დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 165
2013 წლის ივლისი
იზჩი თურქეთის წინააღმდეგ (Izci v. Turkey)
(საჩივარი- 42606/05)
გადაწყვეტილება, 23 ივლისი, 2013 [მე-2 სექცია]
მე-3 მუხლი
მე-11 მუხლი
46-ე მუხლი
ფაქტები – მომჩივანი - ნერგიზ იზჩი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა 1974 წელს და ცხოვრობს ქალაქ სტამბოლში (თურქეთში).
2006 წლის 6 მარტს მან მიიღო მონაწილეობა ქალთა დღისადმი მიძღვნილ მანიფესტაციაში - ბეიაზიტის მოედანზე სტამბოლში, რომელიც დასრულდა შეტაკებით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სასამართლოს მიერ განხილული ზემოთ აღნიშნული მანიფესტაციის ამსახველ ვიდეომასალაში იკვეთება პოლიციის ოფიცრების მიერ აქციის მონაწილეების ცემა ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
ის ქალბატონებიც კი, რომლებმაც თავი შეაფარეს მაღაზიებს, პოლიციამ იძულებით გამოიყვანა და ცემა. თურქეთის მთავრობის მიერ ვიდეომასალების გამოკვლევის მიზნით დაქირავებული ექსპერტის ანგარიშის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა წინასწარ არ გამოიყენეს გაფრთხილების რაიმე საშუალება აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით. დემონსტრანტები, თავის მხრივ, არ ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, ისინი მხოლოდ ადგილის დატოვებას აპირებდნენ.
ინციდენტის შემდეგ მომჩივანმა განაცხადა, რომ ის დაშავდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად და მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ექიმებმა აპლიკანტს აღმოუჩინეს მთელ სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები და დაასკვნეს, რომ მიყენებული ტრავმებით ის ვერ შეძლებდა მუშაობას 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. შესაბამისად, მომჩივანმა შეიტანა განცხადება პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისთვის.
2005 წლის დეკემბერში, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებმა ბრალი წაუყენეს პოლიციის 54 თანამშრომელს ძალის გადამეტების გამო გამოწვეული ფიზიკური დაზიანებებისთვის. სასამართლო პროცესი დაიწყო დაუყოვნებლივ და დასრულდა 2011 წლის მაისში. პოლიციის 48 თანამშრომელი გამართლდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. დარჩენილი მოპასუხეებიდან - 6 თანამშრომელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვიდან 21 თვემდე ვადით. თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ შეწყდა 2011 წლის სექტემბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძველზე.
კონვენციის მე-3 მუხლზე (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა) დაყრდნობით, მომჩივანმა განაცხადა, რომ ის სცემეს, მის წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა სახის გაზი და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი თავდასხმები პოლიციის მხრიდან წლების მანძილზე შეწყნარებული იყო და რჩებოდა დაუსჯელი თურქეთში. მომჩივანმა შემდგომში განაცხადა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევის თაობაზე.
სამართალი – მე-3 მუხლი: სასამართლომ დაადასტურა, რომ მე-3 მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას დაკავებისას. ასეთი ძალა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და არასდროს უნდა იყოს გადამეტებული. საქმეში დადგენილია, რომ მომჩივნის დაზიანებები სამედიცინო დასკვნის თანახმად იყო საკმარისად მძიმე, რათა მიჩნეულიყო არასათანადო მოპყრობად. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დააყენეს ეჭვქვეშ მომჩივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაზიანებები მიყენებული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომელთა ძალადობრივი მიდგომა დადასტურდა ღონისძიების ადგილიდან აღებული ვიდეომასალებით. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება, რომ მომჩივანი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან აპლიკანტი არ დაუკავებიათ, არც დაუპატიმრებიათ რაიმე სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, ცხადყოფს იმას, რომ ის არ წარმოადგენდა საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგის ან პოლიციის თანამშრომლებისთვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთში ცრემლსადენი გაზის გამოყენების მკაფიო და ადეკვატური მარეგულირებელი ინსტრუქციის არარსებობამ გამოიწვია პოლიციის თანამშრომლების გადამეტებული დამოკიდებულება აღნიშნულ იარაღზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ვერ უზრუნველყვეს ტოლერანტობის გარკვეული ხარისხის გამომჟღავნება და თავშეკავება, როდესაც ისინი მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას ცდილობდნენ, რომელიც არც ძალადობრივი ხასიათის იყო და არც საზოგადოებრივ წესრიგს უქმნიდა საფრთხეს. პოლიციის ნაჩქარევმა ქმედებებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოიწვია არეულობა, ხოლო ძალის გადამეტებამ - მომჩივნის დაზიანება.
გარდა ამისა, თურქეთის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის თანამშრომლები მალავდნენ საკუთარი პირადობის მოწმობის ნომრებსა და სახეებს, რათა ისინი არ ამოეცნოთ. ამის გამო, დაზარალებულებს შეექმნათ დაბრკოლება მათი იდენტიფიცირების დროს, რის გამოც შეფერხდა სისხლისსამართლებრივი პროცესის მსვლელობა. ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სისხლისსამართლებრივი საქმის შეწყვეტით დაუსჯელები დატოვეს პოლიციის თანამშრომლები ხანდაზმულობის პრინციპზე დაყრდნობით. პოლიციის თანამშრომლების ძირითადი ნაწილის ამოცნობისა და პასუხისგებაში მიცემის წარუმატებლობამ (48 ბრალდებულიდან, მხოლოდ 6 მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში), გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვები თურქეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სავალდებულო ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, როდესაც საჯარო მოხელე ბრალდებულია არასათანადო მოპყრობის განხორციელებაში, სისხლის სამართალწარმოება და დასჯა არასოდეს არ უნდა იყოს ვადით შემოფარგლული და ამნისტია არ უნდა იქნეს გამოყენებული. მსგავსად ამისა, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან არასათანადო მოპყრობის დანაშაულში, უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება გამოძიებისა და სამართალწარმოების დროს.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ გადამეტებული ძალისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმოქმედობამ - აღმოეჩინა და დაესაჯა პასუხისმგებელი პირები, საბოლოოდ გამოიწვია მე-3 მუხლის როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული ასპექტის დარღვევა.
მე-11 მუხლი: სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მომჩივნის შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. ასევე არსებობდა ლეგიტიმური მიზანი არეულობისა და დანაშაულის პრევენციის, მათ შორის, საზოგადოებრივი მართლწესრიგის შენარჩუნების კუთხით. თუმცა მომჩივნის ქმედება ამგვარად მკაცრ ჩარევას არ საჭიროებდა. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლების მიერ ქალბატონი იზჩის (მომჩივანი) მიმართ ძალადობის განხორციელება არაპროპორციული იყო დასახულ მიზანთან მიმართებით და ჰქონდა ნეგატიური ზეგავლენა ადამიანების უფლებაზე - მონაწილეობა მიეღოთ მანიფესტაციაში, რაც არღვევდა კონვენციის მე-11 მუხლს.
46-ე მუხლი: სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობდა 40-ზე მეტი სასამართლო გადაწყვეტილება თურქეთის წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მანიფესტაციებში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-3 ან/და მე-11 მუხლების დარღვევა. ამ საქმეების საერთო ნიშანს წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომლების უუნარობა - დაეცვათ ტოლერანტობის გარკვეული ხარისხი და გამოევლინათ თავშეკავება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ, რაც ზოგ შემთხვევაში ვლინდებოდა თხევადი გაზის ნაჩქარევად გამოყენებაში. 20-ზე მეტ საქმეში სასამართლომ დაადგინა თურქეთის ხელისუფლების უუნარობა - ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება მანიფესტაციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით,. სასამართლომ შემდგომში აღნიშნა, რომ განხილვის სტადიაში იყო თურქეთის წინააღმდეგ შემოსული 130 განაცხადი, რომელიც ეხებოდა შეკრებისა და გაერთიანების უფლებას ან/და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებას დემონსტრაციების დროს.
ეს პრობლემები დაკვალიფიცირებულ იქნა როგორც „სისტემური“ და სასამართლომ მოითხოვა თურქეთისგან ძირითადი მიდგომების მიღება მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის მიზნით. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლებას მოეთხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პოლიციის თანამშრომლების მოქმედებას კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად; ასევე, სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ განაცხადებზე, კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად. საბოლოოდ, სასამართლომ ხაზი გაუსვა რეგულაციების შემუშავების აუცილებლობას, რათა ზუსტად ყოფილიყო განსაზღვრული პოლიციის მიერ ძალისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების წესი, განსაკუთრებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი 41: სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთი ვალდებული იყო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით აპლიკანტისთვის 20. 000 ევრო გადაეხადა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy