ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის განჩინება დასაშვებად ცნობის შესახებ მიუკერძოებელ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობასთან დაკავშირებით. სადავო რეპლიკა წამოვიდა ბრალდების მხრიდან და არა მოსამართლის ან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობისგან. ის, თუ როგორ განიხილავდნენ აღნიშნულ რეპლიკას, არ არის განმცხადებლის სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასი: დაუშვებელია.
საქმე „ მიშა ელიასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF Misha ELIAS against the United Kingdom
განაცხადი N48905/99
განჩინება
დასაშვებად ცნობის შესახებ
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი ბრიტანეთის მოქალაქე, დაბადებულია 1960 წელს.
განმცხადებელს ბრალად ედება მოპარული ნივთების მიღებასა და განკარგვაზე შეთანხმება. ბრალმდებელმა თავის დასკვნით სიტყვაში განმცხადებელი მოიხსენია შემდეგი ფრაზებით:
„სრულიად, უკიდურესად და ზედმიწევნით არაკეთილსინდისიერი გულით, გარწმუნებთ. ყველაზე ეგოისტი, უკიდურესად ცინიკოსი, ხარბი და ცხოვრებისაგან დაღლილი (როგორც მისმა ერთ-ერთმა დამკვეთმა აღნიშნა) კაცი. გარწმუნებთ, არც ერთი მისი სიტყვა არ არის დასაჯერებელი.
როდესაც ის ფაქტობრივად არ იტყუება, მაშინ არაპირდაპირია, უსინდისოდ ზუსტი, რომელიც სიმართლეს გაურბის. სიცრუის დიდოსტატი.
განმცხადებლის მიმდინარე ანგარიშები მისი გარიგებებისა და აქტივების შესახებ თავისებურად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც იგი ავლენს ამ მამაკაცის ქცევის ფსიქოლოგიას. ნაფიც მსაჯულებო ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელშიც იგი აღრიცხავს ფულს. თუ გადაშლით ერთ ფურცელს, მასში ბოლო ცვლილება გაკეთებულია მის დაპატიმრებამდე - დილის 8 სთ. 34 წთ.-მდე. პოლიცია მის ასაყვანად 20 ივლისს მეტისმეტად ადრე მივიდა, რათა აღნიშნული სიის შეცვლა და განახლება მოესწრო, მაგრამ წარმოგიდგენთ მისი ყველა აქტივის ჩამონათვალს, რომელიც მატერიალური სახით შეადგენს: £141,000-ს. ნაფიც მსაჯულებო რატომ ასახლებს ეს მამაკაცი თავისი აქტივების სიას ასე ხშირად? შედარებას მოვიყვან მიუზიკლიდან „ოლივერ ტვისტი“, სადაც ფაგინი თავის ყუთს იღებს იატაკის ფიცრის ქვემოდან და როდესაც ფიქრობს რომ საქმე ცუდადაა იწყებს მთელი ფულის, ძვირფასეულობის და ნივთების გადათვლას, რაც იატაკის ფიცრის ქვეშ აქვს გადამალული, რადგანაც ფაგინის მსგავსად გარწმუნებთ, რომ მასაც აღარ მიუწვდება ხელი საკუთარ ნივთებზე, ამ შემთხვევაში ეს გახლავთ მისი ანგარიში. რა თქმა უნდა, ფაგინის მსგავსად, მასაც აღარ აქვს ყუთი. მან ის ყუთი ჯერსიში გადამალა ამ დღეებში. ნაფიც მსაჯულებო ის არასოდეს გადის დანაშაულის ჩასადენად და პირდაპირ არ ისვრის ხელებს მძარცველებთან ერთად. ის ხომ ყოველთვის ერთ ნაბიჯზეა, მტკიცებულებებს თუ დავეყრდნობით.“
ნაფიც მსაჯულთა არყოფნისას, განმცხადებლის ადვოკატმა აღნიშნული რეპლიკა სხდომის თავმჯდომარესთან გაასაჩივრა. ადვოკატთან აზრის გაცვლის შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი აზრით რეპლიკის წარმოთქმის აღნიშნული შედარება წარუმატებელი იყო და გასაგები იყო განმცხადებლის გრძნობები. თუმცა, იგი დარწმუნებული იყო, რომ აღნიშნული განზრახ არ მომხდარა და იმედი გამოთქვა, რომ აღარ განმეორდებოდა.
შესვენების შემდეგ, კვლავ ნაფიც მსაჯულთა არყოფნის პერიოდში, განმცხადებლის ადვოკატმა განაცხადა, რომ შედარება შეურაცხმყოფელი და ანტისემიტური იყო, შესაძლებელი იყო ზეგავლენა მოეხდინა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზე და რასობრივი ნიშნით მტრულად განეწყო განმცხადებლის მიმართ. განმცხადებელი, პერსონაჟ ფაგინის მსგავსად, ებრაელი იყო. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა შეეძლოთ დაეთხოვათ და ხელახალი სასამართლო პროცესი გამართულიყო. ბრალდების მხარის ადვოკატმა გაიმეორა, რომ ფაგინზე მითითება მიზნად ისახავდა ნაქურდალი ნივთების ცნობილ მიმღებზე მითითებას და განაცხადა, რომ თუ ამით შეურაცხყოფა მიაყენა განმცხადებელს. პასუხად, განმცხადებლის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ფაგინთან შედარება სერიოზული საკითხი იყო და თუ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელებულიყო, განმცხადებლისთვის მსჯავრის დადების შემთხვევაში, დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ განმცხადებელმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. საქმის განმხილველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადება და აღნიშნა რომ ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა განმცხადებლის ხასიათს, ჯდებოდა იმ ფარგლებში რაც შეიძლებოდა ეთქვა ბრალდების მხარეს. რაც შეეხება ფაგინთან შედარებას, იმის ალბათობა, რომ ნაფიცი მსაჯულები გავლენის ქვეშ მოექცევიან და რასობრივი ნიშნით უარყოფითად განეწყობიან განმცხადებლის მიმართ ასეთი შედარების შედეგად, ძალიან დიდ უკიდურესობას წარმოადგენს.
რეპლიკის დასასრულს, დათხოვნაზე განცხადებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ბოდიში მოიხადა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო და რომ განმცხადებლის ადვოკატს ამ დროს შესაძლებლობა ჰქონდა მისთვის ეპასუხა. მოსამართლემ აღნიშნა, საკითხის განხილვამდე იგი მიზნად ისახავდა მიეთითებინა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობისთვის გადაწყვეტილება მიეღოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ინციდენტისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გარეშე.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დაბრუნებისას, ბრალმდებელმა სასამართლოს წინაშე ბოდიში მოიხადა, ასევე ბოდიში მოუხადა განმცხადებელს და აღნიშნა, რომ არ უნდოდა მას თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო და რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ გადაწყვეტილება განმცხადებლის ებრაული წარმომავლობის საფუძველზე არ უნდა მიიღოს. მან ასევე შეახსენა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას, რომ მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მტკიცებულებების და არა შედარებების საფუძველზე.
განმცხადებელი დამნაშავედ სცნეს.
მან გაასაჩივრა საბრალდებო განაჩენი და ვერდიქტი. საჩივარი ვერდიქტის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა იმ ზომით, რომ პატიმრობის სამწლიანი პერიოდი შემცირდა ორ წლამდე. საბრალდებო განაჩენის წინააღმდეგ საჩივრის საფუძველს წარმოადგენდა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის არდათხოვნა, გამომდინარე რასობრივი სახის შეურაცხყოფიდან, როდესაც განმცხადებელი ფაგინს შეადარეს.
სამართალი
განმცხადებელი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მას უარი ეთქვა სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესზე კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით.
სასამართლო შეგვახსენებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ სასამართლომ რწმენა შთაუნერგოს საზოგადოებას და ასევე ბრალდებულს რამდენადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცეს. ყურადღება ყოველთვის მახვილდება იმაზე, რომ სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ჩათვლით უნდა იყოს მიუკერძოებელი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური თვალსაზრისით.
წინამდებარე საქმეში სადავო სიტყვები არ მიეკუთვნება მოსამართლეს ან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას.
შესაბამისად, არ არსებობს კითხვები თავად სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე. კითხვის ნიშნები არსებობს პროკურორის განცხადებაში, სადაც მან შედარება მოიყვანა განმცხადებლისა და ჩარლზ დიკენსის რომანის „ოლივერ ტვისტის“ პერსონაჟ - ფაგინს შორის და ასევე იმ საკითხზე თუ როგორ გადაწყვიტეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა აღნიშნული საკითხი და რამდენად იყო იგი მიმართული განმცხადებლის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებაზე უარისკენ.
საქმის განმხილველმა მოსამართლემ თავად მოისმინა აღნიშნული სიტყვები, და მაშინ როდესაც ებრაული წარმოშობის ბრალდებულისთვის განზრახ შეურაცხმყოფელ რეპლიკას შესაძლოა გამოეწვია ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დათხოვნა მიიჩნია, რომ ბრალმდებელის სიტყვებს ეს განზრახვა არ ჰქონია. სასამართლო ეთანხმება საქმის განმხილველ მოსამართლეს. დებატების ოქმიდან ირკვევა, რომ ბრალმდებელმა სრული მნიშვნელობით არ იცოდა რას ნიშნავდა ტერმინ „ფაგინის“ გამოყენება ებრაელ ბრალდებულთან მიმართებაში. საქმის განმხილველმა მოსამართლემ ასევე ჩათვალა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ აღნიშნულ განცხადებას გავლენა მოეხდინა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზე.
სასამართლოს წინაშე განსახილველ მომდევნო საკითხს წარმოადგენდა ბრალმდებელის ბოდიში. ბოდიშის მოხდა მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი შედარება, რაც ბრალმდებელმა მოიყვანა არ შეადგენს საქმის ნაწილს. სააპელაციო სასამართლოს წინაშე სამართლის ლორდმა - პოტერმა უკმაყოფილება გამოხატა იმ სიტყვების გამო, რომელიც ბრალმდებელმა გამოიყენა და დაადგინა, რომ არ არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას ან რომელიმე მათგანს შეეძლო უსამართლოდ მოპყრობოდნენ საქმეს რასობრივი შეხედულებების, ტენდენციურობის ან პროკურორის სიტყვების გამო. აღნიშნული დასკვნები ნათლად ასახავს იმ კითხვის ნაწილს, რომელზე პასუხის გაცემასაც ითხოვს სასამართლო: უარი ეთქვა თუ არა განმცხადებელს „სამართლიან პროცესზე“ ბრალმდებელის სიტყვების გამო. აღნიშნული დასკვნების ფონზე, რომელსაც სასამართლო იზიარებს, არ არსებობს მტკიცების საჭიროება, რომ კონვენციის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გადაეჭრა საკითხი, რამეთუ, პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძველი დაუდო უსამართლობას. სააპელაციო სასამართლოში სამართლიანობასთან დაკავშირებული საჩივარი არ წარუდგენიათ.
განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებით, რომ ბრალმდებელის რეპლიკა შესაძლოა გაგებული ყოფილიყო როგორც ფარული დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება ბრალმდებლის მხრიდან, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მე-14 მუხლთან ერთად სასამართლო ასკვნის, რომ სასამართლოების ქმედებაში ისეთი არაფერი შეინიშნება, რაც აღნიშნულ რეპლიკებს პასუხისმგებლობას არ დააკისრებდა.
სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი.
აქედან გამომდინარე, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
Full & Egal Universal Law Academy