ზუბაჩი ხორვატიის წინააღმდეგ
Zubac v. Croatia
დიდი პალატა
საჩივარი N40160/12
გადაწყვეტილება
05.04.2018
მუხლი 6
სამოქალაქო საქმისწარმოება
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
საპროცესო წესების გადაჭარბებულად ფორმალური განმარტება (ratione valoris (რეალური ღირებულების) დასაშვებობის ზღვარი): დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: ხორვატიის უზენაეს სასამართლოში წარდგენილია საკასაციო სამოქალაქო საქმეები, რომლებიც შეიძლება იყოს: (i) “ჩვეულებრივი“ საკასაციო საჩივარი, სრული ინდივიდუალური უფლება როდესაც სადავო გადაწყვეტილების სადავო ნაწილი აღემატება კონკრეტულ ზღვარს, რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა 100,000 ხორვატულ კუნას; ან (ii) სხვა შემთხვევაში, “განსაკუთრებული“ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ერთგვაროვან ინტერპრეტაციას. ორივე შემთხვევაში, საჩივარი განიხილება სამართლებრივი ასპექტების ფარგლებში.
მომჩივანმა წარადგინა სამოქალაქო სარჩელი, რომლის სადავო საგანიც მისმა პირველმა ადვოკატმა შეაფასა 10,000 ხორვატიულ კუნად (დაახლოებით 1,400 ევრო). მას შემდეგ, რაც მომჩივანმა შეცვალა ადვოკატები, მხარეებმა გაცვალეს საჩივრები საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე. საქმის განხილვის მომდევნო ეტაპზე ადვოკატმა ხელახლა შეაფასა სადავო საკითი 105,000 ხორვატიულ კუნად. თუმცა, სამოქალაქო სარჩელში აღნიშნული მოთხოვნის შესწორება შეიძლებოდა მხოლოდ სპეციალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც ამ ეტაპზე აღარ იყო შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს ახალი მეთოდი სასამართლო ხარჯების გამოსათვლელად. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელში მითითებული სადავო საგანი არ ყოფილა მართებულად შესწორებული.
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ ვერ ისარგებლა უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით და დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი. 2016 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლოს პალატამ დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ.
2017 წლის 6 მარტს, მთავრობის მოთხოვნით, საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.
სამართალი - მუხლი 6§1
ა) სადავო შეზღუდვა - განსახილველი შეზღუდვა არ ყოფილა მკაცრი საპროცესო წესების შედეგი: შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა იძლეოდა დავის საგნის შეცვლის შესაძლებლობას; მომჩივანს ასევე თავისუფლად შეეძლო შეეტანა „განსაკუთრებული“ საკასაციო საჩივარი, თუმცა, ეს არ გააკეთა.
ბ) დასახული მიზნის ლეგიტიმურობა - უზენაესი სასამართლოს მთავარი დანიშნულება იყო კანონის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა და საამართლოს წინაშე ყველას თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კონკრეტული რეალური ღირებულების ზღვარის დადგენა ლეგიტიმურად ემყარებოდა იმის გარანტიას, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა მხოლოდ იმ მნიშვნელობის საქმეები, რომლებიც შეესაბამება მის როლს. უფრო მეტიც, ამ სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეცდომები დავის მნიშვნელობის დადგენისას ასევე, წარმოადგენდა სამართლებრივ პრობლემას, კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან მიმართებით.
გ) წინააღმდეგობების პროპორციულობა - მოცემულ საქმეში, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა მიენიჭოს თავისუფალი შეფასების ფარგლები შემდეგი გარემოებების შუქზე:
(i) მომჩივნის საქმე განხილული იქნა მართლმსაჯულების ორი ინსტანციის სასამართლოში;
(ii) საქმეში არ იყო დაყენებული სამართალწარმოების არასამართლიანობასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი; და
(iii) უზენაესი სასამართლოს როლი შემოიფარგლებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის სათანადო იმპლემენტაციის განხილვით.
ქვემოთ მოცემული საფუძვლების გამო, სახელმწფოს მხრიდან არ ჰქონია ადგილი აღნიშნული თავისუფალი შეფასების ფარგლების გაცდენას.
პირველ რიგში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები წინასწარ იყო ცნობილი. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა იყო თანმიმდევრული და ნათელი: არ აქვს მნიშვნელობა მიეკუთვნებოდა თუ არა სადავო შეცდომა ქვედა ინსტანციის სასამართლოებს თუ ერთ-ერთ მხარეს; როდესაც დავის საგნის ღირებულება კანონის საფუძველზე არ იქნა შეცვლილი, თან არა სამართალწარმოების პირველ ეტაპზე, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები. გარდა ამისა, კანონის თანახმად საჭირო იყო სპეციალური სასამართლოს გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შეცვლილიყო დავის საგნის ღირებულება.
„110. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის პროცედურა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით იყო ნათელი და თანმიმდევრული იმ თვალსაზრისით, რომ პროცედურული დარღვევების შედეგად განხორციელებული ცვლილება დავის საგნის ღირებულებაში ვერ განაპირობებდა საჩივრის დაშვებას სამართლებრივი ასპექტების განხილვის ფარგლებში, განურჩევლად იმისა, შესაბამის პროცედურულ ნაბიჯებში დაშვებული შეცდომა გამოწვეული იყო ქვედა ინსტანციის სასამართლოების თუ სამართალწარმოების მხარის მიერ.“
მოცემულ საქმეში, იმ დროს, როდესაც საფუძვლიანად შეიძლებოდა ამგვარი გადაწყვეტილების მოთხოვნა და აგრეთვე, როდესაც მომჩივანმა მოითხოვა იგი, მას წარმოადგენდა ხორვატიაში მოღვაწე კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც როგორც წესი, უნდა სცოდნოდა ხორვატიის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ქვედა ინსტანციის სასამართლოები დათანხმდნენ დავის საგნის გაზრდილ ღირებულებას (თუნდაც, სასამართლო ხარჯების გამოთვლის მიზნით), მომჩივანს და ადვოკატს შეეძლოთ იმის გააზრება, რომ დავის საგნის ღირებულების შეცვლა გამორიცხავდა უზენაეს სასამართლოში საჩივრის დასაშვებობას.
„89. შეზღუდვის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს შემდეგ ფაქტორებს:
იყო თუ არა მომჩივნისთვის შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა ხელმისაწვდომი;იყო თუ არა ის კვალიფიციური ადვოკატის მიერ წარმოდგენილი.111. ..მომჩივანი წარმოდგენილი იყო კვალიფიციური ადვოკატის მიერ ხორვატიიდან, რომლის მიმართაც არსებობდა მოლოდინი, რომ მას უნდა სცოდნოდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ასევე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. შესაბამისად, განურჩევლად იმ ფაქტისა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს შესაძლოა მისაღებად მიეჩნიათ დავის საგნის გაზრდილი ღირებულება, მომჩივანს და მის ადვოკატს ცალსახად შეეძლოთ, შესაბამისი ეროვნული დებულებებზე დაყრდნობით დაედგინათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, დავის საგნის გაზრდილი ღირებულება მხედველობაში არ იქნებოდა მიღებული უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის.“
მეორე მხრივ, იმ შეცდომების ბრალეულობა, რომლებიც ხელს უშლიდა მომჩივნისთვის უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობას უპირატესად და ობიექტურად უნდა შერაცხვოდა თავად მომჩივანს, რომელიც წარმოდგენილი იყო ადვოკატით.
- ის ფაქტი, რომ მომჩივნის პირველი ადვოკატი საქმიანობდა მონტენეგროში და არა ხორვატიაში იყო მხოლოდ მისი თავისუფალი არჩევანი კანონიერი წარმომადგენლის არჩევისას; მას შეეძლო აეყვანა ხორვატიელი იურისტი, როგორც გააკეთე შემდგომში;
- სარჩელში მოთხოვნილ ღირებულებასა და საკუთრების რეალურ ღირებულებას შორის სადავო არაპროპორციულობა იყო შეუსაბამო; მომჩივანს უფლება ჰქონდა დაედგინა დავის საგნის ღირებულება იმ ოდენობით, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდა საკუთრების კომერციულ ღირებულებას;
- მომჩივანს შეეძლო შეეცვალა თავდაპირველად მითითებული ღირებულება დაცვის მხარის არსებით არგუმენტაციის წარდგენამდე, თუმცა მან ეს არ გააკეთა, იმის მიუხედავად, რომ მას უკვე ხორვატიელი ადვოკატი წარმოადგენდა;
- მომჩივნის მიერ ადვოკატის შეცვლას ხელი არ შეუშლია ახალი ადვოკატისთვის პირადად მოეთხოვა დავის საგნის ღირებულების შეცვლა არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე;
შესაბამისი ფაქტების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის განმარტება არ იყო თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი.
მომჩივნის საპროცესო შეცდომას ვერ გაამართლებდა სასამართლოების მიერ შემდგომში დაშვებული შეცდომა, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს, სამართალწარმოების სათანადოდ წარმართვის მოთხოვნას და შესაბამისი საპროცესო წესების სათანადო შესრულებას.
მომჩივანს ვერ ექნებოდა რაიმე ლეგიტიმური მოლოდინი გაზრდილი სასამართლო ხარჯებიდან გამომდინარე, რომელიც მან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგად გასწია.
მესამე, ვერ დადასტურდებოდა, რომ უზენაესი სასამართლო მომჩივნის საკასაციო სარჩელის დაუშვებლად ცნობისას იყო გადაჭარბებულად ფორმალური. იმ პირობებში, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა მას საშუალებას აძლევდა გაეცხრილა მის წინაშე არსებული საქმეები და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო შეზღუდული უნდა იყოს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დაშვებული შეცდომებით რომლებიც სერიოზულად უშლის ხელს მის საქმიანობას და შეუძლებელს ხდის შეასრულოს საკუთარი როლი.
ყოველგვარი საფუძვლის არარსებობის გამო, რომ ეჭვქვეშ დადგეს კანონით დადგენილი საპროცესო ჩარჩოები დავის საგნის ღირებულების დადასტურების მიზნით, არ შეიძლება ითქვას, რომ სადავო სავალდებულო დებულებების გამოყენება წარმოადგენდა გადაჭარბებულ ფორმალობას. ამის საწინააღმდეგოდ, მან უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადისა და მართლმსაჯულების სათანადო განხორციელების პრინციპთა დაცვა: უზენაესმა სასამართლომ აღადგინა კანონის უზენაესობა მომჩივნის და ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების შემდეგ . ვინაიდან, კანონის უზენაესობა წარმოადგენს დემოკრატიისა და კონვენციის ძირითად პრინციპს, ვერ იარსებებდა სხვაგვარი მოლოდინი, კონვენციიდან გამომდინარე ან სხვაგვარად, რომ უზენაეს სასამართლოს უგულებელყო აშკარა პროცედურული დარღვევები.
საბოლოო ჯამში, არ არსებობდა რაიმე არაპროპორციული დაბრკოლება რაც ხელს შეუშლიდა მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას ან რომელიც აჭარბებდა ეროვნულ თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად)