დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 173
2014 წლის აპრილი
გიურტეკინი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (Gürtekin and Others v. Cyprus)
(საჩივარი) 60441/13
განჩინება, 11 მარტი, 2014 (მე-4 სექცია)
მე-2 მუხლი
მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი
ეფექტური გამოძიება
იმ გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობა, რომელიც გვამების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო, 1960-იან წლებში კვიპროსში სამოქალაქო კონფლიქტის დროს დაღუპულთა პირების შესახებ: დაუშვებლად იქნა ცნობილი
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ ნათესავები თურქი კვიპროსელი დაკარგული პირების, რომელთა გვამები აღმოჩენილი იქნა ,,კვიპროსზე გაუჩინარებული ადამიანებისთვის’’ გაეროს კომიტეტის (UN Committee for Missing Persons in Cyprus) მიერ ჩატარებული ექსჰუმაციის პროგრამის შედეგად. მომჩივანთა ნათესავების გაუჩინარება უკავშირდება კვიპროსში 1963-1964 წლებში მომხდარ სამოქალაქო კონფლიქტს. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე წარდგენილ საჩივარში, მომჩივნები ძირითადად ასაჩივრებდნენ იმ გამოძიების არაეფექტურობას, რომელიც გარდაცვლილი ნათესავების გვამების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.
სამართალი – მუხლი 2: სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიდი ხნის წინათ მომხდარი ფაქტების გამოძიების ნებისმიერი ახალი ვალდებულება (მაგალითად, როცა აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება), შეიძლება განსხვავდებოდეს მოპოვებული ახალი მტკიცებულების ან ინფორმაციის შინაარსის მიხედვით. ის შეიძლება შეიზღუდოს ახალი მტკიცებულების სანდოობის განსაზღვრით. ხელისუფლების ორგანოებს ლეგიტიმურად უნდა შეეძლოთ ასეთ გვიან ეტაპზე ახალი საგამოძიებო პროცესის დაწყების სამომავლო შედეგების მხედველობაში მიღება. მართლაც, ზოგადად, ასეთ შემთხვევებში შანსები ეფექტური გამოძიებისა, რომელიც უზრუნველყოფს დამნაშავეთა გამოვლენას, საგრძნობლად იქნება შემცირებული, რადგან მოწმეებს აღარ ახსოვთ ფაქტები ან ისინი გარდაიცვალნენ ან მათი მოძიება შეუძლებელია, ხოლო მტკიცებულებები კი დაზიანდა ან საერთოდ გაქრა.
მოცემულ საქმეებში პოლიციელებმა მიმართეს მრავალ ღონისძიებას, განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები ოფიციალურ ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ერთად, გარდაცვლილთა ახლობლებს კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ჩვენებები, მოძებნეს შესაბამისი მოწმეები და შეამცირეს პოტენციურ ეჭვმიტანილთა სახელების ოდენობა. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დროის გასვლის შედეგად, ბევრი მოწმე უკვე აღარ იყო ცოცხალი ან მოძიებადი, ასევე გარდაცვლილი გახლდათ რამდენიმე სავარაუდო ეჭვმიტანილი. არ იყო ნათელი, რომ გავრცელებული ჭორების გარდა არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი პიროვნებების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ მოვლენებში; მომჩივნებს არ უცნობებიათ გამოძიებისათვის სხვა რაიმე კონკრეტული გზები, რომელსაც პოლიცია გაჰყვებოდა.
რაც შეეხება მათ მთავარ საჩივარს, რომ გამოძიება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გარეშე დასრულდა, მე-2 მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იგი ხელისუფლების ორგანოებს აკისრებს ვალდებულებას, განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა, არსებული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე. სისხლისსამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით ისეთ სერიოზულ ბრალდებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მასობრივ უკანონო მკვლელობებში მონაწილეობის მიღება, დაფუძნებული უნდა იყოს მყარ მტკიცებულებებზე, რამდენადაც გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული, რომელიც აღმოჩნდება სისხლისსამართლებრივი სისტემის ზეწოლის ქვეშ, შეიძლება იქნას სახალხოდ დამცირებული, თანმხლები უკუშედეგებით რეპუტაციასთან, პირად, ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებასთან მიმართებით. ხმები და ჭორები, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სახიფათო საფუძველი იყო, რასაც პოტენციურად პიროვნების ცხოვრების განადგურება შეეძლო.
არც მე-2 მუხლით დაკისრებული პროცედურული ვალდებულება ითხოვს აუცილებლად, რომ სასამართლომ უნდა გადასინჯოს საგამოძიებო გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადასინჯვის პროცედურების არსებობა შეიძლება უდავოდ იყოს ხელახლა დარწმუნების, ანგარიშვალდებულობის და გამჭვირვალობის გარანტია, სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს, დეტალურად დაგეგმოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან თავიანთ მიდგომებსა და პოლიტიკაში, სისხლისსამართლებრივი და სასამართლო სისტემების ფუნქციონირება და გამოსაყენებელი პროცედურები. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ დააკისრებს სახელმწიფოებს კონკრეტული მოდელის გამოყენების ვალდებულებას.
სასამართლო, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მომჩივანთა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მათ გამოძიებაზე სათანადო წვდომა არ ჰქონდათ და გვამების აღმოჩენის შემდეგ ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო გაჭიანურებებს ან რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი. საბოლოო ჯამში, არცერთი გარემოება არ უჭერდა მხარს მათ განცხადებებს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიძიეს გარდაცვლილთა ბედი ან რომ ისინი რაიმე ფორმით ხელს აფარებდნენ ან იცავდნენ პასუხისმგებელ პირებს.
დასკვნა: დაუშვებლად იქნა ცნობილი (აშკარად დაუსაბუთებელი).
სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული მომჩივანთა საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
(იხ. ასევე: McKerr v. the United Kingdom, 28883/95, 4 მაისი 2001; Brecknell v. the United Kingdom, 32457/04, 27 ნოემბერი 2007, Information Note 102; Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], 55721/07, 7 ივლისი 2011, Information Note 143)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy