დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 150
2012 წლის მარტი
ი.ც. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Y.C. v. the United Kingdom)
(საჩივარი- 4547/10)
გადაწყვეტილება, 13 მარტი, 2012 [მე-4 სექცია]
მე-8 მუხლი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
ფაქტები – ბრიტანელი აპლიკანტი - ი.ც., დაიბადა 1962 წელს და ცხოვრობდა ბრიჯვოტერში (ინგლისში). საქმე ეხებოდა აპლიკანტის 2001 წელს დაბადებული ვაჟის მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებს. აღნიშნული სამართალწარმოებები დასრულდა შესაბამისი გადაწყვეტილებით, რომლითაც გადაწყდა მისი გაშვილება, რადგან გარკვეული შეშფოთება არსებობდა მომჩივნის ბავშვის მამის ურთიერთობასთან დაკავშირებით. აპლიკანტი დავობდა, რომ სასამართლოების უარმა - შეეფასებინა იგი, როგორც ერთადერთი მზრუნველი და მეურვე საკუთარი ვაჟისა, ასევე, ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინების უგულებელყოფამ, როცა ბავშვის მიკუთვნების საკითხი წყდებოდა, დაარღვია მომჩივნის უფლებები კონვენციის მე-8 მუხლიდან (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) გამომდინარე.
აპლიკანტსა და მის მრავალწლიან პარტნიორს 2001 წელს ვაჟი შეეძინათ. 2003 წელს მეუღლეებს შორის ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღების გამო ინციდენტი წარმოშვა, რამაც ოჯახის მიმართ სოციალური სამსახურების ყურადღება მიიქცია. შემდგომში, ოჯახში ძალადობისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2007 წლის ბოლოდან განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც ოჯახში პოლიციის გამოძახების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2008 წლის ივნისში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბავშვის მიმართ გამოსცა საგანგებო დამცავი ორდერი, მას შემდეგ, რაც იგი დაშავდა მშობლების მორიგი ძალადობრივი დავის შედეგად. აღნიშნულ ორდერს მოჰყვა დროებითი მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანება და ვაჟი მინდობით აღზრდას დაექვემდებარა. ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით დაინიშნა მეურვე. დროებითი მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანება არაერთხელ გაგრძელდა სოციალური სამსახურების, ბავშვის მეურვის და ფსიქოლოგის დეტალური, მიმდინარე ანგარიშების საფუძველზე. 2009 წლის აპრილში, საოჯახო დავების განმხილველმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ მიეღო სრული მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანება და შესაბამისი დაქვემდებარების ორდერი მას შემდეგ, რაც აპლიკანტმა, რომელიც აცხადებდა ქმართან დაშორების შესახებ, მოითხოვა, რომ მისცემოდა ერთი უკანასკნელი შანსი - შეფასებულიყო მისი, როგორც მშობლის შესაძლებლობები მეუღლესთან დაშორების შემდეგ. აღნიშნული შანსის ნაცვლად, სასამართლომ კიდევ ერთი დროებითი მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანება გამოსცა. ზემოთ ხსენებული ორდერი და შესაბამისად ბავშვზე მეურვეობა შეიცვალა გასაჩივრების ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს - საოლქო სასამართლოს მიერ. კერძოდ, მოსამართლემ დაადგინა, რომ „გადაწყვეტილების მიღების გადადების ერთადერთ შედეგს წარმოადგენდა მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანების გადადება და შესაბამისად, აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნიდა ალტერნატიული გრძელვადიანი მეურვეობის დაწესების პროცესს“. მომჩივანს უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებაზე და მისი ვაჟი გაშვილებულ იქნა 2010 წლის იანვარში.
სამართალი – კონვენციის მე-8 მუხლი: უდავო იყო ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება - შემდგომი შეფასების უარყოფა და მინდობით აღზრდისა და გაშვილების შესახებ ბრძანების გამოცემა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ჩარევას აპლიკანტის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში. ჩარევა იყო „კანონით გათვალისწინებული“ და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, საოლქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისას, ნებისმიერ შემდგომ შეფასებას შესაძლებელი იყო მოეცვა გარკვეული ხარისხის განხეთქილება ბავშვის მინდობით აღზრდასა და ემოციური ზიანის რისკს შორის. მან მიიჩნია, რომ აპლიკანტის შეფასება ვერასდროს იქნებოდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გამართლებულიყო მზრუნველობის დაწესების შესახებ ბრძანების გაუქმება, მომჩივნისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებებისა და იმ რეალური რისკის ფონზე, რომ იგი კვლავ განაახლებდა ბავშვის მამასთან ურთიერთობას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ გააჭიანურებდა და საფრთხის ქვეშ დააყენებდა ხანგრძლივი მეურვეობის მოძიების შესაძლებლობას. საქმის ისტორიისა და დასკვნების გათვალისწინებით, მოსამართლის მოსაზრება, რომ მოსალოდნელი იყო აპლიკანტის მიერ ბავშვის მამასთან ურთიერთობის აღდგენა, რაც არასრულწლოვნის კეთილდღეობას რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა, არ იყო დაუსაბუთებელი. შესაბამისად, მართალია, შესაძლებლობის შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენდა მის ოჯახთან კავშირების შენარჩუნება, თუმცა მოცემულ საქმეში ცხადი იყო, რომ ეს სიკეთე გადაფარული იყო ბავშვის უსაფრთხო და დაცულ გარემოში განვითარების ინტერესით. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა ოჯახის გაერთიანების მცდელობას, მომჩივანს შესთავაზეს მხარდაჭერა ალკოჰოლის დაძლევასა და მშობლის უფლებების განხორციელებაში. აპლიკანტმა არ გამოიყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა შესაბამისი დეტალები. სოციალური მუშაკის, მეურვისა და ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნები ხაზს უსვამდა იმ სირთულეებს, რომელიც შეიქმნა იმის გამო, რომ მშობლებმა არ ითანამშრომლეს შესაბამის ორგანოებთან.
საოლქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აგრეთვე მოთხოვნილი იყო კონვენციის მე-8 მუხლით. მან ასევე გაითვალისწინა შესაბამისი ფაქტორები და კონკრეტულად მიანიშნა სოციალური მუშაკის, მეურვისა და ფსიქოლოგის მიერ მომზადებულ დასკვნებსა და ზეპირ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც განსაზღვრა რისკის ქვეშ მდგომი საკითხები. მომჩივანს საშუალება ჰქონდა მოეთხოვა ნებისმიერი განმარტება მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით და შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისად, გაშვილების ბრძანება არ აჭარბებდა სახელმწიფოსთვის მინიჭებულ შეფასების ფარგლებს და გადაწყვეტილების დასაბუთება იყო შესაბამისი და საკმარისი. აპლიკანტს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მისი საქმე და ის მთლიანად იყო ჩაბმული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება). სასამართლომ გამოიკვლია, რომ გაშვილების ბრძანება მიღებული იყო შესაბამის და საკმარის საფუძველზე, ასევე აპლიკანტს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა წარმოეჩინა თავისი საქმე და სრულად იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის ისტორიისა და შესაბამისი დასკვნების ფონზე, საოლქო სასამართლოს მოსამართლის აზრით, არსებობდა აპლიკანტის ბავშვის მამასთან შერიგების შესაძლებლობა, რაც იწვევდა ბავშვის კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედიოდა მისი ოჯახთან კავშირის შენარჩუნება, ნათელი იყო, რომ ამ საქმეში მოცემულ მსჯელობას გადაწონიდა ბავშვის უსაფრთხო და დაცულ გარემოში განვითარების საჭიროება.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy