დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 177
2014 წლის აგვისტო-სექტემბერი
დ. და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (განჩინება)
D. and Others v. Belgium (dec.) - 29176/13
განჩინება, 8 ივლისი, 2014 [მე-2 სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
მომჩივნებს უარი ეთქვათ სამგზავრო დოკუმენტაციით უზრუნველყოფაზე, რომელიც სუროგაციის შეთანხმების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებულ მათ შვილს საშუალებას მისცემდა, მშობლებთან ერთად გამგზავრებულიყო მათი წარმოშობის ქვეყანაში - დაუშვებელი
ფაქტები – ა. დაიბადა 2013 წლის 26 თებერვალს სუროგაციის შესახებ შეთანხმების შედეგად. 2013 წლის 31 ივლისს ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი, რომელიც შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ა.-ს სახელზე სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე უარს ეხებოდა, გაითვალისწინეს რა, რომ იმ ეტაპისთვის მათ (სათანადო ორგანოებს) დადგენილი ჰქონდათ, რომ პირველი მომჩივანი იყო ა.-ს ბიოლოგიური მამა და ა.-ს დაბადების გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოხატული შეშფოთების მიზეზები - საჯარო წესრიგის თაობაზე - უკვე აღარ არსებობდა. სასამართლომ დაავალა ბელგიის სახელმწიფოს პირველი მომჩივნისთვის გაეცა შესაბამისი დოკუმენტი, რომელზეც აისახებოდა ა.-ს სახელი, რათა ამ უკანასკნელს ბელგიაში, პირველ მომჩივანთან ერთად გამგზავრება შეძლებოდა. ა. ბელგიაში მომჩივნებთან 2013 წლის 6 აგვისტოს ჩავიდა. კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ამტკიცებდნენ, inter alia, რომ ბელგიის სახელმწიფო ორგანოების მიერ სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე უარის თქმის შედეგად ბავშვთან განცალკევებამ დააზიანა ურთიერთობა მშობლებსა და ჩვილს შორის, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის იყო.
სამართალი – მე-8 მუხლი: ეს მუხლი ვრცელდება საქმეებზე, სადაც არსებობს de facto ოჯახური კავშირები. მართალია, რომ მომჩივნები განცალკევებულ იქნენ ბავშვისგან მხედველობაში მისაღები პერიოდის განმავლობაში, ამასთანავე დაგეგმილი ოჯახური ცხოვრება არ ხვდება მთლიანად მე-8 მუხლის დაცვის ფარგლებს გარეთ. წინამდებარე საქმეზე სადავო არ იყო, რომ მომჩივნებს, როგორც ბავშვის მშობლებს, სურდათ მას ზრუნვა დაბადებიდანვე და მათ გადადგეს ნაბიჯები ქმედითი ოჯახური ცხოვრების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც ა. ბელგიაში ჩავიდა, ის და მომჩივნები ერთად ცხოვრობდნენ იმგვარად, რომ იგი არ განირჩეოდა ,,ოჯახური ცხოვრების’’ ტრადიციული ცნებისგან. შესაბამისად, ამ საქმეზე მე-8 მუხლი გამოყენებადი იყო.
ბავშვისთვის სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაზე ბელგიის სახელმწიფო ორგანოების უარი, რამაც გამოიწვია ბავშვისა და მომჩივანთა განცალკევება, წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით და ემსახურებოდა სხვადასხვა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ - ტრეფიკინგისგან პრევენციას, სხვათა უფლებების, ამ შემთხვევაში კი სუროგატი დედისა და გარკვეულწილად ა.-ს უფლებების დაცვას.
მომჩივნები და ბავშვი განცალკევებულნი იყვნენ 3 თვისა და 12 დღის განმავლობაში, რა დროშიც, მომჩივნებმა უკრაინაში არანაკლებ ორი ერთკვირიანი ვიზიტი განახორციელეს. საქმის გადაუდებელი წარმოება გაგრძელდა 4 თვე და 12 დღე. ეს მდგომარეობა რთული უნდა ყოფილიყო მომჩივანთათვის, რომლებიც შესაძლოა განიცდიდნენ ტანჯვასა და ტკივილს, ან დარდსაც კი, რაც არ იყო სარგებლის მომტანი მომჩივანთა და ა.-ს შორის ოჯახური კავშირების შენარჩუნებისთვის. ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ერთ ან რამდენიმე პირთან კონტაქტი, რომლებიც მისთვის ახლობლებს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი მისი ცხოვრების პირველ თვეებში.
მიუხედავად ამისა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არც საქმის გადაუდებელი წარმოება და არც მომჩივნების ა.-სგან რეალური განცალკევება არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო არაგონივრულად ხანგრძლივი. კონვენცია ვერ დაავალდებულებდა სახელმწიფოებს ნებართვა გაეცათ მათ ტერიტორიაზე იმ ბავშვების დაშვებაზე, რომლებიც სუროგატი დედისგან გაჩნდნენ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წინასწარი სამართლებრივი შემოწმების გარეშე. ამას გარდა, მომჩივნებს შეეძლოთ გონივრულად განეჭვრიტათ, რომ ოჯახური ურთიერთობების აღიარების პროცედურა და ბავშვის ბელგიაში ჩაყვანა აუცილებლად მოითხოვდა გარკვეულ დროს. ასევე, ბელგიის სახელმწიფოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ სიძნელეებისთვის, რომლებსაც მომჩივანები უკრაინაში შედარებით დიდი ხნით ყოფნის გამო წააწყდნენ ან მთლიანად იმ პერიოდისთვის, რომელიც ბელგიის სასამართლოების საქმის განხილვისთვის დასჭირდათ. დასასრულ, სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად დახარჯული დროისთვის პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ მაინც, მომჩივნებს ეკისრებოდათ, იქედან გამომდინარე, რომ მათ პირველ ინსტანციაში არ წარადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რათა თავიდანავე დაემტკიცებინათ ა.-სთან ბიოლოგიური კავშირები. ამდენად, 2013 წლის 31 ივლისამდე ბელგიის შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების უარი, ნებართვა გაეცა ბელგიის ტერიტორიაზე ა-ს შეშვების თაობაზე, არ ცდებოდა ბელგიის სახელმწიფოსთვის კონვენციით მინიჭებულ შეფასების ზღვარს.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად უსაფუძვლო).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy