Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N183
2015 წლის მარტი
ზაიეტი რუმინეთის წინააღმდეგ (Zaiet v. Romania)
(საჩივარი- N44958/05)
გადაწყვეტილება, 24 მარტი, 2015 [მე-3 სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
შვილად აყვანის შესახებ ბრძანების გაუქმება [მისი] მიღებიდან 31 წლის შემდეგ, გაშვილებული პირის დის მოთხოვნის საფუძველზე: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: მომჩივანი შვილად აიყვანეს 17 წლის ასაკში. მის მშვილებელ დედას კიდევ ერთი ნაშვილები გოგონა ჰყავდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წელს ორივე დას საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელიც მანამდე უკანონოდ ჰქონდა ოჯახს ჩამორთმეული. 2004 წელს მომჩივნის დის მიერ დაწყებული სამართალწარმოების შედეგად, სასამართლომ მომჩივნის შვილად აყვანის შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. 2005 წელს ზემდგომმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამართალი: მე-8 მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში მე-8 მუხლი გამოყენებადი იყო, რადგან შვილად აყვანის ბრძანების გაუქმება მოხდა მისი მიღებიდან ოცდათერთმეტი წლის შემდეგ, რაც გავლენას ახდენდა მომჩივნის ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაზე. ამასთანავე, ბრძანების გაუქმება წარმოადგენდა მომჩივნის ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. სტრასბურგის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა, იყო თუ არა უფლებაში ჩარევა ,,კანონით გათვალისწინებული’’, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ მშვილებელს შეეძლო შვილად აყვანის ბრძანების გაუქმების მოთხოვნა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სამართალწარმოების დროს ამ გარემოებაზე ყურადღება არ გაამახვილა. უფრო მეტიც, მომჩივნის შვილად აყვანის ბრძანების გაუქმება არ ემსახურებოდა არც შვილად აყვანილი ბავშვის და არც მშვილებელი დედის ინტერესებს. ბრძანების გაუქმების მთავარი შედეგი იყო გარდაცვლილ დედასთან მომჩივნის ოჯახური კავშირის გაწყვეტა და შედეგად მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა, მისი დის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანების გაუქმების მოთხოვნა ამ უკანასკნელმა წარადგინა მემკვიდრეობის სრულად მიღების მიზნით, საეჭვო იყო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა საქმის განხილვა ,,აუცილებლობის’’ დოქტრინის ჭრილში. მას უნდა შეეფასებინა, არსებობდა თუ არა საკმარისი და წონადი მიზეზები, მომჩივნის შვილად აყვანის ბრძანების გაუქმების შესახებ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების გასამართლებლად. ოჯახის გაყოფა არის ძალიან სერიოზული ხასიათის ჩარევა და ნებისმიერი მსგავსი მოქმედება უნდა იყოს დასაბუთებული საკმარისად გასაგები და მნიშვნელოვანი მიზეზებით, არა მხოლოდ ბავშვის ინტერესების, არამედ ასევე სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპის გათვალისწინებით. შვილად აყვანის საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ბავშვების დაცვას. მოცემულ კონტექსტში, შვილად აყვანის ბრძანების გაუქმება არ უნდა ყოფილიყო შვილობილის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ის ვერ განიმარტებოდა შვილად აყვანილი ბავშვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის ჭრილში. გარდა ამისა, თუ შემდგომში მტკიცებულება გამოარკვევს, რომ შვილად აყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თაღლითურ ან შეცდომაში შემყვან მტკიცებულებას, მშვილებლისთვის არასწორი გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ნებისმიერი ზიანის გამოსწორების განსაზღვრის დროს, გადამწყვეტი უნდა იყოს ბავშვის ინტერესები. ამრიგად, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება არ იყო გამყარებული საკმარისი და წონადი მიზეზებით, რომლებიც გაამართლებდა მომჩივნის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა.
41-ე მუხლი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლომ მომჩივანს 30, 000 ევრო მიაკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy