Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2019 წლის ნოემბერი
იასარი რუმინეთის წინააღმდეგ (Yasar v. Romania)
(საჩივარი- 64863/13)
გადაწყვეტილება, 26 ნოემბერი, 2019 (მე-4 სექცია)
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
ფაქტები –წინამდებარე საქმე ეხებოდა ბ-ნი იასარისთვის გემის ჩამორთმევას, ვინაიდან ის გამოყენებულ იქნა შავ ზღვაში უკანონო თევზჭერისთვის. მომჩივანს გემი ჩამოერთვა 2010 წელს, როდესაც კაპიტნის - კადირ დიკმენის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ეს უკანასკნელი გემს იყენებდა მომჩივანთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.
2012 წელს ბ-ნი დიკმენი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს. სამართალწარმოების დროს ბ-ნმა იასარმა წარმოადგინა გემზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მან განაცხადა, რომ გემი ,,რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში იპოვეს და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა’’.
ბ-ნ დიკმენთან მიმართებით გადაწყვეტილება საბოლოო გახდა, თუმცა კონფისკაციას რაც შეეხება, საქმე ხელახლა განხილვის საგანი გახდა. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ კონფისკაციის ღონისძიება არ იყო გამოყენებული შეჯიბრებითი სამართალწარმოების შედეგად, ვინაიდან გემის მესაკუთრე არ იქნა გამოძახებული ბ-ნი დიკმენის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს.
სამართალწარმოების მეორე ეტაპზე, ბ-ნი იასარი გამოიძახეს და მას იცავდა მის მიერ არჩეული ადვოკატი, რომელიც დავობდა, რომ კონფისკაცია არაპროპორციული იყო, გემის მნიშვნელოვანი ღირებულებიდან გამომდინარე და დადასტურებული ზიანის არარსებობის გათვალისწინებით. თუმცა, 2013 წლის საბოლოო გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ იასარს უნდა სცოდნოდა, რომ გემი გამოიყენებოდა სადავო დანაშაულის განხორციელებისთვის, ვინაიდან გემის ბორტზე განთავსებული იყო აღჭურვილობა, რომელიც სპეციალურად უკანონო თევზჭერისთვის იყო განკუთვნილი და რომელზეც ის ამტკიცებდა, რომ მისი იყო. სასამართლოებმა აგრეთვე მიუთითეს ჩამორთმეული გემის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე, რაც მოიცავდა შავ ზღვაში დაცული თევზებისადმი მიყენებულ ზიანს და დელფინებისთვის მიყენებულ დაზიანებებს.
საბოლოოდ, გემი კერძო პირს მიყიდეს დაახლოებით 1900 ევროდ, ამ დროის განმავლობაში მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. თანხა სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა, რომ გემის ჩამორთმევა უკანონო და არაპროპორციული იყო.
სამართალი - მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ ბ-ნი იასარისთვის გემის ჩამორთმევა წარმოადგენდა საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონფისკაცია უტოლდებოდა საკუთრების ჩამორთმევას, ვინაიდან ის მუდმივი ღონისძიება იყო, რამაც 2016 წელს გამოიწვია საკუთრების საბოლოო გასხვისება.
აღნიშნული ჩარევა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, იმგვარი საქმიანობის აკრძალვას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა შავი ზღვის ბიოლოგიურ რესურსებს, მათ შორისაა, უკანონო თევზჭერა. ამრიგად, კონფისკაცია საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.
სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა, ჩარევა ადგენდა თუ არა სამართლიან ბალანსს საჯარო ინტერესების საჭიროებებსა და მომჩივნის საკუთრების უფლების დაცვას შორის.
პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ-ნ იასარს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარედგინა საკუთარი პოზიცია. კერძოდ, საქმე ხელახლა იქნა განხილული, რათა კონფისკაციის ღონისძიება შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფარგლებში გადაწყვეტილიყო. ახალ სამართალწარმოებაში ის გამოძახებულ იქნა, მის ინტერესებს წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ადვოკატი; მომჩივანს მიეცა მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები არ მიუთითებდა იმაზე, რომ რუმინეთის სასამართლოები მტკიცებულებათა შეფასების დროს თვითნებურად იქცეოდნენ.
უფრო მეტიც, სასამართლოებმა დაიცვეს ბალანსი საქმეში შეპირისპირებულ ინტერესებს შორის, მიუთითეს რა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე. გარდა ამისა, გემის ჩამორთმევა მომჩივანს არ აკისრებდა გადაჭარბებულ ტვირთს: მან სასამართლოებს ვერ დაუმტკიცა გემის ღირებულება ან იმ განცხადების ჭეშმარიტება, რომ [ჩამორთმეული გემის] გაქირავება მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ნამდვილად, გემი საბოლოოდ დაახლოებით 1900 ევროდ გაიყიდა.
შესაბამისად, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები