დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 170
2014 წლის იანვარი
დექსტერი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (განჩინება) Dexter and Others v. Cyprus (dec.) - 62322/11, 63049/11 და 68057/11
გადაწყვეტილება, 17 დეკემბერი, 2013 [მე-4 სექცია]
35-ე მუხლი
35-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების პროცესში სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის მოთხოვნის დარღვევა: დაუშვებელია
ფაქტები – საქმე შეეხებოდა სამ საჩივარს, რომელიც შეტანილ იქნა ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის მიერ, რომლებმაც 2002-2003 წლებში კვიპროსში შეიძინეს მიწის ნაკვეთები სახლების მშენებლობის მიზნით. თუმცა, მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს ბევრი სამართლებრივი ხარვეზი მიწასთან და/ან სახლებთან დაკავშირებით და საბოლოოდ, ვერ შეძლეს თავიანთ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. მათ კვიპროსის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურში შეიტანეს საჩივრები იმ სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებმაც მიწა მიყიდეს. თუმცა აღნიშნულმა სამსახურმა მათ საჩივრებზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ კანონი, რომლის მიხედვითაც ეს ორგანო მოქმედებდა, ძალაში შევიდა მომჩივნების მიერ მიწის შესყიდვის შემდეგ და ამ კანონს არ ჰქონდა უკუძალა. მომჩივნებმა არ მიმართეს სასამართლოს, რადგან მიიჩნიეს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამ კონკრეტულ სიტუაციაში იქნებოდა არაეფექტიანი, განსაკუთრებით პროცესის ხარჯების, სანდო ადვოკატის მოძიების სავარაუდო სირთულისა და ხანგრძლივი სასამართლო განხილვების გათვალისწინებით.
სამართალი – 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: კვიპროსის სამართალში არსებობდა სამართლებრივი დაცვის კონკრეტული საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მომჩივნების სარჩელებთან დაკავშირებით და ეხებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვების შეუძლებლობასა და მისგან გამოწვეულ შედეგებს. კონკრეტულად კი ეროვნული სამართალი ქონების შემძენს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება; აგრეთვე, მომჩივნებს გასაჩივრებული ფაქტების თაობაზე ეროვნული სასამართლოების წინაშე შეეძლოთ სამოქალაქო სარჩელის აღძვრა. გარდა ამისა, ეროვნული სამართალი გადახდისუუნარობის შემთხვევაში ითვალისწინებდა ნორმებს უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის აპრილში მიიღეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც შეეხებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვებას, კერძოდ კი იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება ვერ აკმაყოფილებდა დაგეგმარების ან მშენებლობის ნებართვის მოთხოვნებს. მომჩივნებმა ვერ შეძლეს, ეჩვენებინათ, რომ მათ მიიღეს ყველა საჭირო ზომა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მიზნით და საქმეში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ამ საშუალებების შეუსაბამოდ და არაეფექტიანად მიჩნევის საფუძვლები. ასევე არ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც გაათავისუფლებდა მომჩივნებს შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულებისაგან. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურში წარდგენილი საჩივრები იყო ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც მომჩივნებმა მიმართეს და კონვენციის დარღვევის შესახებ მათ საჩივრებთან დაკავშირებით ის ვერ იქნება მიჩნეული იმ საშუალებად, რომლის მიმართაც არსებობს ამოწურვის ვალდებულება.
დასკვნა: დაუშვებელია (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების დარღვევა).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy