Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N185
2015 წლის მაისი
ზავოდნიკი სლოვენიის წინააღმდეგ (Zavodnik v. Slovenia)
(საჩივარი- N53723/13)
გადაწყვეტილება, 21 მაისი, 2015 [მე-5 სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
სამართლიანი განხილვა
ფაქტები: გადაწყვეტილება შეეხებოდა გადახდისუუნარობის საქმის განხილვის თაობაზე მხარის სათანადო ინფორმირებულობის არარსებობას. მომჩივანი დავობდა, რომ ყოფილი დამსაქმებლის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს დაერღვა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება; მომჩივანი აღნიშნული კომპანიის კრედიტორი იყო. სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. აპლიკანტს არ უნახავს სხდომის შესახებ სასამართლოს შენიშვნების დაფაზე განთავსებული შეტყობინება, არც ოფიციალურ მაცნეში არ წაუკითხავს მსგავსი შინაარსის შეტყობინება. მან ასევე ვერ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან გაუშვა შესაბამისი ვადა.
სამართალი: მე-6 მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ჭრილში, გამოიკვლია აპლიკანტის საჩივარი იმის თაობაზე, რომ მან ვერ შეძლო გადახდისუუნარობის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება და საჩივრის დროულად წარდგენა.
იმის მიუხედავად, რომ კონვენციის 6.1 მუხლი არ უზრუნველყოფს დოკუმენტების მიწოდების სპეციალურ ფორმას, სასამართლომ დააბალანსა, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესები.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ აპლიკანტს არ ჰქონდა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღების ,,სამართლიანი შესაძლებლობა’’ და ამის საფუძველზე კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა რამდენიმე გარემოებას: შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების დრო იყო ძალიან შეზღუდული (რვა დღე); სამართალწარმოება გრძელდებოდა რვა წელზე მეტი ხანი; საქმეში მხოლოდ 19 კრედიტორი იყო დარჩენილი; მომჩივანს პირობა ჰქონდა მიღებული, რომ მას მიაწვდიდნენ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას საქმის შესახებ; ხელისუფლებას სხდომის შესახებ შეტყობინება არ გამოუქვეყნებია მედიაში (კანონმდებლობით შემოთავაზებული დამატებითი შესაძლებლობა). სასამართლომ დაადგინა, რომ არარეალური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ მომჩივანი მისი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით სხვა ქალაქში მდებარე სასამართლოს შენიშვნების დაფიდან შეიტყობდა აღნიშნულ ინფორმაციას ან შეისწავლიდა ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებულ ყველა თემას რვა წლის განმავლობაში.
გადაწყვეტილება აღსანიშნავია, რადგან ის იძლევა მითითებებს, რა ღონისძიებები
უნდა გაატარონ კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა, რათა უზრუნველყონ გადახდისუუნარობის სამართალწარმოებაში მხარის მონაწილეობის ,,სამართლიანი შესაძლებლობა’’, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის საქმე განხილული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე (კერძოდ, მომჩივანს მიღებული ჰქონდა პირობა, რომ მას შეატყობინებდნენ შესაბამის ინფორმაციას და დარჩენილი იყო მხოლოდ რამდენიმე კრედიტორი). ასევე საინტერესოა, რომ ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის ასაკი, კერძოდ, ის ასაკოვანი იყო და სავარაუდოდ არ იცოდა კომპიუტერის გამოყენება და არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად)
სასამართლომ აგრეთვე დაადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-13 მუხლის დარღვევა სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობისა და ამ კუთხით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობის გამო.
41-ე მუხლი: სასამართლომ მომჩივანს არამატერიალურ ზიანთან მიმართებით 12 500 ევრო მიაკუთვნა, ხოლო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ტაობაზე არ დაკმაყოფილდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy