© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მესამე სექცია
განჩინება
[ამონარიდები]
განაცხადები #978/09 და #992/09
H. ნიდერლანდების წინააღმდეგ
და J. ნიდერლანდების წინააღმდეგ
2014 წლის 13 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჯოსეფ კასადევალი, თავმჯდომარე,
ლუის ლოპეს გუერა,
იან სიკუტა,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
კრისტინა პარდალოსი,
ვალერიუ გრიცკო,
იულია ანტოანელა მოტოკი, მოსამართლეები,
და სტივენ ფილიპსი, სექციის მდივანი,
განიხილეს რა 2009 წლის 7 იანვარს წარდგენილი განაცხადი,
ითათბირეს და გადაწყვიტეს შემდეგი:
ფაქტები
1. პირველი განმცხადებელი, ბატონი H., დაიბადა 1948 წელს და ცხოვრობს ბოსკუპში. მეორე განმცხადებელი ბატონი J. დაიბადა 1946 წელს და ცხოვრობს ბენსხოპში. ორივე განმცხადებელი ავღანეთის მოქალაქეა; სასამართლოს წინაშე ორივეს წარმოადგენდა ბატონი გ.გ.ჯ. კნუპსი და ქალბატონი ჯ.მ. ელმანი, ამსტერდამში მოღვაწე ადვოკატები.
2. საქმეთა გარემოებები, როგორც ეს განმცხადებლებმა წარმოადგინეს და გამომდინარეობს საჯაროდ არსებული დოკუმენტებიდან, შესაძლებელია შემდეგნაირად შეჯამდეს.
A. ისტორიული მიმოხილვა
3. 1978 წლიდან 1992 წლამდე ავღანეთში კომუნისტური დიქტატურა იყო. იქ მოქმედებდა უშიშროებისა და საიდუმლო პოლიციის ორგანიზაცია (პაშტოში) სახელწოდებით Khadamat-e Aetela’at-e Dawlati (სახელმწიფო უშიშროების სააგენტო), რომელიც ცნობილი იყო აბრევიატურით KhAD; ეს სააგენტო 1986 წელს გახდა Wizarat-i Amaniyyat-i Dawlati (სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო), ცნობილი როგორც WAD.
B. თავშესაფრის მოძიების პროცედურა
1. ბატონი H.
4. ბატონმა H.-მა მოითხოვა ნიდერლანდებში ლტოლვილის სტატუსით (toelating als vluchteling) დაშვება 1992 წლის 24 სექტემბერს, მისი ჩასვლიდან მალევე.
5. 1992 წლის 5 ოქტომბერს ბატონ H.-თან თავშესაფრის მაძიებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის თანამდებობის პირმა (Immigratie- en naturalisatiedienst) ინტერვიუ ჩაატარა. ამ თანამდებობის პირის მიერ მომზადებულ ანგარიშში გაცხადებულია, რომ ბატონი H. გააფრთხილეს ინტერვიუს მნიშვნელოვნების შესახებ და თხოვეს ეთქვა სიმართლე.
6. ბატონმა H.-მა შეაჯამა მისი როგორც არმიის ოფიცრის კარიერა. 1979-80 წლებში ის მაიორი იყო, დააწინაურეს და 1981 წელს გახდა პოლკოვნიკი. ამის შემდგომ ის გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების უფროსი, შემდგომ უშიშროებისა და სამხედრო კონტრ-დაზვერვის უფროსი. 1987 წლისთვის ის გახდა უშიშროების მინისტრის მოადგილე და დემოკრატიული სახალხო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (ავღანეთის მმართველი კომუნისტური პარტია). 1991 წელს ბატონი H. დანიშნეს მოსკოვში ავღანეთის საელჩოში სამხედრო ატაშედ; ის თვლიდა, რომ ეს ჩამოქვეითება იყო. 1992 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ მან თავშესაფარი მოითხოვა ნიდერლანდებში.
7. შემდეგი ინტერვიუ (nader gehoor) გაიმართა 1993 წლის 1 და 8 მარტს. ინტერვიუს ჩამტარებელმა თანამდებობის პირმა ბატონი H.-ისგან შემდეგი განცხადება ჩაიწერა:
“მე ჯერ არ ვიცი რას განვაცხადებ, მაგრამ მსურს, რომ თქვენთან გაკეთებული განცხადებების კონფიდენციალობა დაცული იყოს. უფრო მეტიც, არ მინდა, რომ ამ ანგარიშის ასლი გაიგზავნოს იურიდიული დახმარების ბიუროში (bureau voor rechtshulp).”
8. ბატონმა H.-მა გაამახილა მისი კარიერის მეტი დეტალი. 1982 წელს როგორც პოლკოვნიკი, ის გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს KhAD-ის სამხედრო ნაწილის უფროსი. 1982 წელს ის გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში მათი KhAD-ის განყოფილების უფროსად. 1984 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს KhAD-ის დირექტორატები გაერთიანდა ერთ დირექტორატად ბატონი H.-ის ხელმძღვანელობით; ამან განაპირობა მისი დაწინაურება გენერალ-ლეიტენანტად. 1985 წლის დასაწყისში ის დაინიშნა KhAD-ის დირექტორის მოადგილედ. მას შემდეგ რაც KhAD დამოუკიდებელი სამინისტრო გახდა, WAD-ი, ბატონი H. გახდა მინისტრის მოადგილე სამხედრო უშიშროების ხაზით. 1988 წელს ბატონი H. კვლავ დააწინაურეს და გახდა გენერალ-პოლკოვნიკი და დაინიშნა სახალხო დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. ბატონმა H.-მა განაცხადა რომ მას არ ჩაუდენია და არც მისი პასუხისმგებლობით ჩადენილა წამების აქტები.
9. 1994 წლის 1-ელ თებერვალს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის უფროსმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის (staatssecretaris van justitie) სახელით მიიღო გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლობის შესახებ ბატონი H.-ის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შესახებ. მან მიუთითა ბატონი H.-ის მაღალ სამხედრო წოდებაზე და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე KhAD/WAD-ში. არ გაიზიარა ბატონი H.-ის უარყოფები როგორც “მშრალი და არასარწმუნო განცხადებები”, გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ ავღანეთის KhAD/WAD “მნიშვნელოვანწილად პასუხისმგებელი იყო წამებასა და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებზე”. თუნდაც ევარაუდათ, რომ ბატონი H. თავად არ გასცემდა წამების შესახებ ბრძანებებს, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ ის ეთანხმებოდა და უშვებდა ამგვარ პრაქტიკას. შესაბამისად არსებობდა საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ბატონი H. დამნაშავე იყო (ლიდერის როლში ან როგორც თანამონაწილე ან დამხმარე) ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებში გაეროს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის (შემდგომში “ლტოლვილთა 1951 წლის კონვენცია”) მუხლი 1F-ის, შესავალი წინადადებისა და (a) პუნქტის მნიშვნელობით და წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1.1 მუხლის მნიშვნელობით, ან ალტერნატივის სახით, ის დამნაშავე იყო ქმედებებში გაეროს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის (შემდგომში “ლტოლვილთა 1951 წლის კონვენცია”) მუხლი 1F-ის, შესავალი წინადადებისა და (c) პუნქტის მნიშვნელობით, რაც გულისხმობს გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებებს.
10. გამოვლინდა, რომ ბატონმა H.-მა ეს გადაწყვეტილება კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ტრიბუნალებში გაასაჩივრა. თუმცა ნიდერლანდებიდან მისი დეპორტირება არ მომხდარა.
2. ბატონი J.
(a) თავშესაფრის მოძიების პროცედურა
11. ბატონმა J.-იმ ნიდერლანდებში ლტოლვილის სტატუსით მიღება მოითხოვა 1996 წლის 31 მაისს, მისი ჩასვლიდან მალევე.
12. 1996 წლის 7 და 10 ივნისს ბატონ J.-ისთან გაიმართა ინტერვიუ მის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ინტერვიუ აისახა თანამდებობის პირის ანგარიშში, რომელმაც ბატონ J.-ის განუმარტა ინტერვიუს მნიშვნელოვნება, როგორც თავშესაფრის მოძიების პროცედურის შემადგენელი ნაწილისა და გააფრთხილა არ დაემალა რაიმე ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლობასთან დაკავშირებით და ასევე, რომ მის მიერ გაცემული ყველა ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცული იქნებოდა.
13. ბატონმა J.-იმ განაცხადა, რომ ის იყო სამხედრო ოფიცერი, წოდებით გენერალი ყოფილი კომუნისტური რეჟიმის პირობებში, რომ ის მუშაობდა WAD-ის საგამოძიებო სამსახურისთვის და მან სწავლება გაიარა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის იყო KhAD/WAD-ის სამხედრო დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი 1979-იდან 1989 წლამდე. მან უარყო მისი პასუხისმგებლობის ქვეშ წამების რაიმე ფაქტების შესახებ ინფორმირებულობა.
14. ბატონი J. ლტოლვილად ცნეს ლტოლვითა შესახებ 1951 წლის კონვენციის საფუძველზე, თარიღი უცნობია.
(b) თავშესაფრის გაუქმება
15. 1999 წლის 7 იანვარს ბატონ J.-სთან გაიმართა დამატებითი ინტერვიუ (aanvullend gehoor). ინტერვიუს განმახორციელებელმა თანამდებობის პირმა ბატონ J.-ის განუმარტა, რომ ის უფლებამოსილი იყო ესაუბრა თავისუფლად და რომ ყველაფერი, რასაც განიხილავდნენ დარჩებოდა კონფიდენციალობის ფარგლებში.
ბატონმა J.-იმ აღიარა, რომ KhAD/WAD “ადამიანის უფლებებს სერიოზულად არ აღიქვამდა” და განაცხადა, რომ ბატონი H. პასუხისმგებელი იყო “ათობით ათასობით ავღანელის სიკვდილზე”, მაგრამ უარყო წამების აქტებში პირადი მონაწილეობა.
16. 2000 წლის 31 ივლისს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიიღო გადაწყვეტილება ბატონი J.-ის ლტოლვილის სტატუსის აღიარების გამოთხოვის შესახებ. გადაწყვეტილებაში ციტირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ანგარიში, რომელშიც აღწერილია სხვა საკითხებთან ერთად KhAD/WAD -ის ორგანიზაცია და მეთოდები და მათი წევრების რეკრუტირება და წვრთნა, ასევე მოცემულია დასკვნა, რომ ამ ორგანიზაციის ყველა მოქმედი და არამოქმედი ოფიცერი პირადად ჩართული იყო “ეჭვმიტანილთა დაკავებაში, დაკითხვაში, წამებასა და ხანდახან სიკვდილით დასჯაშიც”. ამ გადაწყვეტილებაში გაცხადებულია, რომ ბატონ J.-ს, რომელიც იყო სამხედრო KhAD-ის საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ქონდა გენერლის წოდება, აუცილებლად ეცოდინებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რისთვისაც ის მიუხედავად უარყოფისა პასუხისმგებელი იყო, როგორც ხელმძღვანელი პირი. გადაწყვეტილება ეფუძნება ლტოლვილთა შესახებ 1951 წლის კონვენციის 1F მუხლს.
17. ბატონი J.-ის ნიდერლანდებიდან დეპორტირება არ მომხდარა.
C. გადაცემა სახელმწიფო პროკურორისთვის
18. 2000 წლის 31 ივლისს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონი J.-ის ლტოლვილის სტატუსის აღიარების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო პროკურორს (officier van justitie) გადაუგზავნა, ითხოვდა რა განხილულიყო, შესაძლობელი იყო თუ არა ბატონი J.-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება.
19. 2000 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონი H.-ის ლტოლვილის სტატუსით მიღებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება გადაუგზავნა სახელმწიფო პროკურორს, იგივე თხოვნით, განეხილა სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.
D. გამოძიება პოლიციის მიერ
20. 2004 წლის 4 მარტს ბატონ J.-ს როგორც მოწმეს მოუსმინა ორმა კრიმინალურმა გამომძიებელმა ბატონი H.-ის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლებმა გააფრთხილეს ბატონი J. და განუმარტეს მას, რომ ის ვალდებული არ იყო პასუხი გაეცა კითხვებზე, რასაც შეეძლო განეპირობებია მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
21. ბატონმა J.-იმ აღიარა, რომ ის ექვემდებარებოდა ბატონ H.-ს, მაგრამ უარყოფდა, რომ ის ან ბატონი H. პასუხისმგებელნი იყვნენ წამებისთვის; ნებისმიერი ასეთ ქმედებას იდენდა KhAD/WAD-ის სამოქალაქო ფრთა და არა სამხედრო ნაწილი.
22. 2004 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებული და სახელმწიფო პროკურორისთვის წარსადგენი პოლიციის ანგარიში მოიცავს ბატონი J.-ის ბრალდების გამამყარებელ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. ის მოიცავს მითითებებს ბატონი J.-ის განცხადებებიდან საიმიგრაციო და ნატურალიზაციის სამსახურის მიმართ. ის ასევე მოიცავს მითითებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ოფიციალურ ანგარიშზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ წამება სისტემური იყო KhAD/WAD-ის საგამოძიებო და დაკავების ცენტრებში და სხვა პირების განცხადებებს.
23. 2004 წლის 27 ნოემბერს ბატონი H. დააკავეს და დაკითხეს. ოფიციალური ჩანაწერი ადასტურებს, რომ ის ინფორმირებული იყო იმ დანაშაულების შესახებ, რომლებშიც ის ეჭვმიტანილი იყო და განემარტა, რომ მას არ ევალებოდა კითხვებზე პასუხის გაცემა. პოლიციის გამომძიებლების მიერ ჩანიშნული მისი განცხადებები მოიცავდა იმის მტკიცებას, რომ ის ცდილობდა მოეხდინა მის დაქვემდებარებაში მყოფთა მხრიდან რაიმე სახის არასათანადო მოპყრობის პრევენცია და საჭიროებისამებრ დასჯა. მან ასევე უარყო, რომ ბატონი J. მის დაქვემდებარებაში ყოფნისას ჩადიოდა წამებას.
E. სისხლის სამართალწარმოება
24. განმცხადებლების წინააღმდეგ სამართალწარმოება პარალელურად მაგრამ განცალკევებით მიმდინარეობდა ჰააგის რეგიონულ სასამართლოში (rechtbank). მათ ბრალად ედებოდათ KhAD-ის წევრების სტატუსით მეთაურის პასუხისმგებლობით სამოქალაქო და არა-კომბატანტი მტრის პატიმრების ელექტროშოკით წამება, მათი ცემა ჯოხებითა და სხვა საგნებით, მათი განთავსება სიცივეში და მათთვის ძილის შეზღუდვა და მათი თითების კარსა და კარის ჩარჩოში მოყოლება, რის შედეგადაც (ერთ საქმეზე) პატიმარს თითის ამპუტაცია ჩაუტარეს, რაც მოხდა მაკრატლით, ანესთეზიის გარეშე; ან ალტერნატივის სახით, განზრახ უშვებდნენ ამ ქმედებების ჩადენას დაქვემდებარებული პირების მიერ.
1. ბატონი H.
(a) საქმისწარმოება რეგიონულ სასამართლოში
25. 2005 წლის 8 და 9 აგვისტოს მოწმეებს მოუსმინა გამომძიებელმა მოსამართლემ (rechter-commissaris) ქაბულში ნიდერლანდების საელჩოში, მათ შორის წამების სავარაუდო მსხვერპლს, A.G.T.-ს. ამას სახელმწიფო პროკურორიც ესწრებოდა. ბატონი H.-ის კონსულტანტი არ ესწრებოდა. ოფიციალური ჩანაწერი ადასტურებს, რომ მას შესთავაზეს კითხვების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ის არ მოიქცა ასე.
26. აშკარაა, რომ ბატონი H.-ის კონსულტანტს არ შეეძლო კერძო დაზღვევის მოპოვება ქაბულში მოგზაურობისთვის. განმცხადებელმა წარადგინა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადება, რითაც მკაცრად ურჩევდა ნიდერლანდების მოქალაქეებს არ ემოგზაურათ ავღანეთში, მათ შორის ქაბულში იმ დროს მტრული მოქმედებების საფრთხის გათვალისწინებით.
27. რეგიონულმა სასამართლომ 2005 წლის 14 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება. მან ბატონი H. დამნაშავედ ცნო წამებაში მონაწილეობაში (medeplegen), წამების საწინააღმდეგო კონვენციის (იმპლემენტაციის) აქტის (Uitvoeringswet Folterverdrag) 1.1 მუხლის საპირისპიროდ და დაქვემდებარებული პირებისთვის განზრახ ნების დართვაში, დაერღვიათ ომის კანონმდებლობა და ჩვეულებითი სამართალი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობით და სხეულის მძიმე დაზიანების ჩადენით, ომის დანაშაულების შესახებ კანონის (Wet Oorlogsstrafrecht) მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევით.
28. რაც შეეხება საიმიგრაციო საქმისწარმოებისას ბატონი H.-ის განცხადებების გამოყენებას მტკიცებულების სახით, რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები არ მიღებულა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის, არამედ იმიგრაციის კანონმდებლობის საფუძველზე მისი საჩივრების დასადგენად.
29. რაც შეეხება მოწმე A.G.T.-ს, რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცვის მხარისთვის მისი დაკითხვის შესაძლებლობის შეთავაზება, რაც გულისხმობდა კითხვების წერილობით დასმას და ვიდეო-კონფერენციის მოთხოვნის შესაძლებლობასაც, ადეკვატური იყო. ნებისმიერ შემთხვევაში A.G.T.-ს განცხადება შეესაბამებოდა და ადეკვატურად გამყარებული იყო სხვა მტკიცებულებით.
30. თავშესაფრის მაძიებლობის საქმის გადაცემა სახელმწიფო პროკურორისთვის აშკარა ჩარევა იყო ბატონი H.-ის უფლებებში, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის, მაგრამ ეს ჩარევა აუცილებელი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის საწარმოებლად დანაშაულებზე რაც უტოლდება ომის დანაშაულებს და შესაბამისად ემსახურება “მწვავე სოციალურ საჭიროებას”.
31. რეგიონულმა სასამართლომ ბატონ H.-ს თორმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
(b) საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში
32. ბატონმა H.-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს (gerechtshof).
33. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2007 წლის 29 იანვარს. მან გააუქმა რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით; შემდეგ რეგიონული სასამართლოს მსგავსად მან ბატონი H. დამნაშავედ ცნო წამებაში თანამონაწილეობაში, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა წამების საწინააღმდეგო კონვენციის (იმპლემენტაციის) კანონის 1.1 მუხლს და დაქვემდებარებული პირებისთვის განზრახ ნების დართვაში, დაერღვიათ ომის კანონმდებლობა და ჩვეულებითი სამართალი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის განხორციელებაში და მძიმე სხეულებრივი ზიანის მიყენებაში თანამონაწილეობით, რაც ეწინააღმდეგებოდა ომის დანაშაულების კანონის მე-8 და მე-9 მუხლებს და მიუსაჯეს მას თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.
34. რაც შეეხება ბატონი H.-ის მიერ თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას გაკეთებული განცხადებების გამოყენებას, სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად დაადგინა, რომ ეს საქმე განსხვავდებოდა საქმისგან საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saunders v. the United Kingdom), 1996 წლის 17 დეკემბერი, ანგარიშები გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესახებ 1996‑VI. ამ საქმეზე განმცხადებლისგან განსხვავებით, ბატონ H.-ს ტკივილით არ აიძულეს გაეცა ინფორმაცია, რომელიც შემდეგ მის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული სასამართლო განხილვისას. საპირისპიროდ ამისა ბატონმა H.-მა ნებაყოფლობით აირჩია ნიდერლანდების საიმიგრაციო პროცედურა, რაც მას ავადებულებდა გაეცა ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. უფრო მეტიც, ამ გზით მოპოვობეული ინფორმაცია იგივე გზით არ გამოყენებულა როგორც ეს საუნდერსის (Saunders) საქმეზე იყო: ბატონმა H.-მა უარყო გადაცდომა და ერთადერთი ინფორმაცია მის დანაშაულებრივ ქცევასთან დაკავშირებით იყო მისი მაღალი წოდება KhAD/WAD -ში.
35. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც რეგიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია თავშესაფრის მაძიებლობის საქმის გადაცემა სახელმწიფო ბრალდების ორგანოებისთვის წარმოადგენდა ბატონი H.-ის კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ “პირადი ცხოვრების” პატივისცემის უფლებაში ჩარევას, ომის დანაშაულების ტოლფას დანაშაულებზე ბრალდების წარმოების მნიშვნელოვნება ადეკვატურ დასაბუთებას წარმოადგენდა.
(c) საქმისწარმოება უზენაეს სასამართლოში
36. ბატონმა H.-მა საჩივარი წარუდგინა უზენაეს სასამართლოს (Hoge Raad) სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრნობით (cassatie). წინამდებარე საქმისთვის შესატყვის ნაწილში ის ჩიოდა მოწმე A.G.T.-ის განცხადების მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით, ამტკიცებდა რა, რომ დაცვის მხარეს უარი განუცხადეს მის სათანადოდ დაკითხვაზე.
37. გენერალური ადვოკატის საკონსულტაციო მოსაზრებაში (conclusie) ასახული იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ჩანაწერიდან ამონარიდები, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბატონი H.-ის კონსულტანტმა აღარა, რომ ამასობაში მან მისცეს შესაძლებლობა დაეკითხა მოწმე A.G.T. და გამოეყენებია ეს ჩვენება.
38. 2008 წლის 8 ივლისს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (ECLI:NL:HR:2008:BC7418) რომლითაც სრულად არ დააკმაყოფილა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრნობით წარდგენილი საჩივარი. მან ასევე სრულად არ დააკმაყოფილა ბატონი H.-ის ზემოთ აღნიშული საჩივარი (იხილეთ 36-ე პარაგრაფი მაღლა).
2. ბატონი J.
(a) საქმისწარმოება რეგიონულ სასამართლოში
39. რეგიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2005 წლის 14 ოქტომბერს მიიღო. მან ბატონი J. დამნაშავედ ცნო ომის კანონმდებლობისა და ჩვეულებითი სამართლის დარღვევაში თანამონაწილეობაში, დაადგინა რა რომ მან ჩაიდინა ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის აქტები და მიაყენა მათ მძიმე სხეულებრივი ზიანი, ომის დანაშაულების კანონის მე-8 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის დარღვევით და მიუსაჯა მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი დასაბუთება, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმის შესატყვის ნაწილებში იდენტური იყო ბატონი H.-ის საქმის დასაბუთებისა (იხილეთ 28-ე და 30-ე პარაგრაფები მაღლა).
(b) საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში
40. ბატონმა J.-იმ საჩივრით მიმართა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს.
41. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2007 წლის 29 იანვარს. მან გააუქმა რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით; შემდეგ, რეგიონული სასამართლოს მსგავსად, დამნაშავედ ცნო ბატონი J. ომის კანონმდებლობისა და ჩვეულებითი სამართლის დარღვევაში თანამონაწილეობაში, ვინაიდან მან ჩაიდინა ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის აქტები და მიაყენა მათ მძიმე სხეულებრივი დაზიანებები და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი დასაბუთება შესაბამის საკითხებზე ბატონი H.-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იდენტური იყო (იხილეთ 34-35 პარაგრაფები მაღლა).
(c) საქმისწარმოება უზენაეს სასამართლოში
42. ბატონმა J.-მ უზენაეს სასამართლოს წარუდგინა საჩივარი სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. წინამდებარე საქმესთან შესაბამის ნაწილში ის ჩიოდა სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას მის მიერ განცხადებების გამოყენების თაობაზე; მისი წერილობითი მოსაზრების თანახმად ამ განცხადებების მოპოვება მოხდა ძალდატანებით.
43. გენერალური ადვოკატის საკონსულტაციო მოსაზრების (conclusie) თანახმად თავშესაფრის მაძიებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება არ იყო მანევრი ეჭვმიტანილის დუმილის უფლებისთვის გვერდის ავლისთვის და არ იყო რაიმე ფორმით დაკავშირებული სისხლის სამართალწარმოებასთან. ეს საქმე განსხვავდება საუნდერსისა (Saunders) (ციტირება მაღლა) და ფუნკეს (Funke (ფუნკე საფრანგეთის წინააღდეგ (Funke v. France), 25 თებერვალი, 1993, სერია A # 256‑A) საქმეებისგან, რომლებიც სასამართლომ გადაწყვიტა, იმით, რომ არ გამოყენებულა ცალკე პროცედურა ეჭვმიტანილისგან აღიარების მისაღებად, მის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
44. მართალია თავშესაფრის მაძიებელს მოეთხოვებოდა სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ეს ემსახურებოდა თავშესაფრის მოთხოვნის სათანადოდ შეფასებას, რისი უფლება და ვალდებულებაც ქონდა სახელმწიფოს, რომლის მფარველობასაც ითხოვდნენ. თავშესაფრის მაძიებელი შესაძლოა საუბრისას ზეწოლას განიცდიდა (თუმცა ბატონი J. “აშკარად” არ იყო “სრულიად გულწრფელი”), მაგრამ ეს არ უტოლდებოდა იძულებას საუნდერისა და ფუნკეს საქმეებში არსებულისგან განსხვავებით. არც იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ვალდებულება, დაეცვა მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა მიიჩნეოდა დაპირებად, რომ ამ ინფორმაციას სახელმწიფო ბრალდების ორგანოებს არ გაუმხელდნენ.
45. მიუხედავად ამისა თავშესაფრის მაძიებლობის საქმის სახელმწიფო ბრალდების ორგანოებისთვის გადაცემა წარმოშობდა საკითხს კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით. თუმცა ამის კანონისმიერი საფუძველი არსებობდა, კერძოდ კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის (Wet bescherming persoonsgegevens) 43.b მუხლი და ეჭვი იმის შესახებ რომ მძიმე ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი საკმარისი დასაბუთება იყო. თუკი კონკრეტულ საქმეზე სისხლის სამართლის ეჭვმიტანილის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება დაუშვებელი იყო იქ მისი მოსალოდნელი ბედის გამო, მისი წარსული თანამდებობისა და ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ქმედებების, რეპრესიული რეჟიმის გამო, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიზეზთა გამო მან დაუსჯელობით უნდა ისარგებლოს.
46. უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 8 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ბატონი J.-ის საჩივარი შემაჯამებელი დასაბუთებით (ECLI:NL:HR:2008:BC7421; ინგლისური თარგმანი მოპასუხე მთავრობამ გამოაქვეყნა ECLI:NL:HR:2008:BG1477). [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმესთან მიმართებით სასამართლომ გაიზიარა და მიიღო გენერალური ადვოკატის მიერ საკონსულტაციო მოსაზრებაში წარმოდგენილი დასაბუთება.
F. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
47. შესაბამის დროს საქმის შესატყვისი ეროვნული კანონმდებლობა შემდეგი შინაარსის იყო:
1. ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კანონი (Algemene wet bestuursrecht)
მუხლი 4.2
“1. მოთხოვნა (aanvraag) [ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების შესახებ] უნდა იყოს ხელმოწერილი და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას მაინც:
(a) მისი წარმდგენი პირის სახელი და მისამართი;
(b) თარიღი;
(c) მოთხოვნილ გადაწყვეტილებაზე მითითება.
2. მოთხოვნის წარმდგენმა პირმა დამატებით უნდა წარადგინოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლის მოპოვებასაც ის გონივრულად შეძლებს.”
2. იმიგრაციის კანონი
(a) უცხოელთა შესახებ 1965 წლის კანონი (Vreemdelingenwet)
მუხლი 15
“1. უცხოელები ქვეყნებიდან, სადაც კარგად დასაბუთებულია, რომ მათ ემუქრებათ ბრალდება მათი რელიგიის, ფილოსოფიური ან პოლიტიკური მრწამსის, ან კონკრეტული რასის ან სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო, უფლებამოსილი არიან იუსტიციის მინისტრს მიმართონ ლტოლვილად მიღების მოთხოვნით.
2. მიღებაზე უარი დაუშვებელია, გარდა წონადი მიზეზებისა, რაც გამომდინარეობს ზოგადი ინტერესებიდან, თუკი შედეგად უცხოელი იძულებული იქნება პირველ ნაწილში მითითებულ ქვეყანაში დაბრუნდეს. ...”
(b) უცხოელთა შესახებ ბრძანება (Vreemdelingenbesluit)
მუხლი 65
“უცხოელები ვალდებული არიან საზღვრის მცველ ან უცხოელების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს მიაწოდოს ყველა ინფორმაცია და აჩვენოს ნებისმიერი და ყველა დოკუმენტი მათ მფლობელობაში, რაც ემსახურება შემდეგის დადგენას:
(a) მათი იდენტობა, ეროვნება, სამოქალაქო სტატუსი, პროფესია და ამჟამინდელი და წარსული საცხოვრებელი ადგილი ან სამყოფელი, მისამართით;
(b) ნიდერლანდებში შესვლის თარიღი, ადგილი და საშუალებები;
(c) ნიდერლანდებში მათი ყოფნის მიზანი და ხანგრძლივობა;
(d) ნიდერლანდებში ყოფნის მიზნით მათ განკარგულებაში არსებული [ფინანსური] სახსრები, ან რომლის მოპოვებასაც ისინი შეძლებენ.”
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი
მუხლი 9
“1. პერსონალური მონაცემები არ უნდა დამუშავდეს იმ გზით, რაც შეუსაბამობაშია მათი მოპოვების მიზნებთან.”
მუხლი 43
“პასუხისმგებელი პირი (verantwoordelijke, მაგ., ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ნებისმიერი სხვა, ან საჯარო უწყება, რომელიც მარტო ან სხვებთან ერთად წყვეტს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანს და საშუალებებს; სექცია 1, (d) ქვეპუნქტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი) უფლებამოსილია გადაწყვიტოს, არ გაავრცელოს 9.1 მუხლი ... თუკი ეს აუცილებელია შემდეგი ინტერესებისთვის:
(a) ეროვნული უსაფრთხოება;
(b) დანაშაულებრივი ქმედების პრევენცია, გამოძიება და სახელმწიფო ბრალდება; ...”
4. ეროვნული ზოგადი სისხლის სამართალი და სისხლის საპროცესო სამართალი
(a) სისხლის სამართლის კოდექსი (Wetboek van Strafrecht)
მუხლი 47
“1. შემდეგი პირები უნდა დაისაჯონ როგორც სისხლის სამართალდარღვევის ჩამდენი პირები (daders van een strafbaar feit):
1o. პირი, ვინც ჩაიდენს ამგვარ აქტს, ყავს სხვა პირი ამის ჩასადენად ან მონაწილეობს მის ჩადენაში;
2o. პირი, ვინც საჩუქრებით, დაპირებებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ძალადობით, მუქარით ან მოტყუებით, ან შესაძლებლობის შექმნით, ინფორმაციის საშუალებით, განზრახ ხელს უწყობს ამგვარი ქმედების ჩადენას...”
(b) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 162
“1. საჯარო უწყებები და თანამდებობის პირები (openbare colleges en ambtenaren), რომელთათვისაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცნობილი გახდება დანაშაულებრივი ქმედების შესახებ (misdrijf), რომლის გამოძიება არ არის მათი პასუხისმგებლობა, ვალდებული არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ დანაშაულის შესახებ და საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი გადასცენ სახელმწიფო პროკურორს ან მის რომელიმე თანაშემწე სახელმწიფო პროკურორს (hulpofficieren van justitie),
...
(b) თუკი გამოვლენილი დანაშაული ჩაიდინა თანამდებობის პირმა (ambtenaar), რომელმაც დანაშაულის ჩადენისას დაარღვია კონკრეტული სამსახურებრივი ვალდებულება ან გამოიყენა მისი თანამდებობიდან გამომდინარე რაიმე უფლებამოსილება, შესაძლებლობა ან საშუალებები, ან
(c) თუკი დანაშაული მოიცავს რაიმე რეგულაციის დარღვევას ან უკანონო შეფარდებაs, მაშინ როცა მათი ვალდებულებაა ამ რეგულაციის იმპლემენტაცია ან აღსრულება. ...”
5. ეროვნული კანონმდებლობა ომის დანაშაულებისა და წამების შესახებ
(a) ომის დანაშაულების შესახებ კანონი
მუხლი 1
“...
3. ტერმინი “ომი” უნდა განიმარტოს როგორც სამოქალაქო ომის მომცველი (burgeroorlog).”
მუხლი 3
“სისხლის სამართლის კოდექსისა (Wetboek van Strafrecht) და სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსის (Wetboek van Militair Strafrecht) შესაბამისი ნორმების უგულებელყოფის გარეშე, ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსი უნდა გავრცელდეს:
1. ნებისმიერ პირზე, ვინც მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენს ევროპის ფარგლებს გარეთ (მაგ. ნიდერლანდების გარეთ); ...”
მუხლი 8
“1. ნებისმიერ პირს, ვინც ჩაიდენს ომის კანონმდებლობის ან ჩვეულებითი სამართლის დარღვევას, სასჯელის სახით შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს ათი წლისა ...
2. არა უმეტეს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა პირს დაეკისრება:
1o თუკი დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან მძიმე სხეულებრივი დაზიანება;
2o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს არაადამიანურ მოპყრობას;
3o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს სხვის იძულებას, გააკეთოს რაიმე, არ გააკეთოს რაიმე ან უზრუნველყოს, რაიმე ხდომილება;
4o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ქონების მითვისებას.
3. უვადო პატიმრობა ან ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს ოცი წლისა პირს შეეფარდება:
1o თუკი დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება ან მოიცავდა გაუპატიურებას;
2o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ძალადობას პირთა ჯგუფის მიერ, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმებულად (geweldpleging met verenigde krachten) ერთი ან რამდენიმე პირის წინააღმდეგ ან ძალადობას გარდაცვლილის, ავადმყოფის ან დაჭრილი პირის მიმართ;
3o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს შეთანხმებულად მოქმედი პირთა ჯგუფის მიერ სხვა პირის საკუთრების დაშლას, დაზიანებას, სარგებლობიდან ამოღებას ან დამალვას;
4o წინამდებარე პუნქტის 3o ან 4o ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია შეთანხმებულად მოქმედი პირთა ჯგუფის მიერ;
5o თუკი დანაშაულებირივი ქმედება მთელი მოსახლეობის ან კონკრეტული ჯგუფის მიმართ სისტემური ტერორის ან უკანონო ქმედების პოლიტიკის (wederrechtelijk optreden) გამოვლინებაა;
6o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს მოწინააღდეგე მხარისთვის მიცემული დაპირების ან შეთანხმების დარღვევას;
7o თუკი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ომის კანონმდებლობით ან ჩვეულებითი სამართლით დაცული მოწინააღმდეგე მხარის დროშის ან ემბლემის ან სამხედრო ამოსაცნობი ნიშნების ან სამხედრო ფორმის არასათანადო გამოყენებას.”
მუხლი 9
“წინა მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის განსაზღვრული სასჯელი შეეფარდება ყველა იმ პირს, ვინც განზრახ დაუშვებს დაქვემდებარებული პირის მიერ ამ ქმედებების ჩადენას.”
(b) წამების საწინააღმდეგო კონვენციის (იმპლემენტაციის) კანონი
მუხლი 1
“1. საჯარო მოსამსახურის ან სხვა ფორმით სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილი არასათანადო მოპყრობა პირის მიმართ, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მისგან ინფორმაციის ან აღიარების მიღების, დასჯის, შიშის დათესვის მიზნით მის მიმართ ან სხვა პირების მიმართ, ან მისი იძულების მიზნით, გააკეთოს რაიმე ან განიცადოს რაიმე, ან მათი საჩივრების უგულებელყოფით ადამიანთა თანასწორობის შესახებ, და თუკი ეს ქმედებები ჩადენილია დასახული მიზნის მისაღწევი ფორმით, გამოიწვევს სასჯელის შეფარდებას წამებისთვის, თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს თხუთმეტი წლისა ან მეხუთე კატეგორიის ჯარიმას.
2. მძიმე შიშის ან მძიმე ფსიქიკური სტრესის (geestelijke ontreddering) პირობის განზრახ შექმნა მიიჩნევა არასათანადო მოპყრობად.
3. თუკი ეს ქმედება გამოიწვევის პირის სიკვდილს, ბრალეულ პირს შეეფარდება უვადო პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს თხუთმეტი წლისა ან მეხუთე კატეგორიის ჯარიმა.”
მუხლი 2
“[1-ელ] მუხლში აღწერილი ქმედებებისთვის დადგენილი სასჯელები დაეკისრება:
(a) საჯარო მოსამსახურეს ან სხვა ფორმით სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირს, ვინც წაახალისებს 1-ელ მუხლში გათვალისწინებულ არასათანადო მოპყრობას სისხლის სამართლის კოდექსის 47.1.2 მუხლში აღწერილი საშუალებებით ან განზრახ მისცემს საშუალებას სხვა პირს ჩაიდინოს ამ ფორმით არასათანადო მოპყრობა.
(b) ნებისმიერ პირს, ვინც ჩაიდენს 1-ელ მუხლში აღწერილ არასათანადო მოპყრობას, თუკი საჯარო მოსამსახურე ან სხვა ფორმით სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირი ხელს შეუწყოს ამას სისხლის სამართლის კოდექსის 47.1.2 მუხლით გათვალისწიენბული ფორმით, ან განზრახ დაუშვებს ამის ჩადენას.”
მუხლი 5
“ნიდერლანდების სისხლის სამართლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე ვინც ჩაიდენს წინამდებარე კანონის 1-ელი ან მე-2 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს (misdrijven).”
6. შესაბამისი ეროვნული პრეცედენტული სამართალი
48. 1997 წლის 11 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც გამოქვეყნდა Nederlandse Jurisprudentie-ში (ნიდერლანდების კანონმდებლობის ანგარიშები) 1998 წელს (# 463), უზენაესმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“5.2. მთავრობის განზრახვა, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენციის ყველა მძიმე დარღვევის კრიმინალიზება), აშკარაა სხვა ნიშნებთან ერთად, ამ კანონის საპარლამენტო ისტორიიდან, კერძოდ კი განსახილველი კანონპროექტის შესახებ განმარტებითი მემორანდუმიდან (Memorie van Toelichting) და საპასუხო მემორანდუმიდან (Memorie van Antwoord), რომელიც თავის მხრივ მოიცავდა შემდეგი შინაარსის ტექსტს:
‘თუკი დარღვეული კონვენციის მხარე სხვა ძალა არ ითხოვს ომის პატიმრის გადაცემას (overlevering), რომელიც ნიდერლანდების ხელშია, შესაძლებელი უნდა იყოს მისი გასამართლება ნიდერლანდების სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი დანაშაული შესაძლოა ჩადენილია საზღვარგარეთ და თუკი ეს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩადენილა ნიდერლანების მოქალაქის წინააღმდეგ ან არ აზიანებს ნიდერლანდების ინტერესებს.”
და
‘3.1 მუხლში გათვალისწინებული ახალი ნორმა ნიდერლანდების სასამართლოების იურისდიქციას ავრცელებს ომის დანაშაულებზე, მიუხედავად იმისა ვის მიერ და სად არის ისინი ჩადენილი, ასევე იმ საქმეებზე, რომლებზეც დანაშაული ჩაიდინეს ნიდერლანდების არასამოქალაქო პირებმა ნიდერლანდების გარეთ, ომის მიმდინარეობისას, რომლის მხარეც არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა. წინასწარ ანგარიშში (Voorlopig Verslag) მართებულად აღინიშნა, რომ ეს ნორმა განიხილება, როგორც ე.წ. უნივერსალობის პრინციპის განხორციელება.”
5.3. 5.2 პარაგრაფში ასახული მიგნების ჭრილში ამ კანონის გონივრული განმარტება კანონმდებლის განზრახვასთან ერთად, ნიდერლანდების მიერ საერთაშორისო სახელშეკრულებო ვალდებულება სრულად შესრულდეს, აუცილებელს ხდის ომის დანაშაულების შესახებ კანონის 1-ელი მუხლი, მიუხედავად მისი გარკვეულწილად ბუნდოვანი ტექსტისა, განიმარტოს იმგვარად, რომ ომის დანაშაულების კანონის შესაბამისად 1-ელი მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება მე-8 და მე-9 მუხლებზე და აღნიშულის ფარგლებში ასევე მე-3 მუხლზე.”
G. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
1. ჟენევის 1949 წლის კონვენციები
49. ნიდერლანდების სამეფო და ავღანეთი ჟენევის 1949 წლის კონვენციების მხარეებია (კონვენცია (I) მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; კონვენცია (II) საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; კონვენცია (III) სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ; და კონვენცია (IV) ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ). ნიდერლანდების სამეფომ მათი რატიფიცირება მოახდინა 1954 წლის 3 აგვისტოს. ავღანეთმა კი 1956 წლის 26 სექტემბერს. ორივე სახელმწიფო თავდაპირველ ხელმომწერ ქვეყნებს შორის იყო, როდესაც ჟენევის ოთხი კონვენცია გაიხსნა ხელმოწერისთვის 1949 წელს; არცერთს არ გაუკეთებია რაიმე დათქმა.
50. ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციისთვის საერთო მე-3 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
„ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყველგან და ყოველთვის, აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(ბ) მძევლად აყვანა;
(გ) ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(დ) სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების გათვალისწინებით;
(2) დაჭრილებსა და ავადმყოფებს თავი უნდა მოუყარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, სპეციალური შეთანხმებების გზით შეასრულონ წინამდებარე კონვენციის ყველა ან ცალკეული დებულება.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
51. შესაბამის ნაწილებში, კონვენცია (IV) ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ ადგენს შემდეგს:
მუხლი 146
“მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევებს.
ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.”
მუხლი 147
“წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ცდების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, დაცვის ქვეშ მყოფი პირის უკანონოდ დეპორტაცია, გადაყვანა ან დაპატიმრება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებში მსახურობის იძულება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანად და ჩვეულებრივი წესით გასამართლების უფლების განზრახ ჩამორთმევა, მძევლების აყვანა და ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება, რომელიც სამხედრო აუცილებლობით არ არის გამართლებული.”
2. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია
52. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია მიღებულ იქნა და გაიხსნა ხელმოწერისთვის, რატიფიცირებისა და მიერთებისთვის გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის 39/46 რეზოლუციით. ის ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს. ნიდერლანდებმა და ავღანეთმა მას ხელი მოაწერეს 1985 წლის 4 მარტს. ავღანეთმა მისი რატიფიცირება მოახდინა 1987 წლის 1 აპრილს; ნიდერლანდებმა 1988 წლის 21 დეკემბერს.
53. [კონვენციის] შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
„1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.
2. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს დებულებებს უფრო ფართო გამოყენების თაობაზე.
მუხლი 2
1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს ქმედით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო ან სხვა სახის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურუსდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
2. არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
3. ზემდგომი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ბრძანება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.
მუხლი 3
1. არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება („refouler”) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ იქ მის მიმართ წამება შეიძლება იქნეს გამოყენებული.
2. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოები მხედველობაში იღებენ საქმესთან კავშირის მქონე ყველა გარემოებას, მათ შორის, როდესაც ეს მიზანშეწონილია, მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა უხეში, აღმაშფოთებელი ან მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკის არსებობას.
მუხლი 4
1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს, როგორც დანაშაულები. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს.
2. თითოეული მხარე-სახლემწიფო აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.
მუხლი 5
1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი იურისდიქციის დასამყარებლად მე-4 მუხლში მოხსენიებულ დანაშაულებზე შემდეგ შემთხვევებში:
(a) როდესაც დანაშაულები ჩადენილია მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, ან მოცემულ სახელმწიფოში რეგისტრირებული გემის ან საფრენი აპარატის ბორტზე;
(b) როდესაც სავარაუდო დამნაშავე მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა;
(c) როდესაც მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა, თუკი მოცემული სახელმწიფო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. თითოეული მხარე-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი იურისდიქციის დასამყარებლად ამგვარ დანაშაულებზე იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე და იგი არ ახდენს მის ექსტრადაციას მე-8 მუხლის მიხედვით რომელიმე სახელმწიფოში, რომელიც ამ მუხლის 1-ლ პუნქტშია მოხსენიებული.
3. ეს კონვენცია არ გამორიცხავს რომელიმე სისხლის სამართლებრივ იურისდიქციას, განხორციელებულს შიდა კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 6
1. დარწმუნდება რა, მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, რომ გარემოებანი ამას ამართლებს, ნებისმიერი მხარე-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მე-4 მუხლში მოხსენიებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, პატიმრობაში აიყვანს მას ან მიიღებს სხვა სამართლებრივ ზომებს მისი იქ ყოფნის უზრუნველსაყოფად. პატიმრობა და სხვა სამართლებრივი ზომები ხორციელდება იმგვარად, როგორც ეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად ან ექსტრადაციის პროცედურის დასაწყებად.
2. ამგვარი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აწარმოებს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.
3. ნებისმიერ პირს, პატიმრობაში მყოფს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დახმარება აღმოეჩინება კონტაქტის დაუყოვნებლივ დამყარებაში უახლოეს შესაბამის წარმომადგენელთან იმ სახელწიფოსი, რომლის მოქალაქეც იგი არის, ან, თუ იგი მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, რომელშიც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4. როდესაც სახელმწიფოს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პირი პატიმრობაში აჰყავს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფოებს იმ ფაქტის შესახებ, რომ ამგვარი პირი პატიმრობაში იმყოფება, და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მის დაკავებას ამართლებს. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ წინასწარ გამოძიებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს მის მიერ მოპოვებული მონაცემების თაობაზე ხსენებულ სახელმწიფოებს და მიუთითებს, აპირებს თუ არა იგი იურისდიქციის განხორციელებას.
მუხლი 7
1. მხარე-სახელმწიფო, რომლის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზეც აღმოჩენილია მე-4 მუხლში მოხსენიებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ იგი ამ პირის ექსტრადაციას არ ახდენს, საქმეს გადასცემს თავის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლო დევნის მიზნით.
2. ეს ორგანოები გადაწყვეტილებას ღებულობენ იმგვარადვე, როგორც სერიოზული ხასიათის მქონე ჩვეულებრივი დანაშაულის შემთხვევაში ამ სახელწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში, მოთხოვნები იმ მტკიცებულებათა მიმართ, რომლებიც სასამართლო დევნისა და მსჯავრის დადებისთვის არის აუცილებელი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლებად მკაცრი, ვიდრე მოთხოვნები, რომლებიც მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში გამოიყენება.
3. ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქმის გარჩევა მე-4 პუნქტში მოხსენიებულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით, გარანტირებულია სამართლიანი მოპყრობა საქმის გარჩევის ეტაპზე.
მუხლი 8
1. მე-4 მუხლში მოხსენიებული დანაშაულები ითვლება შეტანილად, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ. მხარე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, შეიტანონ ამგვარი დანაშაულები, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები ყველა ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, რომელიც მათ შორის დაიდება.
2. თუ მხარე სახელმწიფო, რომელიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით განაპირობებს, მიიღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მხარე-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას დადებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მას შეუძლია, ეს კონვენცია განიხილოს სამართლებრივ ბაზად ექსტრადიციისათვის ამგვარ დანაშაულებთან მიმართებაში. ექსტრადიცია ექვემდებარება სხვა პირობებს, გათვალისწინებულს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
3. მხარე-სახელმწიფოები, რომლებიც ექსტრადიციის ხელშეკრულების არსებობით არ განაპირობებენ, ერთმანეთს შორის ურთიერთობისას აღიარებენ ამგვარ დანაშაულებს ექსტრადიცის გამომწვევ დანაშაულებად იმ პირობის მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
4. ამგვარი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის ექსტრადიციის მიზნისათვის, განიხილება იმგვარად, თითქოს ისინი ჩადენილი იყოს არა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ისინი მოხდა, არამედ აგრეთვე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, რომლებსაც მოეთხოვებათ, დაამყარონ საკუთარი იურისდიქცია მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.“
3. გაეროს 1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ნიუ იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმის ცვლილებების შესაბამისად
54. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენცია ხელმოწერისთვის ღია გახდა 1951 წლის 28 ივლისს. ნიდერლანდებმა იმავე დღეს მოაწერა ხელი [კონვენციას] და რატიფიცირება მოახდინა 1956 წლის 3 მაისს. ამ კონვენციაში ცვლილებები შევიდა ნიუ იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმით, რომელიც თავის მხრივ ძალაში შევიდა 1967 წლის 4 ოქტომბერს და რომელსაც ნიდერლანდები მიუერთდა 1968 წლის 29 ნოემბერს.
55. ამჟამად ნიდერლანდებისთვის სავალდებულო კონვენციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
A
„ამ კონვენციის მიზნებისათვის ¨ლტოლვილი¨ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ... მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.“
F
“ეს კონვენცია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც სერიოზული საფუძველი არსებობს ვარაუდისა, რომ მან;
(a) ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებებისათვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად.
(b) ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის გარეთ, მანამ, სანამ ქვეყანაში ლტოლვილად იქნა მიღებული;
(c) ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში.”
მუხლი 32
გაძევება
“1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები მათ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ ლტოლვილებს გააძევებენ მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის მოსაზრებებიდან გამომდინარე...”
მუხლი 33
გასახლების ან იძულებითი დაბრუნების აკრძალვა (“refoulement“)
„1. არცერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოუიალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსის გამო...“
H. შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა
56. 1997 წლის 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მისწერა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, უარისა და გამოთხოვის შესახებ პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით (საპარლამენტო დოკუმენტები, პარლამენტის ქვედა პალატა, საპარლამენტო წელი 1997-98, 19 637, # 295). ამ დოკუმენტიდან წარმოდგენილია შემდეგი ამონარიდები:
“1F პოლიტიკის ათვლის წერტილი
1. [1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის] 1F მუხლთან დაკავშირებული პოლიტიკის ათვლის წერტილი არის ის, რომ ეს მუხლი უნდა განიმარტოს შეზღუდულად, შესაბამისი პირის გაძევების შედეგების გათვალისწინებით. ეს ათვლის წერტილი ასახულია UNHCR-ის სახელმძღვანელოში და სახელმწიფო საბჭოს ადმინისტრაციული იურისდიქციის განყოფილების დადგენილი პრეცედენტული სამართლით. მე ამ ათვლის წერტილს განვმარტავ იმგვარად, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, 1F მუხლის საფუძველზე დავუშვა გამონაკლისი დეტალურ გამოძიებაზე და გულმოდგინე დასაბუთებაზე...
2. საერთაშორისო დანაშაულებში და ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი პირებისგან თავშესაფრის მოთხოვნების განხილვასთან დაკავშირებით თქვენი პალატიდან მრავალი კითხვის, საზოგადოების კრიტიკული შენიშვნებისა და ლტოლვილთა ორგანიზაციების წუხილის პირობებში, მე სასურველად მივიჩნევ შესაძლებლობისამებრ მართლმსაჯულების განხორციელებას ლტოლვილთა შესახებ 1951 წლის კონვენციის განზრახვით, დავიცვათ ისინი, ვინც გაექცა უსამართლობას და და არა ისინი ვინც გაექცა მართლმსაჯულებას. ეს ნიშნავს რომ როგორც კი მექნება შესაძლებლობა ავამოქმედო 1F მუხლი, შესაბამისი პირთა ფუნქციასთან, მათ სამუშაოსთან, მათი დასაქმების ორგანიზაციის მათი ორგანიზაციის ბუნებასთან და მათი წარმოშობის ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, მე არ ვიქნები მერყევი ამგვარი მოქმედებისას. მე უზრუნველვყოფ, რომ 1F მუხლის მოქმედების გავრცელების შესაძლებლობები იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების ნორმებთან მიმართებით, რომელთა საფუძველზეც აკრძალულია ადამიანის კონკრეტული უფლებების დარღვევა და გარკვეული სახის დანაშაულების ჩადენა, გამოყენებულია მაქსიმალურად. კონკრეტულად კი ეს ნიშნავს, რომ 1F მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვა მოხდება იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ერთ ერთეულში, რაც ნიშნავს, რომ სპეციალიზებული თანამდებობის პირები პასუხისმგებელნი იქნებიან გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ თანამდებობის პირებისთვის დაიგეგმება სწავლება სხვა საკითხებთან ერთად ომის ჰუმანიტარულ სამართალში.
ამგვარი მიდგომაა ასევე სასურველი იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებით, რომლებიც ნიდერლანდებს აკისრია. აღნიშნულთან მიმართებით კონკრეტულად ვფიქრობ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებზე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა დაცვასთან დაკავშირებით, ამ კონვენციების 1977 წლის დამატებითი კონვენციები ..., გენოციდის შესახებ კონვენცია ... და წამების საწინააღმდეგო 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენცია ... (სამოქალაქო) ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და დასჯასთან მიმართებით. ვერ დავუშვებთ, რომ ერთის მხრივ ნიდერლანდებს აღებული ქონდეს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება მოახდინოს ამგვარი დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მიიღოს ლტოლვილის სტატუსით.
3. მსჯელობის საბოლოო საკითხი ეხება ნიდერლანდებში შესაბამისი პირის გარკვეული პოზიციიდან გამორიცხვის შემდგომ შედეგებს. ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების მთავარი ჩანაფიქრია, რომ არ იქნას დაშვებული ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენი პირების მიერ (საერთაშორისო) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. ამ ხელშეკრულებათა თანახმად ნიდერლანდებმა ვალდებულება იტვირთა, პასუხისმგებლობა აიღოს ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების ან დასჯა ან ექსტრადირება დებულების aut dedere aut judicare* საფუძველზე. ამ ხელშეკრულებათა სულისკვეთებისა და მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, ამგვარ საქმეებზე მე გამოვიყენებ ჩემს კომპეტენციას, უცხოელთა შესახებ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე გავავრცელო გაძევების განკარგულება [მაგ.არასასურველ უცხოელთა გაძევება], 1F მუხლის თანახმად ლტოლვილის სტატუსის მიღებისგან გამორიცხულ პირებზე. ამასთან, ყველა საქმეზე, რომელზეც მე გადავწყვიტე პირის გამორიცხვა ლტოლვილთა შესახებ 1951 წლის კონვენციის დაცვისგან 1F მუხლის შესაბამისად, მე შეტყობინებას გავაგზავნი სახელმწიფო პროკურორის სამსახურში.
უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის 1F მუხლის მოქმედების გავრცელების აუცილებელი პირობა. უფრო მეტიც, სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში მტკიცების სტანდარტი უფრო მკაცრია ვიდრე 1F მუხლთან მიმართებით, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში ‘საფუძვლები იმის მისაჩნევად’ [რომ პირმა ჩაიდინა განხილული დანაშაულები] საკმარისია მის ასამოქმედებლად. მთელ რიგ საქმეებზე არსებობს საქმის სახელმწიფო პროკურორის სამსახურისთვის გადაცემის ვალდებულება. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162.1.b მუხლის საფუძველზე წამების საწინააღმდეგო კონვენციის 6.2 მუხლთან ერთობლიობაში ნიერლანდების თანამდებობის პირები, რომელთაც აქვთ ინფორმაცია წამების საწინააღმდეგო კონვენციით გათვალისწინებულ ქმედებათა შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს თავიანთი თანამდებობრივი უფლებამოსილების, ამ თანამდებობიდან გამომდინარე შესაძლებლობების ან საშუალებების გამოყენებით, ვალდებული არიან განაცხადონ ამ საქმეების შესახებ და გადასცენ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.
თავის მხრივ სახელმწიფო პროკურორის სამსახურს დისკრეციული უფლებამოსილება აქვს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროკურორის სამსახური იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის საქმის მასალების საფუძველზე გადაწყვეტს, რა ფარგლებშია შესაძლებელი სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება. სახელმწიფო პროკურორის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს სისხლის სამართლის საქმისწარმოება წამების საწინააღმდეგო კონვენციის (იმპლემენტაციის) კანონის საფუძველზე, 1989 წლის 19 იანვრის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, იმ დროიდან, როდესაც ეს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა ნიდერლანდებთან მიმართებით და გენოციდის კონვენციის (იმპლემენტაციის) შესახებ კანონის საფუძველზე (Uitvoeringswet Genocideverdrag) ... ასევე ომის დანაშაულების კანონის საფუძველზე...
უზენაესმა სასამართლომ ახლახანს დაადგინა, რომ ნიდერლანდების სასამართლოებს ასევე გააჩნიათ კომპეტენცია, განიხილონ ომის დანაშაულების საქმეები და მსგავსი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია იმ საომარი მოქმედებებისას, რომლის მონაწილეც ნიდერლანდები არ ყოფილა და რომლებთან მიმართებითაც სამხედრო [სისხლის სამართლის] ტრიბუნალებია კომპეტენტური.**
*(სქოლიო): ამ ძირითად წესსზე დაყრდნობით, რომელიც მომდინარეობს ჰუგო გროციუსისგან, სახელმწიფოები ვალდებული არიან ან მოახდინონ ექსტრადირება (aut dedere) ან თავად გაასამართლონ (aut judicare) საერთაშორისო დანაშაულთა ჩამდენი პირები. ეს ვალდებულება გამომდინარეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
**(სქოლიო) [პრეცედენტულ სამართალზე მითითება, ამოღებულია]”
საჩივრები
57. ბატონი H. და ბატონი J. ჩიოდნენ კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე, რომ მათი მსჯავრდება მოხდა მამხილებელი განცხადებების საფუძველზე, რომლებიც მათ თავად გააკეთეს თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას ზეწოლის საფუძველზე და კონფიდენციალობის დაპირების სანაცვლოდ და რომ ეს განცხადებები მათ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას.
58. ისინი ასევე ჩიოდნენ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე, რომ თავშესაფრის მაძიებლობის შესახებ საქმისწარმოების ფარგლებში შექმნილი მათი საქმეებიდან ინფორმაციის გამოყენება სისხლის სამართალწარმოებისას არღვევდა მათ უფლებას პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.
59. ბატონი H., ეყრდნობოდა რა 6.1 მუხლს 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში, ასევე ჩიოდა, რომ მისი მსჯავრდება მოხდა იმ მოწმისგან მიღებული მტკიცებულების საფუძველზე, რომლის დაკიცხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მიეცა.
კანონმდებლობა
A. საქმეთა გაერთიანება
60. სასამართლო მიიჩნევს, რომ განაცხადები უნდა გაერთიანდეს, საერთო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით (სასამართლოს რეგლამენტის 42.1 მუხლი).
B. საჩივარი კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე
...
2. საჩივარი არის თუ არა აშკარად დაუსაბუთებელი
64. ორივე განმცხადებელი ჩიოდა მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას იმ განცხადებების გამოყენების თაობაზე, რომლებიც მათ გააკეთეს თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოების ფარგლებში. მათ განაცხადეს, რომ ეს განცხადებები მათგან მიიღეს ზეწოლის შედეგად და კონფიდენციალობის პირობით. ისინი ასევე ჩიოდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ამ განცხადებების პირისპირ აღმოჩენის გამო. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის 6.1 მუხლს, რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ.”
65. განმცხადებლები პირველ ყოვლისა ეყრდნობოდნენ მათი სახელდებით nemo tenetur პრინციპს, რომელიც სასამართლომ აღიარა საქმეზე ფუნკე საფრანგეთის წინააღმდეგ (Funke v. France) (25 თებერვალი, 1993, სერია A # 256‑A), საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saunders v. the United Kingdom) (17 დეკემბერი, 1996, ანგარიშები 1996‑VI) და ქუინი ირლანდიის წინააღმდეგ (Quinn v. Ireland) (# 36887/97, 21 დეკემბერი, 2000), როგორც კონვენციის 6.1. მუხლში სისხლის სამართლის ნაწილში სამართლიანობის ძირითადი მოთხოვნა.
66. მათ განაცხადეს, რომ მათ არ ქონდათ არჩევანი განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოგვიანებით მათ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. თუკი ისინი უარს იტყოდნენ ამ განცხადებების გაკეთებაზე, ამით რისკავდნენ მიეღოთ უარი ნიდერლანდებში ბინადრობაზე და წარმოშობის ქვეყანაში დაებრუნებიათ. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას განმცხადებლებისთვის მათი ადრეული განცხადებების წარდგენას თან ახლდა გამომძიებლების მხრიდან ზეწოლა, რომ მათ გაემეორებიათ ისინი, ანუ შესაბამისად ხელახლა ემხილებიათ საკუთარი თავი.
67. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ კონვენცია თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს დანაშაულად გამოაცხადონ მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს [კონვენციით] გათვალისწინებული უფლებით ჩვეულ სარგებლობას (იხილეთ ენგელი და სხვები ნიერლანდების წინააღმდეგ (Engel and Others v. the Netherlands) 1976 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 81, სერია A # 22). უფრო მეტიც, კონკრეტულ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ვალდებულება საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარეობს, რომ თუკი პირი დასაბუთებულად ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილებას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ განიხილავს კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით (იხილეთ M.M. ნიდერლანდების წიანაღმდეგ (M.M. v. the Netherlands) (გადაწყვეტილება), # 39339/98, 21 მაისი, 2002).
68. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია პოლიციის მიერ დაკითხვისას დუმილის უფლება და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის პრივილეგია (nemo tenetur seipsum accusare, also nemo tenetur seipsum prodere) პირდაპირ არ არის ნახსენები კონვენციის მე-6 მუხლში, არ არსებობს ეჭვი, რომ საზოგადოდ აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტებით, რაც ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი პროცედურის მთავარია არსია (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ, ჯონ მიურეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (John Murray v. the United Kingdom), 8 თებერვალი 1996, § 45, ანგარიშები 1996‑I, და კოემი და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (Coëme and Others v. Belgium), # 32492/96, # 32547/96, # 32548/96, # 33209/96 და # 33210/96, § 26, ECHR 2000‑VII). მათი არსი inter alia აისახება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ბრალდებულის არასათანადო იძულებისგან დაცვაში, რითაც წვლილი შეაქვს მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების თავიდან აცილებასა და მე-6 მუხლის მიზნების შესრულებაში. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლება ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმართული უნდა იყოს ბრალდებულის მიმართ ბრალდების დამტკიცებაზე იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობის გარეშე, რომელიც მოპოვებულია იძულების მეთოდით ან ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობის დაძალებით. ამ თვალსაზრისით ეს უფლება მჭიდრო კავშირშია უდანაშაულობის პრეზუმპციასთან, რომელიც თავის მხრივ ასახულია კონვენციის 6.2 მუხლში (იხილეთ საუდერსი (Saunders), ციტირება მაღლა, § 68).
69. საკუთარი თავის წინააღმდეგ ხმის არ მიცემის უფლება პირველ ყოვლისა უკავშირდება ბრალდებულის სურვილს შეინარჩუნოს დუმილი (იხილეთ ალანი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Allan v. the United Kingdom), # 48539/99, § 50, ECHR 2002‑IX). როგორც საყოველთაოდ აღიარებულია კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების სამართლებრივ სისტემებში და სხვაგანაც, ის არ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში იმ მასალის გამოყენებაზე, რომელიც შესაძლოა მოპოვებულ იქნას ბრალდენულისგან იძულების გზით, არამედ რომელიც არსებობს ეჭვმიტანილის ნებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა სუნთქვის, სისხლისა და შარდის ნიმუშებისა და სხეულის ქსოვილების საფუძველზე ნებართვით მიღებული დოკუმენტები დნმ-ტესტირების მიზნისთვის (საუნდერსი (Saunders), ციტირება მაღლა, § 69). შესაბამისად, სასამართლომ 6.1 მუხლის დარღვევა დაადგინა თავად ბრალდებულისგან საკუთარი თავის მამხილებელი დოკუმენტების მოპოვებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების გამო (ფანკე (Funke), ციტირება მაღლა, § 44); ინსპექტორების მიერ იძულების ვზით ბრალდებულისგან მიღებული საკუთარი თავის მამხილებელი მტკიცებულების გამოყენების გამო (საუნდერსი (Saunders), ციტირება მაღლა, § 75); სისხლის სამართლის ბრალდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება კონკრეტულ დროს გადაადგილებისთვის პასუხისმგებლობის აღებაზე უარის გაცხადებისთვის (ქუინი (Quinn), ციტირება მაღლა, §§ 56 და 60).
70. თუმცა სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება ზემოთ ციტირებული საქმეებისგან.
71. პირველ ყოვლისა, როგორც განმცხადებლების მოქალაქეობის ქვეყანა, ავღანეთი, ისე ნიდერლანდები ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციის მხარე ქვეყნებია (იხილეთ 49-ე პარაგრაფი). ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ კონვენციის (IV) 146-ე და 147-ე მუხლები სახელმწიფოებს ავალდებულებს მოახდინონ გარკვეული ქმედებების, მათ შორის წამების კრიმინალიზება; 146-ე მუხლით ის ყველა წევრი სახელმწიფოსგან მოითხოვს წამების დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირებას ან მათ წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის თავად წარმოებას (aut dedere aut judicare) (იხილეთ 51-ე პარაგრაფი მაღლა). ნიდერლანდებმა მოახდინა ამ ქმედებების კრიმინალიზება ომის დანაშაულების კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში და მიინიჭა ამ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების იურისდიქცია ამ კანონის 3.1 მუხლის ამოქმედებით (იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა).
72. მსგავსად ამისა ორივე სახელმწიფო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი და დასჯის საწინააღმდეგო კონვენციის მხარეა (იხილეთ 52-ე პარაგრაფი მაღლა). ხელშეკრულების მე-4 მუხლი ყველა მონაწილე სახელმწიფოსგან მოითხოვს უზრუნველყონ წამების კრიმინალიზება მათ ეროვნულ კანონმდებლობაში. ამ კონვენციის მე-5, მე-7 და მე-8 მუხლები ასევე მოიცავს aut dedere aut judicare პრინციპს (იხილეთ 53-ე პარაგრაფი მაღლა). ნიდერლანდებმა ამ მოვალეობათა შესრულების საშუალებებს მიაგნო წამების საწინააღმდეგო კონვენციის (იმპლემენტაციის) კანონის (იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა) მიღებით.
73. ბატონი J. აღიარებული იყო ლეგიტიმურ ლტოლვილად გაეროს ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის მნიშვნელობით; ეს სტატუსი მოგვიანებით გამოთხოვილ იქნა ამ საერთაშორისო ხელშეკრულების 1F მუხლის საფუძველზე. ბატონ H.-ს თავიდანვე უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე, ასევე 1F მუხლის საფუძველზე. მიუხედავად ამისა არცერთი განმცხადებლის დეპორტაცია არ განხორციელებულა; ორივეს მიეცა შესაძლებლობა დარჩენილიყვნენ ნიდერლანდებში და შესაბამისად დე ფაქტო ესარგებლათ ნიდერლანდების სახელმწიფოს მფარველობით.
74. შესაბამისად ნათელია, რომ ეს არ იყო ნიდერლანდებისთვის უბრალოდ უფლება, არამედ ის ვალდებული იყო განმცხადებლების წინააღმდეგ ეწარმოებია სისხლის სამართლებრივი დევნა წამებისთვის, რაც მათ შესაძლოა ჩაიდინეს სხვაგან. ამას სასამართლო მიყავს საკითხამდე, თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას განმცხადებლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამოყენება სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას.
75. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლები თავისი ნებით შევიდნენ ნიდერლანდებში და მოითხოვეს მფარველობა. მფარველობაზე მათი უფლებამოსილების - ნიდერლანდების ტერიტორიაზე უსაფრთხოდ ბინადრობის ფორმა (გაეროს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 32-ე და 33-ე მუხლები; იხილეთ 55-ე პარაგრაფი მაღლა) - აღიარებისთვის მათ მოეთხოვებოდათ ნიდერლანდების მთავრობის დაკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მათი გაცხადებული შიში არასათანადო მოპყრობის თაობაზე საფუძვლიანი იყო. ვინაიდან მტკიცების ტვირთი მათზე იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ არაფერი იყო უჩვეულო იმაში, რომ მოპასუხე ხელისუფლება მათგან სრულ სიმართლეს ითხოვდა. შესაბამისად შეთავაზება, რომ განმცხადებლების განცხადებები იმიგრაციის ორგანოების წინაშე მოპოვებულ იქნა იძულებით, საფუძველს მოკლებულია.
76. განმცხადებლებმა შემდეგ განაცხადეს, რომ თავშესაფრის მაძიებლობის საქმისწარმოებისას მათ მოსთხოვეს სრული სიმართლე ეთქვათ, მაგრამ არ გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი განცხადება, რასაც ისინი გააკეთებდნენ შესაძლოა გადაგზავნოდა სახელმწიფო პროკურორს, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით.
77. განმცხადებლების თავშესაფრის მაძიებლობის მოთხოვნების განხილვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახური, განმცხადებლებს შეპირდა, რომ მათი განცხადებების მიმართ დაცული იქნებოდა კონფიდენციალობა. სასამართლო ამას ბუნებრივად მიიჩნევს. მართლაც, რთულია თავშესაფრის სისტემის სათანადო ფუნქციონირება, თუკი თავშესაფრის მაძიებლებს არ ექნებათ გარანტია, რომ მათი განცხადებები არ გახდება ცნობილი იმ პირებისა და ორგანოებისთვის, რომელთაგან დაცვაც ჭირდებათ მათ.
78. მსგავსად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებლობის მოთხოვნის განხილვის შესატყვისი კონფიდენციალობის პრაქტიკამ არ უნდა დაიცვას დამნაშავე დამსახურებული სასჯელისგან. შედეგად, სასამართლო ვერ დაადგენს, რომ მას შემდეგ რაც ეს განცხადებები მთავრობის მფლობელობაში აღმოჩნდებოდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კონვენციის მე-6 მუხლი უკრძალავდა მათ გადაცემას სახელმწიფო პროკურორის სამსახურისთვის, სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსაყენებლად.
79. და ბოლოს, განმცხადებლები ჩიოდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მათ წინააღმდეგ წარდგენილი მათივე განცხადებების გამო, რომლებიც მათ იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურს მისცეს.
80. ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას განმცხადებლებს დაუპირისპირეს თავიანთი განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს თავშესაფრის მაძიებლობის საქმისაწრმოებისას, არ უკავშირდება სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლებს მოუსმინეს გაფრთხილებით და ისინი სარგებლობდნენ დუმილის უფლებით (იხილეთ მე-20 და 23-ე პარაგრაფები მაღლა). უფრო მეტიც, არცერთ განცხადებელს არც თავშესაფრის მაძიებლობის წარმოებისას და არც სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არ უღიარებია ოდესმე წამება ან სხვა სახის დანაშაული; შესაბამისად, ეს არ არის საქმე, რომელზეც მათ აიძულეს გაეკეთებიათ აღიარება, რომელსაც შემდეგ დაეფუძნებოდა მათი მსჯავრდება (შედარებისთვის გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany) [დიდი პალატა], # 22978/05, § 187, ECHR 2010).
81. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ განაცხადების ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35.3.a და მე-4 მუხლის შესაბამისად.
...
აღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლომ ერთხმად
გადაწყვიტა განაცხადების გაერთიანება;
გამოაცხადა განაცხადები დაუშვებლად.
სტივენ ფილიპსიჯოსეფ კასადევალი
სასამართლოს მდივანითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy