარე განვითარების შესახებ და არ მიემართებოდა ერთ კონკრეტულ საქმეს ან ინდივიდს.
297. რაც შეეხება, წევრთა უფლებამოსილების ვადას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრები ინიშნებიან 5-წლიანი ვადით, რომლის გახანგრძლივების შესაძლებლობაც არ არსებობს. სასამართლო ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს შემოწმების ორგანოთა წევრების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრული ხანგრძლივობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს N. 2/2017 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ამგვარი მოწესრიგება შემოწმების პროცესის არაორდინალური ბუნების გათვალისწინებით სავსებით გასაგებია.
298. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის , რომ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მათი გათავისუფლება არ შეიძლება, რაც მოსამართლეების დამოუკიდებლობის ბუნებრივ გამოხატულებად მიიჩნევა (იხ. Campbell and Fell v. the United Kingdom, 28 ივნისი 1984, § 80, Series A no. 80, და Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina [დიდი პალატა], nos. 2312/08 და 34179/08, § 49, ECHR 2013 (ამონარიდები)). მოსამართლეთა გათავისუფლების აკრძალვის ფორმალური აღიარების არარსებობა ავტომატურად მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ნაკლებობაზე არ მიუთითებს, თუ აღნიშნული აკრძალვა ფაქტობრივად აღიარებულია და სხვა საჭირო გარანტიები სახეზეა (Sacilor-Lormines, § 67. შემოწმების შესახებ კანონის დებულებები კი მოწმობს, რომ მოცემულ სიტუაციაში სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ მოითხოვს შემოწმების ორგანოს არჩული წევრის გათავისუფლებას ან გადადგომას. შემოწმების შესახებ კანონის მე-17 სექცია ჩამოთვლის იმ ლიმიტირებულ გარემოებებს, რომელთა არსებობის პირობეშიცაა მხოლოდ მოცემულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ის ფაქტი, რომ მათი გათავისუფლება მხოლოდ კანონით გათალისწინებული წესით, დისციპლინარული დარღვევის დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს მოცემული საქმეში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საჭირო გარანტიების არსებობის ფაქტს.
299. რაც შეეხება დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიაში მოქმედი მოსამართლეების წარმომადგენლობის არარსებობას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შესაბამის დისციპლინარულ ორგანოში მოსამართლეების არსებითი წარმომადგენლობის საჭიროებაზე (იხ. Oleksandr Volkov, § 109). ეს საჭიროება უფრო მნიშნელოვანი ხდება, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეთა და პროკურორთა წინააღმდეგ დისციპლინარულ სამართალწარმოებას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს, ალბანეთში მოსამართლეთა და პროკურორთა შემოწმების პროცესის არაორდინალური ბუნება. პროცესის ინიცირება განხორციელდა სასამართლო სისტემაში ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან საბრძოლველად, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შეფასებით, გადაუდებელი აუცილებლობის საკითხს წარმოადგენდა. აღნიშნული პროცესი შედგება სამი კრიტერიუმის შეფასებისგან და ვრცელდება ყველა მოქმედ მოსამართლესა და პროკურორზე. სწორედ ამიტომაა მოსამართლეთა და პროკურორთა შემოწმების პროცესი ალბანეთში sui generis და შესაბამისად, ის უნდა გაიმიჯნოს მოსამართლეთა და პროკურორთა მიმართ სხვა ნებისმიერი ჩვეულებრივი დისციპლინარული სამართალწარმოებისგან.
300. სასამართლოს შეხედულებით, ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს შორის არ იყვნენ მოქმედი მოსამართლეები, ეხმიანებოდა შემოწმების პროცესის სულისკვეთებასა და მიზანს, კერძოდ - ინტერესთა კონფლიქტის ინდივიდუალური შემთხვევების თავიდან არიდებასა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს იმ მკაცრ კრიტერიუმებზე, რომლებიც კომისიის დანიშნულ წევრებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული წევრები პარლამენტის მიერ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად იქნენ არჩეულნი. მეტიც, კომისიის წევრთა სტატუსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სტატუსის იდენტური იყო.
301. ის ფაქტი, რომ მთავრობამ დააჯილდოვა კომისია 2018 წლის დასასრულს, ბონუს დანამატით მათ მიერ გაწეული სამუშაოსთის, სასამართლოს შეხედულებით, არაა საკმარისი იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კომისიის წევრთა დამოუკიდებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიას კანონით დადგენილი ვალდებულება აქვს, არსებითად გადაწყვიტოს თითოეული საქმე დამოუკიდებლად და ამ თვალსაზრისით, მომჩივანმა ვერ შეძლო, ეჩვენებინა, რომ მის საქმეში კომისია არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
302. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს ეროვნულ კანონმდებლობაში ჩამოყალიბებული გარანტიების მნიშვნელობას, კერძოდ იმ ასპექტს, რომ კომისია სარგებლობს სრული დისკრეციით, შეარჩიოს საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა და პერსონალი; ის არ იღებს ინსტრუქციებსა და მითითებს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსგან. გარდა ამისა, ის პარლამენტს წარუდგენს მისი წლიური ბიუჯეტის საკუთარ პროექტს დასამტკიცებლად. აღნიშნული პროცესიც თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან.
303. ბოლოს, ვენეციის კომისიამ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნეს, რომ კომისია განასახიერებდა დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოს მახასიათებლებს.
304. ზემოთ აღნიშნულისა და მომჩივნის საქმის სპეციფიკური გარემოებების გათალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ მტკიცებულებას, რაც საკვალიფიკაციო პალატის დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე მიუთითებდა.
305. რაც შეეხება მიუკერძოებლობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია კომისიის წევრთა სუბიექტური მიუკერძოებლობა. სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ ამ საკითხზე განსხვავებული რამ დაადგინოს. მომჩივნის თანახმად, კომისიის მიკერძოებულობის მიმართ მისი შიში ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ კომისიამ სამართალწარმოებამდე მასთან დაკავშირებით ჩაატარა გამოძიება და შემდეგ, არსებითად განიხილა და გადაწყვიტა მისი საქმე. სტრასბურგის სასამართლო იაზრებს, რომ ამგვარ სიტუაციას შესაძლოა მომჩივნისთვის საფუძვლიანი ეჭვები შეექმნა კომისიის მიკერძოებულობასთან მიმართებით და სწორედ ამიტომ, მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის პერსპექტივიდან უნდა შეფასდეს. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლომ უნდა განიხილოს ის საკითხი, მომჩივნის მოცემული ბრალდება შესაძლოა თუ არა საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, ობიექტურად გამართლებულად იქნეს მიჩნეული.
306. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი დისციპლინარული სამართალწარმოებისგან განსხვავებით, მოცემულ საქმეში არსებული შემოწმების სამართალწარმოების დაწყების საფუძველს საჩივრის შეტანა ან დისციპლინარული გადაცდომის შესახებ ბრალის წაყენება არ წარმოადგენს. შემოწმების შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, კომისიამ დაიწყო გამოძიება მომჩივნის მიერ შედგენილ სამ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ფაქტობრივი თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ კომისიას მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებით არ შეუთავსებია პროკურატურის როლი (შედარებისთვის იხ. Kamenos, § 105.) მისი მოვალეობები ექსკლუზიურად ლიმიტირებული იყო კონსტიტუციის დანართსა და შემოწმების შესახებ კანონში ჩამოყალიბებული სამი კრიტერიუმის ხელახალი შეფასებით. გამოძიების დასასრულს, კომისიამ ყოველგვარი საბოლოო დასკვნის გაკეთების გარეშე, გააკეთა ერთგვარი, წინასწარი შეფასებები, რომელთა გასაქარწყლებად და საკუთარი დაცვის პოზიციის წარმოასადგენლადაც მოიწვია მომჩივანი.
307. გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ შეაფასა, მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის მომჩივნის მიერ საპასუხოდ წარმოდგენილი არგუმენტები და დოკუმენტები, იყო თუ არა საკმარისი შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად დისციპლინური სანქციის დასაკისრებლად (იხ., პარაგრაფი 150 ზემოთ და შეადარე Kamenos, ციტირებული ზემოთ, § 107). ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებული წინასწარი დასკვნები, რომლებიც მომჩივნის დაცვის პოზიციისთვის არ იყო ხელსაყრელი, თავისთავად ვერ მიიჩნეოდა წინასწარი განწყობის მატარებლად საბოლოო დასკვნისთვის, რომელიც მას შემდეგ გაკეთდებოდა, რაც მომჩივანი ზეპირ სხდომაზე წარადგენდა არგუმენტებს. მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტის საფუძველზე, რაც მოიცავს მოპოვებულ მტკიცებულებებსა და სხდომაზე წარმოდგენილ არგუმენტებს (იხ., მაგალითისთვის, Hauschildt v. Denmark, 24 მაისი 1989, § 50, Series A no. 154, და Morel v. France, no. 34130/96, § 45, ECHR 2000‑VI).
308. შესაბამისად, არ არსებობს გაურკვევლობა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო პალატის მიერ კანონით გათვალისწინებულ მოკვლევის დაწყების ვალდებულებასა და მომჩივნისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილების მიღების მოვალეობას შორის. ასეთი პროცედურული მოწესრიგება არ არის უჩვეულო ევროპულ სამართლებრივ სისტემებში დისციპლინური ან სხვა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ მომჩივნის საქმეზე გააკეთა წინასწარი დასკვნები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს ობიექტურად გამართლებული შიშები დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
- სააპელაციო პალატა
309. რაც შეეხება სააპელაციო პალატას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა საჩივარი დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო პალატაში შეიტანა. მოგვიანებით კი მან წარადგინა დამატებითი მოსაზრებები კომისიის მიერ გაკეთებულ თითოეულ დასკვნასთან დაკავშირებით. თავის გადაწყვეტილებაში, სააპელაციო პალატამ მომჩივნის შუამდგომლობების გათვალისწინებით, განიხილა სააპელაციო საჩივარში დაყენებული თითოეული საკითხი. სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახალი შეფასებისა და მომჩივნის მიერ დაყენებული მოთხოვნების განხილვის შედეგად, კომისიის მიერ გაკეთებული ზოგიერთი დასკვნაც კი შეცვალა და კომისიის დასკვნები, საკუთარით ჩაანაცვლა. შემოწმების აქტი და კონსტიტუციის დანართი სააპელაციო პალატას აღჭურავს უფლებამოსილებით, მთლიანად გააუქმოს კომისიის გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას ჰქონდა საჩივრის განხილვის სრული იურისდიქცია და მან მომჩივნის წერილობითი საჩივრისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დეტალურად ეხებოდა საჩივარში დაყენებულ თითოეულ საკითხს.
310. ბოლოს, სასამართლო შეისწავლის საკითხს იმის თაობაზე, სააპელაციო პალატის მოქმედებები შესაბამისობაში იყო თუ არა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებთან.
311. რაც შეეხება იმას, „გამოიყურებოდა თუ არა სააპელაციო პალატა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო“, ამ მიმართულებით მომჩივანმა ვერ მოახერხა მიეთითებინა კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სააპელაციო პალატის დამოუკიდებლობას ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისგან.
312. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის წევრები ინიშნებიან შემოწმების შესახებ კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, 9-წლიანი ვადით (ამ ვადის შემდგომი გაგრძელების უფლების გარეშე), რაც კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივია. სააპელაციო პალატის წევრები სარგებლობენ იგივე სტატუსით, რაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ამასთნ, ეროვნული კანონმდებლობა იძლევა იმის გარანტიას რომ სააპელაციო პალატის წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი დაინიშნებიან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად.
313. ფორმალური საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, სააპელაციო პალატის წევრების გათავისუფლების აკრძალვა გარანტირებულია შემოწმების შესახებ კანონით, სწორედ ისე, როგორც ეს კომისიის წევრების შემთხვევაშია, ანუ, დაკავებული თანამდებობიდან მათი გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ის ფაქტი, რომ სააპელაციო პალატის წევრები ექვემდებარებიან დისციპლინურ სამართალწარმოებას და სამოსამართლეო დისციპლინის წესებით და ეთიკის ნორმებით არიან შებოჭილნი, თავისთავად არ წარმოადგენს მათ დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს (იხ. ასევე CJEU-ს გადაწყვეტილებაში მოცემული ზოგადი პრინციპები პარაგრაფი 224).
314. რაც შეეხება სააპელაციო პალატაში მოქმედ მოსამართლეთა წარმომადგენლობის არარსებობას, სასამართლო მიუთითებს მოცემული გადაწყვეტილების 299-300 პარაგრაფებში განვითარებულ მსჯელობაზე. ის ასევე მიუთითებს 301-ე პუნქტში მოცემულ დებულებებზე, რომელიც უკავშირდება 2018 წლის ბოლოს გაცემულ ბონუს დანამატს. სტრასბურგის სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო გარანტიებზე, რომელიც უკავშირდება სააპელაციო პალატას, კერძოდ (i) იგი წყვეტს თითოეულ საქმეს დამოუკიდებლად, (ii). მას აქვს სრული დისკრეცია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა და პერსონალი; (iii). იგი არ იღებს მითითებებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან; და (iv). იგი პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიური ბიუჯეტის გამოყოფის თაობაზე პროექტს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გარდა ამისა, სამართალწარმოების შედეგებს მონიტორინგს უწევენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც დამატებითი დაცვის გარანტიას წარმოადგენს. თავისთავად ცხადია, რომ შემოწმების განმახორციელებელი ორგანოები ექვემდებარებიან ზოგად პრინციპებსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
315. რაც შეეხება მიკერძოებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, მომჩივანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის სათანადო გამოკვლევას.
316. ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მომჩივნის საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ მტკიცებულებას, რომელიც სააპელაციო პალატის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის არარსებობას დაადასტურებდა.
‒ დასკვნა
317. აქედან გამომდინარე, როგორც დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია, ასევე სააპელაციო პალატა, იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით, არ იკვეთება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
324. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა არ არის დაიკავოს ეროვნული სასამართლოების ადგილი. ეროვნული კანონმდებლობის განმარტებასთან დაკავშირებული საკითხები უპირველესად ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ კი, სასამართლოების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ., Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey [დიდი პალატა], no. 13279/05, § 49, 20 ოქტომბერი 2011).
325. კონვენციის მე-6 მუხლი არ ადგენს რაიმე წესებს მტკიცებულების დასაშვებობასა ან მის შეფასებასთან მიმართებით, რადგან მათი დარეგულირება პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას წარმოადგენს (იხ.: García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 28, ECHR 1999‐I). შესაბამისად, სწორედ ეროვნული სასამართლოების შეფასების საგანია მტკიცებულებათა რელევანტურობა, მათი მამტკიცებელი ძალა და მტკიცების ტვირთი (იხ.: Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [დიდი პალატა], no. 38433/09, § 198, ECHR 2012, და Lady S.R.L. v. the Republic of Moldova, no. 39804/06, § 27, 23 ოქტომბერი 2018).
326. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს მხარეთა უფლებას, სამართალწარმოების პროცესში წარადგინონ საკუთარი პოზიციები, რომლებსაც ისინი რელევანტურად მიიჩნევენ. კონვენციის მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს არა თეორიული ან ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები, რომლებიც ეფექტიანად წარმოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეთა პოზიციები ეროვნული სასამართლოების მიერ იქნება სათანადოდ „მოსმენილი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონვენციის მე-6 მუხლის მიზანია, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვროს „ტრიბუნალის“ ვალდებულება, სათანადოდ შეისწავლოს მხარეთა მოსაზრებები, არგუმენტები და მტკიცებულებები, მათი რელევანტურობის მიკერძოებული შეფასების გარეშე (იხ.: Perez v. France [დიდი პალატა], no. 47287/99, § 80, ECHR 2004-I).
327. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს ეროვნულმა სასამართლოებმა ადეკვატურად მიუთითონ ის საფუძვლები, რომლებსაც ეყრდნობა მათი გადაწყვეტილებები, იგი არ ავალდებულებს სასამართლოებს დეტალურად გასცენ პასუხი მომჩივნის მიერ წამოყენებულ ყველა არგუმენტს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვალდებულება სასამართლო პროცესის მონაწილეს უქმნის მოლოდინს, რომ იგი მიიღებს კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს მის მიერ წარდგენილ იმ არგუმენტებზე, რომლებსაც სამართალწარმოების შედეგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს (იხ.:: Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, §§ 29-30, Series A no. 303-A).
328. ზემოაღნიშნული რელევანტური ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო დაადგენს, იყო თუ არა სამართალწარმოების პროცესი მთლიანობაში სამართლიანი.
(ii) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
329. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდამავალი ხელახალი შეფასებისთვის მომჩივნის პრიორიტეტულ პირთა სიაში ჩასმის გათვალისწინებით, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივნის მიერ შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად წარდგენილ სამ განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული მოკვლევა (იხ.პარაგრაფი 12 ზემოთ). მოკვლევის პროცედურა დაიწყო შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 144 ზემოთ). მოკვლევის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ მომჩივანს აცნობა წინასწარი დასკვნები. ანგარიშში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ წინასწარი დასკვნა, სხვა საკითხებთან ერთად, ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს: (i) შეუსაბამობებს აქტივების შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით; (ii) აქტივების შეძენისთვის გამოყენებული თანხების შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტების ნაკლებობას; (iii) არასაკმარის კანონიერ შემოსავალს გარკვეული წლების განმავლობაში ლიკვიდური აქტივების გადაჭარბებული რაოდენობის გასამართლებლად და (iv) შეუსაბამობებს გარკვეულ აქტივებში მომჩივნის წილთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ).
330. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ წინასწარი დასკვნის მოსამზადებლად შეისწავლა ყველა დოკუმენტი, რომლებიც მან მოიპოვა სხვადასხვა უწყებიდან, აგრეთვე, ის განმარტებები და ინფორმაცია, რომელიც მომჩივანმა კომისიას მიაწოდა წარდგენილი კითხვების საპასუხოდ. უფრო მეტიც, ანგარიშში მოხსენიებულია ის დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ დასკვნას. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული მოკვლევის დასრულების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებულ ინფორმაციას მისთვის უნდა მიეცა შესაძლებლობა, გაეაზრებინა წინასწარი დასკვნის სერიოზულობა, რათა მოემზადებინა ადეკვატური დაცვა.
331. მომჩივნის მტკიცება, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ დამალა ზოგიერთი მტკიცებულება მხოლოდ ვარაუდია, რომელიც არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით.
332. დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიაში საქმის წარმოების განმავლობაში, კერძოდ, კი მას შემდეგ, რაც წინასწარი დასკვნების უარსაყოფად მტკიცების ტვირთმა მომჩივანზე გადაინაცვლა, მან საკუთარი პოზიციის დასაცავად წარადგინა ამომწურავი არგუმენტები და არაერთი წერილობითი დოკუმენტი. მას მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა და მიეწოდა ინფორმაცია დაცვისთვის საჭირო ხარჯების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ. მომჩივანს მიეცა ვადა საკუთარი პოზიციის წარსადგენად (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). არ არსებობს რაიმე მითითება, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ადეკვატური დაცვის მოსამზადებლად, რადგან აღნიშნულის შესახებ მას არ წარუდგენია რაიმე სახის შუამდგომლობა არც დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის და არც სააპელაციო პალატის წინაშე.
333. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიას ჰქონდა სრული იურისდიქცია ყველა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საკითხთან მიმართებით. ის იყო სპეციალურად შექმნილი ორგანო, რათა განემარტა და გამოეყენებინა შემოწმების შესახებ კანონი. ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ნამდვილად მოითხოვდა სპეციალიზებულ ცოდნასა და სპეციალურ პროფესიულ გამოცდილებას, სწორედ აღნიშნულის გამო შემოწმების შესახებ კანონმა მიუთითა დამხმარე ორგანოების საჭიროებაზე, რომლებიც დახმარებას გაუწევდნენ დამოუკიდებელ საკვალიფიკაციო კომისიას მოვალეობის შესრულების პროცესში.(იხ. პარაგრაფები 135-42 ზემოთ). აღნიშნული ხაზგასმულ იქნა საკონსიტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, რომელშიც დამატებით მითითებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ უნდა მიიღოს (იხ. პარაგრაფები 169-70 ზემოთ). მომჩივნის საქმეში კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ადეკვატური საფუძვლები.
334. დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მომჩივანმა, რომელსაც წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ადვოკატი, წარადგინა დასაბუთებული საჩივარი სააპელაციო პალატაში, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად სადავოდ ხდიდა ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო თანამდებობიდან მის გათავისუფლებას. მან ასევე წარადგინა დამატებითი წერილობითი მოსაზრებები. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებიდან აშკარაა, რომ პალატამ პუნქტობრივად შეისწავლა მომჩივნის საჩივრის საფუძვლები და აგრეთვე, დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, პალატამ მოცემულ სამართალწარმოებასთან მიმართებით შეასრულა „სრული იურიდიქციის“ მოთხოვნა, რომელიც ავტომატურად განისაზღვრება კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე. (იხ. Ramos Nunes de Carvalho e Sá, ზემოაღნიშნული, § 177). საქმის მასალებში ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ხელახალი გადასინჯვის შედეგად, სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ გაკეთებული ზოგიერთი დასკვნა, კომისიის შეფასება ჩაანაცვლა საკუთარი შეფასებით, ხოლო კომისიის მიერ გაკეთებული ცალკეული დასკვნები შეცვალა . სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატა მოქმედებდა კონსტიტუციის დანართის „F“ მუხლისა და შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების, შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობას (იხ. პარაგრაფები 112 და 154 ზემოთ).
335. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოადგინა გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები, რომლებიც პასუხობდა მომჩივნის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ყველა გარემოებას. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ სააპელაციო პალატამ წარმოადგინა ადეკვატური საფუძვლები მომჩივნის ახალი მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 60 ზემოთ). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ადეკვატურად მიუთითონ ის მიზეზები, რომლებსაც ეფუძნება გადაწყვეტილება. აღნიშნული ვალდებულება სასამართლო პროცესის მონაწილეს უქმნის მოლოდინს, რომ იგი მიიღებს კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს მის მიერ წარდგენილ იმ არგუმენტებზე, რომლებსაც სამართალწარმოების შედეგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს (იხ., პარაგრაფი 327 ზემოთ).
336. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ სამართალწარმოების სამართლიანობასთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.
3. სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმის ზეპირი განხილვის ვალდებულებასთან შესაბამისობა
ა) მხარეთა არგუმენტები
337. მომჩივანმა განაცხადა, რომ სააპელაციო პალატას მისი საჩივრის საფუძვლებიდან გამომდინარე საქმეზე უნდა გაემართა ზეპირი მოსმენა, ვინაიდან ის სადავოდ ხდიდა როგორც ფაქტობრივ, აგრეთვე სამართლებრივ საკითხებს. შემოწმების შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა სააპელაციო პალატის წინაშე საქმის ზეპირი განხილვის შესაძლებლობას, მომჩივანს აგრეთვე არ შეეძლო მსგავსი მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა. მოცემულ საქმეში არ არსებობდა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ამართლებდა სააპელაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის ჩაუტარებლობას.
338. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა არ მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა სააპელაციო პალატის წინაშე, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქმის კოკრეტულ გარემოებებში ზეპირი განხილვა არ იყო აუცილებელი.
ბ) სასამართლოს შეფასება
339. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით საქმის ზეპირი განხილვის უფლება გულისხმობს ზეპირი განხილვის უფლებას სულ მცირე ერთი ინსტანციის სასამართლოს წინაშე (იხ., Fischer v. Austria, 26 April 1995, § 44, Series A no. 312). მეორე და მესამე ინსტანციების წინაშე ზეპირი მოსმენის არარსებობა შეიძლება გამართლებული იყოს სამართალწარმოების კონკრეტული მახასიათებლებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი მოსმენა უკვე ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე (იხ. Salomonsson v. Sweden, no. 38978/97, § 36, 12 ნოემბერი 2002). მართალია, რელევანტური არ არის მოცემული საქმისთვის, თუმცა სტრასბურგის სასამართლო, საპირისპიროდ, აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა შეიძლება გამოსწორდეს, თუ ზეპირი მოსმენა უზრუნველყოფილ იქნება სააპელაციო ეტაპზე, ვინაიდან სააპელაციო სამართალწარმოება მოიცავს ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების განხილვას (იხ., მაგალითისთვის, დისციპლინურ კონტექსტში (Buterlevičiūtė v. Lithuania, no. 42139/08, §§ 52-54, 12 იანვარი 2016).
340. მართალია, ზეპირი მოსმენის ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების კონტექსტში, საფრთხის ქვეშ არსებული სიკეთის გათვალისწინებით, რაც არის შესაძლო სახდელის გავლენა პირთა ცხოვრებასა და კარიერაზე და აგრეთვე ფინანსური შედეგები, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს და სათანადოდ უნდა დასაბუთდეს პრაქტიკის შუქზე (იხ., Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 210).
341. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო იყო, ჩაატარა საქმეზე ზეპირი მოსმენა, სადაც მომჩივანს წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ადვოკატი, მან არგუმენტები ზეპირად, ხოლო დამატებითი მტკიცებულებები წერილობით წარადგინა (შედარებისთვის, Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 209). დამატებითი მტკიცებულების შესწავლის მიზნით, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო კომისიამ გადადო მომჩივნის საქმის განხილვა.
342. მეორე რიგში, მომჩივნის საჩივრიდან და წერილობითი წარდგინებებიდან არ იკვეთება, რომ მომჩივანმა სააპელაციო ეტაპზე მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა (შედარებისთვის, Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 209). შემოწმების შესახებ კანონი ნათლად არ ითვალისწინებს ან კრძალავს სააპელაციო პალატის წინაშე ზეპირი მოსმენის ჩატარებას, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ შემოწმების ორგანოები, inter alia, იყენებენ ადმინისტრაციული სასამართლოების შესახებ კანონში მოცემულ პროცედურებს, როდესაც მსგავსი პროცედურა არ არის გათვალისწინებული შემოწმების შესახებ კანონში (იხ., პარაგრაფი 125 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სასამართლოების შესახებ კანონის 51-ე მუხლი ადგენს სიას, თუ რა შემთხვევაში უნდა გაიმართოს სააპელაციო ეტაპზე ზეპირი მოსმენა (იხ., პარაგრაფი 196 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ზეპირი მოსმენის გამართვის მოთხოვნა, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში წარმოადგინა ადეკვატური მიზეზები, თუ რატომ არ ჩაატარა ზეპირი მოსმენა მომჩივნის საქმეზე (იხ., პარაგრაფი 61 ზემოთ).
343. დაბოლოს, სტრასბურგის სასამართლო, მიუხედავად დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო პალატის წინაშე საქმეზე ზეპირი განხილვის ჩატარებისა და სააპელაციო ეტაპზე მომჩივნის მხრიდან მსგავსი მოთხოვნის წარუდგენლობისა, შეისწავლის სამართალწარმოების ბუნება მოითხოვდა თუ არა სააპელაციო პალატის წინაშე ზეპირი მოსმენის გამართვას. ამასთან კავშირში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს ჰქონდა სააპელაციო პალატის წინაშე საკუთარი პოზიციის წერილობით წარდგენის შესაძლობა (შეადარეთ, Vilho Eskelinen, ციტირებული ზემოთ, § 74). საჩივრის საფუძვლები, უმეტესწილად, ეხებოდა სამართლებრივ ან ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებული იყო აქტივების შეფასებასთან და მათი განხილვა შესაძლებელი იყო საქმის მასალებზე დაყრდნობით (იხ., mutatis mutandis, respectively, Varela Assalino v. Portugal (განჩნება), no. 64336/01, 25 აპრილი 2002, და Schuler-Zgraggen v. Switzerland, 24 ივნისი 1993, § 58, Series A no. 263). სამართალწარმოება არ საჭიროებდა მოწმეთა დაკითხვას ან სხვა მტკიცებულებათა ზეპირად გამოკვლევას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების ბუნება სააპელაციო პალატის წინაშე მოითხოვდა საქმის ზეპირ განხილვას.
344. შესაბამისად, სააპელაციო პალატის წინაშე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.
4. სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან შესაბამისობა
ა) მხარეთა არგუმენტები
345. მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოწმების შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა რაიმე კონკრეტულ საკანონმდებლო შეზღუდვას აქტივების შეფასებასთან დაკავშირებით. ამან შესაძლებლობა მისცა შემოწმების ორგანოებს შეესწავლათ ტრანზაქციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძალიან შორეულ წარსულში, რამაც გამოიწვია მტკიცების ტვირთის დაუსაბუთებელი შებრუნება. მომჩივანი საბოლოოდ თანამდებობიდან გათავისუფლდა იმ გარემოებებისა და ფაქტების გამო, რომელიც თარიღდებოდა 1990-იანი წლებით. შემოწმების პროცესის ფართო მასშტაბმა მომჩივანი ობიექტური მიზეზების გამო გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.
346. მთავრობა აცხადებდა, რომ დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ ყოველმხრივ შეისწავლა მომჩივნის მიერ შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად შევსებული დეკლარაცია. დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ მტკიცებულებად გამოიყენა ყოველწლიური დეკლარაცია, რომელსაც მომჩივანი და მისი პარტნიორი ავსებდნენ. ყველა დეკლარაციის დაზუსტებამ და შედარებამ პალატას შესაძლებლობა მისცა დაენახათ, აქტივების გამჟღავნების პროგრესი და მისი სინამდვილესთან შესაბამისობა; აგრეთვე გაეკეთებინა დასკვნები წლების განმავლობაში შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების საკმარისობის ან კანონიერების, ისევე როგორც აქტივების შესაქმნელად გამოყენებული წყაროს შესახებ. ადმინისტრაციული მოკვლევის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ მიიჩნია, რომ მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ჰქონდა მამტკიცებელი ძალა მომჩივნის საქმეზე ფაქტებისა და გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.
347. ამ გარემოებებში, პალატამ მომჩივანს გააცნო წინასწარი დასკვნები და მტკიცების ტვირთი მასზე გადაიტანა, რათა მომჩივანს შეძლებოდა საწინააღმდეგოს დამტკიცება. თითოეული დასკვნა ემყარებოდა მტკიცებულებას. მომჩივანს შეეძლო განესაზღვრა, თუ როგორ დაეცვა საკუთარი პოზიცია საუკეთესოდ და წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა მის დაცვას. მას უნდა ეჩვენებინა, რომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რათა მოეპოვებინა მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება. საბოლოოდ, შემოწმების ორგანო ადგენდა, დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა იყო თუ არა გამართლებული გონივრული საფუძვლებით. ამგვარი პროცედურული გარანტია მიზნად ისახავდა ალბანეთში 1990-იანი წლების შემდგომ არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებას და, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, შემოწმების ორგანოს მიერ თითოეული საქმის დისკრეციული შეფასების უზრუნველყოფას, შემოწმების პროცედურის წარმატებული შედეგისთვის საფრთხის მიყენების გარეშე.
ბ) სასამართლოს შეფასება
348. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და პოტენციური მოპასუხეების დაცვას ხანდაზმული მოთხოვნებისგან, რომელთან დაპირისპირებაც შესაძლოა რთული იყოს; აგრეთვე ნებისმიერი უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას, თუ სასამართლოებს მოეთხოვებათ გადაწყვეტილება მიიღონ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი ჰქონდა შორეულ წარსულში, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა არასანდო და არასრული გახდა. ხანდაზმულობის ვადა არის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასამართლებრივი სისტემების საერთო მახასიათებელი სისხლის სამართლის, დისციპლინურ და სხვა დანაშაულებთან მიმართებით (იხ., Oleksandr Volkov, ციტირებული ზემოთ, § 137).
349. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფართოდ გამოყენებული აქტივების შეფასების პროცესის კონკრეტული მახასიათებლები. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ პირადი და ოჯახური აქტივები ჩვეულებრივ გროვდება სამუშაო ცხოვრების განმავლობაში, მკაცრი დროებითი ლიმიტის დაწესება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა და ხელყოფდა ხელისუფლების შესაძლებლობას, შეეფასებინა პირის მიერ პროფესიული კარიერის განმავლობაში მოპოვებული მთლიანი აქტივების კანონიერება. ამასთან დაკავშირებით, აქტივების შეფასება ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით, განსხვავებით დისციპლინური მოკვლევისგან, რომელიც მოითხოვს ხანდაზმულობის ვადების გამოსაყენებლად მოპასუხე სახელმწიფოსთვის უფრო მეტი მოქნილობის მინიჭებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბანურ კონტექსტში, სადაც აქტივების დეკლარაციების შემოწმება მანამდე არ იყო ეფექტიანი (იხ პარაგრაფი 220 და 272 ზემოთ). საბოლოოდ, შესაძლოა განმარტების საგანი იყოს კონკრეტულად როდის ჰქონდა ადგილი დისციპლინურ გადასცომას ამ კონტექსტში, კერძოდ, მაშინ, როდესაც აქტივი თავდაპირველად იქნა მოპოვებული თუ შემდგომ, როდესაც მის შესახებ ინფორმაცია გამჟღავნებულ იქნა პერიოდულ დეკლარაციაში. ამავდროულად, ეს მოქნილობა ვერ იქნება შეუზღუდავი და სამართლებრივი სიცხადის როლი და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მომჩივანთა უფლებები უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე.
350. რაც შეეხება მოცემულ საქმეს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის სამოსამართლო კარიერა დაიწყო 1995 წელს და შეუჩერებლად გრძელდებოდა 2018 წელს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე. მის წინააღმდეგ უარყოფითი დასკვნები ეფუძნებოდა როგორც აქტივების შემოწმების დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციას, ასევე მისი და მისი პარტნიორის მიერ მანამდე შევსებულ დეკლარაციებს. აქტივების შეფასების მიზანი იყო აქტივების შეძენის წყაროს კანონიერების შემოწმება და აქტივების დეკლარაციის შემოწმების ნამდვილობის დაზუსტება წინა წლიურ დეკლარაციებთან მიმართებით. ამ მიზეზით, შემოწმების ორგანოები მტკიცებულებად იყენებდნენ წინა წლიურ დეკლარაციებს, რომლებიც მან წარუდგინა HIDAACI-ს, რათა უზრუნველეყოთ, რომ ყველა აქტივი, მათ შორის კანონიერი ფინანსური წყაროები, რომლებიც საფუძვლად ედო მათ შეძენას, ზუსტად იყო გაცხადებული.
351. შემოწმების ორგანოებმა შეისწავლეს აქტივები, რომელთა ფინანსური წყაროები მოპოვებულ იქნა 1990-იან 2000-იან წლებში. გასაგებია, რომ მომჩივანი რთულ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან დროის გასვლისა და დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო რთული იყო მისი ფინანსური წყაროს კანონიერების დადასტურება. მიუხედავად ამისა, ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმით, რომ მომჩივანმა აქტივის მოპოვების დროს არ მიუთითა ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, სასამართლო აღიშნავს, რომ შემოწმების შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუ შემოწმებული პირისთვის ობიექტურად შეუძლებელია დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. მომჩივნის შემთხვევაში, შემოწმების ორგანოებმა დაადგინეს, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო ეჩვენებინა 1992-2000 წლებში მისი პარტნიორის შემოსავლის კანონიერი ბუნება (იხ., პარაგრაფები 28 და 69). სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მომჩივნის პარტნიორის დანაზოგი ვერ იქნებოდა საკმარისი მოცემული აქტივის შესაძენად (იხ. პარაგრაფი 70 ზემოთ).
352. სასამართლო შემდგომ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილის მიზნებისთვის per se თვითნებური არ არის, რომ მტკიცებულების ტვირთი გადავიდა მომჩივანზე მას შემდეგ, რაც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა საქმეში არსებულ მტკიცებულებები და აგრეთვე დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ მას გააცნო წინასწარი დასკვნები, რომლებიც მოკვლევის დასრულების შემდგომ გაკეთდა (იხ. Gogitidze and Others v. Georgia, no. 36862/05, § 122, 12 მაისი 2015, Grayson and Barnham v. the United Kingdom, nos. 19955/05 და 15085/06, §§ 37-49, 23 სექტემბერი 2008).
353. შესაბამისად, სასამართლომ ამ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა მოსამართლის პროფესიული ცხოვრების განმავლობაში შეგროვებული პირადი ან ოჯახური აქტივების შეფასების პროცესი, შემოწმების შესახებ კანონით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მომჩივნის მხრიდან იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, რომ მან ობიექტურად ვერ შეძლო პარტნიორის შემოსავლის კანონიერი ბუნების ჩვენება და აგრეთვე ის გარემოება, რომ მომჩივანმა აქტივის შეძენის დროს არ აღრიცხა ის დეკლარაციაში. სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი სიცხადის პრინციპის დარღვევის საჩივართან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
354. მომჩივანი დავობდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას იმის გამო, რომ ის უკანონოდ და თვითნებურად გაათავისუფლეს მოსამართლის თანამდებობიდან და ამასთანავე, სამუდამოდ აუკრძალეს სასამართლო სისტემაში ხელახლა დასაქმების შესაძლებლობა.
355. კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი... ცხოვრება ..
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.’’
A. დასაშვებობა
1. მომჩივნის საჩივარი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
ა) მხარეთა არგუმენტები
356. მთავრობამ მიუთითა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საქმეში დენისოვი (ციტირებული ზემოთ) და განაცხადა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ იყო გამოყენებადი, ვინაიდან მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ მოცემულ საქმეში მიღწეულ იქნა სიმძიმის ზღვარი დენისოვის საქმეზე შემუშავებულ სამ კრიტერიუმთან მიმართებით. გარდა ამისა, დისციპლინური სახდელის დაკისრება თავისთავად ვერ გამოიწვევს რეპუტაციის დარღვევას, თუ მას არ მოჰყოლია სერიოზული შედეგი. მთავრობამ დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანი სააპელაციო პალატის წინაშე არ დავობდა, რომ დაერღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
357. მომჩივანმა აღნიშნა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება აკმაყოფილებდა დენისოვის საქმეში დადგენილ კრიტერიუმებს, რის შედეგადაც მოცემულ საქმეში მე-8 მუხლი გამოყენებადი იყო. მომჩივანმა სააპელაციო პალატის წინაშე გაასაჩივრა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რომლის შედეგებიც მის პირად ცხოვრებაზე აშკარა იყო. აღნიშნულ გარემოებებში მან ამოწურა შიდასამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება.
ბ) სასამართლოს შეფასება
(i) მე-8 მუხლის გამოყენებადობა
358. ვინაიდან მთავრობა სადავოდ ხდიდა კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენებადობას მომჩივნის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლო პირველ რიგში განიხილავს აღნიშნულ საკითხს.
(1) ზოგადი პრინციპები
359. დენისოვის საქმეზე, დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული დავები per se არ გამოირიცხებოდა ,,პირადი ცხოვრებიდან’’ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. არსებობს პირადი ცხოვრების ტიპიური ასპექტები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს თანამდებობიდან გათავისუფლებამ, დაქვეითებამ ან სხვა ანალოგიურად არასახარბიელო ღონისძიებამ. ეს ასპექტები მოიცავს (i) მომჩივნის ,,შიდა წრეს’’, (ii) მომჩივნის შესაძლებლობას სხვებთან დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები, და (iii) მომჩივნის სოციალური და პროფესიული რეპუტაცია. მსგავს დავებში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხი წარმოიშობა ორ შემთხვევაში: პირველი, როდესაც სადავო ღონისძიების უკან ფარული მიზეზები დგას (ამ შემთხვევაში სასამართლო იყენებს მიზეზებზე დაფუძნებულ მიდგომას) და -გარკვეულ შემთხვევაში- როდესაც გამოყენებულ ღონისძიებას პირად ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს (ამ შემთხვევაში სასამართლო იყენებს შედეგებზე დაფუძნებულ მიდგომას - იქვე., § 115).
360. თუ გამოიყენება შედეგებზე დაფუძნებული მიდგომა, ყველა ზემოხსენებულ ასპექტთან მიმართებით სიმძიმის ზღვარი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მომჩივანმა დამაჯერებლად უნდა აჩვენოს, რომ მის საქმეში აღნიშნული ზღვარი მიღწეულ იქნა. მომჩივანმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სადავო ღონისძიების შედეგებს. სტრასბურგის სასამართლო მე-8 მუხლს გამოყენებადად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუ შედეგები ძალიან სერიოზულია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის პირად ცხოვრებაზე (იხ., Denisov, ციტირებული ზემოთ, § 116).
361. სასამართლომ დაადგინა სავარაუდო დარღვევების სიმძიმის ან სერიოზულობის შესაფასებელი კრიტერიუმები, სხვადასხვა მარეგულირებელ კონტექსტში. მომჩივნის ტანჯვა უნდა შეფასდეს ღონისძიების გამოყენებამდე და მის შემდეგ არსებული ცხოვრების შედარებით. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ დასაქმებასთან დაკავშირებულ საქმეებზე შედეგების სერიოზულობის დადგენისას მიზანშეწონილია, შეფასდეს მომჩივნის სუბიექტური აღქმნა კონკრეტული საქმის ობიექტური გარემოებების შუქზე. ეს ანალიზი უნდა მოიცავდეს სავარაუდო ღონისძიების როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ გავლენას. თუმცა, მომჩივანმა უნდა განსაზღვროს და დაასაბუთოს მისი ტანჯვის ბუნება და მოცულობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს მიზეზობრივი კავშირი სადავო ღონისძიებასთან. ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესის გათვალისწინებით, მსგავსი ბრალდებების ძირითადი ელემენტები საკმარისად უნდა იყოს დასმული ამ საკითხის განმხილველი ეროვნული ხელისუფლების ორგანოების წინაშე (იხ., Denisov, ციტირებული ზემოთ, § 117).
(2) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
362. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯელობს რა მოცემულ საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენებადობაზე, აღნიშნული დებულება ვერ იქნება გამოყენებული მიზეზებზე დაფუძნებულ მიდგომასთან: მომჩივნის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მისი, როგორც მოსამართლის, თანამდებობას და არ იყო დაკავშირებული პირად ცხოვრებასთან. მართალია, აქტივების შეძენა ან შექმნა შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს პირადი ცხოვრების ასპექტად, თუმცა დისციპლინურ პასუხისმგებლობას საფუძვლად ვერ დაედება აქტივების რაოდენობა ან მოცულობა ან პირის ცხოვრების წესი, არამედ მისი მხრიდან აღნიშნული აქტივების შეძენის ან მოპოვების წყაროს კანონიერების მიუთითებლობა და საზოგადოების დარწმუნება მის პატიოსნებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტივების აუდიტი არ მოიცავს პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტს, რაც თავისთავად განიხილება ეთიკურ დარღვევად ( შეადარეთ, Özpınar v. Turkey, no. 20999/04, 19 ოქტომბერი 2010).
363. რაც შეეხება შედეგებზე დაფუძნებულ მიდგომას, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს შემდეგს. მომჩივანი თანამდებობიდან გათავისუფლდა შემოწმების შესახებ კანონის შესაბამისად (იხ. Polyakh and Others, ციტირებული ზემოთ, § 208-09; შედარებისთვის J.B. and Others v. Hungary (განჩინება), no. 45434/12 და 2 სხვა, §§ 132-33, 27 ნოემბერი 2018 და Camelia Bogdan v. Romania, no.36889/18, §§ 85-86, 20 ოქტომბერი 2020). ამას ეჭვგარეშეა, ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა მის ,,შიდა წრეზე’’, რაც მოიცავს მის კეთილდღეობასა და ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, შემოწმების ორგანოებმა გამოიკვლიეს მისი პროფესიული კომპეტენცია და დაადგინეს, რომ მან საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი (შეადარეთ, J.B. and Others (განჩინება), ციტირებული ზემოთ, § 136). ამ დასკვნის შემდგომი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებას შეექმნა მოსაზრება, რომ მომჩივანი იყო და კვლავ არის სამოსამართლეო ფუნქციის განხორციელებისათვის შეუსაბამო კანდიდატი.
364. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლი გამოყენებადია და შესაბამისად, უარყოფს მთავრობის არგუმენტს.
B. საქმის არსებითი მხარე
374. სტრასბურგის სასამართლო განიხილავს მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას და ასეთის შემთხვევაში, იყო თუ არა ჩარევა გამართლებული.
1. ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას
ა) მხარეთა არგუმენტები
375. მომჩივანი დავობდა, რომ მოსამართლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას.
376. მთავრობა აცხადებდა, რომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
ბ) სასამართლოს შეფასება
377. კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენებადობასთან დაკავშირებით 363-ე და 364-ე პარაგრაფებში მოცემული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად ადგილი ჰქონდა მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას (იხ., მაგალითისთვის, Özpınar, ციტირებული ზემოთ, §§ 47-48, და Kulykov and Others v. Ukraine, nos. 5114/09 და 17 სხვა, § 138, 19 იანვარი 2017).
378. ზემოხსენებული ჩარევა დაარღვევს კონვენციის მე-8 მუხლს, თუ ის არ იქნება გამართლებული მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კერძოდ ის ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით’’, უნდა ემსახურებოდეს ამ მუხლში მოხსენიებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს და ,,აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, რათა მიღწეულ იქნეს ლეგიტიმური მიზანი ან მიზნები (იხ., Jankauskas v. Lithuania (no. 2), no. 50446/09, § 71, 27 ივნისი 2017).
2. იყო თუ არა ჩარევა ,,კანონით გათვალისწინებული’’
ბ) სასამართლოს შეფასება
384. სიტყვები ,,კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული’’ მოითხოვს, რომ, პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას საფუძველი ჰქონდეს ეროვნულ კანონმდებლობაში. მეორე რიგში, ის მიემართება სადავო კანონმდებლობის ხარისხს და მოითხოვს, რომ ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და აგრეთვე განჭვრეტადი შედეგებთან მიმართებით. იმისათვის, რომ კანონი აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის მოთხოვნას, ის საკმარისი სიზუსტით უნდა ადგენდეს, თუ რა პირობებში იქნება გამოყენებული, რათა პირმა - საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების მიღებით - დაარეგულიროს საკუთარი ქცევა.
385. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი თანამდებობიდან გათავისუფლდა ორი ძირითადი მიზეზით. პირველ რიგში, რაც შეეხება აქტივების შეფასებას, დადგინდა, რომ მან გააკეთა ცრუ დეკლარაცია და დამალა 101 კვ.მ. ბინა. მეორე რიგში, რაც შეეხება მისი პროფესიული კომპეტენციის შეფასებას, მომჩივანმა შეარყია საზოგადოების ნდობა, ვინაიდან არ ჩამოშორდა საკონსტიტუციო საჩივრის განხილვას. სტრასბურგის სასამართლო თითოეულ საფუძველს განიხილავს ქვემოთ, რათა განსაზღვროს, იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული.
386. რაც შეეხება დეკლარაციასა და ბინის დამალვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოწმების ორგანოების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემოწმების აქტს და აქტივების გამჟღავნების შესახებ არსებულ კანონმდებლობას. შემოწმების შესახებ კანონი არა მხოლოდ გამოქვეყნდა, არამედ ის აგრეთვე დაექვემდებარა საკონსტიტუციო განხილვის პროცედურას. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ჩარევა აკმაყოფილებდა ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის თვისობრივ მოთხოვნებს.
387. რაც შეეხება დასკვნას, რომ მომჩივანმა ძირი გამოუთხარა სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების აღნიშნული საფუძველი საკმაოდ ფართო ფორმით არის ჩამოყალიბებული, უჩვეული არ არის დისციპლინურ კანონმდებლობასა და მოსამართლეთა დისციპლინურ წესებში ასეთი დებულების არსებობა. ჩვეულებრივ, ეს დებულება წაკითხულ უნდა იქნეს და უნდა განიმარტოს სხვა უფრო კონკრეტულ სპეფიციკურ დისციპლინურ წესებთან ერთად, რომლებიც იმ დროს მოქმედებენ, და ეთიკური და პროფესიული ხასიათის დარღვევების სანქცირებას ახდენენ.
მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების შესახებ კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს დაემატა იმ დროს მოქმედი ნორმატიული დებულებები, რომლებიც ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და სხვა მოსამართლეთა აცილებას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ,,გ’’ ქვეპუნქტი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლი, რომლებიც დამოუკიდებელმა საკვალიფიკაციო პალატამ და სააპელაციო პალატამ თავიანთ გადაწყვეტილებებში მოიხმო. ამ ვითარებაში, სასამართლო ადგენს, რომ ჩარევა საკმარისად განჭვრეტადი იყო.
388. სასამართლო დარწმუნდა, რომ მომჩივნის პირად ცხოვრებაში ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად, სასამართლო ქვემოთ შეისწავლის, ჩარევა ემსახურებოდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს და იყო თუ არა ის მიზნის მისაღწევად ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’.
3. ემსახურებოდა თუ არა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს
ა) მხარეთა არგუმენტები
389. მომჩივანი დავობდა, რომ ჩარევა არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. მთავრობის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის - სასამართლო სისტემის კორუფციისგან გაწმენდა, მიღწევა შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით, როგორიცაა მოსამართლეთა სავალდებულო ტრენინგები. ევროპულ კომისიას კორუფციის აღმოსაფხვრელად არ მოუთხოვია მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების ფართომასშტაბიანი შემოწმება.
390. მთავრობამ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული იყო რამდენიმე პრობლემა. აღნიშნული პრობლემები მოითხოვდნენ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რაც საბოლოოდ დასრულდა საკონსტიტუციო ცვლილებებით და რამდენიმე კანონის მიღებით. მთავრობამ მოიხმო შემოწმების შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვის აბსტრაქტში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაღვრული ლეგიტიმური მიზნები.
ბ) სასამართლოს შეფასება
391. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების ანგარიშში მოხსენიებული იყო საზოგადოების ნდობის შესახებ რამდენიმე კვლევა და არაერთი დასკვნა, რომლებიც ცხადყოფდა სასამართლო სისტემაში კორუფციის შემთხვევებს (იხ., პარაგრაფი 4 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, GRECO-მ 2002 წლიდან თავის მოხსენებებში აღნიშნა სასამართლო სისტემაში კორუფციის გავრცელების მასშტაბები.
392. მნიშველოვანია აღინიშნოს, რომ შემოწმების შესახებ კანონის მიზანია ,,უზრუნველყოს კანონის უზენაესობის გამართული ფუნქციონირება, სასამართლო სისტემის ნამდვილი დამოუკიდებბლობა, ისევე როგორც საზოგადოების ნდობის აღდგენა ამ სისტემის ინსტიტუტებისადმი’’ (იხ, პარაგრაფები 102 და 120 ზემოთ).
ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა და პროკურორების შემოწმება ,,არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელი იყო ქვეყნის კორუფციაში ჩაფლობისგან დასაცავად; თუ მის [კორუფციის] წინააღმდეგ არ გატარდება ნაბიჯები, მან შეიძლება გაანადგუროს სასამართლო სისტემა’’. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ შემოწმების შესახებ კანონით დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა გამართლებული იყო სასამართლო სისტემაში კორუფციის დონის შემცირებისა და სასამართლო სისტემისადმი საოგადოების ნდობის აღდგენის საჯარო ინტერესით, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან.
393. ამ გარემოებებში, სასამართლო ვერ ხედავს ეჭვის საფუძველს, რომ შემოწმების შესახებ კანონით მისაღწევი მიზანი და აგრეთვე მომჩივნის შემთხვევაში ჩარევა, შესაბამისობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიზნებთან და ემსახურებოდა ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნებს, როგორც ეს ჩამოთვლილია კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში (იხ., აგრეთვე Ivanovski, ციტირებული ზემოთ, 179).
4. იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’
(ა) მხარეთა არგუმენტები
(i) მომჩივანი
394. მომჩივანი აცხადებდა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება არაპროპორციული იყო. შემოწმების ორგანოებს არ წარმოუდგენიათ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ადეკვატური მიზეზები. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო ეჩვენებინა მისი პარტნიორის შემოსავლის კანონიერი წყარო, რომელიც მან ოც წელზე მეტი ხნის წინ გამოიმუშავა.
395. მომჩივნის მოსაზრებით, 1990-იან წლებში მისი პარტნიორის ცხოვრების ხარჯები არასწორად განისაზღვრა იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის 2002-2004 წლების მონაცემების საფუძველზე. მგზავრობის ზოგიერთი ხარჯები მას თვითნებურად მიეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ის გაწეული იყო სამსახურის მიზნებისთვის და აღნიშნული ხარჯები იკისრა მასპინძელმა ინსტიტუტებმა.
396. შემოწმების ორგანოებმა გადააბიჯეს კანონით დადგენილ საზღვრებს და ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ყოველწლიური ქონების დეკლარაციების გამო, რომელიც მან წარადგინა HIDAACI -ში და რასთან მიმართებითაც ის პოზიტიურად შეფასდა. შემოწმების კანონი არ შეიცავდა განმარტებას ფრაზისა ,,ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი’’. ამ ფრაზის გამოყენებისა და განმარტების თვალსაზრისით შემოწმების ორგანოებს ფართო დისკრეცია ენიჭებოდათ. არ ყოფილა სიტუაცია, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობდა. გარდა ამისა, შემოწმების ორგანოებმა 20-წლიანი კარიერიდან გამოყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი.
397. მომჩივნის მოსაზრებით, კანონის თვითებური გამოყენების აღსაკვეთად არ არსებობდა პროცედურული გარანტიები. კანონმდებლობით არ იყო დადგენილი დისციპლინური სამართალდარღვევების სანქციების შესაბამისი მასშტაბი და არ იყო შემუშავებული წესები პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
(ii) მთავრობა
398. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი დაექვემდებარა შემოწმების პროცედურას, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი დისციპლინური სამართალწარმოებისგან. მისი ვალდებულება, რომ გაეცა ინფორმაცია აქტივების შესახებ უკვე იყო კანონით დადგენილი 2003 წლიდან. იმისათვის, რომ აქტივი კანონიერად ჩაითვალოს, უნდა დაკმაყოფილდეს ორი პირობა: მისი შექმნის ან შეძენისთვის გამოყენებული შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან უნდა წარმოშობილიყო და შემოსავალი უნდა ექვემდებარებოდეს გადასახადების გადახდას. ამ ორი პირობის კუმულატიურად შესრულება ნათლად იყო დადგენილი კონსტიტუციის ,,დ’’ მუხლითა და შემოწმების შესახებ კანონის მე-3 მუხლით.
399. საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა, რომ შემოწმებას დაქვემდებარებული პირები მტკიცებულების მოპოვების თვალსაზრისით შესაძლოა დადგნენ ობიექტური შეუძლებლობის წინაშე. ეს განპირობებული იყო (i) ქვეყნის მემკვიდრეობით, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში წარმოიშვა, სადაც გადასახადებს არავინ იხდიდა (ii) არაფორმალური ეკონომიკით, რომელიც სტიმულირებული იყო რთული ეკონომიკური ვითარებით და საჯარო დაწესებულებების უუნარობით, (iii) ქვეყანაში მწირი ფისკალური კულტურით, რომელსაც არ გააჩნდა კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმები, და (iv) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პროფესიონალიზმის ნაკლებობით.
400. მთავრობის განცხადებით, აქტივების დეკლარაციის არასაკმარისად მიჩნევის საფუძველი იყო აქტივების შემოწმების დეკლარაცია. შემოწმების შესახებ კანონის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წაკითხული 33-ე მუხლთან ერთად, აქტივების დეკლარაცია არასაკმარისად მიიჩნეოდა, თუ დადგინდებოდა, რომ დამალული იყო ფინასური წყაროები, აქტივები, არასწორად იყო გამჟღავნებული აქტივები ან ადგილი ექნებოდა ინტერესთა კონფლიქტს. აქტივების ძველი დეკლარაციები შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მტკიცებულებად დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო პალატისა და სააპელაციო პალატის მიერ.
401. დაბოლოს, მომჩივნისთვის დაწესებული სანქცია პროპორციული იყო შემოწმების ორგანოების მიერ დადგენილი დასკვნებისა, კერძოდ, რომ მან შეავსო ყალბი დეკლარაცია და დამალა აქტივი, სხვა აქტივებთან მიმართებით გააკეთა არაზუსტი დეკლარაცია და შეარყია საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი. მთავრობის მოსაზრებით, სახელმწიფო საჯარო მოხელეებს სთხოვდა, ყოფილიყვნენ იმ კონსტიტუციური პრინციპების ერთგულები, რომლებზეც ის დაფუძნდა.
(b) სასამართლოს შეფასება
402. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა ჩაითვლება „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“, თუ იგი პასუხობს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“ და, კერძოდ, თუ იგი მიღწეული ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია და თუ ეროვნული ხელისუფლების მიერ მის გასამართლებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები „შესაბამისი და საკმარისია“ (იხ. მაგ., Fernández Martínez, ციტირებული ზემოთ, § 124, და Dubská and Krejzová v. the Czech Republic [დიდი პალატა], nos. 28859/11 და 28473/12, § 174, 15 ნოემბერი 2016). მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს აუცილებლობის თავდაპირველი შეფასება, საბოლოო შეფასება იმის შესახებ არის თუ არა ჩარევის მოყვანილი საფუძვლები რელევანტური და საკმარისი, წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანს, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. მაგ.,, Polyakh and Others, ციტირებული ზემოთ, § 283).
403. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება არის მძიმე - თუ არა ყველაზე სერიოზული ხასიათის - დისციპლინარული სანქცია, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს. ამგვარი ზომის დაწესება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პირის პირად ცხოვრებაზე, მოითხოვს მყარ მტკიცებულებას რომელიც დაკავშირებულია პირის ეთიკასთან, პატიოსნებასა და პროფესიულ კომპეტენციასთან.
404. წინამდებარე საქმეში, როგორც 391 და 392 პარაგრაფებშია მოცემული, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოწმების შესახებ კანონი მიღებული იქნა შეფასების ანგარიშისა და რეფორმის სტრატეგიის, აგრეთვე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად. შემოწმების შესახებ კანონი პასუხობდა მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის საგანგაშო დონეს, როგორც მას აფასებს ეროვნული საკანონმდებლო ორგანო და სხვა დამოუკიდებელი დამკვირვებლები, და ასევე, პასუხობდა კორუფციასთან ბრძოლის გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც აგრეთვე ხაზგასმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ გარემოებებში, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც გულისხმობს ყველა მოსამართლისა და პროკურორის შემოწმებას, პასუხობდა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“.
405. კითხვაზე, გადააჭარბა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ზღვარს მომჩივნის საქმეზე, პასუხი კვლავ გასაცემია. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო შეისწავლის, ჩაატარეს თუ არა შეფასების ორგანოებმა ინდივიდუალური შეფასება, რამაც გამოიწვია თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინარული სახდელის დაკისრება, კერძოდ აქტივებისა და პროფესიული კომპეტენციის შეფასება.
406. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოწმების ორგანოებმა შეისწავლეს მომჩივნის ქონების შემოწმების დეკლარაცია. შემოწმების შესახებ კანონის თანახმად, მომჩივანს მოეთხოვებოდა მიეთითებინა კანონის შესაბამისი წყაროები, რომლებიც მისი აქტივების შეძენის საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ალბანეთის სახელშეკრულებო სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, აქტივების გამჟღავნების და მათი კანონიერი წარმოშობის დასაბუთების მოთხოვნას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა 2003 წლიდან, რომელიც ასევე აწესებს სანქციებს აქტივების დამალვის ან ყალბი გამჟღავნების გამო (იხ. პარ. 204 და 212). ეს არის მიზეზი, რის გამოც შემოწმების შესახებ კანონი, როგორც სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ითვალისწინებდა ქონების შესახებ წინა დეკლარაციების გამოყენებას მტკიცებულებად, იმისათვის, რომ გადამოწმებულიყო ქონების შესახებ დეკლარაციის ჭეშმარიტება (იხ. პარ. 136 და 188).
407. 101 კვ.მ. ფართობის ბინასთან დაკავშრებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისიის დასკვნას იმის შესახებ, რომ მომჩივნმა წარადგინა არასწორი დეკლარაცია და დამალა აქტივი. რაც შეეხება მის არგუმენტებს, რომ შემოწმების ორგანოებმა არასწორედ განმარტეს კანონი, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული ხელისუფლებისათვის და განსაკუთრებით სასამართლოებისთვის, უპირველესია ეროვნული კანონმდებლობის განმარტება. თუ ინტერპრეტაცია არის თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი, ევროპული სასამართლოს როლი შემოიფარგლება კონვენციასთან ამგვარი ინტერპრეტაციის შედეგების შესაბამისობის შემოწმებით (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, Radomilja and Others [დიდი პალატა, ციტირებული ზემოთ, § 149). წინამდებარე საქმეში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ორი აქტივი შეიძინა გეგმიური ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც, როგორც შემოწმების ორგანოები განმარტავენ, იყო - და კვლავ არის - ქონების შეძენის ერთ-ერთი გზა, ალბანეთის კანონმდებლობის მიხედვით. საქმის მასალების საგულდაგულოდ გამოკვლევის შემდეგ, შემოწმების ორგანოებმა დაასკვნეს, რომ მომჩივანი ასევე იყო ძირითადი ხელშეკრულებების მხარე, რომლებიც საფუძვლად დაედოდა და ხელი შეუწყო 101 კვ.მ. ფართობის ბინის შეძენას, და რომლის არსებობაც მან არ გაამჟღავნა 2011 წლამდე (იხ. პარ. 25 და 67). სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს რაიმე თვითნებობას ან აშკარად დაუსაბუთებელს ეროვნულ გადაწყვეტილებებში. უფრო მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ ბანგალორის პრინციპების თანახმად, მოსამართლეებს, რომლებიც თავიანთი სამუშაო ბუნებიდან გამომდინარე კანონის უზენაესობის გარანტად მიიჩნევიან, უნდა მოეთხოვოთ პატიოსნების განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები სასამართლოს გარეთ პირად საკითხებთან დაკავშირებით - „ზემოხსენებული საყვედური გონივრული, დამკვირვებლის აზრით” - იმისათვის, რომ შეინარჩუნოს და გააღრმავოს საზოგადოებრივი ნდობა და „ხელახლა დაადასტუროს ხალხის რწმენა მართლმსაჯულების სისტემის მთლიანობისადმი“.
408. რაც შეეხება საკმარისი და კანონიერი შემოსავლის არსებობას, რათა ეყიდა საკუთრება, რომელმაც ხელი შეუწყო 101 კვ.მ. ფართობი ბინის შეძენას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის დასკვნით მომჩივანს და მის პარტნიორს არ ჰქონდათ საკმარისი შემოსავალი (იხ პარაგრაფი 71 ზემოთ).
409. რაც შეეხება მომჩივნის ფინანსური მდგომარეობის დადგენას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ხელახლა შეაფასა მისი და მისი პარტნიორი აქტივები და ვალდებულებები და დაადგინა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი კანონიერი შემოსავალი ლიკვიდური აქტივების გასამართლებლად. ვინაიდან შეფასება ორიენტირებული იყო საცხოვრებელ და სამგზავრო ხარჯებთან დაკავშირებულ ფაქტებზე და ის ჩატარდა შემოწმების ორგანოების მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების დასკვნების ჩანაცვლება. სასამართლო შემდგომ აღნიშნავს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მომჩივანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მიუთითა უცხოურ საბანკო ანგარიშებზე არსებული მისი ფულის წარმომავლობა, რადგან არ არსებობდა საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე მისმა პარტნიორმა ვერ შეძლო დროულად განეცხადებინა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის შესახებ, რითაც დაირღვა კანონით დადგენილი მოთხოვნები (იხ. პარაგრაფები 33, 75 და 77 ზემოთ).
410. რაც შეეხება პროფესიული კომპეტენციის შეფასებას, სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო პალატის დასკვნა, რომლის მიხედვით იმ გარემოებამ, რომ მომჩივანმა არ დააყენა თვითაცილება საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში შეარყია საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი. ზემოხსენებული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო შემოწმების ორგანოებმა არ წარმოადგინეს ადეკვატური საფუძვლები ასეთი დასკვნის გასამართლებლად. პირველ რიგში, მომჩივნის მამა იყო სააპელაციო სასამართლოს პალატის წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ცალკეული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნენ ცნობილნი დოკუმენტების გაყალბებაში, ხანდაზმული იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია საქმის არსებითი მხარე და არ მიუღია გადაწყვეტილება საბუთების გაყალბების ბრალდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომჩივანს, მას უნდა განეხილა კონსტიტუციური საჩივარი, რომელიც ეხებოდა განცალკევებულ სამოქალაქო სამართალწარმოებას. მეორეც, ვინაიდან არც მას და არც მამამისს არცერთ სამართალწარმოებაში არ ჰქონდა რაიმე პირადი ინტერესთა კონფლიქტი, სტრასბურგის სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ შემოწმების ორგანოებმა საკმარისად აჩვენეს ეჭვები მომჩივნის მიუკერძოებლობასთან მიმართებით. მართალია კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემა ისე, რომ უზრუნველყონ სამართლიანი განხილვის უფლების მოთხოვნების შესრულება და მიუკერძოებლობა უდავოდ არის ამ მოთხოვნებში ერთ-ერთი მოწინავე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვის საჭირო არ არის იმ მოსამართლის ავტომატური დისკვალიფიკაცია, რომელსაც სისხლითი ნათესაობა აკავშირებს მეორე მოსამართლესთან, რომელმაც სხვა სამართალწარმოების ფარგლებში განიხილა ერთი ან ყველა მხარის საქმე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის სიდიდისვის, როგორიც ალბანეთია (იხ. პრინციპის გამოყენებადობისათვის Dorozhko and Pozharskiy v. Estonia, nos. 14659/04 და 16855/04, § 53, 24 აპრილი 2008; Ramljak v. Croatia, no. 5856/13, §§ 29-42, 27 ივნისი 2017; Nicholas v. Cyprus, no. 63246/10, § 62-65, 9 იანვარი 2018; და Koulias v. Cyprus, no. 48781/12, §§ 61-66, 26 მაისი 2020). მესამეც, არ არსებობს მაჩვენებელი იმისა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარეებმა წინააღმდეგობა გამოთქვეს მომჩივნის კოლეგიაში მონაწილეობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე გვარს ატარებდა, რასაც მამამისი.
411. მიუხედავად მომჩივნის პროფესიული კომპეტენციის შეფასებასთან მიმართებით ზემოთ მოცემული მიზეზებისა, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ აქტივების შეფასებასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები საკმარისად სერიოზული იყო ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და შეეძლო გაემართლებინათ მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლება.
412. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ, 407-09 პარაგრაფებში ზემოთ განხილული ეროვნული სასამართლოების ინდივიდუალიზებული დასკვნების გათვალისწინებით, მომჩივნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება პროპორციული იყო. შემოწმების შესახებ კანონი ითვალისწინებს დისციპლიური სანქციის ორ სახეს: თანამდებობიდან გათავისუფლება ან უფლებამოსილების შეჩერა სავალდებულო განათლების მიღების ვალდებულებით. სასამართლომ დაადგინა, სხვებს შორის, რომ დისციპლინური გადაცდომებისთვის სათანადო ზომის სანქციების არარსებობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს (იხ., Oleksandr Volkov, § 182). ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა აღნიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი ითვალისწინებს დისციპლინური სანქციების უფრო დეტალურ იერარქიას, რომელთა დაკისრება შესაძლებელი იყო დისციპლინური სამართალწარმოების შემდეგ. თუმცა, შემოწმების პროცედურა sui generis ბუნებისაა, მიუხედავად იმ მსგავსებისა, რაც მას შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან. აღნიშნული პროცედურა დაინერგა სასამართლო სისტემაში კორუფციის ფართო მასშტაბის არსებობის საპასუხოდ, რათა გაეთავისუფლებინა სასამართლო კორუფციული ელემენტებისგან და შეენარჩუნებინა სისტემის ჯანსაღი ნაწილი. განსაკუთრებული გარემოებები, რაც წინ უსწრებდა შემოწმების შესახებ კანონის მიღებას, რაც ასევე ხაზგასმულია 391, 392 და 404 პარაგრაფებში ზემოთ, სასამართლო შემოწმების პროცესის სულისკვეთების შესაბამისად მიიჩნევს სანქციების უფრო შეზღუდულ მასშტაბს თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს შემოწმების აქტით დადგენილი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს.
413. სასამართლო აცხადებს, რომ მოსამართლეთა და პროკურორთა სტატუსის შესახებ კანონის მიხედვით, მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლება ითვალისწინებდა სასამართლო სისტემაში ხელახლა შესვლის უვადო აკრძალვას. ამასთან კავშირში, სტრასბურგის სასამართლო იმეორებს, რომ მოსამართლეები და განსაკუთრებით პირები, რომლებიც იკავებენ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებს, როგორიცაა თანამდებობა, სადაც მომჩივანს სურს სამსახურის განახლება, იკავებენ სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოწილების ნაწილს. მომჩივნისა და სერიოზული ეთიკური დარღვევების საფუძვლებით თანამდებობიდან გათავისუფლებული სხვა პირებისთვის თანმდებობის ხელახლა დაკავების აკრძალვა მთელი ცხოვრების განმავლობაშ არ არის სახელმწიფოს მიერ მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული; სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი არის სასამართლო სისტემის პატიოსნებისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა (იხ, mutatis mutandis, Naidin v. Romania, no. 38162/07, 21 ოქტომბერი 2014, § 54-55, რომელიც ეხებოდა პოლიციის ყოფილი კოლაბორაციონისტისთვის დაწესებულ აბსოლუტური ბუნების შეზღუდვას, საჯარო სამსახურში დასაქმების თაობაზე; შეადარეთ Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 58, ECHR 2004‑VIII; Rainys and Gasparavičius v. Lithuania, nos. 70665/01 და 74345/01, § 36, 7 აპრილი 2005; და Žičkus v. Lithuania, no. 26652/02, § 31, 7 აპრილი 2009 რომელიც ეხება პირისთვის დაწესებულ შეზღუდვას კერძო სექტორში დასაქმების თაობაზე). ეს განსაკუთრებით ასეა კანონის უზენაესობის მუდმივი კონსოლიდაციის ეროვნულ კონტექსტში.
414. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველზე კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით,
სასამართლო
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ შემოწმების ორგანოს მხრიდან მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა;
ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ ადგენს, რომ სამართალწარმოების არასამართლიანობასთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა;
ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ ადგენს, რომ სააპელაციო პალატის წინაშე ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა;
ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ ადგენს, რომ სამართლებრივი სიცხადის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა;
ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ ადგენს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
[1] აღნიშნული კონტრაქტის სახე, როგორც წესი, გულისხმობს დეველოპერთან იმგვარი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც დეველოპერი იძენს უფლებას გასცეს საბოლოო თანხმობა მიწის დაყოფაზე, რომელიც შეისყიდა მყიდველმა ან შენობის შემთხვევაში, შენობის დაწყებამდე ან დასრულებამდე.
[2] ამ გადაწყვეტილების მიზნებისათვის, „ლიკვიდური აქტივები“ ნიშნავს (A) ფულადი დანაზოგების ნაშთს მოცემული კალენდარული წლის ბოლოს, როგორც ამას განსაზღვრავს შემმოწმებელი ორგანოები, რომელიც ტოლი უნდა იყოს (B) მომჩივნისა და მისი პარტნიორის წინა კალენდარული წლის სალარო ნაშთთან, რომელსაც ემატება (C) მომჩივნისა და მისი პარტნიორის ყოველწლიური შემოსავლები მოცემულ კალენდარულ წელს, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით და აკლდება (D) ნებისმიერი ხარჯი ( მათ შორის და არამხოლოდ, საცხოვრებელი ხარჯები, სამოგზაურო ხარჯები, იპოთეკური სესხის გადასახადები). ნებისმიერი შეუსაბამობა, როდესაც (A) მეტია ვიდრე (B + C – D), იძლევა გაუმართლებელი/არაკანონიერი ლიკვიდური აქტივის საფუძველს, როდესაც იგი არ დასტურდება საქმის მასალებში ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დოკუმენტებით.