დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 185
2015 წლის მაისი
ი. სლოვენიის წინააღმდეგ (Y. v. Slovenia)
(საჩივარი- 41107/10)
გადაწყვეტილება, 28 მაისი, 2015 [მე-5 სექცია]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
პირადი ცხოვრების დაცულობა
სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში ვერ იქნა დაცული მომჩივნის პიროვნული მთლიანობა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი - ქალბატონი ი. სლოვენიის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა უკრაინაში 1987 წელს. 2000 წელს იგი სლოვენიაში ჩამოვიდა დასთან და დედასთან ერთად. ქალბატონი ი. გათხოვდა სლოვენიელზე. საქმე ეხებოდა მომჩივნის ოჯახის მეგობრის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ პროცესს, რომელსაც აპლიკანტი ადანაშაულებდა მის მიმართ მრავალჯერადი სექსუალური ხასიათის ძალადობის განხორციელებაში.
მომჩივნის დედამ პირველად ოჯახის მეგობრის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი სასამართლოში 2002 წლის ივლისში. წარდგენილ საჩივარში იგი უთითებდა, რომ ოჯახის მეგობარი მისი 14 წლის ქალიშვილს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას 2001 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში. ოჯახის მეგობარი, იმ დროისთვის 55 წლის ბრალდებული მზრუნველობას იჩენდა როგორც აპლიკანტის, ასევე მისი მეუღლის მიმართ - ეხმარებოდა რა მას სილამაზის კონკურსისთვის მომზადებაში.
გამოძიებისა და სასამართლო პროცესის შემდგომი მსვლელობისას, ოფიციალურმა პირებმა დაკითხეს აპლიკანტი და სავარაუდო მოძალადე, რომელიც უარყოფდა ყოველგვარ სქესობრივ კავშირს მომჩივანთან. ამ პროცესში ასევე დაკითხული იყო რამდენიმე მოწმე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გამოსაკვლევად დანიშნულნი იყვნენ ექსპერტები. შედეგად, ორმა გინეკოლოგიურმა დასკვნამ არც დაადასტურა და არც უარყო Y-ის ბრალდება, ხოლო ორი სხვა ექსპერტი მივიდა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნამდე: პირველმა მათგანმა, ფსიქოლოგმა, დაადგინა, რომ Y მკაფიოდ ავლენდა სექსუალური ძალადობის სიმპტომებს. ხოლო მეორემ, ორთოპედმა, მიიჩნია, რომ ბრალდებულს არ შეეძლო ეძალადა მომჩივანზე და ჩაედინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო (მარცხენა ხელი უმოქმედო ჰქონდა დაბადებიდან). გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს, ექიმის დასკვნა წინააღმდეგობაში მოვიდა ორთოპედის დასკვნასთან. კერძოდ, ექიმმა ჰკითხა დაზარალებულს, თუ რატომ არ დაიცვა მან თავი უფრო მედგრად Y-ის ძალადობისგან.
მომჩივანმა მოითხოვა ბრალდებულის წარმომადგენლის აცილება იმ მოტივით, რომ მასთან შემდეგი სახის ნაცნობობა აკავშირებდა: აპლიკანტმა დედასთან ერთად სწორედ ამ პირთან გაიარა იურიდიული კონსულტაცია აღნიშნულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მანამ, სანამ პოლიცია ინფორმირებული იქნებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა წინამდებარე შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო.
ორ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ პირადად განახორციელა ჯვარედინი დაკითხვა მომჩივნის მიმართ. ბრალდებული განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ ფიზიკურად უუნარო იყო განეხორციელებინა ძალადობა და მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები მომჩივნის დედის მიერ იყო ინსპირირებული ფულის გამოძალვის მიზნით. რამდენიმე კითხვა ფორმულირებული იყო კონკრეტული პასუხის მიღების მიზნით; დაცვის მხარე დაჟინებით აგრძელებდა Y-ის სიცრუეში მხილებას და აცხადებდა, რომ მოსარჩელე მზად იყო ეტირა დამსწრეების ნდობის მოპოვების მიზნით. 2009 წლის სექტემბერში, საერთო ჯამში 12 სასამართლო სხდომის შემდეგ, პირველმა ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული გაამართლა Y-ის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში. პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, თუმცა 2010 წლის მაისში საჩივარი უარყოფილი იყო ისევე, როგორც რამდენიმე თვის შემდეგ, მთავარი პროკურორის წინაშე Y-ის მიმართვა კანონიერების დაცვის თაობაზე.
მომჩივანი დავობდა, რომ კონვენციის მე-3 მუხლიდან (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) გამომდინარე, სექსუალური ძალადობის შესახებ მის ბრალდებაზე გამოძიება და შემდგომი სასამართლო პროცესები არაგონივრულად ხანგრძლივი იყო - 7 წელი გავიდა საჩივრის სასამართლოში შეტანიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ასევე საჩივარში აღნიშნული იყო, რომ გამოძიება არაეფექტური იყო, რადგან ხელისუფლებას არაობიექტური დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, რამეთუ მომჩივანი უკრაინული წარმოშობის იყო. გარდა ამისა, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მომჩივნის მტკიცებით, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კერძოდ, მან განიცადა მორალური ზიანი, როცა ბრალდებულს ორ სასამართლო პროცესზე მიეცა შესაძლებლობა მის მიმართ ჩაეტარებინა ჯვარედინი დაკითხვა.
სამართალი – მე-3 მუხლი: სასამართლომ შეშფოთებით აღნიშნა, რომ სამართალწარმოება პერიოდულად ხასიათდებოდა სრული უმოქმედობით. Y-ის საჩივრის საფუძველზე, პოლიციამ შეადგინა ინციდენტის შესახებ ანგარიში, რომელიც პროკურატურას გადაუგზავნა გამოძიების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო ბრალდების ორგანოს მოწოდების საფუძველზე. პროკურორმა ოპერატიულად მიმართა სასამართლოს გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა გამომძიებელ მოსამართლეს დასჭირდა 21 თვე, რათა რეაგირება მოეხდინა ამ მიმართვაზე. გამოძიების დასრულებისას, სასამართლო სხდომა ჩაინიშნა საბრალდებო ოქმის შედგენიდან 8 თვეში ეროვნული პროცედურული წესების დარღვევით. გადავადების რამდენიმე შემთხვევის გამო, პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდა პირის ბრალდებულად აღიარების დღიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ.
შეუძლებელია მსჯელობა, თუ რამდენად მოახდინა 7-წლიანმა დაყოვნებამ (აპლიკანტის საჩივრის შეტანიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე) სამართალწარმოების შედეგზე გავლენა, თუმცა, ცხადია, ასეთი ხანგრძლივი დაყოვნება არ შეიძლებოდა თანხვედრაში ყოფილიყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპთან. შესაბამისად, დაირღვა სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებები კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე.
მე-8 მუხლი: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Y-ის ჩვენება იყო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება (მოწმის ჩვენება) საქმეში, ხოლო ორი სხვა მტკიცებულება (ფსიქოლოგისა და ორთოპედის დასკვნა) იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, სამართლიანი სასამართლოს ინტერესები გულისხმობდა, რომ დაცვის მხარეს მისცემოდა Y-ის ჯვარედინი დაკითხვის საშუალება, რომელიც იმ დროისთვის სრულწლოვანი გახლდათ. მიუხედავად ამისა, სასამართლოს უნდა განესაზღვრა სამართლიანი ბალანსი Y-ის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და დაცვის მხარის ინტერესებს შორის.
ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ Y-ის დაკითხვა გრძელდებოდა სასამართლოს ოთხი სხდომის მანძილზე 7 თვის განმავლობაში, სხდომებს შორის გაუმართლებლად დიდი ინტერვალის პირობებში.
რაც შეეხება თავად ბრალდებულის მიერ განხორციელებული ჯვარედინი დაკითხვის ხასიათს, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს უნდა მიეცეს გარკვეული თავისუფლება Y-ის სანდოობის გაბათილებისთვის, თუმცა ჯვარედინი დაკითხვა არ უნდა იქნეს გამოყენებული მოწმეების დაშინების ან დამცირების მიზნით. დაცვის მხარის რამდენიმე კითხვა და რეპლიკა, კერძოდ, განცხადება, რომ Y-ს შეეძლო ტირილი, რათა გავლენა მოეხდინა დამსწრეთა აზრის ჩამოყალიბებაზე, მიზნად ისახავდა არა მხოლოდ სანდოობის გაბათილებას, არამედ მის დამცირებას. მსგავსი შემტევი ხასიათის ინსინუაციები ამეტებდა მოპასუხის ეფექტური დაცვის უფლების ფარგლებს. პირველ რიგში, თავმჯდომარე მოსამართლის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა Y-ის პიროვნებისადმი პატივისცემის უზრუნველყოფა, მსგავსი შენიშვნებისგან დაცვა და გარკვეულ შემთხვევებში ჩარევა სტრესული გარემოს შემსუბუქების მიზნით.
რაც შეეხება Y-ის შუამდგომლობას დაცვის მხარის ადვოკატის აცილების თაობაზე იმ მოტივით, რომ საჩივრის შეტანამდე ადვოკატმა კონსულტაცია გაუწია მას, სასამართლოს განსახილველი არ იყო თუ რა იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა ადვოკატი მანამდე. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ დაზარალებულის განცხადება შეესაბამებოდა სიმართლეს, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ის ნეგატიური ფსიქოლოგიური გავლენა, რაც ჯვარედინი დაკითხვის დროს არსებობდა. ასევე ინფორმაცია, რომელიც ადვოკატს შეეძლო მიეღო მომჩივნისგან, არ უნდა გამოყენებულიყო არაკეთილსინდისიერად. მიუხედავად ამისა, მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით. ამიტომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვენიის კანონმდებლობა ადვოკატის აცილების საკითხზე ან/და ამ კანონმდებლობის გამოყენების მეთოდი, არასაკმარისად ითვალისწინებდა Y-ის ინტერესებს. რაც შეეხება გინეკოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც გამოძიების ეტაპზე ჩატარდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ექიმმა Y-ის წინააღმდეგ ორთოპედის დასკვნის ჩვენებით და თავდასხმის შესაძლო მოგერიების შესახებ დაკითხვით, გადააჭარბა მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
ევროპული სასამართლო ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები, რათა შემდგომში აცილებული ყოფილიყო Y-ის ხელახალი ტრავმირება, მათ შორის, საზოგადოების დასწრების შეზღუდვა პროცესებზე და ბრალდებულის გაძევება სასამართლო დარბაზიდან დაზარალებულის ჩვენების მიცემის დროს. თუმცა საქმის სენსიტიური ხასიათიდან და Y-ის ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, საჭირო იყო უკიდურესი სიფრთხილე. გამოძიებისა და სამართალწარმოების სტადიებზე არსებული ნაკლოვანებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც Y-ის ინტერესი ყოველმხრივ დაცული იქნებოდა. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვენიას აპლიკანტისთვის უნდა გადაეხადა 9.500 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 4.000 ევრო - ხარჯების ანაზღაურების სახით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy