დოკუმენტი მომზადებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ (). თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by Tbilisi Court of Appeals, Chairman’s Bureau (/). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მესამე სექცია
საქმე მონიკა ჰაასი გერმანიის წინააღმდეგ
MONIKA HAAS v. GERMANY
(საჩივარი №73047/01)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2005 წლის 17 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია) პალატა, შემდეგი შემადგენლობით:
ბ.-ნი ბ. მ. ზუპანზიკი, პრეზიდენტი,
ბ.-ნი ლ. ქაფლიჩი,
ბ.-ნი კ. ბირსანი,
ქ.-ნი მ. ცაცა-ნიკოლოვსკა,
ბ.-ნი ვ. ზაგრებელსკი,
ქ.-ნი ა. გიულუმიანი,
ქ.-ნი რ. ჯაეგერი, მოსამართლეები,
და ბ-ნი მ. ვილიგერი, სექციის რეგისტრატორის მოადგილე,
2001 წლის 23 ივლისს შეტანილი ზემოაღნიშნული განაცხადის გათვალისწინებით, თათბირის შედეგად, იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ფაქტები
განმცხადებელი, მონიკა ჰაასი, გერმანიის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა 1948 წელს და ცხოვრობს ფრანკფურტში/მაინი, გერმანია. იგი სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ორი ადვოკატით: ბ-ნი გერჰარდ სტრეიტისა და ბ-ნი კლაუს-ულრიხ ვენცკეს მიერ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ჰამბურგში ეწევიან.
მოპასუხე მთავრობას წარმოადგენენ ბ-ნი კ. სტოლტენბერგი, Ministerialdirigent, და შემდგომში ქალბატონი ა. ვიტლინგ-ვოგელი, Ministerialdirigentin, იუსტიციის ფედერალური სამინისტროდან.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
ა. საქმის გარემოებებისაქმის მონაცემები
70-იანი წლების დასაწყისში, გერმანიაში დაარსდა წითელი არმიის ფრაქცია (Rote Armee Fraktion - "RAF"), მემარცხენე ექსტრემისტული ტერორისტული მოძრაობა. მისმა წევრებმა მიზნად დაისახეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საზოგადოებრივი წესრიგის განადგურება ტერორისტული აქტების მეშვეობით, კერძოდ მკვლელობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმებითა და მძევლების აყვანით, რათა გამოეწვიათ გერმანიის საზოგადოების რადიკალური ცვლილება. 1972 წელს თავდასხმების სერიის შემდეგ, "RAF"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს. სამ დამფუძნებელ წევრს, ანდრეას ბაადერს, გუდრუნ ენსლინს და იან-კარლ რასპეს, 1977 წლის აპრილში მიესაჯათ უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ჯერ კიდევ 1975 წლამდე, "RAF"-მა წამოიწყო ტერორისტული შეტევები დაპატიმრებული წევრების გასათავისუფლებლად. 1975 წლის აპრილში სტოკჰოლმში გერმანიის საელჩოში მძევლები აიყვანეს. 1977 წლის აპრილში, ფედერალურ საჯარო პროკურორს (Generalbundesanwalt) ზიგფრიდ ბუბაკი დახვრიტეს. 1977 წლის ივლისში, Dresdener Bank-ის მენეჯმენტის წევრის, იურგენ პონტოს გატაცების მცდელობა ვერ მოხერხდა და ის დახვრიტეს. 1977 წლის აგვისტოს, "RAF"-ის წევრებმა სცადეს ფედერალური საზოგადოებრივი პროკურატურის შენობაზე თავდასხმა.
1977 წლის 5 სექტემბერს, "RAF"-ის წევრებმა კიოლნში გაიტაცეს გერმანელი მრეწველის და გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰანს-მარტინ შლეიერი; მისი მძღოლი და სამი პოლიციელი კი მაშინვე მოკლეს.
1977 წლის 13 ოქტომბერს პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის ("PFLP") ,,სპეციალური სარდლობის“ ("PFLP-SC") ოთხმა წევრმა, რომელთა შტაბბინა მდებარეობდა თავდაპირველად დამასკოში და მოგვიანებით ლიბანში, გაიტაცეს ლუფთჰანსას თვითმფრინავი Landshut, რომელიც ასრულებდა რეისს პალმა დე მალიორკიდან ფრანკფურტი/მაინის მიმართულებით. გამტაცებლები იმუქრებოდნენ 82 მძევლის დახოცვით და თვითმფრინავის აფეთქებით, თუ მათი მოთხოვნები გერმანიაში დაკავებული თერთმეტი “RAF”-ის წევრისა და თურქეთში პატიმრობაში მყოფი ორი "PFLP" წევრის გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდებოდა. მათ აიძულეს პილოტი შეეცვალა დანიშნულების ადგილი და თვითმფრინავი რომში, კვიპროსში, ბაჰრეინში, დუბაიში და ადენში დაეშვა, სადაც გამტაცებელთა ლიდერმა დახვრიტა საჰაერო ხომალდის კაპიტანი სავარაუდოდ დაუმორჩილებლობისთვის. 1977 წლის 17 ოქტომბერს თვითმფრინავი გაფრინდა მოგადიშუში, სომალში. 1977 წლის 18 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, მძევლები გათავისუფლდნენ გერმანიის ფედერალური სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმის ("GSG 9") წევრების მიერ. გამტაცებელთა სამი წევრი დაიღუპა და მეოთხე, ქალი, სერიოზულად დაშავდა. ტერორისტებმა "GSG 9" -ის ორ წევრს ესროლეს და სერიოზულად დააზიანეს. ორი მძევალი დაშავდა გამტაცებელთა მიერ. ყველა დანარჩენი მძევალი, რომელთა სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდნენ, გადარჩნენ.
გატაცების წარუმატებლობის შემდეგ, ბატონი შლეიერი "RAF"-ის წევრებმა მოკლეს. 1977 წლის 18 ოქტომბრის დილას, "RAF"-ის სამმა წევრმა, რომლებიც შტუტგარტ-სტამჰემის ციხეში იმყოფებოდნენ, თავი მოიკლეს.
1992 წლის აპრილში "RAF"-მა წერილობით დეკლარაციაში განაცხადა, რომ შეაჩერებდნენ თავდასხმებს სახელმწიფოს წარმომადგენლებზე და ეკონომიკაზე.
1996 წელს გადარჩენილი მეოთხე გამტაცებელი გაასამართლეს, inter alia, მკვლელობის, მძევლების აყვანის, გატაცების, საჰაერო მიმოსვლაზე თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობისთვის. მას მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სისხლის სამართალწარმოება განმცხადებლის წინააღმდეგ
ა. გამოძიების პროცესი
1992 წლის 20 მარტს, განმცხადებელი დააპატიმრა გერმანიის პოლიციამ, მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლის მიერ იმავე დღეს გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. იგი ეჭვმიტანილი იყო 1975 წელს ლუფთჰანზას საჰაერო ხომალდის Landshut-ის გატაცებასთან კავშირის გამო, როგორც თანამონაწილე საჰაერო ხომალდზე თავდასხმისა და მძევლების აყვანაში. გარდა ამისა, იგი ეჭვმიტანილი იყო ბ-ნი შლეიერის გატაცებაში დახმარებასა და წაქეზებაში. განმცხადებელს შეეფარდა წინასწარ პატიმრობა. იგი განთავისუფლდა 1992 წლის 5 მაისს, როდესაც დაპატიმრების ორდერი გაუქმდა. შემდგომი გამოძიების შედეგად, განმცხადებელი კვლავ დააპატიმრეს 1994 წლის 7 ნოემბერს.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოებოსას, განმცხადებელს იცავდა რამდენიმე ადვოკატი.
1995 წლის 16 მაისს, გენერალურმა საჯარო პროკურორმა მართლმსაჯულების ფედერალურ სასამართლოში, განმცხადებელს წარუდგინა ბრალი Landshut-ის გატაცებასთან დაკავშირებით, თანამონაწილეობით ჩადენაში გატაცების, საჰაერო მოძრაობაზე თავდასხმის, გამოძალვის, მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო ბ-ნი შლეიერის გატაცებასთან დაკავშირებით, გატაცების, გამოძალვისა და მკვლელობის დახმარებასა და წაქეზებაში.
ბ. პროცესი ფრანკფურტ/მაინის სააპელაციო სასამართლოში
1998 წლის 16 ნოემბერს, ფრანკფურტ/მაინის სააპელაციო სასამართლომ, 1996 წლის 9 მაისიდან და 1998 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში მრავალი მოსმენის შედეგად, მსჯავრი დასდო განმცხადებელს საჰაერო მიმოსვლის თავდასხმის, მძევლების აყვანის, გამოძალვით გატაცებისა და 2 პირის მკვლელობის მცდელობის დახმარებასა და წაქეზებაში, Landshut-ის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბ-ნი შლეიერის გატაცებას, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის განზრახვა ამ დანაშულის დახმარებასა და წაქეზებაში არ დაადგინა. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გრძელსა და დეტალურ გადაწყვეტილებაში, სააპელაციო სასამართლომ, განმცხადებლის წარსულის გათალისწინებით, აღნიშნავდა, რომ განმცხადებელი თანაუგრძნობდა "RAF"-ს და მონაწილეობა მიიღო სროლის ტრენინგებში “PFLP”-ის ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელ ბანაკში ადენში, სამხრეთ იემენში. განმცხადებელმა დაადასტურა, რომ იგი "ამალ"-ის სახელით იყო ცნობილი, დაქორწინდა “PFLP“-ის ერთ-ერთ ლიდერზე იემენის კანონმდებლობის მიხედვით და ცხოვრობდა იქ 1976 და 1980 წლებში, 1967 წელს დაბადებულ მათ ვაჟიშვილთან და 1977 წლის 17 ივლისს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1977 წლის 25 სექტემბერს “RAF”-ის ორი წევრი, მოწმეები ბ-ნი B. და ბ-ნი M., გაფრინდნენ ბაღდადში, რათა შეხვედროდნენ "PFLP-SC"-ის წევრებს Landshut-ის გატაცების მოსამზადებლად. მათ მიიღეს "PFLP-SC"-ის შეთავაზება, რათა მხარი დაეჭირათ მათი ტერორისტული საქმიანობისთვის" RAF-ის წევრების გასათავისუფლებლად გერმანიის თვითმფრინავის გატაცებით. შემდეგ "PFLP-SC"-ის ლიდერმა განმცხადებელსა და "PFLP"-ის წევრს საიდ ს.-ს დაავალა, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიტანა, რომელიც საჭირო იყო პალმას დე მალიორკიდან თვითმფრინავის გატაცებისთვის. განმცხადებელმა მიიღო იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ალჟირში 1977 წლის 7 ოქტომბერს ან ცოტა ხნით ადრე. 1977 წლის 7 ოქტომბერს, იგი გაფრინდა თავის ქალიშვილთან და საიდ ს.-სთან ერთად პალმეს დე მალიორკაზე, მოახდინა რა ტრანსპორტირება იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების კაბინის ჩემოდნით. მან შემდეგ იგი გადასცა პალესტინელს სახელად ჯამალი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, განმცხადებლის მონაწილეობა დანაშაულებში, ძირითადად, საიდ ს.-სგან მიცემული მტკიცებულების საფუძველზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ საიდ ს.-ს დაკითხვა შეუძლებელი იყო პროცესზე, ვინაიდან იგი ბეირუთში იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სასჯელს. ლიბანის ხელისუფლებამ უარი თქვა მის გადაყვანაზე გერმანიაში სამართალწარმოების მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ უსაფრთხოების გარანტია (sicheres Geleit) მისცა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოწმეების ბ-ნი W. და ბ-ნი S.-ს, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების დეპონირებულ ჩვენებებს.
ისინი იმყოფებოდნენ თარჯიმანთან ერთად, როდესაც საიდ ს. დაკითხა ლიბანის პოლიციამ 1997 წლის 5, 6 და 10 მარტს, იმ დროს როდესაც გერმანიის პროკურატურის ორგანოები აწარმოებდნენ წინასწარ გამოძიებას საიდ ს.-ს და განმცხადებლის მეუღლის წინააღმდეგ.
ბ-ნი W.-ს და ბ-ნი S.-ს თანახმად, საიდ ს.-მ თავდაპირველად უარყო Landshut-ის გატაცებაში მონაწილეობა ან რაიმეს ცოდნა ამის შესახებ, ისევე როგორც "PFLP"-ის სხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა. დაკითხვის პირველ დღეს, საიდ ს. ძალიან ნერვიული იყო და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ის სიმართლეს არ ამბობდა. მეორე დაკითხვის დროს, მან რამდენიმე დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. მისი მესამე დაკითხვისას, საიდ ს.-მ, რომელიც შვებამოგვრილად და მშვიდად გამოიყურებოდა, განაცხადა, რომ ის სრულ სიმართლეს იტყოდა. მან აღიარა, რომ ის იყო "PFLP"-ის წევრი 1975 წლიდან მოყოლებული. მან ასევე განაცხადა, რომ 1977 წელს, Landshut-ის გატაცებამდე ორი კვირით ადრე, "PFLP-SC"-ის ლიდერმა მას მისცა მითითება გამგზავრებულიყო ალჟირში დასავლეთ გერმანელ ქალბატონთან სახელად "ამალ“-თან ერთად, რათა მოეხდინათ იარაღის ტრანსპორტირება ალჟირიდან პალმა დე მაოლორკაზე. ალჟირში "ამალმა" მიიღო იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელიც დამალა რადიოში და ტკბილეულის ყუთებში. ეს იარაღი განკუთვნილი იყო თვითმფრინავის გატაცებისთვის. დაახლოებით ერთი კვირით ადრე Landshut-ის გატაცებამდე, იგი გაემგზავრა ალჟირიდან პალმა დე მალიორკისკენ "ამალთან" ერთად, რომელიც მის ქალიშვილთან ერთად იყო, ირანული პასპორტით რომელიც გაცემული იყო "Kamal Sarvati"-ზე. "ამალ"-ს იარაღი გადაჰქონდა კაბინის ბარგით. მალიორკაზე მან ეს მასალა გადასცა პალესტინელს სახელად "ჯამალს". მეორე დღეს ისინი პარიზის გავლით ბაღდადში დაბრუნდნენ.
საიდ ს.-ს ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების W. და S.-ს მკაფიო და თანმხვედრი ჩვენებებისა და გენერალური საჯარო პროკურორის მიერ გაცემული როგატორის საფუძველზე, დადგინდა, რომ საიდ ს.-ს ლიბანის პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს, გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად მისი ბრალდებულად ცნობის თაობაზე. კერძოდ, დუმილის უფლების შესახებ და მისი დაცვისათვის საჭირო მტკიცებულებების მოთხოვნის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საიდ ს.-ს ჩვენების მოსაპოვებლად არ ყოფილა გამოყენებული უკანონო საშუალებები. მოწმეების W.-სა და S.-ს მტკიცებით, ლიბანის ხელისუფლებას ამ გამოძიებაში საკუთარი ინტერესი არ ჰქონდა და არ ყოფილა არანაირი შეთავაზება, საიდ ს. არასათანადო მოპყრობის ან მუქარის ან დაპირებების გაკეთების თაობაზე. უფრო მეტიც, არ ყოფილა არანაირი მითითება იმის თაობაზე, რომ საიდ ს.-ს მიერ მიცემული ჩვენება იყო მთავარი კითხვების შედეგი.
იმის შეხსენებით, რომ ფრთხილი მიდგომა იყო საჭირო იმ მოწმის ჩვენებების შეფასებისას, რომლის მოსმენაც არ მოხდა სასამართლო პროცესზე და რომლისთვისაც მხარეებს შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცემიათ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საიდ ს.-ს ჩვენება, როგორც ,,ამალ“-ის, ანუ განმცხადებლის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობის თაობაზე, იყო უტყუარი. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ მოწმეებმა W.-მ და S.-მ წარადგინეს ანგარიში საიდ ს.-ს. ქცევის შესახებ როგატორის საფუძველზე დაკითხვისას და რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მისთვის კითხვები და რომ საიდ ს. არ იყო ანონიმური მოწმე.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმე საიდ ს.-მ, როდესაც როგატორის საფუძველზე კვლავ იკითხებოდა ბეირუთის რეგიონული სასამართლოს მიერ ამ სასამართლო პროცესის განმავლობაში 1997 წლის 27 ოქტომბერს, დაადასტურა, რომ ალჟირიდან პალმა დე მალიორკაზე გაემგზავრა გერმანელ ქალთან ერთად 1977 წლის ოქტომბერში. თუმცა, მან უარყო, რომ მათ რაიმე იარაღი გადაჰქონდათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი დაკითხვის ჩანაწერები შესაძლებელი იყო სასამართლოში წაკითხულიყო, ვინაიდან მოწმე, რომელიც ჯერ კიდევ ლიბანის საპატიმროში სასჯელს იხდიდა, მიუწვდომელი იყო. ის ფაქტი, რომ საჯარო პროკურორს, განმცხადებელს და მის დამცველს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ დაკითხვას, არ გამორიცხავდა საიდ ს.-ს ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს თანახმად, პირველ რიგში უცხოური საპროცესო წესები უნდა ყოფილიყო დაცული, რაც მოცემულ საქმეში არ მოითხოვდა მხარეთა დასწრებას დაკითხვის პროცესში. როგატორში სააპელაციო სასამართლომ შეატყობინა ბეირუთის საოლქო სასამართლოს, რომ გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოების მხარეებს დაკითხვაზე დასწრების უფლება ჰქონდათ და მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ დაკითხვის თარიღის შეტყობინებით, ამგვარი დასწრება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ლიბანური სამართლით. მიუხედავად ამისა, დაცვის უფლებაზე შეზღუდვების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, არ განეხილა ეს ჩვენებები, როგორც სხვებისგან დამოუკიდებელი მტკიცებულება. აღსანიშნავია ისიც, რომ საიდ ს.-ს არ ჰქონდა საფუძველი არასწორად ემხილებინა როგორც საკუთარი თავი, ისე განმცხადებელი.
სააპელაციო სასამართლო ამტკიცებდა, რომ საიდ ს.-ს ჩვენებებს შორის შეუსაბამოებები ამ მოსმენასა და 1997 წლის მარტის მოსმენას შორის იყო იმიტომ, რომ ლიბანურმა სასამართლომ საკმარისად არ დაუპირისპირა განმცხადებელი მის ადრეულ ჩვენებებს. ეს მიეკუთვნებოდა იმ ფაქტს, რომ სამართალწარმოების მხარეებს არ მიეცათ ნება დასწრებოდნენ დაკითხვას. თუმცა, საიდ ს.-ს შემდგომი დაკითხვა როგატორის საფუძველზე, როგორც მოითხოვა განმცხადებელმა, ან შემდგომმა გამოძიებამ მტკიცებულების მისაღებად, ასევე გარემოებები რომელშიც საიდ ს.-ს ჩვენებები იქნა გაკეთებული, არ იყო მოთხოვნილი. მხოლოდ საიდ ს.-ს პროცესზე პერსონალურად მოსმენა იქნებოდა შესაფერისი, რომ უარეყოთ მტკიცებულება, რომელიც უკვე მოპოვებული იყო იმ ეტაპზე.
უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სხვა მნიშვნელოვანმა მტკიცებულებამ დაადასტურა საიდ ს.-ს ჩვენებები.
ამგვარად, გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა მოწმე P.-მ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1977 წლის 22 ნოემბერს სადაზვერვო სამსახურმა მიიღო შეტყობინება ინფორმატორისგან, რომ სამი პირი, რომლებიც იყენებდნენ სახელებს "კამალ სარვათი", "კორნელია ქრისტინა ტრუბენდორფერი" და ,,ნიკოლი“, დაბადებული 1977 წლის 17 ივლისს (განმცხადებლის ქალიშვილის დაბადების თარიღი), გაემგზავრნენ 1977 წლის 7 ოქტომბერს ალჟირიდან პალმა დე მალიორკისკენ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნები, მიმართული დაზვერვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროსთვის, წყაროებისა და დოკუმენტების გამჟღავნების თაობაზე უარყოფილი იქნა სათანადო მიზეზებით, კერძოდ, იმ პირთა სიცოცხლისა და ადამიანთა დაცვის აუცილებლობით, რომლებიც არ იყვნენ გერმანიის იურისდიქციის ქვეშ. სასამართლომ მიიღო ხელისუფლების არგუმენტი, რომ განმცხადებლის მეუღლეს, "PFLP"-ის ყოფილ წამყვან წევრს, რომელსაც განმცხადებელმა აცნობა მის წინააღმდეგ სამართალწარმოების შესახებ, ჯერ კიდევ შეეძლო განეხორციელებინა იმ მოწმეთა წინააღმდეგ ორგანიზებული მკვლელეობები ან შურისძიების ქმედებები, რომლებიც ბრალს სდებდნენ განმცხადებელს.
უფრო მეტიც, მოწმე G.-მ, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსანმა, განაცხადა, რომ 1980 წელს საიმედო ინფორმატორმა ფოტოებით მოახდინა იდენტიფიცირება განმცხადებლის, როგორც ,,ამალის“. კიდევ ერთმა ინფორმატორმა შეატყობინა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფედერალურ სამსახურს, რომ ქალბატონმა სახელად "ამალმა" იმოგზაურა "PFLP"-ის წევრთან და ბავშვთან ერთად ალჟირიდან პალმა დე მალიორკისკენ, მისთვის ასევე ცნობილი იყო ყალბი სახელების, ციფრების და პასპორტების წარმოშობის შესახებ, რომელიც გაცემული იყო მათზე. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პასპორტი, რომელსაც ატარებდა "ამალი", გაცემული ,,კორნელია ვერმაესენზე, დაბადებისას ტრუბენდორფერზე“, მოპარული იყო ნიდერლანდებში და რომელსაც იყენებდა საიდ ს., იყო ისეთივე ყალბი, როგორც პასპორტები რომლებიც მოგვიანებით გამოიყენეს თვითმფრინავის გამტაცებლებმა. ინფორმატორმა ამოიცნო განმცხადებელი ფოტოზე როგორც ,,ამალი“ და როგორც პიროვნება, რომელსაც გადაჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მოწმე G.-მ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება გაემჟღავნებინა ინფორმატორების ვინაობა. სააპელაციო სასამართლომ მიმართა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სამსახურსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროს ინფორმატორების იდენტურობის გამჟღავნების მოთოვნით, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა ორივე შემთხვევაში. ორივე ორგანო დაეყრდნო მათი ინფორმატორების სიცოცხლის დაცვის საჭიროებას იმავე მიზეზებით, როგორც ისინი გაცემული იყო ინფორმატორებთან მიმართებით, რომელთა ჩვენებები დაფიქსირებული იყო მოწმე P.-ს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საიდ ს.-ს მიერ მიცემული ჩვენებები და ანონიმური ინფორმატორების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები კიდევ უფრო დადასტურდა გამოძიების შედეგებით, 7 ოქტომბერს ალჟირიდან პალმა დე მალიორკის მიმართულებით ფრენის მგზავრთა სიით და 1977 წლის 8 ოქტომბრის პალმა დე მალიორკიდან პარიზი-ორლის მგზავრთა სიებით. ეს სიები შეიცავდა ცნობებს საიდ ს.-ს, განმცხადებლის და მისი ქალიშვილის მიერ ცრუ სახელების გამოყენების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ თანაბრად გაითვალისწინა განმცხადებლისა და საიდ ს.-ს ყოფნა პალმა დე მალიორკას სასტუმროში. მან მხედველობაში მიიღო, ანგარიშები, რომლებიც დასახელებული იყო "ვერმაესენი" და "კამალი" სახელებით, და განმარტებები, რომელიც მიცემული იყო სასატუმროს დირექტორის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს ახსოვდა, რომ მამაკაცს არაბული სახელით თან ახლდა ევროპელი ქალი და პატარა ბავშვი, რომლებიც სასტუმროში იმყოფებოდნენ შესაბამის დროს.
რაც შეეხება იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების რაოდენობასა და სახეობებს, სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა რამდენიმე მოწმეს და გაითვალისწინა ფოტოები, რომელიც უჩვენებდა, inter alia, რომ რადიო გამოყენებული იყო იარაღის დასამალ ადგილად, რომელიც ნაპოვნი იქნა თვითმფრინავში.
უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა განმცხადებლის განცხადება, რომ საიდ ს. იყო "PFLP" წევრი და იმყოფებოდა მალიორკაზე Landshut-ის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე გადარჩენილ გამტაცებელთან ერთად.
რაც შეეხება განმცხადებლის ადვოკატს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არაფერი მიუთითბდა იმის თაობაზე, რომ მას (განმცხადებელს) არ დაუტოვებია ადენი შესამის დროს, კერძოდ, რომ მისი ბავშვი მძიმედ იყო ავად. უფრო მეტიც, მოწმე B.-მ, "RAF"-ის წევრმა, რომელიც შეხვდა "PFLP" წევრებს ბაღდადში სექტემბრის ბოლოს და 1977 წლის ოქტომბრის დასაწყისში, განაცხადა, რომ მან დაინახა განმცხადებელი ბაღდადში. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ B.-ს დეპონირებული ჩვენება სარწმუნო იყო, განსაკუთრებით შეესაბამებოდა მისი განცხადებების თანმიმდევრულობა, განმცხადებელთან შეხვედრის დეტალურ ანგარიშს და იმ ფაქტს, რომ როგორც ყოფილი "RAF"-ის წევრი, მას არ ჰქონდა საფუძველი განმცხადებლისთვის ცრუდ დაედო ბრალი. RAF-ის ორი წევრის ქ-ნ S.-ს და ქ.-ნ M.-ს, და განმცხადებლის ვაჟის მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომ მათ არ უნახავთ განმცხადებელი ბაღდადში და არც ის რომ დაეტოვებინოს ადენი, არ უარყოფს B.-ს დეპონირებულ ჩვენებას.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, განმცხადებელს ძლიერი მოტივები ჰქონდა თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობის მისაღებად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ქმარი წამყვან როლს თამაშობდა მის ორგანიზებაში. უფრო მეტიც, 1974 წლიდან ის ეხმარებოდა, როგორც "RAF"-ის თანამებრძოლი, “RAF”-ის დაკავებულ 11 წევრს გერმანიაში.
გ. პროცესი მართლმსაჯულების ფედერალურ სასამართლოში
2000 წლის 11 თებერვალს, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ, ზეპირი მოსმენის შემდეგ, უარი თქვა განმცხადებლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მონაწილეობა დანაშაულში ეყრდნობოდა საიდ ს.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლის დაკითხვას ლიბანის პოლიციაში გერმანიის პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საიდ ს.-მ დაადასტურა ეს ჩვენებები, როდესაც ის იკითხებოდა როგატორის საფუძველზე ბეირუთის რეგიონალურ სასამართლოში. მისი ჩვენებები დადასტურებული იქნა მრავალი სხვა მტკიცებულებით, როგორიცაა მასალები ინფორმატორებისგან, მგზავრთა სიები და სასტუმროს ანგარიშები, აგრეთვე ყოფილი "RAF"-ის წევრის B.-ს ჩვენებებით.
რაც შეეხება განმცხადებლის საჩივარს მოწმეთა P. და G.-ს ზეპირი დაკითხვის მტკიცებულებად გამოყენების თაობაზე, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის § 1 და §3 (დ) მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ინფორმატორთა დაკითხვა თავის მხრივ შეუძლებელი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ფრთხილი მიდგომა ჰქონდა მტკიცებულებათა შეფასებისას და იგი მიიჩნია მხოლოდ, როგორც გამამყარებელი საიდ ს-ს ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებებისა.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალის მიხედვით (კერძოდ, van Machelen v. the Netherlands, 1997 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება), მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საქმისგან განსხვავებით, მოცემული საქმე არ უკავშირდება ანონიმური პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს. ინფორმატორები, რომლებიც ანონიმურად დარჩნენ, ცხადი იყო, რომ იყვნენ საზღვარგარეთ მოქმედი პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანიის მთავრობასთან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ადამიანები და მათ ოჯახები, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან შურისძიების მხრივ და ზოგადად, შეექმნებოდათ საფრთხე თუ მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი დეპონირებული ჩვენებები არ იყო საფუძველი განმცხადებლის მსჯავრდებისათვის, არამედ ისინი მხოლოდ მტკიცებულებას ამყარებდნენ. ანონიმური ინფორმატორებისგან მიღებული მტკიცებულებების შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს ფრთხილი მიდგომა აბალანსებდა დაცვის უფლების შეზღუდვას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არა მარტო გაითვალისწინა იყო თუ არა ხელისუფლების უარი ინფორმატორების ვინაობის გამჟღავნების თაობაზე თვითნებური, ან აშკარად მცდარი, არამედ ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო გონივრული და დამაჯერებელი.
მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს თანახმად, განმცხადებლის საჩივარი, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმე B ფიცის ქვეშ დაკითხა, დასაბუთებული იყო. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ არ არსებობდა რაიმე მითითება არც სასამართლო სხდომის ჩანაწერში არც განაჩენის დასაბუთებაში, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი შესაძლო მონაწილეობით ჩადენილ დანაშაულებში, ბ-ნ B.-ს არ უნდა მიეცა ფიცი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილი, იხილეთ "შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა" ქვემოთ). თუმცა, ეს პროცედურული ხარვეზი შეუსაბამო იყო სამართალწარმოების შედეგისთვის. მტკიცებულების დეტალური შეფასებისას, კერძოდ, B.-ს სანდოობისას, სააპელაციო სასამართლომ არ ახსენა, რომ B.-მ ფიცი დადო. აქედან გამომდინარე, ამას შესაძლოა გამოერიცხა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმე უფრო სანდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ მანდ ჩვენება ფიცის ქვეშ მისცა.
დ. პროცესი ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
2000 წლის 3 აპრილს, განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში და განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო უსამართლო, კერძოდ, ბრალდების ძირითადი მტკიცებულების მიღებისა და შეფასების ნაწილში.
2000 წლის 25 ივლისს, ფრანკფურტი/მაინის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის თავისუფლების აღკვეთის განაჩენი შეჩერდა გამოსაცდელი ვადით. დადგინდა, რომ განმცხადებელმა პატიმრობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უკვე მოიხადა სასჯელის ნახევარი. მას დაენიშნა სამი წლით გამოსაცდელი ვადა.
2000 წლის 20 დეკემბერს, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ სამი მოსამართლის შემადგენლობით უარი განაცხადა განმცხადებლის საკონსტიტუციო საჩივრის მიღებაზე.
ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის განხილვა არ იყო აუცილებელი განმცხადებლის კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგობაში კონსტიტუციური თვალსაზრისით, თუმცა განცხადება პროცედურული წესების შედეგად განმცხადებლის ბრალდების თაობაზე, შესაძლოა დანახული ყოფილიყო, როგორც კონსტიტუციის მიხედვით მისაღებობის ზღვართან ახლოსმყოფი. არ იყო მითითება თვითნებობის თაობაზე.
საკუთარი პრეცედენტული სამართლის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ინფორმატორებისგან მიღებული ჩვენებები, რომელთა მოსმენა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე, როგორც წესი, არ იყო საკმარისი მოსამართლისთვის, რათა ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაზე საბოლოო დასკვნამდე მისულიყო. ეს ინფორმაცია უნდა განმტკიცებულიყო სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისა და ინდექსების მიხედვით. პირველი ინსტანციის სასამართლო განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ყოფილიყო, როდესაც, როგორც მოცემულ საქმეში, პოლიციის ორგანოების ან სადაზვერვო სამსახურების ინფორმატორების სასამართლოში მოსმენა შეუძლებელი იყო გამონაკლისი მიზეზით, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უარი განაცხადეს მათი ვინაობის გამჟღავნებაზე ან თავიანთი თანამშრომლების დავალდებულებაზე მიეცათ ჩვენება სასამართლოში რათა მიეცათ მტკიცებულება ამის თაობაზე.
ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში იყო ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ კავშირში არ იყო დადგენილ ფაქტებთან, არამედ შეიცავდა ირიბ მტკიცებულებას, რომლებიც მიუთითებდნენ ამ ფაქტებზე. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მტკიცებულების შეფასება არ ყოფილა შემოფარგლული პოლიციის ოფიცრების W.-ს და S.-ს დეპონირებული ჩვენებებით, რაც უკავშირდებოდა უკიდურესად დამადანაშაულებელ განცხადებებს თანამონაწილე საიდ ს.-ს მიერ და ინფორმაციით, რომელსაც აწვდიდა პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურის საზღვარგარეთ მოქმედი ინფორმატორები მოწმე P. და G. შემდგომი მნიშვნელოვანი ირიბი მტკიცებულება იყო მოწმე B.-ს ჩვენება. მისმა განცხადებამ აჩვენა, რომ განმცხადებლის მტკიცება, რომ ის ბაღდადში არ იმყოფებოდა შესაბამის დროს, არასწორი იყო, რასაც ადასტურებდა საიდ ს.-ს დეპონირებული ჩვენება.
შესაბამისად, მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს შეხედულება, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, აღებული მთლიანად, არ ყოფილა უსამართლო კონვენციის მე-6 მუხლის §1 და §მ3 (დ) პუნქტებთან მიმართებით, იყო არაობიექტური, სულ ცოტა კონსტიტუციური თვალსაზრისით.
გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2001 წლის 22 თებერვალს.
ბ. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. მოწმეთა დაკითხვა და ჩანაწერების წაკითხვა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებების გათვალისწინებით, მოწმე უშუალოდ უნდა იქნას დაკითხული მთავარ სხდომაზე, თუ ფაქტის მტკიცება ეფუძნება პირის დაკვირვებას. პრინციპში, მოწმის დაკითხვა არ შეიძლება ჩანაცვლდეს წინა დაკითხვის ჩანაწერის წაკითხვით ან წერილობითი ჩვენების წაკითხვით (აღნიშნული კოდექსის 250-ე სექცია). მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს მუდმივი პრეცედენტული სამართლის თანახმად, 250-ე სექცია უშვებს მოწმის დაკითხვას ირიბი მტკიცებულების მისაცემად. კერძოდ, შესაძლებელია პოლიციის მოხელის დაკითხვა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც მოპოვებულია ინფორმატორისგან, და რომლის დასწრება სხდომაზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც გამონაკლისი ზემოხსენებული პრინციპიდან, მოწმის ან თანა-ბრალდებულის დაკითხვა შესაძლოა ჩანაცვლდეს მოსამართლის მიერ მისი წინა დაკითხვის წერილობითი ჩანაწერის წაკითხვით. ეს ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიან მოწმეს ან თანა-ბრალდებულს დაესწროს მთავარ სხდომას ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი დროით (აღნიშნული კოდექსის 251-ე სექციის მე -2 ნაწილი).
აღნიშნული კოდექსის მე-60 სექციის მე-2 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ფიცის დადება მოწმისთვის, რომელიც ეჭვმიტანილია იმ დანაშაულში მონაწილეობისათვის, რომელიც მისი მოსმენის საგანი იყო.
2. სხდომაზე დასწრების უფლება
საჯარო პროკურორს, ბრალდებულსა და დამცველს უფლება აქვთ დაესწრნონ მთავარი სხდომის გარეთ მოსამართლის მიერ მოწმის დაკითხვას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c -ე სექციის §2). ბრალდებულს, რომელიც დაკავებულია და წარმოდგენილია დამცველით, მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ დაესწროს იმ მოწმის დაკითხვას, რომელიც ტარდება სასამართლოს იმ ადგილსამყოფელში, სადაც ის იმყოფება პატიმრობაში (ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
საჩივრები
განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლის §1 და §3 (დ) ქვეპუნქტებით, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ფრანკფურტის/მაინის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი მსჯავრდების თაობაზე, რომელიც მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ და ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცეს, უსამართლო იყო მტკიცებულების მიღებისა და შეფასების მხრივ.
ის ამტკიცებდა, რომ მის ბრალდებას საფუძვლად დაედო ირიბი მტკიცებულება. ამგვარად, დაცვის მხარეს არ ჰქონია შესაძლებლობა დაეკითხა ბრალდების მთავარი მოწმეები და გამოეძახა მოწმეები თავის დასაცავად. იგი განსაკუთრებით ჩიოდა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფედერალური სამსახურის ორი ოფიცრის, ბ-ნი W.-სა და ბ-ნი S.-ს დეპონირებული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენების თაობაზე, მოწმე საიდ ს.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. მან ასევე გააპროტესტა მოწმის დაკითხვა ლიბანში როგატორის საფუძველზე სამართალწარმოების მხარეთა დაუსწრებლობის პირობებში, მოსმენის ჩანაწერის წაკითხვა სხდომაზე. ამასთანავე, ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიყენეს მტკიცებულებებად პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურების უცნობი ინფორმატორების ჩვენებები, როგორც მოწმეები G. და P., დაცვის მხარისათვის შექმნილი დაბრკოლებების დაუბალანსებლად.
სამართალი
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება უსამართლო იყო, ვინაიდან მისი ბრალდება არსებითად ეფუძნებოდა ირიბ მტკიცებულებას და შესაბამისად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაეკითხა მოწმეები პირდაპირ. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის §1 და §3(დ) პუნქტებს, რომლებიც, შესაბამისად, უზრუნველყოფენ:
"1. განსაზღვრისას .....ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდებისას, ყველას აქვს უფლება სამართლიანი... მოსმენის ... [...] სასამართლოს მიერ ...
...
3. ყველას, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(დ) დაიკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;
...”
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
მთავრობას მიაჩნდა, რომ შიდა სასამართლოებში სამართალწარმოება არ იყო უსამართლო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განმცხადებლის ბრალდება არ ეფუძნებოდა მხოლოდ საიდ ს.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს, ასევე მოწმეთა S.-ს და W.-ს ჩვენებებს სასამართლო სხდომებზე და მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებული იყო ანონიმური ინფორმატორებისგან, რომელზეც მოახსენეს მოწმეებმა G.-მ და P.-მ. მრავალი მტკიცებულება არსებობდა, რომელიც ადასტურებდა საიდ ს.-ს მტკიცებებს და სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განმცხადებელმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლებშიც მას ბრალი დაედო და რომელთა გამოყენება განმცხადებელს არ გაუპროტესტებია. ასეთი მტკიცებულებები იყო ავიახაზების მგზავრთა სიები, პალმა დე მალიორკას სასტუმროს ანგარიშები და სასტუმროს მმართველი დირექტორის განმარტებები, აგრეთვე მოწმე B.-ს ჩვენება, რომ განმცხადებელმა ადენი დატოვა შესაბამის დროს. გარდა ამისა, განმცხადებელმა არ უარყო ის, რომ იგი იემენში ცნობილი იყო, როგორც "ამალი" და საიდ ს. იყო "PFLP"-ის წევრი და მალიორკაზე დარჩა Landshut -ის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე.
რაც შეეხება მოწმე საიდ ს.-სგან მოპოვებულ მტკიცებულებას, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანის ხელისუფლებამ უარი თქვა სააპელაციო სასამართლოს თხოვნის შესრულებაზე, რომ გაეგზავნა მოწმე გერმანიაში, რათა მისი დაკითხვა უშუალოდ მომხდარიყო. სააპელაციო სასამართლო ასევე ცდილობდა, ბრალდებულის ადვოკატისათვის მიეცა საშუალება დასწრებოდა ლიბანში მოწმის დაკითხვას. განმცხადებლის დაცვის უფლებების შეზღუდვა დაბალანსებული იყო საიდ ს.-ს ჩვენებების მხარდამჭერი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობით.
რაც შეეხება მოწმეების P.-ს და G.-ს წერილობით ჩვენებებს მათი ანონიმური ინფორმატორებისგან მიღებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურს და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროს არ გაუმჟღავნებიათ ამ ინფორმატორების ვინაობა და არც ეს დოკუმენტები წარმოუდგენიათ. თუმცა, მათ ჰქონდათ დამაჯერებელი მიზეზები, იმისათვის რომ ეს არ გაეკეთებინათ. ამ ანონიმური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ დაედასტურებინა სხვა მტკიცებულებებიდან გამოვლენილი დასკვნები.
2. განმცხადებელი
განმცხადებელი შეედავა ამ მოსაზრებას. იგი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, გარდა მოწმეების S., W., G. და P.-ს მიერ მიწოდებული ირიბი მტკიცებულებებისა, რომლებიც მხარს უჭერდნენ სააპელაციო სასამართლოს ფაქტებთან დაკავშირებულ დასკვნებს. კერძოდ, ავიაკომპანიების მგზავრთა სიები და სასტუმროს ანგარიშები არ ამჟღავნებდნენ მის რაიმე კავშირს და იყო არასანდო ღირებულების მქონე მტკიცებულება. მისი დაცვის უფლება განსაკუთრებით იყო დარღვეული, ვინაიდან არც მას და არც მის ადვოკატს არ ჰქონია შესაძლებლობა დაეკითხათ საიდ ს. ან სულ მცირე, მიეღოთ მასზე უშუალო შთაბეჭდილება პროცესის რომელიმე ეტაპზე. მოწმე ბრალს სდებდა მას მხოლოდ რამდენიმე შემთხვევიდან ერთ-ერთზე, რომელზეც ის იქნა დაკითხული, და იგი უბრალოდ მიყვებოდა გამომძიებლების კითხვებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საიდ ს.-ს განცხადებებში თანმიმდევრულობის ნაკლებობა იყო იმის გამო, რომ სამართალწარმოების მხარეებს არ მიეცათ მის დაკითხვაზე დასწრების ნებართვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მაინც უნდა გაეთვალისწინებინა მისი შუამდგომლობა მტკიცებულების მოსაპოვებლად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც საიდ ს.-მ მისცა ჩვენება.
განმცხადებელი შემდგომ ამტკიცებდა, რომ მოწმეების G.-ს and P.-ს მიერ მიცემული ჩვენებები ანონიმური ინფორმატორებისგან მოპოვებულ მტკიცებულებაზე გადამწყვეტი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ პირი სახელად "ამალი" და ქ.-ნ ვერმაესენზე გაცემულ პასპორტს იყენებდა იგი. მას არ ჰქონია არც იმის შესაძლებლობა, რომ შეემოწმებინა ამ ინფორმატორების სანდოობა, არც მასთან დაკავშირებული მტკიცებულების ღიებულების მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების შესწავლის.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. გამოსაყენებელი პრინციპები
ვინაიდან მე-6 მუხლის §3 პუნქტის მოთხოვნები განიხილება, როგორც მე-6 მუხლის § 1 პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კერძო ასპექტები, სასამართლო შეისწავლის საჩივრებს ამ ორივე დებულების საფუძველზე ერთად (იხ. Windisch v. Austria, 1990 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, სერია A №186, გვ. 9, §23, Lüdi v. Switzerland, 1992 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, სერია A №238, გვ .20, §43).
სასამართლო შეახსენებს, რომ მე-6 მუხლის §3 (დ) პუნქტში ტერმინ "მოწმეს" აქვს ავტონომიური მნიშვნელობა კონვენციის სისტემაში. ამრიგად, როდესაც დეპონირებული ჩვენება შეიძლება ასრულებდეს მნიშვნელოვან საფეხურს, როგორც მსჯავრდების საფუძველი, მაშინ, დამოუკიდებლად იმისა, იგი მოწმის მიერ გაკეთებულია სასამართლოში, თუ მის გარეთ ან თანა-ბრალდებულის მიერ, იგი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლის გარანტიებიც უზრუნველყოფილია კონვენციის მე-6 მუხლის §1-ლი და მე-3 (დ) ქვეპუნქტებით (იხ., inter alia, Kostovski v. the Netherlands, 1989 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერია A №166, გვ. 19-20, §40, Asch v. Austria, 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, სერია A №203, გვ. 10, §25, Lucà v. Italy, 33354/96, § 41, ECHR 2001-II).
სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობა, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია და როგორც ზოგადი წესი, ეროვნული სასამართლოების შესაფასებელია მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები. სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანად სამართლიანი, მათ შორის, თუ რომელი მტკიცებულება რა გზით იქნა მიღებული. (იხ. inter alia, Van Mechelen and Others v. the Netherlands, 1997 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, ანგარიშები 1997- III, გვ. 711, §50, A.M. v. Italy, no.37019/97, §24, ECHR 1999-IX, Sadak and Others v. Turkey (№1), 29900/96, 29901/96, 29902 / 96 და 29903/96, § 63, ECHR 2001-VIII).
ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იყოს ბრალდებულის თანდასწრებით საჯარო მოსმენაზე, საპირისპირო არგუმენტაციის გათვალისწინებით. არსებობს გამონაკლისები ამ პრინციპიდან, მაგრამ მათ არ უნდა დაარღვიონ დაცვის უფლება. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს უნდა მიეცეს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა, რომ შეედავოს და დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგაა, აგრეთვე როდესაც იგი ჩვენებას იძლევა ან საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე (იხ., Solakov v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, №47023/99, § 57, ECHR 2001-X, PS v. Germany, no 33900/96, §21, 2001 წლის 20 დეკემბერი). თუ მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ ან გადამწყვეტია მოწმის დეპონირებული ჩვენება, რომელიც მიღებულ იქნა იმ პირისგან, რომლის დაკითხვის შესაძლებლობა არა აქვს ან არ მისცემია ბრალდებულს, გამოძიების დროს ან სასამართლო პროცესზე, დაცვის უფლება შეზღუდულია, რამდენადაც შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან (იხილეთ, მათ შორის, Saïdi v. France, 1993 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, სერია A №261-C, pp.56-57, § 44; Lucà ციტირებული ზემოთ, §40, Sadak, ციტირებული ზემოთ, §65, Solakov, ციტირებული ზემოთ, § 57; Calabrò v. Italy and Germany, 59895/00, ECHR 2002-V).
რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ბრალდებულის ან მისი ადვოკატის დასწრებით დაკითხვისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდნენ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მე-3 პარაგრაფთან ერთად ითხოვს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან, გადადგან დადებითი ნაბიჯები, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ბრადებულს დაკითხოს ან დაეკითხა მის წინააღმდეგ მყოფი მოწმეები. (იხ. კერძოდ, Sadak, ზემოთ ციტირებული, §67). თუმცა, impossibilium nulla est obligatio უზრუნველყოფს, რომ არ შეიძლება ხელისუფლება დაადანაშაულონ გულმოდგინების ნაკლებობაში მათი ძალისხმევისას, მიეცათ მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა ბრალდებულისათვის. მოწმეების ხელმიუწვდომლობა, როგორც ასეთი, ბრალდების შეწყვეტას საჭიროს არ ხდის (იხ. კერძოდ, Artner v. Austria, 1992 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება, სერია A №242-A, გვ. 10, §21, Ubach Mortes v. Andorra (dec.), no 46253/99, ECHR 2000-V, Scheper v. the Netherlands, №39209/02, 2005 წლის 5 აპრილი, Mayali v. France, 69116/01, § 32, 2005 წლის 14 ივნისი). მოწმისგან მოპოვებული მტკიცებულება იმ პირობებში, რომელშიც დაცვის უფლების დაცვა ვერ ხერხდება იმ ფარგლებში, რა მოთხოვნაცაა კონვენციისგან, განხილული უნდა იყოს უკიდურესი სიფრთხილით (იხ. Visser v. Netherlands, no. 26668/95, § 44 , 2002 წლის 14 თებერვალი, S.N. v. Sweden, no 34209/96, § 53, ECHR 2002-V). ბრადებულის მსჯავრდება, არც ერთ შემთხვევაში, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ასეთი მოწმის ჩვენებებს (იხ. კერძოდ, Mayali, ციტირებული ზემოთ, § 32).
რაც შეეხება, ანონიმური მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენებას, სასამართლო იხსენებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი აგრეთვე მოითხოვს, სათანადო შემთხვევებში დაცვის ინტერესების დაბალანსებას მოწმეების ან მსხვერპლების ჩვენებების ინტერესებთან, კერძოდ მათი სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხ., inter alia, Van Mechelen, ციტირებული ზემოთ, გვ. 711, §53, Kok v. the Netherlands, 43149/98, ECHR 2000-VI ). ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რელევანტური და საკმარისი მიზეზები, რათა დაიცვან ცალკეულ მოწმეთა ვინაობა (იხ. კერძოდ, Doorson v. the Netherlands, 1996 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, განჩინებების და განაჩენების ანგარიშები 1996-II, გვ. 470-471, §71; Visser, ციტირებული ზემოთ, §47). თუ პროკურატურის მოწმეების ანონიმურობა შენარჩუნებულია, დაცვის მხარეს შეექმნება სირთულეები, რომელსაც სისხლის სამართლის პროცესი ჩვეულებრივ არ უნდა მოიცავდეს. მე-6 მუხლის §1 და §3 (დ) პუნქტები მოითხოვს, რომ წინააღმდეგობები, რომლებიც შეექმნება დაცვის მხარეს, სათანადოდ უნდა იქნეს დაბალანსებული პროცედურებით, რომლებსაც მიჰყვება სასამართლო ხელისუფლება. (იხ. Doorson, ციტირებული ზემოთ, გვ. 471, § 72, Van Mechelen and Others, ციტირებული ზემოთ, გვ .712, § 54). იმის შეფასებისას, იყო თუ არა საკმარისად დაბალანსებული ეს პროცედურები დაცვისათვის გამოწვეულ სირთულეებთან, სათანადო წონა უნდა იქნეს მიცემული იმ ფარგლებში, რომელშიც ანონიმური ჩვენება იყო განმსაზღვრელი განმცხადებლის მსჯავრდებისათვის (იხ: Kok, ციტირებული ზემოთ).
2. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება
სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მსჯავრდებაში, შიდა სასამართლოები განსაკუთრებით დაეყრდნენ საიდ ს.-ს დეპონირებულ ჩვენებებს, როგორც განაცხადეს მოწმეებმა ბ-მ W.-მ და ბ-მ S.-მ და რაც დადგენილ იქნა საიდ ს.-ს შემდგომ მოსმენაზე ლიბანში. ამასთანავე, მათ გამოიყენეს მტკიცებულებებად ანონიმურ ინფორმატორთა ჩვენებები, როგორც ამას მოწმობენ G. და P. სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე განმცხადებელი ან მის ადვოკატი არ დაუპირისპირებიათ საიდ ს.-ს ან ანონიმურ ინფორმატორებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ და სასამართლოებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს საიდ ს.-სგან ზეპირი ჩვენების მისაღებად, რომელიც შესაბამის დროს ლიბანში თ/ა სასჯელს იხდიდა. ისინი არა მარტო ამაოდ ცდილობდნენ ლიბანის ხელისუფლებისგან მიეღოთ ნებართვა მოწმის გერმანიაში გადაგზავნის თაობაზე, რათა დაეკითხათ იგი ფრანკფურტ/მაინის სააპელაციო სასამართლოში, არამედ შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტია. ბეირუთის საოლქო სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენისას, რათა დაეკითხათ განმცხადებელი როგატორის წერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სთხოვა, რომ სასამართლოს საიდ ს.-ს დაკითხვაზე დასწრების ნება მიეცა განმცხადებლის პროცესის მხარეებისათვის; დასწრების უფლება არ იყო გაწერილი ლიბანურ სამართალში. ამრიგად, გერმანიის სასამართლოებმა გამოიყენეს თავიანთი საშუალებები შიდა კანონმდებლობით, რათა უზრუნველეყოთ მოწმის უსაფრთხოება და ვერ დადანაშაულდებიან კონვენციით გათვალისწინებული მათი პასუხისმგებლობის გამოვლენის ნაკლებობით. კერძოდ, განმცხადებლის მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ შიდა სასამართლოები, არ ყოფილან გულგრილნი მისი შუამდგომლობის უარის თქმის მიმართ, რათა მიეღოთ შემდგომი მტკიცებულებები, როგორც იმ შემთხვევებში, რომელშიც საიდ ს.-ს ჩვენებები იქნა მიღებული. მათ დეტალურად დაკითხეს მოწმეები ბ-ნი W. and ბ-ნი S. ამ საკითხზე. აშკარად უმჯობესი იქნებოდა საიდ ს.-ს მოსმენა უშუალოდ, მაგრამ მისი მიუწვდომლობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბრალდების დამაბრკოლებელი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა იცოდნენ, რომ ისინი განიხილავდნენ უბრალოდ საიდ ს.-ს დაკითხვის ირიბ მტკიცებულებას, როგორც ბრალდებულის - ეს არის ავტონომიური მნიშვნელობით მოწმე, რომელსაც კონვენცია ანიჭებს ამ ტერმინს - როგორც განაცხადეს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ფედერალური სამსახურის ოფიცრებმა, ბ-ნი W.-მ და ბ-ნი S-მ. სასამართლოებმა საიდ ს.-ს ჩვენებები ფრთხილად შეაფასეს, დეტალურად განიხილეს დაკითხვის გარემოებები. მისი როგატორის საფუძველზე მოსმენის მიხედვით, სასამართლოებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს დაცვის უფლების შეზღუდვები, გადაწყვიტეს, არ გაეთვალისწინებინათ ეს ჩვენებები მტკიცებულებად, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ცალკე მდგომი. აქედან გამომდინარე, სასამართლოებმა განიხილეს მტკიცებულება უკიდურესი სიფრთხილით.
სასამართლო ადგენს, რომ შიდა სასამართლოები დაეყრდნენ განმცხადებლის მსჯავრდებას მნიშვნელოვანი მოცულობით საიდ ს.-ს ჩვენებებზე, როდესაც დაიკითხა იგი, როგორც ბრალდებული. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო. სასამართლოებმა ასევე განიხილეს რამდენიმე დამატებითი მტკიცებულება. მათ შორის, მოპოვებული ცნობები, რომ განმცხადებელი თანაუგრძნობდა "RAF"-ს, მონაწილეობა მიიღო "PFLP" - ის მიერ მომზადებულ სასროლო წვრთნებში და როდესაც ცხოვრობდა იემენში, ცნობილი იყო სახელით "ამალი". იგი დაქორწინდა "PFLP"-ის ლიდერ წევრზე, და მათი ქალიშვილი დაიბადა იმავე დღეს, როგორც ის ბავშვი, რომელიც მოგზაურობდა იმ ორ ადამიანთან ერთად, რომლებსაც გადაჰქონდათ იარაღი მალიორკაზე შესაბამის დროს. უფრო მეტიც, სასამართლოებმა გაითვალისწინეს მგზავრთა სიები პალმა დე მალიორკისკან და უკან გზაზე, სასტუმროს ანგარიშები და სასტუმროს მმართველი დირექტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები შესაბამის დროს. სასამართლოებმა ასევე გაითვალისწინეს განმცხადებლის დადასტურება, რომ საიდ ს. იყო "PFLP"-ის წევრი და იმყოფებოდა მალიორკაზე Landshut-ის გატაცების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გერმანიის სასამართლოებმა აგრეთვე განიხილეს საიდ ს.-ს ჩვენებები, რომლებსაც ადასტურება მტკიცებულება რამდენიმე ანონიმური ინფორმატორისგან, რომლებიც განმცხადებლის იდენტიფიცირებას ახდენდნენ, როგორც ,,ამალი“ და ასევე იმ პირად, რომელსაც გადაჰქონდა იარაღი Landshut-ის გატაცებამდე. ეროვნულმა სასამართლოებმა რამდენჯერმე სცადეს ამ ინფორმატორთა ვინაობის გამომჟღავნება. აღნიშნულზე უარი იქნა ნათქვამი შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს, დაზვერვის სამსახურისა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფედერალური სამსახურის მიერ, იმ საფუძვლით, რომ ჯერ კიდევ საჭირო იყო მათი ინფორმატორების დაცვა, რომლებიც მოქმედებნენ გერმანიის ფარგლებს გარეთ. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს ბრალი დაედო დახმარებისა და წაქეზებისათვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჩადენილ იქნა ორი ერთდროულად მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ. უფრო მეტიც, განმცხადებელი მის ქმართან კონტაქტში იმყოფებოდა, "PFLP"-ის ლიდერ წევრთან, რომელიც ჯერ კიდევ განიხილებოდა შურისძიების აქტების ორგანიზებაზე უნარიანად. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ მყოფი ინფორმატორები, რომლებიც არ იყვნენ პოლიციელები, გერმანიის ხელისუფლებას მათი მხოლოდ მცირე ზომით დაცვა შეეძლოთ, სასამართლო დარწმუნდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა მოწმეთა ვინაობის საიდუმლოდ შენახვის რელევანტური და საფუძვლიანი მიზეზები.
რაც შეეხება პროცედურებს, რომლებსაც მიჰყვებოდნენ ეროვნული სასამართლოები, რათა დაებალანსებინათ დაცვის მხარის ძალები, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები P. და G. სასამართლოში. სასამართლო აცნობიერებს, რომ ინფორმატორთა ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო, დაცვის მხარეს არ ჰქონდა ინფორმაციაზე ნებართვა რათა შეემოწმებინა მათი სანდოობა ან ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი სანდოობა. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ თავიდან აირიდა რათა ჩამოეყალიბებინათ მათ საკუთარი შთაბეჭდილება ინფორმატორთა სანდოობაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ანონიმური ინფორმატორებისგან მიღებული მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი განმცხადებლის მსჯავრდებისათვის და დადასტურებული იქნა ზემოხსენებული მტკიცებულებებით (სხვები, გარდა საიდ ს.-ს ჩვენებებისა), სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის უფლება საკმარისად იყო დაცული.
სასამართლო ასევე ადგენს, რომ შიდა სასამართლოებმა მტკიცებულებად გამოიყენეს მოწმე B.-ს, ყოფილი “RAF”-ის წევრის ჩვენებები, რომელიც შესაძლოა მონაწილეობდა იმ დანაშულებში, რომლებშიც განმცხადებელს ბრალი დაედო B.-სთან ერთად, ფიცი დადო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 სექციის მე- ნაწილის საწინააღმდეგოდ. (იხ. "შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა" ზემოთ). თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც არ მოიხსენია ფიცის დადება B.-ს სანდოობის შესაფასებლად, აშკარად არ მიიჩნია B.-ს ჩვენებები უფრო მეტად სანდოდ მის მიერ ფიცი დადების გამო. ამ გარემოებებში, მისი დეპონირებული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება, რომელიც, უფრო მეტიც, არ იყო გადამწყვეტი განმცხადებლის დანაშაულის დასადგენად, არ შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც მე-6 მუხლის §1-ლისა და §3 (დ) მუხლების საწინააღმდეგოდ დაცვის უფლების შეზღუდვად.
მთლიანი პროცესის მხედველობაში მიღებით, და სავარაუდო ხარვეზების ერთობლივად განხილვით, როგორც ამას მოითხოვს მე-6 მუხლის §1 და §3 (დ) (იხ., კერძოდ, Doorson, ციტირებული ზემოთ, გვ. 474, §83), სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ საქმის განხილვისას იყო ირიბ ჩვენებათა ერთობლიობა. სხვადასხვა მოწმეებმა წარმოადგინეს მთავარ სხდომაზე იმ მოწმეების ჩვენებები, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზების გამო, განმცხადებელს არ ჰქონია. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოახდინეს იმისათვის, რათა მიეღოთ ზეპირი ჩვენება განსაკუთრებით საიდ ს.-სგან და დიდი გულმოდგინებით შეეფასებინათ მისი დეპონირებული ჩვენებები, ისევე როგორც, ის მტკიცებულებები, რომლებიც მიიღეს ანონიმური ინფორმატორებისა და B.-სგან. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მსჯავრდება ასევე ეფუძნებოდა რამდენიმე სხვა მტკიცებულებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის უფლება არ იყო შეზღუდული იმ ფარგლებში, რომ ყოფილიყო შეუთავსებელი მე-6 მუხლის §1 და §3 (დ) პუნქტებით გათვალისწინებულ გარანტიებთან.
შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ განმცხადებლის სასამართლო პროცესი, მთლიანობაში, იყო უსამართლო.
აქედან გამომდინარე, კონვენციის 35-ე მუხლის §3 და § 4 ნაწილების შესაბამისად, განცხადება უარყოფილია, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
ამ საფუძვლებით, სასამართლო, უმრავლესობით,
განაცხადს დაუშვებლად აცხადებს.
მარკ ვილიგერი
რეგისტრატორის მოადგილე
ბოშტან მ. ზუპანზიკი
პრეზიდენტი
Full & Egal Universal Law Academy